ნანო #დასასრული
ტელეფონი წკრიალებდა. ნანო ზედ დასჩერებოდა ეკრანს იქამდე და ზარი რომ შემოვიდა, გული აუფრთხიალდა. გიგა ურეკავდა. როგორც კი ცა ოდნავ განათდა, მაშინვე თავი წამოჰყო ბალიშიდან. იცოდა, რომ ადრე იღვიძებდა ბიჭი და ყველა წუთს ელოდა მის ზარს. - დილამშვიდობის, ნიშნიანიძე. - მისალმება დაასწრო. - დილამშვიდობის, ნანო. რამდენ ხანს მელოდი? - მაშინვე სიცილით იკითხა გიგამ. მშვენივრად იცოდა გოგოს მოუთმენლობის ამბავი და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ქანთარია ოთახში წინ და უკან დადიოდა მის ლოდინში. - რა საზიზღარი ადამიანი ხარ! - ნაწყენი ხმა ჰქონდა ნანოს. - ნეტამც, სულ არ დაგერეკა. გამიფუჭდა განწყობა. უტაქტო! - წამშივე აფეთქდა და სალანძღავი სიტყვების კორიანტელი დააყარა ბიჭს. - მორჩი ახლა, რა იყო? ვიცოდი, რომ მელოდი. დანაშაულია, თუ აღიარებ? - დანაშაული ისაა, ღმერთმა შენი თავი რომ გადამყარა. - ამოიბურდღუნა ქანთარიამ. - ჩშშ, გეყოფა, ნუ ბრაზდები, გეხუმრე უბრალოდ. მაპატიე, კარგი? - გულწრფელად სთხოვდა პატიებას გიგა. იცოდა გოგოს ბავშვური ხასიათის ამბავი. ასე რომ არ ეთქვა, უფრო უარესად შემოელანძღებოდა ნანოს. - კარგი, ჰო. სხვათა შორის, იმაში ცუდი არაფერია რომ ერთი ადამიანი მეორეს ელოდება. - ამ ლოდინზე ფიქრით არ დამიძინია გუშინ, ნანო. - მართლა? მეგონა, ხვრინავდი. - აჰა, შენც კარგად გამოგდის ხასიათის გაფუჭება. - გეხუმრე, უჟმურო. მითხარი, რას აკეთებ ახლა? - აივანზე ვარ და ყავას ვსვამ. - შენ გვერდით სხვებსაც აქვთ აივანი? - ინტერესით იკითხა ნანომ. - კი. - მერე გიყურებენ? - არ ვათვალიერებ. - დავიჯერო, არ გესალმებიან? - ნანო, კორპუსია, ხალხი ცხოვრობს, გამარჯობის თქმა ზრდილობაა. რას ჩააცივდი? - ვიკითხე უბრალოდ, რას აყვირდი? - და სად გაიგონე ჩემი ყვირილი? მშვიდად გიხსნი. - მეც მყავს კარის მეზობელი, რომელსაც აივანს ვუყოფ. - ეშმაკურად ჩაეცინა გოგოს. - ეგ რას ნიშნავს? - წამში დასერიოზულდა ნიშნიანიძე. - ეგ იმას ნიშნავს, რომ ხშირად ჩაის ერთად ვსვამთ. - და ჭორაობთ? - რა ვიცი, ბიჭთან საჭორაო თემები დიდად არ გამოიძებნება. ზოგადად ვლაპარაკობთ. - მხრები აიჩეჩა ნანომ. - აჰ, ანუ ბიჭია. კარგი, დღეს გამაცნობ, მოგაკითხავ ახლა. თან დილაა, დილაობით ხომ სვამთ ჩაის, მეც შემოგიერთდებით. - მოიცა, სად მოდიხარ, გიგა? - შენთან. - და ჩემთან რა გინდა? - შენი მეზობელი რომ გამაცნო. - რატომ უნდა გაგაცნო? - გეი ვარ და იქნებ, კი მომეწონოს. - ხმამაღლა გაეცინა ბიჭს. - ნიშნიანიძე! - რა? - იცოდე, ყავას აღარ გაგიკეთებ. - მეზობელს ვეტყვი. - ვინ მეზობელს? - ვისაც აივანს არ ვუყოფ, მაგრამ ზოგჯერ დილაობით ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. - მოსწონხარ? - უცებ იკითხა ქანთარიამ და ტუჩი მოიკვნიტა. - კი. - ჰოდა, დალიე ყავა მაგასთან ერთად. - დავლევ, რა პრობლემაა? მეზობლები ვართ, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, ხომ უნდა ვიცნობდე კარგად, არა? - არ დალიო, კარგი? - ხმა შეეცვალა გოგოს, უცებ მოიწყინა. - მაპატიე, ვიხუმრე მე. შენ მართლა მითხარი? - რა სულელი ხარ, ნანო! როგორ ყველაფრის გჯერა? - მე არავისთან მაქვს საერთო აივანი და არც ჩაის ვსვამ ვინმესთან ერთად დილაობით, სულელურად ვიხუმრე. - ნუ მოიწყინე, მეც გეხუმრე. არავის ვიცნობ, მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს. - აბა, მოვწონვარო? - სულელო, მორჩი ახლა, გეხუმრე - მეთქი, როგორც შენ. - კარგი, ჰო, მაგრამ ცუდი ხუმრობა იყო. - შენიც. - მაშინ ასე აღარ ვეხუმროთ ერთმანეთს, კარგი? - პატარა ბავშვივით იკითხა ნანომ. - ეგრე იყოს. ისე, საყვარლად კი ეჭვიანობ. - გიგა, ნუ მეხუმრები! - ვსო, ჩუმად ვარ, შენ თავს გეფიცები. - ჩემ თავს რატომ იფიცებ? - არ დავიფიცო? - კი. - დაბალი ხმით თქვა ნანომ. შერცხვა, მაგრამ თან ბედნიერებას გრძნობდა. ეს სამი სიტყვა ყველაფრის მთქმელი იყო მისთვის. - ნანო, მოდი, დღეს ადრე არ მივიდეთ კომპანიაში. - მართლა გინდა ეგ? თვალებგაფართოებული გეკითხები თან, იცოდე. - მინდა. - მგონი, უჟმური აღარ ხარ, ან მე მეჩვენება და სხვა გიგა ნიშნიანიძეს ვესაუბრები. - რა მოხდება, თუ ხელს ჩაგკიდებ და ისე შევალთ? - თვალები ამიცრემლდება. - რატომ, ნანო? თუ უნდა იტირო, მაშინ არ მოგკიდებ ხელს. - არა, უჟმურო, ბედნიერებისგან. - მოემზადე, ათზე გამოგივლი. რამდენიმე წუთით დავაგვიანოთ. - მართლა გინდა, რომ ყველას მიესალმო? - შენთან ერთად ყველაფერზე თანახმა ვარ, ნანო. - მადლობა, გიგა. - რისთვის? - იმისთვის, რასაც აკეთებ. - ჩშშ, მიდი, მოემზადე. ზუსტად ათზე შენს კორპუსთან ვიქნები. - კარგი, წავედი, გელოდები, გაკოცე. - უცებ მიაყარა სიტყვები ნანომ. - სულელი ბავშვი! დროებით, ნანო. - სიცილით დაემშვიდობა გიგა და გოგოზე ფიქრში ყავის სმა გააგრძელა. ეუცნაურა სიტყვა “გაკოცე”. მხოლოდ ნანამ იცოდა მისთვის ასე თქმა, როცა ტელეფონზე მოსაკითხად ურეკავდა შვილს და დამშვიდობებისას ყოველთვის ეუბნებოდა. ქანთარია ცოტა ხანს ჩუმად იჯდა. გიგაზე ფიქრობდა. გულში სითბო ეღვრებოდა. გრძნობდა რომ პირველად იაზრებდა სიყვარულის არსს, რომელიც აქამდე მხოლოდ წიგნებში ამოეკითხა. ღიმილი სახიდან არ მოშორებია. ემოციებით იმდენად სავსე იყო, თვალებიც კი უბრწყინავდა. სიხარულით ელოდა დროის გასვლას, რათა მალე ეგრძნო ბიჭის სურნელი, რომელიც თავბრუს ახვევდა და ყოველივეს ავიწყებდა. უნდოდა თვითონ გაებედა მისი ჩახუტება კვლავ, მაგრამ არ იცოდა რამდენად შეძლებდა. არეული მზერით ჩაჰყურებდა ალუბლის მურაბიან ჩაის და ხვდებოდა, რომ მისი ყოველი ფიქრი ნიშნიანიძეს უკავშირდებოდა. უმისოდ ვეღარაფერი წარმოედგინა. იმ უბრალო ეჭვიანობასაც თავისი მუხტი ჰქონდა. მუხტი იმის, რომ შეყვარებული ადამიანის ბუნება მხოლოდ მესაკუთრეობაზეა გადართული და გოგო ფიქრობდა რომ, თუკი გიგა მასზე ეჭვიანობდა, ანუ იმაზე მეტს გრძნობდა, ვიდრე ამას გამოხატავდა. კმაყოფილებაც დასთამაშებდა სახეზე ნანოს. რასაც ამდენი წელი ეძებდა, სულ მცირე დროში იპოვა. ის, ვინც სიყვარულს ეძებს, ყოველთვის პოულობს, რადგან ამ გრძნობის სწამს და სჯერა. უკვე მომზადებულიყო. ფანჯრიდან თვალებს აცეცებდა გარეთ, თან საათს აკვირდებოდა, წამებს ითვლიდა, მართლა ათ საათზე თუ მოვა გიგაო. ორმოცდამეთვრამეტე წამზე კორპუსის წინ მანქანა გაჩერდა. - ოხ, დროის მანიაკი ხარ! მეგონა, დააგვიანებდი, - თავისთვის ჩაილაპარაკა, ფანჯრიდან ხელი დაუქნია გიგას და სახლიდან გამოვიდა. კიბეები გულაჩქარებულმა ჩაირბინა. - ნანო, იცოდე, ეგრევე ნუ დაეცემი მის წინ და მოასმენინებ გულის ხმას. - თავი შეაგულიანა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა მანქანამდე მისვლამდე. ნიშნიანიძე მანქანიდან გადმოვიდა. თვალს არ აშორებდა გოგოს. დღისით, ღამით, დროის ნებისმიერ შუალედში ლამაზი იყო. ნაკლს ვერ პოულობდა მასში. ნანო რომ მასთან მივიდა, წუთიერად დაბნეული იდგა. ვერ გადაწყვიტა ჩახუტებოდა, გადაეკოცნა, თუ რა ექნა. ამ ფიქრის სანაცვლოდ გიგამ თავისკენ მოაწია სუსტი სხეული, მკლავები შემოჰხვია და შუბლზეც აკოცა. - კიდევ რამდენ წუთს დაგლოდებოდი? - თავბრუდახვეულ გოგოს თავზე აკოცა. ქანთარია ჩუმად იდგა. ხმა არც გაუღია, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, თვალებსაც არ ახელდა. - ნანო, შემომხედე. - გაეცინა ბიჭს. - ნუ დამცინი! - კვლავ თვალდახუჭულმა ჩაილაპარაკა. - მრცხვენია... - დაბალი ტონით დაამატა. - ჩემი? - ჰო, ცოტა. აი, ასე ამდენი. - ორ თითს შორის დარჩენილ პატარა სივრცეზე მიანიშნა გოგომ. - რა სულელი ხარ! მოდი აქ, ჩაგიხუტო. - ახლა უფრო მოიმწყვდია მკლავებში ნიშნიანიძემ გულაჩქარებული ქანთარია და ისევ თავზე აკოცა. - გიგა, როგორი ძლიერი მკლავები გაქვს. მე არაფერს გავაფუჭებ არასდროს, თორემ შენი ერთი ხელის მოქნევა და ჩემი სიკვდილი ერთდროული იქნება. - სულელივით გაეცინა გოგოს. თვითონაც მიხვდა, რომ არაფერ შუაში იყო ეს სიტყვები, თუმცა სხვა ვერაფერი მოიგონა. - მართლა ფიქრობ, რომ მე შენზე ხელს ავწევ? - რა დებილური ხუმრობა ვიცი, არ გამომდის. - სულელი ხარ, სულელი! როცა იბნევი, არ იცი როგორ ილაპარაკო სწორად, მაგრამ მაინც გაუჩერებლად ლაპარაკობ. - ფსიქოლოგი ხარ? - ჩაფიქრდა ნანო. - არა. წავედით ახლა, ძალიანაც ნუ დავაგვიანებთ. - პირველად იქცევი ასე, არა? - კი. - ეჰ, რა საოცარი ვინმე ხარ, ნანო, რა! შეუძლებელიც კი შეძელი. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გოგომ. - თავდაჯერებული ენაკვიმატი. - გაეცინა გიგას, სავარძელში მოკალათებულ ნანოს კარი მიუხურა და თვითონ მანქანას შემოუარა, საჭესთან მოთავსდა. მხოლოდ წუთები დასჭირდათ კომპანიამდე მისასვლელად. პარკინგზე დააყენა მანქანა ბიჭმა. - აბა, მზად ხარ? - კითხვის მერე ნანოს თვალებს რომ შეხედა, გოგოს პასუხი აღარც დასჭირვებია, მაშინვე ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად გააგრძელა გზა. დაცვის თანამშრომელიც კი გაკვირვებული იყურებოდა მათკენ. ჯერ იმის გამო, რომ გიგა ადრე არ მოვიდა სამსახურში და დააგვიანა და მერე ამ ჟესტის გამო. თავი დაუკრა კაცმა წყვილს და ბედნიერი დღე უსურვა. - იცოდე, თუ იტირებ, აღარასდროს ჩაგკიდებ ხელს. - წინასწარ გააფრთხილა ქანთარია, რადგან თვალები უკვე ეცრემლებოდა ბედნიერებისგან და ეს მაშინვე შეატყო. - კარგი, ჰო! ნუ მემუქრები, - ამოიქსუტუნა გოგომ და თითებით თვალები შეიმშრალა. - სხვათა შორის, ტირილი კარგია. აბა, ცრემლები რომ ახრჩობთ ადამიანებს, ეგ არის კარგი? - არც ეგ არის კარგი, მაგრამ ადამიანები არ მაინტერესებს და შენ - კი. შენს ცრემლებს ვერ ავიტან. - ჩუმად ვარ, მართლა. - ჩუმად ტირილიც ხომ შეიძლება? - მაშინ ჩუმად ვარ და თან არ ვიტირებ. - გაიკრიჭა ნანო. გიგასაც გაეცინა მის ქცევაზე. კიბეებზე ადიოდნენ და ყველა მათ უყურებდა. ჩუმად ჩურჩულებდნენ თანამშრომლები. ზოგს უხაროდა, ზოგს შურდა, მაგრამ ომარის კაბინეტამდე რომ ააღწია ამ ამბავმა, კაცს თვალებზე სევდიანი ცრემლები მოეძალა, რომელშიც ბედნიერების ნაპერწკალიც კი ერია. გულის ჯიბეში ჩადებული ცოლის სურათი ამოიღო, ერთხანს უყურა მზერაგაშეშებულმა და მერე აკოცა. - ნანა, აი, ის ბედნიერი დღეა, შენ რომ ნატრობდი, - იმხელა ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში, დაუტეველი, წლების ნაგროვი. დიდი მინის კარიდან უყურებდა კიბეებზე ამავალ მოლაპარაკე წყვილს და გული სიხარულით ევსებოდა. - ეჰ, შვილო, ამ სიბერეში უნდა მატირო ამხელა კაცი?! სად იყო აქამდე ეს გოგო, ნეტავ უფრო ადრეც გამოჩენილიყო... - დანანებით გააქნია თავი აქეთ-იქით. ნანოს კაბინეტთან შეჩერდნენ ბოლოს, მეთვრამეტეზე. - დღეს სადღაც უნდა წაგიყვანო და ვიღაც გაჩვენო, საღამოს გავიდეთ. - კაბინეტის კართან კედელზე მიეყრდნო გიგა. - კარგი, მაგრამ ხომ მშვიდობაა? - გაკვირვებულმა იკითხა გოგომ. - კი, რა იყო, არ მენდობი? - გაეცინა ნიშნიანიძეს. - ჰო, აბა, გული მისკდება. მანიაკი არ აღმოჩნდე ბოლოს, მაგას ვდარდობ. - მანიაკი შენ ხარ, შუაღამეს უცხო ადამიანს რომ ურეკავ, ნორმალურია? - ძველი ფაქტი გაახსენა ბიჭმა. - გიგა! - მიყვარს, რომ ბრაზდები. ისეთი თვალები გაქვს, ანთებული, ნაპერწკლებით სავსე, ლამაზი. - მე შევალ, კარგი? სამუშაო მაქვს. - საწყლად ამოიკნავლა ქანთარიამ. - ნუ გამირბიხარ. - არა, უბრალოდ ვწითლდები ვაშლივით და მრცხვენია. მერე დამცინებ. - თვალებს იატაკზე აცეცებდა გოგო. - მე შენ არასდროს დაგცინი, ნანო. - ოხ, ნიშნიანიძე! ან მე ვიქნები, ან შენ. - ორივე რომ ერთად ვიყოთ? - სათქმელი შეაპარა გიგამ. - შენთან ძალიან კარგად ვარ. - გულწრფელი იყო გოგო. თითებს იმტვრევდა. იმას ამბობდა, რაც გულით უნდოდა ეთქვა. სინამდვილეში უფრო მეტის გამოხატვაც სურდა, მაგრამ არ შეეძლო. გულისცემას ისედაც ვერ იწყნარებდა. - მიდი, ნანო. გამოგივლი მერე. - თავზე აკოცა გოგოს და თვითონ კიბეებზე ასვლა განაგრძო. სურნელით გაბრუებულიყო. თავში ათასი აზრი უტრიალებდა, მაგრამ, რაც ნამდვილად იცოდა, ქანთარიას გვერდით ყოფნის სურვილი იყო. -#-#-#-#-#-#- შესვენება იყო. ლიამ ნანოს კაბინეტზე დააკაკუნა და გოგოს თანხმობის შემდეგ შიგნით შევიდა. - გამარჯობა, ქალბატონო ლია. - გაგიმარჯოს, ნანო. როგორაა ჩვენი საქმეები? - მშვენივრად. ყველაფერს მაილზე გიგზავნით, რასაც მავალებთ. - კი, მაგას კი ვნახულობ და კმაყოფილი ვარ. სხვა რამეს გეკითხები. ისეთი ამბავი დაგიტრიალებია კომპანიაში, ყავასთან ერთად კარგი მოსასმენი იქნებოდა. - ღიმილით თქვა ქალმა. უშუალო ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა გოგოსთან. თვითონაც მოხარული იყო გიგას კომუნიკაბელურობით, მით უმეტეს, იცოდა, როგორც გაუხარდებოდა მამამისს ეს. მთელი ცხოვრება ამას ელოდა კაცი. ნანომ დაიმორცხვა. არც ელოდა, თუ მოინდომებდა ლია მასთან საუბარს. - მე... იცით... - ნუ გრცხვენია, გიგა შვილივითაა ჩემთვის. მას რომ ვუყურებ, ჩემი გული ხარობს. შენ ისეთ რაღაცას აკეთებ ყველასთვის, დაუჯერებელს. არავის სჯეროდა, თუ ასე შეიცვლებოდა ჩვენი ბიჭი. იცოდე, რომ ძალიან კარგი ადამიანია. თუ შეგიყვარა, გულით ეყვარები და შენთვის ყველაფერს გააკეთებს. ნურაფერზე ინერვიულებ. ის ყოველთვის გულწრფელობას ითხოვს. შენს თვალებზე კი ამაზე დიდი არაფერი ჩანს. ნანო, ისეთი იყავი, როგორიც ხარ. - მადლობა, ქალბატონო ლია. მე არ მიფიქრია, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. იცით, თქვენთან საუბარი მრცხვენია, მაგრამ მინდა გული გადაგიშალოთ. გიგა საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. მართალია, ცუდი და მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ მასში იმ დოზითაა ადამიანობა, შეუძლებელია ვინმემ ეს ვერ შეამჩნიოს. - თვითონ მოგიყვება ყველაფერს, ჩემო გოგო. მიხვდები, თუ რატომ აქვს ასეთი ხასიათი. რაც დღეს გააკეთა, სასწაულის ტოლფასი იყო. მის თვალებში სიყვარული ჩანს. - თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ! - გაუფრთხილდი მას და შენს თავს. ძვირფასი ადამიანების დაკარგვაზე მტკივნეული ცოტა რამ არის, - ფეხზე წამოდგა ქალი, თბილად გაუღიმა გოგოს. - მე მჯერა შენი, ნანო. შენ ძლიერი გოგო ხარ! ახლა კი წავალ და მარტო დაგტოვებ შენს გულისთქმასთან ერთად. - ყველაფრისთვის მადლობა! - სიტყვები დააწია უკვე კარში მდგარ ლიას. - ყავის დალევა ვერ მოვასწარით. - არა უშავს, მაგაზე ნუ იდარდებ, მერეც მოვასწრებთ. - კარი მოიხურა ქალმა და ქვემოთ სართულებზე დაეშვა, ომარის კაბინეტისკენ ჰქონდა გეზი აღებული. ჩაფიქრებული იჯდა უფროსი ნიშნიანიძე თავის ოთახში. შვილის ბედნიერებით ხარობდა. მისი გულისთვის წამალივით იყო ბიჭის გაბრწყინებული თვალების ცქერა. ფიქრები დაურღვია კარზე კაკუნმა და ლია კაბინეტში შევიდა. - ოჰ, ომარ, გიყურებ და გატყობ, როგორც ხარ. - წინ ჩამოუჯდა კაცს. - ჩემო ლია, შენ ხომ მაინც იცი, როგორ ველოდი მის დაბრუნებას. - ნანო ისეთი გოგოა, მაგას არაფერს გაუჭირვებს. შენ მაგაზე ნუ იდარდებ. - ეგ კი ვიცი, ერთი სული მაქვს, გიგა მოვიდეს მასთან ერთად და ოჯახურად ვისაუბროთ, - ოჯახის ხსენებაზე გაეღიმა კაცს. სულ მალე პატარა ოჯახად უნდა ქცეულიყვნენ ისინი. ყველას ასე უნდოდა, მაგრამ ჯერ ხმამაღლა არავინ საუბრობდა. - ეჰ, ნანა მაინც უყურებდეს ამ ყველაფერს... - ნანამ ყველაფერი იცის, ომარ. - დამამშვიდებელი სიტყვები თქვა ლიამ. ომარსაც გულში მართლა სჯეროდა რომ ნანა მას უსმენდა, გიგასაც უყურებდა და მარტო არც ერთს ტოვებდა. - იცის, იცის... მაგრამ აქ რომ იყოს, ხომ უკეთესი იქნება? - ნუ იდარდებ! შენი ბიჭი ბედნიერია, მთავარი ეს არის. - მართალი ხარ, ლია! თავს დაღვრემის უფლებას არ მივცემ. - აბა, შვილიშვილებისთვისაც მზად უნდა იყო უკვე. - გაეცინა ქალს და ომარი აჰყვა. ბაბუას წოდება მისთვის ნატვრა იყო. -#-#-#-#-#-#- სასაფლაოს გზას მიუყვებოდნენ ხელჩაკიდებულნი. ნანომ იცოდა რამხელა ტკივილის მოსმენაც მოუწევდა. თავს აგულიანებდა, რომ თვითონაც გაენდო გიგასთვის თავისი ტკივილი, რომელიც აქამდე გულს უღრღნიდა და ერთიანად ყველაფრის ამოსახეთქად ემოციურად ემზადებოდა. სიტყვებს ტვინში ალაგებდა, თან გრძნობდა თანდათან როგორ ეყინებოდა ბიჭს ხელი. ეს, ეტყობა, ნერვიულობის ბრალი იყო. - მოვედით, ნანო. გოგო გაშეშებული იდგა. ქალის გაყინულ სახეს მიშტერებოდა. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ დედა-შვილი ერთმანეთს. - ნანა... ლამაზი სახელია ნანა. - ჩუმად თქვა ნანომ და მზერით ანუგეშა ნიშნიანიძე. - ნანა თვითონაც ლამაზია, არა? - ცივ ქვასთან მივიდა და ტუჩები მიაკრო. - ძალიან ლამაზია, ულამაზესი. რა კარგი იქნებოდა, გაცნობა რომ მომესწრო. - ნანა დედაჩემია, ნანო. ჩემი ღმერთი, რომელიც თვალწინ მომიკვდა და რომლის გამოც ჩემ თავს ტრაგედია დატრიალდა. დედას მიჯაჭვული შვილიდან საცოდავ, პატარა ბიჭად ვიქეცი. მომინდა ყველას გავქცეოდი. მამაჩემიც კი მარტო დამეტოვებინა. ეგოისტი გავხდი. არ მინდოდა ადამიანების სახეები დამენახა. კომპანიაშიც ძალდატანებით დავბრუნდი. ყველას თავს ვარიდებდი. მეზიზღებოდა, რომ დედაჩემის სხეული მიწის ქვეშ იყინებოდა და ამ დროს ადამიანები დედამიწის ზედაპირზე დააბიჯებდნენ. განა, ნანაზე უკეთესები არიან? არა! ნანა ერთადერთი იყო, არის და იქნება. მას ვერავინ შეცვლის, ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი. ჩემი მთელი ჩაკეტილობის ისტორია მის სახელს უკავშირდება. აქამდე არავისთან მისაუბრია ასე გულღიად, შენ ხარ პირველი, ვისაც ველაპარაკები, ვინც მინდა ყოველთვის მისმენდეს, ვინც მინდა დამეხმაროს, ვინც მინდა ჩემ გვერდით იყოს და დამაძლევინოს ყველაფერი. შენ ამას ხომ შეძლებ, ნანო? თვალცრემლიანი იდგა ქანთარია. ნიკაპი უკანკალებდა. უყურებდა ადამიანს, რომლის მიმართაც გაჩენილ გრძნობებს მისი გონება და გული სრულად დაეპყროთ და ახლა, როცა ამ საყვარელ ადამიანს რაღაც სტკიოდა, გულზე შემოჭერილ მარწუხებს ცხადად გრძნობდა. არ შეეძლო აეტანა, როგორ სტკიოდა ნიშნიანიძეს და იმის გაფიქრებაც კი პარალიზებულს ხდიდა, რომ მთელი ეს ტკივილი მარტომ გამოიარა ბიჭმა. - შენ უჩემოდ ისედაც ვერ უპოვე ბედნიერებას ათვლის წერტილი და, მით უმეტეს, ახლა არ ვაპირებ ხელი გაგიშვა! - მტკიცე იყო გოგოს სიტყვები. სევდაჩამდგარ თვალებში გიგას ბედნიერების ნაპერწკლები აუკიაფდნენ. - ნანო, შენ თვითონ ხარ ბედნიერება, - გულში ჩაიკრა სუსტი სხეული ნიშნიანიძემ. - ოღონდ არ იტირო, რა. მე ეგ არ შემიძლია. - კარგი, ჰო, - ამოიქსუტუნა გოგომ. - და მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი... - ამოიხვნეშა, მძიმე სუნთქვაც ამოაყოლა. - არც მე ვარ კარგად ზოგჯერ... - ვიცი. რომელი ადამიანი მოინდომებს შუაღამით უცნობთან დარეკვას, თუ ახლოს არ ჰყავს ის, ვისაც შეუძლია ელაპარაკოს? - ჰო, არც არავინ. თუმცა, კარგად გამომდის ამის დამალვა. - თვალებს ვერ გაექცევი, ნანო. - ჩანს? - ჩავთვალოთ, რომ შენ მოგინდა დამენახა. - მშობლები არ მყავს, არც რაიმე ქონება გამაჩნია, ერთ საწყალ ბინაში ქირით ვცხოვრობ, რესტორანში ვმუშაობდი და ამას გარდა კიდევ სად არა. ჩემი ოცნება იყო ჩემი პროფესიით მემუშავა. მიუხედავად ყველაფრისა, სწავლა არ მიმიტოვებია და ჩემი ძალებით ვცდილობდი ყველაფერი მეკეთებინა. სასწაულების ყოველთვის მჯეროდა. ჩემი სასწაული შენს კომპანიაში ფეხის შემოდგმა იყო. - შენ რამდენი გიწვალია, თურმე, - სახეზე თითებით მიეფერა გოგოს გიგა. - და რამდენი მე არ ვიცი? - მერე დასველებულ ქუთუთოებზე აკოცა. - იცი, არც არის გასახსენებელი ჩემი წარსული. მტკენს და არ მინდა. - როგორც შენ იტყვი, ნანო, ისე იქნება. - ტუჩები ტუჩებთან მიუტანა ნიშნიანიძემ. ქანთარიას გულისცემა ესმოდა. ტუჩებით შეეხო და მონაცვლეობით დაუკოცნა. - დედას უნდა ენახა, რომ მიყვარხარ. - ამოილაპარაკა გიგამ და გოგოს აცახცახებული სხეული თავის დიდ მკლავებში მოიმწყვდია. - შენი მკლავები ჩემი თავშესაფარია, შენ ჩემი სიძლიერე ხარ. - თვითონ ხარ სიძლიერე, ნანო! და ჩემი სასწაული. “სასწაულზე” ცრემლები ვეღარ შეიკავა ქანთარიამ. ყოველთვის სჯეროდა, რომ თუკი ვინმე ამ სიტყვებს ოდესმე ეტყოდა, ღმერთის საჩუქარი იქნებოდა ის ადამიანი. და მისმა გულმა ვეღარ გაუძლო იმ ბედნიერებას, რასაც ჰქვია - იყო ადამიანის სასწაული. მგონი, ბედნიერების ათვლა უფრო ამ მომენტიდან იწყებოდა. -#-#-#-#-#-#- ერთი თვე გასულიყო. კომპანიაში კორპორატიულ წვეულებას აწყობდნენ. კობა ადეიშვილთან ხელშეკრულების დადებას კომპანიას წარმატება მოუტანა და შემოსავალი საკმაოდ გაიზარდა. ამასთან, უამრავი პროექტის შეკვეთა მიიღეს და ყველა მათგანი უშეცდომოდ განახორციელეს, რაც ნამდვილად აღსანიშნი ამბავი იყო. ნანოს წითელი კაბა ეცვა, სადა და უბრალო, მუხლს ოდნავ ქვემოთ, ატლასის ნაჭრის, წვრილ ბრეტელებზე. თმები მხრებზე ეფინა. მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა და საყვარელი მამაკაცის გვერდით ადგილს იკავებდა. ეს უკანასკნელი ნერვიულობდა, რადგან ხელის თხოვნას აპირებდა გოგოსთვის და შესაბამის სიტყვებზე ფიქრში ტვინი უდუღდა. ოთახში ყველა თანამშრომელი გამოცხადებულიყო უკლებლივ. ლამაზად შემოსილნი დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. ომარი და ლია ერთად იდგნენ. შორიდან ათვალიერებდნენ სიტუაციას და კმაყოფილი იყვნენ თავიანთი წარმატებით. ომარს უკმაყოფილების მიზეზი არც ჰქონდა. პირიქით, სულმოუთქმელად ელოდა როდის სთხოვდა ხელს გიგა ნანოს. წინასწარ გაანდო მამას ბიჭმა გადაწყვეტილება და ბეჭდის არჩევაშიც კი დაეხმარა შვილს. უკვე კარგად რომ გამხიარულდნენ, გიგა ცენტრისკენ წავიდა და გოგოც თან გაიყოლა. მიკროფონი ითხოვა. - გთხოვთ, რამდენიმე წუთი დამითმოთ. - ხალხი გაჩუმდა. ან ვინ იტყოდა რამეს? პირველად იყო წვეულებაზე ნიშნიანიძე თანამშრომლებთან ერთად. ყველას უხაროდა. - ჩემ გვერდით ჩემი საყვარელი ქალი დგას, - წელზე ხელი შემოჰხვია ქანთარიას და სიყვარულით სავსე მზერით შეხედა. - მინდა ჩემი საყვარელი ქალი ყოველთვის გვერდით მყავდეს, მასთან ერთად ვიძინებდე, ვიღვიძებდე. მინდა მის გაბრწყინებულ თვალებს ვხედავდე. მინდა ყველაზე ბედნიერი ქალი იყოს სამყაროში და ამისთვის მხოლოდ მისი პასუხი მჭირდება, - გულის ჯიბიდან პატარა, წითელი კოლოფი ამოაძვრინა. ნანომ ხელები პირზე აიფარა გაოცებისგან და თვალები მაშინვე აუცრემლდა. გაკვირვებული მზერები სხეულს უწვავდა წყვილს. - ჩემი ცოლი გახდები, ნანო? - მუხლდაჩოქილმა ბეჭდის ყუთი გახსნა და პასუხის მოლოდინში გოგოს მიაჩერდა, რომელსაც უკვე ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები. - კი, კი, კი! თანახმა ვარ! - იყვირა ხმამაღლა ქანთარიამ. ფეხზე წამოაყენა გიგა. ბეჭედი მოარგო ბიჭმა და მერე ერთმანეთს ჩაეხუტნენ. მილოცვების კორიანტელი წამოვიდა. ყველა ბედნიერი იყო. განსაკუთრებით ომარ ნიშნიანიძე, რომელიც სიხარულს გულში ვეღარ იტევდა. - ჩემი სამყარო ხარ, ნანო! - ყურთან დაუჩურჩულა. - მიყვარხარ, ნიშნიანიძე! არ არსებობს, ადამიანმა თავისი წილი ბედნიერება ვერ იპოვოს და უსიყვარულოდ დარჩეს. თითქოს გამოწერილივითაა, რომ რაღაც უზომო ტკივილს განუსაზღვრელი სიხარული მოსდევს და, ვისაც ამის სჯერა, აუცილებლად უხდება კიდეც. სიყვარულია ის, როცა შენი სასწაული გვერდით გყავს და ყველა თავის წილ სასწაულს ოდესმე აუცილებლად იპოვის, თუ უკვე არ იპოვა. ადამიანებს ამის უნდა სჯეროდეთ და სწამდეთ. “უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...”. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.