სასრულეთი (თავი 39)
თავი 39 ხნის ღამე ლეა ნიშნობის აღნიშვნით უკვე დავასრულეთ საქორწინო ცერემონიამდელი მოსამზადებელი რიტუალების მთავარი ტრადიციული ნაწილი, რომელიც მაშაია და შარბათით დაიწყო (ჰიტბა), ნიშანითა და მეზ ალ საიდით გაგრძელდა. ქორწილამდე ზუსტად 1 დღეღა რჩებოდა და აქაურების თქმით, დღევანდელი საღამო ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნებოდა, წინ ხომ „ხნის ღამე“- გოგოების წვეულებაა. ტრადიციისამებრ საღამოს გოგოს ახლობლები და საპატარძლოს მდედრობითი სქესის მეგობრები იკრიბებიან. ჩემს შემთხვევაში კი ეს ყოველივე დავუდის ოჯახში მოხდებოდა და სწორედ მისი დედობილი შეითავსებდა ჩემი ოჯახის წარმომადგენლის ფუნქციას. ამის აღსანიშნავად მთელი კვირა სახლი დროშებით იყო მორთული, ეს კი ნიშანია იმისა, რომ ამ დღიდან ოჯახში საქორწილო სამზადისი იწყება, დილიდან ფუსფუსის უჩვეულო ხმაურით გაჟღენთილიყო ძველისძველი კედლები. გამომცხვარი ტკბილეულის მთები თავმომწონედ გადაშლილიყო სტუმრების მისაღებში და სუმეიე და ქალები ამაოდ ცდილობდნენ თითოეულ მაგიდაზე თანაბრად გადანაწილებას. ირგვლივ მუსკატის კაკლისა და დარიჩინის ისეთი საამო არომატი იდგა, ჩვენში აღდგომისწინა სამზადისს მახსენებდა, ბებო რომ კულიჩების დაცხობას დააპირებდა. ზუსტად ამ არომატებით იჟღინთებოდა ჩვენი ბებოს ბინაც. ჩემდაუნებურად თვალები ცრემლებით ამევსო. ხომ მე ვიყავი ამ სამზადისის მთავარი სულისჩამდგმელი, ხომ ყველაფერი ჩემთვის კეთდებოდა, მაგრამ თავს მაინც გარე დამკვირვებლად ვგრნობდი. ამ მოფუსფუსე ჩადრიან ან თავსაფარ წაკრულ ქალებს შორის ნახევარზე მეტს სახეზეც კი ვერ ვცნობდი, თავად კი ისე შინაურულად მიდი-მოდიოდნენ და ქოთქოთებდნენ, ვერც კი ამჩნდევდნენ, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ყოველივე და კიდევ უფრო ვირიყებოდი. თითქოს ზღვის ტალღამ ერთი ციდა მარჯანი დიდ რიფს ჯერ დამაშორა, მერე ნაპირზე გამომრიყა და ცხელ ქვიშაზე ისე უსულგულოდ დამაგდო, რომ ჩემი მის ნაწილად ყოფნა წამსვე დაივიწყა. დავუდი აქ არ არის, მერიემი და თინაც მაინდამაინც ახლა გავიდნენ, სულ მარტო ჩავრჩი. ის ის იყო, მიბრუნებას და ოთახში ასვლას ვაპირებდი, რომ ნილაი გაზაფხულის ნიავივით შემოქროლდა და თავისი ზურმუხტისფერი თვალები შემომანათა. - დაო ლეა, რა ლამაზი ხართ, როგორ მინდა მეც თქვენნაირი თმა მქონდეს - ჩემს დატალღულ თმებს გაუბედავად შეეხო. - ამას ვინ მეუბნება, თვით აღმოსავლეთის პრინცესა? - გადავიკისკისე და წუთისწინანდელი განწყობა ჯანდაბასა და დოზანაში გავისროლე. მერე ვითომ მოჩვენებითი წყრომით მივმართე: - ნილაი, რამდენჯერ უნდა გთხოვო, შენობით მომმართო, არა საჭირო ეს უაზრო სუბორდინაცია, თუ გინდა, რომ მართლაც დები ვიყოთ. - მე დედაც რომ გურჯი მყოლოდა, მეც მექნებოდა ღია ფერის თმები. - თმის ფერს ყოველთვის შეიცვლი, ნილაი, მთავარია აი, აქ ვინ ხარ და ვინ გინდა, რომ იყო. - გულზე ხელი მივადე და ჩიტის გულისცემისოდენო ფართხალი წამსვე შევამჩნიე.- - ტკბილეული არ გინდა?- ეშმაკურად შემომცინა. - მმმ, კი, როგორ არა, თან ჩემი საყვარელი სურნელი ასდის, მაგრამ განა შეიძლება? სუმეიემ ხომ თქვა, საღამომდე მოიცადეო? - ნილაი სულთნისთვის ყველაფერი შეიძლება, მითუმეტეს თუ ამ ტკბილეულს ხნის ღამის პატარძალს გაუყოფს. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ოსტატურად გაიჭრა მაგიდებს შორის და კაფტანის კალთები ხელში მოყოლილი ტკბილეულით აივსო. - ალაჰ, ალაჰ და კიდევ გაუგებარი არაბული ქოთქოთით მაშინვე სუმეიე გამოეკიდა. ნილაიმ ეგრევე ხელი ჩამჭიდა და ასე სიცილ კისკისით ვიწრო დერეფნებში გამოვექეცით სუმეიეს და კიბეები სწრაფად ავირბინეთ, აქ კი მართლა ვეღარ დაგვეწეოდა. მაშინვე ოთახში შევიკეტეთ და ნადავლის განაწილებას შევუდექით. - ალაჰ, ნახევარი ძირს დაგვივარდა, ზოგიც დაიმტვრა. - დამნაშავეს ხმით ამოთქვა ნილაიმ და თვალები საწყალობლად შემომანათა. - რას ამბობ ნილაი, ნახე, გასინჯე უგემრიელესია. მართლაც საოცარი გემო ჰქონდა ტკბილეულს. ის ის იყო, ნამცეცების მოგროვებას მოვრჩით, რომ კარი ლამის შემოანგრია, ისე შემოიჭრა დავუდის დედობილი, ნილაისთან გაკაპასებული მიიჭრა და აშკარად ჩხუბი დაიწყო. ნილაი თავჩახრილი იდგა და თვალები ცრემლებით ევსებოდა. ვერ მოვითმინე, მართალია ამ ქალმა არაბულის გარდა არცერთი ენა არ იცოდა, მაგრამ როგორც შემეძლო ჩავერიე და ჟესტურ-ინგლისურით ვანიშნე, რომ ზედმეტი მოუვიდა. ჩემს ჩარევას თითქოს არ ელოდაო ერთი გაოცებულმა გამომხედა და ხელი გამომიწოდა. ეს ჟესტი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო. როდესაც უფროსი ხელს გიწვდის, განსაკუთრებით დედამთილ-მამამთილი, ჯერ უნდა ეამბორო, მერე შუბლზე მიიდო და ამით დალოცვა ითხოვო. წარბშეუხრელად მივჩერებოდი და სახეზე ნერვიც კი არ მიტოკდებოდა. კარგა ხანს ვბურღეთ ერთმანეთი მზერით, რომ ისევ მე ზურგი შევაქციე და სარკესთან მივედი, თითქოს უკვე მზადდებას ვიწყებდი. ჩემი ქმედებით შეშფოთებულ-აღშფოთებულ-შეურაცხყოფილი შურდულივით გავარდა ოთახიდან. ნილაი დავამშვიდე, გულში მივიხუტე და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, როგორი შეიძლება იყოს დედმამიშვილობა, და დური სიყვარული. ეს გოგონა დანახვისთანავე უმცროს დად მივიღე და არავის მივცემდი უფლებას, თვით დავუდსაც კი მისი ფერადი ოცნებებისთვის რომელიმე ფერი მოეკლოთ. ცოტა ხანში ნილაიც თავის ტანსაცმელ მაკიაჟის ყუთიანად ჩემს ოთახში დაბრუნდა და გადავწყვიტეთ ერთად მოვმზადებულიყავით. სტილისტებზე თავად განვაცხადე უარი. თინას ბებოს საყვარელი თურქული სერიალებიდან ისედაც ვიცოდი, რომ ხნის ღამე ისედაც სავსე იქნებოდა ზიზილ-პიპილოებით, ამიტომ მკვეთრი მაკიაჟი და ვარცხნილობა ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა, ვიცოდი, რომ კაბაც წითელი იქნებოდა, ამ ფერთან კი დიდად ვერასდროს ვმეგობრობდი. ზუსტად იმ დროს, როდესაც დავუდის წინაპარ ნილაი სულთნისეულ ბინდალის ყუთს თავს ვხდიდი, მერიემი და თინაც შემოგვიერთნენ და ყველამ ერთად აღფრთოვანებით შევათვალიერეთ ყუთში რუდუნებით დაკეცილი ქსოვილი. თურქეთში და ჩვენშიც, აზერბაიჯანულ სოფლებში, ტრადიციული სამოსი, რომელსაც ბინდალი ჰქვია, როგორც წესი, ოქროსფრად ამოქარგული წითელი ან ბორდოსფერი სამოსია. პატარძალს ასევე წითელი თავსაბურავი ახურავს. თუმცა ერაყმა ამ კუთხითაც სასიამოვნოდ გამაოცა. მუქი მწვანე ჭაობისფერი ხავერდის კაბა ოქრომკერდით ბოლოებსა და ზურგზე გაეფორმებინათ. კაბის ზედა ნაწილს მხრებზე გადასული კორსეტი შეადგენდა, რომელსაც გამჭვირვალე შიფონის ბინდალისეული მკლავები გადაჰფენოდა. არ მჯერა, რომ ეს დიდებული კაბა ჯერ თვით ნილაი სულთანს ეცვა, მერე დავუდის დედას, ახლა კი მე დამამშვენებდა. - აბა რა გეგონა, ჩემს დიდ, დიდ და კიდევ უფრო დიდ ბებიას მშვენიერი გემოვნება ჰქონდა. ეს კაბა ვენეციელი და ერაყელი რჩეული მკერავების ერთობლივი შემოქმედებაა. - აღფრთოვანებული სამართლიანად ტრაბახობდა ნილაი და გოგოებთან ერთად კაბის მორგებაში მეხმარებოდა. ამ დიდებულ კაბას ნამდვილად ვეღარ გავაფუჭებდი ექსპერიმენტებით, თმა სადად შევიკარი უკან მოშვებულ ცხენის კუდად, ალაგ ალაგ თავისით ჩამოვარდა დაუმორჩილებელი თმის ტალღები და ბუნებრივი ვარცხნილობის ეფექტიც შეიქმნა. მაკიაჟიც ძალზე სადა იყო თვალებს თუ არ ჩავთვლით. თვალების არ მოხატვა აქ მართლაც ჰარამი იქნებოდა. მანამ სანამ სტუმრები გროვდებოდნენ სახლში, ქალი, რომელიც ბედნიერ ქორწინებაშია და არ ყოფილა არასდროს განქორწინებული ხნას ამზადებდა. ასეთი დავუდის დეიდა აღმოჩნდა. ლამაზად მორთულ სინებზე სანთლები გარშემო დაელაგებინათ, შუაში კი ხნა დაედოთ. ჩემი გამოჩენის დროც დადგა. ლამაზი აღმოსავლური მელოდიის ფონზე კიბეებზე დავეშვი და გაოცებისგან ყბა ჩამომვარდა. არა თუ ზიზილ პიპილო, ასე ერთმანეთთან ფერების საოცარ თამაშს და სისადავეს ვერც წამორვიდგენდი. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სტუმრების მისაღებ დარბაზში წრეზე განელაგებინათ მაგიდები, ნაწილს ჩემი კაბისფერი სუფრები ამშვენებდა, ნაწილს ოქროსფერი. დარბაზის შუაგულში ამაღლებული კვარცხლბეკი მოეწყოთ, რომელზედაც ოქროსფერი მოჩუქურთმებულ თავებიანი სავარძელი დაედგათ. ახალგაზრდა გოგონებმა ყვავილებითა და სანთლებით მორთული სინებით ხელში გზა გამიკვალეს კვარცხლბეკისკენ. მერიემი, ნილაი და თინაც მათ შეუერთდნენ. დავჯექი თუ არა, სინებით ხელში გარშემო წრის შეკვრა დაიწყეს და ამ დროს დაფდაფების ხმაც გაისმა. გოგონები ხმამაღლა მღეროდნენ ტრადიციულ მელოდიას, რომელსაც ოდნავ სევდისფერიც დაჰკრავდა, ალბათ იმიტომ, რომ ხნის ღამე პატარძლის საყვარელ ოჯახთან გამომშვიდობების დროა. ამ თვალსაზრისით ხნის ღამე კარგა ხნის განვლილი მქონია. ნეტავ ეხლა დედა როგორაა? დავუდი, რაც ჩამოვედით, აღარ ახსენებს. დარწმუნებული ვარ, მასაც მოიწვევდა, მაგრამ დედაჩემს ზედმეტად უყვარს საკუთარი თავი. ნამდვილად ვერ გაწირავდა “საშიშ” და “საომარ მდგომარეობაში” მყოფ ერაყში წამოსასვლელად. უსიამოვნო ფიქრების და სევდისფერი მელოდიის გასაფანტად სტუმრების მაგიდებს მოვავლე თვალი. ჩემს პირდაპირ ოჯახის უფოსი ქალბატონები ისხდნენ. მათ გვერდით უცხოელი სტრუმრები, რომლებიც უკვე მენახა ნიშნობის ცერემონიაზე, შემდეგ სხვა ნათესავები. მელოდია დასრულდა თუ არა, ჩემს წინ მსხდომ ქალებს სანდომიან სახიანი შუახნის ქალბატონი გამოეყო და ჩემდა გასაკვირად საუბარი ინგლისურად დაიწყო. - მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი დღესასწაულის გაზიარებისთვის. ალაჰმა წყალობა არ მოგაკლოთ. მართალია, ტრადიციებს მცირედით გადავუხვიეთ, მაგრამ ვინაიდან პატარძალიც არ არის აქაურ წესებს მიჩვეული, გადავწყვიტეთ, ჯერ რიტუალები გაგაცნოთ და თან ჩავატაროთ. კაცობრიობა იზრდება, იცვლება, ნელა შორდება ძველი ცრურწმენებისა და უძველესი ადათ-წესებისგან. ამასთან, ზოგიერთი ტრადიცია დროთა განმავლობაში, მართალია მცირე ცვლილებებს განიცდის, მაგრამ ხალხს მაინც ღრმად უყვარს და პატივს სცემს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიციაა ჩვენში ქორწილის წინ გამართული ხნის ღამეა. ხნის ღამე უძველესი მუსულმანური ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც ქორწილის წინა ღამეს პატარძალი ემშვიდობება საკუთარ სახლს და ემზადება დასაწყებად ახალი ცხოვრებისა საქმროს სახლში. ეს არის ერთდროული მწუხარების და სიხარულის დრო, სევდიანი სიმღერებისა და მხიარული ცეკვების. ჭამის, სმის, ტირილის, სიცილის, ოცნების დრო. ასეთია ჩვენი წვეულება, რომელსაც უნდა ესწრებოდნენ ქალები როგორც პატარძლის, ასევე საქმროს მხრიდან. ჩვენი ადათები უფლებას გვაძლევს ხნის ღამე საქმროს სახლში გაიმართოს, ამიტომ, მოდით, მადლობა გადავუხადოთ მათ გულთბილი მასპინძლობისთვის. უცხოელი სტუმრები ოვაციებით შეხვდნენ მის გამოსვლას, მეც გულზე დარი მომეფინა. - უპირველეს ყოვლისა ნება მიბოძეთ, წარგიდგინოთ თავი. მე, დავუდის ცხონებული დედის და, დავუდის დეიდა ნური გახლავართ. როგორც ბედნიერ ქორწინებაში მყოფს და ამ წყვილის გულშემატკივარს, მე მერგო პატივი მომემზადებინა ხნა, რიტუალის მთავარი შემადგენელი ნაწილი. ითვლება, რომ რაც უფრო ხმამაღლა ტირის პატარძალი, მით უფრო წარმატებული და ბედნიერი იქნება ეს ქორწინება მისთვის. ამიტომაც არავინ ფიქრობს ატირებული გოგონას დამშვიდებას, პირიქით, სევდიანი სიმღერების შინაარსი მშობლებთან განშორების შესახებ, მართალია ჩვენს ულამაზეს პატარძალს არ ესმის, მაგრამ მინდა გულით გთხოვოთ ძვირფასო ლეა, ეს გარემოება გაითვალისწინოთ. სწორედ ამ დროს გოგონების ნაწილმა არსაიდან უცებ დააძვრინეს უზარმაზარი ბადე ფატა და თავზე გადამაფარეს. გამჭვირვალე ქსოვილში კიდევ უფრო ეგზოტიკურ საბურველში გაეხვია ჩემს წინ გადაშლილი სანახაობა. სიმღერები კი უფრო ძალუმად აკვნესებდნენ სევდისფერ ნოტებს და დაუნდობლად თვალებში მაფეთებდნენ იმ მოგონებებს, ამ ხნის მანძილზე სირაქლემასავით რომ გავურბოდი. პირველი ასეთი მოგონება ჩემი “ძევიშნიკია”, რომელიც სულაც არ გავდა ამ რიტუალებს. ჯერ რომ კლუბში ისე გავილეშეთ, ალესანდროს მალჩიშნიკი ჩავუშალეთ და სახლში ძლივს მიგვიტანა. მაშინ ალესანდრო მეგონა ჩემი ზღაპრის ბედნიერი დასასრული. რატომღაც მეგონა, რომ სიყვარული უნდა ყოფილიყო ის დიდი და საიდუმლო ხელობა, რომლის ათვისების უნარები ყველას არ ჰქონდა. უცნაურად ჟღერს, ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სიყვარული არ იყო ის, რაც ჩემს ცხოვრებაში იქნებოდა. ალესანდროს გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში დამარწმუნა, რომ სიყვარული არა რაიმე ზღაპრული ან ღვთაებრივი ემოციების ერთობლიობაა, არამედ იმ ადამიანის აღმოჩენა, რომელსაც გულს და სულს გადაუშლი, გაუზიარებ და ცხოვრების მეგზურად გაცნობიერებულად აირჩევ, ალესანდრო ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. სექსშიც მშვენივრად ვეწყობოდით ერთმანეთს და დარწმუნებული ვიყავი, მთელი ცხოვრება გვეყოფოდა ერთმანეთით ტკბობისთვის. როგორ ვუტყდებოდი გრძნობებში? აი ასე: სან მიყვარხარ, იმიტომ, რომ შენ თავს დაცულად მაგრძნობინებ. შენ მაგრძნობინებ, რომ გიყვარვარ და მაფასებ. მაგრამ ყველაზე მადლიერი ვარ იმის გამო, რომ შენ მაგრძნობინებ, რომ საკმარისი ვარ.” ამიტომაც მიყვარდა ალესანდრო. მე დედაჩემისთვის არასდროს ვიყავი საკმარისი. ჩემგან ყოველთვის მეტი უნდოდა, უფრო კარგად დამეკრა ფორტეპიანოზე, უფრო კარგად მეცეკვა, მესწავლა, უფრო მაღალი ვყოფილიყავი, უფრო პერსპექტიული მეგობრები მყოლოდა. ერთადერთი, რაც მისთვის საკმარისი იყო, ალესანდრო იყო, სასურველი სასიძო. და აი, მეც გადმომივარდა პირველი ცრემლი. გოგონებმა სიმღერას და ცეკვას უმატეს. მერე დავუდი ქარბობალად დამატყდა და თავდაყირა ამომიყირავა ღირებულებებისა და შეხედულებების წლობით წვალებით აშენებული კოშკი, ხუხულასავით ჩამომანგრია და გრძნობებისა და ემოციების არნახულ სამყაროში შემიშვა. და მე გავაცნობიერე, რომ შეიძლება არა იდეალურობით, არამედ არასრულყოფილებით, ჩემი ცოდვებითა და ნაკლოვანებებითაც ვიყო საკმარი იმ ერთისთვის, შემეძლო ჩემში დამეტია მთელი მისი სამყარო. და სწორედ ეს ვერ გაიგო, სწორედ ეს ვერ დაინახა დედამ. მე ალესანდროსთან ყოველთვის დამჯერი, იდეალური გოგო ვიყავი, როგორც კი ჩემი მეორე მხარე დაინახა, იმედი გაუცრუვდა, ამიტომაც შეძლო ჩემი გაშვება. დედამ კი, სწორედ იმ დროს მკრა ხელი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისთვის ჩაჭიდება, იმ დროს დამატეხა ფრთები, როცა გაფრენას ეს ესაა ვცდილობდი. აი, აქ კი ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი, რასაც ქალების პირზე ხელებაფარებული ყიჟინა მოჰყვა. - ალაჰი შუქურ. - მადლობა ალაჰს, პატარძალი ტირის, ბედნიერი იქნება. ფიქრებით დავუდი მოვიხმე. დავუდ, ნეტავ აქ იყო. შენ მაჩვენე, როგორ უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტე შემიყვარდე. შენ მითხარი, რომ არავინ არის ისეთი, ვინც შეგიძლია გიყვარდეს ისე, როგორც მე შემიძლია საკუთარი თავი შევიყვარო და მართალიც იყავი. აქ რომ იყო, მადლობას გადაგიხდიდი. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. ყველაფრისთვის, რაც ხარ და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე. მადლობა, რომ ყოფიერების მორევში საკუთარი თავი მაპოვნინე. ფიქრებიდან არაბულმა შეძახილმა გამომაგდო, რომელსაც დეიდა ნურის თარგმნაც მოჰყვა. ოჯახის უფროსი ქალბატონი ამბობს „პატარძალი ხელს არ შლის“. სასიძოს დეიდა მომღიმარი მიახლოვდება და ხელის გულზე ოქროს მადებს. - ამის შემდეგ პატარძალი გაშლის ხელს და ხელის გულებზე მას ხნას წაუსვამენ, შემდეგ კი უთითებო წითელ ხელთათმანს ჩააცმევენ. და მეც გავშალე ხელი. პატარა ხნას დაადო პალმა და ოქროს მონეტა, ხელის გულზე დამაფინა და მუშტი მჭიდროდ შემაკვრევინა, ისევ გაისმა ქალთა უკვე ნაცნობი ყიჟინა. სასაცილო უთითებო ხელთათმანიც წამომაცვეს მყისვე. ამ დროს ოთახში ვერცხლის უჯრა შემოაქვთ. მასზე ხნა არის გაშლილი და ორი სანთელი იწვის. მოდის დღესასწაულის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი. მხოლოდ ქალმა, რომელშიც მისი ერთადერთი ქორწინება ნამდვილად ბედნიერი გახდა, პატარძლის ხელები ხნით უნდა დახატოს. ეს ძალიან საპატიო მოვალეობაა. ითვლება, რომ იგი ასე გადასცემს პატარძალს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და წარმატებებს. ნურმა გასაოცარი ოსტატობით დაიწყო ხელების მოხატვა და თან გამამხნევებელი რეპლიკების ჩუქება. იყო ამ ქალში რაღაც ნაცნობი. თითქოს დავუდის სურნელის ნაწილსაც ატარებდა. დავუდისგან უკვე მსმენოდა მასზე, ყოველთვის თბილად მოიხსენიებდა და ხშირად ამბობდა, რომ დედის მაგივრობას სწორედ დეიდა ნური უწევდა, სწორედ ის უმშრალებდა დედის მონატრებით გამოწვეულ ცრემლებს. ხნით მოხატვის რიტუალის შემდეგ მწუხარება და ცრემლი ქრება და გოგონები გვიან ღამემდე იწყებენ ცეკვას და გართობას. მეც თავსაბურავს მხსნიან და სტუმრებს ხნას ურიგებენ. სინზე განთავსებული მონეტა ან ოქრო ვისაც შეხვდება, უახლოეს მომავალში ბედი მას გაუღიმებს.ამის შემდეგ კი ყველა ერთად იწყებს სიმღერასა და ცეკვას. ცნობისმოყვარე მზერამ კივილი დაიწყო, როცა თინას შეცვლილ-გაოცებულ-შეშფოთებულ-აღფრთოვანებული სახე დავინახე. როგორც ჩანს, ის არის იღბლიანი და მას ამოუვიდა ოქროს მონეტა. არ არსებობს, ქალი კლდე, ქალი ქვა და რკინა, ქალი ფემინიზმის მწვერვალი და მეფეთმეფე, ქალი, რომელიც გათხოვებას არასდროს აპირებდა და თვით ეს სიტყვაც სტერეოტიპულად მიაჩნდა, დღეს მისი სახე სულ სხვა ისტორიას ყვება, როგორც ჩანს, ერაყი მასაც ეხმარება მისი მეორე მეს აღმოჩენაში. აკისკისებული მეც შევუერთდი მოცეკვავეთა გუნდს და ტამტამებზე ტანის როკვას მოვყევი. ის ის იყო ცეკვა-ცეკვითა და თეძოების რხევით თავი და ტანი უკან გადავწიე და ლამის ხიდზე გადავედი, რომ ასე თავდაყირა მდგომარეობაში ყურადღება მიიქცია დამსწრე სტრუმრის ბოტასებმა, რომელიც სულაც არ ჰგავდა დანარჩენების მაღაქუსლიან ან კლასიკურ სანდლებს. ნელ-ნელა წამოვიმართე, წელში გავსწორდი, შევბრუნდი ტანით მისკენ და თვალები ფეხებიდან ზევით ავაყოლე. სახეზე ნიქაბი აეკრა და თვალთახედვის არეში მხოლოდ თვალები დაეტოვებინა. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, ხელით მანიშნა გავყოლოდი და ჯერ სტუმრების ზღვას შეერია, მერე კი ვიწრო დერეფანს გაუყვა და ერთ-ერთ ოთახში შევიდა. მაშინვე გავყევი და თან სასიამოვნო გაოცებისგან ღიმილს ძლივს ვიკავებდი. როგორც კი ოთახში შევედი, ეგრევე კედელზე ამაკრა ძლიერმა ხელებმა და თავადაც ზედ მომეკრა. უკვე მოესწრო ბურქისა და ნიქაბისგან განთავისუფლება და ჩემი მზერით გაბურღვა. - დავუდ აქ რას აკეთებ, ეს ხომ გოგონების წვეულებაა? - ვითომდა დამტუქსავი ტონით დავიწყე მიმართვა, არადა გულში ვინ იცის მერამდენე ფეიერვერკს ვაჩაღებდი. - ვერასდროს ვაპატიებდი თავს, ეს ღამე გამომეტოვებინა და ამ ფორმაში არ მენახე. საოცრება ხარ ლეა. ჩემი ხნის ღამის პატარძალი. - თითები სახეზე ამისვა და თავი ჩემს ყელში ჩარგო, სადაც მხურვალე ტუჩებმა თავადვე მოძებნეს ბილიკები გასაკვალად. - მომენატრე დავუდ, არ მყოფნი, სულ მენატრები და სულ მინდიხარ. - ხმა აკანკალებულმა ამოვიჩურჩულე, თავი ავაწევინე და ტუჩებზევე დავწვდი. ისევ ავივსე ფერებით, ისევ მომაწყდა ზღვა ემოციები და ისევ ჩავიკარგე ზურმუხტისფერ თვალთა ოკეანეში. შემდეგ ჩემი ხელები თავის ტუჩებთან მიიტანა, ჯერ ცოტა ხნით მზერა გაუსწორა, თითქოს ორნამენტთა ზღვაში პაწაწინა ნამცეცს ეძებსო, მერე კმაყოფილმა ჩაიღიმა და ამბორით დამიფარა. - მხოლოდ 1 ღამე ლეა, მხოლოდ 1 ღამე და ჩემი გახდები, მე კი შენი. და ვერავინ, თვით შეიტანიც კი ვერ შეძლებს ჩვენს განშორებას. ახლა კი სტუმრებთან გაცუნცულდი, სანამ შენი გაუჩინარება შეამჩნიეს. კიდევ ერთხელ მაკოცა მოწყვეტით და მის რჩევას მინდობილმა ოთახი დავტოვე, დარბაზში დავბრუნდი და მოცეკვავეებს შევუერთდი. მთელი საღამო ვგრძნობდი მის მზერას, რომელიც მავსებდა და უფრო ვნებიანად ცეკვის სურვილს მიღძრავდა. ის ისევ აქ იყო, ბურქასა და ნიქაბში და ისევ სასაცილოდ დიდი ბოტასები გასცემდნენ. საღამოს დასასრულს წამოშლილმა სტუმრებმა ისევ თავ-თავიანთი ადგილი დაიკავეს და კვარცხლბეკზე მხოლოდ მე და დეიდა ნური დავრჩით. დეიდა ნურმა ხელები საზეიმოდ გამაშლევინა და ხნით მოხატული ორნამენტები სტუმრებს წარუდგინა, რასაც ისევ ყიჟინა, ოვაციები და ტაში მოჰყვა: - დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენი სიხარულის მოწმედ ქცევისთვის. ეს მოხატულობა, რომელიც ამ ტრადიციულ "ხნის ღამის" რიტუალზე გამოვიყენე, ჩემი მოკრძალებული აზრით, პატარძალს საუკეთესოდ ხედავს ქორწილის დღეს. ტრადიციულად, ამ წინასაქორწინო ცერემონიალში მოხატვის პროცესში, საქმროს და პატარძლის ინიციალები შეიძლება ოსტატურად იქსოვებოდეს პატარძლის ხელებზე ხნასთან ერთად. ქორწილის ღამეს პატარძლის საქმროს სწორედ ამ ინიციალების პოვნა მოუწევს და თუ ამას ვერ გააკეთებს, მას საჩუქრის გაკეთება მოუწევს. რა თქმა უნდა, პატარძლის ხელზე ხნის მოხატულობაში ინიციალების ძიების ტრადიციები შორეულ წარსულშია დაფუძნებული და დღეს განსაკუთრებულ სემანტიკურ დატვირთვას არ ატარებს. მაგრამ ძველად, ეს ცერემონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ შემთხვევებში, როდესაც ქორწინება მხოლოდ ახალგაზრდების მშობლებს შორის დადებულიყო და პატარძალი და საქმრო საკუთარ ცხოვრებაში პირველად ხვდებოდნენ საკუთარ ქორწილში. ინიციალების ძიების ცერემონია მიზნად ისახავდა პირველ რიგში ახალდაქორწინებულებს შორის "ყინულის დნობას" და გარკვეული ინტიმური ურთიერთობის ატმოსფეროს შექმნას. დღეს მას აღარ აქვს ასეთი განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვა, მაგრამ "Henna Night" კვლავ რჩება საქორწილო ზეიმების მნიშვნელოვან კომპონენტად ვფიქრობ, რმ პატარძლისთვის ეს განსაკუთრებული ლამაზი და ხანგრძლივი რიტუალი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ქორწინების ჩვენეულ რიტუალში - რა თქმა უნდა, ქორწილის ღამეს არ ჩავთვლით. უნებურად ხელებზე დავიხედე. აი, რატომ მითვალიერებდა დავუდი ხელებს გამალებით. მე მეგონა, მოხატულობა მოსწონსმეთქი და სავარაუდოდ ხვალამდე ვერ მოითმინა და ინიციალებს ეძებდა. ყინულის ლღობაზე უნებურად გამეცინა. როგორ ცდებოდა დეიდა ნური, ჩვენ ყინულის ლღობა კი არა დიდი ოდენობით ცეცხლმაქრის მობილიზება გვჭირდებოდა, პირველ ღამეს ამდენი თმენისას ახურებულებს ერთმანეთი რომ არ დაგვეწვა და დაგვედაგა ვნების კოცონში. როგორც კი ბოლო სტუმარიც გავაცილეთ და ოთახში განვმარტოვდი, მეც შევუდექი ინიციალების ძებნას, მაგრამ ჩემი ფეხები, ვერაფერიც ვერ ვიპოვე. არ ვიცი, რამდენ ხანი დავყავი ძიების პროცესში, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ როცა რულმა სიფხიზლის უკანასკნელი წამები წამართვა, მზე უკვე კარგა ამოწვერილიყო ქვიშისფერ შენობებს მიღმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.