შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (დასასრული)


9-08-2021, 15:19
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 2 833

სანამ შენობაში შევიდოდი, დასამშვიდებლად სუნთქვითი ვარჯიშები გავაკეთე: ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე და სულ ცოტათი მაინც დაწყნარებულ-დამშვიდებულმა შევდგი კიბის საფეხურზე ფეხი. ის იყო ზემოთ ასვლა დავაპირე, რომ მამაჩემის მდივანი დიანა წამომეწია.
_ვაა, მარიშკა? არ მითხრა ახლა, რომ მამაშენს რამე დაავიწყდა სახლში._თან გულიანად გადაიკისკისა._აქაც იმდენი საბუთები დარჩა, რისთვის წავიდა ნეტა იმ მივლინებაში, წარმოდგენა არ მაქვს.
გამოდის, მართლა მივლინებაში წასულა. გულზე მომეშვა თითქოს, მაგრამ უჩა რაღატო წაიყვანა ნეტა?
_ჰა, იგორს რამე დაავიწყდა სახლში?_კისკისით წამკრა დიანამ მუჯლუგუნი და გამომარკვია ფიქრებიდან.
_არა... მის მანქანაში დამრჩა რაღაც და მეგონა ჯერ წასული არ იქნებოდა._ისე მოხერხებულად ვიცრუე, მე თვითონვე გამიკვირდა და დამეჯერა კიდეც.
_რა პრობლემაა, აი._ჯიბიდან მამაჩემის გასაღები ამოიღო._სადგომზე აყენია, თვითონ სამსახურის მანქანით წავიდა.
ნაწილ-ნაწილ ყველაფერს ფარდა ეხდებოდა და ეს მახარებდა. თუმცა, ზოგიერთი დეტალი მაინც ბურუსით მოცული რჩებოდა ჩემთვის. მაგალითად, უჩას წაყვანა...
უწადინოდ ჩამოვართვი დიანას გასაღები და სადგომზე ჩავედი. დარწმუნებული ვიყავი, კამერები იქნებოდა იქვე დამონტაჟებული და ამიტომ ეჭვი რომ არაფერში შეეტანა ვინმეს, კარი გავაღე და შიგ ჩავჯექი. ზერელედ მოვავლე ყველაფერს თვალი. რისი პოვნის იმედი მქონდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შემთხვევით უკან სავარძელზე რაღაც პატარა წიგნაკი რომ დავინახე, გამიხარდა. წინა სავარძლიდანვე გადავწვდი და ავიღე. გახარებულმა გადავავლე ნაწერებით გადაჭედილ ფურცლებს თვალი. მამაჩემის კალიგრაფია რომ არ იყო, უფრო გამიხარდა, რადგან მისი არ იყო დიანასთან თავისუფლად შემეძლო დაჩემება. კარი ისევ ჩავრაზე და გასაღების დასაბრუნებლად მივაკითხე მამაჩემის გადაპრანჭულ მდივანს.
_რაო, იპოვე?_დამინახა თუ არა, შემომცინა.
_ხო, მნიშვნელოვანი ჩანაწერები მაქვს აქ და ვნერვიულობდი, მადლობა რომ დამეხმარე._თან, ლურჯყდიანი წიგნაკი დავანახე.
_რის მადლობა?_კეკლუცად შემომღიმა._კარგია რომ იპოვე.
_გული მისკდებოდა, ზუსტად არ მახსოვდა სად დავკარგე და... კაი, კარგად იყავი._სასწრაფოდ დავემშვიდობე ლაპარაკის ეშხში შესულ ქალს და ჩემს მანქანას მივაშურე.
წიგნაკი დაუდევრად მოვისროლე სავარძელზე. იმაში დავრწმუნდი, რომ მამაჩემი მართლაც შვებულებაში იყო. მისი მანქანის შეცვლასაც ჰქონდა ახსნა, მაგრამ უჩა? კარგი, ვთქვათ და მართლაც ძმაკაცები იყვნენ და ერთად იმიტომ გაემგზავრნენ, მაგრამ როცა უჩა დაჭრილი იყო, ჩემი თვალით ვნახე დედაჩემი რომ მივიდა მის სანახავად. ყველა ჩემს მოტყუებას რატო ცდილობდა, მაგას ვერ ვხვდებოდი და ეს აზრი უფრო და უფრო მაცოფებდა. მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე ბაიასთან მივსულიყავი, ქალბატონი დედაჩემი მენახა და ყველაფრის ახსნა მომეთხოვა. ბოლოს და ბოლოს, ვიმსახურებდი ყველაფრის ცოდნას.
ბედზე, დედაჩემი იქ არ დამხვდა, ბებიას წაეყვანა ექიმთან. გოგას ხილვამ, ფერებამ და თამაშმა კი გადამავიწყა ცოტახნით სიბრაზე და მასზე გადავერთე, მაგრამ ძილის დრო მოუვიდა თუ არა და ბაიამ დააძინა, ცალკე ოთახში გამოვიხმე და კატეგორიულად მოვთხოვე მკაცრი ტონით ყველაფრის აღიარება რაც კი რამ იცოდა დედაჩემზე, მამაჩემზე და უჩაზე.
თავიდან კი დაიწყო, ბევრი არაფერი ვიციო, მაგრამ რომ მიხვდა, ადვილად ვეღარ მომიშორებდა თავიდან, ისევ ის ვერსია წამოიწყო, რომ მამაჩემი პროფესიონალი ალფონსია, ფულის გამო შეუძლია ადამიანებს ფიზიკური ზიანიც კი მიაყენოს. დეიდამისიც მისი მსხვერპლი გამხდარა. ამის შესახებ დედაჩემს გაუგია და მის გასაჩუმებლად მოუგონია მამაჩემს დედაჩემის საყვარელთან გაქცევის თემა. ნარკოტიკებით გაუბრუებიათ უჩას და მაგას და ამ ხნის მანძილზე გამომწყვდეული ყავდათ თურმე.
_კარგი რაა, როგორც თვითონ ამბობს, როცა გაუჩინარდა, მაშინვე ორსულად იყო მამაჩემისგან და ორსულ ქალს ნარკოტიკებს უკეთებდნენ?
_ხო, რატო გიკვირს? იმ მხეცებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
_მოიცა და, თუ კი უჩა მოძალადეა, დედაჩემი რატო იყო მის სანახავად საავადმყოფოში მისული და რატო ღვრიდა მის გამო ცრემლს?_გამარჯვებულის იერით შევხედე, აქაო და, მარტო შენ არ ხარ დეტექტივი და მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები-მეთქი.
_ლეოს ადგილ-სამყოფელის გაგება უნდოდა და იმიტომ. თუ ტიროდა, იმიტომ ტიროდა, რომ თუ ჩაძაღლდებოდა, საფლავში არ წაეღო ეს საიდუმლო... მისმინე ძვირფასო, მესმის შენი, რომ ეჭვები გღრღნის და ეჭვით უმზერ ყველას, მაგრამ დამიჯერე, ისე არ არის ყველაფერი როგორც შენ გგონია...
_ხო და, შენც ადექი და ყველაფერი ისე მითხარი როგორც არის. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებს თავში და ნორმალურად გამარკვიე ყველაფერში.
_გამოძიებიდან გამომდინარე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, რატო არ გესმის ეს?_ცოტა გამიბრაზდა._დეიდას ექსგუმაციის პასუხებს ველოდებით და იმედია მალე აეხდება ამ ყველაფერს ფარდა...
_სარა ბებიას ექსგუმაცია მოითხოვეთ? როდის?_გაოცებისგან თვალები შუბლზე ამიცვივდა._რატო მე არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი
_იმიტომ, რომ საიდუმლოა. მამაშენს რომ ეეჭვა რამე, დაჰკრავდა ფეხს და მოპარულ მილიონებთან ერთად გადაიხვეწებოდა ცხრა მთას იქით.
_რაა?_მღელვარებისგან ძლივს გადავყლაპე ვეებერთელა ნერწყვი.
_სადაცაა პასუხები იქნება და მერე მაინც ხომ დაიჯერებ მამაშენის "კაიკაცობის" ამბებს?
_თუ დამნაშავე აღმოჩნდა და გაიქცა, ვეღარ დააკავებთ?
_თუ ისეთ ქვეყანას შეაფარა თავი, სადაც ექსტრადიცია არ დაიშვება, სამწუხაროდ ვერა.
_მართლა?.._მღელვარებისგან მოულოდნელად ნერწყვი გადამცდა სასულეში და ასთმიანივით დამაწყებინა ხველა.
_რა ხდება, რამე იცი?_ეჭვით შემათვალიერა დეტექტივმა ბაიამ როცა ხველებას მოვრჩი.
_დღეს მამაჩემი მივლინებაში წავიდა და... და უჩაც თან წაიყვანა._გაუბედავად წამოვიწყე.
_რაა?! შენ საიდან იცი?_აღშფოთებაც და გაკვირვებაც ერთნაირად აღებეჭდა სახეზე._უთვალთვალებდი?
პასუხი რომ არ დავუბრუნე, მიხვდა რომ მართლაც ვუთვალთვალებდი.
_გაგიჟდი გოგო? რომ შეენიშნე და რამე დაეშავებინა შენთვის?
_მამაჩემი დამიშავებდა რამეს?_ჩამეცინა.
_ლეოც მისი შვილია, მაგრამ გატაცებული ყავდა... სად წავიდნენ არ იცი?
_გუშინ მეხვეწებოდა, გამომყევიო, მაგრამ უარი ვუთხარი და არ დავინტერესებულვარ სად მიდიოდა. ამ დილით კი შემთხვევით დავინახე ჩემოდნებით დატვირთულები რომ წავიდნენ...
_არაუშავს, მისი მანქანის ჯიპიესის სისტემით გავიგებთ სადაც არიან.
_ხო, მაგრამ, თავისი მანქანით რომ არ წასულა, მაინც გაიგებთ?
_გამოდის, იეჭვეს რაღაც და გაიქცნენ._მაშინვე დაფაცურდა ბაია და რამოდენიმე ზარი განახორციელა სადღაც.
შიგადაშიგ მესმოდა მისი საუბარი, მაგრამ მთლიანობაში აზრი ვერ გამომქონდა. იმას კი მივხვდი, რომ მამაჩემის გაქცევასთან დაკავშირებით მითითებებს აძლევდა ვიღაცეებს.
საუბარს რომ მორჩა, გადამეხვია.
_კარგია რომ მოხვედი და ეს ამბავი მიამბე, თორემ ჩვენ როდის გავიგებდით, ღმერთმა იცის. ვიცი ძალიან გიყვარს, მაგრამ დამნაშავეა და საკადრისად უნდა დაისაჯოს.
"დამნაშავეა და საკადრისად უნდა დაისაჯოს", ადვილი სათქმელი იყო. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც მიყვარდა მამაჩემი და ეჭვი მეპარებოდა მის დანაშაულში თუ დამნაშავეობაში. ალბათ, ბაიამაც შემატყო ეს და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. უნდა ვთქვა, რომ გამოუვიდა კიდეც. საღამოს კი, გუჯამ დამირეკა და მახარა, ოჯახში მატება გვაქვსო. თავიდან მართლა ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და ისევ თვითონ მიმახვედრა, მიმი შვიდშვილიანი დედა გახდაო. ისე ძალიან არა, როგორც ბაიას მშობიარობა და გოგას დაბადება გამიხარდა, მაგრამ აღარც ნაკლებად. ბაიას დავემშვიდობე და გუჯას სახლისკენ გავწიე გახარებულმა.
კარი კატომ გამიღო.
_შენ ხარ?_ჯერ გაუკვირდა, მერე კი მკლავზე მომკიდა ხელი და ეზოში შემიყვანა._შემოდი, შემოდი. გუჯას დავურეკე და მალე მოვალო, დამაიმედა. თუმცა, ეს მალე აგერ უკვე ორმოცი წუთია გრძელდება._თან მაჯის საათზე დაიხედა._მეშინია. ისედაც ალმაცერად მიყურებდა და ახლა უკვე შვილები რომ ყავს, უფრო მაშინებს._თითქოს ამოისლუკუნა და მომეხუტა.
შემეცოდა და ხელი მოვხვიე. მეც კი მეშინოდა უცხო ძაღლის, მაგრამ კატოსთან შედარებით მაინც მხნედ და უშიშრად ვიყავი.
_სად არის, ვნახოთ?
_წეღან გადავაწყდი შემთხვევით. გარაჟში შევედი, ველოსიპედი უნდა გამომეყვანა და იმით მესეირნა. იქ წევს. რომ დამინახა, შემიღრინა._ხელი შიშით გაიშვირა კარგამოღებული ფარეხისკენ.
_თუ გეშინია, ნუ წამოხვალ, მე მარტო წავალ და ვნახავ._ხელი გავაშვებინე, მაგრამ უფრო მომეკრა ტკიპასავით.
_არა, მეც წამოვალ. მარტო დარჩენის უფრო მეშინია.
ერთმანეთს ჩახუტებულები გაუბედავად წავედით ფერეხისკენ და შორიდანვე შევიჭყიტე, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი დავინახე.
_სულ ბოლოშია, აქედან არ ჩანს._ჩურჩულით მითხრა კატომ და უფრო მომეხუტა.
_მიმი, სად ხარ მიმი? ჩემი ლამაზი გოგო..._თან სიყვარულით ვუგურგურებდი და თან შიშით მივიწევდი ფარეხის სიღრმისკენ.
_რომ გვეცეს ორივეს? მოდი, გუჯას მოსვლას დაველოდოთ რა._შეშინებული კატო შეჩერდა და მეც შემაჩერა.
_იქნებ რამე უჭირს და მიხმარება უნდა?_გამოცდილი ვეტექიმივით ვიკითხე.
_არ მგონია რამე უჭირდეს. დილითვე შევნიშნე იმ პლედს რომ დაათრევდა. იქ გაუფენია და კომფორტულად წევს თავის შვილებთან ერთად. ძუძუს წოვდნენ კრუსუნით. შვიდი ლეკვი ყავს, დავთვალე.
_მაინც შევალ._დავიჟინე და ჩემი გავიტანე.
შეშინებული კატო გვერდიდან არ მომცილებია.
სიბნელეში მწვანედ გაიელვეს მიმის თვალებმა. ჩუმი ღრენის ხმაც კი შემომესმა და შემეშინდა, მაგრამ მაინც საალერსო სიტყვებით შევეხმიანე.
_მიმი, მიმი... საყვარელი ცუგა... როგორ ხარ?.. შვილები გყავს უკვე?.. ჩემი ყოჩაღი გოგო..._თან ველაპარაკებოდი და თან ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი.
ჩემმა საალერსო სიტყვებმა გაჭრა როგორც ეტყობა, რადგან ძაღლმა კუდი ააქიცინა და ღრენასაც შეეშვა.
კატო მართალი იყო, ზუსტად შვიდი ლეკვი ყავდა და თანაც ძალიან, ძალიან საყვარლები. დილითვე უმშობიარია და აღარაფერი უჭირდა ჩვენს ახალბედა დედიკოს. ეგ იყო, ფერდებჩაცვენილი იწვა კუბოკრულ პლედზე და შვილებს სათითაოდ ლოკავდა.
_ხომ დარწმუნდი, რომ არაფერი უჭირს, წამოდი რა._მუდარით მთხოვა კატომ და ლამის ძალით შემომაბრუნა.
გუჯა როდის წამოგვადგა თავზე, ვერ გავიგეთ. მოულოდნელმა მისმა გამოჩენამ კი გვარიანად დაგვაფეთიანა და ერთდროულად იმხელა ხმაზე ვიკივლეთ, მგონი მიმისაც გავუხეთქეთ გული და გაბრაზებულმა ხმამაღლა შეგვყეფა. ამაზე ხომ მთლად გადავირიენით, ორივენი სინქრონში ვეცით ჩვენი რეაქციით დაბნეულ ბიჭს და ლამის კისერზე ჩამოვეკონწიალეთ.
პირველმა ელდამ რომ გამიარა და გავაცნობიერე რაც მოხდა, ახლა სიცილი ამიტყდა და კატოც ამყვა თავისი წკრიალა ხმით. მერე, ფარეხიდან გამოვედით და სახლში შევედით. გუჯა ცოტახანს კიდევ დარჩა თავის ოთხფეხა მეგობართან და მერე ისიც შემოგვიერთდა ბედნიერი ღიმილით.
_ეხლა, ამდენ ლეკვს რა უნდა უყო როცა გაიზრდებიან?_დაინტერესდა კატო.
_კარგი კითხვაა._მეც მხარი ავუბი და ინტერესით შევხედე გუჯას, რომელიც ღიმილით მომჩერებოდა.
_გავაჩუქებ. ბევრი მსურველი მყავს უკვე. მაგაზე ნუ ინერვიულებთ. თქვენ ის მითხარით, არ შეგეშინდათ თავზე რომ დაადექით?
_მარის არ ეშინოდა და მეც გავყევი. რომ ვუფიქრდები, ეხლა მეშინია და მთლიანად მბურძგლავს._ციებიანივით აცახცახდა კატო._საშინელებათა ფილმში მეგონა თავი. მძიმე მუსიკის ფონი არ გვედო მარტო, თორემ სხვა ყველაფერი იგივე იყო: ჩაბნელებული გარაჟი, რომლის სიღრმიდანაც ანთებული თვალები გვიმზერდა და საშინლად გვიღრენდა...
რომ ჩავუფიქრდი, მეც მაშინ შემეშინდა. მანამდე კი ინტერესი მკლავდა, მიმის ლეკვები მინდოდა რომ მენახა.
სავახშმოდ მათთან დავრჩი. გემრიელად ვივახშმეთ და გულწრფელადაც ვისაუბრეთ. იქიდან წამოსულმა კი გავარკვიე, რომ დედაჩემი ბაიასთან იყო და მე კი ბებია-ბაბუასთან წავედი ღამის გასათევად. მარტოს შემეშინდა რატომღაც ჩვენს ნაქირავებ ბინაში მისვლა.
სტალინა ბებიას ხომ გაუხარდა ჩემი მისვლა, მაგრამ ბაბუა სიხარულით ცას ეწია პირდაპირ. როგორც სჩვეოდა დივანზე გვერდით მიმისვა, მხრებზე მომხვია მკლავი და ასე გამომკითხა თითქმის ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან. როცა ბებია ოთახში არ იყო, გუჯაზეც მელაპარაკებოდა და აქებდა, ძალიან კარგი ბიჭიაო. უხაროდა, რომ ერთმანეთის მიმართ სიმპატიები გვქონდა. სიტყვამ მოიტანა და დედაჩემზეც ჩამოაგდო საუბარი, ცოდოა, მძიმე სენს ებრძვისო. ისიც შემომაპარა, იქნებ გეპატიებინა ყველაფერიო. მან და ბებიამ მართლა არ იცოდნენ მამაჩემის შესახებ ახალი ამბები და კაცი იმედოვნებდა, იქნებ შერიგდნენ და ყველამ ისევ ერთ დიდ ოჯახად ვიცხოვროთო.
გვიანობამდე ვისხედით და ვლაპარაკობდით. მერე, დაძინება გადავწყვიტეთ, მაგრამ მე ვერ დავიძინე. ბაიას შეტყობინება მივწერე, მამაჩემისა რა ისმის-მეთქი, მაგრამ არაფერი მომწერა. ალბათ ეძინა უკვე და ტელეფონი კი უხმო რეჟიმზე ქონდა. როცა გაიღვიძებდა და ნახავდა ჩემს მიწერილს, მაშინ დამიბრუნებდა პასუხს, მაგრამ მე მეჩქარებოდა რატომღაც. ლეოს ამბავიც არ ვიცოდი და ეს ცალკე სადარდებელი იყო ჩემთვის.
დილაუთენია წამოვხტი საწოლიდან, რადგან იქ წოლით დავიღალე და შევწუხდი კიდეც. არა და, რაც თავი მახსოვდა, ის საწოლი სულ ჩემი იყო და ძალიან მიყვარდა იქ ძილი. არ ვიცი რატო, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. კერძოდ ვისზე ან რაზე არ ვიცი, მაგრამ ცუდის მოლოდინში კი ვიყავი. თან, ისეთ მოჟამულ გუნება-განწყობაზე ვბრძანდებოდი, რომ სამსახურში წასვლაც კი მეზარებოდა. მეზარებოდა კი არა, გული არ მიმწევდა. დავაბრალე იმას, რომ წუხელ არ მეძინა და ძლიერი ყავით ვცადე "ადამიანის სახის დაბრუნება." თუმცა, ვერც იმან მიშველა და ვერც გრილმა შხაპმა. ეგ კი არა, ყოველ დარახუნებაზე თუ გაფაჩუნებაზე ვკრთოდი და ჩემი გული მგონი წამში ორ დარტყმას ასწრებდა, ისეთი სისწრაფით მიმუშავებდა. ბებია-ბაბუასთან არ მისაუზმია, სასწრაფოდ დავემშვიდობე მათ და სანამ სამსახურში წავიდოდი, ჩემს ბინას მივაშურე. გამოუცდელი თვალი ვერა, მაგრამ ბაიას გადამკიდემ, ადვილად შევნიშნე, რომ კარის საკეტი ნაწვალები იყო. ხელი არ მიხლია. იმდენი კი ვიცოდი, რომ დანაშაულის ადგილი იყო და ჩემი კვალი არ უნდა დამეტოვებინა იქ. მაშინვე ბაიას დავურეკე და საქმის ვითარება ვაუწყე.
_ბინაში არ შეხვიდე და ხელი არაფერს ახლო. ახლავე მივხედავ მაგ საქმეს._დამამშვიდა და როგორც მივხვდი, მე გამითიშა თუ არა ტელეფონი, ასთორმეტზე დარეკა.
სანამ სამართალდამცავები მოვიდოდნენ, ქალბატონი დეტექტივი მოქანდა თავისი ჰამერით. მკვეთრად დაამუხრუჭა კორპუსის წინ და დამინახა თუ არა სადარბაზოსთან ატუზული, ჩქარი ნაბიჯებით გამოეშურა
_როგორ ხარ?_აშკარა შეშფოთება ვიგრძენი მის ხმაში.
_კარგად. წუხელ ბებიასთან და ბაბუასთან დავრჩი. ახლახანს მოვედი და ეს ამბავი დამხვდა.
_ვინმემ იცოდა, რომ სახლში არ იქნებოდი?_ალბათ პროფესიიდან გამომდინარე დამაყარა კითხვები.
_არა, არავისთვის მითქვია. გუჯასთან და კატოსთან ვიყავი. იქიდან წამოსულმა ბოლო წუთს გადავიფიქრე ბებიასთან მისვლა... საერთოდ არავისთვის მითქვამს...
_მდა..._შუბლი მოისრისა._ვითომ, დაგინახა ვინმემ?
_არ არის გამორიცხული.
_კარგი, შენ თუ დაგინახეს, რომ სახლში არ მოდიოდი, ის საიდან იცოდნენ, რომ მამაშენი მივლინებაშია და არც ის დაუხვდებოდათ აქ?
ამ კითხვამ მეც ჩამაფიქრა.
_იქნებ, სულაც იცოდნენ, რომ მამაშენი წასულია და შენს შესაშინებლად მოვიდნენ?
_რაა?_შიშით შევხედე.
_სანამ ამ საქმეს გამოვიძიებდეთ და ყველაფერს გავარკვევდეთ, ათას სავარაუდო ვარიანტზე მოგვიწევს დაფიქრება და მუშაობა. არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ იცოდე.
ბაიას მოსვლიდან ათ წუთში კრიმინალური პოლიციაც მოვიდა. ბაიამ რეზინის ლურჯი ხელთათმანები მოირგო და ექსპერტებს აყვა ბინაში. მათთან ერთად მე არ შემიშვეს და ნერვიული ბოლთის ცემით შევიქციე თავი. მგონი ნახევარი საათი დაჰყო იქ და მერე გამოვიდა.
_პირველადი დათვალიერებით ქურდობის კვალი არ ჩანს... ან, იცოდნენ სადაც რა უნდა ეძებნათ, ან მართლა შენს შესაშინებლად შემოვიდნენ... არ გამიკვირდება, თვითონ იგორიც რომ ყოფილიყო...
გაოცებულმა შევხედე.
_მასეთი მიამიტური თვალებით ნუ მიმზერ. მაგაზე უარესებსაც სჩადიან მამები. თანაც ისეთი მამები, ანგელოზებად რომ მოაქვთ თავი.
_თუ მასეა, არც ის ვარიანტი გამორიცხო, რომ შეიძლებოდა დედაჩემი ყოფილიყო._ნაწყენმა შევხედე.
_მას მტკიცე ალიბი აქვს და ერთ-ერთი მოწმე მე ვარ, რომ მთელი ღამე მარდალეიშვილის კლინიკაში გავათენეთ... და ახლაც იქ წევს.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ისე შევკრთი.
_არ ვიცი მამაშენმა რა ხრიკებით დაგარწმუნა, მაგრამ დედაშენი მართლა ძალიან ცუდადაა და სიკვდილს ებრძვის._ამოიოხრა.
_ბებიამ არ იცოდა, რომ წუხელ კლინიკაში იწვა?_ეჭვით შევხედე._რატო არაფერი თქვა?
_არა, დედაშენმა არ მათქმევინა, ტყუილად ნუ შეაშფოთებ, გამოვძვრებიო...
_მერე?
_რა, მერე?
_გამოძვრა?
_ეეჰ..._სინანულით ამოიოხრა._მასე გამოძვრეს შენი მტერი, როგორც ის გამოძვრება...
ერთხანს დუმილი ჩამოწვა, მტანჯველი და აუტანელი. თან, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი იმის გამო, მშობელ დედას რომ არ ვნახულობდი. მამაჩემზე ვიყავი უზომოდ შეყვარებული და ვაიდეალებდი, თუმცა, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ არც ისეთი კარგი კაცი იყო, როგორადაც წარმომედგინა.
_ლეო სადაა? გატაცებულია?_როდის-როდის დავარღვიე შიშით ეს აუტანელი დუმილი.
_არა, კლინიკაშია, დაცვას ჩავაბარე, რომ თვალი არ მოაშორონ...
_რატო?_გამიკვირდა.
_მამაშენს საზღვარი არ გადაუკვეთია. ჯერ ისევ საქართველოშია და ყველაფერია მისგან მოსალოდნელი...
_კარგი რაა._მამაჩემის გამართლება ვცადე.
_რა კარგი?_უფრო გაიმკაცრა ხმა._ ისეა ის საცოდავი ბიჭი შეშინებული, რომ მისი სახელის ხსენებაც კი არ უნდა...
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ პოლიციელები გამოვიდნენ და დასაკითხად წამიყვანეს. თავიდან ფორმალური კითხვები დამისვეს. მერე, რა და როგორ მოხდა, ვინმეზე ხომ არ მქონდა ეჭვი და ასე შემდეგ... ბაიამ იმდენი მეჩიჩინა, რომ ეჭვი მამაჩემზე მქონდა უკვე, მაგრამ ხმამაღლა ამის აღიარება და თქმა არ მინდოდა. თუმცა, დაჯერებაც მიჭირდა. უფრო ზუსტად, არ მინდოდა რომ დამეჯერებინა. თუმცა, რომ ვუფიქრდებოდი, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ბაია მართალი იყო. მეხვეწა, ჩემთან წამოდიო, მაგრამ ვიუარე, მოვატყუე, სამსახურში მაქვს მეთქი-საქმე, არა და დღევანდელი მოვლენების გამო, სამსახურში არ ვაპირებდი წასვლას.
კარგა ხანს ვიწრიალე ბინაში მარტომ, ვერაფერს დავუდე გული. მერე, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და მარდალეიშვილის კლინიკისკენ გავეშურე. არ ვიცი რატომ, მაგრამ გზაში რამდენჯერმე გავხდი ცუდად და შევჩერდი. ვფიქრობ, მღელვარების ბრალი იყო, ჰაერი რომ არ მყოფნიდა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი კლაუსტროფობია მჭირდა. ვნერვიულობდი და განვიცდიდი დედაჩემთან შეხვედრას. თავსაც ვიდანაშაულებდი იმაში, რომ გულგრილი ვიყავი მის მიმართ და მკაცრად ვექცეოდი. ისე განვიცდიდი მასთან შეხვედრას, ლამის გადავიფიქრე კიდეც და უკან მოვბრუნდი. თუმცა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ უკან არაფრის დიდებით არ დამეხია.
რეგისტრატურაში აკანკალებული ხმით ვიკითხე მისი პალატა და რომ მიმასწავლეს, ფეხებში ძალაგამოლეულმა გავწიე იქით. მივდიოდი და სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რაც სათქმელი მქონდა, რომ მეთქვა მისთვის.
დერეფანში ლეოს გადავაწყდი. მე რომ დამინახა, დაიბნა. თან, შერცხვა კიდეც და მზერა მომარიდა. მივედი, ნიკაპზე ამოვდე ხელი, თავი ავაწევინე და სხვადასხვა ფერის თვალებში ჩავხედე. დავრწმუნდი, რომ ლინზები არ ეკეთა.
_მაპატიე... მამამ მაიძულა, რომ მომეტყუებინე... მე მართლა არ მინდოდა... მატყუარა არ ვარ, მაგრამ დედაჩემის გატაცებით დამემუქრა._ასლუკუნდა.
შემეცოდა, ისეთი საცოდავი გამომეტყველებით მომჩერებოდა.
_არაუშავს. მთავარია, რომ კარგად ხარ._ერთხანს ჩავიხუტე. მერე, მხრებზე მოვხვიე ხელი და ასე ხელგადახვეულები შევედით პალატაში.
დედაჩვენს ეძინა.
ისეთი გადაფითრებული სახით იწვა, გული მომეწურა. მართლა ცუდად იყო ეს ქალი. მიჩუმებული სინდისი ისევ ამიხმიანდა სულში. თურმე, ამ ხნის მანძილზე ტყუილში მიცხოვრია და ტყუილად მძულდა ის ადამიანი, ვინც სინამდვილეში უბრალოდ მსხვერპლი იყო და ვინც არ უნდა მყვარებოდა, ის მიყვარდა, თანაც ისე ძლიერად, რომ ნებისმიერ დანაშაულს ვაპატიებდი მგონი.
დედაჩემის საწოლს ფრთხილად მივუახლოვდი, სასთუმალთან ჩამოვუჯექი და დავაკვირდი. თვალში მომხვდა მისი უჩვეულო სიგამხდრე, მიტკალივით გადაფითრებული სახე და თვალის უპეებთან გაჩენილი ნაოჭები. შუბლი დაცვარული ქონდა ოფლით და მძიმედ სუნთქავდა. ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოვიღე და შუბლი ფრთხილად მოვუმშრალე.
შეიშმუშნა. მივხვდი რომ გაიღვიძა და სასწრაფოდ ავიღე ხელი მისი შუბლიდან.
თვალები ნელ-ნელა გაახილა და მე რომ დამინახა, სევდიანად შემომღიმა.
_მარიშკა?!_ძლივს ამოიჩურჩულა ხმის კანკალით და თვალები დახუჭა.
ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო ეს მოქმედება. მივხვდი, ცრემლების შეკავებას ცდილობდა.
_დე... დედიკო, როგორ ხარ?_ლეო საწოლის მეორე მხრიდან მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
ამ სცენის დანახვაზე მეც ამიჩუყდა გული, მაგრამ ცრემლების შეკავება შევძელი.
_კარგად ვარ საყვარელო, ნუ ტირი._დედაჩემმაც მოხვია გამხდარი მკლავები და ბიჭი ჩაიხუტა. თან, მე გამომხედა.
_როგორ ხარ?_სიამაყეს ვძლიე და მეც დავინტერესდი მისი ჯანმრთელობით.
_ახლა უკვე კარგად._ისე შემომღიმა, მივხვდი, მე და ლეოს დამსახურება იყო მისი "კარგად ყოფნა".
გავბედე, მივუახლოვდი და მის გაყინულ ხელს ფრთხილად დავადე ჩემი ხელი თანაგრძნობის და თანადგომის გამოსახატავად. უარესად აღელდა და აუთრთოლდა ტუჩები.
_არ მოგშივდა? კაფეტერიაში ჩავალ და რამეს გიყიდი._ფრთხილად წამოიწია ლეომ და დედას თვალებში ჩახედა.
_რაღაც არ მშია..._იუარა._შენ გაიქეცი და ჭამე.
_მაშინ არც მე მშია._გადაჭრით თქვა ლეომ.
_ძალიან დასუსტებული ხარ. უნდა იკვები, რომ ენერგიაზე მოხვიდე. წავალ, მოვიტან რამეს და ერთად ვჭამოთ, არც მე მიჭამია დღეს._ვაღიარე და სანამ რამეს მეტყოდნენ ან ერთი ან მეორე, სასწრაფოდ დავტოვე პალატა.
დედაჩემის ხილვამ ცუდად იმოქმედა ჩემზე. აშკარად მართლაც ცუდად იყო და ამის გააზრებაზე გული საშინლად მეკუმშებოდა. ამ ხნის მანძილზე პირველად დავუშვი ის, რომ მართლაც მამაჩემის ოინები იყო ყველაფერი და ეს საცოდავი ქალი მსხვერპლი იყო. უბრალო მსხვერპლი კი არა, განადგურებული და ლამის მიწასთან გასწორებული. მივხვდი, ყველაფერზე მეტად, რომ ჩემი სიცივე და სიძულვილი სტკენდა გულს. სევდით და ტკივილით სავსე მისი თვალები თვალწინ მედგა და მოსვენებას მიკარგავდა.
შორიახლოს მარკეტში შევედი და რძის ნაწარმი, ორცხობილები და ლეოსთვის გემრიელი სასუსნავები ვიყიდე. ჩემთვის და დედაჩემისთვის კი ყავა და კლინიკაში დავბრუნდი.
სამივემ გემრიელად მივირთვით ყველაფერი. შუა ნადიმში ვიყავით, რომ ბაიაც მოვიდა შიოსთან და პატარა გოგასთან ერთად. იქ რომ დამინახა, არაფერი კი არ უთქვია, მაგრამ აშკარად გაუხარდა. შიომ თავისი ოხუნჯობით კარგად გაგვამხიარულა და სულ დაგვავიწყა სად ვიყავით, სულ გულიანად გვახარხარა ყველა. ბაიამ დრო რომ იხელთა, ცალკე გამიხმო და მაუწყა, რომ უჩა და მამაშენი დააკავესო.
მართალია, ვეჭვობდი და მის დანაშაულშიც ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, მაგრამ მაინც მეხის გავარდნას გავდა მისი დაკავება.
_რაა?!_ვიგრძენი, რომ ფეხებში ძალა გამომელია, მუხლები მომეკვეთა და რომ არ წავქცეულიყავი, რკინის სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
_არ მითხრა ახლა, რომ გეცოდება ის ნაძირალა გამომძალველი... მე, მაგალითად, მიხარია, რომ სამართალი ბოლოს და ბოლოს იზეიმებს. ჩემს დას ვეღარ ეშველება ვეღარაფერი, თორემ ის არაკაცი რომ საკადრისად დაისჯება, ეგეც კარგია, სხვას აღარავის გაურთულებს ცხოვრებას!.. კარგი მსახიობი კი არის, წლები ჩვენს გვერდით ცხოვრობდა და ყველას გვასულელებდა. არავის შეგვპარვია ეჭვი მის პიროვნებაში.
თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავქვითინდი.
რა მადირებდა? ის, რომ მამაჩემი უზომოდ მიყვარდა, ის ჩემთვის იდეალური კაცი იყო, მამის ეტალონი და სინამდვილეში კი პროფესიონალი ალფონსი აღმოჩნდა. არ მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ...
_მესმის შენი._ბაიაც გვერდით მომიჯდა, მხრებზე მომხვია ხელი და ჩამიხუტა._მეც იგივე რეაქცია მქონდა, როცა ნაია გამენდო და ყველაფერი მითხრა. შენსავით მეც მიჭირდა იგორის ცუდი კაცობის ამბების დაჯერება, მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით. ბევრი გამწარებული მოწმე ყავს და მათ შორის ერთ-ერთი და ყველაზე მეტად დაზარალებული დედაშენი და შენი ძმაა. საწყალს, ფსიქიკური აშლილობა აქვს და მკურნალობა სჭირდება ამ მხრივ. საკუთარი შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტო, არ მესმის... თუმცა, საკუთარი ტყავის გადასარჩენად ალბათ ამაზე მეტზეც იყო წამსვლელი... მართლა არ მინდა იმ არაკაცის გამო ამდენს განიცდიდე და ნერვიულობდე. ის შენი ცრემლების ღირსი არაა. დამშვიდდი, დაწყნარდი და ისე შემოდი პალატაში. დედაშენმა არ შეგნიშნოსარაფერი. ჯერ არ გავაგებინოთ მისი დაკავება. ისიც შენნაირი სულელია, მაინც ეცოდება ის არამზადა._თავზე მაკოცა, ადგა და პალატაში შევიდა. მარტო დამტოვა საკუთარ განცდებთან და მწარე ფიქრებთან ერთად.
ეპილოგი
მას მერე დიდი დრო გავიდა. დღემდე ვერ ვპატიომ ჩემ თავს იმას, რომ დედაჩემთან მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე დრო. ეჭვები მღრღნიდა, ჩემს მიტოვებას ვერ ვპატიობდი და გულცივად ვეპყრობოდი გამოჩენისთანავე. როცა მივხვდი და დავრწმუნდი იმაში, სინამდვილეში რაც ხდებოდა, დრო უკვე ცოტა გვქონდა. მაგრამ როგორც მან მითხრა, "მართალია, მთელი ცხოვრება არ არის, მაგრამ საყვარელ ადამიანთან გატარებული წამებიც კი საკმარისია ჩემთვისო." მართალია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდად არაფერი შეიცვლებოდა, თავიდანვე რომ გულთბილად და დიდი სიყვარულით მიმეღო, მაგრამ უფრო დიდხანს ვიქნებოდით ერთად.
მამაჩემის დაჭერიდან ერთი წელი იცოცხლა მხოლოდ და თუ მას დავუჯერებთ, უბედნიერესი იყო ეს პერიოდი მის ცხოვრებაში. ტანჯვასა და წამებას სრულად ავიწყებდა და უქარწ....ბდა. ჩემი და გუჯას ქორწილში საპატიო ადგილი ეკავა. მახსოვს, სამაიაც კი ვიცეკვეთ მე, ბაიამ და დედაჩემმა. ვიდეო და ფოტოფირზე აღბეჭდილი ტკბილი მოგონებებიღა დამრჩა მისგან. მაინც ღმერთს მადლობა, რომ საბოლოოდ მაინც ამეხილა თვალები და გავიგე ვინ ვინ იყო სინამდვილეში. ის ერთი წელი მართლაც საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.
სიკვდილის ბოლო დღეებს ითვლიდა, ჩემი პრინცესა, თათულის, დაბადებას რომ მოესწრო და ხელშიც კი ეკავა უზომოდ ბედნიერს. ბაიას კი, ზუსტად იმ დღეს ეყოლა, რა დღესაც გარდაიცვალა და მის საპატივსაცემოდ ნაია დაარქვა თავის შავტუხა გოგონას.
ჭირი და ლხინი ძმები არიანო, გამიგონია და მართლაც რომ ასეა. მართალია, გასაჭირს გვივლენს უფალი, მაგრამ ბედნიერების წუთებით გვიქარწ....ბს ამ ყველაფერს. თან, მეტად მარტივია ცხოვრება, როცა პატიება შეგიძლია და გული ბოღმით, შურით და სიავით არ გაქვს სავსე.
რაც შეეხება მამაჩემს და უჩას, ორივემ აღიარა თავისი დანაშაული და სასჯელიც დამსახურებულად მიიღეს. თურმე, ძნელი გამოსაცნობი ყოფილა ადამიანი. მითუმეტეს, თუ გიყვარს და მისი ცუდი მხარის დანახვა ან დაჯერება არ გინდა. ვერ ვიტყვი, რომ შევიძულე, ან დავივიწყე და მივაგდე ციხეში, მაგრამ ის უდიდესი სიყვარული, რომელიც ოდესრაც მაკავშირებდა მასთან, სადღაც გამქრალიყო. მადლობა ღმერთს, რომ ბაბუასნაირი, შიოს ნაირი და გუჯას ნაირი მამაკაცები არსებობენ ჩემს ცხოვრებაში და მილამაზებენ ცხოვრებას. საბოლოოდ მამაკაცებზე წარმოდგენა რომ არ დამეკარგა, ეს მათი დამსახურებაა. იმედი მაქვს და ალბათ ეს ასეც იქნება, რომ ჩემი მომავალი ანდრია, რომელიც ახლა ჩემს მუცელში ბინადრობს და მოუსვენრად მირტყამს შიგნიდან ხელ-ფეხს, მამაჩემს არ დაემსგავსება არაფრით და გუჯასნაირი, ბაბუასნაირი და შიოსნაირი სამაგალითო კაცი გაიზრდება მომავალში.
(დასასრული)
P.S.
ვაღიარებ, კიდევაც ბევრი შეიძლებოდა დამეწერა და გამეგრძელებინა ეს რომანი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დასრულება მომიწია. იმას კი, რაც ჩაფიქრებული მქონდა, სხვა ისტორიაში გამოვიყენებ აუცილებლად.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ბოლოში თითქოს მიაფუჩეჩე ,მაგრამ საერთო ჯამში საუკეთესო ხარ და საუკეთესოდ წერ, სიამოვნებით დაველოდები ახალ ისტორიას ,წარმატებები : ))

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი gvantsa
ბოლოში თითქოს მიაფუჩეჩე ,მაგრამ საერთო ჯამში საუკეთესო ხარ და საუკეთესოდ წერ, სიამოვნებით დაველოდები ახალ ისტორიას ,წარმატებები : ))

ხო, გარკვეული მიზეზების გამო მომიწია დასრულება.
--------------------
მშვილდოსანი

 


მიუხედავად იმისა, რომ დასასრული მომეწონა ნაჩქარევად დასრულებულია და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს.
დაველოდები ახალ ისტორიას❤

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

რუსკიმარუსია
მიუხედავად იმისა, რომ დასასრული მომეწონა ნაჩქარევად დასრულებულია და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს.
დაველოდები ახალ ისტორიას❤

დროებით "შვებულებაში" გავდივარ. მოგვიანებით გავაგრძელებ წერას.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო დასასრული არ მინდოდა ჯერ მაგრამ რას ვიზამთ კიდევ წავიკითხავდი არ მომწყინდებოდა ძალიან ნიჭიერი ხართ კარგად წერთ ველოდები თქვენს ახალ ნაწარმოებს მშვიდობიან დასვენებას გისურვებთ დროებით მადლობა წარმატებები❤️❤️❤️????????????????????

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი იყო დასასრული არ მინდოდა ჯერ მაგრამ რას ვიზამთ კიდევ წავიკითხავდი არ მომწყინდებოდა ძალიან ნიჭიერი ხართ კარგად წერთ ველოდები თქვენს ახალ ნაწარმოებს მშვიდობიან დასვენებას გისურვებთ დროებით მადლობა წარმატებები❤️❤️❤️????????????????????

გსიხარეთ, დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

მიუხედავად ნაჩქარევი დასასრულისა,მაინც ძალიან კარგი იყო,მომწონს შენი წერის სტილი,სიამოცნებით იკითხება და რაც მთავარია გამართულია გრამატიკულად(ნუ თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეცდომას ????)სიამოვნებით დაველოდები შემდეგს,წარმატებები ♥️♥️♥️

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნინა
მიუხედავად ნაჩქარევი დასასრულისა,მაინც ძალიან კარგი იყო,მომწონს შენი წერის სტილი,სიამოცნებით იკითხება და რაც მთავარია გამართულია გრამატიკულად(ნუ თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეცდომას ????)სიამოვნებით დაველოდები შემდეგს,წარმატებები ♥️♥️♥️

მადლობა შეფასებისთვის ❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთინო

კარგია, სასიამოვნოდ იკითხება ყველა ისტორია, მაგრამ დასარულს თითქოს რაღაც აკლია ყველგან, სწრაფად და მოკლედ ასრულებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent