შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#21 [ თავი VIII ]


24-04-2021, 11:30
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 8 756

VIII

ერთი უზარმაზარ, მოუხერხებელ და ათასი წლის წინანდელ გარეცხილ სავარძელში იჯდა ოთხად მოკეცილი, მეორე ბარის მაგიდასთან, რომელიც ცარიელი ჭიქებით იყო სავსე და გაუზავებელ ვისკის სვამდა, ჭიქას ჭიქაზე. თრობის მძიმე მკლავები ისე შემოეხვია და მისი გაგუდვა დაიწყო , რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო. თავი უკვე ყულფში ჰქონდა.
მათ შორის ყულფში თავგაყოფილი და ოდნავ მოქანავე, აქ უკვე მკვდარი დუმილი თავის თავს არღვევდა, საათის წიკ-წიკის გიჟური გამაღიზიანებლობით. სასოწარკვეთილება დუმილის მიერ ამოყირავებულ სკამზე გვერდულად იჯდა, ცალ მოკაკვულ ხელზე თავი ჩამოედო და ორივეს მზერით ბურღავდა. სირცხვილის გრძნობა კი დედიშობილა დადიოდა და ჭრაჭუნით აყრუებდა არემარეს. ირონიული სანახაობა იყო, ხშირად დადიოდნენ სამივე ერთად, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სათქმელი არც ერთს ჰქონდა.
- რაზე ფიქრობ? - სიჩუმე ნაჯახივით გააპო ლეონის ხმამ. სიმთვრალის ნოტების კონტროლი ძლივ-ძლივობით გამოსდიოდა.
- იმაზე, რაზეც შენ. - მოკლედ მოუჭრა ოლივიამ და სუსტ მუხლებში თავი ჩარგო. ჩუმი ქვითინი კარგა ხნის განმავლობაში ისმოდა გაწკრიალებულ ოთახში, სადაც მზემ უარი თქვა სხივების შემოტყორცნაზე, მთვარე კი ღრუბლებს ამოეფარა უტუხად.
არა, ლეონი არ მისულა მის დასამშვიდებლად. ადგილიდან არც კი ამდგარა. იჯდა და ჩაჰყურებდა დაცლილ ჭიქას და მის ფსკერზე ცდილობდა საკუთარი თავის გამამართლებელი უტუხი სიტყვების ამოკრებას. მაგრამ რას ეტყოდა ფსკერზე დარჩენილი ორიოდე წვეთი? მხოლოდ კუნაპეტი ღამესავით შავ საკუთარ თავს ხედავდა.

ძალადობრივი ოჯახი, ძმის სიკვდილი, ფსიქიკური აშლილობები… მსახიობი!
როგორ სურდა ორივეს, რომ თავად მეგანი დაედანაშაულებინათ. როგორ სურდათ - წყლიდან მშრალი ამოსულიყვნენ, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ ამაო იყო ყოველი მათი კოჭლი მცდელობა. მეგანი არ იყო იმაში დამნაშავე, რომ დამალა, რომ ქარაფშუტა, ზედაპირულ ადამიანად მოევლინა ლეონს, ხოლო ოლივიას უბადლო სპეციალისტად და არც ერთს, არასდროს მოსვლია თავში - რა ხდებოდა იქამდე, სანამ მეგანი მათ გაიცნობდა. ერთადერთი არგუმენტი უტრიალებდა ორივეს თავში - უნდა იცხოვრო აქ და ახლა, წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ამჟამად, ყოველი წუთი და წამი, რომელსაც ცხოვრობ.
ერთი მხრივ, მართალია - არა? მეორე მხრივ წარსულის ძლიერ მარწუხებში მოქცეული "აქ და ახლა" ვერ განვითარდება აწმყოში, რადგან წარსულის ოკეანის მარიანის ჯურღმულშია გამოკეტილი და თავის დაღწევის მცდელობისას წყლის ჯერ ერთი ხიფათით სავსე ფენა უნდა გაეცურა, შემდეგ მეორე და ა.შ. ზედაპირს ვერ მიაღწევდა, სულ რომ დაუღალავად ეცურა და მთელი ძალით ექნია ხელები ზედაპირისკენ. წარსული კოჭზე გამობმულ უზარმაზარ ლოდს ჰგავს, რომელითაც მხოლოდ გვამებს ასაჩუქრებენ. მეგანი კი თავისმა "იყო"-მ სიცოცხლეშივე მოსიარულე გვამად აქცია, რომელსაც მისჯილი ჰქონდა "ეცოცხლა".
- ლეონ, რა ვქნათ? - თავი წამოსწია ოლივიამ და ტირილისგან დასიებული ლურჯ-მწვანე თვალები მთვრალ ლეონს შეანათა. ღმერთმა იცის, რამდენი საათის შემდეგ გაიღო ხმა.
- რა უნდა ვქნათ?! - წამოიძახა კაცმა და თავი ჭერისკენ ასწია. - რა ჯანდაბა უნდა ვქნათ, ოლივია? - ღრიალით წამოდგა და ბარბაცით მიუახლოვდა ქალს. დამფრთხალი ოლივია დივნის კიდისკენ მიიჩოჩა. არ ელოდა ასეთ რეაგირებას. - რა უნდა ვქნათ ადამიანისთვის, რომელსაც არც კი ვიცნობთ?! - ვერ ტიროდა ლეონი. ვერ გამოხატავდა თავის ტკივილს. ხელებით სახე მოისრისა და თავის აუტანელია ტკიბილმა ძლიერად შეუტია.
არასდროს გადმოვარდნია ცრემლი და მის ღაწვებს არ მოჰფერებია მარილიანი სითხე. ახლა მხოლოდ ღრიალიღა შეეძლო. ხვდებოდა, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას გაუწევდა კორნელ ფლინს, იმასაც ხვდებოდა, რომ სიკვდილი არ უნდოდა. სასწორზე, თითქოს, ოლივიასა და ლეონის სიცოცხლეები იდო ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი მეგი.
- არ ვიცნობთ და ვისი ბრალია, რომ არ ვიცნობთ? - აცახცახებული ხმით ჰკითხა ოლივიამ. მუხლებზე წამოიწია და თვალები დაქაჩა. - ვისი ბრალია? ვინ არ დასვა კითხვები? ვინ არ ჩაეძია მის სულს? ვინ არ ჰკითხა - რა სტკიოდა? ვინ?! - აკივლდა ქალიც.
- უნდა ეთქვა! უნდა ეთქვა, რომ სტკიოდა, უნდა ეთქვა, რომ იტანჯებოდა! მე და შენ ნათელმხილველები არ ვართ, ოლივია! - ყელში მიბჯენილი ხორხი ხელს უშლიდა საუბარში.
- არანაირი უნდა არ არსებობს, ლეონ! რისი მეგობარი ხარ, თუ არ ეკითხები? რისი მეგობარი ხარ, თუ ვერ გრძნობ?! - ფეხზე წამოდგა ქალი და კაცს სახეში ჩააჩერდა. - ერთი მომენტი მაინც დამისახელე, როცა მეგანმა არ გკითხა - როგორ ხარ, არ ჩაგეძია, როცა გრძნობდა შენს დედააფეთქებულ მდგომარეობას? - ძლივს ჩაყლაპა ცრემლები და სითხე, რომელიც ცხვირიდან გაუჩერებლივ სდიოდა. - რამდენჯერ გამომთვრალა შენთან ერთად, როდესაც მე უარს გეუბნებოდი, შენ კი დეპრესიას იბრალებდი?! რამდენჯერ მოუსმენია ჩემი წუწუნი, როდესაც კონტრაქტორები წყვეტდნენ ჩვენთან თანამშრომლობას?! მითხარი. - ბოლო ხმაზე კიოდა ქალი.
- გაჩუმდი! გაჩუმდი! ნუ ლაპარაკობ! - ყურებზე ხელისგულებს იფარებდა კაცი და ყელში მომდგარ ხორხს ვერაფერი მოუხერხა. ვერ გადაყლაპა თევზის ფხასავით გაჩხერილი სინდისის ქენჯნა და კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. - შენ ფიქრობ, რომ მე ეგ ყველაფერი არ ვიცი და ვერ ვხვდები, ოლი? - იატაკზე დაჯდა, ზურგით კედელს მიეყრდნო და თავი ჩაქინდრა. ხელები ჩამოუშვა და მუხლებზე დაიწყო. მათ ცახცახს ჩასჩერებოდა გიჟივით და ცდილობდა - არ ეფიქრა იმაზე, რომ დამნაშავე იყო.
- რა ჯანდაბა ვქნათ, ლეონ? - იატაკზე მის გვერდით მოწყვეტით დაეცა და კუდუსუნი დაარტყა ოლივიამ და თვალები კვლავ ცრემლით აევსო.
- არ ვიცი, პატარავ. არ ვიცი. - თქვა და ახლოს მიიზიდა. აკანკალებული ხელები აკანკალებულ სხეულს შემოხვია და ჩაეხუტა. - გვაქვს კი უფლება, რომ რაიმე მოვიმოქმედოთ?
- თუ მეგის ძმა კორნელის მეგობარი არ იყო? თუ ის წყარო ცდება და იმ ბიჭმა როგორღაც კორნელს გზა გადაუღობა? მაშინ ? - სასოწარკვეთამ სახეზე ყველა ნაკვთი დაუძაბა ქალს.
- მაშინ მეგანი ან უკვე მკვდარია, ან ემზადება სიკვდილისთვის. - თქვა კაცმა და ღრმად ამოიხვნეშა.
- არა!
- დამშვიდდი, ოლივია. ახლა პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, კორნელზე უნდა მოვიძიოთ კომპრომატი. თუ მეგანი იცნობდა კორნელს და სპექტაკლი დადგა, რომ ჩვენ არაფერი გვეყნოსა - ესეც უნდა გავარკვიოთ.
- ეგ ლოგიკაში არ ჯდება. რატომ გაყვებოდა იგი კორნელს, თუ კაცს მასზე კბილი ჰქონდა? უფრო რეალურია, მისი ძმის ამბავი, მაგრამ ძმა ოცდახუთი წლის ასაკში დაკარგა, ახლა ოცდაათისაა. რისთვის დასჭირდა ხუთი წლის მერე შურისძიება ფლინს? - ტვინი ჩართო ქალმა.
- ოლი, შენ შეგიძლია იმ წყაროს ნახვა, რაც კევინმა ნახა მეგანზე? - დაეჭვებით ჰკითხა ლეონმა.
- შემიძლია. მეგიზე ინფორმაცია არ უნდა იყოს მეტისმეტად დაცული. - თქვა და წამოდგა.
დიდი ხანი არ დასჭირვებია იმისთვის, რომ მეგანის ფაილი გაეხსნა. გახსნისთანავე ორივე გულმოდგინედ კითხულობდა ტექსტს, რომელიც აღწერდა მეგან ჰემფრის ცხოვრებას.
- მამამ შვიდი წლის ასაკში მიატოვა? - იკითხა ლეონმა.
- ჰო და როგორც ჩანს, მეგანისთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა ეგ. ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა მამა იყო. - უპასუხა დასერიოზულებულმა ოლივიამ და კითხვა გააგრძელა.
- ანუ, კონფიდენციალურობა არ არსებობს? - ჩაეცინა ლეონს. თავი სტკიოდა კბილების კრაჭუნამდე, ალკოჰოლის მონელება ყოველთვის უჭირდა, მაგრამ სულ სვამდა.
- ლარუსო, კედლებს ყურები აქვთო ტექნიკის განვითარებამდე კი თქვეს, მაგრამ ახლა ყველაზე აქტუალური დამალული ინფორმაციაა. - ირონია არ დააკლო ისედაც განადგურებულ ლეონს. ეს ოლივიას თავდაცვის რეფლექსი იყო. სინამდვილეში სიძლიერის მკაფიო გამოხატულება უბრალოდ თავდაცვითი ინსტინქტია და სისუსტის დაფარვას უდრის. ერთი შეხედვით რთული ამოცანაა - გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, მაგრამ მეორე მხრივ მისი შესწავლა ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს. მერე, რა, რომ ეს პასუხები კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებენ…
- ანუ, არავის ნდობა არ შეიძლება? - სიმწრისგან გაეცინა კაცს.
- კიც და არაც.
- გამოცანებს ახლა ვერ გამოვიცნობ, პატარავ.
- მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს ენდობი თუ არა, ინფორმაცია მაინც გაჟონავს გინდა ეს შენ თუ არა, ლეონ. ამიტომ მე პირადად, მირჩევნია - ვენდო და ამით დავტკბე, ვიდრე მუდმივ შიშებში ვიყო. ასე მაინც მეცოდინება, რომ ადრე თუ გვიან ყველა მიღალატებს. - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- რადგან ინფორმაცია ყველაზე ძვირად ფასობს… ბოლოს მაინც ყველაფერი ფულზე დადის. - დაამთავრა ქალის სათქმელი ლარუსომ.
- ჰო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
- რა არის ამაში საბედნიერო? - წარბი შეკრა კაცმა.
- ის, რომ წინასწარ მაინც გეცოდინება, რომ გაგყიდიან. ჰომ გითხარი. - ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ოლივიამ. საზიზღარი ჩვევა ჰქონდა. დღეში მინიმუმ ათჯერ მაინც გამოხატავდა ასე უკმაყოფილებას.
- რას ბეჭდავ? - იკითხა ლეონმა, როდესაც პრინტერიდან ფურცლებმა დაიწყეს ფრიალი.
- იმ ადამიანების ჩამონათვალს და დეტალებს, ვისთანაც ოდესმე შეხება ჰქონია მეგის.
- რად გვინდა?
- თუ მეგის ბინაში ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვიპოვეთ, ამ ხალხს მივაკითხავთ. - თქვა ოლივიამ და ფურცლები ჩანთაში ჩაკუჭა.
- მოიცა, მეგის ბინა რა შუაშია? - ვერაფერს ხვდებოდა ლეონი. წარმოუდგენელი იყო ბიზნესის მფლობელი კაცი ამდენად მიამიტი ყოფილიყო, მაგრამ - მადლობა მამას.
- მის ლეპტოპში, ან ტელეფონში მინდა რამე მოვძებნო. რამე, რაც ხელს შეგვიწყობს, რომ ან ვიპოვოთ, ან კიდევ მეტი ᲒᲐᲕᲘᲒᲝᲗ მასზე. - სერიოზული ხმით უპასუხა და შავი ჰუდი გადაიცვა წელს ზემოთ.
- მეგის ბინა უნდა გავტეხოთ? - სახტად დარჩენილი ლეონი არამხოლოდ ოლივიას, მეც კი მაღიზიანებდა. (ავტორისეული)
- არა, სათადარიგო გასაღები მაქვს. თვითონ მომცა. - თქვა ოლივიამ და ლეონს ხელი ჩაჰკიდა. ლამის, ძალით მიათრია კარამდე და გარეთ გაჰყვა.

მეგანის ბინა ძალიან პატარა იყო, მაგრამ სადად და კოხტად მოწყობილი. შესასვლელში მარცხენა მხრიდან ყავისფერი, უზარმაზარი კარადა იდგა, რომელშიც მეგი თავის ტანსაცმელს ინახავდა. თუ კოხტად დაწყობილ სამოსს ელოდით ამ კარადაში, ძალიან შემცდარხართ. მეგის ქაოსურ წყობაში კანონზომიერების პოვნა ძალიან უყვარდა და რაც მთავარია, გამოსდიოდა კიდეც. ამ კარადაში თვითონაც ძალიან ხშირად ძვრებოდა და უსიზმროდ იძინებდა. მერე, რა, რომ სიგიჟემდე ეშინოდა სიბნელის.
შემოსასვლელი ძალიან მცირე მოცულობის გახლდათ და ორიოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ, ისევ ხელმარცხნივ, საპირფარეშოს კარს დალანდავდით. პირდაპირ კი მომცრო ზომის სამზარეულო იწონებდა თავს, თავისი კომპაქტურობით. იაპონური ტექნიკა ჰქონდა მეგის შეძენილი, რომელიც, თავის მხრივ, განთქმულია - ყველაფერი დაატიოს მაქსიმალურად მცირე ფართობზე. ხელმარჯვნივ მისაღები და საძინებელი ოთახი - ერთად იყო განლაგებული. ორიოდე დივანი, რომელიც ერთურთს უმზერდა, მათ შორის კი ჟურნალის მაგიდა, გამჭვირვალე, საზიზღრად მუქი მომწვანო ფერი ჰქონდა. ბინაში შემოსულ ოლივიას ამ მაგიდის დანახვისას ჟრუანტელმა დაუარა. ყველაზე მთავარი ამ ადგილას იყო საძინებელ-მისაღების მარჯვენა კედელი. რომელზეც მიდგმული იყო დიდი ზომის მაგიდა, ათასნაირი სათავსოთი. მაგიდაზე იდგა კომპიუტერის ორი ეკრანი, ხოლო ეკრანის გვერდით ლეპტოპი. ლეპტოპზე იდო ტელეფონი. მარტივად რომ ვთქვათ, ოლივიამ ჯეკპოტი მოიგო. ყველაფერი ერთად, გამოსაჩენ ადგილას დატოვა ქალბატონმა.
- ოქეი, ახლა საქმეს შევუდგეთ. - თქვა ოლივიამ. გორგოლაჭებიან, უფუმფულეს სკამზე დაჯდა და გაიზმორა. თითები ერთმანეთში ახლართა და გაატკაცუნა. კომპიუტერი ჩართო და გამოძიება დაიწყო.
ლეონი კი ათასჯერ იყო ამ ბინაში ნამყოფი, მაგრამ დიდად არ დაჰკვირვებია მცირე დეტალებს. ოთახში შესვლისთანავე, მოპირდაპირე კედელზე ჩარჩოები იყვნენ მოკალათებულნი. თითქოს, ფეხი ფეხზე გადაედოთ და ერთმანეთში ჭორაობდნენ. ყველა ჩარჩოში ძალიან პატარა ზომის ფოტოსურათი იყო ჩასმული. ჩარჩოს ზომაზე ოცჯერ პატარა მაინც იქნებოდა, აი, რატომ არ დააკვირდა ქარაფშუტა ლეონი მათ აქამდე. ახლა კი ახლოს მივიდა და დაჟინებით ჩააშტერდა. პირველი - ორმოცს გადაცილებული ქალის ფოტო იყო ჩასმული, რომელიც წარბშეკრული და უკმაყოფილო იყო, სავარაუდოდ ცხოვრებით. ალბათ, არ უყვარს ფოტოების გადაღებაო - გაიფიქრა ლეონმა. შემდეგი ჩარჩოდან სამოცდაათიოდე წლის ქალბატონი იღიმებოდა ყურებამდე და ბედნიერების ნაპერწკლებს ისე ისვროდა, შეუძლებელი იყო ისინი აგეცილებინა. ლეონმაც ვერ შეძლო და მასაც გაეღიმა ყურებამდე. სიმშვიდის აპკით გარშემორტყმულმა ბედნიერებამ მასშიც დაიდო ბინა რამდენიმე წამით... შემდეგი ორი ჩარჩო ცარიელი იყო. უფრო სწორად ერთში ბავშვის დახატული გოგო იყო ჩასმული, რაც ლეონს უცნაურად მოეჩვენა, მაგრამ შემდეგი, მართლაც ცარიელი ჩარჩოს არსებობამ გულში რაღაცნაირად გაჰკრა. სისხლის ტუმბოს ჭრილობიდან სევდა გადმოიღვარა და მთელ სხეულში მიზანმიმართულად გავრცელდა.
- ოლი, იპოვე რამე ? - ჩაახველა, რათა გამქრალი ხმა აღედგინა და ქალს გვერდით მიუჯდა. უზურგო სკამი გამოიტანა სამზარეულოდან.
- ჯერჯერობით მხოლოდ ეს. - თქვა ისე, თითქოს, ოლივიას ამინდს მწუხრი შეეპარა.
- ეს… ნილია? - გაუბედავად იკითხა კაცმა.
- ჰო.
- როგორ ჰგავს მეგის. - სუნთქვა შეეკრა და გაფაციცებით დაუწყო თვალიერება ბიჭის თითოეულ ნაკვთს.
ნილი და მეგანი ჟღალი თმით იწონებდნენ თავს. მეგანს ტალღოვანი, ხოლო ნილს საოცრად ხუჭუჭა თმა ჰქონდა. დიდად არასდროს მოსწონდა არც თმის ფერი, არც ფორმა, ამიტომაც, ძირითადად, ფოტოებში თავგადაპარსული პოზირებდა. ერთნაირი კოხტა, ლამაზი ცხვირი. ნილს ოდნავ კეხი ჰქონდა, ბავშვობაში ხიდან ჩამოვარდა და გაიტეხა. ორივეს გამოკვეთილი ყვრიმალები, ჩავარდნილი ლოყები და სქელი, ლამის, სისხლისფერი ტუჩები ჰქონდათ. ჭორფლები ორივეს უცხო იერს სძენდა. ერთადერთი განსხვავება, რისი დაჭერაც გულმოდგინე დაკვირვების გარეშე იყო შესაძლებელი - თვალის ფერი გახლდათ. ნილის კუპრივით შავი თვალები და მეგანის შავში გარდამავალი ლურჯი… ვერასდროს კითხულობდა ნილის თვალებს ქალი, მაგრამ ნილისთვის გადაშლილი წიგნი და მეგის მზერა ერთნაირად მარტივი წასაკითხი იყო.
- ყველა ფოტოზე ძალიან ახალგაზრდაა. - სულჩამწყდარმა ოლივიამ ორივეს აზრი გააჟღერა.
- რამდენი წლის იყო? - გაუბედავად იკითხა კაცმა.
- ჩვიდმეტის. - მოკლედ უპასუხა და აცრემლებული თვალები მიანათა იტალიელს. - ჩვიდმეტის იყო. - თავი გვერდზე გასწია და ცრემლი "უჩუმრად" შეიმშრალა.
- მეგი?
- ოცდახუთის. ჩემთან მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა. სტაჟიორი იყო. ახლა ბუნდოვნად მახსოვს ათი დღე მთხოვა, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვსო. - წყვეტილად სუნთქავდა და ამოსუნთქვებს სიტყვებს ძლივ-ძლივობით აყოლებდა.
- მეც მაგ დროს არ გავიცანი? - ამოიხვნეშა ლეონმა, ლოდი უფრო და უფრო მძიმდებოდა. თითქოს, კაცის ხერხემალში გადატეხვა სურდა.
- ის ათი დღე უკვე მოთავებული ჰქონდა. - თავი დაუკრა ოლიმ და ცრემლებს გასაქანი მისცა. - ორ თვეში გადავიყვანე დისტანციურ მუშაობაზე, ორ თვეში. - იხსენებდა ქალი. - შემდეგ, კვირაში ერთხელ თუ მოვიდოდა - მადლობა მქონდა სათქმელი. - ამოისრუტუნა ქალმა - პროგრამირების გიჟია.
- ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გეგონა, რომ სახლში იჯდა ლეპტოპში თავჩარგული - ჩემთან ერთად ბარებში დაეთრეოდა და ყველას აკვირვებდა. - გაეცინა ლეონს. - ცხოვრებაში არ მინახავს, ქალს ამდენი დაელიოს და მაინც აზრზე იყოს. თვითონ მიმათრევდა ხოლმე სახლში. - თავი უკან გადააგდო და ჭერს მიაშტერდა. უეცრად თვალები გაუფართოვდა და ოლივიას შეხედა დაფეთებულმა. - ოლი, ის რა ჯანდაბაა?
ჭერზე ძლივს შესამჩნევი…
- სათვალთვალო კამერა? - აღმოხდა ოლივიას. სათითაოდ შეამოწმა კომპიუტერი, ლეპტოპი და ტელეფონი, მაგრამ კამერაზე წვდომა არც ერთ მათგანს ჰქონდა.
- მეგანისაა? - აცქმუტუნდა ლარუსო.
- არა, აშკარად არ არის მისი. ვერ ვნახე ვერაფერი, გამორიცხულია, მისი რომ ყოფილიყო, ვნახავდი. - თქვა და ფეხზე წამოხტა.
- თუ ფლინის კამერაა - მან უკვე იცის, რომ მეგის საძებნელად ვართ მოსულები. უკვე იცის, რომ მის წინააღმდეგ მივდივართ, ოლივია. - მშვიდად თქვა ლეონმა.
- და რას მთავაზობ? ჯანდაბა, სიკვდილი არ მინდა. - აღმოხდა ქალს და სკამში ჩაესვენა.
- ნებისმიერ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ამას თუ არა, კორნელ ფლინმა უკვე იცის, რომ რაღაცას ვგეგმავთ.
- ჰო. - თავი დაუქნია ქალმა.
- მინიმუმ, არ მოგვეშვება იქამდე, სანამ ან არ მოვკვდებით, ან ხელს ავიღებთ ჩანაფიქრზე. - ისევ მსჯელობდა ლეონი.
- ანუ, შენ იმის თქმა გინდა, რომ ხელი უნდა ავიღოთ ამ ყველაფერზე? - ჩუმი კივილი ყველაზე უკეთ გამოსდიოდა ამ ქალს.
- არა, ნუ სულელობ. მე მეგის არ დავტოვებ მაგ ფსიქოპატთან ერთად.
- ლეონ, ნუ წელავ სათქმელს, თორემ ვფიცავ, ჩაქოლვას ვერ გადაურჩები! - უკვე ცოფებს ყრიდა ქალი.
- აქ მაქსიმუმ ნახევარი საათია, რაც ვართ. ისეთი სახე დაკერე, თითქოს ვერაფერი იპოვე და წავიდეთ იმ ხალხთან, ვინც ამოაპრინტერე. ოქეი ?
ოლივია წამოდგა, მოჩვენებითად ტირილის იმიტაცია გააკეთა, აქაოდა, ვერაფერი ვიპოვეო და ლეონს ჩაეხუტა.
რა იცოდა ან ერთმა, ან მეორემ, რომ მაგიდის ზედაპირის მოპირდაპირე მხარეს მოსასმენმა მცირე ზომის აპარატმა მთელი მათი დიალოგი ჩაიწერა.

პირველი
სტეფანი სკოტი, 55 წლის, მეგან და ნილ ჰემფრის დედა. ამჟამად, ცხოვრობს სოფელში. გავრცელებული ინფორმაციით მარტო.

მეორე
ლორა დერნი, 78 წლის, მეგანთან და ნილთან დაახლოებული პირი, ქვრივი. ლოგინად ჩავარდნილი, ინსულტის შედეგად პარალიზებული.

მესამე
ქრისტინ სპენსერი, 31 წლის, მეგანის ბავშვობის მეგობარი.

- ეს ყველაფერია, რაც გაქვს, ჰომ? - იმედგაცრუებამ თავი ვერ დამალა ლეონის ხმაში.
- ჰო, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია. - სწრაფად მიაყარა სიტყვები ოლივიამ და მანქანა დაქოქა.
- პირველიდან ვიწყებთ?
- არა, მესამედან. ქრისტინ სპენსერი მეგის მეგობარი იყო ოდესღაც, აქ ცხოვრობს. სტომატოლოგია და თავისი კლინიკა აქვს. იქ უნდა მივიდეთ. - თქვა და ავტომობილი დაძრა.
- აქ ნათქვამია, რომ ბავშვობის მეგობარი იყო და თორმეტი წლის მერე ერთმანეთი არ უნახავთ. - ლეონი გაშტერებით ჩასჩერებოდა ფურცლებს.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს, ლარუსო. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან მეგის წარსულზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე მე და შენ. თუ არ დაგვეხმარება მის პოვნაში, ინფორმაციას მაინც გამოვძალავთ. - მტკიცე სიტყვები ჰაერს აპობდნენ და ჟანგბადის ჩასუნთქვა მათ გამო ყოველ ჯერზე რთულდებოდა. თუ ოლივია რაიმეს მიზნად დაისახავდა, მოკვდებოდა, მაგრამ გააკეთებდა.
- მოვედით?
- ჰო, გადმოდი.

კლინიკა ორ სართულს იკავებდა. მედიკამენტების საშინელმა სუნმა ამ ორს ცხვირები აუწვა. მიმღებში მჯდარი გოგოს მიაკითხა ოლივიამ.
- გამარჯობა, ქრისტინ სპენსერს ვეძებთ. - რაც შეეძლო კულტურულად გამოთქვა თავისი სურვილი.
- ქალბატონი ქრისტინი ახლა დაკავებულია, პაციენტი ჰყავს. თქვენ ჩაწერილები ბრძანდებით? - ჯერ ლეონს უყურებდა, შემდეგ ოლივიას.
- არა, დაველოდებით. - უთხრა ქალმა. - უბრალოდ, მიგვასწავლეთ მისი კაბინეტი. - თვალები აუფახულა და დაბნეულ გოგოს გამოსძალა ინფორმაცია. ვერაფერს იტყოდი, მანიპულაციის უნარი ჰქონდა, მაგრამ ისეთი მაინც არა, როგორც მამა-მამინაცვალს.
- პირდაპირ დერეფნის ბოლოსკენ, ხელმარცხნივ კარია.
- გმადლობ. - სიტყვა მიუგდო და მითითებული კაბინეტისკენ დაიძრა.
- მართლა დაველოდებით? - იკითხა ლეონმა, როდესაც კარის მოპირდაპირე მხარეს ლურჯი დივანი დაინახა.
- ნუ სულელობ. - მოკლედ მოუჭრა ოლივიამ და კაბინეტის კარი გააღო.

- დაკავებული ვარ, ნახევარ საათში გავთავისუფლდები. - გაისმა ქალის ხავერდოვანი ხმა. მუქი ქერა ფერის თქმა ჰქონდა, რომელიც სამედიცინო ბადით აეწია ზემოთ. პირბადე ეკეთა და პირდაღებულ, გაოცებულ პაციენტს შიგ ხახაში უმზერდა.
- მეგან ჰემფრი. - ხმამაღლა დაიძახა ოლივიამ და ქალის რეაქციას დაელოდა. რეაქციამ კი არ დააყოვნა. ქალი შეკრთა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
- რა სჭირს მეგანს?! - სასოწარკვეთა იმდენად მკაფიოდ ჟღერდა მის ხმაში, რომ ლეონმა და ოლივიამ ერთმანეთს გადახედეს.
- საფრთხეშია.
- დამელოდეთ. - უთხრა დ ანიშნა, რომ გასულიყვნენ.
- ნახევარი საათი აქ უნდა ვიყურყუტოთ? - გაღიზიანდა ოლივია.
- შეამჩნიე მისი რეაქცია? - ლეონი უკვე სიმთვრალის მდგომარეობიდან ბოლომდე გამოვიდა. - არამგონია, რომ დიდხანს გვაცდევინოს.
ოლი წამებს ითვლიდა. ძალიან დაძაბული იყო, იმდენად, რომ დაძაბულობა უკვე აფექტში ეზრდებოდა.
ზუსტად ათ წუთში გამოვიდა უკმაყოფილო პაციენტი და ერთი ქედმაღლური მზერით დააჯილდოვა ორივე. თუმცა ამისთვის არც ერთს სცხელოდა, სწრაფად შევიდნენ ქრისტინის კაბინეტში და გულისცემის დარეგულირებას ცდილობდნენ. ახლა არ უნდა ჩაფლავებულიყვნენ, ოღონდ ახლა არა...

პ.ს. ეს რაც შევძელი, ხალხო. მაპატიეთ თუ რამე შეცდომაა. ჯანმრთელობამ ნახვდისო, ამიტომ თქვენ მაინც გამახარეთ კომენტარებით.



№1 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებთ! ახლა კი რაც შეეხება ისტორიას. მეგანის გარშემო იდუმალება და შავი ღრუბლები გაჩნდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ კორნელი სასიკვდილოდ გაწირავს.როგორც უმრავლესობას, მეც მიყვარს ნაკლებად მძიმე ისტორიები, მაგრამ თქვენმა ისტორიამ ძალიან ჩამითრია და ყოველთვის მოუთმენლად ველი.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

გამოჯანმრთელდი მალეეე. მეგანი ჩემთვის მრავალუცნობიანი განტოლებასავითაა. იდუმალი და ამოუცნობი. ჯერაც ვერ გავარკვიე კორნელისა და ნილის დიალოგის დეტალები და ყოველ ჯერზე კითხვატა რაოდენობა იმატებსს. სულზე ვარ როდის გაიხსნება კვანძი. ისე მიმდინარეობს ისტორია კეთილი დასარულის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს. უბრალოდ მეგანა წარსულიც ეყოფააა ფლინიც აწვალებს და ცოცხალი მაინც დატოვეეე. მოუთმენლად გელოდებიი. საოცრად მაგარი წინადადებების წყობა. სიტყვათა მარაგი. ალეგორიები. მეეტაფორები და ეპიტეთები გაქვს

 


№3  offline მოდერი guroo

სასაცილოა: "პ.ს. ეს რაც შევძელი, ხალხო".
ერთი მხატვრული სიმაღლიდან ჩიტივით ფრინავდი მეორეზე და შემდეგზე და ასე დაუსრულებლად... სიგიჟე იყო, სიგიჟე! სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი.
ამას დაემატა ალუზიაც "მეთექვსმეტედან".
ასეთი კონცენტრირებული შედარებებსა და მეტაფორებზე ჯერ არ ყოფილხარ. იქამდე არ მოეშვი არცერთ მათგანს, ვიდრე ბოლომდე არ ამოაწურინე თავი და შესაძლებლობა, რომ ერთდროულად რამდენიმე შინაარს მორგებოდნენ. უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი, რომ თავი ამოვყავი ავტორის საკაიფო თამაშში. ოღონდ ამჯერად ყველაზე რეალური და სარწმუნო იყო ეს განცდა, რადგან გამოჩნდა დისტანცია, ტექსტისგან განდგომა ავტორის მხრიდან. ის წერს, გვიყვება პერსონაჟებსა და მათ ემოციებზე, ქმედებებზე, სიტუაციებზე... მაგრამ მიკერძოებულ თხრობას კი არ გვთავაზობს, არამედ ზოგჯერ თვითონაც ღიზიანდება რაღაცებზე, მაგრამ ძალიან კარგად იცის, რომ მკითხველს არ უნდა მოატყუოს და იმ პერსონაჟს ზუსტად ის ათქმევინოს და გააკეთებინოს, რასაც თვითონ პერსონაჟი გააკეთებდა ნამდვილი ადამიანი რომ იყოს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ავტორისეული ჩართვა.
ამ თავში შენი სარკასტულობა ჩვეულ ბილიკებს არ გაჰყოლია და უფრო დახვეწილი, ლამაზი ფორმები მოირგო. ერთი ისააა, რომ პირდაპირობა დაივიწყა და შედარებებით შეინიღბა, თითქოს ზედაპირს დაშორდა კოჭზე ლოდგამობმული ლეშივით და მარიანის ღრმულისკენ გაეშურა მთელი სიმძიმილით. მე ასეთი უფრო მომეწონა.
სასოწარკვეთილება და თვითგვემა. აღსარებას ჰგავდა. გულწრფელი, უსუსური აღიარება, რომ დამნაშავეები თვითონ არიან ოლივია და ლეონი, თუმცა ეს ხომ არ იყო მარტივი გასაკეთებელი? კარგად გამოგივიდა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოცემა. ჭიდილი, რომელიც საკუთარ თავთან ჰქონდათ გამართული, ვიდრე ამ აღიარებამდე მივიდოდნენ, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და სევდიანი. მეგანზე კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული.
"- მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს ენდობი თუ არა, ინფორმაცია მაინც გაჟონავს გინდა ეს შენ თუ არა, ლეონ. ამიტომ მე პირადად, მირჩევნია - ვენდო და ამით დავტკბე, ვიდრე მუდმივ შიშებში ვიყო. ასე მაინც მეცოდინება, რომ ადრე თუ გვიან ყველა მიღალატებს" - მიუხედავდ უამრავი სილამაზისა, მე მაინც ეს ამოვარჩიე საჩემოდ.
წავედი, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო. ძალიან კარგია, ძალიან!

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებთ! ახლა კი რაც შეეხება ისტორიას. მეგანის გარშემო იდუმალება და შავი ღრუბლები გაჩნდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ კორნელი სასიკვდილოდ გაწირავს.როგორც უმრავლესობას, მეც მიყვარს ნაკლებად მძიმე ისტორიები, მაგრამ თქვენმა ისტორიამ ძალიან ჩამითრია და ყოველთვის მოუთმენლად ველი.

უღრმესი მადლობა, არ ვიტყვი და არ გავაჟღერებ კორნელის სურვილებს და ვალდებულებებს მეგანის მიმართ. კიდევ გმადლობ, რომ მომყვები და ჯანმრთელობას მისურვებ.

Qeti qimucadze
გამოჯანმრთელდი მალეეე. მეგანი ჩემთვის მრავალუცნობიანი განტოლებასავითაა. იდუმალი და ამოუცნობი. ჯერაც ვერ გავარკვიე კორნელისა და ნილის დიალოგის დეტალები და ყოველ ჯერზე კითხვატა რაოდენობა იმატებსს. სულზე ვარ როდის გაიხსნება კვანძი. ისე მიმდინარეობს ისტორია კეთილი დასარულის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს. უბრალოდ მეგანა წარსულიც ეყოფააა ფლინიც აწვალებს და ცოცხალი მაინც დატოვეეე. მოუთმენლად გელოდებიი. საოცრად მაგარი წინადადებების წყობა. სიტყვათა მარაგი. ალეგორიები. მეეტაფორები და ეპიტეთები გაქვს

ყველაზე მეტად გულზე მალამოდ მომედო ჩემი წერის სტილის შექება. უღრმესი მადლობა. მეგანის და კორნელის ურთიერთობა ჩემთვისაც ამოუხსნელი კვანძის, რომელსაც ჯერ-ჯერობით რომ მკითხო, ვერც კი გიპასუხებ. გმადლობ, რომ მომყვები ❤️

guroo
სასაცილოა: "პ.ს. ეს რაც შევძელი, ხალხო".
ერთი მხატვრული სიმაღლიდან ჩიტივით ფრინავდი მეორეზე და შემდეგზე და ასე დაუსრულებლად... სიგიჟე იყო, სიგიჟე! სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი.
ამას დაემატა ალუზიაც "მეთექვსმეტედან".
ასეთი კონცენტრირებული შედარებებსა და მეტაფორებზე ჯერ არ ყოფილხარ. იქამდე არ მოეშვი არცერთ მათგანს, ვიდრე ბოლომდე არ ამოაწურინე თავი და შესაძლებლობა, რომ ერთდროულად რამდენიმე შინაარს მორგებოდნენ. უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი, რომ თავი ამოვყავი ავტორის საკაიფო თამაშში. ოღონდ ამჯერად ყველაზე რეალური და სარწმუნო იყო ეს განცდა, რადგან გამოჩნდა დისტანცია, ტექსტისგან განდგომა ავტორის მხრიდან. ის წერს, გვიყვება პერსონაჟებსა და მათ ემოციებზე, ქმედებებზე, სიტუაციებზე... მაგრამ მიკერძოებულ თხრობას კი არ გვთავაზობს, არამედ ზოგჯერ თვითონაც ღიზიანდება რაღაცებზე, მაგრამ ძალიან კარგად იცის, რომ მკითხველს არ უნდა მოატყუოს და იმ პერსონაჟს ზუსტად ის ათქმევინოს და გააკეთებინოს, რასაც თვითონ პერსონაჟი გააკეთებდა ნამდვილი ადამიანი რომ იყოს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ავტორისეული ჩართვა.
ამ თავში შენი სარკასტულობა ჩვეულ ბილიკებს არ გაჰყოლია და უფრო დახვეწილი, ლამაზი ფორმები მოირგო. ერთი ისააა, რომ პირდაპირობა დაივიწყა და შედარებებით შეინიღბა, თითქოს ზედაპირს დაშორდა კოჭზე ლოდგამობმული ლეშივით და მარიანის ღრმულისკენ გაეშურა მთელი სიმძიმილით. მე ასეთი უფრო მომეწონა.
სასოწარკვეთილება და თვითგვემა. აღსარებას ჰგავდა. გულწრფელი, უსუსური აღიარება, რომ დამნაშავეები თვითონ არიან ოლივია და ლეონი, თუმცა ეს ხომ არ იყო მარტივი გასაკეთებელი? კარგად გამოგივიდა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოცემა. ჭიდილი, რომელიც საკუთარ თავთან ჰქონდათ გამართული, ვიდრე ამ აღიარებამდე მივიდოდნენ, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და სევდიანი. მეგანზე კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული.
"- მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს ენდობი თუ არა, ინფორმაცია მაინც გაჟონავს გინდა ეს შენ თუ არა, ლეონ. ამიტომ მე პირადად, მირჩევნია - ვენდო და ამით დავტკბე, ვიდრე მუდმივ შიშებში ვიყო. ასე მაინც მეცოდინება, რომ ადრე თუ გვიან ყველა მიღალატებს" - მიუხედავდ უამრავი სილამაზისა, მე მაინც ეს ამოვარჩიე საჩემოდ.
წავედი, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო. ძალიან კარგია, ძალიან!

X2 შენგან ? მართლაც დავიმსახურე შექება, მეტაფორები, დიალოგები, ავტორისეული ჩართვა... ამ თავში სული და გული ჩავრთე, რადგან უძვირფასესი ყველა სიტყვა, რომელსაც ვერც ერთ ძვირადღირებულ ქვას შევადარებ ამქვეყნად.
წაიკითხე, წამიკითხე და გამშიფრე ისე, როგორც მე გშიფრავ, ამას გთხოვ. მეტს არაფერს.

 


№5  offline მოდერი guroo

ხომ იცი, რომ კარგად არ გამომდის ეგეთი რაღაცები. მაპატიე, რამდენჯერაც იმედს გაგიცრუებ.

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
ხომ იცი, რომ კარგად არ გამომდის ეგეთი რაღაცები. მაპატიე, რამდენჯერაც იმედს გაგიცრუებ.

იმდენ ხანს დაგელოდები, სანამ შეძლებ. ჩემი იმედი გქონდეს.

 


№7  offline წევრი Life is beautiful

ჯანდაბა!
უწინ გითხარი,
ძალიან მომწონს #21-მეთქი.
შევცდი!
თან ძალიან მწარედ.
თურმე ვერ გავწვდი, კიდევ უფრო ავრცობ და ავსებ ისე, რომ ფსკერისკენ უუნაროდ მივექანები.
ჯანდაბა!
რა რეალური და რა მწარეა ეს ყველაფერი. კანი ამიწვა, აზრების ჯარი დამიყენა და მაინც ყოველ ცდაზე მიწაზე ვეშვები.
რადიკალიზმი მომწონს, ყველა თავი გავს ერთმანეთს და თან ყველა განსხვავებული და ახალია.
კორნელმა თქვა: "არასოდეს შეეგუო მოცემულობას". და არც შენ ეგუები.
არ ემორჩილები დაწესებულ ჩარჩოებს მაგრამ შენეულ ზღვარს ავლებ-მკითხველსა და შენს შორის.
მოკლედ მე რა უფლება მაქვს შევაფასო,
"უბრალოდ" ჩემი ემოციების ნაჭუჭები დავფერთხე სიტყვებად..

#21 მეტისი ვარდით. (მეგონი მეტისია<3)

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

Life is beautiful
ჯანდაბა!
უწინ გითხარი,
ძალიან მომწონს #21-მეთქი.
შევცდი!
თან ძალიან მწარედ.
თურმე ვერ გავწვდი, კიდევ უფრო ავრცობ და ავსებ ისე, რომ ფსკერისკენ უუნაროდ მივექანები.
ჯანდაბა!
რა რეალური და რა მწარეა ეს ყველაფერი. კანი ამიწვა, აზრების ჯარი დამიყენა და მაინც ყოველ ცდაზე მიწაზე ვეშვები.
რადიკალიზმი მომწონს, ყველა თავი გავს ერთმანეთს და თან ყველა განსხვავებული და ახალია.
კორნელმა თქვა: "არასოდეს შეეგუო მოცემულობას". და არც შენ ეგუები.
არ ემორჩილები დაწესებულ ჩარჩოებს მაგრამ შენეულ ზღვარს ავლებ-მკითხველსა და შენს შორის.
მოკლედ მე რა უფლება მაქვს შევაფასო,
"უბრალოდ" ჩემი ემოციების ნაჭუჭები დავფერთხე სიტყვებად..

#21 მეტისი ვარდით. (მეგონი მეტისია<3)

ჯანდაბა! მივაღწიე იმას, რომ შენ პირადში კი არა, აქ დამიკომენტარე და როგორი კომენტარი მომართვი. უგემრიელესი, უთბილესი და უღრმესი მადლობა, რომ ამ დილით ასე გამახარე. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent