პროფესია ალფონსი (10 თავი)
მეც უკან მივყევი და მთელი სულით და გულით ვუთანაგრძნობდი ჩემს გადარეულ დეიდას. წინდაწინ ვგრძნობდი, რომ თუ ზეზვას დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას, მეც ეს ბედი მეწერა სტალინასთან და გამაკანკალა. ბაია მისაღებში რომ გავიდა, სტუმრებს მორცხვად მიესალმა და საცოდავი ბავშვივით აიტუზა კარის ზღურბლთანვე. თითქოს, თუ სიტუაცია არ მოეწონებოდა, გაქცევით რომ ეშველა თავისთვის. უფრო სტალინას რომ გაჰქცეოდა ალბათ. _იცი რისთვისაც არიან ესენი აქ მოსულები?_მკაცრად ჰკითხა ბებიამ. ბაიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მხოლოდ. _მერე, შენ რა აზრის ხარ?_ახლა ბაბუამ კითხა. ოღონდ მან მშვიდად და ინტერესით. აშკარად შვილის გადაწყვეტილებას სცემდა პატივს და რასაც ბაია იტყოდა, ისიც იმას მიიღებდა. _რა უნდა ვთქვა? დიდი ხანია ვიცნობთ მე და შიო ერთმანეთს, თანაც ძალიან კარგად. მე მომწონს, არ არის ცუდი ბიჭი... _მხოლოდ მოწონება ოჯახს შეგანარჩუნებინებს ვითომ?_ხმა გაიმკაცრა ბებიამ. _აბა, დიპლომი დამიცავს ოჯახის არდანგრევისგან._დედაილა ჯიქი ბაია რომ აპილპილდა, მე მომერიდა სტუმრების._რამდენი დიპლომიანი ვიცი უმუშევრად რომ ზის სახლში. შენი აზრით, ინტელექტის და ცოდნის დონე დიპლომით განისაზღვრება? ორი დიპლომი გიდევს ქალს თაროზე დამტვერილი და სტუმრებს როგორ უნდა ელაპარაკო, ის არ იცი. აი,_თვალწინ აუფრიალა ბეჭდიანი ხელი._მე უკვე დავთანხმდი და შენი აზრი უსწავლელობასთან დაკავშირებით დიდად არ მაინტერესებს იცოდე. მე უნდა ვიცხოვრო მის გვერდით და არა შენ. შენ ხომ გაყევი ვინც გიყვარდა იმას? ხო და ახლა მე მომეცი იმის საშუალება, დავტკბე ცხოვრებით! _რაო?!_ბებიას მზერა ბაიას თითზე წამოცმულ ბეჭედს შეეყინა._დასთანხმდი უკვე?! მერე და ეს მასკარადი რაღა საჭირო იყო?_გოგიაზე და მზიაზე ანიშნა შვილს. _მართლა?_გაოცებული დარჩა შიოს დედაც._არც ჩვენ ვიცოდით არაფერი... სახლში არაფერი უთქვია. _ხედავ შენ? ასეთ მნიშვნელოვან რამეს უმალავს თავის მშობლებს... _ჯერ ერთი, მასე მეც დაგიმალეთ. და მეორე, დიპლომიანი რომ ყოფილიყო, არ დამალავდა? მე კაცს მივყვები ცოლად და არა მის დიპლომს! რომც უარი მითხრათ, გავიპარები მაინც! _რაო?!_აენთო და რა აენთო ბებია. ბაიასკენაც კი გაიწია, მაგრამ ვიმარჯვე და წინ გადავეღობე. _არ გინდა ბებია, სირცხვილია. _სირცხვილი ის არ არის როგორ მელაპარაკება უცხო ხალხის თვალში ეს ჯიუტი და თავნება გოგო? _თუ კი ბავშვებს უყვართ ერთმანეთი, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ძალიან მომწონს შიო, კარგი ბიჭია. მასზე უკეთესს ვიღას უნდა ჩავაბარო ჩემი შვილი?_ეს რომ თქვა ბაბუამ, ბაია მაშინვე გაქანდა და გულში ჩაეხუტა გახარებული. _რომელია ბავშვი ერთი მითხარი?_ფარ-ხმალის დაყრა აშკარად არ უნდოდა ბებიას. _მითუმეტეს რომ ბავშვები არ არიან და თავიაანთ ნაბიჯს გაუაზრებლად არ დგამენ. მთავარი შინაგანი კულტურა, აღზრდა და იმის ცოდნაა, ოჯახი როგორ შეინახოს, რაც ჩვენს მომავალ სიძეს არ გაუჭირდება დარწმუნებული ვარ. ჩვენს მომავალ სიძედ რომ მოიხსენია ბაბუამ შიო, ბებია უარესად გაჯიქდა. შიოს სიტყვებით რომ ვთქვა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, უსწავლელი სიძე არ მჭირდებაო. მზია დეიდა და გოგია ძია გაოგნებულები იდგნენ და ხმისამოუღებლად შეჰყურებდნენ აწივლებულ ქალს. მართალია, სწყინდათ თავიაანთი შვილის უსწავლელად და უცოდინრად მოხსენიება, მაგრამ ხმას მაინც ვერ იღებდნენ, რადგან სიტუაციის გამწვავებას ერიდებოდნენ. თან, იმდენი შეგნება ქონდათ, რომ სიბრაზის დროს ადამიანი ათას სისულელეს ამბობს და მერე ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის რომ არ შერცხვენოდათ, დუმილს ამჯობინებდნენ. ჩვენს დიპლომიან და ნასწავლ სტალინას კი მაგდენი განათლება და ცოდნა არ ქონდა რატომღაც. ბევრი კი იყვირა ბებიამ და წინააღმდეგიც იყო ბაიასი და შიოს ქორწინებით, მაგრამ ბოლოში მაინც ვერაფერს გახდა. ძალიანაც არ უნდოდა ოჯახის სადავეების მიშვება და ბაიას თავის ნებაზე მიშვება, მაგრამ ბაიაც კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მიკვირდა კიდეც ასე რომ იცავდა თავის სიყვარულს. არა და სულ ჯიბრში ედგა შიოს და ახლა ხმალამოღებული იცავდა მას. მოკლეთ, მზია და გოგია ოჯახის თანხმობით რომ წავიდნენ ჩვენიდან, ბებიას წნევამ აუწია და ცუდად გახდა. სასწრაფოში ვაპირებდი დარეკვას, მაგრამ იუარა, არაფერი მინდა, თუ ვკვდები ბარემ მოვკვდეო. _ნაიას ამბავმა არ მოგკლა და მე რომ ტრადიციისამებრ გავთხოვდე, ჩემი ამბავი მოგკლავს ვითომ?_მწარედ წაუბოლა დედას და თავის ოთახში დააპირა გასვლა, მაგრამ გადაიფიქრა. ალბათ დედის რეაქცია აინტერესებდა. ნაიას ხსენებაზე მეც დავიზაფრე, ბაბუაც და ბებიას რომ შევხედე, მთლად გაფითრებული იყო. მერე სიბრაზისგან გაწითლდა, გამწვანდა და ასე მონაცვლეობით იცვლიდა ფერებს. _იმან კარგი გააკეთა?_ძლივს ამოილუღლუღა ბოლოს _იმასაც შენ აურიე ცხოვრება! თავიდანვე უფლება რომ მიგეცა ვინც უყვარდა იმას გაჰყოლოდა ცოლად და არა შენს მოწონებულს, ასე არ მოხდებოდა!_არ დაინდო დედა, პირდაპირ პირში მიახალა სათქმელი და ბოლომდე გაანადგურა ისედაც გულმოკლული და განადგურებული ქალი._მართალია, შვილის მიტოვება სხვა კაცის გამო ყველაზე უმსგავსო საქციელია და არ ეპატიება არც ერთ ქალს, მაგრამ მასაც ექნება ალბათ გამართლება._ბოლო სიტყვები მთელი სერიოზულობით თქვა და ახლა კი მართლა გავიდა თავის ოთახში. მართალია, ბებიაც უტაქტო იყო ხშირ შემთხვევებში, არავის ინდობდა და ყველას პირში ახლიდა სათქმელს და ასეთ სიტუაციაში დამსახურებულად მიიღო შვილისგან ბრალდება, მაგრამ მაინც შემეცოდა. ბაბუას რომ გადახედა საწყალობელი მზერით, უთხარი რამეო, იმან უფრო საწყალობელი მზერით გამოხედა. _ზუსტად შენ გგავს. როგორც შენ გესმის ადამიანის ლაპარაკი, ისე მას. მე არაფერი შემიძლია._ნიშნის მოგებით უთხრა ბაბუამ და ისიც გავიდა ოთახიდან. მხოლოდ მე ვერ გავბედე ადგილიდან ფეხის მოცვლა, იმიტომ რომ შემეშინდა ცუდად არ გამხდარიყო. ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული და თითოეულ მის მოძრაობას თუ სახის მიმიკას ვაკვირდებოდი. ერთხანს თვითონაც გაოგნებული იდგა შუა ოთახში და უაზროდ თვალგაშტერებული შეჰყურებდა სივრცეში ერთ წერტილს. მერე, მოწყვეტით დაეშვა დივანზე და ასლუკუნდა. გულწრფელად შემეცოდა. მივედი, გვერდით მივუჯექი და მხრებზე მოვხვიე ხელი. _შეიძლება მკაცრი ვარ, ჩემი ხუშტურები და პრინციპები მაქვს, მაგრამ არავისთვის მინდა ცუდი. _მჯერა. მაგრამ მინდა გითხრა, რომ შიო ცუდი ბიჭი არ არის. _ვიცი... მაგრამ სკოლის პერიოდში რომ მახსენდება როგორი უვიცი და ზარმაცი იყო, როგორ ლანძღავდნენ მასწავლებლები, გული მიკვდება ჩემი შვილი იმ უცოდინარს რომ უნდა გაყვეს ცოლად. მე რომ თქვენს გამო მიხაროდა კრებებზე მისვლა და ამაყი ვიყავი, მზია სირცხვილით იწვოდა და არც კი ჩნდებოდა ხალხში. ახლა რა შეიცვალა ვითომ? _ახლა ცხოვრებამ ასწავლა ბევრი რამ. დამიჯერე, დიპლომი სულაც არ სჭირდება, მართლა კარგი ბიჭია და რაც მთავარია, ძალიან უყვარს ბაია. მთავარი კიდე ეგ არის... _ნაიას ამბავშიც მე მადანაშაულებს... ვითომ, მართლა ჩემი ბრალია?_ცრემლიანი თვალებით შემომხედა._მე მხოლოდ კარგი მინდა თქვენთვის. _ხო, მაგრამ რაც შენ გგონია კარგი, შეიძლება ჩვენთვის სულაც არ იყოს კარგი._გავბედე და შევეპასუხე._არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ხშირად არ მესმის შენი. ფარატინა ქაღალდს ვითომ რა დანიშნულება აქვს შენთვის? მთავარია, როგორი პიროვნებაა სულიერად და როგორ მოეპყრობა გარშემომყოფებს... რამდენი დიპლომიანი უზრდელია? შიო მასეთი არ არის. _რა ვქნა, არ შემიძლია ამ უცოდინარი ხალხის ატანა და რა ვქნა? _შიო უბრალოდ უსწავლელია, თორემ უცოდინარი სულაც არ არის. იმდენი რამ იცის, ზოგიერთ ნასწავლს და დიპლომიანს მილიონჯერ ჯობია. საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა უმაღლეს დონეზე იცის. თუ ხელოვნებაში ვერ ერკვევა და აგიოგრაფიული ნაწარმოებები არ აქვს წაკითხული, ამით რა დაშავდება ვიტომ? ძალიან მიყვარხარ და უზომო პატივს გცემ, მაგრამ შენი მიდგომა ამ ამბავთან მართლა არ მესმის და არც მომწონს. _მე ძალიან მინდა, რომ ნასწავლი სიძეები მყავდეს და ვამაყობდე... _შიოთი უეჭველი იამაყებ, აი ნახავ._უფრო ძლიერად მოვხვიე ხელი და ჩავიხუტე._მართლაც რომ არაჩვეულებრივი ბიჭია, თორემ აი ნახავ. შეიძლება ბაიაზე მეტადაც კი შეგიყვარდეს._ლოყაზე ვაკოცე და კარგა ხანს ვისხედით ხმისამოუღებლად ბებია რას ფიქრობდა იმ წუთში არ ვიცი, მაგრამ მე კი ის ამბავი მაფიქრებდა, როგორ მიიღებდა ჩემი და ზეზვას ამბავს. ისიც ხომ უბრალო მუშა იყო? თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაიას მსგავსად მეც კბილებით დავიცავდი ჩვენს სიყვარულს. მეორე დღეს კი, სანამ სამსახურში წავიდოდა ბებია, აღელვებულ-აფორიაქებული შიო მოგვადგა კარზე. ეტყობოდა, რომ ძალიან მოენდომებინა და უზადოდ გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ, სასიდოდროს მოსახიბლად და გულის მოსაგებად იყო მოსული. ხელში ოქროსფერი ფაიფურის ქოთნით ყვითლად მოყვავილე ორქიდეა ეჭირა. ეს ალბათ ბაიასგან იყო ინფორმირებული, რომ დედამისს ძალიან უყვარდა ქოთნის ყვავილები და მითუმეტეს ორქიდეები. თანაც, ყვითელი შეერჩივნა, რომელიც ბებიას არ ქონდა თავის კოლექციაში. კარი თავად ბებიამ გაუღო, რადგან მე ის-ის იყო აბაზანიდან გამოვედი ხალათით და ბაია კი შევიდა. არც ერთს გვეცალა კარის გასაღებად და არც მეორეს. კარის გაღებას რომ სიხარულით შემოპატიჟება არ მოყვა, ცოტა კი დავეჭვდი, მაგრამ მაინც ჩემს ოთახს მივაშურე და ტანსაცმელი ჩავიცვი. მერე წყლის დასალევად გავედი სამზარეულოში. იქ პატარა სარკმელი ზამთარ-ზაფხულს სულ ღია გვქონდა და ორპირი ქარი რომ ვიგრძენი, მივხვდი, შემოსასვლელი კარი ისევ ღია იყო. წყალი დავლიე და ახლა შემოსასვლელს მივაშურე გაოცებულმა ამბის გასარკვევად. ხო და ასეთი სიტუაცია დამხვდა: ღია კარს მიღმა საცოდავად აწურული შიო იდგა და ბებიას დაბნეული შეჰყურებდა. თან ქოთანი ქონდა ჩახუტებული და ისე ძლიერად უჭერდა თითებს, ეტყობოდა რომ სისხლი აღარ უმოძრავებდა. ბებიაც უხმოდ შეჰყურებდა მომავალ სიძეს და ვერც ჩხუბით აგდებდა იქიდან და ვეღარც ბინაში ეპატიჟებოდა. ცოტა სასაცილო სიტუაციაც კი იყო, მაგრამ სტალინას შიშით სიცილს კი არა, გაღიმებას გავბედავდი? _ვაა, შიო?_ცოტა გონზე რომ მოვედი, გაოცებულს აღმომხდა._შემოდი, რა კარში დგახარ?_ეს ისე, სიტყვის მასალად ვკითხე, თორემ კარში რატომაც იდგა ყურაწეული ბავშვივით, მაგას მაშინვე მივხვდი. ბებიამ მექანიკურად დაიხია უკან და გზა დაუთმო ბიჭს. _ეს თქვენ მოგართვით._ენის ბორძიკით ძლივს გაუბედა მკაცრ სასიდედროს და მოუხერხებლად გაუწოდა._არ მინდა ქრთამად ჩამითვალოთ. ისე მოგართვით, რადგან ვიცი რომ გიყვართ. სანამ ბებია მოიფიქრებდა ქოთნის ჩამორთმევას, მე გამოვართვი. _ვაა, რა მშვენიერებაა?!_მოწონებით შევატრიალ-შემოვატრიალე ხელში და მერე ბებიას გავუწოდე._რა მაგარია, ყვითელი ფერიც შეემატა შენს კოლექციას._მერე შიოს გამოვდე ხელკავი და მისაღებში შევიყვანე._მაგარი ხარ. რა იცოდი რომ ორქიდეები უყვარს?_თან ვუჩურჩულე._მისი გულის მოსაგებად წინ გადადგმული ნაბიჯია იცოდე. ასეთი დაძაბულიც ნუ ხარ, მოეშვი ცოტა. მართლა სტალინი კი არ არის და კი არ დაგხვრეტავს._გამეცინა._დაჯე, ბაიას შევატყობინებ რომ მოხვედი და მალე მოამთავროს გამოპრანჭვა. შიო მისაღებში დავტოვე და ბაიას აბაზანის კარზე მივუკაკუნე. _რა იყო?_გაკვირვებულმა გამომძახა. _შეყვარებული გესტუმრა და მისაღებში გიცდის. ცოტა ხანში კარი გაიღო და გასაპნულმა ბაიამ გამოყო სველი თავი. _ვინ? შიო? _სხვა შეყვარებული გყავს?_გამეცინა._მალე გამოდი, თორემ ბებიას ხელში ცოდოა. _გადი და მეც მალევე მოვალ._მაშინვე დაფაცურდა და კარს მიღმა გაუჩინარდა. მე ისევ მისაღებში დავბრუნდი. შიო ისეთი იჯდა დივნის შორეულ კუთხეში, თითქოს პირველად ყოფილიყოს ჩვენს ოჯახში. ნუ, ეხლა, სიძის სტატუსით მართლაც პირველად იყო და ალბათ მიტომაც ღელავდა ასე, მაგრამ მაინც უჩვეულოდ მეჩვენებოდა. ბებიაც შემოსულიყო მისაღებში და მომავალი სიძის მორთმეული ორქიდეა ისევ ხელში ეჭირა და დადება ვერ მოეხერხებინა. _ეგ ფერი არ გქონდა არა?_შევღიმე და მე გამოვართვი ქოთანი._ლამაზი ფერია ძალიან, მე მომეწონა._ყვავილს დავყნოსე და ყვავილებისთვის განკუთვნილ თაროზე ფრთხილად შემოვდე._ყავას ხომ დალევ?_ისევ შიოს მივუბრუნდი, რომელიც უხერხულობისგან ისე იშმუშნებოდა, აშკარად ბებიას გამჭოლი მზერა მოქმედებდა მასზე ასე ძალიან. უაზროდ აიჩეჩა მხრები. მივხვდი, ყავა კი უნდოდა, მაგრამ ბებიაჩემის ერიდებოდა. _შენ, ბებია?_ახლა ბებიას მივუბრუნდი._დალევ? _ხო... წავალ, მე მოვადუღებ, შენ სტუმართან დარჩი._ეს თქვა თუ არა, მაშინვე სამზარეულოში გავიდა. მივხვდი, როგორი შვებითაც ამოისუნთქა შიომ და გამეღიმა. მაგრამ დიდხანს არ გასტანა მისმა სიმშვიდემ. ბებია ლანგარზე კოხტად შემოწყობილი ფინჯნებით ხელში რომ დაბრუნდა, ისევ დაიძაბა ზამბარასავით და მასთან ერთად მეც. _ვაა, ასე უცბად მოადუღე?_გამიკვირდა._შენ რა ყოჩარი ბებიკუნა მყავხარ._ლანგარი ჩამოვართვი და მინის მაგიდაზე ფრთხილად დავდე. ბებია პირდაპირ შიოს ჩამოუჯდა გრაციოზულად წინ და უარესად დააბნია და დაძაბა ლამის ორმეტრიანი ბიჭი. _ჩემი დამოკიდებულება შენს სიძეობასთან დაკავშირებით ალბათ იცი._პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე წამოიწყო ბებიამ და თან თვალი არ მოუშორებია საცოდავად აწურული შიოსთვის. _კი, ვიცი._მორიდებით დაეთანხმა. _ჩემს გარდა ყველას მოსწონს შენი კანდიდატურა. ხო და, ეცადე, რომ მეც შემეცვალოს შენს მიმართ აზრი და დამოკიდებულება... ვაღიარებ, ორქიდეის მორთმევით ცოტა მომილბე გული, მაგრამ ეს ხრიკი სხვა დროს ვეღარ გაჭრის. _ვიცოდი, ორქიდეა რომ აღარ გამომადგებოდა და ამიტომ წინდაწინ შევუკვეთე ჭაობის თეთრი ლოტოსი._თავისებურად რომ გაიღრიჭა შიო, შევკრთი. შიშით გავხედე ბებიას. მეგონა, ატომური ბომბივით იფეთქებდა საცაა, მაგრამ შევცდი. ისე გულიანად იცინოდა სიძის ხუმრობაზე, მეც ავკისკისდი. იმდენი ვიცინე, თანაც გულიანად, რომ მუცლის პრესი დამეჭიმა და ამტკივდა. შიო უბრალოდ იღიმოდა. მართალია, მისი სტალინა სიდედრი გულიანად იცინოდა, მაგრამ მაინც ვერ გაებედა თამამი სიცილი. _ვთქვათ და, არაჩვეულებრივი ლოტოსიც მაჩუქე, მერე?_დაინტერესდა ბებია. _მერე, გაზანიებზე გადავალ. ჯერ მარტო მას, ორმოცდაათი სახეობა ქონია._არ დაიბნა შიო და უფრო გაამხიარულა ბებია. ხო და, რომ შეატყო, სწორი სვლებით მიდიოდა, უფრო გათამამდა._ ვხედავ, ზამბახები არ გაქვთ. ისინიც ძალიან ლამაზებია. თან, როგორც ვიცი, ორასამდე სახეობა არსებობს... ამაზე ხომ მთლად გადაბჟირდა ბებია სიცილით და მასთან ერთად მეც. _გატყობ, ჩემს საამებლად გადაგიშლია ბოტანიკის წიგნი... კარგად კი გამამხიარულე. რამდენი ხანია ამდენი აღარ მიცინია, ჩაგეთვალა._გულწრფელად რომ შეაქო სიძე, შიოს ხომ გაუხარდა ეს ამბავი, მასზე მეტად კი მე, რადგან ყინული ლღვებოდა ნელ-ნელა და სითბოს სუნიც ტრიალებდა მათ შორის. ალბათ, ჩვენი ხმამაღალი სიცილის ხმა რომ შემოესმა ბაიას, გაოცებულმა შემოყო თმაგაბუებული სველი თავი. მე და ბებია გამხიარულებულები რომ დაგვინახა და შიოც არანაკლებ გაღიმებული, უარესად გაოცდა. კითხვითსავსე მზერა მომაპყრო, რა ხდებაო, მაგრამ საიდუმლო ჟესტებით დავამშვიდე, ყველაფერი რიგზეა და ნუ ღელავ-მეთქი. მაინც კარგა ხანს გვიყურა სულელური გამომეტყველებით. ძალიანაც აინტერესებდა რა გვაცინებდა, მაგრამ კითხვა ვერ გაებედა. როდის როდის მიესალმა შიოს და რომ ვანიშნე, წადი ჩაიცვი-მეთქი, ხალათის გულისპირი ინსტიქტურად მოიკრა სწრაფი მოძრაობით და თავის ოთახს მიაშურა ლამის სირბილით. მე, ბებიამ და შიომ კი მხიარულად დავიწყეთ ყავის დალევა. ბაიამ ისედაც სწრაფად იცოდა გამოპრანჭვა და ახლა ხომ საერთოდ, მგონი სამხედრო რეკორდიც კი მოხსნა. თავის ოთახში არ მეგონა შესული, რომ ისევ დაგვადგა თავზე ჩაცმულ-დახურულ-გამოპრანჭული. _შენ რა მაგარი ხარ, ჩვენ ჯერ ყავის სმაც კი არ დაგვიწყია._შევაქე._გინდა, შენც მოგიდუღო?_თან ფეხზე წამოვდექი. _არა, იყოს, მეჩქარება._მაშინვე იუარა. მის პასუხზე შიომ უმალ მოიყუდა ფინჯანი და ორ ყლუპად დალია ქაფქაფა ყავა, (მგონი, პირი გამოიფუფქა საცოდავმა), სასიდედროს მადლობა მოუხადა, ღიმილით დაგვემშვიდობა ორივეს და ისეთები გაცვივდნენ ის და ბაია ბინდან, გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს რომ გაუღებ კარს და სიხარულით გამოფრინდება გარეთ. ბებიას რომ შევხედე, მის მორთმეულ ორქიდეას უმზერდა ისევ ოდნავშესამჩნევი კმაყოფილი ღიმილით და მეც გამეღიმა. ფინჯნები წამოვკრიფე და სამზარეულოში გავიტანე, სახელდახელოდ დავრეცხე. მერე ბებიას შევხედე, რომელიც ისევ ორქიდეას უმზერდა და ეფერებოდა. მყუდროება რომ დავურღვიე, ცოტა შეკრთა. _უი, ბოდიში, სამსახურში მივდივარ და შენც ხომ არ წამოხვიდოდი? _იყოს, ჯერ რაღაც საქმე მაქვს._იუარა._ჩემს გამო შენც ნუ დაიგვიანებ. _კარგი._ღიმილით დავემშვიდობე, ლოყაზე სიყვარულით ვაკოცე და მეც თავისუფლებამოპოვებული ჩიტივით გავფრინდი ბინიდან. სადარბაზოდან რომ გავდიოდი, ლეოს ძიძას გადავაწყდი. ცოტა არ იყოს შევკრთი. თვითონაც არ მოელოდა ალბათ ჩემთან შეხვედრას, რადგან გაოცებისგან სასაცილოდ დაჭყიტა თვალები. _თქვენ აქ საიდან?_გამიკვირდა. _მე, ძველ ნაცნობს მოვაკითხე და თქვენ?_ენის ბორძიკით მკითხა რატომღაც. _მე აქ ვცხოვრობ._ეს რომ ვუთხარი, უარესად გაოცდა. _ვაა, მართლა? _ხო, რატო გიკვირთ? არ შეიძლება აქ ვცხოვრობდე?_გამეღიმა. _როგორ არა... უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, ძველი მეგობრის სანახავად რომ მოვიდოდი და თქვენ გადაგეყრებოდი აქ. _ლეო ხომ კარგადაა?_დავინტერესდი ბიჭის მდგომარეობით. _კი, კარგადაა. ძალიანაც მაინტერესებდა რომელი მეგობრის სანახავად მიდიოდა ჩვენს სადარბაზოში. თანაც, ასე რომ შეაკრთო ჩემთან შეხვედრამ, რა ხდებოდა, მაგრამ იმ მომენტში ზეზვამ დამირეკა, ჩვენს კაფეში ვარ და გელოდებიო. სასწორის პინამ კი რაღათქმა უნდა ზეზვასკენ გადაწონა, იქვე დავემშვიდობე ლეოს ძიძას და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი პაემანზე, რათა ბევრი დრო არ დამეკარგა და სამსახურში არ დამგვიანებოდა. შორიდანვე შევნიშნე სიცივის მიუხედავად გარეთ მდგომი ზეზვა და გულმა საამოდ დამიწყო ძგერა. ყოველი მისი დანახვა ხომ სიამოვნებით მავსებდა? მანქანა ნაპირზე შევაჩერე და კი არ გადავედი, გადავფრინდი. ლოყაზე კოცნით მომესალმა და უარესად ამიჩქარა გული. ის ადგილი კი, სადაც მისი ტუჩების ნაზი შეხება ვიგრძენი, ამომეშანთა თითქოს. _მომენატრე._ჩურჩულით რომ დაამატა, მაშინ კი სუნთქვა შემეკრა და აღელვებული ნაბიჯებით ძლივს შევედი კაფეში. ჩვენს ამოჩემებულ მაგიდას შემოვუსხედით და შეკვეთის მოლოდინში გარშემომყოფები შევათვალიერე უაზროდ. უაზროდ იმიტომ, რომ ზეზვას რაღაცნაირ მზერას ვერ ვუსწორებდი თვალს და მღელვარება რომ დამეფარა ასე ვირთობდი თავს. ერთხანს ჩუმად ვისხედით. ვატყობდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უჭირდა რატომღაც. ბოლოს, როგორც იქნა მოიკრიბა გამბედაობა და გაუბედავად წამოიწყო. _მართალია, დიდიხანი არ არის რაც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ იმ დღიდან მოყოლებული, როცა თავი შევირცხვინე და ზურგით გავცურდი შენს წინაშე და შეშფოთებული დამყურებდი ზემოდან, მოსვენება დამაკარგვინა შენმა ლამაზმა თვალებმა._მორიდებით მითხრა და თან მორცხვად შემომღიმა._არ ვიცი, შეიძლება ძალიან ვჩქარობ და ამით დაგაფრთხობ კიდეც, მაგრამ გადავწყვიტე გრძნობებში გამოგიტყდე... მომწონს შენთან ურთიერთობა. ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყება და მთავრდება. ყოველი ფიქრი, რაც შენ გიკავშირდება, ბედნიერებით მავსებს. სერიოზულად ვფიქრობ შენზე..._მაგიდაზე დალაგებულ ჩემს ხელებს დასწვდა და მოულოდნელად მოიმწყვდია მუჭში. ჩვენს გარშემო სამყარო გაჩერდა თითქოს. ლამის ყოველ საღამო ვფიქრობდი და ვოცნებობდი ამ მომენტზე და რამდენნაირად აღარ წარმომედგინა, როგორ გამომიტყდებოდა გრძნობებში. ან, მე რა რეაქცია მექნებოდა და რას ვიგრძნობდი. უნდა ვთქვა, რომ რეალობამ მოლოდინს მართლაც გადააჭარბა. ვეღარავის და ვეღარაფერს ვხედავდი ჩვენს ირგვლივ მისი თვალების გარდა და აღარაფერი მესმოდა მისი ხმის გარდა. გული ისე გამალებით და ხმაურით მიცემდა, ასე მეგონა ზეზვასაც ესმოდა მისი ხმა. _შეიძლება ვცდები, მაგრამ გატყობ, რომ არც შენ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი... უფრო ამან გამაბედინა ყველაფრის თქმა... არავინ ვიცით ვის რა მოგველის მომავალში და ვის რამდენი დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ არ მინდა ეს დრო უქმად დავკარგო და შენს გარეშე გავატარო... შეიძლება ისეთ მარალფარდოვან და რომანტიკულ სიტყვებს ვერ გეუბნები, როგორსაც იმსახურებ, მაგრამ მერწმუნე, ჩემი გულიდან არის წამოსული თითოეული სიტყვა. მიყვარხარ..._ბოლო სიტყვა რაღაც იდუმალებით მოცული ხმით მითხრა და უარესად ამიჩქარა გული. მთელს ტანში ჭიანჭველებივით დამესივნენ სასიამოვნო განცდის ტალღები. მისი თვალებიდან წამოსული უდიდეს სითბო მათბობდა და სიყვარული მაბედნიერებდა. მის მუჭში მომწყვდეული ჩემი ხელები ერთიანად თრთოდნენ. შეკვეთა ისე მოგვიტანეს და ისე დაგვილაგეს წინ, მართლა არ გამიგია არაფერი. მისი თვალების იქით ვერაფერს ვხედავდი. _ვერ შეგპირდები, რომ ციდან ვარსკვლავებს მოგიწყვეტ და ქვეყანას ფეხქვეშ გაგიგებ-მეთქი, მაგრამ იმას დანამდვილებით გეტყვი, რომ სიკვდილის ბოლომდე მეყვარები. შენზე ვიზრუნებ და არავის მივცემ იმის უფლებას, რომ გული გატკინოს... შენი ტკივილი ჩემი ტკივილი იქნება და შენი სიხარული გამაბედნიერებს მეც. მინდა, რომ ცოლად გამომყვე და... და... და ჩემი შვილების დედა იყო._ბოლოში ენა რომ დაება, გაწითლდა კიდეც ჭარხალივით. გვიან გავიაზრე რაც მითხრა. მართალია, შიოსავით ბეჭედი არ დაუძვრია ჯიბიდან და ისე არ უთხოვია ცოლობა, მაგრამ მაინც მთხოვა. მაინც არაჩვეულებრივი და ორიგინალური თხოვნა იყო, მე ასე ვთვლი. არ მეგონა, თუ ასე მალე იმოქმედებდა. ალბათ, შიოს და ბაიას ამბავმა უფრო გადააწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა. გაოცებულ-გაოგნებული შევყურებდი თვალებში და ვერც უარს ვეუბნებოდი და ვერც თანხმობას. თუმცა, უარი რატო უნდა მეთქვა ვითომ? მეც ხომ ძალიან მიყვარდა ეს ბიჭი და მასზე ფიქრში ვათენებ-ვაღამებდი? _მოსაფიქრებლად დროს მოგცემ. არ მინდა ნაჩქარევი და ნაუცბადევი გადაწყვეტილება მიიღო. არც არაფერს დაგაძალებ._ჩემი ხელები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა. ასე ვთქვათ, მთლიანად დავიშალე. მოვწყდი, მოვდუნდი და მოვეშვი ერთნაირად. მის ტუჩებს შევავლე ფარული მზერა და მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. წარმოვიდგინე, ტუჩებში რომ ეკოცნა, რა დამემართებოდა. გული სიხარულისგან გამისკდებოდა ალბათ. მერე, ჩემი ფიქრების და ზრახვების მე თვითონვე შემრცხვა და მასაც რომ არ წაეკითხა ჩემს თვალებში და არ ამოეცნო, რა აზრებიც მიტრიალებდა თავში, მზერა მოვარიდე. ხელები გავინთავისუფლე მისი ხელებიდან და მღელვარების დასაფარავად ყავის ფინჯანს გადავწვდი. მის დაჟინებულ მზერას კი ვგრძნობდი, მაგრამ შეგნებულად არ ვუყურებდი თვალებში, რათა არ გამეყიდა თავი. ალბათ, ჩათვალა, რომ მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა და აღარაფერი უთქვია. თვითონაც ფინჯანს დასწვდა და მცირე ყლუპით მოსვა სურნელოვანი სითხე. მე კი, მე უბრალოდ გაოგნებული ვიყავი და იმიტომაც ვერ ვიღებდი ხმას, თორემ რა მოფიქრება მჭირდებოდა? გაოგნებული კი არა, ბედნიერი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბედნიერება გამუნჯებს ადამიანს. ბევრი რამის თქმა გინდა. შენთვის, გულში, ბოლო ხმაზე ყვირიხარ კიდეც, მაგრამ სინამდვილეში კრინტს ვერ ძრავ. თითქოს ბოქლომი გედოს პირზე... მართალია, მეც იმ დღეს არ ჩამვარდნია გულში, ჩემს წინ რომ გაიშხლართა და ზურგით გაცურდა საღებავით მოსვრილი, რადგან მისი სახე არ დამინახია, მაგრამ ექიმის კაბინეტში ბიულეტენი რომ დარჩა, იმ დღეს კი მართლაც მომეწონა პირველივე დანახვაზე. არ არსებობს, ერთი ნახვით შეგიყვარდეს ადამიანი. უბრალოდ, იმ პირველ ჯერზე მოგწონს და ყურადღებას აქცევ. მერე და მერე გიყვარდება თუ გიყვარდება... ხო და, მეც მერე და მერე შემიყვარდა ეს უაღრესად პატიოსანი, მშრომელი და საყვარელი ბიჭი... საუბარი ისე ოსტატურად გადაიტანა სხვა თემაზე, რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო. ყავა სიამოვნებით დავლიეთ ერთად, ტკბილეულიც სიამოვნებით მივირთვით და მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რათა სამსახურში არ დამგვიანებოდა. როგორ მივედი კლინიკამდე, მართლა არ მახსოვს, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ეგ კი არა, მთელ დღეს ეიფორიის შეგრძნება არ მტოვებდა და სამსახურში კი არ დავდიოდი, ფრთაშრსხმული დავფრინავდი. თითქმის ყველა მამჩნევდა ამ სახეცვლილებას და მეკითხებოდნენ კიდეც, მაგრამ ბაიას მოსალოდნელ ქორწილს ვიმიზეზებდი. ესეც კი იყო, მაგრამ მე ჩემი ბედნიერებაც მახარებდა და მაბედნიერებდა. დღემ ისე ჩაიარა, ვერც კი შევნიშნე, ბებია სამსახურში რომ არ გამოცხადებულა. მხოლოდ წასვლისას მოვიკითხე და ძალიან გამიკვირდა რომ არ იყო. არც სახლში მისულს დამიხვდა შინ. დავურეკე და არ მიპასუხა. უჩვეულო იყო მისი მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლობა და ავღელდი. ბაიას დავურეკე და იმან სულ არ იცოდა არაფერი. ბაბუა ცვლაში იყო და დილის მერე აღარ მინახია, ვიღაცას უნდა შეხვედროდა და მე ადრე გამოვედი სახლიდანო. უმალ ამომიტივტივდა ლეოს ძიძა მეხსიერებაში. ნუთი, ბებია იყო ის ძველი ნაცნობი თუ მეგობარი, ვის სანახავადაც შემოდიოდა ჩვენს სადარბაზოში ის ქალი? თუ მართლა ლეო ჩემი ძმა იყო, გამოდის, ბებიას საიდუმლო კავშირი ქონდა თავის მოღალატე შვილთან და ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა? დღევანდელი ბედნიერება უმალ გააუფერულა ამის გააზრებამ და გუნებაც წამიხდა. ხელმეორედ ვცადე ბებიასთან დარეკვა და როდის-როდის მიპასუხა, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი და მოვდივარ უკვეო. აჰა, ესე იგი , შეხვდა თავის მოღალატე შვილს და მოდიოდა უკვე? დავიბოღმე და გუნება უარესად მომეშხამა. ჩემი დარეკვიდან ერთი საათის გასვლის მერე მამაჩემი და ბებია ერთად მოვიდნენ. ეჭვით შევათვალიერე ორივე. ნუთუ, ეს კაციც თავის მოღალატე ცოლის სანახავად იყო მისული? ბებია უგუნებოდ იყო აშკარად. დაღლა მოიმიზეზა, ვახშამზე უარი თქვა და თავის ოთახში გამოიკეტა. მამაჩემი კი დაღლის მიუხედავად მაინც სიყვარულით მომეალერსა, ჩვეულებისამებრ ჩემი დღევანდელი დღის ამბებითაც დაინტერესდა და გამომკითხა კიდეც, მაგრამ მე მოვუყევი ზერელედ. _აშკარად გადაღლილი ხარ._სიყვარულით შემომღიმა და შუბლზე ნაზად მაკოცა._მოდი, მე მოგეხმარები მაგიდის გაწყობაში._ხელები დაიკაპიწა, აბაზანაში გადაიბანა და მართლაც ერთობლივად შევუდექით საქმიანობას. _შენ და ბებია ერთად იყავით?_ისე, სხვათაშორის ვკითხე. _არა, სადარბაზოსთან შევხვდით ერთმანთს. რატო მეკითხები?_გაუკვირდა. _რაღაც უგუნებოდ ჩანს და რა მოუვიდა-მეთქი. _არ ვიცი, არაფერი უთქვია... თუმცა, თქმა რად უნდა, შვილს ათხოვებს და პატარა ამბავი ხომ არ არის ეგ?_წამიერად გაჩუმდა და მერე რაღაცნაირად იდუმალი ხმით დაამატა._მე როგორ შევეგუები ნეტა შენს გათხოვებას?_ თან, ეშმაკურად შემომღიმა. თვალებში რომ შევხედე, მომეჩვენა, რომ ჩემი და ზეზვას ამბავი ზედმიწევნით იცოდა. ან, სადმე დაგვინახა ერთად, ან არა და , ვინმემ მიუტანა ამბავი. ავღელდი და ავფორიაქდი. იმ ასაკიდან გამოსული ვიყავი უკვე, ყველა ჩემს საიდუმლოს გულახდილად რომ ვანდობდი-ხოლმე. მის დაჯინებულ მზერას თვალი ვეღარ გავუსწორე და მღელვარების დასაფარავად გაწყობილ სუფრას უაზროდ დავუწყე წვალება. (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.