პროფესია ალფონსი (8 თავი)
ნაცნობი ეზო სიამოვნებით გავიარეთ ისევ აღფრთოვანებულმა დეიდა-დისშვილმა, ოღონდ ამჯერად ზეზვას სახელოსნოსკენ არ გადაგვიხვევია და პირდაპირ მდგარ ორსართულიან სახლში შევედით. მართალია, ძვირადღირებული არაფერი იდგა სახლში, მაგრამ ყველაფერი გემოვნებით იყო შერჩეული და კომფორტზე იყო გათვლილი. მისაღებში დივანზე ჩამოვსხედით. _ისე, პირდაპირ საქმეზე რომ გადავსულიყავით?_ფეხზე წამოდგა ბაია._ჯერ ერთი, მთელი დღე არაფერი მიჭამია და მგელივით მშია და მეორე, დროში შეზღუდულები ვართ. რომ მოვასწროთ, თითოეული წუთი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. _დაჯექი, დაჯექი._ეშმაკურად შემოგვღიმა ნინიმ._გამოგიტყდებით და პიცა უკვე ღუმელშია. ცხვება. უბრალოდ, თქვენთან ერთად მისი დაგემოვნება და ტკბილი ჭუკჭუკი გვინდოდა. _მეგობრები აღნიშნავენ, რომ უგემრიელესს ვაცხობ. ხო და, დეგუსტატორად მოგიწვიეთ უფრო._თიკამ პატარა მაგიდა ჩვენს წინ მოაგორა და სავარაუდოდ სამზარეულოში გამავალი კარის მიღმა გაუჩინარდა. _ზოგადად, ტყუილები არ მიყვარს, არც მატყუარა ხალხი, მაგრამ დღეს მომიწია თქმა. მართალია ცოტა ლაითად, მაგრამ მაინც... იმედია არ მიწყენთ. _კულინარია და სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ გამომდის და მე მადლობელიც კი ვარ, რომ ცომის ზელა ამცდა._ბაიამ რომ დაუფარავად აღიარა სამზარეულოსადმი დამოკიდებულება, ნინის თითქოს გულზე მოეშვა. თიკამ ცივი კოკა-კოლა, ხილი და თეფშები გამოიტანა და პატარა მაგიდაზე დაგვილაგა. _ყავას ხომ დალევთ? _თუ არ შეწუხდები, კი._ბაიაც აშკარად შინაურულად და თამამად იქცეოდა უკვე. სხვათაშორის, მე ვმორცხვობდი და მერიდებოდა ვითომ, მაგრამ მეც შინაურულად ვგრძნობდი ამ გოგოებთან თავს. აურა ქონდათ ისეთი, რომ მიზიდავდნენ და მათთან თავს კარგად ვგრძნობდი. ყავის სმისა და პიცის დაგემოვნების ფონზე, რომელიც მართლაც საუკეთესო რამ იყო, რაც კი აქამდე გამესინჯა, ბევრი რამ შევიტყეთ ერთმანეთის შესახებ. კერძოდ ის, რომ გოგოები მეთორმეტე კლასში დადიოდნენ ჯერ ისევ და სკოლის დამთავრებისთანავე ნინი სამოდელო სფეროში აპირებდა ძალების მოსინჯვას, თაკო კი სამსახიობოზე. მამა არ ყავდათ და დედა მარტო ზრდიდათ შვილებს, რომელიც სადღეღამისო მარკეტში მუშაობდა. მართალია, რაც ზეზვამ დაიწყო მუშაობა, დედას ეხვეწებოდა, თავი დაანებე, მე შევინახავ ოჯახსო, მაგრამ ქალი უარზე იყო, ორივეს ხელფასი უფრო კარგად გაგვწვდებაო. თან, ზეზვაც ამოვარდნილი მხრის გამო ბევრს ვერ მუშაობდა. _არა, რაც მართალია, მართალია, უდავოდ ნიჭიერი და ყოჩაღი ბიჭია თქვენი ძმა. სერიოზულად ვფიქრობ, რომ აგარაკის მოწყობაზე დავასაქმო. _ბიძია ბევრს ეხვეწება, ევრიპაში წამოდი, აქ შენი ცოდნა და ნიჭი დაფასდება, სოლიდურ თანხას გადაგიხდიანო. ერთი პირობა დაითანხმა კიდეც და წასასვლელად საბუთებსსაც კი ამზადებდა, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრა. _ხოო, ემიგრანტობა სახუმარო თემა არაა._თითქოს ამოიოხრა ბაიამ._კარგად მართებს დაფიქრება, სანამ რთულ და სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებს... ისე კი, მე თუ მკითხავ, კაპიკების შოვნა ჯობია, სამშობლოს და ახლობლებს მოწყვეტილმა რომ იცხოვრო ფუფუნებაში. ჭამა ქონებაზე კიდიაო და შენც ის ჭამე, რის საყიდლადაც გაგწვდება შენი ხელფასი. კარგია კარგი ცხოვრება, მაგრამ ფუფუნებას მე კომფორტი მირჩევნია. მირჩევნია იაფფასიანი მეცვას ტანსაცმელი და კომფორტულად ვგრძნობდე მასში თავს, ვიდრე ძვირიანი და არაკომფორტული და შემაწუხებელი იყოს. _მეც სხვათაშორის._მორცხვად რომ ვაღიარე, სამივემ მე გამომხედა. ბაიამ მომიწონა, კარგი გოგო ხარ თავს რომ აწონებ ამათო. ნინის და თაკოს კი ისედაც მოვწონდი და მოვწონდი. ლაპარაკს და ერთმანეთის გაცნობას შევყევით და ამჯერადაც გვიანობამდე შემოვრჩით მათთან. რაც იქ ვიყავით, ზეზვა მართლაც არ გამოჩენილა, არა და მისი ნახვა ყველაზე მეტად მინდოდა. თუმცა, მის უნახავად მაინც არ წამოვსულვარ სახლში. ჭორაობით რომ დავიღალენით და ასე ვთქვათ, პირი ავიქაფეთ ლაპარაკით, ეზოში გამოსვლისას კარებში შევეჩეხეთ ერთმანეთს. რომ დამეგეგმა ალბათ, ასე არ მოხდებოდა. რაღაცას ველაპარაკებოდი გოგოებს, თან კარებში გამოვდიოდი და თან მათ ვუყურებდი უკან რომ მომყვებოდნენ. ხო და ლამის მთელი ძალით შევასკდი სახლში შემომავალ ზეზვას. ჯერ შევკრთი. იმიტომ, რომ არ მოველოდი არავის. მერე შემრცხვა. უფრო იმიტომ, რომ ჩემს გამო ლამის ისევ გადავარდა და მეც თან გადავყევი. ინსტიქტურად მომხვია მკლავი და წონასწორობის შენარჩუნება სცადა. არა და ისეთი ინერციით შევასკდი, ტკიპასავით ავეკარი ზედ. რაღაც სასწაულად სასიამოვნო განცდა დამეუფლა მის მკლავებში მომწყვდეულს. რომ არ შემრცხვენოდა, კიდევაც დიდხანს გავინაბებოდი და თავს მკერდზეც კი მივადებდი. ასეთი ურცხვი ფიქრები რატო მიტრიალებდა თავში, არ ვიცი, მაგრამ მსიამოვნებდა კი. იმ რამოდენიმე წამიანმა ჩახუტებამ მართლაც უდიდესი ნეტარება მომგვარა. ეგ კი არა და, შიო და ბაია გამახსენდნენ წვიმაში, მკლავებში რომ მოიმწყვდია გაკაპასებული ქალი და აკოცა. ამდენი თვითმხილველის თვალწინ მართლა სირცხვილით დავიწვებოდი მასაც რომ გაებედა კოცნა, მაგრამ უარს კი ნამდვილად არ ვიტყოდი. _დიდი ბოდიში, ვერ დაგინახე._დარცხვენილმა ავხედე და მისი მკლავებიდან განთავისუფლებას შევეცადე. თითქოს, არ უნდოდა ჩემი გაშვება. მაგრამ მუდმივადაც ხომ ვერ ვეყოლებოდი გულში ჩაკრული? ამიტომ ფრთხილად შემიშვა ხელები. სახეზე ალმურმოდებული გავვარდი გარეთ და ისე გადავჭერი ეზო, უკან აღარ მომიხედია, მომდევდა თუ არა ბაია. მხოლოდ, ჭიშკართან შევჩერდი, რათა დამწეოდა. _რა იყო, რა წიწაკაამოსმულივით გამოვარდი?_მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე დამეტაკა გაცხარებული._რას იფიქრებდნენ ის გოგოები? _რაზე რა უნდა ეფიქრად?_ვითომ ვერ მივუხვდი. _თავს ნუ ისულელებ... ზეზვა მოგწონს? ამ პირდაპირმა და მოულოდნელმა შეხვედრამ ნერწყვი გადამაცდევინა სასულეში და იმდენი ვახველე, ლამის დავიხრჩე. _რას მატყობ, რომ მომწონს?_სული რომ მოვითქვი, გავიოცე. მხოლოდ ჩაეცინა ეშმაკურად, აღარაფერი უკითხია. ალბათ, დარწმუნდა, რომ მართლაც არ ვიყავი ზეზვას მიმართ გულგრილი და როგორც მივხვდი, გაახარა ამ ამბავმა. მეორე დღესაც მქონდა სურვილი, თანაც დიდზე დიდი, რომ ისევ თაკოს ან ნინის მოეკითხებინა ჩემთვის და მათთან წავეყვანე, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. მთელი დღე პაციენტთა შემოსევა მქონდა, გვარიანად გადავიღალე და განტვირთვა მინდოდა, მაგრამ გოგოებმა არ მომაკითხეს. ბაიას დავურეკე, კაფეში დავსხდეთ-მეთქი და არ მცალიაო. შიომ, ქალაქიდან ვარ გასული და შემაგვიანდებაო. მოკლეთ, მარტო სადმე დაჯდომას, ისევ სახლში წასვლა და გამოძინება ვარჩიე. ის იყო საჭეს მივუჯექი კიდეც, რომ საიდანღაც უჩა გამომეცხადა. გულთბილად მომიკითხა ღიმილით და სადმე დაჯდომა შემომთავაზა, რადგან სერიოზული საქმე მაქვს შენთანო. ძალიანაც არ მინდოდა მასთან ერთად სადმე წასვლა და ლაპარაკი, მაგრამ მეტი გზა აღარ დამიტოვა. მანქანაში დაუპატიჟებლად ჩამიხტა და ახლომდებარე კაფის მისამართი მომცა. _რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვს?_ზრდილობის გულისთვის ვკითხე, თორემ ნამდვილას არ მადარდებდა არც თვითონ და არც მისი პრობლემები. _რავიცი რა გითხრა? შენ უფრო გეცოდინება ალბათ. ბაიას რა სჭირს?_ისეთი დაჟინებით მომაჩერდა თან, რომ დავიბენი, ავღელდი და ლამის შუქნიშანთან შეჩერებულ მანქანას დავეჯახე. _რა უნდა სჭირდეს ვითომ ბაიას?_"შევიცხადე". _ადრე, ხსირად მხვდებოდა და პაემანზე დამყვებოდა. ახლა, სხვა გამოჩნდა მის ცხოვრებაში? ამის გაგონებაზე ხომ უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. მაქსიმალურად შევეცადე, რომ უჩას არაფერი შეემჩნია და რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი. _რა გული შემიფანცქალე, მეგონა, სერიოზული რამ მოხდა. ბაია მასეთი ხასიათისაა, ხან მხიარულობს, ხან მოწყენილია და თავის თავშია ჩაკეტილი. მე ვფიქრობ, მისი ხასიათისჩამოყალიბებაში სამსახური უწყობს ხელს. ერთ-ორ დღეში გაუვლის და ისევ შეგირიგდება. ერთფეროვნება არ უყვარს. სხვა ქალებს არაფრით გავს._დავამშვიდე. _მართალი ხარ, მართლაც განსხვავებულია და სხვებს არაფრით გავს. ზუსტად ამ განსხვავებულობით მომხიბლა და მომაჯადოვა. ამ ხნის კაცი ვარ და ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა._მივხვდი, რომ გულწრფელი იყო._ეს დღეები დარეკვას ვცდილობ და არ მპასუხობს. სამსახურში ვაკითხავ და იმ წუთის გასულიაო. აშკარად თავს მარიდებს. ეჭვი მიჩნდება, რომ სხვას ხვდება. ნაძალადევი უდარდელობით გადავიკისკისე. _შენ იცინი და მე კი გულზე ვსკდები ნერვიულობით და ეჭვიანობით. მანქანა გავაჩერე და ორივენი ერთდროულად გადავედით. ჩემთვის უცნობ კაფეში შევედით და ყველაზე განაპირა მაგიდას შემოვუსხედით. დაჯდომისას ზრდილობიანად გამომიდგა უჩამ სკამი და ისე დამსვა. შეკვეთა თავისთავად მან მისცა, ოღონდ, მე მკითხა რა და როგორი მიყვარდა. _ფრაპე იყოს, მეტი არაფერი მინდა. მართალია გავაფრთხილე, მაგრამ მაინც იმდენი ტკბილეული შეუკვეთა, დამენანა იქ დასატოვებლად და გემრიელად მოვულხინე. _რამე რომ იყოს, დეიდაშენთან სიტყვას ვერ შემაწევ?_ძლივს გამიბედა შეფარვით კითხვა და ჩემი პასუხის მოლოდინში ისე დაიძაბა, მივხვდი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ბაია მისთვის. სიმართლე ვთქვა, შემეცოდა. შიოს საეჭვიანებლად იყენებდა ის ქაჯი ისა. შეაყვარა თავი და ბოლოს მოისროლა ნაგავზე. _დაველაპარაკები და შევეცდები რამე გავარკვიო. თუმცა არ მგონია, რომ ვინმე ყავდეს. შემაქო, კარგი გოგო ხარო და ლაპარაკი სხვა თემაზე გადავიტანეთ. სხვათაშორის, მისი ეს თვისებაც მომეწონა. ბაია რომ მისთვის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი იყო, რად უნდოდა ამას ბევრი ლაპარაკი? მაგრამ თავს რომ არ მაბეზრებდა და თავზე რომ არ მახვევდა თავის გასაჭირს. კიდევაც დიდი პლიუსები დაიწერა ჩემს თვალში. თუმცა, მე მაინც შიოსკენ ვიხრებოდი.არა და, არც ეს არ იყო ცუდი. გვარიანად მახალისა. მოძველებული ანეგდოტების ნაცვლად, (როგორც ეს უმრავლესობას სჩვეოდა), საკუთარ თავზე გადახდენილი კურიოზები მომიყვა და გულღიად და ხალისიანად მაკისკისა. საათნახევარი მაინც დავყავით იქ და მგონი მხოლოდ ჩემი სიცილის ხმა ისმოდა მთელს კაფეში. წამოსვლისას, კლიენტებით გადაჭედილი მაგიდების შუაში მივიკვლევდი გზას, რომ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ინსტიქტურად შევხედე. თითქოს მეცნო, თან ვერ მეცნო, ძალიან ნაცნობი სახე კი ქონდა. კარგად რომ დავაკვირდი, ლამის გული გამისკდა: ის ქალბატონი ბრძანდებოდა, ათი წლის ბავშვი ახალგაზრდა საყვარლის გამო რომ მიმატოვა და ამ წლების მანზილზე ერთხელაც აღარ დაინტერესებულა ჩემით. წამიერად გავუსწორე მის მზერას თვალი. მიხვდა, რომ ვიცანი. შევატყე, როგორ აღელდა და აფორიაქდა. გვერდით რომ ჩავუარე, არ შევჩერებულვარ. აშკარად, განმგმირავი მზერა მქონდა, რადგან სინანულით მიმზერდა და თვალები ცრემლითაც კი აევსო. ვითომ, მართლა ნანობდა ჩემს მიტოვებას? სიბრაზე და ამ ქალის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ზიზღი ვიგრძენი. გვერდით რომ ჩავუარე, არც თვითონ გამომკიდებია, მხოლოდ მზერით გამომაცილა. უჩასი და იქ მყოფი კლიენტების მომერიდა, თორემ ალბათ ღვარძლიან სიტყვებს ვეტყოდი და გულიდან ამოვიღებდი ბოღმას. მთელი ამდენი წლის დაქუჩებულ ჯავრს, რომელსაც არასდროს ვაძლევდი ამონთხევის საშუალებას, ამოვანთხევდი და დავისვენებდი. ფეხს ავუჩქარე და ისე გამოვედი გარეთ, უჩასთვის არც მიმიხედია მომყვებოდა თუ არა. ჩემს მანქანასთან რომ მივედი და კარი გავაღე, მხოლოდ მაშინ მოვინაკლისე. თურმე, არ მომყვებოდა. რატო შეაგვიანდა გამოსვლა არ ვიცი. არც ის ვიცი, აღელვებულ-აფორიაქებული რად იყო. არც ჩავძიებულვარ. რაში მაინტერესებდა მისი აფორიაქება და აღელვება, როცა მე თვითონ ვიყავი აფეთქების ზღვარზე. გონებაგაფანტული მივუჯექი საჭეს. რამდენჯერმე აღშფოთებული მძღოლების გაბმული სიგნალიც დავიმსახურე.ძლივს მივიყვანე უჩა დათქმულ მისამართზე და მე სახლში დავბრუნდი. სადარბაზოში ბაიას გადავაწყდი და ჩემი აფეთქების მიზეზიც ის გახდა. დავითრიე, მანქანაში ჩავისვი და გიჟივით გავაქროლე უმისამართოთ. არც კი მიკითხია ეცალა ჩემთვის თუ არა. არც მას უკითხია არაფერი. უბრალოდ, გაოცებული მიმზერდა და მაცდიდა, სანამ მე თვითონ არ ამოვთქვამდი რა მედო გულში. ქალაქგარეთ გავედი და მიყრუებულ ადგილზე შევჩერდით. _უთხარი, რომ ნუ დამყვება და ნუ მითვალთვალებს._მკაცრი ხმით რომ წამოვიწყე, უარესად გაოცდა. _ვის რა ვუთხრა? _ვის და შენ საკუთარ დას! არ მჭირდება მისი თვალთვალი. რას მაკონტროლებს? აქამდე არ ვადარდებდი, სანამ ბავშვი ვიყავი და დედის მზრუნველობა მჭირდებოდა. ახლა, უკვე რომ გამზარდეს მამამ, ბებიამ და ბაბუამ და შენ, ახლა გაეღვიძა სინდისი და დედობის გრძნობა. ჩემს სიახლოვეს აღარ დავინახო! ნუ გადამეყრება სადმე, თორემ ხალხის თვალწინ გამოვლანძღავ გემოზე. მე დედა არ მყავს, შეიგნოს ეს! თუ მასზე ლაპარაკს დააპირებ ჩემთან, შენც ჯანდაბამდე წასულხარ. არ დაგიშლი, იურთიერთე, მაგრამ ჩემგან რაც შეიძლება შორს! კარგახანს მომჩერებოდა უსიტყვოდ. სანამ მთლიანად არ დავიცალე ალბათ ბოღმის ამონთხევისას, არ გავჩუმებულვარ. მართლაც რომ აბობოქრებულ ზღვას ვგავდი. ვგრძნობდი, სინანულით რომ მიმზერდა. რომ გავეჩუმებინე ან რამის ახსნა-განმარტება და მტკიცება დაეწყო, ან იმ ქალთან შერიგება ეხსენებინა, უარესად გავცოფდებოდი, იცოდა და ამიტომაც დუმდა უფრო. მერე, მხრებზე მომხვია ხელი და ჩამიხუტა. _დაწყნარდი. არ ვაპირებ შენს დაკარგვას. საკუთარ სიცოცხლეზეც კი ვიტყვი უარს და შენ მაინც არ დაგთმობ. არ გინდა მასთან შეხვედრა და დალაპარაკება, ეგ შენი უფლებაა და არ ვაპირებ შენს გადარწმუნებას. ჩვენ ერთად დავიზარდენით, ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. შენი ტკივილი ჩემი ტკივილია, ამიტომ, ისე არ მოვიქცევი, რომ უარესად გატკინო გული და დაგკარგო._თავზე გადამისვა პატარა ბავშვივით ხელი და შუბლზე მაკოცა. ყველანაირად კი ვეცადე თავის შეკავებას და ცრემლების დამალვას, მაგრამ ამ ბოლო ჟესტმა ამიჩუყა გული, ისე ვისლუკუნე, ლამის გული ამოვიგდებინე. ცრემლიც თითქოს ისეთი ცხელი მქონდა, თვალის უპეებს მიწვავდა. ბაია ჩემს დამშვიდებას კი ცდილობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თვითონაც ტიროდა. ალბათ, ნახევარი საათი მაინც დავყავით ასე. მერე, ემოციებისგან სულ მთლად რომ დავიცალე და დავმშვიდდი, ბაიამ მძღოლის გვერდით ჩამსვა სავარძელში და თვითონ მიუჯდა ჩემი მანქანის საჭეს. _მეჩქარება, გადაუდებელი საქმე მაქვს, თორემ დავრჩებოდი შენთან. ახლა სახლში მე მიგიყვან. შეეცადე გამოიძინო. არ მინდა ჩემსავით შენც შვება სასმელში ეძებო და გამოთვრე. ერთ საათში დავბრუნდები და სადმე წავიდეთ. იქნებ არც დამჭირდეს მაგდენი დრო... არ გამიპროტესტებია. უხმოდ ვიმგზავრეთ სახლამდე. მერე, თავისი მანქანის საჭეს მიუჯდა და გიჟივით მოსწყდა ადგილს. მე კი, სახლში ასვლის ნაცვლად საბავშვო მოედანზე გავედი და იქ ჩამოვჯექი სკამზე. ამ საბავშვო მოედნებზე სეირნობის მოგონებები მხოლოდ და მხოლოდ მამაჩემს უკავშირდებოდა. ათ წლამდე, სანამ მიმატოვებდა ქალბატონი, არც მაშინ იწუხებდა თავს ჩემთან ერთად დროის გატარებაზე. მერე ხომ საერთოდ, წავიდა და წავიდა. გონება დავძაბე. მინდოდა უბრალო წვრილმანი მაინც გამეხსენებინა კმაყობილების და სიხარულის შეგრძნებით, მაგრამ რატომღაც ვერაფერი ვერ გავიხსენე. დავიჯერო, არაფერი გაუკეთებია იმ ქალს ჩემთვის კარგი, თუ უბრალოდ, ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა. ის სიბრაზე, რაც მისმა წასვლამ გამოიწვია ჩემში, მასზე ტკბილ მოგონებებს მიბლოკავდა და ვერაფერს ვიხსენებდი? ასე იყო თუ ისე, ფაქტი კი სახეზე იყო, ვერაფერს ვიხსენებდი. შებინდებამდე შემოვრჩი მოედანზე ფიქრებში ჩაძირული. ხანდახან თუ აღწევდა ჩემს ცნობიერებაში ბავშვების ჟრიამული, ისიც თითქოს სადღაც შორიდან და მიწყვეტავდა ფიქრის ძაფს, მაგრამ არც ისე, რომ ხელი შეეშალა და აღარ გამეგრძელებინა. ადგომა და სახლში წასვლა რომ დავაპირე, ზუსტად მაშინ წამომადგა ბაია თავზე. _შენ რა, სახლში არ ასულხარ?_გაუკვირდა. სკამს შემოუარა და გვერდით მომიჯდა._როგორ ხარ? _იცი, ვფიქრობდი, მინდოდა რამე ტკბილი მოგონება გამეხსენებინა, რაც იმ ქალბატონთან დამაკავშირებდა, მაგრამ რატომღაც ვერ გავიხსენე._დაჟინებით მივაჩერდი თვალებში._დავიჯერო, არაფერი აქვს ისეთი გაკეთებული, ერთი მაინც, რომ ტკბილად გამხსენებოდა? შენ თუ გახსენდება რამე? _რამდენიც გინდა. უბრალოდ, შენ მაშინ პატარა იყავი და მისი წასვლა დიდი დარტყმა იყო შენთვის. ამიტომაც დაგრჩა მასზე მხოლოდ ცუდი მოგონებები. თავს არ გახვევ არაფერს, მაგრამ სანამ კარგი იყო, მართლა კარგი იყო. ბევრი რამ გაუკეთებია პირადად შენთვის კარგი, მაგრამ მისმა წასვლამ სულ გააუფერულა ყველაფერი. ახლა მართლა არ დაგელაპარაკები მასზე არაფერს, შენს სურვილს პატივს ვცემ. ოდესმე, თუ მოგინდება მასზე ლაპარაკი, სიამოვნებით დაგელაპარაკები. ახლა წამოდი, შიომ დაგვპატიჟა ლუდზე, თითო კათხა არ გვაწყენდა. ოღონდ მართლაც თითო. მეც ძალიან მძიმე დღე მქონდა და განტვირთვა მოვიწყოთ. უარი არ მითქვია. დედას ადევნებული ბატკანივით გავყევი უკან. გამიკვირდა, შიო სადარბაზოს წინ რომ გველოდა მოთმინებით. მის მანქანაში ჩავსხედით და საით გაგვაქროლა, დიდადაც არ დავინტერესებულვარ. რთხელ, ბაიამ სიმართლე მითხრა, (ნუ, ეხლა, ეს ყოველთვის სიმართლეს მეუბნება.) ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურა ამ სამყაროსო და მართლაც რომ ასეა. იქნებ, მსუბუქი სიმთვრალით მაინც ადვილად გადამეტანა ყველა პრობლემა. მაშინდელივით არ გამოვთვრებოდი, იმიტომ რომ სამსახურში წასვლა შემძლებოდა დილით. _ახალი ბარი არმოვაჩინე. უკეთესი გარემოა და მგონი არ მიწყენთ, რომ შევცვალე და ტრადიციისამებრ ჩვენს ბარში არ მიგიყვანეთ. _მთავარია ცივი ლუდი და მარილიანი მიწის თხილი ქონდეთ, მე მეტი არაფერი მინდა. შენ?.. გოგო, შენ გელაპარაკები._სანამ მუჯლუგუნი არ წამკრა, მანამ ვერ გამოვერკვიე ფიქრებიდან და ვერ მივხვდი, რომ ამ სამყაროში ვიყავით. სულელურად შევღიმე ორივეს, რითიც ორივენი გავამხიარულე და მანქანიდან ისე გადავედით, მეც ღიმილი არ მომიშორებია სახიდან. გარემო მართლაც არაჩვეულებრივი იყო ამ ბარში. ცივი ლუდის კათხები რომ დაგვიეწყეს წინ, მაგარი ლოთივით დავეწაფე და ლამის ჩავანახევრე. რატოა ნეტა, რომ დარდს ალკოჰოლით შველის ყველა? მართალია, ლუდი მცირე დოზით შეიცავს ალკოჰოლს და მარტო იჭყიპები ადამიანი ამ სასმლით, მაგრამ ის დოზა ალკოჰოლიც კი ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა. ერთ კათხას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, არყის გარეშე ოღონდ და სულ ცოტათი მართლაც გამომიკეთა გუნება-განწყობა. _ბოლო დროს დეიდა-დიშვილი ვეღარ მეჩვენებით კარგ თვალზე._ცოტა რომ შევჭიკჭიკდით, ეჭვით შეგვათვალიერა რიგრიგობით მე და ბაია შიომ._ პრობლემები გაქვთ? მერე და მეგობრები რისთვის არსებობენ? მითხარით, იქნებ შემიძლია დახმარება. თუ არა და ნერვიულობაში მოგეხმარებით. სად ორი რომ ინერვიულებს და სად სამი._თავისებური ხუმრობა რომ დააწყვიტა, გამეცინა. _ხო, რა იყო?_"გაუკვირდა" აი, ეს ერთი კათხა ერთს უფრო მეტი შეხვდება თუ სამს? ნერვიულობაც ეგრეა რა, სამივემ ვინერვიულოთ და ცოტ-ცოტა შეგვხვდება. _რომ გითხრა, შეყვარებულის გამო ვნერვიულობ-მეთქი, შენც ინერვიულებ?_აკისკისდა ბაია. შეყვარებულის ხსენებაზე სახე უმალ შეეცვალა შიოს. _კი არ ვინერვიულებ, თავ-ყბას გავუერთიანებ._ისე სერიოზულად დაიქადნა, ახლა მე ავკისკისდი. _აი, ასეთი ხართ ეს ქალები, წუთის წინ თავ-პირი რომ ჩამოგტიროდათ, ახლა კისკისებთ, ვითომც არაფერი. მარტის თვესავით გიჟები და გადარეულები ხართ. _შენ როგორი ხარ ნეტა, თებერვალივით მოკლე ჭკუისა?_ჯიქურ შეანათა ბაიამ თავისი დიდრონი შავი თვალები. _მოკლე ჭკუისობას რას მატყობ, შენსავით უმაღლესი რომ არ დავამთავრე?_ცოტა ეწყინა შიოს დეიდაჩემის ნათქვამი. _მოდი, პირადი შეურაცხყოფისა და კნკლაობის გარეშე ვისიამოვნოთ ცივი ლუდით. არ მოგბეზრდათ თხა და მგელივით რომ ჭამთ ერთმანეთს? მართალია, შეყვარებულები მუდამ კინკლაობენ, მაგრამ არც მასე დაუსრულებლად. რა გაქვთ ამდენი გასაყოფი? ჩემს ნათქვამზე ბაიას ლუდი გადასცდა სასულეში და ისეთი ხველა აუტყდა, ლამის დაიხრჩო. ძლივს მოითქვა სული. _რაო რა თქვი?_ლამის ჩურჩულით მკითხა. _რაც გაიგე. ისე ნუ გიჭირავს თავი, ვითომ არაფერი ხდება თქვენს შორის. სხვა შეიძლება მოატყუოთ, მაგრამ მე ვერაფერს გამომაპარებთ._ალკოჰოლმა გამბედაობა შემმატა და სათითაოდ მოვავლე ორივეს თვალი. დეიდაჩემი აღელვებულ-აფორიაქებული მიმზერდა, შიო კი კმაყოფილი ღიმილით. _მე თქვენს კავშირს მივესალმები. უბრალოდ ის მიკვირს, დროს რაღატო კარგავთ და წელავთ? "ყოველდღე ცხოვრებას ერთი დღე აკლდება, ვინ იცის იქნებ ბოლო დღე ღამდება."_სადღაც ამოვიკითხე ეს სიტყვები და მინდა ვთქვა, რომ გულში ჩამწვდა. რომ ჩაუფიქრდეთ და ჩაუღრმავდეთ, მიხვდებით, რომ სრული სიმართლეა. რაღატო აგვიანებთ დაოჯახებას?_პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვკითხე ორივეს, ბაია უარესად დაიბნა. შიოს კი მომეტებულად გაეწელა ტუჩის კუთხეები. _ხო, მაგრამ... შენ... შენ რა იცი?_ენა დაება ბაიას. _ვიცი და მორჩა ამაზე ლაპარაკი. თქვენ ის თქვით, რატო არ ქორწინდებით? _მე, მაგალითად, სიდედრი მაშინებს._დამნაშავის იერით აღიარა შიომ._ყარაჩოღელი ქალია და მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს მცემს. არც დეიდაშენი მიყურებს კარგი თვალით. მეჯიუტება... _მერე და მე უნდა გასწავლო მისი მოთვინიერება?_გამეცინა._ერთი-ორი ტკბილი სიტყვა, რომანტიკა, ალერსი, ნაზი კოცნა... კოცნის ხსენებაზე ჭარხალივით გაწითლდა. ბაია კი აპილპილდა. _შენ რა ძალიან ბევრს ლაპარაკობ?_გამიწყრა. _დასალევად თვითონ წამომიყვანე. დავლიე და ახლა ენას ვეღარ ვიმორჩილებ, ჩემი ბრალია?_გამეცინა._თან, მთვრალი უფრო ბევრ რამეს ვამჩნევ და მესმის... _მე, მაგალითად, ფხიზელ თვალითაც კი ადვილად გამჩნევ, ზეზვას რა თვალებითაც უყურებ. ვერც შენ გამომაპარებ ვერაფერს. შეიძლება ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, უარი გამეხურებინა და გამომელანძღა ბაია, რას მიგონებ, რეები გელანდება-მეთქი, მაგრამ ბახუსმოკიდებულმა ადვილად ვაღიარე, რომ მართლაც მომწონდა ის "დაბდური" ბიჭი. _აჰა, ესე იგი ზოსიმე მოგწონს?_სახე გადაებადრა შიოს._ცუდი არჩევანი ნამდვილად არ არის, მართლა კარგი ბიჭია. ეგ არის, ორი მულის ხელში ცოდო იქნები, ერთი იქიდან გაგწეწავს და მეორე აქედან. _რატო უნდა გამწეწონ?_მეწყინა._გასაწეწი ქალი ვარ ვითომ? ამაზე ხომ მთლად გადაბჟირდა და უარესად შემიკეთა. _მული მაინც მულია, ანგელოზი რძალი რომ ყავდეს, მაინც დაუწუნებს ყველაფერს. თან, შენ რომ ორი გეყოლება? ერთმანეთისგანაც რომ ვერ გაარჩევ თან? _შენ საქმეები ჩამიწყე შენს მეგობართან და მერე შორიდან მიყურე როგორ ვერ გავარჩევ. _ეგე ქალი, ბიჭი მორცხვია და პირველ ნაბიჯს ეს დგამს. არა და ზოგზოგიერთებს გავს, ძლივს გაუბედავენ ბიჭები რამის თქმას და უარესად დააფრთხობენ და მოიშორებენ თავიდან._მივხვდი, ბაიას მისამართით რომ ჩაიდუდუნა წყენით და გამეღიმა. ბაიას რომ შევხედე, ტუჩის კუთხეებში ეტყობოდა რომ იღიმოდა, მაგრამ თავს იკავებდა. აშკარად, ამ საცოდავი ბიჭის გაბრაზება სიამოვნებას გვრიდა და ამიტომაც აბრაზებდა და ჯიბრში ედგა ყოველთვის. ალბათ, ეჭვიანობა და კინკლაობა მართლაც რომ დიდი სიყვარულის ნაწილი იყო. თუმცა ესეც ზომიერების ფარგლებში, თორემ გაუთავებელი ჩხუბი და ავადმყოფური ეჭვიანობა საშინელებაა. ბარში იმ პირობით წამოვედით, თითო კათხა უნდა დაგველია მარტო, მაგრამ ისე შევყევით, ხუთ-ხუთი კათხა გამოგვივიდა. მართლა მომეშვა სიბრაზე, ბოღმა და უგუნებობა. სულ მთლად გადამავიწყდა ის ქალბატონი, რომელიც დედა იყო ჩემი და რომელსაც ვერ ვპატიობდი ჩემს მიტოვებას. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და გვიან წამოვედით სახლში. როგორც ყოველთვის, ბაიას და შიოს საერთოდ არ ეტყობოდათ ალკოჰოლი, მე კი აშკარად მისი ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ცუდად ნამდვილად არ გავმხდარვარ. რადგან ბაიას სიტყვებით რომ ვთქვა, თრობის პირველ ხარისხს განვიცდიდი. მარტივად რომ ვთქვათ, მსუბუქად ვიყავი მთვრალი რა. ყოველთვის უნდა იცოდეს ადამიანმა ეს ოქროს შუალედი. აბა, წინა ჯერზე რა იყო, თავდაყირა ვეკიდე და თან ტრიალებდა ყველაფერი? სახლში ისევ შიომ დაგვაბრუნა მანქანით. აქამდე არ ვფიქრობდი ამაზე და მაშინ მივხვდი, რომ ქალბატონი დეტექტივის ბლატებით დადიოდა ხანდახან მსუბუქად ნასვამი. მთვრალი თვითონაც არ ჯდებოდა, მაგრამ მაინც მისი იმედი რომ ქონდა ნამდვილად. ბებია ცვლაში იყო. ბაბუას ეძინა. მამაჩემი კი თავის კაბინეტში საწერ მაგიდას მისჯდომოდა და რაღაც ნახაზებს აკეთებდა. ისე იყო საქმეში გართული, ვერ გაიგო როდის მივუახლოვდი. კისერში რომ ვაკოცე და ზურგიდან ჩავეხუტე, არ მოელოდა. ჯერ კი შეკრთა, მაგრამ მერე გაინაბა. ჩემს ხელებს თვითონაც ჩაეხუტა და ასე ვიყავით კარგახანს გატრუნულები. არა, მართლა ძალიან მიყვარდა ეს კაცი და უზომო პატივს ვცემდი. ნასწავლი, განათლებული, სიმპატიური და მოსიყვარულე. რატომ მიატოვა დედაჩემმა მართლა ვერ ვხვდებოდი. ამაზე კარგს გაჰყვა ვითომ? ან, ბებიამ და ბაბუამ ყოფილი სიძე რატო დაიტოვეს სახლში, ესეც ამოუცნობ-ამოუხსნელი ფენომენი იყო ჩემთთვის, მაგრამ კიდევ კარგი ასე მოიქცნენ. დარწმუნებული ვარ, სხვა გარემოში სხვანაირად გავიზრდებოდი და ის არ ვიქნებოდი რაც ახლა ვიყავი. _მიყვარხარ._კიდევ ერთხელ ვაკოცე და ხელები გავუშვი. ალბათ ალკოჰოლის სუნი იგრძნო დაგაოცებულმა ამომხედა. _ты что, пьяная?_თან ჩურჩულით მკითხა, რომ ბაბუას არ გაეგო ალბათ. _არა, მსუბუქად ვარ დალეული._გამეცინა._სიმთვრალესა და მსუბუქად ნასვამობაში დიდი განსხვავებაა.... შენთვის არასდროს მითქვამს, რომ მიყვარხარ? _как нет?_გაუკვირდა._ты всегда ето говоришь. _ხო და ახლაც გეტყვი და მუდამ შეგახსენებ იმას, რომ მიყვარხარ. გამიმართლა, რომ მყავხარ და შენ ხარ ჩემი უძვირფასესი მამიკო._კიდევ ერთხელ ჩავეხუტე მთელი ძალით, ვაკოცე და ჩემს ოთახში გავედი. მართლაც რომ იღბლიანი ვიყავი, ეს კაცი რომ მამა იყო ჩემი. (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.