შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი II


18-06-2021, 10:13
ავტორი ცირაკო
ნანახია 1 099

თავი მეორე გამქრალი ძინა
მას აქეთ, რაც დერსლებმა კართან პატარა დისწული ნახეს, თითქმის ათმა წელიწადმა განვლო, პრივიტ დრაივზე კი ბევრი არაფერი შეცვლილა. მზე ძველებურად ამოდიოდა და ზუსტად იმავე მხრიდან ეფინებოდა მოვლილ ბაღებსაც და დერსლების კარზე მიკრულ თითბრის ოთხიანსაც. შემდეგ უჩუმრად იპარებოდა
დერსლების მისაღებ ოთახში, რომელიც თითქმის ისეთივე იყო, როგორიც იმ საბედისწერო ღამეს, ბატონმა დერსლიმ ბუების სიუჟეტი რომ მოისმინა ახალ ამბებში. მაგრამ დრო მაინც გადიოდა და ამას ბუხრის თავზე ჩამწკრივებული ფოტოსურათები ადასტურებდა. ათი წლის წინანდელი სურათებიდან ვარდისფერი ბუშტი იცქირება სულ სხვადასხვა ფერის პომპონიანი ქუდებით. მერე და მერე დადლი დერსლი გაიზარდა და უკვე მსუქანი, ქერა ყმაწვილი იმზირება ფოტოებიდან. ზოგ სურათში თავის პირველ ველოსიპედზე ზის, ზოგში — კარუსელზე, ბაზრობის მოედანზე. ზოგში მამასთან ერთად არის გადაღებული — კომპიუტერული თამაშებით ერთობა. ზოგან დედამისი ეხვევა და კოცნის. არსად არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ ამ სახლში მეორე ბიჭიც ცხოვრობს.
არადა, ჰარი პოტერი ჯერ კიდევ აქ არის. ახლა მას სძინავს. თუმცა, ალბათ, მალე წამოაგდებენ ლოგინიდან. დეიდა პეტუნიამ უკვე გაიღვიძა. მისი გამყივანი ხმა ჰარის ახალი დღის გათენებას აუწყებს.
— ადექი, ადექი, სწრაფად!
ჰარი მთელი ტანით შეკრთება და გამოიღვიძებს. დეიდამისი ხელახლა დაუბრახუნებს კარზე.
— ადე, ადე! — კივის, რაც ძალი და ღონე აქვს. ჰარი ნაბიჯების ხმით ხვდება — დეიდა სამზარეულოში შევიდა, ახლა ტაფა აიღო ღა ქურაზე დადგა. ჰარი ზურგზე წვება და ცდილობს, სიზმარი გაიხსენოს. რაღაც ძალიან კარგი ესიზმრებოდა. ვითომ მოტოციკლი დაფრინავდა. რა უცნაურია, თითქოს ეს სიზმარი ადრეც უნახავს.
დეიდა ისევ კარს მოადგა.
— ადექი?
— ვდგები, — უპასუხა ჰარიმ.
— გაინძერი, ჩქარა! მიდი, ბეკონს მიხედე, აბა ერთი დაგეწვას! დადლის დაბადების დღეს ყველაფერი განსაკუთრებული უნდა იყოს. ჰარიმ ამოიოხრა.
— რა თქვი? — მოტრიალდა დეიდა.
— არაფერი, არაფერი...
დადლის დაბადების დღეა, როგორ დაავიწყდა. ჰარი ნელა წამოდგა და წინდების ძებნას შეუდგა. ერთ წყვილს საწოლის ქვეშ მიაგნო, ობობა ჩამოაფერთხა და ჩაცმას შეუდგა. ობობებს, რა ხანია, შეეჩვია, რადგან მრავლად იყვნენ კიბის ქვეშ, იმ საკუჭნაოში, სადაც ჰარის ეძინა.
ტანზე ჩაიცვა და სამზარეულოს მიაშურა. მაგიდა დადლის საჩუქრებით აევსოთ. მგონი, იმ ახალ კომპიუტერსაც ჩუქნიდნენ, ასე რომ ოცნებობდა დადლი, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ ერთ ტელევიზორსა და სპორტულ ველოსიპედზე. ჰარისთვის გამოცანა იყო, რაში სჭირდებოდა სპორტული ველოსიპედი მსუქან დადლის, რომელსაც ვარჯიში არ უყვარდა. შეიძლება ფიქრობდა, ვინმეს დავაჯახებო. ეს ვინმე კი, ჰარის გარდა, ვინ იქნებოდა?! მაგრამ ვერასოდეს ვერ ეწეოდა, რადგან ჰარი ქარივით დაქროდა, თუმცა, ერთი შეხედვით, სწრაფიაო, ვერ იფიქრებდით.
შესაძლოა, ბნელ საკუჭნაოში ცხოვრებამ თავისი დაღი დაასვა ჰარის: ასაკთან შედარებით პატარა და გამხდარი იყო. კიდევ უფრო. პატარა და მოცუცქნული ჩანდა, რადგან დადლის გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა, დადლი კი ტანით ოთხჯერ დიდი იყო ჰარიზე. გამხდარი სახე, ამოყრილი მუხლები, შავი თმა და ღია მწვანე თვალები
— ეს იყო ჰარი. ეკეთა მრგვალი სათვალე, შუაში გატეხილი და ბევრჯერ გადაწებებული, რადგან დადლი სულ ცხვირში უმიზნებდა. ერთადერთი, რაც ჰარის საკუთარ თავში მოსწონდა, იყო ელვასავით გაკლაკნილი უცნაური ნაიარევი შუბლზე.
ეს ნიშანი სულ თავიდანვე ჰქონდა და პირველი, რაც დეიდა პეტუნიას ჰკითხა, იყო: საიდან მაქვსო.
— შენი მშობლები რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ, იქიდან, — უპასუხა დეიდამ და გააფრთხილა, შეკითხვები აღარ გავიგონოო.
„შეკითხვები არ გავიგონო“ — ეს იყო ნომერი პირველი წესი დერსლების ოჯახში მშვიდი ცხოვრებისათვის.
სამზარეულოში ძია ვერნონი შემოვიდა. ჰარი ბეკონს აბრუნებდა ტაფაზე.
— თმა დაივარცხნე, — შეუღრინა ძია ვერნონმა. ესეც მისი მშვიდობისა“.
კვირაში ერთხელ მაინც ძია ვერნონი გაზეთს ზემოდან ამოიხედავდა და დაიღრიალებდა: ჰარი გასაკრეჭიაო. ჰარის კრეჭდნენ უფრო ხშირად, ვიდრე ყველა მის თანაკლასელს ერთად, მაგრამ რად გინდა, თმა წამში ეზრდებოდა.
ჰარი უკვე კვერცხს წვავდა, როდესაც დადლი დედასთან ერთად სამზარეულოში შემობრძანდა. დადლი ძალიან ჰგავდა მამამისს — პუტკუნა, ვარდისფერი, მოკლეკისერა; წვრილი, წყალწყალა ცისფერი თვალები და მსუქან თავზე გადაგლესილი ქერა თმა ჰქონდა. დეიდა პეტუნია ხშირად ამბობდა, როგორ ჰგავს პატარა ანგელოზსო. ჰარი კი ფიქრობდა, ლორს რომ პარიკი დაახურო, იმას ჰგავსო. ჰარიმ კვერცხი და ბეკონი თეფშებზე გადმოიღო და მაგიდის გაწყობას შეუდგა, თუმცა თავისუფალი ადგილის პოვნა ადვილი არიყო. ამასობაში დადლი საჩუქრებს
ითვლიდა. ცოტა ხანში სახე მოეღუშა.
— ოცდათექვსმეტი, — დადლიმ დედას და მამას ახედა, — შარშანდელზე ორით ნაკლებია.
— საყვარელო, მამიდა მარჯის საჩუქარი არ მიგითვლია. ნახე, სად დევს, დედიკოს და მამიკოს დიდი საჩუქრის ქვეშ.
— ჰო, ოცდაჩვიდმეტი, მერე...
— დადლი წამოჭარხლდა. ჰარი მიხვდა, აი, დადლის უკვე წამოუარა მისებურად, მალე იფეთქებს, მაგიდა არ გადააყირავოსო,
— და ჭამას მოუჩქარა. როგორც ჩანს, მოახლოებული საფრთხე დეიდა პეტუნიამაც იგრძნო და სასწრაფოდ დაუმატა:
— მერე კიდევ ორ საჩუქარს გიყიდით. დღესვე, როცა სასეირნოდ წავალთ. თანახმა ხარ, ჩემო ბატატუნა? კიდევ ორი, შევთანხმდით? დადლი ჩაფიქრდა. მძიმე საქმეს შეუდგა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოშაქრა:
— მაშინ მექნება ოცდა... ოცდა...
— ოცდაცხრამეტი, ჩემო სიხარულო. — ოოჰ!
— დადლი სკამზე დაეხეთქა და პირველივე საჩუქარს სტაცა ხელი. — მაშინ, კარგი!
ძია ვერნონმა ჩაიხითხითა. — პატარა ურჩხული, იცის, როგორ მიაღწიოს თავისას. მამას ჰგავს. ყოჩაღ, ბიჭო დადლი! — და შვილს თმა აუჩეჩა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. დეიდა პეტუნია ყურმილის ასაღებად წავიდა, ძია ვერნონი და ჰარი კი უცქეროდნენ, როგორ ხსნიდა დადლი საჩუქრებს — სპორტული ველოსიპედი, კინოკამერა, დისტანციური მართვის თვითმფრინავი, თექვსმეტი ახალი კომპიუტერული თამაში, ვიდეოჩამწერი. ის იყო, დადლი შეფუთულ ოქროს მაჯის საათს აფხრეწდა ქაღალდს, რომ გულმოსული და შეწუხებული დეიდა პეტუნია შემოვიდა.
— ცუდი ამბავია, ვერნონ, მისის ფიგს ფეხი მოუტეხია, ამას ვერ დაიტოვებს, — ჰარისკენ გაიქნია თავი.
დადლის სიბრაზისგან სახე მოებრიცა, ჰარის კი სიხარულით აუფანცქალდა გული. ყოველ წელიწადს, დადლის დაბადების დღეს, მშობლებს დადლი და მისი ერთი მეგობარი მთელი დღით სხვადასხვა ატრაქციონებზე, ჰამბურგერებზე ან კინოში მიჰყავდათ ხოლმე. ყოველ წელს ჰარის მისის ფიგთან ტოვებდნენ, ერთ შეშლილ დედაბერთან, რომელიც ორი ქუჩის იქით ცხოვრობდა. ჰარის ეჯავრებოდა იქ ყოფნა. მთელი სახლი კომბოსტოს სუნით ყარდა, მისის ფიგი კი ყველა კატის ფოტოს ათვალიერებინებდა, რომელიც ოდესმე ჰყოლია.
— ახლა რა ვქნათ? — დეიდა პეტუნიამ ისეთი სახით შეხედა ჰარის, თითქოს ყველაფერი მისი ბრალი იყო. ჰარიმ იცოდა, რომ უნდა შებრალებოდა ფეხმოტეხილი მისის ფიგი, მაგრამ თანაგრძნობა სიხარულმა გადაფარა, რადგან კიდევ ერთი წლით გადაიდო ფისუნია-კატუნიების ფოტოების თვალიერება.
— შეგვიძლია, მარჯის დავურეკოთ, — მოიფიქრა ძია ვერნონმა..
— ნუ სულელობ, ვერნონ, ბიჭი ეზიზღება.
დერსლები მუდამ ისე საუბრობდნენ ჰარიზე, თითქოს ჰარი იქ არც იყო, ან არადა, რაღაც საძაგელ, ლოქორას მსგავს არსებას წარმოადგენდა, რომელსაც არაფერი ესმოდა.
— იმას რომ ვთხოვოთ, რა ჰქვია შენს დაქალს — ივონს?
— მაიორკაზეა! ისვენებს, — ამოიღრინა დეიდა პეტუნიამ.
— შინ დამტოვეთ, აქ ვიქნები, — თქვა ჰარიმ და გული იმედით აევსო: იქნება ახლა მაინც ვნახო ტელევიზორში ის, რაც მინდა, ან იქნებ დადლის კომპიუტერსაც მივუჯდეო.
დეიდა პეტუნია ისე დაიღრიჯა, თითქოს ლიმონი მოწუწნაო.
— მერე მოვალთ და სახლი ყირაზე დაგვხვდება, არა?
— არაფერს არ გავაფუჭებ, — არწმუნებდა ჰარი, მაგრამ არავინ უსმენდა.
— იცი რა, მოდი, ესეც წავიყვანოთ ზოოპარკში, — მოიფიქრა ბოლოს დეიდა პეტუნიამ, — და... მანქანაში დავტოვოთ...
— ახალ მანქანაში მარტოკა დავტოვოთ, არა?
დადლიმ ხმამაღალი ტირილი მორთო. არა, განა მართლა ტიროდა! რამდენი წელია, მართლა აღარ უტირია, მაგრამ იცოდა, რომ თუ სახეს დაღრეჯდა და აღნავლდებოდა, დედამისი ყველაფერს შეუსრულებდა.
— ჩემი ბასასუნები, ჩემი ბუსუსუნები, არ იტირო, დადლიკუნა, შენი დედიკო არავის გააფუჭებინებს შენს დღეს, — და შვილს მოეხვია, — ეგ არ წამოვიდეს... არ მინდა... არააა... — ვითომ გულამოსკვნით სლუკუნებდა დადლი. — ეგ ყველაფერს ჩამიშლის ხოლმე... — და ჰარის დედის მკლავებიდან ბოროტი ღიმილით გახედა. ამ დროს ზარის ხმა გაისმა. — ღმერთო ჩემო, მოვიდნენ, — წამოიძახა დეიდა პეტუნიამ. ცოტა ხანში ოთახში დადლის საუკეთესო მეგობარი, პირს პოლკისი და დედამისი შემოვიდნენ. პირსი გაწრიპული ბიჭი იყო, სახე ვირთხას მიუგავდა. როცა დადლი ვინმეს ურტყამდა, პირსი მსხვერპლს ზურგს უკან ხელებს გაუკავებდა ხოლმე. დადლი ერთბაშად გაჩუმდა.
ნახევარ საათში ჰარი, თავისდა გასაოცრად, უკვე დერსლების მანქანაში იჯდა, უკანა სკამზე, პირსისა და დადლის გვერდით. თავის ცხოვრებაში პირველად მიდიოდა ზოოპარკში. დეიდამ და ბიძამ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, ოღონდ ეს იყო, რომ წასვლის წინ ძია ვერნონმა ჰარი გვერდით გაიხმო.
— იცოდე, გაფრთხილებ, — უთხრა და უზარმაზარი, ღაჟღაჟა სახე ზედ თვალებთან მიუტანა, — გაფრთხილებ, ბიჭო! რაიმეს ჩაიდენ, რამე სისულელეს, და შობამდე მაგ საკუჭნაოდან ფეხს ვეღარ გამოადგამ!
— არაფერს არ ჩავიდენ, მართლა... — შეჰპირდა ჰარი.
ძია ვერნონმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა. როდის იყო ვინმეს მისი სჯეროდა... საქმე ისაა, რომ ჰარის ირგვლივ ხშირად ხდებოდა უცნაური რაღაცები და ბიჭი
ამაოდ უმტკიცებდა დერსლებს, ეს მე არ მიქნიაო.
ერთხელ, მაგალითად, როცა დეიდა პეტუნიას ყელში ამოუვიდა ჰარის პარიკმახერთან ტარება, რადგან შინ ზუსტად იმსიგრძე თმით ბრუნდებოდა, როგორითაც იქ მიდიოდა, აიღო სამზარეულოს მაკრატელი და მთელი თავი თვითონ გადაკორტნა. მხოლოდ შუბლზე დაუტოვა თმა „იმ საზიზღარი ნაიარევის“ დასაფარავად. დადლი სიცილით კვდებოდა. ჰარის კი მთელი ღამე არ უძინია, დარდობდა, ხვალ სკოლაში როგორ უნდა მივიდეო. იქ ისედაც დასცინოდნენ მოჩაჩული ტანსაცმლისა და დაწებებული სათვალის გამო. მეორე დილით თმა ისევ იმსიგრძე ჰქონდა, რამსიგრძეც — შეჭრამდე. ადგნენ და მთელი კვირით გამოკეტეს საკუჭნაოში. სულ ტყუილად ცდილობდა, აეხსნა, მეც არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ თმა ერთ ღამეში გამეზარდაო.
ერთხელაც, დეიდა პეტუნია ძალით აცმევდა დადლის ნაქონ ჯემპრს, იმ საძაგელ ყავისფერ ჯემპრს, ფორთოხლისფერბურთებიანს. რაც უფრო მეტად ცდილობდა ჰარის თავზე მის ჩამოცმას, მით უფრო სწრაფად პატარავდებოდა ჯემპრი. ბოლოს ისე დაპატარავდა, მხოლოდ თითზე წამოსაცმელ თოჯინას თუ მოერგებოდა, ჰარის კი — არამც და არამც. დეიდა პეტუნიამ იფიქრა, რეცხვაში მოთელილაო, და ჰარი დასჯას გადაურჩა.
თუმცა, ერთხელ ჰარის დიდი უსიამოვნება შეხვდა, როცა, თავისდა გასაკვირად, სკოლის სამზარეულოს სახურავზე აღმოჩნდა. ყველაფერი კი ასე მოხდა: დადლის ბანდა, როგორც ყოველთვის, ჰარის გამოუდგა. ჰარი გაიქცა და უცებ, ჰოი, საოცრებავ, სამზარეულოს საკვამურზე ამოყო თავი! ქალბატონმა სკოლის დირექტორმა დერსლებს მკაცრი წერილი მისწერა, ჰარი სკოლის სახურავზე დაძვრებაო. ჰარი თავგამოდებით ცდილობდა, როგორმე აეხსნა (ამას საკუჭნაოდან ყვიროდა ძია ვერნონის გასაგონად), მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ სამზარეულოს კართან მდგარ ნაგვის ურნაზე გადავმხტარიყავი; შეიძლება, როცა ავხტი, ქარმა ამიტაცაო.
მაგრამ დღევანდელ დღეს კარგი პირი უჩანდა. დადლისა და პირსთან ყოფნაც კი ღირდა იმად, რომ ამ დღეს სხვაგან გაატარებდა და არა სკოლაში, საკუჭნაოში ან მისის ფიგის კომბოსტოსსუნიან სახლში.
ძია ვერნონი საჭეს მართავდა, თან მთელი გზა წუწუნებდა. მისი გამუდმებული უკმაყოფილების მიზეზი იყო: თანამშრომლები და ჰარი, თავისი საბჭო და ჰარი, ბანკი და ჰარი. ამ დილით მოტოციკლმა გააბრაზა, გვერდით რომ ჩაუქროლა და გაასწრო.
— გიჟებივით დაქრიან ეს მხეცები, ნამდვილი ხულიგნები...
— მე მოტოციკლი მესიზმრა, — გაახსენდა უცებ ჰარის, — მიფრინავდა.
ძია ვერნონი კინაღამ წინ მიმავალ მანქანას შეასკდა. მერე მთელი ტანით შემობრუნდა და ჰარის უღრიალა: — მოტოციკლები არ დაფრინავენ! — სახე ვეებერთელა, ულვაშა ჭარხალს მიუგავდა.
დადლიმ და პირსმა ჩაიფხუკუნეს.
— ვიცი, რომ არ დაფრინავენ, ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო, — თქვა ჰარიმ. ნეტავ სულ არ მეთქვა არაფერიო, ინანა ჰარიმ. ხომ იცოდა, რომ შეკითხვებზე
მეტად დერსლებს ის აღიზიანებდათ, თუ ჰარი უცნაურ რამეზე იწყებდა ლაპარაკს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ხდებოდა ეს ყველაფერი, სიზმარში, თუ მულტფილმში. ეტყობა, ეშინოდათ, ჰარის სახიფათო აზრები არ მოსვლოდა თავში.
მზიანი შაბათი დღე იდგა. ზოოპარკი სავსე იყო ბავშვებითა და მათი მშობლებით. დერსლებმა შესასვლელთანვე უყიდეს დადლის და პირსს შოკოლადის დიდი ნაყინი. მოღიმარმა გამყიდველმა ქალმა ჰარისაც ჰკითხა, შენ რომელს ინებებო, და ამიტომ იძულებულნი გახდნენ, მისთვისაც ეყიდათ წვრილ ჯოხზე წამოცმული ყველაზე იაფი ლიმონის ნაყინი. არც ისე ცუდი ყოფილაო, ფიქრობდა ჰარი და სიამოვნებით წუწნიდა თავის ლიმონის ყინულს, თან ყველანი მაიმუნებს უცქეროდნენ. გორილა, თავს რომ იქექავდა, ქერა არ იყო, თორემ ისე ძალიან მიაგავდა დადლის. ასეთი ბედნიერი დილა ჰარის კარგა ხანია, არ ჰქონია. ცდილობდა, დერსლებს ჩამორჩენოდა და თავისთვის, ოდნავ მოშორებით ევლო. დარწმუნებული იყო, დადლის და პირსს ცხოველები მალე მოჰბეზრდებოდათ და თავიანთ საყვარელ გასართობს, ჰარის წამოთაქებას მიუბრუნდებოდნენ. ზოოპარკის რესტორანში ისადილეს. დადლიმ აქაც გააფრინა თავისი ოფოფები. რა ცოტაა, ეს მე არ მეყოფაო. მისი თეფში ჰარის დაუდგეს და ძია ვერნონმა დადლის სხვა მოუტანა. ისე კარგად აეწყო ყველაფერი, უნდა მივმხვდარიყავი, ნეტარება დიდხანს რომ არ გასტანდაო, — ფიქრობდა მოგვიანებით ჰარი. სადილის შემდეგ ქვეწარმავლების სანახავად შევიდნენ. შენობაში გრილოდა და ბნელოდა. კედლებს განათებული მინის გალიების რიგი მიუყვებოდა. შუშის მიღმა ქვებსა დახის ტოტებზე სულ სხვადასხვა ჯურის ხვლიკები და გველები დახოხავდნენ და დასრიალებდნენ. დადლის და პირსს შხამიანი კობრებისა და დიდი მახრჩობელა პითონების ნახვა უნდოდათ. დადლიმ მაშინვე იპოვა ყველაზე დიდი გველი. იმსიგრძე იყო, ძია ვერნონის მანქანას ორჯერაც შემოეხვეოდა და, თუკი მოისურვებდა, სულ ნამცეცებადაც აქცევდა. ახლა ეტყობა გუნებაზე არ იყო. უფრო სწორად, დახვეული იწვა და ეძინა. დადლიმ ცხვირი მინას მიაჭირა. თვალს ვერ სწყვეტდა მბზინავ ყავისფერ ხვეულებს. — მინდა, რომ გაინძრეს, — შეეხვეწა მამას. ძია ვერნონმა მინაზე მიაკაკუნა. გველი არც კი შერხეულა. — მიდი, კიდევ! — ბრძანა დადლიმ. ძია ვერნონმა უფრო მაგრად, მუშტით დააბრახუნა. გველი თავისთვის თვლემდა. — ოო, მომბეზრდა, — შეწუხდა დადლი და მინას მოშორდა. ჰარი ახლოს მივიდა და გველს ყურადღებით დააცქერდა. „ეს საცოდავი სულაც რომ მოკვდეს მოწყენილობისგან, რა გასაკვირი იქნება, — იფიქრა, — გამოუმწყვდევიათ აქ მარტოკა და ბრიყვი ადამიანები მთელ დღეს მინაზე კაკუნით არ ასვენებენ. ამას ჩემი საკუჭნაოც სჯობია — იქ მარტო დეიდა პეტუნია მიკაკუნებს გასაღვიძებლად, თანაც, გამოსვლაც შემიძლია და სხვა ოთახებში შესვლაც“.
უცებ გველმა მძივივით მრგვალი თვალები გაახილა. ნელა, ზანტად წამოყო თავი და ჰარის სიმაღლეზე წამოიმართა.
გველმა ჰარის თვალი ჩაუკრა.
ჰარი გაშტერდა. მერე სასწრაფოდ მიმოიხედა, ვინმე ხომ არ მიყურებსო. არავინ იყო. შემდეგ ისევ გველს შეხედა და თვითონაც ჩაუკრა თვალი.
გველმა ძია ვერნონისა და დადლისაკენ გაიქნია თავი, თვალები ჭერს მიაპყრო და ჰარის ისე შეხედა, თითქოს ეუბნებოდა: აი, სულ ამ დღეში ვარო.
— მესმის, — ჩუმად უთხრა ჰარიმ, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ მინის მიღმა გველს მისი ესმოდა, — ალბათ რა მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი!
გველმა ენერგიულად დაუქნია თავი.
— შენ საიდანა ხარ? — ჰკითხა ჰარიმ.
გველმა კუდი მინას მიარტყა, რომელზეც პატარა აბრა იყო მიკრული: „ბოა კონსტრიქტორი, ბრაზილია“.
— ლამაზია ბრაზილია?
ბოა კონსტრიქტორმა ხელახლა მიარტყა კუდი აბრას. ჰარიმ წაიკითხა: „ეს ეგზემპლარი დაიბადა ზოოპარკში“.
— გასაგებია. ბრაზილია არ გინახავს.
გველმა თავი გაიქნია, არაო. უცებ ორივე შეხტა, რადგან ჰარის ზურგს უკან არანორმალური ღრიალი გაისმა:
— დადლი! მისტერ დერსლი! მოდით, ნახეთ, ეს გველი რას აკეთებს! დადლი ხვნეშით მოგორდა.
— შენ გაიწიე იქით! — უყვირა ჰარის და ფერდში მუშტი უთავაზა. ჰარიმ მოულოდნელობისგან თავი ვერ შეიკავა და ძირს, ბეტონის იატაკზე გაიშხლართა. შემდეგ ყველაფერი ელვისებური სისწრაფით მოხდა. დადლიმ და პირსმა, რომლებიც წამის წინ მინაზე იყვნენ აკრულნი, შემაძრწუნებელი კივილით დაიხიეს უკან.
ჰარი წამოჯდა. გაოგნებისაგან ენა ჩაუვარდა. ბოა კონსტრიქტორის წინ მინა გამქრალიყო. უზარმაზარი გველი სწრაფად იშლებოდა და უკვე იატაკზე მოსრიალებდა. ხალხი ყვირილით მიაწყდა გასასვლელს.
ჰარი მზად იყო, დაეფიცა, რომ როცა გველმა გვერდით ჩაუსრიალა, ნამდვილად გაიგონა მისი სისინა ხმა: „ბრაზილია... სსსსსადა ხარ... გმადლობ, ამიგო...“
ქვეწარმავლების მომვლელი შოკში ჩავარდა.
— მინა! მინა! — გაუთავებლად იმეორებდა იგი, — სად გაქრა მინა?
ზოოპარკის დირექტორმა თავისი ხელით მოუმზადა დეიდა პეტუნიას მაგარი ჩაი და დაუშაქრა კიდეც. თან სულ ებოდიშებოდა. პირსი და დადლი შიშისაგან რაღაც აბდაუბდას ჩმახავდნენ. ჰარიმ დაინახა, რომ გველს მათთვის არაფერი დაუშავებია, მხოლოდ ხუმრობით გაჰკრა პირი ქუსლზე, მაგრამ ძია ვერნონის მანქანაში რომ ჩასხდნენ, დადლი ყვებოდა, გველმა კინაღამ ფეხი მომაჭამაო. პირსი კი იფიცებოდა, მე მოხრჩობას მიპირებდაო. ჰარისთვის ყველაზე საშინელი ის იყო, რომ პირს პოლკისმა, დაწყნარდა თუ არა, მაშინვე ყველას აუწყა; — ჰარი გველს ელაპარაკებოდა. არა, ჰარი?
ძია ვერნონი ჩუმად იყო, სანამ პირსი მშვიდობიანად არ გაისტუმრეს შინ. მერე კი ჰარის მიუტრიალდა. გაცოფებული ენას ვერ იმორჩილებდა, ძლივს ამოიხავლა რამდენიმე სიტყვა:
— ახლავე... საკუჭნაოში... ფეხს არ გამოადგამ. არავითარი ქამა... — და სავარძელში ჩაესვენა. დეიდა პეტუნია გავარდა და დიდი ჭიქით ბრენდი მოუტანა.
დიდხანს იწვა ჰარი თავის ბნელ საკუჭნაოში და ფიქრობდა, საათი მაინც მქონდეს, ნეტავ რა დროაო. დერსლებს თუ არ ეძინათ, სამზარეულოში შეპარვას ვერ გაბედავდა, რომ რამე ეჭამა.
ათი წელი გაატარა ჰარიმ დერსლებთან. ათი უსიხარულო წელიწადი. რაც თავი ახსოვდა, სულ ამათთან იყო, ანუ მას შემდეგ, რაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ჰარი მაშინ ძალიან პატარა იყო. ვერც კატასტროფას იხსენებდა, ვერც დედ-მამას, ვერც იმას, თვითონაც იყო თუ არა იმ მანქანაში. როცა ძალიან, ძალიან დაძაბავდა მეხსიერებას, — საკუჭნაოში. ბევრი დრო ჰქონდა საფიქრელად, — უცნაური ხილვა ჩნდებოდა: კაშკაშა მწვანე შუქის გაელვება და აუტანელი ტკივილი შუბლზე. ალბათ, ეს იყო კატასტროფაო, ფიქრობდა, მაგრამ ის მწვანე შუქი რაღა იყო, უცებ საიდან იფეთქა, ეს ვეღარ გაეგო. მშობლები სულ არ ახსოვდა. დეიდა და ბიძა მათ არასოდეს ახსენებდნენ. შეკითხვები, რა თქმა უნდა, აკრძალული იყო. ამ სახლში მათი ფოტოებიც არ არსებობდა.
ადრე, როცა უფრო პატარა იყო, სულ ოცნებობდა: მოვა ჩემი რომელიმე სხვა ნათესავი და თავისთან წამიყვანსო, მაგრამ არავინ მოდიოდა. დერსლების გარდა
არავინ ჰყავდა. თუმცა ზოგჯერ გრძნობდა (ან ეჩვენებოდა), რომ ქუჩაში უცხო ხალხი სცნობდა. თანაც მეტად უცნაური ხალხი. ერთხელ, როცა ის, დეიდა პეტუნია და დადლი სუპერმარკეტში რაღაცას ყიდულობდნენ, ვიღაც გამხდარმა კაცმა იისფერი ქუდი მოუხადა და თავი დაუკრა. იცნობ ამ კაცსო? — შეეკითხა დეიდა პეტუნია და გაბრაზებულმა ბიჭები ისე სასწრაფოდ გაიყვანა იქიდან, რომ არაფერი უყიდიათ.
ერთხელ ავტობუსში ერთმა ასევე უცნაურმა ხნიერმა ქალბატონმა, რომელსაც ყველაფერი ზურმუხტისფერი ეცვა, ხელი მხიარულად დაუქნია. ქუჩაში კიდევ, ძალიან გრძელ, მეწამულ პალტოში გამოწყობილმა მელოტმა კაცმა ჩამოართვა ხელი და უსიტყვოდ გაშორდა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როგორც კი ჰარი მათ კარგად დააკვირდებოდა, მაშინვე ქრებოდნენ.
სკოლაში ჰარისთან დამეგობრებას ვერავინ ბედავდა. მთელმა სკოლამ იცოდა, როგორ სძულდა დადლის ბანდას ეს უცნაური ჰარი პოტერი — ძველმანებში გამოწყობილი და გატეხილსათვალიანი. ჰოდა, იმათი შიშით, აბა, ახლოს ვინ გაეკარებოდა.



№1  offline წევრი გორგოძე

ჰარი პოტერის ნაწილები,რომლებია შეგიიათ თანმიმდევრობით ჩამომითვალოთ??????????❣
--------------------
ლ.გ

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი

გორგოძე
ჰარი პოტერის ნაწილები,რომლებია შეგიიათ თანმიმდევრობით ჩამომითვალოთ??????????❣

1) ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა;
2) ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი;
3) ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე;
4) ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი;
5) ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი;
6) ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი;
7) ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (ეს უკანასკნელი წიგნში ორივე ნაწილი ერთადაა თუ არ ვცდები და ფილმით ორი ნაწილი აქვს, სიკვდილის საჩუქრები 1 და სიკვდილის საჩუქრები 2 ).

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent