უცნობი ნაცნობი (თავი 6)
*** იანვრის ცივ, მოქუფრულ ცას, სულ ოდნავ ანათებს ღრუბლებს შორის ძლივსძლივობით გამომავალი სუსტი მზის სხივები. მართალია, საავადმყოფოს შენობაში გათბობაა ჩართული - თუმცა თითქოს მხოლოდ ფანჯრიდან ყურებაც მყოფნის იმისთვის, რომ გარეთ არსებულმა სიცივემ, სხეულში შემოაღწიოს. ნელა ვხუჭავ თვალებს. წლები გავიდა, მაგრამ ზურას და დანარჩენების ყურება, თუ როგორ ამზადებენ გადასაღებ მოედანს, გონებაში არსებულ გაფერმკრთალებულ მოგონებებს აფერადებს. იმის მიუხედავად, რომ აფთიაქიდან წამოვედი, რაღაც მომენტში, მირჩევნია ისევ იქ ვიყო და კიდევ ათასჯერ მეჩხუბოს დალი. უცნაური შეგრძნება მაქვს. თითქოს, გული მიჩქარს - მაგრამ არც. წამიერად მაციებს, მერე კი ისე მცხება ლამის გავიგუდო. ყველანაირად ვცდილობ, სხვა რამეზე ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის და ის ფაქტი, რომ არ გამომდის ყველაზე უფრო მეტად მაწუხებს. ფიქრებს ვერ ვაკონტროლებ, უფრო სწორედ რომ ვთქვა, არც ადრე გამომდიოდა შესანიშნავად - მაგრამ ახლა, პიკში მივიდა. ადრე, რაიმე სხვაზე რომ მეფიქრა, ვინმეს რაიმეს შევკითხოდი, თითქოს მშველოდასავით - მაგრამ ახლა, აღარც ეს მეხმარება. - ელენე, კარგად ხარ? -ისე მოულოდნელად მადგება თავზე ზურა, ინსტიქტურად ვხტები. - დიახ.. -ხმა მეცვლება. ვიცოდი, არც გამკვირვებია. ასეთ დროს, ყელში იმდენად ძლიერად მიჭერს რაღაც, საერთოდ რომ არ მივარდება ხმა, ეგ უფრო მიკვირს. - კარგი. -ოდნავ მიქნევს თავს და ახლა, გუნდს უბრუნდება- ლეჟავა კიდევ არ მოსულა? - არ მოსულა, ზურა. ვურეკავ და გათიშული აქვს -შეწუხებული სახით უახლოვდება ნატო და თან, ტელეფონზე ანიშნებს. - არა, ჩემი გაგიჟება უნდა. გეუბნები, სასწრაფო იქნება გამოსაძახებელი, ინფარქტი არ ამცდება! -ისე აელეწა სახე, თითქოს ჩემი არ მყოფნიდა, მისი ნეგატივიც წამში მედება. ვინ იცის, სადამდე წავიდოდა მისი მონოლოგი, მოულოდნელად რომ არ შემოეღო კარი ლეჟავას. არ დაუკაკუნებია. სიმართლე რომ ვთქვა, მისგან ამ ჟესტს არც ველოდი. მოვალეობის მოხდის მიზნით ისვრის 'გამარჯობა' -ს და მერე, ისე რომ ზურას გააფთრებულ სახეს ნორმალურად ყურადღებას არც კი აქცევს, მე მიახლოვდება. ვიძაბები.. წარმოდგენა არ მაქვს, რას მეტყვის და მერე რა უნდა ვუპასუხო. ისევ გული მიჩქარდება, ოღონდ ახლა.. რაღაც წარმოუდგენლად სწრაფად. ძალიან მინდა, ეს შინაგანი აღშფოთება გარეგნულადაც არ დამეტყოს, თუმცა მაინც ვერაფრით ვაშორებ თვალს. წამის მეასედში ეყრდნობა ფანჯარას ჩემს გვერდით და მერე, კვლავ 'ანაღვლე ცხოვრებას' ნიღაბს ირგებს. - ერთი ამას უყურე - სიმწრის სიცილი, ეხატება სახეზე ზურას- არა, ერთი ამას უყურე- კიდევ უმეორებს და ორი ნაბიჯით გვიახლოვდება. - რას ვუყურო?- თითქოს, მართლა ვერ გაიგოო, დაბნეული იხედება აქეთ-იქით გიორგი და მერე, ზურგს უკან ფანჯრიდანაც ავლებს ქუჩას თვალს. - ნუ მაიმუნობ! -სახეს იმკაცრებს და საჩვენებელ თითს სწევს მაღლა- მე შენ გითხარი, დაგვიანებას აღარ გაპატიებ - მეთქი. - არ არის პრობლემა, ნუ მაპატიებთ -ახლა, ზედმეტად გადაღლილ იმიჯს ირგებს. ხელებს, დანებების ნიშნად სწევს და მერე, ვითომც აქ არაფერი, ისე უვლის ზურას გვერდს. - სად მიდიხარ?! -უარესად გიჟდება ზურა. - ჯოჯოხეთში. წამოხვალთ?! - თვითონაც უწევს ტონს და ახლა, ზუსტად ის განცდა მეუფლება, რაც ჩვენი ბოლო შეხვედრისას. კადრებად მეშლება თვალწინ, ჩვენი საუბრის თითოეული მონაკვეთი და სუნთქვა მეკვრის. თავს ვხრი და საფეთქელზე თითებს ვიჭერ. თითქოს, ასე დავაფარებ მოგონებებსაც ხელს. ჩემს თავზე შინაგანად ისტერიკული სიცილი მივარდება და ახლა, ორმაგად უფრო მეშინია, მართლა არ დავიწყო სიცილი. ფსიქიკური აშლილობა რომ მაქვს, ლამაზად ჩამოყალიბებული ეგ ისედაც ცხადია, მაგრამ ახლა ნამდვილად არ არის მაგის დრო, რომ ეს ,,შესანიშნავი'' ამბავი, სხვებმაც გაიგონ. - წესიერად ილაპარაკე. - წესიერად ვლაპარაკობ და თუ გადაღებას არ ვიწყებთ, წავალ - უკვე. - ერთი ეს სერიალი გადამაღებინა და მერე მე ვიცი, სადაც წახვალ. -დამუქრებასავით ჟღერს ზურას სიტყვები. - მშვენიერია. მაშინ, მალე ცოტა. - კიდევ აქეთ რომ მეუფროსება ახლა. მალე, შენ თვითონ მოსულიყავი -ხელს იქნევს და ახლა, ჩემსკენ ბრუნდება- ელენე, გამოიცვალე მიდი. გოგოები დაგეხმარებიან. ოდნავ ვუქნევ თავს და ნელი ნაბიჯებით ვშორდები ფანჯარას. *** საერთოდ არ მომწონს, საავადმყოფოს სცენა. იმის მიუხედავად, რომ მგონი ცისია ამაზე ბედნიერი აღარსადაა, ვერ ვიღიმი. უფრო კონკრეტულად კი კონცენტრაციას ვერ ვახდენ. არ ვიცი, ყველაფერი საშინლად მაბნევს. საწოლის გარშემო შემოკრებილი გუნდი, უამრავი განათება, კამერა და მოგონებები.. იმის მიუხედავად, რომ გიორგი ჯერ არ მოსულა, უკვე პიკში ვარ. ემოციები მახრჩობს და ტირილი მინდება. რატომ? ერთი კონკრეტული პასუხი არ მაქვს - უბრალოდ მგონია, რომ ყველაფერი ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ცრემლები შევიკავე, ახლა ამოხეთქავს. თავს გვერდით ვაბრუნებ და ზუსტად იმ წამს, როცა თვალებიც უნდა დავხუჭო, გიორგი შემოდის. ვშეშდები. მისი გარდასახვით გაოცებულს, შესაძლოა სახეზეც მეხატება გაკვირვება. თითქოს, ეს მხოლოდ ტანსაცმლის გამოცვლა კი არა, ადამიანის შეცვლაა. ან, უბრალოდ მე მეჩვენება ასე. - უკვე წყალში ჩადებას ვფიქრობდი. - მაშინვე ყვავილებს აჩეჩებს ხელში ნატო. - ელენეც კი არ ემზადება ამდენს. მხოლოდ თვალებს ატრიალებს და ვგრძნობ, იმ ვითომ წრფელი ღიმილის უკან, რამხელა იძულება იმალება მასშიც. - ხო, გიორგი, სხვათაშორის სცენარში პატარა ცვლილებაა. - მაშინვე სიტყვას აწევს ზურა. და აი აქ, მხოლოდ მას არა, მეც უცნაურად მაჟრჟოლებს. - და აქამდე რატომ არ ვიცი? - ძალიან პატარაა და იმიტომ. - ამჯერად ნატო უბრუნებს პასუხს და ხელში, სცენარს აწვდის. შემდეგ, მე მანიშნებს თვალით ჯერ კიდევ გადაუშლელ წითელ საქაღალდეზე, რომელიც ფორმალურად დავიდე საწოლის გვერდით. ნერვებმოშლილი ხსნის და ვგრძნობ, ნელ-ნელა როგორ იძაბება. სახე ეცვლება და ახლა, უფრო მეტად მეშინია გადაშლის. - გამორიცხულია. - მაშინვე ხურავს და მტკიცედ ეუბნება პირდაპირ ზურას - წინააღმდეგი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ხელები მიკანკალებს, მაინც ვახერხებ გადაშლას და ვცდილობ, მაქსიმალურად სწრაფად მოვძებნო ის ნაწილი, რაც არ ვიცი. - პრეტენზიის გამოხატვის უფლება არ გაქვს, კონტრაქტი გაფორმებულია. - ხელი რომ მოვაწერე, მაშინ სცენარში ეს, არ იყო. კიდევ უფრო ვიბნევი და ზუსტად იმ წამს, როცა მეორე გვერდზე უნდა გადავშალო, ბოლო აბზაცში, აშკარად დამატებულ წინადადებებს შორის, მხოლოდ წამით ვკრავ თვალს ზუსტად იმ ერთ სიტყვას და თვალი მიშტერდება. - რა გემართება, გიორგი. ხო, დასაწყისში არ იყო. მაგრამ მშვენივრად იცი, რომ სხვაგან არის და იქნება. რა, კოცნის გარეშე რა სერიალი გინახავს აბა? ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ვსუნთქავ და ძლივს ვახერხებ თავის აწევას. - მიდი, დროს ნუ მაკარგვინებ. ელენეს უყურე, არაფერს არ აპროტესტებს. აი, როგორი უნდა იყოს მსახიობი - წამით იშვერს საჩვენებელ თითს ჩემსკენ და მერე, გადამღებ გუნდს უბრუნდება. ჩაფიქრებულ მზერას მისწორებს გიორგი. თითქოს, მკითხულობს და არც. შიში მიპყრობს. ოღონდ რისი, არ ვიცი. ვიძაბები. იმაზე მეტად, ვიდრე ვიყავი და ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას. - დავიწყეთ. -ოდნავ უწევს ტონს ზურა და ლეჟავაც წამში მარიდებს მზერას. - მიდი, შემოდი - ახლა, გიორგის უდგება წინ და სცენარს, ხელიდან აცლის - იმედია, იცი. ასეთი სახე ნუ გაქვს. შენც გჭირდება ეს სამსახური და მეც, ეს სერიალი. - შედარებით ხმადაბლა უმეორებს, თუმცა მაინც ვგებულობ. ოდნავ შესამჩნევად უქნევს თავს, უფრო ნაძალადევად და მერე, ხმის ამოუღებლად, ნელა მიემართება კარისკენ. *** არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ახლა მიჭირს, რეალობიდან გამოსვლა. ჩემს თავს ვუმეორებ, რომ ცისია ვარ, მაგრამ ვერ ვიჯერებ. ეს, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ეს პროფესია ჩემი უკვე დიდი ხანია აღარაა. ძალიან დამღალა იმან, რომ ყველგან, ყოველთვის ვთამაშობ. ყველგან რაღაც როლს ვირგებ და თან, ყოველთვის ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. სასწაულია, თითქოს, ეს სცენარიც კი მე მეთამაშება.. დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ჩემი და 'უცნობი ნაცნობის' რეალობა, ჩვენს გარდა არავინ იცის, მეგონებოდა რომ ზურამ და ნატომ, ნამდვილ ამბავზე ააწყეს. ღრმად ვსუნთქავ. წამები გადის. ყრუდ ჩამესმის კარის გაღების ხმა და ოდნავ ვახელ თვალებს. თითქოს, ნაბიჯებზე ვცნობ. არა - ცისია ცნობს. ოდნავ ვაბრუნებ თავს და მზერას, პირდაპირ დაბლა დახრილ ყვავილებზე ვაჩერებ. - ცისია.. - ისეთი გრძნობით ამბობს, ალბათ, მართლა ცისია რომ ვყოფილიყავი, მაშინვე ყველაფერი გამახსენდებოდა. მის თვალებში, რაღაც სხვას ვხედავ. ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და ვგრძნობ, როგორ მივლის სხეულში ცივი ტალღა. სწრაფად ვიწევი საწოლიდან და მოხერხებულად ვჯდები. კვლავ ყვავილებს ვუყურებ. ჩაფიქრებული? არ ვიცი.. ისე, როგორც გამომდის. - ვიცოდი.. -თვალებში, ცრემლი უკრთდება და ახლა, სრულიად რეალური გაოცება მეხატება სახეზე. - ვიცოდი, რომ ერთ დღეს გაიღვიძებდი.. იმედი არ დამიკარგავს.. -მზერას მარიდებს. მასში, რეალობას ვხედავ. არ თამაშობს. ვგრძნობ, რომ ყველაფერი რეალურია. ვცდილობ, მის სახეზე კიდევ რაიმე ამოვიკითხო, მაგრამ წაშლილია. ამ მდგომარეობას ვცნობ. ზეპირად ვიცი. ვიცი, რა ხდება მაშინ, როცა სხვაზე, საკუთარს საუბრობ შეფარვით. შიში მიპყრობს. მტკივა. რაღაც მომენტში, ვგრძნობ რაღაც მისი მტკივა. ყვავილებს გვერდით დებს და საწოლის გვერდით მიჯდება. წამში მწვდება მისი სუნამოს სურნელი და თავისით მეხუჭება თვალები. შემოდგომის სუნია. ცივი სექტემბრის. იმ სუნამოსი, 'რომელიც მხოლოდ ერთხელ დავისხი და რომლის სუნიც სამუდამოდ გამყვა..' - ჩემო ერთადერთო.. ცრემლები, ყელში მაწვება. ვის, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები გიორგი.. ვინ გტკივა ასე.. თვალებს ვახელ და ისევ, არარეალურ რეალობას ვუბრუნდები. კიდევ ერთხელ, დაბნეული მზერით ვავლებ ყვავილებს თვალს და მერე, ისევ გიორგის ვუსწორებ მზერას. - ცისია.. - მე.. - ენა მებმის. იმიტომ არა, რომ ასე უნდა იყოს. თავისით.. სწრაფად ეცვლება სახე და მისი თვალებიდანაც, ყველა რეალობა ქრება. თითქოს, მხოლოდ ახლა გაიღვიძა მასში როლმა. სუნთქვა მეკვრება და მთელი შერჩენილი ძალით ვცდილობ, ეს დაბნეულობაც არ გამიქრეს სახიდან. - ასე რატომ მიყურებ.. -ოდნავ კრავს წარბებს - ჩემი დანახვა, არ გაგიხარდა? ძლივს ვსუნთქავ. კადრებად მეშლება თვალწინ, ჩვენი რეალური შეხვედრა საავადმყოფოში. როლები გავცვალეთ.. - ვინ ხარ? - თავისით მეყინება ხმა. იმიტომ არა, რომ ვბაძავ. მართლა თავისით ხდება ყველაფერი. ისევ ეცვლება სახე, თუმცა ემოციებს ვეღარ ვიჭერ. - შენ მე მიცნობ.. შეუძლებელია. მეთამაშები.. მეთამაშები, ხო? -ახლა, ეღიმება. ამ მომენტში, მართლა ირაკლის ტკივილს ვგრძნობ. ცისიას ირაკლის ტკივილს.. - არ გიცნობ.. - უფრო ხმადაბლა ვუმეორებ და თვალებს ვხრი. - არა.. არა.. შეუძლებელია. ცისია, შეუძლებელია. ირაკლი ვარ. შენი ირაკლი ვარ. ჩვენ.. ჩვენ დაქორწინებას ვაპირებდით.. ქორწილის დღე. შეუძლებელია, ვერ დაგავიწყდებოდი.. -სუნთქვა უხშირდება. ნაწყვეტ ნაწყვეტ საუბრობს და თითქოს, თვალებით ცდილობს გამახსენოს. მეც ვუსწორებ მზერას. ვუსწორებ და იქ, ჩემს თავს ვხედავ. ის კი, საკუთარ თავს ჩემს თვალებში. ცუდად ვხდები. ისიც. მისას, ისედაც ვგრძნობდი, მაგრამ არ მეგონა, ამდენად რთული თუ იყო. ჩერდება. ვხვდები, რომ ისიც იგივეს ფიქრობს. ხვდება. ხვდება, როგორი რთულია ჩემს ადგილას ყოფნა და ახლა, ისევ აღარ თამაშობს. მხოლოდ წამით იკარგება და მეც მასთან ერთად. რეალურად წამი, მაგრამ არარეალურად ორივესთვის საუკუნე.. - ასე არ მომექცე.. - თითქოს, ისევ მე ვსაუბრობ. გული უცნაურად მეკუმშება. ორივეს მაგივრად განვიცდი. ორივეს ემოციები მაქვს. - მართლა არ გიცნობ.. - ცრემლები მაწვება. მაგრამ ეს ცისიას ცრემლები არაა. ცისიას ემოციები არაა, გიორგის ემოციებია. გიორგისი და არა ირაკლის. მისი მესმის.. ახლა, მესმის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რატომ მექცევა ასე, ვიცი, რომ ყველაზე რთული გზა აირჩია. ნელა იხრება ჩემსკენ და მაშინვე მეფანტება ფიქრები. ფრთხილად მიცურებს ხელს ყელში და ვგრძნობ, როგორი დაძაბულია ისიც. სუნთქვა მეკვრის. ისევ, ოღონდ ამჯერად სულ სხვანაირად. მისი შეხებით გამოწვეული ჟრუანტელი, ჯერ კიდევ მთელს ორგანიზმში მაქვს გამჯდარი. თვალებს ვერ ვხუჭავ. ვერც ის ხუჭავს. ჩვენი სუნთქვა, ერთმანეთს უერთდება და თითქოს, ის ვხდები. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმის. ირგვლივ სიცარიელეა. ცისია არ ვარ.. ელენეც აღარ ვარ. თვალები მეხუჭება. არვიცი, რატომ მაგრამ თავისით მეხუჭება. ვიცი, რომ ახლა უნდა მაკოცოს და თითქოს, წინასწარ მივლის ყველაფერი ერთად სხეულში. მისი სუნთქვა, წამში მათბობს. ნაზად მეხება ტუჩებზე და ისევ, გაუაზრებლად მეწყება სხეულის შიგნიდან კანკალი. ვერაფერს ვერ ვრძნობ და ეს, არარეალურ რეალობაში მაბრუნებს. ის გიორგი არაა, ის ირაკლია. ცისიას ირაკლი. საკუთარი სურვილით არ მკოცნის, არც მაკოცებს, არც მე მინდა რომ მაკოცოს. ტვინში მეჭრება. ვიაზრებ. წამში, ისევ ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება და მეც მთელი ძალით ვკრავ ხელს. - გადაღებ.. - გადაღებულიაო, სავარაუდოდ ეს უნდოდა რომ ეთქვა. - რას აკეთებ, ელენე? - მაშინვე თვალებს მიქაჩავს ზურა, თუმცა იმასაც ვერ ვიაზრებ, რას მეუბნება. ჯერ კიდევ იქ ვარ, სადღაც, შორს.. - კარგი, არაუშავს ეს ამოჭერით. ხელის კვრა საჭირო არ იყო. - ახლა, გადამღებ გუნდს მიმართავს. ისევ ვერ ვუბრუნდები რეალობას. იმის მიუხედავად, რომ გიორგიც დგება, მე ისევ გაშეშებული ვარ. ზოგჯერ, ძალიან მაკვირვებს მისი ქცევები., თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. თითქოს, გრძნობები არ გაგვეცვალოს.. მინდა, მჯეროდეს იმის, რომ ახლაც თამაშობს. ახლა, ჩემთვის თამაშობს. იმისთვის თამაშობს, რომ არ ამოვიკითხო. მაგრამ არაფრის მჯერა, ვერაფერს ვგრძნობ და არაფერი მესმის. . * შემდეგი სცენის გადაღება, კიდევ უფრო რთული იყო.. იმის მიუხედავად, რომ ვიცი, ეს ყველაფერი თამაშია, მაინც ძალიან გამიჭირდა მისთვის იმის თქმა, რომ არ ვიცნობ. არ ვიცი, რეალურად თვითონაც ასე ძალიან გაუჭირდა თუ არა.. რაღაც მომენტში, მინდა მჯეროდეს იმის, რომ ასე იყო და რაღაცას მაინც ვნიშნავ მისთვის.. მაგრამ მეორეს მხრივ, როცა უკვე ვიცი, ეს რა გრძნობაცაა, არ მემეტება. მარტო ამისთვის კი არა, არაფერი ცუდისთვის. იმ ტკივილისთვის, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავს და რომელიც სულ შემთხვევით დავინახე დღეს, ხო, არ მემეტება. ვკვდები, ისე მინდა როგორმე დავეხმარო.. რაღაც გავაკეთო მისთვის, მაგრამ ამის გარდა ალბათ მართლა ყველაფერს ვაკეთებ. საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვთამაშობ შემდეგ სცენებს. მინდა არ მინდა, თავში მხოლოდ გიორგია. მხოლოდ მასზე მეფიქრება.. სად არის, რას აკეთებს.. ჩვენი სცენის შემდეგ ისე გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. არაფერი უთქვამს ზურას. აღარც მოუკითხავს. რა თქმა უნდა, მას მხოლოდ სერიალი აინტერესებს. იმის იქით კი არაფერი. ის სცენა ხომ გადაიღო, რაც უნდოდა. თავისი გაისწორა. ვერაფერს ვიტყვი, ალბათ სხვა ნებისმიერიც ასე მოიქცეოდა მის ადგილას. ადამიანებს, მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ, მხოლოდ საკუთარი პრობლემები. შენ, თუ გინდა მოკვდი. პირველი, მაინც იმას გაიფიქრებენ, ვინ დააყენონ შენს ადგილას და მერე, სხვა დანარჩენი.. * უკვე კარგად შებინდებულზე გამოვდივარ საავადმყოფოდან. რეალურად, ასეთ დროს გარეთ სიარულს ვერ ვიტან. უფროსწორად, ვეღარ ვიტან. მაგრამ მეც ვერ გავიგე, როგორ გავიდა დრო. ბევრი მეხვეწა ნატომ, ბარემ აქ ვართ და ჩემს დასაც ავუაროთ პალატაში და თან, ბავშვიც ვნახოთო და უარი ვერ ვუთხარი.. ან კი, როგორ ვეტყოდი. იმის მიუხედავად რომ საერთოდ არ ვიყავი ლაპარაკის და ღიმილის ხასიათზე, როგორღაც თამაში გავაგრძელე. ბოლოს და ბოლოს, არანაირი უფლება არ მაქვს, ჩემი პრობლემები სხვას მოვახვიო თავზე. დაე იფიქრონ, რომ კარგად ვარ.. იქნებ, ოდესმე საკუთარ თავსაც დავაჯერო ეს ტყუილი. გაზაფხულის გრილი სიო, თითქოს ოდნავ მიწყნარებს ჯერ კიდევ არეულ ფიქრებს. გარეთ, სამარისებული სიჩუმეა. მხოლოდ წამიერად ჩამესმის სასწრაფოს სირენის ხმა და მერე, ისიც ქრება. უცნაური შეგრძნება მაქვს. შესაძლოა, იმის ბრალიცაა ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ რომ დავთანხმდი 'თამაშს'. კიდევ რომ მოვირგე ვიღაცის როლი.. თვალები თავისით მეხუჭება. არ ვიცი, დაღლილობას დავაბრალო თუ ემოციებს, მაგრამ აშკარად არ ვარ კარგად. იმდენ ხანს ვიყავი დაძაბული, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგაც კი ვეღარ ვაქრობ. თავბრუ მეხვევა და ახლა, ყველაზე მეტად ის მინდა, მალე მივიდე ტაქსების გაჩერებამდე. ჩვეულებრივ, ალბათ გამოვიძახებდი, მაგრამ ლოდინის თავიც არ მაქვს. ნელი ნაბიჯებით მივდივარ გასასვლელისკენ და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა გავიდე, საავადმყოფოს უკანა ეზოდან უცნაური ხმები მესმის. ვჩერდები, მაგრამ არ ვიცი რატომ. წამიერად, რაღაც უცნაური გრძნობა მივლის სხეულში, თუმცა მალევე ქრება. რაც არ უნდა იყოს, მე არ მეხება. თავის დაკვრითაც ვუდასტურებ საკუთარ თავს და ზუსტად იმ წამს, როცა საბოლოოდ უნდა გავიდე, შესახვევიდან მომავალ მაღალ სილუეტს ვლანდავ. უფრო მობარბაცებს, ვიდრე მოდის. თითებს შორის, სწრაფად ათამაშებს სიგარეტს და მერე წამიერად ეყრდნობა ხეს. ოდნავ ვჭუტავ თვალებს. იმის მიუხედავად, რომ მობინდებულზე კარგად ვერ ვარჩევ, ზუსტად ვიცი, რომ სადღაც მინახავს. ღრმად ვსუნთქავ და ისევ გულს ვენდობი. მიმართულებას ვცვლი და ნელი ნაბიჯებით მივდივარ მისკენ. თვითონაც ადგამს რამდენიმე ნაბიჯს, თუმცა ისევ ძლივს. - ჩემო დაი..კოო - უცნაურად იცინის და ისევ სიგარეტი მიაქვს მოსაქაჩად. ინტერესით ვაკვირდები და.... ვცნობ. ის არის. იმ დღეს, გიორგისთან ერთად რომ ვნახე. ზუსტად მახსოვს, ამასაც უნდაო, თუ რაღაც ასეთი იკითხა. - შენ.. -ენა მებმის, თუმცა წამში ვიაზრებ და ახლა, შიშისგან მაჟრჟოლებს - გიორგი სადაა?! -უფრო ვუყვირი, ვიდრე ვეკითხები - ხმა ამოიღე, აქაა?! - ჩემო.. დაი.. -ისევ იღიმის და მხარზე მადებს ხელს. მაშინვე უხეშად ვუკრავ. - შენ რა... კაი'ფში ხარ?! ღმერთო მიშველე.. -თავზე ვიჭდობ ხელებს. - ლეჟავაა..-უაზროდ ატრიალებს თვალებს და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, როგორ აქვს ჩაწითლებული უპეები. ბარბაცით ტრიალდება და აკანკალებული ხელით მანიშნებს უკანა ეზოსკენ. მაშინვე თვალები მიფართოვდება. მის სიტყვებს, ყურადღებას აღარ ვაქცევ და მთელი შერჩენილი ძალით გავრბივარ უკანა ეზოში. არ ვიცი, რას ველი ან რატომ ვუჯერებ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს. კანკალი მეწყება და უარესად მეხვევა თავბრუ. მეშინია. უფრო იმის, რომ მის ნახვამდე შესაძლოა დავეცე. ან, შეიძლება არც არის აქ. მომატყუა.. რაღაც იბოდიალა.. ღმერთო.. წამში ვჩერდები და გულზე ვიდებ ხელს. ისევ სიჩუმეა. სიბნელეში ჩაფლულ შენობას, მხოლოდ წამით ვავლებ თვალს და ზუსტად იმ წამს როცა იმედი მეწურება, მაღალ ხეებს შორის არსებული სკამების წინ, მინდორში, წამით ვკრავ სილუეტს თვალს და ინსტიქტურად მეყვირება. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ვერ ვარჩევ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის არის.. წამებში ვფარავ, ჩვენს შორის არსებულ ისედაც არც თუ ისე დიდ მანძილს და უკვე, თავისით მომდის ცრემლები. გარშემო, უამრავი მინის ბოთლია.. სავსე, ცარიელი, არ ვიცი.. შეხედვაც არ მინდა. მუხლები მეკვეთება და მის წინ, სრულიად ძალაგამოცლილი ვემხობი. ერთი შეხედვით, გონზე არაა. თუმცა მალევე ახელს სუსტად თვალებს და მხოლოდ წამიერად, უაზროდ მაშტერდება. ცუდად ვხდები. იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე ოდესმე. ეს მისი თვალები არაა.. ამღვრეული, ჩაწითლებული. თითქოს, გამოცვალეს. ვერაფრით ვიჯერებ, რომ ისაა. თავს ძალას ვატან და ზუსტად მაშინ, როცა ხმის ამოღებას ვცდილობ ბოთლებს შორის, ზუსტად 'იმას' ვკრავ თვალს, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და მექანიკურად მიფართოვდება თვალები. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი.. უნდა მცოდნოდა, მივმხვდარიყავი, მაინც არაფრით ვაძლევდი საკუთარ თავს ამის გაფიქრების უფლებას. ნელა გადმომაქვს მზერა მის ხელებზე და ვენასთან აკეცილ სახელოსთან ვაჩერებ. ცრემლები თავისით მომდის.. აკანკალებული ხელით ვწვდები შპრიცს და ვგრძნობ, როგორ ბრუნავს ყველაფერი. თავს ვეღარაფერს ვუხერხებ. საკუთარი გულისცემა მაყრუებს, ძალა მეცლება, თვალებში მთლიანად მედება ბინდი და ვითიშები.. _____________________________ სალამი. სანამ მეტყოდეთ, ვიცი, რომ პატარა თავია. რა თქმა უნდა დიდი რომ ყოფილიყო, ეგ მეც მინდოდა, მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე. ჯერ ისევ გადატვირთული ვარ, მაგრამ მალე კიდევ უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება და გამოვასწორებ.. მანამდე კი.. მოვლენების ასე განვითარებას ელოდით? თქვენი აზრით, რა მოხდება შემდეგ? როგორი იქნება გიორგის რეაქცია, ელენეს დანახვისას? მოკლედ, გელით.. სიყვარულით ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.