შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი III


21-06-2021, 10:31
ავტორი ცირაკო
ნანახია 704

თავი მესამე წერილები არავისგან
ბრაზილიელი ბოა კონსტრიქტორის გაქცევისთვის ჰარი დიდი ხნით დაისაჯა. ბოლოს და ბოლოს, საკუჭნაოდან გამოსვლის ნება რომ დართეს, უკვე საზაფხულო არდადეგები დაწყებულიყო, დადლის ახალი კინოკამერა გაეტეხა, დისტანციური მართვის თვითმფრინავი დაელეწნა, სპორტული ველოსიპედი კი პირველსავე გაქროლებაზე მისის ფიგისთვის დაეჯახებინა, როცა მოხუცი ყავარჯნებით გადადიოდა პრივიტ დრაივზე.
ჰარის გაუხარდა, სკოლა რომ დამთავრდა, მაგრამ დადლის და მის ძმაბიჭებს მაინც ვერ გაექცა. პირსი, დენისი, მალკოლმი, გორდონი — ზორბა ტანის უტვინო ბიჭები — ყოველდღე შინ აკითხავდნენ დადლის. ყველაზე სქელი და ყველაზე უტვინო დადლი მათი ლიდერი იყო. დადლის უსაყვარლესი სპორტი — ჰარიზე ნადირობა — დანარჩენებსაც კარგად ართობდა.
ამიტომ ჰარი ცდილობდა, შინ, რაც შეიძლება, ცოტა ხანი დარჩენილიყო. გარეთ გადიოდა, ახლომახლო დაბოდიალობდა და ნატრობდა, ნეტავ მალე დამთავრდეს ეს არდადეგებიო. გულში რაღაც იმედი უღვიოდა, სექტემბერში მე და დადლი სხვადასხვა სკოლაში წავალთ და ერთმანეთს დავშორდებითო. დადლი, მართლაც, კერძო სკოლაში მიიყვანეს. სკოლას „სმელტინგსი“ ერქვა. თურმე ძია ვერნონი იქ სწავლობდა თავის დროზე. პირს პოლკისიც იმ სკოლაში ივლიდა. ჰარი ადგილობრივ ზოგადსაგანმანათლებლოში გაამწესეს, „სტოუნვოლ ჰაიში“. ამის გამო დადლი სასაცილოდ იგდებდა.
— მაგ შენს სკოლაში მოსწავლეებს იცი, რას უშვრებიან? პირველ დღეს უნიტაზში აყოფინებენ თავს. გინდა, ზევით ავიდეთ, ცოტა წავივარჯიშოთ.
— არა, დიდი მადლობა. უნიტაზი მეცოდება. შენი თავისთანა საზიზღარი ალბათ არაფერი ექნება ნანახი, მეშინია, გული არ აერიოს, — უპასუხა ჰარიმ და სანამ დადლი მიხვდებოდა, რა უთხრეს, გაიქცა.
ივლისის ერთ დღეს დეიდა პეტუნიამ დადლი ლონდონში წაიყვანა სასკოლო ფორმის საყიდლად. ჰარი მისის ფიგთან დატოვეს, სადაც ბევრად უკეთესი ატმოსფერო დახვდა, ვიდრე ელოდა. ამას წინათ მისის ფიგს თავისი ერთ-ერთი უსაყვარლესი კატისთვის წამოუკრავს ფეხი და იმიტომ მოუტეხია. ამის გამო კატებზე ძველებურად აღარ გიჟდებოდა. ჰარის ტელევიზორის ყურების ნება დართო და შოკოლადიანი ნამცხვრითაც კი გაუმასპინძლდა, თუმცა, ნამცხვარს ისეთი გემო ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ გამომცხვარი გეგონებოდა.
იმავე საღამოს დადლიმ ოჯახის წევრებისათვის თავისი ახალთახალი ფორმის ჩვენება მოაწყო. სმელტინგსის ბიჭებს წაბლისფერი ფრაკი და ნარინჯისფერი ბრიჯი ეცვათ, თავზე ბრტყელი ჩალის ქუდი — კანოტიე — ეხურათ, ხელში ეკავათ ხორკლიანი ჯოხი — სტეკი, რომელსაც, მასწავლებელი მიტრიალდებოდა თუ არა, ბიჭები ერთმანეთს ურტყამდნენ ხოლმე. ეს ალბათ კარგი წვრთნა იყო მომავალი ცხოვრებისათვის.
მორთულ-მოკაზმული დადლი რომ გამობრძანდა, ძია ვერნონმა ზარ-ზეიმით განაცხადა, ჩემი ცხოვრების საამაყო წუთებიაო. დეიდა პეტუნია ცრემლებად დაიღვარა, არ მჯერა, ნუთუ ეს ჩემი პატარა დადლიკუნებია, როგორ გაზრდილა და დამშვენებულაო.
ჰარიმ ჩუმად ყოფნა არჩია, მაგრამ თავს ძლივს იკავებდა, არ გასცინებოდა. მეორე დილით, სამზარეულოში რომ შევიდა, ჰარის საშინელი სუნი დახვდა. ეს
სუნი რკინის დიდი ქვაბიდან ამოდიოდა. ჰარიმ ქვაბს ჩახედა. რუხ წყალში ჭუჭყიანი ძონძებივით რაღაც ტივტივებდა.
— ეს რა არის? — ჰკითხა დეიდა პეტუნიას.
დეიდა პეტუნიამ უკმაყოფილოდ მოკუმა პირი, როგორც სჩვეოდა ხოლმე, როცა ჰარი შეკითხვის დასმას გაბედავდა.
— შენი ახალი სასკოლო ფორმაა. ჰარიმ ისევ ჩაიხედა ქვაბში.
— ა, არ მეგონა, ასეთი სველი თუ უნდა ყოფილიყო.
— ნუ სულელობ! — შეუღრინა დეიდა პეტუნიამ, — დადლის ძველ ტანსაცმელს ვღებავ შენთვის. ნაცრისფრად რომ შეიღებება, ნამდვილ ფორმას დაემსგავსება.
ჰარის ამაში ეჭვი შეეპარა, მაგრამ ხმა არა ამოუღია. მაგიდას მიუჯდა. სცადა, არ ეფიქრა იმაზე, რა სანახავი იქნებოდა ახალ სკოლაში პირველ დღეს — ეს ფორმა სპილოს ტყავის ნაფლეთებივით რომ ჩამოეკიდებოდა ტანზე.
სამზარეულოში დადლი და ძია ვერნონი შემოვიდნენ. ორივემ ცხვირი აიბზუა. ჰარის ახალი ფორმის სუნი არც იმათ მოეწონათ. ძია ვერნონმა გაზეთი გადაშალა, დადლიმ მაგიდაზე დაახეთქა თავისი სმელტინგსის სტეკი, რომელიც სულ თან დაჰქონდა.
უცებ საფოსტო ყუთი გატკაცუნდა — ფოსტა შემოყარეს.
— დადლი, ფოსტა მოიტანე, — თქვა ძია ვერნონმა ისე, რომ გაზეთისთვის თვალი არ მოუშორებია.
— ჰარიმ მოიტანოს!
— ჰარი, ფოსტა მოიტანე!
— დადლიმ მოიტანოს!
— მისცხე ეგ შენი ჯოხი, დადლი!
ჰარიმ ჯოხი აიცდინა და ფოსტის მოსატანად წავიდა. იატაკზე სამი წერილი ეგდო. ერთი — ღია ბარათი ძია ვერნონის დისგან — მარჯისაგან, რომელიც კუნძულ უაიტზე ისვენებდა; ყავისფერ კონვერტში ალბათ ქვითრები იდო, მესამე წერილი კი ჰარის სახელზე იყო. ჰარი გაოგნებული დააცქერდა წერილს. გულმა ისეთი ბაგაბუგი აუტეხა, გეგონებოდა, სადაცაა ბუდიდან ამოუვარდებაო. მისთვის არასდროს არავის არაფერი მოუწერია. ვინ უნდა ყოფილიყო? არც მეგობარი ჰყავდა, არც ნათესავი. არც
ბიბლიოთეკის წევრი იყო, წიგნი დროზე დააბრუნეო, რომ შეეხსენებინათ. არადა, წერილზე გარკვევით ეწერა:
ბატონ ჰ. პოტერს საკუჭნაო კიბის ქვეშ პრივიტ დრაივის 4 ლითლ უინგინგი, სარი
კონვერტი მოყვითალო პერგამენტისა იყო, სქელი და მძიმე. მისამართი ზურმუხტისფერი მელნით ეწერა. მარკა არ ეკრა.
ჰარიმ აკანკალებული ხელით გადააბრუნა კონვერტი, რომელიც წითელი ცვილით დაელუქათ და გერბიანი ბეჭედი დაერტყათ. გერბზე გამოსახული იყო ლომი, არწივი, მაჩვი და გველი, რომლებიც ასო ჰ.ს შემოხვეოდნენ.
— ჰარი, რას შვრები ამდენ ხანს, ამოწმებ, წერილში ტერორისტებმა ბომბები ხომ არ ჩაგვიდეს? — თავის ხუმრობაზე ძია ვერნონმა თვითონვე გაიცინა.
ჰარი სამზარეულოში შევიდა. ისევ თავის წერილს დასცქეროდა: ძია ვერნონს ქვითრები და ღია ბარათი მიაწოდა, შემდეგ დაჯდა და აუჩქარებლად შეუდგა ყვითელი კონვერტის გახსნას. ძია ვერნონმა სწრაფად გადახია კონვერტი, უკმაყოფილოდ გადაათვალიერა ქვითრები და ღია ბარათს თვალი გადაავლო.
— მარჯი ავად ყოფილა, — აცნობა დეიდა პეტუნიას, — რაღაც მოლუსკი უჭამია...
— მამი... — წამოიძახა დადლიმ, — მამი, ჰარიმაც მიიღო წერილი.
ჰარის, ის იყო, წერილი უნდა გაეშალა, რომელიც კონვერტის მსგავს ყვითელ პერგამენტზე იყო დაწერილი, რომ ძია ვერნონმა სასწრაფოდ ხელიდან გამოსტაცა.
— ჩემი წერილია, — თქვა ჰარიმ და შეეცადა, უკანვე წაერთმია.
— შენ ვინ უნდა მოგწეროს! — ჩაიცინა ძია ვერნონმა. ხელის ერთი დაქნევით წერილი გაშალა და გადაიკითხა.
სახე შუქნიშანივით ჯერ წითლად აენთო, მერე — მწვანედ, ოღონდ ძალიან სწრაფად. მერე ისევ ფერი ეცვალა და გამხმარი შვრიის ფაფასავით განაცრისფერდა.
— პპპეტუნია, — ძლივს ამოილუღლუღა.
დადლი მამას ახტებოდა, რომ წერილი ხელში ჩაეგდო და წაეკითხა, მაგრამ ვერ მისწვდა, რადგან ძია ვერნონს ხელი მაღლა ეჭირა. დაინტერესებულმა პეტუნიამ გამოართვა და პირველი სტრიქონი წაიკითხა. უცებ ფერი დაკარგა. ხელი ყელზე მიიჭირა და ახროტინდა:
— ვერნონ! ღმერთო ჩემო, ვერნონ!
ერთმანეთს მიაშტერდნენ. სულ გადაავიწყდათ, რომ ოთახში დადლი და ჰარიც იყვნენ. დადლი რის დადლი იქნებოდა, უყურადღებობა აეტანა. აიღო და სკოლის სტეკი მამას პირდაპირ თავში ჩასცხო.
— მინდა, ეგ წერილი წავიკითხო! — ბრძანა ხმამაღლა.
— არა, მე უნდა წავიკითხო! — ჰარის მოთმინება დაეკარგა: — წერილი ჩემია!
— თქვენ ორივე გადით აქედან! — დაიხავლა ძია ვერნონმა და წერილი კონვერტში ჩაჩურთა.
ჰარი არც კი განძრეულა.
— მომეცით ჩემი წერილი! — იყვირა გამწარებულმა.
— მე მაჩვენეთ! — ითხოვდა დადლი.
— გაადიიით! — აღრიალდა ძია ვერნონი, ორივეს ქეჩოში ჩაავლო ხელი, დერეფანში გაისროლა და სამზარეულოს კარი მიუჯახუნა. ჰარიმ და დადლიმ მყისვე გააფთრებული, მაგრამ უხმო ბრძოლა გააჩაღეს კარის ჭუჭრუტანის დასასაკუთრებლად. დადლიმ გაიმარჯვა, ცალ ყურზე სათვალეჩამოკონწიალებულ ჰარის კი ისღა დარჩენოდა, ძირს გართხმულიყო და იმ ღრიჭოდან ეგდო ყური, კარსა და იატაკს შორის რომ იყო დარჩენილი.
— ვერნონ, — დეიდა პეტუნიას ხმა უკანკალებდა: — მისამართს დახედე. როგორ გაიგეს, სად სძინავს? სახლს ხომ არ უთვალთვალებენ?..
— თვალს გვადევნებენ6... გვზვერავენ... ალბათ, ფეხდაფეხ დაგვყვებიან... — შეშლილივით ლუღლუღებდა ძია ვერნონი.
— რა ვქნათ, ვერნონ? ვუპასუხოთ? მივწეროთ, რომ არ გვსურს...
ჰარი ღრიჭოში მხოლოდ იმას ხედავდა, როგორ დადიოდა წინ და უკან ძია ვერნონის პრიალა შავი ფეხსაცმელი.
— არა, — ეს ძია ვერნონის ხმა იყო, — უპასუხოდ დავტოვოთ... ასე აჯობებს... არაფერიც არ მივწეროთ...
— ჰო, მაგრამ...
— ასეთი ჩვენთან არავინ ცხოვრობს, მორჩა და გათავდა, პეტუნია. გახსოვს, ბავშვი რომ ავიყვანეთ, მაშინ დავიფიცეთ, რომ ამ საშინელ უაზრობას წერტილს დავუსვამდით...
იმავე საღამოს, ძია ვერნონი სამსახურიდან დაბრუნდა თუ არა, ისეთი რამ მოიმოქმედა, რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია: იგი ჰარის ესტუმრა საკუჭნაოში.
— სად არის ჩემი წერილი? — იკითხა ჰარიმ, როგორც კი ძია ვერნონმა კარებში თავი შემოყო, — ვინ მომწერა?
— არც არავინ. შეცდომით მოიტანეს, — მოკლედ მოუჭრა ძია ვერნონმა, — დავწვი.
— არაფერი არ მოუტანიათ შეცდომით, — გაბრაზდა ჰარი. — ჩემი საკუჭნაოც კი ეწერა ზედ.
— ხმაააა! — ისე იბღავლა ძია ვერნონმა, რომ ერთი-ორი ობობა ჭერიდან მოწყდა და ძირს ჩამოვარდა. მერე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ნაძალადევად გაიღიმა. საცოდავი სანახავი იყო.
— ისა... ჰო, ჰარი, ამ შენს საკუჭნაოს რაც შეეხება, მე და დეიდაშენმა ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ... შენ უკვე მართლაც გაიზარდე და დროა, დადლის მეორე საძინებელში გადახვიდე.
— რატომ? — იკითხა ჰარიმ.
— შეკითხვები არ იყოს, აიღე შენი ბარგი-ბარხანა და ახლავე — მაღლა! დერსლებს ოთხი საძინებელი ჰქონდათ. ერთი ძია ვერნონს და დეიდა პეტუნიას
ეკავათ, მეორე სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი (ძირითადად, ძია ვერნონის დისთვის, მარჯისთვის), მესამეში დადლის ეძინა, ხოლო მეოთხეში დადლი იმ სათამაშოებს ინახავდა, რომლებსაც თავისი ოთახიდან გამოყრიდა. ჰარის ბევრი არაფერი ჰქონდა მაღლა ასატანი, ერთი ასვლით საკუჭნაოდან ოთახში გადაბარგდა, საწოლზე ჩამოჯდა და მიმოიხედა. აქ თითქმის ყველაფერი დამტვრეული ელაგა. აი, ერთი თვის წინ ნაყიდი კინოკამერა, გატეხილი დევს პატარა ტანკზე. ტანკი ჯერ მთელია, მაგრამ მეზობლის ძაღლს გადაუარა და დადლი ამით აღარ თამაშობს. კუთხეში დადლის სულ პირველი ტელევიზორია, რამდენი ხანია, წიხლით შელეწა, როცა მისი საყვარელი გადაცემა აღარ გაუშვეს. აი, დიდი გალია, ამაში ოდესღაც თუთიყუში იჯდა, რომელიც ნამდვილ თოფში გაუცვალა დადლიმ ვიღაცას. ის თოფიც აქ ეგდო, თაროზე — დადლი ზედ დააჯდა და გაღუნა. თაროები წიგნებით იყო სავსე. წიგნებისთვის თითი არავის დაეკარებინა.
ქვემოდან დადლის ხმა ისმოდა, დედას ტვინს უბურღავდა: — არ მინდა, რომ იქ იყოს... მჭირდება ეგ ოთახი... გამოვიდეს იქიდან!...
ჰარიმ ამოიოხრა და საწოლზე წამოწვა. ჯერ კიდევ გუშინ, რას არ მისცემდა იმისთვის, რომ აქ ყოფილიყო. დღეს კი — ნეტავ ის წერილი მომცა და ისევ ჩემს საკუჭნაოში მამყოფაო — ნატრობდა.
მეორე დილით, საუზმობისას, ყველა ჩუმად იჯდა. დადლი გაოგნებული იყო. გუშინ ბევრი იყვირა, მამას სკოლის ჯოხი ურტყა, მერე ვითომ ცუდად შეიქნა, მერე დედას წიხლები უქნია, ბოლოს თავისი კუც კი ესროლა სათბურის სახურავს, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა, ოთახი ვერ დაიბრუნა. ჰარი მწარედ ნანობდა, გუშინ ამ დროს დერეფანშივე რომ არ გახსნა წერილი. ძია ვერნონი და დეიდა პეტუნია დაღვრემილები შესცქეროდნენ ერთმანეთს.
ფოსტა რომ მოვიდა, ძია ვერნონმა, რომელიც ცდილობდა, ჰარის მიმართ მეტი სითბო გამოეჩინა, დადლის სთხოვა, წერილები შენ მოიტანეო. დადლი დერეფანში გავიდა. ისმოდა, გზადაგზა როგორ არაკუნებდა თავის ჯოხს ყველაფერზე. უცებ მისი ყვირილი გაისმა:
— აი, კიდევ ისეთი წერილი! „მისტერ ჰ. პოტერს, ყველაზე პატარა საძინებელი, პრივიტ დრაივის ოთხი ნომერი“...
ძია ვერნონმა ერთი კი დაიღმუვლა და დერეფანში გავარდა. ჰარი უკან გაედევნა. ძია ვერნონი დადლის ეძგერა და გამეტებით დაანარცხა ძირს, უნდოდა წერილი ხელიდან გამოეგლიჯა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ჰარი მას ზურგზე შეახტა და მკლავები ყელზე შემოაჭდო. წუთით ყველა ერთმანეთში აირია. დადლის ხორკლიანი ჯოხი სამივეს ხან სად მოხვდა და ხან სად. ბოლოს ძია ვერნონი პირველი გასწორდა წელში. მძიმედ სუნთქავდა, ხელში ჰარის წერილი ჩაებღუჯა.
— გასწი საკუჭნაოში... შენს ოთახში მეთქი! — ჩახლეჩილი ხმით უთხრა ჰარის. — დადლი, წადი რა, გამეცალე...
ჰარი თავის ახალ ოთახში ბოლთას სცემდა. ესე იგი, არსებობს ვიღაც, ვინც იცის, რომ ჰარი საკუჭნაოდან საძინებელში გადაიყვანეს. ეტყობა, ისიც გაიგო, რომ ჰარის პირველი წერილი არ მიუღია. ამიტომ ნამდვილად შეეცდება, ისევ მოსწეროს. ამჯერად წერილი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ჰარიმ მოიფიქრა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
* * *
მეორე დილით საათმა ექვსზე დარეკა. ჰარიმ სასწრაფოდ გააჩუმა შეკეთებული მაღვიძარა და უხმაუროდ ჩაიცვა ტანზე. ახლა მთავარი იყო, დერსლებს არ გაღვიძებოდათ. დაბლა ისე ჩავიდა, შუქი არ აუნთია.
გადაწყვეტილი ჰქონდა, ფოსტალიონს ქუჩის კუთხეში დახვედროდა და ოთხი ნომრის ფოსტა იქვე გამოერთმია. გული გამალებით უცემდა. ბნელ დერეფანში ფეხაკრეფით მიიპარებოდა კარისკენ და...
— აააჰჰ!
ჰარი შეხტა, რადგან ზედ კართან ფეხი დაადგა რაღაც დიდს და ფუმფულას, რაღაც ცოცხალს!
მეორე სართულზე შუქი აანთეს. შეძრწუნებულმა ჰარიმ დაინახა, რომ ის რაღაც დიდი და ფუმფულა ძია ვერნონი იყო. საძილე ტომარაში იწვა, კართან, იატაკზე. იცოდა, ჰარი რაღაცას მოიფიქრებდა და უნდოდა, ხელი შეეშალა. ნახევარი საათი უყვიროდა ჰარის. ბოლოს უთხრა, წადი ახლა, ჩაი მომიმზადეო. ჰარი საცოდავად გაიძურწა სამზარეულოში. ჩაი რომ მოართვა, ფოსტა უკვე მოსულიყო. ძია ვერნონს სამი ერთნაირი კონვერტი ეკავა, რომელზეც მისამართი მწვანე მელნით ეწერა.
— ძალიან გთხოვთ... — დაიწყო ჰარიმ, მაგრამ ძია ვერნონმა მის თვალწინ ნაკუწებად აქცია სამივე წერილი.
ძია ვერნონი იმ დღეს სამსახურში არ წასულა, შინ დარჩა, საფოსტო ყუთს მიადგა და საფუძვლიანად აჭედა ყველა მხრიდან. ლურსმნები პირით ეკავა, თან ლაპარაკობდა, თან მუშაობდა.
— ნახე, პეტუნია, ნახე, წერილს რომ ვერსად ჩააგდებენ... თავს დაგვანებებენ.
— არა მგონია, მაგან გაჭრას, ვერნონ...
— იმათ ტვინი უცნაურად აქვთ მოწყობილი, პეტუნია, ისე კი არა, როგორც მე და შენ, — უთხრა ძია ვერნონმა, დეიდა პეტუნიას მისთვის მოტანილი ნამცხვარი გამოართვა და ჩაქუჩის მაგივრად დასცხო ლურსმანს.
* * *
პარასკევს, სულ ცოტა, თორმეტი წერილი მოუვიდა ჰარის. რაკი საფოსტო ყუთი აჭედილი დახვდათ, ზოგი წერილი კარის ქვეშ შემოაცოცეს, ზოგი — კარის გვერდითა ღრიჭოში, ზოგიც პირველი სართულის ტუალეტის ფანჯრიდან შემოყარეს.
ძია ვერნონმა, რომელიც ამ დღესაც შინ იყო, წერილები აკრიფა და დაწვა. მერე ისევ ჩაქუჩი და ლურსმნები მოიმარჯვა და კარის გარშემო რაც ღიობი ნახა, საგულდაგულოდ დაგმანა. წინა კარიც ფიცრებით აჭედა და უკანაც. ახლა გარეთაც ვერ გახვიდოდი, კარი აღარ იღებოდა. ძია ვერნონი ღიღინით კი მუშაობდა, მაგრამ ნებისმიერ გაფაჩუნებაზე შეკრთებოდა ხოლმე.
* * *
შაბათს სიტუაცია უმართავი შეიქნა. ჰარის ოცდაოთხი წერილი გამოუგზავნეს. ოცდაოთხი დახვეული წერილი ოცდაოთხ კვერცხში იყო ჩამალული. ეს კვერცხები სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან გამოართვა განცვიფრებულ მერძევეს დეიდა პეტუნიამ. გაცოფებული ძია ვერნონი ხან ფოსტაში რეკავდა და ხან მერძევესთან, რომ ბოლოს და ბოლოს გაერკვია, ვინ იყო დამნაშავე. ამასობაში დეიდა პეტუნიამ წერილები ელექტროსაკეპით დაანაკუწა.
— ნეტა ვინ არის, ასე გამწარებით რომ ცდილობს, რაღაც შეგატყობინოს, — შეეკითხა გაოცებული დადლი ჰარის.
* * *
კვირა დილით, საუზმეზე, ძია ვერნონი გადაქანცული შემოვიდა, ეტყობოდა, ცოტა შეუძლოდაც იყო, მაგრამ მაინც გახარებული ჩანდა.
— დღეს კვირაა, — გამოაცხადა ბედნიერი სახით და თან ჯემი გაზეთზე წაუსვა,
— ფოსტა ისვენებს. ის ჯანდაბის წერილები დღეს არ მოვა...
სიტყვა დამთავრებული არც ჰქონდა, რომ სამზარეულოს საკვამურში რაღაცამ ჩამოიშხუილა და პირდაპირ ძია ვერნონს ეტაკა კეფაში. გასროლილი ტყვიის სისწრაფით მოქროდა ბუხრიდან წერილები. ოცდაათი... ორმოცი... დერსლებმა მექანიკურად დახარეს თავი, ჰარი კი წამოხტა და სცადა, ერთი მაინც დაეჭირა.
— გადი, გადიი! — ძია ვერნონი მაჯაში სწვდა ჰარის და დერეფანში გაისროლა. დეიდა პეტუნიამ და დადლიმ სახეზე ხელები აიფარეს და გარეთ გამოცვივდნენ, ძია ვერნონიც გამოვარდა და კარი მიაჯახუნა. აქედანაც ისმოდა, როგორ ცვიოდა და ცვიოდა წერილები სამზარეულოში. ხან კედლებს ეხეთქებოდა, ხან იატაკს.
— გადაწყდა, — გამოაცხადა ძია ვერნონმა ვითომდა მშვიდად, თან ულვაშს ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა. — ხუთ წუთში ყველანი მზად იყავით, აქ ვიკრიბებით! სასწრაფოდ მივემგზავრებით. მიგვაქვს მხოლოდ ტანსაცმელი. არ მეკამათოთ! არაფრის გაგონება არ მინდა!
ისეთი საშინელი სანახავი იყო შეთხელებული ულვაშით, რომ კამათი კი არა, ხმის ამოღებას ვინ გაბედავდა! ათ წუთში გაანგრიეს აჭედილი კარი, ჩასხდნენ მანქანაში და მთავარი მაგისტრალისკენ აიღეს გეზი. დადლი უკანა სკამზე მიკუნჭულიყო და ქსუტუნებდა, რადგან ორივე ყბაში მაგრად მოხვდა მამისგან, როცა თავის ტელევიზორს, ვიდეოს და კომპიუტერს ტენიდა ჩანთაში და ყველა ალოდინა.
სადღაც მიქროდნენ. მიქროდნენ და მიქროდნენ. დეიდა პეტუნიაც კი ვერ ბედავდა, ეკითხა, საით მივდივართო. დროდადრო ძია ვერნონი მოულოდნელად უკან მოაბრუნებდა ხოლმე მანქანას და საპირისპირო მიმართულებით მიჰყავდა. თან თავისთვის ბუტბუტებდა: — გზა-კვალი უნდა ავუბნიო... უნდა დავაბნიო...
მთელი დღე იარეს. არც საჭმელად შეჩერებულან სადმე, არც წყლის დასალევად. შებინდებისას დადლი ჭკუაზე აღარ იყო. უკვე ყმუოდა. ასეთი საშინელი დღე ჯერ არ ჰქონია. ჯერ ერთი, შიოდა, მეორეც: უკვე ხუთი საყვარელი ტელეგადაცემა გამოტოვა, არც კომპიუტერს მიჰკარებია. აქამდე რამდენი ბრძოლა ექნებოდა უცხოპლანეტელებთან მოგებული, ვინ იცის!
ბოლოს, როგორც იქნა, რომელიღაც ქალაქის გარეუბანში ერთ ყოვლად უბადრუკ სასტუმროსთან შეჩერდნენ. დადლი და ჰარი ერთ ნომერში მოათავსეს. ორადგილიან საწოლზე ტენიანი, აშმორებული ლოგინი ეგო. დადლიმ მაშინვე ხვრინვა ამოუშვა. ჰარის არ ეძინა, ფანჯრის რაფაზე იჯდა, გამვლელი მანქანების შუქს უცქეროდა და ფიქრობდა...
* * *
დილის საუზმედ გამხმარი სიმინდის ბურბუშელა, გაფიცხებული პური და დაკონსერვებული ცივი პამიდორი მიირთვეს. ის იყო, საუზმეს მორჩნენ, რომ სასტუმროს დიასახლისი მათ მაგიდას მიუახლოვდა. — ბოდიში, თქვენ შორის რომელიმე ბატონი ჰ. პოტერი ხომ არ არის? ასეთი ასი წერილი მაინც მოვიდა დღეს დილით.
დიასახლისს წერილი ისე ეკავა, რომ გარკვევით იკითხებოდა მწვანე მელნით ნაწერი მისამართი:
ბატონ პ. პოტერს ოთახი 17
სასტუმრო „რეილვიუ“ ქოქუორთი
ჰარი წერილს სწვდა, მაგრამ ძია ვერნონმა მკლავში ჩასცხო. სასტუმროს დიასახლისი გაოცებული მიაშტერდა.
— წერილებს მე ავიღებ, — უთხრა ძია ვერნონმა, სწრაფად წამოხტა და დიასახლისს უკან გაჰყვა.
* * *
— ხომ არ აჯობებს, შინ დავბრუნდეთ, ჩემო კარგო, — მორიდებით შეაპარა ბოლოს დეიდა პეტუნიამ, მაგრამ ძია ვერნონს, როგორც ჩანს, არაფერი გაუგია. უკვე რამდენიმე საათი იყო, გაფაციცებული ეძებდა რაღაც ადგილს, მაგრამ რას, ვერავინ ხვდებოდა. შუაგულ ტყეში მანქანით შევიდნენ. ძია ვერნონი გადმოვიდა, იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერა, არ მოეწონა, უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და გზის გასაგრძელებლად ისევ მანქანას მიაშურა. იგივე განმეორდა გადახნულ მინდორში, მერე — დაკიდულ ხიდზე, იქაც შუაში გაჩერდნენ; შემდეგ — მანქანების მრავალსართულიან სადგომში, სულ ზედა სართულზე.
— დედი, მამამ გააფრინა? — იკითხა დადლიმ, როცა შუადღისას ძია ვერნონმა ზედ ზღვის პირას გააჩერა მანქანა, ყველანი შიგ ჩაკეტა და სადღაც წავიდა.
გაწვიმდა. მანქანის სახურავზე ძლიერად დასცხო. დადლი აჭიჭყინდა:
— დღეს ორშაბათია. ამაღამ „დიდ უმბერტოს“ უჩვენებენ. სადაც გინდათ, იქ გავჩერდეთ, ოღონდ ტელევიზორი იყოს.
ორშაბათია? ჰარის გაახსენდა: თუ დღეს ორშაბათია და ალბათ, მართლაც ასეა,
— დადლის კვირის დღეები არ ეშლება ტელეპროგრამების გამო, — მაშინ ხვალ სამშაბათი გამოდის და ჰარი თერთმეტი წლისა ხდება. არა, დიდად მხიარული დაბადების დღე არასოდეს ჰქონია. შარშან, მაგალითად, პალტოს საკიდი და ძია ვერნონის გამონაცვალი წინდები აჩუქეს. მაგრამ, რაც უნდა იყოს, თერთმეტი წლისა ყოველდღე ხომ არ ხდება ადამიანი?!
ძია ვერნონი გაღიმებული დაბრუნდა. გრძელი და წვრილი პარკი მოიტანა. ეგ რა იყიდეო, ჰკითხა დეიდა პეტუნიამ, მაგრამ ძია ვერნონმა არ უპასუხა. |
— იდეალური ადგილი ვიპოვე, ყველანი გადმოდით და წავიდეთ, — თქვა ძია ვერნონმა.
გარეთ საშინლად ციოდა. ძია ვერნონმა შორს, შუა ზღვაში აღმართული სალი კლდისკენ გაიშვირა თითი, რომელზეც ყოვლად უბადრუკი ქოხი მოჩანდა. ტელევიზორი იქ ნამდვილად არ იქნებოდა.
— ამაღამ ქარიშხალი ამოვარდება, გამოაცხადეს, — ტაში შემოჰკრა გახარებულმა ძია ვერნონმა, — ამ ჯენტლმენმა პატივი დაგვდო და ნავი გვათხოვა.
უკბილო მოხუცი ძლივს მოფრატუნდა და ცბიერი ღიმილით გაახედა ისინი წყლის ფოლადისფერ ზედაპირზე მოქანავე ძველი ნავისაკენ.
— სურსათ-სანოვაგე მოვიმარაგე, აბა, ჩასხედით ნავში!
ნავში ყველანი კბილს კბილზე აცემინებდნენ. ზღვის გაყინული შხეფები და ცივი წვიმა კისერში ჩასდიოდათ, სახეში სუსხიანი ქარი სცემდათ. გზა უსასრულოდ გაიწელა. ბოლოს, როგორც იქნა, ნაპირამდე მიაღწიეს. ძია ვერნონი პირველი გაემართა დანგრეული შენობისაკენ. გზადაგზა სველ ქვაზე ფეხი უცურდებოდა.
შიგნით რაც დახვდათ, იმაზე უფრო ამაზრზენი იყო, ვიდრე ელოდნენ. ორად ორი ოთახი წყალმცენარეების სუნით ყარდა. დახეთქილი კედლები ქარს ვერ აკავებდა. ყველა ნახვრეტიდან უბერავდა. სველ ბუხარში შეშის ნასახიც არ ჩანდა.
ძია ვერნონის სურსათ-სანოვაგე სულ ოთხი პარკი ხრაშუნა კარტოფილი და ოთხი ბანანი აღმოჩნდა. ვახშმის შემდეგ მან კარტოფილის ცარიელი პარკებით ცეცხლის დანთება სცადა, მაგრამ პარკები მხოლოდ შეიჭმუჭნა და აბოლდა.
— ის შენი წერილები მოგვცა ახლა აქ, როგორ გამოგვადგებოდა! — იხუმრა ძია ვერნონმა. არაჩვეულებრივ გუნებაზე იყო. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ასეთ ამინდში და ასეთ ადგილას არავინ ეცდებოდა მათთვის წერილების მოტანას. გუნებაში ჰარიც ეთანხმებოდა, თუმცა მას ეს სრულებითაც არ ახალისებდა, უფრო — პირიქით.
ღამით მართლაც ატყდა დაპირებული ქარიშხალი. ძლიერი, აქაფებული ტალღები ქოხის კედლებს ეხეთქებოდა. ჭუჭყიანი ფანჯრები ირყეოდა და ზრიალებდა. დეიდა პეტუნიამ ერთ ოთახში დაობებული საბნები იპოვა და ჩრჩილნაჭამ დივანზე დადლის ლოგინი მოუწყო. თვითონ და ძია ვერნონი გვერდით ოთახში, ხის ოღროჩოღრო საწოლზე დაწვნენ. ჰარის სხვა რა გზა ჰქონდა, იატაკზე შედარებით მყუდრო ადგილი უნდა ეპოვა და სიფრიფანა, დაფლეთილ საბანში გახვეულიყო. ქარიშხალი უფრო და უფრო გამძვინვარდა. ჰარი ვერ იძინებდა. სიცივე ძვალსა და რბილში უვლიდა. კანკალებდა, აქეთ-იქით ბრუნავდა, ტრიალებდა, თან ცარიელი მუცელი უყურყურებდა. შუაღამისას ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა, დადლის ხვრინვაც კი გადაფარა. დივანზე გადმოკიდებულ მსუქან მაჯაზე დადლის საათი ეკეთა. ციფერბლატი ანათებდა და ჰარის ატყობინებდა, რომ ათ წუთში თერთმეტი წელი შეუსრულდებოდა. წიკწიკით ახლოვდებოდა დაბადების დღე. „ნეტავ ამათ თუ ახსოვთ,
— ფიქრობდა ჰარი, — ან ის უცნობი სად არის ახლა, მე რომ წერილებს მწერდა“. ხუთი წუთი დარჩა. გარედან ტკაცანი გაისმა. „ნეტავ ჭერი არ დაგვემხოს თავზე.
თუმცა, შეიძლება, მაშინ უფრო გათბეს კაცი“. დარჩა ოთხი წუთი! — „შინ რომ დავბრუნდებით, იქაურობა ალბათ წერილებით იქნება სავსე და იქნებ უჩუმრად ერთი ცალი მაინც ავიღო“. სამი წუთი. — „რა ტყაპატყუპია კლდეზე, ნუთუ ზღვის ხმაა?“ ორი წუთი! — „რა ხრაშუნებს ისე, თითქოს კლდე იფშხვნება ზღვაში?!“
ერთი წუთიც და, თერთმეტი წლის გახდება. 30 წამი. 20 წამი. ათი. ცხრა...
„დადლი ხომ არ გავაღვიძო, ისე, ჯინაზე“... სამი, ორი, ერთი.
— ბრააახ!
ქოხი შეზანზარდა. ჰარი წამოჯდა, კარს მიაჩერდა. გარეთ ვიღაც იდგა და კარზე აბრახუნებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent