ლანგრით მორთმეული ( თავი 16)(დასასრული)
ერთიანად აკანკალებული ავდივარ კიბეზე, არაფერი მესმის, ვერაფერს ვგრძნობ. თითქოს მთელი სხეული ციხესიმაგრესავით ჩაიკეტა და გარეთ განვითარებული მოვლენები ყრუ ექოდ იქცა. კიბის თავზე სილუეტს გვერდს ვუვლი და საძინებელისკენ ინერციით მივიწევ. - ანაბელ! - ანდრო ორივე ხელით მსუბუქად მანჯღრევს და ტრანსიდან გამოვყავარ. - შეგიძლია შემიძულო, მაგრამ არ ვნანობ... - ასე მგონია, სხეულიდან გამოვედი და საკუთარ თავს გვერდიდან შევყურებ. ორივე ხელი მუშტებად მაქვს შეკრული და ერთიანად ვცახცახებ. - კოშმარებზე იცოდი? - ხმა ებზარება და სახეზე ახლაღა ვაკვირდები. ნაკვთები ისევ გაქვავებული აქვს, რაც ნიშნავს, რომ შინაგანად ემოციების ქარცეცხლშია გახვეული. - ვიცოდი... - და მაინც გიყვარვარ? - რა სისულელეს მეკითხები? - აზრები მაშინვე მემღვრევა. - როცა მიყურებ, რას ხედავ? - ორი ნაბიჯით უკან იხევს და ხელებს გულზე იკრეფს. - ოღონდ ცხოვრების თანამგზავრი და მსგავსი ბანალურობა არ გინდა... - შენ გხედავ... რაც გადაგხდა და რა ცხოვრებაც გამოიარე, იმან გაქცია ანდრო თაბაგარად. - ერთ ნაბიჯს მისკენ ვდგამ. - წარსულს ვერაფრით შეცვლი და ვერც გაექცევი, იმ შენი სიზმრებივით. არ ვცდილობ რამე ილუზია შევიქმნა შენზე, უბრალოდ შენ გხედავ და რასაც ვხედავ ძალიან მიყვარს... - და თუ ეს სიზმრები სულ ჩემთან იქნება, აიტან? - მისი ნატანჯი გამოხედვა გულს მიხეთქავს. - ყოველ ღამე გეღვიძება და შიშით სავსე თვალებით მიყურებ, შენც ჩემთან ერთად ცხოვრობ იმ კოშმარებში, საიდან გამოღწევასაც ვცდილობ... არასდროს ვიქნები სრულყოფილი ქმარი ან მამა... - არ მჭირდება შენი სრულყოფილება! - მტკიცედ ვამბობ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს შუშასავით ვიმსხვრევი. - დღეს შენი მშობლების ბინაში დარჩი... - მოულოდნელად გამომეტყველებაც ეცვლება. - უნდა დაფიქრდე. - რაზე უნდა დავფიქრდე? - სუნთქვა მეკვრის და გული გამალებით მიცემს. - თუ გადაწყვეტ, რომ ამ ყველაფრის გაგრძელება გინდა, დილის ცხრა საათზე თბილისის ზღვის სანაპიროზე მოდი. გახსოვს ის ადგილი? - ანდრო, არაფერია დასაფიქრებელი... - მე გაიძულე ქორწინება, სხვა გზა არ დაგიტოვე. შენი ყველაზე დიდი შიში დაგიპირისპირე - ზიზღით ამბობს, მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ საკუთარი თავისკენაა მიმართული. - მთელი არსებით გენდობი, მაგრამ მინდა შენს თავში დარწმუნებული იყო. - გინდა, რომ წავიდე... - მინდა, რომ დაფიქრდე. ჰოლში უნდა ჩავიდე და დიდი ხნის წინ დაწყებული დავასრულო. - კარისკენ სწრაფად მიდის სახელურზე ხელი უშეშდება. - თუ ხვალ არ მოხვალ, გაგიგებ. ელენე კაბინეტში ვართ, ანდრო ჯერ არ ჩამოსულა და აქ უკვე სრული ჯოჯოხეთია. - ჩვეულებრივი მონსტრი ხარ, ხვდები? - ილია მაგდას უსისინებს და ცდილობს თვალებში არ შეხედოს. - მხოლოდ მისი კი არა, ყველა ჩვენგანის ცხოვრება გაანადგურე. - შენთვის მხოლოდ საუკეთესო მინდოდა... - ცრემლებად იღვრება და გულში რაღაც ძალიან ძვირფასი მწყდება. - ანდროს ჩამოსვლამდე სიტყვა აღარ გავიგო! - ხმადაბლა ამბობს თომა და სიჩუმე ისადგურებს. კაბინეტიდან ერთიანად აცახცახებული გამოვდივარ და ეს სახლი ბავშვობის ტანსაცმელივით მიჭერს. ყველაფერი სიმართლეა, რაც ანაბელმა თქვა... საკუთარი ძმის ტკივილს ვერ ვხვდებოდი, ჩემი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი თვითმკვლელობის მცდელობებით ძველ იარებს ვუხსნიდი და ამაზე ერთხელაც არ დავფიქრებულვარ. ანაბელი რომ არა... ჯანდაბა! ანაბელი... ანდრომ მითხრა, რომ დასაფიქრებლად გაუშვა. როგორ მინდა მივიდე, იქნებ რამეში ვჭირდები? მაგრამ, არ მინდა ხელი შევუშალო. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მობილურს ვიღებ და ბაჩოს ნომერს ვკრეფ. - გისმენთ? - სრულიად უცხო ხმა მპასუხობს და მახსენდება, რომ მობილური რესტორანში დატოვა. - ბაჩო არ მოსულა? - არა, სამწუხაროდ... - მაშინვე ვთიშავ, ზის ალბათ ბარში და სვამს! ასე ამიხდეს ყველაფერი კარგი... შესასვლელიდანვე ვამჩნევ. - არაყი დამისხით სამ ჭიქაში. - შავგვრემან გოგონას ბართანვე ვაძლევ შეკვეთას და ბაჩოს მაგიდისთვისაც ვიხდი. - შეიძლება? - ვეკითხები, მაგრამ სანამ პასუხს გამცემს, პატარა ლანგარს მაგიდაზე ვდებ და მოწყვეტით ვეშვები. - ანაბელმა მოგაგზავნა? - სასმელი წინ უდგას, თუმცა აშკარად სრულიად ფხიზელია. - მოგზავნილს ვგავარ? - ჭიქები ფრთხილად გადმომაქვს მაგიდაზე. - გალოთდები... - ცინიკურად მიღიმის. - ეს ნახე. - მობილურში ჩემი და ანაბელის გმირობის ვიდეოს ვრთავ და მისკენ ვატრიალებ. ფართო სარკმლიდან ჩაბნელებულ ქუჩას ვაკვირდები და ვცდილობ ვიდეოს ხმას ყურადღება არ მივაქციო. ბაჩოს რეაქციის ნახვა მინდა, მაგრამ ამისთვის ზედმეტად ლაჩარი ვარ. ხმა წყდება და მობილურს ფრთხილად აცურებს ჩემკენ. - მირიანმა ანაბელი დააშანტაჟა... - როგორც იქნა ხმას იღებს. - არა, მირიანმა მე დამაშანტაჟა. ანაბელს კი, შენით დაემუქრა. ხვდები განსხვავებას? - უნდა დაველაპარაკო! - დაჯექი! - ხმამაღლა ვუღრენ და მაშინვე ჯდება. - ხვალ ნახე, დღეს შენი თავი არ აქვს... - რამე მოხდა? - დაბნეული თვალებით შემომცქერის. - პირველი, ურჩხული დედა მყავს. - ერთ ჭიქას ბოლომდე ვცლი და დიაფრაგმაზე ცეცხლი მედება. - მეორე, აბსოლუტური მხედველობა მაქვს, მაგრამ მთელი ცხოვრება თავს ვიბრმავებდი. - მეორე ჭიქას ვათავისუფლებ. გაფართოებულ თვალებში ვაცქერდები და უკანასკნელ ჭიქასაც ვცლი . - მესამე არ გითქვამს. - სერიოზული სახით მაკვირდება. - გითხარი, მაგრამ ვერ გაიგე... - სწრაფად ვდგები და ბარიდან ლამის გავრბივარ. - გასაღები მომეცი, მე გაგიყვან... - მანქანასთან მეწევა. - არ დამილევია. უხმოდ ვაწვდი და მისი თბილი თითების ოდნავი შეხებისას ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დენცქვიტაში ჩანგალი შევარჭე. უკან სწრაფად ვიხევ და მგზავრის სავარძელს ვჯერდები. ჭიშკართან ვჩერდებით და გული მეწურება. - მადლობა... - ყველაზე ძვირფას სიჩუმეს ვარღვევ. - კობას ვეტყვი და სახლში გაგიყვანს. - ტაქსს გავაჩერებ. - თითქმის ჩურჩულებს და მანქანიდან ჩემს პარალელურად გადმოდის. - იმედი მაქვს, სამსახურში დაბრუნდები. - წინ ვესვეტები და ჭროღა თვალებში მზერა მეკარგება. - ჯერ ანაბელს უნდა ველაპარაკო... - შეუმჩნევლად ოხრავს და ყბა უქვავდება - ვწუხვარ, იმის გამო, რაც მირიანთან შეგემთხვა. - მეც ვწუხვარ ირას გამო. - ყელში მწარე ბურთი მებჯინება და სანამ რამე უპატიებელი ჩამიდენია უკან ვიხევ. ჩვენს შორის გაჩრილ ორ ნაბიჯს სწრაფად ფარავს, ერთიანად ვიყინები და მოძრაობის უნარს ვკარგავ. ხელს ფრთხილად მავლებს კეფაზე და თბილი ტუჩებით გაყინულ ტუჩებს მითბობს. - იცი, ახლა რას ვგრძნობ? - ამბობს და მთელი სამყარო მიყურებს. - არყის გემოს... - ვხუმრობ, მაგრამ არცერთს გვეცინება. - სიმშვიდეს და... - თვალებს ხუჭავს და შუბლს შუბლზე მაყრდნობს. - ნაპერწკალს!.. ანაბელი ტაქსიდან გადმოვდივარ და ცარიელ სანაპიროს სასოწარკვეთილ მზერას ვავლებ. მობილურს ვამოწმებ, ხუთი წუთით ადრე მოვსულვარ... ანდროს მოსვლამდე ნაცრისფერ წყალს გავცქერი და შიში მთლიანად მიცავს. რომ არ მოვიდეს? იქნებ, თვითონაც დაფიქრდა და ასე გადაწყვიტა? იმ ადგილს გავყურებ, სადაც პირველად ვიდექით და სილურჯე მზერას მპარავს. სუნთქვაშეკრული ვუახლოვდები და დაბალი ბალახიდან ლურჯ ვარდს ხელის კანკალით ვიღებ. - აქ იყო! - ყველაზე ლამაზ ყვავილს ვეჩურჩულები და პანიკა მიტევს. აქ იყო და წავიდა... იქ დამთავრდა ყველაფერი, სადაც დაიწყო. „არასდროს ვიქნები სრულყოფილი ქმარი ან მამა.“ - მისი სიტყვები ისევ ჩამესმის და ყურებზე ხელებს ვიფარებ. - ქალბატონო ანაბელ! - ჩემი სახელის გაგონებაზე გზისკენ ვტრიალდები და ჩვეულ ფორმაში გამოწკეპილ კობას ვხედავ, მანქანის ღია, უკანა კართან დგას და თავაზიანად მიღიმის. - გთხოვთ, წამობრძანდით. - ანდრო უნდა მოსულიყო... - აქამდე ნაფიქრი ყველა აზრი თავდაყირა დგება. - რამე შეემთხვა? - ბატონი ანდრო სახლში გელოდებათ. - ჩვეული ტონით მპასუხობს. მანქანას ნაცნობ უბანში, თუმცა სრულიად უცხო ჭიშკართან აყენებს. - ეს არ არის ჩვენი სახლი... - თვალები უნებურად მეჭუტება. - ბატონი ანდრო აქ გელოდებათ. - მხრებს სულ ოდნავ იჩეჩავს. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვრცელ ეზოში შევდივარ. ორსართულიან სახლამდე მწვანე გაზონია გაჭიმული, უშუალოდ სახლის წინ კოხტა შადრევანს დაჰიპნოზებული შევცქერი. მძიმე კარს მთელი სხეულით ვაწვები და პატარა შესასვლელის გავლით ვრცელ ჰოლში შევდივარ. ღია ყავისფერ ინტერიერს თვალს ვავლებ, მაგრამ ანდროს ვერსად ვხედავ. - მოხვედი... - ყველაზე ჟღერადი ხმა მესმის და მის მიმართულებას მივყვები. - ვისი სახლია? - მთლიანად გაბრწყინებულ სახეზე დაეჭვებული შევყურებ. - ჩვენი. - მიახლოვდება და გულში მიკრავს. - ეს ჩვენი საძინებელია. - ანდრო წინ მიძღვება და ვრცელ ოთახში შევყავარ, წესიერად ვერაფერს აღვიქვამ, ასე მგონია, ბედნიერ სიზმარში ვარ და მეშინია, რომ მალე გამაღვიძებენ. - არ მოგწონს? - რა თქმა უნდა, მომწონს! - შეგვიძლია ავეჯი გამოვცალოთ... - ნერვიული ბგერები ეპარება. - არა, ყველაფერი იდეალურია. - მზერა კედელზე გადამაქვს და გაოცებისგან ყბა მივარდება. მუქ ჩარჩოში აკრილით შესრულებული ნახატია ჩასმული, წყვილის ჩრდილია, ბიჭს თავზე ანგელოზის შარავანდედი ადგას, გოგონას-პატარა რქები. ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები და ნახატის მარჯვენა კუთხეში გაკეთებულ წარწერას გონებაში ვკითხულობ: „ და არც ლაჟვარდებში მცხოვრებ ანგელოზებს, და არც ბოროტ სულებს წყლის, არ ჰქონდათ უნარი განეყოთ სულები ჩემი და ანაბელ ლის.“ - ორსულად ვარ... - წარწერას თვალს არ ვაშორებ და თვალები სითხით მევსება. ანდრო ხელს ფრთხილად მკიდებს და ოთახიდან გავყავარ. მოპირდაპირე ოთახის კარს ფართოდ აღებს, სახეზე ვაცქერდები, მშვიდი და თავდაჯერებულია, ვერ გაიგონა? - ანდრო, გაიგე რაც გითხარი? მე... - აზრი და წინადადება ერთდროულად მიწყდება. კრემისფერ ოთახში ყველაფერი თოვლივით თეთრია. მზერა ბავშვის საწოლზე მიშეშდება. - იცოდი? - ელენემ ექიმი გააფრთხილა, მაგრამ ვერ გათვალა, რომ ის ექიმი გიორგის მამაა... - შენი მეგობრის? - ქორწილში გაცნობილი მხიარული ყმაწვილი მახსენდება. თავს მსუბუქად მიქნევს. - მინდოდა მეთქვა, მაგრამ შენი რეაქციის შემეშინდა. - გეგონა, რომ შვილზე უარს ვიტყოდი? - გულწრფელად უკვირს. - ანაბელ, თითქმის ერთი კვირაა ყოველ ღამე შენს ძილს ვუსმენ. მეგონა, ჯერ არ გინდოდა ბავშვის გაჩენა და ყოველი ახალი დილის მეშინოდა. ორი დღის წინ ღრმად გეძინა და წამოგცდა... - რა წამომცდა? - თვალები შუბლზე ამდის, აშკარად ძილის წინ პირი უნდა ავიკრა ხოლმე. - ყველაზე ლამაზი თვალები გექნებაო... - თბილად მიღიმის და მის აციმციმებულ ვარსკვლავებს ვერ ვწყდები. - ცოლად გამომყვები? - რა? - ისტერიული სიცილი მივარდება და ძლივს ვწყნარდები. - ერთხელ რომ გამოგყევი, არ გეყო? - დიდი ქორწილი, ძვირფასი კაბა და კიდევ რა ოცნებები ჩამომითვალე იმ დღეს კაბინეტში? - სახე ცინიკურად ექცევა. - შენი გაბრაზება მინდოდა. - ენის გამოყოფაღა მაკლია. - ყველა ოცნება ამიხდა... - მინდა, რომ ჯვარი დავიწეროთ. - არ მეგონა, მორწმუნე თუ იყავი. - მომენტალურად ვიბნევი. - ღრმა რწმენით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ თუ არის იმის მცირე შანსი, რომ სიკვდილის შემდეგაც ერთად ვიყოთ, მინდა ეს შანსი გამოვიყენო. - თანახმა ვარ! - მეორედ ვაცხადებ თანხმობას ანდრო თაბაგარის ცოლობაზე. ჩემს თავს ღონიერ ხელებში აქცევს და ტუჩებზე ხარბად მეწაფება. - მხოლოდ ამ სამყაროში არ მეყოფი, ანაბელ!.. 3 წლის შემდეგ არასდროს მიკითხავს, რა მოხდა იმ საღამოს კაბინეტში, ან რატომ წავიდა ილია მაგდასთან ერთად. თომამ სახლი მალევე გაყიდა და ელენესთან ერთად ჩვენს მეზობლად გადმოსახლდა. ილია დღემდე ცდილობს ანდროსთან ის წლები აინაზღაუროს, რაც ნებით თუ სხვისი გავლენით დაკარგა, მაგრამ გულითად ძმობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. დათოს ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა რამოდენიმე ქიმიოთერაპია მაინც დასჭირდა და ერთად დავბრუნდით საქართველოში. - დაგკრავს მზე და დაისვენებ! - ელენე თავზე მადგება. გაზონზე გაშლილ პლედზე ვარ გაშხვართული და გვიანი გაზაფხულის სხივებით ვტკბები. - იქით გასწიე ეგ გაბერილი მუცელი, მზეს მიჩრდილავ... - თვალმოჭუტული შევცქერი და მაშინვე ეღიმება. - წამო, ლანამ უსერიოზულესი მილქშეიქი გააკეთა. - წელზე ხელებდაყრდნობილი ტრიალდება და მაშინვე ფეხზე ვხტები. - დედა! - მელო მაშინვე ჩემკენ გამორბის და მეც ხელებს ვაგებებ. - აბა, როგორ იქცეოდი? - ხუჭუჭა თმას თითებით ვუვარცხნი და დიდრონ ცისფერ თვალებში მასშტაბურ ბედნიერებას ვხედავ. - ბებიასთან სულ კარგად იქცევა... - ლანა ექომაგება და ვხვდები, მინიმუმ ორი ჭიქა მილქშეიქი უკვე გამოსტყუა. - ხომ დაესწრები? - ელენე მუცელზე თითის წვერით წრეებს ხაზავს. - ბაჩოს შემოგიგდებ. - მელოს ძირს ვსვამ და მაშინვე ადგილიდან სწყდება, ღმერთო! რა ენერგია აქვს ამ ბავშვს. - ვალში ხარ! - თვალები მაშინვე უწყლიანდება. - თუ გახსოვს, ერთი კვირა საჭმელს ვერ ვჭამდი... - დაწყნარდი, გეხუმრე. - თვალებს ვატრიალებ. - ჩვენი პირობა ხომ გახსოვს? ერთმანეთის გარეშე ბავშვებს არ ვაჩენთ. - შენ იხუმრე და ბაჩოს კიდევ შვიდი შვილი უნდა. - იცინის და მოპუტკუნებული მხრები საყვარლად უთამაშებს. - გულს ნუ გაიტეხ, რვა ჭუკი გეყოლებაო თუ რაღაც, შენ არ უთხარი? - მაშინ ისიც ვუთხარი შენი ანგელოზი მე ვარ-მეთქი, აბა მიდი კითხე, ეშმაკზე ადრე გაჩენილს მეძახის. - კისკისებს და ისევ მუცელს ეფერება. რვა თვის ორსულმა ვიმშობიარე, სქესი უკვე ვიცოდით და სახელიც შერჩეული მქონდა, მაგრამ არჩევანს ჯერ არ ვამხელდი. მაინცდამაინც მაშინ დამეწყო ტკივილები, როცა ანდრო რესტორნის საქმეებზე ბათუმში იყო წასული. ელენეს ბოლომდე მტკიცედ ეჭირა ჩემი ხელი და როცა ყველაფერი დამთავრდა მხოლოდ მაშინ დაკარგა გონება. ანდრო რომ ჩამოვიდა, ბავშვი უკვე ხელში მყავდა და თვალს ვერ ვწყვეტდი. პატარა ხელზე ბარათი ჰქონდა დამაგრებული და ზედ ანდროს დედის სახელი ეწერა - „მელანო“. ბავშვის საძინებლის კარს ფრთხილად ვაღებ და უკვე მოზრდილ საწოლს ვუახლოვდები. მელო საბანშია გახვეული, ანდროს ზღაპრის წიგნზევე სძინავს. - ანდრო... - მაქსიმალურად ხმადაბლა ვეძახი და ოდნავ ვანჯღრევ. - ჩუ! - თავს მაშინვე სწავს და გაუაზრებლად მაჩუმებს. - უკვე ჩაეძინა, წამოდი... - ღიმილს ვერ ვიკავებ და გული მიჩუყდება. უცნაურია, ამ ბოლო დროს გამუდმებით მეტირება. - ხვალ მელანო შენებს დავუტოვოთ. - პერანგის ღილებს სათითაოდ იხსნის და ცისფერ სფეროებს არ მაშორებს. - რატომ? - მართალია მელოს ლანა და დათო ჩვენზე ნაკლებად არ უყვარს, მაგრამ გული მაინც მეწურება. - ბათუმში ისევ ახალი ობიექტი იხსნება და ჩვენი მთავარი ბუღალტერიც იქ უნდა იყოს. - მიახლოვდება, წელზე ხელს მხვევს და მისკენ მიბიძგებს, მაშინვე ვბრუვდები. - ელენე და ილიაც წამოვლენ? - ელენე და ბაჩო ვერა, მაგრამ ილია უკვე იქაა. - მპასუხობს და ყელზე ცხელ კოცნას მიტოვებს. ასე მგონია, ბედნიერების რამოდენიმე საფეხურს ერთიანად გადავახტი და პირდაპირ მწვერვალზე აღმოვჩნდი. ანდროს კოშმარები იშვიათად, მაგრამ მაინც ბრუნდებიან ხოლმე, ყველანი ჩვენი წარსულებიდან მოვდივართ და ზოგიერთი რამ, რაც ამ წარსულში ხდება, თავს არასდროს გვანებებს. ყვირილით მხოლოდ მაშინ ეღვიძება, თუ წინა დღეს მელოს სიცხე ჰქონდა, ან რამე იტკინა... შუა ღამით შერბის ხოლმე მის ოთახში და ჩუმად აცქერდება. აბაზანაში გაოგნებული ვდგავარ და ორ წითელ ხაზს დავყურებ. - ანდრო! - კიბეზე სწრაფად ვეშვები და სამზარეულოში ვპოულობ. - საუზმეს ვამზადებ. - ფართოდ მიღიმის. - ორსულად ვარ! - სულს ძლივს ვითქვამ და გული ყელში მიცემს. საგულდაგულოდ ათქვეფილ კვერცხს მაგიდაზე აბრუნებს და მიახლოვდება. ხელებს ფრთხილად მხვევს, ტუჩის კუთხეში ნაზად მკოცნის და თვალებში მშვიდად ჩამცქერის. - ვიცი... ავტორისგან პირველი ისტორია დასრულდა... დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობდით, აფასებდით და კომენტარებით მამხნევებდით. უდიდესი სტიმული იყო და იქნება ყოველთვის. არ ვიცი რამდენად შესამჩნევი იყო, მაგრამ ანაბელის პერსონაჟში საკუთარი თავის ძალიან დიდი ნაწილი ჩავდე და რაღაც პერიოდი მჭირდება მისი სამყაროდან გამოსასვლელად. მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიებით. რაღაც იდეა უკვე მაქვს. )) როგორც ილია იტყოდა: „დროებით“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.