პროფესია ალფონსი (17)
ახლა ფეხის მოტეხა და ექვსკვირიანი ბიულეტენი არანაირად არ მაწყობდა. ნელ-ნელა წინ მივიწევდი ჩემს საგამომძიებლო საქმიანობაში და ფარდას ვხდიდი უკვე ყველაფერს, თუმცა... რომ მახსენდებოდა როგორ ფრთხილად და მონდომებით მისინჯავდა გუჯა ფეხს და როგორ მიმარბენინებდა კლინიკაში ხელში ატატებულს, მგონი ღირდა კიდეც. გული ისეთი აჩქარებული ტემპით მიცემდა, გეგონებოდა კილომეტრები მერბინოს შეუსვენებლივ. მის ძლიერ მკლავებში კი ნიბლია ჩიტივით ვიყავი განაბული. მიმღებში გოგოების შურნარევი და ბოღმით სავსე მზერა რომ დავიჭირე, "ბორიტი მანტიორივით ჩავიხითხითე" მგონი. არა რაა, ამ ყველაფრისთვის კი მართლაც ღირდა იმ საშინელი ტკივილის ატანა, ლამის დოღრიალა ბავშვივით რომ მაღრიალებდა. თავს ვიკავებდი გუჯას თვალწინ, რომ ძლიერი ქალი გამოვჩენილიყავი. ყველაფერმა რომ ჩაიარა და ექიმმა თაბაშირი დამადო ფეხზე. მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ამ ფეხით საჭეს ვერ მივუჯდებოდი. ხო და სანამ იმაზე ვფიქრობდი რა და როგორ მომეგვარებინა, თვითონ გუჯამ შემომთავაზა წაყვანა ჩემივე მანქანით. სანამ დავეცემოდი და ფეხს მოვიტეხავდი, ზუსტად ეგ მეწადა და ახლა როგორღა ვეტყოდი უარს? ხოდა, შინაგანი სიხარულით დავთანხმდი. გაყვანითაც თვითონ გამიყვანა მანქანამდე, მხარში ამომიდგა და მე კი მის წელზე სუროსავით შემოხვეული ჩემი მკლავებით ცელქი ბაჭიასავით სულ სკუპ-სკუპით მივყვებოდი გვერდით. ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე მოვეწყე მოხერხებულად. მგონი, რაც მანქანა მყავდა, პირველად ვიჯექი იქ. გუჯამ მძღოლის მხარეს სავარძელი თავის ზომაზე დააყენა, სარკეები შეასწორა და მისამართი რომ ვუთხარი, ადგილიდან დავიძარით კიდეც. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. ერთი პირობა მამაჩემთან დარეკვა გადავწყვიტე, რომ ავტოსადგომთან დამხვედროდა, მაგრამ ცდუნებამ მძლია, მომინდა რომ ბინის კარამდე ისევ ამ ბიჭს მივეყვანე ასე ასკინკილათი. ხო და არც არავისთვის არ მითქვია არაფერი. გუჯასთან ვიცრუე, მამა და ბაბუა სახლში არ არიან, ბებიას კი შეგნებულად არ ვურეკავ, ის მაინც ვერ ამიყვანს-მეთქი, ამიტომ დიდი ბოდიშის მოხდით შევაპარე, რომ ისევ შენ მოგიწევს ჩემი აყვანა-მეთქი. გაეღიმა, რა პრობლემააო და თვალი ვეღარ მოვწყვიტე მის ღიმილს. მეორე სართულზე ლიფტით ავედით. მის კაბინაში გვერდი-გვედ რომ ვიდექით, ისედაც მიჭირდა დახურულ სივრცეში ყოფნა და ახლა ხომ საერთოდ ვეღარ ვსუნთქავდი. სანამ გაჩერდა და კარი გაიღო, ჩემი დამემართა. სულზე მომისწრო მგონი. ლიფტის ვიწრო კარიდან ორივენი ერთად გამოვედით, რათა ჩემი თაბაშირიანი ფეხი ძირს არ დამედგა და ისე ტკიპასავით ვეკვროდი, რომ გავიაზრე, შემრცხვა კიდეც. ბინის კარი ჩემი გასაღებით გავაღე, რათა ბაბუას ან მამას არ გაეღოთ, რომ დამეკაკუნებინა და მისაღებში შევაყვანინე თავი. დივანზე ფრთხილად რომ ჩამომსვა, მაშინვე დააპირა წასვლა, მაგრამ ბებია შემოვიდა ოთახში. ალბათ სამზარეულოში იყო და უჩვეულო ხმები რომ შემოესმა, შემომხედა. წამიერად გაკვირვებული მზერა მოგვატარა მეც და გუჯასაც. მერე ეს მზერა ჩემს თაბაშირიან ფეხზე რომ შეაჩერა, შეცხადებამაც არდააყოვნა. _მარიშკა?! ეგ რა გჭირს შვილო?_მაშინვე ჩემთან გაჩნდა. _ისეთი არაფერი, სამსახურში დავეცი და კოჭი მოვიტეხე... გუჯა დამეხმარა... _გუჯა?_გაკვირვებულმა ინტერესით შეათვალიერა უხერხულად აწურული ბიჭი._გაუმრავლდი შენს მშობლებს შვილო... ეს რა ძალიან კარგი ბიჭი ყოფილხარ... მადლობა. შევატყე, ქება-დიდებას ნაჩვევი რომ არ იყო ეს ბიჭი. ჩემი და ბებიას მადლიერმა მზერამ კი დააბნია და აშკარად უხერხულობაში ჩააგდო. _სამადლობელი არაფერია, ის გავაკეთე, რაც საჭიროდ ჩავთვალე._სასწრაფო წესით დაგვემშვიდობა ორივეს და სახლში წასვლა დააპირა, მეჩქარებაო. _რას ქვია გეჩქარება?_ისე შეიცხადა ბებიამ, მეც კი შევკრთი და გუჯას რაღა მოუვიდოდა, მან ხომ არ იცოდა ამ ქალის მოგიჟიანების და ხუშტურების ამბები. _მართლა მეჩქარება ქალბატონო ეთერი. დედაჩემის მომვლელი წავიდა უკვე, მისი სამუშაო საათები ამოიწურა, ისედაც გადაამეტა დროს და უნდა მივხედო._წასვლა მაინც არ დაიშალა გუჯამ. ზრდილობიანად დაგვემშვიდობა ორივეს და გასასვლელისკენ წავიდა. ბებიაც უკან მიჰყვა გასაცილებლად და მალევე შემობრუნდა უკან. _მამაშენს ან ბაბუას რატო არ დაურეკე? რატო შეაწუხე ეს ბიჭი?_გამომცდელად დამაკვირდა სახეზე. არ მინდოდა რამე შეემჩნია სტალინას ჩემთვის და დივანზე ავფუსფუსდი, ვითომ კარგად რომ მოვწყობილიყავი იქ. _მაგის თვალწინ გავიშხლართე და თავი აღარ დამანება._თან, ისე, სხვათაშორის ვუთხარი ეჭვით მომზირალ ბებიას, რომ მღელვარება არ შეემჩნია ჩემთვის. _რა ქენი?_თავისებურად დამიქაჩა თვალები. _წავიქეცი._გაუბედავად გავუმეორე. _ამხელა ექიმი ქალი ხარ, ნაზად სიარული არ შეგიძლია, რომ ბიჭის თვალწინ არ "გაშხლართულიყავი?"_ბოლო სიტყვა ჩემი ინტონაციით გაიმეორა._ცხენივით რომ დაჯლაგუნობ ეგ იმის ბრალია._დაასკვნა ბოლოში._არ შეგრცხვა მაინც? შემრცხვა? კი, როგორ არ შემრცხვა, მაგრამ სირცხვილიც და ტკივილიც მაშინვე გადამავიწყდა, როცა ხელში ამიყვანა და ისე წამიყვანა რენდგენის გადასაღებად. ძლიერი და ვაჟკაცური ყოფილა ჩემი გუჯა... "ჩემი გუჯა", ამის გაფიქრებაზე გამეღიმა. ინსტიქტურად ბებიას რომ შევხედე, ეჭვით მიმზერდა. _რაღა გაცინებს?_ახლა უკვე გაოცება არებეჭდა სახეზე _წარმოვიდგინე, როგორ წავიქეცი და... _შენ წაიქეცი სხვა ხომ არა, რომ გაგცინებოდა? გადამრევს ეს გოგო._სინანულით გაიქნია ბებიამ თავი. _შეგიძლია ჩემს ოთახში გამიყვანო._ვიცოდი რომ გამიყვანდა, მაგრამ მაინც ჩავეკითხე. _მას რას ვიზავ?_გაუკვირდა. მერე მხარში ამომიდგა და კინკილ-კინკილით გავედი ჩემს ოთახში. საწოლზე დავწექი, ფეხი მოხერხებულად შემოვდე პატარა ბალიშზე და ნამდვილი ავადმყოფის იერი მივიღე. _გტკივა? ხომ არ გაწუხებს, ბაბუას დავუძახო? _ცოტა კი მტეხავს კოჭში, მაგრამ არც ისე, რომ ვერ გავუძლო. ბაბუას ნუღარ შეაწუხებ. მეც გამოძინება მინდა. კარგი იქნება თუ არავინ შემაწუხებს. მალევე გაბრუნდა ჩემი საძინებლიდან და ფრთხილად გაიხურა კარი. ******************** ზოგი ჭირი მარგებელიაო. ისე დატკბა ჩემთან მიმართებაში ჩემი სტალინა ბებია, მეტი რომ არ შეიძლებოდა. თავს მევლებოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სულ ზედ დამფოფინებდა და ცივ ნიავს არ მაკარებდა. ყველა ნათესავი, შინაური თუ გარეული ყველა ჩემს სანახავად მოდიოდა და მოწყენის საშუალებას არ მაძლევდნენ. ბაია და შიოც იყვნენ გამოსულები და ძალიან გამახარეს. მართალია, ცოტა ისევ "დაჩმეხილ-დაჩეჩქვილად" გრძნობდა შიო თავს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა და დღითი დღე უკეთესობაც ემჩნეოდა. რაც მთავარია, იუმორის გრძნობა არ ღალატობდა. შემოაბიჯა თუ არა ჩემს ოთახში, გაეცინა. _ამხელა ფილარმონია ქალი კლინიკის ეზოში როგორ წაიქეცი, არ შეგრცხვა მაინც? _ახლა შენ დამიწყე._ცოტა შევუბღვირე._სტალინასგან არ მყოფნის მალ-მალე რომ მარცხვენს?. _გაბრტყელდი ლავაშივით, თუ ვერა?_ისევ რომ შემომცინა, მეც გადავიკისკისე. _ლავაშისა რა გითხრა, მაგრამ დაბდურივით კი წავიქეცი. _მაინც რა მოგივიდა, არ იტყვი?_სასთუმალთან ჩამომიჯდა და ინტერესით მომაჩერდა._ვინმემ დაგიდო ფეხი? _კანალიზაციის ჭრილში გამეჭედა ქუსლი და აა, ფაქტიც სახეზეა._თაბაშირიან ფეხზე ვანიშნე. _ხუმრობა იქით იყოს და ამ ფათერაკიანმა გოგომ როგორ მოაღწიე აქამდე? ოცდახუთი წლის ხომ ხარ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. _ხო და, რაც თავი მახსოვს,სულ იფეხვები. ბავშვობის ასაკიდან ვერა და ვერ გამოხვედი, ხან იდაყვებგადაყვლეფილი დადიხარ, ხან მუხლები და ხელისგულებიო. ეგ პაწუა ცხვირი იმდენჯერ გაქვს დარტყმული, ზომებში ორმაგად გაიზარდა მგონი. მაგრამ იღბლიანი კი ხარ, რა გინდა, სერიოზული არასდროს არაფერი გჭირს ხოლმე. მართლაც რომ ასე იყო. ბებიას სიტყვებით რომ ვთქვა, ფეთიანი ვიყავი და ყოველთვის ცხენივით დავჯლაგუნობდი. ბებია სულ იმას ჩამჩიჩინებდა, ცოტა სინაზე გეტყობოდესო, მაგრამ არ ვიყავი ეს ნაზმაზელა ქალი და ძალი იყო? ცოტა რომ წამოვიზარდე, კი ვცდილობდი სინაზეს და "პოდიუმზე სიარულის" სწავლას, მაგრამ მე მაინც ჩემი ჯლაგუნი მერჩია ყველაფერს. _გინდა საიდუმლო გითხრა?_ბაიამ რომ დაგვტოვა, სამზარეულოში გავალ, რამეს მოვამზადებო, მაშინვე აჩურჩულდა შიო._საშინელი მზარეულია, მაგრამ თუ ამის შესახებ უთხარი, მტრისას, ისეთი რეაქცია აქვს. თუ მისი გაკეთებული არ მოგეწონა, არ აგრძნობინო და "სიამოვნებით" ჭამე, თორემ, თავზე დაგაფარებს ან ქვაბს, ან ტაფას. გამეცინა. _შე საცოდავო, თურმე რა დრეში ყოლიხარ დესპოტ დეიდაჩემს. _დილა-საღამოს იატაკის საწმენდი ჯოხი გამოწერილი მაქვს გვერდებში. შუადღეს თუჯის ტაფა. შიგადაშიგ უთოც მხვდება ხოლმე კეფაში... იცი, გუშინ ტელევუზორს ვუყურებდი, ერთ ერთ ჟურნალისტზე ვთქვი, რა საყვარელი გოგოა-მეთქი და ცოტას გადარჩა, მეცხრე სართულიდან არ ასწავლა იმ ტელევიზორს ფრენა. _ვაი, შე საწყალო._ჩუმად ავკისკისდი, რომ ბაიას არ გაეგო. ისედაც ფხუკიანი იყო და ახლა ამ ორსულობაზე ხომ ათმაგად ფხუკიანობდა, ჭირვეულობდა და ჯინიანობდა. მართალია, შიო სულ იმას წუწუნებდა ჩემთან, თანაც საიდუმლოდ, რომ ცოლი მცემს ამ ინვალიდ კაცსო, მაგრამ მის წამოზრდილ მუცელს ისე ეფერებოდა და ესიყვარულებოდა თვითონ ბაიასაც, რომ მართლა მშურდა მათი ოჯახური ბედნიერების და იდილიის, ოღონდ თეთრი შურით მშურდა. ორჯერ თუ სამჯერ ზეზვამაც დამირეკა, სად დაიკარგე, მომენატრეო. რომ ვუთხარი, წავიქეცი და ფეხი მოვიტეხე-მეთქი, საცინლად არ ეყო, რანაირად წაიქეციო. მართალია ამ მხრივ შიო სულ დამცინოდა ხოლმე, მაგრამ მისი არაფერი მწყინდა. ზეზვას დაცინვა კი საშინლად მეწყინა. _შენ რომ წაიქეცი დს მხარი ამოიგდე, დაგავიწყდა? შენ როგორღა წაიქეცი?_მივაძახე გაგულისებულმა და მაშინვე გავუთიშე ტელეფონი. ერთხელ გუჯამაც დამირეკა. როგორ ხარო, გულთბილად მომიკითხა. ისე გამიხარდა მისი ხმის გაგონება, სულ გადამავიწყდა ყველაფერი. მართალია, ბევრი არ გვილაპარაკია, მხოლოდ მოკითხვებით შემოიფარგლა, მაგრამ ესეც კი მეყო ბედნიერებისთვის. მერე კი, ისიც დაიკარგა. აღარც მირეკავდა და აღარც მკითხულობდა. რა აღარ ვიფიქრე, რა ვაწყენინე ამისთანა-მეთქი, მაგრამ კონკრეტულზე ვერაფერზე გავჩერდი. ვერც ვერავის ვეკითხებოდი მის შესახებ ვერაფერს. მისი ნომერი კი მქონდა, მაგრამ მე ვერ ვურეკავდი. რა მომემიზეზებინა ის არ ვიცოდი. ეგ კი არა, ვერც უჩას ამბებს ვგებულობდი: მოკვდა? დარჩა? გამოკეთდა და გაწერეს საავადმყოფოდან, თუ სად ჯანდაბაში იყო. უჩემოდ გადაიარა ზამთარმა და უჩემოდ გადაითოვა. ფანჯრიდან და ხანდახან აივნიდან ვუმზერდი თეთრად გადაპენტილ ჩვენს დედაქალაქს. ხარბად ვისუნთქავდი გრილ და სუფთა ჰაერს და მეტ-ნაკლებად ვტკბებოდი და ვკმაყოფილდებოდი ამითაც.. თებერვლის ბოლოს კი, როგორც იქნა ამხსნეს თაბაშირი. პირველ ჯერზე ამ ხნის მანძილზე უმოძრაოდ მყოფი ფეხის გამოძრავება გამიჭირდა. ისიც ცუდი შეგრძნება იყო, თაბაშირის მოხსნისთანავე რომ თავისუფლად აჩუხჩუხდა ძარღვებში სისხლი. ორ დღეში კი სამსახურშიც დავბრუნდი. პირველ დღეს ვერა, მაგრამ მეორე დღეს გუჯა დავინახე. წვერი საკმაოდ ქონდა წამოზრდილი და გულმა რეჩხი მიყო. მივხვდი, დედა დაეღუპა და ძალიან შემენანა ის ქალიც და ობლად დარჩენილი გუჯაც. ახლოს მივედი და მივესალმე. შევატყე, რომ გაუხარდა ჩემი დანახვა. შეიძლება ზუსტად ისე არა, როგორც მე, მაგრამ აღარც ნაკლებად. მომიკითხა, ფეხი როგორ გაქვს, ტკივილები ხომ არ გაწუხებსო. არა-მეთქი, ვუთხარი და წვერზე ვანიშნე, რატო მოგიშვია-მეთქი. დედაჩემი გარდაიცვალაო, ისე სევდიანად მითხრა, გული ამიჩუყდა. ხელის ჩამორთმევით რომ მივუსამძიმრე, წამიერად მომიჭირა ხელზე თითები და შეაგვიანა ჩემი გაშვება. თვალებში რომ ჩავხედე, თითქოს ასობით პეპელა ამიფარფატდა მუცელში. ხოლო, მისი თბილი თითების შეხებამ კი, ელექტროშოკივით დამიარა მთელ სხეულში. რა დამემართა? მეც არ ვიცი რა დამემართა. იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იყო ვნება, მხოლოდ სხეულები რომ ილტვიან ერთმანეთთან. ეს რაღაც უფრო ძვირფასი, ამაღელვებელი, ნაზი და სპეტაკი გრძნობა იყო. ნუთუ, სიყვარული? დიდხანს ვერ გავუძელი მისი შავი თვალების ელვარებას. დავიმორცხვე. ღაწვებიც ამეწვა და მივხვდი, რომ გავწითლდი. ალბათ, შემატყო მღელვარება, რადგან გავწითლდი თუ არა, ხელი მაშინვე გამიშვა. _მართლა ძალიან ვწუხვარ დედაშენის გამო... მართალია, დიდი ხნს ნაცნობობა არ გვაკავშირებდა, მაგრამ ძალიან მომეწონა, კარგი ქალი და სამაგალითო დედა იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. შენ კი, გამძლეობას გისურვებ. მადლობა რომ მომიხადა, დავემშვიდობე და ჩემს კაბინეტს მივაშურე სასიამოვნოდ აფორიაქებულმა. გულში ჩამწვდა მისი სევდიანი ხმაც და გამოხედვაც. აშკარად ეტყობოდა, რომ დედა ძალიან უყვარდა და განიცდიდა მის დაკარგვას. სულ რაღაც ერთი საათი ვიყავი მის პალატაში, მე დამენანა ის ქალი და რა გასაკვირი იყო, რომ გუჯას დანანებოდა? ნეტა, დედაჩემი რომ მომკვდარიყო, მე განვიცდიდი ვითომ? დამენანებოდა, ან ცრემლი თუ ჩამომვარდებოდა? დედაჩემის გახსენებაზე უჩაც გამახსენდა და მისი ამბის გაგება მომინდა. რეგისტრატურაში რომ ვიკითხე, ასე მითხრეს, ცოტა უკეთესობა დაეტყო და დამ გადაიყვანა სხვა კლინიკაშიო. კერძოდ რომელში არ ვიცითო. როგორ არ ეცოდინებოდათ, მაგრამ, ალბათ გაფრთხილებულები იყვნენ და არავის არაფერს ეუბნებოდნენ. როგორ და რანაირად გამერკვია უჩას ამბავი, არ ვიცოდი. ფიქრით კი ვფიქრობდი და ნერვიულადაც ვისრესდი შუბლს და ლამის კანიც კი გადავიძრე იმ ადგილზე, მაგრამ ყოველთვის, როცა ამაზე ვიწყებდი ფიქრს, ჩემი ფიქრი მაშინვე იცვლიდა მიმართულებას და ერთ წერტილს უბრუნდებოდა. ეს ერთი წერტილი კი გუჯას შავად მოელვარე სევდიანი თვალები იყო. თავიდან, თითქოს, უკუვაგდებდი ამ ფიქრებს და ხელახლა ვუბრუნდებოდი უჩას და მოღალატე დედაჩემს, მაგრამ გუჯას თვალები ისევ ისე ჯიუტად მიტივტივებდა მეხსიერებაში. გვიან გავაცნობიერე, რომ უძლური ვიყავი ამ სასიამოვნოზე სასიამოვნო ფიქრების წინაშე და დავნებდი კიდეც. ეგ კი არა, ჩემი კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, ჩემი თვალები მაშინვე ძებნის რეჟიმს რთავდნენ და მის თვალებს ეძებდნენ. იპოვიდნენ თუ არა, ისე ვიწყებდი ფორიაქს, სუნთქვაც კი მიჭირდა. ხან გახშირებულად ვსუნთქავდი და ხან საერთოდ მავიწყდებოდა, რომ უნდა მესუნთქა. მარტო სუნთქვა კი არა, ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა ირგვლივ და მის გარდა ვეღარაფერზე ვეღარ ვახდენდი კონცენტრირებას. ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი და მესმოდა, საკუთარი გულის გახშირებული ფეთქვა იყო, თანაც ხმამაღალი და მეშინოდა, არავის გაეგო. არავის რაა, თვითონ გუჯას, თორემ სხვა რაში მაღელვებდა? მართალია, ასე ძალიან მწყუროდა მისი ხილვა, მაგრამ გამომხედავდა თუ არა, ვიბნეოდი, მრცხვენოდა და მერიდებოდა. ისევ ის მერჩია, მე ვყოფილიყავი სადმე კუთხეში მიყიჟული, ისე რომ მას არ დავენახე და მხოლოდ მე მეცქირა მისთვის საათობით. მოკლეთ, მგონი შეყვარებული ვიყავი ამ ბიჭზე, თანაც ყურებამდე... მაგრამ რომ ვადარებდი ზეზვას მიმართ გაჩენილ განცდებს და გრძნობებს გუჯას მიმართ გაჩენილს, თითქოს რაღაცით მაინც გავდნენ ერთმანეთს. ერთ დროს ზეზვაც მიფორიაქებდა გულს და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, ან მასთან ერთად სადმე გასეირნება, თუმცა შედარებებს რომ ვაკეთებდი, განსხვავებებს მაინც ვპოულობდი. იქნებ, მეც დედაჩემს ვგავდი და თავისუფლად შემეძლო ერთი კაციდან მეორეზე სინდისის ქენჯნის გარეშე გადამეტანა ყურადღება და ის შემყვარებოდა? აქამდე რატომ არ ვფიქრობდი გუჯაზე? ხომ ხშირად მხვდებოდა და მორიდებით მესალმებოდა კარებში ატუზული? რატო არ ვაქცევდი ვითომ ყურადღებას და რატო დავდევდი ზეზვას? მაშინ, საბურავი რომ მოსძვრა ჩემს მანქანას და მან მიაყენა, მანქანაც ჩემს სადგომზე გააჩერა, გასაღების გადმოსაცემადაც არ მოსულა ჩემთან და მაკას ჩააბარა. მაშინ მადლობაც კი არ მოვუხადე. ვითომ რატომ? ვალდებული იყო?.. არც თვითონ გამოუდია მაშინ თავი და ვითომ იმიტომ? კეთილი საქმე ისე გააკეთა, არც კი უამაყია და უტრაბახია ამით. ყოველთვის ჩრდილში იდგა თითქოს და იმიტომ ვერ ვამჩნევდი ვითომ? ახლა? ახლა რა შეიცვალა? გავიგე რომ უმაღლესი განათლებით იყო თუ, ზეზვა რომ ჩვეულებრივი მექალთანე და ჟიგოლო გამოდგა, მისკენ მიტომ გავიწიე?.. ვაი თუ, გუჯასაც ქონდა ისეთი საიდუმლო, რაც არ მომეწონებოდა, ამის მერე კიდევ სხვა ბიჭისკენ გავიხედებოდი? ნუთუ, მართლა დედაჩემს ვგავდი? ამაზე ფიქრი ხომ უარესად მხდიდა ცუდად. ოცდახუთი წლის ქალი ჩამოყალიბებული და საკუთარ გრძნობებში გარკვეული ვერ ვიყავი ჯერ კიდევ. შიოსი არ იყოს, "ამხელა ფილარმონია" ექიმ ქალს შემშვენოდა ეს უაზრო აცუნდრუკება და გრძნობებში გაურკვევლობა? ზეზვას არც შეტყობინებებზე ვპასუხობდი, არც ზარებზე და თუ მოხდებოდა და სამსახურში მომაკითხავდა, არ ვჩნდებოდი, ვითომ წასული ვიყავი უკვე. თუმცა, ეს ბიჭი ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებდა როგორც ვატყობდი. ეს ცალკე სადარდებელი იყო უკვე ჩემთვის. თუმცა, ბაიას და შიოს არაფერს ვეუბნებოდი. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მარტის დასაწყისში სამხედრო სავალდებულო სამსახური უმთავრდებოდა გუჯას და არავინ იცოდა სად წავიდოდა. ისევ ჩვენს კლინიკაში დარჩებოდა და დაცვაში გააგრძელებდა მუშაობას, თუ სადმე გადავიდოდა. აქ კი მართლა ჩამომემხო ქვეყანა თავზე. ჩვენს კლინიკაში საუკეთესო ტრავმატოლოგები მუშაობდნენ. თან, არც ერთს არ ქონდა საპენსიო ასაკი. ჯერ ისევ ახალგაზრდები იყვნენ და წასვლას არავინ აპირებდა გუჯასთვის რომ გაენთავისუფლებინათ ადგილი. დაცვაში ნამდვილად არ მინდოდა რომ დარჩენილიყო. ტყუილად ხომ არ იწვალა და ისწავლა სამედიცინოზე? დავდარდიანდი. არც ის მინდოდა, სადმე წასულიყო და არც ის, რომ ჩვენს კლინიკაში უბრალო დაცვის "ბიჭი" ყოფილიყო. ამ ახალმა სადარდებელმა სულ მთლად გამიფანტა ყურადღება. პაციენტებს ზერელედ და უგულისყუროდ ვსინჯავდი. ისევ და ისევ გუჯაზე მეფიქრებოდა... ადამიანი ბედით უნდა ცხოვრობდესო და მართალიც არის. არ ვიცი, ჩემი ბედი იყო, თუ გუჯასი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, შემთხვევით გავიგე ბაბუასგან, რომ ნუკრი კვეზერელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ქონდა და სამსახურიდან აპირებდა წასვლას. გამიხარდა და რა გამიხარდა! სიხარულისგან ცას ვეწიე. არა, ის კი არ გამიხარდა, რომ კაცი ცუდად იყო. მე ის გამიხარდა, რომ გუჯას შეეძლო მისი ადგილის დაკავება. მაშინვე გავანდე ბაბუას ჩემი ფიქრები, (საქართველოში ხომ კაცის კაცით კეთდება ყველაფერი? ვინმე სიტყვას შეგაწევს და ჩათვალე, რომ უკვე სამსახურში ხარ აყვანილი.) ოღონდ, საიდუმლოდ გავანდე ბაბუას, რომ არც ბებიას და არც ბაიას გაეგოთ რამე. რომ ვაქე და ვადიდე გუჯა, კარგი ტრავმატოლოგი დადგება-მეთქი, ბაბუას ულვაშებში ჩაეღიმა. მგონი მიმიხვდა ჩემს გრძნობებს იმ ბიჭის მიმართ. ადვილად დამთანხმდა, მოვიდეს, შევხედავ, გავესაუბრები და თუ მომეწონა, ვამუშავებო. ეს საქმე თითქმის მოგვარებული იყო, ახლა ის იყო საჭირო, გუჯასთვის როგორ მეთქვა ეს ყველაფერი, რომ მე ვუწალდავდი საქმეს? იქნებ, სულაც, მას სულ სხვა გეგმები ქონდა? მე ვინ ვიყავი, რომ მისი გეგმებიც და ცხოვრებაც ჩემს ნება-სურვილზე მეტრიალებინა? ან, სად დავლაპარაკებოდი? კლინიკაში არ ივარგებდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვერც კაფეში დავპატიჟებდი. ახალი საფიქრალ-სადარდებელი გამიჩნდა და უარესად გამოვეთიშე ამ სამყაროს. კლინიკის შენობიდან გამოსვლებს მოვუხშირე ეზოში და მოახლოებული გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი. იქნებ, ტვინის უჯრედები გამხსნოდა და რამე კარგი ვარიანტი მომფიქრებოდა? ამ ვარიანტების ძებნაში კი თავი ისე საშინლად დამიმძიმდა, რომ ვეღარ ვძრავდი უკვე. საითაც გადავიხრებოდი, იქით მივექანებოდი. მთვრალი კაცივით რაცრაცით და ბანცალ-ბანცალით დავდიოდი. აღარც საჭმელი მახსენდებოდა, აღარც სასმელი და აღარც ძილი. თან თუ, ახლა გუჯას მოვკრავდი სადმე თვალს, უარესად ვიბნეოდი ფეტვივით და მერეოდა ფეხი. ეგ კი არა, რაც მქონდა მოფიქრებული, ისიც კი მიფრინდებოდა თავიდან. მოკლეთ, ამ დავიდარაბაში ვიყავი, რომ ერთ საღამოს ბაიამ დამირეკა ისტერიულად აკივლებულმა, მიშველე, მუცელი მტკივა, მგონი მშობიარობა მეწყებაო. გავვოგნდი. _რას ამბობ, ჯერ ხომ კიდევ ორი თვეა დარჩენილი? დაწყნარდი და დამშვიდდი, ისტერიკა საჭირო არაა._მის დამშვიდებას შევეცადე. _კი, მაგრამ წლები დავღვარე უკვე!_უარესად აკივლდა ბაია. _კარგი, დაწყნარდი და მშვიდად ისუნთქე, ახლავე მოვდივარ შენთან... შიო შენთან არაა? _როგორ არა, მაგრამ მას ჩემზე მეტად ეშინია! _სასწრაფოს დაურეკეთ?_მეც შევშინდი და მაშინვე დავფაცურდი. თან გზადაგზა ვიცმევდი პიჯაკს და თან დერეფანში მივრბოდი თავპირისმტვრევით. _ხო, შიომ დარეკა, თხუთმეტ წუთში მოვლენო, ველოდებით. _ბებიამ გაიგო? _ჯერ არა, არც გააგებინო, მაგის ქოტქოთის თავი არ მაქვს... მეშინია!_ბოლო სიტყვა უკვე ცრემლების ყლაპვით მითხრა. _მთავარია არ შეშინდე, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ! ფეთიანივით გავვარდი გარეთ. კარის მოხურვა ადრე მომივიდა და ჩემი გეძელი კაბის ბოლო მომყვა შიგ. წავბარბაცდი. კიდევ კარგი არ წავიქეცი და კიდევ რამე არ დავიშავე. _მარი, რა გჭირს, ცუდად ხარ?_გაოცებული მაკა ჩემს საშველად გამოვარდა ფოიედან. წამიერად მოვავლე ირგვლივ მყოფებს თვალი, გაოცებულები რომ მომჩერებოდნენ და არაფერია-მეთქი, უფრო ჩემს დასამშვიდებლად ვთქვი, ვიდრე მათი. _რა გჭირს გოგო, სახეზე ფერი აღარ გადევს._მაკამ მკლავზე მომკიდა ხელი და ისე შემაჩერა._ხომ მშვიდობაა? ცუდი ხომ არაფერია? _დეიდაჩემს მშობიარობა დაეწყო... ჯერ მეშვიდე თვეშია... მასთან მივდივარ... _მერე, ასეთი აღელვებული უნდა მიუჯდე საჭეს? არაფერი მოიწიო._ისევ სცადა ჩემი შეჩერება, მაგრამ მე არ შევჩერდი. სულ თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბის საფეხურები და ჩემს მანქანას ვეცი. _მარი!... მოიცადე!..._ჩემსკენ გამოქცეული მაკა რომ შევნიშნე, მართლაც შევჩერდი._გინდა, მე დავჯდე საჭესთან და მე წაგიყვანო? _დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა._ლამის ბოლო ხმაზე ავაღმუვლე მოტორი და საბურავების გამაყრუებელი ღრჭიალით გავიჭერი წინ. გეზი პირდაპირ მათი ბინისკენ ავიღე, მაგრამ მისვლა დამაგვიანდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიმასწრო და სამშობიარო სახლისკენ მიყავდათ უკვე შიოს რომ დავურეკე. თვითონაც მათ მათ მანქანაში იჯდა და გარკვევით მესმოდა როგორ გაჰკიოდა ბაია ბოლო ხმაზე. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ იმ მომენტში მეც მტკიოდა მუცელი და ვგრძნობდი რასაც განიცდიდა ჩემი ყარაჩოღელი დეიდა. მაკა მართალი იყო, აღელვებული ძლივს ვმართავდი საჭეს. რამდენჯერმე მოძრაობის წესებიც დავარღვიე და ბეწვზე გადავურჩი ავტოავარიას. აღშფოთებული მძღოლები ხომ მამკობდნენ გაბმული სიგნალით, რაც დედის შეგინების ტოლფასი იყო და არც მე ვაკლებდი პასუხის დაბრუნებას. მოკლეთ, გვარიანად დაფეთებულმა შევაყენე სამშობიარო სახლის ეზოში მანქანა და გიჟივით შევვარდი შენობაში. მიმღებში ბაია სამხარაძე რომ ვიკითხე, სამშობიარო ბლოკშიაო მითხრეს. მეც დავადე თავი და იქით გავწიე. _საით ქალიშვილო?_ზორბა დაცვის თანამშრომელი გადამეღობა წინ. _დეიდაჩემი მშობიარობს... უნდა ავიდე. _თქვენი იქ ასვლა არ შეიძლება. ექთანს დაელოდეთ და ის მოგახსენებთ მდგომარეობას. _უნდა ავიდე, გთხოვთ._მუდარაზე გადავედი, იქნებ მომელბო მისთვის გული._ძალიან ცუდათაა, სასწრაფომ შემოიყვანა. მეც ექიმი ვარ, მარიამ ილინა... _დამშვიდდით ქალიშვილო, აქ საუკეთესო მეან-გინეკოლოგები მუშაობენ და ისინი მიხედავენ თქვენს დეიდას. მერწმუნეთ, არაფერს გაუჭირვებენ. თქვენ მოსაცდელში მოიცადეთ და ექთანი თვითონ გნახავთ. _არა, იქ ჯდომა არ შემიძლია,_მოსაცდელზე ვანიშნე._მაღლა უნდა ავიდე._ეს ვუთხარი და კიბისკენ გავიწიე. _ამხელა მთასავით კაცს აქ ვერ მხედავ?!_აშკარად გაბრაზდა ბიჭი, ქეჩოში მწვდა და უკან დამაბრუნა._გითხარი, მოსაცდელში მოიცადე. ძალიანაც არ მინდოდა მოსაცდელში ჯდომა და ქუსლების კაკუნით გავეშურე სკამზე ჩამოსაჯდომად. ამხელა ზორბას მე ვერანაირად ვერ შევერკინებოდი და ვერ დავჯაბნიდი, რომ ისე ამეღწია სამშობიარო განყოფილებაში. გაპარვითაც ვერ გავეპარებოდი, რადგან რამდენჯერაც ავდექი და ბოლთისცემას მოვყევი, იმდენჯერ ჩემი ქუსლების კაკუნით მივიქციე მისი ყურადღება. ნახევარი საათი მაინც ვიჯექი მოსაცდელში და ნერვიულად ველოდი როდის გამოჩნდებოდა ექთანი, მაგრამ ამაოდ. მერე ხერხს მივმართე. ფეხზე დავიხადე ჩემი ხმაურიანი ფეხსაცმელები და სტარტისთვის მოვემზადე. ვაცადე, რეგისტრატურის გოგოებთან რომ გაერთო ეს ზორბა და მე წამიერად დამივიწყა, მაშინვე მოვწყდი ადგილს და უკვე კიბის ბაქანზე ვიყავი, რომ მაშინ შემნიშნა და ყვირილით გამომეკიდა. _რას შვრები გადარეულო, იქ უცხო პირთა შესვლა არ შეიძლება! სამსახურიდან გამანთავისუფლებენ! _მომიკვდეს თავი, რასაც იღებ ჩემთან მოგაქვს შენი ხელფასი?_ბაიას ნათქვამი გამახსენდა შიოს სანახავად რომ არ უშვებდნენ და მეც ის გავიმეორე. _ვითომ რატო უნდა მომქონდეს შენთან ჩემი ხელფასი?_გადაირია ბიჭი და დერეფანში რომ გავიჭერი იორღა ცხენივით, იქ დამეწია._შენ ვერ გაიგე, რომ არ შეიძლება აქ ამოსვლა?_ხელი დამავლო და ჰაერში ატატებულს დამიპირა დაბლა ჩაყვანა. აქ კი უკვე ბაიასავით ისტერიკა დამემართა და ბოლო ხმაზე ავკივლდი. _მიშველეთ!!! მიშველეთ!!! დამსვი შე ველურო, ხელს ნუ მკიდებ!!! ბაია, აქ ვარ!!! როგორ ხარ გოგო, შენს სანახავად არ მიშვებენ!!! იქ ამბავი დავატრიალე, მტრისას. ექიმიან-პაციენტიან-სანიტრიანად ყველას ყურადრება მივიპყარი და პალატებიდან თუ კაბინეტებიდან და სამშობიარო ბლოკიდანაც კი, მგონი ყველამ გამოყო თავი. _შმაგი, რა ხდება?!_მკაცრად იკითხა ერთ-ერთმა თეთრხალათიანმა. როგორც მივხვდი, განყოფილების გამგე იყო. _ბოდიშით ლიდა ექიმო, გიჟია ვიღაც და გამომექცა. ახლავე ჩავიყვან. _ჩაყვანა არ მინდა!_სასწაულად ავუფართხალდი ხელებში და ძლივს შეძლო ჩემი დაჭერა, თორემ ხელიდან გავეშვებოდი, ძირს დავენარცხებოდი და გავსკდებოდი კიდეც ლაყე კვერცხივით._მშობიარის მდგომარეობა მაინტერესებს, როგორ არის ის მაინც მითხარით!_უფრო ვუმატე კივილს. _შმაგი, მოიცა!_ბიჭი შეაჩერა ლიდად წოდებულმა ექიმმა და ჩემი თავი რომ დაასმევინა, ინტერესით მკითხა. _მარიშკა შენ ხარ? _კი, მე ვარ. _ისტერიკააშლილი მშობიარე შენ გკითხულობს, ჩემს სანახავად უნდა მოვიდესო. ალბათ გეცოდინებათ, რომ სამშობიარო ბლოკში მამის გარდა უცხო პირთა შესვლა არ შეიძლება. _კი, ვიცი, მე თვითონაც ექიმი ვარ მარიამ ილინა._ცოტა დავმშვიდდი._უბრალოდ, დეიდაჩემის მდგომარეობა მაინტერესებს და არავინ არაფერს მეუბნება. გეგმიურად მაისის ბოლოს უნდა ემშობიარა... _კი, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ნაყოფი ოცდარვა კვირისაა, მაგრამ ჯანმრთელია. უბრალოდ, სულსწრაფი გამოდგა თქვენი ბიჭი და ადრე მოისურვილა დაბადება. ყველაფერი კარგადაა. ახლა კი შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ დაბლა და იქ დაელოდოთ მის დაბადებას. აუცილებლად შეგატყობინებთ ყველაფერს. (გაგრძელება იქნება) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.