შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (6 თავი)


18-07-2021, 22:43
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 2 027

ბაიამ თავი გაინთავისუფლა თუ არა, მაშინვე დაფრთხა და კიბეებისკენ გაიქცა. შიოც აპირებდა გაკიდებას, მაგრამ იქ მყოფებს რომ მოვავლე თვალი და ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა, შემრცხვა. უფასო სანახაობას აწყობდნენ და ამიტომ შევაჩერე.
_გაუშვი, ხომ ხედავ გადარეულია, მაინც ვერაფერს შეასმენ. დილით მე დაველაპარაკები.
_მართალი ხარ, ჩემი სიტყვები მაინც ელეთმელეთად ედება._რატომღაც მალევე დამიჯერა.
დივანზე მოწყვეტით რომ დაეშვა, ამ საცოდავმა ისეთი ხმები გამოსცა, ვიფიქრე, მარტივ მამრავლებად დაიშალა-მეთქი.
_მაინც რა მოსწონს იმ პიდარასტისა, ჩემამდე არ დადის?_უჩას მისამართით მადიანად და თანაც მოურიდებლად შეიკურთხა. ასე არასდროს სჩვეოდა, მაგრამ ახლა ისე იყო გამწარებული, ვეღარ აზროვნებდა რას ამბობდა.
_შენ რატო არ მოგწონს ვითომ?_გამიკვირდა._ზრდილობიანია, კარგად გაზრდილი და აღზრდილი. მცოდნეც არის, თითქმის ყველაფერი იცის. ყველა სფეროში გათვითცნობიერებულია, ფულიანია, სიმპატიურიცაა... ზედმეტად იდეალურია...
_სწორად აღნიშნე, ზედმეტად იდეალურია. ასეთი კაცები ბუნებაში არ იბადებიან. აფერისტია ვიღაც! აშკარად ეტყობა, ბევრი ოპერაცია აქვს გაკეთებული: ტუჩი, ცხვირი, ღაწვები...
_შენ ახლა მაგას შური გალაპარაკებს?_გამეღიმა.
_შური რა შუაშია? მე რეალობას ვლაპარაკობ. იდეალური კაცები არ არსებობენ. ძალიანაც ბევრს ეძებთ ქალები ასეთ მამაკაცებს და ჩვენ, კაცებსაც გვინდა რომ ასეთები ვიყოთ. თავიც მოგვაქ იდეალურებად, მაგრამ სულ ტყუილია. რაც არ უნდა კარგი იყოს კაცი, რაღაც მაინც აქვს მინუსი. იმ პიდარასტს კი ვერ ვუპოვე ვერაფერი. თამაშობს, თავი იმად მოაქვს, რაც სინამდვილეში არ არის. რაღაცაში აწყობს ამის თამაში და თამაშობს კიდეც.
_ვითომ რაში აწყობს ამის თამაში?_გამიკვირდა._ფულიანი და სიმპატიურია, ნებისმიერ ქალს მოხიბლავს აქეთ. ვითომ რაში სჭირდება ჩემი ფხუკიანი დეიდა?_გამეღიმა._ზედმეტად მშვიდი ნერვები აქვს და მის ასაწეწად?
_არ ვიცი, ამ ამბავს კარგი სუნი არ ასდის. გული ცუდს მიგრძნობს. მე შიო არ ვიყო, თუ სიმართლე არ გავარკვიო._დაიქადნა._იმ პიდარასტის გამო ბაიას თვალზე ცრემლი რომ შევნიშნო, შემომაკვდება!_ეს ისე სერიოზულად და დამაჯერებლად თქვა, რომ გამაკანკალა. აშკარად ეტყობოდა, გულგრილი არ იყო იმ გადარეულის მიმართ, მაგრამ ის გადარეული რომ ულმობლად ექცეოდა, ეს იყო აღმაშფოთებელი და გასაგიჟებელი.
ისევ წამოდგა ფეხზე და მეც მანიშნა, რომ ავმდგარიყავი.
_კარგი, წავიდეთ ახლა და დავიძინოთ, დანარჩენი კი ხვალ ვილაპარაკოთ.
წინააღმდეგი არ წავსულვარ. მეორე სართულზე ერთად ავედით და იქ გაიყო ჩვენი გზები: ის თავის ნომერში შევიდა, მე კი ჩემსაში.
ბაიას აშკარად ეღვიძა, მაგრამ თავი მოიმძინარა. იცოდა, რომ გემოზე შევამკობდი დღევანდელი ამბის გამო და კედლისკენ გადაბრუნებული დამხვდა. რამდენჯერმე შევეხმიანე კიდეც, მაგრამ ხმა არ გაუცია. გადავწყვიტე, დილით გამომელანძღა გემოზე თავისი ხუშტურების გამო და მეც დავწექი, თუმცა ვერ დავიძინე. კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. სხვათაშორის ბაიაც წრიალებდა, მაგრამ რომ ვეხმიანებოდი, ხმას არ მცემდა. მაგას რა აშფოთებდა დანამდვილებით არვიცი, მაგრამ მე კი შიო მეცოდებოდა და ამ კუდაბზიკაზე ვბრაზობდი. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, გავასილაქებდი.
შუაღამე გადასული იყო ძილმა რომ წამართვა თავი და ჩამეძინა. დილით კი ისეთ დროს წამოვხტი ფეთიანივით, მზე კარგად იყო ამოწვერილი. მაშინვე ბაიას საწოლს გავხედე, რომელიც აკურატულად იყო გადასწორებული.
_ისევ გამასწრო?_სიმწრისგან ტუჩები ისე ძლიერად მოვიკვნიტე, რომ ტკივილმა შემაყვირა.
სასწრაფო წესით გადავიცვი ტანსაცმელი და ისე, რომ ჩემი საწოლიც კი არ ამილაგებია, ნომრიდან გავედი. გზად შიოს მივუკაკუნე კარზე, მაგრამ არც ის დამიხვდა იქ. ფოიეში რომ ჩამოვედი იქ შევნიშნე აღშფოთებული და გაცეცხლებული.
_რა ხდება?_ელდა მეცა. თუმცა, გუმანით კი მივხვდი მისი აღშფოთება რასაც უკავშირდებოდა.
_ბაია ისევ იმ ახვართან ერთად სეირნობს სანაპიროზე. მზის ამოსვლით ტკბებიან. ისედაც კი ჯიქი იყო და არავის სიტყვას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ახლა ნამეტანი გაუხეშდა და გაველურდა.
_დამშვიდდი, "შენ თუ არ მოუფრთხილდი შენს ნერვებს, მე სულ ცალ ფეხზე არ ?", მგონი შენი სიტყვებია._შევღიმე და ხელკავი გამოვდე._წამოდი ჩვენც გავისეირნოდ სანაპიროზე.
არ გამძალიანებია, დამჯერი ბავშვივით გამომყვა გვერდით ეს მთასავით კაცი.
_ისე, რაც თავი მახსოვს, შენ და დეიდაჩემი სულ ასე კინკლაობთ. ერთი თხა და მეორე უარესი. რა გაქვთ ამდენი გასაყოფი?_შეფარვით დავიწყე გამოკითხვა.
_სხვადასხვა აზრების და იდეოლოგიის მატარებლები ვართ. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრებები არ ემთხვევა ერმანეთს, თუმცა მაინც გვესმის ერთმანეთის... უფრო სწორად, გვესმოდა, ახლა ასე მგონია სხვადასხვა ენაზეც კი ვლაპარაკობთ... მართლა არ მომწონს ის უჩაა თუ ვიღაც ჯანდაბა. ვუშლი იმ ქალბატონს მასთან გავლას და ის კიდევ ჯიბრით იქცევა თითქოს... არა და მამაშენს და ბებიაშენს რა პასუხი გავცე, მას რომ რამე შარი შეემთხვას?
_მხოლოდ და მხოლოდ მაგის გამო ნერვიულობ და მაგიტომ უშლი უჩასთან შეხვედრას?_გავჩერდი და ისე შევხედე თვალებში მკაცრი გამომცდელივით.
ამ კითხვამ აშკარად დააბნია. ერთ ადგილზე აწრიალდა. ჩემს მზერას ვეღარ გაუძლო და ზღვას გახედა.
_ადამიანი რომ გენდობა, უფლება არ გაქვს ეს ნდობა დაუკარგო. მამაშენიც და ბებიაშენიც მენდნენ და ჩამაბარეს თქვენი თავი. თქვენს თავზე ერთი ღერი თმაც რომ შეირხეს, ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს._მივხვდი, რომ მთავარი მიზეზი ვერ მითხრა, არა და ყველაფერი სახეზე ეწერა. ასე ძნელია ვიტომ სიყვარულში გამოტყდომა?
_წამოდი, კაფეში დავსხდეთ. ბაიას მივწერ, რომ ისინიც იქ მოვიდნენ და ერთად ვისაუზმოთ._ისევ გამოვდე ხელკავი და ახლომდებარე კაფეში წავიყვანე.
უხმოდ მივაბიჯებდით ერთმანეთის გვერდიგვერდ. რატომღაც არ მესმოდა მათი. თუ კი უყვარდათ ერთმანეთი, რატო ვერ უტყდებოდნენ ამაში? სრცხვენოდათ, თუ აღიარება არ უნდოდათ თავიაანთი პრინციპებიდან გამომდინარე?
_შენი აზრით, დეიდაშენს მართლა უყვარს?_ლამის ჩურჩულით მკითხა შიომ და ვიგრძენი რომ დაიძაბა ჩემი პასუხის მოლოდინში.
ჭკვიანური აზრი დამებადა მოულოდნელად თავში და გამიხარდა. მაშინვე ჩემი გეგმის განხორციელებას შევუდექი.
_მე ვფიქრობ, ასაკის მატებას განიცდის. რამდენჯერმე წამოსცდა კიდეც ჩემთან, რომ გასათხოვარი არ დავრჩეო. ალბათ, პირველივე კანდიდატს გაყვება ცოლად, ვინც კი გაუბედავს და გამოუტყდება სიყვარულში.
_მართლა?_დაეჭვებულმა რომ შემომხედა, მისი წაქეზების სურვილი უფრო გამიჩნდა.
_ისეთი ქაჯია, შიშით ვერავინ უბედავს იმის თქმას, რომ უყვარს, ან მისი ცოლად შერთვა უნდა. ხო და, ვინც გაბედავს და სითამამეს გამოიჩენს, მასვე მისთხოვდება._მთელი სერიოზულობით და ასი პროცენტით დამაჯერებლად ვთქვი._ ამ კაცებისა მიკვირს, მართალია მკაცრია ქალბატონი, მაგრამ ბუა ხომ არ არის? ვითომ, რატო ვერ უნდა გაუბედონ უბრალოდ იმის თქმა მაინც, რომ მოსწონთ? ნუთუ ასე ძნელია ამის თქმა?
თვალებში არ შემიხედია, რათა თავი არ გამეყიდა, რომ მისი გრძნობების შესახებ ვხვდებოდი ყველაფერს. ვითომ, ისე, სხვათაშორის ვლაპარაკობდი ამ ყველაფერს. მაგრამ ვგრძნობდი, რომ გასუსული მისმენდა და ჩემს თითოეულ სიტყვას ზედმიწევნით იმახსოვრებდა. კაფეში ისე შევედით და ისე მივუსხედით მაგიდას, ხმა არ ამოუღია. მივხვდი, გონებაში ვარიანტებს ამუშავებდა როგორ გამოსტყდომოდა ბაიას სიყვარულში და ეს აზრი მახარებდა.ბიძგი სჭირდებოდათ ორივეს და ეს ბიძგი აუცილებლად მე ვიქნებოდი. არ მივცემდი არც ერთს იმის უფლებას, რომ სიჯიუტით დაეკარგათ ერთმანეთი. მართლა საუკეთესო წყვილი იყო. ბებია ერთხანს თუ გაუბრაზდებოდა ნაბოლარა გიჟმაჟუნას, ბოლოს მაინც შეურიგდებოდა. ან არა და, რა ჰქონდა შიოს სტალინას დასაწუნი ვითომ? დიპლომი რომ არქონდა? სამაგიეროდ უდიპლომო განსწავლული იყო. ცხოვრების ავ-კარგიც ყველაზე მეტად ესმოდა... მე მომწონდა, მართლა კარგი ვარიანტი იყო ბაიასთვის.
შუა ყავის წრუპვაში ვიყავით, ბაია და გაღიმებული უჩა რომ წამოგვადგნენ თავზე. კაცმა მოგვიბოდიშა, მეჩქარება, თორემ აუცილებლად დაგეწვეოდითო, თითქოს სულით და გულით ვეპატიჟებოდით. დროებითო დაგვემშვიდობა და მარტოები დაგვტოვა. ბაიას ამჯერად მინდვრის გვირილებისგან შექმნილი გვირგვინი ედგა თავზე და ისეთი სახე ქონდა, თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა. შეიძლება შიოსთვის მოეტყუებინა, მაგრამ მე ბავშვობიდან ვიცნობდი და ვხვდებოდი როდის იყო გულწრფელი და როდის ყალბი. შეყვარებული ქალის როლს თამაშობდა, თორემ ადრე თვითონვე გამომიტყდა, რომ უჩა მის გემოვნებაში არ ჯდებოდა და თან სხვა უყვარდა. ეს სხვა რომ შიო იყო, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
_იცი რა ვიფიქრე? შუა დღის მერე, ცოტა რომ გადაგრილდება და სანამ სახლში წავალთ, პარაპლანით ხომ არ გაგვესეირნა?_რიგრიგობით შევათვალიერე ჯერ შიო და მერე დეიდაჩემი, მაინტერესებდა როგორ მოეწონებოდათ ეს იდეა._ძალიან ექსტრემალური და ამავე დროს რომანტიკული ყოფილა.
_პარაპლანით? ძალიან კარგი აზრია._რაღაც ეშმაკურად ჩაეღიმა ბაიას._ჯერ კი ცხელა და ზღვაზე გავიდეთ.
_გინდათ ჩაქვში წავიდეთ?_უმალ გამოცოცხლდა შიო და სულ გადაავიწყდა მგონი წეღანდელი ეჭვიანობა და სიბრაზე._ არაჩვეულებრივი სანაპირო ზოლია იქ.
_შორია?_დავინტერესდი.
_ალბათ 20-25 კილომეტრია იქამდე.
_წავიდეთ._ბაიას მაგივრადაც დავთანხმდი გახარებული._ძალიან შორსაც არ ყოფილა. აქ ვართ ბარემ და კარგი ექსკურსია გამოგვივა.
_თქვენ წადით, მე უჩასთან ერთად ბულვარში უნდა გავიდე და არ მცალია.
უჩას ხსენებაზე ისევ წამოენთო წუთის წინ დამშვიდებული და დაშოშმანებული შიო.
_მაგ კაცს შეეშვი-მეთქი, ვერ გაიგე?_მუშტი გამეტებით დაარტყა მაგიდაზე.
_შენ ვინ ხარ, რომ რამეს მიშლი და შეზღუდვებს მიწესებ?_გაცხარდა ბაიაც.
_ვინ ვარ და შენი ოჯახის "ახლო მეგობარი" ვარ. მგონი მაქვს უფლება რამე დაგიშალო!
_ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე?
_შენმა მშობლებმა მე ჩამაბარეს შენი თავი!
_და მაგის გამო ნერვიულობ?
დავიძაბე. ვიფიქრე, ის დრო იყო, რომ შიო გამოუტყდებოდა დეიდაჩემს სიყვარულში. ბაიაც ინტერესით მიაჩერდა აღელვებულ ვაჟს.
_ხო... არ მინდა რომ ცუდი შეგემთხვეს რამე და საყვედური მითხრან...
შევატყე, რომ სულ სხვა პასუხს ელოდა ბაია, ისევე როგორც მე, მაგრამ რატომღაც ვერ გაბედა შიომ. თითქოს ამოიოხრა ბაიამ და ისე წამოდგა ფეხზე.
_ნუ გეშინია, ისეთსას არაფერს ჩავიდენ, რომ ჩემს გამო საყვედური გითხრან ჩემმა მშობლებმა._დაამშვიდა. მერე მე მომიბრუნდა._ცოტას დავისვენებ, დილით ადრე ავდექი მზისამოსვლის სანახავად და თუ არ შემაწუხებ, კარგს იზავ.
მეგონა, უკან მაინც გაეკიდებოდა შიო, მაგრამ ამჯერადაც შევცდი. სხვა ყველაფერში ვაჟკაცური და უშიშარი იყო და ბაიას წინაშე თავის გრძნობების გამხელის ძალიან ეშინოდა.
დეიდაჩემის წასვლის შემდეგ კიდევ კარგა ხანს დავრჩით კაფეში. მართალია აღარც ვსვამდით, აღარც ვჭამდით, არც ვლაპარაკობდით, მაგრამ მაინც იქ ვისხედით. შიო თავის ფიქრებში იყო ჩაძირული, ორი თითით ცარიელ ფინჯანს აწვალებდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა თავის გარშემო. მართლა ძალიან მეცოდებოდა და ვუთანაგრძნობდი. მოულოდნელად მობილურმა რომ დაურეკა, გვარიანად შეკრთა.
მორცხვად გადმომხედა. მერე ნომერს დახედა და მომიბოდიშა, უნდა გავიდეო.
ვიტრინიდან ვხედავდი როგორ გაცხარებით ელაპარაკებოდა ვიღაცას. მივხვდი, რაღაცას უმტკიცებდა, მაგრამ როგორც ეტყობოდა ის ვიღაც არ იჯერებდა ამის სიტყვებს. ტუჩების მოძრაობით რამოდენიმე სიტყვა კი გავარჩიე, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. დაახლოებიტ 10-15 წუთი ილაპარაკეს. მერე კი რომ გაუთიშა და კაფეში დაბრუნდა, პლიაჟზე გასვლა შემომთავაზა. გახარებული დავთანხმდი. ბაია იყო და თავის რომეოსთან ერთობოდა. მე და შიო კი მის გამო ვნერვიულობდით. კაფედან სასტუმროში დავბრუნდით საჭირო ნივთების ასაღებად. ბაიას ეღვიძა და დავუბარე, რომ ზღვაზე საბანაოდ მივდიოდით მე და შიო. შევთავაზე ისიც წამოსულიყო, მაგრამ უარი მტკიცა, ერთ საათში უჩა გამომივლის და მასთან ერთად უნდა წავიდეო.
_არასწორად იქცევი იცოდე.
_არაფერსაც არ ვიქცევი არასწორად.
_ვითომ? შიო ხომ გიყვარს?_პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვკითხე._მასაც უყვარხარ და რატო სტანჯავთ ერთმანეთს არ ვიცი.
_ეგ მან გითხრა რომ ვუყვარვარ?_სინანულით შემომხედა.
_არა, მაგრამ თვალებზე ეტყობა.
_ეგ ყველას მასეთი თვალებით უყურებს. თან... იამზეს კოცნიდა ჩემს ოფისში.
ამ ამბავმა კი მართლა გამაოგნა. თუმცა, გამართლება მაინც მოვუნახე საწყალ ბიჭს.
_კაცია და შენ რომ ახლოს არ იკარებ, ვინც მიიკარებს იმ ასაკოცებს. ბუნებრივი მოთხოვნილებები თავისას შვრება იცოდე.
_მართალი ხარ, მე კიდევ ქალი ვარ და ჰორმონები თავისას ითხოვენ. კომპლიმენტებს ვინც მეტყვის და ვინც ქალად მაგრძნობინებს თავს, მეც იმას ავირჩევ და იმასთან ვიქნები.
_მისი ჯიბრით ხვდები უჩას არა?_გავუბრაზდი.
_არა-მეთქი!_საკმაოდ ხმამაღლა დამყვირა და თითქმის კისრისტეხით გამომაგდო ნომრიდან._წადი, გაართე ის ვაჟბატონი, არ მოაწყინო, თორემ შენს შემცვლელსაც მალე იპოვის._თან, ისეთი სიძლიერით მომიჯახუნა კარი, ლამის ანჯამებიდან ჩამოაგდო.
გავბრაზდი და რას გავბრაზდი. თუმცა, შიგნით შებრუნება ნამდვილად აღარ მიცდია. შიოს თქმისა არ იყოს, "უკუდო ვირზე იყო შემჯდარი" ეს "უკუდო ამპარტავანი" და სანამ თავისი სურვილი არ იქნებოდა, ვერ დაელაპარაკებოდა ადამიანი. დერეფნის ბოლოს უშველებელ ხის ჩუქურთმებიან სარკეში თავი მოვიწესრიგე, სახე დავალაგე, ასე ვთქვათ, რომ შიოს არ შეეტყო სიბრაზე და კიბეზე სწრაფი ნაბიჯებით დავეშვი.
ფოიეში დამხვდა. მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე ის მკითხა, დეიდაშენს არ უნდოდა წამოსვლაო? ეძინა-მეთქი, ვიცრუე, რათა ახლა მისთვის არ წამეხდინა ისედაც წამხდარი გუნება-განწყობა და პლიაჟზე მარტო ჩვენ ორნი გავედით, სადაც ხალხმრავლობა იყო. ძლივს შევარჩიეთ შედარებით წყნარი ადგილი. გზად ნაყინებიც მივირთვით და მერე კი ზღვაში შევცურეთ. შიოს მე როგორ შევეჯიბრებოდი და ძალიან ღრმად არც შევსულვარ. ერთხანს ნაპირშივე ვიჭყუმპალავე. მერე, კი მალევე მომწყინდა რატომღაც და ნაპირზე გამოვედი. ქოლგის ქვეშ მოხერხებულად მოვკალათდი შეზლონგზე. შორიდან ვუთვალთვალებდი შიოს, მოხდენილი ძლიერი მკლაურით რომ მიაპობდა ზღვის ტალღებს. ტყუილად სწამებდა დეიდაჩემი დონჟუანობას, ბევრი გოგო ეკეკლუცებოდა, მაგრამ არავის აქცევდა ყურადღებას. იამზეს კოცნიდაო? ნეტა, ამან აკოცა, თუ იმ ზედმეტად გადაპრანჭულმა და თამამმა გოგომ? გამოდის, იმ კოცნის გამო იყო ბაია ასე გაცეცხლებული? ეჭვიანობით იყო გაგიჟებული და თვითონაც ამიტომ აეჭვიანებდა ამ საცოდავ ბიჭს?
მოულოდნელად ხმამაღალი სიცილის ხმა შემომესმა ძალიან ახლოდან და ინსტიქტურად გავიხედე იმ მიმართულებით, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა. ერთნაირ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ორი ერთნაირი, ასე დაახლოებით 17-18 წლის გოგონები დავინახე, ვიღაც ბიჭს, რომელიც პირქვე იწვა მზეზე, ცხელ მოზრდილ ქვებს ალაგებდნენ ზურგზე და ასე ირთობდნენ თავს. ერთხანს თვალმოუშორებლად მივჩერებოდი ჯერ ამ გოგონებს, გაჭრილი ვაშლივით რომ გავდნენ ერთმანეთს და განსხვავებას ვერ უპოვიდი ძალიანაც რომ მოგეწადინა. მერე, მათ საქმიანობას დავაკვირდი. გამიკვირდა, ის ბიჭი ოდნავადაც რომ არ ირხეოდა ქვების დალაგების დროს. დავიჯერო არ ეწვოდა ზურგი? ნუთუ, მოკალული ქონდა? ალბათ, იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა, რადგან მოულოდნელად გამომხედა და დამაბნია. თითქოს, ნაცნობი სახე ქონდა, თუმცა ვერ გავიხსენე სად მყავდა ნანახი.
ბიჭიც დაიბნა. ერთხანს გაოცებით მომჩერებოდა. მერე კი, მორცხვად გამიღიმა. მშვენიერი ღიმილი ქონდა და უმალ ვიცანი ფიქსატორით მკლავდაფიქსირებული ზეზვა, რომელსაც ბიულეტენი ექიმის კაბინეტში დარჩა. მაგრამ... თუ მხარი სტკიოდა, ზღვაზე რა უნდოდა? ასე მალე მოურჩა ვითომ? მგონი, ნაცნობობით შეიკერა საბუთები, ასე განთავისუფლდა სამსახურიდან და ახლა ამ მშვენიერ ტყუპებთან ერთობოდა ზღვაზე. შთაბეჭდილება წამიხდა რატომღაც. მაშინვე წამოვდექი და ისევ წყალში შევედი. მის დაჟინებულ და რაღაცნაირ კმაყოფილ მზერას მინდოდა რომ გავქცეოდი. არა და, როგორი სიმპატიური ბიჭი იყო... თუმცა, გარეგნობა ხშირად მაცდურიაო.
მალევე დავლანდე შიო, ზღვის სიღრმიდან რომ გამოდიოდა. დამინახა თუ არა, შემომღიმა. ერთხანს გვერდიგვერდ ვიცურეთ. მერე, სანამ შენ გამოხვალ, მე ცივ სასმელებს მოვიტანო და წყლიდან ავიდა. ზურგზე გაწოლილმა კარგა ხანს ვილივლივე მოქანავე ტალღებზე. მერე კი, რომ ვივარაუდე, შიო სასმელებს მოიტანდა-მეთქი, მეც გავედი, თუმცა შიო ვერსად ვნახე. არც ის ტყუპები და მატყუარა ზეზვა ჩანდნენ. ისევ შეზლონგზე წამოვწექი და ბაიას დავურეკე, სანაპიროზე ჩამოდი-მეთქი, სასტიკი უარი მტკიცა, არ მცალიაო. თუმცა არ უთქვია რას აკეთებდა და მალევე გამითიშა. სულ მალე კი ჩემსკენ მომავალი შიოც დავინახე. ჯერ მე მიღიმოდა, მაგრამ მერე მზერა ჩემს უკან მდგომზე გადაიტანა და გაოცებულმა შესძახა კიდეც.
_ვაა, ზოსიმე? შენ აქ საიდან?
ზოსიმეო? ტვინი სრული დატვირთვით ავამუშავე, მაინტერესებდა საიდან მეცნობოდა ეს უცნაური სახელი. თუმცა, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, მალევე გამახსენდა "კატოკ დამფრთხალი ახალბედა". თვალწინ ნათლადაც კი დამიდგა მაშინდელი სურათი: ვერცხლისფერ საღებავში ზურგით გაცურებული სახეშეღებილი ბიჭი და გამეღიმა. მაშინვე არ შევბრუნებულვარ, მაგრამ ერთი სული კი მქონდა დამენახა ის ხიფათიანი ბიჭი. შიოს ჩემთვის განკუთვნილი სასმელი ჩამოვართვი, მადლობა მოვუხადე და გზა დავუთმე ზოსიმემდე მისასვლელად.
_შენი ამოვარდნილი მხრის პატრონი ზღვაზე ცურვას ბედავ?_გაიოცა შიომ და ინტერესის გამო მეც შევბრუნდი.
შევბრუნდი და ზეზვას თვალებსაც წავაწყდი, რომელიც მორცხვი ღიმილით მომჩერებოდა.
გამოდის, ზოსიმე და ზეზვა ერთი და იგივე პიროვნება იყო?
_მხარი აღარ გტკივა?_ისევ დაინტერესდა შიო და ბიჭს ენერგიულად ჩამოართვა ხელი.
_როგორ არა, ფრთხილად, ისევ არ ამომიგდო._მარცხენა ხელის მხარზე დაჭერით ალბათ ტკივილის შემსუბუქება შეძლო ბიჭმა._ნინის და თაკოს გამოვყევი, ხომ იცი ამათი ამბავი, ვერაფერს შეასმენ.
_შენი დებიც აქ არიან?_გაუხარდა და თან გაუკვირდა შიოს._დიდი ხანია აქ ხართ?
_არა, დღეს მოვედით. ერთი კვირით აპირებენ დარჩენას. არა და უკვე მომწყინდა._ისევ გაიღიმა ზოსიმე-ზეზვამ და შეფარვით შემათვალიერა.
_აა, ხო, ეს ჩემი მეგობარია, მარიშკა._ბიჭს დაინტერესების მიზეზი რომ შეატყო, ეშმაკური ღიმილით გააცნო ჩემი თავი._ეს კი, ჩემი მეგობარია, ოღონდ სამსახურისა. ზეზვა ქვია, მაგრამ ყველა ზოსიმეს ვეძახით. ნეკრესივითაა, შენ რაც გინდა ის დაუძახე._შემომღიმა შიომ.
გამოწვდილ მის მარჯვენას ჩემი ხელი რომ შევაგებე, ფრთხილად ჩამოვართვი, რათა ამოვარდნილი მხარი არ მეტკინა მისთვის. თან, თვალებში შევხედე და რაღაც სასიამოვნო განცდა დამეუფლა რატომღაც. გულიც საამოდ ამიძგერდა. ლამაზი თაფლისფერი თვალები ქონდა ხშირი წამწამებით გარშემოვლებული.
_ის შენი ახტაჯინები სად არიან?_ალბათ მისი დებით დაინტერესდა შიო.
_იმათ ერთ ადგილზე გააჩერებ?_ისევ გაიღიმა ზეზვას და თვალი მომჭრა მისმა მშვენიერმა ღიმილმა._კატერით სეირნობენ... არ ვიცი სად აქვთ ამდენი ენერგია, დამღალეს უკვე.
_ჯერ სად ხარ?_გაეცინა შიოსაც._ერთ კვირაში გნახავ, როგორი დაღლილ-დაქანცულიც იქნები... მართლა, შუადღის მერე პარაპლანით ვაპირებთ გასეირნებას და თუ სურვილი ექნებათ, იქ შევხვდეთ.
_სურვილი ექნებათო? უარს რაზე ამბობენ ნეტა?
_კარგი მაშინ და იქ შევხვდებით. დროებით აბა._შიომ ხელი გადამხვია და სეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იმ მორიდებულ ბიჭს გამომარიდა._ცოტა დასვენება არც ჩვენ გვაწყენდა. მერე კი, პარაპლანით გავისეირნოთ სანამ სახლში წავალთ.
მივდიოდით და ზეზვას დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი ზურგიდან. გამოდის, ზეზვაც "ქაფჩით შეღონებული" იყო. არა და სიმპატიური ბიჭი კი იყო, ძალიან მომეწონა და მგონი ცხოვრებაში პირველად ამითრთოლა გული ამ ბიჭის ლამაზი თვალების შემოფეთებამ. რა ბედის ირონია იყო ბებიასთვის, ორივეს: მეც და მის შვილსაც უბრალო მუშები მოგვწონდა. ნუ, ეხლა, შეიძლება სერიოზულად არც ერთი არ ვფიქრობდით ჯერ, მაგრამ ფაქტია, რომ მოწონების ფაზაში ვიყავით.
სასტუმროში რომ დავბრუნდით, ბაია ნომერში არ დამიხვდა. გაბრაზებულმა დავურეკე სად ხარ-მეთქი და უჩასთანო.
_პარაპლანით რომ უნდა გაგვესეირნა?_წყალწაღებული ხავსს ჩავეჭიდე თითქოს.
_თქვენ ისეირნეთ, მე არ მცალია._მხოლოდ ეს მითხრა და გამითიშა ტელეფონი.
მე მაღიზიანებდა ამ ქალბატონის ქცევები და შიო რაღას იზავდა ვითომ? დავიჯერო, მართლა მოსწონდა უჩა? თუ, უბრალოდ შიოს დასჯა უნდოდა და სამაგიეროს გადახდა იამზეს კოცნის გამო? როგორ მეთქვა ახლა იმ წესიერი ბიჭისთვის, რომ "ქალბატონი დეტექტივი", როგორც ამას თვითონ ეძახდა, თაყვანისმცემელთან ერთად ერთობა და ჩვენ არ გამოგვყვება პარაპლანებზე-მეთქი?
პირველ რიგში აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე, ზღვის მარილიანი წყალი ჩამოვირეცხე ტანიდან. მერე, მთელი ჩემი ავლა-დიდება წამოვყარე ჩემოდნიდან. რამოდენიმე ვარიანტი შევარჩიე და მათი მოზომვა მოხდენა დავიწყე. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ მინდოდა ლამაზი და მოხდენილი ვყოფილიყავი სასეირნოდ რომ გავიდოდით. ხომ შესაძლებელი იყო ზეზვას გადავყროდი სადმე და მისთვის ვირჯებოდი ასე.
კარგა ხანს ვიტრიალე სარკის წინ. ძლივს შევარჩიე სალათისფერი ბრიჯები და შავი მაისური. მერე, თმის დავარცხნა-დაყენებას მოვანდომე თითქმის ნახევარი საათი. ბოლოს, სარკეში ინტერესით რომ შევათვალიერე საკუთარი ანარეკლი, კმაყოფილს გამეღიმა. ჩემს მცდელობას უკვალოდ არ ჩაევლო, ასე ვთქვათ, "ჩასაყლაპი გოგო" ვიყავი. ცოტა ხანში კარზეც მომიკაკუნეს. მივხვდი შიო იქნებოდა და ღიმილით გავეშურე გასაღებად.
_ოჰო!_აღფრთოვანება არ დაუმალია შიოს._რა საყვარლად გამოიყურები, პირდაპირ ჩასაყლაპი ხარ._თან, საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა, როგორც სჩვეოდა, სიყვარულით მომიჩეჩა.
გვიან შენიშნა, რომ მარტო ვიყავი ნომერში.
_შენი გადარეული დეიდა სადაა?_მალევე დაექრუშა სახე.
_უჩასთან ერთად სეირნობს._ძლივს ვაღიარე.
მეგონა, ამის გაგონებაზე გაცეცხლდებოდა და გაავდებოდა, მაგრამ რატომღაც მშვიდად მიიღო ეს ამბავი. ნუთუ, იმ ტყუპების გამოჩენით იყო მისი ეს ცვლილება გამოწვეული? ეჭვით შევხედე. ნუთუ, ბაია მართალი იყო და ჩვეულებრივი მექალთანე იყო შიოც? ალბათ, შემატყო, ეჭვით რომ ვუმზერდი და გაიოცა.
_რა ხდება?
_რავი, არაფერი._ენა დამება._წავიდეთ?
_რატომაც არა?_მკლავი მოკაკვა, რომ ხელკავი გამომედო და ისე წავედით.
მსნქანით მოგვიწია დანიშნულების ადგილამდე მისვლა. მერე, მართალია მეშინოდა, მაგრამ გამოცდილი პილოტის თანხლებით ნახევარი საათი დავყავი ჰაერში. არაჩვეულებრივი და მეტად ექსტრემალური იყო. ჯერ ის, რომ ზემოდან დავყურებდი ბათუმის პეიზაჟებს, მერე ის, რომ ჩიტივით ლაღად დავფრინავდი. სასწაულად კარგი იყო. რა იცოდა ბაიამ, რაზე თქვა უარი?
მიწაზე რომ დავეშვით და შიო იქ დამხვდა მანქანით, გამიკვირდა. თურმე, სპეციალურად ჩვენ მოგვყვებოდა, რომ იქიდან ფეხით არ მევლო.
_რაო, აბა, როგორი იყო?_ინტერესით მკითხა გაღიმებულმა._თუმცა, არ გინდა თქმა, სახეზე გაწერია ყველაფერი._ისევ მომიჩეჩა თმა._კიდევ ხომ არ გაიმეორებდი?
ყოყმანი რომ შემატყო, ადვილად მიხვდა რომ მინდოდა, მაგრამ ფულის ხარჯვას ვერიდებოდი.
_მიდი, მიდი, გადახდილია თანხა._ღიმილით რომ შემაგულიანა, მეც მეტი რაღა მინდოდა? სიამოვნებით ვიფრინე მეორე ჯერზეც.
საღამოს კი ამინდი აირია და მალე მოგვიწია სასტუმროში დაბრუნება. გული დამწყდა ზეზვა რომ ვეღარ ვნახე. არა და რამდენი ვიწვალე მის მოსაწონებლად?
სასტუმროში დაბრუნებულებს ბაია ისევ არ დაგვიხვდა იქ. დავურეკე და მალე მოვალო. ჩვენი ბარგი ჩემოდნებში ჩავალაგე. შიომ ჩაზიდა და მანქანაში ჩაალაგა. შებინდებულზე გაწვიმდა კიდეც და ფოიეში დავსხედით, იქ დავიწყეთ ბაიას ლოდინი. არ ვიცი რატომ, მაგრამ შიოს მშვიდად ეჭირა თავი. მე კი მაბრაზებდა და მაცოფებდა ამ გოგოს უპასუხისმგებლობა. სად დაეთრეოდა და რას დაწანწალებდა ამ წვიმაში? თან, იცოდა, რომ წასასვლელები ვიყავით და აგვიანებდა მოსვლას.
ზუსტად ნახევარი საათი ველოდეთ. როგორც იქნა გამოჩნდა. გამიკვირდა მარტო რომ იყო და თავისმა რომეომ არ მოაცილა. თან, ცოტა სველიც იყო. შემოვიდა თუ არა შენობაში, მაშინვე შეგვნიშნა და ჩვენსკენ გამოემართა.
_თქვენ წადით, მე აქ რაღაც საქმე მაქვს და ვრჩები, ხვალ წამოვალ.
_რაა?!
_რაო?!_მეც და შიომაც ორივემ ერთდროულად გავიოცეთ.
_რაა და, საქმე მაქვს და ვრჩები._ისე გამოგვიცხადა, ვითომც არაფერი.
_ეგ საქმე იმ პიდარასტს ხომ არ უკავშირდება?_უმალ აენთო შიო.
_რა შენი საქმეა?_არ დაუთმო ბაიამ და ისიც აიქოჩრა.
_როგორ თუ ჩემი საქმე არ არის?! მთლად შეიშალე და გადახვედი ჭკუიდან თუ რაშია შენი საქმე?! დროზე, ჩემს მანქანაში, მივდივართ უკვე!_მკაცრად დაუბრიალა თვალები და თან ფეხზე წამოდგა._მეორედ აღარ გავიმეორებ იცოდე!
_აქ რა საქმე გაქვს?_შედარებით ლმობიერად, მაგრამ მეც მკაცრად ვკითხე._შენს გარეშე არსადაც არ წავალთ იცოდე.
_მოგიწევთ, იმიტომ რომ საქმე მაქვს და ვერ წამოვალ!_მანაც საკმაოდ მკაცრად გაგვიმეორა.
_რა საქმე გაქვს?_დაინტერესდა შიო.
_პირადულია და ვერ გეტყვი._ეს ისე ამაყად გამოუცხადა, ვინ იცის რას ამბობდა. მერე ადგა და წასვლაც დააპირა.
_მოიცა!_შიომ მკლავზე წაატანა ხელი და ისე შეაჩერა._გულახდილად მითხარი, უჩას გამო გინდა აქ დარჩენა?
_რაში გაინტერესებს?_გამომცდელად შეხედა ბაიამ
_გეკითხები და მიპასუხე!_უფრო ხმას აუწია შიომ.
ერთხანს ხმისამოუღებლად მისჩერებოდნენ ერთმანეთს. თითქოს, თვალით ზომავდნენ თავიდან ფეხებამდე ერთმანეთს.
_ჩვენც დავრჩებით მაშინ და ერთად წავიდეთ, შენს გარეშე სახლში ვერ მივალ._უხერხული დუმილი ისევ მე დავარღვიე.
_მგონი, რაღაც გკითხე და პასუხს ველი.
_ვთქვათ და მასეა, მერე შენ რა?_გამომწვევად გაეჯგიმა წინ.
_მაგ კაცს შეეშვი!...
_შენ კი მე შემეშვი და დამანებე თავი!_მტკივნეული ჩქმენტით გააშვებინა ხელი და გარეთ გავარდა.
შიოც უკან მიყვა. მეც მაშინვე წამოვხტი და ორივეს გავეკიდე, თუმცა წვიმაში გასვლას მოვერიდე და შორიდან ვაკვირდებოდი გაავებულ ბაიას და გაბრაზებულ შიოს, წვიმაში რომ გარბოდნენ. შიო მალევე წამოეწია და დაიჭირა გაჯიუტებული ბაია. რას ლაპარაკობდნენ გარკვევით არ მესმოდა წვიმის შხაპუნში. არა და ხმამაღლა კი კამათობდნენ რაღაცას. მერე, მოულოდნელად, გახელებულმა შიომ მკლავებში მოიმწყვდია დეიდაჩემი და მის ტუჩებს დაეწაფა. ბაიას წინააღმდეგობა არ გაუწევია. აშკარა იყო, დიდი ხანი ელოდა ამას და ნათლად დავინახე, როგორ ჩაადნა ვაჟს მკლავებში.
გამეღიმა. მერე დარცხვენილი შევბრუნდი ფოიეში და დივანზე ჩამოვჯექი ისევ. მგონი, ვერ შემნიშნეს რომ ვუყურებდი და არც მინდოდა რომ გაეგოთ. მათი სასიყვარულო ტანდემი რომ შედგა, მათზე მეტად მგონი მე მიხარებდა გულს.
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორც იქნა მოტყდა ბაიას მგონი რქები :დდდ ძალიან კარგი იყო ბოლო ნაწილი, ახლა რა მოხდება შემდეგში ესაა ძალიანს აინტერესო, მარიშკამ აღიარა ზოსიმე რომ მოწონს ეს ამბავიც მომწონს ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
როგორც იქნა მოტყდა ბაიას მგონი რქები :დდდ ძალიან კარგი იყო ბოლო ნაწილი, ახლა რა მოხდება შემდეგში ესაა ძალიანს აინტერესო, მარიშკამ აღიარა ზოსიმე რომ მოწონს ეს ამბავიც მომწონს ❤️❤️❤️

მიხარია, რომ მოგწონთ. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო თავია

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლია
საუკეთესო თავია

მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent