შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (18)


4-08-2021, 07:22
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 1 871

ცოტა დავმშვიდდი ბაიასი და მისი მომავალი შვილის ამბები რომ გავიგე. ზორბას აღარ გავძალიანებულვარ, ლიდა ექიმის თხოვნას თუ ბრძანებას დავემორჩილე და მართლაც მოსაცდელში ჩავედი.
ზორბაც უკან მომყვა ხმისამოუღებლად.
ჩემი ფეხსაცმელები ობლად დარჩენილი ბავშვებივით გამოიყურებოდნენ სკამის ქვეშ წაქცეულები. მივედი და სკამზე ფეხმორთხმით დავჯექი. დრო საშინლად გაიწელა. საშინელება იყო ლოდინი, თანაც მარტო რომ ვიყავი. მართალია, ბაიას არ უნდოდა რომ დედამისს გაეგო, მაგრამ მარტომ ძალიან უსუსურად ვიგრძენი თავი და ამიტომ დავურეკე.
_ბებია, როგორ ხარ?_ჯერ ნიადაგის მოსინჯვა ვცადე.
_არამიშავს სიხარულო. შენ რას შვრები?
_სამშობიაროში ვარ.
_სად ხარ?_თითქოს ყურებს არ დაუჯერა და გადასამოწმებლად მკითხა.
_სამშობიაროში ვარ... ბაიას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და...
_რაა?!_იმხელა ხმაზე იკივლა, გული გამიხეთქა და ლამის ტელეფონი გამაგდებინა ხელიდან._როგორ არის ან თვითონ, ან ბავშვი?
_დამშვიდდი, ორივენი კარგად არიან. შიო ბლოკშია და მშობიარობას ესწრება, მე არ შემიშვეს...
_ახლავე მოვდივარ!_ეს თქვა და გამითიშა კიდეც ტელეფონი.
ზუსტად თვრამეტ წუთში მოვიდნენ ბებია და ბაბუა. მათ მამაჩემი და მზია დეიდაც შემოყვნენ უკან.
_მარიშკა, გოგო, როგორ არის ბაია?_მაშინვე დაფეთებული მომვარდა ბებია. (ეს ფეთიანობა ალბათ მეც და ბაიასაც მისგან გვქონდა გენეტიკით.)
_არ ვიცი, იმედია კარგად, მახარობელი ჯერ არ ჩამოსულა.
ბებიამ თავი დაადო და კიბეებს მიაშურა.
_საით ქალბატონო?_ზორბა შმაგი მასაც გადაუდგა წინ.
_ზემოთ._ისე, სხვათაშორის უთხრა ბებიამ, ბიჭი ხელის კვრით მოიშორა გზიდან და გზა განაგრძო.
_ზემოთ უცხო პირთა ასვლა არ შეიძლება._ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და ბებიას შეჩერება სცადა.
_ხელი არ მახლო!_ხმას აუწია ბებიამ.
_ქალბატონო, სამსახურს ნუ დამაკარგვინებთ. დაჯექით სკამზე და ექთანს დაელოდეთ, მალე ჩამოვა და ამბავს გაგაგებინებთ.
_რაში მედარდება მე შენი სამსახური? მე ჩემი შვილის ნახვა მინდა!
_ეს რა ოჯახია?_გაბრაზდა ბიჭი._მაინც და მაინც თქვენთან უნდა მომქონდეს ჩემი ხელფასი, რომ რამედ ჩამაგდოთ?
_დაწყნარდი ეთო._ახლა ბაბუამ მოხვია მხრებზე მკლავი და სკამისკენ წამოიყვანა გაჯიქებული ცოლი._წესი ყველასთვის წესია და უნდა დაიცვა. ჩამოვა ექთანი და გაგვაგებინებს ყველაფერს. ეს ბიჭიც ცოდოა, რამდენი ჩვენისთანა მოდის აქ და ასეთ აყალ-მაყალს აწყობს? ასეც არ შეიძლება.
ბებია ჯერ სკამზე არ იყო წესიერად დამჯდარი, რომ ექთანიც გამოვიდა ჩვენთან.
_ბაია სამხარაძის ახლობლები ვინ არიან?_ღიმილით რომ იკითხა, ყველანი მაშინვე მის გარშემო მოვქუჩდით.
_ოქროსკულულებიანი ბიჭი გყავთ. დედაც მშვენივრად გრძნობს თავს და მისი უფლისწულიც. ყველაფერმა ზედმეტი გართულების გარეშე ჩაიარა.
ბაბუამ ცალკე ჩაუკუჭა მახარობელს ჯიბეში ფული და მაჩემმა ცალკე. ამით გახარებულმა ახალგაზრდა გოგონამ კი ისიც გვახარა, რომ მოგვიანებით შეგვეძლო მათი ნახვა. ხო და, ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა? მოუთმენლად დაველოდეთ ახალბედა დედის და მისი მოუთმენელი ბიჭის ნახვის ბედნიერებას.
პირველი, რაღა თქმა უნდა სტალინა გავუშვით შვილისა და შვილიშვილის სანახავად, რომელმაც მაქსიმალურად გამოიყენა დრო და დიდხანს დარჩა იქ. მერე, მზია დეიდა ავიდა რძლისა და შვილის სანახავად. ყველაზე ბოლოს მე ვაპირებდი ასვლას, მაგრამ მამამ და ბაბუამ მე გამიშვეს.
პატარა გოგა ინკუბატორში იწვა და ისე მშვიდად და საყვარლად ეძინა, თითქოს რამოდენიმე საათის წინ ურცხვად არ დავეფეთიანებინეთ ყველა. შიო მის წინ იდგა ბედნიერი და კმაყოფილი იერით და თვალმოუშორებლად მისჩერებოდა შვილს, რომელიც ძილში შიგადაშიგ ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა. ისეთი პატარა და საყვარელი იყო, სიყვარულის და სიხარულის ცრემლმა დამინამა თვალები. შიოს ისე მივუახლოვდი, ვერ გაიგო ჩემი მისვლა. წელზე მოვხვიე ხელი და მივეხუტე.
_მარიშკა, შენ ხარ?_გაუხარდა ჩემი დანახვა._ნახე, რა საყვარელია ეს დედაილა შვიდთვიანი მოუთმენელი?
_ხო, პატარა ანგელოზია... შენ გგავს ქერა და ფითქინა თეთრი.
_შეხედულებით კი._გაეცინა._დედაილამ, დაგვაფეთიანა ყველა. გოჭივით თქვლეფა რძე, ამოივსო კუჭი. ახლა კი სინდისის ქენჯნის გარეშე სძინავს მშვიდად და უდრტვინველად.
_რა საყვარელია... რა თქვეს ექიმებმა, აქ დიდხანს მოუწევს ყოფნაო?_ინკუბატორზე ვანიშნე.
_ერთ კვირაზე მეტი არ დასჭირდება, ყოჩაღი ბიჭიაო._შემომღიმა, თუმცა მერე დასერიოზულდა და ჩურჩულით მკითხა._ხომ გადარჩება?
_აბა რაა?!_გამიკვირდა. მერე ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
ვეღარ მოვზომე, რომ ნაიარევი ლოყის მხარეს ვედექი. წამიერად კი შევკრთი, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე. მართალია, ჭრილობა მთლად მოშუშებული და მორჩენილი ქონდა, მაგრამ მაინც შემეშინდა ცოტა.
მანაც მომხვია მხრებზე ხელი, თავზე მაკოცა და უფრო მჭიდროდ მიმიხუტა.
_ზოგადად, ასეთი დღენაკლული ბავშვები უფრო ყოჩაღები არიან და უფრო მეტი შანსი აქვთ გადარჩენისა. წოვის რეფლექსი არ აქვთ ხოლმე განვითარებული მაგრამ ეს რაღაც სასწაული გამოგივიდათ შენ და ბაიას. მართლა ყოჩაღია. სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარი შესწევს.
_მეგონა ვერ გადარჩებოდა._აღიარა._მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, მართლა გაოცებული ვარ... წამოდი ახლა, ბაია მოვინახულოთ, თორემ ეწყინება, ახლადგამომძვრალ ლაწირაკში გამცვალეთო.
გამეცინა. მართლაც გვისაყვედურებდა ჩემი გიჟმაჟუნა დეიდა და რეანიმაციული განყოფილებიდან ორივენი ხელგადახვეულები გამოვედით.
ბაია თვალებმინაბული მისვენებულიყო ოდნავ წამოწეულ სასთუმალზე. გადაფითრებულ სახეზე აშკარად ეტყობოდა წეღანდელი ტკივილის და ტანჯვის კვალი, თუმცა მაინც ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მივხვდი, რომ არ ეძინა და მივედი და ჩავეხუტე.
_როგორ ხარ?
_ახლა უკვე კარგად._თვალები ნელა გაახილა და ისე შემომხედა._წეღან საშინელება იყო. მეგონა მოვკვდებოდი.
_ყოჩაღი ბიჭია... თან, რა საყვარელია, შიოს გავს._ლოყაზე ვაკოცე.
_ხოო, არა?_ვითომ გაბრაზდა._შვიდი თვე მე ვატარე მუცლით, სულ ფეხებს მირტყამდა შიგნიდან, გეგონება ოლიმპიურ შეჯიბრებებს აწყობდა იქ... მერე, სამი საათი ვმშობიარობდი და საშინელ ტკივილებს ვუძლებდი და მაინც მაგას გავს?
_სამაგიეროდ, ხასიათით გგავს შენ, შენნაირი მოუთმენელი, მოუსვენარი და დაუდეგარია. ისე საყვარლად აცმაცუნებდა პაწუა ტუჩებს, ლამის ჩავყლაპე._გამეცინა.
_ალბათ, მასეთი საყვარელი რომ არ ყოფილიყო, რომ მომიყვანეს, ძუძუ მოაწოვეო, ფანჯრიდან ვისროდი დაუფიქრებლად, ისეთი საშინელი წუთები გამომატარა.
_ეს გადარეული მგონი სერიოზულად ამბობს და უდარაჯე იცოდე შენს შვილს._შიოს მივუბრუნდი._თუ მისმა ჩხავილმა შეაწუხა, იქნებ მართლაც მოისროლოს ფანჯრიდან და შენც ზედ მიგაყოლოს.
ისეთი კისკისი ატეხა ბაიამ ჩემს "შეშფოთებაზე", რომ თვალებიდან ცრემლები სდიოდა უკვე. მეც რომ ავკისკისდი და შიომაც ბანი მოგვცა, მაშინ კი შემოგვხედა გაოცებულმა ექთანმა, აქ რა ხდებაო და შენიშვნა მოგვცა, ცოტა დაბალი ხმით, სხვა პაციენტებს ნუ აწუხებთო.
დაბალი ხმით ადვილი სათქმელი იყო. ენაკვიმატი და ოხუნჯი შიო რომ ეყოლებოდათ გვერდით, თვითონ გაჩუმებულიყვნენ ერთი და არ ეცინათ თუ მაგრები იყვნენ. ბოლოს იმდენი იმდენი, რომ ბაიას პალატიდან გამოგვაძევეს, პაციენტს დასვენება სჭირდებაო.
აი, ასე მოევლინა ჩვენი გიჟმაჟუნა დედაილა გოგა ამ ქვეყანას. ისეთი ყოცაღი და ჯანმრთელი ბიჭი იყო, რომ კვირაზე მეტი მართლაც არ დასჭირვებია არც ინკუბატორში მოშუშება და არც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ზუსტად კვირის თავზე გამოწერეს დედაც და შვილიც სამშობიაროდან. დაწვრილებით იმის მოყოლას არ დავიწყებ, რომ კარგი ძეობა გადაუხადა შიომ სიყრმის შვილს. როგორც იქადნებოდა ხოლმე, სულ "წაკუზული შალახო" მაცეკვა და თვითონაც არ დამჯდარა წესიერად სუფრასთან, მხიარულობდა, ოხუნჯობდა და ცეკვა-ცეკვით ატარებდა დროს.
ამ ყველაფერმა ასე კარგად და მხიარულად ჩაიარა, მაგრამ სამაგიეროდ გუჯას ამბებისთვის ვეღარ მოვიცალე და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ სამსახურიდან წავიდა. ერთი ამბით რომ გავიხარე დეიდაშვილის შეძენით, მეორე მხრივ გუჯა დავკარგე. ამ გაწამაწიაში ისიც კი ვერ ვუთხარი, რომ ევექსის კლინიკაში ეცადა ბედი. დავდარდიანდი და მოვიწყინე ეს უბრალო სიტყვებია. რას განვიცდიდი და როგორ ვგრძნობდი იმ მომენტში თავს, ვერ აღვწერ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მისი ასავალ დასავალი არ ვიცოდი. მაკას კი ეცოდინებოდა დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ რა მიზეზით მეკითხა იმ ბიჭის ამბები? მერიდებოდა თუ მრცხვენოდა მეც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ვდუმდი და ვერავის ვერაფერს ვეკითხებოდი.
დარდსა და ბოღმაში გაიარა აპრილმა. კიდევ კარგი, სამსახურის მერე ბაიასთან მივდიოდი გოგას სანახავად და იქ ვაყოლებდი ცოტა გულს, თორემ სულმთლად გავგიჟდებოდი ალბათ. დედაჩემის ამბებიც ცოტა ხნით დამავიწყდა, უჩასიც. ზეზვამაც დამივიწყა თითქოს. ან არ ეცალა ჩემთვის და ხნიერ ქალებთან დაგულაობდა, ან მართლაც გაითვალისწინა ჩემი გაფრთხილება, თვალით აღარ დამენახო-მეთქი რომ ვუთხარი. ეგ კი არა, თავიდან ლეო რომ მეხმიანებოდა და ტელეფონით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ერთი პერიოდი მანაც მიმივიწყა, მაგრამ იმ დღეს ისევ დამირეკა. მომიკითხა და შეხვედრა მთხოვა, აუცილებელი სალაპარაკო მაქვს შენთანო. გამიკვირდა, რა საქმე ქონდა ამ ბიჭს ჩემთან და სანამ სამუშაო საათები დამისრულდებოდა და მასთან შესახვედრად წავიდოდი, რა აღარ ვიფიქრე და წარმოვიდგინე, მაგრამ იქ მუსულმა რაც ვნახე და მოვისმინე, მოლოდინს გადააჭარბა.
ყველაზე მიყრუებულ კაფეში შევხვდით. გვიან შევნიშნე ყველაზე მოფარებულ კუთხეში რომ იჯდა შავი მზის სათვალით და პერანგის აწეული საყელოთი შენიღბული. გუნებაში გამეღიმა, პატარა აგენტს გავდა. მანაც მოგვიანებით შემნიშნა და თავის დაქნევით მანიშნა, აქ მოდიო. მის წინ მაგიდასთან ჩამოვჯექი თუ არა, იდუმალი ხმით მკითხა, ვინმესთვის ხომ არ გითქვია, რომ ჩემთან შესახვედრად მოდიოდიო.
_არა, არავისთვის._გაოცებულმა მეც ჩურჩულით ვუთხარი და ინსტიქტურად ეჭვიანი მზერა მოვატარე ირგვლივ ყველას._რა ხდება?
_პირველ რიგში გამარჯობა._ზრდილობიანად მომესალმა. მერე მზის სათვალე რომ მოიხსნა და თვალებში შემომხედა, გაოცებისგან მგონი ყბა ჩამომვარდა მართლა. ორივე თვალი თაფლისფერი ქონდა.
_შენი ჰეტეროქტომია?_როდის როდის ამოვიღე ხმა.
_ეგ რაღაც მე არ მჭირს. ლინზა მეკეთა მაშინ ნანამ რომ მომიყვანა შენთან.
_კი, მაგრამ... რატო? _დავიბენი.
_შენს დედმამიშვილად რომ გავესაღებინე... ჩემს მშობლებს თანხას უხდიან და ისინი მაიძულებენ ამის თამაშს. მე შენი ძმა არ ვარ, არც ლეო მქვია და არც თოთხმეტი წლის ვარ, როგორც ეს შენ მოგატყუეს. ახლახანს შემისრულდა ცამეტი წელი...
ამ ამბავმა რომ იტყვიან დამამუნჯა. კარგა ხანს ვიჯექი გაოგნებული ამ პატარა მსახიობის წინაშე და ხმას ვერ ვიღებდი. ვერ ვხვდებოდი, რაში აწყობდა იმ ქალბატონს ჩემთვის და ბაიასთვის იმის დაჯერება, რომ ეს ბიჭი ჩემი ალალი დედმამიშვილი იყო?
_თავიდან მშობლების შიშის გამო და ჩემი პატარა დაიკოს გამო ვაკეთებდი ამ ყველაფერს, რომელსაც ლეიკემია აქვს და ოპერაცია სჭირდება... რასაც მიბრძანებდნენ, იმას ვასრულებდი ყურმოჭრილ მონასავით, მაგრამ ახლახანს გავიგე მათი მზაკვრული გეგმის შესახებ და არ მინდა, რომ მათი თანამზრახველი ვიყო...
_რა გეგმა?.. რა თანამზრახველი?.._ლამის გავგიჟდი.
_მე უნდა გამიტაცონ ვითომ და გამოსასყიდი მოითხოვონ...
_ვინ? დედაჩემმა?_ეს "დედაჩემი" რაღაც ძალიან გაჭირვებით წარმოვთქვი.
_არა, ამ ისტორიაში დედაშენი კვდება და მე ვრჩები. მე კი, ჩემი მამინაცვალი მიტაცებს. მოკლეთ, არ მინდა მათი ამ უსახური გეგმის ნაწილი ვიყო. იმ ქალს, ნაიას, არაფერი სჭირს სასიკვდილო. სპეციალურად გადაიპარსა ახლახანს თმა, რომ დედამისს შეხვდეს და თავი შეაცოდოს. მეც მომიყვანს თქვენთან და გაგაცნობთ ჩემს თავს, მაგრამ მე თქვენი ახლობელი არანაირად არ ვარ...
_კი, მაგრამ დეენემის ტესტი ხომ არსებობს?_გამიკვირდა._მართალია რაღაც მსგავსება აღმოვაჩინე პირველივე ნახვისას მე და შენში, მაგრამ დასარწმუნებლად მაინც დამჭირდებოდა მაგ ანალიზის ჩაბარება...
_მაგაზეც ილაპარაკეს. ვიღაც ყავთ, ვინც გააყალბებს მაგ პასუხს.
_ეს რა ურჩხული გაუჩენია ბებიას._უარესად გავვოგნდი._კიდევ კარგი ბაია არ გავს არანაირად.
_ბებიას კითხე. იმედია გეტყვის.
_რას მეტყვის?_გაოცებისგან მაქსიმალურად დავაჭყიტე თვალები.
_რატო არ გვანან უფროსი და უმცროსი შვილი ერთმანეთს...
_ამის შესახებ რამე იცი?_მაშინვე მკლავში ჩავაფრინდი და დავიჭირე, რადგან ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა._შენ რომ მითხრა?
_ეგ ჩემი საიდუმლო არ არის. ბებიას კითხე... მე უნდა წავიდე, რომ არავინ მნახოს შენთან... კარგი გოგო ხარ, პირველივე ნახვით მომეწონე. შენნაირი დაიკო ფუფუნება იქნებოდა ჩემთვის... ხო და არ მინდა რომ ცუდი შეგემთხვეს რამე. თავს მოუფრთხილდი იცოდე._ხელი გამაშვებინა, ლოყაზე მაკოცა და სასწრაფო წესით დატოვა შენობა.
უკან დადევნება არ მიცდია. პატივი ვეცი მის სურვილს და არავის მოვხვედრივართ ზედმეტად თვალში. მისმა ქარაგმულმა ნათქვამმა კი მართლა სერიოზულად დამაფიქრა ბაიაზე და დედაჩემზე. მართლაც და, რატო არ გვანდნენ ერთმანეთს? ან, რატო იყო ასეთი დიდი სხვაობა ასაკში მათ შორის?
ლეოს წასვლის შემდეგ კიდევ ნახევარ საათზე მეტი დავყავი იმ კაფეში. (მართალია, გამაფრთხილა, ლეო არ მქვიაო, მაგრამ მე მაინც ასე მოვიხსენიებდი.) გაოგნებული და გაოცებული ერთ წერტილს მივჩერებოდი სივრცეში და მის მონაყოლს კინოკადრებივით ვატრიალებდი ჩემს მეხსიერებაში. ეს რა ურჩხული ვიღაც ყოფილა ეს ნაია, რა საშინელ გეგმას ხლართავდა თურმე დედ-მამის, დის და შვილის წინააღმდეგ? ნეტა, ასე როგორ უნდა იყო ფულზე შეყვარებული ადამიანი, რომ შინაურებს უმტრო? თხუთმეტი წელი სადღაც იყო გადაკარგული, თავის ნებაზე იყო, რაც უნდოდა და როგორც უნდოდა ისე აკეთებდა და ახლა რა მოხდა, რატო გამოჩნდა ვითომ? სახლიდან ხელს წაყოლილი დოლარები შემოელია და იმიტომ დაბრუნდა? თანაც, სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფის იერ-სახით?
_კიდევ კარგი მე არაფრით არ ვგავარ მას!_ხმამაღლა მომივიდა გაფიქრება და ფეხზე რომ წამოვდექი, რამოდენიმე კლიენტის გაოცებული მზერა დავიჭირე.
შემრცხვა...
მერე, მეც ლეოსავით სასწრაფო წესით დავტოვე იქაურობა და ერთხანს თბილისის ქუჩებში ვიქროლე აღმა-დაღმა უმიზნოდ და უმისამართოდ. ვფიქრობდი, რა და როგორ გამომეძიებინა და როგორ დამემტკიცებინა სიმართლე... ერთი პირობა, ლეოს ნათქვამშიც კი შემეპარა ეჭვი, იქნებ ესეც მათი გეგმის ნაწილი იყო? ასეთი პატარა ბიჭი ასეთი დამჯდარი გონებით და აზროვნებით იქნებოდა ვითომ? თუმცა, მალევე უკუვაგდე ეს ფიქრი, რადგან ისეთი ალალი და უბოროტო თვალები ქონდა ამ ბავშვს, რომ არ შეიძლებოდა მოვეტყუებინე. ასეთი თვალების პატრონი ბოროტი და აფერისტი მატყუარა ვერ იქნებოდა!
ცალკე ის მღრღნიდა და მიჩენდა ეჭვებს, რომ რატო არ გავდნენ ნაია და ბაია ერთმანეთს და რატო იყო ასეთი დიდი სხვაობა მათ შორის ასაკში? ბებიას ამას ვერ ვკითხავდი და ისევ ბაიასთვის უნდა გამებედა როგორმე... მაგრამ როგორ და რანაირად ესეც საფიქრალ-სადარდებელი მქონდა. ბაიას პატარა გოგა ყავდა. ნერვიულობაზე და მღელვარებაზე რძე რომ გაშრობოდა, მერე? ისედაც შვიდთვიანი დაიბადა ეს ბავშვი და ასე გამემეტებინა, რომ ხელოვნურ კვებაზე გადაეყვანა დედამისს? მარტო გავუმკლავდებოდი ვითომ ყველაფრის გამოძიებას? შიოსთვის რომ მეთქვა, მგონი უფრო უპრიანი იქნებოდა და მგონი ეს უფრო აჯობებდა.
გადავწყვიტე კი, რომ ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ შესაფერისი დრო უნდა შემერჩია როგორმე. თანაც ისეთი, რომ ბაიას არაფერი ეეჭვა? მათთან მისული მის ქმართან ერთად რომ გამოვიკეტებოდი ოთახში და საეჭვოდ დავიწყებდი ჩურჩულს, ხომ მიხვდებოდა? ამას მეც კი მივხვდებოდი, რომ რაღაც საიდუმლო გვქონდა და გამოცდილი დეტექტივი ქალი ვითომ ვერა? ან, გარეთ უნდა შევხვედროდი შიოს სადმე, ან ისეთ დროს მივსულიყავი მათთან, როცა ბაია არ იქნებოდა სახლში... მოკლეთ, ძალიან რთული აღმოჩნდა ასეთი დროის შერჩევა. ჯერ ერთი, დეკრეტის დრო გასული არ ქონდა ქალბატონს და მთელი დღე სახლში იჯდა. მხოლოდ საღამოიბით ასეირნებდა გოგას და ისიც შიოს თანხლებით. შიო კი დილიდან საღამომდე სამსახურში იყო, სადაც შედარებით მსუბუქ სამუშაოებს ასრულებდა. მოკლეთ, რთული ამოცანის წინაშე ვიდექი. უჩას ამბავიც მაინტერესებდა ძალიან. როგორ უნდა მოეხერხებინა ლეოს გატაცება ვითომ, ის ხომ ჯერ ისევ სუსტად იქნებოდა იმ დაჭრის მერე? მაგრამ ნელ-ნელა იმაშიც ვრწმუნდებოდი,რომ ეს დიდებული გეგმა დროზე ექნებოდა გათვლილი ჩემს ძვირფას დედიკოს. ჯერ ხომ, ლეოც კი არ ყავდა ჩვენთან მოყვანილი და გაცნობილი?
ამ ფიქრებსა და უშედეგო გეგმების ხლართვაში ვიყავი გართული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სამსახური რომ დავამთავრე და სახლში ვაპირებდი წასვლას, გუჯას გადავაწყდი დერეფანში. დაცვის ფორმა არ ეცვა. არც წვერი ქონდა მოშვებული როგორც ბოლო დღეს დამამახსოვრდა. ჯერ თვალებს არ დავუჯერე. საჰარას უდაბნოში გაჩენილი მირაჟი მეგონა რატომღაც. უფრო, ჩემი ტკბილი ზმანება... მაგრამ დაჟინებით რომ მომჩერებოდა და მორიდებით მიღიმოდა, ბოლოს მაინც დავრწმუნდი მის რეალობაში...
_გამარჯობა მარი... ექიმო._ეს "ექიმო" ცოტა მოგვიანებით დაამატა._როგორ ხარ?_გაუბედავად, მაგრამ უდიდესი სიხარულით მკითხა, რომ გავუპირისპირდი.
ისე დავიბენი, პასუხი ვერ დავუბრუნე. (მე ხომ ყოველთვის ასეთი უზრდელი და ხეპრე ვიყავი ამ ბიჭის მიმართ? არა და, ყველაზე მეტად მასთან არ მინდოდა რომ ასეთი ვყოფილიყავი.) ვიდექი და დებილი ბავშვივით შევყურებდი შავად მოელვარე თვალებში. კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ გუჯა იდგა ჩემს წინ და მკითხულობდა.
_ახალი სამსახური ვიშოვე. აქედან რეკომენდაციის წერილი მომთხოვეს... შენს უნახავად კი არ მინდოდა წასვლა...
_უი, რა კარგია._დაუფიქრებლად რომ წამოვაყრანტალე, გავწითლდი._უფრო სწორედ ის არის კარგი, რომ სამსახური იშოვე._ვითომ სიტუაციის გამოსწორება ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ უარესი სისულელე წამოვაყრანდალე._არა, ისიც კარგია, რომ ჩემს სანახავად მოხვედი._აშკარად ავღელდი, ავფორიაქდი და ენაც კი დამება საგრძნობლად.
შემრცხვა და უარესად აწითლებულმა ჩავღუნე თავი.
ერთხანს ასე ვიდექით უსიტყვოდ. მერე, მისი დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, ინსტიქტურად ავხედე და ნათლად ვიგრძენი, როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა მუშაობა. რაღაცნაირი, ბედნიერი ღიმილით მომჩერებოდა. აი ისეთი, თითქოს ჩემი სულში ჩაძვრენა რომ უნდოდა. აშკარად მიმიხვდა აღელვების და აფორიაქების მიზეზს, მაგრამ ზოგიერთებივით თავში არ ავარდნია ეს ამბავი. ალალი, უბოროტო, წრფელი და სპეტაკი სიყვარულით სავსე თვალებით მომჩერებოდა და ბედნიერი იყო, რომ არც მე არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი.
_ვიფიქრე, თუ დრო გქონდა... და სურვილიც, ერთად გაგვევლო სადმე.
ეს პაემანზე დაპატიჟება არ იყო, მაგრამ რაც იყო, ისეთი სასიხარულო იყო ჩემთვის, რომ ღიმილისგან თავი ვერ შევიკავე და უზომოდ გახარებულმა დავუქნიე თავი, რომ სიამოვნებით გავყვებოდი ყველგან.
_სად წავიდეთ?_მარშრუტის დასადგენად რომ მკითხა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ მოფიქრებული არ მქონდა სად უნდა წავსულიყავით.
_თუ არ გეწყინება, კაფე და რესტორანი არ მინდა.
_კარგი, არ არის პრობლემა, კინოთეატრში წავიდეთ._ისევ ალალად შემომღიმა.
სადმე პარკში გასეირნებას ვგეგმავდი, მაგრამ კინოთეატრის ვარიანტი უფრო მომეწონა.
_წავიდეთ... ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ იქ._გულახდილად ვაღიარე._არა და ძალიან მიყვარს კომედიური ჟანრის ფილმები.
_მეც._გზა დამითმო და პირველი მე გამატარა დერეფნის ფართო კარში._"ამირანში" წავიდეთ?
_წავიდეთ._დავთანხმდი და მანქანის საჭეს რომ მივუჯექი, გეზი იქით ავიღეთ.
აფიშებს რომ გადავავლეთ თვალი, ერთ-ერთი ფილმი, რომლის სახელწოდებამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება და მომეწონა კიდეც რატომღაც "ჩემი ყოფილი შეყვარებული აგენტია" იყო, რომლის სეანსიც ნახევარ საათში იყო.
_მართალია, კაფე არ მინდოდა, მაგრამ რა გაეწყობა?_გამეცინა._ამ ნახევარ საათში კი მოვასწრებთ აქაური ყავის დაგემოვნებას.
მაშინვე შეუკვეთა ორი ფინჯანი და იქვე, კინოთეატრის შენობაში მოწყობილ კაფეში დავსხედით. ერთმანეთის მოკითხვა ნორმალურად არც კი გვქონდა მომთავრებული, ცივი ყავა ნაყინით რომ მოგვართვეს. რომ ვთქვა, ამ ყავის დიდი მოყვარული ვიყავი, მოვიტყუები, მაგრამ გუჯასთან არაფერი შევიმჩნიე. მისი რა ბრალი იყო, თუ მე არ ვუთხარი? თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ გემრიელად მივირთვი. ან, მისი მომმზადებლის დამსახურება იყო, ან გუჯასი, ღიმილნარევი მზერით რომ მომჩერებოდა და ამის ფონზე მეგემრიელა.
სეანსიც მალე დაიწყო. პოპკორნით შევიარაღდით და დარბაზშიც შევედით. რაღა თქმა უნდა, გვერდიგვერდ ქონდა ბილეთები ნაყიდი.
მართლაც რომ განტვირთვისთვის საუკეთესო თერაპია იყო. ჯერ ერთი, ფილმი მართლაც კომედიური იყო და გვარიანად ვიხალისე. მართალია, ხანდახან მავიწყდებოდა, რომ გუჯას გვერდით ვიჯექი და ლამის ბოლო ხმაზე ვკისკისებდი ჩაბჟირებამდე, მაგრამ იყო მომენტები, როცა მხოლოდ გუჯას ვგრძნობდი ჩემს გვერდით და სხვა ვერავის და ვეღარაფერს. ხან პოპკორნს ვჭამდი გაცხარებული, ხან კი მავიწყდებოდა, რომ პირში მედო და უნდა გადამეყლაპა.
საერთო ჯამში მაინც კარგი დრო გავატარეთ. ბავშვურად ვიმხიარულე ალალად და გულწრფელად. დამშვიდობებისას კი მხნეობა და გამბედაობა მოვიკრიბე და მადლობა მოვუხადე ასეთი არაჩვეულებრივი საღამოსთვის.
_მიხარია, რომ მოგეწონა._ბედნიერს რომ გაეღიმა, თვალი ვეღარ მოვწყვიტე მის ჯადოსნურ ღიმილს.
აშკარად ვეღარ ვიმორჩილებდი ჩემს თვალებს. ისე ხარბად შევყურებდი, თითქოს მისი თითოეული ნაკვთის შესწავლა-დამახსოვრება მინდოდა. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ თვითონაც ასეთი მზერით მომჩერებოდა. უზომოდ მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ, როგორც მე. მართალია, ამის შესახებ არც ერთი ვსაუბრობდით და არც მეორე, მაგრამ სიტყვები რა საჭირო იყო, როცა თვალები ყველაფერს ამბობდნენ?
მანქანიდან რომ გადავიდა და კიდევ ერთხელ დამემშვიდობა ღიმილით, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ მისი ახალი სამსახურის შესახებ არაფერი ვიცოდი, არა და ძალიან მაინტერესებდა.
_მოიცა... გუჯა...
გაოცებული გუჯა ისევ მობრუნდა და ჩაწეული მინიდან შემომხედა.
_სამსახური ახსენე და მაინტერესებს, სად დაიწყე მუშაობა?
_ევექსის კლინიკაში... ათი კანდიდატიდან ხუთი შეგვარჩიეს. მართალია, ხუთივე პრაქტიკანტებად ვმუშაობთ ჯერჯერობით, მაგრამ სამი თვის მერე საუკეთესოს შეგვარჩევენ...
წარმატებები ვუსურვე და გახარებულმა დავძარი მანქანა ადგილიდან.
რა იყო ახლა ეს? გამართლება, იღბალი თუ უბრალოდ დამთხვევა? ისეთი ფრთაშესხმული დავბრუნდი სახლში, ყველა მიყვარდა და ყველას ვეფერებოდი მამაჩემიდან დაწყებული სტალინა ბებიას ჩათვლით დამთავრებული. ისედაც მიყვარდნენ, ვერ ვუარყოფ, მაგრამ ახლა ნამეტანი ვესიყვარულებოდი ყველას.
_რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა?_ეჭვნარევი მზერით მიმზერდა ბებია და ვითომ ჩემს მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ აშკარად ვატყობდი, რომ სიამოვნებდა ჩემი ალერსი და ხვევნა-კოცნა.
კარგი ვარიანტი იყო ნაიაზე და ბაიაზე ჩამომეგდო საუბარი, დავაღე კიდეც პირი, მაგრამ მოულოდნელმა სტუმრის მოსვლამ შემიშალა ხელი. ნაწყენი გავედი კარის გასღებად, მაგრამ წყენა უმალ სიხარულმა შემიცვალა, რადგან ჩემს წინ შიო იყო ასვეტილი.
_რაღაც ძალიან დაგვივიწყე და აღარ მოდიხარ ჩვენთან, რამე გაწყენინე?_ძლიერად მომქაჩა თმაზე და ლამის ბოლო ხმაზე შემაკივლა.
_გიჟო, გადარეულო, მეტკინა!
ჩემს კივილზე გაოცებულმა მამაჩემმა გამოგვხედა, მაგრამ შიო რომ დაინახა, მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე (ეს დამთხვეული ხომ ყოველთვის ასე მაკივლებდა?) და ღიმილით მიესალმა ქვისლს. ბაია და პატარა გოგიც მოიკითხა.
_შემოდი, რა კარში დგახარ._მკლავზე მოვკიდე ხელი და ლამის ძალით შემოვათრიე შიგნით._რისგან მოხდა, რომ გაგახსენდით და შემოგვიარე?
_შენს წასაყვანად მოვედი. "ს ვეშამი", დროზე.
_რა ხდება?_ცოტა შევშფოთდი.
_ქალაქგარეთ მივდივარ და ბაია მარტო არ მინდა დავტოვო...
_აჰა, გასაგებია. დიდხანს არ გალოდინებ. მანამდე მიდი, სიდედრი მოინახულე._ხელი ძლიერად ვუბიძგე და მისაღებში წიწაკაამოსმულივით შევაგდე. თან, კარი გამოვუხურე უკან რომ არ გამოვარდნილიყო ისევ.
სანამ კარს გამოვუხურავდი, ისეთი საცოდავი და საწყალობელი თვალებით შემომხედა, რომ გულიანად გადავიკისკისე. მივხვდი, როცა იქნებოდა ამის სამაგიეროს უეჭველი გადამიხდიდა, მაგრამ სანამ გადამიხდიდა, მე ვიყავი გამარჯვებული.
...მთელი ღამე ლაპარაკში გავატარეთ მე და ბაიამ. ლამის თავზე დაგვათენდა. რამდენჯერმე დავაღე პირი იმის სათქმელად, რაც ლეომ მითხრა, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე. არ მინდოდა, რომ მენერვიულებინა. მერე, გუჯას ამბავი წამომცდა შემთხვევით. დღეს კინოთეატრში ვიყავი და კომედიას ვუყურე-მეთქი.
_მარტო იყავი?_პროფესიიდან გამომდინარე მაშინვე გამომცდელი კითხვები დამაყარა.
_არა, მარტო რატო ვიქნებოდი?_გავიოცე._მეგობართან ერთად ვიყავი.
_ვინ მეგობართან, მე ვერ ვცნობ?
_იცი რა სასაცილო ფილმი იყო?_სიტყვა ბანზე ავუგდე._იმდენი ვიცინე...
_სახელი!
_"ჩემი ყოფილი შეყვარებული აგენტია."
_ფილმი არ მიკითხია. მეგობრის სახელი გკითხე!
_გუ... გუ... გუუ._ენა დამება._გუჯა._ბოლოს, როგორც იქნა ძლივს ვთქვი და გავწითლდი კიდეც.
ხო და ჩემს დეტექტივს მეტიც არ უნდოდა. ისე ოსტატურად და ეშმაკურად მომიდგა, რომ ყველაფერი დაწვრილებით დამაფქვევინა.
როგორც გაირკვა, ყოვლისმცოდნე ბაია თურმე იცნობდა "ჩემს" გუჯას. კარგი ბიჭიაო, მომიწონა. ეგ კი არა, თურმე, ისიც კი შეუმჩნევია, როცა სამსახურში მაკითხავდა ეს ქალბატონი, როგორი მორიდებით მიმზერდა ის ბიჭი. მეგონა აზვიადებდა, მაგრამ რომ ჩავუფიქრდი და ჩავუღრმავდი, მეც გამახსენდა მისი მორიდებული და მალული მზერა, ხან რომელი კუთხიდან მიმზერდა შორიდან და ხან რომელი. ნუთუ, მასაც ვუყვარდი? ამის გაფიქრებამ და გააზრებამ ხომ უფრო გამაბედნიერა. სულ გადამავიწყა ლეოსთან შეხვედრაც და დედაჩემის მზაკვრული გეგმაც.
მართალია, მთელი ღამე გემრიელად ვჭუკჭუკებდით და ორიოდე საათი მეძინა მხოლოდ, მაგრამ რაც მეძინა, ტკბილად მეძინა და დილით ისეთ პოზიტიურ, ენერგიულ და ხალისიან გუნება-განწყობაზე გამეღვიძა, მე თვითონვე მიკვირდა. აშკარად მეც შეყვარებული ვიყავი გუჯაზე და თვითონაც რომ გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ, ეს მაბედნიერებდა.
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი სტუმარი ლია

მაბედნიერებ შენი გემრიელი ისტორიებით.

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლია
მაბედნიერებ შენი გემრიელი ისტორიებით.

მადლობა საყვარელო
--------------------
მშვილდოსანი

 


კაი სტალინაზე შეიძლება გაბრაზებული იყოს ნაია და სპეციალურად გაუკეთოს ისეთი რამეები რაც გულს ატკენს,მაგრამ შვილმა რაღა დაუშავა? ასეთი საზიზღარი ქალი როგორ არის?
რაღაც ეჭვი გამიჩნდა ბაიას და ნაიას დედმამიშვილობაზე და ვნახოთ.
გუჯა მომწონს❤

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

რუსკიმარუსია
კაი სტალინაზე შეიძლება გაბრაზებული იყოს ნაია და სპეციალურად გაუკეთოს ისეთი რამეები რაც გულს ატკენს,მაგრამ შვილმა რაღა დაუშავა? ასეთი საზიზღარი ქალი როგორ არის?
რაღაც ეჭვი გამიჩნდა ბაიას და ნაიას დედმამიშვილობაზე და ვნახოთ.
გუჯა მომწონს❤

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent