შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი XI


1-07-2021, 13:41
ავტორი ცირაკო
ნანახია 772

თავი მეთერთმეტე ქვიდიჩი
ნოემბერი თავიდანვე ცივი დაიჭირა. სკოლის გარშემო მთებზე ჩამოთოვა და ყველაფერს მოთეთრო-რუხი ფერი დაედო. ტბის ზედაპირი გაყინულ ფოლადს დაემსგავსა. დილაობით კოშკის ფანჯრებიდან უცქეროდნენ, როგორ ალღობდა ტარიან ცოცხებს ქვიდიჩის დათრთვილულ მოედანზე თხუნელას ბეწვის გრძელ ქურქში გახვეული ჰაგრიდი. ფეხებზე ვეება, თახვის ტყავის ჩექმები ეცვა, ხელებზე კი
— კურდღლის ბეწვის ხელთათმანები.
ქვიდიჩის სეზონი დადგა. რამდენიმეკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ჰარის თავისი პირველი მატჩი უნდა ეთამაშა. შაბათს გრიფინდორი სლიზერინს ხვდებოდა. გრიფინდორი თუ მოიგებდა, შიდა ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადიოდა.
ჰარი ჩუმად ვარჯიშობდა. ვუდი მას საიდუმლო იარაღად ამზადებდა, რათა მეტოქისთვის დარტყმა მოულოდნელი ყოფილიყო, მაგრამ ჰარის სიკერობის ამბავმა მაინც გაჟონა. ახლა სალაპარაკო სხვა აღარაფერი ჰქონდათ. ჰარის მოსვენებას არ აძლევდნენ, ზოგი ეუბნებოდა, ბრწყინვალედ ითამაშებო, ზოგი კი პირიქით, თარსავდა: მოედანზე მატრასებით ირბენენ შენს დასაჭერადო.
ჰარის ბედი, რომ ის და რონი უკვე ჰერმიონთან მეგობრობდნენ, თორემ, უიმისოდ როგორ უნდა ეკეთებინა ამდენი საშინაო დავალება, ვუდი ხომ წარამარა უნიშნავდა ვარჯიშს. ჰერმიონმა ათხოვა „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“, რომელიც მეტად საინტერესო საკითხავი აღმოჩნდა.
ამ წიგნიდან შეიტყო ჰარიმ, რომ ქვიდიჩში თამაშის წესების შვიდასნაირი დარღვევაა შესაძლებელი და შვიდასივე 1473 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ერთდროულად მომხდარა; რომ სიკერები ყოველთვის ყველაზე ტანმომცრო და სწრაფი მოთამაშეები არიან და უბედური შემთხვევის მსხვერპლნიც ხშირად ისინი ხდებიან. ქვიდიჩის თამაშის დროს, მართალია, იშვიათად თუ მომკვდარა ვინმე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ მსაჯი მატჩის დროს გამქრალა, რამდენიმე თვის შემდეგ კი საჰარის უდაბნოში უპოვიათ.
მას შემდეგ, რაც ჰარიმ და რონმა ჰერმიონი მთის ტროლისაგან იხსნეს, ჰერმიონი სკოლის განაწესის დარღვევას შედარებით იოლად ეგუებოდა და მასთან ურთიერთობაც გაადვილდა. მატჩის წინადღეს, შესვენებაზე, სამივენი ერთად გავიდნენ ბაღში. ძალიან ციოდა. ჰერმიონმა მურაბის ქილაში ჯადოსნური ცეცხლი აანთო, კაშკაშა ლურჯი ფერისა. ცეცხლს ზურგი მიუშვირეს და თბებოდნენ. უცებ მათკენ მომავალი სნეიპი დაინახეს, რომელიც რატომღაც კოჭლობდა. ჰარი, რონი და ჰერმიონი მიჯრით დადგნენ, რომ სნეიპს ცეცხლი არ დაენახა: ვაითუ ეზოში დანთება აკრძალულიაო. სნეიპმა წამსვე შეამჩნია, რომ სამივენი დამნაშავეებივით იყურებოდნენ, და მაშინვე მათთან მივიდა კოჭლობით. ცეცხლი ვერ დაინახა, მაგრამ მიზეზს ეძებდა, რომ შარი მოედო.
— მანდ რას მალავთ, პოტერ?
ჰარიმ უჩვენა „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“.
— ბიბლიოთეკის წიგნის გატანა შენობიდან ნებადართული არ არის, — განუცხადა სნეიპმა, — მომეცით აქ. ხუთი საჯარიმო ქულა გრიფინდორს, — და წავიდა.
— ეს აკრძალვა ამწუთას დააწესა, — ჩაიბუზღუნა გაბრაზებულმა ჰარიმ, — ფეხზე რა სჭირს ნეტავ, რატომ კოჭლობს?
— არ ვიცი, მაგრამ ღირსია, ძალიან სტკიოდეს, — თქვა რონმა გესლიანად.

* * *
გრიფინდორის საერთო ოთახი იმ საღამოს რაღაც მეტისმეტად აჟრიამულებული იყო. ჰარი, რონი და ჰერმიონი ერთად ისხდნენ ფანჯარასთან. ჰერმიონი მათ მაგიური ფორმულების საშინაო დავალებას უმოწმებდა. გადაწერის უფლებას არასოდეს მისცემდა („ასე როგორ ისწავლით?“), მაგრამ წაკითხვასა და გასწორებაზე უარს არ ამბობდა.
ჰარი ვერ ისვენებდა. „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“ სჭირდებოდა; კითხვას გულს გადააყოლებდა და ხვალინდელ მატჩზე აღარ ინერვიულებდა. რატომ უნდა მეშინოდეს სნეიპისო, ფიქრობდა. წამოდგა და მეგობრებს უთხრა:
— მივალ და ვთხოვ, თუ შეიძლება, წიგნი დამიბრუნეთ მეთქი.
— შენს მისვლას ჩემი მისვლა სჯობს, — ერთდროულად უპასუხეს ჰერმიონმა და რონმა, მაგრამ ჰარი დარწმუნებული იყო, სხვა მასწავლებლების თანდასწრებით სნეიპი უარს ვერ ეტყოდა.
სამასწავლებლოს კართან მივიდა. დააკაკუნა. პასუხი არავინ გასცა. ისევ დააკაკუნა. ისევ არავინ გამოეხმაურა. „შეიძლება, წიგნი აქ დატოვა, შევალ და ვნახავ“,
— გაიფიქრა ჰარიმ. კარი შეაღო და შეიჭყიტა. საზარელი სცენა წარმოუდგა თვალწინ: ოთახში მარტო სნეიპი და ფილჩი იყვნენ. სნეიპს მუხლამდე ჰქონდა ფეხი გაშიშვლებული. დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. ფილჩი უხვევდა.
— წყეული! — ამბობდა სნეიპი, — სამივე თავს ერთდროულად როგორ უნდა ადევნო თვალი!
ჰარიმ იფიქრა, ჯობია, აქაურობას გავეცალოო, და შეეცადა, ფრთხილად დაეხურა კარი, მაგრამ უცებ გაისმა:
— პოტერ!
სნეიპს სიბრაზისგან სახე დაებრიცა და ფეხზე სასწრაფოდ მოსასხამი გადაიფარა.
— მინდოდა, მეკითხა, წიგნს ხომ ვერ დამიბრუნებთ? — ძლივს ამოილუღლუღა ჰარიმ.
— მოშორდი აქედან! გადი!
ჰარი სასწრაფოდ გავარდა გარეთ, სანამ სნეიპი ახალ საჯარიმო ქულას გამოუწერდა.
— არ მოგცა? რა იყო, რა დაგემართა? — შეეკითხა რონი. ჰარიმ ჩუმად, ჩურჩულით უამბო, რაც ნახა:
— მე მივხვდი, რაც მოხდა! სნეიპი ჰელოუინზე იმ სამთავიან ძაღლთან მივიდა. ჩვენ რომ დავინახეთ, იქით მიდიოდა! იმის აღება უნდა, რასაც ძაღლი იცავს! ჩემს ტარიან ცოცხზე დაგენაძლევები, ტროლი მაგან შემოუშვა, რომ აურზაური ატეხილიყო.
ჰერმიონი გაფაციცებული უსმენდა, ბოლოს თქვა:
— არა, არ იზამდა. ვიცი, ცოტა უჟმური ვინმე კია, მაგრამ რასაც დამბლდორი ასე უფრთხილდება, იმას ნამდვილად არ მოიპარავს.
— ჰერმიონ, კარგი რა, მასწავლებლები წმინდანები ნუ გგონია, — შეეკამათა რონი, — მე ჰარის ვეთანხმები. სნეიპისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ რის აღება უნდოდა? რას იცავს ის ძაღლი?
ჰარისაც ეს კითხვა აეკვიატა. დაწვა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაიძინა. ნევილი ხმამაღლა ხვრინავდა. ჰარი ძალიან შეეცადა, არაფერზე ეფიქრა, ძილი სჭირდებოდა, აუცილებლად უნდა დაეძინა, რამდენიმე საათში მისი პირველი ქვიდიჩის მატჩი იწყებოდა. მაგრამ ვერაფრით ამოიგდო თავიდან სნეიპის სახის გამომეტყველება, როცა ჰარიმ მისი გასისხლიანებული ფეხი დაინახა.

* * *
მეორე დილა სუსხიანი, მაგრამ მზიანი გათენდა. დიდ დარბაზში შემწვარი სოსისის გემრიელი სუნი ტრიალებდა. ყველანი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ქვიდიჩის მომავალი მატჩის შესახებ. — აუცილებლად უნდა შეჭამო რამე! — არ მინდა... — სულ ცოტა მაინც, — სთხოვდა ჰერმიონი, — არ მშია...
ჰარი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. სულ რაღაც ერთ საათში კი მოედანზე უნდა გასულიყო.
— ჰარი, შენ ღონე გჭირდება, — უთხრა სიმუს ფინიგანმა, — მოწინააღმდეგის მთავარი დარტყმა სულ სიკერზე მოდის.
— გმადლობ, სიმუს, — ჰარი უცქეროდა, როგორ მოასხა კეტჩუპი სიმუსმა მის სოსისს.
თერთმეტ საათზე მთელი სკოლა სტადიონის ტრიბუნებზე იჯდა. ბევრს ბინოკლიც მოეტანა თან. მაყურებელთა სკამები მიწიდან საკმაოდ მაღლა იყო, მაგრამ ზოგჯერ მაინც კარგად არ ჩანდა, რა ხდებოდა თამაშის დროს.
რონთან და ჰერმიონთან ერთად იყვნენ ნევილი, სიმუსი და დინი — „ვესტჰემის“ ფანი. მათ სულ ზედა რიგში დაიკავეს ადგილები. ჰარის გასამხნევებლად დიდი დროშა ჰქონდათ მოტანილი, ზედ ეწერა: „პოტერი პრეზიდენტად!“ სკაბერზმა ზეწარი რომ დაგლიჯა, იმაზე დაწერეს. დინს ხატვა ეხერხებოდა და ზედ გრიფინდორის ემბლემა, ლომი მიახატა. ჰერმიონის ჯადოქრობის წყალობით, წარწერა სულ სხვადასხვაფრად ინთებოდა.
გასახდელში, როცა გრიფინდორის გუნდი თავის ალისფერ სპორტულ ფორმას იცვამდა (სლიზერინს მწვანე ფორმა ეცვა), ვუდმა ჩაახველა და გუნდს მიმართა:
— მაშ, ასე, ბატონებო...
— და ქალბატონებოც, — შეახსენა ანჯელინა ჯონსონმა, გუნდის ჩეიზერმა.
— და ქალბატონებო! დიახ. მე მინდა, გითხრათ... — დაიწყო ისევ ვუდმა...
— რომ დღეს ჩვენი დღეა! — ჩაურთო ფრედ უისლიმ.
— ამ დღეს ყველანი ველოდით, — დაამატა ჯორჯმა.
— ოლივერის ტექსტები ზეპირად ვიცით, — გადაუჩურჩულა ფრედმა ჰარის, — შარშანაც ვიყავით ამ გუნდში.
— მოკეტეთ, ეი, თქვენ! — იყვირა ვუდმა, — მე მინდა, გითხრათ, რომ გრიფინდორს ასეთი გუნდი ჯერ არ ჰყოლია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ!
— და ისე გადახედა გუნდს, რომ იგულისხმებოდა „თუ არა და, გაჩვენებთ სეირს!“
— წავედით, აბა, ყოჩაღად! წარმატებას გისურვებთ!
ჰარი ფრედს და ჯორჯს გაჰყვა უკან. მოედანზე რომ გავიდნენ და მათ გუნდს ყიჟინითა და შეძახილებით შეხვდნენ, ჰარის სულ მუხლები ეკვეთებოდა.
მსაჯი — მადამ ჰუჩი — მოედნის შუაგულში იდგა, თავისი ცოცხი ეკავა ხელში და მოთამაშეებს ელოდა.
— თითოეული თქვენგანისაგან პატიოსან და ლამაზ თამაშს მოველი, — განაცხადა მადამ ჰუჩმა, როცა ორივე გუნდი მის გარშემო დადგა. ჰარის მოეჩვენა, რომ ეს ნათქვამი, ძირითადად, სლიზერინის კაპიტანს, მეხუთეკურსელ მარკუს ფლინტს ეხებოდა. „ამ ფლინტს ისეთი სახე აქვს, გეგონება, ტროლის სისხლი ურევია”,
— გაიფიქრა ჰარიმ. და უცებ ტრიბუნაზე წაიკითხა „პოტერი პრეზიდენტად“. გული აუფანცქალდა და ძალა მიეცა.
— ამხედრდით თქვენს ცოცხებზე! — ბრძანა მსაჯმა. ჰარი თავის „ნიმბუს-2000“-ზე ამხედრდა.
მადამ ჰუჩმა ძლიერად ჩაჰბერა ვერცხლის სასტვენში და თხუთმეტი ცოცხი ერთდროულად აიჭრა ცაში, სულ მაღლა, მაღლა...
— ქუაფლი ანჯელინა ჯონსონმა იგდო ხელთ — ბრწყინვალე ჩეიზერი ჰყავს გრიფინდორის გუნდს. მე თუ მკითხავთ, გარეგნობითაც მშვენიერია...
— ჯორდან!
— უკაცრავად, პროფესორო!
კომენტატორი ლი ჯორდანი იყო, ტყუპი უისლების მეგობარი, გვერდით პროფესორი მაკგონაგელი ედგა.
— და აი, ჯონსონი დაუსხლტა ყველას, ზუსტი პასი მიაწოდა ალისია შპინეტს. ეს გოგონა ოლივერ ვუდმა აღმოაჩინა. შარშან სათადარიგოში იყო. ისევ უბრუნებს ბურთს ჯონსონს და ო, არა, ეს რა ხდება, ქუაფლი სლიზერინის ხელშია, კაპიტანი მარკუს ფლინტი ეუფლება მას და მიქრის... არწივივით მიფრინავს ფლინტი და, აი, უნდა ჩააგდოს, მაგრამ ვერა: გრიფინდორის მეკარემ, ვუდმა, უმშვენიერესი ილეთით დაიჭირა ქუაფლი და იგი ახლა გრიფინდორისაა, ქეითი ბელს, ჩეიზერს აქვს ბურთი, მოატყუა ფლინტი, გადაჭრა მთელი მოედანი და — ოოპ! — რა მტკივნეული იქნებოდა, ალბათ, შიგ კეფაში ხვდება ბლაჯერი. ქუაფლს ისევ სლიზერინი დაეუფლა. ეს ედრიენ პასია, რგოლისკენ რომ მიისწრაფვის, მაგრამ შეაჩერა მეორე გლაჯერმა, რომელიც ფრედ უისლიმ თუ ჯორჯ უისლიმ ესროლა, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი იყო... ყოჩაღ! კარგად თამაშობს გრიფინდორელი ბიტერი. ქუაფლი კვლავ ჯონსონის ხელშია, წინ არავინაა და მიქრის, ო, როგორ მიფრინავს... აიცილა ერთი ბლაჯერი, პირდაპირ მისკენ რომ მიქროდა. რგოლი უკვე ახლოა, მიდი, ანჯელინა, მიდი! მეკარე ბლეჩლიმ ისკუპა, ბურთი გაუსხლტა... არის! გრიფინდორი ანგარიშს ხსნის!
სუსხიანი ჰაერი გრიფინდორელთა მხიარული შეძახილებით აივსო. სლიზერინელებს კი გმინვა აღმოხდათ.
— ჩაიჩოჩეთ ცოტა.
— ჰაგრიდ!
რონი და ჰერმიონი ისე მიიკუნჭნენ, რომ ჰაგრიდი დამჯდარიყო.
— ჩემი ქოხიდან ვუცქეროდი, — თქვა ჰაგრიდმა და კისერზე ჩამოკიდებულ უზარმაზარ ბინოკლს მოუსვა ხელი, — მაგრამ აქედან მაინც სულ სხვაა. სნიჩი ჯერ არ გამოჩენილა, არა?
— არა, — უპასუხა რონმა, — ჰარი უსაქმოდ არის.
— ჰოო, ჯერ პრობლემები არა აქვს, კიდევ კარგი! — თქვა ჰაგრიდმა, ბინოკლი მოიმარჯვა და ცაში ჰარის დაუწყო ძებნა.
ჰარი მოთამაშეების თავზე დალივლივებდა და გაფაციცებით ელოდა სნიჩს. ეს ვუდის მოფიქრებული სტრატეგია იყო.
— გაერიდე ყველას და ყველაფერს, სანამ სნიჩი არ გამოჩნდება, — უთხრა ვუდმა, — არ მინდა, დროზე ადრე დაგაცხრეს ვინმე თავზე.
ანჯელინამ რომ გოლი გაიტანა, ჰარიმ სიხარულისგან რამდენიმე სალტო გააკეთა ჰაერში. ახლა კი სადარაჯოზე იდგა და სნიჩს ელოდა. წამით მოეჩვენა, ოქროსფერი რაღაც გაკრთაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი უისლის მაჯის საათი ბზინავდა. გზააბნეული ბლაჯერი ერთხელ მისკენაც გამოფრინდა საარტილერიო ჭურვივით, მაგრამ ჰარი დროზე გაეცალა. ფრედ უისლი მაშინვე იქ გაჩნდა.
— როგორა ხარ, ჰარი, — იკითხა და ძლიერი დარტყმით ბლაჯერი მაშინვე მარკუს ფლინტისკენ გატყორცნა.
— ბურთი სლიზერინის ხელშია, — ისმოდა ლი ჯორდანის ხმა, — ეს პასია — ჩეიზერი, დაუსხლტა ორ ბლაჯერს,ორ უისლის, ჩეიზერ ბელს და მიიჩქარის პირდაპირ... ეს რა არის? სნიჩი გამოჩნდა?
მაყურებელი მღელვარებისგან აჩოჩქოლდა, როცა ადრიან პასმა ხელი უშვა თავის ქუაფლს და ოქროს პატარა ბურთს მოხედა, რომელმაც ზედ ყურთან გაუწუილა. ჰარიმ მაშინვე შეამჩნია სნიჩი და სასწრაფოდ გამოენთო. არც სლიზერინის სიკერს — ტერენს ჰიგს — გამოჰპარვია ოქროს ბურთის გამოჩენა. ორივე ერთდროულად გამოუდგა სნიჩს. ჩეიზერებს თითქოს დაავიწყდათ თავიანთი საქმე და
ჰაერში გამოკიდებულნი მიაჩერდნენ მათ შეჯიბრს.
ჰარი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, მაშინვე დაინახა, როგორ აიჭრა მაღლა პატარა ოქროს სნიჩი ციცქნა ფრთების ბზუილით და სიჩქარეს უმატა.
უცებ, ვითომდა შემთხვევით, მარკუს ფლინტი ჰარის შეასკდა, რასაც ტრიბუნებიდან გრიფინდორელთა აღშფოთებული შეძახილები მოჰყვა. ცოცხი შეტორტმანდა და ჰარის მაგრად რომ არ სჭეროდა ხელში, სიცოცხლეს გამოემშვიდობებოდა. !
— ჯარიმა! — გუგუნებდა გრიფინდორის ტრიბუნა.
მადამ ჰუჩმა ფლინტს უსაყვედურა და გრიფინდორს თავისუფალი დარტყმის უფლება მისცა. ოქროს სნიჩი კი, ამასობაში, ბუნებრივია, მხედველობიდან დაიკარგა.
დინ ტომასი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ღრიალებდა:
— გააძევეთ! მიეცით მაგას წითელი ბარათი!
— ეს ფეხბურთი კი არ არის, დინ, — უხსნიდა რონი, — ქვიდიჩში არ აძევებენ. ასეთი წესი არ არსებობს. წითელი ბარათი რაღაა?
ჰაგრიდი დინის მხარეზე იყო.
— თუ ასეთი წესი არ არის, ახლა შემოიღონ. ფლინტმა კინაღამ გადმოაგდო ჰარი.
კომენტატორი ლი ჯორდანი თავის ანტიპათიას ვერ ფარავდა:
— ამ აშკარად უპატიოსნო და უღირსი თაღლითობის გამო...
— ჯორდან! — იყვირა პროფესორმა მაკგონაგელმა.
— მე მინდოდა, მეთქვა, ამ შეუნიღბავი და აღმაშფოთებელი დარღვევის გამო...
— ჯორდან, გაფრთხილებ, იცოდე!
— კეთილი, კეთილი. ფლინტს კინაღამ შემოაკვდა გრიფინდორის სიკერი პოტერი, თუმცა ასეთი რამ ვის არ შეიძლება, დაემართოს. დიახ, ამის გამო დაინიშნა კიდეც საჯარიმო. ურტყამენ გრიფინდორელები. დარტყმა ადვილად მოიგერია შპინეტმა და თამაში გრძელდება. ქუაფლი გრიფინდორის ხელშია!
ჰარიმ მეორე ბლაჯერი აირიდა, რომელიც ელვის სისწრაფით მოქროდა მისკენ და კარგს არაფერს უქადდა. უცებ ცოცხი უცნაურად შეტორტმანდა. ჰარის ყოჩაღად რომ არ დაეჭირა თავი და მუხლები, ძირს გადმოვარდებოდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ცოტა ხანში ისევ იგივე განმეორდა. ცოცხი ისე კუნტრუშებდა, თითქოს
ტლინკებს ყრის და ჰარის გადმოგდება უნდაო. „ნიმბუს-2000”-ს ასეთი რამ არ უნდა ემართებოდეს, — იფიქრა ჰარიმ, — ჯობს, გრიფინდორის რგოლისკენ წავიდე და ვუდს ვთხოვო, ტაიმაუტი აიღოს“, მაგრამ შემობრუნება ვერ მოახერხა. ვერაფრით ვერ დაიმორჩილა ცოცხი, რომელიც თავის ნებაზე ხტოდა. ისეთ მოულოდნელ ბრუნებს აკეთებდა, ნამდვილად გადმოგდებას უპირებდა.
ლი ჰარის ვერ ამჩნევდა და რეპორტაჟს აგრძელებდა:
— ბურთი სლიზერინის ხელშია. ფლინტმა ქუაფლი გადააწოდა შპინეტს, იმან — ბელს, ო, სახეში ბლაჯერი მოხვდა, იმედია, ცხვირი გაუტყდა. ვხუმრობ, პროფესორო. ო, არა, ბურთი ამასობაში სლიზერინმა გაიტანა...
თამაშით გატაცებულები ვერ ხედავდნენ, რა უცნაურობა დაემართა ჰარის ცოცხს, რომელიც შეუმჩნევლად მაღლა-მაღლა მიიწევდა და თან გზადაგზა ჰარის ახტუნავებდა.
— ვერაფერი ვერ გავიგე, რას შვრება ჰარი, — დუდღუნებდა ჰაგრიდი, თან ბინოკლით აკვირდებოდა, — რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, ცოცხს ვერ მართავს მეთქი... მაგრამ, მართლაც, ასეა!..
უცებ ყველამ ჰარისკენ გაიშვირა ხელი, რადგან შეამჩნიეს, რომ რამდენჯერმე ამოყირავდა ჰაერში. ეტყობოდა, რომ ძლივს იმაგრებდა თავს და მხოლოდ რაღაც სასწაულით არ ვარდებოდა ძირს. უეცრად ცოცხი ისე ძლიერად შეხტა, რომ მთელმა სტადიონმა შეჰყვირა, რადგან ჰარი გადმოვარდა და ახლა ცოცხზე ცალი ხელით ეკიდა.
— ფლინტი რომ დაეტაკა, რამე ხომ არ უქნა? — ჩუმად იკითხა სიმუსმა.
— რა უნდა ექნა, — თქვა ჰაგრიდმა, მაგრამ ხმა აუკანკალდა: — „ნიმბუს-2000“- ზე ვერავინ იმოქმედებს, გარდა ძლიერი, ბოროტი ჯადოქრისა.
ამის გაგონებაზე ჰერმიონმა ჰაგრიდის ბინოკლს დასტაცა ხელი და მაყურებელთა თვალიერება დაიწყო.
— რას შვრები? — იკითხა გაფითრებულმა რონმა.
— ასეც ვიცოდი, — აღმოხდა ჰერმიონს, — ამას სნეიპი აკეთებს, ნახე!
რონმა ბინოკლი გამოსტაცა. სნეიპი მათ მოპირდაპირე ტრიბუნაზე იდგა, ჰარის თვალს არ აცილებდა და შეუჩერებლად რაღაცას ბუტბუტებდა.
— ეგ არის. ჰარის ცოცხს აჯადოებს, — ჩაუჩურჩულა ჰერმიონმა.
— რა ვქნათ?
— მე ვიცი! — თქვა ჰერმიონმა და სანამ რონი რამეს იტყოდა, გაქრა.
რონმა ბინოკლი ისევ ჰარისკენ მიმართა. ცოცხი ძლიერად ვიბრირებდა, აშკარა იყო, ჰარი დიდხანს ვერ გაძლებდა ასე ჩამოკონწიალებული. მაყურებელი ფეხზე იდგა და სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა. ძმები უისლები ჰარისკენ გაფრინდნენ, იქნებ, ჩვენს ცოცხზე გადმოვსვათო, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდებოდნენ, ჰარის „ნიმბუსი“ უფრო მაღლა ავარდებოდა ხოლმე და უარესად ხტოდა. ბოლოს ისღა მოიფიქრეს, რომ ჰარის ქვეშ დაიწყეს ფრენა, თუ ჩამოვარდა, დავიჭერთ მაინცო. მარკუს ფლინტმა დრო იხელთა, ქუაფლი ზედიზედ ხუთჯერ ისე გაიტანა კარში, არც არავის დაუნახავს.
— მიდი, ჰერმიონ, დროზე! — მოთმინება დაელია რონს.
ჰერმიონმა, როგორც იქნა, მიაღწია სნეიპამდე. ისე ჩქარობდა, არც კი შეჩერებულა, რომ ბოდიში მოეხადა პროფესორ ქვირელისთვის, რომელიც კინაღამ გადააყირავა. ჰერმიონმა სნეიპის უკანა რიგში ჩაიცუცქა, ჯადოსნური ჯოხი ამოიღო და საგულდაგულოდ შერჩეული მაგიური სიტყვები წარმოთქვა. ჯოხის წვერიდან კაშკაშა ლურჯი ალი ავარდა, პირდაპირ სნეიპის მანტიის კალთას მოედო და აბრიალდა.
ოცდაათიოდე წამი დასჭირდა სნეიპს იმის მისახვედრად, რომ ცეცხლი ეკიდა. მისმა ხმამაღლა შეყვირებამ ჰერმიონს ამცნო, რომ მიზანი მიღწეული იყო; ცეცხლის ალი უკან გამოიხმო, პატარა ქილაში გამოამწყვდია და ჯიბეში ჩაიდო — ასე სნეიპი ვერასოდეს გაარკვევდა, თუ რა მოხდა.
ამასობაში ცოცხი დაშოშმინდა და ჰარიც ზედ მოექცა.
— ნევილ, შეგიძლია, გამოიხედო, — უთხრა რონმა ჰაგრიდის ქურქში თავჩარგულ, ატირებულ ნევილს.
ჰარი ელვის უსწრაფესად ეშვებოდა ძირს. მერე პირზე იტაცა ხელი, თითქოს გული ერევაო, მიწაზე დადგა, დაახველა და მის ხელში ოქროსფერმა ბურთმა გაიბრწყინა.
— სნიჩი დავიჭირე! — იყვირა ჰარიმ, ხელი მაღლა ასწია და ყველას დაანახვა. მატჩი დასრულდა.
— ამას დაჭერა ჰქვია?! — ბუზღუნებდა ფლინტი ოცი წუთის განმავლობაში, — კინაღამ გადაყლაპა!
მაგრამ მის აზრს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ჰარის თამაშის წესი არ დაურღვევია. ბედნიერი ლი ჯორდანი გაუთავებლად იმეორებდა:
— გაიმარჯვა გრიფინდორის გუნდმა ანგარიშით ას სამოცდაათი სამოცზე.
ჰარის ეს აღარ ესმოდა, რონთან და ჰერმიონთან ერთად ჰაგრიდის ქოხში მაგარ ჩაის მიირთმევდა.
— სნეიპის ბრალი იყო, — დაიწყო მოყოლა რონმა, — ჰერმიონმა და მე დავინახეთ. შენს ცოცხს აჯადოებდა. რაღაცას ბუტბუტებდა და თვალს არ გაცილებდა.
— სისულელეა, — დაბეჯითებით განაცხადა ჰაგრიდმა, რომელსაც არ გაუგია, რა მოხდა ტრიბუნაზე, — რაში სჭირდება სნეიპს ამის გაკეთება?
ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა ერთმანეთს გადახედეს. არ იცოდნენ, ეთქვათ სიმართლე ჰაგრიდისთვის თუ არა. ბოლოს ჰარიმ გადაწყვიტა, ეთქვა:
— ჩვენ რაღაც ვიცით სნეიპზე: სამთავიან ძაღლთან უნდოდა მისვლა ჰელოუინზე. ალბათ, იმას იპარავდა, რასაც ძაღლი იცავს. მაგრამ ძაღლმა ფეხზე უკბინა.
ჰაგრიდს ჩაიდანი გაუვარდა ხელიდან.
— ვინ გითხრათ ფლაფის ამბავი?
— ფლაფის?!
— ჰო. ჩემი ძაღლია. შარშან ვიყიდე ლუდხანაში, ერთმა ბერძენმა ბიჭმა მომყიდა. მე კიდე დამბლდორს ვათხოვე, რომ უდარაჯოს...
— რას? — ვერ მოითმინა ჰარიმ.
— არა, ამას ვერ გეტყვით, საიდუმლოა.
— მაგრამ სნეიპი მის მოპარვას ცდილობს.
— რა სისულელეა. სნეიპი ჰოგვორტსის მასწავლებელია. ამას არასოდეს არ ჩაიდენს.
— აბა, ჰარის მოკვლა რომ უნდოდა?! — იყვირა უცებ ჰერმიონმა. ეტყობა, დღეს სნეიპზე აზრი შეეცვალა, — მე ვიცი, ჯადოს როგორ უკეთებენ, ჰაგრიდ. წაკითხული მაქვს. აუცილებლად თვალმოუშორებლად უნდა უცქირო, რომ კონტაქტი არ გაწყდეს. სნეიპს თვალი არ დაუხამხამებია. მე თვითონ დავინახე!
— მე კიდე გეუბნები, არა მეთქი! — გაცხარდა ჰაგრიდი, — არვიცი, რა მოუვიდა ჰარის ცოცხს, მაგრამ სნეიპი სტუდენტს არ მოკლავს! ეხლა, მომისმინეთ სამივემ: ისეთ რამეში ცხვირს ნუ ჩაყოფთ, რაც თქვენ არ გეხებათ. საშიში საქმეა. ის ძაღლიც დაივიწყეთ და რასაც იცავს, ისიც. ეგ მხოლოდ პროფესორ დამბლდორს ეხება და ნიკოლას ფლამელს...
— აჰა! — წამოიძახა ჰარიმ, — ესე იგი, კიდევ ვიღაც ნიკოლას ფლამელია მანდ გარეული, არა?! ჰაგრიდი მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent