ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი XIV
თავი მეთოთხმეტე ნორვეგიული კუზიანი ნორბერტი ქვირელი უფრო მამაცი გამოდგა, ვიდრე მათ ეგონათ. მართალია, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში საგრძნობლად გახდა და ფერიც დაკარგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოტეხეს. ჰარი, რონი და ჰერმიონი მესამე სართულის დერეფანთან თუკი მოხვდებოდნენ, კარს აყურადებდნენ, ფლაფის ღრენა ისევ თუ ისმისო. სნეიპი მისთვის ჩვეული ცუდი გუნება-განწყობით დადიოდა, რაც უეჭველად იმას ნიშნავდა, რომ ქვა ჯერ კიდევ ადგილზე იყო. როცა კი ქვირელი შეხვდებოდა, ჰარი გამამხნევებლად უღიმოდა, რონი კი ყველას, ვინც ქვირელის ენის ბორძიკზე იცინოდა, ეჩხუბებოდა და უკრძალავდა, ნუ იცინითო! ჰერმიონს ფილოსოფიური ქვის გარდა, სხვაც ბევრი რამ ჰქონდა საზრუნავი. უკვე სამეცადინო ცხრილის შედგენა დაიწყო და ფერადი შტრიხებით რაღაცებს ინიშნავდა. ამაში ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ ჰარის და რონს არ ასვენებდა, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთო. — ჰერმიონ, ჯერ რა დროს გამოცდებია! — ათი კვირა დარჩა, — არ ნებდებოდა ჰერმიონი, — ათი კვირა რა არის! ნიკოლას ფლამელისთვის ალბათ ერთი წამია. — ჩვენ ხომ ექვსასი წლისანი არა ვართ! — შეახსენა რონმა. — თანაც, შენ რა უნდა იმეცადინო, ისედაც ნასწავლი გაქვს ყველაფერი! — რა უნდა ვიმეცადინო? ხომ არ გაგიჟებულხართ! გესმით თუ არა, სამი გამოცდაა ჩასაბარებელი, რომ მეორე კურსზე გადავიდეთ! ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდებია. ერთი თვის წინ უნდა დამეწყო მეცადინეობა, არ ვიცი, რა დამემართა... სამწუხაროდ, ყველა მასწავლებელი ჰერმიონივით ფიქრობდა. იმდენ დავალებას აძლევდნენ, რომ სააღდგომო არდადეგები ისე მხიარულად ვეღარ გაატარეს, როგორც საშობაო. ჰერმიონის ხელში მოსვენება არა ჰქონდათ: ხან დრაკონის სისხლის გამოყენების თორმეტივე ხერხს იმეორებდა ხმამაღლა, ხან ჯადოსნური ჯოხის გაქნევაში ვარჯიშობდა. ვიღას ჰქონდა თავისუფალი დრო, ჰარი და რონი სულ ბიბლიოთეკაში ისხდნენ ჰერმიონთან ერთად. თან გამუდმებით წუწუნებდნენ და ამთქნარებდნენ. — არა, ამას მე ვერასოდეს ვერ დავიმახსოვრებ! — აფეთქდა ერთ დღეს რონი, ბატის ფრთა მოისროლა და ნატვრით გახედა ბიბლიოთეკის ფანჯარას. მშვენიერი ამინდი იდგა. რამდენიმე თვემ ისე გაიარა, ასეთი დღე არ გათენებულა. ცა იყო კრიალა და ლურჯი, ჰაერში მოახლოებული ზაფხულის სურნელი ტრიალებდა. ჰარის თავი ჩაერგო „ათას ჯადოსნურ მცენარესა და სოკოში“ და ანისულს ეძებდა. უცებ რონის შეძახილი ჩაესმა: — ჰაგრიდ, აქ რას აკეთებ? ჰაგრიდი დაიბნა და ზურგს უკან რაღაც დამალა. თხუნელას ბეწვის ქურქში გახვეული ჰაგრიდი ბიბლიოთეკაში თეთრი ყვავივით ჩანდა. — ისე, ვათვალიერებ! — იცრუა ჰაგრიდმა, რამაც კიდევ უფრო მეტად დააინტერესა სამივე, — თქვენ რას შვრებით? ისევ ნიკოლას ფლამელის ძებნაში ხართ, არა? — იკითხა უცებ ეჭვით. — არა, — უპასუხა რონმა ამაყად, — დიდი ხანია, გავარკვიეთ, ვინც არის, და ისიც ვიცით, რას დარაჯობს ძაღლი: ფილოსოფიურ... — ჩჩჩჩ! — ჰაგრიდმა სასწრაფოდ მიმოიხედა, ხომ არავინ გვისმენსო,— ნუ ყვირი, რა დაგემართა! — სხვათა შორის, გვინდოდა, შენთვის გვეკითხა, ფლაფის გარდა კიდევ რა იცავს იმ ქვას,— ჩაერთო ჰარი. — სუუ! დაიცა, ჩემთან მოდით და იქ მკითხეთ. შეიძლება, არაფერიც არ გითხრათ, მაგრამ აქ მაგაზე ლაპარაკი არ შეიძლება. სტუდენტებმა არ გაიგონონ... ისინი იფიქრებენ, რომ მე გითხარით... — კარგი, მოვალთ, — შეჰპირდა ჰარი. ჰაგრიდი წავიდა. — ზურგს უკან რას მალავდა? — იკითხა ჰერმიონმა. — ალბათ ქვასთან დაკავშირებული რამე იქნება. — ვნახავ, რომელ სექციაში იყო, — გადაწყვიტა რონმა, მიატოვა თავისი სამუშაო და წავიდა. მალე მობრუნდა და წიგნები მოიტანა. — ნახეთ, დრაკონები! — ჩურჩულით თქვა რონმა. — ჰაგრიდი დრაკონებზე კითხულობდა. „დრაკონის სახეობები დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში“, „კვერცხიდან ჯოჯოხეთისკენ“, „დრაკონის მოვლის სახელმძღვანელო“. — ჰაგრიდი დრაკონზე ოცნებობს. პირველივე შეხვედრისას მითხრა, — გაიხსენა ჰარიმ. — ეს კანონით აკრძალულია, — თქვა რონმა, — „მაგთა საერთაშორისო კონვენციამ“ ჯერ კიდევ 1709 წელს გამოსცა ეს კანონი, ეს ყველამ იცის. ჩვენ რომ დრაკონები ვიყოლიოთ, მაგლები მაშინვე მიხვდებიან ჩვენს არსებობას. თანაც ვერ მოაშინაურებ, ძალიან საშიშია. უნდა გენახა, რამდენი დამწვრობა მიიღო ჩარლიმ გარეული დრაკონებისაგან რუმინეთში! — ბრიტანეთში ხომ არ არის გარეული დრაკონი? — იკითხა ჰარიმ, — რასაკვირველია, არის! — უპასუხა რონმა, — ჩვეულებრივი უელსური მწვანე და ჰიბრიდული შავი. რასაც მაგიის სამინისტრო მათ მიჩუმათებაზე მუშაობს! რომელიმე მაგლი შენიშნავს თუ არა დრაკონს, მაშინვე დავიწყების ჯადოს უკეთებენ. — ჰაგრიდს რა უნდოდა ნეტავ?! — ჩაილაპარაკა ჰერმიონმა. * * * ერთ საათში სამივენი უკვე ჰაგრიდის ქოხის კარზე აკაკუნებდნენ. ფანჯრებზე ყველა ფარდა ჩამოფარებული იყო, რაც ძალიან გაუკვირდათ. — ვინ არის? — იკითხა ჰაგრიდმა, სანამ კარს გააღებდა და სტუმრები შეიყვანა თუ არა, კარი სასწრაფოდ მიკეტა. ქოხში საშინლად ცხელოდა. საოცარი ის იყო, რომ გარეთ მშვენიერი ამინდი იდგა, ჰაგრიდის ბუხარში კი ცეცხლი გიზგიზებდა. ჰაგრიდმა ზოგს ჩაი შესთავაზა, ზოგს — ყავა, სიასამურის ხორცის სენდვიჩთან ერთად, მაგრამ ყველაფერზე უარი მიიღო. — აბა, რაღაცის კითხვა გინდოდათ, მგონი, არა? — დიახ, — ჰარიმ გადაწყვიტა, მიკიბ-მოკიბვის დრო აღარ არისო, და პირდაპირ ჰკითხა: — იქნებ შეგიძლია, გვითხრა, ფლაფის გარდა, ფილოსოფიურ ქვას თუ იცავს რამე? ჰაგრიდმა წარბები შეყარა. — არ შემიძლია! ჯერ ერთი, თვითონაც არ ვიცი. მეორე ის, რომ ისედაც ბევრი რამ გაიგეთ და, რომც ვიცოდე, მაინც არ გეტყოდით. ქვა აქ ტყუილად კი არ არის. გრინგოტსიდან კინაღამ მოიპარეს. ამას, ალბათ, მიხვდით, მაგრამ ფლაფის ამბავი საიდან გამოქექეთ, ვერ გამიგია. — ოჰ, კარგი რა, ჰაგრიდ! თუ არ გინდა, გვითხრა, ნუ გვეტყვი, მაგრამ ნამდვილად იცი. ვერ დავიჯერებ, აქ რამე ხდებოდეს და შენ არ იცოდე! — ალერსიანი, ტკბილი ხმით უთხრა ჰერმიონმა. ჰაგრიდის გაბურძგნილი წვერის მოძრაობა უთუოდ ღიმილის ნიშანი იყო. ჰერმიონმა უფრო თამამად განაგრძო: — ჩვენ მხოლოდ იმას გეკითხებით, დაცვაში ვინ მიიღო მონაწილეობა. კიდევ ვინ არის, ვისაც დამბლდორი ენდობა. შენ გარდა, არის ვინმე ასეთი? ჰაგრიდმა ამაყად გამობერა გულმკერდი. ჰარი და რონი აღტაცებულები იყვნენ ჰერმიონით. — ჰო, ამის თქმა შეიძლება... დამბლდორმა მე ძაღლი მთხოვა. მერე მასწავლებლებმა ჯადო დაადეს... პროფესორმა სპრაუტმა, პროფესორმა ფლიტვიკმა, პროფესორმა მაკგონაგელმა, — ჰაგრიდი თითებზე ითვლიდა: — პროფესორმა ქვირელმა და, რასაკვირველია, თვითონ დამბლდორმა. ვიღაც გამომრჩა. ჰო, პროფესორმა სნეიპმა. — სნეიპმა?! — ჰო. ისევ დაიწყეთ, არა? მომისმინეთ, სნეიპი დაცვაში მონაწილეობდა, ის ქვას არ მოიპარავს. ჰარი დარწმუნებული იყო, რომ რონიც და ჰერმიონიც ახლა იმასვე ფიქრობდნენ, რასაც თვითონ. თუ სნეიპი სხვებთან ერთად მონაწილეობდა ჯადოს დადებაში, მაშინ ეცოდინება, ვინ რა გააკეთა ქვის დასაცავად. მან კი რატომღაც ქვირელის ჯადო არ იცის და არც ის იცის, როგორ აუაროს გვერდი ფლაფს. — ჰაგრიდ, შენ ერთადერთმა იცი ფლაფის საიდუმლო, ხომ ასეა? — ჰარი ძალიან ღელავდა, — ჰოდა, არასოდეს არავის არ ეტყვი, არა? არც მასწავლებლებს? — კაციშვილს არ ეცოდინება, ჩემსა და დამბლდორის გარდა! — ამაყად განაცხადა ჰაგრიდმა. — ეს უკვე ძალიან კარგია, — გადაულაპარაკა ჰარიმ თავის მეგობრებს, — ჰაგრიდ, გამოვაღებ რა ფანჯარას, ავდუღდი! — არ შეიძლება, ჰარი, ბოდიშს გიხდი! — ჰაგრიდმა ცეცხლისკენ გააპარა მზერა. ჰარიმაც გააყოლა თვალი. — ჰაგრიდ, ეს რა არის? და სანამ ჰაგრიდი უპასუხებდა, უკვე იცოდა, რაც იყო: შუა ცეცხლში, დაკიდებული ჩაიდნის ქვეშ, ვეებერთელა შავი კვერცხი იდო. — ეს... ეს... — ჰაგრიდმა ნერვიულად მოისვა ხელი წვერზე. — საიდანა გაქვს? — იკითხა რონმა და კვერცხს ახლოდან დააკვირდა, — აუ, რა ფულს მისცემდი! — მოვიგე! წუხელ სოფელში ვიყავი, ცოტა დავლიე, მერე ვიღაც უცნობს კარტი ვეთამაშე. მართალი გითხრა, მომეჩვენა, რომ ისედაც ამის თავიდან მოცილება უნდოდა. — რომ გამოიჩეკება, მერე რას აპირებ? — დაინტერესდა ჰერმიონი. — აი, ახლა ვკითხულობ. ბიბლიოთეკიდან წამოვიღე... — ბალიშის ქვეშიდან წიგნი გამოაძრო, — „დრაკონების მოშენება: სიამოვნებაც და მოგებაც“. ცოტა ძველი წიგნია, მაგრამ ყველაფერი წერია. ჯერ ცეცხლში უნდა იყოს, იმიტომ რომ დედები პირიდან ცეცხლს ზედ აფრქვევენ. რომ გამოიჩეკება, მერე ბრენდი და ქათმის სისხლი უნდა აურიო და ყოველ ნახევარ საათში ასვა. შეხედე, ისიც წერია, რის მიხედვით გაარჩევ კვერცხს. ჩემი ნორვეგიული კუზიანია, ძალიან იშვიათი რამეა! ჰაგრიდი ნასიამოვნები ჩანდა, რასაც ჰერმიონზე ვერ იტყოდი, — ჰაგრიდ, შენ ხომ ხის სახლში ცხოვრობ, — დაიწყო ჰერმიონმა, მაგრამ ჰაგრიდი აღარ უსმენდა, ცეცხლს აღვივებდა და ღიღინებდა. * * * ახალი სადარდებელი გაუჩნდათ: ჰაგრიდის დრაკონის ამბავი რომ გამსკდარიყო, ვინ იცის, ამას რა მოჰყვებოდა. — მშვიდი ცხოვრება რას ნიშნავს, აღარც მახსოვს, — ამოიოხრა რონმა, როცა იმ საღამოსაც დამატებით საშინაო დავალებას ასრულებდა. ჰერმიონი ახლა ჰარის და რონის სამეცადინო ცხრილს ადგენდა. ამაზე ორივე გიჟდებოდა. ერთხელ, საუზმეზე, ჰედვიგმა ჰაგრიდის წერილი მოიტანა. „იჩეკება!“ –— ეწერა შიგ. რონმა თქვა, მოდი, ჰერბოლოგია გავაცდინოთ და ჰაგრიდთან მივიდეთო. ჰერმიონს ამის გაგონებაც არ უნდოდა. –— ჰერმიონ, გაიხსენე, ცხოვრებაში რამდენჯერ დასწრებიხარ დრაკონის დაბადებას? — ჩვენ გაკვეთილი გვაქვს. რას გვიზამენ, წარმოგიდგენიათ? ჰაგრიდს რა დღე დაადგება, თუ გაიგეს, რას აკეთებს? — ჩუ! — წასჩურჩულა ჰარიმ. იქვე, შორიახლო, მალფოი იდგა გატრუნული. ვინ იცის, რა გაიგონა. ჰარის მისი სახის გამომეტყველება არ მოეწონა. რონმა და ჰერმიონმა ბევრი იკამათეს წასვლა-დარჩენაზე, ბოლოს, როგორც იქნა, ჰერმიონი დათანხმდა, პირველ შესვენებაზე გაქცეულიყვნენ ჰაგრიდთან. ზარი დაირეკა თუ არა, ნიჩბები ერთდროულად დაყარეს და ტყისპირისკენ გაქანდნენ. ჰაგრიდი აღელვებული და აწითლებული დახვდათ. — თითქმის გამოიჩეკა! კვერცხი მაგიდაზე იდო, რამდენიმე ადგილას გადამსკდარიყო და მოჩანდა, შიგ რაღაც მოძრაობდა, თან უცნაურად რაკუნობდა. სკამები ახლოს მისწიეს და სულგანაბულები მაგიდას შემოუსხდნენ. უცებ კვერცხი გატკაცუნდა და გადაიხსნა. პატარა დრაკონი მაგიდაზე გადმობობღდა. ლამაზი ნამდვილად არ ეთქმოდა. ჰარიმ იფიქრა, დაკეცილ შავ ქოლგას ჰგავსო. ფრთები უფრო დიდი ჰქონდა, ვიდრე გაჩხიკინებული ტანი. გრძელ დრუნჩზე განიერი ნესტოები დაებერა, თავზე რქებივით ეჯდა ორი პატარა ხორკლი, თვალები ნარინჯისფერი და გადმოკარკლული ჰქონდა. დააცემინა და პირიდან ნაპერწკლები გაყარა. — რა ლამაზია, — გაიბადრა ჰაგრიდი. ხელი გაიწვდინა, რომ თავზე გადაესვა. პატარა დრაკონმა ეშვები დაკრიჭა და საკბენად წაეტანა. — ნახე, სცნობს თავის დედიკოს! — გაუხარდა ჰაგრიდს. — ჰაგრიდ, ნორვეგიული კუზიანი რამდენ ხანში იზრდება? — იკითხა ჰერმიონმა, ჰაგრიდმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, ფერი წაუვიდა და ფანჯარას ეცა. — რა მოხდა? — ვიღაცა იჭვრიტებოდა, ბიჭი იყო. ახლა ისევ სკოლისკენ გარბის. ჰარი გარეთ გავარდა. შორიდანაც მშვენივრად იცნო. მალფოიმ დრაკონი დაინახა. * * * მალფოის მთელი კვირა უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ჰარი, რონი და ჰერმიონი ამას საშინლად განიცდიდნენ, თავისუფალ დროს ნახავდნენ თუ არა, მაშინვე ჰაგრიდთან გარბოდნენ და ცდილობდნენ, დაეყოლიებინათ, რომ დრაკონი გაეშვა. — გაუშვი, — ეუბნებოდა ჰარი — თავისუფლად იქნება. — არ შემიძლია, ჯერ სულ პატარაა, მოკვდება. ყველამ დრაკონს შეხედა. ერთ კვირაში სამჯერ მოიმატა სიგრძეში. ნესტოებიდან ბოლს აქშუტუნებდა. ჰაგრიდს სადღა ეცალა თავისი მოვალეობების შესასრულებლად, სულ დრაკონს დასდევდა. იატაკი ბრენდის ცარიელი ბოთლებითა და ქათმის ბუმბულით იყო მოფენილი. — გადავწყვიტე, ნორბერტი დავარქვა, — გამოაცხადა ჰაგრიდმა და დანისლული თვალებით გახედა დრაკონს, — უკვე მცნობს, ნახე! ნორბერტ! ნორბერტ! სად არის დედიკო? — ამან სულ დაუსტვინა! — ჩასჩურჩულა რონმა ჰარის. — ჰაგრიდ, — ჰარიმ ხმას აუწია, — ორ კვირაში ნორბერტი ამ შენს სახლში ვეღარ დაეტევა. მალფოი კი, როდის დაგაბეზღებს დამბლდორთან, არავინ იცის. ჰაგრიდმა ტუჩი მოიკვნიტა. — ჰო, ვიცი, სამუდამოდ აქ ვერ დარჩება. რა ვქნა, გავაგდო? არ შემიძლია. ჰარი უცებ რონს მიუბრუნდა: — ჩარლი! — ე, ამასაც დაუსტვენია! — გაიცინა რონმა, — შემომხედე, მე რონი ვარ, ვერა მცნობ? — არა, ჩარლი, შენი ძმა, რუმინეთში დრაკონებს რომ სწავლობს, ნორბერტი იმასთან გავგზავნოთ. გაზრდის და მერე გაუშვებს. — გენიალურია! — შესძახა აღტაცებულმა რონმა, — რას იტყვი, ჰაგრიდ? ბოლოს ჰაგრიდი დათანხმდა, რომ ჩარლისთვის ბუ გაეგზავნათ და ეკითხათ, შეეძლო თუ არა ნორბერტის წაყვანა. * * * შემდეგი კვირა კუს ნაბიჯით მიჩანჩალებდა. ოთხშაბათს ღამით ჰერმიონი და ჰარი მარტოკები ისხდნენ საერთო ოთახში. სხვას ყველას დიდი ხანია, ეძინა. კედლის საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა, როცა პორტრეტის ხვრელი გაიხსნა. მერე რონი გაჩნდა, რადგან ჰარის უჩინმაჩინის მოსასხამი მოიხსნა. იგი ჰაგრიდთან იყო, ნორბერტის ჭმევაში ეხმარებოდა. დრაკონი უკვე მკვდარ ვირთხებს მიირთმევდა, თანაც ძალიან ბევრს. — მიკბინა! — თქვა და გასისხლიანებული ცხვირსახოცით გადახვეული ხელი უჩვენა, — მთელი კვირა ბატის ფრთასაც ვერ მოვკიდებ ხელს. ეს დრაკონი ყველაზე საშინელი მხეცია, რაც კი მინახავს, მაგრამ ჰაგრიდი ისე ექცევა, თითქოს ბუნჩულა ყურცქვიტა ბაჭია იყოს. მიკბინა და ჰაგრიდი აქეთ გამიჯავრდა, რატომ შეაშინეო. რომ მოვდიოდი, იავნანას უმღეროდა. ფანჯარაზე ვიღაცამ მოაკაკუნა. — ჰედვიგი მოვიდა! — ჰარიმ ფანჯარა გააღო, — ალბათ ჩარლის პასუხი მოიტანა. სამი თავი ერთად დაიხარა წერილზე: „ძვირფასო რონ, როგორა ხარ? მადლობა წერილისთვის — ნორვეგიულ კუზიანს სიამოვნებით მივიღებ, მაგრამ მისი წამოყვანა ადვილი არ იქნება, ვფიქრობ, აჯობებს, ჩემს მეგობრებს გამოატანოთ, რომლებიც, მომავალ კვირას მოდიან ჩემთან. მთავარია, არავინ. დაინახოს, რომ მათ დრაკონი მოჰყავთ. ხოძ იცი, ეს აკრძალულია, შაბათს, შუაღამისას, კუზიანი ყველაზე მაღალ კოშკში აიყვანეთ, ხოძ შეძლებთ? ჩემი მეგობრები იქ მოვლენ და სიბნელეში ისე წამოიყვანენ, ვერავინ დაინახავს. პასუხი რაც შეიძლება ჩქარა გამომიგზავნე. სიყვარულით, ჩარლი“ერთმანეთს გადახედეს. — არა მგონია, გაგვიჭირდეს. უჩინმაჩინის მოსასხამი გვაქვს. იმედია, ორ კაცს და ნორბერტს გასწვდება, — თქვა ჰარიმ. ისეთი დაღლილები და განერვიულებულები იყვნენ, ორივემ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ყველაფერზე თანახმანი იყვნენ, ოღონდ ნორბერტი და მალფოი თავიდან მოეშორებინათ. * * * მეორე დილით ახალი პრობლემა გაჩნდა. რონს ნაკბენი ხელი ძალიან დაუსივდა. მადამ პომფრისთან მისვლისა ეშინოდათ, დრაკონის ნაკბენი არ იცნოსო, მაგრამ ნაშუადღევს უკვე სხვა გზა აღარ დარჩა. ნაკბენი გამწვანდა. ეტყობა, ნორბერტს შხამიანი კბილები ჰქონდა. ჰარი და ჰერმიონი საავადმყოფოში საღამოს მივიდნენ. რონი ლოგინში იწვა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. — ხელი ჩემი აღარ არის, — ჩურჩულით თქვა, — მგონი, სადაცაა მომძვრება. წეღან მალფოი იყო აქ. რონს წიგნი უნდა ვთხოვოო, უთხრა მადამ პომფრის და შემოუშვეს. დამცინოდა და მემუქრებოდა, ვეტყვი, რამაც გიკბინაო. მე ვთქვი, ძაღლმა მიკბინა-მეთქი, მაგრამ, მგონი, მადამ პომფრიმ არ დამიჯერა. არ უნდა მეცემა ქვიდიჩზე, ახლა შურს იძიებს. ჰარიმ და ჰერმიონმა მისი დაწყნარება სცადეს. — შაბათს ღამით ყველაფერი მორჩება, — უთხრა ჰერმიონმა, მაგრამ რონი ამან ვერ დაამშვიდა. პირიქით, უეცრად საწოლზე წამოჯდა და სიმწრის ოფლი წასკდა. — შაბათს ღამით! — ამოილაპარაკა ხმაჩახლეჩილმა, — ვაიმე, ახლა გამახსენდა, ჩარლის წერილი იმ წიგნში იდო, რომელიც მალფოიმ წაიღო. ყველაფერს გაიგებს, რასაც ვაპირებთ. ჰარიმ და ჰერმიონმა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს მადამ პომფრი შემოვიდა და თქვა, რონი დაიღალა, ახლა აუცილებლად უნდა დაიძინოსო. * * * — უკვე ვეღარაფერს შევცვლით, გვიანია, — უთხრა ჰარიმ ჰერმიონს, — იმის დროც აღარ არის, ჩარლის რამე მივწეროთ, თან ვინ იცის, ასეთი შანსი იქნებ აღარც მოგვეცეს! უნდა გავრისკოთ. ჩვენ უჩინმაჩინის მოსასხამი გვაქვს. მალფოიმ ეს არ იცის. ჰაგრიდთან რომ მივიდნენ, ფენგი, ეს უზარმაზარი, ტახზე მონადირე ძაღლი, კუდშეხვეული საცოდავად იჯდა კართან. ჰაგრიდმა არც ჰარი და ჰერმიონი შეუშვა შიგნით. ფანჯარა გამოაღო და ისე ელაპარაკებოდა. — ვერ შემოხვალთ, — ქშინავდა ჰაგრიდი, — აქ ისეთი ამბები დაატრიალა ნორბერტმა, რომ გავგიჟდი! ჩარლის წერილი მივიღეთო, უთხრეს თუ არა, ჰაგრიდს თვალები ცრემლით აევსო. ანდა, შეიძლება, სულაც იმიტომ, რომ ნორბერტი ამ დროს ქუსლში სწვდა. — ააააჰ! არაფერია, მხოლოდ ფეხსაცმელს კბენს! თამაშობს. ბავშვია, რა მოხდა! ამ დროს „ბავშვმა“ კუდი კედელს ისე მიახალა, რომ ფანჯრები აზანზარდა. ჰარი და ჰერმიონი ციხე-კოშკისკენ მაინცდამაინც კარგ გუნებაზე ვერ გამობრუნდნენ. შაბათამდე ჯერ შორს იყო. * * * დრაკონის გამგზავრების დღე რომ დადგა, ჰარის და ჰერმიონს სულაც აღარ ეცალათ ჰაგრიდის თანაგრძნობისათვის. თავიანთ თავს უფრო დარდობდნენ, რადგან ძნელი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი. მაინცდამაინც ის ღამე იყო ბნელი და ღრუბლიანი. ჰაგრიდთან მისვლაც დააგვიანდათ — იძულებულები იყვნენ, დაეცადათ, სანამ პივსი გასასვლელში ჩოგბურთის თამაშს მორჩებოდა და გზიდან ჩამოეცლებოდა. ჰაგრიდს ნორბერტი უკვე დიდ ყუთში მოეთავსებინა. — ბევრი ვირთხა ჩავუყარე სამგზავროდ და ბრენდიც ჩავუდე, — თქვა ჰაგრიდმა მოგუდული ხმით, — თავისი სათამაშო დათვიც გავაყოლე, რომ არ მოიწყინოს. ყუთიდან ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს დრაკონი სათამაშო დათვს თავს აგლეჯდა. — მშვიდობით, ნორბერტ! — ასლუკუნდა ჰაგრიდი, — დედიკო შენ არ დაგივიწყებს! ჰარიმ და ჰერმიონმა ყუთს უჩინმაჩინის მოსასხამი გადააფარეს და თვითონაც ქვეშ მოექცნენ. როგორ აიტანეს ყუთი კოშკში, მერე ვეღარ იხსენებდნენ. შუაღამე ახლოვდებოდა. აიარეს მარმარილოს კიბეები, გაიარეს ბნელი დერეფანი. ავიდნენ კიდევ ერთ კიბეზე, მერე — მეორეზე. ჰარიმ მოკლე გზები იცოდა, მაგრამ მაინც უჭირდათ სიარული. თითქმის მივიდნენ! უკვე ყველაზე მაღალი კოშკის დერეფანში იყვნენ. უცებ ორი ადამიანის ფიგურა დალანდეს, ყუთი კინაღამ ხელიდან გაუვარდათ. სულ დაავიწყდათ, რომ არ ჩანდნენ და ბნელ კუთხეში შეიკუნჭნენ. ლამპის შუქზე პროფესორი მაკგონაგელი იდგა, შოტლანდიური, უჯრედებიანი ხალათი ეცვა, თმაზე ბადე ეკეთა. მალფოის ყურს უწევდა და უყვიროდა: — დასჯა არ აგცდება! და კიდევ — ოცი საჯარიმო ქულა სლიზერინს. როგორ ბედავ, რომ შუაღამისას კოშკში დაძრწიხარ... — თქვენ ვერ გამიგეთ, პროფესორო, ახლა ჰარი პოტერი უნდა მოვიდეს აქ, დრაკონი მოჰყავს! — რა სისულელეს ჩმახავ, როგორ ბედავ ტყუილს! წადი, წადი, პროფესორ სნეიპს კი შენს შესახებ აუცილებლად დაველაპარაკები, მალფოი! რკინის ხვეული კიბე ისე მსუბუქად აირბინეს, თითქოს ამაზე იოლი არაფერი ყოფილიყოს ქვეყანაზე. როცა ღამის სიგრილეში გამოვიდნენ, მოსასხამი მაშინ მოიხსნეს და შვებით ამოისუნთქეს. ჰერმიონმა ცეკვა დაიწყო. — მალფოიმ საჯარიმო მიიღო! სიმღერის გუნებაზე ვარ! — არ გინდა, — ურჩია ჰარიმ. მხოლოდ ჩუმ-ჩუმად ხითხითებდნენ, თავისთვის. ნორბერტი ყუთში აფხაკურდა. ათი წუთიც და, ბნელი ციდან ოთხი ცოცხი დაეშვა. ჩარლის მეგობრები მხიარული ყმაწვილები აღმოჩნდნენ. ჰარის და ჰერმიონს უჩვენეს, როგორი მისაბმელი ღვედები მოიფიქრეს ყუთისთვის. მერე ყველამ ერთად ჩააბეს ნორბერტის ყუთს აქეთიქიდან ღვედები, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მადლობა გადაუხადეს და... როგორც იქნა, ნორბერტი აფრინდა... აფრინდა... და წავიდა. ასეთი ტვირთის მოცილებით ფრთაშესხმულები ხვეულ კიბეს დაუყვნენ. დრაკონი გაფრინდა, მალფოიმ საჯარიმო მიიღო — არის ნეტავ რამე, რასაც შეუძლია, მათ გუნება გაუფუჭოს? ამის პასუხი კიბის ძირში ელოდათ. როგორც კი დერეფანში შევიდნენ, ფილჩიც მაშინვე იქ გაჩნდა. — აი, აი, აი! მგონი, გავებით! უჩინმაჩინის მოსასხამი ზემოთ, კოშკში დარჩენოდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.