შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროტაგონისტი (მესამე ნაწილი)


5-02-2021, 13:50
ავტორი ეკე
ნანახია 771

მაკდონალდსიდან რომ აიშალნენ და მოლიდანაც გავიდნენ, რუსთაველს გაუყვნენ.
თომა არაფერზე ფიქრობდა. მოწონდა კიდეც ასე ყოფნა, რადგან ის ინფორმაცია, რაც გასული ერთი საათის განმავლობაში მიიღო, მომდევნო დღეები ისედაც არ მოასვენებდა, ამიტომაც სანამ დრო ჰქონდა - უფიქრელობით ტკბებოდა.
რუსთაველის მეტროსთან ამჯერად ფეხით მივიდნენ და იქვე დაემშვიდობნენ ერთმანეთს. დემე, შაკო და გიორგი მეტროში ჩავიდნენ. თომა ჩვეულ სტილში ავტობუსს გაჰყვა.
სახლში მისულს ელენე გაბრაზებული დახვდა:
-მოვედიი.
-თომა, სად იყავი ამდენ ხანს?
-დე ბიჭები ვიყავით გალერეაში, ხო მოგწერე.
-არ ვიცი. მესიჯი არ მომსვლია. ვინერვიულე.
-მთავარია ახლა აქ ვარ. - გაეღიმა ბიჭს და ელენეც აიყოლია.
-ამ ბოლო დროს მოუმატე ჩემს ანერვიულებებს. იცოდე დაუბრუნდი ჩვეულ რიტმს, თორე ვიჩხუბებთ. - ხუმრობის ტონით უთხრა ელენემ, თუმცა სიმართლეც ბევრი ერია.
მაკდონალდს მოვლილ თომას აღარ შიოდა და პირდაპირ გაკვეთილებს მიუჯდა.
მეცადინეობას რომ მორჩა უკვე ათი საათი იყო დაწყებული. მაგიდიდან ტელეფონი აიღო და დეას მესიჯი დახვდა:
„რას შვრები?“
„არაფერს შენ?“
„მეც არაფერს“ – „დღეს ისე გაქრი წასვლისას ვერც შეგამჩნიე“
„ჰოო ბიჭები ვიყავით წასულები მაკდონალდსში“
„დაუმეგობრდი?“
„კი კარგები არიან“ – „შენ გაიცანი ვინმე?“
„მეგი და სტეფანია“ – „ისინიც კარგები არიან“
„დემეს ხო ცნობ სახეზე რომელია“
„მაგას რა ცნობა უნდა“
„მერე ვერ დაინახე სტეფანიასკენ როგორ აპარებდა მთელი გაკვეთილი თვალებს? :დდდ“
„ვაიმე მგონი მართლა“ – „:დდდდდ“
„მგონი კიარა მართლა“ – „ისე კი მოუხდებოდნენ ერთმანეთს“
„ოო ძაან ხო არ გაიჭერი ოცნებებში თომა“ – „ერთხელ გახედა მხოლოდ“ – „იმას კიარ ნიშნავს მაინცდამაინც რომ გულში ჩაუვარდა“ – „მასე მეც გამოგხედე, მარა რა - მიყვარხარ? :დდდ“
ეს მესიჯი რომ წაიკითხა, თომამ თავი უცნაურად იგრძნო. რა თქმა უნდა, კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ დეა მას მხოლოდ ისე უყურებდა, როგორც მეგობარს, თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ მოენელებინა ის პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მასზე დარჩა.
ფიქრები მალევე მიეცა დავიწყებას და საუბარიც ისევე აეწყო, როგორც აქამდე.
თომამ დეას ბაბუაც მოიკითხა და გაუხარდა, როცა კარგი ამბები შეიტყო. ბაბუა ნაადრევად გამოეწერათ საავადმყოფოდან და თავსაც უკეთ გრძნობდა.
ერთმანეთს შუაღამისას დაემშვიდობნენ.
დილა ტრადიციულად დაიწყო, შუადღედ გარდაისახა და მალევე ჩაიარა.
პარასკევი შაბათმა ჩაანაცვლა და თეატრალურის ახალი გაკვეთილიც ახლოვდებოდა.
„იტალია, კონტრაქტი, მხოლოდ ერთი ბავშვი.“
ეს სიტყვები გაუჩერებლად ტრიალებდა თომას თავში.
2 თვეში სემესტრი სრულდებოდა და შესაძლო წარმატებას, შეიძლება თომას მომავლის ბედიც გადაეწყვიტა. ეს ხომ ბიჭისთვის „გამოსაშვები“ წელი იყო და ჯერაც არ გადაეწყვიტა, თუ სად აგრძელებდა სწავლას.
ფიქრების კორიანტელში გაფანტული მივიდა თეატრალურზეც. ამჯერად არ დაუგვიანებია, პირიქით - ადრე მივიდა. ბიჭებიდან არც ერთი ჯერ მოსული არ იყო, სამაგიეროდ დეა ნახა.
როგორც იქნა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად, მიეცა შანსი, რომ რეალობაშიც მისალმებოდა.
დეამ თომასთან ახლოს მიიწია და გადაკოცნა. თომამ ახლოდან იგრძნო დეას სურნელი, მისი ბაგების სიახლოვე და რბილი კანი. ეს ენით აღუწერლად სათუთი გრძნობა იყო.
მოჯადოვებულმა ბიჭმა ნაპერწკალი გულში წამშივე ჩააქრო, საკუთარ თავს შემოუძახა და ძველი თომა დააბრუნა.
ერთმანეთს მიესალმნენ და მოიკითხეს. თომა საუბარს ბანალური ხუმრობებით წარმათავდა, რომელშიც კარგი არასდროს ყოფილა, თუმცა დეას რატომღაც ყველა მის უაზრო ხუმრობაზე ეცინებოდა.
ცოტა ხანში ბიჭებიც მოვიდნენ, ფრიდონიც და ეთოც. მორიგი გაკვეთილი დაიწყო.
ტრადიციად ქცეული თეატრის ისტორიის მოყოლის შემდეგ ფრიდონმა ვრცელი მონოლოგი დაიწყო. თომას გული აუჩქარდა, ხვდებოდა ფრიდონი რის თქმასაც აპირებდა:
-ბავშვებო, თეატრი მარტივი პრინციპით მოქმედებს. გარდა ხელოვნებისა, არტისტიზმისა და ყველაფრისა, რაც ასე ძალიან გვიყვარს, არსებობს ერთი მარტივი პრინციპი სახელად - გაართე და ასწავლე. წინა გაკვეთილზე ქალბატონმა ეთომ გიამბოთ, რომ წარსულში, რა ჟანრის სპექტაკლიც არ უნდა დამდგარიყო თეატრში, საბოლოოდ ხალხი ამას გასართობად იყენებდა, თუმცა სწავლობდა კიდეც. ჩვენც ამ პრინციპის გარშემო ვმოქმედებთ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენგანმა ეს კარგად გაითავისოს. მიხარია, რომ ადვილად ითვისებთ ყველაფერს და ისტორიების მოსმენაც მოგწონთ, თუმცა წინ მეტი გელოდებათ. - წამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო. -ახლავე გეტყვით, თუ რას ვგულისხმობ მეტში. როგორც იცით ეს ოქტომბრის ბოლო კვირაა. ნოემბრიდან ჩვენ დავიწყებთ ინდივიდუალურად ყველა თქვენგნზე დაკვირვებას. დაკვირვებას იმისთვის, რომ ავარჩიოთ ერთი საუკეთესო. ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენები ცუდები არიან. პირიქით, ეს ყველასთვის უნდა იყოს მოტივაცია, რომ უფრო მეტი მოინდომოთ. ახლა კი რაც შეეხება საუკეთესოს: საუკეთესო მოსწავლეს, რომელსაც ჩემსა და ქალბატონი ეთოს გარდა ჩვენი სკოლის დირექტორიც დააკვირდება მოზარდ-მაყურებელთა თეატრი დააჯილდოებს საკმაოდ სოლიდური პრიზით. რაც შეეხება პრიზს: ამ მოსწავლეს გაუფორმდება კონტრაქტი მოზარდ მაყურებელთა თეატრთან. - დარბაზში ყველა აფუსფუსდა. ფრიდონმა განაგრძო. - თუ შეიძლება დამშვიდდით და დამასრულებინეთ. გარდა კონტრაქტისა, მოსწავლე გაემგზავრება იტალიის ხელოვნების სკოლაში ერთ წლიან კურსზე, რა თქმა უნდა სრული დაფინანსებით. წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო აბსოლიტურად ყველას და თქვენი მონდომების იმედი მაქვს. შეკითხვები თუ გექნებათ, მალე გაგანთავისუფლებთ და შემდგომ დაგვისვით.
თომას გაოცების არაფერი ეტყობოდა, რადგან უკვე იცოდა, რაც ფრიდონს უნდა ეთქვა. ჯერ ბიჭებს გახედა, რომლებსაც „ხომ გეუბნებოდი“ სახეები ჰქონდათ, მერე დეას, რომელსაც გაკვირვებული, გაოცებული სახე ჰქონდა.
ბიჭს უნდოდა, რომ სახლში დეასთან ერთად დაბრუნებულიყო, ბიჭებს უთხრა ჩემს გარეშე წადითო და დეას დაელოდა, რომელიც მასწავლებლებს ახალი ამბავის თაობაზე რაღაცებს ეკითხებოდა.
დარბაზიდან რომ გამოვიდა დეა, ოდნავ დამშვიდებულიყო. თომას გახედა და აღელვებულმა ჰკითხა:
-თომა გაიგე რა თქვა ფრიდონმა? ეს ხომ ჩემი ოცნებაა.
-კი გავიგე, მართლა ძაან მაგარია.
-ვერც კი აღგიწერ პროფესიონალურ დონეზე მსახიობობა რამდენს ნიშნავს ჩემთვის.
-არ გჭირდება აღწერა. მესმის.
-არ ვიცი ყველაფერს გავაკეთებ რომ საუკეთესოდ დამასახელონ.
დეა მოგვიანებით მიხვდა, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობას თომაც იღებდა და უხერხულად განაგრძო:
-თომა ჩვენიდან რომელიმე რომ აგვარჩიონ, ხომ არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში?
-არა, რა თქმა უნდა.
-მიხარია რომ ეგრე ფიქრობ.
შენობიდან გავიდნენ თუ არა, თომას სიურპრიზი დახვდა. გასასვლელის წინ დათუნა იდგა, უფრო სწორად, მიყრდნობილი იდგა სავარაუდოდ ნათხოვარ მანქანაზე და ამაყი სახით ელოდებოდა შეყვარებულს.
დეამ დათუნა შეამჩნია თუ არა, თომას გახედა. ბიჭმა თვალებით ანიშნა, რომ იცოდა ვინც იყო და ნაბიჯს მოუკლო.
დეა აჩქარებული ნაბიჯით გაემართა შენობის მოპირდაპირედ მდგარი დათუნასკენ, ჩაეხუტა მას და მანქანაში ჩაუჯდა.
თომა შორიდან უყურებდა. არ ეჭვიანობდა, უბრალოდ თითქოს ენანებოდა დათუნასნაირი ბიჭისთვის დეა.
სახლისკენ მიმავალ გზას მარტო, სევდანარევი გაუდგა და შუადღის ორი საათისთვის უკვე სახლში იყო.
საღამოსკენ დეამ მიწერა:
„თომა მაპატიე ვერ დაგემშვიდობე“
„არაფერია“
იმ საღამოს მეტი აღარ უსაუბრიათ სხვა დღეებისგან განსხვავებით. თომა ხვდებოდა, რომ დეა ალბათ დათუნასთან ერთად ატარებდა სასიამოვნო დროს, სასიამოვნო დღეს.. შიგნიდან კი რაღაც ჭამდა.
გასულ დღეებში ფეისბუქზე თომამ ეთოც დაამატა და ფრიდონიც. მასწავლებლების ფეისბუქ პროფილები ძირითადად სიცილს ჰგვრიდა ხოლმე, თუმცა ეს ორი გამონაკლისი იყო. ეთო ნაკლებად, ფრიდონი კი უფრო ხშირად, თითქმის ყოველდღე ტვირთავდა საინტერესო ინფორმაციებს გამორჩეული ქართველი და უცხოელი თეატრისა და კინომცოდნეების შესახებ. თომას მოსწონდა ამ ადამიანების გაცნობა.
კვირამ და ორშაბათმა ჩვეულებრივზე ოდნავ სწრაფად ჩაიარა.
სამშაბათს თეატრალურზე მისულ თომასა და ბავშვებს, ფრიდონმა და ეთომ სიახლე დაახვედრეს:
-ბავშვებო, ამ პარასკევს გვექნება სამდღიანი ექსკურსია. გასაცდენად ჩაითვლება მხოლოდ საპატიო მიზეზი. რაც შეეხება გადასახადს, ჩვენი სკოლა სრულიად აანაზღაურებს სასტუმროსა და კვების ხარჯებს. თქვენ უბრალოდ სურვილისამებრ მოგიწევთ გამოსაცვლელის წამოღებას. ახლა რაც შეეხება მარშუტს, პარასკევს დილას დავიძრებით ჩვენი შენობიდან და პირველი გაჩერება გვექნება რუსთავში. უფრო კონკრეტულად, რუსთავის დრამატურგიის თეატრში. შემდეგ ჩვენ ვესტუმრებით ქუთაისის თეატრს და პარასკევ დღეს ამით დავასრულებთ. შაბათსა და კვირას მოვინახულებთ ქუთაისში არსებულ კულტურულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს. თუ რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დაგვისვათ.
სამშაბათმა, ოთხშაბათმა და ხუთშაბათმა ჩვეული რიტმით ჩაიარა. ახალი და განსაკუთრებული არც სამყაროში მომხდარა რაიმე და არც თომასთან გარდა იმისა, რომ დეასთან ლაპარაკში დღის უდიდეს მონაკვეთს ატარებდა.
ხუთშაბათს, გაკვეთილზე ფრიდონმა ბავშვებს ზუსტი დრო გააცნო ექსკურსიის საწყის წერტილას შესახვედრად და პარასკევიც მალევე დადგა.
პარასკევს, დილის შვიდ საათზე, თომა მაღვიძარას სამჯერ დარეკვისა და ელენეს საბოლოო მოწოდების შემდეგ როგორც იქნა გამოფხიზლდა. უფრო სწორად, გამოფხიზლების გარდა თომას იმ მდგომარეობას ყველაფერი ერქვა.
უხალისოდ დაჭყეტილი თვალებით კბილების გამოხეხვის, საუზმის მირთმევისა და ჩაცმის შემდეგ ელენესთან ერთად გავიდა სახლიდან. დრო რვის ოცდახუთ წუთს აჩვენებდა და ელენეს ყველაფერი იდეალური სიზუსტით ჰქონდა გათვლილი მანამ, სანამ სადარბაზოს გამოცდენილი თომა მიხვდა, რომ ფეხზე ჩაცმა დავიწყებოდა და ჩუსტებით იყო წამოსული.
რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ თომა როგორც იქნა ჩამოვიდა და ელენეს მანქანაში ჩაუჯდა.
დანიშნულების ადგილას თხუთმეტ-ოც წუთში მივიდნენ. ელენემ საბარგული გახსნა, თომამ თავისი საშუალო ზომის ჩემოდანი ამოიღო, დედას დაემშვიდობა და შეკრებილი საზოგადოებისკენ გასწია. (ისე კი, თავიდან ნერვიულობდა. ეგონა, რომ ჩემოდნით ექსკურსიაზე მხოლოდ ის იქნებოდა, თუმცა როცა სხვების უზარმაზარ ჩემოდნებს შორის, მისი ყველაზე პატარა აღმოჩნდა - დამშვიდდა.)
თომას თვალებმა ნაცნობი სახეები მარტივად შენიშნეს და ბიჭიც გაეშურა მეგობრების მოსანახულებლად.
დეაც ნახა, რომელიც „ლურჯა ცხენებამდე“ ბაბუამისს მოეყვანა. თომას გაეღიმა, როცა ის კაცი პირველად ნახა, ვიზეც ამდენი ინერვიულა.
დეას ბაბუა ძალიან საყვარელი კაცი იყო. საშუალო სიმაღლისა და წონის კაცს, ჭაღარა თმა - ულვაშთან შეეხამებინა, ხოლო სხეული კლასიკური ტანსაცმლით დაემშვენებინა. ეტყობოდა, რომ გემოვნებიანი ადამიანი იყო და ალბათ საინტერესო ცხოვრებაც განვლია. არ გაუცნია, თუმცა თომას გონება ხომ შეჩვეული იყო უცხო ან ნაცნობ ადამიანებზე ოცნებას, წარმოსახვითი ისტორიების შექმნასა და გადმოცემას. მამაც ხომ არაერთხელ წარმოუდგენია ზუსტად ასე..
ბავშვების, მშობლებისა და ორი მასწავლებლის რამდენიმე წუთიანი დიალოგის შემდეგ მოსწავლეები ნელ-ნელა ავიდნენ ავტობუსში.
თომას ძალიან უნდოდა დეას გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ იცოდა ასე არ მოხდებოდა. ბევრი მიზეზი ჰქონდა ამას, თუმცა უმთავრესად ის, რომ დემემ, შაკომ და გიორგიმ არც კი იცოდნენ დეასა და თომას ურთიერთობის შესახებ.
თომა უკანა სკამებზე დაჯდა ბიჭებთან ერთად.
ორმოცდახუთ წუთიანი გზის გავლისას, ავტობუსი ხან მუსიკით, ხან კი სკამებს შორის პატარა მანძილზე მინი სპექტაკლების დადგმით ირთობდა თავს.
რუსთავამდე რომ მიაღწიეს, უჩვეულო სიდინჯით დაცალეს ბავშვებმა ავტობუსი და დრამატურგიის თეატრში შეაბიჯეს. ალბათ ასეთი სახელის მქონე თეატრს სხვანაირი მონახულება არც ეკადრებოდა.
თეატრში დაახლოებით საათნახევარი გაატარეს. დაათვალიერეს სასცენო დარბაზები, სცენები, რეკვიზიტები, შეხვდნენ მსახიობებს, ესაუბრნენ, კითხვები დაუსვეს, თუმცა ამ ყველაფერმა დიდხანს არ გასტანა, რადგან ფრიდონს და ეთოს სახეზე სიამოვნების ელფერის გარდა, უდროობის ელფერიც დაედოთ და დროის არ ქონა რომ არა, ბავშვები თეატრში მინიმუმ ერთ საათს კიდევ გაატარებდნენ.
თბილისიდან ორიოდე საათის წინ გასული ავტობუსი კვლავ თბილისში დაბრუნდა, თუმცა გეზი ამჯერად ქუთაისისკენ აიღო.
თომა, აქამდე ქუთაისში არცერთხელ არ იყო ნამყოფი.
გზამ ქალაქისაკენ დაახლოებით 3-4 საათს წაიღო, თუმცა არც ბავშვებს და არც მასწავლებლებს არ მოუწყენიათ. მძღოლიც კი სიმღერისა და მუსიკის მოყვარული ადამიანი აღმოჩნდა, ამიტომ მთელი გზა ავტობუსში ხან სპექტაკლები იმართებოდა, ხან მუსკომედიები და ხანაც მიუზიკლები.
თომა მოხიბლული დარჩა ქუთაისით. ზოგადად, მოწონდა საქართველოს ქალაქები და უცნაურ გრძნობას უტოვებდა ხოლმე მათი ხილვა.
ქუთაისში ჩასვლის შემდეგ, პირველად თეატრს მიაშურეს.
საკმაოდ განსხვავდებოდა ქუთაისის თეატრი რუსთავის თეატრისაგან რეკვიზიტებითაც, სცენებითაც და დარბაზების სიდიდითაც, თუმცა ორივეს თავისი ხიბლი ჰქონდა.
ორი თეატრისა და დაახლოებით ხუთ საათიანი გზის მოვლის შემდეგ მოსაღამოვდა.
ავტობუსმა გეზი სასტუმროსაკენ აიღო, სადაც უნდა დაბანაკებულიყვნენ.
სასტუმროში ნომრები ჩვეული პრინციპით გაანაწილეს: გოგონები ერთ ოთახში - ბიჭები მეორე ოთახში.
რომ დაბინავდნენ, ჯერ სასტუმროს ვეებერთელა ტერასა დაათვალიერეს, შემდეგ კი არანაკლები სიდიდის ეზოში გადაინაცვლეს.
შენობის პირველი სართული მთლიანად რესტორანს ეკავა.
ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ დარჩენილი საღამო სწორედ იმ რესტორანში გაეტარებინა, რომელიც სავსე იყო ხალხით.
ნომრებში აბრუნდენ, ცოტა დაისვენეს, გამოიცვალეს და რესტორანში ჩავიდნენ. ხალხმრავლობაში ძლივს მოძებნეს ერთი თავისუფალი მაგიდა, რომელზეც ყველა დაეტეოდა და შეკვეთაც მისცეს, თუმცა შეკვეთა და ჭამა-სმა ბავშვებს ნაკლებად ადარდებდათ. ყველა მცირე დარბაზისკენ იყო მოწადინებული, სადაც უამრავი წყვილი ერთმანეთში ირეოდა და ცეკვის დიდ აბლაბუდას ქმნიდა.
ცოტ-ცოტა ყველამ რომ ჭამა, საცეკვაოდ გაემართნენ. სხვადასხვა ჟანრის რამდენიმე მუსიკის და შერეული ცეკვების შემდეგ უცნობმა „დიჯეიმ“ ირაკლი გიგაურის „მე მინდა გიყურო“ ჩართო.
ახლა მთელ დარბაზში ისმოდა ეს სიმღერა. გარემო იმდენად რომანტიკული გახდა, რომ თომამ დეაზე ფიქრებს თავი ვეღარანაირად აარიდა. უამრავ ხალხში მისი თვალები მხოლოდ დეასკენ იყო მიმართული, რომელიც მეგისთან ერთად ცეკვავდა.
„მე მაინც მოგძებნი, მე მაინც გიპოვი
მე ისევ მოგძებნი, გიპოვი შენ.
და მერე გავყვებით იმ ლამაზ ხეივანს,
სწორედ იმ ხეივანს, რომ შეგხვდი შენ...“
როგორ უხდებოდა დეას ღიმილი.
თომამ სწრაფად დაივიწყა ეს ფიქრები, დათუნაც გაახსენდა და დიჯეიმაც ერთი მუსიკა - მეორეთი ჩაანაცვლა.
დაახლოებით ერთ საათში, როცა ყველა ცეკვითაც დაღლილი იყო და მაგიდასთან ჯდომითაც, დემემ თავისი იდეა წამოაყენა:
-ბავშვებო. მომისმინეთ უცებ სანამ ფრიდონი და ეთო დაბრუნდებიან. კაროჩე ქუთაისი ხუთი თითივით ვიცი, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. ხოდა სასტუმროდან ახლოს არი ერთი ძაან მაგარი ადგილი. წავიდეთ რა. თან ისე ძაანაც არ ბნელა გარეთ და გავერთობით. დაჟე კოცონსაც დავანთებთ.
იდეა ყველას მოეწონა. ბავშვებმა ამის შესახებ ამჯერად ეთოსა და ფრიდონს აცნობეს. მასწავლებლებმა ჯერ შეიცხადეს, ღამეა და თან უცხო ქალაქში ვართ, ვერსად ვერ გაგიშვებთო, თუმცა უამრავი თხოვნის შემდეგ იმ პირობით დათანხმდნენ, რომ შორს არ წავიდოდნენ და ტელეფონთანაც ყურადღებით იქნებოდნენ.
გახარებულმა ჯგუფმა სწრაფად გააღწია ჯერ შენობიდან, მერე ეზოდან და დემეს მეთაურობით გზას გაუყვა.
ორასიოდე მეტრში, მართლა ძალიან ლამაზ ადგილს მიადგნენ.
პატარა გორაკი იყო, რომლის დასაწყისშიც მინი ბარი აეშენებინათ. მინი ბარს ძალიან ლამაზი ლამპიონები გასდევდა მთელ სიგრზეზე გორაკის ბოლოსთან, სადაც უკვე ნაცეცხლარი იყო.
ხუთი წუთიც არ დასჭირდათ ტოტებისა და ფიჩხების მოსაგროვებლად და კოცონის დასანთებად.
კოცონის გარშემო დასხდნენ და რაზე აღარ ისაუბრეს.
მთავარი ორატორები მაინც დემე და შაკო იყვნენ, რომლებიც ერთმანეთზე უთვალავი ისტორიის მოყოლით არავის არასდროს აბეზრებდნენ თავს.
დაახლოებით ორმოც წუთში მასწავლებლებმა დარეკეს და დაბრუნდითო უთხრეს. სტეფანიამაც უპასუხა, რომ წამოვიდოდნენ. ცეცხლი ჩააქრეს და წამოვიდნენ.
არათანაბარი ტემპით გავლილი რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ თომამ შეამჩნია, რომ დეა ჯგუფს აკლდა.
ჯგუფს ჩამორჩა ისე, რომ არ შეემჩნიათ და დეასკენ მიბრუნდა. დეა თომას დანახვაზე მაღლა წამოიწია:
-სად იყავი?
-მოვდიოდი. უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი და მაგიტომ ჩამოგრჩით.
-რაზე ჩაფიქრდი თუ საიდუმლო არაა?
-საიდუმლოა.
-კარგი. მაშინ აღარ შეგეკითხები.
თომა და დეა უკვე სრულ სიბნელეში იდგნენ ყველასგან მოშორებით. ბავშვები უკვე აღარც კი ჩანდნენ, სიბნელეს კი შორიდან მომავალი ბარის ლამპიონები ანათებდა ოდნავ.
ცოტა ხნის განმავლობაში ორივე ჩუმად და ნელა მიდიოდნენ. ოდნავი უხერხულობაც კი იგრძნობოდა. უეცრად დეამ თომა შეაჩერა. ბიჭი დაიბნა:
-რატომ ზრუნავ ასე ჩემზე? - თომა კიდევ უფრო დააბნია შეკითხვამ.
-რას გულისხმობ.
-ყველაფერს, რასაც აკეთებ. რატომ ზრუნავ. აი წეღანაც, რატომ დაბრუნდი კოცონთან?
-არ ვიცი.
-ამას უნებლიედ აკეთებ?
-არ ეგ არ ვიცი. ძალით არაფერს ვაკეთებ, მით უმეტეს აქ. თუ არ მოგწონს რასაც ვაკეთებ, მითხარი და შევწყვეტ. - დეა და თომა ერთმანეთის პირისპირ იყვნენ სრულ სიბნელეში.
-არა ეგ არ მითხოვია, უბრალოდ.. - დეა შეჩერდა. თითქოს რაღაცის თქმას აპირებდაო და გადაიფიქრა.
-რა უბრალოდ?
-თომა იცი წეღან, სანამ მოხვიდოდი და როცა მოხვედი მერეც შენზე ვფიქრობდი. - თომა გაშეშებულიყო და ენა ჩავარდნოდა, დეა კი აგრძელებდა, თითქოს საცაა ამოხეთქავსო. - ეხლაც შენზე ვფიქრობ და არ ვიცი. თომა შენ რაღაცას ცვლი ჩემში. როცა გელაპარაკები თითქოს ის ვარ, ვინც მინდა, რომ ვიყო. - სწრაფად სუნთქავდა დეა. თომა ოდნავ ზემოდან დაჰყურებდა მას და ვერაფერს ხვდებოდა.
დეამ თომას ამოხედა, კიდევ უფრო მიუახლოვდა, წამიერად დამშრალი ტუჩები გაისველა და თომას აკოცა.
თომას მთელი სხეული აუთრთოლდა. გრძნობდა დეას ტუჩების სიმხურვალეს, მის გულწრფელობას და საპასუხოდ დაეწაფა მათ. იგრძნო, როგორ გააჟრჟროლა დეას და მთელი სხეულით მოეხვია მას.
-მეც იმავეს მაგრძნობინებ დეა. - მის სახესთან ამოილაპარაკა თომამ. დეა უნებლიედ კიდევ უფრო გაიწია თომასკენ და მკერდზე თავი დაადო. თომა მთელი სხეულით ეკვროდა დეას.
-თომა... - მოკანკალე ხმით აღმოხდა დეას, უკან გაიწია, კიდევ უფრო ჩასჭიდა ხელები მკლავებზე და მერე მთელი სხეულით მიეკრო.
თომა კი, ისე რომ თვალები არ მოუცილებია მისთვის, ნელა დაიწია დეასკენ და ღაწვზე ეამბორა.
წამი არ იყო გასული, დეა უხეშად ჩამოეცილა თომას სხეულს:
-თომა ეს არასწორია. ძალიან არასწორი. - თომამ დაინახა, როგორ აირეკლა დეას ლოყაზე ჩამოვარდნილმა ცრემლმა ბარიდან მომავალი სინათლის პატარა სხივი.
თომას ენა ჰქონდა ჩავარდნილი. დაახლოებით სამი წუთის მანძილზე იმდენი რამ მოხდა, რომ მგონი გაანალიზებაც კი ვერ მოასწრო. დეამ თითქოს კიდევ ცადა რაღაცის თქმა, მაგრამ თავი ვერ მოაბა. თომა წამიერად თითქოს გამოფხიზლდა, თუმცა მხოლოდ ერთი სიტყვა აღმოხდა:
-ვიცი..
ცრემლი დეას თვალზე პირველად ნახა და შიგნიდან კლავდა ის ფაქტი, რომ დეა მის გამო ტიროდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და თვალებსაც კი ვეღარ უსწორებდნენ. დეას ტუჩებზე კვლავ თომას ტუჩების გემო ჰქონდა..
თომა ცოტაც და, თავადაც ატირდებოდა. ალბათ იმ მომენტში, დეას მუხლებში ჩავარდნასა და ქვითინზე მეტად არც არაფერი უნდოდა, თუმცა ოცნებები იშვიათად ხდება.
დეამ მაისურის მკლავი ხელისგულამდე გაწელა და ცრემლები შეიმშრალა:
-უნდა წავიდე, თომა. - აკანკალებული ხმით უთხრა ბიჭს.
თომამ ვერაფერი უთხრა. ერთ ადგილას იყო გაშეშებული და ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვას ურთულებდა.
დეამ უკანმოუხედავად ჩაუარა გვერდი ადგილზე გაყინულ თომას.
და თომა მწარედ ატირდა.
უყურებდა როგორ მიდიოდა დეა სასტუმროსკენ აჩქარებული ნაბიჯით და მწარედ ქვითინებდა.
ვერაფრის თქმა ვერ შეძლო დეასთვის. ტუჩებზე ისევ დეას ვარდისფერი ტუჩების გემო ჰქონდა, რომელსაც მომენტებში მარილიანი ცრემლები ანაცვლებდა.
ეშინოდა, ძალიან ეშინოდა თომას. ყველაზე მეტად კი ის აშინებდა, რომ შეიძლებოდა ეს მათი მეგობრობის ბოლო ყოფილიყო. შეიძლებოდა დეასთან ეს დამშვიდობება უკანასკნელი იყო..
ერთხანს გაყინული იდგა. მერე ცრემლები მოიწმინდა, ზუსტად ისე, როგორც დეამ და ოდნავ დამშვიდდა. გათიშული ტვინი თითქოს ახლიდან ჩართო და აზროვნების უნარი დაუბრუნდა.
სასტუმროსკენ ნელი ნაბიჯით დაბრუნდა. არ უნდოდა რამეზე ეფიქრა, რადგან ფიქრების ახლა ყველაზე მეტად ეშინოდა.
გზაზევე მიხვდა, რომ ამ მდგომარეობაში მყოფს მარტივად შეამჩნევდნენ და უთვალავ კითხვას დააყრიდნენ, ამიტომ ამჯერად თავი ხელში მართლა აიყვანა.
სასტუმროში შესულს რესტორანი უკვე დაცარიელებული დახვდა. მხოლოდ რამდენიმე ოფიციანტი და დამლაგებელი შეამჩნია ცარიელ დარბაზში, რომლებიც სტუმრების დატოვებულ ნაგავს წმენდდნენ.
ვერც მასწავლებლები, ვერც ბავშვები და ვერც დეა.. ვერ შეამჩნია.
კიბეებს აუყვა და ბიჭების ოთახისკენ წავიდა.
ოთახის კარი რომ შეაღო სრული აურზაური დახვდა: მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა, ძირს გადმოყრილი ბალიშები, აქა-იქ მიმოყრილი ტანსაცმელი და ორიოდე ცარიელი არყის ბოთლი.
კარგად ნასვამმა ბიჭებმა შენიშნეს თომა და მოიკითხეს:
-ვააა. თომაც მოსულაა. სად იყავი ბიჭო ამდენხანს? - ისე კითხა დემემ, თომას ალბათ ენაბლუ ეგონებოდა რომ არ ცოდნოდა ჩვეულებრივ როგორ საუბრობდა.
თომამ ბოლო ერთი საათის მანძილზე პირველად გაიღიმა. პასუხი ბიჭს შაკომ დაასწრო:
-ეე გაანებე თავი თომას. ეტყობა კუჭი აეშალა. - არანაკლებ ენაბლუსავით უპასუხა კარგად შემთვრალმა შაკომ და მთელი ოთახი ახარხარდა.
-შემო თომა. კუჭის აშლას არაყი შველის და აგერ, ნახევარი ბოთლი კიდევ დაგვრჩა. ჭიქა აიღე და დალიე. - ჩაერთო გიორგიც.
-არ მინდა ბიჭებო. მუცელი მტკივა და კიდევ უფრო ამატკიებს. - მუცელზე ხელი მოისვა თომამ. იმდენად ცუდად იმსახიობა, რომ ერთადერთი, რამაც გადაარჩინა ბიჭების სიმთვრალე იყო.
-კაი ხო. მარა ესეთი ქალაჩუნაც არ გვეგონე. - მიუგო ნახევრად ჩაძინებულმა დემემ.
-შეეშვი ბიჭო. რა შუაშია ქალაჩუნა, გითხრა მუცელი მტკივაო. - ისე წამოარტყა თავში შაკომ, ბიჭი გამოფხიზლდა კი არა, კინაღამ გული აერია.
მთვრალი ბიჭების წამოწყებულ დიალოგებს თომა მოკლე პასუხებით ყვებოდა. ფიქრებით სულ სხვაგან იყო. შორს ყველაფრიდან და შიშის გრძნობას მთელი სხეულით ატარებდა.
ბიჭები უაზრო დიალოგებითა და კიდევ უფრო უაზრო მუსიკის მოსმენით მალევე დაიღალნენ და დასაძინებლად დაწვნენ.
დაახლოებით ნახევარ საათში თომას გარდა, ოთახში ყველას მკვდარივით ეძინა.
ვერ დაიძინა თომამ. საწოლში ხან ერთ მხარეს იწვა, ხან - მეორე. ფიქრობდა. ძალიან ბევრს ფიქრობდა და ისე ჭამდა ეს ფიქრები, რომ სასიცოცხლო ძალა ერთმეოდა.
ყველაზე მეტად ის ტკენდა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები იყო.
ესმოდა დეასი, ყოველ შემთხვევაში, ფიქრობდა, რომ ესმოდა.
ჭამდა შიშები.
მთელი ღამე ფიქრებში გაილია.
აისის პირველი სხივები აივნის ფანჯარას რომ მოხვდა, მაშინღა მიხვდა, რომ მთელი ღამე ფიქრებში გაათენა.
დილის ექვსზე ჩაეძინა..
რამდენიმე საათში მუსიკის გამაყრუებელმა ბასებმა წამოაგდო ფეხზე.
თომამ თვალები ძლივს გაახილა, საწოლზე წამოჯდა და დაინახა, როგორ დაელაგებინათ ბიჭებს სანაგვედ ქცეული ოთახი.
ახლადგაღვიძებული თომა პირველად გიორგიმ შეამჩნია:
-ძილისგუდაც ამდგარაა.
-უკანალი აწიე თომა და მოგვეხმარე, თორე სადაცაა დაგვადგებიან ეთო და ფრიდონი.
თომა ნელა წამოდგა საწოლიდან, ჩაიცვა და ბიჭებს საქმის დასრულებაში დაეხმარა.
არ უნდოდა, რომ წუხანდელზე ეფიქრა და ყველაფერზე ცდილობდა ყურადღების გადატანას.
დილიდან სიტყვაძუნწობდა.
თერმეტის წუთებზე ოთახის კარი ფრიდონმა შემოაღო:
-დილამშვიდობისა ბიჭებო. გაემზადეთ და სასაუზმოდ ჩამოდით პირველ სართულზე, თორმეტი საათისთვის გავდივართ.
შიშები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, აქამდე ირიბად აწუხებდა თომას, რეალური გახდა.
საუზმისას უეჭველად ნახავდა დეას და არც კი იცოდა, როგორ გაესწორებინა მისთვის თვალი.
ბიჭები სინქრონულად ჩავიდნენ პირველ სართულზე.
დეა იქ იყო..
გოგოს არაფერი ეტყობოდა. მეგისთან და სტეფანიასთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მომენტებში იცინოდა კიდეც.
თომას ვერაფერი გაეგო, საცაა მეორედ ატირდებოდა, თუმცა თავი ხელში მაინც აიყვანა.
ბიჭები გოგოების მაგიდის მოპირდაპირე მხარეს, მოშორებით მიუსხდნენ მაგიდას.
ერთ მომენტში, თომას თითქმის აცრემლებული და დეას გაღიმებული თვალები ერთმანეთს გაუსწორდა. დაბნეულობისგან ერთმა მაღლა, მეორემ კი დაბლა დაიხედა და მეორედ აღარც გაუხედავს საპირისპირო მაგიდისკენ.
საუზმის მერე ოთახში აბრუნდნენ. თომა შიგნიდან გატეხილი იყო, მაგრამ არ იმჩნევდა და არც ეტყობოდა.
დათქმულ დროს გამზადებულები ჩავიდნენ დაბლა და ავტობუსში მონაცვლეობით დაიკავეს ადგილები.
ავტობუსი ჩვეული, გასართობი რიტმით მიუყვებოდა ქუთაისის ღირსშესანიშნაობებისაკენ მიმავალ გზას, თუმცა თომას მათგან არცერთი არ დაამახსოვრდა.
ყველაფრის მონახულების შემდეგ, სასიამოვნოდ დაღლილმა მასამ, გზა დედაქალაქისკენ აიღო.
თომამ შეამჩნია, როგორ დაეძინა დეას გზაში და მცხეთამდე არ გაღვიძებია.
თბილისში საღამოს რვა საათისთვის დაბრუნდნენ.
ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ დეა ისე გაუჩინარდა, რომ თომას მისთვის თვალიც არ მოუკრავს, სამაგიეროდ ელენე დაინახა, რომელიც გაღიმებული ელოდა მონატრებული შვილის დაბრუნებას:
-როგორ მომენატრე დე. - შეეგება გახარებული ელენე.
-მეც მომენატრე. - ლოყაზე აკოცა ბიჭმა.
-დე, მიდი საბარგულში ჩადე ჩემოდანი და წავედით, გეტყობა დაღლილი ხარ.
სახლისკენ მიმავალმა ელენემ, თომას ყველაფერი გამოკითხა. თომა უბრალოდ პასუხებს უბრუნებდა. საერთოდ არ იყო ლაპარაკის ხასიათზე.
სახლში რომ მივიდა, მალევე ჩაეძინა. როცა გაიღვიძა, ღამის ოთხი საათი იყო. ტელეფონს დახედა და დეას მესიჯი დახვდა...
"ის, რაც მოხდა შეცდომა იყო. ყველაფერი ზედმეტად მოკლე პერიოდში მოხდა. ალბათ ხვდები, რომ ყველაფერში მხოლოდ გუშინდელს არ ვგულისხმობ. გთხოვ ნუ იფიქრებ იმაზე, რაც მოხდა. საერთოდ არაფერი არ იფიქრო. ბევრს ვფიქრობდი ყველაფერზე და ეს ტექსტიც ალბათ ათასჯერ წავშალე, მაგრამ ახლა მაინც გწერ იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. ჰო მნიშვნელოვან ადამიანად ჩამოვყალიბდი ჩემთვის მოკლე დროში და არ ვიცი ამას როგორ გადმოვცემ, მაგრამ ეგრეა. გთხოვ, არ იფიქრო არც ჩემ სიტყვებზე იმ ღამეს. თომა, მინდა, რომ ისევ ისეთი მეგობრები ვიყოთ, როგორც აქამდე და იმ ღამეზე აღარასდროს ვილაპარაკოთ.".
მესიჯების წაკითხვისას თომას გული გამალებით უცემდა, ყელში ბურთი გაჩხეროდა და კითხვა რომ დაასრულა, ცრემლები წამოუვიდა.
უამრავი გრძნობა მოეძალა კითხვის დროს, უმთავრესად კი წარმოუდგენლად ახარებდა ის ფაქტი, რომ დეას არ დაკარგავდა. რომ მის ყველაზე ძვირფას მეგობარს არ დაკარგავდა.
უცნაური იყო, რომ დეას დანაპირები შეასრულა. ერთი წამითაც კი არ უფიქრია იმაზე, რაც წინა ღამით მოხდა. მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ დეა და ის, კვლავ მეგობრები იქნებოდნენ.
თომამ არ იცოდა, რა ეპასუხა მესიჯებზე, რომლებს შორისაც რამდენიმე წუთიანი დაშორება იყო. ისე ჩანდა, თითქოს დეა ყველა სიტყვას ათასჯერ შლიდა და ათასერთხელ წერდა თავიდან.
ბოლო წინადადების გაგზავნის მერე, დეა ონლაინზე აღარ ყოფილა. ალბათ, ეძინა. თომამ ბევრი იფიქრა, თუ რა პასუხი დაებრუნებინა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ის მიეწერა, რასაც მართლა ფიქრობდა:
"დეა მესმის შენი და წარმოუდგენლად მიხარია, რომ არ მიდიხარ. მეშინოდა შენი დაკარგვის, მეშინოდა, რომ არ მაპატიებდი. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად ჩამოყალიბდი და ვერ დავუშვებდი შენ დაკარგვას. გპირდები, რომ იმ ღამეზე აღარასდროს დაგელაპარაკები."
გაგზავნის ღილაკს თითი რომ დააჭირა, თითქოს ზურგიდან დიდი ლოდი მოიხსნა.
ტელეფონი გადადო და ერთხანს უბრალოდ იწვა ცარიელ, ბნელ ოთახში. არაფერზე ფიქრობდა.
დაახლოებით ნახევარ საათში ტელეფონი კვლავ ხელში აიღო და დეას მიწერა:
"ძილინებისა დეა."
და თავადაც, ტკბილად დაიძინა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს.და გელოდები,მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს.

 


№2  offline წევრი ეკე

სტუმარი nancho
ძალიან მომწონს.და გელოდები,მაინტერესებს როგორ განავითარებ მოვლენებს.

ძალიან დიდი მადლობა.
ახალი ნაწილი გზაშია, დადასტურებას ელოდება. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent