შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი IV


22-06-2021, 06:19
ავტორი ცირაკო
ნანახია 9 260

თავი მეოთხე გასაღებების მცველი
— ბრააახ! — ისევ დააბრახუნეს კარზე. მძინარე დადლი წამოხტა.
— ისვრიან! — იყვირა უაზროდ.
მათ ზურგს უკანაც რაღაც გაჯახუნდა და მეორე ოთახიდან ძია ვერნონი შემოვარდა, ხელში თოფი ეჭირა. აი, თურმე რა იდო იმ გრძელ, წვრილ პარკში.
— რომელი ხარ. მანდ! — გასძახა ხმამაღლა, — გაფრთხილებ, იარაღი მაქვს! სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი, — ჭაახ! — და ვიღაცამ ისე შემოგლიჯა კარი, რომ
ანჯამებიდან ამოვარდა და გამაყრუებელი ბრახუნით დაასკდა იატაკს.
კარში ნამდვილი გოლიათი იდგა, გრძელი, აჩეჩილი თმითა და გაბურძგნილი წვერით, სახეზე მხოლოდ თვალები უჩანდა — ხოჭოსავით მბზინავი ორი შავი წერტილი.
ოთახში დიდი გაჭირვებით შემოეტია. მოხრილიც კი თავით ჭერს ებჯინებოდა. ძირს დაიხარა, კარი აიღო და ხელად დაამაგრა თავის ადგილას — ქარიშხლის ხმა შედარებით მიჩუმდა. მერე შემოტრიალდა და იქ მყოფნი შეათვალიერა.
— ერთ ფინჯან ჩაის ხომ არ შემომთავაზებდით, ჰა? გზაში, ცოტა არ იყოს, გავწვალდი...
დივნისკენ წავიდა, სადაც შიშისგან ადგილზე გაყინული დადლი წამომჯდარიყო.
— იქით მიიწი, შე გაბერილო, — უთხრა უცნობმა.
დადლიმ, ვაიმეო, და გულგახეთქილი ამოეფარა დედის ზურგს. დეიდა პეტუნია, თვითონაც შეშინებული და მოკუნტული, ძია ვერ— ნონის უკან მიმალულიყო.
— აი, ჰარიც! — თქვა გოლიათმა.
ჰარიმ ახედა მის მძვინვარე, ველურივით გაბურძგნილ თმაში ჩაფლულ სახეს და დაინახა, როგორ დაუვიწროვა ღიმილმა ხოჭო თვალები.
— ბოლოს რომ გნახე, სულ პატარა იყავი, — უთხრა გოლიათმა, — მამაშენს ჰგავხარ, მაგრამ თვალები დედასი გაქვს.
ძია ვერნონმა კბილების ღრჭიალით წარმოთქვა:
— მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დატოვოთ აქაურობა, სერ! თქვენ კარი შემოამტვრიეთ და დაუკითხავად შემოიჭერით!
— მოკეტე, დერსლი, შე გამოქლიავებულო, შენა! — შეუბღვირა გოლიათმა. ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ისე გაიწვდინა მისკენ ხელი, თოფი გამოსტაცა, გადაკვანძა, თითქოს რეზინისა ყოფილიყოს, და ოთახის კუთხეში მიაგდო. ძია ვერნონმა ახლა ფეხდაბიჯებული თაგვივით დაიწრიპინა.
— ჰო, მართლა, ჰარი, — გოლიათმა დერსლებს ზურგი აქცია და ისევ ჰარის მიუბრუნდა: — დაბადების დღეს გილოცავ. ჰო, ისა, რაღაც მოგიტანე. მგონი, ცოტა გავჭყლიტე, მაგრამ არა უშავს, მაინც გემრიელი იქნება.
შავი პალტოს გულის ჯიბიდან ოდნავ შეჭ....ტილი ყუთი ამოიღო. ჰარიმ ათრთოლებული ხელით გახსნა. უზარმაზარ შოკოლადის ტორტზე ზურმუხტისფერი მინანქრით ეწერა: „ჰარი, გილოცავ დაბადების დღეს“.
ჰარიმ გოლიათს ახედა. უნდოდა, ეთქვა, გმადლობთო, მაგრამ სიტყვა მანამდე გაქრა, სანამ ბაგემდე მიაღწევდა. სანაცვლოდ ეს იკითხა:
— თქვენ ვინ ბრძანდებით? გოლიათი აროხროხდა:
— სწორია, სულ დამავიწყდა, თავი გამეცნო — რუბეუს ჰაგრიდი, ჰოგვორტსის გასაღებებისა და მიწების მცველი.
თქვა და ჰარის ხელი ჩამოართვა, უფრო სწორად, ჰარის მთელი მკლავი ჩაბღუჯა.
— ჩაის საქმე როგორ იქნება, ა? — იკითხა ხელების ფშვნეტით, — რომ გქონდეთ, უფრო მაგარ რამეზეც არ ვიტყოდი უარს.
ცარიელ ბუხარს გახედა, სადაც ჩიპსის შეჭმუჭნილი პარკები ეყარა და უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა. ბუხრისკენ დაიხარა. ვერავინ მოასწრო, დაენახა, რა გააკეთა, მაგრამ რომ გასწორდა, იქ უკვე ცეცხლი გიზგიზებდა. ნესტიანი ქოხი სასიამოვნო სითბოთი და ციმციმა შუქით აივსო. ჰარის სითბოს ტალღამ ისე გადაუარა, თითქოს ცხელ აბაზანაში ჩაეშვაო.
გოლიათი ისევ დივანზე დაჯდა და თავისი სიმძიმით ლამის იატაკამდე ჩაზნიქა. მერე პალტოს ჯიბეებიდან ნაირ-ნაირი საგნების ამოლაგება დაიწყო. რა აღარ ამოიღო: სპილენძის ჩაიდანი, სოსისის ჩაჭ....ტილი პაკეტი, შამფური, პატარა ჩაიდანი, რამდენიმე კიდეებჩამომტვრეული სახელურიანი ჭიქა, ქარვისფერი სითხით სავსე ბოთლი, საიდანაც ერთი ყლუპი მოსვა და ჩაის მომზადებას შეუდგა, სულ მალე მთელი ოთახი აშიშხინებული სოსისის სურნელით აივსო, ყველანი უხმოდ უცქეროდნენ მის საქმიანობას, მაგრამ პირველი ექვსი ფუმფულა, ცვრიანი, დაბრაწული სოსისი შამფურიდან წამოაძრო თუ არა, დადლი აცქმუტდა. ძია ვერნონმა კატეგორიულად უბრძანა:
— დადლი, რაც უნდა შემოგთავაზოს, არაფერს მიეკარო! გოლიათმა გესლიანად ჩაიცინა.
— მაგ შენს სქელოს კიდე გასუქება უნდა, დერსლი?! ტყუილად ნერვიულობ. სოსისი ჰარის გაუწოდა. ჰარის ისე შიოდა, ეგონა, ასეთი გემრიელი არასოდეს
არაფერი მიჭამიაო, გოლიათს მაინც არ აშორებდა თვალს. ბოლოს, რაკიღა ახსნა-განმარტებას არავინ აპირებდა, თქვა:
— უკაცრავად, მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე, თქვენ ვინ ბრძანდებით.
გოლიათმა ჩაი მოსვა და ტუჩები ხელის ზურგით შეიწმინდა.
— ჰაგრიდი დამიძახე. ყველა ასე მეძახის. როგორც გითხარი, ჰოგვორტსის გასაღებების მცველი ვარ. ჰოგვორტსის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცი.
— არა, არ ვიცი, — უპასუხა ჰარიმ. ჰაგრიდი გაოგნდა.
— ძალიან ვწუხვარ, — სასწრაფოდ დაუმატა ჰარიმ.
— წუხხარ? — დაიღრიალა ჰაგრიდმა და დერსლებს გახედა, რომლებიც ბნელ კუთხეში მიიმალნენ, — შენ კი არა, აი, ვინ უნდა წუხდეს! არა, წერილებს რომ არ იღებდი, ვიცი, მაგრამ ჰოგვორტსზე თუ წარმოდგენა არ გექნებოდა, როგორ ვიფიქრებდი! არ დაინტერესებულხარ, შენმა მშობლებმა სად ისწავლეს ეს ყველაფერი?
— რა ყველაფერი? — იკითხა ჰარიმ.
— რა ყველაფერიო?! — დაიგრგვინა ჰაგრიდმა, — ერთი წამით დამაცა!
ფეხზე წამოხტა და მთელი ოთახი განრისხებული ჰაგრიდით გაივსო. დერსლები კედელს აეკვრნენ. |
— თქვენ რა, იმის თქმა გინდათ, რომ, აი, ამ ბიჭმა, ამ ბიჭმა, საერთოდ, არაფერი იცის? სულ, სულ არაფერი?! — უღრიალა დერსლებს.
ჰარიმ იფიქრა, ჰაგრიდს მეტისმეტი მოსდის, ბოლოს და ბოლოს, სკოლაში დავდივარ და არც ისე ცუდი ნიშნები მაქვსო.
— რაღაცები ვიცი, მაგალითად, მათემატიკა, კიდევ სხვა რამეებიც:.· ჰაგრიდმა ხელები გაასავსავა.
— არა, მე ჩვენს სამყაროზე გეუბნები, შენს სამყაროზე, ჩემს სამყაროზე, შენი მშობლების სამყაროზე.
— რომელ სამყაროზე?
ჰაგრიდმა ეს ვეღარ აიტანა და იფეთქა:
— დერსლიიი!
ძია ვერნონი გაფითრდა და გაუგებრად ადუდღუნდა. ჰაგრიდი შეშლილი სახით დააცქერდა ჰარის. |
— იმედია, ის მაინც იცი, რომ დედაშენი და მამაშენი ძალიან ცნობილი, სახელგანთქმული ადამიანები იყვნენ და შენ თვითონაც ასეთი ხარ.
— რაა? დედაჩემი და მამაჩემი ცნობილი ხალხია? მართლა?
— არ გცოდნია... არ გცოდნია... — ჰაგრიდი თითებით ნერვიულად იჩეჩდა თმასა და წვერს და გაოცებული უცქეროდა ჰარის.
— ისიც არ იცი, შენ თვითონ ვინა ხარ? — იკითხა ბოლოს. ძია ვერნონს, როგორც იქნა, ხმა დაუბრუნდა:
— კმარა! — ბრძანა მან, — კმარა, სერ! მე გიკრძალავთ, რომ ბიჭს რაიმე უთხრათ.
ვერნონ დერსლიზე უფრო მამაცი კაციც ვერ გაუძლებდა ჰაგრიდის ამ გამანადგურებელ მზერას. ხოლო როცა ჰაგრიდმა დაილაპარაკა, მისი წარმოთქმული თითოეული ბგერა მრისხანედ ჭექდა.
— შენ ბიჭისთვის არაფერი გითქვამს? არ გითქვამს, რა ეწერა იმ წერილში, დამბლდორმა რომ დაუტოვა? მეც იქ ვიყავი! ჩემი თვალით დავინახე, როგორ დატოვა წერილი დამბლდორმა, დერსლი! ამდენი წელი უმალავდით?
— რას მიმალავდნენ? — მოუთმენლად იკითხა ჰარიმ.
— შეწყვიტეთ! მე თქვენ გიკრძალავთ! — იღრიალა თავზარდაცემულმა ძია ვერნონმა.
შეძრწუნებულმა დეიდა პეტუნიამ ამოიგმინა.
— მიდი, მიდი, ადუღდით და ითუხთუხეთ! — თქვა ჰაგრიდმა, — გასკდით გულზე. ჰარი, შენ ჯადოქარი ხარ!
ოთახი გაირინდა. მხოლოდ ზღვის ტალღების ტყლაშუნი და ქარის ზუზუნი ისმოდა.
— ვინ ვააარ? — ჰარის სული შეეხუთა.
— ჯადოქარი, რა თქმა უნდა! — ჰაგრიდი ისევ დივანზე დაეშვა, რომელიც აკვნესდა და უფრო მეტად ჩაიზნიქა, — და, მე რომ მკითხო, ყველაზე მაგარიც იქნები, როცა რაღაცებს ისწავლი. დედაშენისა და მამაშენის შვილი, აბა, ვინ იქნებოდი? ჰოდა, უკვე დროა, ეს შენი წერილიც წაიკითხო!
ჰარიმ ხელი გაუწოდა და, როგორც იქნა, აიღო ის ნანატრი, ოდნავ მოყვითალო ფერის კონვერტი, ზედ ზურმუხტისფერი მელნით რომ ეწერა, ამჯერად, ასეთი მისამართი:
ბატონ ჰ. პოტერს ზღვაში რომ კლდეა, კლდეზე რომ სახლია,
იმ სახლის იატაკზე რომ იმყოფება. აი, რა ეწერა წერილში:
მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა ჰოგვორტსი დირექტორი: ალბუს დამბლდორი
მერლინის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი,
მაგთა შორის უზენაესი, დიდი მაესტრო, ჯადოქართა საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტი:
ძვირფასო ბატონო პოტერ,
მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ თქვენ ჩაირიცხეთ ჰოგვორტსში — მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. გეგზავნებათ სია, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა აუცილებელი სახელმძღვანელო და ხელსაწყო.
სწავლა დაიწყება 1 სექტემბერს. ველით თქვენს ბუს არა უგვიანეს 31 ივლისისა. საუკეთესო სურვილებით
მინერვა მაკგონაგელი, დირექტორის მოადგილე
ჰარის თავში ერთდროულად იფეთქა უთვალავმა შეკითხვამ. ამ ფეიერვერკში აღარ იცოდა, საიდან დაეწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ამოღერღა:
— რას ნიშნავს, ჩემს ბუს ელიან?
— ოჰ, გორგონას სიქა გაწყდეს, სულ დამავიწყდა, — ჰაგრიდმა ისეთი ძალით იტკიცა შუბლზე ხელი, ცხენს რომ მოხვედროდა, წააქცევდა. ახლა სხვა ჯიბეში ჩაიყო ხელი და ამოაძვრინა ნამდვილი, ცოცხალი, ბუმბულაშლილი ბუ, კიდევ, ბატის გრძელი ფრთა და პერგამენტის გრაგნილი. ჰაგრიდმა მეტი გულმოდგინებისაგან ენის წვერი გამოყო და წერას შეუდგა.
ძვირფასო ბატონო დამბლდორ,
ჰარის წერილი გადავეცი. ხვალ მიმყავს და რაც სჭირდება, ყველაფერს ვუყიდი. საშინელი ამინდია. თქვე6, იმედია, კარგად ბრძანდებით.
ჰაბრიდი
წერილი დაახვია და ბუს გაუწოდა. იმანაც ნისკარტით გამოართვა. მერე ჰაგრიდი კართან მივიდა, ბუ ქარიშხალში გაისროლა, უკან დაბრუნდა და დივანზე ისე დაჯდა, ვითომც აქ არაფერიო, თითქოს უბრალოდ, ტელეფონზე ელაპარაკოს.
ჰარიმ იგრძნო, პირი მაქვს დაღებულიო, და სასწრაფოდ დახურა.
— სად გავჩერდით? — იკითხა ჰაგრიდმა, მაგრამ ვინ აცალა. გაფითრებული და მეტისმეტად გაბრაზებული ძია ვერნონი ბუხრის შუქზე გამოვიდა და განაცხადა:
— არსადაც არ წავა! ჰაგრიდმა ჩაიცინა.
— ერთი მანახა, როგორ შეაჩერებს შენისთანა მაგლი.
— ვინ? — დაინტერესდა ჰარი. — მაგლი, — აუხსნა ჰაგრიდმა. — ასე ვეძახით ყველას, ვინც ჯადოქარი არ არის. აუ, შენ ბედი არა გქონია, უდიდესი მაგლების ოჯახში გაიზარდე, რაც კი ოდესმე მინახავს.
— ჩვენ დავიფიცეთ, როცა ბავშვი ავიყვანეთ, მაშინ, რომ ამ სისულელეს წერტილს დავუსვამდით, — თქვა ძია ვერნონმა, — ახლოსაც არ გავაკარებდით! გამომიჩნდა ესეც ჯადოქარი!
— თქვენ იცოდით? იცოდით, რომ მე ჯადოქარი ვარ?
— დიახაც, ვიცოდით, — დაიჩხავლა უცებ დეიდა პეტუნიამ. — აბა, არ ვიცოდით?! ჩემს წყეულ დას სხვანაირი შვილი როგორ ეყოლებოდა? აი, ასეთი წერილი იმანაც მიიღო და წავიდა და წავიდა. სწორედ მაგ სკოლაში. არდადეგებზე რომ ჩამოდიოდა, ჯიბეები სულ გომბეშოს თათებით ჰქონდა სავსე. აიღებდა ფინჯანს, გადააქცევდა ვირთხად. ჩემს მეტმა არავინ იცოდა, რა არანორმალური იყო. დედაჩემი და მამაჩემი კი, როგორ გეკადრებათ, ლილი ასეთია, ლილი ისეთია, გაიძახოდნენ. ეამაყებოდათ, კუდიანი რომ ჰყავდათ ოჯახში. — გაჩუმდა, სული მოითქვა და კვლავ ალაპარაკდა. ეტყობა, ერთი სული ჰქონდა, ამდენ ხანს გულში დაგროვილი სათქმელი ვინმესთვის ეთქვა.
— მერე პოტერი გაიცნო იმ სკოლაში, დაქორწინდნენ და შენ გაჩნდი. მაშინვე ვიცოდი, შენც ისეთივე იქნებოდი, უცნაური, ისეთი... არანორმალური. მერე კი, ა, ბატონო, წავიდა ჩემი და და ვიღაცას თავი ააფეთქებინა. შენ კიდევ ჩვენთან მოგაგდეს.
ჰარი გაფითრდა. ხმა რომ დაუბრუნდა, იკითხა:
— ააფეთქეს? თქვენ მითხარით, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენო!
— ავტოკატასტროფაში?! — ჰაგრიდი ბრდღვნიდა იქაურობას, დერსლებმა ისევ ბნელ კუთხეს მიაშურეს, — ავტოკატასტროფა რას დააკლებდა ლილის და ჯეიმსს? ეს რა გავიგონე! არა, მოდი და, ნუ გაგიჟდები! ჰარი პოტერმა თავის თავზე არაფერი არ იცის, ამ დროს მისი სახელი ბავშვმაც კი იცის ჩვენს სამყაროში.
— მაინც რატომ, ასეთი რა მოხდა? — ჰარის სული ელეოდა ინტერესისგან. ჰაგრიდს ბრაზი გადაეყარა პირისახიდან. უეცრად აფორიაქება დაეტყო.
— იცი, რა, ამას არ ველოდი, — დაბალი, აღელვებული ხმით უთხრა ჰარის: — დამბლდორმა კი გამაფრთხილა, რომ შენ ბევრი რამე არ იცი, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ სულ არაფერი გეცოდინებოდა. ჰარი, შეიძლება, მე არა ვარის კაცი, ვინც ყველაფერი უნდა აგიხსნას, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას — ჰოგვორტსში ისე ვერ მიხვალ, ეს რომ არ იცოდე.
დერსლებს ზიზღით გახედა.
— რაც ვიცი, გიამბობ... არა, ყველაფერს ვერ გეტყვი, არ შეიძლება, დიდი საიდუმლოა... ზოგიერთ რამეს...
დაჯდა. ცეცხლს მიაშტერდა და დაიწყო:
— არის ერთი ვინმე, სახელად... ვახ, როგორ შეიძლება, რომ იმის სახელი არ იცი! ჩვენებმა ყველამ იციან...
— ვინ არის?
— არ მიყვარს ამ სახელის თქმა. არც არავის უყვარს, მაგრამ...
— რატომ?
— უხ, მაგის სიქა გაწყდეს. ჰარი, ხალხს ჯერ კიდევ ეშინია. რა ძნელია, რომ იცოდე... მოკლედ, იყო ერთი ჯადოქარი, რომელიც გახდა... ძალიან, ძალიან ცუდი, ბოროტზე ბოროტი. ერქვა...
ჰაგრიდს თქმა უჭირდა.
— მაშინ დამიწერეთ, — სთხოვა ჰარიმ.
— ეეჰ, ზუსტად არ ვიცი, როგორ იწერება. კარგი, გეტყვი — ვოლდემორი, — ჰაგრიდს გააჟრჟოლა, — მეტი აღარ გამამეორებინო. ჰოდა, ამ ბოროტმა ჯადოქარმა, ასე, ოცი წლის წინ, მომხრეებს დაუწყო ძებნა.
იპოვა კიდეც. ზოგი იმიტომ გადავიდა მის მხარეზე, რომ ეშინოდა, ზოგს მისი ძალა მოსწონდა. ის კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. საშინელი დრო იყო, ჰარი, ვერავის ენდობოდი, უცნობ ჯადოქრებთან დამეგობრებას ვერ გაბედავდი... ბნელი ამბები ტრიალებდა... ის კი ძალაუფლებას იკრებდა. რა თქმა უნდა, ზოგიერთები წინ აღუდგნენ, მაგრამ ყველანი დახოცა, ტანჯვაში ამოაძრო სული. ერთადერთი ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდი — ჰოგვორტსი იყო. მგონი, დამბლდორიც ერთადერთია, ვისიც „ჩვენ რომ ვიცით“ იმას, ეშინოდა. ვერც ვერასოდეს გაბედავდა, რომ სკოლაში შემოჭრილიყო. მამაშენი და დედაშენი საუკეთესო ჯადოქრები იყვნენ, ვინც კი ოდესმე გამიგონია. თავის დროზე ჰოგვორტსში მამაშენი ბიჭებში სჯობნიდა ყველას, დედაშენი — გოგოებში! ალბათ, იმიტომ არ ცდილობდა „ჩვენ რომ ვიცით“ ის, შენი მშობლების მიმხრობას, რომ იცოდა, დამბლდორთან ახლოს იყვნენ და შავ მაგიას არ გაეკარებოდნენ. ერთხელ, არ ვიცი, მათ გადაბირებას ფიქრობდა, თუ მათი თავიდან მოშორება უნდოდა, ვიცით მხოლოდ ის, რომ იმ სოფელში მოვიდა, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ეს მოხდა ათი წლის წინათ, ჰელოუინის დღესასწაულზე, შენ მხოლოდ ერთი წლისა იყავი. მოვიდა თქვენთან სახლში და... — ჰაგრიდმა ჭუჭყიანი, დალაქავებული ცხვირსახოცი ამოიღო და ცხვირი ისეთი ხმაურით მოიწმინდა, გეგონებოდა, ზღვის სასიგნალო ბუკს ჩაჰბერესო, — უკაცრავად, — მოიბოდიშა, — ჰო, გული მტკივა. ვიცნობდი შენს მშობლებს, ძალიან კარგები იყვნენ... ისეთები სადღა არიან... ჰოდა იმან... „ჩვენ რომ ვიცით“, ადგა და ორივე მოკლა. მერე კი, აი, ახლა საოცრებას გეტყვი, შენი მოკვლაც უნდოდა. არ ვიცი, რატომ. მოწმე არ დარჩესო თუ, უბრალოდ სიამოვნებდა ხალხის ხოცვა... მაგრამ ვერ მოახერხა. არ გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ეს ნიშანი შენს შუბლზე? ხომ ხვდები, რომ ჩვეულებრივი ნაიარევი არ არის. ასეთი რამ მაშინ ჩნდება, როცა ბოროტი, ძლიერი ჯადოქრის წყევლა შეგეხება. მამაშენი და დედაშენი დახოცა, თქვენი სახლი დაანგრია. მხოლოდ შენზე არ გაჭრა იმისმა ძალამ. ამიტომ ხარ სახელგანთქმული, ჰარი. არადა, ვისი მოკვლაც მოინდომა, ცოცხალი არავინ გადარჩა: მაკკინონები, ბოუნები, პრუიტები, საუკეთესო ჯადოქრები დახოცა და შენ, სულ ერთი ციცქნა ბავშვი, გადარჩი... რაღაც უსაშველოდ მტკივნეული ხდებოდა ჰარის გონებაში. ჰაგრიდმა თხრობა რომ დაასრულა, ისევ გაიელვა იმ კაშკაშა მწვანე შუქმა, რომელიც ასე ცხადად არასოდეს მოჰგონებია და, კიდევ, პირველად გაახსენდა რაღაც — ეს იყო გამყივანი, ბოროტი ხარხარი. ჰაგრიდი სევდიანად უმზერდა.
— მე გამოგიყვანე ნანგრევებიდან... დამბლდორმა მიბრძანა. მერე მოგიყვანეთ, აი, ამ...
— მთელი გუდა ტყუილები! — დაიყვირა ძია ვერნონმა.
ჰარი მოულოდნელობისაგან შეხტა. დერსლების არსებობა აღარც ახსოვდა. ძია ვერნონი ცოტა მოყოჩაღებული ჩანდა, მუშტები შეეკრა და ჰაგრიდს უბღვერდა.
— ახლა მე მომისმინე, ბიჭო. კი ბატონო, შენ ცოტა უცნაური ბავშვი ხარ, გეთანხმები, თუმცა ერთი კარგი გაროზგვა ნამდვილად მოგარჯულებდა. შენს მშობლებს რაც შეეხება, შერეკილები იყვნენ. არც ამას უარვყოფ, მაგრამ აღარ არიან და, მე თუ მკითხავ, ასე უკეთესიც არის ყველასათვის. რაც ეკუთვნოდათ, ის მიიღეს. რა ეგონათ, აბა, ჯადოქრებისგან რას მიიღებდნენ! ყოველთვის ვიცოდი, რომ ასე დაასრულებდნენ სიცოცხლეს...
ჰაგრიდი წამოხტა, ჯიბიდან გაცვეთილი ვარდისფერი ქოლგა ამოაძრო და ძია ვერნონს დაშნასავით დაუმიზნა.
— დერსლი, გაფრთხილებ, კრინტი აღარ დაძრა, გაფრთხილებმეთქი!
ეს წვერებიანი დევი ქოლგას მართლა გამიყრისო, — შეეშინდა ძია ვერნონს, ხმა ჩაიგდო და ისევ კედელს აეკრა.
— აი, ასე, — თქვა ჰაგრიდმა და ხვნეშით დაეშვა დივანზე, რომელიც უკვე იატაკამდე იყო ჩაზნექილი.
ჰარის კიდევ ათასი შეკითხვა გაუჩნდა.
— იმას რა დაემართა, იმ ვოლ... უკაცრავად, „ჩვენ რომ ვიცით“, იმას?
— კარგი კითხვაა, ჰარი. გაქრა, აორთქლდა. იმ ღამით, როცა შენს მოკვლას ცდილობდა და ვერ შეძლო. შენ ამით ხარ ცნობილი. აი, აქ იმალება უდიდესი საიდუმლო... მისი ძალა, ხო გითხარი, დღითი დღე მატულობდა, რატომ უნდა წასულიყო? ზოგი ამბობს, მოკვდაო. სისულელეა. ადამიანური აღარაფერი ჰქონდა, რომ მომკვდარიყო. იმასაც ამბობენ, მიმალულია, დროს უცდისო. მე ეს არ მჯერა. მისი ხალხი ჩვენთან დაბრუნდა. ზოგიერთი რაღაც ბურანიდან გამოერკვა. იმისი დაბრუნების იმედი რომ ჰქონდეთ, ჩვენთან ხომ არ მოვიდოდნენ!
ბევრი ფიქრობს, რომ სადღაც არის თავისთვის მიჩუმებული, ძალაგამოლეული, დასუსტებული. შენ რაღაცით ბოლო მოუღე მას, ჰარი. იმ ღამეს რაღაც მოხდა ისეთი, რასაც ის არ ელოდა. მე არვიცი, რა, არც არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, შენ აჯობე. შენ დაამარცხე. ჰაგრიდის თბილ მზერაში პატივისცემა იგრძნობოდა. ჰარი თითქოს ნასიამოვნები და გახარებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა. დარწმუნებული იყო, რომ აქ ნამდვილად რაღაც შეცდომა იმალებოდა. ჰარი და ჯადოქარი?! ეს როგორ შეიძლება! არა. შეუძლებელია! ამდენი წელია, დადლი მის ცემა-ტყეპაშია, დეიდა პეტუნია და ძია ვერნონი რა დღეში აგდებდნენ! თუ ის მართლა ჯადოქარია, რატომ არ იქცნენ მეჭეჭებიან გომბეშოებად, როცა იმ საკუჭნაოში კეტავდნენ? თუ მან მართლა დაამარცხა ყველაზე ძლიერი ბოროტი ჯადოქარი, აბა, დადლი როგორ აბურთავებს მას, როგორც მოეპრიანება?
— ჰაგრიდ, — დაიწყო გაუბედავად, — მე ვფიქრობ, თქვენ ცდებით. არა მგონია, ჯადოქარი ვიყო.
მისდა გასაოცრად, ჰაგრიდმა მხოლოდ ჩაიცინა.
— არა ხარ, ხომ? აბა, გაიხსენე, უცნაური არაფერი ჩაგიდენია, როცა შეგშინებია ან გაბრაზებულხარ?
ჰარი ცეცხლს მიაშტერდა, თან ფიქრობდა... მართლაც გაახსენდა, რა ხდებოდა, როცა გუნება უფუჭდებოდა ან გაჯავრდებოდა, დეიდა და ძია ხომ სწორედ მაშინ ბრაზობდნენ... დადლის ამფსონები რომ გამოეკიდნენ, გაიქცა და... სად აფრინდა?!... უშნოდ შეჭრილი თმით სკოლაში მისვლა არ უნდოდა და ხომ გაეზარდა თმა ერთ ღამეში. აი, სულ ბოლოს, თვითონაც რომ ვერ მიხვდა, ისე, დადლიზე გაბრაზებულმა, ბოა კონსტრიქტორი არ მიუქსია?!
ჰარიმ გაიღიმა და ჰაგრიდს შეხედა. ჰაგრიდი მიუხვდა.
— ხომ ხედავ! შენ კიდევ ამბობ, ჰარი პოტერი ჯადოქარი არ არისო?! ჯერ დაიცა, ჰოგვორტსში ნახე, რა პოპულარული იქნები!
მაგრამ ძია ვერნონი პოზიციებს არ თმობდა:
— ვერ გაიგეთ, რა ვთქვი? არ წავა მეთქი იმ სკოლაში! ჰარი „სტოუნვოლ ჰაიში“ ისწავლის და დიდად მადლობელიც იქნება. მე წავიკითხე ის თქვენი წერილები. რაღაც სისულელეებს ითხოვთ, შელოცვის წიგნები... ჯადოსნური ჯოხები...
— თუკი ჰარის ენდომება, შენისთანა მაგლი მაინც ვერ შეაჩერებს, — დაიგრუხუნა ჰაგრიდმა, — ლილი და ჯეიმს პოტერის შვილს ვინ დაუშლის, ჰოგვორტსში ისწავლოს! გიჟი არ იყო! დაიბადა თუ არა, იმ დღიდანვე ჩარიცხულია ჰოგვორტსში
— ჯადოქართა საუკეთესო სკოლაში. შვიდი წელიწადი ისწავლის და სულ სხვა კაცი დადგება. გვერდით თავისნაირი ბავშვები ეყოლება და მისი მასწავლებელი ჰოგვორტსის დირექტორი ალბუს დამბლდორი იქნება, რომლის ბადალი სკოლას არასოდეს ჰყოლია...
— არ ვაპირებ, ფული ვიხადო იმაში, რომ ვიღაც ჭკუათხელმა, შეშლილმა ბებერმა რაღაც ფოკუსები და ხრიკები ასწავლოს!.. — იღრიალა ძია ვერნონმა.
ეს კი მართლა მეტისმეტი მოუვიდა. ჰაგრიდმა ისევ ქოლგა დააძრო, თავს ზემოთ დაატრიალა და დაიგრგვინა:
— არასოდეს გაბედო ალბუს დამბლდორის შეურაცხყოფა ჩემი თანდასწრებით!
— ქოლგა შხუილით დაუშვა და დადლის დაუმიზნა, რაღაცა გასკდა, იისფერმა შუქმა ტკაცუნით გაიელვა, დადლიმ ხელები თავის მსუქან ტაკუნებზე იტაცა და ტკივილისგან აღმუვლდა, ზურგით რომ შემობრუნდა, ჰარიმ დაინახა, როგორ გამოძვრა მისი გახვრეტილი შარვლიდან გოჭის მოგრეხილი კუდი.
ძია ვერნონს ღრიალი აღმოხდა, დეიდა პეტუნიას და დადლის ხელი მოხვია და მეორე ოთახში შეიყვანა, ჰაგრიდს საბოლოოდ ესროლა შეშინებული მზერა და კარი გაიჯახუნა.
ჰაგრიდი ქოლგას დააცქერდა, წვერი მოიფხანა და შეწუხებულმა თქვა:
— რას გამომიყვანა მოთმინებიდან?! თუმცა, მაინც არ გამომივიდა. მინდოდა, გოჭად მექცია, მაგრამ მგონი, გოჭობას ისედაც ბევრი არაფერი უკლდა.
მერე ჰარის გახედა ალმაცერად.
— მადლობელი ვიქნები, თუ ჰოგვორტსში არ გამცემ, რაც გავაკეთე, იმიტომ რომ, ისა... არ შეიძლება, უფლება არა მაქვს, ვიჯადოქრო. ამიკრძალეს. შენთან რომ გამომგზავნეს, ცოტა რამის უფლება მომცეს იმიტომ, რომ წერილი უნდა მომეტანა, და ამიტომაც ძალიან გამიხარდა...
— რატომ აგიკრძალეს? — დაინტერესდა ჰარი.
— რატომ და, მეც ჰოგვორტსში ვსწავლობდი, მერე გამრიცხეს. მესამე წელს. ჯადოსნური ჯოხიც გადამიმტვრიეს. მაგრამ დამბლდორმა დამტოვა მიწების მცველად. დამბლდორი კეთილი კაცია.
— რატომ გაგრიცხეს?
= უკვე გვიანია. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს, — თქვა ჰაგრიდმა ხმამაღლა, — ქალაქში მივდივართ. წიგნები უნდა გიყიდო და ყველაფერი, რაც საჭიროა.
თბილი, სქელი პალტო გაიხადა და ჰარის გადაუგდო: — დაიხურე.
ცოტა თუ იხტუნაოს, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ერთ ჯიბეში თაგვები სხედან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent