შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლანგრით მორთმეული ( თავი 15)


26-01-2021, 06:50
ავტორი Melice
ნანახია 2 802

მეორე დილაა რაც საავადმყოფოში ვიღვიძებ და მოწყენილობისგან ვკვდები. ანდრო ისევ პატარა სკამზე ზის და თვალს არ მაშორებს. მის გარდა მხოლოდ ექიმი და ექთანი შემოდიან ხოლმე. თავიდან მიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ანდრო არ უშვებდა სხვებს.
- რომელი საათია? - გამომშრალ პირში ენას ძლივს ვიბრუნებ.
- ჯერ ადრეა, დაიძინე... - დგება და საწოლს ნელი ნაბიჯით უახლოვდება.
- დღეს უნდა გამწერონ. - გადახვეულ ტერფს დავყურებ, საწოლზე ვჯდები და ფეხები ჰაერში მეკიდება. ანდროს შეშფოთებულ მზერას ვაიგნორებ. - უნდა ვცადო!
- დაგიჭერ... - ორივე ხელს მავლებს.
ძალდატანების გარეშე ვეხები იატაკს, ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობ და ანდროს ხელებზე ჩაბღაუჭებული ფრთხილად ვდგები.
- გტკივა? - მოუთმენლად მეკითხება.
- სულ ოდნავ... - ვცდილობ სახეზე არ შევხედო და რატომღაც სულელივით მეღიმება. - ირონიაა, ჩემი ყოველი ნაბიჯის ცოდნა გინდოდა...
- ასე არ მინდოდა. - სხეული მაშინვე ეძაბება.
- ვიცი, როგორც კონტრაქტშია ისე გინდოდა.
- ანაბელ, დაივიწყე ის კონტრაქტი!.. - ხმას ერთი ტონით უწევს და საწოლზე მაბრუნებს.
- მაცდი? - ხელებს გულზე ვიკრეფ. - ხომ თქვი, რომ ისევ ძალაშია?
- იმ ღამესვე გავაუქმე... - სკამი საწოლთან გადმოაქვს და ჯდება. - როგორც კი სახლიდან გავედი, ოფისში მივედი, აღარ არსებობს არანაირი კონტრაქტი.
- და მერე სალომესთან ერთად აღნიშნე? - გამომშრალ ქვედა ტუჩს დასამშვიდებლად ვიკვნეტ.
- არ მენდობი? - შეცვლილი ხმით მეკითხება და ყველა ემოცია შემოდგომის ფოთლებივით მცვივა. ვენდობი? არ ვიცი... მის თვალებში მხოლოდ სითბოს და მზრუნველობას ვხედავ. როგორც წესი, ანდროს ემოციების წაკითხვისას არასდროს ვცდები... ან იქნებ სულ ვცდებოდი?
- წყალი მინდა... - საუბრის დასრულებას ვცდილობ. პატარა ტუმბოდან მაშინვე იღებს წყლის ბოთლს, ერთჯერად ჭიქაში ასხამს და მაწვდის.
- ბევრი სითხე უნდა მიიღო. - ცისფერ სფეროებს მისწორებს.
- სხვა ჭიქა მომეცი... - ისეთი სუნი აქვს, თითქოს აკვარიუმის წყალი იყოს. წყალს სხვა ჭიქაში ასხამს და დაბნეულ გამომეტყველებას არ მაშორებს. ამასაც იგივე სუნი აქვს, გულის რევის შეგრძნება წამიერად მივლის და დასაწყნარებლად პირზე ხელს ვიფარებ.
- რამე სჭირს ამ ჭიქებს? - სათითაოდ ყნოსავს.
- უმი თევზის სუნი აქვს... - ბოთლს ვართმევ და დარჩენილ სითხეს სუნთქვაშეკრული ვცლი. გულის რევის შეგრძნებაც მაშინვე ქრება.
- გშია? - მოულოდნელად მეკითხება და წყლის ცარიელ ბოთლს მართმევს.
- სახლში შევჭამ. - მხრებს ვიჩეჩავ.
- რამე განსაკუთრებული არ გინდა? - იდუმალ ბგერებს ვგრძნობ.
- ანუ? - გულისცემა მომენტალურად მიჩქარდება.
- არ ვიცი. - მხრებს უდარდელად იჩეჩავს და სულ ოდნავ ეღიმება. - გაზაფხულის მარწყვი მაგალითად.
- იანვარია... - მღელვარების დასაფარად ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ, პანიკაში არ ჩავვარდე. - ან საიდან მოიტანე რომ რამე განსაკუთრებული მინდა?
- უბრალოდ ვიკითხე.
- მინდა. - თამაში თუა ბოლომდე ვითამაშოთ. - უკურკო ზეთისხილი.




ინვალიდის ეტლში ვარ მობუზული და ანდროზე ბრაზი მომდის. უკვე შემიძლია საკუთარი ფეხით გადაადგილება, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ დავარწმუნე. კობა მანქანას მაქსიმალურად ახლოს აყენებს და ანდროს მაშინვე ხელში ავყავარ.
- იმედია, ეს რაღაც სახლში არ მოგაქვს. - ცხვირაბზუებული შევყურებ.
- მის ფუნქციას მე შევასრულებ. - თვალს ეშმაკურად მიკრავს და ჩემთან ერთად მოქნილად თავსდება მანქანის უკანა სავარძელზე.


თითქმის ნახევარსაათიანი მგზავრობისა და კამათის შემდეგ, მთანხმდება, რომ სახლში ჩემი ფეხით შევალ. დალის სამი ზომით დიდი, რბილი, წყვილი ჩუსტი გამოაქვს და საგულდაგულოდ შეფუთული ტერფით მთლიანად ვავსებ. ცალი ხელით ანდროს ვეყრდნობი.
- როგორც იქნა! - ჰოლში შესვლისთანავე გამორბის ელენე. - როგორ ხარ?
- ჩვეულებრივად. - მხრებს ოდნავ ვიჩეჩავ. - უბრალოდ ფეხი გავიჭერი...
- მიხარია, რომ სახლში დაბრუნდი. - თომაც გვიახლოვდება, ელენეს მხარზე ხელს ხვევს და თბილად მიღიმის. - მადლობის გადახდაც კი ვერ მოვასწარი, რაც ელენესთვის გააკეთე, არასდროს დაგივიწყებ...
- ამისთვის მადლობას ნუ გადამიხდით... - ვლუღლუღებ და ანდროსკენ გახედვასაც ვერ ვბედავ.


კიბეზე ისევ ბავშვივით ხელში აყვანილი ავყავარ და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, პირდაპირ საწოლზე მაწვენს.
- აღარ შემიძლია ამდენი წოლა... - ტირილის ხასიათზე ვდგები.
- საუზმე აქ შეჭამე და მერე ბაღში ჩაგიყვან. - ქურთუკს იხდის და სავარძლის საზურგეზე კიდებს.


- აბა, რახდებოდა ეს ორი დღე? - უკანასკნელ ზეთისხილს ჩანგლით ვიჭერ და ელენეს შევცქერი.
- არაფერი. - მზერას მარიდებს.
- არ გაგივა! - თვალებს ვჭუტავ. - მთელი ორი დღე ანდრო პალატაში არავის უშვებდა, ინფორმაციის სრულ ვაკუუმში ვიყავი. ესეიგი, რაღაც მოხდა.
- არ მინდა, რომ ინერვიულო... - ოხრავს და ბალიშს იხუტებს.
- იმ დღეს, ანდრომ რომ წამიყვანა, რა მოხდა იმის შემდეგ? - თვალებში დაჟინებით ვაშტერდები.
- მეც თქვენთან ერთად წამოვედი, ექიმს ჩუმად ვუთხარი, ორსულადაა და შეუსაბამო გამაყუჩებელს ნუ მისცემთ-მეთქი, თან გავაფრთხილე, რომ ანდროსთვის არ ეთქვა.
- ანუ არ იცის! - უცნაური გრძნობა მაქვს, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. - დილით ისე ლაპარაკობდა, მეგონა გაიგო...
- როდის უნდა უთხრა? - მოუთმენლად მეკითხება და ყველის პატარა ნაჭერს მპარავს.
- როგორც კი ასეთი უმწეო აღარ ვიქნები. - დამრგვალებულ ტერფზე მივუთითებ. - არ მინდა, თავი მომაჩვენოს მხოლოდ იმიტომ, რომ სუსტად ვარ. არ მინდა, რომ შევეცოდო.
- არც დამალვააა უკეთესი გამოსავალი...
- არ დავუმალავ! - ჩურჩულით ვაწყვეტინებ. - უბრალოდ, უარყოფითი რეაქციისთვის ჯერ მზად არ ვარ. რამოდენიმე დღე მჭირდება. - სანამ გული ამჩუყებია, სწრაფად ვჩუმდები. - სხვა რა ხდება?
- დედა სახლიდან წავიდა... - იმდენად გულგრილად ამბობს, მგონია, რომ მომესმა. - იმ საღამოსვე, როცა ყველაფერი გავამხილეთ.
- როგორ თუ წავიდა?
- მამა ეჩხუბა და წავიდა.
- ვწუხვარ... - ნუ, არც ისე ძალიან.
- არ უნდა წუხდე! -თვალს მისწორებს. - ჩემზე და ანდროზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საშინელი ცოლ-ქმრობა აქვთ... გამუდმებით შორდებიან და რიგდებიან.
- შერიგდებიან?
- ალბათ. - მხრებს უინტერესოდ იჩეჩავს. - მირიანმა ახალი ობიექტიდან მთელი ფული წაიღო...
- ჰა? - სუნთქვა მიჭირს.
- საკმაოდ დიდი თანხა იყო, მაგრამ არაუშავს. - მშვიდად მიღიმის, მაგრამ სახე მაშინვე ეშლება. - თანაც მარტო არ წასულა, ირასთან ერთად გაიქცა.
- ბაჩო... ბაჩომ იცის? - სხეული მიბუჟდება და აუტანლად მაციებს.
- იცის... - სახეს ხელებში რგავს. - დალაპარაკება მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ!..
- უნდა ვნახო... - მობილურს ხელის ცეცებით ვეძებ.



- ბაჩო? - პირველივე მცდელობაზე ყურმილს იღებს. - როგორ ხარ?
- არამიშავს, ელენემ მითხრა, რომ ფეხი გაიჭერი. - ერთიანად მაყრის.
- სერიოზული არაფერია. - დაბნეული ვპასუხობ.
- საავადმყოფოში მოვედი, მაგრამ ანდრო არავის უშვებდა.
- მართლა კარგად ხარ? - ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებ.
- რესტორნის ინტერიერს ვცვლით და ცოტა დავიღალე... - მხიარულად მპასუხობს.
- როდის გეცლება?
- არ ვიცი, დაგირეკავ... - და კავშირი წყდება.


- ესეიგი, დაურეკე. - ელენეს გვერდულად შევცქერი.
- შენი მეგობარია... - მხრებს იჩეჩავს და წითლდება.
- დარწმუნებული ხარ, რომ ირაზე იცის? - უკვე სერიოზულ ეჭვებში ვარ.
- საავადმყოფოდან დავურეკე, მაშინვე მოვიდა და თვითონ მითხრა... - საეჭვოდ ეღიმება. - ოღონდ ისე რბილად შემაპარა, ალბათ ეშინოდა, რომ თავს რამეს დავუშავებდი.
- წესიერად მომიყევი!



ელენე

საავადმყოფოს ეზოში ხის სკამზე ვიჯექი, კიბეზე ნელი ნაბიჯით დაეშვა და ჩემკენ წამოვიდა. დაბნეული იყო, ცოტა შეშინებულიც... სკამის კიდისკენ გავიწიე და ადგილი გავუნთავისუფლე.
- არ შემიშვა... - მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოახერხა და ისე დაჯდა, ზედაც არ შემოუხედავს.
- არ გეძინა? - მის ჩამუქებულ უპეებს დავაკვირდი.
- ბევრი რამ მოხდა... - ყრუდ ამოიხვნეშა და პირველად გამისწორა თვალი. - ღორმა ღორს უთხრაო, არც შენ ჩანხარ გამოძინებული...
- ფრთიანი ფრაზები ჩემი სტიქიაა და ნუ ერევი... - ღიმილი ვერაფრით შევიკავე.
- სიყვარულზეც გაქვს რამე ფრაზა? - თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა.
- არა. - მზერა მაშინვე ავარიდე და მოსაწევად გამოსულ პერსონალს დავუწყე თვალიერება. - ექიმი რომ ეწევა, თავი მოტყუებული მგონია...
- ისინიც ადამიანები არიან. - მაშინვე გამხიარულდა.
- როგორი მოწყალე ჭუკი ხარ!
- ბაჩუკის როგორმე ავიტან, მაგრამ ჭუკს ნუ მეძახი... - ეცადა სერიოზულად ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- სიყვარულის ფრაზაზე რატომ მკითხე? - მაინც წამომცდა.
- მაინტერესებს, ჩემს წარმოდგენას თუ დაემთხვევა...
- კონკრეტულად რა გაინტერესებს? - იანვრის სიცივეში საშინლად დამცხა.
- როდის ხვდები, რომ ვიღაც გიყვარს?
- როცა უსიტყვოდ გესმის... როცა მის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფიზიკური სიცხადით გტკივა. - საკუთარ ხელებს დავაკვირდი. - ოღონდ ეს თანდათანობით არ მოდის, თავიდანვე ასეა... როგორც კი თვალებში პირველად ჩახედავ და სიმშვიდეს იპოვი, მერე ამ სიმშვიდის გარეშე ვეღარ გაძლებ. საუკუნის შფოთვას გაუძლებ, თუ მისი ისევ ნახვის მცირე იმედი გექნება.
- სხვა შემთხვევაში არ გიყვარს? - მზერა გამისწორა და ამ მზერაში, რაღაც უკიდურესად მტკივნეული დავინახე.
- გიყვარს, მაგრამ როგორც მეგობარი... - ღიმილი ძლივს მოვახერხე. - შეიძლება თავიც კი გასწირო მისთვის, ოჯახიც შექმნა, მაგრამ რაღაც ყოველთვის დაგაკლდება...
- ნაპერწკალი? - უცებ გამოიცნო.
- ზუსტად! - გიჟივით გამიხარდა. - კარგი მოსწავლე ხარ, ყოჩაღ...
- გიგრძვნია ეს ნაპერწკალი? - დაჟინებულ თვალებს არ მაშორებდა.
- კი... - გაუაზრებლად წამომცდა და სახეზე ალმური მომედო.
- და რას იზამ თუ გაიგებ, რომ საყვარელმა ადამიანმა გიღალატა?
- მირიანზე ვსაუბრობთ თუ ირაზე? - ბრაზმა ლამის დამახრჩო, ლამის სიყვარული ავუხსენი ამ იდიოტს და ამან კიდე ღალატიო.
- ჩავთვალოთ, რომ ორივეზე...
- ფილტვებში შეკავებულ ჰაერს ამოვუშვებ და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ. - მხრები ავიჩეჩე.
- სულ ესაა? - გაოცება ვერ დამალა.
- მოღალატე ადამიანისთვის ეგეც ბევრია. - ვთქვი, მაგრამ ვერ მივხვდი მირიანზე უფრო ვბრაზობდი თუ ირაზე უფრო ვვეჭვიანობდი.
- ვიცი, რომ ღალატი გიპატიებია...
- არაფერიც არ იცი! - ფეხზე წამოვხტი. - თუ ირას პატიება გინდა, აპატიე... მაგრამ, დასარწმუნებლად მე ნუ მიყენებ...
- საიდან მოიტანე? - ხმას ორი ტონით აუწია და ისიც ფეხზე წამოდგა.
- აბა ეს გამოკითხვა რას ნიშნავს?
- რაღაცის თქმას ვცდილობ... - დაიბნა და გავაანალიზე, რომ მირიანის გაქრობას მთელი ქსელის თანამშრომლები შეამჩნევდნენ.
- ვიცი, რომ წავიდა და არ მაინტერესებს. - გვერდი ავუარე.
- ირასთან ერთად წავიდა... - მისი ხმა ორ ნაბიჯში დამეწია და ადგილს მივეყინე. ბაჩოსკენ მივტრიალდი, მაგრამ აღარ დამხვდა.





ანაბელი

უკვე მესამე დღეა სახლში ვარ, მთლად გამართულად ვერ დავდივარ და ხანდახან ტკივილებიც მაწუხებს, მაგრამ წარმატებით ვაიგნორებ და თავაუღებლად ვმეცადინეობ. ორი გამოტოვებული გამოცდის გადაბარება მიწევს, ერთი საავადმყოფოს გამო გამოვტოვე, მეორე - ანდროს დაჟინებული მოთხოვნით.
სარკეში ჯერ ისევ ბრტყელ მუცელს ვეფერები და ანდროსთვის სათქმელ სიტყვებს გონებაში ფაზლებივით ვაწყობ. იმდენჯერ დავაპირე თქმა, იმდენი კარგი მომენტი იყო... თუნდაც მაშინ საიდანღაც ტკბილი მარწყვი რომ მომიტანა... ან ძილის წინ ფრთხილად რომ შემომხვია მუცელზე ხელი. მომდგარი სიტყვები მწარე წამალივით ჩავყლაპე...
იმდენად იდეალურად გაგრძელდა ყველაფერი, ვუყურებ ხოლმე მის სიღრმისეულად გამთბარ თვალებს და მეშინია, რომ ახალი ამბავი ისევ სიცივისგან გაყინავს.
ბაჩოს ისევ არ დაურეკავს.


- ცოტა დაისვენე... - ანდრო საწოლზე მოფენილ კონსპექტებს ფრთხილად სწევს, გვერდით ჯდება და შუბლზე ნაზად მკოცნის.
- ჩემს განათლებას საფრთხეს უქმნი. - გრილ არომატს ხარბად ვისუნთქავ.
- დათოს ექიმს ვესაუბრე, სიმსივნე მაქსიმალურად დაპატარავდა და ოპერაციას გეგმავს.
- ვიცი, ლანამ მითხრა... - მღელვარების ტალღა თავზე მივლის.
- როგორც კი თარიღს დააზუსტებენ, ჩავიდეთ.
- მართლა ამბობ? - მაშინვე ფეხზე ვხტები და ოდნავ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ.
- ცოტა ფრთხილად! - ხელს მავლებს და მუხლებზე მისვამს.
- არ მჯერა, რომ არსებობ... - ცისფერ ტბებში ჩავცქერი და გონება მებინდება.
- „შენნაირი ბიჭები მხოლოდ ფილმებში ინტერესდებიან ჩემნაირი უბრალო გოგონებით!“ - ხმას იწვრილებს და სიტყვასიტყვით იმეორებს სიტყვებს, რომლებიც პირველი შეხვედრისას ვუთხარი.
- ნუ დამცინი... - მაშინვე მწყინს.
- იცი, რომელია ჩემი საყვარელი მომენტი? - ლოყაზე თითის წვერებით ნაზად მეფერება და ჟრუანტელიც არ აყოვნებს. - ბარის სკამიდან რომ ჩამოვარდი...
- და დამიჭირე...
- გაზაფხულის სურნელი გქონდა და მაშინ პირველად მომინდა, რომ სულ დამეჭირე... - წელზე ხელს მხვევს, თავის სხეულზე მიკრავს და ყელზე დატოვებული კოცნისგან კანი მეწვის.
- ანდრო, რაღაც უნდა გითხრა... - სუნთქვა მიხშირდება და აზრებს თავს ვერ ვუყრი.
მომდგარ სიტყვებს მისი ცხელი ტუჩები ახშობენ.



თითქმის ცარიელ რესტორანში აღელვებული შევდივარ.
- ანაბელ! - ბაჩო მაშინვე ხელში მიტაცებს.
- არ შეგშვენის მენეჯერ კაცს! - ვტუქსავ, როგორც კი ადგილს ვუბრუნდები.
- მარტო ხარ? - შემოსასვლელისკენ თვალს აცეცებს.
- ვინმე უნდა მომეყვანა?
- არა, ისე... - მაშინვე იბნევა. - წამო, მოვწიოთ.
- აღარ ვეწევი. - უკვე გატრიალებულს ვაჩერებ.
- გათხოვდი და დაჭკვიანდი?
- ვერ ვიტან მაგ სიტყვას... - ცხვირს ვიბზუებ. - ვიაიპში გყავს ვინმე?



- როგორ შეეგუე? - სავარძელზე ვჯდები და ნაცნობ ოთახს თვალს ვავლებ.
- ხუთ წელზე მეტია აქ ვმუშაობ, რა შეგუება უნდა. - მხრებს იჩეჩავს და მიღიმის.
- ირას ვგულისხმობ... - თითქმის ვჩურჩულებ და ღიმილი მაშინვე ეცლება.
- უბრალოდ, საკუთარ თავზე ვბრაზობ, მეტი არაფერი. - თვალებში გაფაციცებით მაშტერდება. - ნინოზე მქონდა ეჭვი და თურმე საკუთარი საცოლე ყოფილა. ბოლო დროს ისე გაცივდა, მეგონა ქორწილზე ნერვიულობდა... მერე ვიფიქრე, აღარ ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ მთავარი გამომეპარა.
- შენი ბრალი არ არის... - ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.
- მთელი დღე ერთ სივრცეში ვიყავით, ეს როგორ ვერ შევამჩნიე? ან შენ როგორ ვერ შეამჩნიე?
- მე... - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, მაგრამ არაფრით მშველის. - ბაჩო, მე ვიცოდი...
რამოდენიმე წამი უთქმელად მიყურებს თვალებში.
- მომესმა... - ძლივსგასაგონად ჩურჩულებს.
- არ მოგესმა. - მის იმედგაცრუბით სავსე მზერას ვეღარ ვუძლებ. - ყველაფერს აგიხსნი...
- ანაბელ, რაღაც სისულელეს ამბობ! - ფეხზე დგება და ორივე ხელით მაგიდას ეყრდნობა.
- სხვა გზა არ მქონდა. - ფრთხილად ვუახლოვდები და მომდგარ ცრემლებს თვალებიდანვე ვიწმენდ.
- როდის გაიგე?
- სიცხე მქონდა იმ დღეს...
- როცა მითხარი, რომ შენი ერთადერთი მეგობარი ვიყავი? - მწარედ ეღიმება და სახე წამში უწითლდება - ესაა შენი მეგობრობა?
- ჯერ მომისმინე...
- ეს უეცარი დაწინაურებაც ამის გამოა? - მკერდზე მიმაგრებულ ბეიჯს უხეშად იგლეჯს და მაგიდაზე ანარცხებს - საკუთარი სინდისი გაიწმინდე?
- ერთადერთი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ გავჩუმდი! - ტონს ვუწევ და ყელში მომდგარი მწარე ბურთი ხმას მიხლიჩავს. - მოვედი, რომ გითხრა...
- ყველაზე საშინელი მეგობარი ხარ! - აუტანელი ხმით ამბობს და სანამ მის სიტყვებს ვინელებ, ოთახიდან გარბის.


- წავიდა? - ახალ ბარმენს ლამის ვუყვირი და სულს ძლივს ვითქვამ.
- ბაჩოს თუ გულისხმობთ, ახლახანს გავარდა... - დიდი თვალებით მიყურებს. - მობილურიც კი არ აუღია.
კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ აღარ ვუსმენ და ქუჩაში გავრბივარ. არსად არის...



- თვლის, რომ ყველაზე საშინელი მეგობარი ვარ... - ვსრუტუნებ და საქარე მინაში ვიყურები. ელენემ რესტორანთან მომაკითხა და სახლში მივყავარ.
- ყველაფერს გაიგებს, როცა აუხსნი. - მამშვიდებს, მაგრამ არაფერი იცვლება.
- არ მაცადა...
- ღმერთო! ჭუკი კი არა იდიოტია! - ოხრავს და თვალს სწრაფად მავლებს. - ღვედი გაიკეთე, თორემ ჩამოგსვამ.



სახლში შესვლისთანავე, ჰოლიდან ყვირილის ხმა ისმის, მე და ელენე ერთდროულად ვჩერდებით.
- აღარასდროს გაბედო, დედაჩემის ხსენება! - ანდროს ხმა ადგილზე მყინავს.
- ამ ოჯახში ვისაც მინდა, იმას ვახსენებ. - მაგდას ხმას ვცნობ და ელენეს ვუყურებ, ჩემზე მეტად გაოცებული თვალები აქვს.
- შენ არ ხარ ჩემი ოჯახი! - ანდროს ღრიალზე ერთიანად მაცახცახებს. მესმის, ვიღაც როგორ ადის საფეხურებზე და ჰოლისკენ გაუცნობიერებლად მივდივარ.
- დაბრუნდი? - ელენე მაგდას ეკითხება და ახლაღა ვამჩნევ კიბის პირველ საფეხურთან მდგომ სილუეტს.
- შენგან მოტანილი სირცხვილიც ეყოფა ამ ოჯახს. - პასუხობს, მაგრამ გააზრებას ვერ ვახერხებ, ანდროს ნახვა მინდა.
- ანაბელ! - მაგდას ხმა მეორე საფეხურიდანვე მატრიალებს. - ამ სახლში მაგ ბეჭდის ტარების უფლება არ გაქვს.
- და რატომ? - ხელებს გულზე ვიკრეფ და ანდროს დედის ნაქონ ბეჭედს მკვეთრად ვაჩენ.
- სანამ ამ სახლში ცხოვრობ, ასეა საჭირო.
- საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი საჭიროებები. - თვალებში მტკიცედ ვუყურებ და გულში დაგროვებული ბრაზი ყელისკენ იწევს.
- არსაიდან მოსულის კვალობაზე ბევრს ლაპარაკობ. - ხმას უწევს და უკანასკნელ ნერვსაც მიღიზიანებს.
- კიდევ ერთხელ თქვით რამე ჩემზე, ანდროზე ან ანდროს დედაზე და ძალიან მწარედ გიჩვენებთ საიდანაც მოვედი! - ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები და მთელი სხეული ბრძოლისთვის ემზადება.
- დედამისისნაირი გიჟი მოიყვანა, რას ველოდი... - ზიზღით მიყურებს და წასასვლელად ემზადება.
- დედა! რას ამბობ? - ელენე ერთიანად აჭარხალებულია და მთელი სხეულით კანკალებს.
- სიმართლეს. - პასუხობს, მაგრამ თვალს არ მაშორებს. - ანდროს დედა შეურაცხადი იყო, საკუთარი შვილის მკვლელობა სცადა, მეორე დღეს კი თავი ჩამოიხრჩო...
- იმიტომ, რომ თქვენზე უკეთესი დედა იყო! - ბრაზს ვეღარ ვაკონტროლებ და აღარც ხმა მემორჩილება. - შვილი საკუთარი თავისგან დაიცვა... თქვენ კი, პატარა ბავშვის შეყვარება ვერ შეძელით, ობოლი ბიჭის შებრალება ვერ მოახერხეთ. გამუდმებით კეტავდით იმავე სარდაფში, სადაც დედამისის ცხედარი იპოვა!..
- გაჩუმდი... - მეხვეწება, მაგრამ მოთმინების ფიალა ზედმეტად გადავსებული მაქვს.
- ელენეს დაცვაც კი არ გიფიქრიათ, თავს იკლავდა და ზედ უმატებდით! - აჩქარებულ გულისცემას ყურადღებას არ ვაქცევ და სითხით სავსე თვალებით ვეღარაფერს ვხედავ. - შეშლილი დედის ყოლა სჯობს, ურჩხულ დედას...
სრულ სიჩუმეში თვალებს სწრაფად ვიწმენდ და თანდათან ჩნდებიან...
ჯერ მაგდას ვხედავ, თითქოს დაპატარავდა და უფრო დაბერდა, ელენე ისევ ისე კანკალებს, თომა წაშლილი სახით ებღაუჭება ილიას, რომელიც დედამისს მკვლელ მზერას არ აშორებს. კიბის სათავისკენ სწრაფად ვიხედები.
იქ დგას... ჩამქრალი ვარსკვლავები მიმზერენ და თანდათან ინთებიან.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუ ბაჩუკი ბიჭოოოო რას შვებიიიიიი :( :( :(
კაი რააა, ბᲐჩო ძაან მეწყინა :'(

იმედია ანდრო ანაბელის ბოლო საუბარს ცუდად არ გაიგებს რაა.. აღარ მინდა რო ჩხუბობდნენ..

ვფიქრობ მის ორსულობაზე უკვე იცის :დ ძაან საყვარლები არიან ხოლმე ^-^

ელენეს მხრიდან მონაყოლი ძააან მომეწონა, იმედია შემდეგშიც იქნება კიდევ ^-^

ველი ახალ თავს ^-^

 


№2  offline წევრი OKI ME

აუ კაი რაა. ახლა მე რა ვქნა? რა მოიცდის შემდეგ თავამდე. ძალიან საინტერესო მომენტში გაჩერდი ((( ვაი მეე, ნეტა რა მოხდება.?

დავიჯერო თომამ არაფერი იცოდა, ამ ყველაფრის შესახებ? ან დედიკოს ვარსკვლავ ბიჭუნა ილიამ? ანდრო შემეცოდა. იმედი მაქვს ანაბელს არ გაუბრაზდება, ამ ყველაფრის გამო.

მაგდასნაირი ქალი არ იმსახურებს ოჯახს და ასეთ შვილებს. საერთოდ არაფრის ღირსია. ჩემი აზრით თომამ უკან არ უნდა მიიღოს. მაგდას გამოსწორების, გონს მოსვლი და შეცვლის იმედი არც მაქვს.

ჰო, კიდევ ანაბელი მალე ეტყვის იმედია ანდროს.

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰაააა როგორი ემოციური თავი იყო, ძაან მაგარი იყო, როგორი საინტერესოაა მომდევნო თავიიი

 


№4  offline წევრი OKI ME

ჰო, რატომღაც მგონია, რომ ანდრომ ანაბელის ორსულობის შესახებ იცის ❤️❤️ და ელოდევა თითონ როდის ეტყვის

 


№5 სტუმარი სტუმარი maiko

emociebit datvirtuli tavi iyo.warmatebebi shen da arcifiqro gachereba❤

 


№6 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ მომწონს ანაბელი ,ზუსტად იმიტომ რომ თავს არავის უხრის

 


№7 სტუმარი ანუ

დღეს დადებ? ^-^

 


№8  offline წევრი Melice

ანუ
დღეს დადებ? ^-^

დასტურს ელოდება ❤️

 


№9 სტუმარი ანუ

Melice
ანუ
დღეს დადებ? ^-^

დასტურს ელოდება ❤️

მოდერობა რომ იყიდო არ გინდა? ქულები თუ გაქ რათქმაუნდა, აღარ მოგიწევდა დასტურის დალოდება.

 


№10  offline წევრი Melice

ანუ
Melice
ანუ
დღეს დადებ? ^-^

დასტურს ელოდება ❤️

მოდერობა რომ იყიდო არ გინდა? ქულები თუ გაქ რათქმაუნდა, აღარ მოგიწევდა დასტურის დალოდება.

ჯერ არ მაქვს საკმარისი ქულები ❣️

 


№11 სტუმარი სტუმარი ანა

როდის გაგრძელდებაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent