#21 [ თავი VI ]
VI მეგანისთვის ეს ერთი ციდა ოთახისმაგვარი სივრცე გახდა მთელი სამყარო. წარსული აწმყოდ ექცა და სუდარასავით შემოეხვია მის სხეულს. მძიმე დეპრესიული ეპიზოდი განუვითარდა და თავს უსარგებლო, მტვერმოკიდებულ ნივთად გრძნობდა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ზედაც არ უყურებდნენ. რომელიც არ სჭირდებოდათ და მალე ნაგავში ჩაუძახებდნენ. ან, გაახსენდებოდათ კი, ამ ხნის მანძილზე დავიწყებულის, ნაგავში ჩაგდება? ესეც საკითხავი იყო. ის კი მენაგვეს დაელოდებოდა, რომ საბოლოოდ გაცამტვერებულიყო მისი არსებობა ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანაში. ადამიანები ერთმანეთით ვადამიანობთ, მაგრამ მეგანმა თავისი ადამიანის დაცვა ვერ მოახერხა, რადგან უსუსურობის ღამის პერანგი ეცვა დღემუდამ. დანაშაულის გრძნობა, სინდისის ქენჯნა და სირცხვილი აცილებდნენ გილიოტინასკენ, რომლისკენ მიმავალი ვიწრო, საცალფეხო ბილიკი დღეში ათასჯერ უნდა გაევლო. წრეზე ტრიალებდა, ერთ ადგილს ტკეპნიდა და ვერასდიდებით არღვევდა ამ ჯაჭვს, რომლის ერთი მხარე კისრის ირგვლივ ჰქონდა შემოჭერილი, მეორე მხარე კი მის ჩვილ ვერსიას ახრჩობდა. პანიკური შეტევები დაეწყო და მეტიც, გაუმწვავდა კიდეც და სახეს და ყელს იკაწრავდა. ეზიზღებოდა საკუთარი მე სულით ხორცამდე. გამოსახულება, რომელსაც სარკეში ხედავდა დედამისის სახით და ფსევდო-მამა, რომელმაც მიატოვა შვიდი წლის ასაკში და ცოტა ხნით ადრე ახრჩობდა. … რა მოხდებოდა, რომ მომესწრო? რა მოხდებოდა, რომ მეტი ყურადღება მიმექცია მისთვის? რატომ დაემსგავსა იგი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყინულის პრინცს ჩემ მიმართ? რა დავაშავე მაშინ? "ნილ, სად დავუშვი შეცდომა? რატომ არ დამელაპარაკე, პატარავ? შენ ჰომ თქვი, რომ ერთად შევძლებდით ყველაფერს, ბრმად გჯეროდა ამის. შენი რწმენით კი - მეც ვივსებოდი და ღვინის პირთამდე სავსე ბოკალს ვემსგავსებოდი. რატომ წამართვი შენი თავი? ნუთუ, გეგონა, რომ არ მოგისმენდი? რომ ვერ გაგიგებდი? შენით ვცხოვრობდი, პატარავ! შენ იყავი ჩემი სიცოცხლის არსი და მამოძრავებელი ძალა. ძალა, რომელიც კოსმოსს იქითაც წვდებოდა… სიგიჟემდე გტკიოდა, მაგრამ მალავდი. ოთხად მოკეცვამდე გაწუხებდა, მაგრამ მე ზედაც არ შემომხედე, ისე გადაწყვიტე ყველაფერი. ნეტავ, რამდენი ხანი ფიქრობდი ამაზე? შენს საფლავზე მხოლოდ დასაფლავების დღეს ვიყავი, ძმაო. მხოლოდ მაშინ, როდესაც შენი ნაკვთები ისეთივე იყო, როგორიც ადრე. და ერთი წყეული წამით, მომეჩვენა კიდეც - იღიმოდი. მე კი სხეულს შიგნით ჩამწყდა რაღაც. სახეზე გეწერა კმაყოფილება და მე ვერ მივიღე ეს. ახლაც ვერ ვუშვებ, რომ შენ გსურდა ის, რაც გააკეთე. დარწმუნებული ვარ, რომ შეგვეძლო ეს ერთად გადაგველახა, მაგრამ შენ მე არ მომეცი ამის უფლება. ჩემი ბრალია, ერთხელ მაინც უნდა დამეძალებინა. ერთხელ მაინც უნდა გამომეჩინა სიმტკიცე, მაგრამ თბილ საუბრებს მიჩვეული მეგი ამას ვერ გააკეთებდა… ჰო, ჩემი სისუსტე ჩემი ბრალია. ეს კარცერი კი… ნილ, შენი წილი სიცოცხლეც უნდა ვიცხოვრო. ვიცი, მიყურებ, გესმის და განიცდი. მაგრამ პირობას გაძლევ - არ დავნებდები. სადაც ამდენი გადავიტანე შენთან ერთად, შენთან ერთადვე ვიცხოვრებ დარჩენილს." ავდექი და ეს პირველი მოძრაობა იყო, რაც გავაკეთე ბოლო სამი დღის განმავლობაში, საპირფარეშოს თუ არ ჩავთვლით. შხაპს მივაშურე და გავიხადე. ცხელი წყალი მოვუშვი და სახე შევუშვირე. ვერ ვიტყვი - როგორი იყო. იმდენი ჭუჭყი ჩამოვირეცხე, ოდესმე, ცხოვრებაში ამდენი ხანი რომ არ მებანავა, ჭკუიდან შევიშლებოდი. კბილები?! გაუსაძლისად მტკიოდა, სიგარეტი მჭირდებოდა სასწრაფოდ, მაგრამ… აკრძალული მქონდა. რამდენი ხანი გავიდა? ერთი თვე? ორი? აქ არც საათი იყო, არც კალენდარი. ჯანდაბა! საკვები ბოლოს როდის მივიღე? რას ვგავარ, ძვალი და ტყავი ვარ დარჩენილი. ყველა სიკეთესთან ერთად ანორექსიაც ავიკიდე? მეგან! თავი ხელში აიყვანე. ღმერთო, მერამდენე შეძახილი იყო საკუთარ თავთან. მეგან, გთხოვ, არ ჩაქრე. ნუ იქნება ეს წამიერი აალება, გევედრები. შენ დაკარგე საკუთარი თავი, მაგრამ ამაზე ჰომ არ არის ყველაფერი აგებული?! აწიე საჯდომი და იპოვე. იმ ნაგავში, სადაც იქექები უკვე მერამდენიღაც დღეა, იპოვე ის მეგანი, რომელიც გჭირდება. რომელიც რეალურად ხარ და არა ილუზორულად. თავი შესწირე სხვას და შენ აორთქლდი ყველა ადამიანში, ვისაც კი დახმარების ხელი გაუწოდე. გამოფხიზლდი! წყლის წვეთები მესაუბრებოდნენ. უკვე აღარ დუმდნენ, როგორც თავიდან. ანცად ეხეთქებოდნენ ჩემს გაძვალტყავებულ სხეულს და თითო სიტყვას მჩუქნიდნენ ძღვენად. წამით წარმოვიდგინე, რომ ისევ რვა წლის ვიყავი და ნილი სულ რაღაც ორი დღის იყო… … არასდროს დამავიწყდება - პირველი შეხვედრა, პატარა ანგელოზთან. რომელიც დედამიწაზე მოხვდა, რათა გადაერჩინა საკუთარი სიწმინდე და სიცოცხლის ეკლიანი გზა უშეცდომოდ გაევლო. სახე ვარდისფერი და დაბუშტული ჰქონდა. თვალებს ძლივ-ძლივობით ახელდა და კიდურებს უმისამართოდ იქნევდა. ტიროდა და ძუძუს ითხოვდა, თითქმის ყოველთვის. დედაჩემმა მიაჩვია ხელში აყვანას და რწევას. ასე მშვიდდებოდა და მე მიხაროდა, როდესაც ასეთ დედას ვხედავდი. ის შვიდი წელი მახსენდებოდა, რომელიც იდილიაში გავატარეთ და მე მეგონა, რომ ნილის დაბადება, დედას ჩემ მიმართ ოდნავ მოალბობდა მაინც. - დედა, ხელში დამაჭერინებ? - გულუბრყვილოდ ვკითხე ერთხელ. - მეგან, მეტისმეტად პატარა ხარ, ვერ გაუმკლავდები და რამე რომ დაუშავდეს, გაგგუდავ. - ცივად მომიშორა და ნილის რწევა განაგრძო. აჭმევდა და უნდა დაეძინა მალე პაწიას. - წადი, თხილი მოკრიფე, ხვალ ბაზარში წავალ. - უნიათოდ მომიგდო ორი სიტყვა და ისევ ჩემს ძმას მიუბრუნდა. მშურდა. არაადამიანურად მშურდა იმ პატარა არსების, რომელიც უბრალოდ გაჩნდა და მას ზედ დაჰფოფინებდნენ. მე კი უკვე მეცხრე წელიწადია დედაჩემის შვილი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფსევდო-მამა წავიდა - დედას შევზიზღდი. მაგრამ, ამავდროულად, ძამიკო მიყვარდა… ჯერ კიდევ პირველად რომ გავიგე, კიდევ ერთი წევრი შეემატებოდა ჩვენს ოჯახს - სიხარულით ცას ვეწიე. ვგეგმავდი - როგორ მოვუვლიდი, საფენებს გამოვუცვლიდი და ხელში აყვანილს დავაძინებდი და თავის საწოლში ჩავაწვენდი. თუმცა დედის პასუხმა ნათლად მიმახვედრა, რომ სანამ პატარა ვიყავი, არ მეღირსებოდა ძმის მოფერება. იმედგაცრუებული წავედი თხილის საკრეფად. ორი სათლი წავიღე თან. თითოეულში ხუთ კილოგრამამდე თხილი ეტეოდა, მთლიანად უნდა გამევსო. შუაღამემდე თუ მოვრჩებოდი, ძალიან გამიმართლებდა. მოვემზადე პროცედურისთვის, რომ შორიდან ჩამესმა "რძე, მაწონი, ყველი". ეს მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო - ლორა ბებო. ბედნიერებისგან შევკივლე და სირბილით ჩავირბინე ჭიშკართან. იგი სოფლის ერთ ბოლოში ცხოვრობდა, ჩვენ მეორეში. დღეში დაახლოებით რვა თუ ცხრა კილომეტრს გადიოდა ეს ჭაღარა შეპარული ქალი, რომ როგორმე თავი გაეტანა. ქვრივი იყო. ოცდაათის იყო, როდესაც ქმარი დაეღუპა უბედური შემთხვევის გამო და იმ დღიდან შავი არ გაუხდია, სხვისკენ გახედვაზე საუბარიც არ ღირს. ახლაც სიგიჟემდე უყვარს ჯეფრი და სიკვდილამდე და იმის იქითაც მეყვარებაო - იძახის. მჯეროდა მისი. არც ახლა შემიწყვეტია მასთან კონტაქტი, თუ ამ კარცერს არ ჩავთვლით. წერილით გავაფრთხილე, რომ ცოტა ხნით ხაზზე ვერ ვიქნებოდი და პასუხად მისი ლოცვა და მხარდაჭერა მომივიდა. სულ სხვაა, როდესაც ადამიანს ტელეფონით ან სხვა გაჯეტით ეკონტაქტები და სხვა, როდესაც იგი ფურცელს და კალამს ეუფლება, ამოანთხევს თავის დარდს, წუხილს, სიყვარულს და სითბოს და სათუთად დებს კონვერტში, რომელიც ღმერთმა იცის, ჩვენი ფოსტის გადამკიდე, როდის მიაღწევს დანიშნულების ადგილს. ჩვენ ერთმანეთს წერილებს ვწერდით. ბინაში მთელი დასტა მაქვს წერილებისა, რომელიც ათასი მოკითხვით, ათიათასობით სიყვარულის სიტყვით და მილიონობით ნილითაა სავსე. იყო სავსე, სანამ… … - ლორა! - ვიკივლე, როგორც კი მისი ტკბილი ხმა გავიგონე. რკინის სათლები დავყარე და მისკენ გავიქეცი. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც მივრბოდი. ცა და ქვეყანა ჩემი მეგონა, როდესაც ამ ქალს ვხვდებოდი. ჩვენი სახლისგან ოდნავ მოშორებით გრძელ, ხის სკამზე ჩამოვჯდებოდით და ლამის, საათობით ვსაუბრობდით. - ჩემი პატარა გოგო! - დამიძახა, როდესაც თვალი მომკრა. პროდუქტები ძირს დააწყო და ხელები გაშალა. მე კი მისი ჩახუტებისთანავე გავთბი. - როგორ ხარ ? - მკითხა და ცხვირზე თითი დამკრა. - სიმართლე გითხრა თუ მოგატყუო? - სულ ასე იწყებოდა ჩვენი დიალოგი. - რა ხდება, ბებო? ისევ გირტყამენ? - შეიცხადა, მაგრამ სცადა ჩემთან არ შეემჩნია. - სულ ცოტათი. - ვიცრუე. დღე არ გავიდოდა, სილა რომ არ გაეწნათ ან წკეპლა არ დაერტყათ. - გტკივა, ბებო? - ჩემს მხარზე ჩალურჯება შეამჩნია, გუშინ ნილის ხელში აყვანას ვემუდარებოდი და კარს მიმახეთქა დედამ. - არა, არ მტკივა. - თავი გავაქნიე და გავწითლდი. - ტყუილი არასდროს გამოგდის, სიხარულო. - თქვა და უბის ჯიბიდან სასწაულმოქმედი მალამო ამოიღო. როგორც კი ჩალურჯებაზე ან ნაკაწრზე წამისმევდა, მეორე დღეს უკვე აღარ მტკიოდა. - მაპატიე. - თავი ჩავხარე. - არაუშავს, ბებო. შენი ოჯახია და გიყვარს, არ გინდა, რომ ცუდად იფიქროს სოფელმა. ხომ მართალია? - მიღიმოდა და მალამოს მისვამდა. - ჰო, მიყვარს. მაგრამ, მგონი, მათ არა. - პირველად ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი სინამდვილეში. - რატომ გგონია ასე ? - დაიზაფრა. - ვინც გიყვარს, იმას არ ურტყამენ. - ჩემი ლურჯი თვალების შუქი მივაფინე სახეზე. - ერთი მხრივ მართალია, მეორე მხრივ არა, ჩემო პატარავ. - ყოყმანით მიპასუხა. - ამიხსენი. - თუ ვინმე ცუდად იქცევა და სიტყვა არ ესმის, მასზე ძალადობენ. ეს სამწუხაროა, ასე არ უნდა იყოს, ანგელოზო, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სიყვარულს. - რატომ შეიცვალა დედაჩემი?! ადრე ასეთი არ იყო. სანამ ის მამა იყო ჩვენთან, მეფერებოდა ხოლმე, მკაცრი იყო, მაგრამ… მაგრამ ახლა… - ამოვიხვნეშე. - სიყვარული არსად გამქრალა ჩემო ძვირფასო, უბრალოდ, ცხოვრება დღითიდღე იცვლება. - ყოველ ჯერზე მგონია, რომ არ ვუყვარვარ და არ ადარდებს - როგორ მტკივა. - ყველა დედას ადარდებს - როგორ არის მისი შვილი. შეიძლება ამას არ გაჩვენებს, მაგრამ მაინც. - თქვა. მაგრამ ყველამ ვიცით, რას ფიქრობდა იგი სინამდვილეში. რომ მოძალადე მშობელი - ამაზრზენია. რომ ძალადობა საქმეს არ შველის, რომ მეგანს სჭირდებოდა ის ელემენტარული რამ, რაც მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს - სიყვარული და მხარდაჭერა. რომ მხოლოდ ჭამა-სმა არ ნიშნავს იყო მშობელი. - შენ რომ გხვდები ხოლმე, ძალიან მიხარია. მხოლოდ შენ გესმის ჩემი, ლორა ბებო. - ამოვიოხრე და ოხვრას მოვაყოლე სიტყვებიც. - აი, შენ ჰომ გუშინ ძამიკო შეგეძინა? - ჩემკენ დაიხარა და ჩურჩულით მითხრა. - ჰო. - მეც ძალაუნებურად დავუწიე ხმას. - ეგ ბიჭი იქნება შენი მეგობარიც, დამცველიც და მთელი სამყარო, ბებო. - დედა არ მაძლევს უფლებას, რომ ცოტათი მოვეფერო მაინც… - თავი ჩავხარე მომდგარი ეული ცრემლის დასამალად. - მეგ, რამდენი წლის ხარ? - შენ რა, არ იცი? - შევიცხადე. - ვიცი, სიხარულო, მაგრამ მინდა, რომ შენ თქვა. - რატომ? - მიპასუხე და გაიგებ. - რვა წლის. - ნილი რამდენისაა? - ორი დღის. - დედაშენი? - აქ დავიბენი, არ მახსოვდა დედაჩემის ასაკი. - მე გეტყვი - ოცდაცამეტისაა. - რატომ მისვამ ამ კითხვებს? - შენ იცი იმდენი, რამდენიც დედამ ? - აგრძელებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს. - რა თქმა უნდა, არა. - შვილი გყოლია ოდესმე - ეღიმებოდა. - არა, ბებო. - გადავიკისკისე. - მე თვითონ ბავშვი ვარ, საიდან მეყოლება შვილი. - დედაშენს უკვე მეორე ჰყავს, ჰომ? - კი. - როგორ ფიქრობ, ნილს, რომელიც სულ რაღაც ორი დღისაა, შენ უკეთ მოუვლი თუ დედა? - საკონტროლო კითხვა დამისვა და მე მივხვდი, რატომ იყო მის მიერ დასმული შეკითხვები ასეთი მარტივი. - შენი საუბრით, დედა უკეთ მოუვლის. - თავი ისევ ჩავხარე და ცალ ფეხს უმისამართოდ ვიქნევდი. - მაგრამ... - რა მაგრამ, პატარავ? - დამიყვავა და ხელი ლოყაზე მომითათუნა. - თუ დედა ნილს ისე მოექცევა, როგორც მე… - ღრმად ვსუნთქავდი. - მაშინ? - ლორა ბებო, მაშინ ნილი მოკვდება. - ამოვისრუტუნე, გული ამიფრთხიალდა. შეშინებული ბეღურასავით. ლორა კი გაჩუმდა. თითქმის, ერთი წუთი დუმდა. ეძებდა სიტყვებს, რომ ეპასუხა. - თუ შეამჩნევ მსგავს რამეს, შენ დაიცავი ნილი. - ხმა უეცრად ძალიან მკაცრი გაუხდა. - თუ ვერ გაუმკლავდები, მე დამიძახე. - კი, მაგრამ, შენ ჰომ შორს ცხოვრობ. - მიამიტი ბავშვის კითხვა. - რამეს მოვიფიქრებ, ბებო, არ იღელვო მაგაზე. - მითხრა და სკამიდან წამოდგა. შავი კაბა დაიფერთხა და ჩემს ჩაცმულობაზე გული აუჩუყდა. მაისური, რომელიც თეთრი უნდა ყოფილიყო ფერფლისფერი გახდა, შორტები კი ალაგ-ალაგ შემომეხია. - ახლა წავალ, გავყიდი ამათ. - თქვა და პროდუქტებს გადახედა. ერთი ბოთლი რძე მომცა და თვალი ჩამიკრა. თხილის კრეფას ენერგიულად შევუდექი, მაგრამ დაბნელებამდე მაინც ვერ მოვრჩი. რძე იქვე მყარ ქვაზე დავდგი, რომ არ შემომტეხვოდა ხელში, საქმის დასრულებისთანავე ორივე სათლი და ერთი ბოთლი რძე სახლში ძლივ-ძლივობით მივიტანე. ყველა კუნთი მტკიოდა, განსაკუთრებით კი ხერხემლის გასწვრივ არსებული მყესები. - სად იყავი ამდენ ხანს? - შემომიბღვირა დედაჩემმა, ისევ ნილი ეჭირა ხელში. ეძინა. - თხილს ვკრეფდი, დედა. - ვთქვი და გავუღიმე. გაოცდა, როცა ჩემს სახეზე ღიმილი დაინახა და მგონი, დაიბოღმა კიდეც. - ეს რძე საიდან? ისევ იმ ქალს ელაქლაქებოდი? - შემომიტია. - თხილით ორივე სათლი სავსეა და რძეც კი მოვიტანე, რა დავაშავე, დედა? - ამოვიხვნეშე და ვგრძნობდი, მალე ამეტირებოდა. - რაზე ელაპარაკები იმ ქალს ამდენს, რომ უფასოდ რძეს გაძლევს?! - თბილად მოვიკითხავ ხოლმე, როგორ არის, საქმე როგორ მისდის და… მაძლევს ხოლმე. გამორთმევა არ მინდა, მაგრამ შენ თავს მაფიცებს. - ხმა მითრთოდა. - ვიღაც ლორა უნდა მოიკითხო თბილად და საკუთარ დედას ბოლოს როდის ჰკითხე - როგორ არის? - ეძებდა მიზეზს, რომ ეჩხუბა. - შენ, დედა? - აცრემლებული თვალი თვალში გავუყარე. - რა მე?! - შენ ბოლოს როდის მკითხე როგორ ვარ? - შევუტიე. ვიცოდი რითაც დამთავრდებოდა, მაგრამ მაინც. - მე ვხედავ როგორც ხარ. - როგორ ვარ? - მშვენივრად ხარ, თხილს კრეფ, ოჯახს ეხმარები, სკოლაში დადიხარ, არ გშია, არ გწყურია! - მომაყარა უცებ. - კარგად ხარ! - მტკივა. - ვთქვი და ავტირდი. - შენივე ბრალია თუ გტკივა. ხან ამას აკეთებ არასწორად, ხან იმას. და მოგხვდება, აბა რა იქნება! ყველა ასე ცხოვრობს. - გაწიწმატებული იყო. - შენც არ ხარ გამონაკლისი! მეც ასე ვცხოვრობდი და მამაშენიც. - არ მშია, არ მწყურია, მაგრამ გული მტკივა, აი, აქ. - მარცხენა მხარეს ხელი მივიდე და ჭუჭყიან მაისურს ხელი მოვუჭირე. - რას გულისხმობ? მანდ არ დამირტყამს! - თავი იმართლა და თითქოს, შეეშინდა კიდეც. - ბოლოს, როდის თქვი, რომ გიყვარვარ? - ვთქვი და მოთქმით დავიწყე ტირილი. - არ გიყვარვარ! არც ერთს არ გიყვარვართ! ნილსაც კი არ ვუყვარვარ! არ გჭირდებით! - ვტიროდი, ვკვნესოდი და ვსლუკუნებდი. აღარ შეეძლო რვა წლის მეგანს ამდენის მოთმენა და საკუთარ თავში ჩახშობა. ამოხეთქა დიდი ხნის მძინარე ვულკანივით და ლავა ემოციების სახით მთელ სახლში გადმოიღვარა. ატმოსფერო უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა. მამა-მამინაცვალი ჩემ უკან იდგა და ამას ვგრძნობდი. დედაჩემი მას უყურებდა და დაბნეული იყო. არ ელოდა ჩემგან ამას. არავინ ელოდა, ჩემი ჩათვლით. მძინარე, პაწია ნილი კი ძალაუნებურად გავაღვიძე და მანაც ჩემთან ერთად დაიწყო ტირილი. მუხლებზე დავეცი და ვეღარ ვსუნთქავდი. ფილტვები უარს აცხადებდნენ ჟანგბადის მიღებაზე და ბუნტი მოაწყვეს. ჩავიკეცე და მეტი არაფერი მახსოვს. გონება დავკარგე. მხოლოდ იმას ვიმეორებდი - არ გიყვარვართ, არ გიყვარვართ, არ… მამა-მამინაცვალმა ამიყვანა თურმე ხელში და ჩემს საწოლში ჩამაწვინა. მაგრამ იმ მთვარიან, სევდით გაჟღენთილ ღამეს მარტო მეძინა, არც დედა, არც მამა მყავდა გვერდით. მხოლოდ მარტოსულობა მომიწვა და თმაზე მეფერებოდა. მპირდებოდა, რომ არასოდეს დამტოვებდა და ის ერთადერთი იყო, ვისაც ჩემს ცხოვრებაში პირობა არ გაუტეხავს. სამწუხაროა, ნამდვილად სამწუხარო. … დილით დედამ გამაღვიძა. უცნაურად იქცეოდა, არ უყვირია, რომ შუადღემდე მეძინა, არც წკეპლა მოუმარჯვებია. უბრალოდ, მხარზე ხელი დამადო და მითხრა. - მეგი, გვიანია უკვე, ზედმეტი ძილი არ შეიძლება, ადექი. - ცოტათი შემეშინდა, რადგან ასეთი გაღვიძება ბოლოს ერთი წლის წინ მახსოვდა. სანამ მამა წავიდოდა. სწრაფად ავდექი და ტანისამოსი ჩავიცვი. ხელ-პირი გაყინული წლით დავიბანე და გამოვფხიზლდი. კბილებს მტკენდა ცივი წყალი, მაგრამ არაუშავს, მივეჩვიე. საუზმე ცოტათი ცივი დამხვდა, რადგან ერთი საათით უფრო გვიან ავდექი, ვიდრე ჩვეულებრივ. გეგმებს ვაწყობდი - როდის რა უნდა მომესწრო, რომ ჩხუბი თავიდან ამერიდებინა. ომლეტი სწრაფად შევსანსლე და ჭურჭელი დავრეცხე. ღმერთს მადლობა, რომ შაბათი იყო და სკოლაში წასვლა არ მიწევდა. - მეგან, - მომმართა დედაჩემმა და ჭიქა კინაღამ ხელიდან დამისხლტა. - ბ-ბატონო. - ვთქვი და მისკენ შევბრუნდი. - ჯოს უნდა შენთან ლაპარაკი, როცა მორჩები, მის ოთახში შედი. - მითხრა, მაგრამ ბრძანების ნატამალიც ვერ შევამჩნიე მის ხმაში. ვერ ვხვდებოდი, რაზე სურდა ლაპარაკი ჯოს ჩემთან, მაგრამ ეკლებმა სხეულზე მაინც დამაყარა. მისი ოთახის კარზე დავაკაკუნე და შევედი. - მოდი, მეგან. დაჯექი. - ისევ სარწეველა სკამში იჯდა. მეზიზღებოდა ის ხმაზე რომელსაც გამოსცემდა. დავემორჩილე და მის წინ, პატარა უზურგო სკამზე დავჯექი. - გუშინ ცუდად იყავი, ჰო? - ჰო. - თავი დავუქნიე, მაგრამ მზერის გასწორება ვერ გავბედე. - შენი ცუდად ყოფნის გამო, დედაშენს მთელი ღამე არ ეძინა, ეს იცი? - მკითხა. გავშრი, გული გამიჩერდა. - ნილი?! - ამოვიჩურჩულე. - ნილი კარგადაა, დედაშენი არა. თუ დედაშენი ცუდადაა, ნილს ვერ მოუვლის, ასეა? - ჰო. - თავი ჩავხარე. - მაგრამ შენ ვერ მოუვლი ნილს, ასეა? - მე… - რა, შენ? - მე მინდა, ნილს მოვუარო. - მეტისმეტად დავპატარავდი და მოვიკრუნჩხე. ახლა წესით წკეპლა უნდა მომხვედროდა, რადგან შევეწინააღმდეგე. - სურვილი და შესაძლებლობა ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა, მეგან. - ჩემ წინ ჩაიმუხლა. - ანუ ნილს ვერ მოვუვლი? - ტუჩის კუთხეები იატაკისკენ ჩამომეწელნენ. - ჯერ ვერ მოუვლი, ჯერ ცოტათი უნდა გაიზარდო. გაიზრდები და შენი მოვალეობა გახდება ნილის მოვლა. - თავი ავწიე და გაბრწყინებული თვალები მის თვალებს გავუსწორე. - გიხარია? - მკითხა და გაიღიმა. - მიხარია. გავიზრდები, მალე გავიზრდები. - ვთქვი და სულ დამავიწყდა, რომ გუშინ იმაზე ვტიროდი, რომ მშობლებს არ ვუყვარდი. - ძალიან კარგი. ახლა მეორე საკითხი - რატომ გგონია, რომ არ გვიყვარხარ?! - თვითონ გამახსენა. ღიმილი სახეზე შემახმა და თავი ჩავქინდრე. - ვინც უყვართ, მას არ ურტყამენ. - ის ვუთხარი, რაც ლორა ბებოს. - ვინ გითხრა ეგ? ლორამ? - ღრმად სუნთქავდა ჯო. - არა. - თავი გავაქნიე. - ლორამ მითხრა, რომ აღზრდისთვის საჭიროა ხანდახან და ეს არ ნიშნავს, რომ მშობლებს არ უყვარხარო. - შვებით ამოისუნთქა ჯომ. - მართალი უთქვამს. ხომ დაუჯერე ლორას? - ჩამეკითხა, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, რომ ლორასი მჯეროდა. - დავუჯერე… - მაშინ რატომ იტირე და თქვი, რომ არ გვიყვარხარ? - არ გითქვამთ. არასოდეს გითქვამთ. დედა ადრე მეუბნებოდა, მაგრამ ახლა აღარ. გადავუყვარდი? - თვალზე ცრემლი მომადგა. - გაჭმევთ, გასმევთ, ჭერი გაქვს, არ გცივა - ამ ყველაფერს გააკეთებს ადამიანი თუ არ უყვარს? - არა? - მართალია, არ გააკეთებს. ჩვენი სიყვარული მოქმედებაშია და არა სიტყვებში. აბა, წარმოიდგინე - მე გეუბნები, რომ მიყვარხარ, მაგრამ არაფერს ვაკეთებ შენთვის, შენ რას იფიქრებ? - კარგი მანიპულატორი იყო ჯო, ძალიან კარგი. - ვიფიქრებ, რომ იტყუები. - გულუბრყვილოდ ვუპასუხე. - ახლა მეორე სიტუაცია - არ გეუბნები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, ახლა ხომ ნათელია, რომ უსიტყვოდაც გვიყვარხარ? - ოჰ, ეს გულისამრევი, ფარისევლური ღიმილი. - ნათელია. - მეც გამეცინა. იმ დღეს დამასვენეს. მეორე დღიდან კი ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჩადგა. წკეპლა, მათრახი, სილის გაწვნა და ა.შ. არ მშიოდა, არ მწყუროდა, თავზე ჭერი მქონდა… პ.ს. აბა, რას ფიქრობთ? მეგანზე, "მშობლებზე", ლორაზე? მე პარადოქსული აზრები მაწუხებს. თქვენ გამიზიარეთ - რას გრძნობთ კითხვისას. ნებისმიერ კრიტიკას მივიღებ, სიუჟეტთან დაკავშირებულის გარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.