შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი XVI


8-07-2021, 11:08
ავტორი ცირაკო
ნანახია 987

თავი მეთექვსმეტე საიდუმლო ორმო

წლების შემდეგ, ჰარი ამ ამბებს რომ გაიხსენებს, თვითონვე განცვიფრდება, როგორ მოახერხა მაშინ გამოცდების ჩაბარება, ყოველ წუთს იმას ფიქრობდა, აი, ახლა შემოგლეჯს კარს ვოლდემორი და შემოვარდებაო. დღე დღეს მისდევდა, ფლაფი კი ისევ ცოცხალი და საღ-სალამათი იმყოფებოდა ჩარაზულ კარს მიღმა.
პაპანაქება სიცხე დადგა. განსაკუთრებით ცხელოდა დიდ აუდიტორიაში, სადაც წერითი გამოცდები ტარდებოდა. ყველას გადაწერის საწინააღმდეგო ძალით მოჯადოებული ბატის ახალი ფრთები დაურიგეს.
გამოცდა პრაქტიკაშიც ჰქონდათ. პროფესორი ფლიტვიკი, მაგალითად, სათითაოდ იძახებდა ყველას თავის ოთახში, დაუდებდა მაგიდაზე ანანასს და ბრძანებდა, აცეკვეთო. პროფესორი მაკგონაგელი ითხოვდა, ცოცხალი თაგვი ბურნუთის კოლოფად გადააქციეთო. თანაც, რაც უფრო ლამაზი იქნებოდა საბურნუთე, მით უფრო მაღალ ქულას მიიღებდი. ულვაში თუ გამოებმებოდა შემთხვევით, ეს ქულას გაკლებდა. სნეიპი ყველას ნერვებს უშლიდა, რადგან თავზე ედგათ, როცა გულმავიწყობის წამლის რეცეპტი უნდა გაეხსენებინათ.
ჰარი ცდილობდა, გამოცდები კარგად ჩაებარებინა, თან უნდოდა, ყურადღება არ მიექცია შუბლის მწვავე ტკივილისთვის, რომელიც ტყეში მომხდარის შემდეგ დასჩემდა. ნევილი ფიქრობდა, ნერვიულობის ბრალია, ჰარი გამოცდების გამო ღელავს და ამიტომ ვერ იძინებსო. სინამდვილეში ჰარის თავისი ძველი კოშმარი არ აძინებდა, რომელიც ახლა უფრო საზარელი გახდა — ესიზმრებოდა, როგორ წვეთავდა პირიდან სისხლი კაპიუშონიან ფიგურას.
რონი და ჰერმიონი ფილოსოფიურ ქვაზე ისე აღარ დარდობდნენ, როგორც ჰარი. ალბათ, იმიტომ, რომ მათ ის არ უნახავთ, რაც ჰარიმ ნახა. არც ნაიარევზე ეკიდებოდათ ცეცხლი. ვოლდემორზე ფიქრი მათაც შიშს ჰგვრიდა, მაგრამ სიზმრად არ ნახულობდნენ. თანაც იმდენი სამეცადინო დაუგროვდათ, აღარ ენაღვლებოდათ, ვინ რას აპირებდა, სნეიპი იქნებოდა თუ სხვა ვინმე.
ბოლო გამოცდა მაგიის ისტორიაში ჰქონდათ. ერთ საათში უნდა ეპასუხათ შეკითხვებზე ბებერი გიჟი ჯადოქრების შესახებ, რომლებმაც თვითმომრევი ქვაბები გამოიგონეს. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში თავისუფლები იქნებოდნენ და გამოცდების შედეგებს დაელოდებოდნენ. როდესაც პროფესორმა ბინსმა თქვა, დადეთ თქვენი ბატის ფრთები და დაგრაგნეთ პერგამენტებიო, ჰარიმ სხვებთან ერთად შვებით ამოისუნთქა.
— უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე მეგონა, — გამოაცხადა ჰერმიონმა, როდესაც ყველანი გარეთ, მზიან ბაღში გამოვიდნენ, — სულ ტყუილად ვისწავლე 1637 წელს მიღებული მაქციას ქცევის კოდექსი და ელფრიკ მგზნებარეს აჯანყება.
ჰერმიონს გამოცდების შემდეგაც სიამოვნებდა თავისი კონსპექტების კითხვა, მაგრამ რონმა თქვა, არ გამაგონო, ცუდად ვხდებიო. ასე რომ, ტბისკენ გაემართნენ და ხის ქვეშ წამოგორდნენ. ტყუპი უისლები და ლი ჯორდანი თავთხელ წყალში მოლუსკებს საცეცებზე წკიპურტებს ურტყამდნენ.
— მორჩა ჩვენი მეცადინეობა! — რონმა ღრმად ჩაისუნთქა და ბალახზე გადაკოტრიალდა, — ჰარი, ცოტა გახალისდი! ერთი კვირა მაინც ხომ დაგვრჩა, სანამ ჩვენს ცუდ ნიშნებს შევიტყობთ. მერე ვიდარდოთ!
ჰარი შუბლს ისრესდა.
— ერთი გამაგებინა, ეს რას ნიშნავს! — წამოიძახა გაბრაზებულმა, — ადრეც მტკიოდა ხოლმე, მაგრამ ასე გამუდმებით — არასოდეს.
— მადამ პომფრის მიაკითხე, — ურჩია ჰერმიონმა.
— ავად ხომ არა ვარ. მე მგონი, ეს უფრო გაფრთხილებაა... რაღაც უბედურება მოდის...
ისე ცხელოდა, რონს თავი არ ჰქონდა, ჰარის ნათქვამს ჩასწვდომოდა.
— ჰარი, ნუ ღელავ, რა! ჰერმიონი მართალია, სანამ დამბლდორი აქ არის, ქვას საფრთხე არ ემუქრება. არც სნეიპს ეტყობა, რომ გაიგო, ფლაფის როგორ მიუდგეს. ერთხელ ხომ კინაღამ მოაჭამა ფეხი. არა მგონია, კიდევ გაბედოს იქ მისვლა. ჰაგრიდი დამბლდორს არ უღალატებს. ნევილს უფრო ადვილად წარმოვიდგენ ინგლისის ქვიდიჩის ნაკრებში, ვიდრე ჰაგრიდის ღალატს.
ჰარი დაეთანხმა, მაგრამ მაინც აეკვიატა და მოსვენებას არ აძლევდა შეგრძნება, რომ რაღაც დაავიწყდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ჰერმიონმა უთხრა, სულ გამოცდების ბრალია. წუხელ მეც გამეღვიძა და ჩემი ტრანსფიგურაციის კონსპექტები შუამდე რომ ჩავიკითხე, მაშინღა გამახსენდა, რომ უკვე ჩაბარებული გვქონდაო, ჰარი დარწმუნებული იყო, რომ ამ უცნაურ შეგრძნებას მეცადინეობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
უღრუბლო ლურჯ ცაზე ბუმ გადაიფრინა, რომელსაც ციხე-კოშკში ნისკარტით წერილი მიჰქონდა. ჰაგრიდი რომ არ ჰყავდეს, ჰარის წერილს ვინ გამოუგზავნიდა?! ჰაგრიდი დამბლდორს არ უღალატებს, არც არავის ეტყვის როგორ შეიძლება ფლაფისთვის გვერდის ავლა... ჰო, მაგრამ...
ჰარი ფეხზე წამოხტა.
— საით? — ზანტად ჰკითხა რონმა.
— რაღაც მომაგონდა, — ჰარი გაფითრდა, — ჰაგრიდი უნდა ვნახოთ, სასწრაფოდ.
— რა ხდება, გამაგებინე! — ეკითხებოდა ჰერმიონი და სირბილით მისდევდა ჰარის, რომელიც უკვე მწვანე ფერდობზე არბოდა.
— უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ჰაგრიდს, რომელიც მთელი ცხოვრება დრაკონზე ოცნებობს, უცებ ხვდება ვიღაც უცნობი, რომელსაც თურმე შემთხვევით, დრაკონის კვერცხი უდევს ჯიბეში? კანონით, დრაკონის ყოლა აკრძალულია. იმას კი კვერცხი აქვს ჯიბეში და ისე დასეირნობს! მერე, ასევე შემთხვევით, ჰაგრიდს გადააწყდება. როგორია, ა? რატომ აქამდე არ ვიფიქრე?
— ვერაფერი ვერ გავიგე, — თქვა რონმა. ჰარიმ არ უპასუხა, ტყის პირისაკენ გარბოდა.
ჰაგრიდი გარეთ იჯდა, სავარძელში. შარვლის ტოტები და სახელოები აეკეცა და მუხუდოს არჩევდა.
— გაუმარჯოს! — გაუხარდა ჰაგრიდს მათი დანახვა, — მორჩით გამოცდებს? თუ გცალიათ, ჩაიზე დამეწვიეთ.
— სიამოვნებით, — უთხრა რონმა.
— არა, რა დროს ეგ არის! — წამოიძახა ჰარიმ, — ჰაგრიდ, რაღაც მინდა გკითხო, იმ ღამით, ნორბერტი რომ მოიგე, ის უცნობი როგორ გამოიყურებოდა, ვისაც კარტი ეთამაშე?
— რა ვიცი, მოსასხამში იყო გახვეული.
ამის გაგონებაზე სამივეს სახე შეეცვალა. ჰაგრიდმა კი წარბები აზიდა.
— რა იყო?! ეს ჩვეულებრივი ამბავია. „ღორის თავში“ — ასე ჰქვია ერთ–ერთ ლუდხანას იმ სოფელში — ისეთი უცნაური ხალხი დადის.
ვიღაცა დრაკონის გამყიდველიც იქნებოდა, მერე რა. სახე არ დამინახავს. კაპიუშონი ეხურა.
ჰარი მუხუდოს გობის გვერდით დაეშვა.
— რაზე ელაპარაკე, ჰაგრიდ? ჰოგვორტსი ახსენე?
— შეიძლება, ვახსენე. სიტყვამ მოიტანა, — ჰაგრიდი ცდილობდა, გაეხსენებინა.
— ჰო, მკითხა, რას აკეთებო. მე ვუთხარი, ტყის მცველი ვარ მეთქი. მკითხა, როგორ ცხოველებს უვლიო. მეც ვუთხარი... და ვუთხარი, ო, როგორ მინდა, დრაკონი მყავდეს მეთქი... მერე... აღარ მახსოვს... სულ ვსვამდი. ის მპატიჟებდა... ჰო, კიდევ... აი, დრაკონის კვერცხი მაქვსო, თუ გინდა, კარტი ვითამაშოთო... მერე მკითხა, როგორ მოუვლიო, მე ვუთხარი, ფლაფის მერე დრაკონის მოვლა არ გამიჭირდება მეთქი...
— მერე? ფლაფით დაინტერესდა? — ჰარი ცდილობდა, მშვიდად ელაპარაკა.
— ჰო, რატომაც, არა. ბევრი გინახავს სამთავიანი ძაღლი, თუნდაც ჰოგვორტსში? მე ვუთხარი, ფლაფის მოთაფვლას რა უნდა, მუსიკა მოასმენინე და მაშინვე დაიძინებს მეთქი...
ჰაგრიდი უცებ მიხვდა ყველაფერს.
— აუ, ეს არ უნდა მეთქვა! ახლავე დაივიწყეთ! სად გარბიხართ?!
ჰარი, რონი და ჰერმიონი სირბილით დაბრუნდნენ უკან. ჰოლში ბნელოდა და გრილოდა. მზიანი დღის შემდეგ განსაკუთრებით პირქუში ეჩვენათ აქაურობა.
— დამბლდორთან უნდა მივიდეთ, — გადაწყვიტა ჰარიმ, — ჰაგრიდმა ფლაფის საიდუმლო უცნობს უთხრა. ის მოსასხამიანი ან სნეიპი იყო ან ვოლდემორი. ჰაგრიდი დაათრო და ყველაფერი ადვილად დასტყუა. იმედია, დამბლდორი დაგვიჯერებს. ფლორენციაც დამემოწმება, თუ ბეინმა არ შეუშალა ხელი. სად არის დამბლდორის ოთახი?
მიმოიხედეს, თითქოს უნდოდათ, რაიმე მინიშნება ეპოვათ. მათთვის არასოდეს უთქვამთ, სად ცხოვრობდა დამბლდორი, ან როგორ მიდიოდნენ მასთან, ან ვის აგზავნიდნენ.
— აუცილებლად უნდა მივიდეთ, — დაიწყო ჰარიმ, მაგრამ ჰოლის მეორე ბოლოდან ვიღაცის ზარივით ხმა გაისმა:
— რას აკეთებთ აქ?
პროფესორ მაკგონაგელს წიგნების გროვა მოჰქონდა.
— ჩვენ პროფესორ დამბლდორის ნახვა გვინდა, — რიხიანად მოახსენა ჰერმიონმა.
„ყოჩაღ“, — გაიფიქრეს ჰარიმ და რონმა.
— პროფესორ დამბლდორის ნახვა გინდათ? — გაიმეორა პროფესორმა მაკგონაგელმა, თითქოს რაღაც საეჭვო და დაუჯერებელი რამ გაიგონაო, — რატომ?
ჰარიმ ჩაახველა — ახლა რა თქვას?
— საიდუმლოა, — თქვა ბოლოს და მაშინვე ინანა, რადგან პროფესორ მაკგონაგელს ნესტოები დაებერა.
— პროფესორი დამბლდორი ათი წუთის წინ გაემგზავრა, — თქვა მან ცივად, — მაგიის სამინისტროში გამოიძახეს სასწრაფოდ და ლონდონში გაფრინდა.
— გაფრინდა? — ჰარი გამწარდა, — მაინცდამაინც ახლა?
— პროფესორი დამბლდორი ძალიან ცნობილი ჯადოქარია, პოტერ, და მას საკმაოდ ბევრი საქმე აქვს.
— ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გვეთქვა...
— იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მაგიის სამინისტროს საქმეებია, პოტერ?
— იცით რა, — ჰარიმ იფიქრა, რა დროს სიფრთხილეაო, და თქვა: — ეს ფილოსოფიურ ქვას ეხება, პროფესორო.
ამის გაგონებას პროფესორი მაკგონაგელი ნამდვილად არ ელოდა. წიგნები ხელიდან გაუცვივდა, მაგრამ მათთვის არ ეცალა, აღელვებულმა იკითხა:
— საიდან გაიგეთ...
— პროფესორო, მე ვიცი, რომ სნ... რომ ვიღაც ცდილობს, ქვა მოიპაროს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვნახო პროფესორი დამბლდორი.
პროფესორი მაკგონაგელი თავზარდაცემული ჩანდა, მაგრამ მაინც გამომცდელად უცქეროდა ჰარის. ბოლოს თქვა:
— პროფესორი დამბლდორი ხვალ დილით დაბრუნდება. წარმოდგენა არა მაქვს, როგორ გაიგეთ იმ ქვის არსებობის ამბავი, მაგრამ მინდა, მოგახსენოთ, რომ მას ვერავინ მოიპარავს. საიმედოდ გახლავთ დაცული.
— მაგრამ...
— პოტერ, ვიცი, რასაც ვამბობ, — დაიხარა და წიგნები აკრიფა, — ახლა კი ბაღში გაბრძანდით და მზით ისიამოვნეთ.
არსადაც არ გაბრძანდნენ.
— ეს ამაღამ მოხდება, — თქვა ჰარიმ, როგორც კი პროფესორი მაკგონაგელი წავიდა, — სნეიპი ამაღამ ჩავა ორმოში. რაც აინტერესებდა, ყველაფერი უკვე გაიგო. დამბლდორიც გზიდან მოიცილა. წერილი მაგან გამოუგზავნა, ნაძლევს დავდებ. მაგიის სამინისტროში განცვიფრდებიან დამბლდორის დანახვაზე.
— მაგრამ ჩვენ, აბა...
ჰერმიონმა თვალები დააჭყიტა. ჰარი და რონი მიტრიალდნენ, მათ უკან სნეიპი იდგა.
— მოგესალმებით, — თქვა სნეიპმა წყნარად. — ასეთ ამინდში გარეთ უნდა იყოთ,
— და უცნაურად, ძალიან უცნაურად გაიღიმა.
— ჩვენ... — დაიწყო ჰარიმ, მაგრამ მერე რა ეთქვა, აღარ იცოდა.
— თქვენ უფრო ფრთხილად უნდა იქცეოდეთ, — თქვა სნეიპმა, — ვინმემ რომ შეგხედოთ, იფიქრებს, რაღაცას აპირებენო. გრიფინდორს კი ქულების დაკარგვა აღარ სჭირდება. ხომ ასეა?
ჰარი გაწითლდა. გატრიალდნენ და, ის იყო, გარეთ გადიოდნენ, რომ სნეიპის ხმა დაეწიათ:
— გაფრთხილებ, პოტერ! კიდევ ერთი გასეირნება ღამით და, გარწმუნებ, მე თვითონ ვიზრუნებ იმაზე, რომ თქვენ ჰოგვორტსიდან მიგაბრძანონ. კარგად ბრძანდებოდეთ.
და სამასწავლებლოსკენ წავიდა.
გარეთ, ქვის კიბეზე, ჰარი დანარჩენებს მიუბრუნდა:
— აი, რა უნდა გავაკეთოთ, — ჩურჩულით და სწრაფად ამბობდა: — ერთმა სნეიპს უდარაჯოს. დადგეს სამასწავლებლოს კართან და სადაც წავა, უკან გაჰყვეს. ჰერმიონ, ეს შენ იქნები.
— მე რატომ?
— იმიტომ, რომ ვითომ ფლიტვიკს ელოდები, — უთხრა რონმა და უცებ წვრილი ხმით დაილაპარაკა: — ო, ბატონო პროფესორო ფლიტვიკ, მე ისე ვღელავ, ვფიქრობ, რომ საკითხი თოთხმეტი „ბ“ არასწორად გავაშუქე...
— მოკეტე! — გაბრაზდა ჰერმიონი, მაგრამ მაინც დათანხმდა, რომ სნეიპისთვის ეთვალთვალა.
— ჩვენ კი მესამე სართულის დერეფანში წავიდეთ, — უთხრა ჰარიმ რონს. მაგრამ გეგმის ეს ნაწილი ჩაეფუშათ. ფლაფის კარს მიადგნენ თუ არა,
პროფესორი მაკგონაგელიც უცებ იქ გაჩნდა. ახლა უკვე მოთმინება დაკარგა. !
— თქვენ მიგაჩნიათ, რომ მრავალ მაგიურ ჯადოს ნაკლები ძალა გააჩნია, ვიდრე თქვენ? თქვენი დაცვა არ სჭირდება მეთქი! მორჩით ამ სისულელეს! რომ გავიგონო, ერთხელ მაინც მოადგით აქ ფეხი, კიდევ 50 ქულას დავაკლებ გრიფინდორს. დიახ, ჩემს საკუთარ კლუბს, უისლი!
ჰარი და რონი საერთო ოთახში დაბრუნდნენ. ის იყო, ჰარიმ თქვა, კიდევ კარგი, ჰერმიონი მაინც სნეიპს დარაჯობსო, რომ ფუშფუშას კარი გაიღო და ჰერმიონიც შემოვიდა.
— ძალიან ვწუხვარ, ჰარი, რომ ასე მოხდა. სნეიპი გამოვიდა და მკითხა, აქ რას აკეთებო. მე ვუთხარი, ფლიტვიკის ნახვა მინდამეთქი. უკან შებრუნდა და გამოიყვანა. ძლივს დავეხსენი ფლიტვიკს. ამასობაში სნეიპი სად გაქრა, არ ვიცი.
— კარგი, რაც მოსახდენია, მოხდეს, — თქვა ჰარიმ.
რონი და ჰერმიონი ჰარის უცქეროდნენ, რომელსაც სახეზე ფერი არ ედო, მაგრამ თვალები უელავდა.
— ამაღამ მე თვითონ წავალ იქ და პირველი ავიღებ ქვას.
— გაგიჟდი?! — შეშინდა რონი.
— ვერ წახვალ! — უთხრა ჰერმიონმა. — არ გახსოვს, რა თქვეს მაკგონაგელმა და სნეიპმა? გაგრიცხავენ!
— მერე რა! — იყვირა ჰარიმ, — გესმით თუ არა, სნეიპმა თუ ქვა მოიპარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვოლდემორი დაბრუნდება! არ იცით, მერე რა მოხდება? ვეღარავის გარიცხავენ, რადგან ჰოგვორტსი აღარ იარსებებს. მიწასთან გაასწორებს ან შავი მაგიის სკოლად გადააქცევს. რა დროს ქულებია! გგონიათ, თქვენ და თქვენს ოჯახებს ხელს არ ახლებს, რაკი გრიფინდორი თასს მოიპოვებს? იქ მისვლამდე თუ დამიჭერენ, რა გაეწყობა, დერსლებთან გავემგზავრები და დავუცდი, როდის მომაკითხავს ვოლდემორი, რომ მომკლას. სულ ერთია, მაინც მომკლავს, რადგან შავი მაგიის მხარეზე არასოდეს გადავალ. ამაღამ ორმოში ჩავდივარ და, რაც უნდა მითხრათ, ვერ შემაჩერებთ! ვოლდემორმა ჩემი მშობლებიც დახოცა, აღარ გახსოვთ?
ჰარი თვალებით ბურღავდა ორივეს.
— მართალი ხარ, ჰარი, — ჩამწყდარი ხმით დაეთანხმა ჰერმიონი.
— მე უჩინმაჩინის მოსასხამი მაქვს. კიდევ კარგი, რომ დამიბრუნეს.
— მერე, სამივეს გაგვწვდება? — იკითხა რონმა, — სამივეს... რატომ?
— ოჰ, კარგი ერთი, შენ გგონია, მარტოს გაგიშვებთ?
— რა თქმა უნდა, არა, — მხარი აუბა ჰერმიონმა. — უჩვენოდ ქვასთან როგორ მიხვალ! მე ზემოთ ავალ, წიგნებს ჩავხედავ, შეიძლება, რამე ისეთი ვიპოვო, რაც გამოგვადგება!
— თუ დაგვიჭირეს, თქვენც ხომ გაგრიცხავენ!
— ვერა! — თქვა ჰერმიონმა მტკიცედ, — ფლიტვიკმა საიდუმლოდ მითხრა, გამოცდაზე ას ოცი ქულა მიიღეო. ამის მერე ვინ უნდა გამაგდოს!

* * *
სადილის შემდეგ საერთო ოთახში ისხდნენ ყველასგან განცალკევებით. ღელავდნენ. არავინ გამოლაპარაკებიათ. გრიფინდორელები ხომ ჰარის იმ დღის შემდეგ ხმას აღარ სცემდნენ. დღეს პირველად იგრძნო, რომ ეს აღარ ადარდებდა. ჰერმიონი მაგიურ ფორმულებს იმეორებდა, თან ახლებს ეძებდა. ჰარი და რონი ჩუმად ისხდნენ და იმაზე ფიქრობდნენ, რასაც აპირებდნენ.
ნელ–ნელა ყველანი დასაძინებლად გაიკრიფნენ.
— წადი, მოსასხამი ჩამოიტანე, ჯობია, — უთხრა რონმა ჰარის, როცა ბოლოს ლი ჯორდანიც ზმორებითა და მთქნარებით ოთახიდან გავიდა. ჰარიმ ბნელ საწოლ ოთახში მოსასხამი მოძებნა და ხელში ჰაგრიდის ფლეიტა მოხვდა — საშობაოდ რომ აჩუქა. ისიც ჯიბეში ჩაიდო, ფლაფისათვის, თორემ თვითონ სულ არ ემღერებოდა. ბოლოს ისევ საერთო ოთახში დაბრუნდა და რონსა და ჰერმიონს უთხრა:
— მოდი, აქვე მოვისხათ მოსასხამი, ვნახოთ, სამივეს დაგვფარავს თუ არა. შემთხვევით ფილჩმა მოსიარულე ფეხი არ დაინახოს.
— რას აპირებთ? — გაისმა ოთახის კუთხიდან.
სავარძლის უკნიდან ნევილის თავი გამოჩნდა. ხელში ტრევორი ეკავა. გომბეშოს აშკარად ეტყობოდა, რომ კვლავ გაქცევის ჟინმა მოუარა.
— არაფერს, ნევილ, არაფერს, — სასწრაფოდ უპასუხა ჰარიმ და მოსასხამი ზურგს უკან დამალა.
ნევილს მათი დამნაშავე სახეები საეჭვოდ ეჩვენა.
— არა, თქვენ ისევ სადღაც მიდიხართ!
— არა, არა, არა! — ჰერმიონი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, — არსადაც არ მივდივართ. შენ რატომ არ იძინებ?
ჰარიმ კარის თავზე დაკიდებულ ძველისძველ საათს ახედა. დრო არ იცდისო, იტყობინებოდა საათი. ვინ იცის, სნეიპი უკვე უკრავს ფლაფის დასაძინებლად.
— არ წახვიდეთ, რა! დაგიჭერენ. გრიფინდორს დიდი უსიამოვნება შეხვდება!
— ნევილ, შენ წარმოდგენა არა გაქვს, რა ხდება. აუცილებლად უნდა წავიდეთ,
— უთხრა ჰარიმ.
ნევილმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო.
— არსად არ გაგიშვებთ! — და კარში ჩადგა, — რაც გინდათ, ქენით. მცემეთ თუ გინდათ!
— ნევილ! — აფეთქდა რონი, — იქით გაიწი, ნუ ხარ იდიოტი!
— იდიოტი კი არა ვარ. ნებას არ მოგცემთ, ისევ რამე დააშავოთ. შენ თვითონ არ მითხარი, წინააღმდეგობის გაწევა ისწავლეო?!
— ჰო მაგრამ, ჩვენთან კი არა! — რონი გაბრაზდა და გაღიზიანდა, — ნევილ, შენ არც კი იცი, რას აკეთებ!
რონმა მისკენ გაიწია. ნევილმა ტრევორი ხელიდან გააგდო, მანაც დრო იხელთა და გაუჩინარდა.
. — მიდი, დამარტყი, მიდი! — და მუშტები ასწია, — მიდი, რას ელოდე სასოწარკვეთილი ჰარი ჰერმიონს მიუბრუნდა:
— რამე მოუხერხე, რა! ჰერმიონი ნევილს მიუახლოვდა.
— ნევილ, ძალიან ვწუხვარ, რომ იძულებული ვხდები! — და ჯადოსნური ჯოხი მოიმარჯვა, — პეტრიფიკუს ტოტალუს! — თქვა და ჯოხი ნევილს მიუშვირა.
ნევილს მკლავები თავისით ჩამოუვარდა. ფეხებიც წამში შეუტყუპდა. ასე ზეზეულად გაშეშდა, ცოტა ხანს ადგილზე იდგა, შემდეგ კი იატაკზე პირქვე დაემხო.
ჰერმიონმა მასთან მიირბინა და ზურგზე დააწვინა. ნევილს კრიჭა ჰქონდა შეკრული — ლაპარაკიც არ შეეძლო. მხოლოდ შიშჩამდგარ თვალებს ამოძრავებდა.
— რა უქენი? — ჩურჩულით ჰკითხა ჰარიმ.
— მთელი სხეულის შემკვრელი ჯადო გავუკეთე, — საწყლად თქვა ჰერმიონმა,
— ნევილ, ნამდვილად არ მინდოდა!
— იძულებული გაგვხადე. დროც არ არის, რომ აგიხსნათ, რა ხდება — დაუმატა ჰარიმ.
— ნევილ, მალე თვითონვე მიხვდები ყველაფერს! — უთხრა რონმა. მერე სამივემ ნევილს ზედ გადააბიჯა. უჩინმაჩინის მოსასხამი მოისხეს და დერეფანში გავიდნენ.
უმწეო ნევილის იატაკზე დატოვება ცუდად ენიშნათ. ნერვებაშლილებს ყველა ქანდაკება ფილჩად ეჩვენებოდათ. ქარის გაფაჩუნება კი — პივსის თავდასხმად.
პირველივე კიბესთან მისის ნორისი მოკალათებულიყო.
— მოდი რა, პანღურს ამოვკრავ, ამ ერთხელ, — შეეხვეწა რონი ჩუმად. ჰარიმ თავი გააქნია, არაო. ფრთხილად შემოუარეს კატას, რომელსაც თვალები მათკენ ჰქონდა მიშუქებული, მაგრამ არაფერი მოუმოქმედია.
მესამე სართულამდე სხვა აღარავინ შეხვედრიათ. აქ კი პივსი იდგა კიბეზე და ხალიჩას ისე აგებდა საფეხურებზე, რომ ფუყედ ყოფილიყო. დააბიჯებდი თუ არა, წაიქცეოდი.
— აქ ვინ არი? — წამოიყვირა უცებ პივსმა და ბოროტი თვალები მოჭუტა, — ვერ გხედავ, მაგრამ ვიცი, რომ აქა ხარ. რომელი ხარ, თქვი, სული ხარ, ღული ხარ თუ ოხერი მოსწავლე ხარ პატალა?
პივსი ჰაერში გამოეკიდა და იქიდან აკვირდებოდა.
— ფილჩს უნდა დავუძახო, იცოდეს, რომ აქ ვიღაც უჩინარი მოიპარება! ჰარიმ უცებ რაღაც მოიფიქრა, ხმა დაიბოხა და თქვა:
— პივს, სისხლისმსმელ ბარონს ზოგჯერ მიზეზი აქვს იმისა, რომ შეუმჩნეველი იყოს.
პივსი შოკში ჩავარდა, კინაღამ ძირს დაენარცხა, დროზე შეიკავა თავი და კიბიდან ერთი ფუტის სიმაღლეზე გაჩერდა.
— ბოდიში, თქვენო უსისხლესობავ, მისტერ ბარონ! დამნაშავე ვარ, სერ, დამნაშავე ვარ, ვერ დაგინახეთ. არ ჩანხართ და როგორ უნდა დამენახეთ! აპატიეთ მოხუც პივსს, რაც სისულელე გელაპარაკათ, სერ!
— მე აქ საქმე მაქვს, პივს, — განაგრძო ჰარიმ, — ამაღამ აქაურობას არ გაეკარო.
— დიახ, სერ! როგორც თქვენ ბრძანებთ! — პივსი ისევ ჰაერში აფრინდა, სულ მაღლა, — წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმეში, ბატონო ბარონო. მე აღარ შეგაწუხებთ!
და გაფრინდა.
— ყოჩაღ, ჰარი! — ჩასჩურჩულა რონმა.
სულ მალე აკრძალულ კართან მივიდნენ. კარი შეღებული დახვდათ.
— აჰა, ესეც ასე! სნეიპმა, ალბათ, უკვე ფლაფისაც ჩაუარა, — ძალიან ხმადაბლა თქვა ჰარიმ.
გახსნილმა კარმა სამივეს ცხადად აგრძნობინა მოსალოდნელი საშიშროება. ჰარიმ რონსა და ჰერმიონს მიმართა:
— თუ თქვენ აქ დამემშვიდობებით, არ მეწყინება. ეს მოსასხამიც შეგიძლიათ წაიღოთ, მე აღარ მჭირდება!
— ნუ სულელობ! — უთხრა რონმა.
— შენთან ერთად მოვდივართ, — თქვა ჰერმიონმა.
ჰარიმ კარი შეაღო. კარის ჭრიალზე სამთავა ძაღლმა ხმადაბლა დაიღრინა. სამი ცხვირი გაშმაგებული ყნოსავდა მათ სუნს, თუმცა მოსასხამით დაფარულები არ ჩანდნენ.
— ფეხთან რა უდევს, ხედავთ? — ჩურჩულით იკითხა ჰერმიონმა.
— ქნარია, სნეიპს დარჩებოდა, — უთხრა რონმა.
— ხომ გახსოვთ, დაკვრა შეწყდება თუ არა, იღვიძებს, — შეახსენა მეგობრებს ჰარიმ, — დავიწყე...
ჰაგრიდის ფლეიტა პირთან მოიტანა და ჩაჰბერა. დიდი ვერაფერი ხმა ჰქონდა, მაგრამ პირველივე ჰანგზე ურჩხულს თვალები მიებლიტა. ჰარი ძლივს ასწრებდა ჩასუნთქვას. ღრენა თანდათან მიწყდა. ძაღლი ჯერ შეტორტმანდა, მერე იატაკზე გაიშოტა და ღრმა ძილს მიეცა.
— არ შეწყვიტო დაკვრა! — გააფრთხილა რონმა ჰარი. მოსასხამი მოიხსნეს და ორმოსკენ წავიდნენ. უზარმაზარ თავებს რომ მიუახლოვდნენ, ძაღლის მხურვალე და მყრალი სუნთქვა ეცათ.
— იმედია, თავს ავხდით. ჰერმიონ, გინდა, პირველი წახვიდე?
— არ მინდა!
— ჰო, კარგი! — რონმა კბილი კბილს დააჭირა და ძაღლის თათებს გადააბიჯა. ორმოს სარქველზე რკინის რგოლი იყო დამაგრებული, რონმა ასწია და სარქველი გააღო.
— რას ხედავ? — ვერ მოითმინა ჰერმიონმა.
— არაფერს. ბნელა. კიბე არ ჩანს. ეტყობა, უნდა ჩავხტეთ. ჰარი უკრავდა, თან ხელს იქნევდა და რაღაცას ანიშნებდა.
— შენ გინდა, პირველი ჩახტე? — ჰკითხა რონმა, — დარწმუნებული ხარ? არც კი ვიცი, რამსიღრმეა. ფლეიტა ჰერმიონს მიეცი, დაკვრა განაგრძოს, რომ არ გაეღვიძოს.
ჰარიმ ფლეიტა ჰერმიონს გაუწოდა. იმ რამდენიმე წამში, სანამ ჰერმიონმა გამოართვა და დაკვრა განაგრძო, ძაღლმა ბურანში მყოფივით დაიღრინა და შეიშმუშნა. მუსიკის ხმაზე კვლავ მიიძინა.
ჰარიმ ძაღლს გადააბიჯა და ორმოში ჩაიხედა. ფსკერი არ ჩანდა. ჰარი ჩაძვრა, ხელებზე დაეკიდა. შემდეგ რონს ახედა:
— თუ რამე დამემართა, შენ არ ჩამოხტე. მაშინვე გაიქეცი და დამბლდორს ბუ გაუგზავნე, კარგი?
— კარგი.
— წავედი... იმედია, მალე გნახავთ...
ჰარი სადღაც მიფრინავდა, დაბლა, დაბლა, სულ დაბლა. გარშემო გრილ, ნესტიან ჰაერს გრძნობდა, მეტს არაფერს.
ტყაპ!
უცებ რაღაც რბილზე დაეცა, რამაც უცნაური ხმა გამოსცა. წამოჯდა და ირგვლივ ხელი მოაფათურა. თვალი ჯერ კიდევ ვერ შესჩვეოდა სიბნელეს. გრძნობდა, რომ რაზედაც იჯდა, მცენარე იყო.
— ყველაფერი რიგზეა! — ასძახა ზემოთ. ორმოს თავი საფოსტო მარკისხელა მოჩანდა, — რბილია. შეგიძლია ჩამოხტე.
რონი მაშინვე ჩახტა და ჰარის გვერდით დაეცა.
— ეს რა არის? — იკითხა გაკვირვებულმა.
— რა ვიცი. ალბათ, კისერი რომ არ მოიტეხო, იმიტომ დააგეს. მოდი, ჰერმიონ! შორეული მუსიკა შეწყდა და ძაღლის ყეფაც მაშინვე გაისმა, მაგრამ ჰერმიონმა
უკვე ისკუპა და ჰარის გვერდით, მეორე მხარეს დაეშვა.
— ალბათ რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ვართ სკოლის ქვეშ, — გამოთქვა მოსაზრება ჰერმიონმა.
— ჩვენი ბედი, რომ ეს მცენარე დაგვხვდა აქ! — თქვა რონმა.
— ბედი?! — შეჰკივლა ჰერმიონმა, — ნახეთ ერთი, რა დღეში ხართ!
ჰერმიონმა გაიბრძოლა და ნესტიანი კედლის მიმართულებით გაიწია. საბრძოლველად ნამდვილად ჰქონდა საქმე, რადგან მცენარის გრძელმა ყლორტებმა გველივით დაუწყო შემოხვევა ფეხებზე. ჰარის და რონისთვის ფეხები უკვე კარგა ხანია გაეკოჭა და ახლა ტანზე ეხვეოდა. ვერც კი გაიგეს, ეს როგორ მოხდა.
ჰერმიონმა ძალით გაითავისუფლა თავი. ახლა შეშინებული უცქეროდა ბიჭებს: რაც უფრო მეტს ფართხალებდნენ, მით უფრო მეტად და სწრაფად კოჭავდა მათ მცენარე.
— ნუღარ მოძრაობთ! — ბრძანა ჰერმიონმა, — გამახსენდა, რაც არის. „ეშმაკის ხაფანგი“ ჰქვია.
— რა ბედნიერებაა, რომ სახელიც შევიტყვეთ! — ამოიხავლა რონმა, რადგან მცენარე უკვე ყელზე ეხვეოდა.
— გაჩუმდი, უნდა მოვიგონო, როგორ მოვკლა! — იყვირა ჰერმიონმა.
— ჩქარა, თორემ ვეღარ ვსუნთქავ, — ძლივს თქვა ჰარიმ.
— ეშმაკის ხაფანგი... ეშმაკის ხაფანგი... რას ამბობდა პროფესორი სპრაუტი? ამას უყვარს სიბნელე და სინესტე...
— ცეცხლი დაანთე, ჩქარა! — ჰარი ვეღარ სუნთქავდა, რადგან მცენარე უკვე მკერდზე შემოეჭდო.
— ჰო. ახლავე... მაგრამ შეშა რომ არა მაქვს?
— შენ რა, გაგიჟდი? — დაუღრიალა რონმა, — ჯადოქარი ხარ თუ რა?! ჰერმიონმა თავისი ჯადოსნური ჯოხი მოიმარჯვა, გაიქნია, რაღაც წაიბუტბუტა და
მცენარეს ცეცხლის ისეთი ლურჯი ალი გაუგზავნა, როგორც სნეიპს — მატჩის დროს. შუქმა და სითბომ თავისი ქნა. ეშმაკის ხაფანგმა საცეცები მოადუნა და ბიჭებმა სულ ადვილად დააღწიეს თავი.
— კარგია, რომ ჰერბოლოგია ყურადღებით ისწავლე, ჰერმიონ, — ჰარი მის გვერდით კედელთან იდგა და ოფლს იწმენდდა.
— ჰო, ჩვენი ბედი, რომ ჰარი არასოდეს იბნევა. „შეშა რომ არა მაქვს“ კარგი იყო!
— გაიცინა რონმა.
— აქეთ! — დაიძახა ჰარიმ და ქვის დერეფანს გაუყვნენ. წინ ეს ერთადერთი გზა მიდიოდა.
საკუთარი ფეხის ხმის გარდა, ესმოდათ კედლებიდან დროდადრო ჩამოვარდნილი წვეთების დაცემის ხმაც. დერეფანი თავქვე დაეშვა და ჰარის გრინგოტსი მოაგონდა. ჯადოქრების საცავებს დრაკონები დარაჯობენო, — გაახსენდა და შეშფოთდა. ხომ შეიძლება, აქაც იგივე იყოს და დიდი დრაკონი დახვდეთ! პატარა ნორბერტიც კი პრობლემა იყო და...
— გესმით ხმა? — ჩურჩულით იკითხა რონმა.
ჰარიმ ყური მიუგდო. თითქოს რაღაცა შარიშურობდა და წკარუნობდა. ხმა წინიდან მოისმოდა.
— შენ როგორ ფიქრობ, მოჩვენებაა?
— არ ვიცი. მე მგონი, ფრთების ქნევას ჰგავს.
— ნახე, შუქიც მოჩანს. რაღაც მოძრაობს.
დერეფანი დამთავრდა და მაღალჭერიან, გაჩახჩახებულ ოთახში აღმოჩნდნენ. იქაურობა პაწაწინა, სამკაულივით ბრჭყვიალა, ლამაზი ჩიტებით იყო სავსე. ოთახის ბოლოში ხის მძიმე კარი მოჩანდა.
— როგორ გგონია, იმ კართან ეს ჩიტები არ მიგვიშვებენ? — იკითხა რონმა.
— ალბათ. პატარები კი არიან, მაგრამ თუ ერთად გეცემიან... არაფერია, გავიქცევი... — იმედიანად თქვა ჰარიმ. ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე ხელები აიფარა და იმ მძიმე კარისკენ გაიქცა. მირბოდა და ელოდა, აი, ახლა ჩამინისკარტებენ ან კლანჭს გამკრავენო, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა. კართან მშვიდობიანად მივიდა. სახელური ჩამოსწია. დაკეტილი დახვდა.
ამასობაში რონი და ჰერმიონიც მივიდნენ. კარს დიდხანს ეჯაჯგურნენ, მხარიც ურტყეს, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს. ჰერმიონმა ალოჰომორათიც აჯადოვა, მაგრამ ამაოდ.
— რა ვქნათ? — შეწუხდა რონი.
— ჩიტები... აქ ტყუილად არ დაფრინავენ, — ჩაილაპარაკა ჰერმიონმა. სამივე ჩიტებს მიაჩერდა. დაფრინავდნენ თავისთვის და ბზინავდნენ...
— ესენი ჩიტები არ არიან! — წამოიძახა ჰარიმ, — გასაღებებია! ფრთიანი გასაღებები, დააკვირდით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ... — ოთახი მოათვალიერა, — შეხედეთ, ტარიანი ცოცხები! ამ კარის გასაღები უნდა დავიჭიროთ!
— ნახე, რამდენია!
რონმა ყურადღებით შეისწავლა კარის საკეტი და განაცხადა:
— ჩვენ გვჭირდება დიდი ზომის ძველებური გასაღები, შესაძლოა, ვერცხლისა, რადგან სახელური ვერცხლისაა!
ცოცხებს მოახტნენ, დაჰკრეს იატაკს ფეხი და აფრინდნენ. მაშინვე გასაღებების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. მოჯადოებული გასაღებები ხელიდან სხლტებოდნენ და ელვის სისწრაფით ხან მაღლა აფრინდებოდნენ, ხან დაბლა.
ჰარი ტყუილად ხომ არ მონათლეს საუკუნის ყველაზე ახალგაზრდა სიკერად! მის მახვილ თვალს არ გამოეპარებოდა ის, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. მაშინვე გამოარჩია დიდი ვერცხლის გასაღები. ცალი ფრთა ისე მოღუნოდა, თითქოს სულ ახლახან ვიღაცას კარის კლიტეში ეწვალებინოს!
— ვიპოვე! — დაიძახა ჰარიმ, — აგერ, ის არის, დიდი, ღია ლურჯი ფრთებით! ცალ მხარეს ბუმბული აქვს აპრეხილი!
რონი იქით გაფრინდა, საითაც ჰარი იშვერდა ხელს, მაგრამ ჭერს შეასკდა და კინაღამ ცოცხიდან გადმოვარდა.
— ერთად უნდა მოვიმწყვდიოთ! — მოიფიქრა ჰარიმ, თან თვალს არ აშორებდა გასაღებს: — რონ, შენ ზემოდან მოუარე. ჰერმიონ, შენ ქვემოთ დადექი, დაშვების საშუალება არ მისცე. მე ვეცდები, დავიჭირო. წავედით!
რონი და ჰერმიონი ერთდროულად დაიძრნენ გასაღებისკენ, მაგრამ ის გვერდით გასხლტა, კედლისკენ. ჰარი გაედევნა. ერთ წამში ძლიერი ტკაცანი გაისმა. ჰარიმ გასაღები ცალი ხელით მიაკრა კედელს.
რონისა და ჰერმიონის მხიარული შეძახილები ექოდ ხმიანობდა მაღალჭერიან ოთახში.
ცოცხებიდან ჩამოხტნენ, კართან მიირბინეს, გასაღები უძალიანდებოდა, გასხლტომას ლამობდა, მაგრამ ჰარიმ ჭუჭრუტანას მოარგო და გადაატრიალა. კარი გაიღო. გასაღებმა კი შეიფრთხიალა და აფრინდა, საწყალი, უკვე ორჯერ დაიჭირეს.
— მზადა ხართ? — იკითხა ჰარიმ, დანარჩენებმა თავი დაუქნიეს. კარი შეაღო. ოთახში ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ნაბიჯი გადადგეს თუ არა, თვალისმომჭრელი შუქი აინთო და განსაცვიფრებელი სანახაობა გამოჩნდა.
უზარმაზარ ჭადრაკის დაფასთან აღმოჩნდნენ — მათზე მაღალი, შავი ქვის ფიგურების უკან. მოპირდაპირე მხარეს თეთრები იდგნენ. ჰარი, რონი და ჰერმიონი გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ ფიგურებს სახეები არ ჰქონდათ.
— საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ? — ჩურჩულით იკითხა ჰარიმ.
— ცხადია, უნდა ვითამაშოთ, რომ მეორე მხარეს გავიდეთ, — მიუგო რონმა. თეთრი ფიგურების უკან კარი მოჩანდა.
— კი მაგრამ, როგორ? — იკითხა აღელვებულმა ჰერმიონმა.
— მე ვფიქრობ, ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ ფიგურები! — დაასკვნა რონმა. რონი შავ მხედარს მიუახლოვდა, ცხენს ხელი შეახო. ქვა მაშ. ინვე გაცოცხლდა.
ცხენმა ფლოქვების ცემა დაიწყო, მხედარმა კი ჩაფხუტით დაფარული თავი რონისკენ მიაბრუნა.
— ჩვენ... უნდა თქვენ შემოგიერთდეთ, რომ მეორე მხარეს გადავიდეთ? — ჰკითხა რონმა.
შავმა მხედარმა თავი დაუქნია. რონი ჰარის და ჰერმიონს მიუბრუნდა.
— დაიცა, მოვიფიქრო... მე მგონია, რომ ჩვენ სამი შავი ფიგურის ადგილი უნდა დავიკავოთ...
ჰარი და ჰერმიონი ჩუმად იდგნენ, რომ მისთვის ფიქრში ხელი არ შეეშალათ. ბოლოს რონმა განაცხადა:
— გთხოვთ, ნუ გეწყინებათ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჭადრაკს თქვენზე უკეთ ვთამაშობ...
— არაფერიც არ გვეწყინება, — სწრაფად მიუგო ჰარიმ, — რასაც შენ გვეტყვი, იმას ვიზამთ!
— ჰარი, შენ აქ დადექი, ამ კუს ადგილას. ჰერმიონ, შენ კიდევ — მის გვერდით, ეტლის ნაცვლად.
— შენ?
— მე მხედარი ვიქნები.
როგორც ჩანს, ჭადრაკის ფიგურებს ყველაფერი ესმოდათ. რადგან შავმა მხედარმა, კუმ და ეტლმა მაშინვე დაფა დატოვეს და მათი ცარიელი უჯრები ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა დაიკავეს.
— ჭადრაკში ყოველთვის თეთრები იწყებენ, — თქვა რონმა და მოპირდაპირე მხარეს გაიხედა. — შეხედეთ...
თეთრი პაიკი ორი უჯრით წინ წამოვიდა.
შავი ფიგურები რონის კარნახით მოძრაობდნენ, უხმოდ, მორჩილად. ჰარის მუხლები უკანკალებდა, ვაითუ ვერ მოვიგოთო!
— ჰარი, ოთხი უჯრა მარჯვნივ, დიაგონალზე!
როდესაც თეთრებმა ქვის მხედარი მოუკლეს, მაშინ კი ნამდვილად შეშინდნენ. თეთრმა დედოფალმა მხედარი სახით ძირს დასცა და დაფიდან გადაათრია.
— სხვა გზა არ მქონდა, უნდა შევლეოდი, — შეწუხდა რონი, — ჰერმიონ, გზა გაგეხსნა, თეთრების კუ აიყვანე. მიდი.
თეთრები უმოწყალოდ იბრძოდნენ. შავები რიგრიგობით კარგავდნენ ფიგურებს. მალე კედელთან ბევრი შავი ფიგურა დახვავდა. ჰარი და ჰერმიონი ორჯერ კინაღამ მოკლეს. კიდევ კარგი, რონმა დროზე მიაქცია ყურადღება. ბოლოს თეთრებმაც იმდენივე დაკარგეს, რამდენიც შავებმა.

— თითქმის მოვრჩით... — ხმამაღლა ფიქრობდა რონი, — მაცალეთ... მაცალეთ... ვიფიქრო...
თეთრი დედოფალი თავისი ცარიელი სახით რონისკენ მიბრუნდა.
— ჰო, ასეა... — მშვიდად თქვა რონმა, — ახლა მე უნდა მომკლას!
— არა! — ერთად იყვირეს ჰარიმ და ჰერმიონმა.
— ეს ჭადრაკია. ზოგჯერ მსხვერპლი უნდა გაიღო. მე ახლა ერთ ნაბიჯს გადავდგამ და დედოფალი მომკლავს. შენ კი ქიშს ეტყვი მეფეს და შამათია, ჰარი!
— ჰო, მაგრამ...
— არავითარი მაგრამ... გინდა, რომ სნეიპს აჯობო?
— რონ!
— იჩქარე, თორემ ქვასთან მიგასწრებს! სხვა გზა არ იყო.
— აბა, მზადა ხართ? — რონი გაფითრებული იდგა, მაგრამ ეტყობოდა, გადაწყვეტილებას აღარ შეცვლიდა, — მივდივარ. როცა მოიგებთ, დრო არ დაკარგოთ.
რონმა ნაბიჯი გადადგა. თეთრი დედოფალი მისკენ დაიძრა, ქვის ხელი ასწია და რონს თავში ჩასცხო. რონი ძირს დავარდა. ჰერმიონმა იკივლა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. თეთრმა დედოფალმა გონდაკარგული რონი განზე გაათრია.
ჰარიმ კანკალით გადაინაცვლა სამი უჯრით მარცხნივ.
თეთრმა მეფემ გვირგვინი მოიძრო თავიდან და ჰარის ფეხებთან დაუგდო. მათ გაიმარჯვეს. თეთრმა ფიგურებმა აქეთ-იქით მიიწიეს და თავი დაუკრეს ჰარის. კარისკენ გზა თავისუფალი იყო.
კარს იქით ახლა სხვა დერეფანი დაუხვდათ.
— ის თუ მართლა...
— რონს არაფერი მოუვა! — ჰარიმ თავისი თავის დასამშვიდებლად უფრო თქვა, ვიდრე ჰერმიონის სანუგეშებლად. — როგორ გგონია, ამჯერად რა გველოდება?
— სპრაუტის ჯადო უკვე გავიარეთ — ეშმაკის ხაფანგი, ფლიტვიკმა, ალბათ, გასაღებები მოაჯადოვა. მაკგონაგელისა ჭადრაკი იქნება — ტრანსფიგურაცია, ფიგურების გაცოცხლება. დაგვრჩა ქვირელი და სნეიპი...
ამასობაში კიდევ ერთ კარს მიადგნენ.
— შევიდეთ? — იკითხა ჰარიმ.
— მიდი!
ჰარიმ კარს ხელი ჰკრა და გააღო.
აქაურობა ისე ყარდა, მაშინვე ცხვირზე იტაცეს ხელი. თვალებიც აუცრემლიანდათ. იატაკზე ტროლი ეგდო, მათ რომ დაამარცხეს, იმაზე ბევრად უფრო დიდი. თავი გახეთქილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა.
— კიდევ კარგი, ამასთან შებრძოლებას ავცდით, — ჩურჩულით თქვა ჰარიმ და ტროლის უზარმაზარ ფეხს ფრთხილად გადააბიჯეს, — ჩქარა წავიდეთ, თორემ ვერ ვსუნთქავ!
შემდეგი კარი შიშით შეაღეს და შეიხედეს, მაგრამ ვერაფერი საშიში იქ ვერ დაინახეს. ოთახში მაგიდა იდგა, ზედ შვიდი სხვადასხვა ზომის ბოთლი იყო ჩამწკრივებული.
— ეს, ნამდვილად, სნეიპია, — თქვა ჰარიმ, — საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ.
ოთახში როგორც კი შეაბიჯეს, მათ ზურგს უკან, კარში, მაშინვე ცეცხლი ავარდა. ჩვეულებრივი ცეცხლი არ იყო — უცნაური იისფერი დაჰკრავდა. მოპირდაპირე მხარეს, მეორე კარშიც ცეცხლი ჩადგა — შავი ფერისა. ვეღარც წინ წახვიდოდი, ვეღარც უკან.
— შეხედე! — ჰერმიონმა მაგიდიდან გრაგნილი აიღო, რომელიც ბოთლების გვერდით იდო. ჰარი ჰერმიონის მხარს ზემოდან კითხულობდა:
საფრთხის წინაშე იმყოფები, სიმშვიდე თითქოს არც კი გქონია, ჩვენ შორის ორი დამხმარე არის და უნდა მიხვდე, ეს ვინ ორია. შვიდიდან ერთ ბოთლს სწორად რომ დალევ. წინ მავალი გზა უკვე შენია. მეორე — დამლევს უკან გაიყვანს, თუ არჩევანი აქაც სწორია.
ორ ბოთლში ჭინჭრის ღვინო ასხია და სულ ეს არის. სამში შხამია სასიკვდილო, შიშის მთესავი.
თუკი არ გინდა, სამუდამოდ ასე რომ იდგე, მოგიწევს, რამე აირჩიო, ხოლო თუ როგორ, ოთხი თავსატეხით მსურს მე გირჩიო:
პირველი: შენ სულ ადვილად იპოვი შხამს, ჭინჭრის ღვინოსთან, მის მარცხნივ დგას.
მეორე: სხვადასხვა ასხია თავსა და ბოლოში, წინ ვერ წაგიყვანს ვერც ერთი ამ ორში.
მესამე: არც ერთი ბოთლი ზომით ერთმანეთს სულაც არა ჰგავს, მაგრამ არც დიდში, არც პატარაში შხამი არა დგას.
მეოთხე: მარცხნიდან მეორე მარჯვნიდან მეორის ტყუპისცალია მხოლოდ გემოთი. თვალით შეხედავ, წამსვე მიხვდები, სხვანი არიან, ჰერმიონმა ამოისუნთქა და, ჰარის გასაოცრად, გაიღიმა. ჰარისათვის რომ გეკითხათ, ახლა გაღიმების დრო ნამდვილად არ იყო.
— ძალიან კარგი, — თქვა ჰერმიონმა, — არავითარი მაგია, აქ მხოლოდ ლოგიკაა საჭირო. ეს თავსატეხია. რამდენი დიდი ჯადოქარია, ლოგიკის ნატამალი რომ არ გააჩნია. ისინი აქედან ვერასოდეს გააღწევდნენ.
— ჩვენ რა, გავაღწევთ?!
— რა თქმა უნდა, — მიუგო ჰერმიონმა მშვიდად, — ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, აი, აქ, ამ ქაღალდზე წერია. შვიდი ბოთლია: სამში შხამია, ორში — ღვინო. ერთი შავ ცეცხლში გაგიყვანს, ერთი — იისფერში.
— როგორ გამოვიცნოთ, რომელი რომელია?
— ერთი წუთი მაცალე.
ჰერმიონმა რამდენჯერმე წაიკითხა ის ფურცელი. ერთხანს ბოთლების წინ დადიოდა, რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. ბოლოს ტაში შემოჰკრა.
— მივხვდი! ყველაზე პატარა ბოთლი წინ წაგიყვანს, შავ ცეცხლში გახვალ და ქვასთან მიხვალ.
ჰარიმ ციცქნა ბოთლს დახედა.
— აქ ერთი ყლუპი ძლივს იქნება. ერთ-ერთმა უნდა დავლიოთ, — თქვა ჰარიმ და ერთმანეთს შეხედეს, — უკან წასასვლელი რომელია?
ჰერმიონმა მრგვალ ბოთლზე მიუთითა, მარჯვნივ, ბოლოში რომ იდგა.
— შენ მაგას დალევ, — უთხრა ჰერმიონს, — წადი, რონიც წაიყვანე და მაღლა ადით. ცოცხები აიღეთ გასაღებების ოთახში, ორმოდან ამოსაფრენად გამოგადგებათ. მერე ფლაფის ჩაუქროლებთ და პირდაპირ საბუეში გაიქეცით, დამბლდორს ჰედვიგი უნდა გაუგზავნოთ. ძალიან გვჭირდება. მე შევეცდები, სნეიპი ცოტა ხანს მაინც დავაკავო. ვერ მოვერევი, მაგრამ მაინც.
— ჰარი. „ჩვენ რომ ვიცით“, ისიც რომ იქ დაგხვდეს?
— მაშინ... ერთხელ ხომ უკვე გამიმართლა? — ჰარიმ ნაიარევზე მიიდო ხელი,
— იქნება ახლაც გამიმართლოს!
ჰერმიონს ტუჩები უკანკალებდა. უცებ ჰარის ეცა და გადაეხვია.
— ჰერმიონ!
— ჰარი, შენ დიდი ჯადოქარი ხარ. გახსოვდეს!
— შენისთანა ყოჩაღი არა ვარ! — ჰარი თავს უხერხულად გრძნობდა ჰერმიონის ჩახუტების შემდეგ.
— მე? რა მე? ეს მხოლოდ წიგნები და ცოდნაა. რამდენი რამეა ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი — მეგობრობა, სიმამაცე... ჰარი, თავს გაუფრთხილდი!
— ჯერ შენ დალიე. ხომ დარწმუნებული ხარ, რომ სწორად გამოიცანი?
— აბსოლუტურად, — დაამშვიდა ჰერმიონმა. მრგვალი ბოთლი აიღო და კარგა ხანს სვამდა. მერე გააჟრჟოლა.
— შხამი ხომ არ იყო? — აღელდა ჰარი.
— არა. ყინულივით ცივია.
— ჩქარა, სანამ მოქმედება დაეკარგება!
— აბა, შენ იცი! თავს გაუფრთხილდი!
— წადი!
ჰერმიონი გატრიალდა და იისფერ ცეცხლში გავიდა.
ჰარიმ ღრმად ჩაისუნთქა, აიღო პაწაწინა ბოთლი. შავ ცეცხლთან პირისპირ გაჩერდა.
— რაც არის არის, — თქვა და გადაჰკრა.
მართლაც, თითქოს ყინულივით სიცივემ დაუარა ძარღვებში. შემდეგ ბოთლი მაგიდაზე დადგა და ცეცხლისკენ წავიდა. გამბედაობა მოიკრიბა და ცეცხლში შეაბიჯა. გრძნობდა, როგორ ეხვეოდა ალში, მაგრამ არ წვავდა. წამიც და, უკვე ბოლო ოთახში იყო.
აქ მას ელოდნენ. ოღონდ, ეს სნეიპი არ იყო და, სხვათა შორის, არც ვოლდემორი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent