სასრულეთი (თავი 41)
41 თავი დავუდი არასდროს ვიყავი მეოცნებე, არ მიყვარდა ოცნება, ყოველი წამი ოცნებაში გატარებული ფუჭად დაკარგულად მიმაჩნდა. სამაგიეროდ ბავშობიდანვე შესანიშნავად შემეძლო მიზნების დასახვა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევა. თითქმის მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ასე გავატარე მანამ, სანამ მას არ შევხვდი. თავიდან ლეა მიწვდომელ შორეულ ვარკვლავად მესახებოდა სხვა გალაქტიკიდან, რომლამდე მისაღწევადაც სინათლის წელიწადების უსაშველოდ დიდი რიგი მელოდა, მერე თითქოს ჯერ აუხდენელ ოცნებად მექცა, შემდეგ ოცნებად, რომელმაც ფრთები შეისხა და სასიამოვნო რეალობად გარდამექცა. ხომ ჩემს გვერდითაა, ხომ ასეთი რეალურია, მაგრამ ხანდახან ჯერ კიდევ მგონია რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი ზღაპარია და ტკივილამდე მეშინია მისი დასასრულის, მეშინია, რადგან ოცნება პირველად ლეამ გამაბედინა, ლეამ ამიტაცა აქამდე განუცდელ ნეტარების ღრუბლებში და მიწაზე დანარცხება ნამდვილად დამასახიჩრებს, მოსიარულე მკვდრად მაქცევს. მირჩევნია ისევ ვკამათობდეთ სასაცილო წვრილმანებზე და წამიერად მებუტებოდეს, იქნებ ამით ალაჰმა ნახოს, რომ სრულყოფილად ბედნიერები არ ვართ და განსაცდელი აგვაშოროს. ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს და მე, უშიშარ და ამაყ დავუდს, მიუსაფარი ბავშვივით მეშინია დაღმართზე დაშვების. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა მანამ, სანამ საიდი არ გამოჩნდა და თავისი დამცინავი მზერით არ დამემუქრა. არ მინდა, ლეას გამო, ჩვენი ჯერ არჩასახული და არდაბადებული სიყვარულის პირმშოების გამო არ მინდა სისხლით გავისვარო ხელი, მაგრამ უსისხლოდ მთის დაძვრაზე უფრო რთულია საიდის გაქრობა ჩვენი ცხოვრებიდან. ქარაფებთან შერკინებაა, როცა თაფლობისთვე გაქვს, საყვარელი ქალის აღტაცებული მზერით ბედნიერდები და მეორეს მხრივ, გულზე ლოდად გაწევს მოუგვარებელი გამოწვევა საიდის სახით. როგორც კი ლეას ან აბაზანაში ან მძინარეს დავიგულებდი, მაშინვე ფრთხილად ვეპარებოდი და საათობით ვსახავდით სამოქმედო სტრატეგიას ჯემალთან და ბიჭებთან ერთად. ისევე როგორც ჩემი, საიდის ოჯახიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია დღემდე ერაყში და ასეთი მარტივი არ იქნება მასთან ღიად დაპირისპირება. მის თვალთახედვის არეალში ლეას ყოფნა კი ცეცხლზე ნავთის დასხმა უფროა, მაგრამ როგორ გინდა ლეას ეს ყოველივე აუხსნა? მაშინ, როცა მეგონა, რომ თავადაც სიამოვნებით დამთანხმდებოდა ქორწილის შემდგომ ერაყიდან წასვლაზე, ჩემდა გასაოცრად გამომიცხადა, რომ სულაც არ აპირებდა ერაყის დატოვებას, მეტიც მთელი შემართებით იბრძოლებდა ერაყელი გოგონებისა და ქალების უფლებების დასაცავად ადრეული ქორწინებისა და ძალადობისგან. არც კი ვიცი, მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს. სხვა დროს, სხვა ვითარებაში ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, საყვარელი ქალი ჩემ გამო მზადაა მისთვის სრულიად უცხო სამყაროს შეეთვისოს, ამ უცხო სამყაროს კეთილდღეობისთვის იბრძოლოს, მაგრამ ასმაგი ძალისხმევა მომიწევს, რომ ერთის მხრივ კონსერვატორული საზოგადოების ნაწილისგან დავიცვა, და მეორეს მხრივ საიდისგან. მშვიდი ღამე და ბადრი მთვარე მყავდა არეული ფიქრების მოზიარე. ლეას უშფოთველად ეძინა მუცელზე და აბრეშუმის ნაზი ქსოვილი შიშველი სხეულის მხოლოდ საჯდომსღა ფარავდა. მთვარის შუქზე ოქროსფერი თმები დაუმორჩილებლად გადაჰფენოდა ხორბლისფერ ზურგს. შემეძლო დაუსრულებლად დავმტკბარიყავი ამ სანახაობით, ისე რომ რული არ მომკარებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მთვარეზეც კი ვეჭვიანობდი, თავის შუქს მის სხეულზე რომ ანაწილებდა ჩემს დაუკითხავად. ქორწილის შემდეგ მაქსიმალურად შევეცადე ლეასთვის დაუვიწყარი მოგონებები საგულდაგულოდ შემეკრიბა მაროკოს ფერებთან ერთად თაიგულად. მარაკეშის პალმების ხეივანში გაშენებულ ბელდი კლუბში გატარებული თაფლობისთვემ ერთმანეთის წყურვილს დაწაფებული ორი შეყვარებული არსება კიდევ უფრო დააგვახლოვა სიყვარულის დაუშრეტელ წყაროსთან. ფირუზისფერ აუზში ნება-ნება ვტკბებოდით ერთურთით. დარაჯად დაყუდებულ ატლასის ბუმბერაზი მთების ფონზე მაროკოული ყავა და ვარდის შარბათი თავისებურ რომანტიკულ ელფერს მატებდა მაროკოულ ფერად საღამოებს. არსად არ მინახავს ამდენი ფერი ერთადო, აჟიტირებული ტიტინებდა ლეა და ვინ იცის, მერამდენედ აღტაცებით შევსცქეროდი მის თვალებში აცეკვებულ ჭინკებსა და ვუხსნიდი, რომ ლამაზ ფერებად სახლების შეღებვა აქ უძველესი დროიდან იქცა ტრადიციად, მაროკოელები კი ტრადიციების მკაცრი მიმდევრები არიან და სწორედ ამიტომ დღესაც გვხიბლავს ეს ქვეყანა წითელი თუ ყვითელი, მწვანე თუ ზურმუხტისფერი ადგილებით. მარაკეშის ტურისტული ხმაურისგან თავშესაფარს ფირუზისფერ შეფშაუენში ვეძებდით. თვალებგაფართოებული უცქერდა ლეა ვიწრო ქუჩებს. - იცი, დავუდ, რომ არა ამ მოვაჭრეთა ადევნებული მზერა და შეძახილები, თავი ნამდვილად აღმოსავლურ ზღაპარში მეგონებოდა. აქაურობის თვალიერებისას მგონია, თითქოს ქალაქი მთების კალთებზე ციდან დაეშვა. და მაინც, რატომ არის ყველაფერი ლურჯი? - ადრე აქაურობა ევროპულ ინკვიზიციას გამოქცეული ებრაელების თავშესაფარი იყო, რომლებიც ესპანურ ექსპანსიას გამოექცნენ. ისინი აქ ცოტა ხანს დარჩნენ, მაგრამ წასვლის წინ თავიანთი სახლები სამახსოვროდ ცისფრად შეღებეს. ადგილობრივ მოსახლეობას მოეწონა ებრაელების იდეა და გააგრძელა მათი დაწყებული საქმე _ სახლების ცისფრად შეღებვა, მით უფრო, რომ ეს ფერი მათ წარმოდგენაში ღმერთთან სიახლოვეს აღნიშნავდა. ძველი წყაროები გვამცნობენ, რომ ძველად აქ სახლებს ღია ცისფერი შეფერილობა ჰქონდა, შემდეგ საუკუნეებში კი, ტურისტების მისაზიდად, მოლურჯო-ფირუზისფერი გახდა. მას სილამაზის გამო არაერთი სახელი შეარქვეს: ზურმუხტის ქალაქი, ქალაქი-ღრუბელი, ცისფერი ოცნების ქალაქი და სხვა. აქ ყველაფერი შერწყმულია ცისფერ ზეცასთან: სახლების კედლები, გაზონები, კარები, ღობეები, ფანჯრის რაფები… ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჰაშიში არ შემოგვთავაზა. აქ ჰაშიში ყველგან თავისუფლად მოიხმარება და ამიტომ მე პირადად რეაქცია არ მქონია, თავაზიანადაც ვაპირებდი უარით გასტუმრებას, როცა ლეა ერთიანად აცახცახდა და სახე გაუფერმკრთალდა. - ლეა, კარგად ხარ, რა მოგივიდა? - შეშფოთებულმა იქვე სკამძელზე ჩამოვაჯინე, არად დაგიდევდით ადგილობრივთა ცნობისმოყვარე მზერას. - კი, კარგად ვარ. არაფერია. უბრალოდ, ჰაშიშის ხსენებაზე ის დღე გამახსენდა, ათას ერთი ღამის სასახლეში, როცა გაბრუებული გამიტაცე. “გამიტაცე”- ამ ერთმა სიტყვამ დაიტია აქამდე უთქმელი ყველა წყენა, ტკივილი და ტანჯვა. ქარიშხალივით შემომეფეთა სახეში და ურცხვად ამიფრიალა სინდისს დამალული მოგონებები. საკუთარი ეგოს, სიყვარულად ქცეული ვნებისა და სურვილის გაპრავების უსუსური მცდელობებში ვერც შევამჩნიე ან არ მინდოდა მეფიქრა, რას გრძნობდა ლეა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში, როგორ გაიარა გზა სიძულვილიდან სიყვარულამდე და ოდესმე უნანია თუ არა თავისი არჩევანი. ცხადად დამიდგა თვალწინ შეშინებული თვალები, როგორ ცდილობდა ჩემგან თავის დაღწევას და როგორ ოცნებობდა ჩემს თვალწინ სხვა კაცთან დაბრუნებაზე. მე მაშინ მისთვის ურჩხული ვიყავი, რომელმაც ბედნიერების წყარო გადავუკეტე. და როდის შეეცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება? რა მოხდება, ისევ ისე რომ იფიქროს ჩემზე? შიშის ურჩხულები ულმობლად მიჭერდნენ ბრჭყალებს ყელზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. ისევ თვალწინ დამიდგა კარზე მუშტების რტყმისგან გადატყაული მთრთოლვარე ხელები და შეშფოთებული მზერა, სიურჩე, რომელიც კიდევ უფრო მახელებდა. ვინ იცის, იქნებ ის ქცევებიც, რაც მე რომანტიულად მეჩვენებოდა, მისთვის შევიწროება და ძალადობა იყო. ახლაც მახსოვს, როგორ გამაოგნა მისმა პასუხმა, როცა ვუთხარი, რომ ჩემი ბედისწერა იყო. “იქ, სადაც არჩევანის თავისუფლება ყველაზე შეზღუდულია. სწორედ ბედისწერის საბურველით ბურავენ ქალების აუხდენელ ოცნებებს, მიზნებსა და მისწრაფებებებს. თვითონ აღმოსავლეთია ერთი დიდი მედალი. მედლის ერთ მხარეს ის საოცრად გიზიდავს, ობობას საცეცებივით ედება შენს სულს და მასთან შერწყმას გაფიქრებს, ხოლო მეორეს მხრივ, როდესაც თავისად დაგიგულებს უმალვე გაჩვენებს მეორე მხარეს, სავსე აკრძალვებით, მორჩილებით, კრძალვით. საცეცებიც მაშინვე იწყებს შხამის გამოყოფას, მაგრამ შენ უკვე აღარ გაქვს წინააღმდეგობის ძალა და იძირები, იძირები, როგორც ჰაშიშით გაბრუებული თეთრ ნისლში.” - დავუდ, რაზე ჩაფიქრდი, ხომ გითხარი, უკეთ ვარ. - ოდნაშესამჩნევად გამიღიმა და თავი მხარზე მომადო, მეც გავუღიმე, და ხელში ატაცებული ვატარე სასტუმრომდე. მთელი სხეული დაძაბულობისგან ისე დამჭიმვოდა, თითქოს ხელში ბროლის თოჯინა მეჭირა, რომელიც ერთ არასწორ მოძრაობაზე ნამსხვრევებად იქცეოდა. *** ერაყში დაბრუნებისთანავე, როგორც კი ზღვა სტუმრებს თავი დავაღწიე, მაშინვე საიდის საქმის ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად გავეშურე. შეხვედრის ადგილად ჩრდილოეთ ბაღდადის მიყრუებული რაიონი შევარჩიეთ. დაბომბილ და გაპარტახებულ შენობების აჩრდილებს შორის მალევე გამოჩნდა შავი ჰამერების სილუეტები. ამ ალაჰისგან მიტოვებულ ადგილას არამც თუ ადამის მოდგმის, ქვეწარმავლის ჭაჭანებაც კი არ იყო. როგორც სჩვეოდა, დაცვას არ დაელოდა, იქედნური სითავხედით გამოემართა საიდი ჩემს შესახვედრად, რაზეც ბიჭებმა ეგრევე იარაღი აღმართეს. თუმცა ხელით ვანიშნე, ჩამოეშვათ. -სალამ ალეიქუმ. -ალეიქუმ ალ სალამ. -საიდ, ყოველგვარი პირფერობის გარეშე, მაინტერესებს ჩვენს ქორწილში რას აკეთებდი და რა ზრახვები გაქვს? იცოდე, რამე არ მიქარო. -თუ დაგავიწყდა დავუდ ბატონო, შეგახსენებთ რომ ორივენი ერაყის საგვარეულო არისტოკრატიას ვეკუთვნით და გინდა, არ გინდა ერთ წრეში უნდა ვიყოთ. მართალია ამ ბოლო დროს ამერიკელებმა გადაგარჯულეს და წინაპართა წესებს არ მიყვები, მაგრამ მე, როგორც მართლმორწმუნე მუსლიმი ადათების სადარაჯოზე ვარ. -მაშინ, შეგახსენებ, რომ არც ერთ მუსლიმს არ ეპატიება სხვის ცოლთან უნებართვოდ გამოლაპარაკება კი არა, შეხედვაც კი. როგორ გაბედე ლეასთან მიახლოება მაშინ, როცა ჩემთვის ცნობილი იყო შენი უწინდელი ზრახვები? -რატო ართულებ ყველაფერს. ეს შენ დაისვი სახარჭე ცოლად, თუმცა ვაღიარებ იმდენად მომხიბვლელია, შეიძლება მეც ვერ გამემეტებინა ჰარემის რიგითი წევრობისთვის. -სიტყვები აკონტროლე. -ისე ჩვენში დარჩეს და არ მეგონა ახალ ხორცს ასე მალე თუ მოიწყენდი. ჯერ ხო სულ ეხლახანს წახვედით თაფლობისთვეში. ააა, ხო გამახსენდა, რომ ჩვენი ძვირფასი ლეა ქალწული სულაც არ გახლდათ, ალბათ გამოცდილებაში დაგჯაბნა ჰო? აღიარე, ხომ მაგარია საწოლ... -გონს მაშინ მოვედი, როცა სისხლისფრად შეღებილ ჩემს მუშტს და საიდის გახლეჩილ ტუჩს შევხედე. ბიჭებს რომ არ გავეკავებინე შემომაკვდებოდა. -ვიღაც გადამთიელი გურჯის გამო არ გირჩევ დავუდ ჩემს გადამტერებას. დამითმე ეგ გოგო, ეხლა ჩემი ჯერია. - სანამ ტყვიით შუბლს ჩემი ხელით გაგიხვრეტდე, გირჩევ სიტყვები შეარჩიო და ლეასთან გაკარება არ გაბედო, თორემ ჩემი ხელით ამოგძირკვავთ ალი რიზას დაპალ მოდგმას. რაც წინაპარი, ის შთამომავლობა. ახლაღა შევამჩნიე ბატონი აბდულაჰი, ბიძაჩემი, რომელიც მუდმივად შუამავლის როლს ასრულებდა ხოლმე დაპირისპირებულ მხარეებს შორის. - დავუდ, საიდ, არ შეგფერით ეს საქციელი. ვერ ხედავთ რომ თქვენი კინკლაობა ერაყის ინტერესებს აზიანებს. ბავშვები ხომ არ ხართ შარბათი რომ ვერ გაუყვიათ? საიდ, ალაჰი არ გაპატიებს სხვისი ცოლის აუგად ხსენებას, მერე რა რომ ჩვენი რჯულის არ არის? არ გაქვს უფლება ქალის ღირსება სიტყვით შელახო. დავუდ, შვილო, ამ ერთხელ ჩემი თეთრი ჭაღარისა და ალაჰის სახელით აპატიე საიდს, მე და ჩემი ულვაში ვართ ნამუსი სიტყვისა, რომელიც აქ ითქმება. მიუხედავად საიდისადმი სიძულვილისა, ერთი რამ, რაც ორივეს გვაერთიანებდა ბატონი აბდულაჰის პატივისცემა იყო. მტრული მზერით გავაცილეთ ერთურთი. ამჯერად გადარჩა, მაგრამ როდემდე? საღამოს სახლში დაბრუნებულს როგორც წინა დღეებში ლეა შემომეგება და ხელები ყელზე მომხვია. მეც ჩემსკენ მივიხუტე და მხოლოდ მამაჩემის გაბმულმა ჩახველებამ მიმახვედრა, რომ ჩვენს გარდა მისაღებში სხვებიც იყვნენ. - რამე მოხდა? რა სახე გაქვს? - გაოცებულმა მიჩურჩულა ლეამ. - არაფერი ისეთი, ვივახშმოთ და მერე ვისაუბროთ. ვატყობდი, როგორ ცდილობდა ლეა ჩვენი ოჯახური ტრადიციებისადმი ფეხის აწყობას და გულში სითბო მეღვრებოდა. მერე მახსენდებოდა საიდის დიალოგი, ემოციების კასკადი მარწუხებივით მეხვეოდა და გულ-მუცელს მიმღვრევდა. მობოდიშებით დავტოვე სუფრა და ოთახში განვმარტოვდი. რამდენიმე წუთის მერე ლეაც შემოვიდა. - დავუდ, რა ხდება? რაც დავბრუნდით, ვეღარ გცნობ. სულ ჩაფიქრებული და დარდიანი ხარ. რამეზე ნერვიულობ? იქნებ ჩემზე გეუბნებიან რამეს? ვიცი რომ შენიანებისთვის მიუღებელია ჩემი ბევრი ქმედება თუ ნაბიჯი, მაგრამ ხომ იცი, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, უბრალოდ ჩემი პრინციპების ერთგული დავრჩები. - შენ არაფერ შუაში ხარ ლეა. არვიცი რამდენად სწორია ჩემი მხრიდან ამის ხმამაღლა გაჟღერება, მაგრამ შენი დაკარგვის მეშინია. მეშინია, რომ აქაურობამ არ ჩაგყლაპოს, ან აქაურ ადათებს ვერ შეგუებულმა ჩემზე არ თქვა უარი. - არასოდეს, გესმის, მე შენზე უარს არასოდეს ვიტყვი. - ჩუ, შენ ჯერ კიდევ არ იცი აქ როგორ ეშინიათ თავუსფლების. თავისუფალ ერაყზე ოცნებობენ და თავად თავისუფლებას გაურბიან, მე კიდე, არ მინდა რაიმე მხრივ შეიზღუდო. სადაც მეტყვი იქ წავიდეთ, ამერიკა, თურქეთი, საქართველო, ნებისმიერი ქვეყანა. თუ მაინდამაინც აღმოსავლეთი გინდა მარაკეშში გადავიდეთ. - დავუდ, ხო გავიარეთ ეს თემა. ჯერჯერობით აქ მინდა ყოფნა. აქ მიზნები მაქვს. ყოველთვის მსურდა, არა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მეცხოვრა, არამედ საზოგადოებისთვისაც წვლილი შემეტანა ჩემი საქმიანობით. როგორც იქნა აქ ვიპოვე საქმე, რომელიც მაბედნიერებს. იცი, დღეს 5 ოჯახი დავითანხმეთ, რომ გოგონასთვის სკოლაში სიარულის უფლება მიეცათ, ერთს კი არასასურველი ქორწინება გადავაფიქრებინეთ. ვიცი ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ მართლა გულწრფელად მჯერა, რომ შეგვიძლია დადებითი ცვლილებების მოხდენა. სადაც გახსენებ, შენ და შენს ოჯახს ყველა პატივს სცემს. ერთგვარი “მდგომარეობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება” მიწევს შენი ხსენებით ხოლმე რომ ხალხს ის ქმედებები გადავაფიქრებინოთ, რაც გოგოების უფლებებს ლახავს. - იცი, ეხლა თვალები როგორ გიბრწყინავს? ასეთი ლეა მაგიჟებს, მიზანდასახული და თავდაჯერებული. მეამაყები, ლეა, მოდი ჩემთან. - ვეღარ გავუძელი მის თვალებში მოკიაფე ვარსკვლავებს და ჩემსკენ მოვიზიდე. საყვარელი ქალის სურნელმა სწრაფადვე გაფანტა უარყოფითი ფიქრები, როგორც უდაბნოს ქვიშას გადახვეტს ხოლმე ცხელი ქარი და ოაზისს გამოაჩენს. ლეაა ჩემი ოაზისი. ლეაა ჩემი სამოთხე. მისი გახშირებული სუნთქვა და ჩემად დასაკუთრებულ მთრთოლვარე სხეულს ამოყოლილი კვნესაა ის სიმფონია, რომელიც მალამოდ ედება გულის იარებს და ისევ წარმოუდგენელი ოპტიმიზმით აღმავსებს. შეუძლებელია მასთან ერთობა შეიგრძნო და მთების გადადგმის შესაძლებლობა არ იწამო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.