შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროტაგონისტი (მეოთხე ნაწილი)


7-02-2021, 21:57
ავტორი ეკე
ნანახია 775

სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალების აღდგენის შემდეგ თომამ ჩვეული რიტმით გაიღვიძა, დილის რუტინების რიცხვს კიდევ ერთი შემატა და საუზმის მომზადება დაიწყო.
ერთადერთი, რაც აწუხებდა, ფიზიკური გადაღლილობა იყო სამდღიანი ექსკურსიის შემდეგ, თუმცა კარგი განწყობით - გადაღლილობას თითქმის აბათილებდა.
ყველაფერთან ერთად, ელენემ სკოლის გაცდენის უფლებაც მისცა და სახლში მარტო ყოფნის მოყვარული თომა ბოლომდე ითვისებდა თავისუფალ სივრცეს.
დღე უამრავი მუსიკის მოსმენაში და რამდენიმე ფილმის ყურებაში სწრაფად გავიდა.
სამშაბათს სკოლაში წავიდა. კოტე მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში კოტეზე „უკეთესი“ ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ახლო მეგობრები გაიჩინა, კოტეს მაინც არ ივიწყებდა. ბოლოს და ბოლოს კოტესთან წლებია მეგობრობდა.
სკოლის მერე სახლში დაბრუნდა, ისადილა და თეატრალურში წავიდა.
„ლურჯა ცხენებში“ მისვლა ოდნავ დააგვიანდა და დანიშნულების ადგილას რომ მივიდა, დარბაზი ცარიელი დახვდა.
გაუკვირდა. წამიერად ისიც გაიფიქრა, ალბათ გაცდაო და წასვლაც გადაწყვიტა, თუმცა დერეფანში მომავალი მისკენ მომავალი ფრიდონი შენიშნა.
სანამ ფრიდონი თომასკენ მიდიოდა, ბიჭმა გონებაში დახატა საპირფარეშოში გასული მასწავლებლისა და დაგვიანებული მოსწავლის შეხვედრა დერეფანში და საკუთარი ოცნებებით შერცხვენილი სახით დახვდა კაცს:
-გამარჯობა მას.
-გამარჯობა თომა.
-მას, დარბაზი.. რომ ცარიელია?
-კი ცარიელია. - ულვაშებში გაეღიმა ფრიდონს. - დღეს ოთხმოციანების ფილმების ჩვენება გვაქვს. წამოხვალ? - თომამ ისე უპასუხა, რომ ვერც მიხვდა კაცმა რიტორიკულად კითხა.
-დიახ.
დერეფნის ბოლოში გასულებმა, ფრიდონის მეთაურობით გეზი ზემო სართულისკენ აიღეს და მოზრდილ დარბაზში აღმოჩნდნენ. თომა ისევ ტუალეტგამოვლილ მასწავლებლისა და მოსწავლის უხერხულ შეხვედრაზე ფიქრობდა გონებაში და ხან ჩუმად ეცინებოდა მთელი გზის მანძილზე, ხანაც რცხვენოდა.
დარბაზი, რომელშიც ფრიდონმა და თომამ შეაბიჯეს, ნებისმიერ სინემატოგრაფიის მოყვარულ ადამიანს მოეწონებოდა. ორმოცამდე სკამის პირდაპირ სცენას მაყურებელთა ადგილების თავზე განთავსებული პროჟექტორი აშუქებდა. დარბაზში ფრიდონისა და ეთოს ჯგუფის გარდა, თომას თვალებმა სხვა ჯგუფის ბავშვები და მასწავლებელი შენიშნა.
ბიჭმა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ნაცნობი სახეებისკენ გზა გაიკვლია და მეგობრების გვერდით ადგილი დაიკავა.
დემე, შაკო და გიორგი ჩურჩულით მიესალმნენ ბიჭს. დეამ წინა რიგებიდან ფუსფუსი შენიშნა, უკან გამოიხედა და თომას ხელი დაუქნია, თომამაც იგივეთი უპასუხა. მერე კი ბოლომდე ფილმების მაგიურ სამყაროში გადაეშვა.
ერთი სიამოვნება იყო რამდენიმე საათის განმავლობაში დიდ ეკრანზე „მკვდარი პოეტების საზოგადოების“, „კლუბი საუზმისა“ და “დარჩი ჩემთანის“ ყურება.
ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი - „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ თომას აქამდეც ნანახი ჰქონდა, თუმცა დიდ ეკრანზე, ორიგინალი ხმებით ყურება სრულიად განსხვავებული და ენით აღუწერელი სიამოვნება იყო. (ყოველ შემთხვევაში, ფილმების მოყვარული ადამიანისთვის მაინც.)
თანმიმდევრობით ბოლო ფილმი „კლუბი - საუზმე“ აღმოჩნდა, რომელიც თომას ეგოსთან ალბათ ყველაზე ახლოს იყო. ფილმის საუნდტრეკიც - Don’t You Forget About Me ყველაზე ახლოს იდგა იმ თომასთან, რომელიც თომას ყველაზე მეტად მოსწონდა.
ფილმების ყურებისას თომას, სხვებისგან განსხვავებით არცერთხელ არ მონდომებია დარბაზის დატოვება. იმდენად იყო ჩართული თითოეულ ფილმში, რომ რამდენიმე საათის შემდეგ, როცა „კლუბი - საუზმეც“ დამთავრდა და მისტერ ვემონიც გაწბილდა ბავშვების დატოვებული წერილით, პირველად ადგა დაკავებული ადგილიდან.
ვერც ის შენიშნა, როგორ დატოვეს გიორგიმ, შაკომ და დემემ ფილმის ტიტრების ჩვენების დროს დარბაზი.
დარბაზში დარჩენილი მოსწავლეებისათვის ეთომ და ფრიდონმა მცირე განცხადება გააკეთეს:
-ბავშვებო, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვექნება კინოჩვენებები. დავიწყებთ 80იანი წლებიდან და დავასრულებთ 2000იანებით. შემდეგ გაკვეთილზე ვუყურებთ „ბინძურ ცეკვებს“, “ფერის ბიულერსა“ და „ნათებას“.
მასწავლებლებთან საერთო დამშვიდობების შემდეგ თომა გასასვლელისკენ დაიძრა.
მთელი დერეფანი Don’t you forget about me-ს ღიღინით გაიარა და გასასვლელიდან გასულს მოულოდნელად შეეცვალა ხასიათი.
შენობის შესასვლელთან გიორგი და შაკო დემეს დაწყნარებას ცდილობდნენ. დემე მუხლებში იყო ჩაკეცილი და ტიროდა. თომას თავიდან ეგონა მეჩვენებაო, თუმცა წამშივე მიხვდა, რომ მის თვალწინ მართლაც ეს სურათი იყო გადაშლილი.
-რა მოხდა. - აღელვებულმა იკითხა და ბიჭებთან მიირბინა.
-დემეს ბებია გარდაიცვალა.. - თითქმის ჩურჩულით უთხრა გიორგიმ.
თომა ერთხანს გაშეშებული იდგა, მერე ბიჭებს დაეხმარა დემეს დაწყნარებაში, თუმცა ამაოდ.
ორიოდე წუთში გაურკვევლი მიმართულებით გულიდან ამოიხვნეშა:
-ვწუხვარ დემე.
დემეს დამშვიდებას დაახლოებით თხუმეტი წუთი მოუნდნენ. მომენტებში თომას დემეს დაწყნარებაზე მეტად იმაზე ეფიქრებოდა, რომ გარშემო გამვლელთაგან არც ერთს, ყურადღების ნატამალი არ გამოუჩენია შუა ქუჩაში ატირებული ადამიანის მიმართ.
ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, უკვე დაღამებულიყო. ფილმების ყურებამ და ამ „ინციდენტმა“ დიდი დრო წაიღო.
გიორგიმ და შაკომ დემე სახლამდე გააცილეს. თომამ თხოვა, მომწერეთ როცა დააბინავებთო, თავად კი ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა.
ტელეფონი ჯიბიდან რომ ამოიღო, ათზე მეტი გამოტოვებული ზარი დახვდა ელენესგან.
„ჯანდაბა“ ერთი კი გაიფიქრა თომამ და მიხვდა, რომ დღე კიდევ უფრო ცუდად დასრულდებოდა.
დედას ავტობუსიდან გადაურეკა.
ელენეს აღელვებული ხმა ჰქონდა და ოდნავ დაწყნარდა, როცა თომას დაელაპარაკა.
სახლში მისულ ბიჭს დედა ჩახუტებით შეეგება და ალბათ მეათასედ უთხრა ასე ნუღა მანერვიულებო.
გადაღლილმა თომამ, კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა ახალი მუსიკის აღმოჩენით შეძლო.
Circus Mircus - ის The Ode To The Bishkek Stone-მა, ოდნავ შეძლო მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და ოდნავაც, დააფიქრა.
“Oh bless your heart
For showing me your deepest secrets
Gave you the power to survive
Forget about your inner demons…”
ქართველი მუსიკოსების შექმნილი სიმღერა ბიშკეკის ნარკოდამოკიდებულთა გამოსასწორებელი ბანაკის შესახებ იყო დაწერილი. დაწესებულებაში, ნარკოდამოკიდებულებს მთის წვერზე აყენებენ, ხელში ქვას აჭერინებენ და მარტო ტოვებენ მასთან. მათი ერთადერთი მოვალეობაა, ქვას ბოლომდე გაუზიარონ საკუთარი საიდუმლოები და მერე მთიდან დააგორონ.
თომამ არ იცოდა რატომ, თუმცა ბოლომდე წაიკითხა ამ მუსიკის ისტორია. შეიძლება ოდესმე, სადმე გამოსდგომოდა, თუმცა ამის გარეშეც თვლიდა, რომ საინტერესო იყო.
მუსიკების მოსმენის შემდეგ ფეისბუქზე შევიდა და გიორგის მესიჯი დახვდა:
„თომა მივიყვანეთ ჩვენ დემე სახლში. ხვალ პანაშვიდია. თუ გინდა შევიკრიბოთ და ერთად ავიდეთ მე, შენ და შაკო.“
„მადლობა გიო“ – „ეგრე ვქნათ.“
„კაი ხვალ მოგწერ მაშინ სად და როდის შევიკრიბოთ.“
„კარგი“
პასუხი რომ დაუბრუნა, მერეღა მიხვდა თომა, რომ ელენესთვის არაფერი უთქვამს დღევანდელის შესახებ.
ელენემ ისე მიიღო მისთვის სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალება, თითქოს საკუთარი ბებია ყოფილიყოს. თომას შემჩნეული ქონდა, რომ ელენე მამას გარდაცვალების შემდეგ ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას გულწრფელი სევდით ხვდებოდა.
-დე, პანაშვიდებზე რას აპირებთ?
-ბიჭებმა მომწერეს. შევიკრიბებით და ერთად წავალთ ხვალ.
-კარგი, მაშინ მითხარი ზუსტად როდის და სად უნდა შეიკრიბოთ და მე გაგიყვან.
თომას არაფერი უპასუხია. ეტყობოდა, ფიქრობდა.
-დე მომისმინე, ახლა შენ მეგობარს ყველაზე მეტად ჭირდება მეგობრების თანადგომა. იცოდე მიწერე, დაურეკე, მიაწვდინე ხმა და აგრძნობინე, რომ მის გვერდით ხარ. კარგი?
-კარგი.
-მოდი ჩემო ჭკვიანო ბიჭო. - შუბლზე აკოცა ელენემ თომას.
თომას დეასთვის არ უთქვამს დემეზე. ზოგადად, იმ დღეს არც მიუწერია. არც სურდა, რომ ვინმესთან ელაპარაკა. ცოტა ხნით მარტოობა და მერე დასვენება უნდოდა.
ღამის პირველი საათისთვის დაეძინა.
მეორე დილას რომ გაიღვიძა შაკოს მესიჯი დახვდა:
„თომა დღეს ვარკეთილის მეტროსთან შევიკრიბოთ ოთხი საათისთვის. ჩემ ნომერს მოგწერ“
თომას არაფერი უპასუხია.
საწოლიდან წამოდგა. გამოფხიზლდა და ჩაიცვა. სააბაზანოში ჩვეული წერილი დახვდა ელენესგან:
„თომა საუთოო მაგიდაზე თეთრი პერანგი და შარვალი გაგიმზადე. დამირეკე, როცა მოემზადები და გამოგივლი“.
დიდად არ ხიბლავდა თომას ასეთი მომენტები ცხოვრებაში და ცდილობდა სხვა რამეზე ეფიქრა.
ყოველთვის მამა ახსენდებოდა, როცა ვინმეს გარდაცვალებაზე გაიგებდა.
ოთხის ნახევრისთვის უკვე გამზადებული იყო. თეთრი პერანგი ძალიან უხდებოდა, თუმცა თავად თვლიდა, რომ ასე რომელიმე ორკესტრის ვირტუოზ კომპოზიტორს უფრო ჰგავდა, ვიდრე თომა ბარამიძეს.
ელენემ მალევე გამოუარა, თუმცა დრო ვერ გაითვალისწინა და ვარკეთილამდე მისვლა ჭავჭავაძიდან, ნახევარ საათში ნამდვილად ვერ მოასწრო.
თომამ გზაში შაკოს დაურეკა და თხოვა, გიორგისთან ერთად დალოდებოდა.
მეტროსთან ხუთის თხუთმეტი წუთისთვის მივიდა. შაკოს და გიორგის ეტყობოდათ, რომ ვერ იყვნენ ჩვეულ, მხიარულ ფორმაში და სანახევრო ღიმილით შეხვდნენ თომას.
თომას მდგომარეობასაც ვერ უწოდებდი კარგად ყოფნას. თვითონაც არ იცოდა ზუსტად რა ერქვა მის განწყობას, თუმცა ამაზე ბევრი აღარ უფიქრია.
ვარკეთილის მეტროდან ბიჭებმა გზა ვაზისუბნისკენ ყვითელი სამარშუტო ტაქსტით გაიკვლიეს.
დაახლოებით ოც წუთში ბეტონის ჯუნგლებში ჩამოვიდნენ.
ვაზისუბანში თომა პირველად იყო და ამ აღწერის გარდა, სხვა სახელი არც აფიქრდებოდა იქაურობის დანახვისას.
ერთხანს ფეხით იარეს, მერე დიდ კორპუსს მიადგნენ და სადარბაზოში ამოყეს თავი. მერვე სართულზე ლიფტით ავიდნენ და ჩვეული სურათი დახვდათ.
ჭირისუფლები ორი სართულის რადიუსში. მოთქმის, გოდების ხმა შეღებული კარებიდან. ატირებული, აცრემლებული სახეები. ყვავილების თაიგულები და სასახლის თავი, შესასვლელ კარებთან მიყუდებული.
თომას ძულდა ეს სიტუაცია. დიდი ხანია არავის პანაშვიდზე არ ყოფილა და ერთ მომენტში თავბრუც კი დაეხვა. ეს მდგომარეობა მას მამას მეტს არაფერს ახსენებდა. ახლა არაფერი სურდა იმაზე მეტად, რომ კორპუსიდან მალე გაეღწიათ და სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა.
თვალებდაბინდულმა თომამ, შაკოსთან და გიორგისთან ერთად დემე მოინახულა. ბიჭს თვალები სულ მთლად ჩაწითლებოდა. ასეთი დემე, თომას არცერთხელ არ ჰყავდა ნანახი, ბიჭი თითქოს სხვა ადამიანი იყო წართმეული მხიარულებითა და ბედნიერებით.
თომას იმაზე ეფიქრებოდა, თუ რამდენ ხანს მოუნდებოდა დემე ჩვეული სტილის დაბრუნებას. არ მოწონდა ასეთი დემეს ყურება. თრგუნავდა კიდეც, თუმცა მისი კარგად ესმოდა.
წესისამებრ, ბიჭებმა ცხედარს წრე დაარტყეს, აცრემლებული, შავებში შემოსილი ადამიანების რიგს გაუყვნენ და მერე ისევ დემესთან მივიდნენ.
პირველი შემთხვევა იყო, როცა შაკო, დემე, თომა და გიორგი ერთად იყვენენ და საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. უცნაური იყო.
ცოტა ხნის მერე დემეს დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ.
ის დღე თომასთვის უფერული იყო. მეგობრის დანაკარგის გარდა, მთელი დღე მამაზე ეფიქრებოდა. ხან ირიბიდ, ხანაც პირდაპირ და ეს ტკენდა, თანაც, საკმაოდ.
ქალაქს ნოემბერი მოედო. უფრო და უფრო ახლოვდებოდა პირველი სემესტრის დასასრული და საუკეთესო მოსწავლის ნომინაციის მფლობელის ვინაობის დადგენაც.
ოთხშაბათს პანაშვიდიდან რომ დაბრუნდნენ, ბიჭებმა შაკომ მეთაურობით საერთო ჯგუფი გააკეთეს მესენჯერში დემეს გასამხნევებლად.
თომამ დარჩენილი დღე მათთან მესიჯობაში გაატარა.
ბევრი მეგობარი არასდროს ყოლია, თუმცა წარმოუდგენლად ხიბლავდა ის შეგრძნება, რომელსაც ახალი მეგობრის გაცნობისას ეუფლებოდა. ეს შეგრძნება თითქოს განსხვავებული იყო სხვა ყველასგან. ადამიანს ახალი ადამიანის გაცნობისას ყოველთვის აქვს წინათგრძნობა (ოდნავი მაინც) მათ მომავალ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით გამზაფრებულია ეს შეგრძნება მაშინ, როდესაც გაცნობიდან ბევრ საერთოს ხედავ პოტენციურ მეგობარში. თომას წარმოუდგენლად მოწონდა ის მომენტები, როდესაც დემეს, შაკოსა და გიორგის, საყვარელ მუსიკას, ფილმს, სპექტაკლს ან სულაც, ფეხბურთის კლუბს უზიარებდა. მოწონდა საპასუხოდ გაზიარებული მუსიკაც, ფილმიც, სპექტაკლიც და ფეხბურთის კლუბიც, როგორი ამოვარდნილიც არ უნდა ყოფილიყო მისი გემოვნებიდან. იყო, რაღაც ჯადოსნური იმ მომენტებში. (შესაძლოა, მხოლოდ თომასთვის, მაგრამ მაინც.)
თომა, ირიბად, ყოველთვის ოცნებობდა ბევრი მეგობრის ყოლაზე. მამა ამ ოცნების ფუძემდებელი იყო. თომა ღრმა ბავშვობიდან ხედავდა მამას ფართო სამეგობრო წრეს, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც მასთან ერთად იყო და მისი გარდაცვალების შემდეგაც კი არ გაუწყვიტავთ ურთიერთობა მარტო დარჩენილ დედა-შვილთან. აუხდენელი ოცნების მიუხედავად, თომა კმაყოფილი იყო თავისი მცირე, თუმცა ნამდვილი მეგობრების წრით.
უფერული ოთხშაბათი, ხუთშაბათმა ჩაანაცვლა.
თომა სულმოუთქმელად ელოდა ფილმების ჩვენებას - ოთხმოციანების კლასიკასა და გარემოს, რომელიც „ლურჯა ცხენებში“ იყო. გაკვეთილები სამის წუთებზე დასრულდა და თომა შინ გაემართა. ცოტაც და, თითებზე დაიწყებდა დროის თვლას ხუთი საათის დადგომამდე.
ასეთი მოწადინებული თეატრალურზე აქამდე არასდროს მისულა.
სანახავ ფილმთა სიაში მცირე განახლება იყო.
„ნათების“ ნაცვლად, პირველი ფილმის ადგილი „მოკლე ფილმმა დაიკავა სიყვარულზე“.
დემე იმ დღეს არ მოსულა. ოთხშაბათს მიწერა ბიჭებს, რომ გასვენებამდე თეატრალურში ვერ ივლიდა.
კინოდარბაზში კვლავ იყო ერთი სხვა ჯგუფი, გარდა ეთოსა და ფრიდონისა.
უცხო სახეებს შორის თომას თვალებმა ნაცნობები რომ შენიშნა, ბიჭი ოდნავ დამშვიდდა და მათკენ გაემართა.
შუა რიგებში მჯდომ გიორგისა და შაკოს მიესალმა და შუაში ჩაუჯდა.
ბიჭებს სახეზე აღელვება ეტყობოდათ.
შაკომ ჩუმად გადაუჩურჩულა თომას:
-უკანა რიგებში გაიხედე. ოღონდ ჩუმად.
თომამ თავი უკან გადახარა, თუმცა ვერაფერი შენიშნა.
-მანდ არა, იდიოტო.
-აბა, საით?
შაკომ ამჯერად ხელით მოაბრუნა თომას თავი და პირდაპირ ვიღაც კაცს დაუმიზნა.
-და მერე?
-რა მერე. რა მერე. იცი ეგ კაცი ვინაა?
-ვინ.
-მოიწიე ახლოს.
თომამ თავი ოდნავ ძირს ჩახარა, შაკოსკენ კიდევ უფრო მიიწია და გიორგიმაც მისი მოძრაობა გაიმეორა.
-ეს ის კაცია მე და დემე ვიზეც გიყვებოდით. მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დირექტორი.
თომამ გაკვირვებისგან კინაღამ შეჰყვირა, თუმცა შაკო მიუხვდა, რასაც ინსტიქტურად აპირებდა და სახეზე ხელი მიაფარა.
-ჩუუ. არ დაიწვა.
თომა სკამის საზურგეს მიეყუდა, გასწორდა და ფილმის გარდა, რომელიც ეკრანზე გადიოდა ყველაფერზე ფიქრობდა. უფრო სწორად, ყველაფერზე მოზარდ მაყურებელთა-თეატრის და იმ ამბების გარშემო, რაც ახლო მომავალში მოხდებოდა.
საერთოდ რას აკეთებს ეს კაცი აქ? მით უმეტეს ფილმის ჩვენებაა, პრაქტიკა ან მეცადინეობა ხომ არა.
პირველი ფილმის დასრულების შემდეგ, თომა ფიქრებიდან გამოსაღწევად დარბაზიდან გავიდა და ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპა. ათი წუთი ჰქონდა დასამშვიდებლად, რაც მშვენივრად გამოიყენა.
დარბაზიდან გასვლისას შენიშნა, რომ უკანა რიგებში იმ კაცის გარდა, აქა-იქ იჯდა რამდენიმე მოსწავლე, ფრიდონი და ეთო.
დარბაზში შესულმა არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო: პირდაპირ მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დირექტორის რიგში დაჯდა სკამების გასწვრივ. ერთი ერთ ბოლოში იჯდა, მეორე - მეორეში. თავადაც არ იცოდა, ასეთი რამ რატომ გააკეთა. ალბათ, თავის გამოჩენის მიზნით, მაგრამ ვისთან?
ადგილის დაკავებიდან ათიოდე წუთში დირექტორმა დარბაზი დატოვა. მისი დარბაზის დატოვება და ფრიდონის ადგილიდან წამოხტომა ერთი იყო. ფრიდონი პირდაპირ მაღლა გაეშურა თომასკენ.
ბიჭმა ეს რომ შენიშნა შიშისგან ისე დაპატარავდა, ეგონა ფრიდონი ვეღარც დაინახავდა, თუმცა ისიც გაახსენდა, რომ ეს „დაპატარავება“ გონების ფარგლებს არ სცდებოდა.
ფრიდონმა თომას სკამისკენ ააღწია, გვერდით უთქმელად მიუჯდა და მოხუცი ბაბუას ტონით უთხრა:
-თომა, თეატრის შიდა სამზარეულოს ერთ-ერთი პირველი წესი დაიმახსოვრე: არასდროს არ დაჯდე რეჟისორის ან დირექტორის რიგში. მით უმეტეს, თუ თავის მოწონება გინდა.
თომა დაიბნა. ერთი მხრივ, ვერ მიხვდა, საიდან გაიგო ფრიდონმა ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, არ ელოდა, რომ ფრიდონი მასთან სწორედ ამის თქმის გამო დაჯდა და პასუხის მოსმენის გარეშე გადავიდა ძველ ადგილას, ეთოს გვერდით.
მცირე ეიფორიიდან თომა ხუთიოდე წამში გამოვიდა და ძველი ადგილისკენ გაეშურა. კიბეებზე მიმავალმა ინსტიქტურად ფრიდონისკენ გაიხედა და კაცმაც არ დააყოვნა - თვალი ჩაუკრა, ისევ მოხუცი ბაბუასავით.
ბიჭებთან ძველ ადგილს დაუბრუნდა.
შაკოს და გიორგის არც შეუმჩნევიათ ბოლო წუთების განმავლობაში მომხდარი ამბები. ეგ კი არა, ისიც არ იცოდნენ, რომ გიორგი აქამდეც დარბაზში იჯდა, უბრალოდ მოშორებით.
ფილმების ჩვენება ცხრა საათისთვის დასრულდა.
თომა ბიჭებს არ დალოდებია და მალევე წავიდა სახლში.
ფიქრობდა თავის შანსებზე კონკურსში.
ფრიდონს ან ეთოს აქამდე არც შეუქიათ, არც ულაპარაკიათ თომასთან, მისი ნიჭის ან უნიჭობის შესახებ. ეს ოდნავ აბნევდა და საფიქრელსაც არ აკლებდა.
საღამოს დეამ მიწერა, სამი დღის მერე პირველად.
დეასთან ლაპარაკით ყველა ფიქრი შორს მიმოფანტა და ოდნავი სიხარულის იერიც კი დაედო.
თითქოს ჩვევად იქცა თომასთვის დეასთან საათობით ლაპარაკი.
ფარულად გიჟდებოდა მასთან საუბარზე. არც იცოდა ამ ფაქტს ვის უმალავდა ან რატომ, თუმცა ისე ღრმად ჰქონდა გულში ჩაფლული, რომ ვერც ვერავინ ამოიღებდა, ისევ დეას გარდა..
ერთმანეთს ძილის წინ დაემშვიდობნენ.
მეორე დილას, თომას ელენესგან განსხვავებული სახის წერილი დახვდა:
„დე, ხვალ მცირე მივლინებაში მიშვებენ ბათუმში. სამი დღე აქ არ ვიქნები. საღამოსთვის გამზადებული დამხვდი. ბებოსთან და ბაბუსთან უნდა წაგიყვანო“.
თომას ოდნავ ეწყინა, რომ დედამ ან აქამდე არ უთხრა, ან არ შეუთანხმა ამის შესახებ, თუმცა ბუტაფორიული წყენა მალევე გაუქრა.
პარასკევი დღე იყო და გაკვეთილები ჩვეულებრივ ადრე დასრულდა.
სახლში დაბრუნებულმა თომამ დედას დაბრუნებამდე, დრო უამრავი მეთოდით მოკლა.
ელენე რომ დაბრუნდა შვილი უკვე გამზადებული დახვდა.
სახლში რამდენიმე წუთი გაჩერდა და თომასთან ერთად გაეშურა ბებია-ბაბუისკენ.
ელენეს მშობლები ტიპიური ბებია-ბაბუა იყვნენ. დალი ბებო და ოთარი ბაბუ, რომელსაც სახელს არასდროს ეძახდა, ცოლ-ქმარი აგერ უკვე, 50 წელია იყვნენ.
იმდენად საყვარელი მოხუცებულობა ჰქონდათ, რომ მათი კამათის ყურებაც კი საყვარელი იყო. ასაკი მხოლოდ გარეგნულად ეტყობოდათ. შინაგანად ისევ დალი და ოთარი იყვნენ, რომლებიც საბჭოური კოლექტივიზაციის დროს სახლიდან შორს გაიპარნენ და ახალგაზრდობის პერიოდი ერთ სიამოვნებაში გაატარეს.
თომას მამის მხრიდან ბებია-ბაბუაზე მეტად, გულში ყოველთვის დალი ბებო და ოთარი ბაბუ უყვარდა, თუმცა ამ გრძნობათა სხვაობას თავადაც გაურბოდა. უფრო იმიტომ, რომ რცხვენოდა.
მათთან ყოფნაზე გიჟდებოდა.
ბაბუა კოლექციონერი იყო. ის ხის გემებსა და სათამაშო მანქანებს აგროვებდა. თომას ბავშვობის მოგონებათა უმეტესობა სწორედ ამ გემებსა და მანქანებს უკავშირდება, რომლებიც ახლაც ძალიან უყვარდა. პროფესიით ოთარი ინჟინერი იყო, თუმცა ნახევარი ცხოვრება ბიბლიოთეკაში ჰქონდა გატარებული. პენსიამდე გასვლამდე რამდენიმე წლით ადრე კი დირექტორის პოზიციაც ეკავა.
დალი ბებო პროფესიით ექიმი იყო, თუმცა საავადმყოფოზე მეტად ყოველთვის ოთარის ბიბლიოთეკა უყვარდა. თომას უყვებოდა ხოლმე, როგორ ისხდნენ საათობით გვერდიგვერდ ბიბლიოთეკაში და ათასობით წიგნს კითხულობდნენ.
ბებია-ბაბუის სახლიც მინი ბიბლიოთეკა იყო. თომას სახლში რამე წიგნი თუ არ ჰქონდა, გამოსავალი ერთი ზარი იყო ბაბუსთან. ხანდახან ბაბუ იმასაც ეუბნებოდა, ჩვენ რომ მოვკვდებით ამ სახლს შენ გიანდერძებთო, თუმცა თომას ასეთი საუბარი არასდროს მოწონდა.
დალისა და ოთარს ძაღლი ჰყავდათ - ბუბუ. ბუბუ თომას არჩეული სახელი იყო. ძაღლი თითქმის თომას ასაკის იყო, როცა დალისთან და ოთარისთან დაიდო ბინა, ხოლო სახელი ბუბუ, სწორედ პატარა თომას შერქმეული იყო.
მოსკოვის პროსპექტზე ბებია-ბაბუის სახლში თომა და ელენე საღამოს ცხრა საათისთვის მივიდნენ.
ოთხი სართული ფეხით რომ აიარეს, ელენემ თომა ტრადიციულად წინ გაუშვა. (თომას ბავშვობიდან უყვარდა „დაზარუნება“ მათ კარებზე და ტრადიციად ჰქონდა ქცეული ყოველ ჯერზე ზარის დარეკვა.)
თომა კარებთან მივიდა და ზარი დარეკა.
ბებომ და ბაბუმ ტრადიციული, თბილი დახვედრა მოუწყვეს შვილსა და შვილიშვილს.
ელენე მათთან ცოტა ხნით გაჩერდა, ყავა დალია და სახლში დაბრუნდა.
თომას იმ დღეს ბევრი აღარაფერი მოუსწრია. მთელი დარჩენილი საღამო დალისთან და ოთართან საუბარში ან ტელევიზორის ყურებაში გაატარა შემდეგ კი დასაძინებლად დაწვა.
ერთადერთი, რაც ბებია-ბაბუასთან ყოფნას თომასთვის მოსაბეზრებელს ხდიდა, უინტერნეტობა იყო. რა თქმა უნდა, მოწონდა მათთან საუბარი, ტელევიზორის ყურება და ბუბუსთან ერთად გართობა, თუმცა ინტერნეტის გარეშე მაინც ეძნელებოდა ყოფნა.
მეორე დღეს თომას თეატრალური ჰქონდა. შეცვლილი მარშუტის გამო არ იცოდა, თუ რამდენი ხანი დაჭირდებოდა მოსკოვის პროსპექტიდან ზანდუკელზე გასვლას, ამიტომაც სახლიდან დილის თერთმეტზე გავიდა.
თორმეტს ოცი წუთი რომ უკლდა უკვე „ლუჯრა ცხენებთან“ იყო.
რა ექნა, შევიდა შენობაში და დარბაზისკენ გაეშურა.
წინა გაკვეთილზე ეთოს და ფრიდონს არ უთქვამთ შაბათს რა ფილმების ყურება ჰქონდათ გეგმაში, ამიტომ თომა ოდნავ ინტრიგასაც კი გრძნობდა.
ფრიდონი და ეთო ფილმების ჩვენებისაას ყოველთვის ცდილობდნენ ბავშვებთან დისტანცია მინიმუმამდე შეემცირებინათ და მათთვის მცირე ინფორმაცია მიეწოდებინათ არტისტიზმის, სამსახიობო ოსტატობისა თუ კონკრეტული მომენტის შესახებ.
კინოდარბაზში შესულ თომას, სხვა ჯგუფის ორიოდე მოსწავლის გარდა, მარტო მჯდარი დეა დახვდა. კარების შეღების ხმაზე სხვა ჯგუფის ბავშვებმაც და დეამაც ინსტიქტურად უკან გამოიხედეს. დარბაზში უხერხულობა ჩამოწვა, ყოველ შემთხვევაში, თომასთვის მაინც. ბიჭი ნელი ნაბიჯით დაიძრა დეასკენ, თუმცა თავადაც მხოლოდ გზაში მიხვდა, რომ მისკენ მიდიოდა.
დეამ კვლავ უკან გამოიხედა და მოახლოებულ თომას სალამი შეაგება.
უეჭველია, დეაც გრძნობდა უხერხულობას, თუმცა არც იმჩნევდა და დიდად არც ეტყობოდა.
-როგორ ხარ? - ღიმილით შეეგება დეა.
-კარგად შენ? - თომა მიხვდა, რომ ქუთაისის მერე რეალობაში პირველად საუბრობდნენ და დეასთან საუბარი მონატრებული ჰქონდა.
-მეც კარგად. ასე ადრიანად რამ მოგიყვანა?
-სახლიდან არ მოვდიოდი და დრო ვერ გავნსაზღვრე.
-სად იყავი თუ საიდუმლო არაა? - გაეცინა დეას.
-დედაჩემი წავიდა სამი დღით მივლინებაში ქალაქგარეთ. მე ბებიასთან და ბაბუასთან გადავცხოვრდი დროებით. - ამის თქმა იყო და თომა გაუაზრებლად მიუჯდა გვერდით დეას.
-მოგეწონა წინა გაკვეთილებზე ფილმები?
-შეიძლება მაქედან რომელიმე არ მოგეწონოს?
-ვისთვის როგორ. - ისევ გაეცინა დეას. -ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა? - თომა ჩაფიქრდა და დაახლოებით ხუთ წამში უპასუხა.
-ეგრე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მკვდარი პოეტების საზოგადოებამ და კლუბმა - საუზმემ დამიტოვა. შენ?
-მკვდარი პოეტების საზოგადოება მეც ძალიან მომეწონა. აქამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ ახლა სხვანაირი შთაბეჭდილება დამიტოვა. ჰო და კიდევ მოკლე ფილმი სიყვარულზე მომეწონა ძალიან. განსხვავებული ფილმია.
-ოთხმოციანების ფილმებიდან მგონი ყველა კარგია.
-ოთხმოციანების ამერიკა ხო საერთოდ. - უთხრა დეამ და თომამ, ისე, რომ თავადაც ვერ გაიაზრა მთელი მონოლოგი მოაწყო ამერიკაზე.
-იცი ამერიკა და კონკრეტულად ნიუ იორკი ჩემთვის ბავშვობიდან თითქოს, აი რაღაც ცალკე ლეველი იყო, თუ რაც ქვია. სიტყვა ბედნიერება ან თავისუფლება ყოველთვის მაგასთან ასოცირდებოდა ჩემთვის. იქაური ცხოვრების სტილი, ქუჩები, ხალხი, რავი ყველაფერზე ვგიჟდები რასაც ქვია.
-მგონი ჩემთვისაც ეგრეა.
თომამ კიდევ ცოტა ხანი ისაუბრა ამერიკისადმი მის სიყვარულზე. ამასობაში ოცი წუთიც, რომელიც გაკვეთილის დაწყებამდე იყო დარჩენილი გავიდა და დარბაზი ნელ-ნელა შეივსო ბავშვებით.
-თუ გინდა, გადავჯდები. - უთხრა თომამ, როდესაც უკან დეასთან ერთად გაიხედა და დაინახა, რომ მეგი, სტეფანიასთან ერთად შემოვიდა დარბაზში.
-არა. იჯექი.
დეას - მეგისა და სტეფანიას, ხოლო თომას - გიორგისა და შაკოს გვერდით ჯდომა ტრადიციად ქონდათ ქცეული და დღეს ამ ტრადიციას ორივე არღვევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭების გამო თომა თავს ოდნავ უხერხულად გრძნობდა და ფიქრობდა ნეტავ ჩემზე რას იფიქრებენ დეასთან ერთად რომ დამინახავენო, მაინც ძალიან უხაროდა, რადგან დეასაც სურდა მასთან ერთად ჯდომა მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში.
ფილმების ჩამონათვალში “ედუარდ მაკრატელხელება“, „მებრძოლთა კლუბი“ და „გაქცევა შოუშენკიდან“ შედიოდა. ნამდვილი კინოკლასიკა და სასიამოვნოდ გატარებული ოთხიოდე საათი თომასთვის, თანაც დეას გვერდით.
ფილმების ყურებისას რამდენჯერმე გადაილაპარაკეს ერთმანეთში, რამდენიმეჯერაც - რაღაცაზე გაიცინეს.
სეანსი რომ დასრულდა, თომა სახლისაკენ გაემართა. ერთხანს იმაზეც იფიქრა, რაღა მაინცდამაინც დღეს ვარ ბებიასთან და ბაბუასთან დარჩენილი, იქნებ დეასთან ერთად წავსულიყავი სახლშიო.
გზად, უინტერნეტობას შეუჩვეველმა თომამ მობილური ინტერნეტი ჩაირიცხა და საღამოსთვის გადაინახა.
მოსკოვის პროსპექტზე ექვსის წუთებისთვის მივიდა.
დალი ბებომ ხაჭაპური დაახვედრა, ბაბუმ - ისტორიები საბჭოური ბიბლიოთეკიდან.
თომამ, ტრადიციულად ერთი ნაჭერი ხაჭაპური ბუბუს მისცა მაგიდის ქვეშ ისე, რომ დალი ბებოს არ შეემჩნია.
ჭამა რომ დაასრულა ბაბუს მიუჯდა გვერდით, დიდ სავარძელზე და საღამომდე, ხან მის ისტორიებს უსმენდა, ხანაც ტელევიზორს..
დასაძინებლად თერთმეტზე დაწვნენ. თომას არ დაუძინია. აკრძალული ხილით ტკბობა ზუსტად თერთმეტზე დაიწყო და ციფრულ სამყაროში გადაეშვა.
ღამე დეამ მიწერა.
საუბარი მარტივად აეწყოთ და დეამ ერთ მომენტში დღევანდელი გაიხსენა. სოციალურ ქსელებში საუბარი ბევრად მარტივი და გულწრფელი იყო.
„დღეს ცოტა შემრცხვა.“
„რაზე?“
„სტეფანია და მეგი რო შემოვიდნენ. უხერხულად ვიგრძენი თავი.“
„ჰო მეც ეგრე ოღონდ ბიჭებზე.“
„მომბეზრდნენ“
„ვინ?“
„სტეფანია და მეგი“
„ყველა მობეზრებადია“
„არა ეგეცაა მაგრამ სხვა რამეს ვგულისხმობ“
„და მაინც რას?“
„რას და ყველა მბეზრდება ყოველთვის. დავიღალე ჩემი ხასიათით“
„ანუ მეც მოგბეზრდები?“ - თომას ცოტა ეწყინა.
„არა შენ არ მომბეზრდები თომა.“
„რატომ?“
„სხვებს არ გავხარ და იმიტომ. საინტერესო ხარ და მომწონს შენთან საუბარი. მომწონს კიარა მიყვარს“
„მართლა?“
„კი მართლა. აქამდე თუ ვერ მიხვდი კარგად ყოფილა შენი საქმე :დდ“
„მეც მიყვარს შენთან საუბრები.“
„.” – „კაი ხო არ გვინდა ამდენი რომანტიზმი :დდდ“. - ისევ დეამ უპასუხა რამდენიმე წამის შემდეგ.
„ჰო.“
„თომა არასდროს მიკითხავს შენი საყვარელი წიგნი რომელია?“
„რა არასდროს გიკითხავს ან რომც არ გეკითხა ჰარი პოტერზე რამდენი გელაყბე არ გახსოვს?“
„აა ჰოოო გამახსენდა :დდდდდდ“
„აუ ინტერნეტი მითავდება უნდა წავიდე“
„რა ინტერნეტი გითავდება“
„ბაბუაჩემთან და ბებიაჩემთ..“
„აა ჰოო გამახსენდა.“
„მაცალე თქმა?“
„გამახსენდა თქო“
„კაი ხო“
„ვსო წავედი.“
„მიდი“
„ძილინებისა“
„ძილინებისა“
„“.
მეორე დილას გვიან გაეღვიძა.
ცოტა არ იყოს ელენეც მოენატრა და დილიდან სულმოუთქმელად ელოდა მის დაბრუნებას.
ლოდინში გატარებული დღე უსაშველოდ გაიწელა.
საღამოს რვაზე კარზე ზარი გაისმა.
რკინის თეთრი კარები თომამ სიხარულით გამოაღო და დედას შეეგება.
-როგორ მომენატრე დე.
-მეც თომა. - ელენემ ხელი, რომელშიც რაღაც პარკი ეკავა, თომას დასანახად მაღლა აწია. -მე შენთვის საჩუქარი მაქვს.
ამასობაში, მისაღებიდან დალიც და ოთარიც გამოვიდნენ. თომას საჩუქრის ნახვა არ დასცალდა.
სახლში რომ შემოვიდა მერეღა ნახა პარკში ჩადებული ახალი ყურსასმენები. ელენეს გადაეხვია და სანამ ქალი დედ-მამასთან იყო გართული ლაპარაკში, მუსიკის მოსმენა დაიწყო.
ელენე დიდხანს არ გაჩერებულა მშობლებთან. სიხარულის მიუხედავად გადაღლილობაც ეტყობოდა და მალევე გაეშურა სახლისკენ. მონატრებული სახლისკენ.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო ბიჭია თომა.მომწონს ეს მოზარდი.ვნახოთ რას იზავს შემდეგში.

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

იცოდე რომ ველოდები შენს ისტორიას,ძალიან კარგად კი არა,უზომოდ კარგად წერ.ვფიქრობ ამას . იმსახურებ.

 


№3  offline წევრი ეკე

სტუმარი nancho
იცოდე რომ ველოდები შენს ისტორიას,ძალიან კარგად კი არა,უზომოდ კარგად წერ.ვფიქრობ ამას . იმსახურებ.

უზომოდ დიდი მადლობა ნანჩო, წარმოუდგენლად ბევრს ნიშნავს ეს კომენტარი ჩემთვის.
ახალი, შედარებით პატარა ნაწილი მალე დაიდება, თუმცა მისი მომდევნო ნაწილი საკმაოდ დიდი იქნება შინაარსობრივადაც და ქრონომეტრაჟითაც.????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent