ხოსია (სრულად)
ხოსია სოფელ ერგნეთში რომ გეკითხათ ხოსიაზე, მაშინვე ღიმილით გეტყოდნენ მაგას ვინ არ იცნობსო? მეზღაპრედაც მოიხსენიებდნენ, ათას ამბავს თხზავდა და სხვებსაც თავს ახვევდა გამოგონილი გმირების ასავალ-დასავალს. მე რა მახსოვს? როგორც დედა ამბობს, ხოსია თებერვლის დიდთოვლიან ღამეს, ნაკიანი წელიწადის ოცდაცხრა რიცხვში მოევლინა ამ ქვეყანას. ამის გამო ტოლი ბიჭები ხშირად ვეხუმრებოდით, ოთხ წელიწადში ერთხელ გემატება ასაკი და როგორც არ უნდა მოინდომო, ჩვენთან შედარებით მუდამ ბავშვი იქნებიო. უჰ, როგორ აენთებოდა ხოლმე. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ჩვენთვის ჭკუის სასწავლებლად უმალ მუშტს ჰკრავდა, მაგრამ საცემად ვერასოდეს გვიმეტებდა. მისი დაბადების ღამეს თოვლს ქალაქში ჩასასვლელი გზები ჩაუხერგავს. სამშობიარო ტკივილებით შეწუხებული დედამისი საავადმყოფოში ვერ გადაუყვანიათ და სოფლის ამბულატორიის ექთნის დახმარებით სახლში უმშობიარებიათ. სიკვდილის სარეცელზე მყოფ ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებია და სამწუხაროდ, ვერ გადაურჩენიათ. პირველივე საათებიდან ობლად დარჩენილ ჩვილზე მეურვეობა დიდედამ აიღო. გადამეტებული მზრუნველობით ზრდიდა და ცივ ნიავს არ აკარებდა. პატარა ხოსიასაც ძალიან უყვარდა, მუდამ მის კალთას იყო გამოკერებული და გვერდიდან არ შორდებოდა. სკოლის ასაკის რომ შეიქნა, ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად მისული ბებიამისისთვის ექიმს შვილიშვილის გონებაჩამორჩენილობაზე მოუხსენებია. ბედს შეურიგებელმა ქალმა მაინც გაბედა და პირველ კლასში დიდი იმედებით შეიყვანა. სწავლაზე რა მოგახსენოთ და თამაშებით ზედმეტად გატაცებული ხოსიასგან საცოდავ თინიკო მასწავლებელს ოთხი წელი სისხლი ჰქონდა გამშრალი. შუა გაკვეთილზე ქილებში გამომწყვდეულ მწერებს ამოუშვებდა და მერე დასაჭერად დასდევდა. მერხების რიგებს შორის ჩავლილისთვის ტანსაცმელზე სარეცხის სარჭებიც არაერთხელ დაუკიდია. ერთი სიტყვით, ვერაფრით ჩერდებოდა ერთ ადგილას, ვერც წერა-კითხვა ისწავლა და ბოლოს იმედგადაწურულმა დიდედამ მეოთხე კლასიდან გამოიყვანა. ზედმეტი სადარდებლისგან გათავისუფლებულმა ხოსიამაც ამოისუნთქა. მეტი სილაღით დააბიჯებდა სოფლის მიდამოებში და ხან ჭრიჭინებს უსაფრდებოდა, ხან ხვლიკებს და ხოჭოებს, მერე შეპყრობილებს მინის ქილებში კეტავდა, საკვებს არ აკლებდა და მთელი დღეების განმავლობაში გამოცდილი მეცნიერივით აკვირდებოდა. -რა ჭირად მინდა, ბიჭო, ამდენ ჭიაღუებს რო მოათრევ სახლში, ჰა? მე შენ გეტყვი, ეგენიც ძროხებივით იწველებოდნენ ან რამე სხვა სარგებელი მოჰქონდეთ. გაუშვი, თორემა ერთი დღეც იქნება, დავერევი ყველასა და დავუჩეჩქვავ მაგ თავებსა,- ავი ძაღლივით აყეფდებოდა ხოლმე პატიმრებივით გამომწყვდეული ქილების კედლებზე მძრომიალე მწერების შემყურე ბებიამისი, მაგრამ ხოსია ერთ ყურში შეუშვებდა და მეორედან გამოუშვებდა. ყველაზე მეტად ზაფხულის შემობრძანება უყვარდა, რადგან ციცინათელები ჩნდებოდნენ. ყოველი შებინდებისას მანათობელი ხოჭოების დასაჭერად მიიწევდა და საათობით იკარგებოდა ციცინათელებით მოჭედილ ბაღებში. საწყალ დიდედას მისი გზა-კვალის სადევნად ცხრა წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა გაცვეთილი. ლამპრებივით ანთებულ ციცინათელებთან გართული ხოსიასთვის შორიდან რომ შეგეხედათ, ჯადოსნური სამყაროს გმირი გეგონებოდათ. ხოჭოების ოჯახის პაწაწინა წარმომადგენლებს მხიარული შეძახილებით დასდევდა, თვალებგაბრწყინებული შესციცინებდა და მუჭში მოქცეულებს ისე ეჩურჩულებოდა, თითქოს მისი ენა ესმოდათ. აიჩემა, დიდი რომ გავიზრდები, ციცინათელების დედოფალი ნათია უნდა შევირთო ცოლადო და მას შემდეგ არ შეუწყვეტია ფიქრი წარმოსახვით სამყაროში შექმნილ ქალბატონზე. რა ეშველება ამ ბეჩავსა, მთელ სოფელში ჩიტირეკიას სახელით რო არის ცნობილი? განა როდემდე ვეყოლები გვერდშიო? - მთელი ცხოვრება ჯავრობდა საწყალი ბებიამისი. როდესაც წამოიზარდა, ხოსიას არც მაშინ მოუშლია უენო არსებების სიყვარული. მწერებს რომ თავი დავანებოთ, თუკი სადმე უპატრონო ძაღლს და კატას დაინახავდა, ყველა სახლში მიჰყავდა, აპურებდა, უვლიდა და თვალში გამოახედებდა ხოლმე. -ხოსი, შე ზოოპარკის დირექტორო!- იწვევდნენ სოფლის ახალგაზრდები და მისგან მწვავე რეაქციას ელოდებოდნენ. ზოოპარკის დირექტორად მოხსენიება შეურაცხმყოფელი ეგონა და მაშინვე ქვას დასწვდებოდა - მამაძაღლო, ვის უბედავ მაგდენსაო?! წყრომისგან ყელზე ვენებდაბერილ ხოსიას რომ დაინახავდნენ, ისინიც ახითხითდებოდნენ და იყო ერთი ხორხოცი და ალიაქოთი. -დაანებეთ თავი, არ გეცოდებათ მაინცა? რა თქვენი ტოლი ეგა ნახეთ? - გამოექომაგებოდა გრძელ ხის სკამზე მეზობლებთან საჭორაოდ ჩამომჯდარი და ხმაურით შეწუხებული ელიჩკა ბაბო, მაგრამ ვის ეყურებოდა? უცებ აფეთქება იცოდა ხოსიამ და როგორც კი აქეთ-იქით მიმოფანტულ აბეზარ ბავშვებს დაიგულებდა, მალევე გადაუვლიდა. მუშაობა არასოდეს ეზარებოდა. თავის მიწის ნაკვეთსაც უვლიდა და სხვებსაც თანხის სანაცვლოდ ეხმარებოდა. მართალია, კარგად ვერ ანგარიშობდა, მაგრამ მისი შრომის ფასად დაწესებულ ხუთლარიანებს უშეცდომოდ არჩევდა. თავისუფალ დროს სოფლის „ბირჟაზე“ ჩამოდგებოდა და გამვლელ-გამოვლელებს იმდენს ელაპარაკებოდა, თავს ატკიებდა. ჩემთანაც უყვარდა საუბარი, ათასგვარ რამეს მიედ-მოედებოდა. *** რვა აგვისტოს, როდესაც ქართლს ომის ქარიშხალი დაატყდა თავს, ჩვენი სოფლის მოსახლეობამ მამაპაპეული სახლების დატოვება დაიწყო. ბედის ანაბარა დარჩენილი ოჯახები ფეხით გადიოდნენ კილომეტრებს იმ იმედით, რომ სამშვიდობოს გააღწევდნენ და სადმე ვინმე ღვთისნიერი შეიფარებდა. სიკვდილი ფეხდაფეხ მისდევდა ყოველივე სულიერს. რამდენიმე საათში ერგნეთში სიცოცხლე ჩაკვდა... ხოსია ყოველი ჭურვის ჩამოვარდნასა და აფეთქებაზე გულზე მჯიღის ცემით დარბოდა და მოთქვამდა. ვერაფრით ეგუებოდა დაჭრილი და გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცებით სავსე სამხედრო მანქანების ცხინვალიდან შემოდინებას. თვალცრემლიანი შესცქეროდა გაღვიძებული ბოროტების ნამოქმედარს და ყველაზე მეტად ის უგლეჯდა გულს, რომ ვერაფერს ცვლიდა. -წყალს მაინც მოგაწვდით. არ გინდათ წყალი? - აკანკალებული ხმით სთავაზობდა მებრძოლებს. სიტუაცია, რომ ძალიან დაიძაბა, რამდენჯერმე შევთავაზე, სხვების მსგავსად წავიდეთ და თავს ვუშველოთ-მეთქი, მაგრამ ხელები გაასავსავა, ეს არის ჩემი სახლ-კარი და აქ უნდა დავრჩეო. ხან როგორ მივუდექი, რა აღარ ვუთხარი გადასარწმუნებლად, მაგრამ გაჯიქებული იდგა და ადგილიდან არ იძროდა. ასე გაგვაცილა ხოსიამ ყველა და თავად სოფლის გუშაგად დარჩა. მოგვიანებით შევიტყვე, ორ მოხუცთან ერთად საღორეს აფარებდა თავს და იქიდან ადევნებდა თვალს ომის მსახვრალი ხელით მოტანილ უბედურებას. მოხუცები ამბობდნენ, ხოსია რომ არა, ცოცხლები ვერ გადავრჩებოდითო. თურმე ნუ იტყვით და როგორც კი მოთარეშე მტერი თვალს მიეფარებოდა, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, სახლის სარდაფში გადამალული კონსერვის ქილები ამოჰქონდა და ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილ მოხუცებს უნაწილებდა. დაბრუნებულებს საგრძნობლად მოტეხილი დაგვიხვდა. თითქოს ხუთმა დღემ ხუთი წლით დააბერა, ერთიანად მოაშთო და ყოველგვარი იმედი ხელიდან უმოწყალოდ გამოაცალა. სახურავების გარეშე დარჩენილი და გადაბუგული სახლები, გაძარცვული სოფელი, კასეტური ბომბებით სავსე ბაღები... - ეს იყო ის სისასტიკე, რომლითაც ნირწამხდარმა ხოსიამ გვიმასპინძლა... *** დიდი ხანი დასჭირდა წაქცეულ სოფელს ფეხზე დასადგომად, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აღიდგინა პირვანდელი სახე. თანდათან დაბრუნდნენ ოჯახებიც. ბევრი აღარც დაბრუნებულა... დრო ყველაფრის მკურნალიაო -ამბობენ, მაგრამ არაფერსაც არ კურნავს. ადამიანები წარსულისგან ანდერძად დატოვებულ ტკივილს თავგამეტებით ვჩქმალავთ მეხსიერების კუნჭულებში და ვცდილობთ, აღარასოდეს გავიხსენოთ. როგორ გამოგვდის, ცალკე სამსჯელო საკითხია. *** ხოსიასთან უკანასკნელი შეხვედრა განსაკუთრებულად ჩამყვა გულში და რამდენჯერაც გამახსენდება, მაშინვე გონებაში ტივტივს იწყებენ ჩვენი ბოლო დიალოგიდან ამოვარდნილი სიტყვები: -კიდევ გიყვარს ციცინათელების დედოფალი, ხოსი? -მიყვარს, მარა ომის შემდეგ აქედან წავიდა და თავის ციცინათელებიც თან გაიყოლა. -ჰო, რა ხანია მათგან მოფენილი სოფლის ტერიტორიები აღარ მინახავს. სად შეიძლებოდა წასულიყო? არაფერი უთქვამს? -თავის ქვეყანაში, სხვაგან სადა? ახლა მე ჩავდივარ იქა. -რას ამბობ? მაინც ახერხებ მის ნახვას? -მაშა, ისე როგორ იქნება? -დაუჯერებელია. -რა არის დაუჯერებელი? რახან გეუბნები, ესე იგი, ასეა და წყალი არ გაუვა! -ნეტა როგორ გამოიყურება ციცინათელების დედოფალი? არასოდეს მინახავს. -მე გეტყვი. თოვლივით ქათქათა სახე აქვს, ჩვენი სოფლის ბოლოში მუხების ქვეშ გაზაფხულობით რო იები ხარობენ, მათსავით ლურჯი თვალები აქვს, ხორბლისფერი თმა და მუდამ გრძელი, ყვითელი კაბები აცვია. -კიდევ რით მოგხიბლა? არ თქვა ახლა, რომ სულ ეგ არის მთელი შენი სიყვარულის ფილოსოფია. -მე შენა მართლა უჭკუო ხო არა გგონივარ? -ეგ არც მიკადრებია. მაინტერესებს, როგორ გესმის სიყვარული? -გეტყოდი მისი თვალებისთვინ მიყვარს, ჭკვიანი რო არის, კიდე იმიტომა-მეთქი, მარა ეგენი არაფერ შუაშია. -მაშ, რა არის შუაში? -როცა არ იცი რისთვინ გიყვარს და მაინც გიყვარს, აი, ის არის სიყვარული. -ცოტა არეულად კი ლაპარაკობ, თუმცა მიგიხვდი. ხშირად სტუმრობ შენს შეყვარებულს, ხოსი? -თითქმის ყოველდღე. -აბა, ამიღწერე, როგორია ციცინათელების ქვეყანა? -როგორც კი ფეხს შეადგამ, ბალახითა და სურნელოვანი ყვავილებით სავსე მდელოებსა, დიდ პეპლებსა, ტყეებით დაფარულ მთებსა, ჩუხჩუხა ნაკადულებსა და ფერად-ფერად, მოჭიკჭიკე უცხო ჩიტებს დაინახამ. -ამინდი როგორი იცის? -მუდამ მზიანი დარია. ხანდახანა, როცა მზეს პირის დაბანა მოუნდება, შხაპუნა წვიმაც დაუშვებს ხოლმე. თოვლი კი არასოდეს მოდის. -ეგ როგორ? -ჭრელათა. რა უნდა თოვლსა და ზამთარსა ციცინათელების ქვეყანაში? -როგორც ჩანს, სიცივე არ ჰყვარებიათ. -ჰო. კიდე რა გაინტერესებს? -რა ვიცი, კიდევ რას მეტყვი? -მთებზე ციცინათელების კარვები დგას, შუა მინდორში დახუნძლული ალუბლების ხეებით გარშემორტყმული სასახლე იწონებს თავსა. შიგნით შესვლისთანავე ხალიჩებით მოფენილი დიდი დარბაზი იყურება. შემაღლებულ ადგილზე ოქროსფერი სკამი დგას. ეგა დედოფლისთვინაა. სტუმრების მიღების დღეებში მასზე შემოსკუპებული ზის და თავისი ტკბილი ხმით ბაასობს. ისეთი ლამაზი და თვალისმომჭრელია, საათობით შევცქერი. მერე, როცა სტუმრები მიდიან და დაღლილი დედოფალი ოთახში მოსასვენებლად შედის, სამზარეულოში ვიჭყიტები. მოციმციმე და იისფერთვალება ციცინათელებს ფუსფუსი გაუდით და დედოფლისთვინ ალუბლის ნამცხვარს ღიღინ-ღიღინით აცხობენ. დედააა, როგორ ვერ იტანენ, როცა იქ შევდივააარ. -რატომ? -რატომა და ხელს ვუშლი. -რას აკეთებ ამისთანას? -დაშაქრულ ალუბლებს ვუჭამ, მერე ვანილს ვპარავ და იქაურობას ვაფრქვევ. ჰაერში ატრიალებული ვანილის ფხვნილის ნაწილაკები ციცქნა, ჭორფლიან ცხვირებში უძვრებათ, ცემინება უტყდებათ და ძილი ერევათ. ასეთ დღეში ჩაცვენილებს რო ვხედამ, მეცინება და უფრო მეტ ვანილსა ვყრი. ძალიან მიყვარს მოხუცი კიკის ყურებაი, თავს ჩაქინდრავს და ყველაზე ადრე მას ეძინება. გრძელი, მეჭეჭიანი ცხვირიდან სათვალე უვარდება და იატაკზე ადენს ზღართანსა. ენატლიკინა ტასიას საქციელზეც ვერთობი. მთქნარებითა და არეული ნაბიჯებით დამდევს, რო ვანილი ხელიდან წამართვას, მარა ვერ მივართვი. მალე ისიც ძილს აძლევს თავსა და ბურთი და მოედანი მე მრჩება. ძალიან საყვარლები არიან ცომთან ჩაძინებული ციცინათელები. -მერე შენს ქალბატონს ალუბლის ნამცხვრით პირის ჩატკბარუნება რომ დაუგვიანდება? ამაზე არ გეფიქრება ხოლმე? -იცის ჩემი ოინების ამბავი და ციცინათელებს არ უბრაზდება. -ეგ კარგია. კიდევ რას აკეთებ ციცინათელების ქვეყანაში? -მეზობელი ქვეყნიდან გადმოსულ კალიებს გადავრეკამ ხოლმე. -რას ერჩი? -როგორ თუ რას ვერჩი? გადაძოვეს და გაატიალეს ციცინათელების მინდვრები, აღარა ჰყოფნით თავიანთი. -უყურე შენ. - იმისთანა საძაგელი მეფე ჰყამთ, ავალებს, ციცინათელების ქვეყნის ბალახი მომართვითო და ესენიცა ყურმოჭრილი მონებივითა, უსიტყვოდ ემორჩილებიან. რამდენჯერ წავსწრებივარ იღლიაში ამოჩრილი ბალახით რო მიიპარებიან. ერთს დავჭექამ და ისე ფრთხებიან, ერთმანეთს ასწრებენ. ერთხელა, შემთხვევითა ქურდბაცაცა კალია ჩამივარდა ხელში და ყველაფერი გამოვკითხე. ასე მითხრა, ჯიჭა მეფესა კარგა ხანია სამეფოს მართვა აღარ შეუძლია, ქეიფსა და დროსტარებას არი გადაყოლილი და მისმა უსაქმურობამა ქვეყანა გააღატაკაო. ეგეც იტყვის, მაგარი მმართველი ვარო. -როგორ უნდა მოიშოროთ ეგ გულისგამაწვრილებელი კალიები? შენს დედოფალს გეგმა ჯერაც არ შეუმუშავებია? -მე ვარ მაგის მრჩეველი. აქა არავინ მეკითხება ჭკუასა, თორემა ისა იქა მიჯერებს და ბოლო დროსა მის სამფლობელოში გადმოპარული კალიების რიცხვიც შეთხელდა. -ყოჩაღ! ასეთი რა რჩევა მიეცი? -ჯიჭას აშინებს, რომელ კალიასაც შევიპყრობ, ხოსიას გავატან თავის სოფელში და ისეთივე ბედი ეწევა, როგორიც გაუსაძლის ყოფაში იქ ჩარჩენილ მის ძმობილებსაო. იმათა კიდე იციან, რა ნაომარი სოფელიცა გვაქვს და აქ მოხვედრისა ძალიან ეშინიათ. -ნუთუ? -ვის უნდა მავთულებითა და რუსი ჯარისკაცებით გარშემორტყმული საცხოვრებელი? აგერა ღობის იქით გაიხედე, ვერა ხედამ ბოროტი ადამიანების ბოგინსა? გვერევიან და ჩვენც გვაბოროტებენ. -ციცინათელებიც იმიტომ აღარ მოდიან, ხოსი? -ჰო, მხოლოდ ისეთ ადგილებში ჩერდებიან, სადაცა ბოროტებაი არა ფარამს სიმშვიდესა და სიყვარულსა. -მერე შენი სიყვარული იმათ არ ჰყოფნის? -მხოლოდ ჩემი სიყვარული რო საქმეს შველოდეს... -ალბათ, ისინიც შენსავით მშვიდები და სიყვარულით სავსენი არიან. -ხოსია მხოლოდ ასეთებთან გრძნობს თავს კარქათა. -ეჰ, როგორც ჩანს, აღარასოდეს დაბრუნდებიან. -მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსაწონ გარემოს დაინახავენ, ან მათ მონახულებას შევწყვეტ და თავს მოვანატრებ. შენ ის მითხარი, რათ დაივიწყე სოფელი? გახდი თბილისელი ს.ირისტიანი და აქეთ გამოხედვაც აღარ გინდა, არა? -მთლად მასეც არ არის. აქაურობას რა დამავიწყებს? -შენც დაივიწყე და სხვებმაცა. რითი ჯობია ეგ თქვენი ქალაქი სოფელსა? -სამსახური მაქვს, ოჯახიც იქ მყავს. -მერე დასხი „მარშუტკაში“ ეგ შენი ოჯახი და ჩამოიყვანე. ნატურალურს მაინც შეჭამთ ყველაფერსა. -სამსახურს რა ვუყო, ხოსი? -აგიჩემებია, რა ეგ სამსახური. მაშინა იყავი იმ შენ ასფალტიან ქალაქში, მე კიდე ვიქნები აქა და მიტოვებულ სახლებს ვუყარაულებ! *** ხოსიას თვალით დანახული სინამდვილე ხშირად მადუმებს და ფიქრებს განმიზოგადებს ხოლმე. ჩემი დაბომბილი, გადამწვარი და ნატყვიარევი სოფელივით საზარელი შესახედია სამყარო, რომელშიც მუდამ მახინჯი მავთულხლართებივით ივლება ბოროტება და ნათელ ფერებს შორს, ჩვენგან თვალუწვდენელ ადგილებში დევნის. ვინ უწყის? რამდენჯერ დადევნებია ხოსიასაც ყბადაღებული და შეუბრალებელი ბოროტება? ის კი სინამდვილეს შინაგან სამყაროში ჩაღვრილი ზღაპრებით გაურბოდა. იქნებ ასეც სჯობდა?.. *** ხოსიას დაკარგვის ამბავმა მთელი სოფელი აახმაურა. სად აღარ ვეძებეთ, მაგრამ ამაოდ... ზოგი ამბობს, ბოლოს რომ ვნახეთ, გვერდით სოფელში მიდიოდაო, ზოგი იმასაც ეჭვობს, ოკუპანტები გაიტაცებდნენო, მაგრამ ფაქტია, იდუმალებით მოცული ამბავი დღემდე დიდ გამოცანად რჩება... *** ამას წინათ, დედაჩემის სანახავად სოფელში ჩავედი. მოკლე გზით ორღობეს ავუყევი და მამისაშვილების ჭიშკართან დაყუდებულ ბავშვობის მეგობრებთან მოსაკითხად გავჩერდი. გამოვკითხე სოფლის ამბები, აქეთური-იქეთური მოვყევით და ვიგრძენი როგორ უმწეოდ გამხვია ნოსტალგიურმა ბადემ წარსულის ლაბირინთებში. ნათლად აღმიდგა იქ გატარებული დღეები და სადღაც გული ჩამწყდა, რომ ჩვენი ყრმობის თანმდევი ნაწილი ხოსია დღეს იქაურობას ჩვეული როხროხით, გამორჩეული სიცილითა და გულკეთილობით აღარ ახმაურებდა. თავდახრილმა გავაგრძელე გზა და ჩქარი ნაბიჯებით მივიწევდი ჩემი სახლისკენ. ხოსიას ხავსმოდებულ ეზოს რომ მივუახლოვდი, ფეხსაცმელთან რამდენიმე მოძრავ მანათობელს მოვკარი თვალი და გაოცებისგან შევჩერდი. მოდიოდნენ და მოდიოდნენ დიდი ხნით დაკარგული ციცინათელები, ინთებოდნენ და ქრებოდნენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.