შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 3)


2-02-2021, 16:58
ავტორი Melice
ნანახია 3 071

მობილური აპლიკაციის მეშვეობით ვიპოვე კაფე, სადაც იოანეს უნდა შევხვედროდი. უნივერსიტეტთან ახლოს იყო და ფეხით გასეირნება გადავწყვიტე.
მივდიოდი და ბრაზი მახრჩობდა, ყველაზე საოცარი ის იყო, რომ საკუთარ თავს უფრო ვკიცხავდი ვიდრე საბას. უფლება მივეცი, რომ ეთამაშა და ფანტასტიკურად გამოიყენა ეს შესაძლებლობა.
გამჭვირვალე კარი შევაღე და ნათელ დარბაზს თვალი მოვავლე. იოანეს ქერა თავი შორიდანვე დავლანდე.
- როგორ ხარ? - ხის კოხტა სკამის საზურგეზე ჩანთა გადავკიდე, ჩამოვჯექი და მოსასხამი მხრებიდან ჩამოვიცურე.
- არაჩვეულებრივად! - ჩვეულებისამებრ გამხიარულდა. - დაიღალე?
- საკმაოდ, მაგრამ არაუშავს.
- რას დალევ? - თხელი მენიუ გამომიცურა.
ცხელი სასმელების ჩამონათვალს გადავხედე.
- ჩაი, პიტნით.

თვითონ თურქული ყავა შეუკვეთა, ნახევარ საათზე მეტ ხანს ვსაუბრობდით, ვუსმენდი და მხოლოდ საბას სიტყვები ჩამესმოდა „ამაზე იფიქრებ, როცა მას შეხვდები!..“
- ლიტა, ხომ მოხვალ? - იოანემ ხელი თვალებთან ამიფრიალა და დედამიწაზე დავეშვი.
- ბოდიში, ჩავფიქრდი... - აზრის მოსაკრებად თავი გავაქნიე. - რას ამბობდი?
- ჩემი დაბადების დღეა ზეგ. - უხერხულად გაიღიმა, მე კი გულში შევიკურთხე.
- რა თქმა უნდა, მოვალ!
- შენგან მხოლოდ ერთ საჩუქარს მივიღებ. - ცისფერ თვალებში მზეებმა გამოანათეს. - რამე უნდა მიმღერო.
- ისედაც გიმღერებდი. - გამეცინა და გაგრილებული ჩაი მოვსვი.


თათია სახლში დამხვდა. შიმშილისგან თვალები მებინდებოდა და როცა სამზარეულოს მაგიდაზე პიცა დავინახე, ლამის ჭკუიდან გადავედი.
- სიკვდილისგან მიხსენი! - პირველი ნაჭერი ფეხზე მდგომმა გადავსანსლე.
- საჭმლის მომზადება არ ვიცი, სამაგიეროდ ყიდვა მეხერხება. - გაღიმება სცადა, მაგრამ დასიებული თვალების გარდა ვერაფერი შევნიშნე.
- ელაპარაკე?
- დავშორდით... - სახეზე ხელები აიფარა და სკამზე დაეშვა.
ვიდექი, ლუკმა ყელში მქონდა გაჩხერილი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
- ყველაფერი დალაგდება, არ ინერვიულო.
- ბავშვობიდან მიყვარს... - ხელები სახიდან მოიშორა ფანჯრის მიღმა აზიდულ კორპუსებს დააკვირდა. - დღემდე ეს გრძნობა არ შეცვლილა და თუ აღარასდროს შევრიგდებით, მთელი ცხოვრება უბედური ვიქნები.
- ნუ გამოგაქვს ასეთი საშინელი დასკვნები. ჭკვიანი ხარ, ლამაზი, საოცნებო უნივერსიტეტში სწავლობ სრული დაფინანსებით, ორივე მშობელი გყავს... - ბოლოს ხმა გამებზარა და გავჩუმდი.
- ფიქრობ, რომ ბედნიერებისთვის საკმარისია? - ჩაწითლებული თვალები გამისწორა.
- სრულიად. - თითქმის ვუყვირე. - ახლა ადექი, პირი დაიბანე და სწრაფად იმეცადინე, საღამოს რამეს ვუყუროთ.
ჩემდა გასაკვირად დამიჯერა და სააბაზანოში გაიქცა. სინდისის ქენჯნას მთელი არსებით ვგრძნობდი.
მოვატყუე...
თითოეულ ადამიანს ბედნიერების განსხვავებული განსაზღვრება აქვს. ვისთვის კარიერაა ჭეშმარიტი ბედნიერების მომტანი, ვისთვის - სხვა ადამიანი. მე მუსიკა მიხორცებდა ნაადრევად დაჭრილ ფრთებს, ვიღაც ცეკვაში პოულობდა სიმშვიდეს. თათიასთვის კი ნიკა იყო, მისი ბავშვობის სიყვარული. ამ სიყვარულით გაიზარდა, შეეჩვია, შეისისხლხორცა და მის გარეშე თავს არასრულყოფილად გრძნობდა, ეს ვიცოდი.
ვიცოდი, და მაინც ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის.


გვიანობამდე იზუთხავდა ბიზნესის ადმინისტრირების რამოდენიმე თავს, შესაბამისად ფილმის საყურებელი ენერგია აღარ შერჩა და დასაძინებლად ნაადრევად დაწვა.
ცხელი შოკოლადი გავამზადე, თბილი ხალათი შემოვიცვი და აივანს მივაშურე. სარწეველა სკამში ვიყავი ჩაფლული, შოკოლადის არომატი სიმყუდროვის შეგრძნებას მიღრმავებდა და ყვითელ მთვარეს თვალს არ ვაცილებდი.

მეორე დღემ სრული აჟიოტაჟით ჩაიარა, სამი ქვიზი დავწერე და ერთიანად გავნადგურდი.
თათიას თვალები უფრო მეწამული გახდა, ყურადღების სწავლაზე გადატანას ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდიოდა.
საღამოს ისევ ბარისკენ ავიღე გეზი.
პარასკევი იყო, დარბაზი - ხალხით გადატენილი.
ბატონი ლადო კმაყოფილი სახით აბოლებდა სიგარას, როგორც კი თვალი მომკრა თავი ოდნავ დამიკრა და გამიღიმა. მეც თავაზიანი ღიმილით ვუპასუხე და კოლეგებისკენ გავწიე.
- მინიმუმ თხუთმეტი ბიჭი იყო მოსული, ლილიტი ხომ იქნებაო. - მაშინვე მახარა გიომ და სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეფინა.
- შემარგე ჩემი პატარა ფანკლუბი! - მის აჟიტირებაზე გამეცინა, გიტარას ფრთხილად შემოვაცალე ჩიხოლი.
- მიდი, შენ გახსენი საღამო. - გიგამ ჩვეული სერიოზულობით გამომხედა.
- მე? - პანიკის ზღვარზე ვიყავი, სცენაზე პირველი არასდროს გავსულვარ.
- მიდი, შეგიძლია. - მართამაც შემაგულიანა. - აპარატურა უკვე გამართულია.
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მაღალ სკამზე მოვთავსდი. სავსე დარბაზს გავხედე და გამახსენდა, რომ ჯერ მისალმება იყო საჭირო.
- საღამო მშვიდობისა, გმადლობთ, რომ თქვენს ძვირფას დროს ჩვენთან ატარებთ. - იმ წამს მოფიქრებული ტექსტი წარმოვთქვი და როცა ყველა გაისუსა, საოცარი კმაყოფილება ვიგრძენი. თვალები მსუბუქად დავხუჭე.
- „ ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა,
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს
და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად...“

როგორც კი მაგიდას დავუბრუნდი, რამოდენიმე მსმენელი მოვიდა კომპლიმენტის სათქმელად, ეს იყო მაგიური ძალა... თითქოს ენერიას მიზიარებდნენ და უფრო ვძლიერდებოდი.

ბოლო სიმღერისთვის ვემზადებოდი. მართალია, გიგამ ჩარკვიანის რეპერტუარი მირჩია, მაგრამ შესაფერისი გრძნობა ვერ გამოვუნახე და ახლაც გონებაში „ვერხვების“ აკორდებს ვიმეორებდი.

სკამზე დავჯექი, მიკროფონი სულ ახლოს მოვწიე და უკვე თვალების დახუჭვას ვაპირებდი, როცა ნაცნობ ზღვებზე მზერა გამიშეშდა. გული ისე ამიჩქარდა, თითქოს ერთი კილომეტრი გამერბინოს.
საბა ბარის დახლთან იდგა, ნისლივით გაფანტული თამბაქოს კვამლი ხელს ვერ მიშლიდა, რომ მისი სახის თითოეული ნაკვთი სრულყოფილად შემეთვალიერებინა.
მიყურებდა და ძლივსშესანჩნევი ღიმილი იმ ბაგეს უპობდა, რომლის გემოც უკვე ვიცოდი.
მომენტალურად შევცვალე პირველივე აკორდი.
თვალის დახუჭვა არ მინდოდა, მაგრამ შემეშინდა უარესად არ დავბნეულიყავი.
- „ვიცი, ისევ უსწრებ დროს,
მოხვედი, მაგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას.
შენ აქ ხარ...
შენ აქ ხარ...
შენ აქ ხარ...
შენ აქ ხარ, ჩემთან...“

ყველაზე ხმაურიანი აბლოდისმენტები სწორედ ამ ნამღერს მოჰყვა. ქუთუთოები გაუბედავად ავწიე. აღარ იყო...

იატაკზე გაშლილ ჩიხოლში გიტარა ფრთხილად ჩავდე და ელვა სწრაფად შევუკარი.
- ავტოგრაფი შეიძლება? - მის ხმაზე წამით გონება დამებინდა, მაგრამ მხოლოდ წამით.
- სალაპარაკო გვაქვს. - განუყრელი ინსტრუმენტის თანხლებით წამოვდექი და თვალებში მტკიცედ ჩავხედე.

დახუთულობიდან სიგრილეში გამოსვლა საშინლად მესიამოვნა. საბაც ფეხდაფეხ მომყვებოდა. როგორც კი ბარს ოდნავ გავცდით, მივუტრიალდი.
- აღარასდროს გაბედო ჩემთან მოახლოება! - სიბრაზისგან ტუჩები მოვკუმე და საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად მოვუქნიე.
- ვითომ, რატომ? - ოდნავ გადმოიხარა და ისევ დამცინავი ღიმილი აიკრა სახეზე.
- ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს...
- კოცნის გამო ბრაზობ? - წარბი ცინიკურად აწკიპა. - აღარც კი მახსოვდა.
- თავი შორს დაიჭირე!..
- ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს შენი მოუშორებელი თაყვანისმცემელი ვიყო! - მკლავში ხელი ძლიერად წამავლო და მისკენ მიბიძგა.
მოხრილი იდაყვი დიაფრაგმაზე დავუმიზნე და ძლიერად ჩავარტყი. იმოქმედა, ხელი მაშინვე გამიშვა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ეცადა არ შემჩნეოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეტკინა და გაუკვირდა კიდეც.
- სხვას ეთამაშე, რადგან ჩემთან წააგებ. - ღვედი მხარზე შევისწორე და ვიწრო ქუჩა გადავკვეთე. ეზოების გავლით ჩემს კორპუსთან აღმოვჩნდი. მხოლოდ ლიფტის კაბინაში შევძელი თავისუფლად ამოსუნთქვა.
ვხვდებოდი, რომ დაფიქრება და მოვლენების გადახარშვა მჭირდებოდა, მაგრამ ამაზე ახლა ვერ ვერ ვიფიქრებდი.
წყალი სწრაფად გადავივლე და საძინებელში ფეხაკრებით შევიპარე. თათიას უკვე ეძინა, საპირისპირო მიმართულებით დავწექი და ფეხები კედელზე ავხიდე. სისხლის მოძრაობა ვიგრძენი, დავამთქნარე, ფილტვები გამინთავისუფლდა და თვალებში ბურანი ჩამისახლდა.

მეორე სემესტრიდან საგნები და განრიგი ჩვენ თვითონ უნდა შეგვერჩია, ამჯერად კი პირველი სემესტრის პასუხისმგებლობა მთლიანად უნივერსიტეტის კისერზე იყო და ჩემდა საბედნიეროდ შედგენილი გრაფიკი სკოლას მაგონებდა, შაბათ-კვირას ვისვენებდით.
გვიანობამდე მეძინა და როცა თვალები გავახილე, ზედმეტი ძილისგან თავის სუსტ ტკივილს ვგრძნობდი.
თათა აივანზე ვიპოვე, ჩემსავით მოსწონდა ყვავილებისგან მოტანილი სიმყუდროვე და დაფენილი, უძლური მზის სხივები.
- დღეს რას აპირებ? - გავიზმორე და მთელი სხეული სასიამოვნოდ დამეჭიმა.
- არაფერს, ვიმეცადინებ... - მხრები უღონოდ აიჩეჩა.
- იოანეს დაბადების დღეზე მივდივარ საღამოს, წამოდი და ცოტას გავერთობით.
- უხერხული არ იქნება? - გვერდულად გამომხედა, თუმცა სახე გაუნათდა და მივხვდი, სწორედ შესაბამისი გასართობი ვიპოვე.
- არანაირად! - მოკლედ მოვუჭერი.

საჩუქრის საყიდლად შორს წასვლა არ დაგვჭირვებია, პეტრიწის ქუჩაზე ვიპოვეთ მოზრდილი მაღაზია და გრძლევადიანი ბჭობის შედეგად შევარჩიეთ კიდეც.
ეს იყო ტყავის ბრტყელი სამაჯური, შუაგულში საქართველოს ტერიტორიის გარშემოწერილობა ამოექარგათ, ქალაქ ქუთაისთან კი გული ეხატა. თბილისში გადმოხვეწილი ქუთაისელი სტუდენტისთვის მართლაც შესანიშნავ საჩუქრად ჩავთვალეთ.
თათია დიდი გულმოდგინებით ემზადებოდა, მაიძულა თავისი კაბა ჩამეცვა და როცა საბოლოოდ დავთანხმდი ახალი ხუშტურებიც გამოავლინა. ვუყურებდი ერთიანად გამოცოცხლებულს და მიხაროდა, არაფერზე დავიხევდი უკან, ოღონდ ეს ღიმილი დიდხანს შეენარჩუნებინა.
შესაბამისად, თავისი ხელით გამიკეთა მაკიაჟი და თმის გასასწორებელი უთოს უცნაური მოძრაობით გრძელი ტალღები გაშლილ კულულებად აქცია.
- ამას არ ჩავიცვამ. - წინააღმდეგობა პირველად გავუწიე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მრისხანებით დავხედე.
- რესტორანში მივდივართ და კაბა გაცვია! - დამიცაცხანა და სახე მოეღრუბლა. საკუთარ ანარეკლს შევხედე.
თათიას მოკლე კაბა მე უფრო მოკლედ მქონდა, ეს საშინელი დისკომფორტი იყო, რადგან გამუდმებით უნდოდა მეკონტროლებინა ჯდომის მანერა. წელზე მჭიდროდ მეკვროდა, ანუ გემრიელად ვერ შევჭამდი.
მაინც კმაყოფილი ვიყავი სარკეში ნანახი ორეულით. შავი ბარხატის ნაჭერი სინაზის შეგრძნებას მიტოვებდა, გრძელი მკლავები ისე ერწყმოდა კაბას, რომ ლავიწები და მხრები მოშიშვლებული დარჩენილიყო. ამ სამოსისთვის თავის გაწირვაც შეიძლებოდა.
ოხვრით ჩავიცვი ფეხსაცმელი და შესაჩვევად ოთახში გავიარ-გამოვიარე.
- ყველაზე ლამაზები ვიქნებით! - თავისი ნახელავით კმაყოფილი ერთ ადგილას დახტოდა და მიხაროდა, რადგან მისი თვალებში მეწამულის კვალიც აღარსად იყო.
რესტორანი სანაპიროს ქუჩაზე მდებარეობდა. კიბის რამოდენიმე საფეხური ავიარეთ და მცირე შესასვლელს როგორც კი გავცდით ღია კარიდან ვრცელ დარბაზში შევაბიჯეთ.
გაშლილ მაგიდებთან ხალხი ირეოდა.
- იოანეს სახელზე რომელი მაგიდაა? - ახალგაზრდა ბიჭი გავაჩერე, რომელიც მიმტანებს მითითებებს აძლევდა.
- ახლავე ვნახავ. - ორივე შეგვათვალიერა და პატარა ბლოკნოტს დახედა. - გამომყევით.
უსიტყვოდ ავედევნეთ, დარბაზის დიდ ნაწილს გავცდით და სცენასთან ყველაზე ახლო მაგიდასთან აღმოვჩნდით. სასოწარკვეთილმა შევათვალიერე ხმის გიგანტური გამაძლიერებლები. ყველა ადგილზე იყო, მაგიდის სათავეში მოკალათებულ იოანეს თვალი მოვკარი და ხელი დავუქნიე.
თათია არ დაუპატიჯებია, მაგრამ წინასწარ გავაფრთხილე და მის გვერდით ცარიელად დატოვებული ორი ადგილის შემჩნევისას მივხვდი, რომ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა.
- დაგაგვიანდათ, მაგრამ ისეთი ლამაზები ხართ, ვერაფერს ვამბობ! - ფეხზე წამოდგა და ორივეს გადაგვეხვია. სათითაოდ მივულოცეთ და პატარა საჩუქარიც გადავეცით.
- ჩემს საჩუქარს მერე გიმღერებ. - თადარიგი დავიჭერე. - აქ არამგონია ამის უფლება მოგვცენ.
- მაშინ ორს მიმღერებ! - მის გვერდით ცარიელი სკამი გამოსწია.
სიტუაცია წამის მეასედში გავაანალიზე, მერჩივნა თათია ორ ნაცნობს შორის მჯდარიყო, რომ არ მოეწყინა. თუ იოანე საუბარს გამიბამდა არ მინდოდა თავი გარიყულად ეგრძნო.
ასე აღმოვჩნდი თათიასა და უცნობს შორის.
- დაჩი. - ხელი გამომიწოდა და შავ თვალებში ვარსკვლავები აუთამაშდა.
- ლიტა. - საკუთარი მსუბუქად შევაგებე და გავუღიმე.

მხიარული საღამო იყო. თხუთმედამტე სტუმრიდან ოცდახუთ წელზე მეტის არცერთი იქნებოდა. თეთრი ღვინით სავსე დოქები მიყოლებით იცლებოდა და შიშით შევყურებდი თათას გაღვიძებულ მადას, უფრო მეტად მის ხელში შეთამაშებული მობილური მაფრთხობდა. გადავწყვიტე, სრული სიფხიზლე შემენარჩუნებინა.
სამიოდე საათის შემდეგ ორივე ყურში გამუდმებული წუილის ხმა ჩამესმოდა. მუსიკა წამით არ წყდებოდა და მივხვდი, რომ ნასვამი ადამიანი გაცილებით კარგად ერთობა.
ნელი ვალსი გაისმა და თათიას სახე ერთიანად მოუდუნდა. იოანეს მაშინვე ვანიშნე, საცეკვაოდ გაეყვანა და რამოდენიმე წამის შემდეგ უკვე მოცეკვავე წყვილებს შორის ირწეოდნენ.
- ჩვენც ვიცეკვოთ, თორემ თავი გიჟების წვეულებაზე მგონია. - დაჩის ხმა მომესმა და მივუტრიალდი.
უნდა ითქვას, საკმაოდ მიმზიდველი იყო. ნახშირივით შავ თვალებზე უკუნეთი ფარდასავით ეკიდა წამწამები, ნებისმიერ გოგოს რომ შეშურდებოდა ისეთი სიგრძის.
- კარგი, მაგრამ ფეხი თუ დაგაბიჯე, ძალიან არ შეიმჩნიო. - სიცილით წამოვდექი და მოხრილ მკლავზე ჩავეჭიდე.

ხელი ფრთხილად მომხვია და მხრებში გაიშალა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წყალობით თითქმის ვუტოლდებოდი.
- მობილურის ნომერს თუ დამიტოვებ, ცეკვას უკეთესად გასწავლი. - რესტორნის განათება თვალებში ერეკლებოდა.
- გრაფიკს გადავხედავ და დავფიქრდები. - სერიოზული სახით ვუპასუხე, მაგრამ გაეცინა.
- თანხმობის შემთხვევაში როგორ დამიკავშირდები? - ყორნის ფრთასავით გაფრენილი წარბი ასწია.
- გიჟების წვეულების ორგანიზატორს ვკითხავ.
იოანესკენ მივუთითე და თვალები შუბლზე გადამეჭიმა. თათიასა და იოანეს შორის ნიკა გახიდულიყო და რაღაცას უხსნიდა.
- ლიტა, მივდივართ! - საბას ხმამ საერთოდ გაოგნების ყველა საფეხურს გადამაფრინა. დაჩის მხრებს მკლავები მოვაშორე, მაგრამ ჩემს წელზე შემოხვეული ხელი პოზიციას არ თმობდა.
- ყველაფერი რიგზეა? - დაბნეული ორმოები მომაპყრო და საბა ამრეზით შეათვალიერა.
- ახლავე მოვალ. - თავი გავინთავისუფლე და თათიასკენ გავწიე.
ნიკა ისევ შუაში იყო გაჩხერილი და ერთიანად დაძარღვული ყელით საუბრობდა.
- რა ხდება? - თათიას გვერდით დავუდექი და ნიკას გამკიცხავად ჩავხედე თვალებში.
- მივდივართ. - ხელი წაავლო და გასასვლელისკენ გააქანა. თათიას უმოქმედობამ ნერვის ბოლოები შემირხია.
- შენც მოდიხარ. - საბამ ორი პატარა ხელჩანთა გამომიწოდა.
- ასე უბრალოდ ვერ მოხვალთ და გოგონებს ვერ წაიყვანთ! - იოანე წინ გადამეფარა. სეირის მოყვარულ საზოგადოებას თვალი მომავავლე და რესტორნის დაცვა დავლანდე.
- სწორედ მაგას ვაკეთებ! - საბამ ცინიკური ღიმილი დაუბრუნა და შევამჩნიე როგორ შეკრა მუშტი.
- იო, მოგვიანებით შეგეხმიანები. - ხელჩანთები საბას გამოვგლიჯე. - თათიას უნდა მივხედო.
დამუხტული ჰაერი გაიფანტა, დარბაზის ბოლოსკენ მივკაკუნობდი, როცა წელზე ხელის შეცურება ვიგრძენი. მარტივი მოძრაობით გავაშვებინე და ამღვრეულ ზღვებს თვალი გავუსწორე.
- ზედმეტების გარეშე!..
პასუხად ისევ ცინიზმით სავსე გამომეტყველება მოიშველია. მოთმინების ყველა ღვთაება ვიხმე, კბილი კბილს დააჭირე და ვიწრო გასასვლელიდან ღამის სიგრილეს შევეჩეხე.
პარკინგზე ნაცნობი მანქანა ვერ შევნიშნე. თავში უამრავი საშინელი აზრი მომივიდა.
- სად არიან? - მობილურს დავწვდი და თათიას დავურეკე, მეორე ჩანთიდან მელოდიური ვიბრირება ვიგრძენი.
- მანქანასთან უნდა შევხვედროდით, ნიკას დავურეკავ. - სახე ერთიანად წაშლილი ჰქონდა, გაშეშებული ვიდექი და ნერვიულობისგან ძლივს გაზრდილ ფრჩხილებს ვანადგურებდი. ბოლოს მობილური ყურს მოაშორა და თვალი გამისწორა. - სახლში შევამოწმოთ, იქნებ იქ არიან...
- სახლში წასვლა რომ სდომოდათ, დაგველოდებოდნენ. მანქანიანად კიარ აორთქლდებოდნენ... - სრულ სასოწარკვეთას ამაოდ ვებრძოდი.
- სანამ სხვაგან დავიწყებთ ძებნას, ჯერ იქ შევამოწმოთ. - მიმავალ ტაქსს ხელი დაუქნია და ისიც მომენტალურად გაჩერდა.
- იმედი მაქვს, ეს ის არ არის, რაც მგონია... - ამოვიოხრე და უკანა სავარძელი დავიკავე.
- არ ჩაიწევი? - დეჟავუს განცდამ ძარღვებში დამიარა, კაბის სწორებით გადავინაცვლე მეორე კიდისკენ.
სახლამდე მისასვლელი გზა უსასრულოდ გაიწელა. საქარე მინიდან ვაკვირდებოდი ღამის ქუჩებს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ნიკას თათიას სიმთვრალით არ ესარგებლა. მეშინოდა, რომ ნაადრევ ქორწინებაზე საბოლოოდ დაიყოლიებდა.
- ნიკამ მომწერა, ისაუბრეს და სახლში მიდიან... - ფიქრებიდან საბას ხმამ გამომარკვია და შავი აზრები ნისლივით გაიფანტა.
- ღმერთს მადლობა... - ერთიანად მოვდუნდი.
ტაქსი სადარბაზოსთან გაჩერდა.
- ბინაში დაელოდე ნიკას, თუ გინდა. - გვერდულად გავხედე.
- უარის თქმა რთულია, როცა ასე გამოიყურები. - მძღოლს ქაღალდის კუპიურა გაუწოდა.

ლიფტის კაბინა პირველ სართულზე დაგვხვდა. მომეჩვენა, თითქოს კიდევ უფრო ვიწრო იყო და მერვე სართულზე ასვლასაც გაცილებით დიდი დრო მოანდომა. გამუდმებით ვგრძნობდი საბას დაჟინებულ მზერას და მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც ხშირად მიგრძვნია საპირისპირო სქესის ყურადღება, ასეთი აფორიაქება ზედმეტად უცხო იყო ჩემთვის.
კაბინის კარი ხმაურით გაიღო და შეკავებული ჰაერი მშვიდად ამოვისუნთქე.
კართან ოდნავ დავიხარე და გასაღების ორჯერ გადატრიალების შედეგად რკინის ბარიერიც გადავლახეთ.
- შემოდი. - ტაქსის შემდეგ პირველად დაველაპარაკე და გვერდით გავიწიე. უხმოდ შემოდგა ფეხი, კარი ფრთხილად დახურა და ისეთი წყნარი ზღვებით შემომხედა, შტორმის წინ რომ იცის.
- იცი, რომ იმ ბიჭს ხელი არასწორ პოზიციაზე ჰქონდა? - თავი ოდნავ გვერდით გადახარა.
- დაჩიზე ამბობ?
- იმ ბიჭზე ვამბობ, ვისაც ხელი ჰქონდა აქ... - ჩვენს შორის მანძილი შეამცირა და ხელი წელთან, სულ ოდნავ ქვევით შემომხვია. სუნთქვა შევწყვიტე და გავშეშდი. თითით გადაზომა ერთი მტკაველა ვერტიკალურად ზევით და ახლა იქ დაფინა მტევანი. - აი, აქ უნდა ჰქონოდა.
- შემდეგში გავითვალისწინებ. - გაუაზრებლად დავგესლე და შეკავებული ჰაერის უმეტესობა ორ სიტყვაში გამეფლანგა.
- უნდა გავბრაზდე? - თავი დახარა და თბილი სუნთქვა შუბლზე დამეფინა, ვხედავდი როგორ ყალიბდებოდა ორი მორევი და დასახრჩობად მითრევდა.
- არა, თუ ჩემი მოუშორებელი თაყვანისმცემელი არ ხარ... - ფილტვები უჰაერობისგან შემეკუმშა და მისი კანის სურნელი გაუბედავად ჩავისუნთქე.
რბილი ტუჩებისკენ გავიწიე და როცა ვიფიქრე, რომ სურვილი ცალმხრივი იყო, სწორედ მაშინ ვიგრძენი სირბილე, რომელიც უხეშად დამეწაფა. გაუაზრებლად უკან გადავდგი ნაბიჯები და მისი სხეულიც რიტმულად მომყვა. კედლის ზედაპირმა შემაჩერა, საბა უფრო მჭიდროდ მომეკრო, მისი თითოეული უჯრედის მოფერება მინდოდა, არასდროს შემოუტევია სურვილს ასეთი ძალით, არასდროს მიგრძვნია ამხელა ლტოლვა. წელზე შემოხვეული ხელი თეძოსკენ ჩააცურა და ერთიანმა ჟრუანტელმა ტანში დენივით დამიარა.
- ლიტა, მინდიხარ!.. - ყურში ჩამჩურჩულა და ამ სიტყვებზე თითქოს ბურუსიდან გამოვაღწიე.
- გაჩერდი... - უკან ვუბიძგე და დამანგრეველ შტორმს თვალი გავუსწორე.
- დამცინი?
- არა... - მზერა ავარიდე და საძინებელისკენ გავწიე.
- ძალიან ცუდი წესებით მეთამაშები. - კართან გადამეღობა და სრულიად სერიოზული გამომეტყველება შემაგება.
- ჩათვალე, რომ გუშინწინდელისთვის დაგსაჯე. - ხელები გულზე დავიკრიფე და მტკიცედ დავდექი.
- ანუ, ერთმანეთს ასე ვსჯით? - ჩემი მოძრაობა გაიმეორა და ტუჩის კუთხე დამცინავად აეპრიხა.

კარზე მოულოდნელმა კაკუნმა ორივე შეგვაკრთო. სწრაფად გავაღე და ხელიხელჩაკიდებული წყვილი მისაღებ ოთახში უხმოდ შემონარნარდა. კარი დავხურე და გაოგნებული მზერა საბაზე გადავიტანე, პასუხად მხრები აიჩეჩა და მათ მიჰყვა. სავარძელზე რის ვაივაგლახით დავჯექი, ამ კაბის ჩაცმა პირველად ვინანე.
- გადავწყვიტეთ ზაფხულში დავქორწინდეთ. - ნიკამ ხმა ამოიღო, მაგრამ თათიასთვის თვალი არ მოუწყვეტია.
- გილოცავთ! - საბა სავარძლიდან წამოიწია და ბიძაშვილს მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა.
თათიას თვალს არ ვაშორებდი და ველოდი, როდის შემომხედავდა.
ნურას უკაცრავად, მხოლოდ ნიკას შესციცინებდა.
- წავალ, გამოვიცვლი. - სიბრაზე ყელში მწვდა და სანამ რაიმე სანენებელს ამოვანთხევდი, გაცლა ვამჯობინე. ოთახში შესულმა კარი მივხურე და საწოლზე ჩამოვჯექი. იმდენი ქნა, მაინც დაიყოლია ქორწილზე! ნიკასთვის მხოლოდ თავისი სურვილები და საჭიროებები არსებობდა. არ მემეტებოდა თათიას მათემატიკური ტვინი ნაადრევი ოჯახისგან ჩასახშობად.
ტანსაცმელი მაქსიმალურად ნელა გამოვიცვალე, ვიმედოვნებდი, რომ ჩემს გასვლამდე წავიდოდნენ.
იმედი იმედად დარჩა.
ისევ იქ დამხვდნენ. თათიას ყავა მოემზადებინა, ის და ნიკა აივანზე მიირთმევდნენ. საბა ისევ სავარძელზე იყო დაბრძანებული და ფინჯანზე ხელს ითბობდა.
ჩემს წილ ყავას თვალი მოვკარი და დივანზე დავეშვი. საბა წამოდგა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, წარბაწეული ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას

- ლილიტი პირველი ქალი იყო ... - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა და ჩემი თმის კულული თითებს შორის შეათამაშა. - მიწისგან შექმნილი, როგორც ადამი. ღვთაებრივი საწყისები ჰქონდა, ადამს მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა და სხეულის სიახლოვე ჭკუიდან შლიდა. მის გულში აღარ დარჩა ღმერთისთვის ადგილი. - თითებს შორის მოქცეული თმის ბოლო ცხვირთან მიიტანა და თვალებდახუჭულმა დაყნოსა. - როგორ ფიქრობ, ასეთი გრძნობა არსებობს?
- გაგრძელებაც აქვს მაგ ამბავს, თან არც თუ ისეთი რომანტიული. - ყავა მოვსვი, მაგრამ აჩქარებული გული ვერ დავაწყნარე.
- ღმერთს არ მოეწონა, რომ ადამი ლილიტს ეთაყვანებოდა და უთხრა, რომ ქალი მამაკაცის მორჩილი უნდა ყოფილიყო.
- იცი ეგ რას ნიშნავს? - გვერდულად გავხედე და ნატანჯი თმის ნაწილი მისი თითებისგან დავიხსენი.
- რას? - ზღვისფერი თვალებით ჩამაცქერდა.
- იმას, რომ ღმერთი კაცია.
გაეცინა და მზერა მის განათებულ სახეზე დამრჩა. ისეთი უნაკლო იყო, ისე უციმციმებდა თვალები...
- ეს იმას ნიშნავს, რომ ადამს უფრო უყვარდა ლილიტი, ვიდრე პირიქით.
- მართლა ისე ძალიან რომ ყვარებოდა, მორჩილებას არ მოსთხოვდა!.. - ამ თემაზე დისკუსია გათენებამდე შემეძლო.
- ხომ იცი, რომ მთელი ეს ამბავი უბრალოდ ალეგორიაა?
- მართლა? - ხელოვნურად გავიკვირვე და ხელი დრამატულად მივიბჯინე მკერდზე. - მეგონა სამყარო მართლა ექვს დღეში შეიქმნა.
- სამყაროს შექმნა ერთ დღეშიც შეიძლება. - ისევ ჩემი თმის კულულს დასწვდა და ბოლოებით ცხვირზე გამისვა, მაშინვე ამექავა და ხელზე მსუბუქად დავარტყი.
აივანიდან ხმაური შემომესმა და სანამ შემოვიდოდნენ სავარძლეზე გადავინაცვლე.


მალევე წავიდნენ, თუმცა ეს დრო საუკუნესავით გაიწელა. ერთი სული მქონდა თათიას როდის დაველაპარაკებოდი. უკვე საკმაოდ მოფხიზლებულიყო. გადავწყვიტე შხაპის მერე მეკითხა, თუმცა როგორც კი გამოვედი, თვითონ შევიდა. თმა გავიშრე და ლოდინში ჩამეძინა.


ბიბლიის თანახმად, ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა და მეშვიდე დღეს, ანუ კვირას დაისვენა.
კვირა იყო და ჩვენც მთელი ჩვენი შეგნებით ვისვენებდით.
- ესე იგი ზაფხულში ქორწილი გაქვთ. - ბოლომდე მაინც ვერ გავძელი და საუზმის შემდეგ სამზარეულოს ნიჟარასთან თავზე დავადექი.
- ვეცდები გადავაფიქრებინო. - ისე ხმადაბლა თქვა თითქოს რამოდენიმე კვარტალს იქითაც გაუგებდნენ ჩაფიქრებულს.
- რომ არ გამოგივიდეს?
- დავქორწინდებით. - მხრები აიჩეჩა და უკანასკნელი ჭიქაც გაავლო. - ლიტა, ისე ნუ უყურებ ამ ამბავს, როგორც კატასტროფას. ერთად ვიქირავებთ ბინას და ვისწავლით. ჯერ არავის ვუმხელთ, მხოლოდ შენ და საბამ იცით და მინდა მხარდაჭერას ვგრძნობდე.
- მხარს გიჭერ! - საკუთარი თავის შემრცხვა, თათიას გვერდში დგომა სჭირდებოდა, მე კი ვკიცხავდი და გამუდმებით ჭკუას ვასწავლიდი. - და სხვათაშორის აჯობებს რაღაც კერძების მომზადება ისწავლო, თორემ სულ მე კი არ გეყოლები.
- ეგ მართლა მჭირდება. - გადაიკისკისა და გვერდულად გამომხედა. - საბასთან რა ხდება?
- რა უნდა მოხდეს? - მთელი ძალით ვცადე სისხლის შეჩერება, მაგრამ სახეზე მაინც მომაწვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გავწითლდი.
- მოსწონხარ. - სასხვათაშორისოდ თქვა და მაგიდის ტილო წყლის თბილ ნაკას შეუშვირა. - ვერ მივხვდი შენ რას გრძნობ, მაგრამ ის ლამის თვალებით გჭამს.
- რა სისულელა!.. - გამეცინა, მაგრამ გახურებული შუბლი ვერაფრით გავიგრილე.
- კარგი რა, რთული ბიჭია, მაგრამ არც შენ ხარ ნაკლები და ერთმანეთს გაუგებთ.
- უკვე მეორედ მეუბნები, რომ საბა რთულია. - გავიაზრე, რომ მასზე თითქმის არაფერი ვიცოდი.
- ძალიან გულჩათრხობილი იყო ყოველთვის, ბათუმში ჩამოდიოდა და ასე გამაცნო ნიკამ.
- და რას მივაწეროთ მისი ხასიათი?
- არ ვიცი, უბრალოდ ასეთია...

საღამომდე სემინარებს ვამზადებდით, თათიას მისაღები ოთახი ჰქონდა ოკუპირებული, მე - აივანი.
რამოდენიმეჯერ სიტყვა კინოში წასვლაზე ჩამომიგდო, მაგრამ თავი ავარიდე. რახან ჩემი თან გაყოლა უნდოდა, ესეიგი ნიკასაც მოჰყავდა ვიღაც და ვიცოდი, ეს ვიღაც აუცილებლად საბა იქნებოდა.
- ერთი პირობით! - ამოვთქვი ბოლოს, რადგან აღარ მომეშვა. - ბილეთებს ერთ ზოლზე ავიღებთ, ჯერ მე შევალ და მერე ეგრევე შენ მომიჯდები გვერდით.
- არ არის პრობლემა! - ხელი ხელს შემოკრა და დაფაცურდა.
ზედმეტი პრანჭვა აღარ დამიწყია. თავისუფალი სტილის, ღია ყავისფერი სპორტული სამოსი ჩავიცვი, თმა უბრალოდ გავიშალე და თითქმის ერთი საათი ციბრუტივით მოტრიალე თათიას ცქერაში გავხარჯე.
როგორც იქნა გავაღწიეთ, ლიფტის კარი გაიღო და სადარბაზოს ბნელეთს გავცდით, ნაცნობ მანქანას მიყრდნობილი ორი სილუეტი დავლანდე. შეყვარებული წყვილი ისევ უკანა სავარძლებზე გადანაწილდა. ბედს შეგუებული სახით დავიკავე ადგილი მძღოლის გვერდით. გზად კინოაფიშებს განვიხილავდით და ვცდილობდით საუკეთესო ამოგვერჩია. თათია რომანტიკის გუნებაზე იყო, საბას და ნიკას რაიმე დეტექტივი ან საშინელებათა უნდოდათ, მე ნებისმიერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კარგი რეიტინგი ჰქონოდა.
ცნობილ ზღაპარზე დაყრდნობით გადაღებული მხატვტრული ფილმი „ხარი ფერდინანდი“ შევარჩიეთ და ბილეთების საყიდლად გრძელ რიგში ჩავდექით. თათია ნიკამ დაპატიჟა, ჩემი სიამოვნების საფასური თვითონ გადავიხადე, მიხაროდა რომ ჩემს ხასიათს შეეჩვივნენ და აღარ მებრძოდნენ.
ბილეთები ერთ რიგში ავიღეთ, მიყოლებით ოთხი ადგილი ჩვენი იყო. თათიას თავი მრავალმნიშვნელოვნად დავუკარი და პირველი დავიძარი გზის გასაკვლევად.
როგორც იქნა სასურველ ადგილს მივაღწიე და ჩემს სკამში ჩავეშვი. სახელოში ამუღრუტნულ ოვალურ სივრცეში ერთჯერად ჭიკაში ჩასხმული გაზაიანი სასმელი ჩავდე, ბატი-ბუტით სავსე ყუთი მარჯვედ მოვათავსე მუხლებზე და აქ ყოფნა მესიამოვნა.
- როდის დაიწყება? - რეკლამებისგან გაბეზრებული თათიას მივუბრუნდი, მაგრამ მის ნაცვლად საბა დამხვდა, თავი წინ გავწიე და ოთხეულის მეორე ბოლოში მოკოხტავებულ თანამცხოვრებს მოჭუტული თვალებით გავხედე.
- მე ვაიძულე, არ გაუბრაზდე. - საბამ ისევ ძველებური მზერა მოიშველია.
- ფრთხილად იყავი, არ შეგიყვარდე. - თეთრად აფეთქებული სიმინდის მარცვალი პირში გადავუძახე და თავისივე ცინიზმი დავუპირისპირე.
ძალიან მომეწონა ფერდინანდის თავგადასავალი, რაღაც მომენტებზე ამეტირა კიდეც, მეორე წუთში გიჟივით ვიცინოდი, მერე სინანული შემომიტევდა. საბოლოო ჯამში ემოციებით დატვირთული საღამო გამოდგა.
იქამდე ვიჯექი, სანამ ეკრანი მთლიანად არ ჩაბნელდა.
- არ მინდა შეგაშინო, მაგრამ დამთავრდა. - საბას სუნთქვა სულ ახლოს მომესმა და დანარჩენებს გავხედე, თათია და ნიკა არსად იყვნენ.
- სად არიან? - ფეხზე წამოვხტი, ჭიქას და სასუსნავის ყუთს ხელი დავავლე და საბას თავით ვანიშნე გასასვლელისკენ დაძრულიყო.
საფეხურები ფრთხილად ჩავიარეთ, ურნაში ნარჩენები ჩავყარეთ და იმ კარისკენ დავიძარით, რომელსაც „გასასვლელი“ ინგლისური ასოებით ეწერა.
- მოიცადე! - მკლავში ხელი წამავლო და მისკენ მიმაბრუნა. - რას იზამ თუ ხელს ჩაგკიდებ?
- სცადე და ნახავ. - კიდური გავინთავისუფლე და ორი ნაბიჯით გავასწარი.
მანქანაში ჩუმად ჩავჯექით, თათია და ნიკა ნანახს განიხილავდნენ, მინდოდა მათ საუბარში ჩარევა, მაგრამ მეშინოდა ხმა არ ამკანკალებოდა.
აღმაშენებლის ხეივანს საშუალოზე დაბალი სიჩქარით მივუყვებოდით.
- საბა, ცოტა გაზს მიაჭირე! - ნიკას ხმა მომესმა და შევკრთი.
მძღოლის სავარძლისკენ ფრთხილად გავიხედე, აჩქარებას სულაც არ აპირებდა. მარჯვენა ხელი ჩემს მუხლზე მოთავსებ ხელზე დამადო და გაშეშდა. ვიგრძენი როგორ გაისუსნენ უკანა სავარძელზე. ეს მომენტი აქამდე რომ წარმომედგინა, ალბათ დავცინებდი, ან გავბრაზდებოდი, მაგრამ ახლა არ შემეძლო.
ხელის მტევანი ფრთხილად ამოვატრიალე და თითები მის თითებში გადავხლართე. მომატებულ გულისცემას ყური არ დავუგდე და საბას თვალი გავუსწორე, პირველი თვითონ ამარიდა მზერა და გზას გახედა. ვიგრძენი, რომ ჩვენი გულები ერთ რიტმში ძგერდნენ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმეეეეე, რატოა ასე კაი?! არ მყოფნის ხოლმე ^-^

მაინტერესეეეებს საბაზე ყველაფერი ძალიაააან, როდის გაირკვევა რაა?

ღმერთოოოოო გთხოოოვ საბა ლიტასთან არ "თამაშობდეს", გული წამივა ალბათ..

გელი მოუთმენლაააად ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

"-მოიცადე! - მკლავში ხელი წამავლო და მისკენ მიმაბრუნა. - რას იზამ თუ ხელს ჩაგკიდებ?"

აი ძალიაააან ლამაზი დეტალები გაქვს, ვერ ვწყდები ^-^

 


№3 სტუმარი ნანე

იცი რაა? ყოველთვის, როდესაც ძლიერ ნაწარმოებს ვკითხულობ, მუდამ მაინტერესებს კომენტარებიც და მივხვდი შემდეგს: ამათუ იმ ავტორის შემოქმედებას ყოველთვის ერთიდაიგივე მკითხველი ჰყავს, შემდეგი- კომენტარები ძირითადად გამოხატაბს მკითხველის დონეს და ბოლო- ვიღაც აუცილებლად გადაწყვეტს, გააკრიტიკოს ნაწარმოები და თუ ნაკლს ვერ მოუძებნის, დაწერს რომ უბრალოდ სიუჟეტია ბანალური. ასე მოხდა შენს წინა თავზეც, უსაფუძვლო კრიტიკამ გული ჩამწყვიტა, მაგრამ... ჩვენ ხომ ყველა ბანალურები ვართ, ჩვენი ვხოვრებაც ბანალურია, აკი აღარაფერი იქნებაო ამ ცისქვეშეთში ახალი...ეს კანონზომიერებააო ამ ქვეყნის. თუმცა ბანალურობა ფერადდება, როდესაც ნიჭს წააწყდები სადმე და ფერადდება ჩვენი სამყაროც. შენ მე ცხოვრება გამიფერადე, იმასაც, ვინც გამოგესარჩლა და დაგიცვა წინა თავის მკითხველის გამოხტომისგან, იმასაც გაუფერადე, ვინც იფიქრა, რომ მის წინ ნიჭიერი ავტორის ქმნილება დევს და იმასაც, ვინც უბრალოდ წაგიკითხა...

მე გელოდები იცი როგორ? ვიცი, დასძლევ შიშსაც, დაძაბულობაც მოგეხსნება და ძალიან ბევრ და დიიიიიიდ ემოციას მოგვანიჭებ. შენი შექმნილი ნაწარმოებით სიამოვნებას ანიჭებდე და აფიქრებდე მკითხველს, იცი ეგ უკვე რას ნიშნავს? სხვა განზომილებაში გადაგყავს აუდიტორია და ამზადებ საუცხოო სანახაობისთვის. მადლობა❤️

 


№4  offline წევრი Melice

ნანე
იცი რაა? ყოველთვის, როდესაც ძლიერ ნაწარმოებს ვკითხულობ, მუდამ მაინტერესებს კომენტარებიც და მივხვდი შემდეგს: ამათუ იმ ავტორის შემოქმედებას ყოველთვის ერთიდაიგივე მკითხველი ჰყავს, შემდეგი- კომენტარები ძირითადად გამოხატაბს მკითხველის დონეს და ბოლო- ვიღაც აუცილებლად გადაწყვეტს, გააკრიტიკოს ნაწარმოები და თუ ნაკლს ვერ მოუძებნის, დაწერს რომ უბრალოდ სიუჟეტია ბანალური. ასე მოხდა შენს წინა თავზეც, უსაფუძვლო კრიტიკამ გული ჩამწყვიტა, მაგრამ... ჩვენ ხომ ყველა ბანალურები ვართ, ჩვენი ვხოვრებაც ბანალურია, აკი აღარაფერი იქნებაო ამ ცისქვეშეთში ახალი...ეს კანონზომიერებააო ამ ქვეყნის. თუმცა ბანალურობა ფერადდება, როდესაც ნიჭს წააწყდები სადმე და ფერადდება ჩვენი სამყაროც. შენ მე ცხოვრება გამიფერადე, იმასაც, ვინც გამოგესარჩლა და დაგიცვა წინა თავის მკითხველის გამოხტომისგან, იმასაც გაუფერადე, ვინც იფიქრა, რომ მის წინ ნიჭიერი ავტორის ქმნილება დევს და იმასაც, ვინც უბრალოდ წაგიკითხა...

მე გელოდები იცი როგორ? ვიცი, დასძლევ შიშსაც, დაძაბულობაც მოგეხსნება და ძალიან ბევრ და დიიიიიიდ ემოციას მოგვანიჭებ. შენი შექმნილი ნაწარმოებით სიამოვნებას ანიჭებდე და აფიქრებდე მკითხველს, იცი ეგ უკვე რას ნიშნავს? სხვა განზომილებაში გადაგყავს აუდიტორია და ამზადებ საუცხოო სანახაობისთვის. მადლობა❤️

მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის ❤️
ჰაერივით მჭირდებოდა ❣️
დარწმუნებული ვარ ვერავითარი უარყოფითი კომენტარი ვეღარ გადაფარავს იმას, რაც ახლა ვიგრძენი ❤️

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

საოცრად მაგარიააა. ძალიან მომწონს ლიტა. თუმცა ხანდახან ზედმეტები მოსდის. ყველას ვერ მოთხოვ შენი გადმოსახედიდან იყუროს. ძალიან მაინტერესებს თავდავიწყებით შეყვარებული როგორი იქნება. მაგარი გოგო ხარ. წარმატწბებიიი

 


№6  offline წევრი OKI ME

ვაიი, რა იყო ეს ბოლო ჰა? :დდ საოცრება იყო, პირადად ჩემთვის. საბა, მომწონს თუმცა მისი საქციელები, მაფიქრებ. და მანდ უკვე ვეღარ ვიგებ, მომწონს თუ არა. :დდ ცუდი ადამიანი არ უნდა ჩანდეს. ძალიან მაინტერესებს საბას ამბავი და რა გავაკეთო.

აი, დასასრულში, ლიტას საქციელმა სასიამოვნოდ გამაოცა :დდ ეს ორი ერთად საინტერესო წყვილი იქნება ❤️❤️

ოოო, ეხლა როგორ მოვითმინო შემდეგ თავამდე? :დდდ (((

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს.შენ, მწერალო !წარმატებები.წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი.ძალიან კარგად წერ.იყავი ის ვინც ხარ..

 


№8  offline წევრი Mary Alice In Wonderland

ახლა წავიკითხე სამივე თავი. ძალიან მომეწონა და ძალიან საინტერესო ისტორია ❤️ ველი ახალ თავს ❤️❣️

 


№9  offline წევრი Melice

დიდი მადლობა ყველას ❣️❣️
ხვალ იქნება ახალი თავი ❤️

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

ბევრი რამ მინდა ვთქვა ,თუმცა ჯერ მხოლოდ სამი თავი მაქვს წაკითხული... იქნებ ბოლოს რა ხდება ,მაგრამ მაინც ლილიტი ბოლომდე ჩემი რჩეული პერსონაჟი იქნება ვგრძნობ . უკვე ისეთია და ისე ვხედავ რთული იქნება მისი "გაფუჭება" , არევა და რელსებიდან ისე გადაყვანა რომ მთლად დაკარგოს საკუთარი თავი. საოცრად მომწონს აი საოცრად
დანარჩენ აზრებს შემდეგ გაგიზიარებ( ვერა და ვერ შევეჩვიე, შევიყვარე და დავამურამე ეს კომანტარების წერა grin relaxed )

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

გელი გელი მოგელი ^-^

სად არის ახალი თავი -_-

 


№12 სტუმარი სტუმარი მაკა

-_- პასუხს თუ დაწერ ძაან გამიხარდება :/

 


№13  offline წევრი Melice

გამარჯობა ❤️
ღამით ვბეჭდავდი ხოლმე და თვალის ანთება დამემართა ((
დღეს შედარებით უკეთ ვარ, მეკობრესავით მაქვს ახვეული მარჯვენა თვალი და ისე ვბეჭდავ. იმედი მაქვს მოვასწრებ დღეისთვის ატვირთვას.
ბოდიში, რომ გალოდინებთ ❤️

 


№14  offline წევრი Melice

sameone crazy girl
ბევრი რამ მინდა ვთქვა ,თუმცა ჯერ მხოლოდ სამი თავი მაქვს წაკითხული... იქნებ ბოლოს რა ხდება ,მაგრამ მაინც ლილიტი ბოლომდე ჩემი რჩეული პერსონაჟი იქნება ვგრძნობ . უკვე ისეთია და ისე ვხედავ რთული იქნება მისი "გაფუჭება" , არევა და რელსებიდან ისე გადაყვანა რომ მთლად დაკარგოს საკუთარი თავი. საოცრად მომწონს აი საოცრად
დანარჩენ აზრებს შემდეგ გაგიზიარებ( ვერა და ვერ შევეჩვიე, შევიყვარე და დავამურამე ეს კომანტარების წერა grin relaxed )

გმადლობ, რომ დაინტერესდი და კითხულობ❣️
კომენტარების წერა მეც მიჭირს ჯერჯერობით ❤️

სტუმარი nancho
ძალიან მომწონს.შენ, მწერალო !წარმატებები.წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი.ძალიან კარგად წერ.იყავი ის ვინც ხარ..

უღრმესი მადლობა ❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი მიკი

აუ დავბერდი :დ მალე დადე რა

 


№16  offline წევრი Melice

სტუმარი მიკი
აუ დავბერდი :დ მალე დადე რა

გუშინ ავტვირთე ((
ჯერ კიდევ არ დადასტურებულა, სამწუხაროდ ❣️

 


№17 სტუმარი ანუ

Melice
სტუმარი მიკი
აუ დავბერდი :დ მალე დადე რა

გუშინ ავტვირთე ((
ჯერ კიდევ არ დადასტურებულა, სამწუხაროდ ❣️

ღმერთოოოო სისხლი გამიშრეს უკვე -_-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent