შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი X


30-06-2021, 10:01
ავტორი ცირაკო
ნანახია 788

თავი მეათე ჰელოუინი
მეორე დილით მალფოი თვალებს არ უჯერებდა, ჰარი და რონი ისევ ჰოგვორტსში რომ დაინახა. მართალია, ცოტა დაქანცულები ჩანდნენ, მაგრამ მშვენიერ გუნებაზე იყვნენ. გათენდა თუ არა, ჰარიმ და რონმა იფიქრეს, სამთავიანი ძაღლის ამბავი მშვენიერი თავგადასავალია, უარს არ ვიტყოდით, კიდევ ერთი ასეთი ფათერაკი გადაგვხდენოდაო. ჰარიმ უკვე მოასწრო, რონისთვის ეთქვა, მე მგონი, იქ გრინგოტსიდან წამოღებული რაღაც ინახებაო. ორივე თავს იტეხდა, ისეთი რა შეიძლება იყოს, რომ ამხელა დაცვა სჭირდებაო.
— მეტისმეტად ძვირფასი რამ უნდა იყოს, ან კიდევ — ძალიან საშიში, — დაასკვნა რონმა.
— ან — ერთიცა და მეორეც, — თქვა ჰარიმ.
ერთადერთი, რაც იმ საიდუმლო ნივთის შესახებ იცოდნენ, ის იყო, რომ ასე, ხუთი სანტიმეტრის სიგრძისა იქნებოდა. ამით, აბა, რას უნდა მიხვედრილიყვნენ, რა უნდა გამოეცნოთ.
ნევილს და ჰერმიონს არავითარი ინტერესი აღარ გამოუჩენიათ იმ ძაღლის, იმ ნივთის ან იმ ორმოს მიმართ. უფრო მეტიც, ნევილს იმ ძაღლის გახსენებაც კი აღარ უნდოდა.
ჰერმიონი ხმას არ სცემდა არც ერთს, რაც ორივეს უხაროდა, რადგან ყელში ამოუვიდათ მისი შენიშვნები თუ რჩევა-დარიგებები. ახლა მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, მალფოიზე ჯავრი როგორ ვიყაროთო. კვირაც არ გასულა, რომ ასეთი შესაძლებლობა თავისთავად გამოჩნდა. უფრო სწორად, ფოსტამ მოიტანა.
ბუების გუნდი ჩვეულებრივად შემოფრინდა დიდ დარბაზში. ყველას ყურადღება ერთმა გრძელმა შეკვრამ მიიპყრო, რომელიც ექვს უზარმაზარ ბუს ერთად მოჰქონდა. ჰარიმაც დაინახა ის გრძელი ამანათი და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბუები მასთან მიფრინდნენ და შეკვრა პირდაპირ წინ დაუდეს. სხვა ბუმ ცალკე წერილიც მოიტანა და ისიც ამანათზე დააგდო. კიდევ კარგი, რომ ჰარიმ ჯერ წერილი გახსნა, რომელშიც ეწერა:
შეკვრას დარბაზში ნუ გახსნი. შიგ შენი ახალი „ნიმბუს-2000“-ია, მაგრამ არ მინდა, ყველამ გაიგოს, რომ შენ ცოცხი გაქვს, თორემ მათაც მოუნდებათ. ოლივერ ვუდი ამ საღამოს ქვიდიჩის მოედანზე გელოდება. 7 საათზე შენი პირველი ვარჯიშია.
პროფესორი მ. მაკგონაგელი

გახარებულმა ჰარიმ წერილი რონს გაუწოდა.
— აუჰ, „ნიმბუს-2000“! — შეშურდა რონს, — თითიც კი არასოდეს დამიკარებია! ორივე ადგა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, რათა გაკვეთილების
დაწყებამდე მოესწროთ გახსნა. ჰოლში, კიბესთან, მალფოი იდგა, კრაბსა და გოილთან ერთად. მალფოიმ შეკვრა ხელიდან გამოსტაცა ჰარის და მოსინჯა. — ცოცხია, — თქვა და უკანვე გადაუგდო. სახეზე შური და ბრაზი ეწერა, — ახლა ნამდვილად დაისჯები, პოტერ, პირველკურსელებს აკრძალული აქვთ...
რონმა ვერ მოითმინა:
— ეს უბრალო ცოცხი არ გეგონოს, „ნიმბუს-2000“-ია! შენ რას ამბობდი, რა მაქვსო სახლში, „კომეტა-260“, არა? — რონმა ჰარის შესცინა, — არა, „კომეტა“ ძალიან ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ „ნიმბუსი“ მაინც სხვა კლასია!
— შენ მაგის აზრზე არა ხარ, უისლი, — აიმღვრა მალფოი, — იმის ფულიც არასოდეს გექნება, ტარის ნატეხი იყიდო. შენ და შენი ძმები ალბათ ცოცხისთვის სათითაოდ აგროვებთ ღერებს.
რონმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, პროფესორი ფლიტვიკი წამოადგათ თავზე.
— ხომ არ ჩხუბობთ, ყმაწვილებო? — იკითხა წრიპინა ხმით.
— პოტერმა ცოცხი მიიღო, ბატონო პროფესორო, — საჩქაროდ მოახსენა მალფოიმ.
— ვიცი, ვიცი, — ფლიტვიკმა ჰარის შეხედა და გაუღიმა, — პროფესორმა მაკგონაგელმა მაცნობა განსაკუთრებულ გარემოებათა თაობაზე, პოტერ, რა მოდელია?
— „ნიმბუს-2000“, სერ! — უპასუხა ჰარიმ. მალფოის გაოგნებული სახის დანახვაზე სიცილი ძლივს შეიკავა და დაუმატა: — მართალი გითხრათ, ამისათვის მალფოის უნდა ვუმადლოდე.
ჰარიმ და რონმა კიბე აირბინეს, თან ჩუმ-ჩუმად იცინოდნენ, მალფოი ასე გაცოფებული და დაბნეული რომ დატოვეს.
— სხვათა შორის, მართლა ასეა, — თქვა ჰარიმ, როცა მარმარილოს კიბე აათავეს და გაჩერდნენ, — ნევილის „მოსაგონარა“ რომ არ გაეტაცებინა, მე ახლა გუნდში არ ვიქნებოდი...
— მაშ, შენ მიგაჩნია, რომ წესების დარღვევისთვის დაგაჯილდოვეს? — იკითხა გაბრაზებულმა ხმამ. მათ უკან ჰერმიონი იდგა, რომელიც უკმაყოფილოდ უცქეროდა შეკვრას, ჰარის რომ ეჭირა ხელში.
— მეგონა, გაგვებუტე, — უთხრა ჰარიმ.
— ჰოდა, მოდი, არ შეცვალო რა, გადაწყვეტილება, — შეუბღვირა რონმა, — ასე უკეთესია.
ჰერმიონმა ცხვირი აიბზუა და წავიდა.
ჰარიმ გაკვეთილზე ყურადღება ვერაფრით ვეღარ მოიკრიბა. მისი გონება ხან საწოლისკენ მიფრინავდა, რომლის ქვეშ ჯერ ისევ გაუხსნელი „ნიმბუს-2000“ იდო, და ხან ქვიდიჩის მოედნისკენ, სადაც ამაღამ ვარჯიშს იწყებდა. სადილი ისე გადაყლაპა, არც გაუგია, რას ჭამდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მან და რონმა შეკვრა გახსნეს.
— აუუ! — აღმოხდა რონს, როცა ცოცხი ჰარის საწოლზე გადაგორდა.
ჰარიც კი, რომელსაც ცოცხებისა არაფერი გაეგებოდა, მიხვდა, რომ ძალიან კარგი რამ იყო: პრიალა და დახვეწილი, წითელი ხის ტარით, სწორი, ლამაზი რტოების გრძელი კუდითა და ტარზე ოქროს ასოებით ამოტვიფრული წარწერით — „ნიმბუს-2000“.
შვიდი საათი რომ მოახლოვდა, ჰარი ციხე-კოშკიდან გამოვიდა და საღამოს ბინდბუნდში ქვიდიჩის სტადიონისკენ გაემართა. სტადიონზე არასოდეს ყოფილა. ტრიბუნები ძალიან მაღლა აეწიათ, რათა მაყურებლებს თამაში კარგად დაენახათ. მოედნის თავსა და ბოლოში ორმოცდაათი ფუტის სიმაღლის სამ-სამი ოქროს სვეტი იდგა, ზედ რგოლები ჰქონდა მიმაგრებული. სვეტებმა ჰარის მაგლი ბავშვების საპნის ბუშტების გასაბერი პლასტმასის ჩხირები მოაგონა.
უცებ ისე ძლიერ მოუნდა ფრენა, ვუდს აღარ დაელოდა, დაჰკრა ფეხი მიწას და ზევით აიჭრა. რა საოცარი სიამოვნებაა ფრენა — გავიდა ერთ რგოლში, გამოვიდა მეორეში, შემდეგ უფრო ზევით აიჭრა, მერე დაბლა გამოქანდა. „ნიმბუს-2000“ რბილად და იოლად უხვევდა, სულ ოდნავი შეხებაც კი კმაროდა.
— ეი, პოტერ, ჩამოდი!
ოლივერ ვუდი მოსულიყო, იღლიაში ხის ყუთი ამოეჩარა. ჰარი მის გვერდით დაეშვა.
— მშვენიერია, — ვუდი ანთებული თვალებით უცქეროდა. — ახლა უკვე ვხვდები, რას გულისხმობდა მაკგონაგელი. საოცრად ბუნებრივი ხარ. დღეს უბრალოდ, წესებს აგიხსნი და უკვე შეგიძლია, კვირაში სამჯერ გუნდთან ერთად ივარჯიშო.
ყუთს თავი ახადა. შიგ ოთხი სხვადასხვა ზომის ბურთი იდო.
— იცი რა, ქვიდიჩი ასახსნელად ძნელი არ არის, სათამაშოდ კი რთულია. თითოეულ გუნდში შვიდი მოთამაშეა. აქედან სამი ჩეიზერია.
— სამი ჩეიზერი, — გაიმეორა ჰარიმ. ვუდმა წითელი ბურთი ამოიღო, დაახლოებით, ფეხბურთის ბურთის ტოლა.
— ამას ქუაფლი ჰქვია. ჩეიზერები მას ერთმანეთს ესვრიან ხოლმე და ცდილობენ, როგორმე მოწინააღმდეგის რგოლებში ჩააგდონ, რომ გოლი გაიტანონ. ამით ქულებს იღებ. თითო გოლი ათი ქულაა, გასაგებია?
— ესე იგი, ჩეიზერები ერთმანეთს ქუაფლს აწოდებენ და ცდილობენ რგოლში ჩაგდებას, — გაიმეორა ჰარიმ, — კალათბურთივითაა, ოღონდ ფრენით.
— კალათბურთი რა არის? — გაუკვირდა ვუდს.
— ისე, არაფერი, — სასწრაფოდ უპასუხა ჰარიმ.
— გუნდში ერთი მეკარეა. გრიფინდორის გუნდის მეკარე მე ვარ. მეკარეს ევალება, რგოლებთან იტრიალოს, რომ მოწინააღმდეგის ბურთი აარიდოს.
— გასაგებია. სამი ჩეიზერი და ერთი მეკარე ამ დიდი ბურთით თამაშობენ. ეს სამი რიღასთვისაა? — მიუთითა ჰარიმ ყუთში დარჩენილ ბურთებზე.
— გეტყვი. ეს გამომართვი, — და ჰარის ჩილიკა ჯოხი მიაწოდა, რომელიც ცოტათი კრიკეტის ჩოგანს წააგავდა. — გიჩვენებ, ბლაჯერი რას აკეთებს. ამ ორ ბურთს ბლაჯერები ჰქვია.
ორი ერთნაირი ზომის შავი ბურთი, წითელზე ოდნავ პატარა, თასმებით იყო ყუთზე დამაგრებული. ჰარიმ შენიშნა, რომ ბლაჯერები თითქოს თავის აწყვეტას ცდილობდნენ.
— უკან მიიწი, — უთხრა ვუდმა და ერთ ბლაჯერს თასმა შეხსნა.
ბურთი თავისთავად აიტყორცნა მაღლა და პირდაპირ ჰარის თავზე დაიწყო დაშვება. ჰარის არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ცხვირი გაეტეხა, თავისი ჩილიკა ჯოხი გაუქნია ბლაჯერს და ზიგზაგებით ვუდისკენ გატყორცნა. ვუდმა ბურთი მიწაზე დასცა და ზემოდან დააწვა.
— ნახე, როგორია? — თქვა ვუდმა, მებრძოლი ბურთი ისევ ბუდეში ჩადო და თასმით დაამაგრა.
— ბლაჯერები მოთამაშეებს ეჯახებიან და ცდილობენ, ცოცხიდან ჩამოაგდონ. მათგან დასაცავად გუნდს ორი ბიტერი ჰყავს. ტყუპი ძმები, უისლები, ჩვენი ბიტერები არიან. ისინი ბლაჯერებს დასდევენ და მოწინააღმდეგეებისკენ ტყორცნიან. რაც გითხარი, გაიგე?
–— სამი ჩეიზერი ქუაფლით თამაშობს და ბურთის გატანას ცდილობს. მეკარე რგოლებს იცავს. ბიტერები კი თავიანთ გუნდს ბლაჯერებს არიდებენ, — ჩაარაკრაკა ჰარიმ.
— ძალიან კარგი. ·
— ბლაჯერებს... როდისმე ვინმე მოუკლავთ? — ვითომ სხვათა შორის იკითხა ჰარიმ.
— ჰოგვორტსში ეს ჯერ არ მომხდარა. ერთი ორჯერ ყოფილა, ყბა მოუნგრევიათ, მაგრამ ამაზე უარესი არაფერი მომხდარა. გუნდში კიდევ ერთი მოთამაშეა — სიკერი. ეს შენ იქნები: შენ არც ქუაფლთან გექნება საქმე, არც ბლაჯერთან...
— სანამ ისინი თავს არ გამიპობენ.
— მაგაზე არც იფიქრო — უისლები თვითონ არიან ცოცხალი ბლაჯერები!
ვუდმა ყუთიდან მეოთხე, ციცქნა ბურთი ამოიღო. მოზრდილი კაკლის ტოლა ბურთი სულ ოქროსი იყო და ვერცხლის ფრთები ჰქონდა.
— ამას ოქროს სნიჩი ჰქვია და ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთია, ძნელი დასაჭერია, იმიტომ რომ, სწრაფია და თითქმის არ ჩანს. სიკერმა ეს ბურთი უნდა დაიჭიროს. შენ უნდა იფრინო ჩეიზერებს, ბიტერებს, ქუაფლსა და ბლაჯერებს შორის და ოქროს სნიჩი მოწინააღმდეგე გუნდის სიკერზე ადრე დაიჭირო, იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის ის გუნდი იმარჯვებს, რომლის სიკერიც სნიჩის დაჭერას მოახერხებს და თავის გუნდს დამატებით 150 ქულას მოუტანს. ამიტომაც არის, რომ სიკერებს ხშირად წესების დარღვევით ეთამაშებიან. ქვიდიჩის მატჩი მხოლოდ სნიჩის დაჭერის შემდეგ მთავრდება. ზოგჯერ თამაში უსასრულოდ იწელება. თუ არ ვცდები, სარეკორდო უწყვეტი თამაში სამი თვე გაგრძელდა. გუნდის წევრებს რიგრიგობით ცვლიდნენ, რომ დაეძინათ. ჯერჯერობით სულ ეს არის. შეკითხვები ხომ არა გაქვს?
ჰარიმ თავი გაიქნია. რა ევალებოდა, გასაგები იყო, ოღონდ როგორ შეძლებდა მის შესრულებას, ეს არ იცოდა.
— ჩვენ სნიჩის გარეშე ვივარჯიშებთ, — თქვა ვუდმა და ბურთი კვლავ ყუთში გამოკეტა, — ბნელა, დაიკარგება. აი, ამით ვივარჯიშოთ.
ვუდმა ჩვეულებრივი გოლფის ბურთები ამოიღო ჯიბიდან. მალე ორივენი ჰაერში იყვნენ. ვუდი აქეთ-იქით ტყორცნიდა იმ ბურთებს, ჰარი კი იჭერდა. ჰარის არც ერთი არ გაუშვია. ვუდი აღფრთოვანებული დარჩა. ნახევარ საათში ღამე ჩამოწვა, უკვე აღარაფერი ჩანდა, — წლევანდელი ქვიდიჩის თასზე უეჭველად ჩვენი სახელი ამოიტვიფრება, — ამბობდა გახარებული ვუდი, როცა უკან ბრუნდებოდნენ,— არ გამიკვირდება, ჩარლი უისლისაც რომ აჯობო! ის ახლა ინგლისის ნაკრებში იქნებოდა, თავის დრაკონებს რომ არ გაჰკიდებოდა.
* * *
დღეები სწრაფად მისდევდა ერთმანეთს. გაკვეთილებსა და საშინაო დავალებებს ქვიდიჩის ვარჯიშიც დაემატა კვირაში სამჯერ და ჰარიმ ვერც კი დაიჯერა, რომ ამასობაში უკვე ორი თვე გასულიყო. ჰოგვორტსი ჰარის სახლად იქცა. პრივიტ დრაივზე, დერსლებთან, ეს გრძნობა არასდროს ჰქონია. საგნებმაც უფრო და უფრო გაიტაცა, რადგან ბევრი რამ გაიგო და ისწავლა.
ჰელოუინი თენდებოდა. დილაუთენია მთელი ციხე-კოშკი შემწვარი გოგრის სასიამოვნო სურნელმა გამოაღვიძა. ყველას სასიხარულოდ, მაგიური ფორმულების გაკვეთილზე პროფესორმა ფლიტვიკმა საზეიმოდ განაცხადა, ჩვენ უკვე მზად ვართ, ფიზიკური საგნები უწონადობაში გადავიყვანოთ და ავაფრინოთო. მას შემდეგ, რაც ფლიტვიკმა ნევილის გომბეშო ჰაერში ასწია და აქეთიქით ასეირნა, ყველა ამაზე ოცნებობდა. პროფესორმა ორ-ორი დასვა ერთად. ჰარის სიმუს ფინიგანი შეხვდა მეწყვილედ (კიდევ კარგი, თორემ ამჩნევდა, რომ ნევილი ცდილობდა მასთან მოხვედრას). რონს ჰერმიონ გრეინჯერი ერგო. ვერ გაიგებდი, რომელს უფრო ეწყინა ეს, რონს თუ ჰერმიონს. იმ დღის შემდეგ, რაც ჰარიმ ცოცხი მიიღო, ჰერმიონს ხმა არც ერთისთვის აღარ გაუცია.
— გაიხსენეთ მაჯის უმშვენიერესი მოძრაობა, რომელიც ვისწავლეთ, — დაიწრიპინა ფლიტვიკმა, ჩვეულებისამებრ, წიგნებზე შემდგარმა, — გაქნევა ანაზდეული და ნატიფი უნდა იყოს! ანაზდეული და ნატიფი! და კიდევ, რაც მთავარია, ჯადოსნური სიტყვები მკაფიოდ უნდა წარმოთქვათ. ხომ გახსოვთ, რა დაემართა ჯადოქარ ბარუფიოს, რომელმაც „ს“-ს ნაცვლად შეცდომით „ჩ“ თქვა — იატაკზე აღმოჩნდა გაშხლართული და გულზე კამეჩი ედგა.
სათქმელად ადვილი იყო.
ჰარი და სიმუსი ანაზდეულადაც იქნევდნენ თავიანთ ჯადოსნურ ჯოხს და ნატიფადაც, მაგრამ ჰაერში ასაფრენი ბუმბული ისევ გაუნძრევლად იდო მათ წინ, მაგიდაზე. სიმუსს მოთმინება დაეკარგა, ჯოხის წვერი წაჰკრა ბუმბულს და ცეცხლი წაუკიდა, რომელიც ჰარიმ თავისი ქუდით ჩააქრო.
რონი გვერდით მაგიდასთან იჯდა. მასაც არ გაუღიმა ბედმა, — ვინგარდიუმ ლევიოსა! — ამაოდ ყვიროდა რონი და ქარის წისქვილივით იქნევდა გრძელ ხელებს.
— შენ არასწორად წარმოთქვამ სიტყვებს, — გაისმა ჰერმიონის უკმაყოფილო ხმა. — უნდა თქვა ვინ-გარ-დიუმ ლევი-ო-სა, „გარ“ — გრძლად და რბილად.
— მოდი, შენ ქენი, რახან ყველაფერი იცი! — შეუღრინა რონმა. ჰერმიონმა მკლავები დაიკაპიწა, ჯადოსნური ჯოხი გაიქნია და თქვა:
— ვინ-გარ-დიუმ ლევიოსა.ბუმბული ნელა მოშორდა მაგიდას და ჰაერში აფრინდა.
— მშვენიერია! — პროფესორმა ფლიტვიკმა ტაში შემოჰკრა, — შეხედეთ, მის გრეინჯერსს გამოუვიდა!
რონს გუნება წაუხდა.
აჟრიამულებულ დერეფანში რომ მიდიოდნენ, ჰარის უთხრა:
— სულაც არ მიკვირს, რომ ვერავინ ვერ იტანს ამ გოგოს, საშინელი ვინმეა. დერეფანში ძალიან ბევრი ხალხი იყო. ვიღაცამ შემთხვევით მხარი გაჰკრა ჰარის.
მიიხედა და ჰერმიონი შერჩა ხელში. სანამ გაეცლებოდა, ჰარიმ მოასწრო დაენახა მისი აცრემლებული თვალები.
— მე მგონი, გაიგონა, რაც თქვი.
— აი დარდი! — ასე კი თქვა რონმა, მაგრამ აშკარად უხერხულად იგრძნო თავი.
— ვერ ხედავს, რომ მაგასთან არავინ მეგობრობს?!
ჰერმიონი არც შემდეგ გაკვეთილზე შემოსულა და არც მერე გამოჩენილა. დარბაზისკენ რომ მიდიოდნენ, სადაც ჰელოუინის საზეიმო ლხინი უნდა გამართულიყო, შემთხვევით გაიგონეს, როგორ უთხრა პარვატი პეტილმა თავის მეგობარ ლავანდას, ჰერმიონი გოგონების ტუალეტში ვნახე, ტიროდა და ასე მითხრა, ყველამ თავი დამანებეთო. რონი ძალიან შეწუხდა, მაგრამ საზეიმოდ მორთულ დარბაზში შევიდნენ თუ არა, ჰერმიონი სულ გადაავიწყდათ.
ათასობით ცოცხალი ღამურა ფრთების ქნევით ხან კედელს მიაწყდებოდა, ხან ჭერს. ამდენივე ღამურა ზედ მაგიდის თავზე დაფრინავდა დიდი შავი ღრუბელივით. გოგრების შიგნით ანთებული სანთლები მათ ყოველ ჩაქროლებაზე ციმციმებდნენ. სუფრა კვლავ ოქროს თეფშებით იყო გაწყობილი, როგორც პირველ ბანკეტზე:
ჰარი კანიანად შემწვარ კარტოფილს მიირთმევდა, როდესაც დარბაზში დაფეთებული, თავზე ჩალმამობრეცილი და სახეშეშლილი პროფესორი ქვირელი შემოვარდა, დამბლდორის მაგიდას ეცა, ზედ ჩამოეყრდნო და ძლივს ამოილუღლუღა: — ტროლი... სარდაფში... მოვედი, რომ გაგაფრთხილოთ... — და გულწასული ძირს გაიშხლართა.
ერთი აურზაური ატყდა. პროფესორ დამბლდორს რამდენჯერმე დასჭირდა კაშკაშა წითელი ნაპერწკლების გაშვება თავისი ჯადოსნური ჯოხიდან, რომ იქაურობა დაეწყნარებინა და ყველას ყურადღება მიეპყრო:
— პრეფექტებო, — გრგვინვასავით გაისმა მისი ხმა, — თქვენ-თქვენი კლუბები თავ-თავიანთ საერთო საცხოვრებლებში წაიყვანეთ, დაუყოვნებლივ!
პერსი თავის სტიქიაში აღმოჩნდა და მაშინვე ყვირილი დაიწყო:
— პირველკურსელებო, მომყევით! ერთად იარეთ! საშიში არაფერი იქნება, თუ ისე მოიქცევით, როგორც მე გეტყვით. არ დაიფანტოთ! წავედით! უკაცრავად! გაგვატარეთ, მე პრეფექტი ვარ!
— ნეტავ ტროლი როგორ შემოვიდა შენობაში? — იკითხა ჰარიმ, როცა უკვე კიბეზე ადიოდნენ.
— მე რა ვიცი. მაგარი უტვინოები არიან. შეიძლება, პივსმა შემოუშვა, იხუმრა, ალბათ, საჰელოუინოდ, — უპასუხა რონმა.
ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დარბოდნენ აქეთ-იქით. დაბნეულ ჰაფლეპაფელებს შორის რომ მიიკვლევდნენ გზას, უცებ ჰარიმ რონს სტაცა ხელი.
— ეხლა გამახსენდა — ჰერმიონი!
— რა, ჰერმიონი?
— ტროლის ამბავი არ იცის. რონმა ტუჩზე იკბინა.
— კარგი, წავიდეთ, ოღონდ პერსიმ არ დაგვინახოს...
თავი დაღუნეს და ჰაფლეპაფელებში გაერივნენ, რომლებიც საპირისპირო მხარეს მიდიოდნენ. შემდეგ უკაცრიელ დერეფანში გავიდნენ და გოგონების ტუალეტისკენ გაიქცნენ. კუთხეში შეუხვიეს თუ არა, უკანიდან აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაიგონეს.
— პერსია! — უჩურჩულა რონმა და ორივე ერთად მიიყუჟა ქვის უზარმაზარი გრიფონის უკან.
პერსი კი არა, სნეიპი მორბოდა. დერეფანი გადაირბინა და გაუჩინარდა.
— ეს აქ რას აკეთებს? — გაუკვირდა ჰარის, — რატომ სარდაფში არ არის სხვა პედაგოგებთან ერთად?
— მე რა ვიცი.
ისინიც ფეხაკრეფით წავიდნენ იქით, საითაც სნეიპი გაიქცა.
— მესამე სართულზე ადის, — თქვა ჰარიმ, მაგრამ ამ დროს რონის შეხება იგრძნო ხელზე.
— სუნი არ გცემს?
ჰარიმაც იგრძნო, რომ რაღაც ყარდა. თითქოს ერთმანეთში არეულიყო ჭუჭყიანი წინდებისა და ბინძური საზოგადოებრივი ტუალეტის სუნი.
მერე კი ნელი ბუბუნი და მძიმე ნაბიჯების ხმაც გაიგონეს. რონმა თითი გაიშვირა. დერეფნის მარცხენა მხრიდან უზარმაზარი არსება მოდიოდა. სასწრაფოდ ისევ რაღაცის უკან შეიყუჟნენ, ბნელში, და იმ არსებას მიაცქერდნენ, მთვარის შუქით განათებულ ადგილას რომ გამოჩნდა. ოთხმეტრიანი ტროლი საზარელი სანახავი იყო
— მოშვებული და სქელი რუხი კანი, უზარმაზარი ლოდივით ტანი, ზედ დაკოსებული ქოქოსის კაკალივით პატარა, მელოტი თავი, მორივით სქელი, კოტიტა ფეხები და ბრტყელი, დაკოჟრილი ტერფები ჰქონდა. ისეთი სუნი ასდიოდა, შეიშლებოდა კაცი. წარმოუდგენლად გრძელ ხელში ვეება კეტი ეკავა და ძირს მიათრევდა.
ტროლი კართან შეჩერდა, ოთახში შეიჭყიტა, გრძელი ყურები დაცქვიტა. მერე, ეტყობა, თავისი პატარა ტვინით რაღაც მოიფიქრა და შიგნით შეფრატუნდა.
— გასაღები კარებშია, ხომ არ ჩავკეტოთ? — დაიჩურჩულა ჰარიმ.
— კარგი იქნება. — რონს შიში შეეპარა ხმაში.
სამალავიდან გამოძვრნენ და იმ ღია კარისკენ ფეხაკრეფით წავიდნენ, თან შიშისგან პირი უშრებოდათ, ემანდ ტროლი უკან არ გამობრუნდესო. ჰარიმ უცებ მიკეტა კარი და გასაღები გადაატრიალა.
— არის!
გამარჯვებით აღფრთოვანებულებმა სწრაფად მოკურცხლეს, მაგრამ დერეფნის ბოლომდე მისულებიც არ იყვნენ, რომ გამგმირავი კივილი გაისმა სწორედ იმ ოთახიდან, რომლის კარიც ეს-ეს იყო ჩაკეტეს.
— ო, არა! — წამოიძახა რონმა და სისხლისმსმელი ბარონივით გაფითრდა.
— გოგონების ტუალეტი ყოფილა! — თქვა ჰარიმ.
— ჰერმიონი! — იყვირეს ერთად.
სხვა გზა არ იყო, დაბრუნდნენ და ისევ კარს ეცნენ. ჰარიმ აკანკალებული ხელით ძლივს გადააბრუნა გასაღები, კარი გამოაღო და ორივენი შიგ შეცვივდნენ.
ჰერმიონ გრეინჯერი კედელზე იყო აკრული, სადაცაა გული წაუვიდოდა. ტროლი მისკენ მიდიოდა, გზადაგზა კი პირსაბანებს ურტყამდა იმ თავის კეტს და ამსხვრევდა.
— როგორმე ყურადღება აქეთ გადმოვატანინოთ! — იყვირა ჰარიმ და მოგლეჯილი ონკანი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კედელს ესროლა.
ტროლს რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩენოდა ჰერმიონამდე. შეჩერდა, იქით მიტრიალდა, საიდანაც ხმა გაიგონა, და უაზროდ დაიწყო თვალების ფახური. მისი პატარა, საძაგელი თვალები ჰარის წააწყდა. ერთხანს იყოყმანა, მაგრამ მერე მაინც ჰარისკენ გაიწია, თან კეტი მოუღერა.
— ეი, შენ, ცალტვინა! — ხმამაღლა დაუძახა რონმა ოთახის მეორე ბოლოდან და რკინის მილი ესროლა. ტროლს არც კი უგრძნია, ის მილი მხარში რომ მოხვდა, მაგრამ რონის ხმის გაგონებაზე ახლა მისკენ მიბრუნდა. ისევ ცოტა იჭოჭმანა და ახლა რონისკენ გაეშურა. ამასობაში ჰარიმ დრო იხელთა, ჰერმიონს მივარდა და სცადა, კარისკენ გაეთრია.
— მიდი, გაიქეცი, გაიქეცი, ჩქარა!
ჰერმიონს არაფერი ესმოდა. ისევ კედელზე იყო აკრული და შიშისაგან პირდაღებული გაშეშებულიყო.
აქეთ-იქიდან ამდენმა ყვირილმა ტროლი სულ გააგიჟა. იტრიალა, იღმუვლა და მაინც რონისკენ დაიძრა, რადგან ყველაზე ახლოს ის იდგა, თან გასაქცევიც არსად ჰქონდა.
და ჰარიმ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც ერთდროულად გაბედული საქციელიც იყო და სულელურიც;: გაქანდა, ტროლს ზურგიდან შეახტა და კისერზე ჩამოეკიდა. ჰარის ზურგზე შეხტომას ტროლი ვერც იგრძნობდა, ჰარის ჯოხი ნესტოში ღრმად რომ არ შესობოდა. ეტყობა, ემწარა, ტკივილისგან დაიგრიხა, დაიწყო თავისი უზარმაზარი ჯოხის ქნევა, ამ ბორგვაში ადვილად შეიძლებოდა, ჰარი ძირს ჩამოეგდო და იმ ჯოხით მოეკლა.
შეშინებული ჰერმიონი იატაკზე დაჯდა. რონმა თავისი ჯადოსნური ჯოხი ამოიღო და ანგარიშმიუცემლად წარმოთქვა პირველივე შელოცვა, რაც ენაზე მოადგა:
„ვინგარდიუმ ლევიოსა!“
ტროლს კეტი ხელიდან გაუსხლტა, ზევით აიჭრა და მთელი ძალით დაეხეთქა პატრონის თავს. ტროლი ადგილზე შექანდა და იატაკს პირქვე დაასკდა. ოთახი შეზანზარდა.
ჰარი ფეხზე წამოდგა, ბარბაცებდა და სუნთქვა ეკვროდა. რონი ისევ ისე იდგა ჯოხაღმართული და თავის ნამოქმედარს მისჩერებოდა.
პირველმა ჰერმიონმა დაილაპარაკა:
“მოკვდა?
— არა მგონია, ალბათ, ნოკაუტშია, — თქვა ჰარიმ, მერე დაიხარა და ტროლს ნესტოდან გამოაძრო თავისი ჯოხი, რომელსაც რუხი წებოვანი მასა მისცხებოდა, — ფუჰ, ამის წვინტლები! — და შარვალზე შეაწმინდა ტროლს.
ამ დროს სწრაფი ნაბიჯების ხმა შემოესმათ. სამივემ ერთად აიხედა.
აქ რომ ამათ ბრაგაბრუგი, ხმაური და გნიასი ატეხეს, ბუნებრივია, ქვევითაც გაიგონებდნენ. ჰოდა, სულ მალე ოთახში პროფესორი მაკგონაგელი შემოვარდა, ფეხდაფეხ სნეიპი შემოჰყვა, ცოტა მოგვიანებით — ქვირელიც, რომელმაც ერთი კი დახედა ტროლს, ჩუმად ამოიკვნესა, გულზე ხელი იტაცა და უნიტაზზე ჩამოჯდა.
სნეიპი ტროლისკენ დაიხარა. პროფესორი მაკგონაგელი რონს და ჰარის უცქეროდა. ასეთი გაბრაზებული არასოდეს ენახათ. ტუჩები მთლად გასთეთრებოდა. ჰარიმ ორმოცდაათი მოგებული ქულა გრიფინდორის ანგარიშიდან უკვე დაკარგულად ჩათვალა.
პროფესორმა მაკგონაგელმა ცივად და მკაცრად იკითხა:
— საინტერესოა, რას ფიქრობდით? — ჰარიმ რონს გადახედა, რომელიც ისევ ისე იდგა, ჯოხაღმართული, — შემთხვევით გადარჩით ცოცხლები. თქვენს საწოლ ოთახში რატომ არა ხართ?
სნეიპმა ჰარის გამგმირავი მზერა ესროლა. ჰარიმ თავი დახარა, თან ფიქრობდა, რა სჭირს რონს, ამ თავის ჯოხს დაბლა რატომ არ დასწევსო.
ბნელი კუთხიდან სუსტი ხმა გაისმა:
— ჩემი ბრალია, პროფესორო მაკგონაგელ, მე მეძებდნენ.
— მის გრეინჯერ!
ჰერმიონს, როგორც იქნა, ფეხზე ადგომა მოეხერხებინა.
— მე გამოვიქეცი ტროლთან. იცით, მეგონა, მარტოკა გავუმკლავდებოდი, ტროლებზე ყველაფერი მაქვს წაკითხული...
რონს მოულოდნელობისაგან ხელიდან ჯოხი გაუვარდა. წარმოუდგენელი იყო: ჰერმიონ გრეინჯერი მასწავლებელს თვალებში უცქეროდა და უტიფრად ტყუოდა.
— დროზე რომ არ მოესწროთ, მე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ჰარიმ ცხვირში ატაკა თავისი ჯოხი, რონმა კი მისივე კეტი ჩასცხო თავში. ბიჭები ვერავის გაფრთხილებას ან მოყვანას ვერ მოასწრებდნენ. რომ მოვიდნენ, მე უკვე მოკვლას მიპირებდა.
ჰარიმ და რონმა ისეთი სახე მიიღეს, ვითომ ყველაფერი მართლაც ასე იყო.
— კეთილი, თუ ასეა... — პროფესორი მაკგონაგელი გამომცდელად უცქეროდა სამივეს. მერე თქვა: — სულელური აზრი კი მოგსვლიათ თავში, მის გრეინჯერ. მთასავით ტროლს მარტოკა როგორ მოერეოდით, რას ფიქრობდით?
ჰერმიონმა თავი ჩაღუნა. ჰარის ენა ჩაუვარდა გაოცებისაგან: ვინ დაიჯერებდა, რომ ჰერმიონი ოდესმე სკოლის განაწესს დაარღვევდა?! აჰა, დგას და სწორედ ამას იბრალებს, რომ ბიჭებს არ მოხვდეთ. სნეიპს რომ უცებ კანფეტების დარიგება დაეწყო, ჰარის ალბათ ასე არ გაუკვირდებოდა.
— მის გრეინჯერ, ამისათვის გრიფინდორს ხუთი ქულა დააკლდება! თქვენგან ამას არ მოველოდი. ახლა, თუ ყველაფერი რიგზეა, წაბრძანდით გრიფინდორის კოშკში. მოსწავლეები თავ-თავიანთ ოთახებში არიან და უკვე საზეიმო ვახშამიც მთავრდება! — ბრძანა მაკგონაგელმა.
ჰერმიონი წავიდა.
— თქვენ, უბრალოდ, ბედმა გაგიღიმათ, — ახლა რონს და ჰარის მიუბრუნდა პროფესორი მაკგონაგელი, — პირველკურსელ მოსწავლეს ნამდვილად არ შესწევს იმის ძალა, მოზრდილ ტროლს გაუმკლავდეს. თითოეულს 5-5 ქულას განიჭებთ ამისთვის. პროფესორ დამბლდორს აუცილებლად მოვახსენებ ამ ამბავს. შეგიძლიათ, წაბრძანდეთ.
ჰარი და რონი სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ. ორი სართული ისე აიარეს, ხმა არ ამოუღიათ. სხვა რომ არაფერი, ისიც დიდი შვება იყო, ტროლის სუნს რომ მოშორდნენ.
— ათ ქულაზე მეტი არ გვეკუთვნოდა? — აბუზღუნდა რონი.
— უფრო სწორად, ხუთი! ხუთი ჰერმიონმა ჩამოგვაკლო.
— ისე, ყოჩაღად კი მოიქცა, — აღნიშნა რონმა, — თუმცა, მართლაც სიკვდილს გადავარჩინეთ.
— გადასარჩენი არ იქნებოდა, ჩვენ რომ არ ჩაგვეკეტა გარედან, — თქვა ჰარიმ. ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტს „ღორის დინგი“ უთხრეს და შევიდნენ. ყველანი საერთო ოთახში ვახშმობდნენ, საჭმელი იქ აეგზავნათ. მადიანად ილუკმებოდნენ და იდგა ერთი ჟრიამული. ჰერმიონი მარტოკა იყო კართან ატუზული. ჰარის და რონს
ელოდა. მეტად უხერხული პაუზა ჩამოვარდა. მერე ერთმანეთისთვის არც შეუხედავთ, ისე, ძლივს გასაგონად სამივემ ერთად თქვა „მადლობა“ და სუფრას მიაშურეს.
იმ დღის შემდეგ ჰერმიონს დაუმეგობრდნენ. არის ამქვეყნად რაღაცები, რაშიც ვინმე თუ დაგეხმარება, ბოლოს მასთან დამეგობრებას ვერ ასცდები. ოთხმეტრიანი ტროლის დამარცხებაც სწორედ ასეთი საქმეა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent