შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 1)


29-01-2021, 09:56
ავტორი Melice
ნანახია 5 646

ზღვაში დაკარგულ ჰორიზონტს გავყურებდი და ვწუხდი, რომ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ამ საოცარი ფერების გარეშე მომიწევდა. უსასრულობიდან მოქროლილმა ნიავმა სექტემბრის სიგრილე მომიტანა და თვალები უნებურად დავხუჭე. არასდროს მიგრძვნია იმდენი სიცოცხლე, რამდენსაც ამ წვრილ კენჭებზე ვგრძნობდი. მლაშე სურნელი ღრმად ჩავუშვი ფიტვებში და ხელები ფართოდ გავშალე.

ჩემდა გასაკვირად მხოლოდ ერთი ჩემოდანი დამჭირდა. საწოლზე პირაღმა გადავწექი და ჭერზე მიხატულ ვარსკვლავებს ავხედე. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვგრძობდი. ისევ ის ლიტა ვიყავი, რაც სკოლაში. ალბათ სტუდენტობის პირველი წლის ბოლოს ვიპოვიდი რაიმე ცვლილებას. სამზარეულოდან დიდი აურზაურის ხმა შემომესმა და ფხუკუნით წამოვდექი.
- მა, მშვიდობაა? - ღიმილით შევაბიჯე ბრძოლის ველზე.
- ყველაფერი ხელიდან მცვივა! - დანანებით დახედა თეთრ ფილაზე მოსხმულ პომიდვრის წვენს.
აწკრიალებულმა მობილურმა ყურადღება გამიფანტა.
- ლიტა, ჩამოდი, გელოდებით. - თათიამ ერთიანად ამოთქვა და ჩემი ახალი თანამცხოვრების ხმამ ლამის პანიკაში ჩამაგდო.
- მოვდივარ... - სწრაფად ვუპასუხე.
- უკვე? - ზურამ სისხლისფერ იატაკს გადმოაბიჯა.
მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერე და ჩემს ოთახში გავვარდი. ყველაფერი ჩალაგებული იყო, ზეწრები და პირსახოცები გასულ კვირას ჩავიტანე, სახლის გასაღები ხელჩანთაში მქონდა.
- ხშირად ჩამოდი ხოლმე... - ზურა ჩემს ეულ ჩემოდანს თავდახრილი დააცქერდა.
- უქმეებზე შევეცდები. - მსუბუქად მოვეხვიე და კუთხეში მიყრდნობილი გიტარა დავლანდე.

დედაქალში საცხოვრებლად გადასვლა არც თუ ისეთი პატარა ამბავია, ახალი ნაცნობები, ახალი გარემო, ახალი გამოცდილება. თითქოს იმდენი ცდუნებაა, მაგრამ ბათუმი არაფრით მეთმობოდა...
ზღვა, წვიმა, მეგობრები, მამა, მშობლიური კედლები, ისევ ზღვა და ისევ წვიმა...

თათია ზედმეტად გაპრიალებულ სედანთან იდგა. ბოლო ორი წელი თანაკლასელები ვიყავით, მაგრამ არ ვმეგობრობდით. ეროვნული გამოცდების პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ ერთსა და იმავე უნივერსიტეტს ვირჩევდით და შემომთავაზა საცხოვრებელი ერთად გვექირავებინა. თბილისში ბებიის დანატოვარი ბინა გვქონდა, მაგრამ მარტო ცხოვრება საშინლად მაშინებდა, მე და თათიაც მაშინვე შევთანხმდით, ვინაიდან ბინა ჩემი იყო, კომუნალურები მის ოჯახს უნდა დაეფარა.
- მე ნიკა ვარ, იმედია გახსოვარ. - თათიას ტანჯულმა შეყვარებულმა საბარგულის კარი ფრთხილად გააღო და ზურას ჩემი ჩემოდანი ლამის ხელიდან გამოგლიჯა.
- რა თქმა უნდა.
- ნელა იარე, ტრაილერებს უფრთხილდი... - ზურა მაშინვე საქმეზე გადავიდა.
- არ ინერვიულოთ. - თავდაჯერებულად დაამშვიდა ნიკამ. - ამდენი ბარგით მატლივით ვიღოღებ.

გიტარა უკანა სავარძელზე ფრთხილად მოვათავსე და ზურას გამოსამშვიდობებლად გადავეხვიე.
- რა საჭიროა შაბათს წასვლა? - ჩვეულებისამებრ აბუზღუნდა.
- დღეს დავლაგდებით, ხვალ დავისვენებთ და ზეგ უნივერსიტეტში წავალთ. - მეათასედ გავუმეორე.
- ჭკვიანად იყავი...
- ვიქნები. - გავაწყვეტინე, სანამ ჭკუის სასწავლებელ ლექციას ისევ დაიწყებდა. - ადი, თორემ ის სოუსი იატაკზე ლაქას დატოვებს.


მეგონა, ქალაქიდან გასვლისას ემოციების მთელი კასკადი შემომიტევდა, მაგრამ მივდიოდი და სინანულის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. ზღვას დაჰიპნოზებულივით შევყურებდი და უკვე ვიცოდი, ყველაზე მეტად რაც მომენატრებოდა.

- რომელი დიღომია? - ნიკამ სადღაც ქუთაისთან მომმართა.
- დიდი დიღომი. - საქარე მინას მოვწყდი.
- მეც დიდ დიღომში ვრჩები, მამიდაჩემის ოჯახში.
- აუ რა მაგარია! - თათიამ აღფრთოვანებისგან ხელი ხელს შემოჰკრა, ნიკამ ღიმილით უპასუხა და მართკუთხა სარკიდან გამომხედა.
- გყავს შეყვარებული?
- არა! - ყვირილამდე ცოტა მაკლდა.
- იოანე მე მყავს? - წინა სავარძელზე დაკოხტავებული თათია უკან შემობრუნდა.
- მეგობარია. - მხრები ავიჩეჩე და აჭარისგან სრულიად განსხვავებულ ბუნებას მივუბრუნდი.
ზაფხულობით ბარებში ჩემს გიტარასთან დუეტში ვმღეროდი და წინა წელს სწორედ იქ გავიცანი იოანე. ქუთაისიდან იყო, ჭეშმარიტი იმერელი, ერთ ცალ წითელ ვარდს მომართმევდა ხოლმე და თითქმის მთელი საათი გაუნძრევლად იჯდა.
სიმპათიური იყო, ქერა, მაღალი, ღია ცისფერი თვალებით. მუდამ კარგ ხასიათზე მაყენებდა თავისი მხიარულებით, მაგრამ მასში მეგობრის იქით ვერავინ დავინახე. არც თვითონ გამოუდია თავი სხვა ურთიერთობაზე და ვიყავით ასე, ტკბილად. ჩემი თბილისში გადაცხოვრება ყველაზე მეტად მას გაუხარდა, რადგან ორი წლის წინ თვითონაც დედაქალაქში ჩააბარა და ასე უფრო ხშირად ვნახავდით ერთმანეთს.


რკინის კარი გასაღების ორი გადატრიალებით გავაღე და დახუთულ ბინაში შევაბიჯეთ. თათამ მაშინვე აივნის კარი გამოაღო.
ბინა ორი ოთახისგან შედგებოდა. მისაღებში დიდი დივანი და ორი სავარძელი პატარა მაგიდას სამი კუთხიდან ეკვროდა. კედელზე მოზრდილი ტელევიზორი იყო მიტყეპებული, აღმოსავლეთის მხარეს ამოჭრილი არკიდან სამზარეულოს ნაწილი მოჩანდა. იქვე იდგა მაგიდა და ოთხი სკამი. საძინებელში მხოლოდ ერთი საწოლი იყო, მაგრამ მეფური ზომის და ორი გოგო მშვენივრად მოვთავსდებოდით. საწოლის ორივე მხარეს პატარა ტუმბოები ამშვენებდნენ. საძინებლის ერთ კედელში ჭერამდე აზიდული კარადა იყო ჩასმული, რომელსაც გარედან მთლიანად სარკე ეკრა და პატარა ოთახს საოცარ მოცულობას სძენდა.

მგზავრობამ სამივე დაგვღალა, მაგრამ ბარგის ამოლაგებას მაშინვე შევუდექით და სანამ სურამში ნაყიდი ნაზუქების ენერგია მთლიანად ამოგვეწურებოდა, უკვე მოვრჩით კიდეც.
- ალილუია!.. - თათია დივანზე მოწყვეტით დაეშვა და ნიკაც მაშინვე ამოძვრა მობილურიდან.
- პროდუქტებსაც ვიყიდით და მორჩა. - მეც ერთიანად მოწყვეტილი ვიყავი.
- ამაღამ გარეთ ვჭამოთ, რა... - ჩამქრალი თვალებით ამომხედა.
- მე გეპატიჟებით! - მაშინვე გამოცოცხლდა ნიკა. - როგორც თქვენზე ადრე „ჩამოთრეული“, თავს ვალდებულად ვთვლი, გიმასპინძლოთ.
- არ გამოვა. - სავარძელზე ჩამოვჯექი. - წავიდეთ, მაგრამ დაპატიჟებების გარეშე, შენც სტუდენტი ხარ.
- ლიტა ნუ გაუტიე, რა. - თათიამ თვალები დამიბრიალა.
- ხვალ რამე გემრიელობები გააკეთეთ და დამპატიჟეთ, გავსწორდებით. - ნიკა ფეხზე წამოდგა და საუბარიც ასე დამთავრდა.



პიცერია სრულიად კმაყოფილებმა დავტოვეთ და გეზი ჰიპერმარკეტისკენ ავიღეთ. ყველა საჭირო პროდუქტი რვა ცელოფანში გადავანაწილეთ და მანქანის საბარგულიც ისევ დაიტვირთა.
- გზად ჩემს მამიდაშვილს უნდა გავუაროთ. - თქვა ნიკამ, როგორც კი პარკინგს გავცდით. - მანქანა სამი დღით მათხოვა, მაგრამ დღეს უკვე სადღაც მიდის.
- იცი, რა სიმპათიური ბიჭია? - თათიამ მაშინვე გამომხედა.
- არ გადამრიო... - გულგრილად ჩავილაპარაკე და ზურას ზარისგან აწრიალებულ მობილურს დავწვდი.


სავაჭრო მოლთან ათ წუთზე მეტ ხანს ველოდეთ. უკვე დაბნელდა, მხოლოდ შხაპზე და რბილ საწოლზე ვვოცნებობდი. თავი საქარე მინას მივადე და თვალები დავხუჭე. მხოლოდ მცირე ხმაური გავიგონე და ვიგრძენი, როგორ გამომეცალა საყრდენი. სანამ თავის შემაგრებას მოვასწრებდი, ვიღაცამ დამიჭირა და გამასწორა.

- უკაცრავად, თუ გაგაღვიძეთ. - ცინიზმით გაჟღენთილი ხმის მიმართულებით გავიხედე. ოცდახუთ წლამდე იქნებოდა, ღია კართან იდგა და გამკიცხავად დამყურებდა. არასრულყოფილ განათებაზეც კარგად ჩანდა თვალის გრძელ ჭრილს გაყოლებული სწორი წარბები, რომლებიც შეეჭმუხნა, მაგრამ უხდებოდა.
- არ მეძინა... - თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე და მზერა ავარიდე.
- არ ჩაიწევი? - დაიხარა და სახე ისე ახლოს მოიტანა, ერთიანად გავშეშდი. მოუქნელად ავკრიფე საკუთარი თავი და ისე შორს გავიწიე, ლამის მეორე კარს ავეკარი.
- გამარჯობა! - მხიარულად მიესალმა წინ მსხდომთ, ალბათ გაუღიმა კიდეც.
- გაგიმარჯოს. - თათია მაშინვე მოტრიალდა. - იმდენი გვალოდინე, ლიტას კი არა, ლამის ჩვენც ჩაგვეძინა.
- ლიტა? - გვერდულად გამომხედა. - რა უცნაური სახელია, არსად მსმენია.
- შემოკლებული ვარიანტია. - დაღლილობამ ისევ შემომიტია და სავარძლის საზურგეს თავი მივადე.
- ანუ, ლილი... - დამცინავი ტონი მთელი სისავსით ვიგრძენი.
- ლილიტი! - გაღიზიანებულმა მივაძახე და სიბნელეში აციმციმებულ თვალებში მტკიცედ ჩავხედე.
- საბა. - გულზე ხელი მიიბჯინა და წამიერად მოსული ღიმილი, მაშინვე აულაგდა სახიდან.


სახლამდე მისასვლელად ათ წუთამდე დაგვჭირდა, ამ დროის განმავლობაში თვალებამდე მოსულ ბურანს ვებრძოდი და თანამგზავრების საუბარი სადღაც შორიდან ჩამესმოდა.
პირველი მე გადმოვედი და საღამოს სიგრილე ღრმად ჩავისუნთქე. დანარჩენებს საბარგულთან დაველოდე.
საბა ერთიანად დაძაბული გამომეტყველებით გადმოვიდა და მანქანას ხელით დაეყრდნო.
- კარგად ხარ? - ნიკამ საბარგულის კარი გააღო და პროდუქტით გაძეძგილმა ცელოფნებმაც თავი მაშინვე წამოჩიტეს.
- ვერ ვიტან ამ ეზოს! - ისეთი ზიზღნარევი ტონით უპასუხა, მსგავსი არასდროს გამეგო.
- ოთხ-ოთხი ავიტანოთ...
- გოგონებსაც შეგვიძლია რაღაცეები. - ცელოფნის ორ პარკს დავწვდი და თათიას თავით ვანიშნე იგივე გაეკეთებინა.

ზედმეტად ვიწრო კაბინაში რომ არ ავზელილიყავით, ჯერ ნიკა და თათია ავიდნენ. საბასთან ერთად ველოდი ლიფტის დაბრუნებას, თვალი მხოლოდ ერთხელ შევავლე, ისე გამოიყურებოდა თითქოს რაღაც საშინლად სტკიოდა.
- ძირს დადე და მე ავიტან. - ხელებზე მივუთითე.
- ფემინისტი ხარ? - შეურაცხყოფასავით ჩამესმა.
- თითოეული ადამიანი ფემინისტი უნდა იყოს, ოღონდ მხოლოდ ჭეშმარიტი გაგებით. - ლოცვასავით მივაყარე და თვალის გასასწორებლად ზედმეტად მაღლა მომიხდა ახედვა.
- იცი, ღმერთმა ლილიტი რატომ გააძევა? - ტუჩის კუთხე დამცინავად აეპრიხა და ახლად გაღებულ კაბინაში შეაბიჯა.
- არ გაუძევებია, ლილიტმა გადაწყვიტა წასვლა. - შევყევი, შესაბამის ღილაკს თითი დავაჭირე და ანთებულ რვიანზე გაშეშებული მისი მზერაც არ გამომპარვია.
აუტანლად ჩამოცხა. საკუთარი გულისცემა გარკვევით მესმოდა და მეშინოდა, რომ თუ სმენას დაძაბავდა, ისიც გაიგონებდა.
- ნაქირავებია? - შეწუხებული ხმით მკითხა.
- არა, მამაჩემი აქ გაიზარდა.
- რა ჰქვია მამაშენს?
- ზურა. - ამღვრეულ თვალებში ჩავაცქერდი და მისმა სილაჟვარდემ ზღვა გამახსენა.
- გვარი? - სუნთქვა გაუხშირდა და ტუჩები უცნაურად მოკუმა.
- მელიქიშვილი... - სახე მომენტალურად მოუდუნდა და კაბინის კედელს ზურგით მიეყრდნო. - იცნობ?
- არა! - კბილებს შორის გამოსცრა და ნახევრად გაღებულ კარში გავარდა, უკან დაბნეული ავედევნე, ზუსტად სახლის კართან დააწყო ცელოფნის პარკები და მრისხანე მზერა გამისწორა. - ნიკას გადაეცი, რომ მანქანაში ვიქნები.
არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, არც მწყენია, არც გავბრაზებულვარ, უბრალოდ გამიკვირდა და ცოტა შემეშინდა კიდეც.

გრილმა შხაპმა გამომაცოცხლა, თმის საშრობმა ფენმა კი უარესად მომთენთა და მთელი დღის დაღლილი სხეული საწოლზე გადავფინე. მოვდუნდი და თითოეული კუნთი ამითრთოლდა.
თვალები დავხუჭე და ჩემი საყვარელი ადგილი, ზღვის ქვიანი სანაპირო წარმოვიდგინე.
აი, ჰორიზონტი...
მიყვარდა, როცა ზეცასა და დედამიწას შორის ზღვარს ვერ ვხედავდი. ზღვიდან მომავალი სიგრილე მიყვარდა და გარდამავალ სეზონებზე მოლივლივე მედუზების მოსვლასაც სურნელით ვგრძნობდი.


დილაადრიან გამეღვიძა. თვალები ნელა გავახილე და ჭერზე ვარსკვლავებს დავუწყე ძებნა.
ვერ ვიპოვე... ვარსკვლავებით მოჭედილი პირადი ცა სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად მშობლიურ ქალაქში დავტოვე. თათიას ისევ ეძინა, ამიტომ ფეხაკრებით გავიპარე საძინებლიდან.

ფინჯანი ყავით აივანს მივაშურე და სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი. ხელისგულივით მოჩანდა პეტრიწის ქუჩა. მანქანებით გადატენილი ვიწრო გზატკეცილი, ტროტუარზე კოხტად დალაგებული ხილ-ბოსტანი. მხედველობა დავძაბე, მაგრამ მაღალი შენობების მიღმა მხოლოდ მთები მოჩანდა.
რას ველოდი? თბილისიდან სხვა ჰორიზონტს ვერ დაინახავ. ყველა მხრიდან მთა ან გორა... თავი ციხეში მეგონა.

ჩემგან განსხვავებით, თათია სამზარეულოში სრული უმეცარი გამოდგა, ამიტომ საქმეები სამართლიანად გადავინაწილეთ. მე საჭმელი მოვამზადე, მან - ჭურჭელი დარეცხა.
შებინდებისას მისაღებ ოთახში ნიკასთვის შეპირებული სუფრა გავშალეთ. მანამდე იოანეს დავურეკე და დავპატიჟე, მაშინვე სიხარულით დამთანხმდა და მისამართიც დიდი გულმოდგინებით გამომკითხა.
კარზე მსუყე კაკუნი გაისმა და ვინაიდან თათია ტანსაცმელს იცვლიდა, მე გავაღე.
- საღამო მშვიდობია. - ნიკას ორივე ხელში ღვინის ბოთლი ეჭირა, ჩემი სიმაღლის იყო, ამიტომ მის უკან მდგარი საბა მაშინვე შევნიშნე.
- შემოდით. - ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მზერა ნიკასგან საბაზე გადავიტანე. სახე ისევ ცინიზმით ჰქონდა სავსე, მაგრამ იყო კიდევ რაღაც ზედმეტი ემოცია, რომელსაც ვერ მივხვდი.
- ოჰოო... რა გემრიელობებია? - ნიკამ ორივე ბოთლი მაგიდაზე დადგა და დივანზე ხელების ფშვნეტით დაჯდა.
- ჭიქებს მოვიტან... - სამზარეულოსკენ გავწიე. ღვინის ჭიქები ზედა თაროზე მეგულებოდა, სკამი მოვიშველიე და შიშველი ფეხები ტყავის ზედაპირზე მიმეკრო.
- წყლისთვის ჭიქა სად ავიღო? - საბას ხმაზე ისე შევხტი, გამოღებულ კარზე თავი რომ არ შემემაგრებინა ჩამოვვარდებოდი კიდეც. უკან მოვიხედე, ტუჩს შიგნიდან იკვნეტდა და ჩემს სხეულზე მოშტერებულმა უცნაურმა თვალებმა გამოუვალ უხერხულობაში ჩამაგდო.
- იქ... - თითის გაწვდენით ვანიშნე ქვედა დახლისკენ და მეხუთე ჭიქაც უვნებლად ჩამოვდგი.
- ელოდებით ვინმეს? - წყალი სულმოუთქმელად დალია.
- ჩემს მეგობარს, მალე მოვა. - თვალი ავარიდე და ჩამოსახტომად მოვემზადე. ისე მომიახლოვდა, ვერც ვერაფერი გავიგე, მტევნები წელის იგრვლივ შემომაჭდო და სანამ გაპროტესტებას მოვიფიქრებდი უკვე იატაკზე ვიდექი. წამის იმ მეასედში, როცა თვალებში მისი სიმაღლიდან შევხედე, პირველი რაც გავიფიქრე ზღვა იყო.
ვინმემ იცის ზღვა რა ფერია?
ლურჯი, მწვანე, ცისფერი... არამც და არამც! არ არსებობს რამე კონკრეტული აღწერა, ზღვას თავისი საკუთარი შეფერილობა აქვს. ზღვას და მის თვალებს.

- ჩემითაც შემეძლო! - ორი სიტყვა ძლივს ამოვთქვი და მტვერდადებული ჭიქები წყლის ნიჟარაში ჩავაწყვე.
- ვიცი, შენ ხომ ლილიტი ხარ, პირველი ფემინსტის სეხნია.
- ფემინიზმს ასე აგდებულად ნუ ახსენებ. - ერთიანად აქაფებული ღრუბელი ჭიქაში ჩავტენე და ხელი ისე ძლიერად მოვუჭირე, ლამის შემომემტვრა. პასუხი არ დაუბრუნებია და ჩავთვალე, რომ გავიდა. ტილოს დავწვდი და ჭიქები სათითაოდ გავამშრალე. ხუთივე რის ვაივაგლახით ავიკოწიწე და შემოტრიალებისას ისევ საბას მზერას რომ წავაწყდი შევცბი, თუმცა არ შევიმჩნიე.
აღმოჩნდა, რომ ღვინის ბოთლის გასახსნელი მოწყობილობა არ გვქონდა.
- ჩავალ, უცებ ამოვიტან. - თათია ფეხზე წამოხტა და ნიკაც მის მოძრაობას მიჰყვა.
- რად უნდა ერთ რაღაცას ორის ჩასვლა? - საბასთან მარტო დარჩენის პერსპექტივამ საშინლად დამძაბა. მის ფსიქოპორტრეტს ჯერ კიდევ ვადგენდი და არც თუ ისე კარგი შედეგები მქონდა.
- ნუ გეშინია, არ ვიკბინები. - ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა და მობილურის სენსორს ცერა თითი გადაუსვა. პასუხად მხოლოდ წარბი ავწკიპე და მედიდური გამომეტყველება მოვიშველიე, ეგღა მაკლდა ადამის მოდგმის შემშინებოდა.

სანამ „ქეთო და კოტე“ ამოვიდოდნენ, აივანზე გასვლა გადავწყვიტე. უკვე სრულყოფილად ბნელოდა, მაგრამ ცაზე მხოლოდ რამოდენიმე ვარსკვლავი ციმციმებდა.
აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ მომწონს ეს ქალაქი!..
- ვინ დაგარქვა სახელი? - საბას უჩვეულოდ დაბალი ბგერების გაგონებისას, მზერა მოსუფთავებული ციდან აივნის მოაჯირზე მიყრდნობილ სილუეტზე გადმოვიტანე.
- დედამ. - ტვინი მაშინვე დამიბუჟდა, დიდი ხანი იყო რაც „დედა“ არ მეთქვა.
- ისიც თანასწორობისთვის მებრძოლია?
- ჩემზე მეტადაც კი. - მისი აწმყოში ხსენება გულს ერთდროულად მტკენდა და მიხარებდა.

კარზე მსუბუქმა კაკუნმა პატარა საუბარი შეგვაწყვეტინა და საშუალება მომცა მის დაჟინებულ მზერას გავქცეოდი.
- ლიტა! - იოანემ მაშინვე მომხვია დათვის ტორები. - როგორც იქნა!..
- იო, გავიგუდე... - როგორც ყოველთვის ახლაც გამამხიარულა. შამპანიურის ბოთლი გამომიწოდა და აივნის კარში გაჩრილ საბას წარბშეკრულმა გახედა.
- საბა. - ყალბად გაუღიმა და სავარძელზე დაეშვა.
- იოანე. - მის მოძრაობას მიყვა და დივნის კუთხე დაიკავა. - თათია სადაა?
- კორპსაძრობისთვის ჩავიდნენ. - მეორე სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი და ვცადე საბას მტრული გამომეტყველება დამეიგნორებინა.

ერთმანეთის მოკითხვასა და უახლესი ამბების გაცვლაში ვიყავით ნიკა და თათა რომ ამოვიდნენ.
ღვინოს ვწრუპავდით და ვსაუბრობდით. ამ საუბარში საბა საერთოდ არ ერეოდა, რამაც შვებაც მომგვარა და ცოტა გამაღიზიანა კიდეც. რითი იყო ჩვენზე მეტი? იოანეს ქუთაისურ აქცენტს ერთი-ორჯერ გამოაჯავრა კიდეც და საკმარისად მთვრალი რომ ვყოფილიყავი აუცილებლად რამეს ვატკენდი. ალბათ სხეულის რომელიმე კიდურს, სახეს ნამდვილად ვერ შევეხებოდი, უნაკლო ნაკვთები ჰქონდა.
- მიდი რა, რამე იმღერე... - იოანე ლამის მუხლის ჩოქზე დადგა.
- მღერი კიდეც? - მიუხედავად იმისა, რომ საბას მზერა რამოდენიმეჯერ დავიჭირე, პირველად გამომელაპარა.
- თან ისე მაგრად მღერის! - თათია სინათლის სიჩქარით შევარდა საძინებელში და გიტარა პირდაპირ მუხლებზე დამიდო.
- იო, სიმღერა შენ აირჩიე. - ღიმილით გავხადე ჩიხოლი და სიმების ჭიმვადობა შევამოწმე.
- ათინათი, რა თქმა უნდა... - ცისფერი თვალები აუციმციმდა. ეს ის სიმღერა იყო, რომლითაც ჩვენი მეგობრობა დაიწყო.
ყელის ჩასაწმენდად რამოდენიმეჯერ ჩავახველე და პირველმა აკორდებმა სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა.
- „რა სცოდნიათ ამ პაწაწა ნამის ღილებს,
ციმციმებენ თითქოს შენი თვალებია,
რა იქნება ერთხელ მაინც გამიღიმო,
რა უღმერთო გაბრაზება გყვარებია.“
ვმღეროდი და დახუჭული თვალებით ვხედავდი ყველაფერს, იმ ფერებს, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარდა. იმ ქალაქს, რომელიც უკვე საშინლად მენატრებოდა და როცა ბოლოს თვალები გავახილე საბას მზერამ შემაკრთო. ბავშვობიდან ვმღეროდი და არასდროს გამიბრაზებია ვინმე ჩემი ნამღერით. ყველამ ტაში შემოსცხო მის გარდა, უბრალოდ სავარძელზე იყო მიყინული და უხმოდ მიღრენდა.
ფსიქოლოგიური პორტრეტის დასკვნა: „ ვერ არის და რაღაცნაირად ვერ მიტანს!“

ბევრი თხოვნის შემდეგ კიდევ ვიმღერე რამოდენიმე სიმღერა. თუ აქამდე თვალებს უნებლიედ ვხუჭავდი, ახლა დაძაბულობისგან მეშინოდა აკორდები არ შემშლოდა და გიტარას თვალს არ ვაშორებდი.
სხვებმა ისიამოვნეს ჩემი ნამღერით, მე - ვერ.



მეორე დღეს უნივერსიტეტი იწყებოდა და იოანე ისანში უნდა წასულიყო, ამიტომ მალევე წამოდგა და როცა ვაცილებდი, კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში. რაღა დასამალია და, ეს ჟესტი არ მომეწონა. როცა თვეების შემდეგ ვხვდებოდით მაშინ ბუნებრივად ხდებოდა ყველაფერი, იმ კონკრეტულ მომენტში კი, იყო ამაში რაღაც იძულებითი, არასასურველი. რამოდენიმე წუთში ნიკა და საბაც აიშალნენ.
- ტაქსით წახვალთ, ხომ? - თათა კართან მეომარივით გადადგა.
- ფეხით ავალთ, აქვეა. - ნიკას ნაცვლად საბამ დაამშვიდა და ისე გავიდა ზედაც არ შემოუხედავს.

ყველაფერი სწრაფად მივალაგეთ. მობილურები მოვიმარჯვეთ და ჩვენთვის გამოსადეგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები საგულდაგულოდ ამოვქექეთ.
თათიამ ტელევიზორის ყურება გადაწყვიტა, ამიტომ მე საძინებელს მივაშურე და ლამაზი სიზმრები წინა ღამის სტრატეგიით მოვიხმე.


გაუთავებელმა ქოთქოთმა გამაღვიძა და საწოლზე ზმორებით წამოვდექი, თათას ტანსაცმლის ნახევარი საწოლზე ეყარა და ნელნელა უფრო მრავლდებოდა.
- ბათუმში ბრუნდები? - ხუმრობა არ გამომივიდა, მაშინვე სასოწარკვეთილი მზერა მესროლა.
- აუ, რა ჩავიცვა?
- შარვალი და მაისური. - მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოსკენ გავწიე. - ყავას ხომ დალევ?
- რა დროს ყავაა... - შორიდან მომესმა დუდღუნი, მაგრამ მაინც ორი ფინჯანი გადმოვიღე.


ორივემ ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, მაგრამ გვიან გავიგე, რომ შენობები ფაკულტეტებივით ალთა-ბალთას იყო. თათიას მაღლივში უნდა ევლო, მე-ვაკეში.
პირველ დღეს მეც აჟიტირებული ვიყავი, მაგრამ არა ჩასაცმელის ან აქსესუარის გამო. თითქოს, პირველად ვიგრძენი რაღაც ახლის დასაწყისი, მომწონდა ჩემს მიერ გაკეთებული არჩევანი და ერთი სული მქონდა როდის გავხდებოდი ხელოვნებათმცოდნე.

პირველივე დღეს გამოვცადე პინგვინად ყოფნის სევდა. ყველა პირველკურსელს და მათ შორის მეც, ისევ სკოლაში გვეგონა თავი. ჯგუფებად დავდიოდით და აუდიტორიებს რის ვაივაგლახით ვაგნებდით.
სკოლა ამ მხრივ სჯობს უმაღლეს სასწავლებელს.
ხარ შენთვის კლასში, მასწავლებლები კი მოდიან და მიდიან...

ჯგუფში ოცი ვიყავით, თორმეტი გამოვცხადდით, ყველა გავიცანი და ვერავის დავუახლოვდი. ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც მაშინ როცა სკოლა გამოვიცვალე და სრულიად უცხო ბავშვებთან აღმოვჩნდი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ აქ ყველა ჩემს დღეში იყო.
სამარშუტო ტაქსს საკმაო ხანს ველოდე და როცა უკვე იმედი გადამეწურა, მოვიდა კიდეც.


სახლის მხოლოდ ერთი გასაღები გვქონდა, ანალოგის შესაკვეთად თათიამ ნიკა დაიმგზავრა. ისევ მარტო დავრჩი და სადილის გაკეთება გადავწყვიტე. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, სპაგეტზე შევაჩერე არჩევანი და ნახევარ საათში უკვე ყველაფერი მზად მქონდა.
კერძით ხელდამშვენებულმა აივნის სარწეველა სკამს შევაფარე თავი, ბინის ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომწონდა. მოპირდაპირე კორპუსის აივნებს დავაკვირდი, თითქმის ყველას მცენარეები ეწყო, მეც მომინდა უფრო გამელამაზებინა და მეტი სიმყუდროვე შემექმნა. ბოლოსდაბოლოს რამოდენიმე წელი აქ უნდა მეცხოვრა.
თათია ნიკას გარეშე ამოვიდა და მაშინვე საძინებელში შეიკეტა. მართალია, წარსულში არ ვმეგობრობდით და კლასში წამოჭრილ საკამათო საკითხებზე გამუდმებით განსხვავებული აზრი გვქონდა, მაგრამ უკვე ერთად ვცხოვრობდით და გულგრილი ვერ დავრჩი.

- არ გშია? - კარზე გაუბედავად დავაკაკუნე.
- მალე გამოვალ... - ტირილნარევი ხმით მიპასუხა.

გვიან გამოვიდა, ტელევიზორს თვალი მოვწყვიტე და წაშლილ სახეზე გაუბედავად შევხედე. უხმოდ ისადილა და დივანზე ჩემს გვერდით მოკალათდა.
- ჩაის ხომ დალევ? - ნომერ პირველი დამამშვიდებელი გამახსენდა და შემოკეცილი ფეხები იატაკზე ჩამოვაწყვე.
- მე გავაკეთებ! - მაშინვე სამზარეულოსკენ გაქანდა. - ისედაც ყველაფერს შენ ამზადებ.


ჩაის ფინჯნებით აივანს მივაშურეთ, პირველად გამიხარდა, რომ სარწეველა ორ ადგილიანი იყო.
- ქოთნის ყვავილები დავაწყოთ აქ. - თითი სიგრძეზე გავაყოლე მოაჯირს და ჩემი ფანტაზიები გავუზიარე.
- კარგი იქნება... - თავაზიანობის ხათრით გამიღიმა, მაგრამ მალევე წაეშალა სახე.
- თათია, თუ რამე გაწუხებს შეგიძლია მითხრა...
- შეგყვარებული გყოლია? - მოულოდნელად მკითხა და თაფლისფერი მზერა გამისწორა.
- კი, როგორ არა... - ჩემი ყოფილი სატრფოს გახსენებაზე სიცილი ვერ შევიკავე.
- და როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- რა ვიცი, ჩვეულებრივი. - ბოლომდე ვერ ჩავწვდი კითხვის არსს.
- ინტიმურ დეტალებზე გეკითხები. - გაწითლდა და თვალი ამარიდა.
- ცოტა გასაგებად მკითხე. - დაახლოებით მივხვდი საითაც უმიზნებდა, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ ვიყავი.
- ანუ... კოცნას და ჩახუტებას არ ვგულისხმობ...
- მხოლოდ კოცნა და ჩახუტება იყო. - სწრაფად დავუკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.
- მეტი არაფერი მოუთხოვია? - ცხელი ჩაი ფრთხილად მოსვა და გვერდულად გამომხედა.
- არ ვიყავით იმ ასაკში, რომ მეტი მოთხოვნილება გაჩენილიყო. - მის ჩამუქებულ უპეებს დავაკვირდი. - ზოგადად, ურთიერთობაში შენც იმდენივე უფლება გაქვს, რამდენიც ნიკას, ხომ იცი?
- უნდა, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ.
- შენ გინდა? - ცხელ ფინჯას თითები შემოვაჭდე, თუმცა ტკივილი არ მიგრძვნია.
- მე მზად არ ვარ. - ნერვიულად გაეღიმა. - ხომ იცი, ეს ქართული მენტალიტეტი...
- მენტალიტეტი არაფერ შუაშია, თუ მზად არ ხარ და არ გინდა, მხოლოდ ნიკას სურვილის გამო არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. შენი სხეულია, შენი გადასაწყვეტია და მხოლოდ შენი საქმეა.
- ასე მითხრა, მამაკაცისთვის დიდ ხნიანი პაუზა არ შეიძლებაო და...
- ან შენთან უნდა ვი.ჟიმავო ან სხვასთან და არ გეწყინოსო? - ხმას გაუაზრებლად ავუწიე.
- რაღაც ეგრე... - ხელებში მოქცეულ ჩაის ფინჯანს დააკვირდა. - შენ რას იზამდი?
- დავშორდებოდი.
- მე მიყვარს ნიკა! - ისევ ცრემლები მოეძალა.
- მაშინ უთხარი რომ ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად, თუ დაგელოდება არაფერი ჩაულპება, ნუ ნერვიულობს!.. - ცხვირი ავიბზუე და ულამაზო ჰორიზონტს გავხედე. - სექსუალური განათლება უნდა დაინერგოს სკოლებში, თორემ არაფერი გვეშველება. კაცები ყოველთვის იფიქრებენ, რომ მეტი უფლებები და მოთხოვნილებები აქვთ.




საღამოს ნიკა აპირებდა ამოსვლას, საჩხუბრად ან შესარიგებლად, ზუსტად არ ვიცოდი. მისი მოსვლის დრო რომ მოახლოვდა საძინებლში შევიყუჟე და საწოლზე კომფორტულად მოვკალათდი. მობილურს ყურსასმენები შევუერთე და გადავეშვი სრულიად სხვა, მუსიკალურ სამყაროში.
უცნაურია, ყოველთვის ქართულ კლასიკას ვმღეროდი, მაგრამ მოსასმენად მხოლოდ ჯაზი მიყვარდა, ლუი ამსტრონგის შემოქმედება ფლეილისთის სახით მქონდა თავმოყრილი.
შეუძლებელია ჯაზს სხეულის გარეშე მოუსმინო, გიზიდავს, გითრევს, შენში სახლდება და მისი მარიონეტი ხდები.
თვალები დავხუჭე და სხეულში შემოჭრილ ტალღებს მივენდე.
თათიას ყვირილმა სიმღერებს შორის გაჩენილ პაუზაში შემოაღწია და თვალები მაშინვე გავახილე. ლამის ვიკივლე, როცა მიხურულ კართან მდგარი საბა დავინახე.
- აქ რა გინდა? - საწოლიდან ჩამოსვლისას ლამის სახით დავეცი, ფეხშიშველმა გავწიე მისაღებისკენ.
- ჩხუბობენ და გამოვერიდე. - მხრები უდარდელად აიჩეჩა.
- მეტი გასარიდებელი სივრცე აღარ არსებობს? - არც კი ვიცოდი რატომ ვჩურჩულებდი, გასვლა მინდოდა, მაგრამ შუა ჩხუბში გავარდნის პერსპექტივა არც თუ ძალიან მხიბლავდა.
- ნუ ღელავ, შენთან არანაირი ინტერესი არ მაქვს. - გულგრილად ამათვალიერა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- მაგ მხრივ შეგიძლია შენც მშვიდად იყო. - ზედაც არ შემიხედავს, კარადის ქვედა თაროდან ფეხსაცმელი გამოვიღე და სწრაფად ჩავიცვი.


ლიფტის ამოღწევას ველოდი, როცა სახლის კარი გაიღო და საბა თავდაჯერებული ნაბიჯებით მომიახლოვდა.
- იმედი მაქვს, რომ არ გაწუხებ. - მარჯვენა მხარი კედელს მიაყრდო და ზემოდან დამაცქერდა.
- ბევრი ნამდვილად არ გიკლია. - ჩავილაპარაკე და კაბინაში შევაბიჯე. ერთ ნაბიჯში მომყვა და გვერდით ამომიდგა.
- იმ ბიჭს მოსწონხარ. - სასხვათაშორისოდ თქვა.
- ვის? - მისკენ მკვეთრად მივტრიალდი.
- იოანეს. - ისევ გამკიცხავად დამაშტერდა. - სამწუხაროა, რომ ერთმანეთს საერთოდ არ უხდებით.
- არამკითხე მოამბეზე თუ გსმენია ანდაზა? - მაინც მოახერხა და გამაღიზიანა.
- ჩემი აზრი გაგიზიარე, წყვილში ორივე ქერა არ უნდა იყოს.
- შენთვის შეინახე ეგ აზრები.
- აი, მე რომ მომწონდე, მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით. - მზერა ცინიზმითა და ამპარტავნებით გაეჟღინთა.
- მაგ ამბავს მხოლოდ შენი გრძნობები არ ეყოფა. - კაბინა უკანმოუხედავად დავტოვე.
სადარბაზოდან ტროტუარზე გავედი და ხალხს შევერიე. პეტრიწის აღმართს შევუყევი, პეტრე იბერის ქუჩასაც თითქმის ბოლომდე გავყევი და ჩემთვის ჯერჯერობით უცხო ნაწილში გადავინაცვლე. ერთ-ერთ კორპუსს გავუსწორდი, ტროტუარზე გამოლაგებულმა აქსესუარებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. პატარა მაგიდა და ორი სკამი იყო, წნელისგან დამზადებული, მაგრამ საოცრად ლამაზი. ჩასასვლელ კარს შევხედე, აშკარად მყუდრო კაფე იქნებოდა. კარზე გაკეთებულმა წარწერამ მაიძულა ჩავსულიყავი.

რამოდენიმე საფეხური ჩავირბინე და კარის გაღებისთანავე ვრცელ დარბაზში აღმოვჩნდი, პირველ რიგში რაც თვალში მომხვდა ზედმეტად ლურჯი განათება და ცარიელი სკამები იყო. მაგიდები ახლო-ახლოს ჩაელაგებინათ, პატარა სცენაზე რამოდენიმე მუსიკალური საკრავი შევნიშნე და სისხლი ამიდუღდა.
- გამარჯობა, განცხადება ვნახე. - ბარმენს მივუახლოვდი და ცერა თითით კარისკენ ვანიშნე. - ვის შეიძლება გავესაუბრო?
- გამოცდილ მომღერალს ეძებენ. - უკმაყოფილოდ ამათვალიერა.
- გამოცდილი ვარ!
- უკრავ რამეზე? - ბართან შუახნის მამაკაცი იჯდა, ლუდის ბოთლი ხელში ჩაებღუჯა.
- გიტარაზე. - ახლა მას მივუტრიალდი.
- გასაუბრებაზე არ გამოგყვა? - წარბი აზიდა და ბოთლი მოიყუდა.
- ვსეირნობდი და უცებ წავაწყდი...
- მიდი დაუკარი და იმღერე. - უხეშად გამაწყვეტინა. - თუ მომეწონება, აგიყვან. ყოველ დღე ვერ იმღერებ, კვირაში სამჯერ ან ორჯერ. თითო სიმღერაზე თხუთმეტ ლარს გადაგიხდი.
- ახლა ვიმღერო? - პანიკა გაძვალტყავებული ხელებით ყელში მწვდა.
ჩემმა თანამოსაუბრემ ხელით პატარა სცენისკენ მანიშნა და ისე დავიძარი, თითქოს ვიღაცამ ავტოპილოტის რეჟიმზე ჩამრთო.
როგორც კი გიტარას შევეხე, დავმშვიდდი. ჰაერი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში და სიმები შევამოწმე, იდეალურად იყო აწყობილი.
- „ ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ტურფავ, ლამაზო,
ყველა შენ გენაცვალოს,
მოციმციმე ალმასო...“

ისევ თვალდახუჭული, ჟრუანტელისა და მოგონებების თანხლებით ვმღეროდი და სრულ სიჩუმეში ზღვის ტალღების ხმა მესმოდა.
ბოლო აკორდიც თითების მხედველობით ავიღე და მხოლოდ მერე გავბედე თვალის გახელა.
ჩემი საყვარელი ხმა გაქრა და ისევ აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა. მამაკაცი რომელსაც ბართან ვესაუბრებოდი, ჩემგან სამი ნაბიჯის დაშორებით იდგა და უემოციო სახით შემომცქეროდა. პირველად დავვეჭვდი საკუთარ შესაძლებლობებში და გიტარა თავის ადგილს დავუბრუნე.
- ხვალ მოდი, საღამოს ცხრა საათზე. - თქვა და სანამ სიტყვების გააზრებას მოვასწრებდი ზურგი მაქცია.



სახლისკენ მიმავალმა გზად ზურას დავურეკე და სიახლე ერთიანად აჟიტირებულმა ვახარე. მაინცდამაინც არ აღფრთოვანდა, მაგრამ იცოდა რომ არ დავუთმობდი და ხელოვნურად დაყენებული ხმით მომილოცა. როგორც კი საუბარს მოვრჩით, აღმოვაჩინე, რომ ბარიდან ჩემს კორპუსამდე მისასვლელად, ხუთ წუთზე მეტი არ დამჭირდა.
ნიკა უკვე წასული დამხვდა, ხოლო თათია რომელიღაც შოუს უყურებდა. გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდი, შერიგდნენ.
მთელი საღამოს განმავლობაში ათას ამბავს მოედო, მაგრამ ნიკა არ უხსენებია. არც მე გამომიდია თავი, არანაირი უფლება არ მქონდა ისეთი თემა წამომეჭრა, რომელიც მისი პირადი იყო. უბრალოდ ვიმედოვნებდი, რომ საკუთარი სურვილების დაცვა შეძლო.
მოულოდნელად ნაპოვნ სამსახურზეც ჩავაკვეხე ორიოდე სიტყვა და მეორე დღისთვის ბარში წამოსვლა წამის მეასედში დაგეგმა.


მზის სხივებით სავსე დილა გათენდა.
ისევ სამარშუტო ტაქსი და უკვე ნაცნობი უნივერსიტეტის კორპუსი.
ჯგუფელები უფრო ახლოს გავიცანი, უმეტესობა გოგო იყო და ამან ჩემს წარმოდგენებზე უარყოფითად იმოქმედა.
ვერ ვიტანდი, როცა პროფესიებს სქესის მიხედვით ყოფდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოში უამრავი ბიჭი ოცნებობდა ხელოვნებთმცოდნეობაზე, ბალერონობაზე, იქნებ ბავშვები უყვარდა და დაწყებითების მასწავლებლობა უნდოდა? სამწუხაროდ, უმეტესობა საკუთარ სურვილებს არ ახმოვანებს და მიჰყვებიან დინებას, რომელიც არასასურველ პროფესიასთან მიაცურებს და ბოლოს გამოვლენ ექიმები, რომელთაც სძულთ ადამიანებთან ურთიერთობა. ბანკირები, რომელებიც გალაკული ფეხსაცმლით ვერასდროს იცეკვებენ.

სახლში თათიაზე ადრე დავბრუნდი და სემინარისთვის მოსამზადებელი მცირე მასალა სადილის თანხლებით ჩავიკითხე.
სამი ზაფხულის განმავლობაში ვმღეროდი ბათუმის ბარებში, მაგრამ საღამოს გახსენებაზეც კი აუტანლად მაციებდა.
არც ჩაიმ მიშველა.
დასამშვიდებლად აბაზანას მივაშურე, სველი თმა გავიშრე და თმის უთოს დახმარებით ჩამოვისწორე. არაფერს ვერჩოდი ჩემს ქერა ტალღებს, მაგრამ მინდოდა განსაკუთრებულად ლამაზი ვყოფილიყავი.
საბას სიყვები გამახსენდა და გავბრაზდი.
არა, რა დამიწუნა?
მასავით ახმახი არ ვიყავი, მაგრამ საშუალოზე მაღალი მეთქმოდა, თვალები მასავით საოცარი მქონდა, სამაგიეროდ თითქმის სრულყოფილად შავი იყო, რაც არც თუ ისეთი ხშირია.
სიმპათიური იყო, კი ბატონო, არავინ ედავებოდა, მაგრამ არც ჩემს გარეგნობას აკლდა თაყვანისმცემლები.
ყოველ შემთხვევაში ბათუმში ასე იყო, თბილისის მშრალი ჰავა გემოვნებაზეც თუ მოქმედებს, ეგ უკვე სხვა ამბავია.

ჩემგან განსხვავებით, თათიას საკმაოდ ბევრი სამეცადინო ჰქონდა.
- მატრიცა იცი რა არის? - მაგიდაზე მობნეული ქსეროქსებიდან ამოძვრა.
- ფილმია, კიანუ რივზი თამაშობს. - მხრები ავიჩეჩე. - გინდა, ვუყუროთ?
- მათემატიკური ტერმინი ყოფილა, დღეს აგვიხსნა ლექტორმა. - სიცილით მახარა და მივხვდი, ფილმის ყურების შანსი განულებული იყო.
- ორი დღეა რაც სწავლა დაიწყო, ამდენი ქაღალდი რა ამბავია?
- გუშინვე მოგვცეს დავალებები, არადა ვიფიქრე სკოლის პირველი დღესავით იქნებოდა. - მაშინვე აბუზღუნდა. - შემოვიდოდა ლექტორი და იკითხავდა: აბა ბავშვებო, როგორ გაატარეთ საზაფხულო არდადეგები?
- სამაგიეროდ მშობელთა კრება არ იქნება. - უპირატესობა მოვიშველიე.

ნაადრევად ვივახშმეთ და ნიკაც ამოვიდა. შვებით ამოვისუნთქე, როცა თავისი აყლაყუდა მამიდაშვილის გარეშე ვნახე. ახლადშერიგებული წყვილი მისაღებში დავტოვე და საძინებლის კარადა ლამის თავზე მოვიმხე.
სანამ თბილი ტანსაცმელი დამჭირდებოდა, ბათუმში წასვლას ვაპირებდი, ამიტომ მხოლოდ შორტები, შარვლები და მაისურები მქონდა.
დანანებით შევარჩიე შედარებით ნორმალური სამოსი და „მოჟღურტულე გვრიტებს“ დავუბრუნდი.
თათიას თითქმის ერთი საათი დასჭირდა მოსამზადებლად.
სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით, ცოტა მაკიაჟიც გავბედე. ტონალურ საცხზე ვერ დამიყოლია, სამაგიეროდ წამწამები წარბებზე გადამეფინა, ტუჩის სიწითლე მოყავისფრო ფანქრით ჩავაქრე და მზად ვიყავი.

ბარში დათქმულ დროზე ხუთი წუთით ადრე მივედით. თათია და ნიკა კუთხის მაგიდასთან ჩამოსხდნენ. სცენაზე ორი ბიჭი დავლანდე და მათკენ წავედი.
- გამარჯობა, გუშინ მგონი სამსახურში ამიყვანეს. - ჩიხოლში გახვეული გიტარის ღვედი მხარზე შევისწორე.
- რა გქვია? - შავგრემანი მომიახლოვდა, ჩემზე ბევრად უფროსი არ უნდა ყოფილიყო.
- ლილიტი. - სცენაზე ყოველთვის სრულ სახელს ვიყენებდი.
- ვა, როგორი ორიგინალურია... - წაბლისფერთმიანიც ჩაგვერთო, ეს უკანასკნელი ჩემი ტოლი თუ არა, უეჭველად უმცროსი იქნებოდა. - მე გიო მქვია, ეს ჩემი ძმაა, გიგა.
- სასიამოვნოა. - რიგრიგობით გავუღიმე, გიომ ღიმილი შემომაგება, გიგამ-არა.
- აარჩიე რეპერტუარი?
- კი, რამდენი სიმღერა უნდა ვიმღერო? - შიშის დაფარვას ყველანაირად ვეცადე.
- სამი. - გიგამ მოკლედ მომიჭრა და მივხვდი, თუ მას არ მოეწონებოდა ჩემი ნამღერი, ვერანაირ სამსახურს ვერ მივიღებდი.
მუსიკოსების სამყარო ასეა მოწყობილი, თუ რაიმე ჯგუფს უერთდები, ამ ჯგუფმა უნდა მიგიღოს, სხვა შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევ.
მითხრეს, რომ ჩემს სახელს გამოაცხადებდნენ, მანამდე თათიას და ნიკას დავუბრუნდი.

ბარი თითქმის სრულყოფილად შეივსო. მოუთმენლად ველოდი ჩემს რიგს, მომღერალი ძმებისა და შემომატებული გოგონას შემოქმედებით ვტკბებოდი.
ვერაფერს ვიტყოდი, იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ.
გიო მშვენივრად უკრავდა კლავიშზე, გიგას დრამერის ფუნქცია ჰქონდა შესისხლორცებული, ხოლო გოგონა სოლისტობასთან ერთად გიტარასაც ითავსებდა.

- ახლა კი სცენას დავუთმობთ, ლილიტს! - გიგამ ზედმეტად უგემურად წარმადგინა და ერთიანად დაძაბული წამოვდექი.
ისე გამომაცხადა თითქოს კეთროვანი ვყოფილიყავი, უნდა ეთქვა „ჯგუფის წევრი“ ან რაიმე მსგავსი. სცენაზე დადგმულ სკამზე მოვთავსდი და გიტარა მეათასედ შევამოწმე. მიკროფონი საჭირო მანძილზე დავაახლოვე და არც თუ ისე მომლოდინე სახეებს გავხედე, ყველა თავისთვის ერთობოდა და გვარიანადაც ხმაურობდნენ.
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და პირველ აკორდებთან ერთად სიბნელეს შევეგებე. „ათინათს“ ვმღეროდი და ვხედავდი მოციმციმე ნამის ღილებს, ისევ ზღვის ტალღების ხმა მისწვდა ჩემს სმენას, თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ აკორდების აღებისას სიმებს გარკვევით წარმოვიდგენდი.
ქუთუთოები რომ ავწიე, თითქოს პარალელურ სამყაროში აღმოვჩნდი. სრულ სიჩუმეს დაესადგურებინა და დარბაზში თუ ვინმეს თვალი ჰქონდა, ყველა ჩემკენ იყო მომართული.
პირველად თათიამ დაუკრა ტაში, მერე კი ყველა აჰყვა და ჩემი მიმალული თვითშეფასებაც დღის სინათლეზე გამოვიდა.

სცენაზე ისევ შესანიშნავი სამეული დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ ჩემი რიგი დადგა და ამჯერად ხმაურს აღარ შევუწუხებივარ. წინა დღეს აქ შესრულებული სიმღერა გავიმეორე და სცენა კვლავ ჯგუფს დავუთმე.
მაგიდასთან მისულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემს ადგილას საბა დაბრძანებულიყო.
- გამარჯობა. - გულგრილად მივესალმე, თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი და ჩემი წვენის ჭიქა დავიბრუნე. თავი ოდნავ დამიკრა და ნიკასთან რაღაც თემის განხილვა განაგრძო.

დავინახე, როგორ ლაგდებოდნენ სცენიდან და მივხვდი, ჩემი გასვლის დრო იყო.
- გასართობადაა აქ ხალხი, ნუ ატირებ, წესიერი რამე იმღერე. - ორ ნაბიჯში წამომეწია საბას სიტყვები.
- თუ არ მოგწონს, არავინ გაკავებს. - სიტყვები შხამიანი ისარივით ვესროლე და სცენისკენ გავწიე.

ჯერ ისევ მის უაზრო სიტყვებზე ვფიქრობდი, როცა სკამზე დავჯექი და მსუბუქად ჩავახველე.
სრულიად სხვა სიმღერა მქონდა შერჩეული, მაგრამ როგორც კი თვალები დავხუჭე, თითებმა აკორდები თავისით აიღო.
- „ შენ ხედავ ჩემს სიზმრებს,
ამბობ ჩემს სიტყვებს,
შენ ღამეებს მითევ,
შენ ყველაფერს ითმენ...“
ვიგრძენი, როგორ შემომიერთდა კლავიში.
- „იფარებ ისევ
სიბრალულის ნიღაბს,
ამბობ, ვართ ერთნი,
მე ვეღარ გიტან...“
დრამიც შემოგვიერთდა, ენერგიის საოცარი ნაკადი ვიგრძენი, თვალების გახელისთანავე საბას მზერას გავუსწორდი და მაღარ ბგერებს მივწვდი.
- „შენ მე დამდევ, დამდევ!
შენ მე დამდევ,
ყველგან
დამდევ,
როგორც აჩრდილი პატრონს,
მართობ, მათრობ, მახრჩობ,
ისევ მპირდები შველას,
მებრძვი, მაქრობ,
მაქრობ...
როგორც დემონი სანთელს...
მოკვდი, მოკვდი, მოკვდი,
რომ გახდე თვითონ,
თვითონ
შენი თავი...
შენი თავი...“


ბარიდან გამოსვლისას, თათია და ნიკა ხელჩაკიდებულები დაწინაურდნენ.
- ბოლო სიმღერა მომეწონა... - გულწრფელად, თუმცა მაინც დამცინავი ტონით მითხრა საბამ.
- მხოლოდ ბოლო?
- როგორი ამაყი ხარ. - წარბაწეულმა ჩამომხედა. - წინა სიმღერა სევდიანად იმღერე, თვალები უნდა გაახილო და დაინახო ხალხი როგორ გიყურებს.
- მიყურებენ და ტირიან, ხომ? - მისი გამოხტომა კიდევ მაბრაზებდა.
- ბევრი არ უკლიათ. საკმაოდ კარგად მღერი. მაგრამ ბოლოს რაც იმღერე უფრო ემოციური იყო. თითქოს ვიღაცის მოკვლა მართლა გინდოდა.
- მინდოდა... - მხრები ავიჩეჩე და ნაცნობ კორპუსს თვალი შევავლე. თათია და საბა სადარბაზოსთან გველოდნენ.
- იცი, რა არის შენი პრობლემა? - ნაბიჯით გამასწრო და წინ გადამეღობა.
- აბა? - ხელები გულზე დავიკრიფე და მის თვალებში არეკლილ ლამპიონებს დავაკვირდი.
თავი ჩემს სიმაღლეზე ჩამოსწია და ნიკაპზე თითები შემომაჭდო. თბილი სუნთქვა სახეზე დამეფინა და ჩემდა გასაკვირად გულმაც მოუხშირა ფეთქვას.
- აღარ იტყვი? - თავი გავინთავისუფლე და როცა ისევ ისე მდგარი დავინახე, წასავლელად მოვემზადე.
- ცოდვები! - მტკიცე ბგერები დამაწია.
- რა ცოდვები? - მივტრიალდი და მის შეშლილ სახეზე ღიმილი ვერ შევიკავე.
- სხვისი ცოდვები... - ერთიანად ანთებული მზერა გამისწორა და როცა ყველა ემოცია ცეცხლივით ჩამეწვა, თვითონ კმაყოფილებით სავსე ღიმილი გადაეფინა.

თავი გავაქნიე და ავტომატურად გავეცალე.

ფსიქოლოგიური პორტრეტის დასკვნა: გიჟია და მაინცდამაინც თვალში არ მოვუდივარ. რაც იმას ნიშნავს, რომ სათოფეზეც არ უნდა გავიკარო.



№1 სტუმარი სტუმარი ნინია

ვაიმეე როგორ გამიხარდა ახალი ისტორია რომ დადეე...ძალიან გამიხარდა წავიკითხავ და აუცილებლად შევაფასსებ..(მაგრამ შენი ისტორია აუცილებლად მომეწონება ვიცი) :

 


№2 სტუმარი სტუმარი mariko

როგორ გამიხარდა ახალი ისტორია ❤️
განსხვავებული ისტორიაა ჩანს უკვე და ძალიან მომწოონს ❤️
თან რამხელა თავი იყო სასიამოვნოდ გამაოცე ❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ვაი გამახარე ^-^
მიხარია ახალი ისტორიით რო დაბრუნდი ^-^
საბა ძალიან მომწონს
ლილიტი... ვგიჟდები ესეთ სახელებზე ^-^
სიუჟეტი საინტერესო ჩანს.
ძალიან მაინტერესებს საბას ცინიზმის და სიბრაზის მიზეზი, იმედია ძალიან არ გაწელავ და მალე გაირკვევა ^-^
წარმატებები..

ველი ახალ თავს ^-^

 


№4 წევრი OKI ME

დავიწყებ იქიდან, რომ არ ველოდი ასე მალე თუ დაბრუნდებოდი ახალი ისტორიით. რითაც ძალიან, ძალიან გამახარე. ჰო, კიდევ, წინა ისტორიის მსგავსად ესეც საოცრად საინტერესო ჩანს. არ მინდოდა დასრულებულიყო ეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის თავი არის, მინდოდა დაუსრულებელი ყოფილიყო.

აი, ახლა რა უნდა ვქნა სანამ შენ ახალ თავს დადებ, ეგ უკვე აღარ ვიცი. ეს, რაღაც უფრი სხვანაირი ისტორია ჩანს თითქოს, წინა ისტორიისგან საკმაოდ განსხვავებული თუმცა რაც საერთო აქვს გმირებს ეს არის მეგობრების ნაკლებობა. ანუ ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ? იქ თუ ერთი მეგობარი ყავდა ერთგული აქ ასე არ არის. თითქოს უფრო მარტოსულია ლილიტი. მოკლედ, მე ყველანაირი მომწონს.

ოო, აი, სახელი საოცრებაა. ძალიან მომწონს სახელი ლილიტი და გამიხარდა ამ სახელის აქ ამოკითხვა.

საბას ამბავი ძალიან საინტერესოა. ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება.

აი, ძმებიც ძალიან კარგი ადამიანები ჩანან. იმედი მაქვს ლილიტს დაუმეგობრდებიან.

თათიაც არ ჩანს ცუდი გოგო. ძალიან მინდა ერთმანეთს გაუგონ და დამეგობრდნენ. მე მაინც იმ აზრს ვაწვები, რომ მეგობარი, ოღონდ ერთგული ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ასე მარტო სულობისთვის არ მემეტება ლილიტი.

ოხ, იოანეე. ვატყობ შეუყვარდა ლილიტი ამ ბიჭს. :დდ

უჰ, ძაან ბევრი რამე მაინტერესებს და ამ ყველაფრის ახლა აქ დაწერას აზრიც არ აქვს. :დდ ამ ყველაფერს ისედაც გავიგებ ნელ ნელა ყოველ ახალ თავში. :დდ ლილიტის დედის ამბავიც მაინტერესებს, მამის ამბავიც, საერთოდ რა ხდება რა ცოდვაზეა საუბარი.

ერთი რაც დანამდვილებით ვიცი ის არის, რომ წინ დიდი სიამოვნება მელის. ❤️ წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს, მალე ატვირთავ ახალ თავს ❤️❤️

 


№5  offline წევრი Melice

Megioki
დავიწყებ იქიდან, რომ არ ველოდი ასე მალე თუ დაბრუნდებოდი ახალი ისტორიით. რითაც ძალიან, ძალიან გამახარე. ჰო, კიდევ, წინა ისტორიის მსგავსად ესეც საოცრად საინტერესო ჩანს. არ მინდოდა დასრულებულიყო ეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის თავი არის, მინდოდა დაუსრულებელი ყოფილიყო.

აი, ახლა რა უნდა ვქნა სანამ შენ ახალ თავს დადებ, ეგ უკვე აღარ ვიცი. ეს, რაღაც უფრი სხვანაირი ისტორია ჩანს თითქოს, წინა ისტორიისგან საკმაოდ განსხვავებული თუმცა რაც საერთო აქვს გმირებს ეს არის მეგობრების ნაკლებობა. ანუ ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ? იქ თუ ერთი მეგობარი ყავდა ერთგული აქ ასე არ არის. თითქოს უფრო მარტოსულია ლილიტი. მოკლედ, მე ყველანაირი მომწონს.

ოო, აი, სახელი საოცრებაა. ძალიან მომწონს სახელი ლილიტი და გამიხარდა ამ სახელის აქ ამოკითხვა.

საბას ამბავი ძალიან საინტერესოა. ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება.

აი, ძმებიც ძალიან კარგი ადამიანები ჩანან. იმედი მაქვს ლილიტს დაუმეგობრდებიან.

თათიაც არ ჩანს ცუდი გოგო. ძალიან მინდა ერთმანეთს გაუგონ და დამეგობრდნენ. მე მაინც იმ აზრს ვაწვები, რომ მეგობარი, ოღონდ ერთგული ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ასე მარტო სულობისთვის არ მემეტება ლილიტი.

ოხ, იოანეე. ვატყობ შეუყვარდა ლილიტი ამ ბიჭს. :დდ

უჰ, ძაან ბევრი რამე მაინტერესებს და ამ ყველაფრის ახლა აქ დაწერას აზრიც არ აქვს. :დდ ამ ყველაფერს ისედაც გავიგებ ნელ ნელა ყოველ ახალ თავში. :დდ ლილიტის დედის ამბავიც მაინტერესებს, მამის ამბავიც, საერთოდ რა ხდება რა ცოდვაზეა საუბარი.

ერთი რაც დანამდვილებით ვიცი ის არის, რომ წინ დიდი სიამოვნება მელის. ❤️ წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს, მალე ატვირთავ ახალ თავს ❤️❤️

მადლობა, რომ ამ ისტორიის კითხვაც ასეთი შემართებით დაიწყე. ❤️
არ მინდა თავების ზომა ამაზე ნაკლები იყოს, ამიტომ ყოველდღე ალბათ ვერ მოვასწრებ დადებას. ორ დღეში ერთხელ უფრო სავარაუდოა ❤️

სტუმარი ანი
ვაი გამახარე ^-^
მიხარია ახალი ისტორიით რო დაბრუნდი ^-^
საბა ძალიან მომწონს
ლილიტი... ვგიჟდები ესეთ სახელებზე ^-^
სიუჟეტი საინტერესო ჩანს.
ძალიან მაინტერესებს საბას ცინიზმის და სიბრაზის მიზეზი, იმედია ძალიან არ გაწელავ და მალე გაირკვევა ^-^
წარმატებები..

ველი ახალ თავს ^-^

მეც მიხარია დაბრუნება.
შესვენების აღებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავძელი ❤️

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

zalian saintereso dasacyisiaaa. moutmenlad veli gafrzelebas. mainteresebs ra codvebi aqvs lilits. cinaprebisgan da ra kavshiri aqvs amas sabastan

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო ,განსხვავებულად დაწერილი ისტორიაა,ძალიან მომწონს,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent