ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი XII
თავი მეთორმეტე სილივრუს სარკე შობა ახლოვდებოდა. დეკემბრის შუა რიცხვებში, ერთ მშვენიერ დილას, გამოღვიძებულებს ბევრი ახალი ამბავი დახვდათ. ჰოგვორტსი დათოვლილიყო; ტბა უკვე სქელ ყინულს დაეფარა; ტყუპი უისლები დაესაჯათ იმისათვის, რომ რამდენიმე მოჯადოებული გუნდა პროფესორ ქვირელისათვის ზედ კეფაზე, ჩალმაში მოერტყათ. ქარბუქის გამო მხოლოდ რამდენიმე ბუს მოეხერხებინა ფოსტის მოტანა. ისეთი მოყინული ფრთებით მოვიდნენ, რომ ჰაგრიდის მზრუნველობა რომ არა, ვერასოდეს ფრენას ვეღარ შეძლებდნენ. ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიწყებოდა არდადეგები. მართალია, გრიფინდორის საერთო ოთახში და დიდ დარბაზში ბუხარი სულ გიზგიზებდა, მაგრამ სხვაგან ყველგან ყინავდა. დერეფნებში გამჭოლი ქარი ქროდა, საკლასო ოთახები გათოშილი იყო — ქარი ავად ეხლებოდა დიდ ფანჯრებს. სნეიპის გაკვეთილებზე, ქვემოთ, ჯურღმულში რომ ტარდებოდა, ნამდვილი გამყინვარება სუფევდა. პირიდან ორთქლი გამოსდიოდათ და თავიანთ ცხელ ქვაბებს ლამის ზედ ეკვროდნენ. სნეიპის ერთ-ერთ გაკვეთილზე მალფოიმ ხმამაღლა გამოაცხადა: — როგორ მეცოდება ყველა, ვინც შობა-ახალ წელს შინ ვერ მიდის, რადგან იქ არავინ ელოდება. ამას რომ ამბობდა, თან ჰარის უცქეროდა. კრაბი და გოილი ახითხითდნენ. ჰარი ზღვის ლომის დაფქვილ ხერხემალს წონიდა და მათკენ არც კი გაუხედავს. ქვიდიჩის მატჩის შემდეგ მალფოი კიდევ უფრო აუტანელი გახდა. სლიზერინის წაგებით გამწარებულმა ერთი ოხუნჯობა მოიგონა და ყველას ეუბნებოდა: მომავალ წელს, ხის ბაყაყი რომ არის, დიდპირა, ჰარის ნაცვლად, გრიფინდორის სიკერი ის იქნებაო. მალფოი მალე მიხვდა, რომ მის ხუმრობაზე არავის ეცინებოდა: ყველას მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ მოახერხა გაგიჟებული ცოცხის დაოკება ჰარიმ. უარესად გაცოფებული და შურით გაბერილი მალფოი ახლა ჰარის ოჯახს გადასწვდა. ჰარი მართლაც არ აპირებდა საშობაოდ დერსლებთან გამგზავრებას. პროფესორმა მაკგონაგელმა ერთი კვირით ადრე იმ მოსწავლეების სია შეადგინა, ვინც სკოლაში დარჩენა გადაწყვიტა. ჰარი მაშინვე ჩაეწერა და ამის გამო გული სულაც არ სწყდებოდა. პირიქით, დარწმუნებული იყო, ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი შობა იქნებაო. რონი და მისი ძმებიც რჩებოდნენ, რადგან მათი მშობლები ჩარლისთან აპირებდნენ წასვლას რუმინეთში. სნეიპის კლასიდან რომ გამოვიდნენ, დერეფანში უზარმაზარი ნაძვის ხე დახვდათ. ვეება ჩექმებმა და ბუხუნა ხმამ კი აუწყათ, რომ ხის უკან ჰაგრიდი უნდა ყოფილიყო. — გამარჯობა, ჰაგრიდ! მოხმარება ხომ არ გინდა? — რონმა ხის ტოტებში შერგო თავი. -— არა, დიდი მადლობა, რონ. — უკაცრავად, თუ შეიძლება, გაგვატარეთ! — გაისმა ზურგს უკან მალფოის ცივი ხმა, — სამუშაოს ეძებ, უისლი? იმედი გაქვს, რომ ჰოგვორტსის დატოვების შემდეგ მცველად მაინც გამუშავებენ აქ? თუმცა ჰაგრიდის ქოხი, შენს სახლთან შედარებით, ალბათ, სასახლედ მოგეჩვენება. რონი მალფოის ეძგერა, მაგრამ სწორედ ამ დროს საიდანღაც სნეიპი გამოჩნდა. — უისლი! რონმა ხელი უშვა მალფოის. — მალფოიმ გამოიწვია, პროფესორო სნეიპ, — ნაძვის ტოტებიდან დიდი, ბანჯგვლიანი თავი გამოყო ჰაგრიდმა, — შეურაცხყოფა მიაყენა მის ოჯახს. — თუნდაც ასე იყოს, ჰოგვორტსის შინაგანაწესი ჩხუბის უფლებას არ აძლევს მოსწავლეს, ჰაგრიდ, — უთხრა სნეიპმა ტკბილად, — ხუთი საჯარიმო ქულა გრიფინდორს, უისლი, და მადლობა თქვით, რომ უფრო მეტი არა. ახლა კი ყველანი წადით აქედან. მალფოიმ, კრაბმა და გოილმა უხეშად გასწიეს ნაძვის ტოტები და კმაყოფილები გაეცალნენ იქაურობას, თან წიწვებით მოფინეს იატაკი. –— მე მაგას ვუჩვენებ სეირს! — კბილებში გამოსცრა რონმა. — დამაცადოს!... — ორივე მეჯავრება, მალფოიც და სნეიპიც, — თქვა ჰარიმ. — არ გინდათ, შობა მოდის, კარგ გუნებაზე უნდა იყო, — გაიღიმა ჰაგრიდმა, — დიდ დარბაზში წამოდით, ნახეთ, რა ლამაზია! ჰარი, რონი და ჰერმიონი ჰაგრიდსა და მის ნაძვის ხეს შეჰყვნენ დიდ დარბაზში. პროფესორი მაკგონაგელი და პროფესორი ფლიტვიკი იქაურობას რთავდნენ. — ესეც ბოლო ხე, ჰაგრიდ, არა? კუთხეში დადგით! დიდი დარბაზი საზეიმოდ მოკაზმულიყო. კედლებზე ბაძგისა და ფითრის გირლანდები ეკიდა. დარბაზში თორმეტი ძალიან მაღალი ნაძვის ხე იდგა. ზოგზე ყინულის ლოლუები ციმციმებდა, ზოგზე — ასობით პატარა სანთელი. — არდადეგებამდე რამდენი დღე დაგრჩათ? — იკითხა ჰაგრიდმა. — ერთი, — უპასუხა ჰერმიონმა, — სხვათა შორის, ჰარი, რონ, სადილამდე ერთი საათი კიდევ გვაქვს. ახლა ბიბლიოთეკაში უნდა ვიყოთ. — ჰო, მართალია, — რონმა ძლივს მოსწყვიტა თვალი პროფესორ ფლიტვიკის ჯადოსნურ ჯოხს, საიდანაც ოქროსფერი ბურთები ჩნდებოდნენ და ახლად მოტანილ ნაძვზე ეკიდებოდნენ. — ბიბლიოთეკაში? — ჰოლში გამოეკიდა მათ ჰაგრიდი. — არდადეგების წინადღეს? რაღაც ზედმეტი სიბეჯითე ხომ არ მოგდით? — სამეცადინო კი არა გვაქვს, — გაიცინა ჰარიმ, — რაც შენ ნიკოლას ფლამელი ახსენე, მას შემდეგ ვცდილობთ, გავარკვიოთ ვინ არის. — რაა? — ჰაგრიდი შეშფოთდა. — მომისმინეთ, გითხარით, ამ ამბავს შეეშვით მეთქი. თქვენი საქმე არ არის, რას იცავს ის ძაღლი, გაიგეთ? — ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, ვინ არის ნიკოლას ფლამელი, მეტი არაფერი, — აუხსნა ჰერმიონმა. — იქნებ შენ გვითხრა? თუ გვეტყვი, ამით დამთავრდება ყველაფერი, — შესთავაზა ჰარიმ, — უკვე ასამდე წიგნი გადავათვალიერეთ და ვერსად ვნახეთ. მიგვანიშნე მაინც, სად ვეძებოთ. ერთხელ სადღაც წავიკითხე ეს სახელი. — არ გეტყვი, — განაცხადა ჰაგრიდმა. — მაშინ, ჩვენ თვითონ ვიპოვით, — უთხრა რონმა. ბავშვები გაბრაზებულ ჰაგრიდს გაეცალნენ და სასწრაფოდ ბიბლიოთეკას მიაშურეს. მართლაც, ძალიან ბევრი წიგნი გადაქექეს, მაგრამ ნიკოლას ფლამელს მაინც ვერსად ვერ მიაკვლიეს. არადა, ხომ უნდა გაეგოთ, რისი მოპარვა სურდა სნეიპს! არც ის იცოდნენ, რით იყო ცნობილი ფლამელი, რომ ამის მიხედვით მოეძებნათ. „მეოცე საუკუნის გამოჩენილ ჯადოქრებში“ მის შესახებ არაფერი ეწერა. არც „ჩვენი დროის უდიდეს მაგებში“, არც „უახლეს უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებში“ და არც „თანამედროვე მაგიის განვითარების ისტორია“ ამბობდა რამეს. ბიბლიოთეკა კი დიდი იყო. ათიათასობით წიგნი ათასობით თაროზე უთვალავ რიგებად ეწყო. ჰერმიონმა ჯიბიდან ფურცელი ამოიღო. ფურცელზე სავარაუდო წიგნების სათაურები ჰქონდა ჩამოწერილი. რონი აქეთ-იქით დადიოდა და ალალბედზე შლიდა წიგნებს. ჰარიმ აკრძალულ სექციას მიაშურა, ვინ იცის, იქნებ სულაც სადმე აქ იყო ფლამელი. სამწუხაროდ, აქ რომელიმე პროფესორის ხელმოწერილი სპეციალური საშვი იყო საჭირო. ასეთ საშვს, რა თქმა უნდა, მათ არავინ მისცემდა, რადგან საცავი, ძირითადად, შავი მაგიის ლიტერატურისა იყო, რაც ჰოგვორტსში არ ისწავლებოდა. ამ წიგნებს მხოლოდ უფროსკურსელი სტუდენტები კითხულობდნენ, როცა ბნელი ძალებისაგან თავდაცვას სწავლობდნენ. — აქ რას ათვალიერებ, ბიჭო? — არაფერს, — თქვა ჰარიმ. მადამ პინსი, ბიბლიოთეკარი, ბუმბულის ჯაგრისით ფერთხავდა მტვერს წიგნებიდან. — არაფერს და, მაშინ წადი აქედან. აქ ყოფნა არ შეიძლება! ჰარიმ ვერავითარი საბაბი ვერ მოიფიქრა და იძულებული გახდა, სექციიდან გამოსულიყო. რონმა, ჰერმიონმა და ჰარიმ გადაწყვიტეს, მადამ პინსისთვის არავითარ შემთხვევაში არ ეკითხათ, სად ინახებოდა ლიტერატურა ფლამელის შესახებ. ცხადია, მადამ პინსს ეს ეცოდინებოდა, მაგრამ მაშინ სნეიპიც შეიტყობდა, რას ეძებდნენ. ჰარი დერეფანში ელოდა რონს და ჰერმიონს, თუმცა დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ რამეს ნახავდნენ. უკვე ორი კვირა გავიდა, რაც ეძებდნენ, მაგრამ მხოლოდ თითო-ოროლა წუთს თუ გამონახავდნენ ამ საქმისთვის გაკვეთილებს შორის, ამიტომ, რა გასაკვირი იყო, რომ ვერაფერი იპოვეს. სულ სხვა ამბავი იქნებოდა, მადამ პინსს ესენი თავისუფლად რომ მიეშვა წიგნებთან. ხუთ წუთში რონი და ჰერმიონიც დაბრუნდნენ. ხელმოცარულებმა უკმაყოფილოდ გაიქნიეს თავი და სამივენი სასადილოდ წავიდნენ. — მე რომ აქ არ ვიქნები, თქვენ მაინც განაგრძეთ ძებნა, კარგი? თუ იპოვით, მაშინვე ბუ გამომიგზავნეთ, — სთხოვა ჰერმიონმა მეგობრებს. — შენ კიდევ შენს მშობლებს ჰკითხე, იქნებ რამე იცოდნენ ფლამელზე, — დაავალა რონმა ჰერმიონს, — არაფერიც არ დაშავდება, რომ ჰკითხო. — ნამდვილად არაფერი დაშავდება. ორივე კბილის ექიმია. — გაიცინა ჰერმიონმა. * * * არდადეგებზე რონსა და ჰარის იმდენი გასართობი გამოუჩნდათ, რომ ფლამელზე საფიქრელად აღარ ეცალათ. საწოლ ოთახში, მათ გარდა, ახლა აღარავის ეძინა. საერთო ოთახშიც საგრძნობლად ცოტანი დარჩნენ. ბიჭებმა საუკეთესო სავარძლები ბუხართან მიაჩოჩეს. ჩაეფლობოდნენ ამ სავარძლებში, ისხდნენ საათობით ცეცხლთან, გრძელი რკინის ჩანგლით ბრაწავდნენ პურს, ღვეზელს, თუ სხვა რამ სასუსნავს და თან გეგმებს აწყობდნენ, როგორ მიეღწიათ იმისთვის, რომ მალფოი სკოლიდან გაერიცხათ. მართალია, ორივემ კარგად იცოდა, რომ ამის მიღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც სიამოვნებდათ ამაზე ლაპარაკი. რონმა ჯადოსნური ჭადრაკის სწავლება დაუწყო ჰარის. ზუსტად ისეთი ფიგურებით თამაშობდნენ, როგორებიც მაგლების ჭადრაკშია, ოღონდ ესენი ცოცხლები იყვნენ და ისე უნდა მოპყრობოდი, როგორც ჯარისკაცებს — ბრძოლაში. რონის ჭადრაკის დაფაც და ფიგურებიც ძველი და გაცვეთილი იყო, ყველა სხვა მისი ნივთის მსგავსად, რადგან ყველა მისი ნივთი ოჯახის რომელიმე წევრის ყოფილ საკუთრებას წარმოადგენდა. ეს ჭადრაკი ბაბუამისის ნაქონი იყო. ფიგურების სიძველე თამაშზე უარყოფითად სულაც არ მოქმედებდა, პირიქით, რონი მათ უკვე კარგად იცნობდა და ყველა ბრძანებას უყოყმანოდ ასრულებინებდა. ჰარის კი სიმუს ფინიგანმა დაუტოვა წასვლის წინ ფიგურები, რომლებიც ჰარის არ ენდობოდნენ. გრძნობდნენ, ჯერ წესიერად არ იცის თამაშიო. რჩევებს აქეთ აძლევდნენ, თანაც ყვიროდნენ. მაგალითად, ასე: „ნუ მიშვებ იქით, ვერ ხედავ იმ მხედარს? ეს გაუშვი, ამის დაკარგვას უფრო ადვილად გადავიტანთ“. შობის წინა საღამოს ჰარი დაძინებისას ხვალინდელ ლხინსა და მხიარულებაზე ფიქრობდა, საჩუქრებს კი არავისგან ელოდა. მისდა გასაოცრად, დილით თვალი გაახილა თუ არა, მაშინვე დაინახა საჩუქრების პატარა გროვა იატაკზე, საწოლის ფეხთან. — ბედნიერ შობას გისურვებ, — წაილუღლუღა ნამძინარევმა რონმა, როცა ჰარი ადგა და ხალათი მოიცვა. — შენც ასევე. ერთი ამას შეხედე. საჩუქრები მივიღე! — აბა, რა გეგონა! — გაიცინა რონმა და თავისი საჩუქრების ბევრად უფრო მოზრდილ გროვას დასწვდა. ჰარიმ ყავისფერ ქაღალდში გახვეული სულ ზედა შეკვრა აიღო; ზედ ბატიფეხურით ეწერა „ჰარის ჰაგრიდისაგან“. ხელით გამოჩორკნილი ხის ფლეიტა იყო. ალბათ, თვითონ გამოთალა. ჰარიმ ჩაჰბერა — ბუს კივილივით ხმა გამოიღო, მეორე, ძალიან პატარა კონვერტში ღია ბარათი იდო: „მივიღეთ შენი მილოცვა და გიგზავნით საშობაო საჩუქარს. ძია ვერნონი და დეიდა პეტუნია“. ბარათზე სკოჩით ორმოცდაათპენსიანი იყო მიმაგრებული. — რა კეთილები არიან, — თქვა ჰარიმ. რონს ძალიან მოეწონა ორმოცდაათპენსიანი: — საოცრებაა, რანაირი ფორმა აქვს. ეს ფულია? — შენი იყოს, — სიცილით უთხრა ჰარიმ. რონმა სიამოვნებით მიიღო საჩუქარი. — „ჰაგრიდი, დეიდაჩემი და მისი ქმარი გასაგებია, მაგრამ ესენი ვიღამ გამოგზავნა?“ — ერთი ვიცი, — დარცხვენით მიუთითა რონმა რბილ შეკვრაზე, — დედაჩემისგანაა. მე ვთხოვე, რამე გამოეგზავნა, რომ შენც გქონოდა საჩუქარი და... ოჰ, ღმერთო ჩემო, — შეწუხდა იგი, — შენთვისაც უისლების ჯემპრი მოუქსოვია. ჰარიმ ქაღალდი შემოახია და ხელით ნაქსოვი, ზურმუხტისფერი, სქელი შალის ჯემპრი და შინაური ტკბილეული ამოიღო. — ყოველ წელს ყველას ასეთ ჯემპრს გვიქსოვს, — წაიდუდღუნა რონმა და თავისი შეკვრა გახსნა, — ჩემი ყოველთვის წაბლისფერია ხოლმე. — დიდი მადლობა დედაშენს, — გაუღიმა ჰარიმ და ტკბილეულიც გასინჯა, — ესეც გემრიელია. შემდეგი საჩუქარი ჰერმიონისგან იყო, შოკოლადის ბაყაყები. ბოლო შეკვრა ძალიან მსუბუქად აჰყვა ხელში. გახსნა. რაღაც სიფრიფანა, გამჭვირვალე ვერცხლისფერი, თან ძალზე ჰაეროვანი გასხლტა და მსუბუქ ნაკეცებად დაეფინა იატაკს. რონმა გაოცებისაგან პირი დააღო. — მე მგონი, ვიცი, რაც არის, — ჩურჩულით თქვა და მისთვის ჰერმიონის გამოგზავნილ ყველანაირი გემოს კანფეტებს თავი მიანება, — თუ ის არის, რასაც ვფიქრობ... ძალიან იშვიათი, ძვირფასი რამაა! — რა არის? ჰარიმ ხელში აიღო ვერცხლისფრად მბზინავი, თითქოს წყლისაგან ნაქსოვი უცნაური ქსოვილი. | — უჩინმაჩინის მოსასხამი, — მოწიწებითა და შიშით თქვა რონმა, — ეგ უნდა იყოს. მოისხი. ჰარიმ მხრებზე მოისხა. რონმა შეჰყვირა: — ეგ არის! ძირს დაიხედე! ჰარიმ თავის ფეხებს დახედა. გამქრალიყო. სარკეს ეცა. ჰაერში მხოლოდ თავი ლივლივებდა. ტანი არ ჩანდა. თავზე წამოიხურა მთლიანად გაქრა. — აქედან წერილი გამოვარდა! — იყვირა რონმა. ჰარიმ მოსასხამი მოიძრო და წერილი გახსნა. წვრილი,ხუჭუჭა ასოებით ეწერა: სიკვდილის წინ მამაშენმა მე დამიტოვა. დროა, დაგიბრუნო. ჭკუით იხმარე. ბედნიერ შობას გისურვებ. ხელს არავინ აწერდა. ჰარი წერილს აკვირდებოდა, რონი კი — მოსასხამს. — რას არ მივცემდი, რომ ასეთი მოსასხამი მქონდეს, ალბათ ყველაფერს, — ინატრა რონმა. — რა მოხდა? — არა. არაფერი, — ჰარიმ არ იცოდა, რა ეფიქრა. ვის უნდა გამოეგზავნა ეს მოსასხამი? ნუთუ მართლა მამამისის ნაქონი იყო? ამასობაში კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ტყუპი უისლები შემოცვივდნენ. ჰარიმ სასწრაფოდ დამალა მოსასხამი. არ უნდოდა, რომ ჯერჯერობით ვინმეს ენახა. — შობას გილოცავთ! — ე, ჰარისაც უისლების ჯემპრი აჩუქეს! ფრედსა და ჯორჯს, ორივეს, ლურჯი ფერისა ეცვა, ოღონდ ერთს „ფ“ ეწერა ყვითლად, მეორეს — „აჯ“. — ნახე, ჰარისი ყველაზე ლამაზია, — ფრედმა ჰარის ჯემპრი გაშალა, — ხედავ, დედას სხვისთვის რა კარგად მოუნდომებია?! — რონ, შენ შენი რატომ არ ჩაგიცვამს? — მიუბრუნდა ჯორჯი ძმას, — მიდი, ახლავე ჩაიცვი, ძალიან თბილი და ლამაზია! — ვერ ვიტან წაბლისფერს, — თავისთვის ჩაიდუდღუნა რონმა, როცა ჯემპრს იცვამდა. — მარტო ჩვენსაზე ამოუქსოვია ასოები, — აღმოაჩინა ჯორჯმა, — ჰგონია, სახელები გვავიწყდება. ჩვენ კიდევ ვიცით, რომ ფორჯი და ჯრედი გვქვია. სულელები კი არა ვართ. — რა ხმაურია აქ, რა ხდება? კარებში უკმაყოფილო პერსიმ შემოყო თავი. მასაც ჯემპრი მიეღო და მკლავზე ეკიდა. ფრედმა მაშინვე გამოსტაცა. — „პ“ წერია... პრეფექტიო! ჩაიცვი, პერსი, ჩვენ უკვე ყველას გვაცვია. აი, ჰარისაც აქვს. — არა... მე... არ... — პერსიმ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ტყუპებმა ჯემპრი ისე გადააცვეს თავზე, რომ სათვალე მოსძვრა. — დღეს პრეფექტების მაგიდასთან არ დაჯდები! შობა ოჯახური დღესასწაულია! — გამოაცხადა ჯორჯმა. ტყუპებმა ჯემპრით ტანზე ხელებმიკრული პერსი წინ გაიგდეს და ოთახიდან გავიდნენ. * * * ჰარის არასოდეს ენახა ასეთი ზღაპრული საშობაო სუფრა: უთვალავი მსუქანი შებრაწული ინდაური, შემწვარი და მოხარშული კარტოფილის გორები, ლანგრებზე დაწყობილი სურნელოვანი ძეხვები, კარაქში მოხრაკული მუხუდო, ვერცხლის ჯამებში ჩასხმული სქელი, ნოყიერი საწებლები და მოცვის სოუსი. სათითაოდ ყველასთან ელაგა ჯადოსნური სატკაცუნოები. ისეთი კი არა, მაგლებს რომ აქვთ, საცოდავი და უბადრუკი, პლასტმასის პატარა სათამაშოთი, დერსლები რომ ყიდულობდნენ. ჰარიმ და ფრედმა ერთად გაისროლეს სატკაცუნო. გაისმა კანონადა და ყველანი ცისფერ ბოლში გაეხვივნენ. ამოხტა კონტრადმირალის ქუდი და ამოცვივდნენ ცოცხალი თეთრი თაგვები. დამბლდორი მთავარ მაგიდასთან იჯდა, ოღონდ ჯადოქრის წვეტიანი ქუდის ნაცვლად, დღეს ყვავილების გვირგვინი ეხურა და პროფესორ ფლიტვიკის ოხუნჯობაზე მხიარულად იცინოდა. ინდაურის შემდეგ ალმოდებული საშობაო პუდინგები შემოიტანეს. პერსიმ კინაღამ კბილი მოიტეხა ვერცხლის სიკლზე, რომელიც მის ნაჭერში აღმოჩნდა. ჰაგრიდი ბევრს სვამდა და თანდათან თვითონაც ღვინისფერი ხდებოდა. ბოლოს პროფესორ მაკგონაგელს დაუწყო ლოყაზე კოცნა. პროფესორი მაკგონაგელი, ჰარისდა გასაოცრად, იცინოდა და წითლდებოდა, ქუდი კი გვერდზე მოღრეცოდა. სუფრიდან რომ წამოდგნენ, ჰარი სატკაცუნოდან ამოსროლილი საჩუქრებით იყო დატვირთული; ხელში ეკავა მანათობელი ბუშტები, რომლებიც არასოდეს არ სკდებოდნენ, „მეჭეჭების გამჩენი“ და ჯადოსნური ჭადრაკის ახალთახალი კომპლექტი. თეთრი თაგვები სადღაც გაქრნენ და ჰარი შიშობდა, რომ საბოლოოდ მისის ნორისის საშობაო კერძად იქცეოდნენ. ნასადილევს ჰარიმ და ძმებმა უისლებმა ბევრი იგუნდავეს თოვლში. დაღლილები, სველები და გათოშილები გრიფინდორის თბილ საერთო ოთახში დაბრუნდნენ და ბუხართან დასხდნენ. შემდეგ ჰარიმ და რონმა ჭადრაკის პარტია ითამაშეს. ჰარიმ სამარცხვინოდ წააგო, რასაც პერსის აბრალებდა, ამდენ რჩევას რომ მაძლევდა, იმის ბრალიაო. ვახშმად ჩაი მიირთვეს და ინდაურის სენდვიჩები, ფუნთუშები, ნამცხვრები და საშობაო ღვეზელი მიაყოლეს. დანაყრებულებს ძილი მალე მოერიათ. ჰარის და რონს განძრევის თავიც აღარ ჰქონდათ, ისხდნენ და ზანტად აყოლებდნენ თვალს რონის ძმებს: ტყუპებს პრეფექტის ემბლემა მოეპარათ და პერსი წასართმევად დასდევდა, ეს ჰარის საუკეთესო საშობაო დღესასწაული იყო, მაგრამ მთელი დღე გულის სიღრმეში რაღაც აწუხებდა. ლოგინში რომ ჩაწვა, მხოლოდ მაშინ მოიცალა იმაზე საფიქრელად, თუ ვინ და რატომ გამოუგზავნა უჩინმაჩინის მოსასხამი. რონმა, რომელმაც ასევე ბლომად მიირთვა და არავითარი იდუმალი კითხვა არ აწუხებდა, ჩამოუშვა თუ არა თავისი საწოლის ფარდები, მაშინვე დაიძინა. ჰარიმ უჩინმაჩინის მოსასხამი გამოაძვრინა საწოლის ქვეშიდან. მამამისისაა... ეს მამამისს ეკუთვნოდა. მოსასხამი გაშალა — აბრეშუმზე უფრო ნაზი, ჰაერზე უფრო მსუბუქი. ჭკუით იხმარე, — აფრთხილებდა წერილი. ახლავე უნდა მოისხას. საწოლიდან წამოხტა და მოსასხამში გაეხვია. ძირს დაიხედა. ფეხები გამქრალიყო. მხოლოდ მთვარის შუქი ეფინა იატაკზე. უცნაური გრძნობა დაეუფლა. „ჭკუით იხმარე!“ ერთბაშად გამოფხიზლდა: ამით ხომ მთელ ჰოგვორტსს მოივლიდა! აღელვებისაგან აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. კარგა ხანს იდგა სუნთქვაშეკრული. ახლა სადაც უნდოდა, იქ შევიდოდა; რაც მოუნდებოდა, იმას იზამდა. ფილჩი ვერ დაინახავდა! რონი ძილში აბუტბუტდა. რა ქნას, გააღვიძოს თუ არა? რაღაცამ გააჩერა — ალბათ, მამის მოსასხამმა, — ასეთი რამ პირველად დაემართა თავის ცხოვრებაში, სულ პირველად. მარტო ყოფნა მოუნდა. ჩუმად გავიდა საწოლი ოთახიდან, ჩავიდა საერთო ოთახში და პორტრეტიან გასასვლელში გაძვრა. — რომელი ხარ? — იკითხა ფუშფუშა ქალბატონმა. ჰარიმ არ უპასუხა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს. „სად მივდივარ? — შეჩერდა გულამოვარდნილი და დაფიქრდა, — სად და, ბიბლიოთეკის აკრძალულ სექციაში. რამდენ ხანსაც მსურს, იმდენ ხანს დავრჩები, რასაც მინდა, იმას წავიკითხავ და, ბოლოს და ბოლოს, გავიგებ, ვინ არის ფლამელი“. — მოსასხამი ტანზე მჭიდროდ შემოიხვია და წავიდა. ბიბლიოთეკაში შემზარავი წყვდიადი იდგა. ჰარიმ ფარანი აანთო, რომ გზა გაეკვლია. ფარანი თითქოს ჰაერში ეკიდა და ისე მოძრაობდა. ჰარი კი გრძნობდა, რომ ხელში ეჭირა, მაგრამ ეს უცნაური სანახაობა მაინც ჟრუანტელს ჰგვრიდა. აკრძალული სექცია სულ ბოლოში იყო, დანარჩენი ნაწილისგან მხოლოდ გაბმული ბაწარი ჰყოფდა. ფრთხილად გადააბიჯა ბაწარს და ფარანი ასწია, რომ სათაურები წაეკითხა. ამით ბევრი ვერაფერი გაიგო. ფერგადასული, გაცრეცილი ასოები ჰარისათვის გაუგებარ უცხო ენაზე მეტყველებდნენ. ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდა სათაური. ერთ წიგნს მუქი ლაქა ეცხო, რომელიც საშინლად ჰგავდა სისხლს. ჰარის თმა ყალყზე დაუდგა. შეიძლება, ეჩვენებოდა, იქნებ არც ეჩვენებოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ წიგნები ჩურჩულებდნენ — თითქოს გრძნობდნენ, რომ მათთან ვიღაც შემოიჭრა. ფარანი იატაკზე დადო და სულ ქვედა თაროდან ის წიგნი გადმოიღო, რომელიც საინტერესო ეჩვენა. შავ-ვერცხლისფერი ფოლიანტი ძლივს დაძრა ადგილიდან, რადგან ტყვიასავით მძიმე აღმოჩნდა. მუხლებზე გაჭირვებით დაიდო და გადაშალა. ბიბლიოთეკის სიჩუმე გამაყრუებელმა, სისხლის გამყინავმა კივილმა შეძრა — წიგნი აყვირდა! ჰარიმ სასწრაფოდ დახურა, მაგრამ კივილი გრძელდებოდა — ხმამაღალი, გაბმული, ყურისწამღები. ჰარიმ უკან დაიხია და ფარანს წამოჰკრა ფეხი, რომელიც მყისვე ჩაქრა. დერეფანში ნაბიჯების ხმა გაისმა. ჰარის გული გაუსკდა. წიგნი თავის ადგილას დააბრუნა და გაიქცა. კარებში ფილჩს გადაეყარა. ფილჩის ბრაზიანი, გაწყალებული თვალები პირდაპირ მას უყურებდა, მაგრამ ვერ ხედავდა. ჰარი მისი გაწვდილი მკლავის ქვეშ გაძვრა და დერეფანში გავარდა. მირბოდა და ის კივილი ისევ ყურებში ედგა. ისე თავზარდაცემული მიქროდა, არც უფიქრია, საით გარბოდა. უცებ რკინის მაღალი აბჯრის წინ შეჩერდა. ალბათ, სიბნელის გამო იყო, რომ ვერ მიხვდა, სად იმყოფებოდა. ახსოვდა, რომ რკინის აბჯარი სამზარეულოს გვერდით იყო, მაგრამ წესით, ახლა თვითონ ხუთი სართულით მაღლა უნდა ყოფილიყო. — პროფესორო, თქვენ მთხოვეთ, ღამით მოსიარულეს ვინმეს თუ შენიშნავ, პირდაპირ ჩემთან მოდიო. ჰოდა, ბიბლიოთეკის აკრძალულ სექციაში ვიღაც შესულა. ჰარის სისხლმა აასხა თავში. ფილჩის ხმა იცნო. ალბათ, უმოკლესი გზით მოვიდა აქ, ხმა თანდათან ახლოს მოიწევდა. ყველაზე შემაძრწუნებელი ის იყო, რომ ვინც ფილჩს გამოეპასუხა, სნეიპი აღმოჩნდა. — აკრძალულ სექციაში? მაშინ, შორს ვერ წავიდოდნენ. დავიჭერთ. ჰარი გაუნძრევლად იდგა. ფილჩი და სნეიპი პირდაპირ მისკენ მოდიოდნენ. დერეფანი ძალიან ვიწრო იყო, გვერდს ვერ აუვლიდნენ. ჰარი მართალია, არ ჩანდა, მაგრამ შეხებით უსათუოდ იგრძნობდნენ. ნელ-ნელა დაიხია უკან, ძალიან ჩუმად. უცებ, მარცხნივ, შეღებული კარი დაინახა. ეს ერთადერთი ხსნა იყო. სუნთქვაშეკრული შეძვრა იმ კარში. ძალიან ფრთხილობდა, ჩქამიც არ გამოეღო. ფილჩმა და სნეიპმა კარს ისე ჩაუარეს, ვერაფერი შეამჩნიეს. ჰარი კედელს იყო მიყრდნობილი, ესმოდა, თანდათან როგორ მიწყდა ნაბიჯების ხმა, სასწაულად გადარჩა. ცოტა დაწყნარდა და ოთახი მოათვალიერა, მიტოვებულ საკლასო ოთახს ჰგავდა. მერხები და სკამები ერთმანეთზე შეეწყოთ კედელთან. საქაღალდე კალათი გადაბრუნებული ეგდო. კიდევ ერთი ნივთი იყო, რომელიც, როგორც ჩანს, საიდანღაც წამოეღოთ და დროებით აქ შემოეტანათ. თითქმის ჭერის სიმაღლე, ოქროს მოჩუქურთმებულჩარჩოიანი უმშვენიერესი სარკე თათების მსგავს ორ ფეხზე იდგა, თავზე კი ამოტვიფრული ჰქონდა წარწერა: სლივრუს სნეშ დემარა სეხას სნეშ არა ბენევჩიგ ემ. ჰარის პანიკამ თანდათან გაუარა. ფილჩი და სნეიპი უკვე შორს იყვნენ. ჰარი სარკისკენ წავიდა. ეგონა, ჩავიხედავ, მაგრამ არ გამოვჩნდებიო. სარკის წინ დადგა. ჩაიხედა და სასწრაფოდ პირზე ხელი იტაცა, რომ არ დაეყვირა. მერე შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ. სარკეში თვითონ ხომ მოჩანდა და მოჩანდა, მის უკანაც უამრავი ხალხი იდგა. ოთახი კი ცარიელი იყო. აღელვებული კვლავ სარკეს მიუბრუნდა. აი, თავისი თავი დაინახა. გაფითრებულია და შეშინებული. მის ზურგს უკან, სულ ცოტა, ათი ადამიანი მაინც მოჩანდა. თავი მიაბრუნა. არა, ოთახში ნამდვილად არავინ იყო. იქნებ ისინიც უჩინარები არიან და მასავით ამ ოთახში იმყოფებიან? იქნებ, ამ სარკეს უჩინარი ხალხის ჩვენებაც შეუძლია? ისევ სარკეს დააცქერდა. ჰარის უკან ქალის გამოსახულება იდგა, უღიმოდა და ხელს უქნევდა. ჰარიმ უკან გაიწვდინა ხელი და ჰაერში გაიქნია. არა, ისინი მხოლოდ სარკეში იყვნენ. ქალი ძალიან ლამაზი იყო. მუქი წითური თმა ჰქონდა და თვალები... „თვალებით მე მგავს“, — იფიქრა ჰარიმ და უფრო ახლოს მივიდა, — „ჭრილიც ჩემნაირი აქვს და ფერიც — ღია მწვანე“. ქალი თან უღიმოდა, თან ტიროდა. მაღალი, შავთმიანი, გამხდარი მამაკაცი ედგა გვერდით და ხელი ჰქონდა გადახვეული. კაცს სათვალე ეკეთა. ეტყობოდა, ჰარივით, მასაც ურჩი თმა ჰქონდა. ჰარი კიდევ უფრო მიუახლოვდა სარკეს. ლამის ცხვირი მიადო. — დედი, — თქვა ჩურჩულით, — მამი! ისინი ჰარის უცქეროდნენ და უღიმოდნენ. ჰარიმ ახლა სხვები შეათვალიერა. აი, კიდევ მისნაირი მწვანე თვალები; ვიღაცას ცხვირი ჰქონდა ჰარისნაირი. ამ პატარა მოხუცს ჰარივით ამოყრილი მუხლები აქვს; ეს მისი ოჯახი იყო, რომელიც არასოდეს ენახა. პოტერები უღიმოდნენ და ხელს უქნევდნენ. ჰარი ხან ერთს უცქეროდა, ხან — მეორეს. სარკეს ორივე ხელი მიადო, თითქოს შიგნით შეაღწევდა და მათთან მივიდოდა. ერთდროულად დაეუფლა მტკივნეული და ნაზი სევდა. არც იცოდა, რამდენ ხანს იდგა ასე. არც გამოსახულება ქრებოდა. უცქეროდა და უცქეროდა მათ, სანამ შორიდან ხმაური არ მოესმა. ამან გამოარკვია. აქ დიდხანს დარჩენა აღარ შეიძლებოდა. ისევ დედას შეხედა, — მალე დავბრუნდებიო, — წასჩურჩულა და ოთახიდან გავიდა. * * * — რატომ მეც არ გამაღვიძე, — გაბრაზდა რონი. — ამაღამ წამომყევი. ისევ მივდივარ. მინდა, სარკე გიჩვენო. — როგორ მინდა, დედაშენი და მამაშენი ვნახო, — უთხრა რონმა. — მეც მინდა შენები ვნახო. მთელი უისლების ოჯახი. — იმათ, როცა გინდა, მაშინ ნახავ, — გაიცინა რონმა, — ამ ზაფხულს ჩამოდი ჩემთან. იცი რა, შეიძლება, ის სარკე მარტო გარდაცვლილებს აჩვენებს. ფლამელზე კი ვერაფერი გაიგე, სირცხვილია პირდაპირ. რატომ არ ჭამ, არც ბეკონი გინდა და არც არაფერი? ჰარის ჭამა არ შეეძლო, პირველად ნახა თავისი მშობლები, ამაღამ ისევ ნახავდა! ფლამელის ამბავი ვიღას ახსოვდა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ფლამელი, რა ესაქმება იმ სამთავა ძაღლთან ან იმასთან, რასაც ის იცავს. რაც უნდა ის მოიპაროს იმ სნეიპმა... — ჰარი, რა დაგემართა, — შეეკითხა რონი, — რაღაც უცნაურად გამოიყურები. * * * ჰარის მხოლოდ იმისი ეშინოდა, ვაითუ სარკიანი ოთახი ვეღარ ვიპოვოო. უჩინმაჩინის მოსასხამი რონსაც მოასხა და ერთად წავიდნენ. ნელა, ფრთხილად მიდიოდნენ. ჯერ ბიბლიოთეკაში შევიდნენ, მერე, ჰარის გუშინდელი მარშრუტის მიხედვით, დერეფნებს გაუყვნენ. თითქმის ერთი საათი იბოდიალეს. — მცივა, — თქვა რონმა, — მოდი, თავი დავანებოთ და უკან დავბრუნდეთ! — არა! სადღაც აქ არის, ვიცი! გზაზე ერთადერთი, ვინც შემოხვდათ, მოჩვენება იყო, მაღალი ქალი, მეტი არავინ. ის იყო, რონი კვლავ აბუზღუნდა, ფეხები მომეყინაო, რომ ჰარიმ რკინის აბჯარი იცნო. — აი, აქ არის! ჰო! კარი შეაღეს და შევიდნენ. ჰარიმ მოსასხამი მოიხსნა და სარკეს მივარდა. ყველანი იქ იყვნენ, დედამ და მამამ ჰარი დაინახეს თუ არა, მაშინვე გაუღიმეს. — ხედავ? — ჩურჩულებდა ჰარი. — ვერა! — შეხედე, შეხედე, რამდენნი არიან... — მე მხოლოდ შენ გხედავ, ჰარი. — კარგად დააკვირდი. აი, აქ, ჩემს ადგილას დადექი. ჰარი განზე გადგა. ახლა რონი იდგა სარკესთან. ჰარი თავის მშობლებს ვეღარ ხედავდა. ჩანდა მხოლოდ, ღამის პიჟამაში გამოწყობილი რონი, რომელიც პირდაღებული უცქეროდა თავის თავს. — ნახე, შემხედე! — შენც მთელ შენს ოჯახს ხედავ? — არა, მარტოკა ვარ, ოღონდ სხვანაირი. გაზრდილი. დამე... ჰედ ბოი ვარ, სკოლის წინამძღოლი! — რა? — „ის ემბლემა მიკეთია, ბილს რომ ჰქონდა. თასიც მიკავია. ქვიდიჩის თასი. გუნდის კაპიტანიც ვარ. რონმა თავის დიდებას მზერა მოსწყვიტა და ჰარის შეხედა. — როგორ გგონია, ეს სარკე მომავალს უჩვენებს? — რა ვიცი. ჩემები ხომ ყველანი გარდაცვლილები არიან. მიმიშვი, კიდევ მინდა, ვნახო! — წუხელ მთელი ღამე აქ არ იყავი? მეც მაცალე... — შენ მარტო ქვიდიჩის თასი გიკავია, დიდი ამბავი, მერე რა. მე ჩემი მშობლების ნახვა მინდა! — ხელს ნუ იკვრევინები! დერეფანში რაღაც ხმები გაისმა და მხოლოდ ახლაღა მიხვდნენ, რომ ხმამაღლა ყვიროდნენ. — ჩქარა! რონმა და ჰარიმ მოსასხამი მოისხეს თუ არა, ოთახში მისის ნორისის თვალებმა შემოანათა. ორივემ ერთდროულად გაიფიქრა, ნეტავ უჩინმაჩინის მოსასხამი კატებზედაც თუ მოქმედებსო. კატა დიდხანს უცქეროდა მათ, მერე გატრიალდა და წავიდა. — მაგის ნდობა არ შეიძლება. ფილჩთან წავა და მოიყვანს. ნაძლევს დავდებ, ხმას მაინც გაიგონებდა. წავედით. და რონმა ძალით გაიყვანა ჰარი ოთახიდან, * * * ყინული მეორე დილითაც არ გამლხვალიყო. — ჰარი, არ გინდა, ჭადრაკი ვითამაშოთ? — ეკითხებოდა რონი. — არა. — მაშინ ჰაგრიდს ვესტუმროთ. — არმინდა... შენ წადი. — ვიცი, შენ სულ იმ სარკეზე ფიქრობ, ჰარი. გთხოვ, ამაღამ ნუღარ წახვალ. — რატომ? — არ ვიცი. უბრალოდ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ისედაც, რამდენჯერ ბეწვზე გადაურჩი ხიფათს. ფილჩი, სნეიპი და მისის ნორისი სულ აქეთ-იქით დაძრწიან. რომ დაგინახონ? ან დაგეჯახონ? ან შენ რამეს დაეჯახო? — შენ რაღაც ჰერმიონივით დაიწყე ლაპარაკი. — არ გეხუმრები. ნუ წახვალ, ჰარი! ჰარის ერთადერთი სურვილი იყო, ისევ იმ სარკესთან მისულიყო. რონი ამას ვერ გადააფიქრებინებდა. * * * მესამე ღამეს უფრო იოლად იპოვა ის ოთახი. სწრაფად მიდიოდა, გრძნობდა, ზედმეტად ვხმაურობო, მაგრამ, საბედნიეროდ, გზად არავის გადაჰყრია. დედა და მამა კვლავ ღიმილით შეხვდნენ. ერთ-ერთმა ბაბუამ დიდად კმაყოფილმა დაუქნია თავი. ჰარი იატაკზე დაჯდა, სარკის წინ. ახლა ვეღარავინ დაუშლიდა, მთელი ღამე აქ გაეტარებინა, თავის ნათესავებთან, ვეღარავინ... გარდა... — ისევ მოხვედი, ჰარი? ჰარის გულ-მუცელი გაეყინა. უკან მიიხედა. კედელთან მდგარ ერთ-ერთ მერხზე არც მეტი, არც ნაკლები, ალბუს დამბლდორი იჯდა. ჰარიმ ალბათ, გვერდითაც ჩაუარა და ისე მიეჩქარებოდა სარკისკენ, რომ ვერ შეამჩნია. — მე... მე ვერ დაგინახეთ, სერ. — უცნაურია, უჩინმაჩინის მოსასხამი შენ გასხია და მე არ ვჩანვარ? ჰარის გულზე მოეშვა, როცა დაინახა, რომ დამბლდორი უღიმოდა, დამბლდორი მერხიდან ჩამოსრიალდა და ჰარის გვერდით იატაკზე დაჯდა. — შენც, მსგავსად ასობით შენნაირისა, უკვე აღმოაჩინე სილივრუს სარკის მომხიბლაობა? — არ ვიცოდი, რომ ასე ერქვა ამ სარკეს... სერ. — იმედი მაქვს, იმას მაინც მიხვდი, რას უჩვენებს. — დიახ. მე ჩემს ოჯახს მიჩვენებს. — შენს მეგობარ რონს კი უჩვენა, რომ იგი სკოლის წინამძღოლია, — თქვენ საიდან იცით? — მე მოსასხამი არ მჭირდება, რომ უჩინარი გავხდე, — ალერსიანად უთხრა დამბლდორმა, — აბა, მითხარი, როგორ გგონია, რას გვიჩვენებს სილივრუს სარკე ჩვენ ყველას? ჰარიმ თავი გააქნია. — მაშინ მე აგიხსნი. ბედნიერი კაცისთვის სილივრუს სარკე ჩვეულებრივი სარკეა. თუ ჩაიხედავს, თავის თავს დაინახავს ისეთს, როგორიც არის. მეტს არაფერს. მიხვდი? ჰარი დაფიქრდა. მერე გაუბედავად თქვა: — ესე იგი, იმას გვიჩვენებს, რის დანახვაც ჩვენ გვინდა... — თან ჰო და თანაც არა, — წყნარად თქვა დამბლდორმა, — ის გვიჩვენებს ჩვენი გულის ყველაზე დაფარულ, ყველაზე სანუკვარ სურვილებს. შენ არ იცნობდი შენს ოჯახს და, აი, ხედავ მათ შენ გარშემო. რონალდ უისლი სულ იმას წუხს, ძმების ფონზე არ ვჩანვარო და ამიტომ ხედავს, რომ მარტოა და ყველა ძმას სჯობნის. ეს სარკე რასაც გვიჩვენებს, არც ცოდნაა და არც სიმართლე. ვინ იცის, რამდენი დრო აქვთ დაკარგული ადამიანებს მის წინ. ნანახით აღფრთოვანებულები ზოგჯერ ჭკუიდან იშლებოდნენ იმაზე ფიქრით, მართლა ახდებოდა თუ არა ის, რასაც აქ ხედავდნენ. ხვალ ამ სარკეს სხვა ადგილას გადაიტანენ. გთხოვ, ჰარი, ძებნას ნუღარ დაუწყებ და თუ შემთხვევით სადმე გადააწყდები, უკვე გეცოდინება, რაც არის. დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო. ახლა კი, ხომ არ მოისხამდი ამ შესანიშნავ მოსასხამს, რომ უკან გაბრუნდე და დაიძინო? ჰარი წამოდგა. — სერ, პროფესორო დამბლდორ! შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ? — რა თქმა უნდა. შენ უკვე მკითხე, — გაიღიმა დამბლდორმა, — ახლა შეგიძლია, სხვა რამ მკითხო. — თქვენ რას ხედავთ, როცა სარკეში იცქირებით? — მე? ჩემს თავს ვხედავ — ხელში შალის თბილი წინდები მიჭირავს. ჰარი გაოცდა. — ადამიანს არასოდეს არ ჰყოფნის წინდები, — შესჩივლა დამბლდორმა, — აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს. ჰარი უკვე ლოგინში იწვა, როცა იფიქრა, შეიძლება, დამბლდორი მთლად გულწრფელი არ იყოო. მაგრამ შემდეგ, როცა სკაბერზი თავისი ბალიშიდან ჩამოაგდო, ისევ დაფიქრდა ამაზე და დაასკვნა: ყველამ თავისი საქმისა თვითონ იცისო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.