შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 12)


2-03-2021, 14:02
ავტორი Melice
ნანახია 3 389

„მარადიული არაფერია!“
თუმცა, როგორ არა? ბევრი რამაა მარადიული.
ადამიანი როცა კვდება, ის მარადიულად მკვდარია...
გათენებას დაღამება მოჰყვება, დაისს - აისი და ასეა მარადიულად.
ზღვა კენჭებზე ტალღებს გამუდმებით აფენს და ის კენჭები არასდროს შრება. - ამ უკანასკნელის მდგომარეობაც მარადიულია.
როცა რაღაცის გაკეთება გინდა, მაგრამ გამბედაობა არ გყოფნის, ეს შეგრძნებაც მარადიულად გაგყვება. თუმცა, არა... იქამდე გაგყვება, სანამ მიწაში ღრმად არ ჩაგმარხავენ.
და ისევ, ადამიანი როცა კვდება, ის მარადიულად მკვდარია...
ნურიგელის ტბის ნაპირას, დიდ ქვაზე ვიჯექი და სასრულ ჰორიზონტს გავცქეროდი.
როდის შევიზღუდე ასე ძალიან? როდის გავცვალე ზღვის სიმლაშე ბაყაყებით სავსე ტბაზე?
- ნავით გავისეირნოთ, რას იტყვი? - საბა ჩემს გვერდით ჩამოჯდა. მივეჩვიე მის უეცარ გამოჩენებს, ველოდი კიდეც.
- ვიტყვი, რომ სისულელეა ამდენი მცდელობა, როცა უბრალოდ შეგიძლია, შენი წასვლის მიზეზი მითხრა. - ხის ჯებირებზე მიმაგრებულ ნავებს გავხედე.
- გავისეირნოთ და იქნებ გითხრა კიდეც... - ფეხზე წამოდგა და წინ ამესვეტა.
- ნიჩბებს შენ მოუსვამ. - მის მოძრაობას მივყევი.

პატარა ნავში მოქნილად გადავაბიჯე, მაშინვე შეირხა და წონასწორობა დამირღვია.
- ფრთხილად!.. - საბამ ხელი წელზე მომხვია და კიჩოსთან გადებულ ხის ნაჭერზე ჩამომსვა.
- ნუ ნერვიულობ, ფსკერამდე ყვინთვაში კარგად ვარ გაწაფული. - ჩემთვის ჩავიდუდღუნე და ყელში მოჭერილი გულისცემის გაქრობა ღრმა ჩასუნთქვით ამაოდ ვცადე.

ზაფხულის პირველი თვისთვის ზედმეტად გარუჯულმა ახალგაზრდამ ნავის ბოძთან დამაკავშირებელი თოკი მარტივად მოხსნა და როცა ნიჩაბმომარჯვებული საბა ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა, ფეხი ძლიერად ჰკრა ნავის კიდეს.
გავცურეთ...
ტბის ზედაპირიდან ბატები ფრთების ფართხუნით აფრინდნენ და მცირე ვოიაჟის შემდეგ სხვა კვადრატი დაიკავეს.
საბა რიტმულად უსვამდა ნიჩბებს და თვალებში სიკვდილმისჯილი პატიმარივით ჩამცქეროდა.
პატიმარივით, რომელიც უკვე ელექტროსკამზე იჯდა, მაგრამ კიდევ ჰქონდა პაწია იმედი, რომ მის უდანაშაულობას დაიჯერებდნენ.
გულქვა მოსამართლესავით შევყურებდი და მხოლოდ ფაქტების მჯეროდა.
- ამ ტბის ლეგენდა იცი? - აუტანელი დუმილი დავარღვიე. რატომღაც მხოლოდ ლეგენდები მომდიოდა თავში.
- შენი მოფიქრებულია? - ტუჩის კუთხე ოდნავ აეპრიხა.
- არა, ეს საკმაოდ ცნობილი ლეგენდაა... - ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქალაქის სიამაყე აბუჩად აიგდეს.
- მომიყევი.
- ტრაგიკული ისტორიაა. - ცუდისთვის შევამზადე. - ლეგენდის მიხედვით, დედას თავისი პატარა ვაჟი, სახელად ნური, ყოველ დღე ამ ტბასთან მოჰყავდა. თამაშობდნენ, მტრედებს კვებავდნენ, თევზებს ჩასცქეროდნენ. ერთ დღეს დედა ღრუბლების ცქერით ზედმეტად გაერთო, ნური კი ტბაში ჩავარდა და დაიხრჩო. დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა შვილმკვდარი ქალი სანაპიროსთან, მიწიდან ამოზიდულ სითხეს დაჰყურებდა და შვილს უხმობდა - ნური, გელიო!.. იქამდე, სანამ თავადაც არ გაილია და ღრუბლად არ იქცა... ამიტომაცაა ბათუმი მუდამ სევდიანი, ღრუბლიანი, წვიმიანი. მის სიღრმეში მშობელმა შვილი დაკარგა და დარდიან აირად იქცა.
- ამიტომაც ჰქვია ტბას „ნურიგელი...“ - დაასკვნა და ირგვლივ გადაშლილ წყლის ზედაპირს თვალი მოავლო. - რატომაა, რომ ლეგენდები მუდამ ცუდად მთავრდება?
- არ ვიცი... - მხრები ოდნავ ავიჩეჩე. - იქნებ იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვამახსოვრდება მოკვდავებს, ვიდრე კარგი.
- შენც მხოლოდ ცუდი გამახსოვრდება?
- მეც ადამიანი ვარ. - თვალი გავუსწორე.
ნიჩბებს ხელი გაუშვა და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ხის ეს მეტად გამოსადეგი ნაკეთობები ნავის კიდეებზე იყო მიმაგრებული.
- იმ დღეს, იმ ყველაფრის გაგების შემდეგ, რომ მოვსულიყავი და მეთქვა, ან მე ამირჩიე, ან მამაშენი-მეთქი, რას იზამდი?
- იმას არ ავირჩევდი, ვინც მსგავსი არჩევანის წინაშე დამაყენებდა. - მეგონა, რომ ბლანტ მასად ვიქეცი და ნავიდან ტბაში ჩავეღვენთე.
- იმიტომ წავედი, რომ ეს არჩევანი არ გაგეკეთებინა... - საკუთარ შეწითლებულ მტევნებს დააცქერდა. - ვერ წარმომედგინა ჩვენი მომავალი, ჩვენი მშობლების წარსულის გამო. ის ბავშვი რომ დაბადებულიყო, ახლა საერთო და ან ძმა გვეყოლებოდა.
- მაგრამ არ გვყავს! - თვალები ამეწვა.
- მხოლოდ იმიტომ, რომ მუცელშივე შეწყვიტა არსებობა... მისი სიკვდილის გამო გვქონდა მცირე შანსი.
- ისე ჟღერს, თითქოს დაგვწყევლეს. - ღმერთისგან შეჩვენებული ლილიტი გამახსენდა.
- თავიდან მამაშენის გამო დაგიახლოვდი, ამას არ უარვყოფ, მაგრამ შემდეგ საკუთარ გეგმებში ავიხლართე და ვეღარაფრით გამოვაღწიე. ობობას ქსელში მოხვედრილი ცოცხალი მწერივით, ვიცოდი, რომ ჩემივე დაუდევრობით მომივიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- თუ ასეთი წარმოუდგენელია ჩვენი ერთად ყოფნა, რატომ დაბრუნდი? - ორივე ხელი იმ ფიცარისთვის მქონდა ჩაჭერილი, რომელზეც არც თუ ისე მყარად ვიჯექი. - ან, რატომ მღეროდი, რომ დაბრუნდებოდი?
- ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი და ვერ შევძელი...
რამოდენიმე წამით ერთმანეთს თვალებში შევციცინებდით.
- ნაპირზე მინდა დაბრუნება... - ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, თუმცა ვერაფრით მიშველა.
ისევ მოუსვა ნიჩბები და მაშინვე მსუბუქად გავსრიალდით.
- როცა ხმელეთზე დავბრუნდებით, ყველაფერი გარკვეული უნდა გვქონდეს. - ტბის შუა წერტილს მივუახლოვდით თუ არა, მოძრაობა გააჩერა და ხელები გულზე დაიკრიფა.
- ექვსი თვე ვიყავი გაურკვევლობაში, შენც მოითმინე ცოტა. - ლამის ენით დავეჯღანე.
- ჩემთვისაც იგივე დრო გავიდა, ლიტა... - ხმაში ხრინწი ხავსივით მოედო. - რთული იყო იმის ცოდნა, რომ თავს ცუდად გრძნობდი, მაგრამ მეგონა მალევე დამივიწყებდი და ცხოვრებას გააგრძელებდი.
- გავაგრძელე!.. - საკუთარ სისუსტეზე მეორე პირთან საუბარი უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა.
- გააგრძელე... მაგრამ ისე არა, როგორც გისურვებდი. შენ ვეღარ მღეროდი ისე, როგორც მანამდე. ჩემი მეგობარი ყოველ შენს ნამღერს მიგზავნიდა. - განმარტა, რადგან გაოცებისგან პირი დავაღე. - მინდოდა, რაიმე სხივი გამომეგავნა შენთვის, რაიმე ისეთი, რაც ყურადღებას გადაგატანინებდა...
- და შუქურა გამომიგზავნე... - ჩემი შვილობილი გამახსენდა.
- მერე შენი შესრულებული „ლურჯი აპრილი“ მოვისმინე და ისე დავიწვი, ცეცხლის ალი არც კი შემხებია. ვერ მოვითმინე და ის გავაკეთე, რაც მთელი გულით მინდოდა. წერილი გამოგიგზავნე... - თვალები ოდნავ მოჭუტა და სახე გაუმკაცრდა. - თანდათან შეიცვალა შენი სიმღერები, ახლები მიემატა... თითქოს გადალახე და ცხოვრება გააგრძელე, უჩემოდ. ის მოხდა რაც მინდოდა, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ გადამლახე და მივიწყებდი...
- მტკივნეული იყო. - მის ნაცვლად დავასრულე.
- ის დაჩიც გამოჩნდა, დაგიახლოვდა და მეტი აღარ შემეძლო...
- ეს სრული ეგოიზმია!.. - თითი ცხვირთან გამკიცხავად მოვუქნიე. - მაშინ გამოჩნდე, როცა აღარ გელოდები.
- მითხარი, რომ წავიდე და წავალ. - სახე მთლიანად გაუქვავდა, მხოლოდ თვალები აენთო უცნაურად.
- შური უნდა ვიძიო, დაგავიწყდა? - იმის გაფიქრებაც კი, რომ ისევ წავიდოდა, სხეულს ნაკუწებად მიშლიდა.
- ხომ გითხარი, თანახმა ვარ... - სევდიანად გამიღიმა და ნიჩბებს დასწვდა. - თუ ეს ერთადერთი გზაა შენამდე, შეგიძლია ყველაზე მტკივნეული იარაღით დამჭრა.

შემდეგი რამოდენიმე დღე ისევ გავდიოდი სასეირნოდ, მაგრამ საბა აღარ გამოჩენილა. თითქოს ყველაფერი გავარკვიეთ. თითქოს მის გულწრფელობაში ეჭვი აღარ მეპარებოდა...
მაგრამ...
ის ექვსი თვე ვერ ვაპატიე. როცა თვითონ ნებისმიერ დროს შეეძლო ჩემი ნახვა, მოსმენა, ცქერა... მე კი მხოლოდ მისი უკანასკნელი სიტყვები და ის აზრი დამიტოვა, რომ უბრალო შურისძიების იარაღი ვიყავი.
რატომ ეგონა, რომ იმის შემდეგ ცხოვრებას მარტივად გავაგრძელებდი?
იქნებ მართლა დაგვწყევლეს და ჩვენი გზები არასდროს გადაიკვეთებოდა?
იქნებ მტკვარი და არაგვი კი არა, ორი ისეთი მდინარე ვიყავით, რომლებიც არასდროს ერთდებიან?..
მაგნიტის ის მხარეები ვიყავით, ერთმანეთს რომ იზიდავენ, მაგრამ ზედმეტად მოშორებით დააწყვეს და მხოლოდ გვარიან მიწისძვრას შეეძლო მათი ისევ შეწებება.

„სან-რემოს“ გვერდით, სანაპიროზე გავედი... მზე კარგა ხნის დამხრჩვალი იყო, თორმეტს წუთებიღა სჭირდებოდა.
ახალი წლის ის საღამო გამახსენდა, როცა თოვლზე ვიჯექი და სხეულს ხელებით ვიჭერდი.
ვიჭერდი, რადგან ვგრძნობდი, რომ მეშლებოდა.
ვსუნთქავდი, მხოლოდ ინსტიქტურად.
მეშინოდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის.
ის თვეები გამახსენდა, როცა ყველაფრისგან გაღიზიანებულს სიმღერაც კი აღარ მანიჭებდა მონატრებულ გრძნობებს.
მძულდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ანარეკლი, უსიცოცხლო თვალებით რომ შემომცქეროდა და ამრეზით მათვალიერებდა.
- მოხვედი... - მისი ხმა მომესმა და ბნელი ჰორიზონტიდან მზერა მასზე გადავიტანე.
- უნდა შეწყვიტო! - გაცეცხლებულმა მივაძახე. - გაქრობა და გამოჩენა მაშინ, როცა შენ გინდა...
- დრო გჭირდებოდა, რომ გეფიქრა. - თავი გაიმართლა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. - აქ მოხვედი, ესე იგი მოიფიქრე.
- ერთმა მითხრა, რომ დანგრეული ურთიერთობის თავიდან შენება საწამლავის მეორედ დალევას ნიშნავს.
- ფიქრობ, რომ მოგწამლავ? - თვალები ზედიზედ დაახამხამა და სფეროებმა სიბნელე გამომიგზავნეს.
ზღვა შავი იყო, მისი მზერა - უკუნეთ ღამეს მაგონებდა, მაგრამ ამ ყველაფრის აღარ მეშინოდა.
ეს მასალა წინა წელს გავიარე.
- რა შეიცვალა? - ძლივსგასაგონად დავიჩურჩულე. - ჩვენს შორის ისევ მკვდარი დედმამიშვილი და მშობლების „ საამაყო“ წარსული დგას.
- აღარ მაინტერესებს მათი წარსული. - უფრო ახლოს გადმოჯდა და მხარი მხარზე მომაკრო. - შენზე უარს აღარ ვიტყვი. თუ როდესმე მაპატიებ ჩემს სისუსტეს, გაქცევას... მაშინ ისიც მაპატიე, რომ ვერ შევძელი და დავბრუნდი.
- და აღარ წახვალ? - მისკენ მივბრუნდი.
- აღარ წავალ! - თითები თმაში შემიცურა და სახე ისე ახლოს მოზიდა, შუბლით შუბლზე მომეყრდნო.
- რაც არ უნდა მოხდეს? - გამაბრუებელი არომატი ღრმად ჩავისუნთქე.
- რაც არ უნდა მოხდეს...
სრულ სიბნელეში ვისხედით. ზღვა აკვანივით არწევდა ტელღებს. მისი ტუჩების სითბოსა და ჩემს გულისცემაში არეულ პულსაციას ვგრძნობდი და მინდოდა რაღაც დაწყებულიყო...
რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ დასასრულიდან იწყება.


დღეებმა კვირეები შეასრულეს და დროც გავიდა.
ან იქნებ, ჩვენ გვეჩვენება, რომ დრო გადის, ისე კი უბრალოდ გაურკვეველ მოცემულობაში ვცხოვრობთ და წამებს ხურდებივით ვითვლით?
საბას თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი. ახლიდან დაწყების ნაცვლად, ისე გავაგრძელეთ, თითქოს გასული წლის საღამო საერთოდ არ დამდგარა. თითქოს არც ის ექვსი თვე არსებულა.
გვეძინა... საერთო კოშმარი ვნახეთ და გაღვიძებისას ერთმანეთი მოვძებნეთ.
უცნაური გრძნობა იყო... თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ თავს მაინც უცნაურად ვგრძნობდი.
რაღაც უსამართლობა მოხდა, მაგრამ რა? ეს ხომ ასეთი ტკბილი უსამართლობა იყო?

ალიონს სანაპიროზე შევხვდით.
მზე ზმორებით წამოდგა და ლაჟვარდისთვალება ყმაწვილის ძიება დაიწყო. ჩემს გვერდით, კენჭებზე მოკალათებულიყო და სველ თმას თითებით იჩეჩავდა. ეს არ იყო მზის ზღვისთვალება ბიჭი.
ჩემი იყო... იმ ეტაპისთვის მაინც.
- როგორც მახსოვს, იუბილარებს უმღერი ხოლმე. - მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ბოროტად იყენებ ამ დღეს... - ღიმილი ვერაფრით შევიკავე.
- შენ რომ აქ ხარ, ეგ ყველაზე დიდი საჩუქარია, მაგრამ არც სიმღერაზე ვიტყოდი უარს, თან შენი საყვარელი ინსტრუმენტიც აქვეა. - ზღვისკენ მანიშნა.
- კარგი, მაგრამ უნდა შევარჩიო.
გონება დავძაბე. ჩვენს მდგომარეობასა და გაურკვეველ მომავალზე ჩავფიქრდი.
- „ უეცარი შეხვედრა,
წვიმიანი ნაპირი, თოლიების ხმა,
არ მინდა, რომ შენს მაგივრად
მყავდეს ვიღაც სხვა.
მიყვარხარ...
გაზაფხულის მოგონება, მუსიკა და ზღვა,
მიყვარხარ...
ჩაფერფლილი სიგარა და გარუჯული ცა,
ქარში ჯაზის ჰანგები, თოლიების ხმა,
მიყვარხარ...
მოგონება ჩერდება, გული კი - არა,
ტალღებს სევდა ეჩვევა,
მომნატრებიხარ...
არ მინდა, რომ შენს მაგივრად
მყავდეს ვიღაც სხვა,
მიყვარხარ...“
- იცი, როდის ვიქნები ყველაზე ბედნიერი? - სიმწარეშერეული ტკბობით გამიღიმა. - როცა მაპატიებ...
- ისევ იმ ფურცელზე ვბრუნდებით?
- დღეს გადავფურცლოთ, რას იტყვი? - თვალები აენთო.
- გააჩნია, რას გულისხმობ.
- თათია და ნიკა ეგვიპტიდან ბრუნდებიან, თან ჩემი დაბადების დღეა, საღამოს სუფრას გავშლით და მოდი.
- შენი მშობლებიც იქნებიან? - ლიას გახსენებისას ტანში გამცრა.
- იქნებიან, როდემდე უნდა ვმალოთ ეს შერიგება? - მკლავები მხრებზე მომხვია და დატალღული მზერა გამისწორა. - მინდა, რომ ყველამ გაიგოს.
- მოვალ...
ჩავიძირე. ისევ ფსკერზე დავეშვი, მაგრამ სულ სხვა ზღვებში.
ჩავიძირე და ვიცოდი, რომ მშრალი ვიყავი.

სახლში რომ დავბრუნდი, ზურას ჯერ ისევ ეძინა.
მარილიანი წყალი მტკნარ წყალს გავატანე და თვალები დამიმძიმდა.
დაძინება არ მინდოდა, რადგან საკუთარი ქვეცნობიერი სიზმრებში მსტუმრობდა და მაჩვენებდა იმ უიმედო მომავალს, რომელსაც ჩემივე ქმედება გამოიწვევდა. ჩემივე ფიქრები, რომლებიც ვერაფრით ჩავახშე.
იმედგაცრუება, რომელიც არაფრით გაქრა.

ზურას საძინებლის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და აზრების მოსაკრებად საფეთქლები დავიზილე. ბოლოს მოთმინება ამომეწურა და კარი მოურიდებლად შევაღე.
ერთ ბალიშზე თავი ედო, მეორეზე ხელები შემოეხვია და ბავშვივით იხუტებდა.
- მამა!.. - ხელით ოდნავ შევანჯღრიე.
- ლიტა? - თვალები ოდნავ გაახილა და საწოლზე ზმორებით წამოჯდა. - რომელი საათია.
- არ ვიცი... - მხები ავიწურე. - საღამოს ხომ გეცლება? დაბადების დღეზე ოჯახით დამპატიჟეს და...
- ვისი დაბადების დღეა? - მობილური მოიძია და ეკრანს დააცქერდა.
- მეგობრის, გაიცნობ.
- საღამოს მარინასთან ერთად უნდა მევახშმა... - იმხელა სინანული ჩააქსოვა, წამით მოსულმა უსიამო გრძნობამ რბილი ქსოვილები დამიგრიხა.
- მარინაც წამოიყვანე.
სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, ოთახი დავტოვე და საკუთარ საწოლს მივაშურე.


ზღვის ზედაპირზე მიმავალ ნაცნობ სილუეტს შევყურებდი. მტოვებდა და მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი. ისევ ვერ გავედევნე, რადგან ვიცოდი, რომ დავიხრჩობოდი.
- „მოკვდი...
მოკვდი, რომ გახდე თვითონ,
თვითონ...
შენი თავი...“
ვიღაც ისევ ჩემი ხმით მღეროდა და მარწმუნებდა, რომ სწორად ვიქცეოდი.
საშინელებას ვაკეთებდი, მაგრამ სწორად ვიქცეოდი.
უნდა დავმთავრებულიყავით, ახლიდან რომ დაგვეწყო...
ეს ფურცელი უნდა დაგვეხია, ახალ გვერდზე გადასასვლელად.
ვგრძნობდი, რომ სხვადასხვა პარაგრაფზე გადავინაცვლებდით, მაგრამ ძველ აბზაცებზე ხეტიალს ასე სჯობდა.
იმედი მქონდა, რომ სჯობდა...

თვალები გავახილე თუ არა, თავდაჯერებულობა სიზმართან ერთად გაქრა.
მეც დავიკარგე, მაგრამ არავინ მომიკლო.
არავინ მეძებდა, ამიტომ ვერავინ მიპოვა.

საბას უნდა გამოევლო, მაგრამ საპირისპიროს მართებულობაში დავარწმუნე და ჩემი გარდერობიდან ყველაზე ლამაზი კაბა გადმოვიღე.

ის კაბა დედაჩემს ეკუთვნოდა.
იმ დღეს ეცვა, როცა ზურას ცოლობას დასთანხმდა.
გადაწყვიტა ბედი იმ კაცისთვის დაეკავშირებინა, რომელიც მისი წასვლიდან რამოდენიმე თვეში სხვას იპოვიდა.
რომელიც იმ სახლის გაყიდვაზე იფიქრებდა, ერთად რომ მოაწყვეს.
რომელიც შვილს მიატოვებდა და თავისნაირს იპოვიდა.
ის ქალი კი...
ის არ იყო იმ სიმშვიდის ღირსი, რომელიც ცხოვრებამ განძივით მიართვა.
მის გამო შურისძიებაზე არ უნდა ეფიქრა შვილს, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობდა, მაგრამ მშობლის სითბოსთვის ქართლის დედას აკითხავდა.
იქნებ, ის სპილენძის ქანაკება უფრო მგრძნობიარეც კი იყო?

ეს ყველაფერი არ იყო საბასთვის...
ჩვენ ვიმსახურებდით ფარდის გადაწევას, კულისებიდან გამოსვლას და ერთმანეთისთვის ცქერას, მზერის მიღმა ჩასაფრებული წარსულის აჩრდილების ძრწოლის გარეშე.
ეს იყო მათთვის, ვინც ბავშვივით მოიქცა და ორი ბავშვი მიატოვა.
ვინც მშობელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმზრდელად ვერ ივარგა.
უნდა დამთავრებულიყო.
დაგუბებული სიტყვები უნდა ამომენთხია და მესუნთქა.
თუნდაც მარტოს, თუნდაც ჩემი საყვარელი ფერებისა და თვალების გარეშე.
ვტივტივებდი, მაგრამ გაცურვა მინდოდა.
გავაღწევდი ან ჩავიძირებოდი, სამაგიეროდ ზურგი არ დამილპებოდა.


საღამოს რვისთვის ნიკას კორპუსთან ვიყავით. თათია სადარბაზოსთან გველოდა და ერთ ადგილას მოუთმენლად ცმუკავდა.
ზურა ჯერ ისევ ვერ იჯერებდა ჩემს თეთრ, თუმცა ზედმეტად სადა კაბას, რომელიც რა თქმა უნდა, იცნო. მარინას ძველებური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
და წამით დავფიქრდი...
მარინამ რაღა დააშავა? ან ვანომ?
უცნაური იყო, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობა ბეწვის ხიდზე უკუსვლით გამქონდა და უცხო ხალხზე ვნერვიულობდი.
„ამაზე მერე ვიფიქრებ!“ - სკარლეტ ო’ჰარას სიტყვები რამოდენიმეჯერ ლოცვასავით გავიმეორე და ვცადე თათიას თაფლობის თვის მოკლე ანონსისთვის მომესმინა.
ბინა მეორე სართულზე იყო. ფეხით ავიარეთ კიბის საფეხურები და კრემისფერი კარის გავლით სადღესასწაულოდ მოწყობილ ვრცელ ჰოლში შევაღწიეთ.

ხალხმრავლობას საბა გამოეყო და დაბნეული თვალები ჩემსა და დაუპატიჟებელ სტუმრებს შორის დააცეცა.
- კიდევ ერთხელ გილოცავ! - მოჩვენებითი უდარდელობით ავიწიე ფეხის წვერებზე და ლოყაზე სწრაფად ვაკოცე.
- გილოცავ... - ზურამ აქამდე უცხო, მტაცებელივით ანთებული თვალებით გადაულოცა საჩუქრად მოტანილი ძვირადღირებული ღვინო.
- საბას მშობლებს გაგაცნობთ. - სიმეტიჩრის უკანასკნელ საფეხურს მივაღწიე და ჩვენკენ მომავალ წყვილს შორის გაფითრებული ლიას დანახვისას, მტკივნეული კმაყოფილება დამეუფლა. - ლია და ვანო.
- ზურა! - ვანო სიხარულისგან ერთიანად გადაწითლდა. - ერთ სკოლაში ვსწავლობდით, გახსოვარ?
- ვანო ყიფიანი, ყველაზე წარჩინებული მოსწავლე. - ზურამ უნიჭო მსახიობივით გაიცინა და „ძველ მეგობარს“ გადაეხვია.
ლია მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა და სწრაფად გაგვეცალა.
მცირე ფორმალობის შემდეგ, მაგიდას მივუსხედით. საბა გვერდით მეჯდა, თუმცა თავს ვარიდებდი და ვცდილობდი მისკენ არ მიმეხედა.
- აივანზე არ გავიდეთ? - ყურთან სულ ახლოს მიჩურჩულა და ჩემი გულისცემაც მაშინვე აჰყვა.
- არა, უხერხულია. - ვუპასუხე, მაგრამ თეფშისთვის მზერა არ მომიშორებია.
მაგიდაზე შიშველს რომ მეცეკვა, იმაზე გაცილებით ნაკლებად უხერხული იქნებოდა, ვიდრე ის, რის გაკეთებასაც ვაპირებდი.
სუფრის წევრების საუბარი ზუზუნივით ჩამესმოდა. თითქოს, ფუტკრებით სავსე სკაში თავით შევეყუდე.
გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სახელით მომმართეს.
- ლიტა, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მიხარია რომ საბა დაბრუნდა და ისევ ერთად ხართ. - ვანომ ღვინით სავსე ჭიქა აღმართა და ორი ყლუპი მოსვა. - იქნებ, ისევ გვიმღერო რამე. საბას გიტარა აქაა...
- რატომაც არა? - ჭიქაში მოქცეული ალკოჰოლი მთლიანად გამოვცალე და დიდი მონდომებით წამოვდექი.

თათიამ ყავისფერი გიტარა გამომიტანა. სკამი უკან გავწიე და მზერა საბას გავუსწორე. თვალებით მთხოვდა რაღაცას, მაგრამ კითხვა დამავიწყდა.
სიმები შევამოწმე და სიმღერად გაცოცხლებული ლექსისთვის შექმნილი აკორდები ფრთხილად ავიღე.
- „ ხელში უჭირავს ამინდს კარტებად
ლექსები - ჩემი ცხოვრების საჭე,
ზოგჯერ სათქმელი მაშინ მთავრდება,
როცა, უბრალოდ სათაურს დაწერ.
გაზაფხულდება,
წვიმის ციცრები გადაუფრენენ მაისის ბაღებს,
ზოგჯერ სიზმარი მაშინ იწყება,
როცა იღვიძებ და თვალებს ახელ...
უჯრაში ნაპოვნ ლექსის არტეფაქტს,
უსინჯავ ასაკს, გულსა და სიცხეს...
ზოგჯერ მთავარი მაშინ მთავრდება,
როცა საერთოდ დაწყებას იწყებ.
უკან ბრუნდება წლების მრიცხველი
ოდესმე წარსულს თუ მოაგონდი.
ზოგჯერ სიმღერა მაშინ იწყება,
როცა მთავრდება ბოლო აკორდი...
გამშრალი ცრემლის მირონს იცხებენ
დღეები ლექსის შეხსნილი თასმით...
ზოგჯერ მთავარი მაშინ იწყება,
როცა გგონია წერტილი დასვი...“

ბოლო აკორდიც დამთავრდა, და მაშინ დაიწყო მთავარი სიმღერა.
მსუბუქი აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს.
საბას თვალებს ვერაფრით ვწყდებოდი.
- არ გინდა... - მზერის სათქმელი სიტყვებით გაახმოვანა და თითოეულ ბგერაში მუდარა ჩაუდგა.
არ მინდოდა, მაგრამ საჭირო იყო.
- რაღაც უნდა ვაღიარო. - ფეხზე წამოვდექი და გიტარა მაგიდას მივაბჯინე.
- ლიტა? - ზურამ კითხვის სავსე მზერით შემომხედა.
- მე იმ კაცის შვილი ვარ, რომელმაც ორი წლით სხვისი ცხოვრება მოიპარა. - ვანოს თვალებში შევხედე და ნერვიულობისგან აკანკალებული მტევანი მუჭად შევკარი. - თქვენ კი იმ ქალის ქმარი გქვიათ, რომელიც ნაქურდალი თავისი ნებით გახდა...
- რას ამბობ? - ნიკა გადათეთრებულ თათიას ჩამოშორდა და წინ გადამეღობა. საბამ მშვიდად გასწია გვერდზე.
- ამიტომ გავჩნდი თქვენს ცხოვრებაში და ამიტომ წავიდა საბა... - უკვე ხმაც მიკანკალებდა.

ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერაფრის გააზრება მოვასწარი.
ვანო შეშლილივით წამოიჭრა და გაშეშებულ ზურას პერანგის საყელოზე სწვდა. ნიკა მამამისთან ერთად ცდილობდა მათ გაშველებას.
ლოყა ამეწვა და როცა მიწაზე დავეშვი, სიბრაზისგან აცახცახებულ ლიას წავაწყდი. საბამ რაღაც იყვირა და სანამ „იდეალური დედა“ ისევ შემეხებოდა ოთახიდან გაიყვანა.
თვალები მაგრად დავხუჭე.
„ნეტავ კოშმარი იყოს! კოშმარი იყოს!..“ - ვიმეორებდი და თითოეული უჯრედი მტკიოდა.
- ლიტა, წამოდი... - მარინას ხმა გავიგონე და ვიგრძენი, როგორ მომხვიეს ხელი.

ორი ოთახი იყო.
დიდ ოთახში შემიყვანა და სავარძელზე ჩამომსვა.
- დალიე. - წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა.
უხმოდ გამოვცალე.
- გმადლობ, რომ წამომიყვანე. - ყველა ემოცია სითხედ იქცა და თვალებამდე მისასვლელი გზა მარტივად გაიკვლეს.
- ზურას დავურეკავ. - წამოდგა და მობილური მოიძია. - ვეტყვი, რომ აქ რჩები.
- არა, სახლში წავალ... - დავფაცურდი, მაგრამ თვალებში ჩამდგარმა ბურუსმა დამაბრმავა.
მქონდა კი სახლი?
ყველაზე რთულ მომენტებში უცხო სახლები მიფარებდნენ.

საბასთან დაკავშირება უშედეგოდ ვცადე. არც თათია მპასუხობდა და გადავწყვიტე, დავლოდებოდი.

ლოგინი გასაშლელ დივანზე გამიშალა და ლუკა მეორე ოთახში გახიზნა.
- შუქი დამიტოვე. - ვთხოვე და ლეიბზე მოვიკუნტე.
„სიბნელეში ყველა ფერი უკეთ ჩანს“ - ამბობდა საბა და ამ ფერების სიკვდილივით მეშინოდა.
არა, იყო კიდევ ერთი შიში...
მრავლისმომცველი და საყოველთაო.
შიში, რომელთან შედარებითაც სიკვდილი სახალისო გართობაა.


მობილურის გაბმულმა წკრიალმა გამაღვიძა და უცხო ოთახს თვალი მოვავლე. უკვე სრულყოფილად გათენებულიყო.
- გისმენ, თათია... - მთელი სხეული დამეძაბა და სუნთქვა შევწყვიტე.
- სად ხარ, როგორ ხარ?
- საბა სადაა? - უცხო საღამურს დავხედე და მარინასთვის დამახასიათებელმა სურნელმა ნესტოები ამიწვა.
- გუშინ ვანო ძიას გულის შეტევა ჰქონდა... - ხმა ჩაუწყდა, მაგრამ სწრაფად ჩაახველა. -ახლა უკეთაა, მთელი ღამე საავადმყოფოში გავათენეთ. მობილური სახლში დამრჩა და ვერ დაგირეკე. ამ წამს მოვედი.
- რომელ საავადმყოფოში? - სკამზე გადაკიდებულ კაბას დავწვდი.
- ჭავჭავაძეზე, რესპუბლიკურში.

სახლიდან ისე გავვარდი, არც კი მიფიქრია, რომ ფული არ გამაჩნდა. ფეხით დავუყევი ტროტუარს.
ყველაფერი ჩემი ბრალი იყო!..
იქნებ, არის რაღაც ისტორიები, რომლებიც წარსულში უნდა ჩაიმარხოს და დავიწყებას მიეცეს?
სინდისმა ყელში წამიჭირა და ფიქრების გასაფანტად ფეხს ავუჩქარე.
თეთრი, სადა კაბა მეცვა და მთელი ძალით გავრბოდი.
არც კი მიფიქრია, რას ფიქრობდა ხალხი, რომლებსაც გვერდს ვუვლიდი ან ვეჯახებოდი.
ზოგს ალბათ გიჟი ვეგონე, ზოგს ბრმა და მოუქნელი.
სინამდვილეში კი, საკუთარი ხელით აშენებული შურისძიების სასახლე მენგრეოდა, ნანგრევებს გავურბოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მომყვებოდნენ.

- ვანო ყიფიანი!.. - მეათასედ გავუმეორე შესასვლელში აყუდებულ დაცვას და თვალით ვიწრო გასასვლელი გადავზომე. გონებაში შეპარვის გეგმა ჩამოვაყალიბე.
- ოჯახის წევრი ბრძანდებით? - სათვალე ცხვირზე ჩამოაცურა და წარბაწევით შემათვალიერა.
- დიახ. - გაუაზრებლად ვიცრუე. იმ კაცის ოჯახად ვასაღებდი თავს, რომელსაც ჩემი ოჯახის არსებობით მეორედ დაენგრა ბუდე.

მითითებულ სართულზე მივაბიჯებდი და კორიდორის ცისფერი იატაკი ჩემს შიშებს ირეკლავდა.
პალატის კარის გვერდით. კედელთან ახალგაზრდა მამაკაცი ჩამუხლულიყო. ორივე ხელი მუხლებისთვის მოეხვია და თავი ჩაექინდრა.
- აქ რა გინდა? - მკითხა, როგორც კი მივუახლოვდი, მაგრამ თავი არ აუწევია.
ვიგრძენი, რომ დავპატარავდი... რვა წლის ლილიტი გავხდი და დედისეული ტანსაცმელი მკარგავდა.
- გკითხე, აქ რა გინდა? - წამოდგა და გაფითრებული სახით მომიახლოვდა. ზღვისფერი თვალების ირგვლივ მეწამული ჩაღვროდა.
- მე... - როგორც კი ხმა ამოვიღე, ხელი დამავლო და კორიდორის გავლით, კიბის საფეხურთან გამიშვა.
- ხომ იძიე შური?
- შენ თქვი, რომ თანახმა იყავი. - ყველაზე უსუსური არგუმენტი მოვიშველიე.
- ვთქვი, რომ ჩემი დაჭრა ყველაზე მტკივნეული იარაღითაც შეგეძლო, მაგრამ შენ სასიკვდილო შეარჩიე.
ზურგი მაქცია და მივხვდი, რომ რაღაც დამთავრდა.
ფურცლის უკანასკნელ თავისუფალ ხაზზე ვიწერებოდით და შემდეგი გვერდი აღარ გვეკუთვნოდა.

საავადმყოფოს ცისფერ იატაკზე მიაბიჯებდა. ნაცნობ სილუეტს ვუყურებდი და ვიცოდი, რომ თუ გავედევნებოდი, ჩამძირავდა.

ერთმანეთისგან მოშორებით დადებულ მაგნიტებს ვგავდით. მიწა შეირყა და დაახლოების ნაცვლად ერთერთი მთლიანად ამოატრიალა. მივუახლოვდი, მაგრამ მიზიდვის ნაცვლად ერთმანეთს განვიზიდავდით.
ის კაბა მეცვა, რომელიც დედას ეკუთვნოდა.
ამ სამოსში ყველაზე ბედნიერი იყო.
მეცვა და ყველაზე უბედური ვიყავი.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ყველაზე მეტად არ მინდოდა ლიტაშიც გამცრუებოდა იმედებიი, მაგრამ სამწუხაროდ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდაა რომელმაც საკუთარი ეგოიზმის ვერ გადალახვის გამოო ისეთი შეცდომა დაუშვაა აი მე ვთვლი რომ ვერ გამოსწორდებაა, ასე არ იქცევიან, რაც არ უნდა გულგატეხილი და დანგრეული იყოო მას მაგალითი ქონდა საკუთარი თავიი და ვერაფერი ისწავლააა, ამ ისტორიაში ყველაზე უდანაშაულოო საბას მამა იყოო და ისე გაანადგურა არც კი დაფიქრებულა საკუთარ საქციელზეე, სახალხოდ ასე არ იქცევიან, იმაზეე მწარედ იძია შური საბაზეე ვიდრე წარმომედგინაა, ეს წყვილი ჯერ საბას შურისძიების გამოო და ახლა ლიტას საქციელის გამოო ვერანაირად ვერ წარმომიდგენია, მართლაც იმხელა უფსკრული გაჩნდა მათ შორის, წყვილად რომ შედგეს მათ შორის მაინც იჩენს ეს ყველაფერიი და ერთმანეთს იმაზე მეტად დაშლიან ვიდრე ახლაა გაუკეთეს ერთმანეთს, ლიტას დიდი შეცდომა იქედან დაიწყოო როცა მამამის არ დაელაპარაკაა. ეს ისტორია იმის მაგალითია თუ როგორ არ უნდა აყვე საკუთარ ეგოიზმს და როცა გიყვარს საყვარელ ადამიანებს ასე არ ექცევიან.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გული კიარა სისხლი გამიჩერდა....
ვაი დედიკო :( :'(

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

ისე უცებ შეურიგდა კი ვიეჭვე რაღაცა
ალბათ ბოლომდე ვერ გადახარშა
მესმის ლიტასი. ყველამ რაღაცანაირად დააღალატა ყველამ ისე დროს მიატოვა, როცა ყველაზე მეტად უჭირდა. შური იძია არამარტო სხვებზე საკუთარ თავსაც ბევრი დაუშავა. ხო იგველა მაგრამ მაინც შემეცოდა ბოლოს. უსახლკაროსავითაა, ყველგან იღებენ და იფარებენ მაგრამ საკლში უნდა და ვერ მიდის ... გული მეტკინა რაღაცნაირად

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ეს იყო შოკური თავი, ძალიან კარგად წერ, ძალიან ზუსტად და სწორად გადმოცემ ყველა ემოციას!!! სუნთქვა შემეკრა რო ვკითხულობდი ლიტას გამოსვლაზე . ამ ისტორიაში ვანო ძალიან მეცოდება მაინტერესებს ძალიან 2 წელი ცოლი გვერდით რო არ ყავდა რა მიზეზით არ უავდა ეს იცოდა?

 


№5  offline წევრი Marikagogolqdze

ვკითხულობდი და მე მეშინოდა ამ გოგოა მაგივრად

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

ესენი რო ბოლოს ერთად არ დარჩნენ მე მოვკვდები :(

 


№7 სტუმარი ნანე

მე მაპატიე, თუ ვფიქრობ, რომ შენი გასაოცარი ნიჭი და განსხვავებულობა არასწორად წარმართე ამჯერად. melice, წაიკითხე, რა დაწერე. ლიტა დღეს შენ ხარ...

საერთოდ, როდესაც არ მომწონს ნაწარმოები, არც ვკითხულობ, კომენტარზე ლაპარაკიც ზედმეტია. აღფროვანებული ვიყავი შენი ნიჭით და დღეს იმედგაცრუებული ბოდიშის მოხდით გეუბნები, რომ ვწყვეტ ნაწარმოების კითხვას. ლიტას საქციელი რა შუაშია, შენ ხომ შემოქმედი ხარ და მოგწონს დღეს შენი შედევრი? რა მოხდა, რამ გაიძულა ასე დაგეწერა, არ მჯერა, რომ თავიდანვე ასე გქონდა ჩაგიქრებული...კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი, შენმა ნიჭიერებამ მაიძულა დამეწერა ეს კომენტარი????❤️

 


№8  offline წევრი Melice

ნანე
მე მაპატიე, თუ ვფიქრობ, რომ შენი გასაოცარი ნიჭი და განსხვავებულობა არასწორად წარმართე ამჯერად. melice, წაიკითხე, რა დაწერე. ლიტა დღეს შენ ხარ...

საერთოდ, როდესაც არ მომწონს ნაწარმოები, არც ვკითხულობ, კომენტარზე ლაპარაკიც ზედმეტია. აღფროვანებული ვიყავი შენი ნიჭით და დღეს იმედგაცრუებული ბოდიშის მოხდით გეუბნები, რომ ვწყვეტ ნაწარმოების კითხვას. ლიტას საქციელი რა შუაშია, შენ ხომ შემოქმედი ხარ და მოგწონს დღეს შენი შედევრი? რა მოხდა, რამ გაიძულა ასე დაგეწერა, არ მჯერა, რომ თავიდანვე ასე გქონდა ჩაგიქრებული...კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი, შენმა ნიჭიერებამ მაიძულა დამეწერა ეს კომენტარი????❤️

მე ვერავის ვაიძულებ, რომ წაიკითხოს.
ისტორიის "ჩონჩხი" თავიდანვე იყო აგებული. რაღაც დეტალები იცვლება, მაგალითად სად იყოს დაბადების დღე, რომელი სიმღერა ჩავსვა, მაგრამ მთავარი მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ჩაფირებული მქონდა. ))
ფაქტი, რომ პერსონაჟი რაღაც მიუღებელს აკეთებს, იმას არ ნიშნავს რომ ეს პერსონაჟი მე ვარ.

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთა

ეჭვად გამკრა გულში, რომ მსგავსი მოხდებოდა ლიტას მხრიდან. რომ ჩაუღრმავდე და ლიტას კანში შეძვრე, ალბათ ესეც მცირე აღმოჩნდებოდა. ლია არის ყველაზე საზიზღარი ქალი, ლიტას სილას აწნის, როცა ქმარი მთელი ცხოვრება ტყუილში და დამცირებში აცხოვრა.
არ არის მარტივი ისტორია და არც პერსონაჟები. მეიდეალება ეს ისტორია და მეძვირფასესება ავტორთან ერთად.

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი რაუნდა დავცერო. აღფრთოვანებული ვარ. ზუსტად სიტუაციის შესაბამისი სიმღერა ან ლექსი ნახო. ზალიან შრომატევადია. საოცრად ვითარდება მოქმედებაა. ქალის შურისძიების თვით ეშმაკსაც ეშინია. სხვისი ჩადენილი დანაშაული უფრო მძიმეა. ვიდრე საკუთარი. ასე ფიქრობს საბა. არადა ერთსიმაღლეზე არიან. მამა წაართვა. ისევე როგორც მან დააშორა ზურას. . იდეალური ეპითეტები. საოცარი მეტაფორები და დაულეველი სიტყვათა მარაგი. ლამაზი და საკმარისი სიტყვები. არაფერი ზედმეტი და ყველაფერი ზუსტი. ერთი ბელს აღმოვაჩინე ამ ბოლო დროს და მეორე შენ. ბედნიერი ვარ ასეტი მომავალი გვყავს. წარმატებები ლამაზო გოგოვ. იმედია მალე იქნება მომდევნოც

 


№11  offline წევრი ნანა73

მე ალბათ ძალიან დილეტანტი ვარ ამ საკითხში, მაგრამ ძალიან არ მესმის ადამიანის -ერთი შეხედვით დადებითი თვისებებით, კეთილგონიერებით და ნიჭიერებით დაჯილდვებულის, რომელსაც შეუძლია ასეთი საქციელი ჩაიდინოს. გამიძზნულად, მოფიქრებული დეტალებით.
არ თქვათ რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო.
ზოგადად ვფიქრობ ლიტას უცნაური, მეამბოხე სული აქვს,თუმცა საზღვრებს ვერაფერში გრძნობს.
სწირავს ერთადერთ მშობელს უემოციოდ.
ელოდება საყვარელი ადამიანისგან რეაქციას უფრო მისაღებს , ვიდრე პირიქით და სრულიად უდანაშაულო ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ ლიას არ აპატია არც საქციელი და არც სიტყვები აყენებს გამანადგურებელ დარტყმას.
ეს ეგოიზმის პიკია საკუთარი თავის მიმართაც კი.
და ახლა რას ნიშნავს საავადმყოფოში გაქცევა?
საერთოდ ელემენტარული აზროვნებაც ნულს ქვემოთ დაეშვა?
საბას ვერ პატიობდა და თვითონ საერთოდ რა ჩაიდინა?
რატომ ინდა ეპატიოს სხვას არაფერი და ლილიტს ყველაფერი?
ძალიან არ მომწონს რასაც ვფიქრობ, არც ამ წყვილის დაშორება არ მინდა არაფრით, მაგრამ ჩემს აზრს ვერ ვეწინააღმდეგები.
მელო, შენ არაჩვეულებრივად წერ ჩემო კარგო.
ისეთი მოფიქრებული და აზრიანი ტექტი გაქვს გითხარი კიდეც რომ აღფრთოვანებული ვარ.
მთლიანად ვენდობი შენს ვერდიქტს და სიამოვნებით დავასრულებ შენთან ერთად ამ ისტორიას.

❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

სტუმარი ქეთა
ეჭვად გამკრა გულში, რომ მსგავსი მოხდებოდა ლიტას მხრიდან. რომ ჩაუღრმავდე და ლიტას კანში შეძვრე, ალბათ ესეც მცირე აღმოჩნდებოდა. ლია არის ყველაზე საზიზღარი ქალი, ლიტას სილას აწნის, როცა ქმარი მთელი ცხოვრება ტყუილში და დამცირებში აცხოვრა.
არ არის მარტივი ისტორია და არც პერსონაჟები. მეიდეალება ეს ისტორია და მეძვირფასესება ავტორთან ერთად.

გეთანხმები, საშინელი პერსონაჟია ლია.

 


№13  offline წევრი OKI ME

მე მესმის ლიტასი. ის უფრო არა რეალური იქნებოდა, რომ შერიგებოდა ან საერთოდ ყველა თავის გზაზე წასულიყო. აი, რომ ეპატიებინა ისე, თითქოს და არაფერი მომხდარა, ერთი ურპინციპო გოგო გამოჩნდებოდა. ლიტას ხასიათი თავიდანვე კარგად ჩანდა და ისიც ნათელია, რომ მარტივად ვერ გამოვიდოდნენ ამ ამბიდან.

მე, რომ ლიტას ადგილზე ვიყო მართლა არ ვიცი, უარეს ვიზამდი თუ რას გავაკეთებდი საერთოდ. თავის დროზე არანაკლებ ეტკინა ლიტას. რა მნიშვნელობა აქვს საბას უფრო მეტად გადაუხადა სამაგიერო ახლა თუ მაშინ ლიტაზე რომ იძია შური? არაა ადვილი, რომ გატკენენ შენ ხელის გაუნძრევლად შეხვდე და სს სისულელე მგონია. არც იმას ვემხრობი აუცილებლად შური უნდა იძიო-თქო. ეს ბუნებრივია, წერ იმას რასაც რეალურად გააკეთებდა ადამიანი. მერე რომ გამოგონილი ისტორია, აუცილებელია პერსონაჟებიც რაღაც არაამქვეყნიურები იყვნენ? რეალურად, ადამიანების 99% ზუსტად მსგავსად მოვიქცეოდით. არავინ თქვა, რომ არაო.

მოკლედ, მარტივი არაა ცხოვრება და სხვისი ცოდვებისთვის არ უნდა დაისაჯო. საინტერესოა, შეძლებენ, აღადგენენ გაფუჭებულ ურთიერთობას ? მე თუ მკითხავთ ახლა იწყება თუ იწყება, საინტერესო ეტაპი.

ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. საოცრად მაინტერესებს როგორ განვითარდება ყველაფერი. წარმატებები ❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი გვანცა

არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა ამ ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ მიხარია, რომ ბანალური გაგრძელება არ მოჰყვა შერიგებას. სათაური ისეთი აქვს ისტორიას, კიდევ ბევრი მოულოდნელი სიტუაციებით გაგვაკვირვებ ვატყობ.
ველოდები გაგრძელებას :)

 


№15  offline წევრი დელირიუმი

როცა ამ მოთხრობის წერა დაიწყე მეთქი დავიცდი სანამ დაამთავრებსთქო, მაგრამ ცდუნებას ვეღარ გავუძელი დდ ❤❤❤❤ ერთიანად წავიკითხე და მინდა გითხრა რომ სასწაულ რაღაცას წერ❤❤❤ ამ ისტორიიდან ემოციების ზღვა მოდის რომელიც მკითხველს ,,ამონებს" ❤❤ კომენტარები წავიკითხე და თითქოს ლიტადან ამას არ მოელოდნენ მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ისტორიას ეს სჭირდებოდა❤❤❤ წარმატებებს გისურვებ
ამიერიდან შენი მკითხველი ვარ და გელი ახალი თავებით❤❤❤

 


№16 სტუმარი სტუმარი keti

დღეს ლიტა მართლა ლილიტი იყო, ყველაზე საშინელი გაგებით.
მკითხველისთვის რთულია პერსონაჟს ასეთი ტრანსფორმაცია დადებითად მიიღოს, ან საერთოდ მიიღოს...
არც მე დავრჩენილვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ, როდესაც გიყვარს ჭიანჭველას სპილოდ არ გადააქცევ, პირიქით სპილო უნდა აქციო ჭიანჭველად და შენი საყვარელი ადამიანისთის ყველაფერს აღუდგე წინ.
ამის მერე, ადგება ლიტა და იტყვის, "ძალიან მიყვარხარ, ყველაფერი მაპატიე და მსგავსი ფრაზები", მაგრამ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ასე გულქვად მოიქცეს, ეგოცენტრულად იმოქმედოს და საბას დანაშაული, რომელიც მისთვის უმტკივნეულესი იყო, კვადრატში აყვანილი სპექტაკლით დააგვირგვინოს, სიყვარული არ ესმის რა არის.
საბა მართალი იყო, როდესაც თქვა ობობის ქსელში გავებიო, მაგრამ ამ წამს ჩემი გადმოსახედიდან ყველა პერსონაჟი ამ ქსელშია, ერთი რამ- შურისძიება აერთიანებთ.
რა უცებ გიაუფერულდა ყველაფერი...

ძალიან მაინტერესებს გაგრძელება,ველი ჩიხიდან გამოსვლას.

 


№17 სტუმარი სტუმარი მარი

მაინც ვერ მოვითმინე და უნდა დავწერო. ეხება კომენტარებს და ვერ ვხვდები რატო გიკვირთ. ეს ისტორია არ იყო ლამაზი და სათნო ზღაპარი პირველი თავებიდანვე მივხვდი. ლიტა უბრალო და დადებითი ადამიანი იყო, სანამ გარემოებამ არ შეცვალა. ძველი ლიტა ალბათ არ იზამდა ამ ყველაფერს მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი თავზე ჩამოემხო და რატომ გიკვირთ მისი საქციელი? სიყვარულის გამო ყველაფერი რომ ეპატიებინა ჩემთვის არ იქნებოდა საინტერესო, საბამაც ხომ იცოდა რომ შეურიგდა მაგრამ ნაპატიები არ ჰქონდა? დაკარგა დედა, მიატოვა მამამ, მასზე იძიეს შური ამ ყველაფრის გამო და როცა ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ აქციეს უბედურად, რომელი აპატიებდით ამ ყველაფერს? მომეწონა რომ ლიტასაც აღმოაჩნდა ის ბნელი მხარე რომელიც ყველა ადამიანშია და უფრთო ანგელოზად არ მოგვევლინა. არ არსებობენ ანგელოზები. იგივე საბას რომ გაეკეთებინა ამხელა უკმაყოფილება არ იქნებოდა ხომ ასეა? პრობლემა მხოლოდ იმაშია რომ ლიტამ გააკეთა და საკმაოდ სამართლიანადაც. ვფიქრობ, ეს მოსალოდნელიც კი იყო. მომეწონა ასევე მისი ყოყმანი, დაგეგმილს აკეთებდა მაგრამ მაინც როგორ გაუჭირდა იმდენად კარგადაა აღწერილი იმის წაკითხვის შემდეგ გულქვად იძია შურიო როგორ უნდა თქვა. რომელს მოინდებოდა საიდუმლოდ დაეტოვებინა ამხელა რაღაც, რომ შენი საყვარელი ადამიანის დედა და მამაშენი ოდესღაც ერთად იყვნენ და ბავშვსაც ელოდებოდნენ. ცუდი დრო შეარჩია ეს უდავოა, მხოლოდ ამაში ვამტყუნებ ლიტას, მაგრამ ყველაფერში იდეალური ხომაარ იქნება ეს გოგო.
ნუ მოკლედ ძაან გამიგრძელდა ეხლა მაგრამ რომ არ მეთქვა არ ვიცი ვერ გავძლებდი.
მადლობა ავტორს ემოციური და რეალური სურათისთვის.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება უმეტესობას დისნეის ზღაპრები გინდათ, ამ ისტორიას კი სათაურშივე ეტყობა რომ ზღაპარი არ არის და არც უანგარო პერსონაჟები ყავს. ლიტა პრინცესა კი არა ლილიტია, ჯერ მარტო სახელი რად ღირს რომ მიხვდე.
მადლობა ავტორს, ამდენი არცერთ კომენტარში მიწერია, მინდა გითხრა ნუ დაგაფრთხობს კომენტარები და ბოლომდე მიყევი გეგმას. ის დაწერე რაც ჩაფიქრებული გქონდა. გადასარევად გამოგდის, მართლა მიხხარია რომ არსებობ და გიპოვეთ...

 


№18 სტუმარი Nini

არ მჯერა ხალხო, ამდენი შურიანი და ბოღმიანი რამ შეგკრიბათ, შეიძლება ლიტას საქციელით არ გავკვირვებულვარ ზოგ-ზოგიერთებივით, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რაც ჩაიდინა კარგია. რატომ ამართლებთ და მიგწონთ??? მოსაწონი არ არის რაც გააკეთაა!!! ადამიანი კიდევ უფრო ცუდ დღეში იგდებს თავს როდესაც შურისძიებაც სჩადის, მით უმეტეს ლიტამ თავის თავზე გამოსცადა საბას შურისძიება რამდენად ძვირად დაუჯდა. ამიტომ უბრალოდ წაიკითხეთ, დატკბით, ისიამოვნეთ, მაგრამ ობიექტურად სურათის აღქმა არ დაგავიწყდეთ ამავდროულად, ცუდის და კარგის გარჩევა, თუნდაც ამ მოთხრობის ხარჯზე ისწავლეთ.

სრულიად არ არის საჭირო იდეალური პერსონაჟები შექმნა იმისთვის, რომ ნამუშევარი კარგი გამოვიდეს, მე მჯერა ამით ავტორს ხაზგასმით უნდა იმის თქმა რომ შურისძიება ცუდიააა!!! არ ვიცი რატომ წერთ რომ თურმე ყველა ასე მოიქცეოდა, ძალიან მაშინებს ეს სიბოროტე და ეს ფიქრები რაც ასე ცალსახად ჩანს კომენტარებში.
შეიძლება საბას დაშორებოდა, სიყვარული სიძულვილში გადასვლოდა და ყველაფრის დასრულება სდომებოდა, მაგრამ მანიაკურ ფიქრებზე წასვლა, თან ამის სიცხადეში მოყვანა და შემდეგ საბასთვის იმაზე წუწუნი რომ თურმე კონტრშურისძიებაზე თანახმა იყო ბიჭი და ამანაც აუსრულა<—- ამ ყველაფრის გამართელაბ სრული სიფსიხეა, ვინც ეთანხმებით სჯობს ფსიქოლოგთან წახვიდეთ, ნაცვლად ამის კითხვისას.

მჯერა ავტორი არ ამართლებს ლიტას, მით უმეტეს ამ ყველაფრის დამწყებ- საბას.
სათაურითაც კი გვეუბნება რომ ეს ყველაფერ ცოდვაა, რომლის პირწმინდა გამგრძელებლები ცოდვია გამგრძელებლები და შემსრულებელები არიან, რის გამოც ისჯებიან კიდევაც!

 


№19  offline წევრი Melice

მინდა ყველას ერთად ვუპასუხო ❣️
პირველ რიგში გულწრფელი მადლობა ჩემგან, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ისტორიის ამგვარი განვითარება.
არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს, მაგრამ ალბათ საჭიროა დავწერო, ის თუ რისი თქმა მინდოდა.
ცოდვა ყოველთვის ცოდვას წარმოშობს, შურისძიება - საპასუხო შურისძიებას ან ყოველშემთხვევაში სურვილს მაინც. ეს მეტად ადამიანური ფაქტორია.
მე პირადად, ლიტა ძლიერ ადამიანად მიმაჩნია, რომელიც გარემოებებმა დაასუსტა და მისი ეს კონკრეტული ნაბიჯი სისუსტის გამოვლინებაა და არა სიძლიერის.

რაც შეეხება ცოდვებს, რომლებიც ორივე მხარემ გააგრძელა. როგორც უკვე აღვნიშნე ცოდვა სხვა უფრო საშინელ ცოდვას ბადებს, მხოლოდ ძლიერ და ნამდვილ სიყვარულს შეუძლია იმ ქსელიდან გამოღწევა და ადამიანისთვის ყველაზე საჭირო უნარის- პატიების გაღვივება. ყველამ ყველას რაღაც უნდა აპატიოს. ყველას აქვს თავისი საზიდი ცოდვა, ზოგს - ნაკლები, ზოგს - იმხელა, რომ წელში გამართულად ვეღარ დადის.

ვნახოთ, რა მოხდება ❣️

 


№20 სტუმარი სტუმარი თამო

სრულიად გეთანხმები ავტორო შენს ბოლო კომენტარზე.მეც ვფიქრობ რომ მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ გრძნობას შეუძლია აპატიოს მართალია გააჩნია რა თუმცა ამ შემთხვევაში ვფიქრობ ეს სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს.მეც არვიცი როგორ მაგრამ ნათქვამია რეალობაშიც ყველაფერს ეშველება სიკვდილის გარდაო და ასეცაა.თუმცა ყველაფრის მიუხედავად ლიტას შურისძიება ეს საშინელება იყო საბაზე უარესი.საბას არ ვამტყუნებდი თითქოს ვუგებდი იმიტომ რომ სიყვარულს ვხრდავდი ვერ გამეტებას ბოლომდე ასე თუ ისე.ლიტასი კი ვერ დავინახე ისე არვიცი არ მომეწონა მისი ქცევა ასე სახალხოდ თან.ველი შემდეგ თავს

 


№21 სტუმარი სტუმარი ანი

Melice
მინდა ყველას ერთად ვუპასუხო ❣️
პირველ რიგში გულწრფელი მადლობა ჩემგან, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ისტორიის ამგვარი განვითარება.
არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს, მაგრამ ალბათ საჭიროა დავწერო, ის თუ რისი თქმა მინდოდა.
ცოდვა ყოველთვის ცოდვას წარმოშობს, შურისძიება - საპასუხო შურისძიებას ან ყოველშემთხვევაში სურვილს მაინც. ეს მეტად ადამიანური ფაქტორია.
მე პირადად, ლიტა ძლიერ ადამიანად მიმაჩნია, რომელიც გარემოებებმა დაასუსტა და მისი ეს კონკრეტული ნაბიჯი სისუსტის გამოვლინებაა და არა სიძლიერის.

რაც შეეხება ცოდვებს, რომლებიც ორივე მხარემ გააგრძელა. როგორც უკვე აღვნიშნე ცოდვა სხვა უფრო საშინელ ცოდვას ბადებს, მხოლოდ ძლიერ და ნამდვილ სიყვარულს შეუძლია იმ ქსელიდან გამოღწევა და ადამიანისთვის ყველაზე საჭირო უნარის- პატიების გაღვივება. ყველამ ყველას რაღაც უნდა აპატიოს. ყველას აქვს თავისი საზიდი ცოდვა, ზოგს - ნაკლები, ზოგს - იმხელა, რომ წელში გამართულად ვეღარ დადის.

ვნახოთ, რა მოხდება ❣️

ახლა მგონი დავმშვიდდი ^-^
ველი ახალ თავს, იმედია მალე იქნება ^-^

 


№22 სტუმარი სტუმარი nancho

ვველოდები ფინალს,მე მაინც მგონია,რომ სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს,მშობლების გამო შვილები არ უნდა ისჯებოდნენ.ვინც დააშავა მათ აგონ პასუხი,ისენი გაერკვნენ ურთიერთობაში.

 


№23 სტუმარი სტუმარი eka

საოცარი ნაწერია ესეა რეალური ცხოვრება და მიყვარს ისეთი ნაწერი რომელიც რეალობასთან არის და არა ზღაპრულ ქმედებასთან,წარმატებები და კიდევ ბევრი კარგი ნაშრომი შეგექმნას

 


№24 სტუმარი სტუმარი დარინა

ამ სიტუაციიაში რაც არ უნდა სიყვარული იყოს ესეც წარმოუდგენელიაა, ხომნდამთანხმდიოო რომ ეუბნება ეგ სრული იდიოტიზმიაა და ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია რომ რაც გაუკეთა სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ვეთანხმები საბას მე ჩემს დაჭრას ვგულისხმობდიიოო, საბაზე უნდა ეძია შურიი თუ მაინცდამაინც თავისი ეგოიზმის დამშვიდება უნდოდაა, აი ადამიანი სწორედ მაშინ ხარ როცაა შურისძიებას შურისძიებით კი არ უპასუხებ პირიქით იმდენს გააკეთებ რომ მეორე მხარეს ათასჯერ ანანებინებ საკუთარ საქციელს ოღონდ სიყვარულით, მაგრამ ლიტა საბაზე სუსტი აღმოჩნდაა, უფრო ბოროტიი და საყვარელი ადამიანი არ დაინდოო, ახლა დავფიქრდიი და საბასაც შეეძლო ეგრე სახალხოთ დაემცირებინა მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გაიმეტაა, აი ლიტა ჩემთვის სრული იმედგაცრუებააა, იმედია ბანალურად ჰეფიენდი არ ექნებაა რადგან არის ცხოვრებაში რაღაცებიი რომელიც არ იპატიებაა, თან ამათ შორის არანაირი ნამდვილი სიყვარული არ არაებობს, საბას ლიტა ცოტა უფრო მეტად ყვარებია აი ლიტას კი საბა საერთოდ არააა, მე საბა არასდროს გამიმართლებია მაგრამ ახლა დავინახე რომ ლიტაზე უფრო ადამიანური ყოფილაა, აი ლიტას საქციელს როგორ ამართლებთ ეგ ძალიან მიკვირს, ანუ ვინც ცუდს გაგვიკეთებს ჩვენც შევბრუნდეთ და ანალოგიური გავუკეთოთ და ა.შ ეს ხომ მისნაირს გვხვდის. საზოგადოება სამწუხაროდ ძალიან შეიცვალაა და ეს აქ ნათლად დავინახეე.

 


№25 სტუმარი სტუმარი ქეთა

სტუმარი დარინა
ამ სიტუაციიაში რაც არ უნდა სიყვარული იყოს ესეც წარმოუდგენელიაა, ხომნდამთანხმდიოო რომ ეუბნება ეგ სრული იდიოტიზმიაა და ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია რომ რაც გაუკეთა სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ვეთანხმები საბას მე ჩემს დაჭრას ვგულისხმობდიიოო, საბაზე უნდა ეძია შურიი თუ მაინცდამაინც თავისი ეგოიზმის დამშვიდება უნდოდაა, აი ადამიანი სწორედ მაშინ ხარ როცაა შურისძიებას შურისძიებით კი არ უპასუხებ პირიქით იმდენს გააკეთებ რომ მეორე მხარეს ათასჯერ ანანებინებ საკუთარ საქციელს ოღონდ სიყვარულით, მაგრამ ლიტა საბაზე სუსტი აღმოჩნდაა, უფრო ბოროტიი და საყვარელი ადამიანი არ დაინდოო, ახლა დავფიქრდიი და საბასაც შეეძლო ეგრე სახალხოთ დაემცირებინა მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გაიმეტაა, აი ლიტა ჩემთვის სრული იმედგაცრუებააა, იმედია ბანალურად ჰეფიენდი არ ექნებაა რადგან არის ცხოვრებაში რაღაცებიი რომელიც არ იპატიებაა, თან ამათ შორის არანაირი ნამდვილი სიყვარული არ არაებობს, საბას ლიტა ცოტა უფრო მეტად ყვარებია აი ლიტას კი საბა საერთოდ არააა, მე საბა არასდროს გამიმართლებია მაგრამ ახლა დავინახე რომ ლიტაზე უფრო ადამიანური ყოფილაა, აი ლიტას საქციელს როგორ ამართლებთ ეგ ძალიან მიკვირს, ანუ ვინც ცუდს გაგვიკეთებს ჩვენც შევბრუნდეთ და ანალოგიური გავუკეთოთ და ა.შ ეს ხომ მისნაირს გვხვდის. საზოგადოება სამწუხაროდ ძალიან შეიცვალაა და ეს აქ ნათლად დავინახეე.

ლიტა რა მიზეზით უნდა დაემცირებინა საბას? :დდ ლიტამ რა დაუშავა საბას? არაფერი! მხოლოდ იმ კაცის შვილი იყო. საბამ დაუშავა ლიტას? დაუშავა, თან როგორ, ფეხქვეშ საყრდენი გამოაცალა და გამოფიტა. ლამის სიკვდილისთვის გაიმეტა.
მაგრამ მეც ვერ მოვუწონებ ლიტას ამ საქციელს. მან ატკინა საბას ისე, როგორც მას სტკიოდა ამდენი თვე. შედეგები ვერ გაითვალისწინა, ამჩატდა და გონებას წუთიერმა იმპულსებმა სძლია. მართლა მიჭირს რაიმე დასკვნის გამოტანა, როგორ შეიძლება ეს ორი დალაგდეს, თუნდაც ცალ-ცალკე. ორივემ დიდი დარტმა მიიღო ცხოვრებისგან.

 


№26 სტუმარი სტუმარი ნელი

მომწონს ლიტას მოქმედება, ზუსტად და ზუსტ დროს გახსნა კვანძი.

 


№27  offline მოდერი თამარი აჩბა

Melice, პირველ რიგში მოგესალმები და გამოვხატავ ჩემს დადებით განწყობას შენსა და შენი ნაშრომის მიმართ. ♥️♥️

ახლა რაც შეეხება ლიტას... ვიდრე ამ ნაბიჯს გადაგამდა მას გარკვევით უწერია, რატომ აკეთებს. არამგონია ეს შურისძიება იყოს ( ყოველშემთხვევაში მე ასე მომეჩვენა) უბრალოდ მას არ უნდა წყლის ზედაპირზე დიდხანს ტივტივი და ძალების ვერ პოვნა ნაპირისკენ გასაცურად. არ უნდა ზურგი დაულპეს, რადგან ერთი პატარა ლპობაც კი ელვის სისწრაფით მოედება მის სხეულს და აუცილებლად ფსკერისკენ გააქანებს მასთან ერთად საბასა და მათ სიყვარულსაც... მან ყველაზე დიდი გამოცდა მოუწყო მათ ურთიერთობას და მიუხედავად იმისა რომ ცოტა არ მესიამოვნა მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ეს აუცილებელიც კი იყო. მათ ურთიერთობას არანირი მომავალი არ ექნებოდა (და თუ რამე ექნებოდათ ესეც აუცილებლად არასრულფასოვანი ) თუ ყველა კარტი არ გაიხსნებოდა, ყოვლელთვის ამ " დაფარული წარსულის" ჩრდილქვეშ იქნებოდნენ და წინ ვერ წავიდოდნე. ეს წარსული კი ისევე ეკუთვნოდა საბასა და ლიტას, როგორც ზურასა და ლიას. ასე, რომ გმჟღავნებაზეც დიდად სადაო არაფერია...ახლა გამოჩნდება, რამდენად მყარია მათი გრძნობა. ახლა გამოჩნდება თუ შეუძლიათ დახურონ ძველი ფურცელი და გადაშალონ ახალაი. ახლა ბეწვის ხიდს გადიან... შენც მათთან ერთად :)

Melice, მე მჯერა შენი!
გთხოვ, წერე ის, რაც გინდა, რომ წერო !
და მეც წავიკითხავ იმას, რასაც და როგორც შენ დაწერ...
მადლობა ! ♥️ ♥️

 


№28 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს დადებ?

 


№29  offline წევრი Melice

თამარი აჩბა
Melice, პირველ რიგში მოგესალმები და გამოვხატავ ჩემს დადებით განწყობას შენსა და შენი ნაშრომის მიმართ. ♥️♥️

ახლა რაც შეეხება ლიტას... ვიდრე ამ ნაბიჯს გადაგამდა მას გარკვევით უწერია, რატომ აკეთებს. არამგონია ეს შურისძიება იყოს ( ყოველშემთხვევაში მე ასე მომეჩვენა) უბრალოდ მას არ უნდა წყლის ზედაპირზე დიდხანს ტივტივი და ძალების ვერ პოვნა ნაპირისკენ გასაცურად. არ უნდა ზურგი დაულპეს, რადგან ერთი პატარა ლპობაც კი ელვის სისწრაფით მოედება მის სხეულს და აუცილებლად ფსკერისკენ გააქანებს მასთან ერთად საბასა და მათ სიყვარულსაც... მან ყველაზე დიდი გამოცდა მოუწყო მათ ურთიერთობას და მიუხედავად იმისა რომ ცოტა არ მესიამოვნა მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ეს აუცილებელიც კი იყო. მათ ურთიერთობას არანირი მომავალი არ ექნებოდა (და თუ რამე ექნებოდათ ესეც აუცილებლად არასრულფასოვანი ) თუ ყველა კარტი არ გაიხსნებოდა, ყოვლელთვის ამ " დაფარული წარსულის" ჩრდილქვეშ იქნებოდნენ და წინ ვერ წავიდოდნე. ეს წარსული კი ისევე ეკუთვნოდა საბასა და ლიტას, როგორც ზურასა და ლიას. ასე, რომ გმჟღავნებაზეც დიდად სადაო არაფერია...ახლა გამოჩნდება, რამდენად მყარია მათი გრძნობა. ახლა გამოჩნდება თუ შეუძლიათ დახურონ ძველი ფურცელი და გადაშალონ ახალაი. ახლა ბეწვის ხიდს გადიან... შენც მათთან ერთად :)

Melice, მე მჯერა შენი!
გთხოვ, წერე ის, რაც გინდა, რომ წერო !
და მეც წავიკითხავ იმას, რასაც და როგორც შენ დაწერ...
მადლობა ! ♥️ ♥️

გმადლობ ❣️
ისტორია თავებად იდება და მესმის, რთულია ელოდო რაღაც კონრეტულის შემდეგ რა მოხდება. ამიტომაც გამოითქმის ამდენი ვარაუდი და მოსაზრება. თუმცა სანამ დავიწყებდი უკვე ვიცოდი განვითარება და დასასრული, შესაბამისად მაინც ისე დავწერ, როგორც ვაპირებდი.

მიხარია, რომ გესმით და მომყვებით ❤️

სტუმარი მარი
დღეს დადებ?

დღეს ვერაფრით მოვასწრებ სამწუხაროდ. 6 საათზე მეტს სწავლას ვუთმობ. სახლში როგორც კი მივალ დავიწყებ, ხვალ დაიდება აუცილებლად ❤️

 


№30  offline წევრი ვიპნი

მძიმე თავი იყო ძალიან, ეს ამბავი აუცილებლად უნდა თქმულიყო ,მაგრამ არასწორი სიტუაცია შეარჩია. შურისძიება ბოლოს ისევ საკუთარ თავს განადგურებინებს,საბას ვერ აპატია ,მაგრამ ტკივილმა იგივე კი არა იმაზე დიდი შეცდომა ჩაადენინა,ერთს ეწერა ვწყვეტ მოთხრობის კითხვასო,ახლა კი არ უნდა დაიწყო კითხვის მიტოვება ,პირიქით აწი იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი ამ მოთხრობაში.ძალიან მაინტერესებს როგორ შემოაბრუნებ ყველაფერს,როგორ მოიქცევა ზურა(მარინა რა ჯიგარი ქალი ყოფილა),თვითონ ლიტა.საბაზე მეტად ლიტას ტკივილი მაწუხებს .წარმატებები და გელოდები დიდი მოლოდინით ❣️❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent