შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი III.6

21-05-2021, 23:12
ავტორი guroo
ნანახია 1 144

სიყვარულის სიტკბოება ჯიბის ქურდივით ბნელი ჩიხისკენ გაემართა, წყვდიადის უჩინარებაში საიმედოდ შეიმალა და ვითომც არაფერი დაეშავებინოს, მორიგი მსხვერპლის მოსახელთებლად უშველებელ რიგში ჩადგა, სადაც ყველა სიამოვნებით დათანხმდება, რომ მათ წინ დაიკავოს ადგილი. მერე რა, რომ იქ ახლა მივიდა და ჯერ-ჯერობით ის არის ბოლო? სიდიადის ნიღაბს ამოფარებულს, სხვების ბრმა ნდობითა და გულისხმიერებით გათამამებულს, ყველა ჩანაფიქრის ასრულება შეუძლია.
წარმოუდგენლად მედიდური და ავბედითია მისი ზრახვები. განდიდება, ფანატიკური სიყვარული და მსხვერპლი სჭირდება ღმერთის მსგავსად ხელშეუხებელსა და შეურყვნელს, სათაყვანებელსა და სათუთს. მაგრამ დრო და დრო თვითონაც ავიწყდება საკუთარი არსებობა, ვეღარ შეიგრძნობს ამ მოპარულ და ძალით მითვისებულ კეთილშობილებას, ავიწყდება ამისთანა მკრეხელობას რომ ბედავს და ღმერთს ედრება... და სწორედ ამ დავიწყებისას, მგვრგვინავი უსუსურობის ჟამს უნდა ჩაავლოს ვინმეს, მოამწყვდიოს მარწუხებში და უსამრთლოდ გაიტაცოს გულუბრყვილოთა ათასფერი გრძნობა: ზოგი ალმოდებული და უმოწყალოდ ჩანაცრებული და ზოგიც - შემაჟრჟოლებელი სიფაქიზით გულსჩაკონებული.
ამ ყველაფრის ფონზე იმედიანად განეწყო. არასდროს ხახამშრალი არ დარჩენილა და კარგად იცის, რომ სამყარო განსაკუთრებული გულუხვობით კიდევ არაერთგზის დაასაჩუქრებს.
ხელი აღმართა, ვედრების გამომხატველი გამომეტყველება სახეზე ფარად აიფარა და დაელოდა დროის იმ მზაკვრულ მომენტს, რომელიც მის წადილს ჯადოსნობის ბურუსში გახვევდა და რეალობაში კრისტალიზების გზას უმტკივნეულო ტრანსფორმაციად გადაუქცევდა, რომ მერე ჰაერში აფრიალებული ქაღალდივით ზიგზაგისებური კლაკვნით, უზადო სიმსუბუქითა და მომხიბვლელი ნარნარით წინ მდგომის მხარზე ჩამოედო მანამდე აღმართული ხელი და მასაც, ამ საოცარი უწონობის შეგრძნებით მთვრალსა და გამიზნული სილამაზის მახეში გაბმულს, თავი დაეკარგა, აღელვებულიყო და უპრეტენზიოდ დაეთმო ადგილი.
დიახ, სიყვარული მტაცებელი ცხოველივით დღემუდამ გაუმაძღარი და აგრესიული ქურდია, რომელმაც ადამიანის ქვეცნობიერს ყელსახვევი მჭიდროდ შემოუჭირა, მცირე საზრდო მიაწოდა და დროთაგანმავლობაში ისე ოსტატურად გაწვრთნა, რომ ახლა უშფოთველად, წარბშეუხრელად, უსირცხვილოდ და დამამცირებლად ათამაშებს თავის ნებაზე.
აგერ, მიას ცხოვრებიდან უკვე მერამდენედ გაქრა. ოღონდ მას შემდეგ, რაც სასურველი ლუკმები ძალდაუტანებლად მიიღო და გასაჩერებელი მიზეზიც მეტი აღარ დარჩა. გაიძურწა სიყვარული და თან გაიყოლა მისგან მოგვრილი ყველა საამური თუ მტანჯველი განცდა, რომელიც მოსვენებას უკარგავდა მიას და ახალი თავგადასავლების ძიებისკენ ურცხვად უბიძგებდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო არ იყო ყოველივე და გამუცდელი, მაინც გამაოგნებელი ქარაფშუტობით იჩენდა მზაობას, დაუდევრად თანხმდებოდა წინდაწინ გაცხადებულ სიბინძურეში მონაწილეობას, თითქოს ბოქლომდადებული ჰქონდა სმენა და მის ყურებს არ სწვდებოდა სევდიანი, დრამატული, მტკივნეული წარსულის მჭახე და ომახიანი შეგონებები, რომ თვალები ფართოდ გაეხილა, დაენახა ნიღბებს შორის მოცურავე, ამაო, გულისამრევი რეალობა, რომელიც ერთი და იმავე შეცდომების უსასრულო განმეორებისა და საკუთარი უღბლობის გამოტირებათა კოროზირებული ჯაჭვით დაბმული იდგა მის წინაშე და შესაშური სიზუსტით, უკლებლივ ყველა დეტალის გათვალისწინებით ირეკლავდა იმას, რაც სამყაროს უხილავი წესრიგისა თუ აურზაურის, რომელიმე ღმერთის ან თავად მისი შემოქმედება იყო.
ბრმა იყო მია, საკუთარი უსუსურობის უტყვი ტუსაღი. როდის უნდა მოეწყვიტა გაზაფხულის მაცდურ მზეზე გაფურჩქნული, ახალდაბადებულივით ხმაურიანად გაღვიძებული მიწიდან ამოწვერილი, პლანეტის მძიმე ჰაერით ნასუნთქი და დამხრჩვალი ყვავილები, როგორც ნოეს ნახატში აკეთებდა ამას? იქნებ მართლაც კეთილი დასასრულის ნიშანი უნდა ყოფილიყო, უსაშველოდ გაწელილი წამების უსათუოდ ბოლო წერტილი, როგორც ხისტი საზღვარი, რომელსაც სევდა და კაეშანი ვეღარასდროს გადმოკვეთდა? თუმცა, წერტილები წინადადების ბოლოს ისმება და მათ დასაწერად გამოყენებული გონებიდან ნაფანტი სიტყვებით გაელვებასავით მოულოდნელად გაჩენილი, შემაშფოთებელი ტკივილები, მათი გაკვალული იარები ყველაზე გაუსაძლისი, დროსთან ნაბიჯებაყოლილი და მოუშუშებელია.
ზოგჯერ კი წერტილი ახალი წინადადების დაწყებას ნიშნავს.
როდესაც ან სასტიკ და უთანასწორო ძლევამოსილებას თვალს გაუსწორებ, იობივით თავზარდაცემული და ამავდროულად გაოგნებული, იმასაც შენიშნავ, რომ სიმშვიდე იმ ფანჯრის მიღმაა, რომელიც საერთოდ არცერთ კედელს არ აქვს და ვერასდროს შეძლებ არათუ შორიდან დანახვასა და ფანჯრის გამოხსნისას მისი საოცრად წყნარი და სათნო სურნელის შეგრძნებას, არამედ წარმოდგენასაც კი, რადგან დროის ჯიუტ და შეუფერხებელ სვლასთან ერთად ლანდივით ნელ-ნელა გაიცრიცება და გაუჩინარდება, თითქოს ეს ასეც უნდა ხდებოდეს.
მაინც რა თავზარდამცემია და დაუჯერებელი, რომ მიას ბედნიერებას კარი არ გაუჯახუნებია და სხვაგან არ გახიზნულა. ის უბრალოდ ზღაპრული მტვერი იყო, რომელიც ყველაზე სუსტი ნიავის ნაზ წამობერვას გაჰყვა, როგორც ბაბუაწვერას ბუსუსები და ნეტავ ამ სანახაობას შესწრებოდა მია. ენახა, როგორ მოსწყდა ადგილს, როგორ აიტაცა ჰაერის ნაკადმა, აედევნა კეკლუცი მორჩილებით მისგან მობერილ უხმო, მაგრამ შესაგრძნობ მუსიკას და რა თავდავიწყებით იცეკვა - რიტმული რხევით, უგონო შრიალით, მომნუსხველი სიმსუბუქითა და სიკვდილს შეფეთებულის დაბნეულობით. თუმცა, არაფერი დაუნახავს მიას, რომელიც მხოლოდ ზედაპირულ განცდებსა და სიამოვებას ისე უმალ ჯერდებოდა, თითქოს სხვა დროს ასეთივე შესაძლებლობა აღარ ექნებოდა. რა იცოდა, ისედაც გაუმეტებელ სამყაროს სასაცილოდ და შეუფერებლად ცოტას რომ სთხოვდა.
ჯერ მისი მეგობრები, მერე მათე, მერე ნოე. აღარ იყო დრო, გაერღვია ეს სევდიანი წრე და, ბოლოს და ბოლოს, ხანგრძილივი ბედნიერებით დამტკბარიყო? მაგრამ ქანცის გაწყვეტამდე დაღალა და გააბრაზა ამდენმა ტკივილმა, გულში რუდუნებით უზიდა და უზიდა ბოღმა, როგორც ჩიტები ეზიდებიან საკვებს თავიანთი შვილებისთვის. ნუთუ ბოღმა იყო ახლა მისი საზრდო? შურისძიება რას მოუტანდა? დაამშვიდებდა, ნეტარებას მოგვრიდა, გაათავისუფლებდა წურბელებივით სიცოცხლის გამომწოველი დარდებისგან თუ კიდევ უფრო დაამძიმებდა? კითხვის ნიშნების მორევი ითრევდა მიას არსებას, ფსკერისკენ ექაჩებოდა და სულის ყველაზე მდაბალი, ბნელი, ჭუჭყისგან ჩაშავებული და ამყაყებული კუნჭულისკენ მიუძღვოდა.
უძილო ღამეები გაატარა ამაზე ფიქრში. ოთახში გამოკეტილი, წყვდიადს მისჩერებოდა. უშინაარსოდ აკვირდებოდა კედლებს, იატაკს, საკუთარ სხეულს. ლოყას თითებით ეფერებოდა, პერანგის ღილებს იხსნიდა და ისევ იკრავდა, თმას ივარცხნიდა, თავს მუხლებზე აბჯენდა, ტერფებზე მუშტებს ირტყამდა და აკვირდებოდა რამდენად ძლიერ სტკიოდა. მიდიოდა კედლებთან და ზედ ხელებს აფათურებდა. ყოველ ღამით იმეორებდა რიტუალს, რომელსაც ნოეს ნაჩუქარ ნახატამდე მიჰყავდა და მერე შეცბუნებული, სუნთქვააჩქარებული გარბოდა საწოლისკენ და საბანს ქვემოთ იმალებოდა. ძილი არ ეკარებოდა. თითქოს აჩრდილები ბუდობდნენ იმ ნახატში, ერთ ძალიან უცნაურ საღამოს რომ აჩუქა მხატვარმა. იქნებ ისინი ეჩურჩულებოდნენ, შური იძიე, ყველას მიუზღე, რაც დაიმსახურესო.
ერთ დილას, როდესაც მორიგმა შფოთიანმა ღამემ გადასერა ქვეყნიერების თვალუწვდენელი სივრცის ნახევარი და მეორე ნახევრისკენ გადაინაცვლა, ოთახში მზის სხივებმა დაიწყო თამაში და სინათლის შუქჩრდილებმა ააკანკალა კედლები... მყარად გადაწყვიტა, რომ შური უნდა ეძია.
მერე იყო მაკრატელი, თეთრი ფურცლების დასტა, გამოჭრილ კვადრატებზე მიწერილი თავსატეხები და შემაძრწუნებლად მშვიდი, გაბოროტებული მიას კმაყოფილი გამომეტყველება.
მას შემდეგ ღამის რიტუალები და მოუსვენრობა წარსულს ჩაბარდა.

№1  offline მოდერი guroo

ძალიან მშია. გაუმაძღრად მშია. უაზროდ მშია. ტავტოლოგიებად მშია. მშია. მშია.
მშია თქვენი კომენტარები!

№2 სტუმარი ჰომ...

იცი როგორი თემაა? იმდენი ხანი გადის თავიდან თავამდე, დამავიწყდა წინა თავში რა მოხდა, და საერთოდ რაზეა ეს ისტორია. ავირიე. ხოდა, რაც შეეხება ამ თავს, სიუჟეტების აღწერა ძალიან კარგად გამოგდის, სულის სიღრმეებს სწვდები და ხელისგულივით შლი. თუმცა, მხოლოდ ის გაშიფრავს ნაწერს, ვისაც ხელისგულზე მკითხაობა შეუძლია. იცი რა მინდა? დიალოგები, ადამიანები... მხოლოდ შენი შეხედულებით ყვები თითქოს ამბავს. ალაპარაკე, გვაცადე გავიცნოთ და ჩვენც გავაკეთოთ დასკვნები... წინადადებებია რთულშერწყმულგადაფსკვნილგადახლართული. 2 2ჯერ ვკითხულობ რომ გავიგო რას ხსნიდი ასე მონდომებით. და რომ გავიგებ ხოლმე, ვხვდები, რამდენად უცნაური და თითქოს მარტივი, მაგრამ ამავდროულად რთულად წარმოსადგენი შედარებები მოგყავს, ძალიან მომწონხარ♡♡♡♡ რომ დასრულდება ერთხელ თავიდან ბოლომდე წავიკითხავ. იმედია, დასრულდება ჩემს სიცოცხლეში..(ეს ყველა თავის ბოლოს უცვლელი კომენტარია)

№3  offline მოდერი guroo

ჰომ...

სასწორო, მალე უნდა დავასრულო, ძალიან მალე. როცა მახსენდება, სულ ამას შემოვუძახებ ხოლმე ჩემს გაზარმაცებულ და გამოშტერებულ თავს.
დიალოგები იქნება. ალბათ, აქა-იქ... რაღაცას ვიზამ და სადღაც ჩავაკვეხებ :დდ
გმადლობ, რომ აქ დამხვდი. მიუხედავად დიდი ინტერვალებისა და უდიალოგობისა.
მიყვარხარ, ასეთი ერთგული და ყურადღებიანი რომ ხარ❤

№4 სტუმარი ჰომ...

guroo

შენ არ იცი, მე როგორ მიყვარხარ♡♡ სიზარმაცე ყველას სენია. არაუშავს. რომ დასრულდება, მერე თუკიდევ დაიწყებ დიდი მოცულობის ისტორიას, მხოლოდ დასრულებულს წავიკითხავ დდდ აღარ გავბრიყვდები დდდ ერთადერთი ხარ ვის ჩანახატებსაც ვკითხულობ და ასევე ერთადერთი ხარ, რომლის ისტორიასაც დასრულებამდე ჩავუჯექი. მწარე გამოცდილებების შემდეგ, სანამ ისტორია არდასრულდება, აღარ ვკითხულობ. შენი იმედი მაქვს ♡♡♡

№5  offline მოდერი guroo

ვფიცავ, გაწელილ სისულელეებს აღარ დავწერ.

№6  offline წევრი Life is beautiful

ველოდი, დიდი ხანია ველოდი, ხომ თქვი არა?! რომ ამ ზაფხულში დაამთავრებდი და ასე მგონია სისხლიანი ზაფხული იქნება, ან არ ვიცი, იქნებ არც.
მაგრამ რთულია სხვაგვარად ვიფიქრო, მაშინ როცა ბედი შენს ხელშია და მოედანზეც ბერთს შენ აძლევ მიმართულებას, მაშინ როცა ჩვენც ვარსებობთ, მაგრამ მხოლოდ ტრიბუნებს იქით, ტყვიაგაუმტარ შუშებს მიღმა.
ოღონ, ამ ყველაფერში დე ჟა ვუ, რა არის იცი?!
აი ის, რომ მაინც მომეწონება, ამ ყველაფერს კი მაშინ ვამბობ როცა, წარმოდგენა არ მაქვს, ჩემი ფიქრი გაივლის იმ გაჩერებაზე თუ არა, სადაც შენ მოძრაობ.

№7  offline მოდერი guroo

Life is beautiful

სისხლიანი ზაფხულის იდეა მომეწონა, მაგრამ, მგონი, არ ღირს ამდენი მსხვერპლი. იქნებ სიკვდილის გარეშეც მტკივნეული გავხადო ისტორია.
უძლური ვარ, როცა ამხელა "ჯაბახანის" შეერთებას ვცდილობ.არეულ-დარეულია. მხოლოდ ის ვიცი, პირობა ამჯერად მაინც უნდა შევასრულო და ბოლო წერტილი დავსვა "ზოისთან".
დავიღალე და გამოვიშრიტე. ვაღიარებ... მიჭირს წერის გაგრძელება. წლების წინ დაწყებულ საქმეს იგივე განწყობით და იგივე მსოფლმხ3დველობით ვეღარ ვუძღვები. იმდენი რამ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში, იმდენი რამ დამავიწყდა და ვისწავლე. მკითხველს ვერასდროს გავუჩენ განცდას, რომ "ზოი" ერთიანია, შეკრული, მწყობრი.
ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. კრახი განვიცადე. ახლა უბრალოდ დავასრულებ, ცოტას მივაფუჩეჩებ და იმედი მაქვს, ცუდი არ გამოვა. მე ვერ მოვერიე ამხელა "ზოის". მზად დასაწყისშიც არ ვიყავი მასთან შესაჭიდებლად და არც ახლა ვარ. რაღაც გამოვა, რა.
მადლობა. მიყვარს კომენტარები.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent