პროფესია ალფონსი (7 თავი)
მათ მოლოდინში საათს დავჩერებოდი და ზუსტად ათ წუთში მთლად გალუმპულმა შიომ კარიდანვე შემოყო თავი, შიგნით არ შემოსულა (ალბათ, მოერიდა ფოიე რომ არ დაესველებინა წურწურით ჩამონადენი წვეთებით) და მანიშნა, რომ წავიდეთო. _ბაია?_გაოცებული წამოვხტი ფეხზე და ისე მივუახლოვდი, თვალი არ მომიშორებია მისთვის. სახეზე ბედნიერების კვალი ემჩნეოდა და მარცხენა ლოყაზე კი დეიდაჩემის გაშლილი ხელისგულის მკაფიო ანაბეჭდი. შემეცოდა. საზიზღარს, რა ძლიერად გაურტყია. არ შეეცოდა მაინც? ან, არ ესიამოვნა მისი კოცნა ვითომ? _ბაია სადაა?_შეშფოთებულმა მეორედ გავუმეორე კითხვა. _მანქანაში ილოდება._დამამშვიდა დამორცხვებულმა და ჩქარი ნაბიჯებით გავეშურეთ მისი ლექსუსისკენ. მართლაც, მანქანაში რომ ჩავჯექი, იქ დამხვდა გალორთხილი. უკანა სავარძელში ფეხმორთხმით იჯდა. გამეღიმა, რადგან აბუზულ წიწილას გავდა. კუთხეში იყო მიყუჟული და ვითომ სიბრაზე ეწერა სახეზე, არა და აშკარად ბედნიერების ნაპერწკლები უელავდა შავად მოელვარე თვალებში. _უი, როგორ დასველებულხარ._"შევიცხადე"._არ გცივა? პასუხი რომ არ დამიბრუნა, მივხვდი, ამ სამყაროში არ იყო, ბედნიერების მეცხრე ცაზე დაფრინავდა აშკარად. შიომ გათბობა ჩართა და ისე დავიძარით ადგილიდან. მადიანად წვიმდა და ცოტა სახიფათოც კი იყო მგზავრობა, მაგრამ მაინც არ გადაგვიფიქრებია თბილისში დაბრუნება, დილით სამივეს სამსახური გვქონდა და გაცდენა არც ერთს არ გვაწყობდა. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. შიო კმაყოფილი სახით გაჰყურებდა ჩაბნელებულ ტრასას და რაც შეეძლო სწრაფად და უსაფრთხოდ მიაქროლებდა თავის "მერანს". ყოველთვის მოლაპარაკე და ენაწყლიანი ბაიაც ახლა უხმოდ იჯდა მოკუნტული და თავის ფიქრებს უღიმოდა. არც მე ვიყავი უკმაყოფილო. მიხაროდა, მცირედი წვლილი მაინც რომ შევიტანე შიოს წაქეზებაში და ასე თუ ისე გაირკვა მათ შორის ურთიერთობა. დუმილის დარღვევა არ მინდოდა და სასიამოვნო მელოდიების ფონზე რამდენჯერმე წამთვლიმა კიდეც. ისე დავბრუნდით თბილისში, მგონი არც ერთს არ გვიგრძვნია მგზავრობით გამოწვეული დაღლა. სამი ხდებოდა უკვე, სახლში რომ მივედით. ისევ და ისევ შიოს დავესესხები ლექსიკონიდან და ვიტყვი, რომ მისვლისთანავე "გავთხარე" ჩემი საწოლი და დავიძინე. ასე ტკბილად, მგონი ჩემს ცხოვრებაში არ მიძინია. ************************ იმ დღიდან მოყოლებული, როცა კოცნა გაუბედა შიომ და სავარაუდოდ სიყვარულშიც გამოუტყდა, ცოტა შეიცვალა და თითქოს დატკბა ჩემი ქაჯანა დეიდა. ერთობ დამამშვიდებელი ეფექტი ქონია მისთვის იმ ბიჭის კოცნას. ერთი-ორჯერ კაფეშიც გამოგვყვა სამსახურის მერე და ცოტა წავიჭორავეთ კიდეც. მართალია, ძველებურად არ ელაპარაკებოდა და ჯიბრში არ ედგა, მაგრამ მაინც ალმაცერად უმზერდა საცოდავ ბიჭს. ალბათ, იმის გამო, კოცნა როგორ გამიბედეო. ან, რატო ადრე არ მაკოცეო. მოკლეთ, აღარ კი კინკლაობდნენ ისე ძალიან, მაგრამ არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მე რომ მათი საიდუმლო ვიცოდი, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და არც ვაპირებდი რამის თქმას. უჩასთან ურთიერთობა გაწყვიტა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ აღარ შეხვედრია. უფრო ზუსტად, მე აღარ გამიგია და არ დამინახია. ცხოვრება უწინდელი რიტმით გააგრძელა. მართალია, სულ ოდნავი სახეცვლილებით, მაგრამ მაინც არაუშავდა. სრქტემბერში კი ძალიან წვიმიანი და მოსაბეზრებელი ამინდები დაიჭირა. აი, ზუსტად ისეთი, ყველაფრის ხალისს რომ დააკარგვინებს ადამიანს, სახლიდან გარეთ გასვლას დააზარებს და ყველაფრის ინტერესს დაავიწყებს. მოკლეთ, დეპრესიისთვის ხელისშემწყობი ამინდები იყო. დილით რომ მივდიოდი სამსახურში, წვიმდა. საღამოს ვბრუნდებოდი, წვიმდა. მთელი ღამეც ძილ-ღვიძილში წვიმის შხაპუნი ჩამესმოდა ყურში. სულ წვიმდა და წვიმდა. იმ დღეს კი, როგორც იქნა, დილიდანვე გამოიდარა და მზემაც გამოაჭყიტა თავისი მშვენიერი ცხრა "თვალ-წარბი". გაღვიძებისთანავე კარგ ხასიათზე დავდექი და სულ ღიღინ-ღიღინით გავემზადე სამსახურში წასასვლელად. გზაში საბურავი რომ გამისკდა და სათადარიგო რის ვაი-ვაგლახით მივაყენე მარტომ, არც ამას წაუხდენია ჩემთვის გუნება-განწყობა. გვარიანად რომ დავისვარე ცალკე ტალახით და ცალკე მაზუთით, არც ეს მომიხვედრებია დიდად გულზე. სახლში რომ დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ამის გამო სამსახურში დამაგვიანდა, არც ეს ჩამითვლია კატასტროფად. მაგრამ კლინიკის ეზოში რომ ვაპირებდი უკვე შესვლას და მოულოდნელად ჩემი მიყენებული ბორბალი გასძვრა მანქანას, რომელმაც მარათონში მონაწილე მორბენალივით თავბრუდამხვევი სისწრაფით გადამასწრო, აქ კი მართლაც დამცხა. ჯერ ერთი, შესასვლელში გავიხიდე მანქანიანად და მოძრაობა შევაფერხე და მეორე, გაქცეული ბორბალი ვიღაც ბიჭს დაეჯახა ზურგიდან და მოულოდნელმა შეჯახებამ ჰაერში სახიფათო აკრობატული ილეთებით ააფართხალა. შეშინებული სუნთქვაშეკრული ვადევნებდი ამ ყველაფერს თვალს და უკვე სველ ქვაფენილზე რომ გაიშხლართა საცოდავი, მაშინ მოვეგე გონს და გულდაფეთებული გადავხტი მანქანიდან. მუხლების კანკალით მივუახლოვდი დაზარალებულს და შიშით დავხედე ადგომას რომ ცდილობდა. _კარგად ხართ?_ძლივს ამოვილუღლუღე._თან ადგომაში მივეხმარე. სანამ არ ადგა და არ შემომხედა, ვერ დავინახე ვინ იყო. შემომხედა და მის თაფლისფერ თვალებს რომ წავაწყდი, ელდა მეცა. ზეზვა იყო, იგივე ზოსიმე და იგივე "კატოკდამფრთხალი" ახალბედა. ცხვირი გვარიანად ქონდა გადაყვლეფილი და დასისხლიანებული. გულწრფელად შემეცოდა. თან შემრცხვა, რომ ჩემი მიზეზით დაშავდა. ერთხანს გაოგნებულები შევყურებდით ერთმანეთს. დაბნეულები და ამავე დროს უხერხულ სიტუაციაში მყოფები. (ეს უკვე მეორედ გაიშხლართა ჩემს თვალწინ ლამის ორმეტრიანი ბიჭი და შერცხვებოდა მაშ რა მოუვიდოდა?) ბოლოს, ისევ მე გავბედე კითხვის დასმა. _როგორ ხართ? რამე ხომ არ დაგიშავდათ? _ისეთი არაფერი, მხარი ამომვარდა უბრალოდ._უმოძრაოდ დაკიდულ მარჯვენაზე მანიშნა._ბოლო დროს ძალიან დამიზეზებული მაქვს._გაღიმებაც კი სცადა ტკივილის მიუხედავად და მარცხენა ხელით ჯიბეში რაღაცას დაუწყო ძებნა. მალევე იპოვა ხელსახოცი და დასისხლიანებული ცხვირი ფრთხილად მოიწმინდა. სანამ მე ზეზვას შევყურებდი და დახმარებას ვთავაზობდი, შეფერხებული მოძრაობის გამო ერთი აურზაური ატყდა. ზოგიერთმა ენამყრალმა მძღოლმა, ჩემს მანქანას გამჩერებლის ცოლი და დედა უტრიალა ყველა პოზაში. ვინც სანომრე ნიშნით ცნობდა ჩემს მანქანას და იცოდა რომ ჩემი იყო, ცოტა ლმობიერებას იჩენდა, თან ახლა ბორბალი რომ ქონდა გამძვრალი, ზრდილობის გამო მკითხულობდნენ, ხომ არ დაშავდითო. ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა დაცვის თანამშრომელმა გუჯამ, რომლის სახელიც მოგვიანებით გავიგე, სახელდახელოდ დაიკაპიწა ხელები და ბორბლის მიყენებას შეუდგა. ისე მოხდა, რომ მე იმ მომენტში ზეზვა შემყავდა საავადმყოფოში, (სხვა თუ არაფერი, ჩემს გამო იყო დაშავებული და ვალდებულიც კი ვიყავი მასზე მეზრუნა) და საუკეთესო ქირურგს ჩავაბარე. იმ გულისხმიერი ბიჭისთვის მადლობაც კი არ გადამიხდია კეთილი საქმე რომ გააკეთა: ბორბალი მიაყენა, მანქანა პარკინგზე გააჩერა და გასაღები ჩემს ექთანს ჩააბარა. ნურაფერი მოხდება, თორემ გაუგებარი არაფერი რჩებაო. მთელმა კლინიკამ გაიგო ჩემი მანქანის და ზეზვას ამბავი. დარცხვენილი დავდიოდი დერეფანში და ჩუმი ფხუკუნის ხმები რომ მესმოდა ზურგსუკან, გულზე ვსკდებოდი. მართალია, დაცინვის და მასხრად აგდების ობიექტი ხშირად ვიყავი ბავშვობაში და ბევრი დამცირების ატანა მიწევდა ხოლმე, მაგრამ ამ ამბავს უფრო მეტად მტკივნეულად განვიცდიდი. უფრო იმიტომ ალბათ, რომ ზეზვას მიმართ გულგრილი არ ვიყავი და პატარ-პატარა სიმპატიები მქონდა მალულად. სანამ მხარს ჩაუსვამდნენ, თავი არ დამინებებია მისთვის, მერე კი ჩემი კაბინეტის წინ მომლოდინე უამრავ პაციენტს მივაკითხე. ისინი რომ გავისტუმრე და ზეზვას ავაკითხე, მომახსენეს, ახლახანს გავწერეთო. გული დამწყდა. მისი ნახვის სურვილი მქონდა რატომღაც. მისი ლამაზი თვალების შემოხედვა რაღაც სასწაულ გრძნობებს მბბადებდა გულში და სასიამოვნოდ მიჩქარებდა პულსს. დაღვრემილი გამოვბრუნდი პალატიდან, რომ ექთანმა გზაში დამაწია: _უკაცრავად, მარი ექიმო, ავადმყოფს ტელეფონი დარჩა და შეგიძლიათ რომ მიაწოდოთ? ხომ თქვენი ნაცნობია? ტელეფონი დარჩაო?_ყურები ვცქვიტე. უმალ გამახსენდა, შიომ რომ ახსენა, ჩემი სამსახურის მეგობარიაო. იქნებ, სცოდნოდა მისი მისამართი. მას გადავცემდი ამ ტელეფონს და ის მიუტანდა სახლში. რა პრობლემაა, მივაწვდი-მეთქი, დავაიმედე ლამაზი ექთანი და შინაგანი სიხარულით ჩამოვართვი ზეზვას ტელეფონი. ჯიბეში ჩადებაც კი ვერ გავბედე, რომ არაფერი დამეზიანებინა და ასე ციმ-ციმ ჩავიტანე ჩემს კაბინეტში, იქ კი უკვე ჩემს ჩანთაში ჩავდე ძალიან ფრთხილად და ფაქიზად. კიდევ ნახევარი საათ გავჩერდი იქ. მერე, შიოს დავურეკე, თუ გცალია ჩვენს კაფეში შემხვდი-მეთქი და რომ დამთანხმდა, მაშინვე იქით გავეშურე. ისე ვჩქარობდი, მეგონა პირველი მე მივიდოდი, მაგრამ შევცდი, შიოც იქ დამხვდა და ბაიაც. არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ ძველებურად აღარ ჭამდნენ ერთმანეთს. სულ სხვა თვალით უყურებდნენ უკვე ერთმანეთს და ამ ხნის მანზილზე პირველად დამებადა ის აზრი, რომ ეს ჯეელები ერთმანეთს ჩემს ზურგს უკან ხვდებოდნენ. ბაია ძველებურად გაგიჟებული და ისტერიკააშლილი აღარ იყო. მათ შორის ნამდვილად ხდებოდა რაღაც და ეს რაღაც დადებითად მოქმედებდა ორივეზე. ალბათ მიმიხვდნენ, ეჭვნარევი მზერით რომ მივჩერებოდი რიგრიგობით ორივეს და ბაია თავის მართლებას მოჰყვა. _დღეს ცოტა ადრე დავაღწიე სამსახურს თავი. ვიფიქრე, განტვირთვას მოვიწყობ-მეთქი და ეს ვაჯბატონიც არ წამომადგა თავზე? შენ დაგირეკია, შემხვდიო და მეც შემოვრჩი. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? წინააღმდეგი კი ვიყავი, მაგრამ ახლა ეს რომ მეგრძნობინებინა, ისე შეფხუკიანდებოდა, სად მქონდა ამის ნერვი. ხო და ჯობდა, დარჩენილიყო. არაფერია, დარჩი-მეთქი, ეს რომ ვუთხარი, გაუხარდა. სულ მალე კი მიმტანმა შეკვეთაც მოგვიტანა და ამბის მოყოლის დაწყებამდე დასამშვიდებლად და აზრების დასალაგებლად ერთი-ორი ყლუპი ცხელი კაპუჩინო სიამოვნებით მოვსვი. ვატყობდი, ერთიც და მეორეც როგორი ინტერესით მომჩერებოდნენ. ის იყო, ცოტა დავმშვიდდი და ამბის მოყოლა განვიზრახე, რომ ჩემს ჩანთაში ზეზვას ტელეფონი ამღერდა. განსხვავებულ მელოდიას ვერ გავუწიე ვარაუდი და ჩემი მეგონა. ინსტიქტურად ამოვიღე ჩანთიდან და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. შიოც და ბაიაც ორივენი ისეთი თვალებით მომჩერებოდნენ, აშკარად მოთმინება ღალატობდათ. ზეზვას მაგივრად მე ხომ არ გავეპასუხებოდი და ვაცადე, სანამ დაიღლებოდა ლამაზი კომპოზიციის შესრულებით. _აბა, არ იტყვი, რა ხდება?_ისევ შიომ მკითხა, როცა მიჩუმდა ტელეფონი. _გახსოვს ზღვაზე, ზეზვა რომ შეგვხვდა? _ზოსიმე? ხო, მერე?_გაუკვირდა. _მხარი ამოვარდა და ჩვენს კლინიკაში უმკურნალეს. ხო და ტელეფონი იქ დარჩა. ექთანმა გადმომცა, იქნებ მიაწოდოვო... წამიერი დუმილი რომ ჩამოწვა, მტანჯველი და აუტანელი, ბოლოს ბაიამ დაარღვია. პროფესიიდან გამომდინარე ეჭვით მკითხა. _შენ რატო გამოგატანეს, მიტანის სერვიზი გაქვს? იმის აღიარება, რომ ჩემი სურვილით წამოვიღე, არ მინდოდა. არა და, სწორი შენიშვნა იყო. _კლინიკის ეზოში დაშავდა. ნაცნობი რომ იყო, ასე ვთქვათ ვუპატრონე და ჩათვალეს, რომ ჩემი ახლობელი იყო. გამახსენდა, შენ რომ თქვი, ჩემი მეგობარიაო და შენ წამოგიღე, იქნებ გადასცე._ძლივს დავამთავრე ჩემი მონოლოგი და ზეზვას ტელეფონი ფრთხილად გავუცურე შიოს. ბაიას ეჭვიან მზერას ვგრძნობდი და შეგნებულად არ ვუყურებდი მას, რომ უარესად არ დავებნიე და ავეფორიაქებინე. _არ არის პრობლემა, გადავცემ._ეს რომ მითხრა და ტელეფონი გამომართვა, ცოტა შვებით კი ამოვისუნთქე, მაგრამ დეიდაჩემის გამომცდელი მზერა მაინც მაბნევდა. _მოიცა და იმ დაბდურს რა მოუვიდა?_ტელეფონი ჯიბეში რომ ჩაიდო, მხოლოდ ამის მერე დაინტერესდა შიო. ძალიანაც არ მინდოდა იმის თქმა, რაც შეემთხვა იმ საცოდავს, მაგრამ დამალვას აზრი არ ქონდა, მაინც გაიგებდა ეს ვაჟბატონი ყველაფერს და უფრო მეტადაც კი დამცინებდა და ამიტომ ცოტა მსუბუქად მოვყევი ყველაფერი. _აჰა, გამოდის, შენი ბრალი ყოფილა მისი დაშავება... ამიტომ, როგორ მოვიქცეთ იცი? აჰა, ეს ტელეფონი გამომართვი._ზეზვას ტელეფონი ისევ მე დამიბრუნა._აქედან სამივენი ერთად წავალთ და მოვინახულებთ დაზარალებულს. "კატას ფილტვი ესროლეს და მეც ეგ მინდოდაო." სინამდვილეში, მეც ზუსტად ეგ მინდოდა, რომ ერთხელ კიდევ მენახა ზეზვა, თუმცა მაინც ავფორიაქდი. უფრო იმიტომ, რომ ქალბატონი დეტექტივი ისეთი მზერით მომჩერებოდა, ჩემს ფიქრებს აშიშვლებდა თითქოს და ზედმიწევნით სრულად კითხულობდა ყველაფერს. ისევ ამღერდა ზეზვას ტელეფონი და გვარიანადაც შევხტი. _კარგი, წავიდეთ, თორემ ააფეთქებენ ამ დედააფეთქებულს._ტელეფონზე მანიშნა. მაშინვე ანგარიში მოითხოვა, გაასწორა და სამივენი ჩვენ-ჩვენი მანქანებით შევუდექით ზეზვას სახლისკენ გზას. გზად მარკეტში შეიარა, ავადმყოფს პირისსანახავს ვუყიდიო და ისევ მალევე დავადექით გზას. ამდენი წელია თბილისში ვცხოვრობ და ისეთი ჩიხები გავიარეთ, წარმოდგენა არ მქონდა ესენი თუ აქ არსებობდა. მერე, ერთ-ერთი კერძო სახლის წინ შევჩერდით და სამივენი ერთდროულად გადავედით მანქანიდან. კეთილმოწყობილი არაჩვეულებრივი სახლი ჩანდა გარედანვე. ჭიშკარზე ზარი რომ დარეკა, სანამ კარს გაგვიღებდნენ, სუნთქვაშეკრული საკუთარი გულისცემის მიყურადებით ვიყავი გართული. რა მემართებოდა, ვერ ვხვდებოდი. ნუთუ, შეყვარებული ვიყავი ამ "დაბდურ" ბიჭზე, როგორც შიომ მოიხსენია? დიდ დროს ნამდვილად არ მოანდომებდნენ მასპინძლები, სანამ გამოგვხედავდნენ და კარს გაგვიღებდნენ, მაგრამ მე ეს დრო საუკუნოდ გაწელილი მეჩვენა რატომღაც. ჩემი გული წამში მგონი ორ დარტყმას ასწრებდა. თან, ისე ძლიერად მიცემდა, რომ მთლიანი სხეულით მაძაგძაგებდა. აშკარად, ზეზვასთან მოსალოდნელი შეხვედრა მაღელვებდა და მაფორიაქებდა ასე. თან, ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა კიდეც. ბოლოს, როგორც იქნა, დაადგა რკინის შავ კარს საშველი, გაჩხაკუნდა და ბოლომდე გაიღო. ჩემს წინ ზღვიდან ნაცნობი ერთ-ერთი ტყუპისცალი იდგა და გაოცებით შემომყურებდა. მერე, ბაია შეათვალიერა და შიოს ჯერი რომ დადგა, გულწრფელად გაუხარდა, თუმცა ამავე დროს გაოცება აესახა ლამაზ სახეზე. _დაშავებული სად გვყავს, მის სანახავად მოვედით._უმალ დაუკმაყოფილა შიომ ცნობისმოყვარეობა. _ააა,_რაღაც ძალიან ორაზროვნად ამოუშვა ბგერები და გზა დაგვითმო, რომ ეზოში შევსულიყავით._სახელოსნოშია როგორც ყოველთვის. _რას ლაპარაკობ, მხარი არ სტკივა? სახელოსნოში რას აკეთებს?_ჩემს გულში ნადები კითხვა რომ დასვა შიომ, გამიხარდა. _არ იცი იმის უჯიშო ამბავი? "ავი მუშა კვირაძალსო", არც თვითონ ისვენებს და არც ჩვენ გვასვენებს._მართალია საყვედური დასცდა ძმის მიმართ, მაგრამ უდიდესი სიყვარული იგრძნობოდა მის თითოეულ სიტყვაში. პირველი მე შევაბიჯე ეზოში, მერე ბაიამ და უკან კი შიო მოგვყვა. შევედი თუ არა, არაჩვეულებრივი სანახაობა გადამეშალა თვალწინ. პატარა ედემის ბაღი იყო პირდაპირ. მართალია, როგორც ყველა ქალაქის ეზოები, აქაც პატარა ფართი იყო, მაგრამ ყოველი კუთხე-კუნჭული მაქსიმალურად იყო გამოყენებული და სხვათაშორის გემოვნებიანადაც. დავიწყებ იქიდან, რომ მაღალი მესერი მთლიანად ფათალოთი იყო დაფარული და არაჩვეულებრივი ვიზუალი ქონდა. რამოდენიმე "აცაბაცა" ბილიკი შევნიშნე და მასპინძლის მინიშნებით ერთ-ერთს გავუყევით, რომელიც ალბათ ზეზვას სახელოსნომდე მიდიოდა. გზად, ხელმარჯვნივ ფერადი ქვებით მოპირკეთებულ პატარა "გუბურას" ჩავუარეთ, სადაც ასევე ფერადი თევზები დასრიალებდნენ. გუბურის გარშემო კი ნაირფერი ასტრები იწონებდნენ თავს. ხელმარცხნივ კი მომრგვალებული პატიო შევნიშნე დასაჯდომ-მოსასვენებელი, მაგიდა მოწნული სკამებით, ქოთნის ლამაზი ყვავილებით და ორიგინალური სკულპტურებით გაფორმებული. მერე პატარა ხეივნის გვირაბიც გავიარეთ და პატარა შენობაც შევნიშნეთ, მისი ღია ფანჯრებიდან კი სასიამოვნო მელოდიები იღვრებოდა. _მუსიკის თანხლებით უკეთესად მუშაობს._აგვიხსნა მასპინძელმა, მერე დაწინაურდა და სახელოსნოში პირველი ის შევიდა._სტუმრები გყავს. გამოხვალ თუ აქ მიიღებ? ღია კარიდან ნათლად დავინახე პატარა მაგიდასთან თავჩახრილი ზეზვა, რომელიც ხის პატარა დაფაზე რაღაც სპეციალური მოწყობილობით მარცხენა ხელით მუშაობდა. ინსტიქტურად რომ გამოიხედა და მე დამინახა, აშკარად გაოცდა, მერე დაბნეულმა შემომღიმა და ფეხზე წამოდგა. და ნამდვილად მიუხვდა მღელვარების მიზეზს და ეშმაკური ღიმილით გამომხედა. _მობრძანდით. ტყუილად მოაწყო ეზოში ედემის ბაღი, სტუმრებს მაინც ყოველთვის სახელოსნოში იღებს. ზეზვას შემოხედვამ რომ მეც დამაბნია და შენობაში შესვლა ვეღარ მომეხერხებინა, ბაიამ მიხსნა უხერხული მდგომარეობიდან, მან დამასწრო და ის შევიდა პირველი. მერე შიომ მიბიძგა და თვითონაც უკან მომყვა. უმალ მეცა ცხვირში ხის დამწვრის სუნი _მოკლეთ, შენ სულ უნდა მუშაობდე და მუშაობდე?_შიომ ფრთხილად ჩამოართვა მეგობარს ხელი და მისი საქმიანობით დაინტერესდა._ვაა, პორტრეტზე მუშაობ? ახალია რაღაც._და ხელში ხის დაფა შეათამაშა, სადაც მართლაც პორტრეტი იყო ამომწვარი. ჯერ მხოლოდ თვალ-წარბი და გაშლილი თმა ქონდა ამოტვიფრულ-ამომწვარი, მაგრამ მაინც ლამაზი იყო._მოიცა, ცაცია ხარ?_გვიან გაიაზრა მისი შესაძლებლობები. _ყველა გენიოსი ცაცია იყო. მასე კი ნუ უყურებ ჩემს ძმას._დაცინვის პერსპექტივა თავიდანვე მოუსპო ძმაზე შეყვარებულმა დამ შიოს და თან ალმაცერად გამოხედასე, აქ არეულ-დარეულობა და სივიწროვეა, არ ჯობია პატიოში გამოხვიდეთ?_ დაბალი ხმით კი უჩურჩულა ძმას, მაგრამ მე მაინც გავიგე. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა._შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ისევ გარეთ ჯობია მემგონი. თქვენ რას იტყვით?_მართალია ყველას გვკითხა, მაგრამ მე მიყურებდა რატომღაც. მივხვდი, ჩემს სიტყვას დიდი მნიშვნელობა ქონდა მარტო მისთვის კი არა, მისი ძმისთვისაც და უარესად ავღელდი და დავიბენი. თან, გვარიანადაც გავწითლდი ალბათ, რადგან სახეზე ალმურმა ამკრა. _რა ძალიან შორს წასასვლელებიც ჩვენ ვართ?_გაუკვირდა შიოს._მე, პირადად, გარეთ მირჩევნია, აქ ცხელა, თან იქ მეტი სილამაზე და კომფორტია. პირველი შიო გავიდა, მერე ბაია მიჰყვა მალევე და მეც გამოვედი გარეთ. და-ძმანი რაღაცაზე აჩურჩულდნენ ერთხანს, მერე კი ისინიც მალევე მოგვყვნენ უკან. ზეზვა ჩვენთან ერთად ჩამოჯდა მოსასვენებელში, ტყუპისცალი კი სირბილით გაეშურა სახლისკენ. _მოიცა, ნინი, შენებურები საჭირო არ არის, მალე უნდა წავიდეთ. _ჯერ ერთი, ნინი არ ვარ და მეორე, მოსვლა თქვენი ნება იყო, წასვლა კი ჩემია._აკისკისებულმა გამოსძახა და მალევე გაუჩინარდა. _აუ, უთხარი, რომ არაფერზე შეწუხდეს, მართლა მალე უნდა წავიდეთ._ძლივს გავბედე მეთქვა და თვალებში შემეხედა ზეზვასთვის. _მაგას ნამდვილად ვერ ვეტყვი._გაეცინა._მაინც არ დაიშლის არაფერს და ჯობია შევეგუოთ. უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩვენს გამო რომ წუხდებოდა და სულ გადამავიწყდა რისთვისაც ვიყავით მისულები. კიდევ კარგი ისევ მისმა ტელეფონმა შემახსენა თავი. ჩემს ჩანთაში რომ ამღერდა, გაოცებულმა შემომხედა. _მოკლეთ, ძმაო, თავის გარდა რომ ყველაფერი აქა-იქ გრჩება, ტელეფონიც კლინიკაში დაგრჩენია და მარიშკამ წამოგიღო. ჩვენი მოსვლის მიზეზიც ეს არის. მისი ამღერებული ტელეფონი ჩანთიდან რომ ამოვიღე და გავუწოდე, ჩამორთმევისას ნებით თუ უნებლიეთ ჩემს თითებს შეეხო და უარესად ამიფორიაქა გული. _ვფიქრობდი, კლინიკის ეზოში დამივარდა და იქ დავკარგე-მეთქი. მადლობა._ღიმილით რომ ჩამხედა თვალებში, გული მართლა გამიჩერდა._არა და იმდენი საჭირო ინფორმაცია მიწერია, გული დამწყდა. _ხო და, მაღარიჩი შენზეა ძმაო._თავისებურად გაიღრიჭა შიო. _ხომ იცი, არ გავექცევი დაკისრებულ მოვალეობას._რაღაც სიამაყის გრძნობით თქვა და ისევ მე შემომხედა. ერთხანს დუმილი ჩამოწვა. მხოლოდ ტელეფონის სასიამოვნო მელოდია არღვევდა ამ დუმილს, რომლის პასუხსაც არ აპირებდა რატომღაც ზეზვა. ალბათ, არც ისე მნიშვნელოვანი ზარი იყო, თორემ ხომ უპასუხებდა? ან, იქნებ, მე ვიყავი ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი? ამის გაფიქრებაზე სასიამოვნოდ გამცრა ტანში. _ ეს ყველაფერი, როგორც შენმა დამ თქვა, მართლა შენი გაკეთებულია?_დუმილი ბაიამ დაარღვია და ეზოს კმაყოფილი მზერა მოავლო._მართლა გენიოსი ყოფილხარ. არაჩვეულებრივია. სადმე ნახე, თუ შენი ფანტაზიით არის? _არც ფანტაზიას უჩივის, მაგრამ ეს "ტბა" ინტერნეტში ვნახე და ჩემი მიწოდებული იდეაა._ნინიმ თუ თაკომ ლანგრით ტკბილეული და ცხელი ყავა მოგვართვა._დანარჩენი კი ჩემი საყვარელი ძამიკოს იდეებია. _კარგი ხელი გქონია._შეაქო ბაიამ._რომ დამჭირდეს, აგარაკის მოსაწყობად ხომ წამოხვალ ჩემთან? _რა თქმა უნდა, რა პრობლემაა?_ისე მომხიბვლელად გაუღიმა, რომ თვალი ვეღარ მოვწყვიტე. მალევე დაიჭირა ჩემი დაჟინებული მზერა და რომ შემომხედა, ასისტოლია დამემართა. _ასეთი კეთილმოწყობილი ეზო რომ მქონდეს, ალბათ გარეთ აღარც კი გავიდოდი. _სანამ შენსას მოაწყობ, დიდი სიამოვნებით მიგიღებთ სტუმრად. ხშირად გამოგვიარე. _რომც არ გეთქვა, მაინც ხშირი სტუმარი იქნებოდა თქვენი. აშკარად დაატყვევა ამ სილამაზემ._ისევ გაიღრიჭა შიო. მეორე ტყუპისცალიც გამოვიდა სახლიდან. მან უკვე ნამცხვარი, თეფშები და ჩანგლები გამოიტანა ლანგრით. გულტბილად მოგვესალმა ყველას და განსაკუთრებით მე შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე კმაყოფილი მზერით. ან ზეზვას ქონდა რამე ნათქვამი ჩემზე, ან, ატყობდნენ ძმას, რომ გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ და ვატყობდი, რომ მათაც მოვწონდი. კარგა ხანს შემოვრჩით ზეზვასთან. გულღიათ ვისაუბრეთ თიტქმის ყველა თემაზე. ვისაუბრეთ რა, ყველა ლაპარაკობდა ჩემს გარდა, მხოლოდ მე ვიყავი მსმენელი. თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ ნახევარზე მეტი არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ. ნინისა და თაკოს მზერაც მაბნევდა და ზეზვას მორიდებული გამოხედვაც. საღამოს, გარშემორტყმული ფერადი ნათურებიც რომ აანთეს, მთლად რომანტიკული გარემო შეიქმნა. ბაიასი რა ვთქვა, მაგრამ მე კი მართლაც მოჯადოებული ვიყავი ამ მშვენიერი გარემოთი და ზეზვას პიროვნებით. არა და დაბდურად რომ მოიხსენია შიომ, მართლაც ვიფიქრე, რომ დაბდური იყო. უფრო ის მიმტკიცებდა ამის დაჯერების მიზეზს, რომ ორჯერ გაიშხლართა ეს მთასავით ბიჭი ჩემს თვალწინ და ვიფიქრე, მოუხერხებელი ვიღაც იყო. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ხიფათიანი ყოფილა. საღამოს, უკვე კარგად რომ შებინდდა, მაშინ დავემშვიდობეთ ზეზვას და მის ტყუპ დებს და სახლსში წამოვედით. ბაია აშკარად კმაყოფილი იყო დღევანდელი "გამოსეირნებით". რაც გზაში ვერ მელაპარაკა, სახლში მისულმა ამომხადა კითხვებით სული. შევატყე, რომ მასაც მოეწონა ზეზვა, ოღონდ საჩემოდ. იმ ღამეს ჩემთან დაწვა და სანამ დაიძინებდა, სულ იმ "ყოჩაღი და ლამაზი ბიჭის" ქებაში იყო. მისი მოწყობილი ეზო ხომ მოეწონა და მოეწონა და ჩვენი აგარაკის მოწყობაც განიზრახა იმ სტილში. _მართალია, თევზებს ვერ გავაშენებ, მაგათ მოსავლელად არც დრო მაქვს და არც ნერვი, მაგრამ პატარა ჩანჩქერი რომ გავაკეთოთ, მგონი უკეთესი იქნება. ან, სულაც, გედების სკულპტურებით გავაფორმოთ... პატიოში ბარიც რომ მოვაწყოთ და მაყალიც, მგონი უკეთესი იქნება. რომ გადავხუროთ თან, დივანსა და სავარძლებსაც თავისუფლად დავდგამთ. ჩვენ, ბაღჩას მაინც არ ვიყენებთ ბაღჩეულის დასათესად და აუზი რომ მოგვეწყო? აუზის მოწყობის იდეა მეც მომეწონა. მთელ ზაფხულს იქ გავატარებდი და აღარსად აღარ წავიდოდი. ბაიასი არ იყოს, თავს აღარც კი გამოვყოფდი გარეთ. ერთმანეთში ლაპარაკს შევყევით, სამომავლო გეგმებიც დავსახეთ და როდის-როდის ჩაგვეძინა. დილით გაღვიძება დაგვაგვიანდა და სამხედრო სისწრაფით გავემზადეთ სამსახურში წასასვლელად. ერთმანეთს არ ვაცდიდით აბაზანაში შესვლას და შხაპის მიღებას. ის დღეც ჩვეულებრივი იყო სამსახურში, არაფრით განსხვავებული სხვა დღეებისგან. უამრავი პაციენტი. თანაც, ზოგი ბოლო ხმაზე აღრიალებული თეთრხალათიანი ექიმის დანახვისას. მოკლეთ, ჩვეულებრივად ჩავამთავრე სამუშაო საათები და სახლში ვაპირებდი უკვე წასვლას, რომ კარზე მომიკაკუნეს. ნაგვიანევი პაციენტი მეგონა და ცოტა არ იყოს გუნება წამიხდა და უწადინოდ გავძახე, მობრძანდით-მეთქი. _კარგია რომ მოგისწარი._ხალისით შემომეჭრა ნინი თუ თიკა არ ვიცი. (გვერდიგვერდ რომ იდგნენ მაშინ ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან და ახლა ცალცალკე რას ვიცნობდი ვითომ?) _მოხდა რამე?_ჩემი ფიქრები მაშინვე ზეზვასკენ გამექცა რატომღაც, მაგრამ მომერიდა პირდაპირ მისი ძმის მოკითხვა და ზოგადად ვკითხე. _ისეთი არაფერი. აქეთ ვიყავი და ვიფიქრე, შევუვლი, კაფეში დავპატიჟებ-მეთქი._ისე შინაურულად და გულღიად მელაპარაკებოდა, თითქოს ათეული წლის მეგობრობა მაინც გვაკავშირებდა ერთმანეთთან._ნინი კი იძახის, სახლში ჯობია, პიცა გამოვაცხოთ ერთადო, მაგრამ ეგ უკვე შენ გადაწყვიტე, სად გირჩევნია. იცოდე, უარს არ მივიღებთ. ბაიასაც რომ დაურეკო, კარგი გუნდი მოვქუჩდებით._საყვარლად შემომცინა. რა სტატუსით მეპატიჟებოდა ვერ ვხვდებოდი. როგორც მეგობარი, თუ როგორც მისი ძმის მოწონებული ქალი? არა და აშკარა იყო, რომ სამივეს მოვწონდი. (ნეტა, მეც ასე აშკარად მემჩნეოდა, რომ ზეზვა მომწონდა და გულს მიფორიაქებდა?) _რამე სხვა გეგმა გქონდა?_ყოყმანი რომ შემატყო, მოიწყინა და შიოს თქმისა არ იყოს, "ჩამოყარა ყურები". სხვა გეგმა ნამდვილად არ მქონია არაფერი. ბაიასაც ძალიან გაუხარდებოდა ეს ამბავი, მაგრამ გუშინ მათთან ვიყავით. მართალია, ჩემი ინიციატივით მოვახდინე მათთან მისვლა და დღეს უკვე თვითონ მეპატიჟებოდნენ, მაგრამ... _მართლა სხვა გეგმები გაქვს?_უარესად მოიწყინა თიკამ. თან, ისეთი საწყალობელი გამოხედვა ქონდა, გამეღიმა. _არც ისეთი, რომ ვერ გადავდო. _ჯიგარი ხარ!_მოულოდნელად გადამეხვია და ჩამეხუტა._სად წავიდეთ: ჩვენთან თუ კაფეში? _ეგ უკვე ბაიას რომ დავაგეგმინოთ?_ეშმაკურად შევღიმე, რადგან თავის გაყიდვა არ მინდოდა, რომ მისი ძმის ნახვის სურვილი მკლავდა. ბაიას მივანდე ჩემი ბედ-იღბალი. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ კაფეში წასვლას მათ სახლში მისვლას ამჯობინებდა. ხოდა, რომ დავურეკე, ზუსტად ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა მაშინ, სიხარულით დამთანხმდა ქალბატონი მათ სახლში მისვლაზე. სამსახურში გამომიარე, ჯერ ისევ აქ ვარ და ჩემი მანქანით წავიდეთო. მართლაც მასე მოვიქეცი და მე და თიკამ ქალბატონ დეტექტივს სამსახურში მივაკითხეთ, იქიდან კი მათი სახლისკენ გავეშურეთ. ნინი ისთი გახარებული დაგვხვდა, ბავშვობაში მე რომ მიხაროდა მამაჩემის ადრე დაბრუნება სამსახურიდან. _რა ძალიან კარგი გოგოები ხართ!_ეზოში შესვლისთანავე წელზე მოგვხვია მე და ბაიას ხელები და ისე გაგვიძღვა სახლისკენ._დღეს მარტოები ვართ, არავინ შეგვიშლის ხელს... ამის გაგონებაზე გული დამწყდა, რადგან ზეზვას ნახვის სურვილი მკლავდა. _ჩემი ძმა კი სახლშია, მაგრამ ის დღედაღამ თავის სახელოსნოდან მაინც არ გამოდის და ფაქტიურად აქ არც კი ითვლება._ბოლოს ამ სიტყვებით რომ "დამამშვიდა", სიხარულით ცას ვეწიე. გაგრძელება იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.