შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი XV


7-07-2021, 12:19
ავტორი ცირაკო
ნანახია 808

თავი მეთხუთმეტე აკრძალული ტყე
ამაზე უარესი მართლა რაღა უნდა მომხდარიყო.
ფილჩმა ყველანი პირველ სართულზე, პროფესორ მაკგონაგელის ოთახში ჩაიყვანა. ისხდნენ და უხმოდ ელოდნენ მასწავლებლის გამოჩენას. ჰერმიონი კანკალებდა. ჰარიმ ათასი უაზრო და დაუჯერებელი ალიბი მოიგონა თავის გასამართლებლად, თუმცა არც ერთი არ ვარგოდა. ამ ხათაბალას თავს ვეღარ დააღწევდნენ. მერე, რა უაზროდ ჩაცვივდნენ! რა სულელურად დარჩათ კოშკში უჩინმაჩინის მოსასხამი! არა, არ არსებობს არავითარი მიზეზი, რომელსაც პროფესორი მაკგონაგელი საპატიოდ მიიღებს. შუაღამისას, როცა წესით უნდა ეძინოთ, ესენი სკოლის ბნელ დერეფნებში დადიან. თანაც სად ადიან, ყველაზე მაღალ კოშკში! ასტრონომიის გაკვეთილების გარდა, სხვა დროს იქ ყოფნა სასტიკად იკრძალებოდა. ახლა ამ ყველაფერს ნორბერტიც დაემატება, მერე კიდევ, უჩინმაჩინის მოსასხამი და — მორჩა. ხვალ ნამდვილად მოუწევთ ბარგის ჩალაგება.
ჰარის ხომ ეგონა, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო, ჰოდა, შეცდა. პროფესორი მაკგონაგელი მარტო კი არ მოვიდა, თან ნევილი მოჰყვა.
— ჰარი! — იყვირა ნევილმა, როცა თავისი მეგობრები დაინახა. — თქვენ გეძებდით. უნდა გამეფრთხილებინეთ, მალფოი ამბობდა თქვენზე, დავიჭერო. გავიგონე, ამბობდა, დრაკო...
ჰარიმ სწრაფად გაუქნია თავი, გაჩუმდიო. პროფესორმა მაკგონაგელმა ეს დაინახა და ისეთი სახე გაუხდა, რომ სადაცაა ნორბერტზე უარეს ცეცხლს გამოაფრქვევდა პირიდან.
— არც ერთი თქვენგანისგან მე ამას არ მოველოდი! მისტერ ფილჩმა მითხრა, ასტრონომიის კოშკში იყვნენო. ახლა ღამის პირველი საათია. რით იმართლებთ თავს?! ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჰერმიონმა მასწავლებლის შეკითხვას ვერ უპასუხა. ქანდაკებასავით გაშეშებულიყო და თავის ფლოსტებს დასცქეროდა.
— მე ვიცი, რაც მოხდა, — თქვა პროფესორმა მაკგონაგელმა, — ამის მიხვედრას გენიოსობა არ სჭირდება. თქვენ რაღაც მოჩმახეთ დრაკონის შესახებ, რომ დრაკო მალფოი საწოლიდან გამოგეტყუებინათ და განსაცდელში ჩაგეგდოთ. ისიც დადის ამ ღამით. ლონგბოტომმაც მოისმინა ეს ამბავი და ამანაც დაიჯერა, თქვენ ფიქრობთ, ეს სასაცილოა? |
ჰარიმ ნევილის მზერა დაიჭირა და თვალით ანიშნა, ასე არ არისო, რადგან ნევილი შემცბარი და გულნატკენი ჩანდა. საბრალო, ბენტერა ნევილი — ჰარიმ იცოდა, რა ფასად დაუჯდებოდა სიბნელეში მათი ძებნა.
— აღმაშფოთებელია! — ცხარობდა პროფესორი მაკგონაგელი, — ოთხი სტუდენტი ღამით სკოლაში დაძრწის! მსგავსი არაფერი მსმენია! თქვენ, მის გრეინჯერ, უფრო გონიერი მეგონეთ. მისტერ პოტერ, არ მეგონა, თუ თქვენ გრიფინდორს ამაზე მეტ პატივს არ სცემდით. სამივე დაისჯებით. დიახ, სამივე, მისტერ ლონგბოტომ, არაფერი არ გაძლევთ იმის უფლებას, ღამით სკოლის შენობაში იაროთ, მით უფრო ახლა, როდესაც ასე საშიშია. გრიფინდორს დააკლდება ორმოცდაათი ქულა...
ორმოცდაათი ქულა! — ჰარი გაშრა. ლიდერები აღარ იქნებიან. სულ წყალში ჩაიყარა ქვიდიჩით მოპოვებული წარმატება.
— ორმოცდაათი ქულა თითოეულისაგან! — პროფესორ მაკგონაგელის გრძელი, წვეტიანი ცხვირი ქშინავდა.
— გემუდარებით, პროფესორო... როგორ შეგიძლიათ...
— პოტერ, ნუ მასწავლით, რა შემიძლია და რა არა! ახლა კი ყველანი დასაძინებლად წადით! ასე არასოდეს შევურცხვენივარ გრიფინდორს!
ას ორმოცდაათი ქულა გაქრა! გრიფინდორი უკანასკნელ ადგილზეა. ერთ ღამეში ყველაფერი დაინგრა. მშვიდობით, ჩემპიონობავ! ჰარის რაღაც ჩასწყდა შიგნით. ვინ იცის, კიდევ როდის მოახერხებდნენ რამეს!
ჰარიმ მთელი ღამე თეთრად გაათენა. ესმოდა, როგორ ტიროდა ბალიშში თავჩარგული ნევილი, მაგრამ რით ენუგეშებინა, ვერ მოიფიქრა. ნევილსაც მასავით ეშინოდა გათენების, მთელი გრიფინდორი გაიგებს, რაც მოხდაო.
მართლაც, მეორე დილით ყველა გაოცებული უცქეროდა ქულების დაფას. ჯერ იფიქრეს, აქ რაღაც შეცდომააო: აბა, როგორ შეიძლება, დილით ას ორმოცდაათი ქულით ნაკლები ჰქონდეს კლუბს, ვიდრე გუშინ საღამოსო. შემდეგ კი დაიწყო მითქმა-მოთქმა: ამ ქულების დაკარგვის მიზეზი ჰარი პოტერი ბრძანდება! დიახ, სწორედ ის ცნობილი ჰარი პოტერი, ორი ქვიდიჩის მატჩის გმირი. და კიდევ ორი ბრიყვი პირველკურსელი მასთან ერთად!
ყველასათვის საყვარელი და სათაყვანებელი ჰარი თვალის დახამხამებაში იქცა ყველაზე საძულველ ადამიანად. რეივენქლომ და ჰაფლეპაფმაც კი ზურგი შეაქციეს, რადგან ისინიც სლიზერინის დამარცხებაზე ოცნებობდნენ. ჰარისკენ ხელს იშვერდნენ და პირში ეუბნებოდნენ სალანძღავ სიტყვებს. სლიზერინელები კი, სადაც მოახელთებდნენ, ტაშით ხვდებოდნენ, უსტვენდნენ და ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: — გმადლობთ, პოტერ! შენი დამსახურებაა!
ერთადერთი, ვინც ჰარის ანუგეშებდა, რონი იყო.
— გავა რამდენიმე კვირა და ყველას დაავიწყდება ეს ამბავი. ჯორჯმა და ფრედმაც ბევრი ქულა დააკარგვინეს კლუბს, მაგრამ, ხომ ხედავ, მაინც როგორ უყვარს ყველას.
— ას ორმოცდაათი ქულა ერთად ხომ არ დააკარგვინეს! — საწყლად იკითხა ჰარიმ.
— არა. მაგდენი არა.
რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველებოდა. ამიტომ ჰარიმ გადაწყვიტა: ამიერიდან, რაც მე არ მეხება, იმაში ცხვირს აღარ ჩავყოფ. რას დავიპარები აქეთ-იქით ქურდულად და ვიღაცებს ვუთვალთვალებო! საკუთარი თავის ისე რცხვენოდა, რომ ვუდთან მივიდა და უთხრა, ქვიდიჩის გუნდიდან გამრიცხეო.
— გაგრიცხო?! — გაგიჟდა ვუდი. — რა ხეირია? ქულებს როგორ დავიბრუნებთ, თუ ქვიდიჩშიც ვერ მოვიგეთ!
ქვიდიჩმაც დაკარგა თავისი ხიბლი. გუნდის წევრები ვარჯიშის დროს ჰარის არც კი ელაპარაკებოდნენ და თუ საქმეს სჭირდებოდა, მხოლოდ „სიკერად“ იხსენიებდნენ. ჰერმიონი და ნევილიც საშინლად განიცდიდნენ. მათი მდგომარეობა იმით იყო უკეთესი, რომ ჰარივით პოპულარულები არ იყვნენ, მაგრამ მათაც არავინ ელაპარაკებოდა. ჰერმიონი გაკვეთილებზე აღარ აქტიურობდა. თავჩაღუნული იჯდა
და ჩუმად მუშაობდა თავისთვის.
ჰარის ლამის უხაროდა გამოცდების მოახლოება. სამეცადინო ბევრი ჰქონდა და სევდიანი ფიქრებისთვის აღარ ეცალა. ჰარი, რონი და ჰერმიონი ერთად მეცადინეობდნენ. გვიანობამდე სწავლობდნენ, იმეორებდნენ ურთულესი წამლების შემადგენლობას, იზეპირებდნენ ჯადოსნურ სიტყვებს და შელოცვებს, იმახსოვრებდნენ უდიდეს აღმოჩენათა თარიღებს, გობლინთა აჯანყებებს...
გამოცდებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, როცა სასწორზე დაიდო ჰარის მტკიცე გადაწყვეტილება — რაც მე არ მეხება, იმაშიო არ ჩავერევიო. ერთ დღეს ბიბლიოთეკიდან მოდიოდა თავისთვის. რომელიღაც საკლასო ოთახიდან საწყალობელი ჩივილი მოესმა. რომ მიუახლოვდა, ქვირელის ხმა იცნო.
— არა, არა, გთხოვთ, ნუ იზამთ...
ვიღაც აშკარად ემუქრებოდა ქვირელს. ჰარი უფრო ახლოს მივიდა.
— კეთილი, კეთილი, — სლუკუნებდა ქვირელი.
ცოტა ხანში ის აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა საკლასო ოთახიდან, თან გზადაგზა ჩალმას ისწორებდა. გაფითრებული და შეწუხებული ჩანდა. მალე თვალს მიეფარა. ჰარი, ალბათ, არც კი შეუმჩნევია. ნაბიჯების ხმა მიწყდა თუ არა, ჰარიმ ოთახში შეიხედა. ცარიელი დახვდა. მხოლოდ ოთახის ბოლოში მეორე კარი დარჩენილიყო ღია. იმ კარისკენ წავიდა, შუა გზაში კი თავისი გადაწყვეტილება მოაგონდა და შეჩერდა.
თორმეტ ფილოსოფიურ ქვაზე დადებდა ნაძლევს, რომ მეორე კარიდან სნეიპი გავიდა. რაც გაიგონა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, სნეიპი მშვენიერ გუნებაზე უნდა გასულიყო აქედან, რადგან ეტყობა, ქვირელი უკვე მოტეხა.
ჰარი ბიბლიოთეკაში შებრუნდა. ჰერმიონი რონისგან ასტრონომიას იბარებდა. ჰარიმ მეგობრებს ყველაფერი უამბო, რაც გაიგონა.
— სნეიპმა თავისას მიაღწია, — დაასკვნა რონმა. — თუ ქვირელმა უთხრა, როგორ იხსნება მისი დადებული ჯადო...
— მაშინ, რჩება ფლაფი, — დაუმატა ჰერმიონმა.
— ეგ იქნებ სნეიპმა უჰაგრიდოდაც გაიგო, — რონმა მიმოიხედა. — ხომ შეიძლება, აქ, სადმე იდოს ისეთი წიგნი, სადაც წერია, როგორ უნდა აუარო გვერდი სამთავიან ძაღლს. რა ვქნათ, ჰარი?
ახალი თავგადასავლის მოლოდინში რონს თვალები აენთო, მაგრამ პასუხი ჰერმიონმა გასცა:
— დამბლდორთან უნდა მივიდეთ. თავიდანვე ასე უნდა მოვქცეულიყავით. ჩვენ თვითონ რომ რამე მოვიმოქმედოთ, გაგვყრიან. დარწმუნებული ვარ.
— ჰო, მაგრამ, რით დავუმტკიცოთ, — წუხდა ჰარი. — ქვირელი ისეა შეშინებული, მხარს არ დაგვიჭერს. სნეიპი იტყვის, არც ის ვიცი, ჰელოუინზე ტროლი ვინ შემოუშვა და არც მესამე სართულის დერეფანს გავკარებივარო. როგორ გგონია, ვის დაუჯერებენ, იმას თუ ჩვენ? ყველამ იცის, რომ სნეიპი არ გვიყვარს. დამბლდორიც იფიქრებს, რომ რაღაცას ვაბრალებთ. არც ფილჩის იმედი უნდა გვქონდეს. ის სნეიპის მეგობარია და რაში ენაღვლება, მოსწავლეს გააგდებენ თუ არა. პირიქით, რაც მეტს გაყრიან, ის ურჩევნია ალბათ, თანაც, არ დაგავიწყდეთ, ჩვენ, წესით, არც ქვის ამბავი უნდა ვიცოდეთ და არც ფლაფისა. რომელი ერთი უნდა ავუხსნათ?
ჰერმიონი მაშინვე დაეთანხმა. რონი — არა.
— ცოტა რომ მოვსინჯოთ... ·
— არა, — გადაჭრით თქვა ჰარიმ, — ცოტაც მოვსინჯეთ და ბევრიც.
იუპიტერის რუკა ახლოს მიიჩოჩა და მისი თანამგზავრი პლანეტების შესწავლა დაიწყო.

* * *
მეორე დილით ჰარიმ, ჰერმიონმა და ნევილმა ერთნაირი წერილები მიიღეს:
„თქვენი დასჯა მოხდება დღეს, საღამოს 11 საათზე. ჰოლში მისტერ ფილჩს შეხვდებით.
პროფესორი მ. მაკგონაგელი“.
ჰარის სულ გადაავიწყდა, რომ დაკარგულ ქულებთან ერთად, სასჯელიც ელოდათ. იფიქრა, აწუწუნდება ახლა ჰერმიონი, მთელი ღამის მეცადინეობა წყალში ჩაგვეყრებაო, მაგრამ არაფერიც, სიტყვაც არ დაუძრავს. ჰარისა არ იყოს, ისიც ფიქრობდა, ღირსები ვართო.
საღამოს თერთმეტ საათზე რონს გამოემშვიდობნენ და ნევილთან ერთად ჰოლში ჩავიდნენ. ფილჩი უკვე იქ იყო. მალფოიც იქ დახვდათ. ჰარის არც ის ახსოვდა, რომ მალფოიც დაისაჯა.
— აბა, მომყევით, — ბრძანა ფილჩმა. ლამპა აანთო და გარეთ გავიდნენ, — ამის შემდეგ, ვიდრე რამეს დააშავებთ, ცოტა ტვინს გაანძრევთ, არა? — გადახედა დასასჯელებს და განაგრძო: — ჰო, ასეა, ასე... მძიმე სამუშაო და ტკივილი საუკეთესო მასწავლებელია, მე რომ მკითხოთ... ძალიან სამწუხაროა, რომ დასჯის ძველი ფორმები გააუქმეს... მაჯებით რომ ეკიდებოდით რამდენიმე დღე ჭერში... ის ჯაჭვები ახლაც შენახული მაქვს. მაინც ვზეთავ ხოლმე, ვინ იცის, როდის გამომადგება... აბა, ჰე, მომყევით და გაქცევა არც ერთმა არ გაბედოს, თორემ უარესი დღე დაგადგებათ! ბნელი ბაღი გადაიარეს. ნევილი აქსუტუნდა. ჰარი ფიქრობდა: „საინტერესოა, როგორ გვსჯიან. ფილჩი ისეთი კმაყოფილი ლაპარაკობს, ნამდვილად რაღაც
საშინელება მოგველის“.
მთვარე კაშკაშებდა, მაგრამ დროდადრო ღრუბლები ეფარებოდა და ბნელდებოდა. ჰაგრიდის ქოხის ფანჯრებში შუქი დაინახეს. შემდეგ შორიდან ყვირილი მოესმათ:
— შენა ხარ, ფილჩ? დროზე მოდით, უნდა დავიწყოთ!
ჰარიმ შვება იგრძნო. „თუ ჰაგრიდთან ერთად უნდა გავაკეთოთ რამე, არაფრის არ მეშინია“, გაიფიქრა, ალბათ სახეზე დაეტყო, რასაც ფიქრობდა, რადგან ფილჩმა უთხრა:
— თუ გგონია, ამ ბრიყვთან კარგ დროს გაატარებ, ძალიან ცდები! ტვინი გაანძრიე, ბიჭო! ამ ღამეს ტყეში გაატარებთ და, არა მგონია, იქიდან ყველანი საღ-სალამათნი გამოხვიდეთ! ·
ამის გაგონებაზე ნევილმა ამოიკვნესა. მალფოი ადგილზე გაშეშდა.
— ტყეში? — მალფოის ხმაში ჩვეული სიმშვიდე აღარ ისმოდა, — ჩვენ იქ ღამე არ შევალთ, ათასგვარი ნადირი დაძრწის, ამბობენ, მაქციაცო!
ნევილმა ჰარის სახელოზე დაქაჩა და ისე ამოიქშინა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო.
— ასე ფიქრობ, არა? — ფილჩი კმაყოფილებას ვერ მალავდა, — მაქციებზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ რამეს დააშავებდი, გაიგე?
ჰაგრიდი სიბნელიდან გამოვიდა ფენგთან ერთად. ხელში თავისი დიდი მშვილდი ეკავა, მხარზე კი ბლომად ისრები ეკიდა.
— სადა ხართ? ნახევარი საათი იქნება, გელოდებით. ჰარი, ჰერმიონ, როგორა ხართ?
— შენს ადგილას მაგათ უფრო მკაცრად მოვექცეოდი, ჰაგრიდ! — უკმაყოფილოდ უთხრა ფილჩმა, — ბოლოს და ბოლოს, დასასჯელად არიან გამოგზავნილები.
— ამიტომაც დაგაგვიანდა, არა? — შეუტია ჰაგრიდმა, — ლექციას უკითხავდი! ეგ რა შენი საქმეა! ახლა თავისუფალი ხარ. ამათ მე ვიტოვებ.
— გამთენიისას მოვალ. თუ ვინმე ცოცხალი დარჩება, უკან წავიყვან, — თქვა ფილჩმა ბოროტად და ციხე-კოშკისკენ გატრიალდა. ლამპის შუქი ციმციმით მიდიოდა ბნელში.
მალფოი ჰაგრიდს მიუბრუნდა:
— მე ამ ტყეში არ წამოვალ!
ჰარიმ სიამოვნებით შეამჩნია, რომ მალფოის ხმაში შიში ჩაუდგა.
— მშვენივრადაც წამოხვალ, თუ ჰოგვორტსში დარჩენა გინდა! — გაბრაზდა ჰაგრიდი, — როცა რამეს დააშავებ, დაისჯები კიდეც!
— ტყეში სიარული მსახურების საქმეა, მოსწავლეების კი არა. მეგონა, რაღაც წერით სამუშაოს გაგვაკეთებინებდნენ. მამაჩემმა რომ ეს იცოდეს...
— ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ჰოგვორტსის წესია. — ჰაგრიდს არ მოეწონა მალფოის ნათქვამი, — წერითი სამუშაო! მაგას ვინ რა თავში იხლის! რამე სასარგებლო უნდა გააკეთო, თუ არ გინდა, გაგაგდონ, მამაშენს რა, გაუხარდება, რო გაგრიცხონ? წადი მაშინ, ჩაალაგე შენი ბარგი! !
მალფოი არ განძრეულა. ჯერ გაბრაზებით უცქეროდა ჰაგრიდს, მერე თვალები დახარა. , — ჰო, კარგი — თქვა ჰაგრიდმა, — ახლა მომისმინეთ. რასაც ამაღამ ვაპირებთ, საკმაოდ საშიშია. მე კი, არ მინდა, რომ რომელიმე დაშავდეთ. მოდით აქ! ტყის პირთან მივიდნენ. ჰაგრიდმა ლამპა ასწია და ვიწრო ბილიკზე მიუთითა, რომელიც უღრანი ტყის ტევრში იკარგებოდა. ამ ტყის დანახვაზე თმა ყალყზე
დაუდგათ.
— შეხედეთ, — ჰაგრიდმა რაღაც ლაქაზე მიუთითა, — აი, რო ბრწყინავს! ვერცხლისფერი! ცალრქიანი ცხენის სისხლია, ვიღაცამ ცუდი დღე აყარა. ამ კვირაში უკვე მეორეა. გასულ ოთხშაბათს ერთი მკვდარი ვნახე. ახლა ჩვენ შევეცდებით, საბრალო ცხოველი მოვძებნოთ. იქნებ ვუშველოთ.
— ვინც ის ამ დღეში ჩააგდო, იმან რომ ჯერ ჩვენ გვიპოვოს? — იკითხა დამფრთხალმა მალფოიმ.
— არ არსებობს ამ ტყეში სულიერი, რომელიც რამეს დაგიშავებს, თუ ჩემთან და ფენგთან იქნები! — დაამშვიდა ჰაგრიდმა, — მთავარია, ბილიკს არ ასცდეთ. ახლა ჩვენ ორ ნაწილად გავიყოფით და სხვადასხვა მიმართულებით წავალთ. ყველგან სისხლის კვალია. ალბათ, გუშინდელს აქეთ დაფორთხავს საწყალი.
— მე ფენგი მინდა! — სასწრაფოდ განაცხადა მალფოიმ, რომელსაც ფენგის გრძელი ეშვები მოეწონა.
— კეთილი, ოღონდ იცოდე, ცოტა მშიშარაა, — გააფრთხილა ჰაგრიდმა, — მე, ჰარი და ჰერმიონი ამ გზით წავალთ, დრაკო, ნევილი და ფენგი — მეორე გზით. თუ რომელიმე ვიპოვით ცალრქიან ცხენს, ცაში მწვანე ნაპერწკლებს გავუშვებთ, შევთანხმდით? ამოიღეთ თქვენი ჯადოსნური ჯოხი და მიჩვენეთ, როგორ გაუშვებთ. კარგია. თუ რამე გაგიჭირდათ, მაშინ წითელი ნაპერწკლები გაუშვით! ყველანი იქ გავჩნდებით. აბა, წავედით და ფრთხილად იარეთ! ·
ტყეში ბნელოდა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. ცოტა ხანში ბილიკი ორად გაიყო. ჰარი, ჰერმიონი და ჰაგრიდი მარცხნივ წავიდნენ. მალფოი, ნევილი და ფენგი — მარჯვნივ.
უხმოდ მიდიოდნენ, თან ძირს იყურებოდნენ. მთვარე გამო(ანათებდა თუ არა, სისხლი ვერცხლისფრად კიაფობდა ფოთლებზე და მიწაზე.
ჰარიმ შეამჩნია, რომ ჰაგრიდი შეწუხებული იყო.
— მაქციას შეუძლია ცალრქიანი ცხენის მოკვლა? — იკითხა ჰარიმ.
— უცებ არა, — უპასუხა ჰაგრიდმა, — მაგ ცხენის დაჭერა ძნელია. ღონიერი ცხოველია. აქამდე არც მინახავს, მათთვის ვინმეს რაიმე დაეშავებინოს.
ხავსით დაფარული გადაჭრილი ხის ახლოს ჰარის წყლის ჩხრიალი მოესმა. სადღაც აქვე ნაკადული უნდა ყოფილიყო. მთელი გზა სულ სისხლით იყო მორწყული.
— ჰერმიონ, როგორა ხარ? — დაიჩურჩულა ჰაგრიდმა. — ნუ ნერვიულობ. შორს ვერ წავიდოდა. დაჭრილია და ჩვენ... ხეს მოეფარეთ!
ჰაგრიდმა ხელი დასტაცა ორივეს და უზარმაზარი მუხის უკან დამალა. თვითონ მშვილდ-ისარი მოზიდა. განაბულები იდგნენ. რაღაცამ ხმელ ფოთლებზე გადაიშრიალა, თითქოს ვიღაცას მოსასხამი დასთრევსო მიწაზე. ჰაგრიდი გულმოდგინედ აკვირდებოდა ბნელ ბილიკს. მალე შრიალი სულ მიწყდა.
— ასეც ვიცოდი, — თქვა ჰაგრიდმა, — ამ არემარეზე ისეთი ვიღაცა დადის, ვისაც აქ არაფერი ესაქმება...
— მაქცია? — იკითხა ჰარიმ.
— არა, ეს არც მაქცია იყო, არცის ცხენი, — თქვა ჰაგრიდმა ავისმომასწავებელი ხმით, — კარგი, წავედით. ოღონდ, ფრთხილად!
ნელა მიიკვლევდნენ გზას. ყოველ გაფაჩუნებაზე ყურები დაცქვეტილი ჰქონდათ. უცებ მათ წინ რაღაცამ გაირბინა.
— რომელი ხარ? გამოდი, თორემ გესვრი! — იყვირა ჰაგრიდმა.
გამოვიდა უცნაური არსება. ადამიანი იყო თუ ცხენი, ვერ გაიგებდი. წელამდე კაცი იყო, ქვემოთ კი — წაბლისფერი ცხენი, მოწითალო გრძელი კუდი ჰქონდა, წითური თმა და წვერი. ჰარიმ და ჰერმიონმა პირი დააღეს.
— ა, შენა ხარ, რონან, — შვებით ამოისუნთქა ჰაგრიდმა, — როგორა ხარ? მივიდა და კენტავრს ხელი ჩამოართვა.
— სალამო მშვიდობისა, ჰაგრიდ, — რონანს დაბალი, სევდიანი ხმა ჰქონდა, — კინაღამ მესროლე!
— სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რონან, — თქვა ჰაგრიდმა და მშვილდი დაუშვა,
— ვიღაც დაძრწის ამ ტყეში. ჰო, მართლა, გაიცანი: ეს ჰარი პოტერია ეს — ჰერმიონ გრეინჯერი, ჩვენი მოსწავლეები არიან. ეს კი რონანია. კენტავრი.
— ვხედავთ, — თქვა ჰერმიონმა წყნარად.
— საღამო მშვიდობისა, — მიესალმა რონანი, — ესე იგი მოსწავლეები ხართ? უკვე ბევრი რამე ისწავლეთ სკოლაში?
— მმ...
— ცოტა... — მორცხვად თქვა ჰერმიონმა.
— ცოტა? ეგეც კარგია, — რონანმა ამოიოხრა. მერე თავი ასწია და ცას შეხედა,
— მარსი კაშკაშებს ამ ღამით.
— ჰო, — დაეთანხმა ჰაგრიდი, — მომისმინე, რა კარგია, რომ შეგხვდი, რონან. იცი რა, აქ ცალრქიანი ცხენია დაჭრილი — რამე ხომ არ გინახავს?
რონანი ცას თვალს არ აცილებდა. შემდეგ ისევ ამოიოხრა და თქვა:
— პირველი მსხვერპლი ყოველთვის უცოდველია. მუდამ ასე იყო და ახლაც ასეა.
— ჰო, — კვლავ დაეთანხმა ჰაგრიდი, — მაგრამ რამე უჩვეულო ხომ არ შეგინიშნავს?
— მარსი ძალიან კაშკაშებს ამ ღამით, — ასე უპასუხა ჰაგრიდის მოუთმენელ კითხვაზე რონანმა, — უჩვეულოდ კაშკაშებს.
— ეგ ჰო, მაგრამ მე გეკითხები, რამე უჩვეულო უფრო ახლოს ხომ არ გინახავს მეთქი?
რონანმა მაშინვე არც ახლა გასცა პასუხი. ბოლოს თქვა:
— ტყეში ბევრი რამაა დაფარული.
ხეები კვლავ შეირხა და ჰაგრიდმა ისევ მოზიდა მშვილდი, მაგრამ ამჯერად მეორე კენტავრი მოვიდა, შავთმიანი და უფრო ველური შესახედაობისა.
— გამარჯობა, ბეინ! — მიესალმა ჰაგრიდი, — ხომ კარგად ხარ?
— საღამო მშვიდობისა, ჰაგრიდ. იმედია, შენ თავად კარგადა ხარ!
— კარგად, კარგად. ახლა რონანს ვეკითხებოდი, რაიმე უცნაური ხომ არ გინახავს მეთქი ტყეში? იცი, აქ ცალრქა ცხენი უნდა იყოს, დაჭრილი. რამე ხომ არ იცი ამაზე?
ბეინი რონანთან მივიდა, გვერდით ამოუდგა და ცას ახედა.
— მარსი მეტისმეტად კაშკაშებს, — თქვა წყნარად.
— ეგ უკვე გავიგეთ, — გაბრაზდა ჰაგრიდი, — კარგი, თუ რამეს შეიტყობთ, გამაგებინეთ, ჰო? ჩვენ წავედით.
ჰარი და ჰერმიონი უკან გაჰყვნენ ჰაგრიდს, მაგრამ თვალი მაინც რონანსა და ბეინზე დარჩათ, სანამ ისინი ხეებს არ მიეფარნენ.
— არ არსებობს, კენტავრმა პირდაპირ გიპასუხოს, — გაღიზიანებული იყო ჰაგრიდი, — ეს შეჩვენებულები სულ ვარსკვლავებს უჭვრეტენ. მთვარეზე უფრო ახლოს რაც არის, არაფერი არ აინტერესებთ.
— ბევრნი არიან? — დაინტერესდა ჰერმიონი.
— კი, საკმაოდ... სულ ერთად დადიან. ხმის გამცემი რომ მომენატრება, ვსაუბრობთ ხოლმე... ძალიან ჭკვიანები არიან... კენტავრები... ყველაფერი იციან... ოღონდ, არაფერს არ გაგიმხელენ.
— იმის წინ რომ ხმა გავიგონეთ, ისიც კენტავრი იყო? — იკითხა ჰარიმ.
— აბა, ის ფლოქვების ხმას ჰგავდა? არა. მე ვფიქრობ, ვინც აქაურობა სისხლით მორწყო, სწორედ ის უნდა იყოს. ასეთი ხმა ჯერ არ მომისმენია.
გარშემო ხეები შავად მოჩანდა. ჰარი აფორიაქებული იცქირებოდა აქეთ-იქით. უსიამოვნო შეგრძნება აეკვიატა — თითქოს მათ ვიღაც უთვალთვალებდა. კიდევ კარგი, ჰაგრიდი გვერდით ჰყავდა თავისი მშვილდ-ისრით. ბილიკმა, ის იყო, ისევ სადღაც გაუხვია, რომ ჰერმიონმა მკლავზე დაქაჩა ჰაგრიდს.
— შეხედე, ჰაგრიდ, წითელი ნაპერწკლები! რაღაც უჭირთ!
— აქ დამელოდეთ, ბილიკზე იდექით. ახლავე მოვალ! — ხმამაღლა შესძახა ჰაგრიდმა და გაუჩინარდა. მისი ფეხის ხმა თუ ფეხქვეშ ფოთლების ხრაშუნი მალე მიწყდა. სიჩუმე ჩამოწვა. ჰარი და ჰერმიონი შეშინებულები უცქეროდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ფოთლების შრიალი ესმოდათ, სხვა არაფერი.
— რამე ხომ არ დაემართათ, როგორ გგონია? — ჩურჩულით იკითხა ჰერმიონმა.
— მალფოი არ მაინტერესებს. მთავარია, ნევილს არაფერი მოუვიდეს... ჩვენი ბრალია... ჩვენ გამო დასაჯეს.
წუთები უსაშველოდ გაიწელა. ყურთასმენა ისე დაეძაბათ, ყოველი გაფაჩუნება ესმოდათ — ქარის სუნთქვა იქნებოდა თუ ტოტის ოდნავი გატკაცუნება. ნეტავ რა ხდებოდა? სად იყვნენ დანარჩენები?
ბოლოს ისევ გაისმა ნაცნობი ხმა, რამაც აუწყათ, რომ ჰაგრიდი დაბრუნდა. მალფოი, ნევილი და ფენგი თან მოიყვანა. ჰაგრიდი ძალიან იყო გაბრაზებული. მალფოი ზურგიდან მიჰპარვია ნევილს და ხელი უტაცია, შესაშინებლად. გულგახეთქილ ნევილს კი მაშინვე ნაპერწკლები გამოუგზავნია.
— თქვენ ორმა ისეთი ამბავი ატეხეთ, მეეჭვება, ვიპოვოთ, რასაც დავეძებთ. ახლა სხვანაირად გავნაწილდეთ. ნევილ, შენ და ჰერმიონი ჩემთან დარჩით. ჰარი, ფენგს და ამ იდიოტს შენ წაიყვან. ძალიან ვწუხვარ! — შემდეგ ჩუმად გადაულაპარაკა ჰარის:
— შენ, ალბათ, შეშინებას ვერ გაგიბედავს. ჩვენ კი აუცილებელი საქმე გვაქვს.
ჰარი, მალფოი და ფენგი ტყის შუაგულისკენ დაიძრნენ. ბილიკი თანდათან დავიწროვდა, ბოლოს, ხეების სიხშირის გამო, გაუვალი გახდა. სისხლის კვალმა იმატა. უკვე ხის ამოწეულ ფესვებსა და
ტანზედაც ჩანდა შხეფები. ეტყობოდა, საბრალო არსება ტკივილისგან აქეთ-იქით ეხეთქებოდა, ალბათ, შორს ვერ წავიდოდა, უზარმაზარი მუხის ტოტები დალეწილი ეყარა ძირს.
— შეხედე! — ჰარი მალფოის მკლავში წაეტანა, გაჩერდიო. მიწაზე რაღაც ქათქათებდა თეთრად. ნელ-ნელა მიუახლოვდნენ.
ცალრქიანი თეთრი ცხენი ეგდო, მკვდარი. ასეთი ლამაზი და სევდიანი ჰარის არაფერი ენახა. გრძელი, ლამაზი ფეხები გაჩაჩხული დარჩენოდა. ღამის სიბნელეში მარგალიტისფრად ანათებდა მისი თეთრი ფაფარი.
ჰარიმ მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა მოასწრო, რომ ფოთლები ავად აშრიალდა, ბუჩქი შეირხა და... სიბნელიდან ცოცვით გამოვიდა კაპიუშონიანი არსება. ჰარი, მალფოი და ფენგი მონუსხულებივით იდგნენ. მოსასხამიანი არსება მკვდარ ცხენთან მივიდა და ჭრილობიდან სისხლის წოვა დაუწყო.
— აააააააააჰ!
მალფოიმ არაადამიანურად იღრიალა და მოკურცხლა. ფენგიც უკან გაჰყვა. კაპიუშონიანმა არსებამ თავი ასწია და უძრავად მდგარ ჰარის შეხედა. სისხლი პირიდან ეღვრებოდა. სახე არ უჩანდა. უცებ ზეზე წამოდგა და ჰარისკენ გაემართა.
ჰარიმ თავის აუტანელი ტკივილი იგრძნო. ნაიარევზე ცეცხლი ეკიდა. უკან-უკან იხევდა ბრმასავით, გაურკვევლად. ზურგს უკან ფლოქვების თქარათქური მოესმა, მერე ვიღაცამ ჩაუქროლა და იმ სისხლისმსმელისკენ ისკუპა.
ტკივილმა თვალები დაუბნელა, მუხლი მოეკვეთა. ამ ყველაფერმა ერთ-ორ წუთს გასტანა. რომ აიხედა, ის მოსასხამიანი აღარსად ჩანდა. ჰარის წინ კენტავრი იდგა. ოღონდ ეს არც რონანი იყო, არც ბეინი. მათზე ახალგაზრდა, ჭრელი ტანითა და თეთრი ფაფარით.
— როგორა ხარ? — შეეკითხა კენტავრი და წამოდგომაში შეეშველა.
— კარგად. გმადლობთ. ეს რა იყო?
კენტავრს არ უპასუხია. განსაცვიფრებელი თვალები ჰქონდა — ღია საფირონისფერი. ჰარის ამობურცულ ნაიარევზე დააცქერდა, რომელსაც ლურჯი ფერი დასდებოდა.
— შენ პოტერის ბიჭი ხარ. ჯობს, ჰაგრიდთან დაბრუნდე. ტყე სახიფათოა ღამით. შენთვის მით უფრო. შეგიძლია, ზურგზე შემაჯდე. ჩქარა მიგიყვან. მე ფლორენცია მქვია, — წინა ფეხები მოდრიკა, რომ ჰარი ზურგზე შეესვა.
ისევ გაისმა ფლოქვების თქარათქური. რონანი და ბეინი ჭენებით გამოცვივდნენ ტევრიდან. გაოფლიანებულები იყვნენ, მძიმედ სუნთქავდნენ.
— რას აკეთებ! — დასჭექა ბეინმა, — ადამიანი ზურგზე გაზის! არა გრცხვენია? სახედარი ხარ?
— ეს იცი, ვინ არის? პოტერის ბიჭია. რაც ჩქარა გავა ამ ტყიდან, უმჯობესია.
— ბიჭს რამე უთხარი? — აღშფოთდა ბეინი, — ხომ დავიფიცეთ, რომ ზეცის ნებას წინ არ აღვუდგებით. რა იწინასწარმეტყველეს პლანეტებმა, დაგავიწყდა?
რონანი ფლოქვებს ნერვიულად სცემდა მიწას.
— დარწმუნებული ვარ, ფლორენციამ იფიქრა, ასე აჯობებსო, — რონანის ხმაში ნაღველი იგრძნობოდა.
ბეინმა ტლინკები ყარა.
— როგორ თუ აჯობებს? რა ჩვენი საქმეა! კენტავრებმა მორჩილად უნდა მიიღონ განგების ნება. სახედრებივით არ უნდა მოვიქცეთ და უკან არ უნდა ვდიოთ ტყეში გზააბნეულ ადამიანებს! ·
განრისხებული ფლორენცია ყალყზე შედგა, ჰარი მხრებზე მოეჭიდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო.
— ხედავ ამ მოკლულ ცხენს? — უღრიალა ბეინს, — ნუთუ არ გესმის, რისთვის მოკლეს? ეს საიდუმლო პლანეტებმა არ გაგიმხილეს? მე არ მომწონს ის, ვინც ჩვენს ტყეში დაძრწის, ბეინ, და მზადა ვარ, ადამიანებს დავეხმარო, თუ საჭირო იქნება.
ფლორენცია შემოტრიალდა. ჰარიმ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩასჭიდა ხელები ხეების ტევრს შეერივნენ, რონანი და ბეინი კი უკან მოიტოვეს.
ჰარიმ ვერაფერი გაიგო.
— რატომ ბრაზობს ბეინი? — შეეკითხა ჰარი კენტავრს, — ან ის ვინ იყო, ვისგანაც თქვენ მე დამიხსენით?
კენტავრმა არ უპასუხა, მხოლოდ ის უთხრა, თავი დაბლა დახარე, აქ შეიძლება, ტოტებს გამოედოო. დიდხანს ჩუმად იარეს. ჰარის ეგონა, არ უნდა, რომ მიპასუხოსო, მაგრამ როგორც კი ხშირი ტევრიდან გამოაღწიეს, ფლორენცია შედგა.
— ჰარი პოტერ, იცი, რისთვის იყენებენ ცალრქიანი ცხენის სისხლს?
— არა, — ამ უცნაურ კითხვას არ მოელოდა ჰარი. — ჩვენ მხოლოდ რქასა და კუდის ბალანს ვიყენებდით წამლებში.
— ამ ცხენის მოკვლა დიდი ცოდვაა, — თქვა ფლორენციამ, — ვინც ამას აკეთებს, მას დასაკარგი არაფერი აქვს, პირიქით, ძალაუფლების მოსაპოვებლად შეგნებულად სჩადის დანაშაულს. ეს სისხლი მომაკვდავს მკვდრეთით აღადგენს, ოღონდ საშინელი საზღაურის ფასად. იმ წუთიდან მოყოლებული, რაც ამ წმინდა და უმწეო არსების სისხლი მის ბაგეს შეეხება, სამუდამოდ დაწყევლილი ხდება!
ჰარი ფლორენციას კეფას უცქეროდა, მთვარის შუქზე თეთრად რომ ანათებდა.
— ასე გამწარებული ვინ იყო? — გაოცდა ჰარი, — თუ წყევლა არ აგცდება, ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი არ სჯობს?!
— რა თქმა უნდა, სჯობს, თუკი არ აპირებ, რომ კიდევ რაღაც დალიო, რაც ძალაუფლებას და სამუდამო არსებობას მოგანიჭებს, მისტერ პოტერ, იცით თუ არა, რა ინახება თქვენს სკოლაში?
— ფილოსოფიური ქვა! ის ხომ სიცოცხლის ელექა! მაგრამ არ მესმის, ის ვინაა...
“ — ნუთუ არავინ გაგონდებათ, ვინც უკვე მრავალი წელია, ძალაუფლების დაბრუნებას ელოდება, სიცოცხლეს ებღაუჭება და ხელსაყრელ შემთხვევას უცდის?
ჰარის გულზე თითქოს მარწუხები შემოუჭირეს. გაახსენდა, რა თქვა ჰაგრიდმა იმ ღამეს, პირველად რომ ნახა: „ზოგი ფიქრობს, მკვდარიაო, არა მგონია. ადამიანური არაფერი შერჩა და როგორ მოკვდებოდა“.
— თქვენ გინდათ, თქვათ, რომ... — ამოიხავლა ჰარიმ, — რომ... ის ვოლდე...
— ჰარი! როგორა ხარ? — ჰერმიონი მისკენ გამორბოდა, აქოშინებული ჰაგრიდი უკან მოსდევდა.
— კარგად, — ჰარიმ მექანიკურად უპასუხა: — ცხენი მკვდარია, ჰაგრიდ, იქ, ტაფობზე ვნახე.
ჰაგრიდი მაშინვე იქით გაეშურა.
— მე აქ დაგტოვებ, — უთხრა ფლორენციამ ჰარის, — აქ საშიში აღარაფერია! — და ძირს ჩამოსვა, — ბედნიერებას გისურვებ, ჰარი პოტერ! ზოგჯერ პლანეტების
წინასწარმეტყველებას არასწორად იგებდნენ ხოლმე, თვით კენტავრებიც კი. იმედი მაქვს, ეს ის შემთხვევაა!
გატრიალდა და ბნელ ტყეს შეერია. ათრთოლებული ჰარი ჩუმად იდგა.

* * *
საერთო ოთახში შუქი არ ენთო. რონს, მათ ლოდინში, სავარძელში ჩასძინებოდა. ჰარიმ რომ შეანჯღრია, რონმა რაღაც იყვირა ქვიდიჩის საჯარიმო დარტყმებზე. მერე სწრაფად გამოფხიზლდა და თვალებგაფართოებული ისმენდა ჰარისა და ჰერმიონის ნაამბობს.
ჰარის დაჯდომა არ შეეძლო, ბუხრის წინ ბოლთას სცემდა. თან ისევ კანკალებდა.
— სნეიპს ქვა ვოლდემორისთვის უნდა... ვოლდემორი ტყეში ელოდება... ჩვენ კი გვეგონა, სნეიპს გამდიდრება სურდა.
— სახელს ნუ ახსენებ, — დაიჩურჩულა შეშინებულმა რონმა, თითქოს ვოლდემორს მათი ესმოდა.
ჰარიმ ყურიც არ ათხოვა.
— ფლორენციამ გადამარჩინა, თურმე ამის უფლება არ ჰქონია... ბეინი გაუბრაზდა... ეუბნებოდა, ეს ჩარევაა იმ წინასწარმეტყველებაში, რასაც პლანეტები გვამცნობენო... ალბათ, ვოლდემორის დაბრუნებას ამცნობენ... ბეინი ფიქრობს, თუ ვოლდემორს ჩემი მოკვლა სურს, ფლორენციას უფლება არა აქვს, ხელი შეუშალოს ვოლდემორს... ალბათ, ამასაც იტყობინებიან ვარსკვლავები!
— შეწყვეტ თუ არა მაგ სახელის ხსენებას?! — დაუსისინა რონმა.
— ისღა დამრჩენია, ველოდო, როდის მოიპარავს სნეიპი ქვას! — ჰარი ვერ ჩერდებოდა, — მერე კი ვოლდემორი მოვა და მომკლავს... ბეინი, იმედია, კმაყოფილი დარჩება.
ჰერმიონი შეშინებული იყო, მაგრამ გამოსავალი მაინც იპოვა:
— ჰარი, ყველამ იცის, რომ დამბლდორი ერთადერთია, ვისიც, „ჩვენ რომ ვიცით“, იმას ეშინია. დამბლდორის გვერდითა ხარ, ვერ გაბედავს აქ მოსვლას. მერე, ვინ თქვა, რომ კენტავრებმა ყველაფერი იციან? ეს ხომ იგივე მარჩიელობაა. პროფესორი მაკგონაგელი ამბობს, ეს მაგიის ერთობ არაზუსტი დარგიაო.
მთელი ღამე ილაპარაკეს, სანამ ყელი არ გაუშრათ. უკვე თენდებოდა, როცა დაღლილ-დაქანცულებმა ლოგინებს მიაშურეს. მაგრამ ღამის სიურპრიზებს დასასრული არ უჩანდა.
ჰარიმ ლოგინი გადაშალა და კოხტად დაკეცილი უჩინმაჩინის მოსასხამი დაინახა. ზედ წერილი იყო მიმაგრებული:
„ყოველი შემთხვევისათვის“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent