#21 [ თავი VII ]
VII დილის შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც ფუმფულა საწოლზე წამოჯდა. ცალი ხელით სახე მოისრისა და გემრიელად დაამთქნარა. თვალები აახამხამა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გაუცნობიერებლად დასწვდა. 7:14 13.03. ადრეაო გაიფიქრა, მაგრამ მაინც ადგა. მის გვერდით მყოფ მშვენიერ ქალს შეხედა და იდიოტური თვითკმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა. ლამის, ცეკვა-ცეკვით გავიდა სამზარეულოში და ბანალურად, ტოსტების მომზადება დაიწყო. თავი კიდევ უფრო უნდა მოვაწონოო, არადა მზარეული მისგან არ დადგებოდა არასდროს. - ლეონ ლარუსო! - იკივლა საძინებლიდან ქერა ქალმა, რომელიც სულ ორიოდე წუთის წინ ლეონმა დატოვა მძინარე. კაცი შეხტა მოულოდნელობისგან, მაგრამ მაინც უპასუხა. - ო, ქალღმერთმა გაიღვიძა! - წამოიძახა და ტოსტერში პური მოათავსა. - რას მიირთმევთ? - ღიმილი ეხატა სახეზე და არ აპირებდა ფეხის მოცვლას. - საწოლში მარტო დატოვე ქალი! - საყვედურებით აავსო ოლივიამ და დედიშობილა გავიდა ლეონთან. სპეციალურად აღიზიანებდა მას. - ჯანდაბა! ჩაიცვი, თორემ ჩემი საუზმე შენ იქნები. - სისხლის ადუღება იგრძნო ძარღვებში კაცმა. - შეგიძლია ტოსტი მიირთვა, ამას კი - სკამზე დაჯდა და ფეხები ერთმანეთს დააშორა ქალმა. - ვერ მიიღებ. - საკუთარ თავში მეტისმეტად დარწმუნებული ბრძანდებით, მის. - გადაიხარხარა ლეონმა და რამდენიმე ტოსტი ორ თეფშზე გაანაწილა. ერთი თეფში ოლივიას დაუდგა წინ, მეორე კი თავისთან. მაცივრიდან ანანასის წვენი გამოიღო და ჭიქებში ჩაასხა. მყუდრო ბინა ჰქონდა. ზედმეტს ვერაფერს ნახავდით, გარდა ზომაზე დიდი კალენდრისა, რომელიც უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორის გვერდით ეკიდა. მისაღები-სამზარეულოს სივრცე სავსე იყო ლურჯი პუფებით, რომელნიც მიმოფანტულნი იყვნენ და ავსებდნენ თითქმის ცარიელ ოთახს. ბარის მაგიდასთან მოკალათებული ორი სხეული ერთმანეთს უღიმოდა და შეექცეოდა ნახევრად დამწვარ პურს, რომელიც ლეონს შიშველი ოლივიას ყურების შედეგად დაეწვა. თვალებში ახალაღძრული გრძნობა ციმციმებდა და იმედის სხივთან ერთად, რომელიც ყველას თითქმის ყოველთვის გვაქვს, ტანგოს ცეკვას აპირებდა. - უბადლო მზარეული ხარ! - დასცინოდა ქალი. - შენი ბრალია ჩემი ე.წ. უბადლოობა, ქალბატონო! - შეუბღვირა ლეონმა. - ახლა ყველაფერს მე დამაბრალებს! - კი არ გაბრალებ, შენი ბრალია! - დღეს რა გეგმები გაქვს? - თემა გადაიტანა ოლივიამ. ძალზედ ცვალებადი ხასიათი ჰქონდა. - რას გულისხმობ? - იქნებ, სადმე გაგვესეირნა ან რესტორანში წავსულიყავით? - ოლი, ძალიან გთხოვ, ოღონდ იმ წყვილებს არ დავემსგავსოთ… - წამოიწყო ლეონმა. - შენ მე ვინ გგონივარ? - გაეცინა ქალს. ბროლივით კბილების ორი რიგი ულამაზეს ღიმილს ქმნიდა მის სახეზე. - მოკლედ, მოიცა, რა რიცხვია დღეს? - ლეონმა იმ უზარმაზარ კალენდარს გახედა. - არ ვიცი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაც - კალენდარზე თითის ქნევით მიუთითა. - აქედან უნდა მოაშორო. - უკვე ჩემს ბინაში ნივთების გადაადგილებას შეუდექი? - შეიცხადა კაცმა და თვალები დაქაჩა. თითქოს, მართლაც შეეშინდაო. - მოდუნდი, ლეონ. - კისკისებდა ქალი. გიჟდებოდა, ლეონის ნერვებზე თამაშს როდესაც ახერხებდა. მისი მთავარი გასართობი იყო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ლეონი მარტივად იჯერებდა, მარტივად ვარდებოდა და მარტივადვე მშვიდდებოდა. - დღეს ცამეტია. - თქვა და ანანასის წვენი სიამოვნებით მოსვა. - ცამეტია, ერთი ბიზნეს შეხვედრა მაქვს, სხვა საქმე არაფერი. იქნებ, მიპასუხო - რას აკეთებ დღეს? - გაწიწმატდა ოლივია. - დღეს მთელი დღე შენი ვარ, საყვარელო. - თქვა და ტუჩებზე აკოცა. - ისე, კომპანიამ ეს თვე, ფაქტობრივად, ჩააგდო… - მოიწყინა. - რას გულისხმობ? - ხელები წელის გარშემო შეუკრა და ახლოს მიიზიდა. - რაც მეგანი არ არის, ნაკლები შეკვეთები, ნაკლები ხარისხიანი პროექტები გვაქვს და არ ვიცი… - მხრები აიჩეჩა და თვითონაც მიეკრო კაცის ტორსს. - ჰო, მეგის გარეშე ცოტათი მოსაწყენია. - ჩაიბურტყუნა ლეონმა. - რამდენი გავიდა? თვენახევარი, ჰო? - თითქმის. - თავი დაუკრა ქალმა. - კორნელ ფლინს შეხვდი მას შემდეგ? - არა, არ გამოჩენილა თვითონ. მხოლოდ თავის ხალხს მიგზავნის ხოლმე, თუ რამე სჭირდება. - თვალები მობეზრებით აატრიალა. - უცნაური არ არის? - რა? - მეგანის ექსპერიმენტი დაიწყო და გაქრა. - არა. ზოგადად, ასე აგვარებს საქმეს. ვიღაცების გამოგზავნით. თვითონ იშვიათად იწუხებს თავს. ეს მისი სტილია. - საიდან იცი? - ეჭვის თვალით შეხედა კაცმა. - ვისაც კი კორნელთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის. - მხრები აიჩეჩა. - თან გავიკითხე კიდეც და ეს მისთვის ნორმაა. - ზუსტად ეგ არის უცნაური. - წამოიძახა ლეონმა. - კაცი, რომელიც თვითონ თითქმის არსად დადის, რაღაც ექსპერიმენტის გამო პირადად ხვდება მეგანს და როდესაც მეგანი თანხმდება - ქრება. - ხელები გაშალა და დაბნეულობამ ასკინკილის თამაში დაიწყო იტალიელის ნაკვთებზე. - მაგ ლოგიკას თუ გავყვებით, მართალი ხარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ პარანოია გაქვს. - გაეცინა ოლივიას და ლეონის კოცნა სცადა, მაგრამ კაცმა სახე აირიდა. - მეგანმა, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, მითხრა რაღაც. - წამოიწყო და ლეპტოპთან მივიდა. - რა? - გვერდით მიუჯდა ქალი. - შეგიძლია რაღაც სპეციალური განყოფილება რომ არის ინტერნეტში, იქ შეხვიდე? - ხორხი ყელში ებჯინებოდა და სიტყვის თქმისას ტკივილს იწვევდა, მაგრამ მაინც ჩააცივდა ოლივიას. - ვერ ვხვდები, რა სპეციალური განყოფილება, რა გითხრა მეგანმა, ასე რატომ ნერვიულობ? - შეშფოთება აღებეჭდა სახეზე. - აი, ის, კონტრაბანდა და ა.შ. რომ იყიდება, კრიპტოვალუტით და რაღაც ეგეთი ჯანდაბა. - ენა დაება კაცს. - დარქნეტი? - ჰო! - შემიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის ჩემს ოფისში უნდა ვიყო. - ყოყმანი იგრძნობოდა მის ხმაში. - აქ ვერ შეხვალ? - ვერა. - რატომ? - იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სპეციალური პროგრამაა საჭირო, რომელიც შენ არ გაქვს და ლეპტოპი ვერც გაგიქაჩავს მაგდენს. - ვერ იტანდა, ახსნა-განმარტების მიცემა რომ უწევდა ვინმესთვის. ძალიან მოუსვენარი იყო. - როგორც გაგხადე, ისე ჩაგაცვამ, ოღონდ ეს თხოვნა შემისრულე! - წამოხტა და ლურჯ-მწვანე თვალებში ჩახედა ქალს. - სიტყვაზე გიჭერ! - ერთადერთი იყო, რისი თქმაც შეძლო ქალმა და საძინებლისკენ დაიძრა. … - დამელოდე, მოვამზადებ ყველაფერს. - უთხრა ოლივიამ და კომპიუტერთან დაჯდა. - რამდენი ხანი დაგჭირდება? - ჰკითხა აღელვებულმა ლეონმა. - ნახევარ საათამდე. - მოკლედ უპასუხა და საქმე გააგრძელა. - გავალ, მოვწევ. - აივნისკენ აიღო გეზი ლეონმა. თითქმის თვენახევარი იყო, რაც მეგანისგან არაფერი გაუგია, მისი ხმა არ გაუგონია და ერთად სისულელე არ ჩაუდენიათ. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს გაუკიდა. კვამლი ფილტვებში ღრმად ჩაუშვა და კაეშანივით მოხვეულ ფიქრებს გაჰყვა. როგორც ახსოვდა, ზოგიერთი ვირთხათაგანი ექსპერიმენტის შემდეგ მოკვდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა თავისი სურვილით თუ შემთხვევით, ისინი მოკვდნენ. წარბი შეჭმუხნა და სცადა წარმოედგინა - როგორ იქნებოდა მეგი თვენახევრის იზოლაციის შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავი ის იყო, რომ მან ამდენი ხანი გაძლო. ლეონს არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში, როდესაც თავი მის ადგილას წარმოიდგინა. დაფიქრდა - ღირდა თუ არა ეს ექსპერიმენტი ათ მილიონად და ხვდებოდა, რომ პასუხი თუ ადრე დადებითისკენ გადაიხრებოდა, ამჟამად უარყოფითზე მყარად იდგა. მაგრამ მას ვერ გაეგო, სასწორი მეორე მხარეს როდის გადაიხარა მის ზედაპირულ გონებაში. თითქოს, ეს მომენტალურად მოხდა, მაგრამ ამის გააზრება და გაცნობიერება, დიდი ხნის განმავლობაში, არ სურდა. კარცერში გატარებული სამი თვე, ფულიანი შერყეული მეგანი და მეგის ფრაზა - ფსიქიკა ერთხელ თუ გაიბზარა, მას უკვე ვეღარ აღადგენ, ძვირფასო ლეონ! რატომ თქვა მაშინ ეს ფრაზა? წიგნებიდან ჰქონდა ამოკითხული თუ თავის თავზე განცდილი? რა იცოდა კაცმა მეგანზე ? ის, რომ გვარად ჰემფრი იყო, ის რომ ოცდაათ წელს მიუკაკუნა და რომ ძალიან აზარტული შეშლილი ქალი იყო. სხვა? არც მისი წარსულით დაინტერესებულა, როდესაც ბარში უგონოდ მთვრალი გაიცნო და მომენტალურად დაუმეგობრდა. არც მეგი საუბრობდა მის განვლილ, ტანჯვით დახუნძლულ წლებზე, რომელნიც თავისი სიმძიმით ცხოვრების მაღალ კენწეროს მიწისკენ აღწევდნენ. რა საჭირო იყო ჩაკირკიტება და კითხვების დასმა? არ იყო ლეონი სიღრმის ადამიანი, ძალიან იძაბებოდა, როდესაც ადამიანის არაცნობიერში უწევდა ფათური. ზედაპირზე ყოფნა ძალიან მარტივია, მაშ, რატომ უნდა გაირთულოს ადამიანმა ცხოვრება? - ჯანდაბა! ასე რატომ ვღელავ! - ამოაფურთხა სიტყვები ლეონმა და აივნის მოაჯირს მუშტი დაჰკრა. - იმიტომ, რომ სანერვიულოა! - ზურგსუკან ოლივიას დაფეთებული, გაბზარული ხმა შემოესმა და მომენტალურად შეტრიალდა. - წამოდი, დიდი დრო არ გვაქვს! - თქვა და ხელი ჩასჭიდა. ლამის, ძალით წაათრია თავისი კაბინეტისკენ და როდესაც შევიდნენ, კარი ორჯერ გადაკეტა. ლეონი ვერ ხვდებოდა ვერაფერს, მაგრამ დუმდა და ელოდებოდა ოლივია როდის იტყოდა რამეს. - ჯანდაბა! ჯანდაბა! - წინ და უკან დადიოდა ქალი. ცერა თითის ფრჩხილი კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული და ადგილს ვერ პოულობდა. მის ტვინში ახლა ათასი ფიქრის გენერირება ხდებოდა ერთდროულად. ათობით სცენარი წარმოიდგინა, ყოველი სცენარის ბოლოს კი მეგანის ფეხებს და წაქცეულ სკამს ხედავდა. - წარმოდგენა მაინც გაქვს - ვის ხელში ჩავარდა მეგანი?! - ჩურჩულით "კიოდა" ოლივია. - დედამისი რომ მიწაში ჩადო, მაგას გულისხმობ? - მშვიდად უპასუხა ლეონმა. - მხოლოდ ეგ რომ იყოს, მხოლოდ ეგ რომ იყოს, ლარუსო! - რა ხდება, ოლი, თქვი ნუ მალოდინებ! - ეგ კაცი ცხრა წელი იჯდა. დედის და პოლიციელის მკვლელობისთვის. გამოვიდა და ისეთი კავშირები ჰქონდა გამოსვლის მომენტისთვის, რომ ლამის, ქვეყანას ისე ატრიალებდა, როგორც მოეპრიანებოდა. ყველაზე ჰქონდა კომპრომატი, ვისი გახსენებაც კი ახლა შეგიძლია! - სწრაფად მიაყარა სიტყვები, თითქოს, ცხელი კარტოფილი ედო პირში ქალს. - ახლა ყველა პატივს სცემს და ცნობილი ბიზნესმენია! - ლეონის გონება უარყოფდა გაგონილს. სურდა ცინიზმით და სარკაზმით თავი დაეცვა, მაგრამ მისი თავდაცვის მექანიზმი ისე გატყდა, როგორც ბეტონის იატაკს შედუღაბებული ბროლის ფიგურა. მჭრელი, გამოუსადეგარი ნამსხვრევები... - როგორ ფიქრობ, თუ ადამიანს შენზე კომპრომატი აქვს, სიტყვას მის საწინააღმდეგოდ დაძრავ?! - ირონია იკვეთებოდა ახლა უკვე ქალის ხმაში. - რა ჯანდაბას საქმიანობს? - მოთმინების ფიალა აევსო ლეონს. - ზუსტად იმას, რასაც წერენ. მშენებლობის ბიზნესი და ათასი საქველმოქმედო ფონდი. არავის ერჩის, თუ გზაზე არ გადაეღობებიან. - და თუ… - მათი გზა-კვალის პოვნა შეუძლებელია. მათ მხოლოდ წლების შემდეგ პოულობენ გახრწნილებს და ეს მხოლოდ ცნობილი ხალხი! სხვები? მცირე მოწინააღმდეგენი?! - გიჟს ჰგავდა ოლი. - დაიცა! დამშვიდდი! მაშინ, არც მეგანს უნდა ერჩოდეს, ასეა? - სუნთქვა შეეკრა. - მეგანი ჰომ მას არც იცნობდა. - წესით - ჰო, მაგრამ… - ყოყმანობდა ოლივია. - თქვი! - არ ვიცი! - ხელები თმებში წაიშინა ქალმა. - არ ვიცი! ამ ინფორმაციას ისეთი დაცვა აქვს, ვერაფერი მოვუხერხე! - რომელს? - ექსპერიმენტის ინფორმაციას. როგორ არ მივუდექი, მაგრამ არ გამომივიდა. - ხელები ჩამოყარა დანებების ნიშნად. - შენი სიტყვები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. - დაიბნა კაცი. - ვიცი, ვიცი! მაგრამ დაფიქრდი. მეგანი მას გზაზე ასი წელი არ გადაეღობებოდა, თან შენი მეშვეობით გაიცნო, ასეა? - მსჯელობდა ოლივია. - ასეა. - მაგრამ, ამავდროულად, ექსპერიმენტის შესახებ ინფორმაციასთან წვდომა - არავის აქვს. ეს უცნაურია. - მეგანი ახლავე უნდა გამოვიყვანოთ იქედან. ეგ ტიპი მანიაკია, ფსიქოპატი. ღმერთმა იცის, თავის ვირთხებს რას უკეთებს! - აღელდა კაცი და გასვლა დააპირა. - ერთი არასწორი ნაბიჯი, ლეონ და ჩათვალე - მე და შენ აღარ ვარსებობთ. თუ ცრუ ბრალდებას წავუყენებთ, არ აქვს მნიშვნელობა სასამართლოში თუ პირისპირ, ისე გაგვაქრობს - ჩვენი არსებობა აღარავის გაახსენდება. - მკაცრი ტონი გრგვინავდა კაბინეტში და ლეონიც გაჩერდა. - რას მთავაზობ? - ვიცი ერთი ადამიანი, რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია. დარქნეტთან დაკავშირებით, მაგრამ მასთან შეხვედრა სახიფათოა. - ხელით სახე მოისრისა ოლივიამ. - ფულს ითხოვს? - ჩაეძია ლეონი. - ფული აქ მთავარი არაა, აქ მთავარი ექშენია. - რა? - გაოცდა კაცი. - ექშენი? - ჰო, რაც უფრო რთულია საქმე და სახიფათო, მით მეტი შანსია, რომ ეს ადამიანი გაუმკლავდება ამას. - ოლი, ამაზე სახიფათო, არამგონია ბოლო ათი წლის განმავლობაში გაეკეთებინოს. - თქვა და ქალს მიუახლოვდა. ტუჩებზე ნაზად აკოცა და უთხრა. - უნდა ჩავრთოთ ნებისმიერი ძალა, რაზეც მიგვიწვდება ხელი, ჰო? - ჰო. - ძალაგამოცლილი იყო და ლეონს მიეხუტა. ოლივიას და ლეონს მსგავსი შეგრძნებები ჰქონდათ. სინდისი უმოწყალოდ ხრავდა მათ შიგნეულობას და არ აპირებდა გაჩერებას. ძალიან მოულოდნელად ეწვიათ ეს გრძნობა. თავზე მეხივით დაატყდათ, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ნელა მოქმედი შხამივით იყო - გვიან გაღვივდა ეჭვის თესლი, მაგრამ რამდენიმე წუთში სისხლისფერი ყაყაჩოს ყვავილებით ბარდნიდა ყველა მხრიდან. რატომ არ ამოქექა სრული ინფორმაცია ოლივიამ ადამიანზე, რომელთანაც კონტრაქტი ჰქონდა დადებული და თანამშრომლობდა? როგორ გაეპარა ასეთი მნიშვნელოვანი რამ? ლეონი კი თავ-ბედს იწყევლიდა, რომ - როცა მეგანმა მას კორნელზე ორი სიტყვა უთხრა, მან მაინც მისცა უფლება, რომ ვირთხა გამხდარიყო. შეცდომა დაუშვეს? შეცდომა პირობითია. ერთი მხრივ, შესაძლოა, მართალი იყო, მეორე მხრივ მტყუანი. თუმცა ეს ცნებები, ადამიანების მოგონილი სულელური მახეა, რომელშიც თავად გაეხვია კაცობრიობა. ირონიაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად ყოველთვის დარჩება. … სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში და ოლივიამ ლეონი მისთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. დიდხანს არ უმგზავრიათ, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის წინ გააჩერა მანქანა ქალმა და კაცს გადმოსვლა ანიშნა. - აქაა ის, ვისაც ვეძებთ? - ჩუმად იკითხა ლეონმა. - ჰო. - ვინ არის? - ერთადერთი ადამიანი, რომელიც თანამშრომლობაზე ვერ დავიყოლიე. - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები ქალმა და მესამე სადარბაზოში შევიდა. - ლიფტი არ არის? - ძველისძველი კორპუსია, ლარუსო! შენ ოღონდ კომფორტი გქონდეს! - ნერვებმოშლილი ოლივია უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა, ამიტომ ლეონმა არჩია გაჩუმებულიყო და გაჰყოლოდა. მეოთხე სართულზე გაჩერდა და ოცდამეხუთე ბინის კართან გაჩერდა. ზედიზედ ოცდახუთჯერ დააკაკუნა, რამაც ლეონი განაცვიფრა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა. კარი ნელა და ჭრიალით გაიღო. ოლივია ჭრილში შეძვრა და ლარუსოც გაიყოლა. ბუნაგში აღმოჩნდნენ. სანაგვე უფრო სწორი გამოთქმა იქნებოდა. მისაღები, სამზარეულო… საძინებლის კარამდე ყველაფერი ნაგვით იყო სავსე. პიცის ცარიელი ყუთები, ჩიფსების ცარიელი შეფუთვები და ენ რაოდენობით სიგარეტის ნამწვავები. ბინაში ისეთი ბუღი იყო, თავიდან სახანძროს გამოძახებაზე დაფიქრდებოდით. - კევინ! - იკივლა ოლივიამ. - ჰოუ… - საძინებლიდან გამოვიდა ხმა. - ჯანდაბას შენი თავი! - ამოიბურტყუნა ქალმა და ნაგავში გზის გაკვალვა სცადა. - ოლი, სად მომიყვანე?! - სისუფთავეზე გაგიჟებით შეყვარებული ლეონისთვის ამ გარემოს ატანა შეუძლებელი იყო. - გაჩუმდი და წამომყევი. ალბათ, ხუთ წუთამდე დასჭირდათ, რომ გზა გაეგნოთ საძინებლისკენ. ოთახის კართან აღმოჩენა ოლიმპის დაპყრობასაც კი შეადარა ლეონმა გონებაში. როდესაც საძინებელში შევიდნენ, გაოცებამ სწრაფად გადაირბინა მათ სახეებზე. გაწკრიალებული იყო სივრცე. საწოლი, ორი ბალიში და უამრავი მონიტორი კედლის მეორე მხარეს. მაგიდასთან ოთხად მოკეცილი თექვსმეტიოდე წლის ბიჭი იჯდა, ეკრანებზე კი ლეონისთვის გაუგებარი ენ რაოდენობით ციფრები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს. - ვინ მოიყვანე? - ოლივიასკენ არც გაუხედავს ისე დასვა ბიჭმა შეკითხვა. - ლეონ ლარუსო. - რესტორნების ქსელის მფლობელი? - იკითხა კევინმა და ცალი თვალით შეხედა იტალიელს. ოთხად მოკეცილობის მიუხედავად, მაინც ჩანდა, რომ მაღალი იყო. სათვალე დაეკოსებინა ცხვირზე, მაგრამ არ სჭირდებოდა. თვალები ბუდეში ღრმად ჩასმული და ჭაობისფერი ჰქონდა, რძისფერი კანი კი, ლამის, კიოდა - ორი წუთით მზეზე გამიშვითო. - საიდან იცის? - მალავდა ამ ინფორმაციას ლეონი. სახელსა და გვარს დიდად არ აფიქსირებდა არსად. - სერიოზულად კითხულობს? - კევინი ოლივიასკენ შებრუნდა. - არ იცის - ვინ ხარ. - მოკლედ უპასუხა და სწრაფად განაგრძო. - კევინ, ერთი თხოვნა მაქვს. - გადახდა წინასწარ. - სიტყვა ჩააკვეხა ბიჭმა და გორგოლაჭებიანი სკამით ოლივიასკენ მიიწია. - აბა, ფული არ უნდაო? - გულუბრყვილოდ იკითხა ლეონმა. - ლარუსო, ფული არ მჭირდება. - თვალი თვალში გაუყარა კევინმა. - იმდენი მაქვს კრიპტოში, რომ შენ არც კი დაგესიზმრება. ოლივია, რა გინდა? - ახლა ქალს მიმართა. - უკვე მომბეზრდით. - დარქში ერთი სერვერი ვერ გავტეხე. - შეიშმუშნა ქალი. - ოჰო, შენ? - გაუკვირდა და დაუსტვინა. ლეონს არ ეჭაშნიკა ბიჭის ეს ქმედება. - ჰო, მე. და თუ ვერ გავტეხავ და არ გავიგებ - რა ჯანდაბა წერია იქ, ჩემი თანამშრომელი შეიძლება მოკვდეს. - სერიოზული სახით უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა. დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში. ორმოციოდე წამი გავიდა, სანამ უპასუხებდა. - თანამშრომლის სიკვდილი ერთადერთი ვალუტაა? - ცალი წარბი ასწია ბიჭმა. - შენ შეშლილი ხარ? - იღრიალა ლეონმა. არც ერთს და არც მეორე ეგონა, რომ კაცი აფეთქდებოდა. ბიჭისკენ გაიწია და მაისურზე ხელი მოუჭირა, მაღლა ასწია და სახეში ჩააჩერდა. - ადამიანების სიცოცხლით თამაში ვალუტა გგონია, ღლაპო? - სახეში თითქოს შეაფურთხა ამ სიტყვებით. - თუ მომკლავ, მინიმუმ ოცდახუთი კანტორა ამოგიჩემებს და მაქსიმუმ ოცდაოთხი საათი იცოცხლო. - მშვიდად უპასუხა ბიჭმა. ოლივიას ვენებში შეშფოთება დაძრწოდა, ერთი მხრივ ლეონი მართალი იყო, მაგრამ ოლივია იცნობდა კევინს. - ლეონ, არ გინდა. მოვრიგდებით. - ხელი მხარზე დაადო ქალმა და მისი დამშვიდება სცადა. - რას ეხება საქმე ? - ისევ გორგოლაჭებიან საკანში ჩაეფლო. - ვინმე კორნელ ფლინის ექსპერიმენტს. - გაიმეორე. - სახე დასერიოზულდა ბიჭს. - კორნელ ფლინი. - ზიზღით წარმოთქვა სახელი-გვარი ლეონმა. - გინდა სიცოცხლე მოისწრაფო? - ცალყბად გაეღიმა კევინს. - ამდენად საშიშია? - ერთადერთი ადამიანია, რომელმაც თანამშრომლობაზე დამითანხმა. - ცინიკურად უპასუხა ქალს და სკამზე დატრიალდა. - ჯეკპოტი მოვიგეთ. - ლეონმა ოთახის კუთხიდან გასძახა ქალს. გაეცინა, ბედის ირონია იკვეთებოდა მძაფრად ამ სიტუაციაში. - ანუ ფლინის ვირთხა ხარ? - აქ ოლივიამ უკვე ვეღარ მოითმინა. - სიტყვები აკონტროლე. - რა იცი მის ექსპერიმენტზე ? - არ თმობდა ქალი. - გგონია, ასე მარტივად მიიღებ პასუხს ? - რა გინდა? - შენსა და ფლინს შორის არჩევანი რომ იყოს, ფლინს ავირჩევ. - პირდაპირ მიახალა. - ნუთუ, შენზეც აქვს კომპრომატი? - ისტერიულად გაეცინა ქალს. - შენ წარმოიდგინე და ჰო. - აქ უკმაყოფილებამ გადაიხარხარა და ბიჭის მარცხენა მხარზე მოკალათდა. - კევინ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. - უკვე ევედრებოდა ოლივია. - შანსი არ გაქვს. - მაქვს. - არა - კი-არა ვითამაშოთ?! - ძველი მეგობრობის გამო… - ყოყმანობდა ბიჭი. იცოდა - ვინ იყო ფლინი, მაგრამ თავის აზარტულობას ვერაფერი მოუხერხა. - რა გაინტერესებთ? - ექსპერიმენტის შესახებ მინდა ყველაფერი ვიცოდე. - სცადა სიხარული არ დასტყობოდა სახეზე. - შირმაა. - ანუ? - არანაირი ექსპერიმენტი არ არსებობს. - მობეზრებისგან თვალები აატრიალა. - რა?! - ერთად წამოიძახა ორივემ. - ღმერთმანი. - სიტყვა გაწელა ბიჭმა და ერთ-ერთ მონიტორს მიაწყდა. - აი, ხედავ? - ძალიან მარტივად გახსნა ის ფაილი, რომელსაც ოლივიამ ვერაფერი მოუხერხა. - აქ წერია, რომ ოცი მონაწილე ჰყავდა და ასობით მცდელობა. - ლეონიც მივიდა ახლოს. - ოქეი, ახლა ამას შეხედე. - სათითაოდ გახსნა ოცივე ადამიანის ფაილი და აჩვენა ოლივიას. - სახელი, გვარი, ასაკი, სქესი… თითქმის ყველაფერია აქ. - ოლივია ვერ ხვდებოდა - რა ხდებოდა. - ოქეი, ახლა ამას შეხედე. - თავის პირად ბაზაში შევიდა, სადაც, ლამის, ყველა ქვეყნის ბაზაში დარეგისტრირებული ადამიანის სახელი და გვარი იყო მოცემული. - მოდი ეს ავიღოთ. იზაბელა ვერგარა. - თქვა და სახელი-გვარი და სხვა მონაცემები ბაზაში ჩაწერა. არაფერი მოიძებნა. - ვუალა! ის არ არსებობს! - სისულელეა! აქ ჰომ, ფოტოც კია. ყველაფერია! - ჩურჩულებდა ოლივია. - ყველა სახელი, გვარი, აიდი და ა.შ. ეკუთვნის გარდაცვლილ ადამიანებს. ათეულობით წლების წინ. - მოკლედ მოუჭრა კევინმა. - საკმარისია? - ანუ, ყველა გააცურა? - ოლივიას შეუძლებლობის მძაფრი შეგრძნება ყულფივით შემოეხვია კისერზე და ახრჩობდა. - კიც და არაც. - თქვა ბიჭმა და სნიკერსი ჩაკბიჩა. - მეტაფორებით საუბრის დრო არ არის! - გიჟდებოდა ლეონი. - რაღაც ნაწილმა, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია კონკრეტულად ამ ადამიანებთან - იციან რა და როგორ. დანარჩენი გარტყმაში არაა. ახლა საკმარისია? - უკვე ბიჭსაც ევსებოდა მოთმინების ფიალა. - არა. - თქვა ლეონმა და თვალებში ჩახედა. - ოცდამეერთე მონაწილეზე რა იცი? - ოცდამეერთე? - წარბი ასწია ბიჭმა. - რა სისულელეა, ის არ არსებობს. - მხრები აიჩეჩა. - გადაამოწმე. - ნიშნის მოგება იკვეთებოდა მის ხმაში. - ბრძანებებს არ ვასრულებ. - აინუნშიაც არ ჩააგდო კაცის მკაცრი ტონი. - შენც ჰომ გაინტერესებს. - ახლა კევინს აგდება მოინდომა ლეონმა და გამოუვიდა კიდეც. - ვალუტა მიღებულია. - თქვა და ისევ ეკრანს მიუბრუნდა. - დარწმუნებული ხარ, რომ საერთოდ არსებობს ეგ? - ორი წუთის დუმილის შემდეგ კვლავ გაიმეორა კევინმა. - აბსოლუტურად. მეგან ჰემფრი, 30 წლის. - სწრაფად მიაყარა ოლივიამ. - ოქეი, მოდი მეგანზე მოვძებნოთ. სხვათაშორის, მეგანზე მეც მსმენია. შენი თანამშრომელი, ჰო? - ოლივიას მიუბრუნდა. - ჰო, თავიდანვე მეგანზე იყო საუბარი. - იმედგადაწურული იჯდა ქალი. თუ კევინი ვერ მოახერხებდა - სხვა ვერავინ. - კარგი, მოდი ვნახოთ. მეგანი, მეგანი, მეგანი… არაფერია აქ ისეთი, რომ კორნელთან გადაკვეთილიყო როგორმე. - კეფა მოიფხანა და მეორე მონიტორთან გადაინაცვლა. - რა ინფორმაციაა მასზე საერთოდ? - იკითხა ლეონმა. - ძალადობრივ ოჯახში გაზრდილი გოგოა, ჰყავდა ძმა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო, სახლიდან წამოვიდა, როცა თვრამეტის იყო, ოცდახუთისას ძმა დაკარგა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. პანიკური შეტევები, ფსიქოტროპულები, ფსიქიატრები… არაფერი საინტერესო ფლინისთვის. - თმები აიჩეჩა კევინმა. გიჟდებოდა, როდესაც რაღაც არ გამოსდიოდა. ლეონი და ოლივია კი ერთმანეთს უმზერდნენ და თვალები უმრგვალდებოდათ. არაფერი იცოდნენ მეგანზე, საერთოდ არაფერი. მეგობრობის არსი რაში მდგომარეობს? მხარდაჭერა, სიყვარული, ურთიერთგაგება… შეიძლება მეგობრები გერქვათ, თუ ერთმანეთის წარსული არ იცით? მეგობრობაც ცნებაა, რომელიც ადამიანებმა მოიფიქრეს. რას გაიგებ… - რატომ დადუმდით? - კევინი ვერ ხვდებოდა ვერაფერს. - მე… - წამოიწყო ოლივიამ, მაგრამ ხმა გაებზარა. - კევინ, დამეხმარე. - სხვა ვერაფერი თქვა და თავი ჩაქინდრა. - არ იცოდით? - არა. - კარგი მსახიობიც ყოფილა. - თავისთვის ჩაილაპარაკა და გააგრძელა ძებნა. ამოუხსნელი, სიმწარით გაჟღენთილი, უტყვი სიმძიმე დააწვა ორივეს მხრებზე. ამ ყველაფრის გაგონებას ერჩივნათ - ბანალურად, მიწა გასკდომოდათ ან ცა ჩამოქცეოდათ. - არც დედა, არც მამა, არაფერი აკავშირებს ფლინთან. - აგრძელებდა ბიჭი. - ძმა? - ძლივს ამოიხავლა ოლივიამ. - გადავამოწმებ. ნილ ჰემფრი… ძალადობრივი ოჯახი, ჩვიდმეტი წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, სკოლა, ძიუდო… - ერთხანს ჩუმად იყო, სტატიას კითხულობდა. - ჯანდაბა! ის იცნობდა ფლინს. - წამოიძახა ბიჭმა. ლეონს და ოლივიას კი მოჭარბებულმა ადრენალინმა თავბრუ დაახვია. - ანუ, ნილმა კორნელი გადაიკიდა და მეგანზე უნდა, რომ ჯავრი იყაროს? - ხმა ჩაეხრინწა ლეონს. - არა, ისინი მეგობრები იყვნენ. მეტი არაფერია მასზე, საერთოდ არაფერი. - თქვა კევინმა და მხრები აიჩეჩა. - უკეთ მოძებნე. - ახლა უკვე ლეონის ხმაშიც გაერია ვედრების ჩუმი ტონები. - არ შემიძლია, სხვა არსად არაფერია, ვფიცავ. შენ თვითონ შეამოწმე, თუ არ გჯერა ჩემი. - მიმართა ოლივიას. - თან, ეს სანდო წყარო არ არის. ვიღაც ლევი ტიპის დაწერილია, არ ვიცი რამდენად შეიძლება ნდობა. - გასაგებია. - წამოდგა ქალი და ლეონს ხელი ჩასჭიდა. ბინიდან ისე გამოვიდნენ, გონება დაბინდული ჰქონდათ. მანქანაშიც ამავე მდგომარეობით ჩასხდნენ და სახლისკენ აიღეს გეზი. #21 ერთადერთი იყო. P.S. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს თავი შოკისმომგვრელი იქნება, ზოგი, ალბათ, ვარაუდობდით კიდეც მოვლენების ასე განვითარებას, იმედია, ამოაფრქვევთ თქვენს აზრს კომენტარებში. მე კი ჯანმრთელობის გამო, ერთკვირიან ტაიმაუტს ავიღებ. ძალიან დამიმძიმდა ეს ყველაფერი... იმედია, გამიგებთ. ეს ცოტათი მოზრდილი თავია და ვგონებ, იმყოფინებთ შემდეგ "დოზამდე"))) მიყვარხართ ყველა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.