შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 7


17-01-2021, 23:54
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 836

სახლში მოვდიოდი და თავში ათასნაირი ფიქრი მიტრიალებდა. იმდენად უცნაური იყო ჩემთვის დღევანდელი ამბავი, წამით ისიც ვიფიქრე სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. კართან გავჩერდი, გასაღებს ვეძებდი, არ ვიცოდი ზუსტად დედა სახლში იყო თუ არა. ჩანთაში რომ ჩავიხედე, კრემისფერ ხელსახოცს მოვკარი თვალი, მივხვდი რომ ვიბლიანისგან გამომყვა.
„ რა უყურადღებო ხარ ემილიანე !“- გავუბრაზდი საკუთარ თავს გონებაში. ჩანთაში ნივთები ისე ჩავყარე გამოსვლისას, არც დავუფიქრდი რა მომქონდა. სახლში დედა და თავისი მოსწავლეები დამხვდნენ. ორი წუთით დაველაპარაკე, გავაფრთხილე ვიძინებ-მეთქი. ჯერ მხოლოდ 5 საათი იყო, თუმცა საშინლად დაღლილი ვიყავი და მინდოდა დამესვენა. აბრეშუმის ხელსახოცი ჩანთიდან ამოვიღე, გარეცხვას ვუპირებდი. მას ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა ჩემი ცრემლების კვალი. მარჯვენა კუთხეში შავად ამოქარგული ინიციალებიც შევნიშნე. „I.V” - ირაკლი ვიბლიანის აღსანიშნად.
გამოვიცვალე და სასწრაფოდ დავწექი. ბევრ რამეზე ერთდროულად ვფიქრობდი. ვიბლიანთან სულიერი ძაფები გამიჩნდა, მას კი - ჩემთან. გაუგებარ კმაყოფილებას და სიმშვიდეს ვგრძნობდი. როგორი ტრაგიკული ბავშვობა ჰქონია, ახლა მესმის კიდეც ასეთი რატომაა. ჩემს ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. მივხვდი, რატომ ამიკრძალა შავების ტარება. გავიგე, რატომ გავარდა შურდულივით იმ დღეს კაფეტერიიდან, როცა გადაჭარბებული სიჩქარის შედეგებზე დავუწყე საუბარი. ახლა მგონი ვნანობდი კიდეც, ასე ცუდად რომ მოვიხსენიებდი მას. იგივე ცხოვრება მე რომ გამევლო, არ ვიცი. შეიძლება მასზე უარესიც კი ვყოფილიყავი. ფიქრებში ჩამეძინა. სიზმარშიც კი ვიბლიანი ვნახე. გაუგებარი სიზმარი იყო ,თუმცა ვიცი რომ სწორედ ის დამესიზმრა.
საღამოს 8-ზე გამეღვიძა. ისეთი გაბრუებული ვიყავი ამდენი ძილისგან, რომ კარგა ხანს გამოფხიზლებას მოვუნდი. მარის ჩემი ტელეფონი აფეთქებული ჰქონდა, თუმცა ხმა მქონდა ჩაგდებული და ვერც გავიგე. მივწერე გამოდი-მეთქი და როგორც სჩვევია, 3 წამში დამადგა თავზე. მთელი დღის ამბები მოვუყევი, თუმცა მოკლედ. ჩახუტების ფაქტიც არ მიხსენებია. განა, იმიტომ რომ მარის რამეს ვუმალავ, ან არ ვენდობი ? უბრალოდ იმდენად პირადული მომენტები იყო , არ მინდოდა ეს ყველაფერი მესამე პირთან მოყოლით შემებღალა. თუნდაც, ეს მესამე პირი მარი ყოფილიყო.
- აი, ხომ გეუბნებოდი მაგ კაცს რაღაც ტრავმა აქვს გადატანილი-მეთქი. - მითხრა გამარჯვებულის სახით.
- ყოჩაღ, ნამდვილად მართალი იყავი. - იმ ღამით ბევრი ვერ ვისაუბრეთ, როგორც გვჩვევია. სამეცადინო მქონდა. გვიანობამდე ვმეცადინეობდი. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ მხოლოდ ვიბლიანის ლექციები მქონდა მერჩივნა შემდეგი დღის სასემინარო მასალა მომელია. ღამის სამამდე არ მეძინა. შუადღის ძილმა ღამის ძილი დამიფრთხო. ჩაი გავიკეთე, რაფაზე შემოვსკუპდი და ერთი საათი მაინც მთვარეს გავყურებდი. ეს ჩემი საყვარელი მდგომარეობა იყო. ჩემთვის ერთი სამოთხე იყო დავმჯდარიყავი ამ რაფაზე და უსასრულოდ მეფიქრა. ჩემი ფიქრები კი ამ მომენტში, მხოლოდ ვიბლიანს ეკუთვნოდა.
უცნაურად აჟიტირებულმა გავიღვიძე. თვალები ჩაშავებული მქონდა უძილობისგან. გადავწყვიტე, მსუბუქი მაკიაჟი გამეკეთებინა. არასდროს ვიყენებდი, მაგრამ მცირედი აღჭურვილობა მქონდა. თვალის ქვეშ არსებული სიშავე დავფარე, ტუში წავისვი, რამაც ჩემი ისედაც გრძელი წამწამები ლამის წარბებამდე აიყვანა და ტუჩისფერი კონტური. თმა გავიშალე, მინდოდა ისევ დედას ნაჩუქარი თმის სამაგრით დამემაგრებინა. მოვიძიე, მაგრამ ვერ ვიპოვე. ვერც იმას ვიხსენებდი ვერაფრით, გუშინ თუ მოვიხსენი და სად დავდე. გული დამწყდა ძალიან, თუმცა ახლა მისი ძებნისთვის უფრო მეტი დრო ნამდვილად არ მქონდა. თმა შუაზე გადავიყავი და უბრალოდ გავიშალე. ტანზე ხაკისფერი ბლუზა და შავი შარვალი ჩავიცვი. ოთახიდან გასვლისას ჩემი თავის თვალიერება დავიწყე სარკეში, რაც დიდად ჩემი სტილი მანამდე არ იყო. საკუთარი თავი მომეწონა. დედა, მე რომ გავიღვიძე უკვე წასული დამხვდა. მხოლოდ ყავა დავლიე და უნივერსიტეტში გავიქეცი. უჩვეულოდ კარგ განწყობაზე ვიყავი. აუდიტორიაში შევედი, ლექციის დაწყებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი. თაკოც გამოჩნდა და შემოსვლისთანავე ჩემკენ წამოვიდა.
- სხვათა შორის, გუშინ შენზე გავბრაზდი - მითხრა წარბშეკრულმა.
- რატომ?
- გიგისთან რომ დამტოვე. თან ისე თქვი ერთმანეთს უგებთო, სირცხვილით დავიწვი. თუმცა, ამან შედეგი ნამდვილად გამოიღო - ჩაიცინა.
- რას გულისხმობ ?
- ცოტა ხანი ვისაუბრეთ და როგორც კი სემინარები დამთავრდა, ისევ მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა გავისეირნოთო. მეც დავთანხმდი და კაფეში დავსხედით. საღამომდე ერთად ვიყავით.
- ოჰო, ჩემგან კარგი მაჭანკალი დადგებოდა - ჩავილაპარაკე კმაყოფილმა. - მერე გაბრაზებული კი არა, მადლიერი უნდა იყო.
- ახლა ვარ კიდეც. - ძაღლი ახსენეო, ჩვენთან გიგი მოვიდა. დაიხარა და თაკო გადაკოცნა. მე ცალყბად მომესალმა და ჩვენ უკან დაჯდა. ჩამეცინა, ამათ დაადგა საშველი, მარის და ლუკასაც უნდა მოვუხერხო რამე-თქო, გუნებაში გავიფიქრე. რაც უფრო ახლოვდებოდა ლექციის დაწყების დრო, მღელვარება მემატებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, ეს როგორ ან რატომ ხდებოდა. ვიბლიანიც გამოჩნდა. აუდიტორიაში გაღიმებული სახით შემოვიდა და მოგვესალმა. სიის ამოკითხვა მშვიდად დაიწყო. სანამ ბოლოში ჩავიდოდა კარზე დაკაკუნების ხმა გაისმა. თავად წამოდგა და კარისკენ წავიდა. ყველანი გასუსულები ვისხედით, მისი რეაქციის მოლოდინში.
- შეიძლება, ბატონო ირაკლი ? ბოდიში, რომ დამაგვიანდა - კართან ერთი გოგონა იდგა, რომლის სახელსაც ვერაფრით ვიხსენებდი.
- შემოდი ნია, თუმცა ეცადე აღარ დაიგვიანო - ყბა ჩამომივარდა. ნამდვილად შემოუშვა ? თვალებს არ ვუჯერებდი. ბავშვებს სახეზე გაკვირვება ეწერათ, ისევე როგორც მე. სანამ დაჯდებოდა, ორაზროვნად გადმომხედა. ახალი მასალის ახსნა დაიწყო. იმდენად გაოგნებული ვიყავი მისი ამგვარი ქმედებით, რამდენჯერმე ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ არ ვუსმენდი. თაკოს შევუჩნდი, ხან რა ვუთხარი, ხან რა, პასუხი რომ დაებრუნებინა. სხვა არავინ ლაპარაკობდა და მე მაინც უნდა მექნა ეს. რამდენჯერმე გადმოგვხედა, თუმცა საყვედური არ უთქვამს. ჩვეულებრივად, შოკში ვიყავი. მგონი ამ კაცს თავისი ტვინი ამოაცალეს და ახალი გადაუნერგეს. 1 დღეში რა დაემართა ასეთი ? ვეცადე ეს ფიქრები თავიდან განმედევნა და მთელი კონცენტრირება ლექციაზე მქონოდა. აუდიტორიიდან პირველი გავიდა. თაკომ ეგრევე გაოცებულმა მითხრა.
- ამ კაცს დღეს რა სჭირდა ?
- არ ვიცი, მეც მიკვირს.
- ვლაპარაკობდით და შენიშვნაც კი არ მოგვცა.
- ნამდვილად გასაკვირია. - გიგიმ მაშინვე მოჰკიდა ხელი თაკოს და სადღაც წაიყვანა. გასვლისას თვალი ჩამიკრა სიცილით და მას გაჰყვა. ეეეეჰ, ემილიანე. ერთადერთი იყო ამ კურსზე ვისაც შენთან მეგობრობა უნდოდა და ამანაც ბიჭი მოძებნა. ვიღას ახსოვხარ ? კი მართალია, ახლა ცხენივით სამსახურში უნდა გავვარდე და არავისთვის დრო არ მაქვს, მაგრამ მაინც. უნივერსიტეტის ეზო დავტოვე და მეტროსკენ გზას გავუდექი. დაახლოებით, 5 წუთში ვიბლიანის შავი „მუსტანგი“ წამომეწია.
- მგონი, ერთი გზა გვაქვს - მომაძახა მანქანიდან. გამეცინა. - ჩაჯექი, ერთად წავიდეთ. - დავემორჩილე და მანქანის კარი გამოვაღე.
- გამარჯობა, ბატონო ირაკლი.
- დღეს არ მნახე?
- იქ ლექტორი იყავით, აქ უფროსი ხართ - ხმით გაეცინა.
- სწორი შენიშვნაა. - უცნაურად კარგ განწყობაზე იყო. ვერ ვცნობდი, მართლა ის ირაკლი ვიბლიანი თუ იყო, ვინც მე თავდაპირველად გავიცანი.
- ბატონო ირაკლი. - შევყოვნდი.
- გისმენ.
- ხომ ნამდვილად კარგად ხართ ? - გაფართოებული თვალებით მივაჩერდი რას მეტყოდა. სიცილი აუვარდა.
- აი, ემილიანე, რა უცნაური ადამიანი ხარ. ცუდი ვარ, ამ დროსაც შარს პოულობ. კარგი ვარ და მაინც იგივეს აკეთებ.
- არა, მე უბრალოდ გამიკვირდა ... - ვერ მოვაბი სათქმელს თავი.
- არის მომენტები, როცა ჩვენში გარდატეხა ხდება, ან უარესობისკენ, ან უკეთესობისკენ. - მხოლოდ ეს მითხრა, ჩემს შეკითხვასთან დაკავშირებით. - სპეციალურად ელაპარაკებოდი თამარს წყობიდან რომ გამოგეყვანე ?
- არა, მაგიტომ არა. უბრალოდ გადაგამოწმეთ.
- ჰო, ეგეც ლოგიკურია. მაგრამ შენგან მიჩვეული ვარ მუდმივ დაპირისპირებას და ჩავთვალე სპეციალურად აკეთებდი.
- შენიშვნა არ მოგიციათ.
- დღეს მარჯვენა ფეხზე ავდექი და გადავწყვიტე შემწყნარებელი ვყოფილიყავი.
- იმედია, ყოველ დღე მარჯვენა ფეხზე ადგებით. - გაეღიმა. კარგა ხანს ჩუმად ვმგზავრობდით, სანამ უცებ მისი ხელსახოცი არ გამახსენდა.
- გუშინ შემთხვევით გამყვა - ჩანთიდან ამოვიღე და იქვე დავუდე - ნუ ღელავთ, გარეცხილია.-გზისთვის თვალის მოუცილებლად მიპასუხა.
- იყოს, დაიტოვე. - იცოდა რაც გამყვა.
- როგორ თუ, დავიტოვო ? თქვენია, თქვენივე ინიციალებით.
- ჩათვალე ბარი-ბარში ვართ - ვერაფერი გავიგე.
- რას გულისხმობთ ? - უცებ ჩემსკენ გადმოიწია, შეკრთი იმდენად არ ველოდი. მისმა მომენტალურმა ქცევამ და სუნამოს სასიამოვნო სუნმა თავბრუ დამახვია. ჩემ წინ არსებული სათავსო გამოაღო და დავინახე როგორ გამოიღო იქედან ჩემი საკუთარი თმის სამაგრი.
- ამას არ გიბრუნებ. ამიტომ, ნურც შენ დამიბრუნებ ჩემს ნივთს.
- ამას მთელი დილა ვეძებდი, როგორ აღმოჩნდა თქვენთან ? და მოიცა, რას ნიშნავს არ მიბრუნებთ ? რად გინდათ ჩემი თმის სამაგრი ? თან არა მგონია რამეში გამოგადგეთ - თმებზე უხეშად შევათვალიერე.
- მანქანიდან რომ გადახვედი მაშინ მოგძვრა. გუშინდელი დღის სახსოვრად, მინდა რომ ჩემთან იყოს. - გავშრი, ყველაფერს ველოდი ამის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედას ნაჩუქარი იყო და ძალიან მიყვარდა, უარს ვერ ვეტყოდი.
- კარგით. უბრალოდ, ძალიან ძვირფასია ჩემთვის და გთხოვთ მოუფრთხილდით. არ მინდა, რომ დაიკარგოს.
- არ იღელვო, არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგება. მინდა, ამ დღის სახსოვრად, შენც გქონდეს ჩემი ნივთი. ჩემთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და შენც გაუფრთხილდი. საყვარელი ადამიანის ნაჩუქარია. - ეს სიტყვები ისეთი სითბოთი თქვა, ჩავთვალე შეყვარებული ჰყავდა.
- მგონი არასწორია შეყვარებულის ნაჩუქარს, რომ მე მიტოვებთ. - ვუთხარი წარბშეკრულმა. გემრიელად გაიცინა.
- ჩემს ცხოვრებაში არავინ ყოფილა ისეთი ვისაც საყვარელ ქალს დავარქმევდი. - არ ვიცი, რატომ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს პასუხი არ მომეწონა. - ჩემი დის ნაჩუქარია და ყოველთვის ჯიბით დავატარებდი.
- გასაგებია. - ამასობაში, ოფისშიც მივედით. იქ უკვე ნინო გველოდა, პატარა ბიჭუნასთან ერთად.
- გამარჯობათ - მოგვესალმა შესვლისთანავე. - ბოდიში, ბატონო ირაკლი. მათეს ძიძა დღეს ვერ მოვიდა და ბავშვი ვერავის დავუტოვე.
- არაუშავს, ნინო. მოდი ჩემთან, პატარა ვაჟკაცო - მიეფერა ბავშვს. ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა. პუტკუნა ლოყები დაუკოცნა და ძირს დასვა. პატარა სიხარულისგან ხითხითებდა.
- იკა - წარმოთქვა მათემ. ნინომ უხერხულად ჩაიცინა.
- ხომ იცით, ასე ამოიჩემა და სრულ სახელს არ გეძახით.
- ვიცი, ვიცი. მიხარია ასე რომ მეძახის. გაოცებული ვიყავი, როგორ ეთამაშებოდა ბავშვს, უცებ სულ სხვა ადამიანად იქცა. ფოიეში თვითონაც პატარა ბავშვივით დარბოდა და მგელობანას ეთამაშებოდა. თვალებგაფართოებული მივჩერებოდი. ნინომ შემამჩნია ეს გაოცება და სიტუაცია ამიხსნა.
- ბატონმა ირაკლიმ, თვე არ გავა, მათე რომ არ მოინახულოს. ბავშვსაც ძალიან უყვარს. ზოგადად, უჭირს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა და თამაში, მაგრამ ხომ ხედავ, იკასაც კი ეძახის. - გულში სითბო ჩამეღვარა. უსაყვარლესი ბიჭი იყო მათე. მომინდა მეც მოვფერებოდი. მათთან მივედი და პატარასთან გამოლაპარაკება ვცადე.
- გამარჯობა მათე. - თბილად გავუღიმე. ბავშვმა წარბები შემიკრა და ბატონ ირაკლის ჩაეხუტა. - მე ემილიანე ვარ და ძალიან მიყვარს შენნაირი საყვარელი ბავშვები. - წარბები გამიხსნა, მაგრამ მაინც ამრეზით მიყურებდა.
- მათე, მასაც უნდა შენთან თამაში, კარგი გოგოა - უთხრა ბატონმა ირაკლიმ და ლოყაზე აკოცა. მეც მივედი და ხელები გავუწვდინე, მინდოდა ხელში ამეყვანა. ფრთხილად და ეჭვის თვალით, თუმცა ჩემსკენ გადმოიწია და მეც ავიყვანე - ვიბლიანის მკლავებიდან, ჩემსაში გადმოინაცვლა. მსუქან ლოყაზე ვაკოცე. ჩემთან მაინც მორიდებულად იყო, თუმცა რაც მთავარია მომეკარა.
- ასე იოლად არავისთან მიდის, თუმცა ბატონი ირაკლის სიტყვებმა აშკარად გაჭრა. - თქვა ნინომ.
- ნინო, ჩვენ კაბინეტში შევიდეთ. რა საქმეებიც გვაქვს დასამთავრებელი დავამთავროთ და ხვალიდან თავისუფალი იქნები.
- ასე მალე ბატონო ირაკლი ?- გაუკვირდა ნინოს.
- კი. ძირითადი რაც იყო ემილიანემ საკმაოდ მცირე დროში აითვისა. დანარჩენს მე ავუხსნი.
- როგორც თქვენ გნებავთ.
- მათე ემილიანესთან დარჩება და გაართობს.
- დიახ, დიდი სიამოვნებით - დავეთანხმე მეც.
- დე, მე მალე მოვალ კარგი ? შენ ემილიანესთან დარჩი. - პატარამ თავი დაუქნია დედამისს. - აი, იქ მაგიდაზე მისი სათამაშოებია. ამათზე გაერთობა და იმედია არ შეგაწუხებს - მითხრა მე. ორივენი კაბინეტში შევიდნენ. მათე მაგიდასთან მივიყვანე. სათამაშოდ ფაზლი ამოარჩია და ორივემ ერთად მისი აწყობა დავიწყეთ. უნიჭიერესი ბავშვი იყო, ისე სხარტად ალაგებდა ფიგურებს, ალბათ დიდსაც რომ გაუჭირდებოდა. ზოგადად, აუტისტ ბავშვებზე მსმენია რომ ნიჭიერები არიან, მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. ყველაფერი ესმოდა რასაც ვეუბნებოდი, თუმცა თვითონ სიტყვაძვირი იყო. მხოლოდ ცალკეული სიტყვებით მახვედრებდა რა უნდოდა. ნინოს ტკბილეულიც ჰქონდა წამოღებული მისთვის, მაგიდაზე ეწყო. შოკოლადი გამახსნევინა. ერთ ფილას თვითონ რომ მოტეხდა, მეორეს მე მაძლევდა. ისეთი სიხარულით მაჭმევდა, 3 ფილა მეც შევჭამე.
- ემიანესაც უნდა - ჩაილაპარაკა თავისთვის და სიცილით კინაღამ გავიგუდე, ისეთი სასაცილო იყო. ჩემი სახელი გამართულად ვერ თქვა და „ემიანე“ შემარქვა. შოკოლადს რომ ტეხდა, თან იმეორებდა ემიანესაც უნდაო. დარჩენილი შოკოლადი შევინახე, თორემ ბევრი მოგვივიდოდა. შემდეგ, სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება. მანქანა აიღო და ჩქარა ატარებდა იატაკზე. მეც მასსავით ძირს დავჯექი და თამაშში ავყევი. მე რომ გავუგორებდი მანქანას, შემდეგ ის გამომიგორებდა. მათე კი არა, მეც ძალიან კარგად გავერთე. ამასობაში, ნინომ და ბატონმა ირაკლიმაც დაამთავრეს მუშაობა და თავზე დამადგნენ. უცებ წამოვფრინდი ფეხზე და შარვლის წმენდა დავიწყე. ორივეს ჩუმად ეცინებოდა.
- როგორც ჩანს, მათემ კარგად გაგართო ემილიანე. - მითხრა ვიბლიანმა.
- დიახ. ვერ შეგეწინააღმდეგებით. - მათე დედასკენ გაექანა და ჩაეხუტა. სულ 1 საათით დატოვა, მაგრამ უკვე მოენატრა თავისი დედიკო.
- ხომ არ შეგაწუხა ? - მკითხა ნინომ.
- არა, პირიქით. ისე გავიდა დრო, ვერ გავიგე. ფაზლიც ავაწყვეთ, მანქანებითაც ვითამაშეთ და შოკოლადიც ვჭამეთ.
- მართლა? თავის შოკოლადს არავის უყოფს. - გაუკვირდა ნინოს.
- მე მაჭამა - ვთქვი სიამაყით გაბღენძილმა.
- როგორც ჩანს, ძალიან მოეწონე.
- მეც ძალიან მომეწონა და შემიყვარდა ეს პატარა კაცუნა - ლოყაზე ვუჩქმიტე.
- ნინო, ტაქსს გამოგიძახებ - უთხრა უფროსმა.
- მადლობა, ბატონო ირაკლი. - ნინო ასე მალე თუ დამტოვებდა არ მეგონა, გულიც მწყდებოდა, რაღაც ძალიან შევეჩვიე. თუ რამე დამაინტერესებდა, ვიცოდი ნინოს მივაკითხავდი და ყველაფერში გამარკვევდა. ჩემი იმედი იყო.
- ნინო, გული მწყდება რომ მიდიხარ - ვუთხარი გულწრფელად.
- მეც მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ. დიდი საქმეები მელოდება წინ - თქვა და მუცელზე დაისვა ხელი. მესტუმრე ხოლმე, ძალიან გამიხარდება. თუ რაიმე დაგჭირდეს, ან დაგაინტერესოს ნებისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე.
- მადლობა ნინო - ვუთხარი და ჩავეხუტე. - ეს პატარა ონავარიც მომენატრება. დიდი სიამოვნებით გესტუმრებით და მათეს მოვინახულებ.
- ძალიან გაგვიხარდება. - ამასობაში ტაქსიც მოვიდა. ბატონი ირაკლი ნივთების გატანაში დაეხმარა, ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და ორივეს დაემშვიდობა. მართლა დამწყდა გული ნინო რომ წავიდა. ვიბლიანი ოფისში შემობრუნდა, დავრჩით ამხელა შენობაში მხოლოდ მე და ის..
- აბა.. საქმეს შევუდგეთ, მანამდე ყავა მინდა.
- დიახ, ბატონო ირაკლი. - სამზარეულოში გავედი და ორმაგი ამერიკანო გავაკეთე, ერთი ჩემთვისაც დავისხი. მაინტერესებდა ეს კაცი რას სვამდა ასეთს, ყავაზე რომ ჭკუა ეკეტებოდა. კაბინეტში ლანგრით გავიტანე, წინ დავუდგი და მეც ჩამოვჯექი.
- მადლობა, ემილიანე.
- აბა, რა საქმე გვაქვს ? - ვკითხე ინტერესით.
- ჯერ ყავა. თუმცა, შენ კი გაქვს საქმე. რამე გამოიძახე. - გუნებაში გამეცინა. ჯერ სულ არ ჭამდა და ახლა ვეღარ გავაძღე ეს კაცი.
- რა გამოვიძახო ?
- შენ რა გინდა ?
- არ ვიცი, ჩემთვის სულ ერთია.
- შაურმა მომენატრა - ჩაილაპარაკა დანანებით. რომ წარმოვიდგინე, როგორ ვჭამდი შაურმას ვიბლიანთან ერთად, ძლივს შევიკავე თავი რომ არ გავმსკდარიყავი სიცილისგან.
- ნუ იკავებ სიცილს - მითხრა ღიმილით.
- ასე მეტყობა ?
- მე ადვოკატი ვარ ემილიანე და ყველას აზრებს ვკითხულობ მიმიკით.
- ისიც მაინტერესებდა რამდენ ლარიანი უნდა შემეკვეთა და ჩემს სახეზე ვერ ამოიკითხეთ? - ვუთხარი ღიმილნარევი ირონიით.
- მე ადვოკატი ვარ, ღმერთი კი არა. საშუალო ზომის იყოს.
- და ალბათ, დიეტური კოლა ხომ ?
- კი, მაინც კალორიებს ვერიდები - ორივეს გაგვეცინა. იუმორიც ჰქონია, თურმე. არ მეგონა. ჩემს პატარა კაბინეტში გავედი და იქედან შევუკვეთე. ჩემთვის პატარა გამოვიძახე. ბევრს ვერასდროს ვერ ვჭამ. ვიბლიანთან მალევე დავბრუნდი და ჩემი ყავა მოვსვი. მისი ძალიან რომ არ მომრიდებოდა, ალბათ იქვე გადმოვაბრუნდი უკან. სიმწრით გადავყლაპე. წარმომიდგენია რა სახეც მქონდა იმ მომენტში. ვიბლიანი გაკვირვებული მიყურებდა.
- გაიცინოთ, შეგიძლიათ. - მართლა გაეცინა.
- რატომ სვამ თუ ასე ძალიან არ მოგწონს ? გაძალებს ვინმე ?
- უბრალოდ მაინტერესებდა რას სვამდით. შხამია ჩვეულებრივად. ასეთ მწარე რამეს როგორ სვამთ ყოველ დღე ?
- ვისთვის როგორ - მხოლოდ ამით შემოიფარგლა. ფინჯანი ამრეზით გვერდზე გავწიე. თვითონ კი დიდი სიამოვნებით გააგრძელა დალევა. კონკრეტული ხელშეკრულებები მომცა შესადგენად. აინტერესებდა როგორ გავაკეთებდი. ჩემს კაბინეტში გავედი სამუშაოდ. კომპიუტერთან მოვკალათდი. ამ მინის კედელში ისე მკაფიოდ ვუყურებდი ვიბლიანის სახეს, ასე მეგონა თავზე მადგა და ისე მაკონტროლებდა. 1 ხელშეკრულება უცებ დავწერე, უკვე ბოლოსკენ ვიყავი ჩასული, რომ კურიერიც მოვიდა. მისაღებში გავედი, გამოვართვი და პირდაპირ სამზარეულოში გავიტანე.
- ბატონო ირაკლი, სად შეჭამთ ?
- სამზარეულოში გამოვალ. - რეალურად, სამზარეულო სტაფისთვის უფრო იყო, ვიდრე უფროსებისთვის, თუმცა რას ვიზამთ. უფროსის წინაშე შაურმის ჭამა ნორმალური და კულტურული ნამდვილად არაა, მაგრამ რა გაეწყობა ? ასე მოინდომა მთავარმა.
- ამ ყავასაც გავიტან. - სანამ მე ლანგარს ვიღებდი, თვითონაც წამოდგა ფეხზე. ტელეფონი დარჩენოდა მაგიდაზე და მე სადაც ვიდექი იმ მხრიდან უნდოდა აღება, თუმცა მე ამასობაში მოვტრიალდი... ყავაც ზედ გადავასხი და ჭიქებიც მივალეწე. კიდევ კარგი, ყავა უკვე კარგა ხნის გაციებული იყო. საშინლად შემრცხვა, რა მექნა აღარ ვიცოდი.
- ბოდიში, ბატონო ირაკლი - საწყალი თვალებით ავხედე - ჩემი ბრალია. ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი.
- ყურადღებით ნამდვილად უნდა ყოფილიყავი, თუმცა ჩემი ბრალიცაა. - თან დამაწყნარა და თან მაინც მიკბინა. ისე როგორ მოისვენებდა ? - დავიხარე და ჭიქების ნამსხვრევების აკრეფა დავიწყე. საშინლად ვბრაზობდი ჩემს თავზე. ისიც დაიხარა და ჩემთან ერთად შეუდგა საქმეს.
- არ არის საჭირო, თავად მოვაგვარებ. - ვუთხარი მე.
- რახან ორივეს ბრალია, საქმეც გაიყოფა. - ნამსხვრევები ავიღეთ და ლანგარი სამზარეულოში გავიტანე. ყველაფერი გადავყარე. აქანდაზი, ცოცხი, საწმენდი მოვიმარჯვე და კაბინეტისკენ წავედი. კარი რომ შევაღე წელს ზემოთ შიშველი ვიბლიანი დამხვდა. წამიერად ხელი ავიფარე თვალებზე.
- ბოდიში, მე არ ვიცოდი თუ ...
- არაუშავს, უკვე ვიცმევ. - მითხრა სიცილით. აფარებული ხელიდან ჯერ ცალი თვალით გამოვიჭყიტე და რახან დავინახე, ახალ მაისურს იცვამდა, უკვე ხელიც ჩამოვიღე სახიდან. ხაკისფერი მაისური გადაიცვა. გუნებაში გამეცინა, ახლა ერთ ფერებში ვიყავით. ყავამ მხოლოდ მაისურის ნაწილი დაუსვარა. შარვალი გადარჩა. დიდი კარადა კი იდგა კაბინეტში, მაგრამ ტანსაცმელსაც თუ ინახავდა იქ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. წინდახედული კაცია, თურმე ნამვილად საჭირო ყოფილა. სასწრაფოდ მოვწმინდე იქაურობა და ყველაფერი უკან წავიღე. ბატონს უკვე თეფშები გადმოლაგებული ჰქონდა სამზარეულოში რომ შევედი. ისე წამიხდა გუნება ჭამის თავიც აღარ მქონდა.
- რა ფირმის მაისურია მითხარით და ვეცდები ზუსტად იგივენაირი გიყიდოთ-ვუთხარი ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ. ჯერ კარგა ხანს მიყურა გამჭოლი მზერით და შემდეგ სიცილი აუვარდა.
- მართლა მეუბნები ეხლა მაგას?
- კი - ეჭვის თვალით გავხედე. ვერ ვხვდებოდი რა იყო სასაცილო.
- შეიძლება ცუდი ხასიათი მქონდეს, მაგრამ ეგეთი საშინელი უფროსიც ნამდვილად არ ვარ, რომ თანამშრომელს მაისური ვაყიდინო. ბარემ ფინჯნებიც იყიდე არ გინდა ? - უკვე ჩემს დაცინვაზე გადავიდა, ამაზე უფრო მომეშალა ნერვები. მან კი ძალიან მშვიდად დაიწყო შაურმის ჭამა და სიამოვნებისგან სახე გაუცისკროვნდა. მე ჯიუტად არ ვიწყებდი ჭამას.
- ემილიანე, ჭამე თორემ ისე მაქვს მონატრებული, ვატყობ შენსასაც შევჭამ.
- შეგერგოთ - ვთქვი და სკამიდან წამოვდექი. ჩემს კაბინეტში გასვლას ვაპირებდი და ხელშეკრულების წერის დამთავრებას. მადა ნამდვილად აღარ მქონდა. უცებ მაჯაზე ძლიერი შეხება ვიგრძენი. ძალით მომატრიალა.
- ემილიანე, ვატყობ ნერვები მეშლება. დაჯექი და მიირთვი.
-საქმე მაქვს დასამთავრებელი.
- შენი უფროსი შენს წინაა, ასე რომ ამას ნუ იმიზეზებ. დაჯექი.
- მკაცრი უფროსი მყავს ძალიან. - ვუთხარი ირონიულად.
- ვიცნობ შენს უფროსს და საქმეს ჩაგიწყობ, არ გაგიბრაზდება - ისე მითხრა სიცილი ვერ შევიკავე და გამეცინა.
- მოდი, დაჯექი. თუ არადა მაშინ გადაყარე ყველაფერი და საქმე განვაგრძოთ. - მომეჩვენა, თუ უჩემოდ არ ჭამდა? მე არ ვჭამ, მერე რა? თვითონ ვერ გააგრძელებდა ?
- კარგით, ვჯდები. და იმედია მეორედ ჩემს დაცინვას ადგილი არ ექნება.
- ეს დაცინვა არ იყო ემილიანე. დაცინვა, რომ მდომოდა ამას მერწმუნე უფრო მწარედ გავაკეთებდი. - ჭამა დავიწყე. ისეთი გემრიელი და მადისაღმძვრელი იყო, ვინანე კიდეც ამაზე უარს როგორ ვამბობდი-მეთქი. მშვიდად მივირთმევდი. საუბარი მან წამოიწყო.
- ეხლა ვუყურებ და ჩემსაში ამდენი წიწაკა არ არის, შენთან რამე შეეშალათ ?
- არა, მე მივუთითე რომ ძალიან ცხარე მინდოდა - ვუპასუხე მშვიდად. სიცილი ატეხა.
- ეს პატარა გოგო, ამდენ წიწაკას როგორ ჭამ ?
- საერთოდ არ ვარ პატარა და გითხარით ნუ დამცინით-მეთქი. - გავუჯავრდი. ჩემი ფიზიკური მონაცემების მიხედვით პატარა საერთოდ არ მერქვა. 1.71 ვარ სიმაღლით და წონით 58 კგ. ვერ ვიტან ძალიან გამხდრებს. დიეტაზე ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. გემრიელად ჭამის სიამოვნებას ჩემს თავს ნამდვილად ვერ მოვაკლებდი.
- ჩემზე ამბობდნენ ზოგიერთები ცივი ხასიათი აქვსო და მგონი შენთან ხუმრობაც არ შეიძლება. - უპასუხოდ დავტოვე. ჭამას მოვრჩით. ყველაფერი მივალაგეთ და კაბინეტებში გავნაწილდით. ჩემს საქმეს მოვრჩი, ამოვბეჭდე და გავუტანე. ინტერესით კითხულობდა, საბოლოოდ დაამთავრა და არაფერი უთქვამს. ეს ჩვევა ვერ მოიშალა, რაც ძალიან მაღიზიანებდა. ან კარგი მითხარი, ან ცუდი. ეს დუმილი რა უბედურებაა.
- შემდეგს მოგცემ - თქვა და თან კარზე კაკუნი გაისმა. ვერ მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო. გასაღებად წავედი. 35 წლამდე მამაკაცი იყო, მე ვერ ვიცანი.
- გამარჯობაათ - გაწელილი თბილისური კილოთი შემოვიდა ოთახში. ვიბლიანს ძმაკაცურად ჩამოართვა ხელი და მე მომიტრიალდა.
- ვაუ, იკა. ეს მშვენიერი ახალგაზრდა ვინ არის ?
- ჩემი ახალი დამხმარე. ემილიანე, ეს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ადვოკატი თომა ნაკაშიძეა. - მახსოვდა, მასზე ვიბლიანმა გამაფრთხილა, ერიდეო. უცხო მამაკაცი ჩემსკენ წამოიწია და ხელზე მეამბორა. ამ ჟესტმა ცოტა არ იყოს გამაღიზიანა. რა საჭირო იყო მსგავსი ფამილიარობა.
- სასიამოვნოა, ემილიანე. ლამაზი სახელი გქვია.
- ჩემთვისაც. მადლობა - უხეშად გამოვწიე ხელი. - ყავას ხომ არ მიირთმევთ ? - ვეცადე სიტუაცია გამენეიტრალებინა.
- დიახ. მე დავლევ. - მითხრა თომამ. - ტკბილს. - თან ხარბად მათვალიერებდა. უკვე ვერ ვიტანდი ამ კაცს.
- მე არ მინდა, ემილიანე - მითხრა ბატონმა ირაკლიმ ცივი ხმით. თომას შემოსვლისთანავე მზერა გაუმკაცრდა. სამზარეულოში გავედი. ყავა გავუმზადე. თან საშინლად არ მინდოდა იქ გასვლა. რაღაც საშინელი აურა დაჰყვებოდა ამ კაცს. სხვა გზა არ მქონდა, კაბინეტში უნდა დავბრუნებულიყავი. ყავა ფრთხილად შევიტანე, არ მინდოდა წეღანდელივით დამმართნოდა. წინ რომ დავუდე ფართოდ გამიღიმა.
- დიდი მადლობა, ემილიანე.
- არაფრის. - ვუპასუხე ცივად.
- ემილიანე, შეგიძლია შემდეგი ხელშეკრულების შედგენას შეუდგე.
- კარგით, ბატონო ირაკლი. - ვიბლიანმა იქედან გამომიშვა. როგორც კი ჩემს კაბინეტში გავედი, მინის კედელზე არსებული ჟალუზი ჩამოაფარა და სანამ მის გამოსახულებას დაფარავდა, გამჭოლი, უკმაყოფილო მზერა მომაპყრო. ვერ მივხვდი ეს რატომ გააკეთა, თუმცა იმას კი ნამდვილად ვხვდებოდი რატომ მითხრა თომა ნაკაშიძეს მოერიდეო.



№1  offline წევრი OKI ME

აი, ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეს, თომა. როგორ არ მომწონს მისი მსგავსი არსებები unamused

უუჰ, ირაკლის უყურეთ ერთი. მოინდომა ბიჭმა ემილიანეს ნივთის დატოვება laughing უზომოდ მესაყვარლებიან ეს ორი heart_eyes heart_eyes როგორც ვატყობ, ერთმანეთში ბევრ რამეს შეცვლიან ეს ორი. აი, იდეაში ერთმა გულაღდილმა საუბარმა, როგორ სხვანაირი გახადა ირაკლი. heart_eyes

ვაიმე, რახან გიგი (თუ სწორად მახსოვს) ემილიანეს ჩამოაშორე და თაკო აპოვნინე, რაღა მიჭირს. laughing

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკა

ვაიმე მალე მალე დადეთ თორემ გულის შეტევა მომივა.♥️♥️❣️????????????????????????

 


№3  offline წევრი ემილიანე

სტუმარი მარიკა
ვაიმე მალე მალე დადეთ თორემ გულის შეტევა მომივა.♥️♥️❣️????????????????????????

ვეცდები❤️❤️

Megioki
აი, ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეს, თომა. როგორ არ მომწონს მისი მსგავსი არსებები unamused

უუჰ, ირაკლის უყურეთ ერთი. მოინდომა ბიჭმა ემილიანეს ნივთის დატოვება laughing უზომოდ მესაყვარლებიან ეს ორი heart_eyes heart_eyes როგორც ვატყობ, ერთმანეთში ბევრ რამეს შეცვლიან ეს ორი. აი, იდეაში ერთმა გულაღდილმა საუბარმა, როგორ სხვანაირი გახადა ირაკლი. heart_eyes

ვაიმე, რახან გიგი (თუ სწორად მახსოვს) ემილიანეს ჩამოაშორე და თაკო აპოვნინე, რაღა მიჭირს. laughing

საყვარელო ❤️❤️ უყურადღებოდ რომ არაფერი გრჩება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent