მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 14)
ცხოვრება გაგრძელდა. ყოველ დილით აივანზე გავდიოდი და იმ ყვავილებს ვრწყავდი, ჩემს არ ყოფნაში დაჩი რომ უვლიდა. ბალახიც კი საგულდაგულოდ გაენადგურებინა თიხის ქოთნებიდან. თათიას მიერ დამზადებული გასაღები, რომელიც ერთგულ მეზობელს ჩავაბარე, ჩამოსვლიდან მეორე დღესვე დამიბრუნა და ჩვენი ვირტუალური მეგობრობა ისევ ცოცხალ რეჟიმში განახლდა. გულის დაწყვეტამდე მომხიბვლელი იყო. შეუძლებელია ასეთი ბიჭის გარემოცვაში გიწევდეს ცხოვრება და კეთილგანწყობის იქით ვერაფერს გრძნობდე. საერთო ვახშამი ტრადიციად გვექცა. ეს უკანასკნელი უმეტესწილად ჩემს სამზარეულოში ხდებოდა. ის თავის კერძს ჩამოიტანდა, მე - ჩემს ნამოქმედარს დავახვედრებდი და ორ სახლში გაბატონებული სიმარტოვე მიტოვებული ბავშვივით იბუსხებოდა. - მარტო რატომ ცხოვრობ? - ვკითხე ერთ დღეს, როცა ჩვეულებისამებრ ვვახშმობდით. - ის უფრო საოცარი იქნებოდა, ოცდასამი წლის ბიჭი მშობლებთან რომ ვცხოვრობდე. - უდარდელად გაიცინა და ქათქათა კბილების წყება გამოაჩინა. - ქართული რეალობისთვის უცხოა, თუმცა მისასალმებელი. - ლამის კვერი დავუკარი. ვახშმის შემდეგ სამზარეულოს მილაგებაშიც დამეხმარა და კუთვნილი თეფშის თანხლებით კარისკენ გაემართა. - ხვალამდე. - ხვალ თათიასთან უნდა წავიდე. - მაშინღა გამახსენდა. - ბინაში მოეწყვნენ და პატარა წვეულება იქნება. - მეგობრის თან წაყვანა შეგიძლია? - არ ვიცი... - მოახერხა და დამაბნია. - გეხუმრე, არ მცალია ხვალ. - სულ ოდნავ გამიღიმა და კიბის საფეხურებს შეუყვა. ჩემთან ერთად წამოსვლა უნდოდა? ეს რაღაც ახალი იყო. თავს ყოველთვის შორს იჭერდა და ბარშიც კი არ დადიოდა იმ დღეებში, როცა ვმუშაობდი. დივნის საზურგესა და კედელს შორის გაჩრილ შუქურას გავხედე. თავი უკან გადაეგდო და შესაშური სიმშვიდით ეძინა. მეც ავიშენე ბარიერები ჩემს ირგვლივ და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. არ მინდოდა დაჩისთან ერთად მივსულიყავი და მცდარი წარმოდგენა შემექმნა. ან, იქნებ ვიცოდი, რომ საბაც იქ იქნებოდა? დაჩისთან ერთად იქ მისვლა ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იქნებოდა. იმედი მქონდა, რომ ეს ცეცხლი ჯერ ისევ ენთო. ბოლოს იმ ღამეს ვნახე, როცა მითხრა, რომ სიყვარული არ შემეძლო. ჰქონდა საფუძველი, მაგრამ ცდებოდა. უცნაური შფოთვა დილიდან შემომიჩნდა და დასამშვიდებლად ისევ აივნის სარწეველა სკამს მივაშურე. ქუჩის ხმაურს ყური დავუგდე და ფსკერზე გართხმულ დედამიწას დავაცქერდი. პეტრიწის ქუჩა არტერიას ჰგავდა. ცხოვრება სისხლივით ჩქეფდა. ვიწრო ქუჩები კაპილარევით უერთდებოდნენ და მასთან მიტანილ სიცოცხლეს უსასყიდლოდ ატანდნენ. თათიასა და ნიკას ახლადნაქირავები ბინა მუხიანის ერთფეროვან კორპუსებში მდებარეობდა. მცირე გაურკვევლობის შემდეგ მივაკვლიე სასურველ მისამართს და სანამ კრემისფერ კარზე დავაკაკუნებდი, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. - ლიტა!.. - თათია კისერზე ჩამომეკიდა და თბილ ატმოსფეროში შემათრია. - რა კარგია გიტარა რომ არ დაგავიწყდა. - ვიცოდი, არ შემომიშვებდი და... - წარბი ავზიდე. ოთახის ოთხკუთხა მაგიდაზე პატარა სუფრა დიდი გულმოდგინებით გაეშალათ. მონდომებით დამათვალიერებინა სამ ოთახში მოქცეული სიმყუდროვე. ნიკა თავიდან ცივად შემხვდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს შორის გაჩრილი ყინული გადნა და გაილია. - რას დალევ? - სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლით სავსე დახლი გამოაღო და ეშმაკურად გამომხედა. - შამპანიურს. - შედარებით მსუბუქ ვერსიაზე შევჯერდი. - მხოლოდ ჩვენ ვიქნებით? - საბაც მოდის, მეგობართან ერთად. - ღიმილი ჯერ სახეზე შეახმა, შემდეგ კი სრულიად აულაგდა. მეგობარი? ჰმ... რატომ ჟღერდა ასე არასასიამოვნოდ? იქნებ, მამრობითი სქესის მეგობარზე იყო საუბარი? ალბათობა გონებაში გამოვიანგარიშე და გული მიმეწურა. ორი კვირის წინ გარკვევით მიმახვედრა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ჩემთვის ვერ დასრულდებოდა ის, რისი თავიდან დაწყებაც მთელი არსებით მსურდა. ნაპრალი უფსკრულად მაშინ იქცა, როდესაც საბამ შავგვრემანი გოგონას თანხლებით შემოაბიჯა. წარბიც კი არ შეუხრია ისე დამიკრა თავი და სამადგილიანი დივნის ზედაპირი თანმხლებს გაუყო. - მე ნინა ვარ. - მხიარულად მომესალმა გოგონა და ღიმილისგან ლოყები მიეჩხვლიტა. - ლიტა... - ბურანიდან ვუპასუხე. თითქოს კოცონიდან დარჩენილ ღადარს ცივი წყალი დაასხეს და მისი სითბოსგან მხოლოდ მწველი კვამლი დარჩა. ნაცრად იქცა... ვეღარასდროს რომ აინთება, ისეთ ნაცრად. როგორც კი ნიკა სამზარეულოდან გამოვიდა, თათია იქ მარტოკა დარჩა და მაშინვე მისკენ გავეშურე. - როდის გაიცანით? - არ ვაპირებდი მასთან უდარედელის როლი მეთამაშა. - ორი დღის წინ, მაგრამ მართლა მეგობრები არიან. - თვალები დაუმრგვალდა. - მეგობრები როდის მერე უფათურებენ ხელებს ერთმანეთს? - მეგონა სისხლი ტვინში ჩამექცეოდა. - მართლა? - გულწრფელად გაოცდა. - ორი დღის წინ მსგავსი არაფერი შემინიშნავს. მაცივარიდან შამპანიურის ორი ბოთლი გამოიყოლე. ჭიქებით ხელში გავიდა და შემაწუხებელი ფიქრების შტორმში დამტოვა. სამიოდე საათი საუკუნესავით გაიწელა. საბა მხოლოდ ცივ, უალკოჰოლო სასმელს სჯერდებოდა, თუმცა ჩვეულებრივზე მეტად მხიარულობდა და არც ნინასთვის გადახვეული ხელის მოშორება უცდია ათ წუთზე მეტხანს. ზედმეტად კარგად ვიცნობდი იმისთვის, რომ მისი სილაღის სიყალბე მთელი სისავსით შემეგრძნო. ასე არასდროს იქცეოდა ჩემთან. ვუყურებდი და მიხაროდა, რომ მის თმას არც ერთხელ შეხებია, რომ მათი თვალები ორ წამზე მეტ ხანს არ ჩერდებოდნენ ერთმანეთთან. ან, იქნებ ეს უბრალოდ ჩემი ილუზია იყო? ვხედავდი იმას, რაც მინდოდა. ჩვენს აწ უკვე დასრულებულ ურთიერთობას ვადარებდი და მათ შორის გაჩრილი გაუცხოება გულუბრყვილო ბავშვივით მიხაროდა. ის ვერ იქნებოდა სხვასთან ისე, როგორც ჩემთან იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ აღარ შეუყვარდებოდა, ცხოვრებას არ გააგრძელებდა, წარსულში არ ჩამტოვებდა იმ ჩაბარებული დამატებითი საგანივით, რომელიც მხოლოდ ქულის მისაღებად აირჩია. - ლიტა, დაგვატკბე შენებურად. - ნიკა უკვე გვარიანად შეზარხოშებულიყო. - მეშინია, ზედმეტი სიტკბოსგან დიაბეტი არ დაგემართოთ. - გაუაზრებლად დავგესლე და გიტარა ჩიხოლისგან გამოვანცალკევე. სავარძელს მივუბრუნდი, განუყრელი ინსტრუმენტი მუხლზე დავიბჯინე და თვალების დახუჭვამდე სულ ერთი წამით შევხედე თვალებს, რომლებიც არც შემდეგ გამქრალან. ორ წყვილს შორის უადგილოდ ამოსული ეკალივით ვიყავი. თითქოს სადღაც მწვერვალზე იყვნენ, მე კი მთის ძირიდან ავცქეროდი და ვეძახდი, მაგრამ ჩემი არ ესმოდათ. „აბა, რას ელოდი ლიტა? წერტილის შემდეგ აღარაფერი გრძელდება...“ - ჩამსისინებდა ქვეცნობიერი და ძლივს დალაგებულ თავშეკავებას ძირს უთხრიდა. აზრმა, რომ მომღერალ ჩიტად დამიბარეს და უნდა მეგალობა, სანამ ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, გონებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თვალები სწრაფად გავახილე და გულისცემამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. - საბაც შესანიშნავად მღერის... - მთელი დარჩენილი ენერგიით გავიღიმე. - თან ადრესატის აქვეა. სულ მე რატომ უნდა ვიმღერო? - მღერი? - ნინამ მტევნები გულზე მიიბჯინა და თვალები მინაბა. - მიდი რა, ერთი სიმღერა. კარგად დამახსოვრებული ღიმილით მივაწოდე გიტარა და სავარძლის საზურგეს შვებით მივენდე. ერთხანს თვალი გამისწორა, მაგრამ ყურადღება მალევე სიმებზე გადაიტანა და მისი თითების შერხევისას გაბნეულ ჰანგებში ისევ ჩემი შექმნილი მელოდია ამოვიცანი. - „ნუ იფიცებ... ნუ ამაყობ... მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ. და შენს ბაგეს, გაუშლელი ვარდის ფერი კვლავ რომ ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. ნათლად ვხედავ, შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა, ნუღარ მალავ... აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა და ჩამქრალა საბოლოოდ ის იმედი, დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად. ნუ იცინი... ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს, ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას, ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას. ნუ იფიცებ... გამძლეობით ნუ ამაყობ, მე შენს ბაგეს, ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს...“ და მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ შემოუხედავს, ვიცოდი, აქ მხოლოდ ჩემი ღიმილი იყო იძულებითი, უადგილო. აქ მხოლოდ მე ვიყავი უადგილო. - მე უნდა დაგტოვოთ... - გიტარა წართმეული იმედივით გამოვგლიჯე და ჩიხოლში მოქნილად ჩავტენე. - ასე ადრე? - თათია წამოდგა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა. - ზეგ გეცლება? - ნიკა მობილურიდან ამოხტა. - რისთვის? - სიღნაღში წავიდეთ სწავლის დაწყებამდე, ძალიან მაგარი იქნება. - მზერა საბასკენ გააპარა და ჩაიღიმა. - ძალიან მაგარი აზრია, მაგრამ ლიტას რომ მეწყვილე არ ეყოლება? - ნინაც წამში აჟიტირდა და უკანასკნელი მშვიდი ნერვი გამიღიზიანა. - შენ გეყოლება? - ცინიკურად გახედა ნიკამ და კითხვით სავსე მზერა ჩემკენ გადმოანაცვლა. - ორი მანქანით წავალთ და შენც წამოიყვანე ვინმე, მეგობარი. - სიყვარულის ქალაქში უბრალოდ მეგობრები არ მიჰყავთ. - საბა ნინას მარწუხებს დაეხსნა და წამოდგა. - ჩვენც წავალთ, გვიანია უკვე... - ბარემ ლიტაც გაიყოლე, ერთ უბანში ცხოვრობთ. - ისე თქვა ნიკამ, თითქოს რაღაც წინასწარ გაუწერელ სპექტაკლს ვდგამდით. ყველამ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ გვერჩივნა ჩვენი სათქმელი სხვას გაეჟღერებინა. - არ არის საჭირო, ტაქსით გავალ. - გიტარა მხარზე შემოვიგდე და გული დაჭერილი ჩიტივით ამიფართხალდა. - ერთ გზაზე ვართ. - ნინა საბას მიეტუზა და ისე შემომხედა, როგორც ბედნიერი უყურებს უბედურს. რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე ნაცნობი მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი და წინ მსხდომების განცალკევებულ ხელებს ვასტერდებოდი. მეშინოდა, რომ ხელს ჩაკიდებდა... ეს ყველაზე მწარე შურისძიება იყო. საბა გამუდმებით გარბოდა და ვინატრე, რომ ამჯერადაც წასულიყო. ის საერთო სივრცე, სადაც ერთად ყოფნა მოგვიწევდა, ჩემთვის ზედმეტად სავსე იყო და ვგრძნობდი, მალე დავკარგავდი მათთან კავშირს. სითხეში გაჩენილი აირის ბუშტუკივით გავეცლებოდი მათ საზოგადოებას და ზედაპირზე გავსკდებოდი. ნინა სადღაც სარაჯიშვილის მეტროსთან გამოგვეცალა და დიდ დიღმამდე გასავლელ მანძილს უხერხული დუმილით დავადექით. - ვის წამოიყვან? - გზისთვის თვალისმოუშორებლად მკითხა და მის ხმაში გაბნეულმა იდუმალებამ ძარღვებში სისხლივით დამიარა. - არ მითქვამს, რომ მოვდივარ. - საქარე მინას მივაშტერდი. - ჩვენ ხშირად მოგვიწევს შეხვედრა. გულითადი მეგობრები ვერასდროს ვიქნებით, მაგრამ ერთ სივრცეში თანაარსებობა უნდა შეგვეძლოს. - მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და დაბინდული მზერით გამომხედა. - ასეთი მარტივია? - ყელში მწარე ბურთი გამეჩხირა და სუნთქვა შემეკრა. - დროს დრო უნდა მივცეთ, ლიტა... რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ამ ყველაფერს გავიხსენებთ, გაგვეღიმება. სიბნელისგან შეჭმულ სფეროებში შევყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ მისი გზა გაგრძელდა. ჩვენს საერთო გზაჯვარედინს გასცდა და მომავლის იმედებს ყავის ჯიხურებივით მიაგნო. მეც გავაგრძელე, მაგრამ გზად მხოლოდ ცხელი ქვიშა და გამომშრალი კაქტუსები დამხვდა. მანქანიდან მთვარეულივით გადმოვედი და უკნა მხრიდან შემოვუარე. - ეს მამაჩემთან დაგრჩა... - შორიდან მოქროლილი ნიავივით ჩამესმა და მისკენ მივტრიალდი. საჩვენებელ და შუა თითებს შორის ორად მოკეცილი თეთრი ბარათი მოექცია. მაშინვე ამოვიცანი მისი წერილი, რომელიც ვანოსთან სტუმრობის დღეს დავკარგე და ვეღარსად ვპოულობდი. გაუცნობიერებლად გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და ჩამოწეული საქარე მინიდან გამოჩრილ ბარათს დავწვდი. მოულოდნელად მაჯაზე ხელი წამავლო და მისკენ დამქაჩა. ჩემკენ მომართული სახიდან სულ რამოდენიმე სანტიმეტრში გავჩერდი. - გაგიჟდი? - დაბნეულობისა და გაღიზიანების ნაზავმა გრძნობამ სისხლი ამიდუღა. - ორი კვირის წინ ვანოსთან სახლში მიხვედი და მე გავგიჟდი? - ხმა გაუმკაცრდა, სახე კი ისე გაუქვავდა, ნებისმიერ სკულპტორს რომ შეშურდება. ხელი გამოვგლიჯე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე. - შენ გეძებდი... შეგიძლია დაიტოვო, ისე მაინც აღარ ფიქრობ, როგორც მაშინ. - გამქრალი გრძნობებისთვის ვუსაყვედურე როგორ მარტივად უყურებდა ყველაფერს. საუკუნეც რომ გასულიყო ეს წარსული ღიმილს ვერანაირად მომგვრიდა. ბურანში ვერაფრით შევიპარე. ფიქრებმა, რომელსაც საგულდაგულოდ ვჩქმალავდი გონებაში აშენებული კედლები შემომინგრიეს და ამაწრიალეს. მთელი დღის მოთმინება წამში გამეფლანგა. ძალიან მალე ჩამტოვა წარსულის რომელიღაც ბნელ ჯურღმულში. არ მიხაროდა მისი ბედნიერება... და პირველად დავფიქრდი, იქნებ მართლა არ მიყვარდა? ყოველ შემთხვევაში იმდენად, რომ მისი სიხარული გამეზიარებინა... ქვეცნობიერს ლოტუსის ფორმაში ჩამოვუჯექი და მის თვალებში ჩასახედად საკუთარი დავხუჭე. „რას გრძნობ?“ - უსიტყვოდ ვკითხე. ვგრძნობდი, რომ ყვირილი მინდოდა... მსხვრევადი ნივთებით სავსე ოთახი მჭირდებოდა, სადაც ყველაფერს დავლეწავდი და ცრემლებამდე ვიყვირებდი... ისეთი დამღლელი იყო ის სიჩუმე. დუმილში ჩაკლული სიტყვები, რომლებიც ატმოსფეროს ვერასდროს შეერეოდა. მისი სიცილი, რომელიც მე აღარ მეკუთვნოდა და ვიცოდი... ვიცოდი, რომ ის გოგო ვერასდროს დაინახავდა საბას თვალებს მიღმა ამოფარებულ ღრმა ზღვებს. მის მზერაში ჩაიძირებოდა, მაგრამ ვერ იგრძნობდა, როგორ ლამაზად სერავენ თოლიები სივრცეს, გარდამავალ სეზონებზე მედუზები უფრო რომ ამლაშებენ ჰაერს. ვერასდროს გაიგებდა მზისა და ლაჟვარდისთვალება ბიჭის შესახებ... ვერ გაიგებდა, რომ ცხოვრების გრძელ გზაზე იმას გაებუტებოდა, ვისი ღიმილიც სხვას ენატრებოდა, იმას აკოცებდა, ვისი უბრალო გამოხედვაც სხვისი სიცოცხლის წყარო იყო. ვერასდროს გაიგებდა, რომ მტკვარი შორიდან მოსული, ნელი მდინარეა, რომელსაც გიჟი არაგვი ერთვის და ფერებს ურევს. ვერ გაიგებდა, რომ სიბნელეში ყველა ფერის უკეთ დანახვაა შესაძლებელი. ვერ გაიგებდა, რომ ზღვისთვის კენჭების სროლა არ შეიძლება... ეგოისტურად, ჩემებურად, არადამაჯერებლად და მტკივნეულად... მიყვარდა... დავნებდი, რადგან მიყვარდა. მეორე დღეს ისევ შემომთავაზეს სიღნაღში წასვლა და უყოყმანოდ დავთანხმდი. მოსამზადებლად ერთი დღე მქონდა. საერთო ვახშმისას დაჩის შუქურას მიხედვა ვთხოვე. უყოყმანოდ დამთანხმდა და გასვლისას თათიას ნაქონი გასაღებიც გაიყოლა. ბარიდან გვიან დავბრუნდი და დილისთვის პატარა ბარგი გავიმზადე. სიღნაღში მხოლოდ ერთი ღამის გატარებას გეგმავდნენ. საორგანიზატორო საკითხებში არ ვერეოდი და ვცდილობდი სხეული დინებისთვისთვის მიმენდო. დილის შვიდი საათისთვის ორდღიანი მოგზაურობისთვის სრულიად მზად მყოფი ეზოში ჩავედი და ნიკას ახალთახალი ავტომობილის უკანა სავარძელზე გიტარასთან ერთად მოვთავსდი. საბა და ნინა სადღაც ვარკეთილთან იყვნენ. თათია ძალიან ფრთხილად მაწვდიდა ცნობებს მათ შესახებ. შუადღემდე ჩავედით. ქალაქის შესასვლელთან საბას მანქანა დაგვხვდა. საოჯახო სასტუმროს ძიებამ ორ საათზე მეტი წაიღო. საბოლოოდ ორსართულიან სახლს მივადექით, რომლის სრული მეორე სართული ქირავდებოდა. სამ საძინებელში ნივთები გადავანაწილეთ. თათია და ნიკა ერთ ოთახში შეიყუჟნენ. საბამ ასანთის კოლოფივით საძინებელი შეარჩია. მე და ნინას კი ერთი სივრცის გაყოფა მოგვიწევდა. ფილაქანით მოპირკეთებული ვიწრო ქუჩები, გამუდმებით აღმავალი და დაღმავალი გზები, რომლებსაც კოხტა სახლები ყურძნის მარცვლებივით გამოუსხამთ. დეკორაციით სავსე მაღაზიები, ღია ცის ქვეშა კაფეები და უამრავი ტურისტი... მთელი ზაფხული უცხოელებს შევყურებდი, მაგრამ ეს რაღაც სხვა მუხტი იყო. მოკირწლულ ქუჩებში ერთ ჯგუფად დავდიოდით. სიყვარულის ქალაქში ვიყავი და ჩემს საყვარელ ადამიანს სხვა ახლდა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძლიერი ვიყავი. ვთვლიდი, რომ სუსტი ადამიანები არ არსებობდნენ. შეუძლებელია ჩვენს რეალობაში გაჩნდე, გაიზარდო და იცხოვრო, თუ ძლიერი არ ხარ. რაიმეს მტკიცება არასდროს მიცდია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საჭირო იყო. ცხოვრებას გავაგრძელებდი და ამას ყველა დაინახავდა. ისიც, ვისთვისაც უკვე სულ ერთი იყო. ზღაპრებში აღწერილ ქალაქს ჰგავდა. გალავანით შემოსაზღვრულ სამეფოს, სადაც ყველა ბედნიერია, მღერიან და სინქრონულად ცეკვავენ. სადილისთვის ტერასით დამშვენებულ რესტორანს მივაკითხეთ და მოზრდილ მაგიდას მივუსხედით. - მწვადი უკონკურენტოა. - ღიმილით აღნიშნა ნიკამ და ვრცელ მენიუს თვალი ჩააყოლა. - სამწვადე ვიყიდოთ და საღამოს ჩვენ თვითონ შევწვათ. - საბას მხიარულება ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. - სახლის აივანზე პატარა ბუხარი ვნახე. - ღვინოც ვიყიდოთ... - ნიკა თვალების გაფართოებით აჰყვა. - დღეს კარგი კახური ქეიფი გველის!.. თათიამ უბრალოდ თვალები გადაატრიალა და მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა. თითქოს შეგრძნებები დამიქვეითდა, საკუთარ არსებაში სუნთქვაშეკრული ვიძირებოდი და განვითარებული მოვლენები სადღაც შორიდან მეხებოდნენ. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი ხელი არავისთვის შემეშალა. ქალაქით ტკბობა ბოლომდე ვერც მოვაერხე, გამუდმებით თვალში მეჩხირებოდა ბედნიერი წყვილის წევრად მოვლენილი საბა, რომელიც მეგობრული ღიმილით ცდილობდა წარსულის მიჩქმალვას. საღამოს ნაქირავებ სახლში დავბრუნდით. ბიჭებმა მეპატრონეებისგან შამფურები ითხოვეს და ხორცის ნაჭრების გადანაწილება დაიწყეს. გოგონები რიგრიგობით შევიხიზნეთ აბაზანაში. წინდახედულ თათიას თმის საშრობი ფენიც აღმოაჩნდა და ვინაიდან სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საკმაოდ გრილოდა, სამივემ ვისარგებლეთ. სუფრა ფართო აივანზე გავშალეთ. მასპინძლებმაც შემოგვაშველეს რამოდენიმე კერძი და ჩვენთან ერთად მოულხინეს. ცოლ-ქმრული ურთიერთობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო. შეხმატკბილებულები, დოზირებული იუმორითა და მხოლოდ ერთმანეთის ცქერისთვის აციმციმებული თვალებით. ყოველი ჭიქის დაცლის შემდეგ უფრო მეტ ლამაზ დეტალს ვპოულობდი ამ ორ ადამიანს შორის და გული უფრო მეტად მიჩუყდებოდა. ტრადიციული სადღეგრძელოები ერთმანეთს ცვლიდნენ. ნიკას მიერ მორთმეული პლედი მხრებზე მქონდა მოხვეული და მასპინძლების თითოეული სიტყვის დაჭერას ვცდილობდი. მსიამოვნებდა მათზე დაკვირვება, საბასა და ნინას ერთმანეთისთვის მიმდგარი სკამებიდან ყურადღება მათზე გადამქონდა და აღარც შეურაცხად ალქაჯს ვგავდი. - ლიტა, შენც თქვი რამე. - ნინა რატომღაც ზედმეტად აქტიურად ცდილობდა ჩემი პირადი სივრცის გარღვევას. - რასთან დაკავშირებით? - ვცადე გამეღიმა, მაგრამ წარმატებაში დარწმუნებული არ ვიყავი. - სიყვარულის სადღეგრძელოა... - ყურებამდე გამიღიმა. - ძალიან კარგი... - შევსებულ სასმისს თითები შემოვაჭდე და გულში საკუთარი თავი გავკიცხე. იმდენად გავერთე ბედნიერი წყვილის თვალიერებით, რომ საბას სიტყვები გამომრჩა. ნეტავ რა თქვა? რომელი სიტყვებით გადმოსცა ის, რასაც რამოდენიმე დღეში აქრობს? - და რომ ვიმღერო? - კუთხეში ეულად მიყუდებულ გიტარას გავხედე. თავს ისიც ზედმეტად გრძნობდა. იდეა ყველას მოეწონა. განუყრელი მეგობარი მაგიდასთან მოვაკალათე და თვალები სწრაფად დავხუჭე. დავხუჭე, რადგან ღამის ზღვებისთვის შეხედვა მომინდებოდა და შევხედავდი. - „ როგორ მოიწყინეს მთებმა, ჩქარა ჩამოწვება ნისლი, ხდება, ყველაფერი ხდება... ტყდება ერთგულების ხიდი. ხდება, ყველაფერი ხდება, ირგვლივ ხავსია და მთები, მაგრამ სიყვარული რჩება და ეს სიყვარული მღერის... სიცოცხლ მღერის, სინათლე მღერის, ეს გული მღერის, მიყვარხარ შენ... როგორ გაირბინეს წლებმა, ყველამ დაგვივიწყა თითქმის. ქრება, ყველაფერი ქრება, მიდის, ყველაფერი მიდის... ქრება, ყველაფერი ქრება, ჭკნება ვარდისფერი ტოტი, მაგრამ სასწაული ხდება და კვლავ გაზაფხული მოდის. სიცოცხლე მღერის, სინათლე მღერის, ეს გული მღერის, მიყვარხარ შენ!..“ - კარგი ბიჭია? - ჩვენმა მასპინძელმა, მარო ბებომ მკითხა და ჩემკენ გადმოიწია. - ვინ? - გიტარა ისევ კედელს დავუბრუნე და ადგილს დავუბრუნდი. - ვინც გიყვარს... - სავსე სახეზე ღიმილმა გადაუფრინა. - ასე მხოლოდ შეყვარებულები მღერიან. - ფიქრობს, რომ სიყვარული არ შემიძლია... - სადღესასწაულოდ გამოვაცხადე და შექმნილმა სიტუაციამ გამაცინა. - სულელი ყოფილა. - აჰყვა მეუღლეს. - ბრმა და ყრუ... - როგორ ზუსტად აღწერეთ. - ნიკამ შეკავებული ღიმილით გამომხედა და როგორც კი მზერა გავუსწორე, თვალი ჩამიკრა. ალბათ ალკოჰოლის ბრალი იყო, ან ყველას მოგვბეზრდა შეკრული სამეგობროს როლის თამაში, ვინ იცის? ფაქტი ერთი იყო - ვისხედით ჩვენ, ჩვენი ოდესღაც განუყრელი ოთხეული და სიმწრის სიცილს ცრემლებამდე მივყავდით. გული რომ ვიჯერეთ და სამ გაოცებულ სუფრის წევრს მივუბრუნდით, თითქოს მაშინღა გავიაზრეთ, რომ ეს სასაცილო არ იყო... ჩვენ ვეღარასდროს ვივახშმებდით ერთად. ვეღარასდროს ვისეირნებდით ორ ბედნიერ წყვილად. როგორც კი ლხინი გაგრძელდა, მაგიდიდან შეუმჩნევლად გავიძურწე, ოთახების გამყოფი დერეფნისა და წინა გასასვლელის გავლით ქუჩაში აღმოვჩნდი. დაბალღერძიანი ლამპიონები ენთო. მართკუთხა ფილაქანს ყვითელი ფერი დასდებოდა. გრილი და სუფთა ჰაერი სიღნაღის ვიწრო ქუჩებში დაეხეტებოდა და ჩემსავით უსიყვარულოდ დარჩენილებს ეძებდა. უფრო რომ დაეტანჯა და დაეკარგა. - იცი, დღეს რა დღეა? - საბა ჩემს გვერდით, ქუჩის შემაღლებულ ნაწილზე ჩამოჯდა. - პარასკევი. - მცირე პაუზის შემდეგ ვუპასუხე. შევხედე, თვალები ოდნავ ამღვრეული ჰქონდა. - შარშან ამ დღეს გავიცანით ერთმანეთი. - გულისწყვეტით აღნიშნა და მზერა ამარიდა. - თარიღებს ვერ ვიმახსოვრებ. - თავის გამართლებასავით ჩავიჩურჩულე და ძალიან მომინდა, რომ აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვყოფილიყავით. - მთელი დღე ვსეირნობდით, არადა ღამე უფრო ლამაზია აქაურობა. - წამოდი და გავისეირნოთ! - ფეხზე წამოდგა და აჟიტირებული ბავშვივით დამაცქერდა. - ნიკას ისე უნდოდა მამა-პაპური ქეიფი, არ წამოვა... - მათთვის თქმა არ მინდა. - დაიხარა, ხელები მაჟებზე წამავლო და წამომაყენა. - ჩვენ გავისეირნოთ. - ნინა არ გაგიბრაზდება? - წარბაწეულმა გავხედე. - ჩემს ახალ ურთიერთობას უფრთხილდები? - ხელი გადამხვია და ნაბიჯი ამიწყო. ვერაფრის თქმა მოვახერხე. მხრებზე მისი ხელი მეხურა და სიყვარულის ქალაქის ღამეულ ქუჩებში მივაბიჯებდი. მოედანზე ჩავედით და მატჩის ბიუროსთან გამართულ ჟრიამულს დავაკვირდით. ბარიდან მაგიდები ეზოში გამოედგათ და მუსიკის ფონზე მხიარულობდნენ. ერთ-ერთს ელემენტზე მომუშავე მიკროფონი საყრდენზე მიემაგრებინა და გიტარასთან დუეტში მღეროდა. - მიდი, იმღერე... - ხელი დანანებით გამიშვა და შეკრებისკენ მანიშნა. - შენც შეგიძლია. - მტევნები გულზე დავიკრიფე. ძველებურად ჩაიცინა და გამეცალა. ქუჩის მუსიკოსს, რომელსაც სიმღერის პირველი ნაწილი უკვე ჩამეთავრებინა, რაღაც გადაულაპარაკა და ისიც თავის ქნევით დაეთანხმა. წარმოვიდგინე, რომ ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით, წარსულის აჩრდილებისა და განხორციელებული შურისძიებების გარეშე. მოხდენილად ჩაბღუჯა მიკროფონი და ღიმილიანი მზერა გამისწორა. - „შეხედე წარსულს, გაიგებ ვინა ხარ... გრძელ გზაზე მეგზურს ნუ მკითხავ ვინა ვარ. ისე მოგყვები კარგო, ჩემს ნაბიჯს შეხედავ ქუჩაზე მარტო, ქუჩაზე მარტო... და თან ორივე ვხვდებით, რომ ცხოვრების გზითა ვარ, მივყვები რაღაცას, გაჩენილს ღვთისაგან. მე დღეს ვითომ ამითი მინდოდა მეთქვა, რომ მე დღეს შენ აღარ მიყვარხარ... აღარ მიყვარხარ... არადა მიყვარხარ... მე დღეს ვითომ ამითი მინდოდა მეთქვა, რომ მე შენ დღეს მაინც მიყვარხარ... უბრალოდ, მე შენ მიყვარხარ...“ კახური ღვინის ან სიყვარულით გაჟღენთილი ატმოსფეროს ბრალი იქნებოდა ის, რაც შემდეგ მოხდა. ვიგრძენი, რომ ვუყვარდი. რა მნიშვნელობა ჰქონდა წარსულს? ყველა მტკივნეული სიტყვა, რომლებსაც ცეცხლმოკიდებული ისრებივით ვუშენდით ერთმანეთს, გაქრა და მათგან დანატოვარი ჭრილობები მოშუშდა. უცხო ადამიანების გარემოცვაში ვსვამდით. არყით სავსე ჭიქებს მიყოლებით ვცლიდით და გვიხაროდა, რომ მათ ჩვენზე არაფერი იცოდნენ. მათთვის უბრალო წყვილი ვიყავით, სიყვარულის ქალაქში სიყვარულისთვის ჩამოსულები... ყელში ხანძარი მქონდა. უწყლოდ ჩამიქრეს და მისი ადგილი უდაბნომ დაიკავა. თვალები ნელა გავახილე და ნერწყვის გადაყლაპვა ამაოდ ვცადე. უცხო ოთახს თვალი მოვავლე და გავიაზრე, რომ კახეთში ვიყავი. საწოლზე წამოვჯექი და თვალებამდე მოსული თავის ტკივილი შუბლზე ხელებით დავიჭირე. როდის მოვედით სახლში? ან სხვები რას იფიქრებდნენ ჩვენს „გასეირნებაზე?“ კითხვების კორიანტელი შემომაწვა. წამოვდექი და ზედმეტად გრძელი მაისური შევისწორე. მხოლოდ მაშინ დავაკვირდი, ჩემზე სამი ზომით დიდი იყო და ძალიან ჰგავდა მამაკაცისას. ოთახს თვალი მოვავლე და ის ასანთის კოლოფი გამახსენდა, სადაც საბა უნდა დარჩენილიყო. - უნდა ვაღიარო, ძალიან მაგრად სვამ... - მის ხმაზე კარისკენ მივტრიალდი. ზღუდესთან იდგა, ამაყი და თავმომწონე. - სად გეძინა? - ხმის კანკალით ვკითხე. - აქ. - ხელი იმ საწოლისკენ გაიშვირა, სადაც წუთის წინ მე ვიწექი. - და ჩვენს შორის რამე ხომ არ... - ლიტა, ვინ გგონივარ? - გამაწყვეტინა, როგორც კი აზრს ჩაწვდა. - მთვრალი გოგონების მდგომარეობით მოსარგებლე? წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა. გამოვართვი და სულმოუთქმელად დავცალე. - ისინი სად არიან? - საწოლზე ჩამოვჯექი. - თბილისში დაბრუნდნენ ნინასთან ერთად. - ჩემს წინ ჩაიმუხლა და შევამჩნიე, რომ მის თვალებში ახლა უფრო ძლიერი შტორმი იწყებოდა. - უკვე შუადღეა... - აქ რატომ მეძინა? - ოთახი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე. - ან ეს რატომ მაცვია? - არაფერი გახსოვს? - ოდნავ გამიღიმა და ალბათ მომეჩვენა ის გულისწყვეტა, რამაც შტორმი ჩაანაცვლა. - მახსოვს, რომ ვსვამდით ვიღაცეებთან ერთად... თან ვმღეროდით... - გონება მაქსიმალურად დავძაბე, თუმცა ვერაფერი გავიხსენე. - ნორმალურობა გვინდოდა და შევრიგდით. - მხრები ოდნავ აიჩეჩა. - აქ რომ დავბრუნდით, უკვე ყველა გვეძებდა. ნინა განაწყენდა, თუმცა დილამდე ვერსად წავიდოდა და დარჩა... ჩვენ აისამდე საუბარი გვინდოდა და აქ შემოვედით. ჩაგეძინა, უჰაერობა გაწუხებდა და თითქმის მთლიანად გაშიშვლდი. - იგონებ!.. - ხმას გაუაზრებლად ავუწიე და არც საჩვენებელი თითის მოქნევა დამვიწყებია. - ამიტომ ჩაგაცვი ჩემი მაისური. - ჩვეულ ტონში დაასრულა. იმ საძინებელში გავჩანჩალდი, სადაც წესით უნდა დამეძინა. წყლის გადავლების დრო აღარ იყო, ამიტომ მხოლოდ კბილების გამოხეხვასა და ზედაპირულ ჰიგიენას დავჯერდი. სახეს ვიბანდი, როცა უცხო ნივთმა თვალი მომჭრა და როცა ჩემივე მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ ვერცხლისფერ ბეჭედს დავაკვირდი, მოულოდნელობისგან შევყვირე. სარკიდან მომზირალი ორეულის დაჰიპნოზება ამაოდ ვცადე. საერთოდ არაფერი ახსოვდა. საიდან მქონდა ეს ბეჭედი? ვინმე სხვას ხომ არ ეკუთვნოდა? ისევ პასუხგაუცემელი კითხვების კასკადი... სააბაზანოდან გამოსვლისთანავე საბა მოვძებნე. აივანზე ვიპოვე და ხელებზე დავაკვირდი. მეგონა წნევა ჰერში ამიტაცებდა, რადგან ზუსტად ჩემნაირი ბეჭედი ეკეთა. - საიდან გვაქვს ეს ბეჭდები? - შიში ხმაში გამებნა და ამან უფრო შემაშინა. - ეს არც მე მახსოვს... - ფეხზე სწრაფად წამოდგა და ქვედა სართულზე ჩასასვლელი კიბისკენ დაიძრა. - ჩვენს მასპინძლებს გამოვემშვიდობოთ. - შენ ჩადი, მე მაღაზიაში გავალ. ვიწრო ქუჩას ჩავუყევი და მოედანზე გავაბიჯე. მატჩის ბიუროსთან ასავლელი საფეხურების მარჯვნივ ნაცნობი ბარის მაგიდები შევნიშნე. მიმტანის უნიფორმიანი გოგონა ჩემკენ ღიმილით გამოეშურა და ორიოდე ნაბიჯში გაჩერდა. - დღეს აპირებთ? - იდუმალი სახით მკითხა. - რას? - მივხვდი, რომ გასულ ღამეს ზედმეტად ბევრ ადამიანს დავუახლოვდი. - გუშინ დაქორწინება გინდოდათ და ეს უკვე დაკეტილი იყო. - მატჩის ბიუროსკენ მანიშნა. - ბეჭდები მაინც იყიდეთ... უფრო სწორად იჩუქეთ... - გადაიხარხარა და სახტად დამტოვა. - ეგ კარგად არ მახსოვს... - უხერხულად გავიღიმე. - აი, იმ მაღაზიაში ვიყავით. - მოედნის მეორე მხარეს გამახედა. ქუჩის პირას პატარა, ჭრელად აკიაფებული მაღაზია მოჩანდა. - ფული არცერთს გქონდათ წამოღებული და გამყიდველს იმდენი უმღერეთ, ნისიად გაგატანათ. აქ მსგავსი არაფერი ხდება ხოლმე... შეძლებისდაგვარად თავაზიანად გამოვემშვიდობე და მითითებული მაღაზიისკენ გავწიე. აქსესუარებისა და ტრადიციული სუვენირების მთელი ამალა დამხვდა. თიხის ნაკეთობებს მხატვრულად მოქსოვილი ფარდაგები ცვლიდა, ფარდაგებს - პატარა ხალიჩები. - გამარჯობა... - მოხუც ქალს მივესალმე და მაგიდაზე გაშლილ ბეჭდების ყუთს დავაცქერდი. - გუშინ აქედან ბეჭდები წავიღეთ, არ გვახსოვდა სამწუხაროდ. რამდენი უნდა გადავიხადო? - საფულეს დავწვდი და დანაოჭებულ თვალებზე მზერა შევავლე. - დილით მოვიდა ბიჭი და გადაიხადა. - ხელები გაასავსავა. - ჩემი ქმარი მუშაობდა გუშინ. დამიბარა, მოვლენ და ფული არ გამოართვაო, მაგრამ იმ ბიჭმა დაიჟინა და... ვიწრო ქუჩას შევუყევი, საბა ჩემს მცირე ბარგს გიტარასთან ერთად უკანა სავარძელზე ანაწილებდა. ნუთუ ისევ გვქონდა რაიმე შანსი? ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის თავზე ისევ რომ დავბრუნებოდით ერთმანეთს, ეს ძალიან ლამაზი და სიმბოლური შერიგება იქნებოდა. - არ მინდა გაუგებრობამ უფრო ჩაგვიხლართოს ურთიერთობა. - დაიწყო, როგორც კი უსაფრთხოების ღვედები შევიკარით. - ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა. - თითი გაატკაცუნე, იქნებ უფრო შორეული წარსულიც გააქრო. - კბილი გავკარი და წუთის წინ მოფრენილი აღმაფრენა სადღაც გაქრა. - დავიწყება მხოლოდ მე მომიწევს, შენ ისედაც არაფერი გახსოვს. - ისე მითხრა, თითქოს გასული ღამის დავიწყება ჩემი იდეა იყო. თითქოს რაღაც ჩემზე იყო დამოკიდებული და ვერ ვხვდებოდი. სავარძელს ორივე ხელით ჩავებღაუჭე და პირზე მომდგარი სალანძღავი სიტყვები კბილებით გავაჩერე. საჭეზე შემოდებულ მარჯვენა მტევანზე დავაკვირდი. არათითზე ბეჭდის კვალიც კი აღარ ეტყობოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.