შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკრების გული (თავი 4)


11-08-2021, 10:53
ავტორი EllaTriss
ნანახია 1 999

***
იმის მიუხედავად, რომ სახლში მისვლისთანავე ვიწყებ ადგილის ძებნას, მაინც ვერაფერს ვარჩევთ. უფროსწორად, მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული აქამდე ათასჯერ ავარჩევდი, მაგრამ ეს თორდია, ისეთი ჩამოუყალიბებელი და წუწუნა ვინმე აღმოჩნდა, მიკვირს, ნაკრებშიც თუ ასეთია, მის ახირებებს როგორ უძლებენ.
ხან ადგილმდებარეობა არ მოსწონს, ხან ვიზუალურად, ხან შიგნით ფართი.
ამის შემხედვარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანი ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასო.
ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი იყო?
ჩანგალზე, უბრალო ჩანგალზე მეუბნება, მანდ ნამყოფი ვარ და არ მომწონსო, მაგათ რაღაცნაირი დანა-ჩანგალი აქვთო.
როგორ უნდა დაიწუნო რესტორანი დანა-ჩანგლის გამო? იქ რა, საჭმელად მიდის?
ნერვები მეშლება და თანაც იმდენად მეშლება, რომ უკვე თავს ვეღარ ვთოკავ და უშველებელ ესემესს წამში ვკრიფავ, თუმცა გაგზავნამდე მომდის მისი შეტყობინება და ჰოი საოცრებავ.
ამბობს, რომ ადგილი თავად იპოვა.
ჯანდაბას, თუ მისი მოსაწონი საერთოდ რამე გამოჩნდა, წინააღმდეგი როგორ ვიქნები.
სწრაფად ვშლი ჩემს დაწერილ შეტყობინებას და ვთხოვ, რომ მანახოს, მაგრამ დილამდე მოითმინეო.
არა, ეს მე მიწყობს სიურპრიზს თუ ვაკოს?!
წინააღმდეგობის გაწევას აღარ ვაპირებ, კარგი ძილი და უაზრო ფიქრებისაგან გათავისუფლება მჭირდება.
სხვა შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ ხვალინდელ დღეს ემოციურად ვერ გავუმკლავდე.
ღმერთო, ხვალინდელი დღე...
***
სიურპრიზი.
სხვისი არ ვიცი და ცხოვრებაში, მე ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან.
განსაკუთრებით მაშინ მაინც, როცა იცი, რომ რაღაც უნდა მოხდეს და არ იცი რა. როგორც წესი, ამ დროს ყველაფერზე ვფიქრობ და არაფერი მართლდება - ხოლმე.
რაღა თქმა უნდა, დღევანდელ შემთხვევას რა გამოარჩევდა.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თორდიას მიერ გამოგზავნილი მისამართი არცერთ რესტორნამდე არ მიმიყვანს და ასეც ხდება.
ტაქსის მძღოლი, შუაგულ ბუნებაში აჩერებს და კმაყოფილი სახით მიყურებს სარკიდან.
სხვა გზა არ მაქვს, გადმოვდივარ და ღმერთს ათასჯერ მაინც ვწირავ მადლობას იმისთვის, რომ კეტები ჩავიცვი.
მოვკლავ...
ამ წამს, ჩემში არსებული ბრაზი კვადრატში ადის და მარტო ის კმარა, რომ სადმე გამოჩნდეს - უკვე განწირულია.
ღმერთო, სად უნდა ვიპოვო ასე მოკლე დროში რესტორანი?
არა, როგორ დავუჯერე ამ ბიჭს.
ღირსი ვარ, რაც მომივა.
უმისამართოდ ვტრიალებ და ვცდილობ, მოშორებით მყოფი ცხენების თავლის გარდა, კიდევ რამე აღმოვაჩინო.
მაგრამ არა, რა უნდა აღმოაჩინო რაც არ არის.
ნერვებმოშლილი პირდაპირ იმ ერთადერთი შენობისკენ მივდივარ და როგორც ჩანს, არც ტყუილად.
ნელ-ნელა, ჩემს წინ ხედი იცვლება და უზარმაზარი, ნახევრად ჩამონგრეული თავლის უკან ისეთი სახლი ჩნდება, მექანიკურად მიფართოვდება თვალები.
თუმცა რად გინდა, გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არაა და ამ ცხენების უმისამართო ჭიხვინი ისეთი გამაღიზიანებელია...
- ალე - ისე მოულოდნელად მახებს ზურგზე ხელს, შიშისგან მგონი ჰაერში ვხტები.
არა, მაინც საიდან გაჩნდა.
წამის წინ ხომ საერთოდ არავინ არ იყო. ნერვებმოშლილი ვტრიალდები და ამ წამს, ისიც კი არ მაინტერესებს ვინაა, რას წარმოადგენს, პირველად ვხედავ პირისპირ თუ რა, მთელი ძალით ვურტყამ მკერდზე ხელს და ისეთი ინერციით მიდის უკან, თავს ძლივს იკავებს რომ არ გადავარდეს.
- დეგენერატი ხარ?! შეიძლება ადამიანს ასე მიეპარო და შეაშინო?! ფეხებში გამიარა, უტვინო ხარ ამხელა აყუდებული ბიჭი!
- შენი ძალა მქონდეს, ფეხბურთში რაღა მინდა... - სახედამანჭული იზელს ნატკენ ადგილს.
- თუ არ გეყო, შემიძლია დაგიმატო! - ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები, თუმცა ელვის სისწრაფით იხევს უკან.
- არა, გოგო. გააფრინე? იმისთვის არ მიწვალია, რომ შენ დამალურჯო.
- ვაიმე, საწყალი. აღარ მოეწონები გოგოებს?
- კარგი რა, ალე. მე შენ ასეთი არ მეგონე - წარბებს კრავს და ისეთ სერიოზულ სახეს იღებს, თითქოს მხოლოდ მე ვიბავშვე და დავარტყი.
თვითონ კი მამა აბრამის ბატკანი მყავს.
- არც მე არ მეგონე ასეთი. რომ მითხარი ადგილი ავარჩიეო, დაგიჯერე და დავიძინე. შენ რა გააკეთე, ეს ადგილი აარჩიე? - ხელებს ჰორიზონტალურად ვშლი - რა გავაკეთოთ, ცხენების თავლა მოვრთოთ?
- ჯერესერთი, პატივისცემით მოეპყარი ჩემს აგარაკს. შენს უკან სახლია, სხვათაშორის და ყველაფერს იქ გავაკეთებთ.
- კიდევ რა გინდა. ეს მიყრუებული ადგილი არ მომწონს, ტაქსის მძღოლმა რომ შუაგულ ტყეში დამტოვა, წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ აქედან ვეღარ გავაღწევდი.
- ტაქსის მძღოლმა კილომეტრით შორს ჩამოგსვა, რა ჩემი გადასახადია.
- გუგაა - ღრმად ვსუნთქავ - აქ ტელეფონიც კი ალაგ-ალაგ იჭერს.
- ტელეფონთან რა გინდა, მთელი საღამო გავერთობით და მერე, აქ დარჩება ყველა, მთვრალები რომ აღარ წავიდ-წამოვიდნონ, ასე უკეთესია. ვერ ვხვდები, რა არ მოგწონს.
ღრმად ვოხრავ.
- გუშინ რატომ არ მითხარი?
- გითხარი, რომ ადგილი ვიპოვე. ფოტო გინდოდა და 'სპეციალნა' მაგისთვის ხო არ ამოვიდოდი 2 საათის სავალზე რომ სახლისთვის ფოტო გადამეღო.
თან... სიურპრიზი გამოვიდა.
- შენი ჭირიმე, მაგ სიტყვას ნუღარ ახსენებ.
- წამოდი, განახებ, ყველაფერი მოიტანეს უკვე.
- მომისმინე. - უკვე სახლისკენ მიმავალს მკლავში ვაფრინდები - თუ არ მომეწონება...
- მოგეწონება.
***
სახლში იმდენად იმედგადაწურული შევდივარ, საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება იქ რამე კარგი დამხვდეს, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, თვალწინ ისეთი რაღაც მეშლება, აქამდე მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში რომ მქონდა ნანახი.
აი რას ნიშნავს ფული...
და აი როგორ აშტერებს ადამიანს ფული.
მართალია, ყველაფერი იდეალურია, მაგრამ ამ ტყე-ღრეში რომ არ შემოხინწულიყო, სხვა ადგილი დავიჯერო ვერ ნახა?
მისაღებს, მარჯვენა მხრიდან მთლიანად მინის კედელი ამშვენებს, რომელიც პირდაპირ ბაღს გადაჰყურებს და თურმე, გასასვლელიც აქედან ყოფილა და ვერ შევამჩნიე.
სწრაფად აღებს თორდია კარს და ამაყად მითითებს უზარმაზარი აუზისკენ, რომელსაც ჰგონია რომ იგნორი გავუკეთე, არადა უკვე ათასჯერ მაინც გავზომე თვალით.
- ყველაფერს აქ მოვაწყობთ. - ხელებს შლის - მაგიდები უკვე გააფორმეს, ჩვენ მხოლოდ ბუშტები უნდა გავბეროთ.
- ბუშტები?
- ხო რა იყო, ცუდი იდეაა?
- ზედმეტად ბავშვური მგონია. - მაგიდაზე მიმოფანტული თეთრი ბუშტებიდან, ერთ-ერთს ვიღებ და ხელში ვათამაშებ.
- ბავშვური რომ არ იყოს, იმიტომ არის ყველა თეთრი.
აღარაფერს ვეუბნები.
მიუხედავად იმისა, რომ მაგიდები მართლა შესანიშნავადაა გამფორმებული, მაინც სჭირდება ამ ადგილს რაღაც, რაც გამოაცოცხლებს.
მართალია ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ამაში ბუშტები დამეხმარებოდა, მაგრამ მგონი არც ისე ცუდი გამოვა.
ყოველ შემთხვევაში ცდად მაინც ღირს.
ჩანთას და მოსაცმელს გვერდით ვდებ და... ვიწყებთ.
ბუშტების გაბერვის პარალელურად, საღამოს მენიუს მაცნობს.
თავიდან მგონია, რომ ეს 10 წუთზე მეტს არ წაიღებს, მაგრამ რომ აღარ ჩერდება, უკვე ვეჭვობ, რომ მთელი რესტორანი აქ ამოიტანა და სასწრაფოდ გავრბივარ სამზარეულოში გადასამოწმებლად.
ბატივით მიყურებს და იმის მაგივრად, რომ მიხვდეს და მითხრას სად არის, მელოდება უკან როდის დავბრუნდები და ვეტყვი 'რა სულელი ვარ, სამზარეულო რომ არ ვიცი სად არის? მითხარი.'
მაგრამ რა თქმა უნდა მე, ჩვეულებრივ ბანალურ ტექსტებს არ ვიყენებ და იმის მიუხედავად, რომ უკან მობრუნება მართლაც მიწევს, სრულიად სხვა რამეს ვეუბნები.
- სულელი ხარ, ამხელა ბიჭი. ვერ უნდა მიხვდე, რომ სამზარეულო მაჩვენო?
საპასუხოდ, რაღაცას ბურდღუნებს თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და ჯენტლმენურად ვუთმობ გზას კარებში.
შესვლამდე კიდევ ერთხელ მიმეორებს, შიგნით ყველაფერი ერთმანეთზე ყრიაო, თუმცა თვალებს ვუქაჩავ და კარს აღებს.
აღებს და...
ღმერთო, ამ ბიჭს მართლა არ აქვს თავში ტვინი. სამზარეულო კი არა, საწყობია, ეს კი ბუშტებს მაბერინებდა.
სასწრაფოდ ვაგდებ გარეთ და იმ იმედით, რომ ყველაფერს მოვასწრებ, დალაგებას ვიწყებ...
***
დრო ისე გარბის, ვერც კი ვამჩნევ.
ხან სამზარეულოში ვარ, ხან მისაღებში, ხან საერთოდ ბაღში და თორდიას რომ კარგად გაკეთებული ჰგონია, მეორედ ვაკეთებ.
ვაღიარებ, მართალია მთელი დღე ვკინკლაობთ, მაგრამ ამასობაში, უფრო უკეთაც ვიცნობ და ვხვდები, როგორ შეიძლება მასთან საერთო ენის გამონახვა (თუ დამჭირდა)
ბოლოს, როგორც იქნა ყველაფერს ვამთავრებთ და გადაქანცული რომ შემოვდივარ სახლში, მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ უკვე ბინდდება.
არანაკლებ დაღლილია თორდიაც, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა აპირებს რომ დივანზე მიესვენოს, კარზე კაკუნი ჰაერში აჩერებს.
- ვა, უკვე მოვდნენ? - თვალებგაფართოებული დაჰყურებს მაჯაზე არსებულ საათს - ხო არ ღადაობ, ჯერ არც გამომიცვლია.
- დამშვიდდი, ეს ანუკი იქნება. - მისგან განსხვავებით, საერთოდ არ ვაპირებ ადგომას - გაუღე ახლა, მასპინძელი შენ ხარ.
- ანუკი ვინაა?
- დაქალია ჩემი. ვაკოს კლასელი.
ასე ნუ მიყურებ, მე მივწერე, რომ ცოტა ადრე მოსულიყო, მჭირდება.
- ლამაზია?
- გუგა!
- კაი, რა იყო. გამომეცვალა მაინც... -ისევ ბურდღუნით მიდის კარისკენ.
მის საქციელზე, ღიმილის შეკავება უბრალოდ შეუძლებელია.
იმის მიუხედავად, რომ წელი ძალიან მტკივა, მაინც ვდგები ფეხზე. მაინტერესებს, როგორ მოხდება მათი პირველი შეხვედრა, თუმცა ორი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ორივენი მისაღებში შემოდიან.
ნუთუ?!
მგონი, უკვე დროა რომანტიკული სერიალების ყურება შევწყვიტო.
ძალიან ჩამოვშორდი რეალობას.
- ალე, რაშვები? - კაკუნით მიახლოვდება და სანამ გადამკოცნის, უკვე ვგრძნობ მის სუნამოს სურნელს, რომელიც ყოველთვის განგებ მოსდის ზედმეტი.
თეთრი ატლასის კაბაში, უბრალოდ ბრწყინავს, მისი წაბლისფერი თმის ქერად შეღებილი ბოლოები კი იდეალურად ერწყმის მის დღევანდელ 'ლუქს'.
ვაღიარებ, ამ გოგომ ყოველთვის იცის, როგორ უნდა ჩაიცვას.
- გელოდებოდი - ოდნავ ვუღიმი - როგორც ყოველთვის, ანათებ.
- მადლობა სიხარულო, მალე შენც გაანათებ. - ხელში მოქცეულ პარკს მიფრიალებს და უკვე ვხვდები, რომ ეს ის არ არის, რისი მოტანაც მე ვთხოვე.
- წამოდი, მომზადება დავიწყოთ. ცოტა დრო გვაქვს - მკლავში მაფრინდება და თითქმის ძალით მიმათრევს კიბისკენ.
- სიხარულო, ნებისმიერი ოთახი გამოვიყენოთ? - ახლა გუგას უბრუნდება, რომელიც როგორც ვატყობ ჯერ კიდევ მისითაა 'გაშტერებული' და მხოლოდ მას შემდეგ ცოცხლდება, როცა მკლავზე ვკრავ ხელს.
- ჰო, ისა, კი. სადაც გინდათ.
- კარგი, ოქრო. - ჰაეროვან კოცნას უგზავნის და სწრაფად მიმაქანებს ზედა სართულისკენ.

***
იმის მიუხედავად, რომ ანუკის კარგი გემოვნება აქვს, მაინც იმ კაბის ჩაცმა მერჩივნა, რომელსაც ვგეგმავდი.
არ მიყვარს ეს ზურგზე ამოღებული და მოშიშვლებული რაღაცეები, მაგრამ არა, მას თუ დავუჯერებთ, სწორედ ამაშია მთავარი ხიბლი.
სხვა გზა რომ მქონდეს, ან ჩემი არჩეული მეორე კაბაც წამოეღო, რა თქმა უნდა ამას არ ჩავიცვამდი, მაგრამ ეს რომ შესანიშნავად იცოდა, იმიტომაც დამტოვა წითელი მოკლე კაბისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ამარა.
რაღაც მხრივ, საკუთარი თავი ასეთი განსხვავებული მომწონს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თმას მისწორებს და მომზადების ცერემონიას მსუბუქი მაკიაჟით აგვირგვინებს, მაგრამ ძალიან მეუცნაურება და არც თავისუფლად არ ვარ, ეს კი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა.
განუწყვეტლივ მიმეორებს, რომ ძალიან ლამაზი ვარ და სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მე არასდროს მდომებია ამ მსხვერპლის გაღება და ახლაც, უბრალოდ იძულებული ვარ ქუსლიანი ფეხსაცმლით ვიტანჯო.
ძლივს ჩავდივარ კიბეებზე. ანუკი კი ისე იქცევა, თითქოს კეტები ეცვას.
დაფარფატებს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მართლა დაფარფატებს.
ქვემოთ, უკვე თითქმის ყველა შეგროვილი გვხვდება.
მგონია, რომ მხოლოდ კვაშილავა დარჩა მოსასვლელი, მაგრამ საზეიმოდ გაწყობილ ბაღში რომ გავდივართ და ისიც იქ გვხვდება, გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.
მაშინვე მისკენ მირბის ანუკი და ისეთი ძალით ეხუტება, ნახევრად ყავარჯენზე დაყრდნობილი ლამის ამოატრიალოს.
- დის გულო, დაიკოს ერთადერთო, გილოცავ, სულ წინსვლა და წარმატება გქონდეს.
- მადლობა, ან, მადლობა. - ძლივს იშორებს და თავისუფალი ხელით მაგიდას ეყრდნობა.
- ვაკო, გილოცავ. - ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები და ანუკისგან განსხვავებით რაც შემიძლია ფრთხილად ვეხუტები.- მალე გამოჯანმრთელებას და ნაკრებში დაბრუნებას გისურვებ.
- გაიხარე, იმედია ასე იქნება. - ოდნავ ეღუშება სახე და ყავარჯენს ასწორებს.
- საჩუქრები ბოლოსო და სანთლებს რომ ჩააქრობ მაშინ მოგცემ - თვალს უკრავს ანუკი.
საპასუხოდ, ოდნავ უღიმის და მოახლოებულ თორდიას წამიერად ავლებს თვალს.
- აბა როგორ მოგწონს იუბილაარ?! - მხიარულად დგება ჩვენ შორის.
- კარგია, ყოჩაღ თქვენ.
- ალე დამეხმარა, მარტო ვერაფერს ვიზამდი. - კმაყოფილი ღიმილით მისწორებს მზერას. - ხო მართლა, რამდენის გახდი?
- 28
- ოო, ბერდები ძმაო. კაი ცოლი გინდა ახლა შენ, მამობისთვის შესაფერისი ასაკი გაქვს.
- ნუ ბოდავ. - მაშინვე თვალებს უქაჩავს.
ოდნავ მეღიმება მათ წაკინკლავებაზე, რომელსაც რაღა თქმა უნდა, კიდევ აგრძელებენ, თუმცა ამასობაში, ტაბაზე მიჩქმალული ფიქრები იწყებს ჩემში გაღვიძებას და ვეღარ ვუსმენ.
თითქმის ყველას ვცნობ ნაკრებიდან, მაგრამ ის არსად არაა.
ნუთუ არ მოვა...
არც მინდა, თორდიას ვკითხო.
ვიცი, რომ რაღაცას შეთხზავს.
თუმცა ჩემდა გასაოცრად, საკუთარი ინიციატივით ახსენებს და წამსვე გადამაქვს ყურადღება მასზე.
- ტაბამ სად ხართო, ბიჭო. - გაოცებული მზერით ჩაჰყურებს ტელეფონს. - წავალ გავხედავ, დაიკარგნენ ეტყობა.
ეს გველესიანი რაღამ გამოატვინა, ცხრაჯერ არის აქ ნამყოფი.
- ღამეა, ღამე. - მგონი პირველად, ყველაზე გულწრფელად იღიმის კვაშილავა.
- ლამპიონებს ვერ დავუდგამდი ახლა. -უკვე კარისკენ მიმავალი, მხოლოდ წამიერად ტრიალდება.
- შენ ადვილად მოაგენი? - დიდი ინტერესით ეკითხება ანუკი.
- გვაზავამ მომიყვანა. მარტო რომ ვყოფილიყავი,არ ვიცი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ადვილად ვიპოვიდი.
რა თქმა უნდა შემიძლია, ამ საუბარში თავისუფლად ჩავერიო, მაგრამ შინაგანად ისეთი ფორიაქი მეწყება, ზუსტად ვიცი, რომ სიტყვებს ერთმანეთზე ვერ გადავაბამ.
ახლა მოვა...
შემოვა...
ვნახავ. თუნდაც შორიდან...
ეს ყველაფერი, იმდენად უცნაურ შეგრძნებას იწვევს ჩემში, ადგილზე ვეღარ ვჩერდები და მიუხედავად მათი დაბნეული მზერისა, სწრაფად ვუვლი გვერდს.
წარმოდგენა არ მაქვს, სად მივდივარ.
ასე რომ, ძალიან სწრაფად რომ არ მომივიდეს აუზისთვის წრის დარტყმა, წამსვე ვანელებ ნაბიჯს.
ირგვლივ უამრავი ადამიანია და ყველა იმდენადაა საუბარში გართული, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ვინმე ჩემს ჩამოუყალიბებელ სიარულზე გაამახვილებს ყურადღებას, თუმცა ჩემზე ორი თავით მაღალი რომ სრულიად მოულოდნელად მიღობავს გზას, უნებურად ვკრთები.
მართლა ვერ ვცნობ და ეს, იმდენად ახალისებს საერთოდ არ მალავს ღიმილს.
ერთი მარტივი მოძრაობით იხსნის სათვალეს და თვალს მიკრავს.
არარსებობს...
- ალე, როგორ ხარ?
ბოლო წამამდე მქონდა იმედი, რომ ის არ იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო, ეს მცირე იმედიც გაქრა.
- კარგად. - ვცდილობ ნაძალადევად გავუღიმო.
- არ მეკითხები, მაგრამ მეც კარგად ვარ. - ირონიულად იღიმის.
არა, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ამ ადამიანს, სკოლის შემდეგ ისევ შევხვდი.
ბექა. ბიჭი, რომლის გამოც ვაკომ კალათბურთის ბურთი, მთელი ძალით გამომიქანა ცხვირში. რომელიც ვერა და ვერ გაძღა ჩემი ჩაგვრით. რომელმაც მთელი კლასი აამხედრა ჩემს წინააღმდეგ და მათ სათამაშოდ მაქცია.
არა, არ უნდა მიმეცა თორდიასთვის იმის უფლება, რომ კლასელებისთვის მარტო დაერეკა. დარწმუნებული ვარ, ვაკომ ვერაფერი უთხრა. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ვართ, ხომ არ გააგდებდა.
- მშვენიერია. მეჩქარება, გაიწიე. - ვცდილობ გავიარო, მაგრამ მკლავზე მკიდებს ხელს და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- ვიცი და გამიშვი თუ შეიძლება.
- ნარციზმი? - კვლავ ირონიულად ტეხს ტუჩის კუთხეს.
- ნარციზმის ღმერთი შენ ხარ. ვერ შეგედავები.
- შემიძლია, შენი ღმერთიც ვიყო.
- ვინ გთხოვს მაგას?
ისევ ეცინება.
მისი თითოეული ქცევა, უკვე იმდენად აუტანელია, წამიც აღარ მინდა მის გვერდით გაჩერება, მაგრამ ზუსტად ამ წამს გამირბის თვალი კარისკენ და... ვშეშდები.
ზუსტად ისეთი, ჩვეული ქარიზმით შემოდის, როგორ დინამოზე.
მარცხენა ხელით, სწრაფად ისწორებს ოდნავ აბურდულ თმას და პირდაპირ კვაშილავასკენ მიდის.
უკან, მაღალი შავგვრემანი გოგო მოჰყვება. თავიდან მგონია, რომ ის გველესიანთანაა, მაგრამ მასაც რომ მოჰყვება უკან გოგო და თანაც, ხელს რომ ჰკიდებს, უკვე გასაგებია, რომ მარტო არცერთი არ მოსულა.
მხიარულად ეხვევიან იუბილარს და შემდეგ, ყველა წინ უდგება.
იმის მიუხედავად, რომ მე მხოლოდ მის ღიმილზე მეკეტება ჭკუა, მას იმ გოგოს ღიმილზე ეკეტება, რომელსაც სწრაფად ხვევს წელზე ხელს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შიგნიდან რაღაც ჩამწყდა.
არ ვიცი, ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმომედგინა.
ყველაფერი კი არა, არაფერი არ არის.
ამიტომ არ უნდა იცხოვრო ფანტაზიებში და რამდენად მწარეც არ უნდა იყოს რეალობა, ყოველთვის მხოლოდ მას უნდა შეხედო პირისპირ.
- ოო, რთულადაა საქმე.
ყრუდ ჩამესმის ბექას ხმა და მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ ამდენი ხანია ისევ მის გვერდით ვდგავარ და რა თქმა უნდა, თვითონ არც უფიქრია წასვლა.
- ტაბატაძეს 'ქრაშავ'? - თითქმის ყურში მეჩურჩულება და უკვე, მოთმინების ფიალა მევსება.
- თავიდან მომწყდი, ბექა! - წასვლას ვაპირებ, მაგრამ ისევ წინ მიდგება.
- იცი ასე რატომ ხდება? არ იცი, თავი როგორ მოაწონო.
- შენ უნდა გკითხო რჩევა?! - ორნიულად ვუღიმი და ხელებს ვიკრეფ.
- მაინც არ მოგცემ. მისთვის ზედმეტად კარგი ხარ.
ღრმად ვოხრავ და ზუსტად იმ წამს, როცა კარგად უნდა გავლანძღო, თორდია მუსიკებს რთავს და წამში, ყველა გართობის სხვა ნოტაზე გადადის.
- ვიცეკვოთ? - ხელს მიწვდის.
- მეტი საქმე არ მაქვს! - გამოწვდილ ხელს ძლიერად ვუკრავ და როგორც იქნა, მისთვის გვერდის ავლის მცდელობა წარმატებულად გამომდის.
აღარ მომყვება.
არ ვიცი, რა მიზეზით მაგრამ ასე რომ არ გაჩერდება, ფაქტია. მე კი ის აუცილებლად უნდა მოვიშორო თავიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საღამოს ჩაშხამება გარანტირებული მაქვს.
ყველა ცეკვას იწყებს, შესაბამისად, ვეღარც ანუკის ვპოულობ და ტაბაც, ისე ქრება თვალსა და ხელს შუა, თითქოს აქ არც კი ყოფილა.
ალბათ, თავის გოგოსთან ერთად ცეკვავს სადმე.
ღმერთო, ამას ნუ დამანახებ რა იქნება...
საერთოდ აღარ ვიყურები მათკენ და ცენტრში არსებულ დივანზე, ვაკოს ვუჯდები გვერდით.
ისეთი ხმაურია, ლაპარაკი რომც დავიწყო, ზუსტად ვიცი, ვერაფერს გავაგონებ და უბრალოდ ვუღიმი.
საპასუხოდ, ისიც იმავეს აკეთებს და ჭიქაში არსებულ სასმელს, ბოლომდე ცლის.
რა თქმა უნდა, ყავარჯენი რომ არა, პირველი გაიქცეოდა საცეკვაოდ, მაგრამ ვინაიდან მდგომარეობა ხელს არ უწყობს, ცდილობს ყურადღება დალევით გადაიტანოს.
ო, ღმერთო, ეს მე რატომ ვერ მოვიფიქრე?
ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც გამოვიყენო ის, რომ არ ვთვრები?
თითქოს, ჩემი ფიქრები წაიკითხაო, სწრაფად ასხამს ჭიქაში სასმელს და მიწვდის.
დაუფიქრებლად ვართმევ, მაგრამ მასთან ერთად დალევის ნაცვლად, ვდგები.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს მოუსვენრობა, ძალიან ცუდად დამჩემდა.
წინ და უკან ვიწყებ სიარულს, თუმცა ესეც აღარ მშველის და საბოლოოდ ერთ-ერთ პატარა, მრგვალ მაგიდასთან ვჩერდები.
უკვე ყველაფრის იმედი გადაწურული მაქვს. მარტო ვიყავით და არ მიმჩნევდა, ამდენ ხალხში შემამჩნევს?
უბრალოდ შეუძლებელია, დღეს ჩვენი საუბარი შედგეს და დროა, ამას შევეგუო.
ოდნავ ვხუჭავ თვალებს და ჭიქას, ნახევრამდე ვცლი.
გონებაში, გეგმებს ვაწყობ, როგორ წავიდე ისე, რომ ვაკოს არ ეწყინოს.
ტაქსი უნდა გამოვიძახო.
სანამ აქამდე ამოაღწევს, ვაკოს დაველაპარაკები.
ტელეფონს ვიღებ, თუმცა ზუსტად იმ წამს, როცა უნდა დავრეკო, შეხებას ვგრძნობ წელზე და დღეს, უკვე მერამდენედ შიშისგან მაციებს.
სწრაფად ვბრუნდები და ძლივს ვახერხებ ხელში ძალის შენარჩუნებას, რომ ტელეფონი არ გამივარდეს.
- რატომ არ ცეკვავ?
თვალებს თუ ვუჯერებდე.
განუწყვეტლივ ვაფახულებ, თუმცა ჩემს წინ, გამოსახულება არ იცვლება.
მართლა ის არის...
ამღვრეული მზერით, დაჟინებით მაქცერდება თვალებში და გონება ისე მებინდება, ძლივს ვახერხებ პასუხის დაბრუნებას.
- არ მინდა.
ოდნავ მიქნევს თავს. მერე, ხელს მიშვებს და ისევ თმას ისწორებს.
- დავილაპარაკოთ?
- რაზე...
ოდნავ ეღიმება და პასუხის ნაცვლად, უბრალოდ თვალით მანიშნებს რომ გავყვე.
ვიძაბები.
მის თვალებში არც სინანული იყო და არც გულწრფელობა.
განა შეიძლება, რომ ადამიანი ასე ნანობდეს?
მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს ცეკვაში გართულ ხალხს და მაინც მივყვები.
სულერთია, ასე ვერ მოვისვენებ.
კითხვების დაღრღნას, ისევ მირჩევნია მოსმენილმა დამღრღნას, ზუსტად მაინც მეცოდინება რის გამო ვიტანჯები.
სახლში შედის, იქიდან კი ქრება.
ადგილზე ვტრიალებ.
არა, სრული სიცარიელეა.
უკვე მგონია, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო, თუმცა სამზარეულოდან, ხმაური მესმის და რა თქმა უნდა ისე ვერ ვჩერდები, რომ არ შევამოწმო.
ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები კარს, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო ჩუმად ნამდვილად არ გამომდის.
ისედაც ნახევრად ღიას, ბოლომდე ვაღებ და... არა, წარმოსახვა არ ყოფილა.
ოდნავ მიახლოვდება და ხელში არსებულ ღვინის ჭიქას მიწვდის.
ვართმევ, თუმცა მისგან განსხვავებით დალევას არ ვჩქარობ.
- ალე, ალე... -უკუსვლით იხევს და მაგიდას ეყრდნობა, მერე ქვემოდან მიყურებს დაჟინებით და ის ირონიული ღიმილიც არ ავიწყდება.
სხვა შემთხვევაში, ალბათ მისგან ჩემი სახელის გაგონება მესიამოვნებოდა, მაგრამ ახლა, ისე ტონით მეუბნება, ცივი გაჟრჟოლების გარდა ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
- მთვრალი ხარ... - კითხვაც არ ყოფილა, უნებურად მცდება ბაგეებიდან სიტყვები.
როგორ აქამდე ვერ მივხვდი. მისი ამღვრეული თვალები, ეს ღიმილი.
წარმოუდგენელია, როგორ მოასწრო ასე მოკლე დროში.
- ეგ ხელს გვიშლის? - ისევ უაზროდ ეღიმება.
- კი. აჯობებს სხვა დროს ვილაპარაკოთ. - სწრაფად ვდებ ჭიქას მაგიდაზე და ზუსტად იმ წამს, როცა გასვლას ვაპირებ ელვის სისწრაფით სწყდება ადგილს, მკლავში მკიდებს ხელს და კარსაც ხურავს.
ჩვენ შორის არსებული მანძილი იმდენად მცირდება, გულს ვეღარ ვიმორჩილებ და უკვე იმდენად სწრაფად მიცემს, კაბასაც კი ამოძრავებს.
რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ რჩება. ფრთხილად მიშვებს მკლავიდან ხელს და კვლავ ირონიული ღიმილით, ზუსტად გულზე მადებს.
- ეს ჩემს გამო?
- არა. - დაუფიქრებლად ვცრუობ.
- ანუ, ყველას სიახლოვეზე ასე გემართება?
ჩემი მდგომარეობა იმდენად ართობს, რომ გაშვების ნაცვლად კიდევ უფრო მიახლოვდება.
სუნთქვა მეკვრის. ხვდება, მაგრამ განგებ ცდილობს უარესი დამმართოს, თითქოს აინტერესებს, სადამდე გავუძლებ.
- არადა... - ისევ ღიმილით იწყებს, თუმცა უკვე სიცილში გადაუდის და დროულად ვეღარ აგრძელებს. - გეფიცები, მეგონა ეხლა გამიჭედავს, არ გაპატიებო, მეტყვის - მეთქი. შენ კი... თურმე უბრალოდ მოგიახლოვდეს ადამიანი - ისევ ეცინება. - ასე ადვილად კარგავ თავს?
- შენსავით ორ ჭიქიანი მაინც არ ვარ. - ისე მკაცრად ვეუბნები, მე თვითონ მიკვირს.
წამსვე სერიოზულდება. რა თქმა უნდა, არ ელოდა და შესაბამისი რეაქციაც აქვს. ახლა, მე მეღიმება მის მზერაზე.
- შენი აზრით, მარტო ორი ჭიქა დავლიე?
- ვაიმე, მე ბოდიში. ერთმა დაგათრო?
მის თვალებში, უკვე კარგად შესამჩნევ ბრაზის ნაპერწკლებს ვხედავ და ისევ მეღიმება.
იმის მიუხედავად, რომ გული ჯერ კიდევ არ აპირებს დამშვიდებას, საქმეში ნელ-ნელა გონება ერთვება და მგონი ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა გამომდის.
- მიწვევ? - ისე სწრაფად მაკრავს კარს, გააზრებასაც ვერ ვასწრებ.
ნამდვილად არ მეგონა, ამდენად თუ გაბრაზდებოდა.
- გამოდის, შენ ერთ გადაკრულ სიტყვაზე კარგავ თავს. - მისი სიახლოვე, მისი თვალებიდან გაქცევას მაიძულებს, მაგრამ მაინც ვეუბნები.
- ერთი ჩვენს ფეხბურთის გოგოს დამიხედეთ... - ისევ იღიმის, მაგრამ ზუსტად ვიცი, ახლა ნაძალადევად. - საიდან ამხელა გამბედაობა?
- ვინ ხარ, რომ შენს წინ გამბედაობა დავკარგო?
- ადამიანი, რომელზეც ჭკუას კარგავ.
ადამიანი, რომელზეც ისე ხარ შეყვარებული, მზად ხარ მის გამო ფეხბურთსაც კი უყურო. - კმაყოფილი ღიმილით ასრულებს წინადადებას.
გონებაში სრული ქაოსი იქმნება.
მიხვდა. როგორ მიხვდა?! დავიჯერო, მხოლოდ ჩემი გულისცემაა მიზეზი? გამორიცხულია, ის უბრალოდ მის ფან გოგონებში მაერთიანებს.
- შენ საერთოდ სად იყავი, მე რომ ფეხბურთს ვუყურებდი.
- ოოო, ერთი ამას დამიხედეთ. რაო, ტყუილები გამოგვდისო? - თვალს მიკრავს.
- მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად გამომგდის იმის დაჯერება რაც გინდა.- მისი ხელებიდან თავის დაღწევას ვცდილობ, მაგრამ ისევ მკლავით მიჭერს.
- ფეხბურთის სიყვარულში მედრები?
შენი აზრით ჩემზე დიდი ხანია...
- ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ქენქაძე იყო კაპიტანი. - წინადადების დასრულებას არ ვაცდი, ისე ვეჭრები.
მზერა ეცვლება. ზუსტად ვიცი, იმ დროს სკოლის მოსწავლე იქნებოდა.
- თუ არ გახსოვს, გაგახსენებ. ინტერვიუში თავად თქვი, რომ ფეხბურთი შენი გატაცება არასდროს ყოფილა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი შემტევი იქნებოდი.
როგორც ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდეს, ერეკლე ტაბატაძე...
ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები შოკში აგდებს, განსაკუთრებით იმ ინტერვიუს გახსენება, რომელიც, ალბათ, თვითონ ძლივს ახსოვს.
ზუსტად ამ წამით ვსარგებლობ, ხელს ვაშვებინებ და სწრაფად ვტოვებ სამზარეულოს.
1:0
მოგიწევს, ჩემს გამარჯვებას შეეგუო.
_________________________________________________________
სიყვარულებოო, ვიცი, ვიცი რომ პატარაა, მაგრამ უფრო დიდს, გადატვირთული გრაფიკის გამო, ფიზიკურად ვერ ვახერხებ.
თან არც მინდა, რომ დავაგვიანო - ხოლმე.
გელით, როგორც ყოველთვის...
სიყვარულით
თქვენი
ელა'ტრისი



№1  offline წევრი Life is beautiful

აქავარ, აქა ვარ.. სადა ხარ..

 


№2  offline წევრი likuu_s

ვააახ, ძალიან კარგი იყო!
მაგრად ვიცინე, უცებ გადაკარგულში რომ მოხვდა. მეგონა ახლა ერეკლე გამოივლიდა თავისი მანქანით და მოხდებოდა რაღაცეები. :დ მოვინდომე რომანტიკა და ამბები :დდ

რატომღაც, მგონია რომ ის გოგო ერეკლეს შეყვარებული არ იქნებოდა.

ეს ბექა ცუდად გამოჩნდა. ვფიქრობ მაგან უთხრა ერეკლეს :(

და ვერ ვხდები, ანუ რადგან გოგო ხარ იი ფეხბურთი არ უნდა გიყვარდეს და აუცილებლად ბიჭის გამო უნდა უყურებდე? ზოგს რომ ასეთი აზროვნება აქვს, მკლავს! :დ

მოკლედ, მომეწონა.

ველი შემდეგს.
წარმატებები!<3

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე ამათ ამბავს ისევ ველოდები ხოლმე რომ არვიცი.ერთი დამიხედეთ ტაბას ნეტა როგორ მიხვდა ან მართლა როგორ გაიგო.ვითომ ყურადღებას არ აქცევდა ალეს.ყოჩაღ ალეს მასე გააგრძელოს აბა იქნებ გონს მოეგოს ეს ბიჭი.შენ კი ძალიან კარგად წერ

 


№4  offline წევრი EllaTriss

Life is beautiful
აქავარ, აქა ვარ.. სადა ხარ..

მე აქ ვარ, შენ სად ხარ :დ

 


№5 სტუმარი სტუმარი ...

ისტორია და იდეა ძალიან მომწონს. ყოველი თავის წამკითხვის მერე მრჩება ინტერესი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ პატარა მინუსი, რის გამოც ისტორია ბევრად პატარა გამოდის, არის სიტუაციები. ბევრად დიდ დროს უთმობ მკითხველითვის ნაკლებად საინტერესო სცენების აღწერას და ის რაც ჩვენ გვაინტერესებს, შედარებით პატარა გამოდის და დაუკმაყოფილებლობის განცდა რჩება. იმას არ ვამბობ რომ რამეს არასწორად წერ და არ მომწონს, უბრალოდ პრიორიტეტები ვერ ბალანსდება თითქოს. სახლის სცენა ბევრად სიანტერესო იქნებოდა თუ დიალოგებს გამოიყენებდი, თუნდაც შემდეგ ვაკოსთან, რაღაცნაირად უმიზნოდ დაიკარგა ზედა ნაწილი. გარე ფაქტორწბი და დეტალები ზოგადად ძალიან მაინტერესებს, მაგრამ აქცენტი გეკარგება წერის დროს. აუცილებელი არაა, მაინც და მაინც ერეკლესთან დაკავშირებით ყოფილიყო დიალოგი, უბრალოს უფრო კარგად გაგვაცნობდი სხვა პერსონაჟებს, რომლებიც ძალიან ინერტულები არიან. არ იფიქრო რომ გაკრიტიკებ, ვცდილობ ჩემი პოზიცია დაგანახო, რომ უკეთესად აღიქვა და გაითვალისწინო.❤️ ისტორია მომწონს და ველოდები შემდეგს❤️

 


№6  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ვააახ, ძალიან კარგი იყო!
მაგრად ვიცინე, უცებ გადაკარგულში რომ მოხვდა. მეგონა ახლა ერეკლე გამოივლიდა თავისი მანქანით და მოხდებოდა რაღაცეები. :დ მოვინდომე რომანტიკა და ამბები :დდ

რატომღაც, მგონია რომ ის გოგო ერეკლეს შეყვარებული არ იქნებოდა.

ეს ბექა ცუდად გამოჩნდა. ვფიქრობ მაგან უთხრა ერეკლეს :(

და ვერ ვხდები, ანუ რადგან გოგო ხარ იი ფეხბურთი არ უნდა გიყვარდეს და აუცილებლად ბიჭის გამო უნდა უყურებდე? ზოგს რომ ასეთი აზროვნება აქვს, მკლავს! :დ

მოკლედ, მომეწონა.

ველი შემდეგს.
წარმატებები!<3

ლიკუნა, მიხარია, რომ შენი გამხიარულება შევძელი და რაც გეგმაში იყო, გამოვიდა^_^ ♡
რომანტიკისგან ჯერ შორს ვართ, თუმცა იქნება ეგეც^
არ მინდა, წინასწარ ვთქვა რამე, თუმცა ჰო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ტაბას ეს სიტყვები, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, გეთანხმები.
რას ვიზამთ, რომ ზოგი კი არა, ბევრი მსჯელობს ასე ))
პ.ს მუდამ მახარებს შენი გამოჩენა! ❤
მიყვარხარ, ასე შორიდან ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Life is beautiful

მიყვარს ეს გოგო!
დიახაც! ეგრე მოუხდება მაგას.
ისეთი ნასიამოვნები ვარ, მაგრამ აი რომ უნდა შემითრიოს მაშინ ამთავრებ..
აი უბედურებაა სადაა.
მკლავს ეს პატარა თავები, თუმცა მესმის..
მაგრამ რა ვქნა? მეტი მინდა. ((!
ისე ბოლოში მაგრად "გამისწორდა" ეგრე რომ მოუჯოკრა. ♥️
და კიდე გულის აჩქარებაზე, :დდ
მე პირიქით ვარ. :დდ
ყველას მოახლოებაზე გული გაასმაგებულად მიცემს და როცა საყვარელი ადამიანი მიახლოვდება, ფაქტიურად აღარ ფეთქავს. :დ
" კრაუსტროფობია" - დახურული სივრცის შიში, ჩემთვის კი მოახლოვების შიში. :დდ
ერთი სული მაქვს, როდის იქნება ახალი.

 


№8  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თამო
ვაიმე ამათ ამბავს ისევ ველოდები ხოლმე რომ არვიცი.ერთი დამიხედეთ ტაბას ნეტა როგორ მიხვდა ან მართლა როგორ გაიგო.ვითომ ყურადღებას არ აქცევდა ალეს.ყოჩაღ ალეს მასე გააგრძელოს აბა იქნებ გონს მოეგოს ეს ბიჭი.შენ კი ძალიან კარგად წერ

თამო, მე შენ გელი - ხოლმე ^_^ ♡
ასეთი ალე, მეც მომწონს. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ და როგორ განვითარდება მოვლენები.
ამ ეტაპზე, თქვენც ხვდებით, არაფერია გამორიცხული^^
პ.ს მიხარიხარ! ❤
თქვენი თითოეული სიტყვა, ჩემი მთელი დღის პოზიტივია ❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი ...
ისტორია და იდეა ძალიან მომწონს. ყოველი თავის წამკითხვის მერე მრჩება ინტერესი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ პატარა მინუსი, რის გამოც ისტორია ბევრად პატარა გამოდის, არის სიტუაციები. ბევრად დიდ დროს უთმობ მკითხველითვის ნაკლებად საინტერესო სცენების აღწერას და ის რაც ჩვენ გვაინტერესებს, შედარებით პატარა გამოდის და დაუკმაყოფილებლობის განცდა რჩება. იმას არ ვამბობ რომ რამეს არასწორად წერ და არ მომწონს, უბრალოდ პრიორიტეტები ვერ ბალანსდება თითქოს. სახლის სცენა ბევრად სიანტერესო იქნებოდა თუ დიალოგებს გამოიყენებდი, თუნდაც შემდეგ ვაკოსთან, რაღაცნაირად უმიზნოდ დაიკარგა ზედა ნაწილი. გარე ფაქტორწბი და დეტალები ზოგადად ძალიან მაინტერესებს, მაგრამ აქცენტი გეკარგება წერის დროს. აუცილებელი არაა, მაინც და მაინც ერეკლესთან დაკავშირებით ყოფილიყო დიალოგი, უბრალოს უფრო კარგად გაგვაცნობდი სხვა პერსონაჟებს, რომლებიც ძალიან ინერტულები არიან. არ იფიქრო რომ გაკრიტიკებ, ვცდილობ ჩემი პოზიცია დაგანახო, რომ უკეთესად აღიქვა და გაითვალისწინო.❤️ ისტორია მომწონს და ველოდები შემდეგს❤️

არ მახსოვს, თუ მომყვებოდი, მაგრამ გამეხარდა შენი გამოჩენა.
უკვე ზუსტად ვიცი, რომ შემდეგის წერას რომ დავიწყებ, კიდევ ბევრჯერ გადავიკითხავ შენს კომენტარს^_^
არ მწყინს, პირიქით მიხარია, როცა მიმითითებთ - ხოლმე. სხვისი აზრი, საუკეთესოა განვითარებისთვის.
ყველანაირად ვეცდები, რომ გავითვალისწინო.
ვნახოთ, თუ გამომივა ძალიან ბედნიერი ვიქნები ♡ მადლობა!
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

Life is beautiful
მიყვარს ეს გოგო!
დიახაც! ეგრე მოუხდება მაგას.
ისეთი ნასიამოვნები ვარ, მაგრამ აი რომ უნდა შემითრიოს მაშინ ამთავრებ..
აი უბედურებაა სადაა.
მკლავს ეს პატარა თავები, თუმცა მესმის..
მაგრამ რა ვქნა? მეტი მინდა. ((!
ისე ბოლოში მაგრად "გამისწორდა" ეგრე რომ მოუჯოკრა. ♥️
და კიდე გულის აჩქარებაზე, :დდ
მე პირიქით ვარ. :დდ
ყველას მოახლოებაზე გული გაასმაგებულად მიცემს და როცა საყვარელი ადამიანი მიახლოვდება, ფაქტიურად აღარ ფეთქავს. :დ
" კრაუსტროფობია" - დახურული სივრცის შიში, ჩემთვის კი მოახლოვების შიში. :დდ
ერთი სული მაქვს, როდის იქნება ახალი.

ვიცოდი, რომ აუცილებლად გაუსვამდი მაგას ხაზს და მიხარია, რომ მოგეწონა^_^♡
რა თქმა უნდა, ცოტა ერეკლესაც ხომ უნდა ჩაუტარონ:დ
გულის აჩქარებაზე, მსგავსი პირველად გავიგე.
ნეტა რომელი ჯობია, საკითხავია ეგაა:დ
პ.ს გეფიცები, ვცდილობ თავების მოცულობა გავზარდო, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში 1 წუთი არ მაქვს თავისუფალი, ისეთი რომ არაფერს ვაკეთებდე .
მიხარია, რომ ერთგულად მომყვები და ელი. ვეცდები, მალე იყოს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№9 სტუმარი Ana-maria

როგორ ველოდი წვეულებას და აი ის ნაპერწკალიც,რომლისგანაც ალს ველოდები. ეგოისტი ტაბა,როგორც კი გაიგო ალეს გრძნობაზე,ეგრევე დაზუსტება გადაწყვიტა. არადა ვერც კი ამჩნევდა ალეს.ეს თავი მომეწონა,მაგრამ არ მეყო. თანაც საინტერესო ადგილზე დამთავრდა. ახალს ველოდები მოუთმენლად

 


№10  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
როგორ ველოდი წვეულებას და აი ის ნაპერწკალიც,რომლისგანაც ალს ველოდები. ეგოისტი ტაბა,როგორც კი გაიგო ალეს გრძნობაზე,ეგრევე დაზუსტება გადაწყვიტა. არადა ვერც კი ამჩნევდა ალეს.ეს თავი მომეწონა,მაგრამ არ მეყო. თანაც საინტერესო ადგილზე დამთავრდა. ახალს ველოდები მოუთმენლად

ანამარია, მიხარია თუ მოგეწონა.
რა თქმა უნდა, ეს ნაპერწკალიც გაღვივდება შემდეგ და კიდევ და კიდევ საინტერესოდ განვითარდება ყველაფერი.^_^ ♡
პ.ს ყველანაირად ვეცდები, შემდეგიც მალე იყოს.❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი one

ai egre raa))) oops ra vikhalise))
vgijdebi shenze❤️
male moddi**

 


№12  offline წევრი Diamond

როგორ გელოდი♥ამ მოთხრობის კითხვა ფეხბურთის გამო დავიწყე მეთქი ცუდიც რომ იყოს იმის ხათრით უნდა წავიკითხო ფეხბურთხე რომ არისთქო:დდ მაგრამ ისეთი კარგია თვალს ვეღარ ვწყვეტ და დღეში ყველაფერ შემოვდივარ შესამოწმებლად:დ თვითონ მოთხრობა ხო ძალიან მომწონს,მაგრამ უფრო მეტად იდეა♥ამ სტილის მოთხრობას,რომელიც ფეხბურთზე იქნებოდა დსწერილი,პირველად ვკითხულობ და მადლობა♥

 


№13  offline წევრი EllaTriss

one
ai egre raa))) oops ra vikhalise))
vgijdebi shenze❤️
male moddi**

მიხარია, თუ მოგეწონა❤
ვეცდები, მალე იყოს, ვნახოთ^^ ❤

Diamond
როგორ გელოდი♥ამ მოთხრობის კითხვა ფეხბურთის გამო დავიწყე მეთქი ცუდიც რომ იყოს იმის ხათრით უნდა წავიკითხო ფეხბურთხე რომ არისთქო:დდ მაგრამ ისეთი კარგია თვალს ვეღარ ვწყვეტ და დღეში ყველაფერ შემოვდივარ შესამოწმებლად:დ თვითონ მოთხრობა ხო ძალიან მომწონს,მაგრამ უფრო მეტად იდეა♥ამ სტილის მოთხრობას,რომელიც ფეხბურთზე იქნებოდა დსწერილი,პირველად ვკითხულობ და მადლობა♥

ჩემთან პირველად გხედავ და ძალიან მიხარია^^ ❤ ფეხბურთი სულ სხვა სამყაროა ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა, ერთხელ ამ თემაზეც დამეწერა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამან თქვენი მოწონებაც დაიმსახურა^_^ ♡
მადლობა შენ!
უდიდესი მოტივაცია ხარ❤❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი თიკო

ლამის კი არა, კრუნჩხვებში ჩავვარდი ოთხივე თავი ერთად, რომ წავიკითხე! ისე რეალურად გაქვს აღწერილი თითოეული ემოცია, რომ მეც მათთან, კერძოდ ალესთან ერთად განვიცადე ყველაფერს. ვინ ხარ? გელი მოუთმენლად! წარმატებები!❤❤❤

 


№15  offline წევრი OKI ME

და აი, მეც მოვედიიი. კი დავაგვიანე მაგრამ ხომ მოვედი არა? :დდდ შენ ისტორიას მე გამოვტობედი? ნურას უკაცრავად ! :დდ ❤️❤️

ოხ ელაა, ელააა. :დდდ დადებ ხოლმე საინტერესო ისტორიას და მერე ელოდები ახალ თავს :დდდ ნუ როგორც ყოველთვის ახლაც ვთქვი რომ დაველოდებოდი სრულად ატვირთვას ან რამდენი თავის დადებასთქო და შემდეგ წავიკითხავ-მეთქი. როგორც ხედავს დასრულებავ ვერ დაველოდე :დდდ

შენ უნდა შემაყვარო ფეხბურთი? :დდდ ნუ შენ კი გეტყობა დიდი მოყვარული რომ ხარ :დდ ❤️

ჰო ისტორიაც რაც შეეხება. ვაიი, ერეკლე ტაბატაძეე, ცეცხლს რომ ეთამაშები ჯერ ვერ ხვდები მაგას :დდდ სულ ასე დაშტერებული კი არ იქნება ალე შენი დანახვისას. ზოგჯერ გამოფხიზლდება და ანგარიშით 1:0 გაიზრდება მის სასარგებლოდ :დდდ როგორც ამ თავში. :დდდ

უიმეე ეს ბექა ვინ არის კაცო, უკვე მომიშალა ნერვები. ჯერ არ გამოჩენილა ნორმალურად და დაიწყო ნერვებზე თამაში. ალეს ერთი კარგად ყავს მოსასმელი თავის ადგილას ეგ ვაჟბატონი.

ჰოდაა, რომ იცოდე შემდეგ თავს როგორ ველი ელაა?! ❤️❤️ ერთი სული მაქვს ვნახო. იმასაც კი ვფიქრობ ახლა დავლოდებოდი კიდევ ცოტახანსთქო, ხომ მექნებოდა უფრო მეტი თავი ერთად წასაკითხი არა? :დდ

მოკლედ, აბა შენ იცი. წარმატებები და შეძლებისდაგვარად მოკლედ დროში დავრუნდები ახალი თავით ❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი Diamond

EllaTriss
one
ai egre raa))) oops ra vikhalise))
vgijdebi shenze❤️
male moddi**

მიხარია, თუ მოგეწონა❤
ვეცდები, მალე იყოს, ვნახოთ^^ ❤

Diamond
როგორ გელოდი♥ამ მოთხრობის კითხვა ფეხბურთის გამო დავიწყე მეთქი ცუდიც რომ იყოს იმის ხათრით უნდა წავიკითხო ფეხბურთხე რომ არისთქო:დდ მაგრამ ისეთი კარგია თვალს ვეღარ ვწყვეტ და დღეში ყველაფერ შემოვდივარ შესამოწმებლად:დ თვითონ მოთხრობა ხო ძალიან მომწონს,მაგრამ უფრო მეტად იდეა♥ამ სტილის მოთხრობას,რომელიც ფეხბურთზე იქნებოდა დსწერილი,პირველად ვკითხულობ და მადლობა♥

ჩემთან პირველად გხედავ და ძალიან მიხარია^^ ❤ ფეხბურთი სულ სხვა სამყაროა ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა, ერთხელ ამ თემაზეც დამეწერა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამან თქვენი მოწონებაც დაიმსახურა^_^ ♡
მადლობა შენ!
უდიდესი მოტივაცია ხარ❤❤❤❤

დღეიდან ხშირად დამინახავ♥უკვე ძალიან მიყვარხარ იმის გამო,რომ ფეხბურთი გიყვარს♥

 


№17  offline წევრი ქიქი

მე რო დავყევი და ოთხივე თავზე მიყოლებით დაგიკომენტარე ეგ არ შევიმჩნიოთ:დ
წაკითხული მქონდა ოთხივე თავი,მაგრამ ეს ახალი აქაუნთია და ამითაც ხო უნდა დამეკომენტარებინა:დდ
აი,მაღლა რომ მითხარი პირველად გხედავ ჩემთანო ეგ ვარ,პროსტა აღმოვაჩინე,რომ მაგ აქაუნთის პაროლი აღარ მახსოვდა:დდ
მოკლედ,ამდენი კი ვიბოდიალე,მაგრამ სულ სიყვარულით:დ
ძალიან რომ მომწონს მოთხრობა მაგის ბრალია♥

 


№18  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თიკო
ლამის კი არა, კრუნჩხვებში ჩავვარდი ოთხივე თავი ერთად, რომ წავიკითხე! ისე რეალურად გაქვს აღწერილი თითოეული ემოცია, რომ მეც მათთან, კერძოდ ალესთან ერთად განვიცადე ყველაფერს. ვინ ხარ? გელი მოუთმენლად! წარმატებები!❤❤❤

თიკოო, როგორ გამეხარდა შენი გამოჩენა ვერ წარმოიდგენ. ♡♡♡♡
სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ბოლომდე მოდის ემოციები. სულ ვამბობ, ეს ყველაზე მთავარია^^
მიხარიხარ! ❤ როგორც ყოველთვის, ახლაც უდიდესი პოზიტივი მივიღე შენგან. ❤❤❤❤❤

Megioki
და აი, მეც მოვედიიი. კი დავაგვიანე მაგრამ ხომ მოვედი არა? :დდდ შენ ისტორიას მე გამოვტობედი? ნურას უკაცრავად ! :დდ ❤️❤️

ოხ ელაა, ელააა. :დდდ დადებ ხოლმე საინტერესო ისტორიას და მერე ელოდები ახალ თავს :დდდ ნუ როგორც ყოველთვის ახლაც ვთქვი რომ დაველოდებოდი სრულად ატვირთვას ან რამდენი თავის დადებასთქო და შემდეგ წავიკითხავ-მეთქი. როგორც ხედავს დასრულებავ ვერ დაველოდე :დდდ

შენ უნდა შემაყვარო ფეხბურთი? :დდდ ნუ შენ კი გეტყობა დიდი მოყვარული რომ ხარ :დდ ❤️

ჰო ისტორიაც რაც შეეხება. ვაიი, ერეკლე ტაბატაძეე, ცეცხლს რომ ეთამაშები ჯერ ვერ ხვდები მაგას :დდდ სულ ასე დაშტერებული კი არ იქნება ალე შენი დანახვისას. ზოგჯერ გამოფხიზლდება და ანგარიშით 1:0 გაიზრდება მის სასარგებლოდ :დდდ როგორც ამ თავში. :დდდ

უიმეე ეს ბექა ვინ არის კაცო, უკვე მომიშალა ნერვები. ჯერ არ გამოჩენილა ნორმალურად და დაიწყო ნერვებზე თამაში. ალეს ერთი კარგად ყავს მოსასმელი თავის ადგილას ეგ ვაჟბატონი.

ჰოდაა, რომ იცოდე შემდეგ თავს როგორ ველი ელაა?! ❤️❤️ ერთი სული მაქვს ვნახო. იმასაც კი ვფიქრობ ახლა დავლოდებოდი კიდევ ცოტახანსთქო, ხომ მექნებოდა უფრო მეტი თავი ერთად წასაკითხი არა? :დდ

მოკლედ, აბა შენ იცი. წარმატებები და შეძლებისდაგვარად მოკლედ დროში დავრუნდები ახალი თავით ❤️❤️❤️

მეგი, კი მივხვდი რატომ არ ჩანდი. (წინა ისტორიაზეც მსგავსად გააკეთე :დ) ეგ არაფერი, მთავარია მოხვედი. ♡♡
ფეხბურთი უნდა შეგაყვაროთ, დიახაც :დ
მიყვარს, შენეული შეფასებები. სულ ღიმილით ვკითხულობ - ხოლმე ❤
ერეკლე მართლაც ცეცხლს ეთამაშება, რა კარგად შეადარე.
ვნახოთ რა მოხდება., ყველაფერი შესაძლებელია.
პ.ს გამათბო შენმა კომენტარმა❤❤❤❤
მართლა ყველანაირად ვეცდები, მალე დავბრუნდე❤❤❤

ქიქი
მე რო დავყევი და ოთხივე თავზე მიყოლებით დაგიკომენტარე ეგ არ შევიმჩნიოთ:დ
წაკითხული მქონდა ოთხივე თავი,მაგრამ ეს ახალი აქაუნთია და ამითაც ხო უნდა დამეკომენტარებინა:დდ
აი,მაღლა რომ მითხარი პირველად გხედავ ჩემთანო ეგ ვარ,პროსტა აღმოვაჩინე,რომ მაგ აქაუნთის პაროლი აღარ მახსოვდა:დდ
მოკლედ,ამდენი კი ვიბოდიალე,მაგრამ სულ სიყვარულით:დ
ძალიან რომ მომწონს მოთხრობა მაგის ბრალია♥

უი, რას ამბობ წავალ ვნახავ და ყველაზე გიპასუხებ! ❤
მთავარია ჩემთან ხარ, აქაუნთი არ არის პრობლემა^^ ❤❤

 


№19  offline წევრი ქიქი

ელა ტრის,პრემიერ ლიგას თუ უყურებ და მაგიტო არ დებ ახალ თავს მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაპატიებ????
დღეში ყველაჯერ შემივდივარ და ვამოწმებ♥️

 


№20  offline წევრი EllaTriss

ქიქი
ელა ტრის,პრემიერ ლიგას თუ უყურებ და მაგიტო არ დებ ახალ თავს მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაპატიებ????
დღეში ყველაჯერ შემივდივარ და ვამოწმებ♥️

ქიქი, მე ამბავში ვარ, ნუ იტყვი :დ
ლამის სახლიდან გამაგდონ უკვე, მარტო ლივერპული მაკერია პირზე :დდ
პ.ს ღამის გათენებაც რომ დამჭირდეს, ხვალ უეჭველი იქნება.❤ მადლობა მოთმინებისთვის.

 


№21  offline წევრი ქიქი

EllaTriss
ქიქი
ელა ტრის,პრემიერ ლიგას თუ უყურებ და მაგიტო არ დებ ახალ თავს მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაპატიებ????
დღეში ყველაჯერ შემივდივარ და ვამოწმებ♥️

ქიქი, მე ამბავში ვარ, ნუ იტყვი :დ
ლამის სახლიდან გამაგდონ უკვე, მარტო ლივერპული მაკერია პირზე :დდ
პ.ს ღამის გათენებაც რომ დამჭირდეს, ხვალ უეჭველი იქნება.❤ მადლობა მოთმინებისთვის.

ლივერპულის რა მოგახსენო,მაგრამ მე სახლიდან იმის გამო გამაგდებენ დღეს მამარდაშვილის მეტს,რომ არაფერს გავიძახი:დ თუ რამე ერთად ვიქირაოთ რამე პატარა ოთახი და ვიცხოვროთ სახლიდან გაგდებულებმა:დ
მოთმინებას რაც შეეხება,საკმაოდ დიდი დოზით მაქვს და თან ასეთ მოთხრობას წერ და ნუ გგონია არ დაგელოდები♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent