ფშაური კაფია [თავი 9]
უსაშველოდ გაიწელა გზა მათურადან მაღაროსკარისკენ. ბრაზისგან კანკალებდა ლექსო, გული უდუღდა. -ლექსო, დამშვიდდი, გთხოვ. ნერვიულობით ვერაფერს იზამ. -არ შემიძლია, გიო დამშვიდება. როგორ დავმშვიდდე, როცა ვიცი ნინო ახლა რა დღეშიც იქნება. -ნინო ძლიერი გოგოა, ძმაო. მთის ქალია, ბევრი გადაუტანიათ აქაურებს. სირთულეები ასე იოლად ვერ დაჯაბნიან. -უბრალოდ ვგიჟდები, გესმის, თვალწინ მიდგება მისი ცრემლიანი მზერა და ვგიჟდები. ხალხის თვალწინ ასეთი საზიზღრობა როგორ დასწამა საყვარელ ქალს, თუ მართლა უყვარს, ან მის ოჯახს?! როგორი ადამიანი უნდა იყო ეს რომ იკადრო, როგორი ზნედაცემული?! -გაფრთხილებდი, მაგრამ არ დამიჯერე. გეუბნებოდი, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი-მეთქი. ახლა ვეღარაფერს შეცვლი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ზურასა და მინდიას ნდობა არ დაკარგო. -რატომ, რატომ უნდა დავკარგო? გიო, არ მესმის რა ჩავიდინე ცუდი? დავაშავე რაიმე ნინო რომ შემიყვარდა?! - ლექსო, აქეთ რომ მოდიოდი გაფრთხილებდი. გითხარი, რომ აქაური წესები, ტრადიციები განსხვავებულია, ერთი შეხედვით მკაცრი, თუმცა სამართლიანი. შეიძლება ახლა ზედმიწევნით აღარ მიყვებიან უწინდელ ადათებს, თუმცა ღირსებისა და უღირსობის საპირწონე ისევ იმგვარია, უცვლელი. ერთი ფეხის წამოკვრას არ გაპატიებენ და არც ერთ მისხალ ადამიანობას, კაცობას დატოვებენ შეუმჩნეველს, შეუფასებელსა და აუწონავს. -ჰოდა, არ მესმის, შენ ამიხსენი რა ჩავიდინე ცუდი, რა საბაბი მივეცი იმ არაკაცს, რომ ნინოს სახელი უდიერად წამოეძახებინა. ზურასი მრცხვენია ოღონდ ჩემი სიყვარულის გამო არა, იმის გამო რომ იქ, იმდენი ხალხის წინ თავი უხერხულად ვაგრძნობინე მას, დეიდა თამარს, მინდიას და რაც მთავარია ნინოს. - არ იყო თქვენი დღევანდელი საქციელი სწორი, უნდა მორიდებოდით ხალხის თვალს ლექსო. ოჯახი გოგოს განდობს, მარტოკას გამოგაყოლებს, ეს ბევრს ნიშნავს და უნდა გაამართლო მისი ნდობა, მის სახელს უნდა გაუფრთხილდე. მესმის, უცხოა შენთვის ასე ყოველი ნაბიჯის ზომვა, შეყვარებული ხარ, გული სხვანაირად გიცემს, მოუთმენლობით ხარ შეპყრობილი, ალბათ ნინოც ასეა, მაგრამ შეცდომებს შეცდომებზე უშვებ. ჯერ იყო ორიოდე დღის გაცნობილ გოგოს თავისსავე სახლში ურცხვად მიეჭერი ისე რომ არც კი გიფიქრია ვინმე თვალს შეგასწრებდა თუ არა, მერე იყო და სასტუმროში ხოსიაური სასიკვდილოდ სცემე ისე რომ არც მინდია და არც ზურა ჩაგიყენებია საქმის კურსში. ამ ხალხს თავზე გადააჭერი, შენ არ ხარ ნინოს პატრონი ლექსო, მისი ღირსების დაცვა უპირველესად მამისა და ძმის მოვალეობაა. -არ მინდოდა ნინოს ენერვიულა, ეშინოდა მინდია გაიგებსო ამ ამბავს და.. -და რა? ვერ გაიგო? გაიგო და თან ყველაზე ცუდ სიტუაციაში. რა გგონია რას იფიქრებენ უძილაურზე ბიჭები, თუგინდ ხოსიაური, მისი მეგობრები. მინდიას კაცობის საქმეა ეს - შენ ორი დღის ჩამოსული მისი დის ღირსებას იცავ და კარგია რომ ამას აკეთებ, მაგრამ თავად? ნუთუ ვერ ხვდები, რომ ნებისმიერის თავმოყვარეობის საკითხია, მით უფრო მთის კაცის. თან რა ქენი?! ხოსიაურის ცემის ამბავი გაიგო და გკითხა, გკითხა თუ არა?! შენ კი მოატყუე, უთხარი მიხაობაზე რომ ვცემე ეგ ამბავი ვერ მოინელა, ისევ მაგაზე შევკამათდითო. არადა რამდენი გეხვეწე... - ვიცი, არა ვარ მართალი, მაგრამ არ მეგონა თუ ხოსიაური ასეთ სიმდაბლეს იკადრებდა, არ მეგონა თუ თავად ჩააწვეთებდა უძილაურებს მისი სიგლახის ამბავს. მეგონა შერცხვებოდა, მეგონა ხმა არ ექნებოდა ამოსაღები. რა მაგ ნაბიჭვარზე არ მოქმედებს ეგ თქვენი ღირსების კანონი? - თქვენი არა, ლექსო. ჩვენი ღირსების კანონია ეს. შენც აქაური სისხლი გიჩქეფს ძარღვებში, მამაშენს რომ დასცლოდა შენი გაზრდა, ახლა ბევრად სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ ზურაც ხვდება ამ ამბავს, და მისი დღევანდელი სიტყვაც ამის მოწმობაა. ხოსიაურზე კი აბა რა გითხრა... მთას თავისი სიტკბოცა აქვს და სიმწარეც, აქ ან ვაჟკაცებად, გმირებად იბადებიან, ან უკიდურეს ნაძირლებად, მოღალატეებად იქცევიან ბიჭები. ალბათ იმიტომ, რომ კაცობის მსაზღვრელი თამასა მეტისმეტად მაღალია, ბევრთათვის ხელშეუხებელი; ამიტომაა, რომ ამ უწვდომელი ღირსების გამო მათთვის დაცემა ბევრად იოლი ხდება, ვიდრე საკუთარ თავზე ამაღლება. დღევანდელ დღემდე, აქაურთა ცნობიერება ჯერ კიდევ იღრევს პირველყოფილ კანონებს, წარმართული, თემური სამართლიანობის განცდას; აქ მხოლოდ კაცთმოყვარეობას, მორალს და შემწყნარებლობას ვერ შეხვდები. მკაცრია მთა, სასტიკი, შეუბრალებელი - ყვავილ-ბალახთა რბილ ხალიჩებზეც დააბიჯებენ და კლდე-ჭიუხებს, ქარაფებს შორისაც იკვლევენ სავალს. მართალია, ეს მხარე ზრდიდა ზვიადაურებსა და ქეთელაურებს; ისევ იქნებიან მიხა ხელაშვილის მსგავსი გმირები, მაგრამ ნურასდროს დაივიწყებ იმასაც, რომ ამ მთათა კალთები ისევ გამოკვებავენ გარსევანიშვილებსა და მარცვალაშვილებს - მკვლელებსა და გარეწრებს, რომელთათვის არც ძმობის ფიც-ვერცხლი ნიშნავს რაიმეს, არც სამშობლო, არც ადამიანური ვალი და ღირსება. - ლექსო, თუ გინდა დაუბრუნდე შენი მამა-პაპის მხარეს, აქ დაფუძნდე, ისევ ამ მიწის ნაწილად იგრძნო თავი, უნდა ისწავლო სხვების მოსმენა, საკუთარი შეცდომების გააზრება, ბოდიშიც უნდა მოიხადო, გაფრთხილდე. ამ მიწის თესლი ხარ, აქ აღმოცენებული, თუმცა უცხო ყამირზე გადარგული და გაუცხოებული. - რა მეთქმის ძმაო, მსაყვედურობ და მართალიც ხარ, მაგრამ მერწმუნე მხოლოდ ნინოზე ვფიქრობ. კარგად იცი, დღესაც ვერ მომინელებია ჩემი მაშინდელი ურცხვი საქციელი; გეფიცები წამი არ ყოფილა მასზე არ მეფიქროს. არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც მას არ ენდომება, რაც... -ვიცი ლექსო, მაგრამ ნინოსთვისაც ისევეა რთული თითოეული ნაბიჯის ზომვა, როგორც შენთვის; იგი ქალია, თან შეყვარებული ქალი. ეს დღეს ყველამ დავინახეთ, ეს მის მზერაში ჩანდა; მისი გამოწვდილი ხელი, მისი ჩახუტება უცხოთათვის ყველაფრის მთქმელია. დათამაც დაინახა და მიხვდა, მიხვდა რომ დაკარგული ჰყავს სამუდამოდ. ამიტომაც გამწარდა, შხამმა, ბალღამმა მოუწამლა სისხლი. ხომ იცი, შეყვარებული გული სუსტია და დაუცველი, ბევრად იოლია ასეთ გულს სიძულვილი, ღვარძლი შეეპაროს. აკი შეეპარა კიდეც, დაეცა, დამდაბლდა, უკადრებელი იკადრა. ამიტომაც, ნუ გიკვირს... ნუღარაფერი გაგიკვირდება მისგან, უბრალოდ უნდა გაფრთხილდე, გაფრთხილდე და ელოდო. მისი საქციელი მის ღირსებას აწონის, შენი კი შენსას. ჩაკიდა თავი ლექსომ, მეგობარს ახედა. -რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე უძილაურებთან? - სიმართლე თქვი, რა შეგეშალა და რატომ. თავს სიყვარულით ნუ გაიმართლებ, რადგან ადამიანისათვის სწორედ სიყვარულია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ჰოდა, აგე პასუხი შენს საქციელზე. დანარჩენს ზურა განსჯის, მას შვილივით უყვარხარ. მიგიხვდება შენი საქციელის მიზეზს, შენს გულს მიუხვდება. - და კიდევ.. არ დაივიწყო, რაც უნდა მოხდეს, რა შეცდომაც არ უნდა დაუშვა მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები! -მადლობა, გიო, მადლობა. ვნანობ, რომ არ დაგიჯერე, ვიცი, იმ დღეს სასტუმროშივე უნდა მეთქვა გულწრფელად ყველაფერი ორივესათვის. ჩხუბზეც უნდა მეთქვა და იმაზეც, ნინოს მიმართ გულგრილი რომ არ ვიყავი. - ძმაო, შეცდომები იმისთვისაა რომ ვისწავლოთ. მეგობრები კი იმისთვისა ვართ, რომ ვაპატიოთ, გვიყვარდეს და გვერდით ვედგეთ. - ნინომაც ეგრე მითხრა, როცა ვკითხე ასე იოლად როგორ მაპატიე იმ ღამის ინცინდენტი-მეთქი? სადაც სიყვარულია იქ რა ესაქმება უსაგნო სიამაყეს და ამპარტავნებასო. ნუთუ მართლა? ნუთუ მართლა მიტევებაა სიყვარული გიო?! სევდიანად გაუღიმა ხელაშვილმა თადიაურს, სიყვარულით აუჩეჩა თმები. - მართლია ეგ გოგო თავისტკივილად გვექცა, მაგრამ ღირს ძმაო, ვაი რომ ღირს... უკვე გვიანი საღამო იდგა მაღაროსკარში რომ ჩავიდნენ. ხელაშვილმა დაიძახა. ზურა მისაღებში შეუძღვა მეგობრებს. გვიანი აპრილი იყო, თუმცა მთებზე ნისლი ჩამოწოლილიყო, წვრილად ცრიდა, ციოდა. ლექსომ სათითაოდ მოავლო მზერა ანთებულ ბუხართან მიმსხდარ უძილაურებს - თამარი უხერხულად იფშვნეტდა ხელებს, მინდია ბრაზისგან ერთიანად აწითლებულიყო, ნინოს თავი ჩაეხარა, კალთაზე ელაგა ფერწასული მტევნები. სამაგიეროდ ზურა ინარჩუნებდა სიმშვიდეს, წარბიც არ შეუხრია ბიჭები ისე მიიხმო ცეცხლთან, თამარს მიუბრუნდა: -წადი თამარ, სტუმრებს მოცვის ჩაი მოუმზადე, შეციებულები იქნებიან. ვეჭვობ საუბარი გაგვირძელდება. - ახლავე, შენც წამოდი შვილო, დამეხმარე - მიმართა დედამ ქალიშვილს -არა, ნინო დარჩება - მძიმედ წარმოთქვა უძილაურმა და თამარი გავიდა თუ არა ლექსოს მიმართა: - რამდენია ხანია ეს ყველაფერი ხდება? - პირველი დღიდან, ფშავში ამოსვლის დღიდან, პირველი ნახვიდან. - ნინო, შენ რამდენი ხანია რაც იცი? - მაშინ სასტუმროში... - წამოიწყო ლექსომ -ჩემს შვილს ვეკითხები! ნინო შვილო, რამდენი ხანია რაც ლექსოს გრძნობების შესახებ იცი? - მეც მაშინვე, პირველივე დღიდან მივხვდი, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული. მერე, იქ სასტუმროში, ხოსიაურისგან რომ გადამარჩინა, მაშინ... გეფიცები მამა, ცუდი არაფერი უთქვამს, უკადრისად არ მოქცეულა. - და შენ? შენ რას ფიქრობ? გიყვარს? ქალს სახე აუხურდა, კაბის კალთებს ჩაეჭიდა. -მიყვარს - ამოილაპარაკა წყნარად, ლექსოს შეხედა. თვალებით ჭამდა ბიჭი, თავი დახარა. -ხოსიაურთან რაღა მოხდა? - შევამჩნიე ნინოს რომ გაჰყვა, გავედევნე, მოტაცება უნდოდა - უპასუხა ლექსომ - და არც კი გიფიქრია ნინოს ძმისთვის, ან მამისათვის რაიმე გეთქვა? შენ რაღას მიკეთებდი მინდია? - ახლა შვილს მიმართა ზურამ. -ვერც კი შევნიშნე. ის იყო შევამჩნიე ნინოს არ ყოფნა, მაშინ მითხრა თადიაურმა სიცხე აქვსო. იდიოტი ვარ, არაფერი მიეჭვია - გამოსცა გამწარებულმა მინდიამ -შენ გიო? - მე რომ ვნახე უკვე ნაცემი ჰყავდა, დათას ძმაკაცები გავიყვანეთ და გავატანეთ, უგონოდ იყო. - რომ გავიგე ხოსიაურის ცემის ამბავი ვკითხე, ვკითხე ამ უნამუსოს, და უსირცხვილოდ მომატყუა - აყვირდა მინდია - რა უფლებით? ვინ მიგდიხარ ჩემს ზურგს უკან საქმეებს რომ ხლართავ, რა უფლება გაქვს რომ დარბიხარ და საქმეებს არჩევ? - არაფერი გამირჩევია - წყნარად გაეპასუხა ლექსო - სტკენდა ნინოს, შეაშინა, ბოდიში რომ უფლებებზე არ მიფიქრია. -მერე რაღატომ გაჩუმდი? თუ ხვდები მაინც რა აფიქრებინე ხოასიაურს, მის ძმაკაცებს, ხვდები რომ კითხვისქვეშ დააყენე ჯერ ჩვენი კაცობა, მერე ნინოს ღირსება? - ამოიბრდღვინა ზურამ - ვხვდები, ახლაღა ვხვდები, დამიჯერეთ ძალიან მრცხვენია, საშინლად განვიცდი. არავინ და არაფერია ჩემთვის ნინოზე ძვირფასი, არასოდეს, არასოდეს გავაკეთებ რაიმეს მას რომ ვაწყენინო - ამოთქვა გულდამდუღრულმა - რაღა დროსია, უკვე გააკეთე, თან ისეთი გააკეთე ხოსიაურთან ხმა აღარ ამომეღება. გირჩევნია აღარსად გადამეყარო, იცოდე დღევანდელივით მრთელი ვეღარ გადამირჩები - ავად დაიღრინა უმცროსმა უძილაურმა - ჩემი ბრალია -ამოიტირა ნინომ - ჩემი ბრალია, მე ვთხოვე შენთვის არაფერი ეთქვა. შემეშინდა, შემეშინდა, რომ რაიმე უბედურებას გადაეყრებოდი - და ახლა, ახლა გოგო, ახლა როგორ გგონია ასე მშვიდად ვიჯდები და ვუყურებ ორი ნაძირალა ჩემი დის გამო როგორ ძიძგილაობს? - იყვირა წარბები შეკრა ლექსომ, დაიძაბა, ვერ აიტანა ქალის მისამართით აწეული ხმა, მისი მდუღარე ცრემლები. - არავინ არავის გამო არ აპირებს ძიძგილაობას. ნინო არაფერ შუაშია, მე შევცდი, ძალიან შემეშელა, იმ დღესვე უნდა მეთქვა, არ უნდა დამემალა მომხდარი, მაგრამ... - ამოიოხრა - მე მიყვარს ნინო, მასაც ვუყვარვარ. სიტყვას გაძლევთ გავუფრთხილდები, გთხოვთ - ახლა უფროს უძილაურს მიუბრუნდა თადიაური - თუ გინდათ ქორწილს ნუ ვიჩქარებთ, დავნიშნავ. - არავითარ შემთხვევაში, მე ამ უნამუსოს ჩემს დას არ გავაყოლებ, არც ჩემს შერცხვენას ვაპატიებ... - მინდია, გაჩუმდი - გააწყვეტინა ზურამ - ცოტა ხნით გადით, მარტო დამტოვეთ ლექსოსთან. -მიდი შვილო, მიდი და ნუ ტირი - თვალებით გააცილა ქალიშვილი, თავი დაუქნია გაავებულ მინდიასა და ხელაშვილს, თავჩახრილ ლექსოს გახედა. - იცი მე და მამაშენმა როგორ გავიცანით ერთმანეთი? -მეგონა ფშავიდან იცნობდით ერთმანეთს. -მათურა ჩემი დედულეთია, იქ ავდიოდი ხოლმე, მამაშენიც ყოველ ზაფხულს ბებო-პაპას სტუმრობდა. ერთხელაც თამარის ძმებმა ლამის სასიკვდილოდ დამდეს, მამაშენი გამომესარჩლა. ორივე მაგრად მიგვბეგვეს, თუმცა არც ზურაბაულებს დავაკელით. ის დღე იყო და აღარც მოვშორებივართ ერთმანეთს. ცხრა კლასის დამთავრების მერე თბილისში გადავედი, სკოლაში, მერე ინსტიტუტშიც ერთად დავდიოდით. მამაშენმა დედაშენი რომ მოიტაცა, აქ ამოიყვანა, ჩვენთან. ჯერ მინდია გაჩნდა, ერთი წლის მერე კი შენ დაიბადე. 1992 წელი იყო, იმხელა თოვლი მოვიდა გზა ძვლივს გავკვალეთ საყდრამდე მინდია რომ მოგვენათლა. ისე მწყდებოდა გული გაბრიელი რომ ვერ ამოვიდა.. მერე იყო და შენს ნათლობასაც თოვლი დაესწრო, გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა ნათელ-მირონობა. ბედი იყო... ალბათ ასე უნდა დავნათესავებულიყავით. -იმ დღეს სუფრაზე ნინოსკენ მიმართულმა შენმა მზერამ მიიქცია ჩემი ყურადღება, მაშინვე გიცანი, იმასაც მივხვდი გულში რომ ჩაგივარდა. ჰო, ვერაფრით გამომაპარე - ჩაიღიმა - ვიცნობ ჩემს შვილს რახან შეგიყვარა ბოლომდე გიერთგულებს. ჰოდა, მე რა უფლება მაქვს წინ გადაგიდგეთ?! -გპირდებით აღარ გაგიცრუებთ იმედს, თვალისჩინივით გავუფრთხილდები. -ვიცი, მჯერა შენი. მჯერა, რომ მამაშენივით ვაჟკაცი ხარ, ღირსეული, თუმცა რაც ჩაიდინე არ იყო სწორი საქციელი. მინდია ფიცხია, მაგრამ ამჯერად შენთან მართალია. მე ჩემის მხრიდან გპატიობ, თუმცა მინდიას პირით ვერაფერს გეტყვი, მისი პატიება შენ თვითონ უნდა დაიმსახურო, თუ საჭირო გახდა ერთი-ორი მუშტიც უნდა მოითმინო - გაიცინა - რაც შეეხება ქორწინებას და ნიშნობას.. ჯერ მინდიასთან მოაგვარე. მე გენდობით, ურთიერთობას არ დაგიშლით, უკეთ გაიცანით ერთმანეთი. -ყველაფერს გამოვასწორებ, ყველაფერს ვიზამ და მინდიას ჩემკენ შემოვაბრუნებ. - ნეტავ მამაშენი გხედავდეს ასე გაზრდილს, დავაჟკაცებულს - სიყვარულით შეხედა ზურამ, გადაეხვია, ბეჭზე ძლიერად დაჰკრა მარჯვენა. - ახლა კი უნდა მაპატიო, უწინდებურად ვეღარ გიმასპინძლებ, მინდია სულ გადაირევა. ლამაზიც არაა შეყვარებულების ერთ ჭერ-ქვეშ ძილი. - არ იდარდოთ, ერთხანს სასტუმროში დავჩებით მე და ხელაშვილი, მერე კი საკუთარი სახლის მშენებლობასაც დავიწყებ, დროა უკვე - გაიბადრა თადიაური - სხვა გზა არცა გაქვს. ვიცნობ ნინოს, არ გამოგყვება თბილისში, მეც ვერ მოვშორდები შვილსა და შვილიშვილებს - გაიცინა - ჰო, ხვალ ფხოვში გამოიარე იცოდე, არ დაგავიწყდეს. ფერმის შენება დაიწყეს ბიჭებმა, ის შენი გერმანელებიც წამოიყვანე. -აუცილებლად - თავი მონდომებით დაუქნია გახარებულმა, გულს დარდი გადაეყარა. მერე ხელაშვილს გასძახა, ნინოს მზერით დაემშვიდობა და გულდადებული გაემართა სასტუმროსაკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.