შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფშაური კაფია [თავი 10]


15-03-2021, 01:52
ავტორი ხვარამზე
ნანახია 1 852

საღამოს ათი საათი იქნებოდა, როცა ხოსიაურის შავმა ჯიპმა მთისპირებზე მოწოლილი ბინდი გაარღვია, მაღაროსკარის შარა-გზები აამტვერა და მაღალი, გალავანშემორტყმული სახლის კარი ლამის შეამტვრია. არა, სახლში არავინ იყო. წყვდიადში ჩაძირულიყო ფართო ფანჯრები, პრიალა მუხის იატაკზე გრძელი, ოქროცურვილი ფარდები ფრთამოტეხილი ჩიტებივით დაფენილიყვნენ. მამის კაბინეტი, საძინებელი ჩვეულებისამებრ ერთიანად გაუკაცრიელებული ჩანდა - დათას კარადაში დაკიდებული პერანგები, საწერ მაგიდაზე მიმოფანტული ქაღალდები ისევ ხელუხლებელი, მტვერდადებული დახვდა. სამაგიეროდ, დედის ოთახი გაეჟღინთა ნაირგვარი საცხის, სუნამოთა მოტკბო სურნელს. გულის ზიდვა იგრძნო. დაბინდული, უნდილი მზერა მოავლო არეულ საწოლს, მიმოყრილ სამოსს და სამზარეულოში გავიდა.
სალომეც წასულიყო - ხოსიაურის გამზრდელს სარკესავით დაეკრიალებინა იქაურობა, ქადა-მხლოვანები დაეცხო და ტილოში გახვეული დაეტოვებინა. გული დაუმძიმა ქალის მზრუნველობამ დათას, ლუკმა მოატეხა, ხმიადებს ჯერკიდევ შერჩენოდათ კეცის სითბო. არაყს წაეტანა, იგრძნო თანდათან როგორ შეეპარა მუხლებს სიძაბუნე, ბალღივით უსუსური გახდა, უღონობა მოერია. ბიჭის ლიბრგადაკრულ მზერას მალიმალ ემღვრეოდა ნინოსა და ლექსოს მოცინარი სახეები, თვალწინ კრთებოდა თადიაურის ძლიერ მკლავზე ქალის ნატიფი ხელის ანაბეჭდი. გმინავდა, ბორგავდა მარტომყოფი და საკუთარ თავთან უსასოოდ გამომწყვდეული - რისხვის ქარიშხალი ულეწავდა ძვლებს, უარყოფის სიმწარე უფუფქავდა გულ-ღვიძლს. სვამდა, ურწყულივით ეწაფებოდა ჟიპიტაურს, ძვლივსღა იყუჩებდა აგნიასებულ ფიქრებს, მაგრამ ვაი რომ უმოწყალოდ აყეფებულ სინდისს ვეღარაფერს უხერხებდა - ყურებს ახლაც ჩაესმოდათ ნინოს ცრემლნარევი ხმა; გული მოეწურა. ატკინა, მაინც ატკინა...
ოცდახუთი წლის მოყრილიყო, საუკუნის მეოთხედი აწვა მხრებზე, თუმცა კი თავისი არსებობით ვერც თავისი გვარის, მაღაროსკარის გავლენიანი ოჯახისათვის შეემატებინა რამე და ვერც საკუთარი კუთხე-მხარისათვის. არადა ხოსიაურები საქართველოს გასაბჭოების დროიდან მოყოლებული ბოგინობდნენ ფშავში, დათას დიდი პაპა ლევან ხოსიაური ერთ-ერთი პირველი იყო რევოლუციის სახელით, მაუზერით ხელში მშვიდობასა და მიწას რომ ჰპირდებოდა ფშაველ გლეხკაცებს, მერე წითელარმიელის სამხედრო ფორმა ჩეკას სამხრეებზე გაცვალა და ხოსიაურებმაც მყარად დაიმკვიდრეს ორგანოებში ადგილი. დათას მოსახელე პაპაც ერთხანს დუშეთის რაიონში შინსახკომში მსახურობდა, შემდეგ კი თბილისში; შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერე სუკ-ში მნიშვნელოვან თანამდებობაზე მომუშავეს გზა ორივე ვაჟისთვის გაეკვალა - უფროსი, ვახტანგი გენინსპექციის გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო, ხოლო კახა, დათას მამა, მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი. თავად დათას, ერთადერთ ვაჟსაც ორგანოებისაკენ ექაჩებოდა მამამისი, მემკვიდრედ იმზადებდა - ბიჭს ძვლიძვლივობით აეღო იურისტის დიპლომი და ახლა, მისი დაჟინებული მოთხოვნითვე ერთ-ერთი კერძო ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაზეც შეერგო თავი.
სულაც არ ეპიტნავებოდა ხოსიაურს ორგანოებში მუშაობა, მაგრამ აბა რა ექნა?! რა გზას დადგომოდა?! ბავშვობიდან უხიაგი და ჩხუბისთავი დღენიადაგ მუშტებზე იყურებოდა, მუდამდღე ქუჩისკენ ეჭირა თვალი. თავიდან, დედის გულგრილობასა და მამის სიშორეს, უცხოობას მუდმივი ურჩობით, ბოროტი სიანჩხლით აპროტესტებდა, წამოიზარდა და დარდი გულს ჩაიხვია. დაძრწოდა ქუჩა-ქუჩა წარბგაუხსნელი, კუშტი და უნდო, ამფოსნებთან ერთად, განსაკუთრებული სისასტიკით, დაუნდობლად უსწორდებოდა სუსტს, მარტო მყოფსა და მოხელთებულს. სახლში მისული კი უხმოდ, ცრემლების ყლაპვით ხვდებოდა ქამრის სიმწარეს - ცემდა მამა, ცოლისგან უარყოფილი, საყვარელი ქალის სიცივით გაბოროტებული გამეტებით ურტყამდა, ქამრით უჭრელებდა აცახცახებულ ზურგს თავდახრილსა და აკანკალებულს.
კახა ხოსიაური ერთი ხელით სჯიდა, ხოლო მეორეთი ეფერებოდა დღენიადაგ ავის მთესველ შვილს - ლამის ზედ ეფოფრებოდა, ფარავდა ბიჭის სიგლახეებს, არ ერიდებოდა არც მუქარას, არც ქრთამსა, თუ დაშინებას, და ასე, რიხს რიხზე უმატებდა, კიდევ უფრო ათამამებდა ისედაც გაყოყლოჩინებულსა და ტოლებში გადიდგულებულს. და დათაც აგრძელებდა, აგრძელებდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, სკოლაში დიდი დასვენებისას, მან და მისმა ძმა-ბიჭებმა მეშვიდე კლასელი ვაჟა სკოლის სტადიონთან მიიმწყვდიეს, ჯერ ჯიბის ფული დასცინცლეს, ხოლო მერე ლამის წიხლებით შედგნენ აცრემლებულსა და აღრიალებულს. თავად ხოსიაური ჩააფრინდა აბღავლებული ბიჭის სახელოს და ის იყო საცემრად შემართა მარჯვენა, მოულოდნელი დარტყმა იგრძნო ზურგიდან, მოიხედა და გაკვირდა - კაფანდარა, ნაწნავებიანი გოგო მისდგომოდა და გააფთრებული ხანაც ზურგჩანთით, ხანაც მუშტებით გამეტებით სცემდა:
-ხელი გაუშვი, შე ცხოველო, რას ერჩი, რა დაგიშავა - გაჰკიოდა. დაიბნა დათა, ზეზე წამოვარდა.
- შენ ვინღა მიგდიხარ, გოგო, ბიჭების საქმეში ცხვრის რომ ჰყოფ, წადი, დაიკარგე აქედან
-შენ თვითონ დაიკარგე თუ კარგია - არ შეეპუა გოგო - თავი დაანებე ჩემი მეგობარია.
გაჯავრდა ხოსიაური, ნაწნავში ჩაავლო ხელი, აელვებულ, შავ თვალებს ჩააცქერდა სუნთქვაშეკრული.
- გეუბნები ნუ ერევი-მეთქი, თორემ რაღაცას გამომტყუებ იცოდე.
- ფრთხილად იყავი, იქეთ არ გამომტყუო რამე, და თავი დაგვანებე. თავი მაგარი ვინმე გგონია მარტო დარჩენილს რომ ურტყამ, პატარას და სუსტს რომ ჩაგრავ?! ლაჩარი ხარ და მეტი არაფერი, გული მერევა შენზე! - გასაქცევად აფართხალდა, გაუშვა ბიჭმაც, თვალი გააყოლა მიმავალს.
- ვინ არის? - ჰკითხა მეგობარს
- ღლაპია ბიჭო, მეშვიდეკლასელი, ნინო ჰქვია. მინდიას დაა.
-რომელი მინდიას?
-უძილაურის, როგორ არ გახსოვს, შარშან დაამთავრა სკოლა - აგდებით უპასუხა იმანაც.
მეათე კლასში იყო მაშინ დათა. ის დღე იყო და მერე აღარავინ უცემია სკოლაში; არა, არა, საქმეების გარჩევას, ჩხუბისთავობას არ შეშვებია, თუმცა ჩასაფრებას, პატარა ბავშვების ჩაგვრას ერიდებოდა. იმ დღიდან ლანდად ექცა გოგოს, ვერავინ ეკარებოდა მისი შიშით - დილიდან დაღამებამდე დაჰყვებოდა უკან, სკოლაში, ყველა წრესა და ყველა მასწავლებელთან, თუმცა კი ვერაფრით მოიგო მისი გული. ვერ მოახერხა, ვერ დაავიწყა ნინოს მისი გულის ბნელი მხარეები, ვერ დაავიწყა ის პატარა, გაბოროტებული ბიჭი შვებას სხვათა ცემასა და ჩაგვრაში რომ ეძიებდა.
არასოდეს დანებებულა, არასდროს დაუყრია ფარ-ხმალი... სკოლას ამთავრებდა გოგო პირველად რომ სცადა მისი მოტაცება და პირველად სცემა მინდიამაც. მაშინ იქცნენ ის და უმცროსი უძილაური დაუძინებელ მტრებად - რამდენადაც უყვარდა ნინო იმდენად სძულდა მისიანები, ვერაფრით მოენელებინა ხელის სათხოვნელად მისულს ზურამ ცივი უარი რომ სტკიცა. მიუხედავად უარისა, არც მაშინ დაუხევია უკან, იმედი არასდროს დაუკარგავს, მაგრამ ახლა?! ახლა საიდანღაც გამოტყვრა ეს თადიაური, მოიგო გოგოს გული, მისი ოჯახის კეთილგანწყობაც მოიპოვა და თვალსა და ხელს შუა ააწაპნა, წაართვა ქალი. არა, ამას ვეღარ გადაყლაპავდა - აბა როგორ დაეთმინა აუტანელი სირცხვილი, რომ აჯობა, აჯობა და უკვე მერამდენედ! იგრძნო შური და ძულვა გესლად დაუდიოდა ძარღვებში, ეზიზღებოდა საკუთარი თავი, ეზიზღებოდა ყველაფრის გამო - იმისათვის, რომ ჯერ კიდევ გრძნობდა ყვრიმალები თადიაურის მუშტებს, კანს ჯერ კიდევ სწვავდა ნინოს მზერა - ნახა, გოგომაც ნახა მეტოქის ფერხთქვეშ დაცემული, დასისხლული და დამარცხებული.
ამოიოხრა, არყის ბოლო წვეთი ჩააწურა ჭიქას, ძვლისვღა არხევდა წამწამებს, ცრემლმორეული ქუთუთოები დოლაბებივით დაჰკიდებოდა გამოღლილ თვალებს. ძვლივს აიტანა ტანი, წამოდგა და ის იყო საძინებლისაკენ გაბანცალდა, რომ ხმამაღალი კამათით შემოლეწეს კარი მშობლებმა. წინ მაგდა მოდიოდა, თმა ჩამოშლოდა, გახეთქილი, შეღებილი ტუჩებიდან ჩამოჟონილ სისხლს ერთიანად მოეთხვარა ქალის ნიკაპი.
- როდემდე? როდემდე უნდა ვიყო ამ ტყე-ღრეში, ამ გალავანში გამომწყვდეული?! დავიღალე, გესმის, დავიღალე. ადამიანებთან ურთიერთობა მინდა, ცოტა სიხარული მეც მინდა. რა არის აქ გაუგებარი, აღარ შემიძლია ასე...
-ადამიანებთან ურთიერთობა გინდა არა?! ჭკუიდან ნუ გადამიყვან ქალო, შენი უვარგისი შვილისთვის ვერ მიგიხედია სად დაეთრევა კაცმა არ იცის. დაეგდე შვილს მოუარე, ქმარს მიხედე! მაგრამ არა! აი ასე გინდა კაბაწამოხდილს ქუჩა-ქუჩა წანწალი, უცხო კაცებთან ტკარცალი და თვალების ჟუჟუნი. სიხარული გინდა არა?! მე შენ გაჩვენებ სიხარულს..
-რას მიზამ რას! დამარტყამ, მცემ? კიდევ დაამრტყამ?! მიდი, მიდი თუ ვაჟკაცი ხარ, გელოდები! არ მეშინია, გესმის? არ მეშინია შენი! ეგ შენი შვილიც შენნაირი ცხოველია, დღედაღამ ნაცემი, მთვრალი და აყროლებული დაეთრევა! შენ რა მამა ხარ, ქალის კაბას გამოკიდებულს შენი ნაშიერისათვის ვერ მოგივლია. რომ იცოდე როგორ მძულხარ, მძულხარ, მეზიზღები! ნეტა მოკვდებოდე, ნეტა ჩაძაღლდებოდე...
-ნეტავ მოკვდებოდეთ, მეტა მართლა მოკვდებოდეთ! ორივენი! - იღრიალა დათამ- აღარ შემიძლია თქვენი ატანა.
-რაო?! რას ბედავ შე ლაწირაკო! - ახლა ვაჟს მიუბრუნდა კახა ხოსიაური, ქეჩოში წაავლო ხელი მობანცალეს - ენა ჩაიგდე უმაქნისო დ წამოდი, წამოეთრიე, სალაპარაკო მაქვს შენთან!- კაბინეტისაკენ გაათრია და სავარძელზე მიწოლილს ზემოდან დააცქერდა.
-აბა! ამოღერღე ახლა რაღა შარში გაყავი ეგ შენი უტვინო, გახურებული თავი! ხმები მომივიდა, უსიამოვნო ხმები - სიტყვები უნდილად ამოაფურთხა უფროსმა ხოსიაურმა
- რა ხმები? - ამოილუღლუღა დამფრთხალმა
-რა საქმე გაქვს თადიაურთან? გავიგე ლამის სასიკვდილოდ დაუდიხარ
-ჰო, იყო რაღაც მაგდაგვარი და შენ? შენ რაღატომ დაინტერესდი, რატომ შეიწუხე თავი, მისგან რა გინდა?- სმენად იქცა დათა
-დაინტერესებულები არიან მისით, ზემოთ. ბიძაშენმა დამირეკა. გუბერნატორსაც აინტერესებს, დეპუტატსაც. არჩევნები ახლოვდება და ხო იცი... ყველას უნდა მეწველი ძროხა - ჩაიცინა -გავიგე ფული აქვსო, ბიზნესის წამოწყება უნდაო, ჩვენ გარეშე არ, ვერ იქნება ეგ ამბავი; მითუმეტეს ძველი ანგარიშებიც გვაქვს გასასწორებელი.
- მე ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ ის, რომ ქისტაურთან დადო შეთანხმება, მიწები იყიდა ქარხანას აკეთებს, სასტუმროს აშენებს, აპირებს ყოველშემთხვევაში.
- ჰმ, ესეიგი კარგაძალი ფული უშოვია უკრაინაში, არც იყო გასაკვირი. მისი კრისა ბიძა მაგარ საქმეებს ატრიალებდა, ჯერ კიდევ აქეთ, თბილისში, ყველა ხელისუფალს მოერგო. რევოლუციის მერე იყო, ამათ გატყავება დაუპირეს და მაშინ გაყიდა ყველაფერი, სამუდამოდ გადაიხვეწა.
- ბიძაჩემი რას ამბობს?
-არ დაუშვა ჩვენი გვერდის ავლით მიაღწიოს მაღალ ეშელონებამდეო. ჭკვიანია ბიძაშენი არ უნდა სადავეების მოშვება.
-მაგიტომ ჩამოხვედი?
-ჰო, უნდა შევხვდე თადიაურს, გავიგო ერთი რა კაცია. და შენ? რაზე იჩხუბეთ? რა საქმე გაქვს მასთან?
- გოგოს გამო - ამოიოხრა დათამ
-რომელი გოგოს? უძილაურის?
-ჰო, დაინტერესებულია თადიაური, მოსვენებას არ აძლევს, ზურაც კეთილგანწყობილია. ხელიდან მეცლება ქალი, მამა - ამოიგმინა ბიჭმა
ჩაფიქრდა კახა, შვილს შეხედა.
- უვარგისი ხარ! ამდენი ხანია უტრიალებ, რა გახდა ბიჭო ეგ ერთი გამღრალი გოგო ეგეთი, ჰა! მარა არა გაქვს და ეგაა. ჩემთვის რომ მოგენდო ეგ ამბავი, ახლა უკვე ცოლადაც გეყოლებოდა დასმული და ეგებ ბავშვის გაკეთებაც მოგეხერხებინა. არ ჩაერიოო და აჰა შედეგიც. არ მესმის ვის გავხარ ეგეთი ხელმოცარული!
- არა, არც კი გაბედო, ნინოს არ მიეკარო. მე, მე თვითონ მოვაგვარებ. ვინ მიგდია ეგ თადიაური, რა უფლებით მართმევს გოგოს! მოვკლავ და დავასრულებ, აი ნახავ მოვკლავ, არ ვაცოცხლებ!
-აბა, აბა ჩამოხტი ეხლა, გონს მოეგე. მოკლავ და მაგით რა? ციხეში წახვალ?
-რომელ ციხეში მამა? - ჩაიცინა დათამ
-აჰა, აი თურმე რას ფიქრობ! როგორც ყოველთვის, ჩემი იმედით, ბიძაშენის ზურგით ფიქრობ საქმის გაკეთებას?! ამჯერად არ გამოგივა! ჯერ ერთი ციხეს ეგებ გადაგარჩინოთ კიდეც, მაგრამ შენს გასუფთავებას ვერ შევძლებთ შვილო, არც ეგეთი მაგრები ვართ შენ რომ გგონია! უწყებაში როგორღა იმუშავებ განსასჯელთა სკამიდან წამომდგარი, მაგაზე არ ფიქრობ?!
-არ მადარდებს მამა, არ დავთმობ-მეთქი და მორჩა!
- ვინ გეუბნება მერე მაგას, ბიჭო. ეგ გოგო რომ თადიაურს დაუთმო არც კი დამენახო იცოდე. ხოსიაურები ჩვენსას არაფერს ვთმობთ, მით უფრო ქალებს! მაგას დედაშენის მაგალითზეც უნდა მიმხვდარიყავი აქამდე, ლაწირაკო.
- დედაჩემს ნუ გარევ ამ საქმეში, მამა. ნინო დედაჩემს არ ჰგავს, არც მე მოვექცევი მას ისე როგორც შენ მაგდას - წარბები შეყარა სახეალეწილმა ხოსიაურმა.
-მართლა გჯერა იმის რასაც ამბობ?! - ირონიულად ჩაიღიმა კახამ - გგონია ჩემზე რამეთი ხარ უკეთესი?
- მე არასოდეს ვიძალადებ მასზე, მე ის მიყვარს - იყვირა გულდამდუღრულმა
-მეც მიყვარს, მიყვარდა... - ჩაილაპარაკა
- კარგი, რაც არის არის. დაოკდი და არაფერი გააკეთო ჩემი გვერდის ავლით, არც კი გაბედო დათა. თადიაური მოზრდილი თევზია იოლად ვერ გადავყლაპავთ იცოდე.
-აბა რა ვქნა? ვეფერო?
-თავი აარიდე, ცოტა ხნით მაინც და მე მაცადე. მაცადე შვილო, მაგასაც მოვინელებთ, ეგეთები მოგვინელებია! ადექი ახლა შხაპი მიიღე, დამშვიდდი, დაიძინე; და სმას შეეშვი, სულ ნუ გაბომჟდები - ზიზღნარევი მზერით დახედა - ჰო, ხვალ თბილისში წადი, უნივერსიტეტშიც მიდი, ბიძაშენს გაუარე, ლელა ჩამოსულა საფრანგეთიდან. მიბაძე ცოტათი შენს ბიძაშვილს ვერ ხედავ რამდენს მიაღწია უკვე?! სამინისტროში იწყებს მუშაობასო - ვახომ მითხრა.
- კარგი ჰო, ჩავალ - ძვლივს აზიდა დამძიმებული სხეული დათამ, აბაზანის კარი შეაღო. ისევ აუტანლად სტკიოდა თავი, თუმცა იგრძნო გულსმოდებული ცეცხლი განელებოდა, არც წეღანდელი სიძაბუნე უცახცახებდა მუხლებს. იმედი მისცემოდა...

იცოდა ნინომ ხოსიაურების ამბავი, კარგად იცნობდა დათას; ამიტომ იყო აღდგომის მერე გული აღარ ჰქონდა საგულეს, დილიდან დაღამებამდე ყურში ედგა ბიჭის ღვარძლიანი სიტყვები. გამოუთქმელ ჯავრად, ვარამად ექცა ნანატრი გრძნობა - სადღა იყო ვარდისფერი ღრუბლები, მუცელში აფრთხიალებული პეპლები, და სხვა, უამრავი საოცნებო რამ წიგნებში რომ ამოეკითხა გასათუთებულსა და ნებივრად გაზრდილს. ედარდებოდა ხოსიაურებს შეპირისპირებული, მარტოოდენ ხელაშვილის ამარა დარჩენილი თადიაური. ეიმედებოდა, როგორ არ ეიმედებოდა ერთადერთი ძმა გოგოს, თურმე ტყუილად - ვერა, ვერაფრით მოაბრუნა ლექსომ თავისკენ მინდია, არც დედის თხოვნამ გაჭრა ბიჭთან, არც დის ცრემლებმა - ბრაზი ახრჩობდა ფიცხსა და გულზვიადს. მეორე თვე სრულდებოდა რაც უმცროს უძილაურს თადიაურის კომპანიიდან ფეხი ამოეკვეთა და უსაქმოდ მყოფი ნინოს დასჯდომოდა დარაჯად თბილისში.
ზურა დუმდა, არაფერს იმჩნევდა. არაფერი უთქვამს გაგულისებული ვაჟისთვის, არ გაწყრომია გაცხარებულს, არც ჭკუა ურიგებია, თუმცა ის კი იყო, რომ ლექსოს მამასავით ამოუდგა მხარში - მინდიას სანაცვლოდაც, გაორმაგებული ძალით მუშაობდა ფერმაში და არც ქარხნის ასამუშავებლად იშურებდა ძალებს. თავის მხრივ, ფშავში მყოფი თადიაურიც ერიდებოდა უმცროს უძილაურთან შეხლა-შემოხლას, ნინოსაც იშვიათად ნახულობდა - რამდენჯერაც მიაკითხა გოგოს, იმდენჯერვე მინდია აესვეტა კარის ზღურბლთან ავი ღრენით. თავდაპირველად, გაგებით მოეკიდა ბიჭის უთავბოლო გაჯიუტებას, ისიც უდრტვინველად დაითმინა სალაპარაკოდ მისულს მუშტებით რომ შეეგება გაჯიქებული, მაგრამ თანდათან თადიაურსაც ევსებოდა მოთმინების ფიალა. ამიტომაც არიდებდა თავს - არ უნდოდა ზურას წყენინება, არც ნინოს განერვიულება სურდა.
- ვირია, ნამდვილი ვირი! - გაიფიქრა გოგომ და ნაწყენი თვალებით გადახედა წარბშეკრულ ძმას, რომელიც სახლში დაბრუნებულ, დაგვიანებულ დას წყრომით შესცქეროდა.
- სად იყავი ამდენ ხანს, ოთხზე არ გიმთავრდებოდა ლექციები? რატომ არ მპასუხობ ტელეფონზე რომ გირეკავ?
- ლექციების მერე რეპეტიცია გვქონდა გოგოებს, თვის ბოლოს კონცერტი გვაქვს, ვმეცადინეობდით.
-მერე რატომ არ გამაფრთხილე, ან რატომ არ მოიწერე?
-ვერ მოვახერხე მინდია, დავაშავე რამე?! მაპატიე, რომ ყოველ ნაბიჯს ვერ გითანხმებ - ცრემლი მოერია გოგოს
- რა, არ უნდა შემითანხმო? იქნებ გგონია ისევ ძველებურად შენს ნებაზე ივლი აღმა-დაღმა, ან იქნებ ფიქრობ იმ ნაბიჭვართან წანწალის უფლებას მოგცემ?!
- ვერაფერს ამიკრძალავ - მშვიდად გაეპასუხა ნინო- პატივს გცემ, მიყვარხარ, მაგრამ იმდენს ნუ იზამ საბოლოოდ მოგიძულო ძმაო. კარგად იცი, რომ შემიძლია. არ მოგცემ უფლებას საყვარელი ადამიანისკენ სავალ გზაზე გადამიდგე, არცა გაქვს უფლება, მაშინ როცა ჩემს უკან მამა დგას, დედა დგას, მითუფრო ცუდი არაფერი ჩაგვიდენია. შენს გულზვაობას, დიდგულობას ვერ და არც გადავაყოლებ ჩემს სიყვარულს, მომავალს.
- ჰო, და სხვათაშორის, ამ საღამოს ჩამოდიან ლექსო და მამა თბილისში, გაფრთხილებ ტყუილ-უბრალო ფაფხურს შეეშვი, თადიაურთან შეხვედრას, მის ნახვას ვაპირებ.
-ერთი ამას უყურეთ როგორ დაიგრძელა ენა! იცოდე, არ მოგცემ უფლებას თავზე გადამაჭრა, ჩემს კაცობას ასე ხელაღებით გადაუარო, არც კი გაბედო.
- თუ ხვდები მაინც რა სასაცილო ხარ ძმაო, ასე შუბლგასქელებული, მაგ შენი საამაყო კაცობით - ზიზღით გამოსცრა ქალმა
-ნინო! როგორ ბედავ! - იფეთქა მინდიამ - ეს რა სიტყვები მესმის შენგან, ვერ გცნობ!
- ვერც მე გცნობ ძმაო, ვაი რომ ვერ გცნობ - გულამოსკვნით აქვითინდა - არა, აღარ ხარ ჩემთვის ის ძმა, ყველაზე სანდო, მზრუნველი. არა, აღარ ხარ ჩემთვის!
- გეყოფათ, ნუღარ ჩხუბობთ! - დაიბუბუნა და-ძმის კამათს შესწრებულმა ზურამ - ნინო, შედი შენს ოთახში, გაემზადე, ლექსო და გიო გამოგივლიან, ერთად წახვალთ ელენეს დაბადების დღეზე.
- მამა არ მჯერა! - ვეღარ მოითმინა მინდიამ- არ მჯერა რომ ასე მექცევი
-როგორ გექცევი, შვილო? - დინჯად გაეპასუხა უფროსი უძლიაური და ოთახიდან გასულ ნინოს გააყოლა თვალი.
- ჩემს წინააღმდეგ ხარ! ასე ჩუმად, უტყვად მეწინააღმდეგები!
- შენს წინააღმდეგ არა, ჩემი შვილის მხარეს ვარ, შვილო. ნინოს მხარეს ვართ მეც და დედაშენიც. ერთადერთი ვინც გეწინააღმდეგება მხოლოდ შენი უგუნური თავია, მეგონა აქამდე თავადაც მიხვდებოდი ამას.
- როგორ მამა მამტყუნებ რამეში?
- დიახაც გამტყუნებ, იმაში გამტყუნებ რომ ნინოს ცრემლად გიღირს ეგ შენი ყბადაღებული თავმოყვარეობა. აი, შენც შეგიყვარდება და მაშინ გაუგებ შენს დას, თადიურსაც მაშინ მიუხვდები გრძნობას.
-ესე იგი სიყვარულია ყველაფრის გამართლება მამა?! მაშინ ხოსიაურმა რა დააშავა? მას რატომ აქციე ზურგი, რატომ იუარე მისი თხოვნა.
- იმიტომ რომ არ უყვარდა ნინოს, არასდროს ჰყვარებია, არც შეიყვარებს.
- და რომ ჰყვარებოდა, რას იზამდი გაატანდი?
- გავატანდი! იმიტომ რომ, ერთადერთი რაც ამქვეყნად მაღელვებს ჩემი შვილის კეთილდღეობა, მისი ბედნიერებაა! თუ ნინოს ენდომებოდა, თუ ნინო უბედური იქნებოდა უმისოდ, გავატანდი.
-ყველაფრის მიუხედავად? ის ხომ..
-ხო, გავატანდი, მიუხედავად ყველაფრისა! - გაიღიმა ზურამ - და გთხოვ, ლექსოს ხოსიაურს ნუ დაუყენებ გვერდით, არ ეკადრება თადიაურს მასთან გატოლება.
-ხომ იცი როგორც მიჰქარა - ჩაიდუდღუნა მინდიამ
- ვიცი, არ მოიქცა სწორად, თავადაც აღიარებს ამას. ბოდიში მოიხადა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ვეღარც დავითვლი იმდენჯერ უკვე. საკმარისად ვიცნობ თადიაურს, კაცია, ვაჟკაცია; როგორ გგონია მისთვის იოლი იყო პატიების თხოვნა?! მაგრამ ხომ გაგიგია კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო, შენც გამოიჩინე შენი წილი ვაჟკაცობა, დაინდე შვილო! შენი თავიც, შენი დაც დაინდე, შეურიგდი.
- არც კი ვიცი მამა - თავი ჩახარა
-ყველას გვეშლება რაღაც შვილო, შენ რა გგონია მე არ შემშლია, შენ არ შეგშლია ან არ შეგეშლება? ადამიანობა ისაა წაფორხილებულს ხელს რომ შეაშველებ, გვერდით ამოიყენებ; უფსრულს გადაჩეხვა იოლია, გადარჩენაა რთული.
- ვერ მოვერიე გულს, მამაჩემო. შევიყვარე, ვიძმე, არ ველოდი მისგან, ამიტომაა რომ ორმაგად, ათმაგად მეტკინა.
-მესმის, გგონია არ მესმის შვილო?! მეგობრობა ისეთი რამაა სულ მცირე დაუდევრობა, გზის გამრუდება უპატიებელ შეცდომა იქცევა ხოლმე. მე და გაბროს, ლექსოს მამას ისეთი ძმობა გვქონდა ღვიძლ დედმამიშვილებს შეშურდებოდათ, რომ დაიღუპა ცა ჩამომექცა მეგონა. ორმაგ ტკივილად კი ის მექცა რომ მისგან დარჩენილს, მის ერთადერთს, მის სისხლსა და ხორცს ვერ ვუპატრონე, ვერ დავუდექი გვერდით ისე როგორც მევალებოდა. ზაზა ბიძა იყო მისი, მაგრამ არ იყო ის კაცი გაბრიელ თადიაურის ვაჟი რომ გაეზარდა. ვიცოდი და ვერ გავაწყე ვერაფერი, ცუდი დრო დაგვესწრო, გაჭივრება, უქონლობა და ათასი უბედურება. სულ მეფიქრებოდა, ყოველ აღდგომას მესიკვდილებოდა მეგობრის საფლავზე ასვლა, სული მქონდა დამძიმებული. ახლა ვუყურებ, ვუყურებ და გული სიხარულით მევსება შვილო, ნამდვილად ჩემი გაბრიელის სისხლია, ჩემი ძმის ანასხლეტია. შენ რომ მის ნაცვლად ყოფილიყავი, შენ რომ მისი ცხოვრებით გეცხოვრა...
-ამიტომ ნუ გამამტყუნებ თუ ვერ და არ განვსაჯე მკაცრად, ნურც იმას იწყენ შენ თუ იმავეს მოგთხოვ. ისიც ხომ იცი რამხელა სირთულეების წინაშე დგას - ადვილი არაა ამ ჩვენს გაუტანლობით, შურითა და ბოღმით სავსე ქვეყანაში კარგი საქმის კეთება, შვილო. შენ კი შუა გზაში მიატოვე თადიაური, ლექსოს საქმე კი არ მიატოვე მხოლოდ, ჩვენსას, ყველას საკეთებელს აქციე ზურგი. არც ეგ გეკადრება, იცოდე.
- რა, რა ხდება მამა? - წარბები შეჰყარა მინდიამ, აწრიალდა.
- არ ვიცი შვილო, ჯერ არაფერი ვიცი - ამოიხვნეშა ზურამ - ხოსიაურები უტრიალებენ ცუდად
- ნუთუ დათა? ნინოს გამო? მაგაზე არ იდარდო, მე მაგას ვუჩვენებ..
-ნეტა მარტო დათას ამბავი იყოს. კახა იყო ჩამოსული ფშავში, ეძებდა ლექსოს, ნახვა უნდოდა. არ გავაკარე, ახადს გავგზავნე ხელაშვილთან ერთად. არ მოისვენა მაინც, დაურეკია, უნდა შეხვდნენ ამ დღეებში.
- ოჰ, ეგ ბებერი ტურა - დაიღრინა - არა, არ დაიშლის მისას არც ეგ და არც მისი არაკაცი ძმა. ლექსომ იცის რაიმე?
- რაზე უწინდელ ამბებზე?
-ჰო
-არა, არა მგონია. არ გააგებინებდა ზაზა, არც მე ვაპირებ რაიმეს თქმას, ჯერჯერობით მაინც. ის კი იცოდე, რომ არაფრით დავანებებ მაგ ნაძირლებს ლექსოს რაიმე დაუშავონ, ჯერ გაბრიელის გამო, მერე კი ნინოს გულისათვის. თავს შევაკლავ და არ დავუშვებ! შენი იმედი მაქვს, შვილო; შენც ისე უნდა უძმო ლექსოს, როგორ მე გაბრიელს, დამპირდი.
- ჰო, კარგი - ჩაიბურტყუნა - არადა ვაპირებდი ერთი-ორი კიდე მომედო ყბაში, გული მომეფხანა
- ახლა მაგის დრო არ არის-მეთქი, ახლა არ არის ჩხუბის, დაყოფის, დაშლისა და გათითოკაცების დრო. მანამდე თუ არა, ვაჟაობას რომ ვერ აუვლით გვერდს ერთმანეთს, ხომ იცი. სიტყვა მომეცი, რომ შერიგდებით.
- გპირდები, მამაჩემო, გპირდები - ჩაიცინა მინდიამ - სხვა რა გზაა, ხოსიაურებს ხომ ვერ დავაჩაგვრინებთ ჩვენს სიძე-კაცს.
- შენ ფრთხილად იყავი იქეთ არ დაგჩაგროს მაგ სიძე-კაცმა - ღიმილით შეეპასუხა ოთახში შეპარული ნინო, თვალები უციმციმებდა. ერთხანს შეყოვნდა, შეყოყმანდა; მერე კი, მერე გაიწია და ახარხარებულ ძმას მთელი ძალით ჩაეკრა გულში.



ცოტა დაგიგვიანდა ამ თავის დადება. აქამდე ჯერ არ დამიწუწუნია, მაგრამ იმდენად მოუთმენლად ველი ხოლმე ამ ისტორიას ეს რამდენიმე დღიანი დაგვიანება ძალზედ შესამჩნევი აღმოჩნდა relieved
ზურაზე რომ ვგიჟდები ხომ გითხარი უკვე❤ პირველ რიგში ძალიან კარგი ადამიანია და მერე ძალიან მაგარი მამა❤ ხოსიაურსაც კი დაუთმობდა შვილს ოღონდაც ბედნიერი ყოფილიყო. ესაა სწორედ მამა-შვილობა❤ ვიცოდი, მინდია გაჯიქდებოდა და ზურას ჩარევის გარეშე ეგ ამბავი ვერ მოგვარდებოდა. ისიც ძალიან გამიხარდა რომ და-ძმა რომ შერიგდა❤

ახლა გასაგებია რატომაცაა დათა ასეთი თავშიავარდნილი და ბაქიბუქა ტიპი. ერთ შეცოდება შემეცოდა კიდეც. ეგეთ მშობლებს ჯობია საერთოდ არ გყავდეს disappointed ხოსიაურები კიდევ სუფთა ყვარყვარეები არიან. ყველა მთავრობას მოერგნენ და კიდევ ლექსოს ოჯახზე და ბიძაზე ამბობენ აუგს. ეგ ფულის მონები ეგენი rage
რა მოხდა წარსულში ესეთი, რომ ანგარიში აქვთ გასასწორებელი ლექსოსთან? იმედია ის არა რაც ვიფიქრე და იმის იმედიც მაქვს, რომ არ გამოუვათ. კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ დათა ბოლომდე მამამისს არ დაემსგავსება, ნინოსადმი აკვიატებული გრძნობაც გაუქრება და პატიოსნად და ბედნიერად იცხოვრებს. თავისი მშობლების ხელში ეგ ნამდვილად დაიმსახურა.

ველოდები შემდეგს და ეცადე ასე აღარ დააგვიანო relaxed

პ.ს. ამ თავში ლექსო და ნინო დამაკლდა და ველოდები შემდეგში❤

 


№2 სტუმარი wero

როგორი კარგი ხარ ჩემო გაასაოცარი. მადლობა ასეთი კარგი თავისთვის. წარმატებები.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ერთად წავიკითხე ათივე . ძალიან მომწონს და იმედია ასევე ლოგიკურად გაგრძელდება
წარმატებები ♥︎

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

ძალიან ღრმა, საინტერესო და კარგად დაწერილი ისტორია, იმედი მაქვს კარგი და ყველასთვის მისაღები დასასრულოთ იქნება

 


№5 სტუმარი სტუმარი Mmm

როდის იქნება შემდეგი თავი? ჩამითრიეთ და დამტოვეთ დაინტრიგებული :) ასე არ ივარგებს ქალაუ :)

 


№6  offline წევრი ხვარამზე

რუსკიმარუსია
ცოტა დაგიგვიანდა ამ თავის დადება. აქამდე ჯერ არ დამიწუწუნია, მაგრამ იმდენად მოუთმენლად ველი ხოლმე ამ ისტორიას ეს რამდენიმე დღიანი დაგვიანება ძალზედ შესამჩნევი აღმოჩნდა relieved
ზურაზე რომ ვგიჟდები ხომ გითხარი უკვე❤ პირველ რიგში ძალიან კარგი ადამიანია და მერე ძალიან მაგარი მამა❤ ხოსიაურსაც კი დაუთმობდა შვილს ოღონდაც ბედნიერი ყოფილიყო. ესაა სწორედ მამა-შვილობა❤ ვიცოდი, მინდია გაჯიქდებოდა და ზურას ჩარევის გარეშე ეგ ამბავი ვერ მოგვარდებოდა. ისიც ძალიან გამიხარდა რომ და-ძმა რომ შერიგდა❤

ახლა გასაგებია რატომაცაა დათა ასეთი თავშიავარდნილი და ბაქიბუქა ტიპი. ერთ შეცოდება შემეცოდა კიდეც. ეგეთ მშობლებს ჯობია საერთოდ არ გყავდეს disappointed ხოსიაურები კიდევ სუფთა ყვარყვარეები არიან. ყველა მთავრობას მოერგნენ და კიდევ ლექსოს ოჯახზე და ბიძაზე ამბობენ აუგს. ეგ ფულის მონები ეგენი rage
რა მოხდა წარსულში ესეთი, რომ ანგარიში აქვთ გასასწორებელი ლექსოსთან? იმედია ის არა რაც ვიფიქრე და იმის იმედიც მაქვს, რომ არ გამოუვათ. კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ დათა ბოლომდე მამამისს არ დაემსგავსება, ნინოსადმი აკვიატებული გრძნობაც გაუქრება და პატიოსნად და ბედნიერად იცხოვრებს. თავისი მშობლების ხელში ეგ ნამდვილად დაიმსახურა.

ველოდები შემდეგს და ეცადე ასე აღარ დააგვიანო relaxed

პ.ს. ამ თავში ლექსო და ნინო დამაკლდა და ველოდები შემდეგში❤



ამ კომენტარი წაკითხვისას სევდა და სიხარული ერთდროულად დამეუფლა.. თურმე რა ბედნიერებაა, როცა ვინმე მოუთმენლად ელის შენი ნაწერის, შენი რაღაც ნაწილის გაზიარებას.
რომ იცოდე როგორ მესმის შენი მოუთმენლობის და როგორ ძალიან ვწუხვარ ასე რომ აგაფორიაქე, შენცა და ყველანიც, ვინც ამ ისტორიას ელოდებით.
ახსნა-განმარტებას თავის გასასამართლებლად არ ვწერ, იმისათვის ვირჯები, რომ არ მინდა უპასუხისმგებლო გეგონოთ, ან უფრო უარესი - უმადური.

ამ ისტორიის წერა იმიტომ დავიწყე, რომ ჩემს გიჟურ ყოველდღიურობაში (ვგულისხმობ უნივერსიტეტს და ორ სამსახურს) სიხარულის სხივიც გამკრთალიყო, ცოტა იმ ნაგრძნობი თავისუფლების წილი გამეხსენებინა მთაში სტუმრობისას, მოგზაურობა-ლაშქრობისას რომ მეუფლებოდა ხოლმე.

მოკლედ, ეს ისტორია იწერება ძილისწინ მოპარული თითო საათის ხარჯზე.. მაგრამ ხანდახან ისე ვარ გადაღლილი და გასავათებული, უბრალოდ არ შემიძლია, თითო სიტყვის დაწერა, შემატებაც კი.
ამ ბოლო ხანებში კი მთელ ამ უბედურებას ზედ გრიპიც (პისიარმა საბედნიეროდ კორონა არააო) დაერთო... მერწმუნეთ, ახალი თავი სულ ძალისძალადაა დაწერილი, იმის გამო რომ მეტისმეტად ბევრი არ მელოდინებინეთ.

მოკლედ, მაპატიეთ კიდევ ერთხელ ახლანდელი და მომავალი შესაძლო დაგვიანებებისათვისაც, წინასწარ..
და გპირდებით, რომ ამ ისტორიას არაფრით მივატოვებ.

wero
როგორი კარგი ხარ ჩემო გაასაოცარი. მადლობა ასეთი კარგი თავისთვის. წარმატებები.


და შენ? შენ თუ იცი როგორი კარგი ხარ?!
მადლობა მუდმივი მხარდაჭერისათვის

sameone crazy girl
ერთად წავიკითხე ათივე . ძალიან მომწონს და იმედია ასევე ლოგიკურად გაგრძელდება
წარმატებები ♥︎


უღრმესი მადლობა

აბლაბუდა
ძალიან ღრმა, საინტერესო და კარგად დაწერილი ისტორია, იმედი მაქვს კარგი და ყველასთვის მისაღები დასასრულოთ იქნება


გმადლობთ. რაც შეეხება დასასრულს, აბა რა გითხრათ, ჯერ თავადაც არ ვიცი რას ვიზამ..

სტუმარი Mmm
როდის იქნება შემდეგი თავი? ჩამითრიეთ და დამტოვეთ დაინტრიგებული :) ასე არ ივარგებს ქალაუ :)


ავტვირთე, იმედია მოგეწონებათ...

დიდიდიდი მადლობა რომ კითხულობთ, და რომ მოგწონთ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent