შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი


13-07-2021, 10:16
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 12 577

1.
მგონი, ყველაზე უცნაური დავიბადე ყველაზე უცნაურ ოჯახში...
ჩემი ოჯახის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მამაჩემი ჩასიძებულია სიდედრ-სიმამრის ოჯახში. ჩასიძებული? მერე რა? რა არის ამაში უცნაური?_ გაიფიქრებთ ალბათ._საქართველოში ხომ უმრავლესობა ასე ცხოვრობს და ეს ფაქტი არავის უკვირს? მაგრამ იმას დავამატებ, რომ მამაჩემი რუსია, დედაჩემი კი სვეცკი ვაკელი. არც ეს არის დიდი უცნაურობა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ თემასაც შევეხები: დედაჩემმა ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა, მიმაგდო ათი წლის ბავშვი, დაჰკრა ფეხი და მასთან ერთად გადაიხვეწა ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. დიდად არ მაინტერესებს კერძოდ სად, რადგან ამჟამად ქალბატონი თავის საყვარელთან ერთად ცხოვრობს ბედნიერად და სულაც არ ვადარდებ არც მე და არც სხვა ნებისმიერი მისი ოჯახის წევრი. ბებიამ და ბაბუამ მაშინვე უარი თქვეს მოღალატე შვილზე და დღემდე არაფერი იციან მის შესახებ.
მე და მამა კი დავრჩით დედაჩემის მშობლების სახლში და მათთან ერთად ვცხოვრობთ დღემდე. თითქოს, მამაჩემი ყოფილიყოს მათი შვილი და დედაჩემი კი რძალი. ჩემი საყვარელი მამიკო მპატრონობს მეც, სიდედრ-სიმამრსაც და ჩემს დეიდასაც, რომელიც მხოლოდ ხუთი წლითაა ჩემზე უფროსი.
ბაია, (ასეთი უცნაური სახელი ქვია ჩემს უცნაურ დეიდას) შეცდომით არის დაბადებული ქალად. სკოლაშიც და უბანშიც ბავშვობიდანვე ჩხუბისთავი იყო და ძალიან ხშირად უწევდა ბებიას მის გამო საყვედურების მოსმენა. მართალია, შემდგომ მკაცრ დამსჯელობით ზომებს იღებდა ურჩი შვილის მოსათვინიერებლად, მაგრამ ბაიას გამოსწორება ვერა და ვერ მოხერხდა. ამჟამად კი ოცდაათი წლის ბრძანდება ქალბატონი და დღემდე ისევ ისეთი ახტაჯინა, ქაჯი და მოუსვენარია. დღემდე გასათხოვარიცაა, რადგან ვერავინ უბედავს სიყვარულზე და საკუთარ გრძნობებზე საუბარს. არა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან, ძალიან ლამაზი ქალია. თანაც, კარგი და შეძლებული ოჯახის შვილი: ბებია აღიარებული კარდიოლოგია მთელს ქალაქში, ბაბუა კი საუკეთესო ქირურგი.
ბევრი ბიჭი ყავს ნაცემი ჩემს გიჟმაჟუნა დეიდას. ზოგიერთი მხოლოდ იმის გამო, რომ მათი მზერა არ მოსწონებია, რაღაც ძალიან "ჩათლახურად" მიმზერ და დარწმუნებული ვარ კარგი აზრები არ გიტრიალებს მაგ უტვინო თავშიო.
ჩემს გამოც უცემია ხშირად ბავშვები... ხო მართლა, იმის თქმა სულ გადამავიწყდა, რომ მთავარი უცნაურობა აქ მე ვარ_ჰეტეროქტომიით დავიბადე. თუ დეიდაჩემს დავუჯერებთ, ყველაზე ლამაზი დაავადებაა ეს და ამისი არც უნდა მრცხვენოდეს და არც უნდა ვკომპლექსდებოდე. პიგმენტი მელანინის ნაკლებობის გამო ერთი თვალი ცისფერი მაქვს, მეორე კი თაფლისფერი. ამ ფაქტს ახლა ისიც დაემატა, რომ დედამ მიმაგდო წუნკალი ძაღლივით და ხშირად მიწევდა ამის გამო ბავშვებისგან დაცინვის და დამცირების ატანა. ვაღიარებ, ერთხელ სუიციდამდეც კი მიმიყვანეს, მაგრამ ბაია იყო ყველგან და ყოველთვის ჩემი გადამრჩენელი. მან მასწავლა, რომ საკუთარი თავი ისეთი უნდა მიმეღო და მყვარებოდა, როგორიც უფალმა შემქმნა. მან დამარწმუნა იმაში, რომ ჩემი უცნაური და ლამაზი დაავადების გამო არავისზე ნაკლები არ ვიყავი. პირიქით, ძალიან ლამაზიც კი ვიყავი და მიხდებოდა კიდეც სხვადასხვა ფერის თვალები...
დეიდაჩემი დღემდე სუპერგმირი ქალია ჩემთვის. მართალია, სანამ პატარები ვიყავით, მთხოვდა, მთხოვდა კი არა, მოითხოვდა, რომ დეიდა დამეძახა მისთვის, რადგან ეამაყებოდა პატარა დეიდობა, მაგრამ ახლა აღარ მოსწონს ეს მიმართვა. სერიოზულად მიშლის, ნუ მაბერებ გასათხოვარ გოგოსო. გამოგიტყდებით და მისი გაბრაზება ძალიან მსიამოვნებს. ხანდახან ჯიბრით ვეძახი დეიდას... არა და დებივით დავიზარდენით და დად უფრო აღვიქვამ ვიდრე დედაჩემის დად.
სკოლა რომ დაამთავრა, ბებია ბევრს ეხვეწა, სამედიცინოზე ჩააბარე, ოჯახის ტრადიცია გააგრძელეო, მაგრამ ბაიამ გამომძიებლობა ირჩია. თავი გაიკლა და თავისი გაიტანა. ახლა კი უკვე საკუთარი ოფისი აქვს და კერძო დეტექტივადაც მუშაობს. რომ ვთქვა, მთლად საუკეთესოა-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ კარგი დეტექტივი კი ნამდვილად არის. მრავალი გახსნილი საქმე დევს უკვე მის თაროზე როგორც ამას თვითონ ამბობს სიამაყით.
რაც შემეხება მე, არ ვაწყენინე საყვარელ ბებიას, სამედიცინოზე ჩავაბარე და შვიდწლიანი დამქანცველი და რთული სწავლების შემდეგ ახალბედა პედიატრი ვარ უკვე და ბებიასთან ვმუშაობ ავერსის კლინიკაში.
**********************
იმ დღეს კი, როგორც იქნა, დამიყოლია და ნავსი გამატეხინა შიომ, ბაიას კლასელმა, რომელთანაც დეიდაჩემს პირველი კლასიდანვე აკავშირებდა მეგობრობა და ერთმანეთს ძმაკაცებს უწოდებდნენ. მართალია, მუდამ ჩხუბობდნენ და კინკლაობდნენ, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ, რადგანაც უერთმანეთოდ ვერ ძლებდნებ აშკარად. "მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო," ზუსტად ამათზე იყო ზედგამოჭრილი.
ხო, მართლა, ისევ ჩემი ნავსის გატეხას დავუბრუნდები: ბევრი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ მე, ბაია და შიო ბარში წავედით და ჩემი სამსახურის დაწყება იქ ავღნიშნეთ. კაი, შიო ბიჭი იყო, (არც ბაიას ვთვლიდი ქალად), და ლუდით დათვრნენ, მაგრამ მე რამ გამაგიჟა ამხელა მომავალი პედიატრი ქალი, არ ვიცი. რატო გავსულელდი და რატო დავცეცხლე მათთან ერთად, ნამდვილად ვერ ვხვდები. თანაც, ცხოვრებაში პირველად... პირველივე კათხამ მომკიდა ბახუსი. სხეული მომითენთა და გონებაც დამიბინდა. მაგრამ რომ გეკითხათ, გონებაც კარგად მიჭრიდა და არც ფეხი მერეოდა. ეგ კი არა და მერე და მერე თვითონვე მოვითხოვდი უკვე სასმელს. ლუდთან ერთად სამი ჭიქა არაყიც კი ვყლურწე და როგორც შიო იტყოდა, გადამიტრიალდა კიდეც მოხარშული თევზივით თვალები.
იმ დღეს პირველად შევნიშნე ბაიას უგუნებობა. მართალია, ლუდსაც სვამდა და მხიარულობდა კიდეც, მაგრამ აშკარად ემჩნეოდა, რომ ნაძალადევი იყო მისი ესოდენ მხიარულება. ყველა სიტყვაზე ეკიდებოდა შიოს და ყველაფერზე ებუზღუნებოდა. არც ერთ სიტყვას არ უთმობდა. თან, ისეთი თვალებით უმზერდა, ალბათ რომ მიეშვათ, თავპირს ჩამოახოკავდა. ნუ, ეხლა, შეიძლება ეს ჩემი სიმთვრალის გამოც იყო, რომ მეჩვენებოდა და რაღაცას ვაზვიადებდი, მაგრამ ასეთი წარმოდგენა კი დამრჩა. არა და, ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო შიო. მშრომელი, ზრდილობიანი, პატიოსანი და რასაც ყველაზე მეტად ვაფასებდი მასში, იუმორის გრძნობით იყო დაჯილდოვებული. ხან ისეთ რამეს წამოაყრანტალებდა, მთელი დღე მყოფნიდა საცინლად. არც შეხედულებით დაიწუნებოდა: ქერა და ამავე დროს საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო. დარწმუნებული ვარ, მრავალი ქალის ოცნებაც იქნებოდა, მაგრამ თვითონ არავინ უყვარდა და არც აპირებდა ჯერჯერობით დანიშვნას. სულ იმას ამბობდა, ცოლს მოვაშლევინებ ახლა ნერვებსო...
შიოს ერთადერთი მინუსი მხოლოდ და მხოლოდ უსწავლელობა იყო. სწავლა არ უყვარდა და კლასიდან კლასში ძლივს "დაათრევდნენ" მასწავლებლები. მამამისი კალატოზი იყო და სკოლა რომ დაამთავრა, გვერდით მოიყენა შვილი და თავისთან დააწყებინა მუშაობა. მართალია, შრომატევად საქმიანობას ეწეოდა ეს სიმპატიური ბიჭი, მაგრამ სამაგიეროდ არასდროს უჩიოდა უფულობას...
_აუ, მე მეტი აღარ მინდა რაა._როგორც იქნა ვიუარე, როცა ერთი სავსე კათხა კიდევ გადმომიდგა შიომ._მგონი დავთვერი უკვე და დილით პახმელიაზე როგორ გამოვცხადდე სამსახურში? თანაც, პირველივე დღეს?
_ეს ერთიც ჯიგარო, და გპირდები, მეტს აღარ დაგაძალებ._ისე ალალად და გულწრფელად შემომღიმა, უარი ვეღარ ვუთხარი და ცივ ლუდს სიამოვნებითაც კი დავეწაფე._კიდევ კარგი შვილები არ მყავს და არ მომიწევს შენთან მათი მოყვანა._ბოლოს გულღიად გამიცინა, ნახევრამდე გამოცლილი კათხა ხმაურით დადგა მაგიდაზე და ისე მომაჩერდა გამომცდელად.
_ჩვენი მარიშკა გადახევებული მთვრალიც რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, არაფერი შეეშლება, მითუმეტეს, თუ ბავშვებს ეხება საქმე._როგორც ყოველთვის ჩემი დაცვის მხარეს გამოვიდა დეიდაჩემი და ძმაკაცს ამრეზით შეხედა, რომელმაც წითელი კიბორჩხალა ოტატურად დაშალა. მერე რბილი ნაწილი გამოაცალა და სიამოვნებით იტაკა პირში.
_ფუუ, რა საზიზღრულად გამოიყურება!_ცხვირი აიბზუა ბაიამ._ნეტა, რა გაჭმევს ამნაირ საზიზღრობებს?
_შენ გემო უნდა ნახო როგორი საზიზღრულია._გაეღიმა ბიჭს.
_მერე და შე კაი ადამიანო, რა თავს იკლავ?_დეიდაჩემმა ცხვირწინ ააცალა თეფში და მგონი გადაგდება დაუპირა.
_რას შვრები გადარეულო?_"აღშფოთდა" შიო, თან შეეშინდა, მართლა არ გადამიგდოსო და თეფშს დაეჯაჯგურა._ დელიკატესია. ლუდზე მისწრებაა._თეფში დაიბრუნა თუ არა, ისევ წინ დაიდგა._თუმცა, აბა შენ რა გელაპარაკო, რა გესმის გემოვნებისა?
_მაგით რისი თქმა გინდა, რომ მე უგემოვნო ვარ?_ მაშინვე "ჟეშტები მოიკიდა" ბაიამ.
_აბა, მე ვერავინ დამწამებს უგემოვნობას..._არ დაუთმო ძმაკაცმაც._მე რომ გემოვნება მაქვს, ნურავინ დაიკვეხნის იმნაირ გემოვნებას.
_ვაი, უბედურო ჩემო თავო, რატო ხარ ცოცხალი, რომ ეს "ქაფჩით შეღონებული" გასწავლის გემოვნებას? ეს გემოვნება დაქვეითებული ესა. "ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო", ხო და რა იცი შენ გემოვნებისა?
მართალია, ესენი ყოველთვის ასე ჩხუბობდნენ და კინკლაობდნენ და მიჩვეული ვიყავი კიდეც, მუდამ მათ გაშველება-შერიგებაში ვიყავი, მაგრამ მაინც შევშფოთდი. შიშით შევხედე ყარაჩოღელ დეიდაჩემს, რომელიც საეჭვოდ ატრიალებდა ლუდის კათხას ხელში. სჩვეოდა მასეთი რაღაცეები, ყოველთვის იბრიყვებდა ამ მშვენიერ ბიჭს. ერთი რომ ედრუზა თავში ამ საცოდავისთვის, ჭირადაც ეყოფოდა და ლხინადაც. დაძაბული ვიჯექი და ისე შევყურებდი ორივეს, თავდასხმის სიტუაციაში მზადყოფნაში ვიყავი, რომ გამეშველებინა. ზოგადად გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო, მაგრამ იმ მომენტში მაგაზე სულაც არ ვფიქრობდი.
_მართლაც, "ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია?."_კიბორჩხალას საკვებად ვარგისი ნაჭერი ორი თითით ფაქიზად ამოაცალა შიომ და სიამოვნებით იტაკა პირში._იფ, იფ, რა გემრიელია._თან თვალები მილულა სიამოვნებისგან.
_ვირიც გამომიყვანე?_ფეხზე წამოხტა ბაია._შე მართლა ვირო, შენა!_კათხაში დარჩენილი ლუდი სახეში შეასხა. მერე მე მომიბრუნდა._მე ამის ნერვი ნამდვილად არ მაქვს, მივდივარ და უთხარი, რომ მთვრალი აღარსად გაწანწალოს, ტაქსი დაგიჭიროს და პირდაპირ სახლში მოგიყვანოს!_არც კი დალოდებია ჩემს პასუხს მინდოდა თუ არა მის ძმაკაცთან ერთად ბარში დარჩენა.
სანამ მოთენთილი სხეული სკამიდან წამოვზიდე და წამოვდექი, ბაიამ უკანმოუხედავად გადაჭრა ბარი და უკვე გარეთ იყო გასული.
_მოიცა, დაჯექი,_შიომ ხელზე წამატანა ხელი და ისევ სკამზე დამსვა._ მე და შენ ვილაპარაკოთ... ეგ ხომ იცი მასეთი ფხუკიანია? ნახევარ საათში გაუვლის სიბრაზე და ისევ მოცუნცულდება. თუ გინდა სანაძლეოსაც დაგიდებ.
კიდევ კარგი, რომ არ დამენიძლავა, თორემ წააგებდა, ბაია რომ წავიდა, უკან აღარც დაბრუნებულა. ცოტა ხნით კიდევ დავრჩით ბარში, თითო კათხაც დავლიეთ და მერე მართლაც ტაქსით მიმაცილა სახლამდე.
_რა ბზიკმა უკბინა დეიდაშენს?_სანამ მანქანიდან გადავიდოდი გამიბედა და მაინც მკითხა შიომ._ ზოგადად, კი მასეთია ყოველთვის, მაგრამ დღეს რაღაც ნამეტანი ყიყინებდა ყელში. რა სჭირს ხომ არ იცი?
უაზროდ ავიჩეჩე მხრები. გამოდის, მარტო მე არ მომჩვენებია მისი უგუნებობა. მადლობა მოვუხადე მოცილებისთვის და ძლივს გადავზიდე მოთენთილი სხეული მანქანიდან.
კიდევ კარგი ბებია ცვლაში იყო და ასე გამომთვრალი ვერ მნახა. ბაბუა კი სახლში იყო, მაგრამ ისეთი ინტერესით მისჩერებოდა კედელზე დაკიდულ უშველებელ ტელევიზორს, რომ მხოლოდ წამიერად გამომხედა, ღიმილით მომესალმა და ისევ განაგრძო საინფორმაციო გამოშვების ყურება. ჩემს ოთახში რომ შევრაცრაცდი, გზადაგზა დავიხადე ფეხსაცმელები, ჩანთაც დაუდევრად მივაგდე და გულაღმა გადავვარდი ჩემს საწოლზე. ამ მოძრაობაზე ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით დატრიალდა ყველაფერი, რომ კუჭი ამომაწვა ყელში. თვალების მაგრად მოხუჭვით შევძელი და შევიკავე ღებინება. ფართოდ დაფჩენილი პირით დავიწყე სასაცილოდ სუნთქვა, რომ იქნებ ცოტა გადაევლო და არ შემერცხვინა თავი. გავიგე, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა, მაგრამ თვალების გახელა მაინც ვერ შევძელი. ასე მეგონა, თვალების გახელა და ჩანჩქეროს მღერა ერთი იქნებოდა.
_მარიშკა, გოგო, რა გჭირს?_შეშფოთებული ბაია რომ მომვარდა, ძლივს გავაგებინე ჩემი საცოდავი ლუღლუღით, რომ ხელი არ მახლო და არ შემანჯღრიო-მეთქი.
მართლაც არ შემხებია. თავი კი მანება, მაგრამ მალევე დაბრუნდა. შუბლზე სიცივე რომ ვიგრძენი, მესიამოვნა. ალბათ, პირსაწმენდი დაასველა და ის დამადო.
_თუ გული გერევა, გადმობრუნდი, ტაშტი მოგიტანე...
წინადადება დამთავრებული არ ქონდა, რომ მართლაც გადმოვბრუნდი და იმდენი ვაღებინე, მგონი დედის ხსენიც კი არ შემრჩა. მერე, ცივი წყლით მომაბანინა სახე და ცოტა მეშველა. თუმცა, ოთახი ისევ ისე ტრიალებდა თავბრუდამხვევი სისწრაფით.
_აუ, ბოდიში რაა, არ მინდოდა... მრცხვენია... გეფიცები, ცხოვრებაში სასმელისკენ აღარ გავიხედები... მეტს აღარ დავლევ._პატარა ბავშვივით დაბალი ხმით ავზლუქუნდი, რომ ბაბუას არ გაეგო.
_კარგი, რა გატირებს?_ჩემს დამშვიდებას შეეცადა ბაია. საწოლზე გვერდით ჩამომიჯდა და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი._ასეთი რამ ვის არ მოსვლია?
_შენ, მაგალითად... მრცხვენია... საზიზღარი ვარ._უფრო ვუმატე ტირილს.
_შენ რა იცი, რომ არ მომსვლია?_ეშმაკურად ჩაეცინა._ერთხელ, შიო ისე გადავბრიზგე, დღემდე ჩემი კუჭის ნარჩენების სუნს ვგრძნობ როცა მის გვერდით ვარ.
გაოცებულმა გავაჭყიტე თვალები და ინტერესით შევხედე, მატყუებდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, თუ მართალს მეუბნებოდა.
_ერთი თვე მრცხვენოდა, თვალს ვეღარ ვუსწორებდი და ყოველთვის თავს ვარიდებდი მასთან შეხვედრას, მაგრამ ჩვენი შეხვედრების ინიციატორი ისევ თვითონ იყო. იმდენი, იმდენი, რომ ბოლოს დამავიწყა კიდეც ეს ინციდენტი.
წარმოვიდგინე ბაიასგან შელამაზებული შიო და ისევ წამომაზიდა, თუმცა წყლის მეტი აღარაფერი ამომსვლია კუჭიდან.
_რამ დამალევინა ნეტა ამდენი?_ისევ ავწუწუნდი.
_არაუშავს გოგო, რა იყო, პირველ ჯერზე ყოველთვის ასე იცის, მერე და მერე კი მიეჩვევი...
_პირველიც ეს იქნება და უკანასკნელიც!_მტკიცედ და გადაწყვეტილად რომ ვუთხარი, სევდიანად ჩაეღიმა.
_რას ლაპარაკობ? ხანდისხან საჭიროა სიმთვრალეც. აბა, ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურა ამ სამყაროს.
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

მოუთმენლად ველი

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი თამარი
მოუთმენლად ველი

❤️❤️❤️ არ გალოდინებთ და ყოველ დღე ავტვირთავ
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი Masho

აკლდა აქაურობას გამართული, აზრიანი ნაწერი და როგორც იქნა!! მოუთმენლად ველი ახალ თავს, ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები ♥️

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი Masho
აკლდა აქაურობას გამართული, აზრიანი ნაწერი და როგორც იქნა!! მოუთმენლად ველი ახალ თავს, ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები ♥️

გაიხარეთ, დიდი მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი Მ ციალა

Მომწონს მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent