შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის დაბადება /სრულად/


7-02-2021, 13:34
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 2 604

ჩვენ გვჭირდება გზა, რომ შემდეგ მას გვერდი ავუაროთ და საცალფეხო ბილიკს გავყვეთ, რომელიც ბუმბერაზ, უსიერ ტყეში იკარგება და შემაძრწუნებლად ვიწროვდება.
გვჭირდება დაწესებული ნორმალურობა, რათა გავგიჟდეთ და გადავაბიჯოთ საზღვრებს.
გვჭირდება სახლი, რათა დავივიწყოთ მისკენ მიმავალი გზა.
გვჭირდება სიკვდილი, რათა ბოლომდე შევიგრძნოთ სიცოცხლის ნეტარება.


- საწოლიდან რატომ არ დგები?
- განა შენ ასე არ გსურს?
- ჩემი სურვილი გავაჟღერე შენთან?
- არა, მაგრამ ლოგიკურია - ეს გინდოდეს.
- მინდოდეს - რა?
- ჩემი სიკვდილი.
- რაში მარგია მე შენი სიკვდილი?
- მაშ, რატომ მოხვედი?

გამინაწყენდა. ვერ ვხვდებოდი - რა ხდებოდა. რა სურდა, რატომ იყო აქ…
ყოველწამს ვშფოთავდი და სუნთქვა მიჭირდა. ის კი თან დამყვებოდა.

- რამე დავაშავე ?
- მე რატომ მეკითხები - დააშავე რამე თუ არა?
- იმიტომ, რომ აქ ხარ…
- ჩემი აქ ყოფნა რას ცვლის?
- ყოველწამს ველოდები, რომ დამავლებ კლანჭებს და წამიყვან!
- ჩემი კლანჭები გინახავს?
- არა.
- გითხარი, რომ უნდა წაგიყვანო?
- არა…
- რა გინდა ?

უცნაური ფეტიში ჰქონდა - გარეგნობას იცვლიდა გამუდმებით. ხან როგორ მომევლინებოდა, ხან როგორ.

- რას გრძნობ?
- ახლა?
- ჰო, ახლა.
- შიმშილს. არ გშია?
- არასდროს მიჭამია.
- რითი იკვებები?
- ალბათ, სულებით.

მხრები აიჩეჩა და ჩემზე დაკვირვება გააგრძელა. ნამცხვრის ცხობა დავიწყე და საცდელად გავასინჯე კიდეც.

- რა უცნაურია.
- არ მოგწონს?
- არ ვიცი.
- ტკბილი არ მოგწონს ე.ი. მჟავეზე რას იტყვი?
- ეს რა არის?
- მჟავე კიტრია. ზოგადად, ნამცხვრის შემდეგ რეკომენდირებული არაა… ადამიანებისთვის.

გაეცინა და ჩაკბიჩა. დამეფიცება, ადამიანი რომ ყოფილიყო, საოცარი სიამოვნებისგან თვალებიც კი გაუფართოვდებოდა. ახლაც გაუფართოვდა, მაგრამ მეტისმეტად ხელოვნური მეჩვენებოდა მისი ადამიანისეული გარეგნობა.

- გემრიელია.
- მარილიანსაც გაგასინჯებ, მაგრამ მერე.
- ახლა სადმე აპირებ წასვლას?
- სამსახური მეძახის.
- როცა საწოლში იწექი ერთი კვირა გაუნძრევლად, მაშინ არ გეძახდა?
- მეძახდა, მაგრამ მოვიტყუე.
- რა თქვი?
- ის, რომ სურდო მქონდა და მაღალი ტემპერატურა.
- მე არც სურდო ვარ, არც მაღალი ტემპერატურა.
- ვიცი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია, შენი არსებობის შესახებ მეთქვა რაიმე?
- მმალავ?
- შენ არ იმალები.
- რატომ?
- კლავ და იმიტომ.
- მე სხვა არაფერი შემიძლია.
- ვიცი.
- სამსახური რაში გჭირდებათ?
- რომ მჟავე კიტრის საყიდლად, ფული გვქონდეს.
- ფულის გარეშე ვერ იშოვი?
- გამორიცხულია. არავინ არაფერს მოგცემს, თუ სათანადოდ არ გადაუხადე.
- მაჩვენე ფული.
საფულედან ორიოდე კუპიურა ამოვიღე და მივაწოდე. რამდენიმე წამი ატრიალა ხელებში და შემომხედა. უკმაყოფილება ეწერა სახეზე, მგონი.
- ამას აძლევ და კიტრს მოგცემენ?
- ჰო.
- ეს ჰომ გაფერადებული ქაღალდია.
- ეს გაფერადებული ქაღალდი მსოფლიოს ატრიალებს, ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და კლავს კიდეც.
- ეს… - ხელში ააფრიალა კუპიურები. - ვერავის მოკლავს, თუ ადამიანის დრო არ მოვიდა!
შემომიღრინა და მეც ავიწურე. სულ დამავიწყდა, რომ სიკვდილს ვესაუბრებოდი და ასეთი მკვეთრი გამოთქმებისგან თავი უნდა შემეკავებინა. ენაზე ვიკბინე, მაგრამ გვიან.
უცნაური და უგუნური ის იყო, რომ მე ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდი. თითქოს, ვხვდებოდი, რომ ეს ზედმეტი იქნებოდა. სიკვდილისთვის კითხვების დასმა მეზედმეტებოდა.

- ჩემი სამსახური მკვლელობაა.
- მოგწონს შენი სამსახური?
- არ ვიცი. მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში, მხოლოდ ამით ვიყავი დაკავებული.
- სხვა საქმიანობა არ გიცდია?
- რა საქმიანობა უნდა ჰქონდეს სიკვდილს, მკვლელობის გარდა?
- იცი, როდესაც სიკვდილი ბრმად არ ასრულებს დაკისრებულ დავალებას და გეგმას სცდება, ეს მნიშვნელოვანია.
- რატომ უნდა ავცდე გეგმას?
- სავალდებულო არაა გადაუხვიო დაგეგმილს, მაგრამ განა ადამიანების ბედნიერი სახეები არანაირ სიამოვნებას განიჭებენ?
- ადამიანების ბედნიერი სახეები, როდესაც ჰგონიათ, რომ თავიდან ამიცილეს, მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მე მათ ვძულვარ.
- ყველას ვერ ეყვარები, განა საკმარისი არაა - თვითმკვლელებს რომ უყვარხარ?
- საიდან მოიტანე, რომ მათ ვუყვარვარ?
- თავიანთი ნებით უარყოფენ სიცოცხლეს…
- სიცოცხლის უარყოფა, სიკვდილის სიყვარულს არ ნიშნავს. სიცოცხლის უარყოფა სიცოცხლის იმდენად სიყვარულია, რომ ცხოვრების დამახინჯების ატანა ადამიანს არ ძალუძს. არც ერთ თვითმკვლელს არ სურს სიკვდილი. მათ ცხოვრების შეცვლა სურთ და როცა იაზრებენ, რომ არ გამოსდით - შემდეგ მოდიან ჩემთან.

ვერაფერი ვუპასუხე. განა, რა მქონდა საპასუხებელი? როგორ მეთხოვა მისთვის, არ წაერთმია ადამიანებისთვის სიცოცხლე, როდესაც ერთი ცოცხალი არსებაც არ მოიძევებოდა დედამიწაზე, რომელსაც უყვარდა იგი? როგორ მეთხოვა, ხელი აიღე შენს მოვალეობაზე და სამსახურზე, როდესაც ჩვენ, ადამიანებმა, შევქმენით ფულადი სისტემა, რომელიც გვაიძულებს ვიბრძოლოთ, რათა გადავრჩეთ? თუ არ გაქვს მწვანე ქაღალდი - შიმშილით მოკვდები!

ადამიანთა მოდგმა შემზიზღდა და გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა სარკეში ჩახედვისას. მეც ჰომ ადამიანი ვიყავი. ზედაპირული, სიცოცხლეს ბრმად ჩაბღაუჭებული ადამიანი.
ორ ფეხზე შემდგარი ეს გონიერი არსებები, მართლაც რომ, მხოლოდ არსებობენ. ისინი არ ცხოვრობენ. ცხოვრების დეფინიციაც კი არ გააჩნია ზოგს. რა ირონიაა...

დავიკარგე. ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, რაც კი რამ მისწავლია და მიშენებია. ზედ გადამატყდა სიფრიფანა ჯოხივით ჩემი რწმენა და იდეოლოგია. სხეულში შემომეპარა აუხსნელი გრძნობა და ეს არ იყო მარტივი მისახვედრი. თითქოს, სამყაროში რაღაც ახალი შეიქმნა და პირველმა მე ვიგრძენი.

საწოლზე ვიჯექი და ლურჯი ბალიში მქონდა ჩახუტებული გულში. თვალები ცრემლებს დაელაშქრათ.
ვირწეოდი წინ და უკან, როდესაც მისი ხმა შემომესმა.

- რატომ ეძებთ ყველაფერში სრულყოფილებას?
- იმიტომ, რომ გაუმაძღრები ვართ.
- რატომ არ შეგიძლიათ დაკმაყოფილდეთ არსებულით?
- იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. იმიტომ, რომ განსხვავებულობაზე ვდებთ თავს. იმიტომ, რომ მოსიარულე ეგოები ვართ და ამ ეგოს დასაკმაყოფილებლად - ყველაფერზე წავალთ.
- რატომ?
- არ ვიცი.
- შენც ასეთი ხარ?
- ჰო.
- მოგწონს?
- რა აზრი აქვს - მომწონს თუ არა? მაინც ვერ შევიცვლებით ადამიანები.
- ანუ, ადამიანები არ იცვლებიან.
- არა.
- თუ ადამიანები არ იცვლებიან, რატომ გინდა, რომ მე შევიცვალო?

გავშრი. გავქვავდი. მაგრამ არ შემშინებია, რომ მისი ჩუმი მრისხანება გადაიქცეოდა მისი მოვალეობის შესრულებად ჩემი მიმართულებით. მე არ მეშინოდა სიკვდილის, მე მეშინოდა, რომ სიკვდილი წავიდოდა ჩემგან.

- არ მსურს შენი შეცვლა.
- ტყუი!
- რატომ გგონია, რომ ვტყუი? რადგან სხვები უარგყოფდნენ, მეც მათ რიგებს უნდა მიმაწერო?
- შენ ჩემი გეშინია, ამიტომაც იძახი ამას. გეშინია, რომ კლანჭს დაგავლებ და წაგიყვან. წაგიყვან იმქვეყნად და აქ ვერასდროს დაბრუნდები. რა გაქვს ასეთი, რომ ასე ეჯაჭვები ამ ქვეყანას? ვინ გყავს?! თქვენ საკუთარი თავიც კი არ გყავთ, უბადრუკო ადამიანებო. ყველა და ყველაფერი ისე გატრიალებთ, როგორც მოესურვებათ. თქვენივე შექმნილი ცნებები მარხავენ თქვენს თავისუფლებას, რომელსაც ასე გამწარებით ეპოტინებით.
- მრავლობითში…
- მერე?
- მეწყინა.
- შენ, რა, ადამიანი არ ხარ?
- მაწყენინე.
- რას ნიშნავს - გაწყენინე?
- ის თქვი, რაც არ უნდა გეთქვა.
- სიმართლე ვთქვი.
- თქვი, მაგრამ ეგ არ მიგულისხმია.
- პირდაპირ იტყვი თუ გავიდე კარში?
- მე ყველას რატომ მიმათვალე?
- ყველა ხარ და იმიტომ.
- ანუ, ერთ-ერთი რიგითი წასაყვანი ადამიანი.
- ნუ ეგოვდები.
- ღიზიანდები?
- ვღიზიანდები.
- მეტისმეტად გაადამიანურდი - ატყობ?

შეატყო და გაჩუმდა. ჩემ გვერდით დაჯდა საწოლზე და ზურგი შემაქცია. ქაოსურად ირეოდნენ მასში ემოციები და მე ამას ვგრძნობდი. სიკვდილში ემოციათა ქარტეხილი გამოვიწვიე და გამაკანკალა.

ქაოსში ვართ ყველანი. ვიცხოვრობთ ქაოსში და ვეძებთ საკუთარ წესრიგს. მხოლოდ სიგიჟის ზღვარზე მისულებს გვაქვს უნარი, ქაოსით ვიცხოვროთ.
არავინ არაფერი იცის. ან/და... ვინ იცის?

- რატომ ებრძვი საკუთარ თავს?
- იმიტომ, რომ არ შეიძლება.
- რატომ?
- მე კარგა ხნის წასული უნდა ვიყო და ვაკეთებდე იმას, რაც მევალება.
- მაგრამ არ მიდიხარ. რა გაკავებს?
- შენ.
- მე გიჭერ?
- არა.
- გექაჩები?
- არა.
- რა გინდა?
- სიკვდილის სიტყვებით საუბარი ჰობად გექცა?
- დიდხანს ვფიქრობდი თავგზააბნეულ ადამიანებზე, რომელნიც ძალიან დიდ ძალისხმევას აქსოვენ იმაში, რომ შეიცვალონ.
- მე ვცდილობ შევიცვალო?
- გაუცნობიერებლად ცდილობ.
- ადამიანურ ფსიქიკასაც მაწერ უკვე?
- მეტსაც გეტყვი. საკუთარ თავს ეძებ.
- ეგ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. თქვენგან განსხვავებით მე არ ვმალავ და მალულად არ ვფიქრობ ამაზე.
- იქნებ იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემთან გაქვს კონტაქტი.
- შესაძლოა… შენც იკარგები?
- საკუთარი თავის პოვნა ჰომ გაგიგია? აი, არ გვჭირდება ეს დედააფეთქებული, გესმის? არ გვჭირდება. თავს ვდებთ, მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართო და ამის დედა ვატირე, ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავებს? გამუდმებით ვცვლით მას, გამუდმებით! მუდამ უკმაყოფილო, სულ უარყოფითი ნოტები გვეჩხირება თვალში. ნუთუ, ათას კარგში ერთი ცუდი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გავღიზიანდეთ, რომ დავწუხრდეთ?! უფრო მეტს გეტყვი, განა რა მნიშვნელობა აქვს სხვის ფრაზას, როდესაც საკუთარ თავს ვახრჩობთ ნეგატივში.
იცი, რატომ? გვწყინდება. მეტი გვინდა. საკუთარ თავზე მეტი გვინდა მაშინ, როცა ისიც ბოლომდე არ გვყავს შეცნობილი. ათი ნამცხვრის ნაჭერი გვაქვს წინ და თითოეულს ვაკბეჩთ მხოლოდ ლუკმას. აჯაფსანდალი გვეჩითება კუჭში და ცხოვრებაზე გული გვერევა. ცხოვრებას ვუბრაზდებით, ამის დედაც! ჩვენ ვართ დამნაშავე, რადგან არ შევიგრძნობთ საკუთარ თავებს და ვკარგავთ მას. ვიღაც ამით კაიფობს და ვერც გავამტყუნებ. იკაიფოს და ისიამოვნოს. მაგრამ ამაზე წუწუნი და უკმაყოფილება?! წადით თქვენი, მძულს ყველა საკუთარი თავის ჩათვლით. ახლა მივხვდი, მაგრამ მაშინ? მაშინ მეც მათ რიგებში ვიყავი.

ამოვხეთქე. ასე უეცრად და უმიზნოდ. დიდხანს ნაფიქრი და ნაგროვები სიტყვები ერთმანეთს არ აცდიდნენ და მბგერ იოგებზე დიდი ნახტომის განხორციელების შედეგად, ბაგეებიდან მოწყვეტით ეცემოდნენ სიკვდილის სახეზე.

- იყავი?
- ვიყავი.
- როგორ აგეხილა თვალები?
- რწმენა დამიბრუნდა.
- ღმერთი? შენ ჰომ მას არ იცნობ.
- ღმერთი არა, საკუთარი თავი. ჩემი თავის რწმენა დამიბრუნდა.
- როგორ შეგეძლო ეს დაგეკარგა?
- შენ გჯერა საკუთარი თავის? გჯერა, რომ ახლაც ისე შეასრულებ მოვალეობას, როგორც ადრე?
- ნუ…
- არ მინდა შენი შეცვლა. მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ და დაველოდები როდის მოვა ჩემი დრო, რათა სამუდამოდ შენთან ვიყო.
- წარმოდგენაც არ გაქვს, რას ამბობ!
- ჰო, ადამიანები ვპირდებით და ვტეხთ პირობას. მეც ადამიანი ვარ, მაგრამ არა მრავლობითში. იპოვე საკუთარი თავი და შემდეგ მოდი ჩემთან. ნუ გამიმეტებ სამუდამო სიცოცხლისთვის და წყევლად ნუ მომივლენ იმას, რასაც ყველა ასე გამწარებით ებღაუჭება.

- ზედმეტად ნუ ფილოსოფოსობ. ადექი, მჟავე კიტრი უნდა ვიყიდოთ...

...
პ.ს. გავიგებ, თუ უცნაურად, ცოტათი ამაზრზენადაც კი მოგეჩვენებათ ნაწერი ;დ თუმცა ყველანაირ შეფასებას შევეგებები სიხარულით.
დიდი ხნის წინ დავწერე და ახლა შემთხვევით ვიპოვე, ჰოდაზ, გიზიარებთ. ^-^



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომეწონა იცი?საინტერესო იყო.მართლაც ასეა,ჩვენ ჩვენივე კანონების კლანჭებში ვართ და ვკარგავთ ჸველაფერს ღირებულს.

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი nancho
მომეწონა იცი?საინტერესო იყო.მართლაც ასეა,ჩვენ ჩვენივე კანონების კლანჭებში ვართ და ვკარგავთ ჸველაფერს ღირებულს.

საინტერესო ხარ, მიხარია, რომ დაინახე ის, რისი თქმაც მინდოდა. გმადლობ, რომ წაიკითხე. ❤️

 


№3  offline მოდერი guroo

“სიკვდილის დაბადება” - ანუ სულ ბოლოს სიკვდილმა მიაგნო საკუთარ თავს?
დასაწყისში სიკვდილი ძლევამოსილი და თავდაჯერებულია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც მან მიაკითხა, იმდენად თვითკრიტიკულია და ისე წრფელ აღსარებას ამბობს, რომ ახერხებს, შეარყიოს სიკვდილი და ახლიდან დაბადება აიძულოს. მასიდან განცალკევება და საკუთარი თავის შეგრძნება ინდივიდად, როგორც ჩანს, ტრანსფორმაციის შედეგია, ანუ ახლიდან დაბადებისა, რომლის შემდეგ ადამიანი ცხოვრებას იწყებს არა სამყაროში არსებული ვიღაც და რაღაც ძლიერის რწმენით, არამედ საკუთარი თავის რწმენით და სწორედ ამის გამოა, რომ სიკვდილსაც უწევს ხელახლა იშვას და კვლავ იპოვნოს რწმენა საკუთარი ძალებისა, რომ ადამიანი კიდევ ერთხელ მიიყვანოს მორიგ გარდაცვალებამდე - ჯერი შემდეგ ტრანსფორმაციაზეა.
დაახლოებით ასე გავიაზრე ამ ორის ურთიერთქმედება.
პირველი აბზაცი მოსამართლის მიერ ჩაქუჩის დაბრახუნებას ჰგავს. ხისტი, მკაცრი და შეუვალი წინადადებები, რომლებიც მე ძალიან მომეწონა, ადამიანური ყოფის საინტერესო და ირონიული გააზრებაა. თითქოს, მკვლევარი ხარ, ხელთ გიპყრია ამაოების სტატისტიკა და სახეზე გვაფარებ ჩვენსავე დატოვებულ ექსკრემენტებს, ოღონდ ძალიან ლამაზად დაწერილს და ამ ნაწერებს გემოვნენიანის იარლიყი აკრავს.
ძალიან კარგი იყო. მესიამოვნა მჟავე კიტრივით გემრიელი მენტალური კერძი.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
“სიკვდილის დაბადება” - ანუ სულ ბოლოს სიკვდილმა მიაგნო საკუთარ თავს?
დასაწყისში სიკვდილი ძლევამოსილი და თავდაჯერებულია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც მან მიაკითხა, იმდენად თვითკრიტიკულია და ისე წრფელ აღსარებას ამბობს, რომ ახერხებს, შეარყიოს სიკვდილი და ახლიდან დაბადება აიძულოს. მასიდან განცალკევება და საკუთარი თავის შეგრძნება ინდივიდად, როგორც ჩანს, ტრანსფორმაციის შედეგია, ანუ ახლიდან დაბადებისა, რომლის შემდეგ ადამიანი ცხოვრებას იწყებს არა სამყაროში არსებული ვიღაც და რაღაც ძლიერის რწმენით, არამედ საკუთარი თავის რწმენით და სწორედ ამის გამოა, რომ სიკვდილსაც უწევს ხელახლა იშვას და კვლავ იპოვნოს რწმენა საკუთარი ძალებისა, რომ ადამიანი კიდევ ერთხელ მიიყვანოს მორიგ გარდაცვალებამდე - ჯერი შემდეგ ტრანსფორმაციაზეა.
დაახლოებით ასე გავიაზრე ამ ორის ურთიერთქმედება.
პირველი აბზაცი მოსამართლის მიერ ჩაქუჩის დაბრახუნებას ჰგავს. ხისტი, მკაცრი და შეუვალი წინადადებები, რომლებიც მე ძალიან მომეწონა, ადამიანური ყოფის საინტერესო და ირონიული გააზრებაა. თითქოს, მკვლევარი ხარ, ხელთ გიპყრია ამაოების სტატისტიკა და სახეზე გვაფარებ ჩვენსავე დატოვებულ ექსკრემენტებს, ოღონდ ძალიან ლამაზად დაწერილს და ამ ნაწერებს გემოვნენიანის იარლიყი აკრავს.
ძალიან კარგი იყო. მესიამოვნა მჟავე კიტრივით გემრიელი მენტალური კერძი.

ეს ადამიანი თვითკრიტიკულია და მეტისმეტად მიამიტი. სისულელემდე მისული გულწრფელობა და სისუფთავე, რომელიც მან სიკვდილს აჩვენა, გახდა სიკვდილის ტრანსფორმაციის მიზეზი - იგი დაიბადა. წარმოგიდგენია, რა იქნებოდა, ამ ადამიანს სხვა ადამიანებთან რომ გამოევლინა ის, რაც სიკვდილს დაანახა?! ცოცხლად შეჭამდნენ ძვლებითურთ. აქ სიკვდილიც გულუბრყვილოა, ვერ ხვდება თავისი სამსახურის გამო, რატომ უნდა სძულდეს ვინმეს იგი. ჯალათს ყველა გვერდს აუვლის და ამრეზით გააყოლეს თვალს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯალათია.
საზოგადოება თავისივე დოგმების მსხვერპლია. საზოგადოება სადო-მაზოხიზმით იტანჯება და საზრდოობს ერთდროულად. ცხოვრება ამაო მხოლოდ იმიტომაა, რომ ადამიანებს სურთ ასეთი იყოს. მე კიდევ, არ გავჩერდები და ამაოების სტატისტიკას ყოველთვის, ყოველ ჯერზე სახეზე ავაფარებ საკუთარი ექსკრემენტებითურთ ამ ბინძურ და დამპალ ცხვრებს.
თენქს, გურო.

 


№5  offline წევრი khalesi

კარგი იყო, მართლაც ძალიან მასიამოვნა. უნდა გააგრძელო წერა აუცილებლად

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

khalesi
კარგი იყო, მართლაც ძალიან მასიამოვნა. უნდა გააგრძელო წერა აუცილებლად

გმადლობ, რომ წაიკითხე და არ შეგეზარა შეფასების დაწერა ^-^ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ წერას. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent