შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 44)


23-08-2021, 00:11
ავტორი Impermeable
ნანახია 10 131

2 დღით ადრე

ლეა

“გამოსაცდელი” ვადა სანამ არ გავიდოდა ქვეყანას ვერ დავტოვებდით, ამიტომ გადავწყვიტეთ ფლამინგოსფერ სახლში გადავსულიყავით. ბატონი ალის სასახლეში ერთ დღესაც ვერ გავატარებდი. მუშაობა ისევ დისტანციურად გავაგრძელე. ოჯახური გამოწვევების ფონზე ორივე სამსახურებრივ ვალდებულებებსა და დედლაინებს ვეღარ ავუდიოდით, დილით ადრიანად გასული დავუდი გვიან ღამით ბრუნდებოდა და ერთმანეთს მხოლოდ ამ დროს ვუზიარებდით დღის მანძილზე დაგროვილ ემოციებსა და თავს გადახდენილ ამბებს. ამ სახლში ისევ ვიგრძენი, რას ნიშნავს თავისუფლად ცხოვრება ყოველგვარი თვალთვალის და ინტრიგების ხლართვის შიშის გარეშე, ვიგრძენი, როგორ მომეხსნა დაძაბულობა სხეულის ყოველი კუნთიდან მსახურების საჭორაო ობიექტობას რომ თავი დავაღწიე. ისევ აღვადგინეთ დილის რუტინა: გაღვიძებისას საწოლის ტუმბოზე ლანგრით მორთმეული დავუდის ხელით მოდუღებული ქაფქაფა მაროკოული ყავა, განუყრელი წითელი ჩინური ვარდი და ურთიერთს გაზიარებული დღის გეგმები, შემდგომ არაბულ ეთერზეთებში აღდგენილი სასიცოცხლო ენერგიები და ყოველდღიური ფოსტის შემოწმება.

ახლაც ის ის იყო, აბაზანიდან გამოვედი და ჩვეულებისამებრ ფოსტალიონის მიერ დატოვებული წერილების დასტის დახარისხებას შევუდექი, რომ ჩემი ყურადღება აშშ-ს საელჩოდან მიღებულმა წერილმა მიიპყრო. ორენოვანი წერილის ინგლისური ვარიანტი ელჩთან მიღებაზე ეპატიჟებოდა ქვეყნის ბიზნეს სექტორის მოწინავე წარმომადგენლებს, დავუდს მეუღლითურთ. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, დავუდის ცოლის ამპლუაში საღამოზე ეფექტურად წარმოჩენა მომდევნო დღეს ბაღდადის ჰამამებში წარჩინებულ ქალბატონების მთავარი გასარჩევი თემა იქნებოდა და ამით კიდევ ერთ ბრძოლას მოვიგებდი ე.წ. დედამთილის, ლაილას და მისი დის წინააღმდეგ. საღამოს დაბრუნებულ დავუდს პირველი ეს სიახლე შევხარე, თუმცა ჩემგან განსხვავებით, დიდად არ აღფრთოვანებულა.

- ლეა, ძალიან გინდა წასვლა? ხომ იცი, იქ საიდიც იქნება, ნამდვილად არ მინდა რაიმე უსიამოვნო ინციდენტი მოხდეს.

- დავუდ, მართლა მიკვირს შენი პოზიცია. საიდის შიშით არ ვაპირებ სირაქლემის პოზიციაში ყოფნას, თან საჯარო სივრცეში არამგონია რაიმე გაბედოს, საზოგადოებრივ იმიჯს ეგეც უფრთხილდება. - მიუხედავად ამ პასუხისა, ცოტა ხნის წინანდელი ამაღელვებელი განწყობა წამში ხუხულასავით ჩამომეშალა თავზე. ჩემი ცვლილება არც დავუდს გამოპარვია მხედველობის არედან. მაშინვე ხელებში მოიქცია ჩემი სახე, შუბლი შუბლზე მომადო და ამოიჩურჩულა:

- შენი სახე შენი ემოციების სარკეა, ლეა. მაგიჟებ, როგორ შეიძლება ასე უცებ ასახო ყველა ის ემოცია, რაც შენს გულში ბობოქრობს. შენი სურვილი ჩემთვის კანონია. წავიდეთ მიღებაზე.

- კიდევ იცი რატომ მინდა წასვლა? 31 დეკემბერს მხოლოდ საელჩოს შენობაში იქნება უზარმაზარი ნაძვის ხე. სამწუხაროდ ქალაქის ცენტრში დემონსტრანტებმა არ დაადგმევინეს ქალაქის ხელმძღვანელობას. კარგად იცი, ახალი წელი ჩემთვის რამდენსაც ნიშნავს. იქ მაინც აღვნიშნავ ამ დღესასწაულს.

- რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ისევ დიდ ბავშვად დარჩები. -გაიღიმა დავუდმა, ხელი ჩამჭიდა და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა, რომელსაც ჩაის დასალევად ვიყენებდი სტუმრების მიღებისას. კარი გაიღო თუ არა, გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა:

- შენ ეს, ეს… როდის მოასწარი. გუშინ საღამოს აქ არაფერი იყო. მთელი ოთახი საშობაო ნათურებით მოერთო და შუაში ციცქნა ნაძვისხე დაედგა, რომელსაც ციმციმები და ჩვენი საერთო ფოტოები ამშვენებდა. ჩვენი პირველი ერთობლივი ახალი წელი და შობა გამახსენდა თბილისში გატარებული. ერთ-ერთ ფოტოდ სწორედ ამ დღეს გადაღებული სელფი გამოეტანა. გული ხელში მოფრთხიალე ბარტყივით აფრიალდა და არითმეტიკული პროგრესიის სიჩქარით დაიწყო გულისცემამ მატება, აღფრთოვანებისგან ცრემლები გადმომცვივდა, რომლის დასამალადაც თავი საყვარელი მამაკაცის მკლავებში ჩავრგე

- მე,,, მე,,, ემოციებისგან ახლად ენაადგმული ბავშვივით ავბლუყუნდი. … მე სიტყვები არ მყოფნის. შენ ამ სამყაროში გაჟღერებულ ყველა სიტყვაზე მეტი ხარ, შენ ზღაპრიდან გადმოსული ჩემი ხორცშესხმული აღმოსავლეთის უფლისწული ხარ. სწორედ ამ დროს საიდანღაც ნათ ქინგ ქოულის (Nat King Cole) უკვდავი საშობაო სიმღერა გაჟღერდა “The Christmas Song”, რომელსაც დავუდის მიერ ჩემი ქარიზმატულად დაბზრიალება და საცეკვაოდ გაწვევა მოჰყვა. სამჯერ განმეორდა საყვარელი ჰანგები და სამჯერ გადავეშვი ბავშვობის მოგონებებში, სამივეჯერ ნაზი ამბორით დავასრულეთ საცეკვაო დუეტი. სწორედ ახლა მოვკარი თვალი ძველ ფირსაკრავს და მასზე წრიულად მოცეკვავე ვინილის ფირფიტას.

- ლეა, იცი, ეს მელოდია ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბავშვობაში დედასთან ერთად ამ ფირსაკრავზე ვუსმენდით ხოლმე წინასაახალწლო დღეებში. დედაც შენსავით გიჟდებოდა შობაზე, ეს იმ მცირე მოგონებათაგანია, რომელიც მასზე შემომრჩა.
ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ შუაგულ ბაღდადში თუ ჩემს მსგავს ბავშვობის მოგონებებს გააცოცხლებდი, ვერა დავუდ. მეც ბაბუაჩემის სახლში მამასთან ერთად სწორედ ამ სიმღერის ფონზე ვაწყობდი ნაძვისხეს. რაც მამა წავიდა, აღარც იმ სახლში ვყოფილვარ და ისიც აღარ მეგონა, ესეთი ფირსაკრავები თუ ვინმეს შემორჩენილი ჰქონდა, მითუმეტეს შუაგულ აღმოსავლეთში.

საღამო სასიამოვნო ბაასსა და ბავშვობის მოგონებების ურთიერთგაზიარებაში გავატარეთ. ორივეს ფრაგმენტებად შემოგვრჩენოდა მონატრებულ მშობელთან დაკავშირებული მომენტები, თითქოს ერთმანეთის გონებაში ძველისძველ სკივრს ავხადეთ ფარდა და სიძველისგან დახუნებულ ქსოვილებში ფერადი აბრეშუმი აღმოვაჩინეთ. ერთმანეთის ალერსში აღარც მახსოვს როდის ჩამეძინა. უშფოთველი სიზმრებიდან მობილურის ყურწამღებმა ზარმა გამომიყვანა.

- ლეა, ხომ შეგიძლია ღამით მაინც გათიშო ეს ტელეფონი - უკმაყოფილად ჩაიბრუტუნა დავუდმა და გვერდი იცვალა. ძილი არ ეთმობოდა. მეც მისი მკლავებიდან გამოთავისუფლებულმა ხელის ცეცებით მოვძებნე ტელეფონი და ნომერზე არც დამიხედავს ისე ვუპასუხე.

- ლეა, ძალიან დაძაბულობაა, დაივიწყე შენი გეგმები და არ წახვიდე იმ საელჩოში. - ეგრევე მერიემის ქოთქოთი მომესმა. როცა ნერვიულობდა ეგრევე რუსული აქცენტით ტეხდა ინგლისურ სიტყვებს. რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ ჯერ კიდევ გამოუფხიზებელმა გონებამ მოსმენილი გადაამუშავა, გამახსენდა, რომ გუშინ მერიემს ვახარე საელჩოში მიპატიჟების ამბავი.

- კარგი რა, მერიემ, არ გრცხვენია, მაგიტომ მაღვიძებ? გავიგე, რომ ერაყში ვცხოვრობ, რომელიც ახლო აღმოსავლეთის დენთის კასრია და ნებისმიერ დროს ნებისმიერ წერტილშია შესაძლოა რამე აფეთქდეს.

- შენ არაფერი გესმის ლეა, დავუდი მალაპარაკე რაა. ხო იცი, ბოლო რამდენიმე დღე როგორი დაძაბულობაა, ბაღდადში უზარმაზარი დემონსტრაციებია, 27ში კირკურთან (ავტ: ქალაქი ერაყში), ამერიკის სამხედრო ბაზას 30-მდე რაკეტა ერთი ამერიკელი დაიღუპა, რამდენიმე ჯარისკაცი კი დაიჭრა. შენ თუ არა დავუდმა მაინც არ მოუსმინა საინფორმაციოს? გუშინ ამერიკამ ანბარის პროვინციაში, 29 დეკემბრებს, საპასუხოდ ჰეზბოლას დაჯგუფების ხუთი სამხედრო ბაზა დაბომბა და უამრავი ტერორისტი მოკლა.

- რატო შფოთავ ესე მერიემ, მსგავს რაღაცეებს ყოველდღე გადმოსცემენ აქაური ტელევიზიები. დაიკიდე რა, წამო დღეს ჰამამში წავიდეთ და განვიტვირთოთ. ჩემს შემოთავაზებაზე უგერგილოდ დამთანხმდა და გამითიშა. მე, საბოლოოდ გამოფხიზლებულმა მანამდე ვჩქმიდე დავუდს, სანამ საბოლოოდ არ გამოვაფხიზლე და დილის აბი გლუკოზა არ მივიღე ვნებიანი სექსის სახით.

ჰამამში კიდევ ერთხელ სცადა მერიემმა ჩემი გადარწმუნება, თუმცა ამაოდ. მეორე დღეს თვითკმაყოფილი ვუმზერდი სარკეში თვალისმომჭრელ ჩემს ორეულს და ღიმილს ვერ ვფარავდი.

სამწუხაროდ, რადიკალ-ექსტრემისტთა მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების გამო ქალაქის საახალწლო აქსესუარებით მორთვა ჩაიშალა. ისედაც არ წყალობდნენ აქაურები ახალი წლის დღესასწაულს, ახლა კი ნაძვის ხეც კი არ აღმართეს მთავარ მოედანზე. ამ ფერებდაკარგული ქუჩების ფონზე გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა უზარმაზარ მავთუხლართების მესერ შემორტყმული საელჩოს გალავნის მიღმა მოწყობილი გარემო. მრგვალი მაგიდები ნაძვის ხის ტოტებისებურად განელაგებინათ მთავარ დარბაზში, რომლის ბოლოშიც ულამაზესი ნაძვის ხე დაედგათ. წამით დამავიწყდა კიდეც, რომ ერაყში ვიმყოფებოდი და არა ევროპის რომელიმე სახლურ წვეულებაზე. თითქმის არავის ეცვა ტრადიციული სამოსი. კოკტეილის საღამოს კაბებში გამოწყობილი ეშხიანი აღმოსავლელი ლამაზმანები პირველად ვიხილე მთელი თავისი მშვენიერებით და აღფრთოვანება ვერ დავმალე. აშკარაა, ბუნებრივ ეშხთან ერთად არც კოსმეტიკური, სილამაზის თუ პლასტიკური პროცედურებისთვის დაუნანებიათ მათ კავალერებს დრო და ფული. საღამო ტრადიციისამებრ ელჩმა და მისმა მეუღლემ გახსნა. დამსწრე აუდიტორიას მადლობა გადაგვიხადეს და არც სიმბოლური საჩუქრების დარიგება დავიწყებიათ. მე და დავუდმა რამდენიმეჯერ წყვილშიც ვიცეკვეთ და გარშემომყოფთა აპლოდისმენტები დავიმსახურეთ. დავუდი თითქმის მთელი საღამო შეუჩერებლად წარუდგენდა ჩემს თავს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსა და ბიზნეს პარტნიორებს, მეც შევიფერე ახალი ამპლუა და ზედმიწევნით ეტიკეტის დაცვით ვესალმებოდი თითოეულ მათგანს. სასიამოვნო საღამო ვერც საიდის გამოჩენამ გაგვიფუჭა. შორიდან გვბურღავდა მზერით ყელზე ძარღვებდაბერილი და გვერდს ქერა ლამაზმანი უმშვენებდა, რომელიც როგორც ჩანს ვერაფრით იყოლიებდა ცეკვაზე. ახლა თავს ისე კომფორტულად ვგრძნობდი, სულ ფეხებზე მეკიდა მისი მუქარებიც და შანტაჟიც.

ის ის იყო ელჩმა ყველანი ეზოსკენ მიგვიწვია ფეიერვერკის სანახავად, რომ გალავნის მიღმა ბზუილის მაგვარი ხმები და ჩოჩქოლი მოწვდა ჩვენს ყურთასმენას. აშკარად დემონსტრანტები გვიახლოვდებოდნენ. ელჩმა სიმშვიდისკენ მოგვიწოდა და სამშვიდობო თავშესაფარში ჩასვლა შემოგვთავაზა, რომლამდე მისაღწევადაც შიდა პერიმეტრის გადკვეთა, შენობაში შესვლა და მერე დერეფნების ლაბირინთის გავლა მოგვიწევდა. სწორედ ამ დროს თითქოს უზარმაზარი ღვარცოფი წამოიშალაო, ჩვენს წინ მდებარე გალავანი გამაყრუებელი ხმით ჩამოინგრა და ალაჰ აქბარ ძახილით რამდენიმე დემონსტრანტი ლამის ეზოში შემოიჭრა. მართალია, დაცვამ მალევე გაანეიტრალა და განგაშის სირენის ხმაზე საიდანღაც ამერიკელი ჯარისკაცებიც რამდენიმე რიგად განლაგდა, მაგრამ უკვე სტუმრები მოიცვა პანიკამ და ჩოჩქოლი ატყდა, ყველა ერთდროულად ცდილობდა თავშესაფრისკენ გაქცევას, ერთმანეთს უხეშად კრავდნენ ხელს და აღარც ეტიკეტს დაგიდევდნენ, და არც ქალის და მამაკაცს შორის დისტანციას. სწორედ ასე კრა ხელი ვიღაც მამაკაცმა ერთ-ერთ მომსახურე პერსონალ ქალს, რომელიც წაიქცა და სავარაუდოდ მტკივანი ფეხის გამო ადგომას ვეღარ ახერხებდა. დავუდმა მანიშნა ხალხის ნაკადს გავყოლოდი და თავად ქალს დაეხმარებოდა. პასუხიც ვერ გავეცი, რომ საჩქაროდ ერთ-ერთი შუქურისკენ გაგვიყვანეს. უეცრად კიდევ ერთი კედელი შემოანგრია დემონსტრანტთა ჯგუფმა და პირდაპირ ჩვენსკენ აიღეს გეზი.
პირველად ვიხილე ასე ახლოდან გავეშებულ ბრბოთა ჯგრო. თითქოს თვალების მაგიერ ლიბრი გადაკროდათ და შუშისებრი გახდომოდათ, არად დაგიდევდნენ წინააღმდეგობას, მხეცებივით ცდილობდნენ თავდასხმას და ერთმანეთს არაბული ყიჟინით ამხნევებდნენ. თავშესაფრამდე სულ რაღაც 40იოდე მეტრი რჩებოდა, თუმცა სრულიად უხეში გათვლითაც კი აშკარა იყო, რომ დემონსტრანტები გზას გადაგვიღობავდნენ. სხვა გზა აღარ გვრჩებოდა და საჩქაროდ შუქურაში დავიწყეთ ასვლა. ეს საელჩოს დაცვის ერთ-ერთი შუქურა გახლდათ. ასე თუ ისე ერთადერთი უსაფრთხო ადგილად გვეგულებოდა. აჩქარებით ავრბოდით კიბეებზე რამდენიმე ათეული ადამიანი და გული ლამის ამომვარდნოდა, ამერიკელებს უკვე მოესწროთ ცრემლსადენი გაზის გაშვება, ამიტომ რაც შეიძლება მაღლა უნდა ავსულიყავი რაც შეიძლება სწრაფად, რომ ჩემზეც არ ემოქმედა. უკან მოვიხედე, იქნებ სადმე დავუდი დავინახო მეთქი და ჩემს თვალწინ უეცრად ზედა კიბე მთლიანად ჩამოიშალა ცეცხლის ნაპერწკლებთან ერთად. ჯანდაბა, აშკარად ხანძარია. ძლიერმა დაკვამლიანებამ წამსვე მოახერხა ყელის ჩაწვა, შიშველ მაჯა აფარებული ამაოდ ვცდილობდი ქვემოთ ჩასვლას სხვა ჩემსავით დაბნეულ და შეშინებულ ადამიანებთან ერთად. კვამლი უფრო მეტად წვავდა ხორხის კედლებსა და თვალებს, სუნთქვა სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. სულ რაღაც ერთი სართულიღა უნდა ჩამერბინა, მომესწრო, მაგრამ ვერა… ვეღარ შევძელი. აუტანელი სიმხურვალე და წვა ნაცრისფერმა ფარდამ შთანთქა.



სირენების გაბმული ხმა… არაბული შეძახილები….
მგონი საკაცით მივყავარ. თვალებს ვერ ვახელ. პირზეც რაღაც მაქვს აფარებული სავარაუდოდ ჟანგბადის ნიღაბია… ვიღაც გამწარებით ჩამკივის ჩემთვის გაუგებარ ენაზე…
ისევ ნაცრისფერი ფარდა....

….

31 დეკემბერი, 2019 წელი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ისევ დაძაბულობაა. მომიტინგეები აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს. მათ ცეცხლი წაუკიდეს დაცვის ერთ-ერთ კოშკს და კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით ელჩის ევაკუაცია უკვე მოხერხდა, თუმცა შენობაში კვლავ რჩება საელჩოს თანამშრომლების და მიღებაზე მოწვეულ სტუმრების უმრავლესობა. ველოდებით დაშავებულთა დაზუსტებულ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომ გამოშვებაში შეგატყობინებთ.

….

ლოდებად გაწოლილა სიმძიმე ქუთუთოებზე. ნუთუ თვალები ამომეწვა? რატომ არის ასეთი ძნელი თვალების გახელა. გულისცემის მონიტორინგის გაბმული წუილის ხმა მესმის. ალბათ კლინიკაში ვარ. ცოცხალი ვარ, არ მჯერა… ხელებს ვგრძნობ, ფეხებსაც ვამოძრავებ, თუმცა კი აშკარად დაბინტულია.

კიდევ ერთი მცდელობა და როგორც იქნა თვალებს ვახელ და სინათლე თვალს მჭრის. გადღაბნილი გამოსახულებები ნელ-ნელა იძენს საგნების ფორმას…- (ფხიზლდება) يوقظ
ქალის ხმა ვიღაცას ამცნობს კარს მიღმა ჩემს მდგომარეობას. ალბათ დავუდია, რა კარგია, რომ გადარჩა, კიდევ ერთი კოშმარი მოვიტოვეთ უკან, ამ ფიქრებში გართულს თეთრხალათიანი ექიმი თვალში ლაზერის მსგავს მოწყობილებას მანათებს და კმაყოფილი მზერით ადგილს უთმობს მის უკან მდგომ მამაკაცს.

ყორნისებრი შავი თვალები და ირონიული მზერა. საიდან მეცნობა? ვინ არის? სანამ კიდევ ერთ კითხვას დასვამდა არეული გონება, მისმა ხმამ და გატეხილმა ინგლისურმა მაშინვე უახლოესი წარსულის ბნელი ჯურღმულებიდან გამახსენა ადრესანტი:
გადარჩენას გილოცავ, მშვენიერო. - ირონიულ მზერას არ მაშორებდა საიდი.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

როგორ ველოდი მომეწონა ძალიან საინტერესოა მაგრამ საიდის გამოჩენა არ გამოეწვია ვერ ვიტან იმ ადამიანს როგორ არ მინდა ამ წყვილს რამეოუვიდეს დავიდი და ლეას ვბალეშიკობ მინდა რომ ყვაფერი კარგად ქონდეთ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ვაიმე როგორც ყოველთვის დასასრული შოკი იყო. ნეტავ დავუდი სადაა ან საიდან აღმოჩნდა ლეა საიდთან? მოუთმენლად ველი შემდეგ თავს და გთხოვ ძალიან არ გვალოდინო

 


№3  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
როგორ ველოდი მომეწონა ძალიან საინტერესოა მაგრამ საიდის გამოჩენა არ გამოეწვია ვერ ვიტან იმ ადამიანს როგორ არ მინდა ამ წყვილს რამეოუვიდეს დავიდი და ლეას ვბალეშიკობ მინდა რომ ყვაფერი კარგად ქონდეთ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️


დიდი მადლობა <3 მეც ვგულშემატკივრობ ამ წყვილს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნინი
ვაიმე როგორც ყოველთვის დასასრული შოკი იყო. ნეტავ დავუდი სადაა ან საიდან აღმოჩნდა ლეა საიდთან? მოუთმენლად ველი შემდეგ თავს და გთხოვ ძალიან არ გვალოდინო

შემდეგ თავში ნაწილობრივ გაეცემა ამ კითხვებს პასუხი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent