ჩემზე უნდა დაგელაპარაკო... (თავი5) დასასრული
[b]28 იანვარი, 2021 ძვირფასო მაშო, ჯობდა, წერილები თანმიმდევრულად გამოგეგზავნა. იმდენმა ემოციამ მოიყარა ერთად თავი, რომ ცოტათი არაკომფორტულია. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელია ერთად აღარ ვართ, მიჭირს მოგისმინო, როგორ საუბრობ სხვაზე. ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ და არც მინდა ამის წარმოდგენა, დღესაც კი. ეს, რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ისევ მიყვარხარ... თუმცა, რატომ ვიმართლებ თავს? კარგი იქნებოდა, შენს საქმიანობაზე გესაუბრა და არა მამაკაცებზე. წამდაუწუმ მათ ახსენებ, თითქოს ყველაზე მთავარი ეგ იყოს შენს ცხოვრებაში?! საშინელ ბრაზს ვგრძნობ ამის გამო. არ ვეჭვიანობ, ანდაც შეიძლება ვეჭვიანობდე კიდეც. უბრალოდ, მათ გარეშე უფრო საინტერესო რამეების მოყოლა შეგეძლო, ვიმედოვნებ. მე სულ სხვანაირი სიყვარული გამოვცადე შენთან. ეს ხომ გითხარი უკვე?! გახსოვს? ამის დედაც, მაშო... რატომ გამახსენე შენი თავი ახლა, ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ტვინს არ მიბურღავს შენი და დედაჩემის ფარული ორთაბრძოლები, სექსი მაქვს და ვარ კომფორტულ ურთიერთობაში. ყოველი შემთხვევისთვის, სიყვარული და პირადი ცხოვრება პირველ ადგილზე არ დგას ჩემს ცხოვრებაში, როგორც ეს შენთან იყო. შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი და მე შენს ირგვლივ ვტრიალებდი, როგორც მწერები დასტრიალებენ სინათლეს. ჩემი თავი მე არ მეკუთვნოდა. არსებობდი შენ და მერე ყველა და ყველაფერი დანარჩენი. და თუკი, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, კვლავ მოგინდება გახედო გისოსებს, მაშინ გეტყვი რომ პირველ წერილში ტყუილად გაჰხედე მას, მე შენთან ყოფნის დროს თავი ციხეში არასოდეს მიგრძვნია(მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოველთვის მეასე ხარისხოვნად ვგრძნობდი ჩემს ცხოვრებაში). თითქოს, ჩემი ცხოვრებაც და შენი ცხოვრებაც, შენს განკარგულებაში იყო და მე შენი მსახური ვიყავი. ყველაფერი მხოლოდ შენს ნებაზე, შენი ბედნიერებისთვის უნდა მეკეთებინა. არა, არა... მე ამაზე ვგიჟდებოდი, მაშო. სხვანაირად ვერც წარმომედგინა, თითქოს ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს, მაშენკა? აუდიტორიაში რომ შემოვედი, იმ სამას კაცში ისე კაშკაშებდი, როგორც ციცინათელა გამოანათებს მიძინებულ დღეში. წლების მერე შენ ციცინათელა ჩემდამი სიყვარულს შეადარე, მე ესეც მახსოვს. ამ შედარებაში, ციცინათელა უკანმავალ წამზომს წარმოადგენდა, ხან რომ გიყვარდი და ხან არა, ბოლოს კი მოკვდებოდა და დარჩებოდა მხოლოდ შავი პატარა მწერი, რომელიც გახმებოდა და ქარი გადაისვრიდა მოუსვლელში. მე დაგინახე იმ დღეს და რაღაც დატრიალდა. შენ ისეთი ნაზი და სიფრიფანა იყავი, ვარდისფერი მოკლე კაბაში. თოვლივით თეთრი, ფერმკრთალი კანი გქონდა და გრძელი ფაფუკი ქერა თმა. სკამზე ისე მსუბუქად იჯექი, როგორც ბუმბული. რეტდასხმულივით ავბარბაცდი და მთელს აუდიტორიას მოვედე. ხან ვის ველაპარაკებოდი, ხან ვის. ვსაუბრობდი ხმამაღლა და თამამად, სინამდვილეში შენი ყურადღების მიპყრობა მინდოდა. ვიცოდი რომ ყველაფრისთვის ვიყავი მზად, ოღონდ შემოგეხედა და როცა შემომხედე, წამიერად როცა შემომხედე მაშო... გახსოვს ჩემი მზერა მაშინ? შეიძლებელია შენნაირი ღრმა განცდების მქონე ადამიანს ეს მზერა არ დამახსოვრებოდა, თუკი ჩემნაირ ზედაპირულ ადამიანს ახსოვს. მივხვდი, რომ ჩემი იყავი და ჩემთვის დაიბადე. ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი გავაკეთე შენთვის მაშო. მთელი ცხოვრება, ჩემი ყველაფერი დაუფიქრებლად გაჩუქე. არასოდეს მინანია და არც არასდროს ვინანებ არცერთ წამს, რაც შენთან გამიტარებია, რადგან თუ რამე ნამდვილია ჩემს ცხოვრებაში, თუ რამე სამახსოვროა, შენ გეკუთვნის ყოველივე, მაშენკა. იმ დღეს, ცოტათი დაგღალე კიდეც, მგონი. გაუჩერებლად ვლაპარაკობდი და შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა. ერთი სული მქონდა, როდის გაგაცნობდი დედაჩემს. შენ ისეთი სათუთი იყავი, მუდამ შენი დაცვა მინდოდა. მსურდა, ყველაფერი ძველი ტრადიციების მსგავსად მომხდარიყო, მიუხედავად ჩემი ცხოვრების წესისა, რომელიც ძალიან შორს იყო ტრადიციებისგან. ვცეკვავდი, დროს ვატარებდი გაურკვეველი ჯურის ადამიანებთან. სექსი მქონდა უნივერსისტეტის აუდიტორიებში, რომლის კარიც არ იკეტებოდა. მქონდა პარალელური ურთიერთობები და ორგიებიც კი. საშინლად გარყვნილი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ნამდვილად გასაკვირია, რა დამემართა შენი დანახვის შემდეგ? აღარავინ მინდოდა, შენს გარდა. მინდოდა ნაზად ჩამეჭიდა ხელი და მამაშენისთვის შენი ხელი მეთხოვა. ის არაჩვეულებრივი კაცი იყო, დღემდე და სამუდამოდ კარგად მემახსოვრება და მომენატრება კიდეც. მახსოვს, შენი გაფართოვებული თვალები და ავარდისფერებული ლოყები, როცა სრულიად მოულოდნელად უზარმაზარი ყვავილებით მოვადექი შენს სახლს და მამაშენს შენი ხელი ვთხოვე. ეს ძალიან მალე იყო, შენი დანახვიდა ზუსტად ოცდამეერთე დღეს. შეყვარებულებიც კი არ ვიყავით მაშინ. გაგეღიმება ალბათ, მეც გამეღიმა. როგორ შეიძლება ამის შემდეგ, ვინმე ისე ძლიერად შემიყვარდეს, როგორც შენ მიყვარდი? იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი იყავი და ყოველი დღე, შენთან გათენებული უფრო და უფრო ბედნიერს მხდიდა. შენგანაც ვგრძნობდი დიდ სიყვარულს, მაშენკა. შენი ზრუნვა, შენი ჩახუტება მახსოვს. როცა გციოდა, მოსაცმელს შემიხსნიდი, მაგრად შემომეკვრებოდი მუცელზე და მთხოვდი ჩემს ზურგს უკან შეიკარიო. ამის გამო, ჩემი მოსაცმელები თითქმის სულ გაწელილი იყო. ხელის გულს რომ გამაშლევინებდი და თავს ზედ დაასვენებდი, კნუტივით შემომხედავდი და მაგ დროს ვიცოდი, რაღაც უნდა გეთხოვა ჩემთვის. ვერასოდეს გიბრაზდებოდი, სულ მეცინებოდა ასეთ დროს და გაგატუტუცე კიდეც, მგონი. დიდი ხნის ნანატრ შვილს რომ ყველა სურვილის დაუყოვნებლივ შესრულებითა და ზედმეტი ზრუნვით ათამამებენ, ზუსტად ასე მოგვივიდა მე და შენ. რას ვიზამთ? ქალ-ვაჟურ ურთიერთობაში სამართალი არ არსებობს. ერთს ყოველთვის მეტად უყვარს და მეტად არის მზად, თავი გასწიროს. შვილზე გამახსენდა, იმედია გუსა გვაპატიებს, რომ ამ სამყაროს ვერ, თუ არ მოვავლინეთ. შავკულულა, კიკინებიან გოგონად რომ წარმოგვედგინა და სიმართლის დასტური რომ იყო ჩვენთვის. საკმარისი იყო, გუსა დაგვეფიცებინა, რომ ყველა ეჭვი მომენტალურად იფანტებოდა. ამის დედაც, მაშო! რატომ გამახსენე შენი თავი? ახლა რა ხდება?! ამ სამ კაცზე რომ ყვები, გგონია მაეჭვიანებ? სადარა ვინღაა? რა ეპითეტებით საუბრობ, დავიჯერო ამდენი ემოციია შენში, რომ შეგიძლია ტავტოლოგიის გარეშე, ცალ-ცალკე, განსხვავებულად აღწერო ყველა და შენი თავიც და მეც დამაბნიო?! გეგონება, ყველა განსაკუთრებულია. სინამდვილეში კი, ეგენი რომ ისეთები იყვნენ, როგორადაც აღწერ, ჩემთან დალაპარაკება არ მოგინდებოდა. ასეა, ასე! არც გაბედო რამის უარყოფა და შენი მოჩუქურთმებული სიტყვებით საწინააღმდეგოს დამტკიცება. იქ რომ ამბობ, „წვრილმანებად აღიქვამ ჩემს განცდებსო“. წვრილმანებად კი არა, სისულელეებად აღვიქვამ. აბა, საიდან ვგავართ მე და ლეო ერთმანეთს? დავიჯერო, ჩემსავით უყვარხარ? მაგ სიტყვასაც არ გეუბნება, რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი? რომც უყვარდე, ჩემსავით არა! რომ ამბობ, „მადედოფლებსო“, მე კი თურმე ყველანაირს გიღებდი. შენ რა, თავი მართლა დედოფალი გგონია? ვინ ჩემი ფეხებია დედოფალი, შენ ჩემთვის ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იყავი, გაღმერთებდი, მაშენკა. გვირგვინს როგორ დახამდი, სადამდე დაეცი? მე თავისუფლებას გაძლევდი, რომ უკეთესად გაგეცნო შენი თავი ყველა მხრიდან. ლეო მხოლოდ შენს ილუსტრირებულ ვარიანტს აღიქვამს და თილისმად უნდიხარ, როგორც ამას ის შენი თომა გეუბნება. თომა ყველაზე საშიშია ამ შენს კაცებში, რადგან სად მიგიყვანს ყოველივე ეს? აი, შენი კითხვის პასუხი - თომასთან. განა იმიტომ, რომ გიყვარს ან რამე მსგავსი?! შენი მზრუნველობა მიგიყვანს თომამდე. მზრუნველობა ჯერ თომას მიმართ და მომავალში, შენი შვილების მიმართ. შენი ორგანიზმი და ქალური „ხრიკები“, ანკესზე წამოცმული ჭიასავითაა მიმართული თომასკენ, რომ შვილები გაგიჩნდეს და მერე მათ უდარდელი ცხოვრება მისცე, ზუსტად ისეთი როგორიც თომას შეუძლია მისცეს მათ. დამპირდი, რომ გუსას არ დაარქმევ. ის შავკულულა კიკინებიანი გოგონაა, ჩვენი გოგონაა და ნუ ჩაანაცვლებ. რაც შეეხება სიყვარულს და გრძნობებს, ის მამაკაცის მიმართ აღარ გაგიჩნდება, იმიტომ რომ ჩემთან დატოვე ყველაფერი და მე კიდევ შენთან. დავწყევლეთ მგონია, ერთმანეთი. ერთმანეთზე მეტად, ვინღა უნდა შეგვეყვარებინა? არის კი, დედამიწაზე ევერესტზე მაღალი წერტილი? გამორიცხე გრძნობები, ვინ დაგრჩა? მე ის, ვისთანაც ვარ და შენ ალბათ, თომა. ისე, იმდენი „ამაგი“ ჩემში რომ ჩაგედო, რამდენიც შენს ხსენებულ „რაინდებთან“, იქნებ დღესაც ერთად ვყოფილიყავით. ერთი წამითაც არ გიბრძოლია ჩვენთვის, მაშო. და ამის მერე, ბედავ და მე მეუბნები, რომ წავედი? შენ ყოველთვის იმას ამბობდი, „სიყვარულისთვის ბრძნოლას აზრი არ აქვს და არც ვიბრძოლებო. ბრძოლა თუ დამჭირდა, რად მინდა ეგეთი სიყვარულიო.“ იქნებ, მართალიც ხარ?!... როცა ბრძოლა გახდა საჭირო, უკვე დაგვიანებული იყო ყველაფერი. შენ ყოველთვის მზად იყავი, ურთიერთობისთვის წერტილი დაგესვა, რადგან იცოდი რომ დაგედევნებოდი. იცოდი, რომ არასოდეს გაგიშვებდი და ეს გათამამებდა ყოველთვის. საშინლად მეშინოდა შენი დაკარგვის, იმდენად რომ ახლაც, ცხადად ვიგრძენი ეს შიში, მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ხანია, ჩემი აღარ ხარ. გახსოვს? ტაილანდში, ტაუს კუნძულზე რომ ვისვენებდით?! ჩავედით თუ არა, მესამე დღეს მაგრად ვიჩხუბეთ. სანაპიროს ბართან დავლიე და გთხოვე, ჩემთან ერთად გეცეკვა. შენ უარი მითხარი, სანაპიროზე ჯდომა ამჯობინე. მე კი, ბრაზმორეული, მოცეკვავეებს შევუერთდი. მოგვიანებით, შენც მოხვედი და შერიგება სცადე, ყელზე შემომეხვიე. მე ცივად გაგაშვებინე, მაგრამ მაინც არ მომეშვი. მერე, მახსოვს, ცოტა ხმამაღლა მომივიდა და გიყვირე „გადი“-მეთქი. რამოდენიმე უცხო თვალის გაოცებული მზერა რომ ვიგრძენი და გაბრაზებული ადგილს რომ მოსწყდი, მაშინ გავიაზრე, რომ ზედმეტი მომივიდა. ნომერში რომ შემოვედი, რაღაცეებს ალაგებდი. ამ გადმოსახედიდან, სასაცილოა, რადგან ვერსად წახვიდოდი. ჯერ ერთი, რომ იმ საოცარ კუნძულს არაფრის დიდებით არ დატოვებდი და თანაც, ყოველთვის გეშინოდა მარტო მოგზაურობის. მაშინ მითხარი, „როგორც კი თბილისში ჩავალთ, მაშინვე დასრულდება ჩვენი ურთიერთობაო.“ ისეთი დამაჯერებელი იყავი, გულზე სიმძიმე ვიგრძენი, მეგონა ჩამომწყდებოდა. სუნთქვა ამიჩქარდა და თან მეძნელებოდა. ვეცადე, შემეშინებინე, რომ არ მიგეტოვებინე. რა გულუბრყვილოდ მჯეროდა ყოველი შენი სიტყვის და თან როგორ მეშინოდა შენი დაკარგვის. ბოლოს, ამ შიშმა მიმიყვანა ღალატამდე. გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ასეა - შიშს ყოველთვის იქ მივყავართ, რისიც გვეშინია. სანამ დავშორდებოდით, ერთი წლით ადრე, შენ მითხარი რომ აღარ გიყვარდი. გახსოვს, მაშო? ნოემბერი იყო და საკმაოდ ციოდა გარეთ. საღამო ხანი იყო, შენ შენი მეგობრის სანახავად მიდიოდი და მანამდე, ჩემთან ლაპარაკი გადაწყვიტე. ბორდოსფერი მაისური გეცვა. მშვიდად მიხსნიდი, რომ სიყვარული დიდი ხანია გაგიქრა და იტანჯებოდი. მე ძალიან დაღლილი ვიყავი შენი ჩემსკენ მობრუნების მცდელობებისგან და დაგეთანხმე იმ წამს, თითქოს მზად ვიყავი გამეშვი. მერე, სამზარეულოში გახვედი და როცა ოთახში მარტო დავრჩი, კანკალმა ამიტანა. ბორდოსფერმა მომიცვა მთლიანად, მეგონა გული გამიჩერდებოდა, ისე შემეშინდა უშენობის. მაშინვე შენთან გამოვვარდი, მუხლებზე დავდექი შენს წინ, ფეხებზე შემოგეხვიე და შეგევედრე, რომ არ მიგეტოვებინე. არ შემეძლო უშენოდ ცხოვრება, მაშენკა. როგორ მიყვარდი, ასეთი რამ როგორ დაგვემართა?! შენც გული აგიჩუყდა, ტირილი დაიწყე, ჩემთან ერთად დაეცი მუხლებზე და სველი სახე კისერში ჩამიდე. მერე, მეგობართან წახვედი და სანამ მოხვიდოდი, იმდენად ახლოს ჩავხედე ბორდოსფერ შიშს თვალებში, რომ... იმ დღის მერე, უშენო ცხოვრებისთვის დავიწყე მზადება. ეს შიში, ისეთი საშიში იყო, რომ გადავწყვიტე, აღარ მყვარებოდი. მთელი წელი ვცდილობდი ამას და ბოლოსდაბოლოს, გამომივიდა. გამომივიდა და შეპარვით დაგიწყე ყურება. ანგელოზად აღარ მეჩვენებოდი, არც ისეთი ლამაზი იყავი, როგორიც ადრე. აღარ მაინტერესებდა შენი ნაწერების კითხვა, აღარც შენი მოსმენა მინდებოდა, შუაღამეზე რომ გაიღვიძებდი და სიზმრის მოყოლას შეუდგებოდი. ბრაზდებოდი, აღარ მისმენო... სინამდვილეში, ყოველთვის გისმენდი, უბრალოდ თავს გაჩვენებდი, თითქოს მეძინა. აღარც ღამე გიყურებდი მძინარეს, არადა ვინ იცის, სანამ მიყვარდი, რამდენჯერ დილამდე მიყურებია შენთვის, როგორ გეძინა და მთელს სახეს გიკოცნიდი ფრთხილად. ყველაფერი გაფერმკრთალდა თანდათან და გაქრა. მე შენ დაგამარცხე იმით, რომ უშენობის აღარ მეშინოდა. პირიქით, მინდოდა კიდეც უშენოდ ყოფნა და როცა გავბედე და ეს ყველაფერი პირში გითხარი, თავი ვეღარ შევიკავე. ცხოვრებაში პირველად, ცხარედ ავტირდი. თავს პატარა, უსუსურ ბავშვად ვგრძნობდი. ვერ ვჩერდებოდი და ვერ ვიჯერებდი რომ აღარ მიყვარდი. ჩემს გამარჯვებას ისეთი ცრემლებით შევხვდი, რომ დამარცხებას უფრო ჰგავდა. მას შემდეგ, დილა შემზიზღდა. იმ დილის გათენება მძულდა, როცა თვალს ვახელდი და შენ ვერ გხედავდი. რა ჯანდაბა ჩავიდინე, მაშო? მერე, ვიფიქრე, იქნებ მაშო სხვა ქალით ჩავანაცვლო-მეთქი და მას მერე, სხვა ქალს ვხედავ ყოველი გაღვიძებისას. ხუთი წელი გავიდა და ყოველ დილით, პირველი სამი წამი გასახსენებლად მჭირდება, რატომ წევს უცხო ადამიანი ჩემს ლოგონში?! სამ წამში, ვიაზრებ რომ უცხო კი არა, უკვე ხუთი წელია მის გვერდით მძინავს. ბებიას ამბავი მეც გავიგე და ძალიან მეწყინა. ხომ იცი, მიყვარდა და სულ კარგი მახსოვს მისგან. არ მოგისამძიმრე, იმიტომ რომ არ შემიძლია კონტაქტი მქონდეს შენთან. გამლანძღე, გაბრაზდი, მაგრამ არ შემიძლია. ამ წერილების შემდეგ, ამერია თავგზა. არ მინდოდა შენი გახსენება, შენს გარეშე გამარტივდა ჩემი ცხოვრება და ზუსტად ისეთად იქცა, როგორიც შენამდე, თუმცა ერთგულება მასწავლე. არასოდეს მიღალატია ანასთვის. ამ ერთი ფაქტორის გარდა, სხვა ყველაფერი ძველი გაცოცხლდა. ზუსტად ისეთივე ვარ, როგორიც შენამდე ვიყავი. ადრეც ასე, ხელოვნურად ვიცინოდი, რადგან ყოველთვის მეგონა რომ კეთილგანწყობა უნდა დაიმსახურო და არსოდეს მიმიღებდა გარშემომყოფები ჩემი ბუნებრივობით. ოჯახის წევრებთანაც, თამაში მიწევდა ბავშვობიდან. რაც შემი მშობლები გაშორდნენ და ქვეყნიდან გადაიხვეწნენ, მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ვცდილობდი ყოველთვის, იმ შენიღბული ღიმილითა და საუბრით, როგორსაც შენ ვერ იტან. მაპატიე ყველაფრისთვის, მაშენკა. მაპატიე, რომ არ გიყვარდი ისე, როგორც მე. მაპატიე ჩემი ხელოვნურობა და ისიც რომ უშენოდ მართლა არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც ღმერთმა ჩამიფიქრა. ახლა მივხვდი... უშენობის შიში არ იყო ის, რისიც მეშინოდა. ისეთი ნიკოლოზის დაბრუნების მეშინოდა ყოველთვის, როგორიც ახლა ვარ. იქნებ, შევხვდეთ, მაშენკა... იქნებ, ოდესმე შეძლო, დამაბრუნო ჩემს ტყავში და მაჩუქო შავკულულა, კიკინებიანი გუსა. ნახევარი საათის წინ გავწყვიტე ამ წერილის წერა და ახლა ისევ დავჯექი. ამის დედა, მაშენკა! რატომ გამახსენე შენი თავი? ანამ მთხოვა, მის მეგობრებთან ერთად გავსულიყავით, სასეირნოდ. აქამდე, მათ გარემოცვაში თითქოს კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ახლა ძალიან მეუცხოვა. არ გავყევი და გაბრაზდა, მარტო წავიდა. მგონი, ჯობს გავყვე. ვწყვეტ წერილის წერას, დავურეკავ და მოვუბოდიშებ. ანასთან წავალ, არ მინდა ისევ ყურებამდე შეყვარებული ნიკი დაბრუნდეს. სულაც არ მგონია, რომ ბედნიერება სიყვარულშია. ბედნიერება კომფორტულ ცხოვრებაშია, სადაც ზედმეტი ფიქრი და ჩაღრმავება სისულელეა და კეთილგანწყობაც დამსახურებულად უნდა მიიღო. შენმა წერილებმა, ანასთან დამაშორა. ძალიან იმოქმედა, ხედავ? მგონია რომ ანას ვღალატობ. შენი სიახლოვე, ძველ შიშებს მიღვიძებს, მაშო. აქ უნდა შევწყვიტო, მოვეშვათ ერთმანეთს. გამიშვი, მაშენკა... გამიშვი ერთხელ და სამუდამოდ. მშვიდობით ნიკოლა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.