#21 [ თავი XV ]
XV 12.04 არ მახსოვს რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ფლინმა ის საზარელი სიტყვა სახეში შემაფურთხა. დღე და ღამე უხალისოდ ცვლიდნენ ერთმანეთს. თითქოს, დროის სვლა პერსონალურად ჩემთვის შენელდა და საათის ციფერბლატზე წამი უდრიდა წუთს. მაგრამ მე ამასაც ვერ ვგრძნობდი. მე კი ვიდექი საკუთარი წარსულის უმტვერო არქივში, რომლის თითოეულ კუთხე-კუნჭულს თრთოლვით ყოველდღე ვუმზერდი, ვკითხულობდი, ვუსმენდი და ვგრძნობდი. არ ვაძლევდი საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, მაგრამ ამავდროულად, ჩემი ეს ქმედება დამღუპველი იყო. რაღაც უნდა შემეცვალა. ვხვდებოდი ამას, მაგრამ მიჭირდა განმეხორციელებინა. ძალა გამომეცალა და ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი ჩემი თითების წვერები იყო. ისინი პულსირებდნენ. თითქოს, ჩემში არსებული მხნეობის ბოლო წვეთია შენარჩუნებას ცდილობდნენ. არ უნდა წამოვგებულიყავი ფლინის პროვოკაციას, არ უნდა დამეჯერებინა მისი სიტყვებისთვის, მაგრამ საკმარისი იყო მხოლოდ ერთხელ, სულ ერთი წამით გამევლო გულში, რომ ეს ფრაზა შესაძლოა რეალობასთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე მეგონა, რომ, ფაქტობრივად, ლოგინად ჩავვარდი. ჩემი მდგომარეობა იმდენად წყალწაღებული იყო, რომ კორნელის საკანში შემოსვლა რამდენჯერმე მას შემდეგ გავიგე, როდესაც მწოლიარეს მხარზე შემეხო და ჩემი ყურადღების მიპყრობა სცადა. მაჭმევდა. ჰო, თავისი ხელით მაჭმევდა, მაგრამ არა იმ ციხის სალაფავს, რომელიც ყოველდღიურად უნდა მეჭამა. რაციონი გამიმრავალფეროვნა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. თითქოს, გემოს რეცეპტორები დაბლაგვდნენ და ვერაფერს აღიქვამდნენ სათანადოდ. არ ვმოძრაობდი. ერთი ორჯერ კორნელმა ძალით ამაყენა, მაგრამ მუხლები მომენტალურად მომეკვეთა და ძირს რომ არ დავვარდნილიყავი, ფლინმა შემაშველა თავისი ხელები. მეზიზღებოდა მთელი ჩემი არსებით. მძულდა ყველა ატომით და მჭირდებოდა, როგორც ჰაერი. ის იცნობდა ისეთ ნილს, რომელსაც არ ვიცნობდი მე. მე მჭირდებოდა ის, რაც მან იცოდა ნილზე. მჭირდებოდა წმინდა წყლის სიმართლე ჩემ ძმაზე, რომელმაც თავი მოიკლა ან მოკლეს. თუ მე მოვკალი, განმანათლოს უგუნური, რა დავაშავე, რის გამოც ჩემმა ძმამ თავი მოიკლა… … მერამდენეღაც დღეს წამოვდექი. გამიჭირდა, განსაკუთრებით, სახსრების მოხრა. აუტანელმა, ყრუ ტკივილმა დამიარა მთელ სხეულში და ეს ჯერ კიდევ ადგომაც არ იყო. უბრალოდ, წამოვჯექი. მთელი სხეული მიკანკალებდა უძლურებისგან, მაგრამ ჩემი სიმტკიცე ამ დღეს ყველაზე მედგრად იდგა, ვიდრე ოდესმე. რაღაც მოკვდა ჩემში, შემდეგ კი კვლავ დაიბადა. რაღაც, რამაც მაიძულა ჩემი განადგურებული ყოფა ხელახლა ამეშენებინა. კვნესა-კვნესით დავეყრდენი ხელებს, რათა შემძლებოდა ავმდგარიყავი, მაგრამ ჩემი მცდელობა კრახით დასრულდა. იატაკზე მუხლებით დავეცი და არაადამიანური გმინვა აღმომხდა. არ გავტყდი. კვლავ დავეყრდენი ხელისგულებს და ვცადე… ასე რამდენიმეჯერ, მაგრამ წარუმატებლად. არ მახსოვს რამდენი ცდა დამჭირდა, რომ სასურველი შედეგისთვის მიმეღწია, მაგრამ მე ეს შევძელი. კმაყოფილმა გავიარე ხუთიოდე ნაბიჯი, რომელიც კარს მაშორებდა და მისი გაღება ვცადე. გულში, რომელიც არანორმალურად სწრაფად ცემდა, ვფიქრობდი - ნეტავ, არ გაიღოს-მეთქი. მინდოდა, რომ კორნელის სიტყვები, კართან დაკავშირებით, ტყუილი ყოფილიყო, მაგრამ შევცდი. დაიჭრიალა, გაუჭირდა, მაგრამ გაიღო. რკინის, ჟანგმოკიდებული და სიძველის სუნისგან აყროლებული კარი გაიღო. კარი ყოველთვის ღია იყო, მე კი ერთხელაც არ ვცადე მისი გაღება. დაარწმუნე ადამიანი, რომ მინა ტყვიაგაუმტარია და იგი მას არასოდეს ესვრის. თუმცა ვინც არ ნებდება, ტყვიას მაინც არ დაიშურებს. ისტერიკული სიცილი ამიტყდა და ამავდროულად, სიმწრის ცრემლები გადმოვყარე. ამდენად შეშლილად თავი მაშინაც არ მიგრძვნია, როდესაც ფსიქიატრიულში ვიწექი სხვა შეშლილებთან ერთად და ვისმენდი მათ სხვადასხვაგვარ ისტორიებს. ზოგის ბოდვას, ზოგის საინტერესო ცხოვრებას… იქნებ, ჩემი საუბარიც იყო სხვისთვის ბოდვა?! ვინ იცის… ნელი ნაბიჯებით ავუყევი კიბეებს. გული მიგრძნობდა, რომ კორნელი აქ იყო. მეორე სართულზე ბევრი ოთახი იყო, მაგრამ თითქმის ყველა, უბრალოდ ცარიელი, მტვრიანი და მივიწყებული. მესამე სართულის კიბეებიდანვე იწყებოდა ცვლილებები. მარმარილოს კიბეებმა ოდნავადაც კი არ გამაოცეს. ფლინის ჯიბე გამახსენდა და მობეზრებით ავუყევი საფეხურებს. აქ უზარმაზარი დარბაზი იყო. მბჟუტავი განათების ფონზე მხოლოდ მონიტორების დანახვა შევძელი. იმდენი მონიტორი ჰქონდა, თვლა ამერია. თავად კი მათ არ უმზერდა, დიდზურგიანი ტყავის სავარძელი ცარიელი იყო. ლასლასით მივუახლოვდი კომპიუტერს და ამ რბილ სავარძელში ჩავესვენე. სულ რაღაც ათიოდე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რას უყურებდა აქ ფლინი. პირველ მონიტორზე ჩემი საკანი იყო, მეორეზე შენობის შესასვლელი, მესამეზე ვიღაც ქალი, რომელსაც ვერ ვცნობდი, მეოთხეზე კი… ჩემი ბინის გამოსახულებამ შემძრა. თვალები გამიფართოვდა და მზერა გავუშტერე საკუთარ ბინას. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი და ვხვდებოდი, ყველაფერი ისე იყო, როგორც დავტოვე. ყოველი შემთხვევისთვის, ყველაფერი ისე მახსოვდა, როგორც ჩანდა გამოსახულებაზე. მაგრამ, მიუხედავად ხელშეუხებლობისა, საშინლად განვრისხდი, როდესაც მივიღე ის ფაქტი, რომ ჩემს ბინაში კორნელ ფლინმა სათვალთვალო კამერა დააყენა. მაუსს სწრაფად დავავლე ხელი და ძებნა დავიწყე. რაღაც ხელმოსაჭიდი მაინც უნდა ყოფილიყო აქ. რაღაც ისეთი, რაც რომელიმე ჩემს შეკითხვას პასუხს გასცემდა, რაიმე ინფორმაციას მომაწოდებდა დამატებით კორნელზე, რის გამოყენებასაც შევძლებდი. მაგრამ ერთადერთი, რაც ვიპოვე უსახელო ფაილი იყო, რომელშიც ორიოდე ვიდეოჩანაწერი მოიძებნებოდა. ერთი ათწამიანი, სადაც დილის ხუთ საათზე, უბრალოდ, წინ და უკან დავდიოდი. მეორე კი სამიოდე წუთი გრძელდებოდა. ყურსასმენებს დავწვდი და ვიდეო ჩავრთე. ჩემი ბინის გამოსახულება დავინახე. მეუცნაურა, მაგრამ რამდენიმე წამში კადრში ქალი გამოჩნდა. მუშტები შევკარი და აღელვებაშეპარულმა ქალის ნაკვთების სწავლა დავიწყე. ის კი კამერის წინ დადგა და ლაპარაკობდა. სიტყვები თან მესმოდა, თან არა. ათი წლის ბავშვი დავინახე მის ადგილას და მივხვდი, რომ ეს ქრისტინი იყო. ქრისტინი, რომელიც თვრამეტი წელიწადია თვალით არ მენახა და სიკვდილამდე მომნატრებია. ქრისტინი, რომელიც დაბნეული აცეცებდა თვალებს და ამ სიტყვების წარმოთქმისას შიშის დაფარვას ვერ ახერხებდა. ქრისტინი, რომელიც ყველაფრისდა მიუხედავად, მოვიდა და დახმარების ხელი გამომიწოდა. სიტყვა დაამთავრა თუ არა ჩუმად ავტირდი. ბედნიერებისგან თუ სირცხვილისგან, რომ ისიც ჩავითრიე, ვერ მივხვდი, მაგრამ ავტირდი. მოთქმის დროს კი გონებაში ქრისტინის სიტყვები მეხივით გავარდა - "ვიცი, რომ ოცდამეერთე არ არის…" და მე გავჩერდი. დაცარიელებული მზერა მივაპყარი მის გამოსახულებას და გული შემეკუმშა. ოცდამეერთე არ არის?! - მკითხე. - ჩემ უკან იდგა და რიტმულად სუნთქავდა. - კორნელ… - სავარძელი შევატრიალე და მზერა მის სათვალეზე გამიშტერდა. - მეგან. - თითებს შორის სიგარეტი ჰქონდა მოქცეული და არც იატაკზე დაფერფლებას ერიდებოდა. - მერამდენე ვარ? - კითხვის ნიშნად ვიყავი გადაქცეული. - ერთადერთი. - მხრები აიჩეჩა კაცმა. მივხვდი, რომ უფრო ღრმად ჩავედი, როგორც ფლინს უნდოდა და სიმწრით ჩავიღიმე. - რამდენი წელია, რაც ამ თამაშს თამაშობ? - მიამიტურად ვკითხე და იმედი მქონდა, რომ სიმართლეს მეტყოდა. ცრემლები ჯერ კიდევ იკვლევდნენ გზას ჩემს ღაწვებზე და მწვავდნენ კანს, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. - ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? - კვლავ აიჩეჩა მხრები. ამ ბნელ ოთახში ისევ ეკეთა მზის სათვალე და თეთრად ანათებდა მისი სამოსი. - ჩემგან რა გინდა? - ამოვიკვნესე. - მე? მე არაფერი. - შენ თუ არა ვის ? - ბრაზის თავიც არ მქონდა. - ნილს. - ხმა ყინულივით ცივი გაუხდა და ამ ტონით გაჟღერებულმა ძმის სახელმა ჟრუანტელი მომგვარა. - რა… რა უნდა ნილს ჩემგან? - ამიჩქარდა მფეთქავი ტუმბო. - იცი? დამღალე. - მობეზრებით ჩაილაპარაკა. - თვითგვემის გარდა, არის რამე, რასაც პროფესიონალურ დონეზე ფლობ? - თუ დაგღალე, აქ რას ვაკეთებ?! - სასოწარკვეთილმა ჩუმად ვიკივლე სიტყვები. - იმიტომ, რომ მე მას სიტყვა მივეცი. - ვის?! - სულელი ხარ თუ თავს ისულელებ, აი, რას ვერ ვხვდები. - ცოტაც და ალბათ, ყელში მეცემოდა. - ნილს? - თრთოლვით წარმოვთქვი მისი სახელი. - ჰო, ნილს. ჩემს მეგობარს და ახლო ადამიანს. ადამიანს, რომელიც ერთადერთი იყო ჩემს ცხოვრებაში, ვინც შეძლო და ოდნავ მაინც გამიგო. - სევდისფერი გახდა მისი აურა და ტკივილით გაიჟღინთა ჰაერი მთელ დარბაზში. გული შემეკუმშა იმის გააზრებისას, რომ ნილს ასეთი გულითადი მეგობარი ჰყავდა, მე კი არ ვიცოდი. - რატომ? - ცრემლები ვერ შევიკავე. - რატომ მოიკლა თავი, კორნელ? რატომ დამტოვა? - სახე ხელებში ჩავრგე და ავტირდი. - ნილი შენი მოკლულია, მეგან. მან შენ გამო მოიკლა თავი! შენი ბრალია, რომ იგი ახლა ცივ მიწაში წევს და აღარასოდეს ადგება! - იღრიალა და მისი ხმა ექოდ მოედო კედლებს. ჰაერმა ვიბრაცია დაიწყო ხმაში არსებული მრისხანების ფონზე. - რა დავაშავე?! სიყვარულის მეტი არაფერი მიჩუქნია მისთვის! სიკეთის მეტი არაფერი მდომებია და გამიკეთებია! რა დავაშავე, რა?! - ამჯერად კორნელის ხმა ჩემმა ჩაანაცვლა. - შენმა ავადმყოფობამ დაღუპა ნილი! იცი რა მითხრა პირველი შეხვედრისას?! იცი? - მხრებში მწვდა და შემაჯანჯღარა. - ავად ვარო, ავად მეგანითო. - რა? - თვალები გამიფართოვდა და ბაგე ოდნავ შევხსენი. უზარმაზარი გორგალი მომადგა ყელში, რომლის გადაყლაპვაც ვერ შევძელი. კორნელმა კი მოყოლა დაიწყო. … - მე… ავად ვარ, კორნელ. - ამის გაგონებისას ფლინს წარბი შეეჭმუხნა. არ ელოდა დიალოგის ასე წარმართვას. - არ ელოდი, არა? ეს მხოლოდ მე ვიცი და შენ. - რა ჰქვია შენს დაავადებას? - მეგანი. - თქვა და სახე გაებადრა. - ინცესტი? - არა. მე მეგანით ვარ ავად, მეგანი კი ჩემით. ეს სამყარო ვერ დაიტევს ასეთ კავშირს. - შენ გინდა თქვა, რომ განსაკუთრებული ხარ? - ეცინებოდა კაცს. ჯერ ბოლომდე ვერ ჩასწვდა ნათქვამის არსს. - შენ თვითონაც იცი, რომ რამდენადაც ერთმანეთისგან განვსხვავდებით, იმდენად ერთნაირები ვართ. - ფილოსოფიაში გაიჭრა ნილი. - თხუთმეტი წლის ღლაპისთვის მეტისმეტად ბრძნულ გამონათქვამებს ისვრი. - ჩაფიქრდა ფლინი. - ცუდია? - ცუდი და კარგიც პირობითია, ის, რაც შენ გჭირს - სამწუხაროა. - არ ვაპირებ ტკივილებისგან კრუნჩხვებში ჩავარდნას და მეგანის ხელებში სიკვდილს. - მუშტები შეკრა ბიჭმა. - შენ უკვე აკეთებ ამას. შენი და კი შენზე სულელი ყოფილა - შენს მდგომარეობას თუ ვერ ამჩნევს. - კბილებს შორის გამოსცრა. ბრაზი შეიმჩნეოდა მის ყოველ მოქმედებაში. - ჩემ გარეშე უკეთესია. - თვალი თვალში გაუყარა კაცს. - სიტყვა გარანტიის მნიშვნელობა იცი? - ბანზე აუგდო სიტყვის სიმტკიცე. - გარანტია არასდროს გვექნება, ფლინ. ჩვენ ცხოვრებას ვარაუდებზე დაყრდნობით ვაწყობთ. - ხმა აიმაღლა ჰემფრიმ. - ჰო, მართლაც სამწუხაროა, რომ დროზე ადრე დაბერდი. - ნაფაზისგან რგოლები გააკეთა და ოთახში გაუშვა. - შენ, ფლინ? - რა? - შენ რამდენი წლის ხარ? - წელი ვთქვა თუ საუკუნე ? - უკბილოდ იხუმრა და სევდიანად გაიღიმა. - გთხოვ… - ბოლოჯერ ამოთქვა ეს სიტყვა და კაცს ჩააჩერდა თვალებში. მიხვდა - რატომ მალავდა იგი თვალებს მზის სათვალის მიღმა. ამან კი შეძრა. - ცდა ბედის მონახევრეა, მოდი ვივარაუდოთ. - თქვა და შემოსასვლელი კარი გადაკეტა. - თქვი, რომ ეს სამყარო ვერ დაიტევს თქვენს კავშირს, არა? - მესამე ჭიქა ვისკი ჩაცალა კაცმა. - ასეა. - კვლავ გაიბადრა, როდესაც თავისი და დაუდგა თვალწინ. - ეს სამყარო… შენს სამყაროს გულისხმობ? - არა, ჩვენ ირგვლივ არსებულს. - თავი გააქნია უარის ნიშნად. - ამბობენ, სამყარო უსასრულოაო, ნილ. - ცდიდა ბიჭს, ეს ფაქტი იყო. - უსასრულოა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ამას ვგრძნობთ, კორნელ. მე თუ ვერ ვგრძნობ კოსმოსს, ის ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს. - რა მარტივია, არა? უბრალოდ, უბრალოდ, უბრალოდ… - არა, არც იმდენად მარტივია, როგორც ჩანს. - თავი გააქნია. - პარადოქსია, უბრალოდ. - უბრალოდ, ეს შენი სამყაროსთვისაა ზედმეტი თქვენი კავშირი, თორემ აქაურობას ფეხებზე ვკიდივართ, ნილ. - კისერი გაატკაცუნა კაცმა. - რის თქმას ცდილობ, ფლინ? - წარბი შეკრა ბიჭმა. - იმის, რომ აღიარება არ გინდა, რომ არ გსურს მასთან ურთიერთობა, ამის გამო კი სამყაროს აბრალებ, ვერ გვიტევსო, ბავშვურად ჟღერს, არა? - ტუჩის კუთხე ჩატეხა კორნელმა. - ბავშვური ის იქნება, ახლა იდიოტივით რომ ავვარდე და ჩხუბი აგიტეხო ამ სიტყვებისთვის. - მაგრამ შენ ამას არ იზამ. - დაასრულა მისი სიტყვა კორნელმა. - არა. იაფფასიან პროვოკაციაზე ნამდვილად არ წამოვეგები. - ანუ, შენი პროვოცირება მაინც შესაძლებელია. - გაეცინა კაცს და ვისკი ჩამოასხა. ნილი უკვე შეზარხოშებული იყო, ამიტომაც ფლინის შემოთავაზებულ კიდევ ერთ ჭიქაზე უარი თქვა. - ჰმ, მეგანი გაგიბრაზდება? - რაღაც მხრივ, დასცინა კიდეც. - არა, ინერვიულებს. მე კი არ მსურს, რომ ინერვიულოს. - თვალები დახარა და იატაკს მიაშტერდა. - ნერვიულობა ბუნებრივია, ნილ. საყვარელი ადამიანები ერთმანეთზე ნერვიულობენ. - ალბათ, სცადა დაემშვიდებინა ბიჭი. - მეგანი სხვანაირია… ის, მას… გულთან იმდენად ახლოს მიაქვს ყველაფერი, რომ… - რომ ენა გებმის. - ჰო… როდესაც მასზე ვსაუბრობ, ემოციების შეკავება მიჭირს. - გაეღიმა. - შეყვარებულ თინეიჯერს ჰგავხარ. - გადაიხარხარა ფლინმა. - არავითარ შემთხვევაში! ის იმდენად სუფთა და მიამიტია, რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს, კორნელ! - თვალები აენთო ბედნიერებისგან. - წრფელი და გულჩვილი. - შეუძლებელია?! - ტუჩები გააწკლაპუნა კაცმა. - გაყინულ გულსაც გაალღობსო, მეტყვი ცოტა ხანში. - გაეღიმა. უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა მის თითოეულ ატომს. ამ ბიჭთან თავს ძალიან თავისუფლად გრძნობდა და ეგონა, რომ ეს მათი მეორე შეხვედრა კი არ იყო, არამედ მთელი ცხოვრებაა იცნობდა ამ ადამიანს. - გაალღობს! შენსასაც კი გაალღობს! - სიცილით ჩაილაპარაკა და ხელები თავქვეშ ამოიდო. - რომ გაალღოს, მერე? - მერე? ინანებ. - კბილი კბილს ძლიერად დააჭირა. - რას? - თვალი მოჭუტა კაცმა. - იმას, რომ შენი სიყვარულის გამო შენ თვალწინ კვდომას დაიწყებს. თვალის კუთხეში გაპარული ცრემლი უჩუმრად მოიწმინდა. მაგრამ კორნელმა ყველაფერი დაინახა. ცრემლიც, სევდაც, სიყვარულიც, სიძულვილიც, ბედნიერებაცა და უბედურებაც, რომელიც ეკუთვნოდა მხოლოდ ერთ ადამიანს და… კორნელს შესძულდა მეგანი. მეგანი მას ართმევდა ჯერ არშეძენილ მეგობარს, მაგრამ თავად ამას ვერ იაზრებდა. პ.ს. პატარაა კი, მაგრამ მაინც მომინდა დადება. გაწვალებთ ძალიან და ასე მაინც მოგთაფლოთ. :დ ლავ ია, ხალხო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.