შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროტაგონისტი (პირველი ნაწილი)


30-01-2021, 21:57
ავტორი ეკე
ნანახია 987

ტელევიზორის დიდი, ფერად-ფერადი ეკრანიდან მთელი ღამის განმავლობაში შუქდებოდა ცარიელი ოთახი. ადამიანები, რომლებიც პროფესიის მიხედივით იკავებდნენ ერთი-მეორის ადგილს ეკრანზე, თითქოს, თავადაც ძილისთვის ემზადებოდნენ. რას შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი ტელევიზორზე? განა კი შეიძლება ფიქრობდეს რაიმეს?
გეომეტრიული ფიგურის ფორმის შავი ყუთი, კაცობრიობის უდიდესი ტექნოლოგიური მიღწევა, ინფორმაციის მიღების წყარო, სიჩუმის დამრღვევი ცხელი ზაფხულის, სიოთი აღსავსე, ჩუმ ოთახში.
ის სწორედ იმ ჩუმი ოთახის გვერდით ოთახში იყო მოკალათებული რბილ დივანზე, რომელშიც ტელევიზორის ხმა იავნანასავით ჟღერდა. ჩათვლემისასაც ეს უტრიალებდა თავში და საკუთარ თავსაც დაუზარელად უმეორებდა: „იცით თუ არა, რომ ტელევიზორების, მონიტორების და ეკრანების უმეტესობაზე, მხოლოდ და მხოლოდ სამი ფერია გამოყენებული?“ მერე პაუზა ჰქონდა უხილავი აუდიტორიის გაოცებისათვის განკუთვნილი და აგრძელებდა: „დიახ! არ მოგესმათ. მხოლოდ და მხოლოდ სამი. გაინტერესებთ თუ რომლები?“, ისევ პაუზა და კვლავ: „წითელი, ლურჯი და მწვანე. როგორაა ეს შესაძლებელი? ამ სამი ფერის უამრავი, განსხვავებული შერევით მიღებული პიქსელების აურზაურია სწორედ ის, რასაც ჩვენ ხან ფილმს ვეძახით, ხან გადაცემას, ხანაც სპორტს და ასე ძალიან მოგვწონს.“ ისევ პაუზა და ამჯერად გაოცებული, უხილავი აუდიტორიის რამდენიმეწამიანი აპლოდისმენტები. ძილისპირული წარმოდგენა დასრულებულია. წარმოსახვითი ანშლაგის შემდეგ, კმაყოფილს ჩაეძინა.
გათენდა.
ციფერბლატზე დრო თორმეტის თხუტმეთ წუთს აჩვენებდა, როცა გაეღვიძა. აგვისტო იყო, ცხელოდა. დივნიდან ნელა წამოიწია, თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა და წამოდგა. უკვე კარგა ხნის გათენებულიყო. მგონი, სწორედ მზის სხივმა აიძულა ამ ნეტარებიდან გამოსვლა და ადგომა. სიზარმაცეს არასდროს უჩივოდა, თუმცა თავადაც ფიქრობდა, რომ არდადეგების დაწყების დღიდან, ამ საკითხში განსაკუთრებით მოიკოჭლებდა. მიუხედავად ამისა, იმედს იტოვებდა, რომ სასწავლო წლის დაწყებას ჩვეული სტილით შეხვდებოდა. ფიქრებში გართულმა საკუთარი ოთახიდანაც გააღწია. ტელევიზორი, რომელმაც წუხანდელი ანშლაგი გამოიწვია გამორთული დახვდა. სამზარეულოში გავიდა, მაცივრიდან წყალი გამოიღო და ბოთლიდანვე მოიყუდა. ამაზე შენიშვნა ხშირად მიუღია, თუმცა ამჯერად, მარტოობით ისარგებლა და აკრძალული ხილით არჩია ტკბობა. „არაფერია ზაფხულის ცხელ დღეს, ცივი წყლით გაძღომაზე უკეთესი“ გაიფიქრა გულში და ამასობაში თავი აბაზანაში, სარკის წინ ამოყო. სიზარმაცემ თავი აქაც შეახსენა, რამდენიმე თვის შეუჭრელი თმა წამოზრდია და საზომმა წერტილმაც, რომელიც აქამდე მისი წარბი იყო, ძველი დიდება დაკარგა.
სარკეში მაღალი, საშუალო წონის, დაახლოებით „მეტრა ოთხმოცი“ სიმაღლის სილუეტი იყურებოდა, წამოზრდილი ქერა თმით, მოგრძო სახით, აქა-იქ მიმობნეული ჭორფლებით, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით აჩნდა ლოყებზე, თაფლისფერი თვალებითა და არც თუ ისე მუქი კანის ფერით. წვერი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სახეს რეგულარულად იპარსავდა, არც წვერის ეტყობოდა რაიმე და არც ულვაშის. ერთი სიტყვით, გარეგნობით დიდად არ გამოირჩეოდა, თუმცა არც არაფერს უჩიოდა (შეიძლება ამაზე ნაფიქრი არც არასდროს ჰქონია, თუმცა ჩივილით, ნამდვილად არ უჩიოდა).
კბილების გამოხეხვის, თმის რამდენჯერმე დემონსტრაციულად ჯერ არევის და შემდეგ გასწორების შემდეგ, სარკის კუთხეში მიკრული წებოვანი ფურცელი როგორც იქნა შეამჩნია. დედას წერილი იყო.
სამუშაო დღეებში, ზაფხულისდა მიუხედავად, დედამისი მუშაობდა. სახლიდან არც თუ ისე ადრე გადიოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ბიჭი ამ დროს მეცხრე ცაზე იყო და მეთორმეტე ან მეცამეტე სიზმარს ნახულობდა. მოკლე, მაქსიმუმ რამდენიმეხაზიანი წერილების დატოვება იმ დროიდან დაიწყო, ბიჭმა წერა-კითხვა უკვე გამართულად რომ ისწავლა. წერილებსაც, ხან ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხანაც კი უბრალოდ კარგი დღის სურვებას მოიცავდა.
“თომა, მაცივარში სადილია, როცა მოგშივდება გამოიღე და გაიცხელე. დღეს ცოტათი შემაგვიანდება, ტელეფონი ჩართული მაქვს.“
ფურცელი სარკიდან ჩამოხსნა, ერთხელაც დახედა და სარეცხ მანქანაზე დადო. აბაზანაში შუქი ჩააქრო და თავის ოთახში გაბრუნდა.
ზაფხულის მორიგი, ჩვეული დღე იყო. გარშემო ყველაფერი ხურდა. ოთახში სრულიად უსარგებლოდ გამოღებული ფანჯრის დანიშნულებას რომ ჩაწვდა, დახურა და მისაღებ ოთახში კონდინციონერი ჩართო. აგვისტოს ბოლო თომასთვის ყოველთვის ძნელად შესაგუებელი დრო გახლდათ. ამ პერიოდში, იგი ეგუებოდა ან ცდილობდა შეგუებას, რომ სულ ორიოდე კვირაში სწავლა განახლდებოდა და ჩვეულ რიტმში ჩაჯდომა მოუწევდა. ისიც კარგად იცოდა, რომ ეს წელი უკანასკნელი იყო სკოლაში გატარებულთაგან და ეს ოდნავ ამშვიდებდა, თუმცა როგორც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ცხოვორების ახალ ეტაპზე მოუწევდა გადასვლა, სიმშვიდე შფოთვაში გადაეზრდებოდა. მან ხომ ისიც კი არ იცოდა, როგორ ან სად განაგრძობდა ცხოვრებას. როდესაც ამაზე დაიწყებდა ფიქრს, თავში უამრავი იდეა და აზრი უჩნდებოდა, თუმცა დასკვნამდე ვერასდროს მიდიოდა. თავს იმით იმშვიდებდა, რომ ჯერ ბევრი დრო ჰქონა და საჩქარო არაფერი იყო, ერთი კი დანამდვვილებით იცოდა; მომდევნო სასწავლო წლიდან, ბევრად უკეთ უნდა ესწავლა.
თომა სკოლაში ფრიადოსანი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა არც „ოროსანი“ იყო. ყველა საგანს საშუალოზე კარგად სწავლობდა და იმ საგნებში, რომლებიც შედარებით უჭირდა, ემზადებოდა კიდეც. ერთი პერიოდი თითქოს სპორტისთვისაც უნდა მოეკიდა ხელი, თუმცა არ გაამართლა. ფეხბურთზე იარა, 3 თვე ივარჯიშა, თუმცა მიხვდა, დიდად არც ნიჭიერი იყო და არც სპორტის ეს სახეობა იზიდავდა, ამიტომაც თავი დაანება.
ბიჭს მხოლოდ დედა ჰყავდა. მამა ბავშვობაში გარდაეცვალა. იმის მიუხედავად, რომ თომას მამამისი არც კი ახსოვდა, მისი ყველა მიზნის მთავარი სტიმული სწორედ მამა იყო. სხვანაირად არც გამოვიდოდა, მამამისს ხომ ყველგან აქებდნენ და არსად არ ივიწყებდნენ. თომა იმდენად ჰგავდა მამას, რომ მეზობლებით დაწყებული, ახლობლებითა და ნათესავებით დამთავრებული, ყველა ყოველთვის ზაზას იხსენებდა, როცა მას ხედავდა. ყოველ ჯერზე, როცა ასე ხდებოდა, სიამაყის გრძნობით ივსებოდა, თუმცა გულ-მკერდში თითქოს გაცრიდა ხოლმე, როცა ვინმე მამაზე ელაპარაკებოდა. დედამისი, ელენე, საკმაოდ ახალგაზრდა დაქვრივდა და ფიცად აღუთქვა, რომ მეორედ აღარ გათხოვდებოდა. თომას აღზრდაში, მცირე ასაკში დედ-მამა და დედამთილ-მამამთილი ეხმარებოდნენ, თავად მუშაობდა და ბიჭისთვის შედარებით ცოტა დრო რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ბიჭს დედისგან არც ალერსი დაკლებია და არც სიყვარული. საჭირო დროს, ელენე ყოველთვის ახერხებდა თომას დედად, მეგობრად თუ მხსნელად გამოჩენას.
ელენე და თომა ქალაქში, დაბალსართულიან კორპუსში ცხოვრობდნენ. თომა რამდენიმე კვარტალით დაშორებულ სკოლაში ხან ავტობუსით, ხანაც კი მეტროთი დადიოდა. თუ გაუმართლებდა და დედასთან ერთად მოუწევდა სახლიდან გასვლა, მაშინ მანქანით მიდიოდა დანიშნულების ადგილას. საკმაოდ მშვიდი უბანი იყო, მხოლოდ ბავშვების ჟრიამული თუ შეაწუხებდა ხოლმე ყურებს, ისიც სასიამოვნოდ. ბინაც მყუდრო და სადა იყო, დედა-შვილს თავისუფლად ყოფნიდა. კვირაში რამდენჯერმე, ოჯახს ხან ელენეს მეგობრები, ხანაც ბებია-ბაბუა სტუმრობდა. ერთი სიტყვით, ელენე და თომა საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობდნენ მათ მშვიდ, ლამაზ ბინაში.
შუადღის სამი საათი იყო თომას მობილურმა რომ დაურეკა. ელენე ურეკავდა. ბიჭმა ყურსასმენები მოიხსნა, ლეპტოპთან დადო და ყურმილს უპასუხა.
-ჰო დე.
-როგორ ხარ, გაიღვიძე?
-არაა. - ჩაეცინა ბიჭს.
-აჰა, ესე იგი მასხრად მიგდებ, აგერ ვნახავთ, საღამოს პიცას ვინ შეჭამს. - აყვა ქალი.
-კარგი რაა, გეხუმრე, შენ როგორ ხარ.
-ვიცი, ვიცი. კარგად ვარ დედა, სადილი ჭამე?
-კი, ნახევარი საათის წინ. მალე მოხვალ? - ბიჭს უცებ გაახსენდა სადილის შესახებ და თავი დაიძვრინა.
-არ ვიცი, ბევრი საქმეა, მაგრამ გპირდები, ძალიან არ დავიგვიანებ, ვეცდები რვაზე სახლში ვიყო.
-კაი
-მიდი დე, გკოცნი.
-მეც.
ზარი გათიშა თუ არა, სამზარეულოს მიაშურა და მაცივარი გამოაღო.
-იუუ, ლობიო. - ჩაილაპარაკა ჩუმად და სახე შეეჭმუხნა.
მაცივრიდან ქვაბი გამოიღო და გაზქურაზე შემოდგა. იმდენად ცოტა შეჭამა, არც თეფს და არც მასას ქვაბში, ჭამის არაფერი შეეტყო. მხრები აიჩეჩა და ქვაბი გაზქურაზე შემოდებული დატოვა.
მოსაღამოვდა, იმდენად აღარ ცხელოდა. საათი რვას უკაკუნებდა, ელენემ კარი რომ შემოაღო. ხელში დაპირებული პიცა ეჭირა და თომას ღიმილი თვალებით რომ დაიჭირა, თავადაც გაუხარდა. ბიჭი მიეგება, ყუთი გამოართვა და სამზარეულოში შეიტანა.
-აბა, როგორი დღე გქონდა? - გასძახა სამზარეულოდან.
-რა ვიცი დე, გადაღლილი ვარ, მაგრამ მთავარია ძალიანაც არ დამაგვიანდა. -ცოტა ხნით პაუზა აიღო სანამ მაისურს გადაიცმევდა და განაგრძო. -იცი დღეს ვინ შემხვდა?
-ვინ?
-ზურა ბიძია გახსოვს? ძველ სახლში ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. - თავადაც სამზარეულოში გავიდა და ამჯერად იქ განაგრძეს დიალოგი.
-ზურაა.. აა, კი, გამასხენდა, გიორგის მამაზე ამბობ ჰო?
-ჰო, ჰო -გაეცინა ქალს. -გახსოვს როგორ გაებუტეთ ერთხელ ერთმანეთს მაშოს გამო?
-დედაა.. -ლოყები აუწითლდა ბიჭს.
ელენე ახლოს მიიწია და თმაზე ხელი გადაუსვა. ბიჭმაც ალერსით მიუგო. მერე საგულდაგულოდ გამომცხვარი პიცა გაჭრეს და გემრიელად მიირთვეს.
ზაფხულის დღეები მოსალოდნელზე სწრაფად გავიდა და ქვეყანას შემოდომა შეეგება. უხდებოდა თბილისს სანახევროდ ფოთლებჩამოცვენილი ხეები, ყვითელი ფერით აჭრელებული გზები, სექტემბრის პირველი დღეების სასიამოვნო სითბო და ჩვეულ რიტმში ჩადგომა. ხმაურიანი ქუჩები, ხალხით სავსე მაღაზიები, ტურისტებით გადატენილი რესტორნები ქალაქის ბოჰემურ ნაწილში, სკოლისა თუ ბაღისაკენ მიმავალი ბავშვები და მათთან ერთად მიმავალი მშობლები. თომა ხანდახან ფიქრობდა, ამ ქალაქს ქაოსი ალამაზებსო და მართლაც ასე იყო.
შემოდგომის დადგომა თომაზეც აისახა, სიზარმაცე, რომელსაც ზაფხულში დაუმეგობრდა, დაძლია და ბოლომდე მოწადინებული ელოდა გამოსაშვები წლის დაწყებას.
სკოლის პირველმა დღემაც არ დააყოვნა და სულ მალე მოაკაკუნა თომას კარზე. მეგობრების ნახვამ სამი თვის შემდეგ, თომაში სენტიმენტალური განწყობა გააღვივა, თუმცა ლოყებაწითლებულმა ბიჭმა, სწრაფად შემოუძახა საკუთარ თავს და სახეზე კვლავ ღიმილი დაედო. ბიჭს ბოლო წლებში თითქოს ტრადიციად ექცა სკოლის პირველ დღეებში პირველკლასელებზე დაკვირვება. უყურებდა მათ, ბავშვების გაოცებულ, თვალებდაჭყეტილ ან ატირებულ სახეებს და უცნაური გრძნობით ივსებოდა. ეს ყველაფერი მას, აგერ უკვე 12 წლის წინ გაევლო და ცოტა არ იყოს ენატრებოდა ეს დრო. ამ დროს ხომ მამა ჯერ კიდევ..
სკოლის პირველმა დღემ სწრაფად ჩაიარა და მას, ასეთი დღეების მთელი კასკადი მიჰყვა. თომა თითქმის ბოლომდე სწავლაზე იყო გადართული, თუმცა კვლავ არ იცოდა, სად აპირებდა მის გაგრძელებას. ნელ-ნელა სექტემბერიც იწურებოდა.
სკოლის გაკვეთილებს ახლა უკვე კერძო მასწავლებლებიც ემატებოდნენ. თომაც სწავლას იმაზე მეტ დროს უთმობდა, ვიდრე აქამდე.
სასწავლო წლის განახლებიდან ორი კვირის თავზე ოქტომბერიც დადგა.
ექვსი ოქტომბერი იყო. დილა ჩვეულებრივად დაიწყო. თომა მესამედ დარეკილმა მაღვიძარამ ცხრის ათ წუთზე ძლივს გამოაფხიზლა. თვალების მოფშვნეტის, გაზმორვის, მოწესრიგების, დედას დატოვებული წერილის წაკითხვისა და საუზმის შემდეგ ბიჭმა ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა, კარი ჩაკეტა და სკოლისაკენ მიმავალ გზას გაუდგა.
ჩანთის მოკიდება, როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ცალ მხარზე მოსწონდა. სამი სართულის სწრაფად ჩარბენის შემდეგ ავტობუსის გაჩერებისაკენ მიმავალ გზაზეღა გაახსენდა, რომ სახლში ტელეფონი დარჩა. აჩქარებული ნაბიჯით დაბრუნდა უკან, სწრაფად აიღო ტელეფონი მაგიდიდან და სკოლისაკენ ახლა უკვე თითქმის სირბილით გაემართა. დღეს მისი დღე არ იყო.
პირველი გაკვეთილი ქიმია ჰქონდა. „ჯანდაბა“ გაიფიქრა თომამ და გატენილ ავტობუსში ძლივს შეეტია. თომას ქიმიის მასწავლებელი ქალბატონი ელგა რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კეთილი ქალი იყო. ბიჭი ავტობუსში წინასწარ მოემზადა „თბილი“ დახვედრისთვის და გაჩერებაზე ჩამოსვლისთანავე აირბინა ბოლო აღმართი.
აღმართნარბენმა თომამ სირბილითვე აიარა სამი სართული, შემდეგ დერეფანი და საკლასო ოთახში ოლიმპიური ჩემპიონივით შევარდა.
-რა იყო ბარამიძე, მოგსდევდა ვინმე? - გველივით ჩაიცინა ელგა მასწავლებელმა და გული რომ მოიფხანა განაგრძო - დროზე მოძებნე შენი ადგილი და დაიწყე დავალების გაკეთება. არა რომ გიწერია ნუ დაგამშვიდებს, გამოგიძახებ და სხვა დღის გრაფაში ჩაგიწერ ნიშანს.
ბიჭი ვერ იტანდა ბავშვების იმ კატეგორიას, მასწავლებლის უკბილო ხუმრობებზე ძალით რომ იცინოდნენ, ელგა მასწავებელი კი ყოველთვის პროფესორ ამბრიჯად წარმოედგინა ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროდან.
ფიქრებიდან რომ გამოერკვა მერეღა მიხვდა, რომ უკვე საკლასო ოთახში იდგა კარებთან და მთელი კლასი, მასწავლებლის ჩათვლით მას შესცქეროდა. აზრები ძლივს დაალაგა და მერეღა ამოილუღლულა - ბოდიში.
ამასობაში ოლიმპიური ჩემპიონი ქოშინსაც მორჩა და საკუთარი ადგილი დაიკავა. თომა საკლასო ოთახში მის მეგობარ კოტესთან ერთად იჯდა. ეს მისი ტრადიციული ადგილი იყო. ბიჭები კი ერთმანეთს დაწყებითი კლასიდან იცნობდნენ.
თომა მთელი გაკვეთილი ცდილობდა ქალბატონ ელგას თვალში არ მოხვედროდა, გაკვეთილის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი, გულში უკვე ზეიმობდა, რომ მასწავლებელს ბიჭის არსებობა საერთოდ გადაავიწყდა და მას აღარ გამოიძახებდა, თუმცა ნურას უკაცრავად. პროფესორმა ამბრიჯმა არც ამჯერად უღალატა ჩვეულ ამპლუას და ნანატრი ზარის დარეკვამდე ზუსტად ხუთი წუთით ადრე მეცო-სოპრანოსავით გასძახა:
-ბარამიძეე, გამოდი აბა მთელი გაკვეთილი რომ იმალებოდი და გვესაუბრე ნახშირწყალბადებზე.
იდეალური დილა კიდევ უფრო უკეთ გრძელდებოდა. ბიჭს უკანასკნელმა იმედმა - ზარმაც ზურგი აქცია და მარტო დატოვა პროფესორი ამბრიჯის წინაშე. რამდენიმე წინადადების ძლივსძლივობით გადაბმის შემდეგ, ელგა მასწავლებელმა დაფაზე სახელდახელოდ შერჩეული სავარჯიშო გადაიტანა. ამან საბოლოო წერტილი დაუსვა ბიჭის იმედებს და ჰარი გმირულად დაეცა ამბრიჯის წინააღმდეგ.
ზარიც მხოლოდ მაშინღა დაირეკა, როცა ელგა მასწავლებელმა ბიჭის განკითხვაც დაასრულა მთელი კლასის წინაშე, მისი დარიგებაც დაზეპირებული სიტყვებით და ხუთიანის წერაც მისი გვარის გასწვრივ ჟურნალში.
თომა ახლა მხოლოდ გაკვეთილების დასრულებაზე და შინ დაბრუნებაზე ოცნებობდა, თუმცა დრო იმაზე მეტად გაიჭიმა, ვიდრე ელოდა.
მათემატიკის, სპორტის, ქართულისა და ინგლისურის შემდეგ ბოლო, ისტორიის გაკვეთილი თომასთვის ნამდვილი შვება იყო. რამდენიმე წუთიღა რჩებოდა მეექვსე, საფინალო ზარის დარეკვამდე, როცა კლასის კარი მოულოდნელმა სტუმრებმა შემოაღეს.
სკოლის დირექტორ ბატონ გოგის, თან უცხო ქალი მოჰყვებოდა.
ისტორიის მასწავლებელმა ჯერ თვალებით, მერე უჩუმრად, ხელით ანიშნა ბავშვებს, რომ ფეხზე წამომდგარიყვნენ. ექვსგაკვეთილგანვლილი ბავშვებიც ზანტად წამოიწნიენ ფეხზე, სტუმრებს მიესალმნენ და ბატონმა გოგიმაც ომახიანად დაიწყო:
-გამარჯობა ბავშვებო, ეს, ქალბატონი ელენეა. თეატრალური სკოლა „ლურჯა ცხენების“ მენეჯერი. - ახალგაზრდა ქალს აშკარად ეტყობოდა, მსგავს სიტუაციაში არც ისე ხშირად უწევდა მოხვედრა და თითქოს ნერვიულობდა კიდეც, როცა ბატონი გოგი მის ვინაობას წარმოთქვამდა. - ქალბატონი ელენე თეატრალური წრისათვის ეძებს ბავშვებს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სურვილითაც ჩაეწეროთ ან დაელოდოთ, ვიდრე იგი თავად აარჩევს მათ.
ქალბატონი ელენე ახალგაზრდა, საკმაოდ ლამაზი ქალი იყო გრძელ, შავ, ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი და დირექტორის წარდგენის შემდეგ უმალ შეუდგა ბავშვების დათვალიერებას.
-აი თქვენ - ხელით ანიშნა ერთ-ერთისაკენ ქალმა და ბეჟანიშვილმაც კმაყოფილი სახით წაიწია ნაბიჯი წინ, თუმცა ღიმილი სახეზე წამშივე შეაშრა. - არა, თქვენ არა, თქვენს უკან ღიაცისფერი მაისურით. - თომა? ეს კითხვა თითქოს ბიჭს სახეზე გაოცების ასოებით დაეწერა და ელენემაც მიუგო - დიახ თქვენ, თუ შეიძლება მობრძანდით.
თომამ ჯერ კოტეს გახედა, შემდეგ ელენეს და მერეღა შეამჩნია, რომ დღეს აგერ უკვე მეორედ, მთელი კლასი მასწავლებლის ჩათვლით მას უცქერდა. მერხებს შორის სწრაფი ნაბიჯით გაიარა და ელენესთან დადგა.
როდესაც ელენემ კლასიდან სხვა ვერავინ შეარჩია დაიწყო:
-მოგვიანებით მოგესალმებით ბავშვებო! როგორც ბატონმა გოგიმ უკვე გითხრათ, მე თეატრალური სკოლა „ლურჯა ცხენების“ მენეჯერი გახლავართ და ჩვენი სკოლის სახელით მინდა გაცნობოთ, რომ სკოლაში ცხადდება მიღება. ბავშვები, რომლებსაც ჩვენ, ამ შემთხვევაში კი მე ავარჩევ, შედარებით პრივილეგირებულნი იქნებიან პირველ ეტაპზე, სადაც მათ თავის წარმოჩენა რამდენიმე დავალების შესრულებით მოუწევთ. რა თმა უნდა, თუ ჩვენს არჩეულ მოსწავლეებს სურვილი არ ექნებათ ტესტირების გავლის, ჩვენ არაფერს დავაძალებთ, თუმცა ეს რეალური შანსია მათთვის, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს. - მონოლოგი რამდენიმე წამით შეწყვიტა, მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან რაღაც პატარა ფურცლები ამოიღო და განაგრძო - ვისაც სურვილი გაქვთ ან უბრალოდ გაინტერესებთ ჩვენი პოლიტიკისა და პირობების შესახებ, შემიძლია სავიზიტო ბარათები დაგიტოვოთ და გაეცნოთ. - მონოლოგი ისევ შეწყვიტა და მსურველებს დაელოდა, თუმც ამაოდ. კლასი დუმდა. როცა მიხვდა მსურველები არ ჩანდნენ კვლავ განაგრძო, მაგრამ ამჯერად შეეტყო, რომ დასასრულისკენ მიდიოდა. - კარგი, როგორც ჩანს მსურველები არ გვყავს. არაუშავს, მე მაინც დაგიტოვებთ ერთ ბარათს და თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. - შემდეგ ფიქრებში გართულ დირექტორს, რომელსაც ეტყობოდა ამ მონოლოგს დღეს უკვე მემილიონედ ისმენდა, თვალებით რაღაც ანიშნა და ბატონმა გოგიმაც არ დააყოვნა:
-ქალბატონო მანანა, თუ ნებას დაგვრთავთ ბარამიძეს გაიყვანს ქალბატონი ელენე რამდენიმე წუთით და მალევე დაგიბრუნდებათ. - ღიმილით უთხრა ისტორიის მასწავლებელს. ჯანდაბა, მასწავლებლების დიალოგი როგორი თბილიც არ უნდა ყოფილიყო, თომას თვალში მაინც საზიზღრად ჩანდა.
-არაა პრობლემა ბატონო გოგი. - სხარტად მიუგო გაკვეთილის ახსნას მოწყურებულმა ქალმა და ღიმილითვე უპასუხა.
თომა მაშინღა გამოერკვა დაბნეულობიდან, როცა კარის მოხურვის ხმა გაიგო და ცარიელ დერეფანში ქალბატონ ელენესთან პირისპირ აღმოჩნდა. ბატონი გოგი მოშორებით დადგა, მალევე ელენეს მოუბოდიშა უნდა დავრეკოვო, ტელეფონი ამოიღო და კიბეებისკენ მიმივალ გზას გაუდგა.
-გამარჯობა - მიუგო ელენემ. ძალიან თბილი ხმა ჰქონდა. - მოდი ჯერ ერთმანეთის გაცნობით დავიწყოთ, მე ალბათ უკვე მიცნობ - გაეღიმა. თომამაც ღიმილით მიუგო.
-დიახ, თქვენ ქალბატონი ელენე ბრძანდებით - ბიჭს ლოყები აწითლებოდა და ნელ-ნელა მთელი სახე უოფლიანდებოდა.
-გთხოვ, ოღონდ თქვენობით და ქალბატონოთი არა. და ნურც ნერვიულობ, კარგი? - ქალის თბილმა ხმამ მელოდიასავით გაირა თომას ყურები და ახლაღა დაეტყო, რომ ცოტა დაწყნარდა. -ესე იგი, მე ელენე - ისევ გაეცინა - შენ რა გქვია?
-მე თომა.
-უცხო და ლამაზი სახელია, თომა. - ღიმილი უმშვენებდა ელენეს სახეს. -თომა - ისევ გაიმეორა და განაგრძო. -ალბათ უკვე იცი, საიდანაც ვარ და რისთვისაც ვარ. თქვენი სკოლიდან ბავშვების არჩევა საკმაოდ გამიჭირდა, მხოლოდ ექვსი თუ შვიდი ავარჩიე. შენ ერთ-ერთი ხარ. მოკლედ რომ გითხრა, ჩვენთან ასეთი პრინციპი მოქმედებს: ჩვენივე შერჩეულ ბავშვებს პატარ-პატარა პრივილეგიები აქვთ და მისაღები ტესტიც იმდენად რთული არაა. თუ ჯერ დარწმუნებული არ ხარ, გინდა თუ არა ჩვენს სკოლაში სწავლის დაწყება, შემიძლია ერთი დღე მოგცე. ჩემს მობილურის ნომერს დაგიტოვებ და გამაგებინე, კარგი?
-კარგი - ძლივს ამოილუღლულა თომამ და გონებაში იმდენი რამე წარმოიდგინა ეგონა, სადაცაა ტვინი გადმოეფრქვეოდა.
-კალამს და ფურცელს მე მოგცემ, თუმცა შენს შესახებაც დამჭირდება პატარა დეტალების გარკვევა. - ისევ ღიმილით ესაუბრებოდა ქალი. ის იმდენად მშვიდი იყო, თითქოს თომას უკვე წლებია იცნობდა და ეს მორიგი დიალოგი იყო.
ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო, ბლოკნოტი გახსნა, ერთი ფურცელი ამოხია და თომას გადააწოდა კალამთან ერთად.
-ეს ჩემი ნომერია. - ნომერი რომ ჩააწერინა, კალამი გამოართვა, ბლოკნოტი გადაშალა და ამჯერად თვითონ დაიწყო წერა.
პირველი ველი თავად შეავსო და სახელის გასწვრივ თომა დაწერა.
-აბა, რა გვარი ხარ თომა?
-ბარამიძე. - თომა უკვე საბოლოოდ დამშვიდდა, რაც ხმაზეც შეეტყო.
-ძალიან კარგი, რამდენი წლის ხარ თომა?
-თექვს.. ჩვიდმეტი, ჩვიდმეტი. - ორჯერ გამეორებით თომამ თითქოს ქალს კი არა, საკუთარ თავს დაუდასტურა, რომ ნამდვილად ჩვიდმეტის იყო. ელენეს გაეღიმა.
-კარგი თომა, შენი ტელეფონის ნომერიღა დამჭირდება და გაგანთავისუფლებ. -ბიჭმა ნომერიც ჩააწერინა.
ქალმა ბლოკნოტი დახურა, კალამთან ერთად ჩანთაში ჩააბრუნა და თომას გამომშვიდობებისას უთხრა.
-მოკლედ, შენს ზარს ველოდები. დაფიქრდი. აბა დროებით. - და ის იყო უკან მიბრუნდა, როცა გაახსენდა. - შეგიძლია ფეისბუქზეც მოძებნო ჩვენი გვერდი იგივე სახელით და დაათვალიერო. ფოტოებიც გვიდევს და ინფორმაციაც. აბა, დროებით.
-დროებით. - დაემშვიდობა თომამ და საკლასო ოთახში შებრუნდა.
ბოლო გაკვეთილის დასრულებამდე ორიოდე წუთიღა რჩებოდა, როცა ბიჭი უკან დაბრუნდა. კლასში დაბრუნებული თომა, დაფისკენ მიტრიალებულმა მანანა მასწავლებელმა ვერ შეამჩნია, განსხვავებით ბეჟანიშვილისგან, რომელმაც ავი გამოხედვა თომას კარებშივე შეაგება. თომა თავის ტრადიციულ ადგილას, კოტეს გვერდით დაჯდა და კოტემაც არ დააყოვნა:
-ბეჟანიშვილი დაინახე როგორი თვალებით გიყურებდა? - ჩუმად გადაიხარხარა კოტემ. თომამ მხარი მიარტყა და ბიჭი გაჩერდა. - კაი ხო, როგორც ჩანს მართლა აღარ მოწონხარ მაგ გოგოს. - და ისევ სიცილი აუტყდა.
დაფასთან მიკედლებულმა მანანა მასწავლებელს ეს კისკისი არ გამოეპარა, შემობრუნდა და კოტეს თვალი-თვალში გაუსწორა. ველური დასავლეთი პირდაპირ საკლასო ოთახში. თომას გაეღიმა, მანანამ კი თითქმის ყვირილით გასძახა.
-ქერდიყოშვილი! მორჩი სიცილს და გადაიწერე რასაც ვწერ, ჩქარა! იცოდე ნიშანს არ გაღირსებ.
კოტემ წერა დაიწყო, თუმცა ჩურჩულით მაინც თომას მიუბრუნდა.
-ჰა აბა, მოყევი რა მოხდა, რა გითხრა ქალბატონმა ელენემ. - ბოლო სიტყვები კოტემ ელენეს გაჯავრებით წარმოთქვა. თომას არ ესიამოვნა.
-რას დასცინი, დაგიშავა რამე? თან კარგი ქალია.
-რა იყო ხო არ შეგიყვარდა? მგონი შენთვის ცოტა დიდია. - კოტეს უკბილო ხუმრობებზე მგონი, თვითონაც აღარ ეცინებოდა, თუმცა პირზე ყალბი სიცილის დადებას მაინც ახერხებდა.
-მე მგონი, სულ არ გაინტერესებს რა მითხრა ელენემ.
-კაი ხო, რა გჭირს, რას მებუტები, მომიყევი. - ეს თქვა და ზარიც დაირეკა.
ბავშვები სწრაფად წამოიშალნენ მერხებიდან და ბიჭების დიალოგმა ახლა უკვე დერეფანში გადაინაცვლა.
-ბიჭო რავი, ისეთი არაფერი. საღამოს მოგწერ და თუ კიდევ გეხსომება მოგიყვები.
თომას და კოტეს ერთი გზა არ ჰქონდათ. მათი გზები ყოველთვის სკოლის გასასვლელ კარში იყრეობდა, საიდანაც ერთი - ერთ გაჩერებაზე მიდიოდა, მეორე კი - მეორეზე, ოღონდ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს.
ბიჭები ჩვეულებრივ დაემშვიდობნენ ერთმანეთს და თომა მეტროსკენ მიმავალ გზას სწრაფი ნაბიჯით გაუყვა. აღელვებული იყო. გატენილ ავტობუსში მძიმე ჩანთით ასვლა ვერც დაამშვიდებდა, ვერც ფიქრის საშუალებას მისცემდა და ჰაერსაც შეზღუდული ოდენობით მიაღებინებდა, ამიტომაც მეტროსკენ გაეშურა.
მეტროში ოდნავ დამშვიდდა. ეს ადგილი კარგი საშუალება იყო თომასთვის, ფიქრი სხვა რამეზე გადაეტანა.
სახლში დაბრუნებულმა ბიჭმა ელენეზე და თეატრალურ წრეზე ფიქრში ჯერ გაიცხელა, შემდეგ კი მიირთვა სადილი. ეს მისთვის რაღაც ახალი იყო. რაღაც, რაზეც აქამდე არასდროს უფიქრია. რატომ აარჩია ელენემ მაინცდამაინც იგი? რა დაინახა მასში ასეთი?
თომას თავში წარმოუდგენლად ბევრი შეკითხვა ტრიალებდა. ფიქრით გაბრუებულმა მოამზადა საშინაო დავალებაც და ამასობაში საღამოც დადგა.
სახლის კარი ელენემ, ოღონდ ამჯერად დედამ, ექვსი საათისკენ შემოაღო. თავიდან თომას ვერაფერი შეატყო, თუმცა ვახშმისას მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო.
-თომა? გესმის? სად დაფრინავ - მესამედ გამეორებული და პასუხგაუცემელი შეკითხვის შემდეგ კითხა ქალმა.
-ჰო.. რა? - ამოილუღლუღა ბიჭმა.
-რა გჭირს დე, ხო კარგად ხარ? რამეს ხომ არ მიმალავ? - ელენეს სახეზე გაფითრება შეეტყო.
-კარგად ვარ კი. დედა რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ ნუ გეშინია. - თომამ დედას შეატყო ნერვიულობა და შეეცადა მის დამშვიდებას.-მოკლედ, დღეს სკოლაში რაღაც თეატრალური სკოლიდან იყვნენ ბავშვების ასარჩევად მოსულები და კლასიდან მე ამარჩიეს თეატრალური წრისთვის. - ქალს ახლაღა შეეტყო, რომ ოდნავ დამშვიდდა.
-რა მაგარია დე. მერე რა მოხდა ბოლომდე მომიყევი. - ელენეს ეს სიტყვები ბოლომდე გულწრფელი იყო.
-არ ვიცი, იმ ქალმა.. უი იცი იმ ქალსაც ელენე ერქვა, ვინც ამარჩია - გაეცინა თომას - მოკლედ იმ ქალმა, ვინც ამარჩია ერთი დღე მომცა დასაფიქრებელად.
-მერე რას ფიქრობ დე. ხო იცი, რისი გაკეთებაც არ უნდა გადაწყვიტო, მე შენთან ვარ.
თომას ეს წინადადება მთელი დღის ნერვიულობის დასაძლევად და დასამშვიდებლად ეყო. ახლა უკვე საღ გონებაზე დაფიქრდებოდა არა იმაზე, თუ რატომ აარჩიეს იგი არამედ, იმაზე სურდა თუ არა მას ეს.
ასეც მოხდა, საღამოს კოტესთან მცირე მიმოწერის შემდეგ ცივი გონებით დაფიქრდა თავისი მომავლის შესაძლო განვითარებაზე და შედეგსაც მიაღწია. მას სურდა, რომ თეატრალურ წრეზე დაეწყო სიარული.
სიმართლე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებისას საათი უკვე ღამის სამს უკაკუნებდა, ამიტომაც არჩია დილას დალოდებოდა და გადაწყვიტილება ჯერ დედასთვის, შემდეგ კი ქალბატონი ელენესთვის გაენდო.
დილას თომამ გაღვიძება დედას დაასრო. ასეთი რამ, თითქმის არასდროს ხდებოდა. გაიღვიძა თუ არა ელენემ, თომამ ახალი სათამაშოთი გახარებული ბავშვივით მიახალა დედას მისი გადაწყვეტილების შესახებ. ქალმა თითქმის ყველაფერი გამოკითხა სკოლის შესახებ, მაგრამ ვაი რომ თომამ თავადაც არაფერი იცოდა სახელის - "ლურჯა ცხენების" გარდა. დედამ თომას ნება დართო სკოლა გაეცდინა და უკვე მარტო დარჩენილმა ბიჭმაც მალევე დაურეკა ქალბატონ ელენეს.
-ალო - გაისმა ქალის ის მშვიდი ხმა, თომა ასეთი მოხიბლული რომ დარჩა.
-ალო, გამარჯობა - ქალის ხმით დაბნეულმა ბიჭმა, ეს სიტყვები რამდენიმე წამის დაგვიანებით წარმოთქვა.
-გამარჯობა?
-გამარჯობა ქალბა.. - გაახსენდა ქალის თხოვნა და შეასწორა - ელენე, მე თომა ვარ.
-თომა.. თომა ბარამიძე. მახსოვხარ. - უეჭველია, როცა ელენემ მისი სახელი წარმოთქვა, გაეღიმა - აბა, როგორ ხარ თომა?
-კარგად, თქვენ როგორ ხართ.
-გმადლობთ, მეც კარგად. აბა, გადაწყვიტე თომა?
-დიახ ამაზე გირეკავდით. გადავწყვიტე, რომ მინდა თეატრალური წრეზე სინჯების გავლა. - ახლა უკვე თავადაც გაეღიმა თომას.
-ძალიან გამიხარდა. დღეს იქნება სინჯები, მისამართს ჩაგაწერინებ კარგი?
-კარგით.
-ჩაიწერე: ზანდუკელის 25.
-რომელი საათისთვის უნდა მოვიდე?
-დღის სამი საათისთვის. მოგნება წესით არ უნდა გაგიჭირდეს. თუ გაგიჭირდა, დამირეკე და აგიხსნი ან შეგხვდები სადმე კარგი?
-კარგით
-მაშ დროებით.
-დროებით.
თომას გარდა იმისა, რომ ელენე მისი გარეგნობითაც და ხასიათითაც ხიბლავდა, ძალიან მოსწონდა ის, რომ ქალი მას ისე ელაპარაკებოდა, როგორც ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანს და არა ბავშვს.
შუადღის ორი საათისთვის თომამ მომზადება დაიწყო. დიდი და მრავალფეროვანი გარდერობი არასდროს ჰქონია, თუმცა ამჯერად სასურველი ტანსაცმლის არჩევა საკმაოდ გაუჭირდა. ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. საბოლოოდ, მოვარდისფრო, გრძელმკლავიან პერანგზე და ლაპისლაზულისფერ შარვალზე შეჯერდა. წასვლის წინ თმა ოდნავ გაისწორა, დედას მესიჯი მისწერა და გაჩერებისაკენ გაეშურა.
ოქტომბრის სასიამოვნო, მზიანი დღე იყო. არც ძალიან ცხელოდა და არც ძალიან ციოდა. ნაშუადღევს, სანამ სკოლებში პირველი სმენა დამთავრდებოდა, ქალაქიც შედარებით დაცარიელებულიყო და ავტობუსიც, რომლითაც თომა დანიშნულების ადგილამდე უნდა მისულიყო, უჩვეულოდ განიცდიდა ხალხის ნაკლებობას.
მისამართის მიგნება არ გაუჭირდა. აი შესვლა კი ძლივს გაბედა. სამსართულიანი, მოცისფრო-მოთეთრო ფერის შენობა დიდი შესასვლელით. შესასვლელის თავზე კი ასევე დიდი წარწერით - "ლურჯა ცხენები".
შესასვლელ კარზე კიდევ რამდენიმე შემეცნებითი სახის პლაკატი იყო გაკრული. კართან სავარაუდოდ დაცვა იდგა, რომელიც მშვიდად აკვირდებოდა ხმაურიან, ხალხმრავალ ქუჩას შენობის მოპირდაპირედ.
შესასვლელთან მისული ბიჭი დაცვამ შეაჩერა. თომამ მოკლედ აუხსნა სად და რისთვის მიდიოდა. დაცვა, რომელიც აღნაგობით უფრო ვინი პუჰის გაზრდილ, დაკაცებულ ვერსიას ჰგავდა, ბიჭს შენობაში შეუძღვა. შესასვლელი კარიდან რამდენიმე მეტრში ზუსტად ისეთი აპარატები იდგა მეტროში რომ დგას, თუმცა რატომღაც ყველა მათგანი ღია იყო.
მაღალჭერიან შესასვლელში ამ წინაღობის შემდეგ სამი გზა იყო: პირველი და მესამე - აქეთ-იქით ამავალი კიბეები, რომელსაც სავარაუდოდ ამავე დერეფნის მეორე სართული აყავდი. კიბეებს შორის ერთი კარი იყო. თომამ დაცვასთან ერთად სწორედ ამ კარისკენ აიღო გეზი. როგორც აღმოჩნდა, ამ კარს პატარა ეზოში გაყავდი, სადაც პატარა სცენა, ბევრი ხე და სკამები იდგა ბოლოში კი მეორე კარი იყო. დაცვა ამჯერადაც მეორე კარისკენ დაიძრა და დუმილიც დაარღვია:
-აქ როგორ მოხვდი? - გახედა ბიჭს.
შენობაზე და იმაზე, რაც წინ ელოდებოდა ჩაფიქრებული ბიჭი ძლივს მიხვდა, რომ ვიღაც ელაპარაკებოდა და დაბნეულმა უპასუხა:
-სკოლიდან ამარჩიეს.
ბოლო კარს რომ მიადგნენ ზუსტად სამი საათი შესრულდა. როგორც კი დაცვამ კარი გააღო, თომას თვალწინ საკმაოდ საინტერესო სურათი გადაიშალა. საკმაოდ დიდი, მაღალჭერიანი ოთახი თითქმის გავსებულიყო ოცდაათამდე ბავშვით. ბავშვები ერთ მხარეს იყვნენ, მათ მოპირდაპირედ კი სამი მაგიდა, სამი სკამი და სამი ადამიანი იყო. თითოსთან-თითი ბავშვი.
ერთ მხარეს შეკრებილი ბავშვებიდან ზოგი ერთმანეთში საუბრობდა, ზოგი იცინოდა, ზოგსაც კი ნერვიულობა ეტყობოდა. ამ ხალხმრავლობაში თომამ თვალი ნაცნობ სახეს მოკრა და ცოტა დამშვიდდა კიდეც. ბიჭი მაშინვე ელენესკენ დაიძრა, რომელიც მოშორებით მარტო იდგა და ხელში რაღაც ფურცლები ეკავა. ელენემაც შეამჩნია მოახლოვებული თომა და ღიმილით შეეგება:
-გამარჯობა ელენე.
-გამარჯობა თომა, აბა როგორ ხარ, ხომ არ ნერვიულობ?
-სიმართლე რომ გითხრათ კი - ხელი თავზე მოისვა და უხერხულად გაეღიმა.
-ნუ ღელავ, არაფერია სანერვიულო. აი, იმ ბავშვებს ხომ ხედავ, იქეთ გადადი, თუ გინდა დაჯექი. მე შენს სახელს ჩავაწერინებ და შენი ჯერი როცა მოვა დაგიძახებენ კარგი?
-კარგი მადლობა.
-მიდი გაიქეცი.
ბავშვების მასაში გარეულმა თომამ დასაჯდომი ადგილი მოძებნა, დაიკავა და ტელეფონი ამოიღო. დედას მესიჯი და გამოტოვებული ზარი იყო. წარმატებებს უსურვებდა. ბიჭმა მოკლედ მიწერა პასუხი, ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა და ცდილობდა ტესტზე მყოფ ბავშვებს დაკვირვებოდა.
დაახლოებით ათ წუთში თომამ შეამჩნია როგორ უახლოვდებოდა მას შორიდან მომავალი უცნობი ქალი და მიხვდა, რომ მისი ჯერი დგებოდა.
თითქოს მთელი სხეული აუცახცახდაო, თუმცა თავის ხელში აყვანა მოახერხა და ქალს სანახევროდ დაწყნარებული შეეგება:
-აბრამიძე? - წარმოთქვა მის წინ მდგომმა ქალმა.
-ბარამიძე - შეუსწორა თომამ და გაეღიმა. გაღიმების უფლებას ალბათ თავს არც მისცემდა, ქალი რომ ისეთი სასიამოვნო, თითქოს კეთილი გარეგნობის არ ყოფილიყო, როგორიც იყო. ქალმა მოუბოდიშა და თომას გეზი ერთ-ერთი მაგიდისკენ მისცა.
დანიშნულების ადგილამდე მისულმა თომამ მაგიდასთან მჯდომი კაცი, რომელიც მომდევნო წუთების განმავლობაში მას ტესტს ჩაუტარებდა გარეგნულად დაათვალიერა.
დაახლოებით 60 წლამდე პუტკუნა კაცს ულვაშები ჰქონდა მოშვებული და ნარინჯისფერი პერანგი ეცვა. ისიც ისეთივე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორსაც ის ქალი რამდენიმე წამის წინ რომ აქამდე მოაცილა. გონებაში შექმნილი წინასწარი კეთილგანწყობის მიუხედავად თომა მაინც ნერვიულობდა. მაგიდასთან მისულმა კაცმა მისალმება დაასწრო:
-გამარჯობა თომა, მე ფრიდონი ვარ. - ძალიან სახასიათო ხმით წარმოთქვა კაცმა. თითქოს თომას ეს ხმა სადღაც მოესმინა კიდეც.
-გამარჯობა. - თომა ხედავდა, რომ დიალოგის პარალელურად კაცი ხელში დაჭერილ ფურცელს ყურადღებით კითხულობდა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ აკვირდებოდა.
-თომა პირველ რიგში, გთხოვ, რომ ნუ ინერვიულებ. რაც უფრო მეტს ინერვიულებ, მით უფრო გართულდება ყველაფერი, ამიტომაც დამშვიდდი და ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იქნება, კარგი? - კაცმა ისეთი ინტონაციით და გულწრფელი ღიმილით უთხრა, რომ თომაში შიშის და ნერვიულობის გრძნობა მოულოდნელად მართლა გაქრა. კაციც მალევე მიხვდა ამას და განაგრძო:
- პირველ რიგში, მომიყევი თომა ვინ ხარ, რამდენი წლის ხარ და რისი კეთება მოგწონს ყველაზე მეტად.
-მე თომა ბარამიძე ვარ, ჩვიდმეტი წლის. ბევრი რამის კეთება მომწონს. ასე განსაკუთრებულად, არაფერი მიყვარს. ასევე მომწონს კითხვა და ფილმების ყურება.
-თეატრში თუ ყოფილხარ ოდესმე თომა?
-კი, ადრე ბავშვობაში ვიყავით ექსკურსიაზე, მაგრამ ბევრი არაფერი მახსოვს. იმის მერე, მგონი არ ვყოფილვარ. - ბიჭი ისე თავისუფლად ლაპარაკობდა, თითქოს მის გონებაში სიტყვა ნერვიულობა საერთოდ აღარ არსებობდა.
-გასაგებია.. თომა, ახლა მე ფურცელს მოგცემ, სადაც ტექსტი იქნება მოცემული. მინდა, რომ, რაც შეგიძლია მხატვრულად და გამოთქმით წაიკითხო კარგი?
-კარგი. - ცოტა ხნის წინ დავიწყებული ნერვიულობა ისევ დაუმეგობრდა თომას ტვინს და მთლიანად მოიცვა იგი. კაცმა მაგიდაზე დალაგებული რამდენიმე ფურცლიდან ერთი აარჩია და ბიჭს გადააწოდა. ბიჭმა ფურცელი გამოართვა და ზედ "ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე სტროფი დახვდა. მისი ნერვიულობა ამის დანახვამ ერთბაშად გადაფარა (სკოლის გადამკიდე, თომას თითქმის მთელი პოემა ზეპირად ახსოვდა და თანაც საკმაოდ უყვარდა). ახლა მხოლოდ სტროფების გამართულად და მხატვრულად წაკითხვაღა რჩებოდა, რასაც თომა თავს წესით მარტივად გაართმევდა. ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ლექსების კითხვა. მამა ხომ ყოველთვის უკითხავდა და ასწავლიდა ხოლმე...
რამდენიმე შინაარსით ერთმანეთთან კავშირის არმქონე სტროფის წაკითხვის შემდეგ ბატონ ფრიდონს სახეზე სასიამოვნო ღიმილი მოეფინა, რომელიც პოემის მოყოლით გართულ თომას შეუმჩნეველი დარჩა. წაკითხვა რომ დასასრულა, ფურცელი ბატონ ფრიდონს დაუბრუნა და მოთმინებით დაელოდა შემდეგ დავალებას, თუმცა როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი იყო.
-თომა, მთელი ჩვენი დიალოგის მანძილზე ვაკვირდებოდი შენს მეტყველების მანერას, მიმიკებსა და მოძრაობებს. ხომ გახსოვს ნერვიულობაზე რაც გითხარი? ტყუილად არ მითქვამს და შენც კარგად გაითვალისწინე. მხატვრული კითხვითაც საკმაოდ მოვიხიბლე, ეტყობა გიყვარს პოეზია, ასეა?
-დიახ - ძლივს წარმოთქვა ანერვიულებულმა ბიჭმა, რომელიც საცაა კანკალს დაიწყებდა.
-ერთი სიტყვით, მე შენში დავინახე ის, რასაც დიდი შესაძლო განვითარება აქვს, მთავარია მისი გამოყენება. აბა რას მეტყვი, გამოიყენებ შენს შესაძლებლობას?
-რა თქმა უნდა - ბიჭი ახლა უკვე ნამდვილად კანკალებდა.
-მაშინ შემიძლია მოგილოცო. შენ უკვე ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ. ელენეს ხომ იცნობ, ის დაგაკვალიანებს ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით. გილოცავ თომა - კაცი გულწრფელად იღიმოდა.
-ძალიან დიდი მადლობა. - თომა ცოტაც და ჩაეხუტებოდა ამ უცნობ, კეთილ კაცს, რომელმაც რამდენიმე წამის წინ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ბიჭის გახარებას საზღვარი არ ჰქონდა. უკან მობრუნებული სასწრაფოდ ელენესკენ გაეშურა და ქალმაც შორიდან იგრძნო მისი სიხარული, თუმცა მაინც კითხა:
-აბა თომა უნდა მოგილოცო?
-დიახ, ძალიან დიდი მადლობა. - ბიჭი ვეღარ მალავდა სიხარულს.
-კარგი რა, მე რატომ მიხდი მადლობებს. შენი დამსახურებაა. რამდენიმე წუთი დამელოდე, ორი ბავშვიღა დარჩა და დავასრულებთ. სადმე ხომ არ გეჩქარება?
-არა არა.
-ძალიან კარგი. აქ დამელოდე და ახლავე მოვალ. დარჩენილი ბავშვების გამოკითხვამ არც ისე დიდი დრო წაიღო. როგორც თომამ დაასკვნა, მათგან ერთი უარით გაისტუმრეს მეორე გოგო კი დატოვეს. ამასობაში ელენეც დაბრუნდა.
თომასთან დაბრუნებულ ელენეს თან ის ბავშვები ახლდნენ, რომლებმაც ბიჭის ვარაუდით ტესტი წარმატებით ჩააბარეს. ასეც აღმოჩნდა. ბავშვებთან მცირე გასაუბრების შედეგად ელენემ ყველა მათგანი თან წაიყოლა. რამდენიმე დერეფნისა და ერთი სართულის შემდეგ ელენემ ისინი ერთ დიდ კაბინეტში შეიყვანა. კაბინეტამდე მისასვლელად კიდევ ერთი დერეფნის გამოვლა იყო საჭირო, რომელიც სავსე იყო ერთმანეთის მოპირდაპირედ ჩალაგებული ერთნაირი კარებებით. უეჭველია, ეს ელენეს სამუშაო ოთახი უნდა ყოფილიყო.
ოთახს მართკუთხედის ფორმა ჰქონდა, მის ბოლოში ერთი დიდი სამუშაო მაგიდა და სავარძელი იდგა. მაგიდამდე ერთი დიდი კარადა იყო. კარადის ღია თაროებზე რამდენიმე მედალი, ხოლო მის შუაგულში ხის გემის მაკეტი იდგა. კარადის მოპირდაპირედ ცარიელი კედლები შიგადაშიგ სიგელებით იყო დაკომპლექტებული. ელენე სწრაფად გაუყვა მისი სავარძლისკენ მიმავალ გზას, მივიდა, თუმცა არ დამჯდარა და ოთახში მდგომი ბავშვების წინ დაიწყო.
-გამარჯობა კიდევ ერთხელ ბავშვებო. გილოცავთ, როგორც გაიგეთ, თქვენ უკვე „ლურჯა ცხენების“ თეატრალური წრის მოსწავლეები ხართ. მინდა გისურვოთ წარმატებები. მე სათითაოდ დაგირიგებთ გაკვეთილების განრიგს. - უჯრა გამოაღო, რამდენიმე ფურცელი ამოაძვრინა და სათითაოდ გადააწოდა ბავშვებს. - კვირაში გვექნება 3 სწავლება, რომელიც გასტანს ორიდან სამ საათამდე. ამ ფურცლებზე ასევე საბანკო რეკვიზიტებია მოცემული. გადახდის დეტალების შეთანხმება თუ დაგჭირდებათ, დარჩით და ერთად შევათანხმებთ. თქვენი პედაგოგები ბატონი ფრიდონი და ქალბატონი ეთერი იქნებიან. თუ რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ. - ელენემ შეატყო, რომ ბავშვები საკმაოდ ჩუმად იყვნენ და სავარაუდოდ უხერხულობასაც გრძნობდნენ, ამიტომაც მონოლოგი თავად განაგრძო. - ბავშვებო, მომდევნო რამდენიმე თვის ან სულაც, წლის განმავლობაში თქვენ ერთად მოგიწევთ სამსახიობო ხელოვნების შესწავლა. ნუ მორცხვობთ, გაეცანით ერთმანეთს. ან თუ გნებავთ, მე წარმიდგინეთ თქვენი თავები მიუხედავად იმისა, რომ უკვე გიცნობთ და იქნებ ეს უხერხულობა დავძლიოთ კიდეც. - ელენეს ეტყობოდა, რომ გულწრფელად იღიმოდა.
-მე შაკო ვარ, აი ეს დემეტრეა - ჩემი კლასელი და მეგობარი. - უკანა რიგებიდან წამოიწია ერთმა ბიჭმა და ხელით თავისი მეგობარიც წამოწია.
-ძალიან კარგი, სასიამოვნოა შაკო და სასიამოვნოა დემეტრე. - ღიმილით მიუგო ქალმა.
ამასობაში, კარი კაცმა და ქალმა შემოაღეს. ეტყობოდათ, რომ ამდენ ბავშვს არ ელოდნენ და წამით ისეთი შეშინებული სახე მიიღეს, რომ ელენეს კინაღამ სიცილი აუტყდა, თუმცაღა თავი შეიკავა. კარის ხმაზე ბავშვებმა უკან მოიხედეს და თომამ ნაცნობი სახე შენიშნა - ბატონი ფრიდონი. გაუხარდა, რომ ბატონი ფრიდონი მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იქნებოდა.
ფრიდონმა და ეთერიმ ბავშვებს შორის გზა გაიკვლიეს, ელენეს გვერდით ადგილი დაიკავეს და დაიწყეს.
-მოგესალმებით ბავშვებო, პირველ რიგში გილოცავთ აქ მოხვედრას. მე, ფრიდონი და ქალბატონი ეთერი - სამსახიობო ოსტატობით დაუკრა კვერი ქალმა წინ მდგომ ბავშვებს. - თქვენი მასწავლებლები ვიქნებით. თქვენ ჩვენთან ისწავლით სამსახიობო ხელოვნებას, მეტყველებას, მხატვრულ კითხვას და რაც მთავარია ჩაუღრმავდებით შემოქმედებითობის საფუძვლებს. ელენე ალბათ უკვე გაგაცნობდათ ცხრილს, თუმცა დღეს კიდევ რამდენიმე წუთით გვინდა, რომ დაგტოვოთ და განახოთ ის ადგილი, სადაც დაეუფლებით იმას, რის შესახებაც ახლახანს მოგიყევით. ქალბატონი ელენე თუ არ გვიწყენს, ნელ-ნელა დავიძრათ კარგი? - გახედა ელენეს და ქალმაც ღიმილით დაუკრა თავი.
ქალმა და კაცმა ახლა უკან გაიგნეს გზა კარებისაკენ და ამჯერად ბავშვებიც თან წაიყოლეს. გასვლისას ელენეს დროებით დაემშვიდობნენ და გზას გაუდგნენ. ფრიდონი რიგის თავში იდგა ეთერი კი - ბოლოში. ქალბატონმა ეთერიმ გზაზე მიმავალ ბავშვებთან ერთად თავისი მონოლოგი დაიწყო.
-გამარჯობა კიდევ ერთხელ ბავშვებო. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ „მასწავლებელო“, „ქალბატონო“, „ბატონო“ და მსგავსი მიმართვებით ნუ მოგვმართავთ, დაგვიძახეთ სახელები. კარგი იქნება თუ მე ეთოს დამიძახებთ - გაეცინა.
ეთო ორმოცდაათ წლამდე ასაკის ქალი იყო. ასაკის მიუხედავად საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა. მაისურზე ჟაკეტი ჰქონდა შემოცმული, რომელსაც ქვედაბოლოთი აბოლოებდა.
გზაზე მიმავალი ნაკადი ფრიდონმა ოდნავ გაანათლა. მან მოკლედ უამბო ბავშვებს „ლურჯა ცხენების“ შესახებ, როდის დაარსდა, როგორ დაარსდა და ვინც დააარსა, ამასობაში კი სასურველ კარსაც მიადგნენ.
საკეტით ჩაკეტილი კარი ფრიდონმა გასაღებით გააღო და ბავშვებს წინ შეუძღვა. თომას თვალწინ უზარმაზარი ოთახი გადაიშალა. ოთახის ერთ მხარეს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწრივებული რამდენიმე ფანჯარა იყო, ხოლო მათ დაბლა ცენტრალური გათბობის გამათბობლები. მეორე მხარეს ბოლოში კი დაახლოებით იმდენივე „პუჰი“, რამდენიც ბავშვი იყო. ფრიდონი ბავშვებს ეთოსთან ერთად სწორედ ამ „პუჰებისკენ“ გაუძღვა და თავად ხის სკამზე მოკალათდა.
მთელი ამ დროის მანძილზე ეთოსა და ფრიდონის ლაპარაკის გარდა სიჩუმეს მხოლოდ და მხოლოდ შაკოსა და დემეტრეს ჩურჩული არღვევდა. თომას ტვინი კი ათასი აზრით, კითხვითა და ფიქრით იყო გატენილი. მხოლოდ „პუჰებზე“ მოკალათების შემდეგ შეამჩნია დანარჩენი ბავშვები. სხვადასხვა ფერის „პუჰებზე“ თომამ დასაჯდომად წინა რიგში, ცისფერი არჩია და მოკალათდა.
ბავშვების წინ ორივე მასწავლებელმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:
-ბავშვებო, ახლა მგონი დროა, რომ სათითაოდ გავიცნოთ და გაიცნოთ ერთმანეთი. - დაიწყო ეთომ და მხარი აუბა ფრიდონმაც:
-მართალია, მოდი რიგრიგობით მოვუყვეთ და ყველამ მოკლედ მოვყვეთ ჩვენს შესახებ.
რიგის მიხედვით პირველი უკანა რიგში, სულ მარჯვნივ მჯდომი ბიჭი იყო მოზრდილი თმითა და პატარა თითქმის შეუმჩნეველი ულვაშით.
ბიჭი ფეხზე ადგა და დაიწყო:
-გამარჯობა, მე გიორგი ვარ თექვსმეტი წლის. ვსწავლობ.. ჯერ-ჯერობით სკოლაში. - ოდნავ გაეცინა.
-გიორგი, რატომ გადაწყვიტე თეატრალურ წრეზე სწავლის დაწყება? - მიუგო ფრიდონმა.
-ბავშვობიდან მიზიდავს კინო და რავი, მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა.
-კარგი გიორგი მადლობა.
გიორგის მარცხნივ გოგონა იჯდა გრძელი წითელი თმითა და სახეზე - ჭორფლებით. გოგონა ბიჭის სიტყვის დასრულებისთანავე ფეხზე წამოდგა და დაიწყო:
-გამარჯობა, მე სტეფანია მქვია და თექვსმეტი წლის ვარ. - გოგოს აშკარად ნერვიულობა ეტყობოდა. ეთომ შეატყო ეს და ღიმილით უთხრა:
-ნუ ნერვიულობ სტეფანია, აქ სულ მალე ყველა შენი მეგობარი გახდება და ნერვიულობაც სულ მთლად გადაგავიწყდება. ისე ძალიან ლამაზი და უცხო სახელი გქვია.
-მადლობა - გაეღიმა გოგონას და ადგილს დაუბრუნდა.
გოგონას მარცხნივ შაკო და დემეტრე იყვნენ მოკალათებულები და არხეინად წამოდგნენ ერთად ფეხზე:
-ოჰ, თქვენ დუეტში ხართ? - ფრიდონი იაფასიანი ხუმრობით შეეცადა დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვას, ბიჭებმაც სიცილით უპასუხეს და ბავშვების ჯგუფმა ერთხმად გაიცინა.
-გამარჯობა ფრიდონ და ეთო მას. მე დემე ვარ, ეს შაკოა. მე ჩვიდმეტის ვარ, შაკო ჯერ პატარაა - თექვსმეტის. - სიცილით გახედა ბიჭმა შაკოს და მისგანაც კარგი მუჯლუგუნი მიიღო.
-ბიჭებო გიყვართ თეატრი?
-დიახ მას. თეატრში ექსკურსიებზე ისე ტკბილად გვძინავს ხოლმე. - თითქმის ერთხმად უპასუხეს ბიჭებმა.
ფრიდონმა სახე შეიჭმუხნა და ბიჭებს უთხრა:
-შაკო, დემე, სიცილი და გართობა ჩვენც მოგვწონს, თუმცა ზომების ფარგლებში. თეატრს ასე ნუღა დააკნინებთ, კარგი?
-ბოდიშით მას, აღარ განმეორდება. - მიუგო დასერიოზულებულმა და ცოტა დარცხვენილმა შაკომ.
-კარგი ნუ მოიწყინეთ. - გამოუკეთდა ხასიათი კაცს და განაგრძო. - აბა შემდეგი ვინ გვყავს რიგში?
შაკოს და დემეს მარცნივ მჯდომმა გოგონამ გრძელი, ლამის წელამდე ჩაშვებული თმებით პუჰიდან წამოიწია:
-სალამი მე მეგი ვარ, ჩვიდმეტი წლის. მომწონს თეატრი, ამიტომ გადავწყვიტე წრეზე სწავლების დაწყება.
-მშვენიერია, ზუსტი ადგილი შეგირჩევია. - ღიმილით მიუგო ეთომ. - აბა შემდეგი ვინ გვყავს?
„პუჰებმა“ უკვე თომას რიგში გადმოიწია. რატომღაც თანმიმდევრობა აირია და ფეხზე არა პირველ არამედ, მეორე „პუჰზე“ მჯდომმა ვარდისფერმაისურიანმა ბიჭმა წამოიწია:
-გამარჯობა, მე ლადო ვარ თექვსმეტი წლის. სკოლაში შემარჩიეს და აქ ასე მოვხვდი. მინდა, რომ სამსახიობო ხელოვნება შევისწავლო.
-ძალიან კარგი ლადო. - მიუგო ფრიდონმა. -შემდეგი ვინ გვყავს?
ლადოს დაჯდომის შემდეგ, მის ადგილამდე გამოტოვებული პირველ წითელ „პუჰზე“ მჯდარი გოგონა ფეხზე წამოდგა. „კარედ“ შეჭრილი შავი თმები, მოლურჯო ქურთუკი, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელები. ის მგონი ერთადერთი იყო, ვისაც თომა ასე გაფაციცებით დააკვირდა და თითქოს გამოაფხიზლა კიდეც. როგორი ლამაზი იყო.. ასეთი რამ ხომ თომას არასდროს სჩვევია.
-გამარჯობა, მე დეა მქვია და ვარ ჩვიდმეტი წლის. - ოდნავ სიმორცხვით წარმოთქვა გოგონამ. თომას მისი ხმის გაგონებაზე სასიამოვნოდ დაჟრჟროლა. რა სჭირდა თავადაც ვერ ხვდებოდა. თითქოს ამ სხეულმა, ამ სახემ, ამ ხმამ, დეამ, რომელსაც ჯერ არც კი იცნობდა კონტროლი დააკარგვინა.
-აქ როგორ მოხვდი დეა? - ჰკითხა ეთომ.
-აქ.. - დეამ ვარდისფერი ტუჩები დაბნეულობისგან თითქოს შეათამაშა და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა: - სკოლაში იყო ქალბატონი ელგა მოსული „ლურჯა ცხენებიდან“ და მან ამარჩია.
-ძალიან კარგი. თეატრი ან კინო გიყვარს? - ამჯერად ფრიდონი გადავიდა შეკითხვით. ჯანდაბა, ამდენი შეკითხვა ხომ აქამდე არც ერთი ბავშვისთვის არ დაუსვამთ. რატომ მაინც და მაინც დეა?! თითქოს განგებაც თომას წინააღმდეგ წავიდა.
-კი ძალიან მიყვარს კინოხელოვნება და მინდა, რომ თეატრალურ ცოდნასაც დავეუფლო. მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. - დეამ თავი თითქოს კომფორტულად იგრძნო, როდესაც საყვარელ საგანზე ალაპარაკდა და დაძაბულობაც მოეხსნა.
-ძალიან კარგი დეა. მადლობა. შემდეგი ვინ არის?
შემდეგი გოგონა თომას მარცხნივ იჯდა და ფრიდონის კითხვისას ფეხზე წამოიწია:
-მოგესალმებით. - უკვე მსახიობივით ჯერ მასწავლებლებს, შემდეგ კი მოტრიალდა და ბავშვებს მიესალმა. - მე მარიამი ვარ. თექვსმეტი წლის და ძალიან მიყვარს თეატრი. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და როგორც იქნა ჩემს სურვილს ვისრულებ.
-ძალიან სასიამოვნოა მარიამ, შემართება ნამდვილად გეტყობა - ღიმილით მიუგო ეთომ - მადლობა.
-მგონი ბოლოშიც გავედით. შემდეგი ვინ არის?
თომას ჯერი დადგა. სხვა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ყოფილიყო ეს ოღონდ ახლა არა. ბიჭი დეასეული გაბრუებისგან ჯერაც ვერ გამოსულიყო და ტანჯავდა მისკენ გახედვის, ერთხელაც დანახვის სურვილი. ახლა კი ფეხზე უნდა ამდგარიყო და მოკლედ ეამბო თავისი თავის შესახებ.
ფრიდონის ხმაზე ისედაც დაბნეული ბიჭი კიდევ უფრო დაიბნა, მერე წამოიწია ცისფერი „პუჰიდან“, რომელიც დაბნეულობის ფონზე უზარმაზარად ეჩვენებოდა, ფეხზე წამოდგა და დაიწყო:
-გაა.. გამარჯობა. მე თომა ვარ ჩვიდმეტი წლის. - ბიჭი სადაცაა ოფლად დაიღვრებოდა.
-სასიამოვნოა თომა, მოგვიყევი როგორ მოხვდი აქ? - ისე ჰკითხა ფრიდონმა, თითქოს ორიოდე საათის წინ მაგიდასთან უკვე არ გაეცნო ბიჭი და არ გაეგო მცირეოდენი მის შესახებ.
-სკოლიდან ამარჩიეს, ქალბ.. ელენე იყო მოსული „ლურჯა ცხენებიდან“ და მე შემარჩია.
-და შენ თუ შეარჩიე თეატრალური წრე? - ღიმილით ჰკითხა ეთომ.
-ბევრი ვიფიქრე ამაზე და გადავწყვიტე, რომ მსურდა სამსახიობო ხელოვნების სწავლა. - თომას თავადაც გაუკვირდა როგორ შეძლო დაბნეულობის ფონზე, ამდენი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა და შემდეგ წარმოთქმა.
-ძალიან კარგი. - ცოტახნიანი პაუზა აიღო ფრიდონმა, შემდეგ კი გააგრძელა. - ბავშვებო, მგონი დღეისათვის საკმარისია. ერთმანეთი გაიცანით, გავიცანით და ალბათ დაიღალეთ კიდეც. ცხრილები გაქვთ, თუმცა მაინც შეგახსენებთ: პირველი გაკვეთილი გვექნება ორ დღეში - ხუთშაბათს, ოთხ საათზე. კარგი?
ბავშვებიდან ზოგი ჩუმად, ზოგი კი ხმამაღლა დაეთანხმა.
-აბა დროებით ბავშვებო. - უთხრა თითქმის ბოლომდე აბარგებულ ბავშვებს ეთომ და შემდეგ ფრიდონმა განაგრძო:
-გასასვლელს ხომ მიაგნებთ?
-დიახ მას. - ერთხმად მიუგო შაკომ და დემეტრემ.
დამშვიდობების შემდეგ კარებისკენ მიმავალ გზას ბავშვები არეული თანმიმდევრობით გაუყვნენ. თომას უკან მხოლოდ შაკო, დემეტრე და გიორგი მოსდევდა, რომელიც ბიჭებს როგორც ჩანს, უკვე გაუცნიათ. თომას თვალები ახლა მხოლოდ დეას ზურგს ეძებდა ბავშვების გროვაში. კარებიდან რომ გავიდა, მერეღა მიხვდა, რომ დეამ გაასწრო. აღარ მიეცა მისი დანახვის კიდევ ერთი შანსი. დერეფანს დანაღვლიანებული გაუყვა, როცა ზურგზე ვიღაცამ ხელი მსუბუქად წამოარტყა. დემე იყო, თომას უცინოდა და ორიოდე ნაბიჯის მოშორებით მდგარ ბიჭებს წინ გამოქცეოდა:
-გაუმარჯოს, თომა ჰო? - ღიმილით ჰკითხა ბიჭმა.
-გამარჯობა, კი თომა. -ჩვეენ ალბათ უკვე გვიცნობ. ეს შაკოა, მე დემე, აი ის კიდევ გიორგია. ისიც ახლა გავიცანით.
-სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც. - უკნიდან დაუძახეს შაკომ და გიორგიმ, რომლებსაც უკვე ეტყობოდათ, რომ საერთო ენა მარტივად გამონახეს.
-სად ცხოვრობ თომა? იქნებ ერთი გზა გვაქვს, თან ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ.
-მე ჭავჭავაძეზე, თქვენ?
-შაკო ვარკეთილში ცხოვრობს, მე ვაზისუბანში, აი გიორგი კი ლოტკინზე.
-როგორც ჩანს ერთი გზა არ გვქონია.
-არაუშავს - ოთხეული ახლა უკვე გაერთიანდა და შენობიდან გამავალ გზას ერთად გაუყვა. - მაინც ბევრი დრო გვექნება ერთმანეთის გასაცნობად. - გაეცინა დემეს.
ამ მოულოდნელმა დიალოგმა თომას ფიქრები დეაზე თითქმის ჩაახშო. ახლადგაცნობილ ბიჭებთან ერთად შენობას გასასვლელისკენ მიუყვებოდა და ისეთ ინფორმაციას უცვლიდა, როგორიც სკოლა, რომელშიც სწავლობდა, საყვარელი ფეხბურთელი ან ფეხბურთის გუნდი იყო. მოსწონდა ახლადგაცნობილ ბიჭებთან ერთად სიცილიც და ფიქრობდა, რომ უეჭველად დაუმეგობრდებოდა. შენობიდან გასვლამდე გაირკვა, რომ გასვლის შემდეგ ბიჭების გზები იყოფოდა, ამიტომაც ორიოდე წუთი ფოიეში გაჩერდნენ ფეისბუქების გასაცვლელად.
ტელეფონი ჯიბიდან რომ ამოიღო მერეღა გაახსენდა თომას დედას მესიჯებზე და გამოტოვებულ ზარებზე, ბიჭებთან დამშვიდობების შემდეგ ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალმა კი დაურეკა:
-დე, როგორ ხარ. ვნერვიულობდი.
-კარგად შენ? - ბიჭს ღიმილზე შეეტყო, რომ სასიხარულო ამბის ცნობას აპირებდა.
-უკვე კარგად. რა ქენი აბა როგორ ჩაიარა?
-მომილოცე, თეატრალური წრის სინჯები წარმატებით გავიარე. - სიცილნარევი ღიმილით უთხრა ბიჭმა.
-გილოცავ დე, რა მაგარია. ძალიან გამიხარდა. მისმინე ეგ "ლურჯა ცხენები" ზანდუკელზეა ჰო?
-კი ზანდუკელზე.
-დე მაშინ სამსახურიდან მოვდივარ და გამოგივლი ბარემ კარგი? სამი წუთიც არ დამჭირდება. -კარგი მაშინ რაღაც ბაღია აქვე და იქ დაგელოდები.
-მიდი დე.
ყურმილი დაკიდა და სკოლიდან ათიოდე მეტრით დაშორებული ბაღის შესასვლელში დადგა. დეაზე აღარ ფიქრობდა. მგონი ეს უბრალოდ აღტაცება ან დიდი შთაბეჭდილება უფრო იყო, ვიდრე მეტი.
ელენე მართლაც ორ წუთში გაჩნდა ბაღთან და ბიჭი მანქანაში ჩაისვა.
-გილოცავ დე კიდევ ერთხელ, ჩემი ყოჩაღი ბიჭი. - შუბლზე აკოცა ქალმა და მანქანა დაძრა. -მადლობა დე. -ახლა არაფერს გკითხავ დაღლილი იქნები, სახლში რომ მივალთ დაისვენე და ვახშმისას მომიყევი ყველაფერი კარგი?
-კარგი.
თომას სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. თითქმის იდეალური დღე ჰქონდა. ელენემ თომას საყვარელი სიმღერა - "Oscar and The Wolf - You're Mine" ჩართო, როცა თომა სახეზე წამიერად გაფითრდა.
მოძრავი მანქანის ფანჯრიდან ავტობუსის გაჩერებაზე თომას თვალებმა დეა დაინახა. ის გრძნობა, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის წინ გოგონას პირველად დანახვისას განიცადა, განმეორდა. ორიოდე წამი, როდესაც გზაზე მიმავალმა მანქანამ გაჩერებას ჩაუარა თომასთვის საუკუნედ გაიწელა. დეას თმა, თვალები, ტუჩები და მთლიანად ის, თომას საყვარელი სიმღერის ფონზე. "You're lonely Sending a mayday And it's cause you're mine So rise it I lost you'll be alright" - დეას ფონზე. თომას თავი ასე არასდროს, არსად არ უგრძვნია. სახლისაკენ მიმავალ თხუთმეტ წუთიან გზას, სახლამდე ამავალ კიბეებს, სახლის კარებსა და დამღლელი დღის შემდეგ შინ დაბრუნებას თომასთვის აზრი დაკარგული ჰქონდა. ბიჭი თითქოს იმ მომენტში, იმ წამში დარჩა.
ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოვიდა, როცა ვახშმისას დედამ სამჯერ დასმული შეკითხვა მეოთხედ გაუმეორა, თუმცა ამჯერად შედარებით ხმამაღლა:
-რა გჭირს დე, ხო კარგად ხარ?
-კ.. კი კარგად ვარ. - ბიჭს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ეს წუთია გაიღვიძა.
-მგონი შენზე დღევანდელმა დღემ განსაკუთრებულად იმოქმედა. მომიყვები რა და როგორ იყო?
თომა როგორც იქნა გამოფხიზლდა და რამდენიმეწუთიანი მონოლოგით დედას თავიდან-ბოლომდე მოუყვა ყველაფერი.
ვახშმის შემდეგ კოტეს მიწერა. ჯერ მისგან გაკვეთილები ჩაინიშნა, შემდეგ კი ზუსტად იგივე უამბო, რაც დედას.
მეცადინეობის შემდეგ ფეისბუქზე ახალდამატებული მეგობრების პროფილები დაათვალიერა. შაკოს და დემეს ყველა ფოტო ერთად ჰქონდათ გადაღებული. უეჭველი იყო, რომ ისინი დიდი ხნის განუყრელი მეგობრები იყვნენ. თომამ მათ შემდეგ გიორგის პროფილიც მოინახულა. როგორც ჩანს, გიორგი გიჟდებოდა ნირვანაზე და მის შემოქმედებაზე. 30 ატვირთული ფოტოდან 28 სწორედ ამერიკული როკ-ბენდის იყო დანარჩენი ორი კი - თავისი.
ბიჭების პროფილების დათვალიერება რომ დაასრულა დეას მოძებნა სცადა. რა გვარი აღარ მოუფიქრა, რა ენაზე აღარ ეძება, თუმცა ვერადავერ იპოვა და დასაძინებლად დაწვა..



№1 სტუმარი ano

cmn ra kargobaaa????

 


№2  offline წევრი ეკე

ano
cmn ra kargobaaa????

⭐ <3

 


№3 სტუმარი ზღარბი

ძალიან საინტერესოა!????

 


№4  offline წევრი ეკე

ზღარბი
ძალიან საინტერესოა!????

ძალიან მიხარია, თუ ასე ფიქრობთ ⭐

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent