უცნობი ნაცნობი (თავი 8)
*** იმის მიუხედავად, რომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გათიშული, ვგრძნობ რომ მალევე მეღვიძება. თვალის გახელისთანავე ცისფერ ცაზე მოცურავე ღრუბლებს ვხედავ და ვცდილობ გავიხსენო, ზურგზე დავეცი თუ არა. მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომდის და ზუსტად იმ წამს, როცა წამოჯდომას ვაპირებ, შეხებას ვგრძნობ ხელზე და შიშისგან ვხტები. არ ვიცი, ასე როგორ გავითიშე, მაგრამ რამდენიმე წამით, გიორგიც კი დამავიწყდა. - მოდი ჩემთან.. -თავს, ოდნავ აბრუნებს და ხელს, ჰორიზონტალურად შლის. ვიბნევი და ამ დაბნეულობასთან ერთად ვრწმუნდები, რომ ჩემი დანახვით გამოწვეული მის რეაქციებს ამოცნობა, ამ ქყვეყნად ყველზე რთულია. მაშინ, როდესაც მგონია რომ ზუსტად ვიცი, რასაც მეტყვის - იმას მეუბნება, რასაც გაგონების მიუხედავადაც ვერ ვიჯერებ. უცნაურად მშვიდად არის და ეს, მაშინებს. ვცდილობ, მზერა გავუსწორო და იქ მაინც ამოვიკითხო რამე, თუმცა მაშინვე ხვდება და თვალს მარიდებს. არ ვიცი, რა მინდა. ჯერ კიდევ მის გაშლილ ხელს ვუყურებ, თუმცა მართლა ვერ ვხვდები, რა უფრო სწორია ახლა. ერთი მხრივ, თითქოს არის რაღაც, რაც მიმეორებს, რომ არასწორია.. არ უნდა შევეხო.. მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც ზუსტად ვიცი, რომ სხვაგვარად, ვერ ავალაპარაკებ. როცა ასე მშვიდად არის, შინაგანად ინგრევა და თუ ამას არ გამოხატავს, განდგურდება.. შეიძლება ახლავე არა, რადგან მოთმენა ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ ოდესმე, სადღაც, აუცილებლად იჩენს თავს. ღრმად ვსუნთქავ და ნელა ვიწევი მისკენ. მგონია, რომ არ მელოდება და როგორც კი თვალს ახელს, ვკრთები. ოდნავ ეღიმება. თუმცა არ ვიცი, ეს რისი ღიმილია.. მინდა მჯეროდეს იმის, რომ თავისუფალია, მაგრამ ყველაფრის მჯერა ამის გარდა. ფრთხილად ვადებ თავს მხარზე და ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არ შევეხო. აჟრჟოლებს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვგრძნობ. ამასთან ერთად, მის სუნთქვასაც.. ნელა ხრის ხელს და მერე, ისე სწრაფად მხვევს, გააზრებასაც ვერ ვასწრებ. ჩემსკენ ბრუნდება. თმას მიწევს და ძლიერად მეხუტება.. სუნთქვა მეკვრის. ყველაფერი ერთად მივლის სხეულში და თვალები თავისით მეხუჭება.. ოდნავ მოშვებული წვერი, თითქოს ნაზად მფხაჭნის ყელზე, თუმცა მისი სუნთქვა, ისევ ყველაფერს მავიწყებს.. არარსებულ სამყაროში გადავყავარ და პირველად, ცხოვრებაში პირველად არაფერზე მეფიქრება. თითქოს, დრო გაჩერდა.. ყველაფერი გაქრა და მხოლოდ ჩვენ დავრჩით დედამიწაზე.. - როგორ აკეთებ.. - უფრო ძლიერად მხვევს ხელებს. ხომ უბრალოდ მეხუტება, მაგრამ ასე მგონია მთელს სამყაროს მჩუქნის.. არ ვიცი, რამდენი წუთი ვართ ასე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მასზეც მოქმედებს. ასე რომ არ იყოს, აქამდე ადგებოდა, მაგრამ თითქოს, არ ეთმობა. ჰო, არ ეთმობა ის, რასაც გრძნობს.. ხელს, მაჯაზე მკიდებს და ნელა ხლართავს მის თითებში ჩემსას. კიდევ რამდენიმე წუთი გადის.. არ ვეწინააღმდეგები, თუმცა მაინც მგონია, რომ სუნთქვითაც კი ვაწუხებ.. ნელა სწევს თავს მაღლა და ამჯერად, თვალს თვალში მიყრის. ვიძაბები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა მკითხულობს. სულ სხვა მზერა აქვს. მშვიდი. მაგრამ ის მშვიდი არა, თამაშის დროს რომ ირგებს ხოლმე, ეს ნამდვილია.. - არ მეგონა, თუ გადავიტანდი.. - შეგიძლია.. - შენ რომ არა, ვერ შევძლებდი.. - ვგრძნობ, რომ ამაზე გულწრფელი არასოდეს ყოფილა. მიყურებს, მესაუბრება და არ თამაშობს. ის გიორგი, რომელსაც სულ მიმალავდა და რომლის დანახვაც, ყოველთვის მინდოდა.. - ჭაობში მიგათრევ, მაგრამ გპირდები, აღარ განმეორდება. მარტო დღეს მაპატიე.. - განმეორდეს. მინდა, რომ დაგეხმარო.. ვიცი, რომ იცის, რომ ვიცი. არ მეკითხება, როგორ, რანაირად.. როგორც იმ დღეს, მე არ ვკითხე რატომ იყო იქ, დილის 5 საათზე.. - ხომ დარწმუნდი, რომ შემიძლია.. უბრალოდ, შანსი მომეცი. - ეს, ისედაც ვიცოდი, ცისია. მაგრამ არ მინდა, რომ ჩაგითრიო.. - არ ჩამითრევ.. - შენც ვერ მიხვდები, ისე ჩაგითრევ.. არ გინდა, დამიჯერე შენი ჩახუტება, მთელი ცხოვრება მეყოფა. - გიორგი.. - თუ უფლებას მომცემ, პირველად და უკანასკნელად გაკოცებ, როგორც გიორგი და დავამთავროთ.. სუნთქვა მეკვრის. ისევ, ოღონდ ამჯერად კიდევ უფრო სხვანაირად. ვერაფერს ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ მინდა მაინც. შიგნიდან ვყვირი, ვიძახი არაფერი დამთავრდება - მეთქი. მარტო გადატანის უფლებას არ მოგცემ - მეთქი, მაგრამ ვერაფერს ვამბობ. - დუმილი, თანხმობის ნიშანია? -ნიკაპზე მკიდებს ხელს და ისე მიახლოვდება, ახლა, რომც შემეძლოს ვეღარ ვიტყვი. - თუ უარს მეტყვი, არ გაკოცებ.. - ტუჩებზე მისვამს თითებს და მერე, ისევ დაჟინებით მაცქერდება თვალებში - თავს ვეღარ ვიკავებ, ელენე... არ ვიცი, საიდან მომდის ამდენი გამბედაობა. იმის მიუხედავად, რომ ვიცი, არასწორია. ვიცი, დაუფიქრებელეი ნაბიჯია, ვიცი, მერე ვინანებ, მაინც ვადებ თითებს ყელზე და საკუთარი ინიციატივით ვეხები ტუჩის კუთხესთან. თვითონაც იგივეს იმეორებს. ნაზად მახებს ტუჩებს ნიკაპზე და მერე, მოწყურებულივით მეწაფება ბაგეებზე. ვყვები. ვყვები და ვგრძნობ, ეს საერთოდ არ ჰგავს იმ კოცნას მაშინ, კამერების წინ რომ გაითამაშა. ახლა, ყველაფერს ვგრძნობ - მაშინ კი ვერაფერს. ნაზად მიწევს თმას სახიდან და ნელა ჩერდება. ისევ ისე, თითქოს არ ვეთმობი.. ახლა, თითებს მისვამს ბაგეებზე და შუბლზე მკოცნის. - ჩემო ლამაზო.. - გიორგი.. - არ გინდა - ისევ თითებით მაჩუმებს- მინდა დაგიმახსოვრო.. თვალები, ცრემლებით მევსება. ვერ ვიტან დამშვიდობებას.. - ჩშშ.. არა, გთხოვ. გთხოვ.. ჩემო სულის ნაწილო. შენი ცრემლები, ჩემი ცრემლებია.. მეტად აღარ მატკინო, გევედრები.. - ასე არ მომექცე.. - ეს, შენ არ მომექცე ასე. არ შემიძლია, ამდენს ერთად გავუძლო. ნუ დამიმატებ, ისედაც საკმარისად მაქვს.. მინდა, ვიცოდე რომ კარგად ხარ. ბედნიერი ხარ, ცხოვრება გიყვარს და მასაც უყვარხარ. გააკეთე ეს ჩემთვის. იყავი ბედნიერი ჩემს გარეშე. ჩათვალე, რომ შენს ცხოვრებაში, არც არასდროს ვყოფილვარ.. - არ ყოფილხარ, არა? -ისე სწრაფად ვდგები, მეც კი მიკვირს. თავბრუ მეხვევა, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო - შენი აზრით, ცხოვრებას სხვა კუთხით რომ ვუყურებ, ეს ვისი დამსახურებაა? საკუთარ თავს, კითხვას რომ დავუსვამ რატომ ვარ ცოცხალი - თქო, ვისი... - ღმერთის. - წინადადების დასრულებას არ მაცდის, ისე მეჭრება საუბარში და თავადაც დგება. ღრმად სუნთქავს და უკვე შებინდებულზე, რაღაც უცნაურად აკვირდება გარემოს.- ღმერთის დამსახურებაა, შენ რომ ცოცხალი ხარ. ეტყობა, რაღაც კიდევ გაქვს გასაკეთებელი. შენი მისია არ დაგიმთავრებია, ასე რომ ვერ მოკვდები. უფლება არ მოგცეს. - გიორგი.. - ირაკლი. ირაკლი, ცისია. ჰო, რა თქმა უნდა. დამთავრდაო და მართლა ყველაფერი დაამთავრა. როგორ შეუძლია, პრინციპების წინააღმდეგ წავიდეს. თქვას და არ გააკეთოს. . ახლა, ისევ ცისია და ირაკლი გავხდით. - მე წავედი. გადაღებებეზე შევხვდებით. - კვლავ უემოციო, გაყინული ტონით, 'ვითომ' მემშვიდობება და გვერდს მივლის. გაყოლას, არანაირი აზრი აღარ აქვს. მიაღწია, შინაგანადაც დამანგრია.. *** -გისმენთ, ბატონო ზურა.. - არა, მთელი დღე და ახლა, ღამეც ვერ მოვიშორე ეს კაცი. თავს არ მანებებს. ცოცხალი თავით, უნდა რომ მუდამ გამახსენოს, რომ ცისია ვარ და მოვალეობები მაქვს. რაც შეიძლება ჩუმად ვხურავ შემოსასვლელ კარს და გასაღებსაც, უხმაუროდ ვდებ ტუმბოზე. - მისმინე, ელენე. გასვლით ვართ, ხვალ. - დიახ, გასაგებია - რაც შეიძლება ხმადაბლა ვპასუხობ და სამზარეულოში მივდივარ, რომ შემთხვევით, ნიცა და თიკო არ გავაღვიძო. მაგრამ რა.. სინათლის ანთებისთანავე, მაგიდასთან მჯდარი თიკო მრჩება ხელში და შიშისგან, გულზე ვიდებ ხელს. - ტელეფონს ვტენი, იქით ჩამრთველი გაფუჭდა. - ჩუმად მპასუხობს და ოდნავ ეღიმება. ოდნავ ვუქნევ თავს და ისევ ზურას ვუბრუნდები. - ელენე, გესმის? - დიახ, ხმა გაწყდა მგონი. პრობლემა არ არის - მეთქი. - მაშინ ჩაბარგდი. არ ვიცი, რამდენი ხნით დავრჩებით. - მოიცა, რა? - მგონი, მართლა ხმა გაწყდა და ნორმალურად ვერ გავიგონე. ან, თიკოს დანახვამ მაშინ, როცა საერთოდ არ ველოდი, ისე შემაშინა, მოსმენის უნარი დავკარგე.. - ბორჯომში მივდივართ - მეთქი. წუწუნი არ დაიწყო, გიორგის მოსმენაც მეყოფა. - რა? - რა იყო, ხომ გაგაფრთხილეთ, გასვლები იქნება - მეთქი. - ბორჯომში? - ხო. არაფერი იცვლება 'ლოკაციის' გარდა. ნუ, იდეაში ეგ სცენები აქ უნდა გადაგვეღო, ამიტომაც არაფერი იცოდით აქამდე, მაგრამ მერე პროდიუსერებმა შემომთავაზეს, გაცილებით ეფექტური იქნებაო და.. დამაფიქრა ამ შემოთავაზებამ. ფინანსურადაც არ ვართ, ძაან გაჭედილები და შეიძლება. ხომ გაგიგია.. როცა შესაძლებლობა გაქვს, უნდა გამოიყენო. -.... - ვერაფერს ვპასუხობ. - მოკლედ.. შევეცდები, მალე მოვაგვარო ყველაფერი. მაქსიმუმ 4-5 დღე დავრჩებით, შეიძლება უფრო მეტიც, არ ვიცი.. ბოლომდე იმაზეა დამოკიდებული, რას რამდენ ხანში გადავიღებთ. მაგრამ პროდიუსერების ვარაუდით, 5 დღეზე მეტი, არ უნდა დაგვჭირდეს. - მაგრამ ბატონო ზურა.. - გითხარი, წუწუნი არ დაიწყო - მეთქი. - მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ მე ბავშვი მყავს, ამდენ ხანს, მარტო ვერ დავტოვებ.. - არაფერი მოუვა. შენი მეგობარი ვერ მუხედავს? ან.. საერთოდ წამოიყვანე. სასტუმროში გავჩერდებით ყველა. ხარჯებს მე დავფარავ . - რას ლაპარაკობთ.. ეს რატომ უნდა გააკეთოთ. ამის უფლებას ვერ მოგცემთ. - მაშინ, გამოსავალი იპოვე, ელენე. ღრმად ვოხრავ. რა ბორჯომი.. რის ბორჯომი. მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს თავს ხდება. - მოკლედ.. ხვალ 9-ზე შევგროვდეთ. მისამართს გამოგიგზავნი. - პასუხის დაბრუნებას არ მაცდის, ისე მითიშავს. ღმერთო..ჭკუიდან გადავდივარ.. - რა ხდება, მართლა ბორჯომში მიდიხართ? - თიკო ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებს, ლამის მეც შემეშინდეს. - ჰო.. -ხმადაბლა ვპასუხობ და დამნაშავესავით ვხრი თავს. - არ გითქვამს, რომ სადმე წასვლას აპირებდით. - არც მე ვიცოდი. არ გესმოდა? -ჯერ კიდევ ხელში მყოფ ტელეფონზე ვანიშნებ - მეუბნება, პროდიუსერებმა მოიფიქრესო. ფინანსები შესაძლებლობას გვაძლევსო თუ რაღაც ჯანდაბა და ჭირი! -ნერევბმოშლილი ვწევ სკამს, მის პირისპირ ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. - კარგი, არ ინერვიულო. რა მოხდა.. რა არის აქ ისეთი.. - რა არა, ვინ. - სწრაფად ვუსწორებ მზერას - ნიცა როგორ დავტოვო..ისედაც მთელი დღე ვერ მხედავს, ახლა ღამეც დაემატა. - მივხედავ.. - მაგაში ეჭვი არ მეპარება, თიკო. - ვიცი, მაგრამ სხვა გზა გაქვს? იმ შენმა ზურამ, წინასწარ გადაგიხადა, ახლა ყველაფერს ვერ მიუყრი და ვერ წამოხვალ. რას ვიზამთ.. როგორღაც გადავიტანთ.ნიცაც გადაიტანს.. - ბოლო სიტყვებს, შედარებით ჩუმად ამბობს. ვგრძნობ, გარკვეულწილად,ხაზს უსვამს რომ ადვილი არ იქნება. ჰო, მეც ვიცი რომ არ იქნება. მაგრამ რა გავაკეთო, იქ ვერ წავიყვან. ისედაც საკმარისად დავალებულად ვგრძნობ თავს ზურასთან, იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ ზედმეტი ხარჯებიც თავის თავზე აიღოს. - არ ინერვიულო, გთხოვ. რამეს მოვიფიქრებთ.. - არადა მითხრა, მარტო დედაქალაქის მასშტაბით შევცვლით 'ლოკაციებსო' -სიმწრისგან მეღიმება. - ყველა იმას რომ აკეთებდეს, რასაც ამბობს, ქვეყანა აშენებული იქნებოდა. - ჰო.. - ოდნავ ვუქნევ თავს - კარგი, წავალ ნიცას დავხედავ - ნელა ვდგები და სკამს ვასწორებ - იქნებ ხვალამდე, რამე მოვიფიქრო.. *** მთელი ღამე ნიცასთან გავატარე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდოდა რამე გამოსავალი მეპოვა, მაინც ვერაფერი მოვიფიქრე. ან კი, რას მოვიფიქრებდი.. იმის მიუხედავად, რომ მისი მარტო დატოვება არ მინდა, სხვა გზა მაინც არ მაქვს. თუმცა წაყვანაც რომ შემეძლოს, ალბათ მაინც ვერ ვიქნები მშვიდად. თიკოსაც ვერ მოვთხოვ, ყველაფერს თავი დაანებე, ჩემთან ერთად წამოდი და ბავშვის ძიძობა შეითავსე - თქო. ვიცი, რომ ვუთხრა, უარს არ მეტყვის - მაგრამ არ შემიძლია ამდენად შევაწუხო. არ ვიცი, ცხოვრება ახლა გახდა ასეთი რთული, თუ სულ ასე იყო და მე ვერ ვხედავდი, ან ყურადღებას არ ვაქცევდი. ასე მგონია, ცარიელ ოთახში ვარ გამომწყვდეული და ოთხივე კედელზე, ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი წერია - სადაც პრობლემებში ყელამდე ვეფლობი. საითაც არ უნდა გავიხედო, ყველგან რაღაც არის, ყველაფერი მოსაგვარებელია და მე ერთი ვარ. ერთი, რომელიც ყველას და ყველაფერს ვერ წვდება და ვერც გაწვდება.. ჩაფიქრებულ ნიცას, არანაკლებ ჩაფიქრებულ მზერას ვუსწორებ და ვცდილობ, ეს ყველაფერი ისე ავუხსნა რომ ზუსტად გაიგოს. ოდნავ მიღიმის. თავს მიქნევს და რა თქმა უნდა მეთანხმება. მისგან, პროტესტს და 'არ წახვიდე'-ს არც ველოდი. ყოველთვის ცდილობს გამიგოს. მაშინაც კი, როცა ჩემი გაშვება არ უნდა, მეუბნება წადიო. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რით დავიმსახურე მისნაირი ანგელოზი გვერდით.. ყოველთვის, როცა ის საშინელი დღე მახსენდება, როდესაც მძინარეს დავემშვიდობე, საკუთარი თავი მძულს. მეზიზღება ყველა ის წამი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემს გარეშე კარგად იქნებოდა.. ბედნიერი იქნებოდა.. როცა თავში, აზრად მომივიდა რომ მისი დატოვება შემეძლო.. ნუთუ, ოდესღაც, ასეთი ელენეც არსებობდა.. ფიქრები მაგიჟებს. ტვინში მეჭრება და სანამ კიდევ უარესი მოხდება, იქამდე ვდგები.. იმის მიუხედავად, რომ მიჭირს, როგორღაც მაინც ვახერხებ ღიმილით დამშვიდობებას. თიკოს, ჩემს სულს და გულს ვაბარებ და ბორჯომთან შესახვედრად მივდივარ.. *** უკვე ნაცნობ ქუჩას, კვლავ ფიქრებში ჩაძირული ვუახლოვდები. მაღალი შენობის წინ არსებულ მოედანზე ისეთი ხმაურია, ყურსასმენებშიც კი მესმის. ნატოს და პროდიუსერებს, შორიდანვე ვხედავ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ზურაც სადღაც აქაა. ჩემს 'მაჩუქე ფრთებს' , შუა გზაში ვწყვეტ და უკვე განუყრელ მეგობრებს - ტელეფონს და ყურსასმენებს ერთმანეთს ვაშორებ. - ელენე, სალამი. - მაშინვე ხელს მიწევს, ჩვენი მთავარი პროდიუსერი. - დავაგვიანე დათო? - ინსტიქტურად, საათზე ვიყურები. - არა, გიორგის ველოდებით. - ა, ელენე ძლივს. შენ მაინც მოხვედი - ახლა, ზურაც ჩნდება არსაიდან და კიდევ ერთ ჩანთას, მიკროავტობუსში, მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე დებს. უცნაური შეგრძნება მაქვს. თითქოს, ექვსკურსიაზე მივდიოდე სადღაც. ბავშვობაში, როგორ მიხაროდა ხოლმე, მაგრამ ახლა.. ყველაფერს დავთმობ, ოღონდ შემეძლოს არ წავიდე. - კარგი, დავლაგდით! - თვალითაც ანიშნებს ზურა და მსახიობებიც, ზოზინით იწყებენ ასვლას მიკროავტობუსში. - ეს გიორგი სადღა დაბოდიალობს ერთი - უკმაყოფილოდ ოხრავს და დარწმუნებული ვარ, კონტაქტებში ზუსტად მის ნომერს ეძებს. ვღელავ. უფრო იმის გამო, რომ უნდა მოვიდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ არის რაღაც, რაც მაფორიაქებს. გარშემო, აღარავინ რჩება და მეც, იძულებით ავდივარ მიკროავტობუსში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზურაც ამოდის და ისე რომ ტელეფონს ყურიდან არ იხსნის, მძღოლს ხელით ანიშნებს წავედითო. - ცენტრალურამდე გავიდეთ, იქნებ გზაში შეგვხვდეს. - მოდის, მოდის - ნატოს ხმა, ზურასას ფარავს და მძღოლიც, უკვე ჩართულ ძრავას აჩერებს. არ ვიყურები. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ფანჯრიდან დავინახავ მაინც. კარი იღება და ზურას მონოლოგიც იწყება. - ბატონო გიორგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ისე ამოდის, არაფერს პასუხობს და უკვე ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გული. - ელენეს გვერდით დაჯექი. რაო? არა, მართლა ვერ ვხვდები, ზურა ამას რა მიზეზით ამბობს. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად დაჯდება. მთავარია, ხომ მოვიდა. მოვიდა და აღარსად წავა. - რატომ? - თქვენს წინ ვიჯდები, სცენარს კიდევ ერთხელ გადავხედავ და პატარა ცვლილებებზე გეტყვით. ცალ-ცალკე რომ არ მომიწიოს ახსნა. - ახლა? - არა, შენს ქორწილს დაველოდოთ! ღმერთო მიშველე.. - ღრმად ოხრავს და მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე გადადის. იძულებით მიჯდება გვერდით გიორგი.. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერი ეტყობა, ზუსტად ვიცი, შინაგანად ისიც ფორიაქობს. ისე იქცევა, როგორც ნატოს ან დათოს გვერდით ჯდომისას მოიქცეოდა. უფრო სწორად ცდილობს, ასე მოიქცეს. არაფერს ვეუბნები.. ახლა, მართლა ზედმეტია. დროებით, ისევ ყურსასმენებს ვიღებ და ისევ მელოდიას ვუბრუნდები.. *** ზურას 'პატარა ცვლილებებმა' იმხელა დრო წაიღო, ვერც კი მივხვდი, როგორ ჩავედით ხაშურამდე. ერთხელაც კი არ მაცადა, სიმღერის ბოლომდე მოსმენა. 'ვსო მეტი არაფერია' და მეორე წუთში 'ა, კიდე რა უნდა გითხრათ' ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა თვითონაც მოიქანცა და საქაღალდეები გვერდით გადადო. მთელი გზა იმას გაიძახოდა, შესვენება არ გვინდაო, მაგრამ ბოლოს, პროდიუსერების დაჟინებული თხოვნით რომ გავჩერდით მტკვრის პირას, პირველი გადახტა მიკროავტობუსიდან. ძლივს შეიკავეს სიცილი დანარჩენებმა. ხმაურზე, ერთი კი ამოიხედა ზურამ, მაგრამ ნატომ მალევე გადაატანინა ყურადღება და ისიც ჩავიდა. მალევე დაიცალა მიკროავტობუსი.. ისევ, მარტო მე და გიორგი დავრჩით. დიდად, ჩასვლა არც მინდა, მაგრამ რომც მინდოდეს, დარწმუნებული არ ვარ, რომ გიორგი მიხვდება გამატაროს. ისეა ფიქრებში გართული, ამ ქვეყანაზე არაა.. - გიორგი.. -ჯერ, ხმადაბლა ვამბობ, თუმცა არანაირი რეაქცია არ აქვს - გიორგი. -ახლა, მკლავზე ვახებ ხელს და წამში გადმოაქვს მზერა ჩემზე. - ახლავე - ადგომას აპირებს, მაგრამ დროულად ვაჩერებ. - მაგიტომ არა. - აბა? - არ გინდა ვილაპარაკოთ? სახე ეცვლება. ვგრძნობ, რომ რაღაც აწუხებს. რაღაც ისეთი, რისი თქმაც შეუძლებლად ესახება.. - რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა მაქვს შენთან სალაპარაკო. - უხეშად მიკრავს ხელს და მაშინვე დაბლა ჩადის. ჩვეულებრივ, ალბათ გამიკვირდებოდა მისი ეს ქცევა, თუმცა უკვე საკმარისად გავიცანი. საკმარისად იმისთვის, რომ დავიჯერო, გუშინ და დღეს ერთი და იგივე ადამიანი მყავდა თვალწინ. ორივე გიორგი იყო.. საკუთარი თავის, სხვადასხვა ვერსიით. ვერაფრით შევაგნებინე, რომ ჩემთან თამაში საჭირო არაა. თავისი ჭკუით, საკუთარი თავისაგან მიცავს. ჭაობისგან, რომელშიც ჰგონია, რომ იმდენად ღრმად არის, ამოსვლა შეუძლებელია.. არანაირი სხვა გზა, არ მაქვს. უფლებას არ მივცემ, იმას, რისი გადატანაც უწევს, ესეც დაუმატოს.. მე, ვეღარაფერი გამანადგურებს. უკვე, საკმარისი გამოვიარე და საკმარისი ვნახე.. შეუძლებელია, იმ ადამიანის არსებობამ ჩამითრიოს ბნელში, რომლის არსებობამაც სინათლე დამანახა. ეს უნდა დავაჯერო. არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს უნდა დავაჯერო. *** უღრუბლო, კამკამა ცისფერს ცას, ნელ-ნელა ნაცრისფერი ეპარება. ბორჯომში შევდივართ.. ადგილი, სადაც ერთი წლის წინ, პირველად შევხვდით ერთმანეთს. სულ მინდა ვკითხო, რა მიზნით იყო აქ ჩამოსული.. აქ რომ არ ცხოვრობს, ეგ ისედაც ცხადია. ბოლოს და ბოლოს, გული ვერ უგრძნობდა, ელენე ს აპირებს და გაიარე ამდენი კილომეტრი იმისთვის, რომ გადაარჩინოო.. არ ვიცი, ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც ზღაპარში ვარ და რეალობაც არაა რეალობა. ზურას გეგმის მიხედვით, პლაზაში ვჩერდებით. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ სასტუმროში გავჩერდებოდით, მაგრამ დანარჩენების სახე რომ განახათ... შესვლამდე იღებენ ათას ფოტოს, რომ შევლენ, მერე რაღა იქნება . მონატრებული ბორჯომის თვალიერებით ისე ვარ გართული, შიგნით შესვლა მაგვიანდება. ალბათ, საერთოდაც არ შევიდოდი, ნატო რომ არ გამოსულიყო გაცეცხლებული აქამდე სად ხარო. უცნაური სიმშვიდეა ჰოლში.. უკვე ყველა ოთახში წასულა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადაღებები არ გვაქვს, ყველა გასართობად წავიდა. ალბათ, რომ არ დაღამებულიყო, ზურა დღესაც ჩანიშნავდა რამეს. აი მერე რა მეშველებოდა, არ ვიცი.. დღეს რომც მომკლან, არაფრის თავი არ მაქვს. ნომერში ავდივარ და პირველ რიგში, თიკოს ვურეკავ. ჯერ რა დრო გავიდა, მაგრამ უკვე ძალიან მენატრება ნიცა. ვგრძნობ, რომ მას ორმაგად.. იმდენად აღტაცებით მესაუბრება, ლამის ვიტირო.. ჩვეულებრივ, მე ვიქცევი ხოლმე ასე. როცა ვცდილობ, რამე დავმალო სულ ვუღიმი და ვერც კი ვიაზრებ, რას ველაპარაკები. ზოგჯერ იმასაც კი, რაც უკვე მილიონჯერ მაქვს მოყოლილი - თუმცა მაინც, ყოველ ჯერზე ინტერესით მისმენს. ვინ იცის, სადამდე წავიდოდა ჩვენი დიალოგი, მოულოდნელად რომ აეტეხათ კარზე გადაბმული კაკუნი. ზუსტად ვიცი, პერსონალი რომ არ იკადრებს და ყველანაირად ვცდილობ მივხვდე, რა უნდა ზურას. თიკოს და ნიცას ვემშვიდობები და უფრო მივრბივარ, ვიდრე მივდივარ. კარს ვაღებ და.. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ადამიანმა ჩვევა მოიშალოს. თქვენს წინაშეა, დიდებული რეჟისორი. - ბატონო ზურა, რამე მოხდა? - შენ რაღას აკეთებდი, ამდენი ხანი რომ ვაკაკუნებ, მიყრუებ? - არა, უბრალოდ.. - კარგი - ხელით მაჩერებს - ხვალ, ცხრაზე გავდივართ. ყველანი შემოსასვლელთან ვგროვდებით. წუთით არ გადააცილო, იცოდე. ვერ ვიტან დაგვიანებას. - გასაგებია - თავსაც ვუქნევ. - ხოდა, კიდევ. ეს გიორგი, შენს გვერდით ნომერშია, წესით. მაგრამ ალბათ აბაზანაშია. ვუკაკუნენ და არ ესმის. ცოტა ხანში შეხედე და გადაეცი რაც გითხარი, კაი? - მე? -ოდნავ მიკვირს. - ხოო, ეხლა მე რო აღარ ვიარო. ქვემოთ სართულზე ვართ, ჩვენ. უთხარი, იქნებ შენი უფრო შეისმინოს, თორემ მე, მგონი რაც წონაში მოვიმატე, იმის მე ვეღარ აღმიქვამს უფროსად. ოდნავ მეღიმება. - აბა, გაბარებ. წავედი - უკუსვლით იხევს და ისე, რომ პასუხს არ ელოდება, ნელი ნაბიჯებით მიუყვება დერეფანს. *** 30 წუთი გადის. ვიცვლი. შეძლებისდაგვარად ვალაგებ ნივთებს და ოთახს ვტოვებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ ძალიან ვნერვიულობ. თმას გზაში ვიკრავ და უკვე კართან მისული, კიდევ ერთხელ, ღრმად ვსუნთქავ. მერე, ნელა ვწევ ხელს მაღლა და ორჯერ ვაკაკუნებ. რეაქცია არ არის. ისევ ვაკაკუნებ, ისევ ველოდები, მაგრამ.. ახლა, შიში უფრო მიპყრობს. უცნაურად მაკანკალებს და კიდევ ერთხელ ვაკაკუნებ. იქნებ.. შიგნით არაა. წავიდა. რა, აუცილებლად შიგნით უნდა იყოს? ვცდილობ, როგორღაც თავი დავიწყნარო, მაგრამ ფიქრები არ მასვენებს. სირბილით ვბრუნდები ჩემს ნომერში და აივანზე გავდივარ. წესით, საერთო უნდა იყოს და.. ასეცაა. ახლა, ალბათ სიხარულისგან მიჩქარდება გული. ფორმალურად გადაღობილი აივნის კარის გაღებას არც ვცდილობ, ისე ვძვრები ზემოდან და ღმერთს, ათასჯერ მაინც ვუხდი მადლობას, რომ არც ისეთი მაღალია. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ოთახთან დამაკავშირებელი კარი, ოდნავ ღიაა. თუმცა.. მგონი ჩემიც ღია იყო. ამ ფიქრებს, როგორღაც გონებიდან ვაგდებ და შიგნით შევრბივარ. იმის მიუხედავად, რომ სინათლე ანთია, არავინ არაა. ჯანდაბა, ელენე. რას ფიქრობ, რომ ფიქრობ, აქ არ არის.. რომ ყოფილიყო, კარს არ გააღებდა? ნერვულად ვისვამ შუბლზე ხელს და ზუსტად მაშინ, როცა საკუთარ თავზე გამწყრალი უკან გაბრუნებას ვაპირებ, თვალი, ოდნავ ღია სააბაზანოს კარისკენ გამირბის და ვჩერდები. უფრო ინტერესით ვაკვირდები და ვხედავ, რომ იქაც სინათლეა.. თვალები მიფართოვდება. უცნაური აზრები მიპყრობს და ნელი ნაბიჯებით მივდივარ კარისკენ. - გიორგი.. - ხმადაბლა ვიმეორებ, კარის სახელურს ვეჭიდები და მერე, ელვის სისწრაფით ვაღებ. იმის მიუხედავად, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, შიგნით არ იქნება- სრულიად სხვა სანახაობა მრჩება ხელში. იატაკზე გადაწოლილი გიორგის დანახვისას, თავისით მეყვირება და მომენტალურად ვიფარებ პირზე ხელს. წამები გადის, მაგრამ გონს ვერ მოვდივარ. მუხლები მეკვეთება და მოწყვეტით ვეცემი მის გვერდით. - გიორგი.. გიორგი, შემომხედე! -სახეზე ვუსვამ ხელს და ყველანაირად ვცდილობ, გონს მოვიყვანო. ვიცი, რომ ფუჭია - მაგრამ არ მინდა, გავიხედო და დავინახო, არ შემიძლია ამას შევხედო.. - მითხარი, რომ ეს არ გაგიკეთებია.. გონს მოდი, გთხოვ, შემომხედე..- გაუაზრებლად მომდის ცრემლები და მთელი ძალით ვურტყამ იატაკს ხელს. მაინც გამირბის მზერა ამ საძულველი შპრიცისკენ, მერე კი.. მისი მკლავისკენ.. - გიორგი! გემუდარები, გევედრები.. -ძალაგამოცლილი, მკერდზე ვადებ თავს. ისტერიკულ ტირილს, ვერაფერს ვუხერხებ და ვგრძნობ, როგორ იმატებს ნელ-ნელა კანკალიც. ვერ დავეხმარე..ვერაფერი გავაკეთე.. უფლება მივეცი, ისევ გაეკეთებინა.. ყოველ ჯერზე, მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას, საკუთარი თავი მძულს. ვერ ვიტან ელენეს, რომელსაც მარტო ტირილი შეუძლია. - ქეთი.. -ხმადაბლა ამბობს, თუმცა მაინც მესმის. სწრაფად ვწევ თავს და სრულიად გაფითრებულს ვაკვირდები. ოდნავ ახელს ჩაწითლებულ თვალებს, თუმცა მალევე ხუჭავს. - გიორგი. შემომხედე, გთხოვ.. ღმერთო, რა გავაკეთო. რა გავაკეთო.. -თავზე ვიჭდობ ხელებს და ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას. - როდის.. - რა? -ძლივს, თითქმის არც მესმის და ისევ მის სახესთან ვიხრები. - გავფრინდებით.. - რას ამბობ, სად გავფრინდებით.. ოდნავ ახველებს, წამი გადის და.. ისევ ახელს თვალებს. - არ.. ისევ ტირილი მეწყება. ვგრძნობ, როგორ მეხება ხელზე და ინსტიქტურად ვხტები. ირგვლივ, ისევ ყველაფერი ტრიალს იწყებს. ვგრძნობ, რომ ვითიშები.. არ მინდა, თავს იმის უფლება მივცე, იგივე განმეორდეს. ზუსტად ყველაზე უადგილო დროს, არა.. გონებაში ვიმეორებ, თუმცა არაფერი გამომდის. ვერაფერს ვეწინააღმდეგები და ისევ ყველაფერი ბნელში ეფლობა.. ___________________________________________ სალამი. სიყვარულებო, მომენატრეთ.. რომ შემეძლოს, ყოველ დღე თქვენთან ვიქნებოდი, მაგრამ ამასაც ძლივს ვახერხებ. მადლობა მოთმინებისთვის. სითბოსთვის და სიყვარულისთვის. თითოეული თქვენგანი, უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის. არ გეკითხებით შთაბეჭდილებებზე.. ამჯერად, მთლიანად თქვენთვის მომინდია თქვენი ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.