სასრულეთი (თავი 35)
მშობლიური სახლის სურნელი ლეა ამბობენ ადამიანმა შეიძლება სამყარო შემოიარო, მსოფლიოს საუკეთესო სასახლეებში იცხოვრო, მაგრამ ვერასდროს ვერაფერი დაგავიწყებს მშობლიური სახლის სურნელს. და მაინც, რომელია მშობლიური სახლი? იქ სადაც ბავშვობა გაატარე, თუ სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ? ჩემი ასეთი მოგონებების სკივრი, რომელსაც არცთუ ისე უდარდელი, მაგრამ მაინც ლაღი ბავშვობის სურნელი ასდის, ნუცუბიძის ხრუშჩოვკის მეოთხე სართულია, სახლი, სადაც პირველად ვთვქი სიტყვა “დედა”, პირველად წავიქეცი და ამაყენეს, პირველად ვიწვოდი სიცხისგან და თავზე მზრუნველად დამფოფინებდნენ. ჩემი მშობლიური სახლი იქაა, სადაც ახლა დედაჩემია, რომლისთვისაც უძღებ შვილად ვიქეცი, რომელსაც თავგანწირვა და ამაგი ვერ დავუფასე და საქვეყნოდ შევარცხვინე მისი სახელი. ბევრს ვფიქრობდი დავუდის ნათქვამზე. ვერაფრით ვიჯერებდი რომ დედაჩემი ასე უბრალოდ ადგა და სიძედ მიიღო, მეტიც თანახმაა ჩვენი კავშირი დალოცოს და მართლმადიდებლურ შობაზეც თავისთან გვეპატიჟება. მართალია, გონება ათასგვარ ალტერნატივას მთავაზობდა მოვლენათა შესაძლო უარყოფითი განვითარების სცენარებისა, მაგრამ გული მაინც მიმიწევდა იმ სახლისკენ, რომელსაც მშობლიური ერქვა, მოხალული მზესუმზირის სურნელი რომ ასდის, იმ სახლისკენ, სადაც ის მელოდება, ვის კალთაშიც ვაფარებდი თავს ეზოში სირბილის დროს მუხლებგადაგლეჯილი, საყვარელი თოჯინის დაკარგვისგან ასლუკუნებულიც, კლასელის ბულინგისგან დაჩაგრულიც და პირველი “სასიყვარულო” იმედგაცრულების მსხვერპლიც. და ახლა თითქოს ჩვენს შორის უზარმაზარი გოდების კედელი აღმართულა. როგორც გოდების კედლის ზუსტი სისქის დადგენაა შეუძლებელი, ანალოგიურადაც შეუძლებელია ჩვენს შორის გაჩენილი კედლის გაზომვაც. ამ ფიქრებზე ჩემდაუნებურად ალესანდრო გამახსენდა. ეგვიპტიდან ვაპირებდით იერუსალიმში გადასვლას მომდევნო დღეს, ვიდრე გამიტაცებდნენ. როგორც ჩვეოდა, წინდაწინ ეძიებდა ხოლმე ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციას და მერე მეც მაცნობდა. სულ ვეკამათებოდი წინასწარ ნუ მეუბნები, თორემ მერე “მუღამი მეკარგება”-მეთქი, მაგრამ არას დაგიდევდათ ჩემს ხვეწნა-მუდარას. დაახლოებით იგივე შეგრძნებებს იწვევდა, რასაც საყვარელი სერიალის ან წიგნის მომდევნო თავის შესახებ დასპოილერება, რასაც სამართლიანად ვფიქრობ რომ სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს. მართალია, იერუსალიმი ვერ ვიხილე, მაგრამ მეხსიერებას ჯერ კიდევ ნათლად შემორჩა გოდების კედლის ალესანდროსეული მათემატიკური აღწერილობა: “ითვლება, რომ ქვედა ნაწილში მისი სისქე 4 მეტრს აღწევს, ხოლო ზედა ნაწილში 2 მეტრს შეადგენს. ყველაზე გრძელი ქვა, რომელიც გოდების კედლის გვირაბებშია, თითქმის 14 მეტრს აღწევს. იგი სიმყარისათვის პირამიდალური ფორმითაა აშენებული. ოსმალთა ბატონობის დროს, მოგვიანებით კი ბრიტანეთის მანდატის პირობებში, გოდების კედელზე დაშენებულ იქნა კიდევ 16 ვიწრო რიგი. ბრიტანელთა მანდატის დროს დაშენებამ ებრაელებსა და მუსულმანებს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ძველი ქალაქი დაიკავების შემდეგ კედელს ქვების კიდევ ერთი რიგი დააშენეს. დღეისათვის გოდების კედელთან სალოცავად გამოყოფილი ტერიტორია 60 მეტრს შეადგენს. დამატებით 20 მეტრს ე.წ. „რობინსონის თაღი“ იკავებს.” და როგორც დღეს გოდების კედლის ორივე მხარეს დარჩენილ მუსლიმანებს და ებრაელებს შორისაა შეუძლებელი საერთო ენის გამონახვა, სწორედ ანალოგიურად მგონია დედაჩემთან ურთიერთობაც ბოლოდროინდელი მოვლენების შემდგომ. რამ გამახსენა ალესანდროს სიტყვები? ასეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ალესანდროს თითოეული სიტყვა ბრძნულ რჩევად მეჩვენებოდა და 90-იანებში ჩაბნელებული რიკოთის გვირაბივით გაურკვევლობაში გზას ლამპრით მინათებდა. მთელი არსებით გავისიგრძეგანე, როგორ მაკლია ალესანდრო, როგორც მეგობარი, როგორც დამრიგებელი ცხოვრების ვიწრო ბილიკებზე. ჩემი ფიქრები კიდევ ერთხელ გამოვკეტე მოგონებების ბნელ სარდაფში და დავუდს მშობლიური სახლისკენ გავყევი. გზად უხერხული სიჩუმის გასაქარწ....ბად დავუდთან საუბრის გაბმა ვცადე. - დავუდ, შენი აზრით, რით გამოირჩევა მშობლიური სახლი ყველა იმ სახლისგან, სადაც ცხოვრებას ვატარებთ? - მოგონებებითა და სურნელით. სახლი, რომელიც ბავშვობის მოგონებებს ინახავს, ვერც ვერასდროს გახდება სულერთი. ვერც მის სურნელს გაიმეორებ ანალოგიურ ალტერნატივაში. - ჩემი ფიქრები გამოიცანი. მეც ეგრე მგონია. და შენი სახლის სურნელი როგორია? - გახსოვს, დაჰაბიდან რომ გამოვიქეცით. ერაყში ჩასვლისთანავე განზრახული მქონდა, რომ ჩემს მშობლიურ სახლში მიმეყვანე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საუკუნოვანი სახლი ჩვენი ახალი ცხოვრების ნავსაყუდელი იქნებოდა. მთელი გზა გიყვებოდი სახლზე, მოგონებებზე, სანამ ჩადრის ქვეშ სხვა ქალი არ აღმოვაჩინე შენს მაგიერ. მაშინ, აეროპორტიდან რომ არ გამქცეოდი შენც გეცოდინებოდა ჩემი მშობლიური სახლის სურნელი, და ვინ იცის როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას. რაც შეეხება შენს კითხვას, ჩემს მშობლიურ სახლს ფაჰლავისა და ჰალვის არაბულ ყავასთან შერწყმული სურნელი ადის. გუნება წამიხდა. რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გახსენება. - რომ არა ჩემი გაქცევა, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ შენ მიყვარდი. ჩემს თვალში იმ გამტაცებლად დარჩებოდი, რომელმაც სიყვარულს დამაშორა. შენს მრისხანე მწვანეებში კი ვერასდროს ვიხილავდი ზურმუხტისფერ ზღვას გრძნობებისას, ასე რომ მიზიდავს. - არც მე დავაკელი. - აი ჩემს სახლს კი მოხალული მზესუმზირის სურნელი ასდის. - მოხალული მზესუმზირა რომელიმე ქართული კერძის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია და მე არ ვიცი? - კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მომაპყრო დავუდმა. - არა, არა. უბრალოდ 90-იანებში სხვა მეტი გასართობი არ იყო, არც მდიდრული სასუსნავების ფული გვქონდა. თითქმის ყველა კორპუსთან მოხუცი ბებო მზესუმზირას ყიდდა ხოლმე, რომელთაც “მესემიჩკე ბებოს” ვეძახდით. მზესუმზირა ისე მიყვარდა, ვოცნებობდი, ჩემი ბებოც მესემიჩკე ყოფილიყო. მოკლედ, მივასკდებოდით ბავშვები ამ ბებოს და ხუთი ან ათკაპიკიანით საზიარო მზესუმზირას ვყიდულობდით ხოლმე. ბებოც გაზეთის ფურცელში ან უფრო ხშირად შვილიშვილის სუფთა წერის წითლად გადაჯღაბნილ რვეულის ფურცლებში ჩაგვიყრიდა ხოლმე მზესუმზირას და ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო. - ფურცელში როგორ ყრიდა? - ეჰ დავუდ, ვისაც 90იანები არ გაუვლია, არც ცხოვრება უნახავს. - დემონსტაციულად ავიღე ე.წ. “ბარდაჩოკში” ჩატენილი გაზეთი და მზესუმზირის ჩასაყრელი კონვერტის შეკვრას შევუდექი - მოიცადე, ეს შენ ხარ? - ფურცლიდან არაბულ სამოსში გამოწყობილი დავუდი მიმზერდა სხვა მამაკაცებთან ერთად. - რა წერია? - ისეთი არაფერი, ახალ ხელშეკრულებას ვდებთ ინვესტორებთან და ანონსია ცერემონიალთან დაკავშირებით, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება, - და ამას ახლა მეუბნები? ანუ ერთ კვირაში ერაყში უნდა ვიყოთ? - ჯერ შევხედოთ სიტუაციას, ლეა. თუ დედასთან ურთიერთობას მოაგვარებ, შემიძლია მარტო წავიდე ერთი კვირით, და მერე ერთად დავგეგმოთ გადაბარგება. სიახლე არ მომეწონა, მაგრამ არ შევიმჩნიე და საუბარი განვაგრძე. - მოკლედ ერთხელაც დედამ დამინახა, როგორი საწყალი თვალებით ვუყურებდი ბებოს და მზესუმზირას, რადგან 5თეთრიანიც კი არ მქონდა. მეორე დღეს ბაზრიდან დიდი პოლიეთილენის პარკით მზესუმზირის მარცვლები მოიტანა და მას მერე საღამოს ტრადიციად გვექცა, “კერესინკის” გახურებულ თუჯის ტაფაზე მარცვლების მოხალვა. ის სუნი და გემო ახლაც მენატრება. შეხვედრამ დედასთან, როგორც ველოდი, იმედგამაცრუებლად ჩაიარა. ვუყურებდი სახლს, რომელშიც გავიზარდე, ნივთებს, რომლებიც უტყვად ინახავდნენ ბავშობის მოგონებებს, დედას და თითქოს ჩემს წინაშე უცხო ქალი იდგა. ვეღარაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ სიყალბეს, არაფრისმთქმელ მზერას და ნაძალადევ თავაზიან ღიმილს, რომელიც წუთითაც არ შორდებოდა სახიდან. ვერც მის მიერ გამომცხვარ ჩემს საყვარელ ღვეზელებს გავუგე გემო. დავრწმუნდი, ჩვენს შორის ნამდვილად გოდების კედელი აღმართულიყო. მშრალი საუბრიდან მალევე დავუდს ვანიშნე, რომ წასვლის დრო იყო და დედას დავემშვიდობეთ. გასვლისას გადამკოცნა, და წასვლამდე მომინახულეო, ერთადერთი ფრაზა ეს მითხრა. კორპუსიდან გამოვედით თუ არა, ღრმად შევისუნთქე ჰაერი, თითქოს აქამდე უჟანგბადო სივრცეში ვიყავი გამოკეტილი. - აბა, როგორ ჩაიარა? - ღიმილით მკითხა დავუდმა, თავად აშკარად კმაყოფილი იყო. - ჩემს სახლს მოხალული მზესუმზირის სურნელი აღარ აქვს. - სევდიანად ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის, ვიდრე დავუდის კითხვაზე პასუხად. აღარაფერი უთქვამს, სევდით სავსე თვალებში უძირო ზურმუხტისფერებით ჩამხედა და გულზე მიმიკრო. ისე მეხუტებოდა, თითქოს ჩემგან სევდის წაღებას ცდილობდა. იმ საღამოს დავუდი გვერდიდან წუთითაც არ მომშორებია. თითქოს ეშინოდა მარტოდ დარჩენილს რაიმე არ მენანა და გადამეფიქრა. მეც ვტკბებოდი საყვარელი კაცის ალერსით, რომელიც ნელ-ნელა სათუთად აცლიდა ჩემს გონებას უარყოფით განცდებს და მომავლის იმედით აღავსებდა. და ეს მკლავები თავადვე მიხმობდნენ მათში ჩასაფლობად, ახლა ეს მკლავები იყო ჩემი სახლი, რომელსაც არაფერში გავცვლიდი. ღამე ერთმანეთზე ჩახუტებულებმა გავატარეთ და მისი სითბო ყველაზე უკეთ დამეხმარა გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებაში. გადავწყვიტე, აღარ მომეცადა და მეც თან გავყოლოდი დავუდს. ბოლო კვირა თინასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად გავატარე. ფეხით შემოვიარეთ თბილისის ვიწრო ქუჩები, ლეღვთახევი და ბოტანიკური ბაღი, ასე რომ გვიყვარდა საჭორაოდ და სასეირნოდ თავის შეფარება. გამოსამშვიდობებელი საღამო კი დავუდმა სეიდაბადში მომიწყო. სეიდაბადი — თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე მტკვრის დინების მარჯვნის, კრწანისის ველსა და თაბორის მთას შორის (ახლანდელი კიროვის სახელობის რაიონის ტერიტორიაა). სახელი ეწოდა XVII საუკუნის 30-იან წლებში აქ დასახლებული სპარსული ტომის სეიდების მიხედვით (სეიდ-აბად, ე. ი. სეიდების დასახლება). და თუ უწინ აქაურობა მექარავნეებისა და ქორ-ვაჭრების თავშესაყრელ ადგილს წარმოადგენთა და არც ტყვეთა ყიდვა-გაყიდვას თაკილობდნენ, დღეს აბანოთუბნის მარგალიტად ქცეულა და ძველი წარსულისგან მხოლოდ მოსახელე რესტორანიღა შემორჩენია, რომელიც დავუდთან პირველი შეხვედრის მოგონებებს საგულდაგულოდ ინახავს და თავისი ინტერიერით წუთით ათას ერთი ღამის ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. მშვენიერი საღამო გამოვიდა, ტამტამების ფონზე ვიძირებოდი საყვარელი კაცის თვალებში და ტანს ვაყოლებდი არაბული მუსიკის აღმაფრთოვანებელ რიტმებს. ჩვენი პირველი შეხვედრაც აქ იყო და ეს უკანასკნელი ასპექტი ამ სივრცეს ორმაგად ამაღელვებელ ელფერს სცენდა. ლიზამ მოწევა გადაწყვიტა და მთხოვა გარეთ გავყოლოდი. ჩანს, საუბარი უნდოდა. ერთ-ერთ იმ იშვიათ მეგობართაგანია, დღემდე რომ უჭირს ჩემს არჩევანთან შეგუება, მაგრამ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ვერ დავკარგავ. - ჰე, აბა, პირდაპირ თქვი, რისი თქმა გინდა. - მხიარულად შევძახე ალკოჰოლით სასიამოვნოდ გაბრუებულმა. ძალიან მესიამოვნა გარეთ გამოსულს ცივი ჰაერი, რომელიც ახურებულ სახეზე მეცეკვებოდა. - მე არ მაქვს სალაპარაკო, აი იმას აქვს. - თვალით მანიშნა ავტომობილების რიგიდან ნელი ნაბიჯით ჩემსკენ მომავალ მამაკაცის მაღალ სხეულზე. მიახლოვდებოდა ნელი ნაბიჯით და მეც ვგრძნობდი, როგორ მეჭიმებოდა ერთიანად მთელი სხეული, ისე რომ ხმა ძლივს ამოვიღე. - ალესანდრო? აქ რა გინდაა? - ენა დამება კითხვის დასმისასაც კი. - გავიგე, რომ აქედან მიდიხარ. ჩემს დაუმშვიდობებლად აპირებდი წასვლას? მე მგონი რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ისეთი როლი მაინც გვაქვს, რომ უსიტყვოდ არ წახვიდე. - მე, მე,. -მეც არ ვიცი, რის თქმას ვაპირებდი, რომ ისევ თავად გააგრძელა. მომიახლოვდა, სახეზე გაყინული თითები ჩამომისვა, თვალებში ჩამხედა და ჩუმად ჩამჩურჩულა. - ბედნიერებას გისურვებ, ლეა. მშვიდობით.- ჩემსკენ დაიხარა, და როგორც ჩვეოდა ყურის ქვეშ ყელთან მაკოცა და უმალვე გამშორდა. ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი და ემოციების ზღვა შიგნიდან ამოხეთქვას ამაოდ ლამობდა. უძრავი მდგომარეობიდან ისევ ლიზას ხმამ გამომაფხიზლა. - რა გითხრა? უცებ მითხარი და შიგნით შევიდეთ, აქ ძალიან ცივა. უხმოდ ავუარე გვერდი და მხიარულ საზოგადოებას შევუერთდი. ამაოდ ვცდილობდი შინაგანი ცეცხლის ჩაქრობას. მომდევნო დილით, წასვლის წინა დღეს, კართან ჩემოდნებით სავსე დედაჩემი რომ დამხვდა, უკვე ყველაფერი ნათელი იყო, მისი მოჩვენებითი მზრუნველობა და თავაზიანობაც. დავუდმაც ბედნიერმა მახარა, რომ დედა ჩვენს არყოფნაში აქ იცხოვრებდა და მასზე სანერვიულო არ მქონდა. მივუყვებოდი აეროპორტის გზას და უკან ვიტოვებდი ძველ ცხოვრებას, ახდენილ და აუხდენელ ოცნებებს, მიზნებსა და მისწრაფებებს. უკან ვიტოვებდი იშვიათი გამონაკლისის გარდა იმ ადამიანებსაც, რომელთაც ჩემს ცხოვრებაზე რაიმე კვალი დატოვეს. ვიცოდი, რომ სულ ცოტაც და უკან დასახევი გზა სამუდამოდ მოჭრილი მექნებოდა. ვცდილობდი, მაგრამ არც სევდას ვგრძნობდი, არც სინანულს და არც გულისწყვეტას. უკვე ყველა ამ ემოციას თავისი ფერი გახუნებოდა. ახლა მთავარი მხოლოდ ჩვენ ვიყავით, მე და დავუდი, და ის რაც იქ, მესოპოტამიის დაბლობზე გველოდა. თან ძველი ცხოვრებიდან ერთი ჩემოდანი და ჩანაწერების ბლოკნოტების დასტა მიმქონდა, მათ შორის ერთი, სრულიად ცარიელი იქ გადახდენილი ამბების კონად შეკვრას ისახავდა მიზნად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.