შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი IX


29-06-2021, 12:57
ავტორი ცირაკო
ნანახია 757

თავი მეცხრე დუელი შუაღამისას
ჰარი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ როდისმე ისეთ ბიჭს გადაეყრებოდა, რომელიც დადლიზე მეტად შესჯავრდებოდა. ასე ეგონა მანამ, სანამ დრაკო მალფოი არ გაიცნო. საბედნიეროდ, მასთან შეხვედრა მხოლოდ სნეიპის გაკვეთილზე უწევდა, რომელიც გრიფინდორს და სლიზერინს ერთად უტარდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს გრიფინდორის საერთო ოთახში ახალი განცხადება დახვდათ გამოკრული, რომელიც იუწყებოდა, რომ ფრენის გაკვეთილები დაიწყებოდა ხუთშაბათიდან და გრიფინდორი და სლიზერინი ერთად იმეცადინებდნენ. ყველას ოხვრა აღმოხდა.
— ესღა მაკლდა, — შეწუხდა ჰარი, — სულ ამაზე არ ვოცნებობდი, ნეტავ მალფოის თანდასწრებით ცოცხზე შემსვა და შემარცხვინამეთქი?!
არადა, როგორ უნდოდა, ფრენა ესწავლა.
— ვინ შერცხვება, ეგ არავინ იცის, — აწყნარებდა რონი, — იცი რა, მალფოი ბევრს ტლიკინებს, ქვიდიჩში მაგარი ვარო, მაგრამ დაგენაძლევები, ტყუილი იქნება.
მალფოი, მართლაც, სულ ფრენაზე ლაპარაკობდა. ხმამაღლა გამოთქვამდა საყვედურს, პირველკურსელებს ქვიდიჩის გუნდში რატომ არ გვათამაშებენო. მერე ტრაბახით ყვებოდა გრძელ ამბებს, რომლებიც რატომღაც ყოველთვის ერთნაირად მთავრდებოდა: მაგლების ვერტმფრენებს ძლივს გადავურჩიო. სხვებიც იკვეხნიდნენ, მაგალითად, სიმუს ფინიგანი ამბობდა, მთელი ბავშვობა ცოცხზე გავატარე, სოფელში სულ აქეთ-იქით დავქროდიო. რონიც კი, თუ ვინმე მოუსმენდა, მოყვებოდა, ჩარლის ძველ ცოცხს მოვაჯექი და ცაში კინაღამ დელტაპლანს შევასკდიო. ჯადოქრების ოჯახში გაზრდილებისთვის ქვიდიჩი მუდმივი სალაპარაკო თემა იყო. რონმა უკვე წაკინკლავებაც მოასწრო დინ ტომასთან ფეხბურთის თაობაზე, რონი უმტკიცებდა, ვერაფრით დამაჯერებ, რომ თამაში, რომელშიც მხოლოდ ერთი ბურთი მოძრაობს და არავინ დაფრინავს, შეიძლება, საინტერესო იყოსო! დინი მათთან ერთად ცხოვრობდა და საწოლთან „ვესტ ჰემის“ საფეხბურთო გუნდის პლაკატი ჰქონდა გაკრული, ჰარიმ ერთხელ რონს იმ დროს შეუსწრო, ფეხბურთელებს თითს რომ უკაკუნებდა, ამოძრავდითო. !
ნევილმა თქვა: ცოცხზე არასოდეს ვმჯდარვარ, ამის ნებას ბებია არ მაძლევდაო. ჰარიმ იფიქრა, კარგადაც მოქცეულა, ნევილი მიწაზე ორივე ფეხით მდგარიც ახერხებს, რაიმე დაიმართოს და ჰაერში რა მოუვიდოდაო.
ჰერმიონ გრეინჯერი თითქმის ნევილივით ღელავდა. ფრენა ისეთი რამ იყო, წიგნში ამოკითხვა და დაზეპირება არ გამოდგებოდა, თუმცა არაერთხელ უცდია. ხუთშაბათს, საუზმეზე, ჰერმიონმა ყველას ყურები გამოუჭედა ფრენის ილეთების აღწერით, რაც ბიბლიოთეკის წიგნში — „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში“ — წაეკითხა, ნევილი დიდი ყურადღებით უსმენდა მის ნაამბობს, განსაკუთრებით ის აინტერესებდა, რაც ცოცხზე წონასწორობის შესანარჩუნებლად გამოადგებოდა. თუმცა სხვებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა ფოსტა მოვიდა და ჰერმიონის ლექცია შეწყდა.
ჰაგრიდის წერილის შემდეგ ჰარის არც ერთი წერილი აღარ მიუღია. მალფოის, რასაკვირველია, ეს ამბავი არ გამოეპარა. მას, სხვებისგან განსხვავებით, ზარნაშო ჰყავდა, რომელსაც ყოველდღე მისთვის შინიდან გამოგზავნილი ტკბილეული მოჰქონდა, ისიც ნიშნის მოგებით, იქვე, სლიზერინის საერთო სუფრაზე ხსნიდა ხოლმე. ნევილის ბუხრინწამ ერთხელ ბებიის გამოგზავნილი ციცქნა ამანათი მოიტანა. აღელვებულმა ნევილმა სასწრაფოდ გახსნა და ყველას სათითაოდ უჩვენა მინის
მომცრო ბურთი, თითქოს თეთრი ნისლით რომ იყო სავსე.
— ეს „მოსაგონარია“— აუხსნა ნევილმა ყველას, — რამე თუ დაგავიწყდა, გაგახსენებს. ბებიამ იცის, რომ სულ რაღაც მავიწყდება. ახლა ეს მომაგონებს ხოლმე. აი, ასე აიღებ ხელში და, თუ გაწითლდება... — ნევილი შეწუხდა, რადგან შეეხო თუ არა ბურთს, ის მაშინვე ალისფრად აკაშკაშდა.
ნევილი გულმოდგინედ ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, რა დაავიწყდა. ამ დროს გრიფინდორის მაგიდას დრაკო მალფოიმ ჩაუარა და ბურთი ხელიდან გამოსტაცა.
ჰარი და რონი ერთდროულად წამოიჭრნენ ფეხზე, რადგან საჩხუბრად მშვენიერი მიზეზი მიეცათ, მაგრამ პროფესორი მაკგონაგელი, რომელსაც ვერც ერთი მასწავლებელი ვერ დაასწრებდა ცხელი წერტილების აღმოჩენას, მყისვე იქ გაჩნდა.
— რა ხდება?
— მალფოიმ „მოსაგონარა“ წამართვა, პროფესორო. მალფოი მოიღუშა და ბურთი სასწრაფოდ მაგიდაზე დადო.
— უბრალოდ შევხედე, — თქვა და გაიძურწა. რა თქმა უნდა, კრაბისა და გოილის თანხლებით.
* * *
ოთხის ნახევარზე ჰარი, რონი და დანარჩენი გრიფინდორელები ბაღში გამოვიდნენ ფრენის პირველ გაკვეთილზე. ნათელი დღე იდგა. ნელი ნიავი ოდნავ არხევდა ბალახს. დამრეც მდელოზე დაეშვნენ და მინდვრისკენ აიღეს გეზი, აკრძალული ტყის საპირისპირო მხარეს. ავად ჩამუქებული ხეების ტევრი შორს მოჩანდა.
მთელი სლიზერინი უკვე ადგილზე დახვდათ. ოცი გრძელტარიანი ცოცხი კოხტად ეწყო მიწაზე ერთმანეთის გვერდით. ჰარიმ ერთხელ ყური მოჰკრა ფრედისა და ჯორჯის წუწუნს — სკოლის ცოცხები, ძალიან მაღლა თუ აიჭერი, რატომღაც ვიბრირებენ, ან ყოველთვის მარცხნივ იხრებიანო.
მადამ ჰუჩს, ფრენის მასწავლებელს, მოკლედ შეკრეჭილი ჭაღარა თმა და ქორივით ყვითელი თვალები ჰქონდა.
— აბა, რაღას ელოდებით! — რიხით შეუტია თავის მოსწავლეებს, — დადექით ცოცხის გვერდით. ჩქარა, ჩქარა!
ჰარიმ თავის ცოცხს დახედა. ძველი ცოცხი გაფარჩხული იდო მიწაზე.
— მარჯვენა ხელი ცოცხის გასწვრივ დაიკავეთ! — დასჭექა მადამ ჰუჩმა, — და თქვით: მაღლა!
— მაღლა! — იყვირეს ბავშვებმა.
ჰარის ცოცხი ახტა და მის ხელში აღმოჩნდა. უმრავლესობას არაფერი გამოუვიდა. ჰერმიონისა, მაგალითად, თავისთვის გაგორდა მიწაზე. ნევილისა არც განძრეულა. „ცოცხები, ალბათ, ცხენების მსგავსად გრძნობენ, როდის ეშინია პატრონს“, — გაიფიქრა ჰარიმ. ნევილმა ისეთი ათრთოლებული ხმით დაიყვირა, რომ ჩანდა, არავი— თარი სურვილი არ ჰქონდა, მიწას მოსწყვეტოდა.
ამის შემდეგ მადამ ჰუჩმა უჩვენა, როგორ უნდა ამხედრებულიყვნენ ცოცხზე და შეენარჩუნებინათ წონასწორობა. სათითაოდ ჩამოუარა ყველას, ამოწმებდა, ხელს ვინ როგორ უჭერდა ცოცხს. ჰარის და რონს ესიამოვნათ, როდესაც მალფოიმ საყვედური მიიღო, ასე არ ვარგა, თუ შენ მთელი ეს წლები ასე გეკავა, შეცდომით გისწავლიაო.
— სასტვენის ხმაზე ფეხი მაგრად დაჰკარით მიწას! — ბრძანა მადამ ჰუჩმა, — ცოცხი ჯერ სწორად გეკავოთ, რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე რომ აფრინდებით, ოდნავ წინ დახარეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ისევ მიწაზე დაეშვათ. სასტვენს უსმინეთ: ერთი, ორი და...
მადამ ჰუჩს ჯერ სასტვენი ტუჩთან არც მიეტანა, რომ ნევილმა მეტისმეტი ნერვიულობისა და მონდომებისაგან დროზე ადრე დაჰკრა ფეხი მიწას.
— დაბრუნდი, ბიჭო! — ყვიროდა მასწავლებელი, მაგრამ ნევილი ბოთლიდან ამოვარდნილი საცობივით აიჭრა ცაში. თორმეტი ფუტი... ოცი ფუტი... ნევილი გაფითრებული დასცქეროდა მიწას, რომელიც თანდათან შორდებოდა. მერე ცუდად გახდა, გვერდზე გადაცურდა, და... ყრუ ბრაგვანი გაისმა: ნევილის სხეული პირქვე განერთხა ბალახზე. მისი ცოცხი კი მიფრინავდა და მიფრინავდა. ჯერ ზევით აიჭრა, ცაში, მერე კი აუჩქარებლად გაფრინდა აკრძალული ტყისკენ და თვალს მიეფარა.
მადამ ჰუჩი, ნევილზე უარესად გაფითრებული, ბიჭისკენ დაიხარა.
— მაჯა აქვს მოტეხილი, — გაიგონა ჰარიმ მისი ხმა, — არაფერია, ბიჭო, არაფერი, წამოდექი!
შემდეგ სხვებს მიუტრიალდა:
— არც ერთი თქვენგანი ადგილიდან არ დაიძრას. ბიჭს საავადმყოფოში მივიყვან და მალე მოვალ, ცოცხები თავის ადგილას დააწყვეთ. გაფრთხილებთ, ვინც ასე არ მოიქცევა, ქვიდიჩის თქმასაც ვერ მოასწრებს, ისე გავარდება ჰოგვორტსიდან. გასაგებია? წავედით, ჩემო კარგო!
აცრემლებულმა ნევილმა მოტეხილი მაჯა მეორე ხელით დაიკავა და მადამ ჰუჩს დაეყრდნო. მადამ ჰუჩმა ხელი მოხვია და ნევილი კოჭლობით წაჰყვა.
როგორც კი თვალს მიეფარნენ, მალფოიმ სიცილი ატეხა.
— რა სახე ჰქონდა, დაინახეთ? შტერი! სლიზერინელები გამხიარულდნენ.
— მოკეტე, მალფოი! — შეუღრინა პარვატი პეტილმა.
— უჰ, ლონგბოტომი მოგწონს? — გაიცინა სლიზერინელმა პენსი პარკინსონმა, სახეზე ეტყობოდა რა გულქვაც იყო, — არ მეგონა, ჯღავანა სქელოებზე თუ გიჟდებოდი, პარვატი!
— ე, ნახეთ! — შესძახა მალფოიმ და ბალახებიდან რაღაც ამოიღო, — ის სულელური რაღაცაა, ლონგბოტომს რომ გამოუგზავნა ბებიამისმა. — ხელი გაშალა და მინის ბურთი ათასფრად აკიაფდა მზეზე.
— მომეცი აქ, მალფოი, — წყნარად უთხრა ჰარიმ. სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ მათ შეხედა.
მალფოიმ დამცინავი ღიმილით თქვა:
— მოდი; სადმე დავდებ, და ლონგბოტომმა თვითონ აიღოს. მაგალითად, ხეზე.
— მომეცი აქ! — იყვირა ჰარიმ, მაგრამ მალფოი ცოცხს მოახტა და ადგილიდან მოწყდა. არა, არ ტყუოდა, მართლა მშვენივრად დაფრინავდა. ყველაზე მაღალი მუხის კენწეროს რომ გაუთანაბრდა, ჩამოსძახა:
— მოდი და აიღე, პოტერ! ჰარიმ ცოცხს ხელი დასტაცა.
— არა! — იყვირა ჰერმიონ გრეინჯერმა, — მადამ ჰუჩმა თქვა, არ გაინძრეთო. შენი გულისთვის მერე ჩვენ უნდა მოგვხვდეს!
ჰარის ვითომ არც გაუგონია. ყურებში სისხლი უშხუოდა. სწრაფად გადაჯდა ცოცხზე, დაჰკრა ფეხი მიწას და მაღლა აიჭრა. ქარი თმას უწეწავდა, ტანისამოსს უფრიალებდა. უცებ უსაზღვრო სიხარულით აივსო — აი, ეს, რასაც ახლა აკეთებს, არავის უსწავლებია მისთვის; რა იოლი ყოფილა, რა მშვენიერი! ცოცხის ტარი მაღლა ასწია და აფრინდა. მიფრინავდა მაღლა, სულ მაღლა. ქვემოდან ესმოდა გოგონების წივილ-კივილი და რონის აღფრთოვანებული ყიჟინა.
ჰაერში მოტრიალდა და პირისპირ დაუდგა მალფოის. მალფოი გაოცებული უცქეროდა.
— მომეცი, თორემ ჩამოგაგდებ მაგ ცოცხიდან! — შესძახა ჰარიმ.
— მართლა? — მალფოი ცდილობდა, დამცინავი სახე მიელო, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დამფრთხალი ჩანდა.
ჰარი რაღაცნაირად გრძნობდა, როგორ უნდა ემართა ცოცხი. წინ გადაიხარა, ტარს ორივე ხელი მაგრად ჩასჭიდა და შუბივით გაექანა მალფოისაკენ. მალფოი დროზე ჩამოეცალა გზიდან. ჰარიმ დაამუხრუჭა, მობრუნდა და გაჩერდა. ქვემოთ ტაში დასცხეს.
— კრაბი და გოილი აქ ვეღარ გიშველიან, მალფოი! — გასძახა ჰარიმ. როგორც ჩანს, მალფოიც იმავეს ფიქრობდა.
— აბა, დაიჭი, თუ შეგიძლია! — ბურთი მაღლა ატყორცნა მალფოიმ და თვითონ მაშინვე ძირს დაეშვა, მიწაზე.
თითქოს შენელებულ კადრებს უცქერისო, ისე მიადევნა ჰარიმ თვალი ბურთს, რომელიც ჯერ მაღლა წავიდა, შემდეგ დაბლა. ჰარი წინ გადაიხარა, ცოცხის ტარი ქვემოთ მიმართა და ელვის სისწრაფით დაიწყო დაშვება, ბურთს გაასწრო. ქარი ყურებში უწუოდა და მოსწავლეების შეძახილებს ფარავდა. მიწასთან მიახლოებულმა ხელი გაიწვდინა და ცოცხი გაასწორა. გაჩერება და ბურთის დაჭერა ერთი იყო ჰარი რბილად გადაკოტრიალდა ბალახზე, ბურთი კი საიმედოდ ეჭირა ხელში.
— ჰარი პოტერ!!!
გული კოჭებში უფრო სწრაფად ჩაუვარდა, ვიდრე ახლახან თვითონ მოექანებოდა ძირს. პროფესორი მაკგონაგელი მისკენ მორბოდა, აკანკალებული ჰარი ფეხზე წამოხტა.
— არასოდეს, რაც ჰოგვორტსში თავი მახსოვს... — აღელვებული პროფესორი მაკგონაგელი ძლივს აბრუნებდა ენას. სათვალე მზეზე ულაპლაპებდა, — როგორ გაბედე! ხომ შეიძლებოდა, კისერი მოგეტეხა!
— მაგის ბრალი არ არის, პროფესორო.
— გაჩუმდი, მის პეტილ!
— მალფოიმ...
— კმარა, მისტერ უისლი! პოტერ, ახლავე გამომყევით!
მალფოი, კრაბი და გოილი გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჰარიმ დაინახა მათი გაბრწყინებული სახეები, მაგრამ სხვა რაღა დარჩენოდა, ხმაამოუღებლივ მიჰყვა ციხე-კოშკისკენ პროფესორ მაკგონაგელს. მიდიოდა და დარწმუნებული იყო, რომ გარიცხავდნენ. უნდოდა, რაღაც ეთქვა, თავი ემართლებინა, მაგრამ ხმა აღარ ჰქონდა. პროფესორი მაკგონაგელი ისე მიქროდა, ზედაც არ უყურებდა. ჰარი ძლივს ეწეოდა. მორჩა, სულ თავისი ბრალია. ჯერ ორი კვირაც არ გასულა. ახლა ათ წუთში ბარგსაც ჩაალაგებინებენ. დერსლები რას იტყვიან, კარს რომ გააღებენ და ჰარის დაინახავენ?
ცენტრალური კიბე აიარეს, შემდეგ მარმარილოს კიბით ავიდნენ. პროფესორი მაკგონაგელი კვლავ ჩუმად მიქროდა, ყველა კარს ხმაურით აღებდა, დერეფანშიც არ შეუნელებია ნაბიჯი. ჰარი ძლივს მილასლასებდა, ალბათ დამბლდორთან მივყავარო, ფიქრობდა ჰარი. ჰაგრიდი გაახსენდა. ისიც ხომ გარიცხეს, მაგრამ ნება დართეს ტყის მცველად დარჩენილიყო. იქნებ, ჰაგრიდის თანაშემწედ მაინც დატოვონ. ჰარის გული დასწყდა იმის წარმოდგენაზე, რომ რონი და სხვები ჯადოქრები გახდებოდნენ, ის კი ჰაგრიდის ჩანთას აიკიდებდა და ბაღის ტერიტორიაზე წინ და უკან ივლიდა.
პროფესორი მაკგონაგელი ერთ საკლასო ოთახთან შეჩერდა, კარებში თავი შეყო და თქვა:
— ბოდიშს გიხდით, პროფესორო ფლიტვიკ, თუ შეიძლება, ვუდი ცოტა ხანს მათხოვეთ!
„ვუდი? ნეტავ ეს ვუდი რაღა არის. თუ დასჯას მიპირებს, ალბათ ხელჯოხია, სხვა რა იქნება“, — გაიფიქრა ჰარიმ.
მაგრამ ვუდი ადამიანი აღმოჩნდა — ზორბა მეხუთეკურსელი ბიჭი, რომელიც დაბნეული სახით გამოვიდა ფლიტვიკის გაკვეთილიდან.
— მომყევით! — ბრძანა პროფესორმა მაკგონაგელმა და დერეფანს გაუყვა. გზადაგზა ვუდი ცნობისმოყვარედ უცქეროდა ჰარის.
— აქ შემოდით!
საკლასო ოთახში არავინ იყო, თუ პივსს არ ჩავთვლით, რომელიც უწმაწურ სიტყვებს წერდა დაფაზე.
— გადი, პივს! — უბრძანა მაკგონაგელმა. პივსმა ცარცი მოისროლა და უკმაყოფილო ბუზღუნით გავიდა ოთახიდან. პროფესორმა მაკგონაგელმა კარი ზურგს უკან მიუჯახუნა და ბიჭებს მიმართა:
— პოტერ, ეს ოლივერ ვუდია. ვუდ, მე შენ სიკერი გიპოვე. ვუდი ჯერ გაოცდა, მერე უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა.
— სერიოზულად მეუბნებით, პროფესორო?
— რა თქმა უნდა, ეს ბიჭი ამისთვის არის დაბადებული. მსგავსი არაფერი მინახავს. — ცოცხზე დღეს პირველად დაჯექი, არა, პოტერ?
ჰარიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ვერ ხვდებოდა, რა ამბავი იყო მის თავს, მაგრამ როგორც ჩანდა, გარიცხვა არ ემუქრებოდა. იგრძნო, რომ ფეხებში ძალა დაუბრუნდა.
— ორმოცდაათი ფუტის სიმაღლიდან პიკირებით დაიჭირა, აი, ეს, რაც ხელში უკავია, — უთხრა პროფესორმა მაკგონაგელმა ვუდს, — ნაკაწრიც კი არსად არა აქვს. ამას ჩარლი უისლიც ვერ მოახერხებდა.
ვუდს ისეთი ნეტარი სახე ჰქონდა, თითქოს მთელი ცხოვრების ოცნება აისრულაო.
— ქვიდიჩი ოდესმე გინახავს, პოტერ? — აღელვებული ვუდი ახლა ჰარის მიუბრუნდა.
— ვუდი გრიფინდორის გუნდის კაპიტანია, — აუხსნა პროფესორმა მაკგონაგელმა ჰარის.
— აგებულებით ზედგამოჭრილი სიკერია, — ვუდი გარშემო უვლიდა ჰარის და ათვალიერებდა, — მსუბუქი, მარდი... კარგი ცოცხი უნდა ვუშოვოთ, ალბათ „ნიმბუს-2000“, ან „ქლინსვიპ-7“.
— პროფესორ დამბლდორს დაველაპარაკები, რომ გამონაკლისის სახით, ნება დართოს პირველკურსელს, ნაკრებში ითამაშოს. ღმერთო, როგორ გვჭირდება ძლიერი გუნდი. ისე სამარცხვინოდ წავაგეთ სლიზერინთან ბოლო მატჩი, რომ სევერუს სნეიპს დიდხანს ვერ ვუყურებდი თვალებში...
პროფესორმა მაკგონაგელმა სათვალის ზემოდან მკაცრად გადმოხედა ჰარის.
— პოტერ, იცოდე, ბევრი უნდა ივარჯიშო, თორემ გადავიფიქრებ და დაგსჯი. “შემდეგ კი გაიღიმა. — მამაშენი იამაყებდა. თვითონაც ბრწყინვალედ თამაშობდა
ქვიდიჩს...
* * *
— არა, შენ ხუმრობ, — არ დაიჯერა რონმა, როდესაც სადილობისას ჰარიმ უამბო, რა მოხდა და რისთვის წაიყვანა პროფესორმა მაკგონაგელმა. რონს ღვეზელიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.
— რაა? სიკერი? ჰო, მაგრამ, პირველკურსელები არასოდეს... შენ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იქნები ამ ბოლო...
— საუკუნის განმავლობაში, ასე თქვა ვუდმა, — უთხრა ჰარიმ და ღვეზელი პირისკენ გააქანა. ამდენი მღელვარების მერე საშინლად მოშიებოდა.
ისეთი მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო რონისთვის ეს ამბავი, რომ გაოცებული იჯდა და ჰარის შესცქეროდა.
— ვარჯიშს მომავალ კვირას ვიწყებ, — თქვა ჰარიმ, — ოღონდ არავის უთხრა. ვუდს უნდა, რომ საიდუმლოდ დარჩეს.
დარბაზში ფრედ და ჯორჯ უისლები შემოვიდნენ და სასწრაფოდ ჰარისთან მივიდნენ. |
— ყოჩაღ! — ხმადაბლა შეაქო ჯორჯმა, — ვუდმა ყველაფერი გვიამბო. ჩვენც ნაკრებში ვართ — ბიტერები.
— გეუბნები, ქვიდიჩის თასს წელს ნაღდად ავიღებთ! — თქვა ფრედმა,— რაც ჩარლი წავიდა, სულ ვაგებთ. ახლა მაგათ ვუჩვენებთ!.. შენ მაგარი იქნები, ჰარი. ვუდი გიჟს ჰგავდა, რომ გვიყვებოდა.
— აბა, წავედით, ლი ჯორდანი ამტკიცებს, სკოლის ახალ საიდუმლო გასასვლელს მივაგენიო.
— ნახე, თუ ის არ იყოს, ჩვენ რომ პირველ კვირას ვიპოვეთ, გრეგორი მლიქვნელის ქანდაკების უკან. ნახვამდის.
ის იყო, ფრედი და ჯორჯი წავიდნენ, რომ ახლა ფრიად უსიამოვნო ჯგუფი წამოადგათ თავზე: მალფოი მობრძანდა კრაბისა და გოილის თანხლებით.
— ბოლო სადილია, არა პოტერ? შენი მატარებელი როდის გადის მაგლებისკენ?
— რაც მიწაზე დაეშვი და შენი პატარა მეგობრები გვერდით მოიყენე, ცოტა მოვაჟკაცებულხარ, — ცივად უთხრა ჰარიმ. კრაბს და გოილს პატარები ნამდვილად არ ეთქმოდათ, მაგრამ პასუხად ბევრს ვეღარაფერს გაბედავდნენ, რადგან მასწავლებლები იქვე იყვნენ, თავიანთ მაგიდასთან. ამიტომ, დიდი-დიდი, თითებს გაატკაცუნებდნენ და შეუბღვერდნენ.
— ერთი ერთზე შევხვდეთ, როცა ინებებ! — მალფოი არ ხუმრობდა, –თუ გნებავს, ამაღამვე გავმართოთ ჯადოქრების დუელი. მხოლოდ ჯოხები — არავითარი ფიზიკური შეხება. რა მოგივიდა? გეტყობა, ჯადოქრების დუელის შესახებ არც გაგიგონია.
— გაუგონია, გაუგონია, ნუ ღელავ, — ჩაერთო რონი, — სეკუნდანტი მე ვიქნები. შენი ვინ არის?
მალფოიმ თავისი დამქაშები შეათვალიერა.
— კრაბი, შუაღამისას, იმ ოთახში, სადაც ჯილდოები და პრიზებია გამოფენილი
— არასოდეს არ იკეტება.
მალფოი წავიდა. ჰარიმ რონს გადახედა.
— ჯადოქრების დუელი რას ნიშნავს ან სეკუნდანტი რა საჭიროა?
— თუ მოკვდი, სეკუნდანტმა უნდა მოგიაროს, — ისე თქვა რონმა, ვითომც არაფერიო, და როგორც იქნა, თავისი გაცივებული ღვეზელი ჩაკბიჩა. მაგრამ ჰარის სახეს რომ შეხედა, სასწრაფოდ დაუმატა: სიკვდილი მხოლოდ ნამდვილ დუელში ხდება, ნამდვილ ჯადოქრებთან. შენ და მალფოი ნაპერწკლებს დააყრით ერთმანეთს. არც ერთმა იმდენი არ იცით, მეორეს რაიმე ავნოთ. ალბათ, ეგონა, უარს ეტყოდი.
— ეგ ნაპერწკლებიც რომ არ გამომივიდეს და ტყუილად ვიქნიო ჯოხი?
— მაშინ იქით მოისროლე და ყბაში მოსდე, — თქვა რონმა.
— უკაცრავად!
ერთდროულად აიხედეს, ეს უკვე ჰერმიონ გრეინჯერი იყო.
— აქ როდისმე ჭამას დაგაცლიან? — გაბრაზდა რონი.
ჰერმიონს მისი აზრი არ აინტერესებდა, ჰარის მიმართა:
— შემთხვევით ყური მოვკარი შენი და მალფოის საუბარს და...
— ნაძლევს დავდებ, შემთხვევით არ იქნებოდა, — ჩაიბუზღუნა რონმა.
— და მიმაჩნია, რომ შენ არა გაქვს უფლება, ღამით სკოლის ოთახებში იბოდიალო. თუ დაგიჭირეს, საჯარიმო ქულას მთელ გრიფინდორს მისცემენ. დაჭერით კი უსათუოდ დაგიჭერენ. ეს შენი მხრიდან ეგოისტური საქციელია.
— ეგ შენ სულაც არ გეხება! — მოუჭრა ჰარიმ.
— კარგად ბრძანდებოდე! — დაამატა რონმა.

* * *
„არც ისე კარგად დამთავრდა დღევანდელი დღე“, — ფიქრობდა ჰარი, როცა მოგვიანებით ლოგინში იწვა და ესმოდა, როგორ წვებოდნენ დასაძინებლად დინი და სიმუსი (ნევილი ჯერ არ დაბრუნებულიყო საავადმყოფოდან). რონი მთელი საღამო რჩევა-დარიგებებს აძლევდა, ძირითადად, ასეთს: „თუ წყევლას მოგივლენს, როგორმე უნდა აიცილო, გვერდულად დაუსხლტი ან რაიმე ამგვარი მოიმოქმედე, ბლოკირება არ მახსოვს“. დიდი შანსი იყო, ფილჩს ან მისის ნორისს ჩაცვივნოდნენ ხელში. ჰარი გრძნობდა, ცეცხლს ეთამაშებოდა, რადგან ხელახლა არღვევდა სკოლის განაწესს. მეორე მხრივ, სულ თვალწინ ედგა მალფოის დამცინავი სახე და ახლა პირისპირ შეხვედრაზე უარის თქმა ნამდვილად არ შეეძლო.
— თორმეტის ნახევარია, თუ მივდივართ, წავიდეთ, — ჩუმად თქვა რონმა. ხალათები შემოიცვეს, აიღეს ჯადოსნური ჯოხები, ხვეულ კიბეს ფეხაკრეფით
ჩაუყვნენ და გრიფინდორის საერთო ოთახში ჩავიდნენ. რამდენიმე ნაკვერჩხალი ისევ ღვიოდა ბუხარში და სავარძლებს კუზიან ჩრდილებად აჩენდა. ის იყო, პორტრეტიან გასასვლელს მიუახლოვდნენ, რომ უახლოესი სავარძლიდან ხმა გაისმა:
— ნამდვილად არ მეგონა, ამას თუ იზამდი, ჰარი!
შუქი აინთო. სავარძელში ჰერმიონ გრეინჯერი იჯდა, ვარდისფერი ხალათი ეცვა და წარბშეკრული უცქეროდა მათ.
— შენ, ეი, ახლავე მოუსვი აქედან! — რონს მოთმინება დაეკარგა.
— მინდოდა, შენი ძმისთვის მეამბნა, რაც ხდება, — წაისისინა ჰერმიონმა, — ბოლოს და ბოლოს, პერსი ჩვენი პრეფექტია და ამას არ დაუშვებს მეთქი...
ჰარი განცვიფრდა, როგორ აძლევენ ადამიანები თავის თავს უფლებას, ასე ჩაერიონ სხვის საქმეში!
— წავედით, — უთხრა რონს. ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტი გადაიწია და ჰარი ხვრელში გაძვრა.
ჰერმიონი ასე ადვილად დათმობას არ აპირებდა. რონის შემდეგ ისიც გადმოძვრა, თან გაბრაზებული ბატივით სისინებდა:
— გრიფინდორი ფეხებზე გკიდიათ, არა? მხოლოდ თქვენს თავზე ფიქრობთ. დიახ, არ მინდა, რომ სლიზერინმა გვაჯობოს. თქვენ იმ ქულებს გვაკარგვინებთ, მე რომ მომცა პროფესორმა მაკგონაგელმა გადაქცევის შელოცვაში.
— წადი აქედან!
— კი ბატონო, ოღონდ ხვალ მატარებელში რომ ჩაგსვამენ და ორივეს შინ გაგისტუმრებენ, მაშინ მოიგონეთ ჩემი სიტყვები. იცი, ვინა ხართ...
მაგრამ ვინ იყვნენ, ამის გაგება ვერც ერთმა ვერ მოასწრო, რადგან ჰერმიონს პირზე შეაცივდა სიტყვა. კარს რომ მიუბრუნდა უკან დასაბრუნებლად, აღმოჩნდა, რომ ფუშფუშა ქალბატონი იქ აღარ აბრძანდებოდა. ეტყობა, ვიღაცასთან წასულიყო ღამის
ვიზიტზე. ცარიელი ჩარჩო ეკიდა და ჰერმიონი გრიფინდორის კოშკში ვეღარ შევიდო<”“
— ახლა რაღა ვქნა? — იკითხა ცივად.
— ეგ შენი პრობლემაა, — მიუგო რონმა, — ჩვენ წავედით, ისედაც დაგვაგვიანდა. დერეფნის ბოლომდე არ იყვნენ მისულები, რომ ჰერმიონი წამოეწიათ:
— თქვენთან ერთად მოვდივარ. — განაცხადა მან.
— არსადაც არ წამოხვალ!
— აბა, აქ ვიდგე და ფილჩს ველოდო, როდის დამიჭერს? სამივეს ერთად თუ დაგვიჭერს, მე ვეტყვი, რომ არ გიშვებდით და არ დამიჯერეთ. სიმართლეს ვიტყვი და თქვენც დამიდასტურებთ.:
— რა აუტანელი ვინმე ხარ, — ცოტა ხმამაღლა უთხრა რონმა.
— გაჩუმდით ორივე! — გაბრაზდა ჰარი, — რაღაც ხმა მესმის. მართლაც, ქსუტუნივით რაღაც ისმოდა.
— მისის ნორისი ხომ არ არის? — დაიჩურჩულა რონმა და სიბნელეში თვალები დააცეცა.
არა, ეს მისის ნორისი არ იყო. ეს იყო ნევილი. იატაკზე იწვა და ეძინა. ფეხის ხმაზე გაეღვიძა.
— მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, მიპოვეთ. რამდენი ხანია, აქა ვარ. დასაძინებლად ვერ მივდივარ, ახალი პაროლი ვერ გავიხსენე.
— ნევილ, ჩუმად ილაპარაკე. პაროლი „ღორის დინგია“, მაგრამ ახლა მაინც ვერ შეხვალ. ფუშფუშა ქალბატონი სადღაც წასულა.
— ხელი როგორა გაქვს? — ჰკითხა ჰარიმ.
— კარგად. მადამ პომფრიმ წუთში მომირჩინა.
— კარგი. ნევილ, ჩვენ ახლა ერთ საქმეზე მივდივართ. მალე მოვალთ...
— არ დამტოვოთ! — იყვირა ნევილმა და ასადგომად დაფაცურდა. — მარტო ვერ დავრჩები. სისხლისმსმელმა ბარონმა ორჯერ ჩამიარა უკვე.
რონმა საათს დახედა, მერე გაბრაზებული მიუბრუნდა ჰერმიონს და ნევილს:
— თქვენი გულისათვის თუ ჩავცვივდით, იცოდეთ, ვისწავლი ჭინკების იმ წყევლას, ქვირელი რომ გვეუბნებოდა, და თქვენზე გამოვცდი!
ჰერმიონმა პირი გააღო. ალბათ, აპირებდა, რონისთვის ჭინკების წყევლა ესწავლებინა, მაგრამ ჰარიმ არ დააცადა, ჩუო, და ყველანი ერთად გაუდგნენ გზას.
დერეფნებში მაღალი ფანჯრებიდან შემოსული მთვარის შუქი ნათელ ზოლებად ეფინა იატაკზე. ცდილობდნენ, უხმაუროდ ევლოთ. ყოველ კუთხე-კუნჭულში ფილჩი და მისი კატა ელანდებოდათ, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ერთი არ შეხვედრიათ. ფეხაკრეფით აიარეს მარმარილოს კიბე, მესამე სართულზე ავიდნენ და, აი, ის ოთახიც, სადაც სხვადასხვა სახის ჯილდოები იყო გამოფენილი, მალფოი და კრაბი ჯერ არ მოსულიყვნენ. ექსპონატები: თასები, ფარები, ჭურჭელი, სტატუეტები — მინის კოლოფებში იყო მოთავსებული. მთვარის შუქი სადაც ეცემოდა, ვერცხლისა და ოქროს ბზინვარება კიდევ უფრო თვალისმომჭრელი ხდებოდა. კედელს აეკვრნენ, თან გაფაციცებით შესცქეროდნენ ოთახის ორივე კარს, ჰარიმ ჯადოსნური ჯოხი მოიმარჯვა, მალფოი უცებ არ დამაცხრეს თავზეო. დრო გადიოდა.
— დააგვიანდა, — თქვა რონმა. — ალბათ, შეეშინდა!
გვერდით ოთახში რაღაც ხმა გაისმა. ჰარიმ, ის იყო, ჯოხი ასწია, რომ ვიღაცამ დაილაპარაკა. არა, ეს მალფოი არ იყო.
— კარგად დაყნოსე, ჩემო კარგო, სადმე კუთხეში იქნებიან მიმალულები.
ფილჩი იყო. თავის კატას ელაპარაკებოდა. ჰარიმ, აბა, მომყევითო, ანიშნა ყველას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, მოპირდაპირე მხარეს გაცვივდნენ გულგახეთქილები. ნევილის მანტიის კალთა კუთხეს მიეფარა თუ არა, ოთახში ფილჩიც შემოვიდა.
— აქ არიან, სადღაც. იმალებიან, — ესმოდათ ფილჩის ხმა.
— აქეთ, აქეთ, — ჩურჩულებდა ჰარი. ახლა უკვე იმ გალერეაში იყვნენ, სადაც მუზარადები და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობა იყო გამოფენილი. ფილჩის ხმა თანდათან უახლოვდებოდათ. ნევილს ნერვებმა უმტყუნა, შეშინებულმა დაიჭყივლა და ადგილიდან მოწყდა, მაგრამ წაბორძიკდა, რონს ხელი წაავლო, ორივენი ერთად რომელიღაც რაინდის რკინის აბჯარ-მუზარადს შეასკდნენ და ააყირავეს.
ისეთი გრგვინვა-გრუხუნი ატყდა, მალე მთელი ციხე-კოშკი ფეხზე დადგებოდა.
— გავიქცეთ! — იყვირა ჰარიმ და მოკურცხლეს. ისე გარბოდნენ, უკან არც კი მოუხედავთ, ფილჩი მოგვდევს თუ არაო. რომელიღაც კარი გამოცანა გააღეს, თავ-პირის მტვრევით გაირბინეს ჯერ ერთი დერეფანი, მერე მეორე, მერე კარ-გობელენში გავიდნენ და რაღაც საიდუმლო გასასვლელში ამოყვეს თავი. ყველანი ჰარის მიჰყვებოდნენ, მას კი წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყვნენ ან საით გარბოდნენ. ცოტა კიდევ ირბინეს და ბოლოს იმ აუდიტორიის გვერდით აღმოჩნდნენ, სადაც შელოცვის მეცადინეობები უტარდებოდათ. ეს აუდიტორია პრიზების ოთახიდან ძალიან შორს იყო.
— მგონი, გამოვექეცით. — აქოშინებული ჰარი კედელს მიეყრდნო და სველ შუბლზე ხელი მოისვა. ადუდღუნებულ-ასლუკუნებული ნევილი ისე მოიხარა, შუაზე მოკეცილი გეგონებოდათ.
— ხომ გაგაფრთხილეთ! — სულს ძლივს ითქვამდა ჰერმიონი, — გაგაფრთხილეთ თუ არა!
— ახლა როგორმე გრიფინდორის კოშკში უნდა დავბრუნდეთ! — თანაც, რაც შეიძლება, ჩქარა, — თქვა რონმა.
— მალფოიმ მოგატყუა, ხვდები ამას? — არ ეშვებოდა ჰერმიონი პარის, — მოსვლა არც უფიქრია. ფილჩმა იცოდა, რომ იქ იქნებოდით. მალფოი ჩააწვეთებდა, აბა, სხვა ვინ?!
ჰარიმ იფიქრა, ალბათ, მართლაც ასე იქნებოდაო, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა:
— წავედით!
სათქმელად ადვილი იყო. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრეს მხოლოდ, რომ კარის სახელური აჩხაკუნდა და წინა საკლასო ოთახიდან ტყვიასავით გამოვარდა რაღაც. ეს პივსი იყო. ამათი დანახვით გამხიარულებულმა ერთი ამბავი ატეხა.
— პივს, გაჩუმდი რა, ძალიან გთხოვ. ყველას გაგვყრიან! პივსი უარესად აკრიახდა:
— ამ შუაღამისას სად დახეტიალობთ, პატალა პილველკულსელებო! ნწუ, ნწუ, ნწუ. ასე ალ ვალგა, ალა. ახლა დაგიჭელენ.
— არ დაგვიჭერენ, შენ თუ არ გაგვცემ.
— ახლავე ფილჩს შევატყობინებ!
პივსი უცოდველივით კი ლაპარაკობდა, მაგრამ თვალები ბორო–ტად უელავდა.
— ამას თქვენივე საკეთილდღეოდ ვაკეთებ, ლომ იცოდეთ.
— აბა, ახლავე მოშორდი აქედან! — უყვირა რონმა და ხელი მოუქნია. ეს ნამდვილად დიდი შეცდომა იყო.
— აქ სტუდენტები არიან! არ სძინავთ! — დაიღრიალა პივსმა რაც ძალი და ღონე ჰქონდა. — აქეთ, აქეთ, შელოცვების დერეფანში!
ჰაერში გამოკიდებული პივსის ქვეშ სათითაოდ გაძვრნენ და თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ. დერეფნის ბოლოს კარს შეასკდნენ. კარი ჩარაზული დახვდათ.
— მორჩა, — ამოიგმინა რონმა, — დავიღუპეთ. ყველაფერი გათავდა.
ნაბიჯების ხმა ცხადად ისმოდა. ეს ფილჩი გამორბოდა იქით, საიდანაც პივსის ძახილი გაიგონა.
— მომეცალეთ! — იყვირა ჰერმიონმა, ჰარის ჯადოსნური ჯოხი გამოსტაცა, კარის საკეტზე დააკაკუნა და ჩურჩულით წარმოთქვა: — ალოჰომორა!
კარმა დაიჩხაკუნა და უცებ ყურთამდე გაიღო. შეცვივდნენ, სწრაფად მოკეტეს და ზედ ყური მიადეს.
— საით გაიქცნენ, პივს? — ეკითხებოდა ფილჩი, — ჩქარა მითხარი!
— ჯერ შენ მითხარი — „თუ შეიძლება“!
— მორჩი ახლა! გეკითხები, საით წავიდნენ მეთქი!
— არაფერს არ გეტყვი, სანამ „თუ შეიძლებას“ არ მეტყვი, — წაიმღერა პივსმა.
— ჰო, კაი — თუ შეიძლება!
— არაფერი! ხა-ხა-ხა! ხომ გითხარი, „არაფერს“ არ გეტყვი, თუ შენ „თუ შეიძლებას“ არ მეტყვი მეთქი! ხა-ხა-ხა... — პივსი გაფრინდა, ფილჩმა გაბრაზებულმა შეიგინა.
— ამ კარზე ფიქრობს, დაკეტილიაო, — ჩურჩულით თქვა ჰარიმ, — გადავრჩით, მგონი... მომეშვი, ნევილ, რა გინდა, რა!
ჰარიმ მიიხედა და დაინახა, რა უნდოდა ნევილს, ამდენ ხანს რატომ ექაჩებოდა სახელოზე და ხმას არ იღებდა. დაინახა და იფიქრა, აი, ახლა ნამდვილად სიზმარში შევაბიჯე, კოშმარულ სიზმარშიო. აბა, ცხადში, ამას ვინ წარმოიდგენდა. ამასთან შედარებით მთელი თავგადასავალი ჩირადაც არ ღირდა!
წეღან რომ ეგონათ, ოთახში შევედითო, ოთახი არ ყოფილა. დერეფანი იყო, თანაც... მესამე სართულის აკრძალული დერეფანი. აი, თურმე რატომ ყოფილა აკრძალული: ისინი პირდაპირ თვალებში უცქეროდნენ გიგანტურ ძაღლს — ურჩხულს, რომელსაც იატაკიდან ჭერამდე მთელი სივრცე ეკავა. ამ ცხოველს ჰქონდა სამი ვეება თავი, მათკენ მიმართული სამი შეჭმუხნილი ცხვირი, სამი წყვილი ბრაზიანი თვალი, სამი დაფჩენილი პირი, ყვითელი ეშვებიდან იატაკამდე ჩამოკიდებული დორბლი.
ძაღლი ჯერჯერობით წყნარად იდგა, ექვსივე თვალით მათ მიშტერებოდა. ჰარიმ უცებ იაზრა, ურჩხული მოულოდნელობისგან დაიბნა, ვერ გამოერკვა, ვინა ვართ და რა ხდებაო. გასაგები იყო, გამაფრთხილებელი ნელი ღრენა სულ მალე რაშიც გადაიზრდებოდა.
ჰარი კარს ეცა, ფილჩსა და სიკვდილს შორის, რასაკვირველია, ფილჩი არჩია! გარეთ გამოცვივდნენ და კარი სასწრაფოდ მიკეტეს. ფილჩი არსად ჩანდა. ახლა,
ალბათ, სულ სხვაგან დაეძებდა მათ, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ახლა მთავარი იყო, ამ ურჩხულს გასცლოდნენ. ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტამდე,; თავიანთ მეშვიდე სართულამდე, სულმოუთქმელად ირბინეს.
ქვა:
— საინტერესოა, სად იყავით, — გაიკვირვა ფუშფუშა ქალბატონმა, სალათებში გამოწყობილები, გაოფლიანებულები და აჭარხლებულები რომ დაინახა.
— არსად, — უპასუხა აქოშინებულმა ჰარიმ, — ღორის დინგი, ღორის დინგი! პორტრეტი გადმოიხარა და გზა მისცა. საერთო ოთახში შეცვივდნენ და აკანკალებულები სავარძლებში ჩაეყარნენ.
კარგა ხანს ვერც ერთმა ხმა ვერ ამოიღო. ნევილი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სამუდამოდ დამუნჯდაო.
— ნეტავ, რას ფიქრობენ, ასეთი რაღაცა რომ გამოუკეტიათ სკოლაში, ამ ძაღლს ხომ გასეირნებაც დასჭირდება ხოლმე! — თქვა რონმა.
ჰერმიონმა მეტყველების უნარიც დაიბრუნა და თავისი ხასიათიც.
— არც ერთს თვალები არა გაქვთ, — სიტყვა გააწყვეტინა რონს, — რომელიმემ თუ შეამჩნიეთ, რაზე იდგა ის ძალლი?
— იატაკზე, ალბათ, — დაიბნა ჰარი, — ფეხები არც გამხსენებია, თავებს ვუყურებდი.
— არა, იატაკზე არ იდგა. მის ქვეშ თავდახურული ორმო იყო, ეტყობა, რაღაცას დარაჯობს.
შემდეგ წამოდგა და მრისხანედ გადახედა ბიჭებს.
— თქვენ, ალბათ, ძალიან მოგწონთ თქვენი საქციელი. ხომ შეიძლებოდა, ყველანი დავხოცილიყავით. ან, კიდევ უარესი — გავერიცხეთ აქედან. ახლა, თქვენის ნებართვით, მე დასაძინებლად მივდივარ.
რონი პირდაღებული მისჩერებოდა.
— კეთილი, ნებას გაძლევთ, — დაადევნა ბოლოს, — გაგიჟდება კაცი, თითქოს ძალით წაგვეთრიოს!
ჰარის კი ახალი საფიქრალი გაუჩინა ჰერმიონმა. ლოგინში რომ წვებოდა, ფიქრობდა: „ძაღლი რაღაცას მიუჩინეს მცველად, მაგრამ რას? ჰაგრიდმა რა თქვა? გრინგოტსი რაიმეს შესანახად ყველაზე საიმედო ადგილია, თუ ჰოგვორტსს არ ჩავთვლით“.
ბევრი ფიქრის შემდეგ ჰარისთვის უკვე ცხადი გახდა, სად ინახებოდა ის პაწაწინა შეკვრა, 713-ე საცავიდან რომ გაიტანეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent