come with me! სრულად
ფეხსაცმელები შემოსასვლელში მივყარე, ლუდი მაცივარში ჩავდე და სააბაზანოში შევედი. პარასკევის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ამაზე უკეთესი დღე ღმერთს არ მოუგონია. მთელი დღე მუშაობ და საათს დაჰყურებ, როდის მოსაღამოვდება. ეს მოლოდინი იმდენად სასიამოვნოა, მზად ხარ ყველა დაბრკოლება გადალახო. მიხვალ სახლში ან გასართობად წახვალ და გვიანობამდე იცეკვებ ან ბევრს დალევ ან დილით მობანცალდები სახლში7 ან რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს უყურებ ფილმს, გაათენებ, დილითაც არ იქნები ადრე ასადგომი. ერთი პლიუსიც ის არის, რომ წყალში იმდენ ხანს ინებივრებ, რამდენ ხანსაც გინდა. ამ დღეს სხვა დღეებისგან განსხვავებით საჩქაროდ არ გადაივლებ წყალს და საწოლში არ შეძვრები, ხვალ ადრე ვარ ასადგომიო. პირიქით, გაიხანგრძლივებ ყველა პროცედურას. მეც შევირგე პარასკევი. ჯაკუზში თითქმის ერთი საათი გავჩერდი, მერე კიდევ დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად წყლის ქვეშ. მომწონდა ნაკადით წამოსული თბილი წყლის შეხება. თმა არ გამიშრია. თავზე პირსახოცი შემოვიხვიე, თხელი ხალათი შემოვიცვი და მუსიკა ჩავრთე. გადავწყვიტე ფილმი მომეძებნა. წინა დღით ნათიამ, ჩემმა დაქალმა მირჩია რომელიღაცა რომანტიკული კომედია. სახელი ვერაფრით გავიხსენე. სანამ ნათიას მესიჯს ველოდი, ლუდი გამოვიღე, მიწის თხილიანი ჯამი მუცელზე დავიდე და ფეისბუქი ჩამოვსქროლე. Come with me - ში მისი პოსტი შემხვდა. ლუდი საჩქაროდ მოვსვი და გავხსენი. ის იყო ნამდვილად. „ერთ საათში თბილისიდან ბათუმში გავდივარ, გავიყოლებ ერთ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩამეძინოს.“ - გამეცინა. პოსტშიც როგორი ლაკონური და სერიოზული იყო. დასანანია რომ ბათუმისთვის ჯერ არ მცალია-მეთქი, გავიფიქრე და მიწის თხილს ლუდი მივაყოლე. დივანზე მიწოლილს ფეხები მაგიდაზე შემომეწყო და ნათიას დალინკული ფილმის დაწყებას ვუყურებდი. ცოტა ხანში კიდევ გადავედი ფეისბუქზე, რომ მენახა ვინმე ხომ არ გამოხმაურებია. 10 წუთი იყო გასული და სიჩუმე სუფევდა. არც ოცი წუთის შემდეგ გამოჩენილა ვინმე. თითქმის ორმოცი წუთი იყო გასული და პოსტს ლაიქიც არ ჰქონდა. ისევ მოვსვი ლუდი და თითქოს თავისით დაიწყეს ბეჭდვა თითებმა. „ მე წამოვალ, თუ სახლთან მომაკითხავ.“ - გაგზავნას რომ დავაწექი ჩემს თავზე გამეცინა. ჩემდა გასაოცრად არც მინანია და არც შიშს ავუტანივარ, ეგ იყო მხოლოდ მოუსვენრობამ შემიპყრო. პასუხი პირადში მომივიდა. „მისამართი მომწერე.“ - გიჟი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სრულიად უცხოს თავის მისამართს მისცემს, შემდეგ კი მასთან ერთად შუაღამით ქალაქიდან გაემგზავრება. გიჟი იმიტომ უნდა იყოს, რომ ბათუმში არავითარი საქმე არ ჰქონდეს და მხოლოდ მასთან რამდენიმე საათის გატარების გამო ამხელა სიგიჟეს აწყობდეს. ფაქტი კი ის არის, რომ მე ცოტა სიგიჟე მახასიათებს, სპონტანურობა მხიბლავს და თანაც ეს ბიჭი საშინლად მიზიდავს. მისამართი მივწერე. თხუთმეტ წუთში სადარბაზოსთან დაგელოდებიო. ჩემს თავზე მეტად მასზე გამეცინა, წარმოვიდგინე როგორ ეზარებოდა მარტო მგზავრობა, რომ ჯგუფში დაპოსტა და თან სახლშიც მაკითხავდა. დარჩენილი ლუდი მოვსვი და აბაზანას მივაშურე. კბილები ორჯერ საგულდაგულოდ გამოვიხეხე, ჰიგიენის ნივთები, საცურაო კოსტუმი, პირსახოცი, შორტი, მაისური და შლოპანცები საფულესთან ერთად ჩემს ზურგჩანთაში ჩავყარე. თმიდან პირსახოცი მოვიშორე, ნახევრად მშრალი თმა რამდენჯერმე დავიქნიე, მერე თითებით ჩამოვივარცხნე და ლოსიონი შევიზილე. გაპრანჭვა არ მიცდია, სიტუაციას არ მოუხდებოდა არც პომადა და არც შეღებილი თვალები. თეთრი ბრეტელებიანი სარაფანი გადავიცვი, ვარდისფერი კედები მოვირგე და ფანჯრიდან გადავიხედე. მთელი ქუჩა ჩანდა. შორიდანვე შევამჩნიე მისი მანქანა ეზოში რომ შემოვიდა. “ახლა ნამდვილად აღარ დაგრჩა უკან დასახევი გზა-მეთქი“, ჩემს თავს შევუძახე. მესიჯმაც არ დააყოვნა. ჩამოვდივარ-მეთქი, მივწერე და ნოუთბუქი გავთიშე. გასვლამდე ღრმად ამოვისუნთქე და კიბეებზე დავეშვი. ახლა ნამდვილად ვერ გამოვიკეტებოდი ლიფტის კაბინაში. სალონში ანთებული შუქით დამხვდა, ტელეფონზე საუბრობდა. მისალმება არ მიცდია, უბრალოდ გამოვაღე კარები, დავჯექი და ღვედიც გადავიჭირე. მანაც მანქანა დაძრა. მხოლოდ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ტელეფონი რომ გათიშა, გამომხედა. გავუღიმე. - შენ?.. - ჰო, მე... მაშო ვარ. - ჰო, ჩემი იცი, თუმცა... - რაღაც არ ასვენებდა. ჩემი უცერემონიო ჩაჯდომით ალბათ დავაბნიე-მეთქი, ვიფიქრე. - გინდა უკან მივბრუნდეთ და თავიდან დავიწყოთ? ნუ ჩემთვის კი არ აქვს მნიშვნელობა. - უნდობლად ამათვალიერა, არ გაუღიმია, თუმცა თვალებში ნაპერწკლის გაელვება არ გამომპარვია. - არაა, იყოს, ახლა აზრი არ აქვს. ტელეფონი ამოვიღე, ნათიას დავურეკე და საკმაოდ ხმამაღლა ჩავძახე. - ვერცხლისფერი toyota camry, MM 333 SS, მაღალი, შავგვრემანი, ღია თაფლისფერი თვალები, მარცხენა წარბთან პატარა ხალით, მარცხენა მტევანთან ტატუ აქვს, ჯერ ვერ გავარჩიე რა... ხვალ დილის 10 საათამდე თუ არ შეგეხმიანე, პოლიციაში განაცხადე. - რა თქმა უნდა, ნათიამ ვერაფერი გაიგო, თუმცა ჩემგან მსგავსი მონოლოგი არ გაჰკვირვებია, ამიტომ ნამძინარევი ხმით მითხრა, კარგიო და ტელეფონი გათიშა. - ასე თუ გეშინოდა, რატომ მომწერე? - საკმაოდ სანდომიანი პოსტი გქონდა, თორემ რომ იცოდე ეს ჩემთვის პირველია.- გაეცინა, პაემანზე წასული გოგოსავით ვიმართლე თავი. - სანდომიანი პოსტი... მგონი მე უნდა მეშინოდეს შენი. - შესაძლოა. - სად მიდიხარ? - ზღვაზე, გარუჯვა, ბანაობა... - მაგას ვხვდები, კონკრეტულად სად მიდიხარ, სასტუმროში, სახლში... - მეგობრებთან, იქ დამხვდებიან. - თავი დარწმუნებით დავუქნიე, ჩემს ნათქვამში ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა. არაფერი უთქვამს. მეც ვიჯექი ჩუმად და გზას ვუყურებდი. .... ის - ბიჭი რომელთან ერთადაც მანქანით ბათუმში მივდიოდი, სამი წლის წინ მარკეტში გავიცანი. გავიცანი არა, უფრო მე ვთვლიდი ამას გაცნობად. მოლარედ ვმუშაობდი, ყოველ მესამე დღეს დღე და ღამე ვმუშაობდი და მერე დაღლილი, უძილო ლექციაზე გავრბოდი. ბოლო კურსზე ვიყავი და არ მინდოდა გაცდენით საქმე გამეფუჭებინა. მორიგი მტანჯველი მორიგეობის დასასრულს, დილის ექვსზე, როცა სალაროზე თავჩამოდებულს მეძინა, კარი გაიღო. ვიგრძენი, რომ ვიღაც შემოვიდა, მაგრამ გამოფხიზლება არ მიჩქარია, გულში ვლანძღავდი, ასე ადრე რისი ყიდვა მოუნდა -მეთქი. თავი ჯერ კიდევ ხელებზე მედო, თითზე ცივი ბოთლი რომ შემეხო. ნელა წამოვიზლაზნე, არც დამთქნარების მომრიდებია. ბოთლი გავატარე, ცელოფანში ჩავუდე და დადებული 50-თეთრიანი უჯრაში ჩავაგდე. უსიტყვოდ გავიდა, ისე მეძინებოდა, სახეზე არ შემიხედავს. ორ წუთში კარი გაიღო და კიდევ ვიღაც შემოვიდა. მე ვიჯექი თვალებს ვიფშვნეტდი და ვლოცულობდი დარჩენილი დრო მალე გასულიყო. - აი, აიღე, გამოგადგება. - ვიღაც სიმპათიური ბიჭი მანქანის კისრის ბალიშს მაწვდიდა. არ ვიცი ამ მოულოდნელმა ქმედებამ იმოქმედა, იმ დილას გამომეღვიძა ასეთ ხასიათზე, თუ ის მართლაც სიმპათიური იყო, მაგრამ მისით ძალიან მოვიხიბლე. ბალიშს ყოველ მორიგეობაზე თან ვატარებდი და სულ ველოდი როდის დამადგებოდა ისევ თავზე. ..... - მუსიკა შეიძლება? - კი, რა თქმა უნდა. - არა, ვიფიქრე რაიმე შეზღუდვა გქონდა. მაგ. „არანაირი ლაპარაკი, მუსიკას მე ვირჩევ, გაჩერება 5 წუთი, ყავა თავისთავად, ჰომოფობები არ გამომეხმაუროთ.“- წამღერებასავით ჩამოვარაკრაკე ჯგუფში ათასგზის წაკითხული პოსტები, ორივეს გაგვეცინა. ჩანთის წინა ჯიბიდან „ფლეშკა“ ამოვიღე და მუსიკა ჩავრთე. მანქანაში No Douft – Don’t Speak გაისმა. - გადავრჩი. - რა? - გადავრჩი-მეთქი, - ხელი „ფლეშკისკენ“ გაიშვირა. - მძიმე როკს, ტექნოს ან ჯაზს ველოდი. - სტერეოტიპები? - ჩემს ვარდისფერ კულულებს ხელი მოვკიდე და ღიმილით ავუფრიალე. დანებების ნიშნად საჭეს ორივე ხელი გაუშვა და გაეცინა. კარს ზურგით მივეყრდენი, მარცხენა ფეხი მოვირთხი და მას მივაშტერდი. სერიოზული სახე ჰქონდა, არ ვიცი არ ეხალისებოდა თუ ძალით ცდილობდა მოღუშული იერი მიეღო, მაგრამ დიდხანს აღარ ამოუღია ხმა. მომწონდა მისი ყურება. 5 გიჟური საათი მქონდა იმისთვის, რომ ის მეკეთებინა, რაც მსურდა, არაფერზე მეფიქრა, არაფერი მენანა და დავმტკბარიყავი მისი სიახლოვით. ერთ სიმღერას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და გორამდე მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა. გვირაბამდე მანქანა გზიდან გადაიყვანა და „ვენდისთან“ გააჩერა. - წამოხვალ? - ღვედი შეიხსნა და გამომხედა. - მილქშეიკს მიყიდი? - ყავა არ გინდა? - ნწ, ყავა ენერგიას გამიათმაგებს და ცოდო ხარ. - ჩემმა პასუხმა ძალიან გაამხიარულა. სანამ ის შეკვეთას აძლევდა სერიოზული სახით, მე ფოტოებს ვუღებდი ჩუმად. უშველებელი ჭიქით მომაწოდა მილქშეიკი. თავისთვის ცივი ამერიკანო აეღო. კარებში გამოსვლისას ქარმა კაბა ამიფრიალა, ახლა მოვკვდები მეთქი, გავიფიქრე და თვალი მისკენ გავაპარე, არ მიყურებდა. შვებით ამოვისუნთქე. - მერლინ მონროსეული სცენა იყო, ერთი შესწორებით... - მანქანა რომ დაძრა, გამომხედა, მილქშეიკი ყელში გადამცდა. - ფრთხილად, დაიხრჩობი... - ეს ჩემი როლია, აქ მხოლოდ მე ვარ მწარე, ორაზროვანი და - და, სამყარო შენთვის ძალიან პატარაა, მაშო... ჩემი სიტყვები გვირაბმა შთანთქა. სალონში ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის „ჩვენ“ ჰანგებმა შთანთქა. სამყაროში რაღაც არსებობს მეთქი გავიფიქრე და ავყევი. „ჩვენ რომ შევხვდით ერთმანეთს, ალბათ შენც გახსოვს, როცა ხელი ჩავკიდეთ და წავედით შორს, სადაც წვიმს, სადაც თოვს, სადაც მზის სხივი გვათბობს.“ გატაცებით ვმღეროდი და ვიგრძენი მანქანა არ მაკმაყოფილებდა, ჩემი კარგად ყოფნა გარეთ უნდა გამომეშვა. ლუქი გადავწიე, ფეხზე წამოვდექი და გვირაბის ცოტა ნესტიან, ცოტა ცივ ჰაერს ჩემი სიმღერა შეერია. ქარი თმას მიფრიალებდა. ხელები გავშალე, გვირაბი დამთავრდა, ცივი ჰაერი ცხელმა სიომ შეცვალა. სიმღერა დამთავრდა, ღრმად ამოვისუნთქე და ადგილს დავუბრუნდი, უსაზღვროდ ბედნიერად ვგრძნობდი თავს. - ასეთი სიყვარულის გჯერა? - რატომაც არა. - ანუ იმ ერთადერთს ელოდები? - ყავა მოსვა და გამომხედა, - რომელთან ერთადაც დაბერდები? - და ეს ცუდია? – არაფერი უთქვამს, გზას უყურებდა. სიჩუმეს ვერაფრით გავუძელი, ბოლო დიალოგმა ერთიანად ამომატრიალა. ამ სიგიჟეში მარტო დარჩენის შემეშინდა. სალონში Coldplay- Adventure Of A Lifetime ისმოდა. - ნუთუ შენს ცხოვრებაში ყველაფერი ასე სტაბილურადაა? - როგორ? - აი, ყოველგვარი რომანტიკულობისა და განსხვავებულობის გარეშე? - არარომანტიკული ვარ? ამას მეუბნები? - ასე ვფიქრობ... - არასწორად ფიქრობ. - ანუ? - ანუ არ მიცნობ, ერთი შეხედვით და ერთი პოსტით მაფასებ. - მაშინ გამაცანი, როგორია ნამდვილი მიშო? - მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი... - გამეცინა. - და შენ მეუბნები არარომანტიკული ხარო. - ბოდიში, - სიცილს ვერ ვწყვეტდი, - ჩუმი იუმორი გქონია. - ღმერთო, საიდან იგონებს ეს შენი პატარა, ვარდისფერი თავი ამ საოცარ ეპითეტებს? - თავი არა, ტვინი. - ჰო, კაი, ტვინი. - თავის ქნევით დამეთანხმა. - აქამდე სად იყავი? - მოულოდნელად დასეროზულდა. გვიან შევამჩნიე, მზისფერში გადასული თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ლამპიონები ირეკლებოდა მათში. - აქ ვიყავი, - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, - აქვე, ახლოს... - ხოდა რას აკეთებდი? - რა ვიცი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი... შენ? - დაახლოებით მეც ასე. - ბათუმში დასასვენებლად მიდიხარ? - სამსახურის გამო, თუმცა იმედია დასვენებასაც შევძლებ. რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა, ალბათ იმიტომ რომ სიმღერამ იქონია გავლენა. I got you - ს წყნარი მელოდია ისმოდა. - უცნაური გემოვნება გაქვს. - სიჩუმე ისევ მან დაარღვია. - ჰოო? რატომ ფიქრობ? - ასეთ სიმღერებს უსმენ, თმას ვარდისფრად იღებავ, შუაღამისას უცხო ბიჭს ბათუმში მიჰყვები... - ანუ, ეგეც გემოვნებაა? უცხო ბიჭებთან ერთად მგზავრობა... - ეგ ალბათ უფრო ჰობია. - ისევ ერთდროულად გაგვეცინა. - ყველაზე დიდი უცნაურობა რაც გაგიკეთებია... - უფრო სიგიჟე. - ხო, ალბათ უფრო სიგიჟე, რა იყო? - მინდოდა მეთქვა უსაქმურად ბათუმში წასვლა, ბიჭთან ერთად, რომელსაც სულ რამდენჯერმე შევხვდი მეთქი, მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი. - ალბათ ჩემი ვარდისფერი თმა... - არააა, არ მჯერა, მეტს ველოდი. - ნუ, ჰო, არის რაღაცები, მაგრამ იყოს, ჩემთვის დავიტოვებ. - ფანჯარაში გავიხედე, საკმაო გზა გამოგვევლო, ლიხის გვირაბს ვუახლოვდებოდით. - არ გეშინია? - რისი? - გულწრფელად გამიკვირდა. - ადამიანების... - თუ შენი? - ჩემი ვიცი რომ არ გეშინია. - არა, არც ადამიანების მეშინია, საერთოდ არაფრის მეშინია, ერთადერთი რამის გარდა. - მეტყვი? - ოცნებების არ ასრულების. - წავიჩურჩულე და თავი გვერდით შევატრიალე, ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე მისი მზერისგან და გულმაც უცნაურად დაიწყო ძგერა. ალბათ ბედის ირონიაა, რომ სწორედ ამ დროს ამღერდა Grace - You Don't Own Me. - თუ გამიმხელ შენს ოცნებას, იქნებ ასრულებაში დაგეხმარო. - არამგონია ოცნებები ვინმეს დახმარებით უნდა ხდებოდნენ, ის თავისთავად ასრულდება, ან არ ასრულდება, მაგრამ იცი ყველაზე მომხიბვლელი რა არის ამ აუსრულებელ ოცნებებში? - არ ვიცი... - უფრო სასიამოვნოა ცხოვრება მაშინ, როცა რაღაცაზე ოცნებობ, ეს ცხოვრებას აზრს სძენს... - გამოდის ასრულებული ოცნება ხიბლს კარგავს? - არა, უბრალოდ მე ძალიან მეშინია. - რისი? - იმის რომ ის ოცნება ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც მე წარმოვიდგენ. - ამიტომ გეშინია მასთან მიახლოების? - დაახლოებით. გვირაბში საოცრად ამაღელვებლად გაისმა Lomepal - Trop Beau. - ზოგჯერ რეალობა უფრო სასურველი და სასიამოვნოა, ვიდრე ოცნება, ზოგჯერ კი უბრალოდ საოცნებო რეალობაში ვცხოვრობთ და ვერ ვიჯერებთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაბედო. - გგონია გაბედვა ადვილია? - ძნელიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ ოცნებაზე მეტად მისკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლაა საინტერესო. - ალბათ ასეა, ასეა, კი... - ბოლო სიტყვა ჩემთვის ჩუმად ჩავიჩურულე და თავი მინას მივადე. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ განათების ბოძები, გზა არ სრულდებოდა, მაგრამ იგი ჩემს ოცნებასთან მაახლოვებდა. წინა ღამის მორიგეობამ შედეგი გამოიღო, ვიგრძენი რომ თვალებს ძლივს ვახელდი. ძალიან არ მინდოდა დარჩენილი დროის ძილში გატარება, მაგრამ დაღლილობამ მძლია. თვალი რომ გავახილე, უკვე გათენებულიყო. ზღვის ცივი ჰაერი და სუნი სახეზე მომედო და ბედნიერს გამეღიმა. თავი ფანჯრიდან გავყავი და ხარბად ჩავისუნთქე. ნაპირს მივუყვებოდით, ბათუმი უკვე ახლოს იყო. - დილა მშვიდობისა. - მე რომ არ ჩამძინებოდა იმიტომ მინდოდა თანამგზავრი... - რას იზამ, თანამგზავრი მძღოლზე ათჯერ დაღლილი და უძილო შეგხვდა. - დამამშვიდებლად გავუღიმე. არაფერი უთქვამს. - სად მიგიყვანო? - მმ... აი, იქ... იქ ჩამოვალ. - ხელი სანაპიროსკენ გავიშვირე, ირგვლივ მხოლოდ კაფეები იყო. - შენი მეგობრები სად არიან, დაგხვდებიან? მიგიყვანდი ბარემ, მისამართი... - არა, იყოს, ძალიან ადრეა, არ შევაწუხებ, აქ ჩამოვალ, ცოტას ფეხით გავივლი, მანამდე კარგად გათენდება, ისინიც ალბათ გაიღვიძებენ, დარწმუნებული ვარ გვიან დაიძინებდნენ. - კი, მაგრამ რამდენიმე საათს ქუჩაში ხომ არ გაატარებ? - მერე რა, ყავას დავლევ, გაგისინჯავს ბათუმური ქვიშის ყავა? გემრიელია... - იქნებ ჯობდა დაგერეკა... - კარგი... - ტელეფონი მოვიმარჯვე და ჩემს ძველ ნომერზე გადავრეკე, დარწმუნებული ვიყავი არავინ მიპასუხებდა, ორი თვის წინ გამოვცვალე. - გათიშული აქვს... - სხვასთან გეცადა. - იყოს, აქ ჩამოვალ, იქნებ მებანავა კიდეც, ამ დროს ზღვა იოდს გამოყოფს, თან დარწმუნებული ვარ სხვა დროს ვერ მოვახერხებ ასეთ დროს ბანაობას. - გაჩერებულ მანქანაში ვისხედით და ვიღიმოდით. აშკარა იყო, მასაც ისევე სწყდებოდა გული განშორებაზე როგორც მე. - აბა, დროებით, ნახვამდის... გადასულმა კიდევ ერთხელ გავუღიმე ფანჯარაში და სანაპიროსკენ გავწიე. მოშორებით სკამზე ჩამოვჯექი და ჩანთაში ქექვა დავიწყე. არაფერს ვეძებდი, უბრალოდ აფორიაქება, წყენა, ყელში მოწოლილი ტირილი მინდოდა შემეჩერებინა. დავინახე როგორ დაძრა მანქანა, რამდენიმე მეტრი გაიარა, მერე ერთბაშად როგორ მოაბრუნა მოედანზე და ისევ იქ გაჩერდა, სადაც მე ჩამოვედი. ნერვიულმა ცახცახმა ამიტანა. თვალები დავხუჭე, სიგარეტის კოლოფი ამოვაძვრინე და ვეცადე თავი მხნედ დამეჭირა. ჩემს წინ იდგა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე ლურჯი ჯინსის ბრიჯები და თეთრი კედები. - არავინ გელოდება, არა? - თავზე დამაცქერდა. - არც მეგობრები და საერთოდ არ გეგმავდი ბათუმში წამოსვლას. სიგარეტის კოლოფი ურნაში გადავუძახე და ფეხზე წამოვდექი. - მერე რა... ბათუმში აუცილებელი არ არის ვინმე გელოდოს. ახლოს მოვიდა და მოჭუტული თვალებით დამაცქერდა. - ჯერ კიდევ ადრეა, 6-ს ათი აკლია, წამოდი გამოვიძინოთ. მე მაგრად დავიღალე. ღრმად ამოვისუნთქე, კარგი-მეთქი თავი დავუქნიე და გავყევი. გზაში დროდადრო გადმომხედავდა, თავს ღიმილით გააქნევდა და ისევ წინ გაიხედავდა ხოლმე. მე არაფერი მადარდებდა, ქუჩებს ვათვალიერებდი და ბედნიერი ვიყავი. ათი წუთის შემდეგ მანქანამ გზიდან გადაუხვია, კიდევ რამდენიმე მეტრი გაიარა და გაჩერდა. ირგვლივ მხოლოდ კერძო სახლები იდგა. მწვანე ჭიშკართან ვიდექით. - გადმოდი, დაისვენე, - მითხრა და მანქანიდან პირველი გადავიდა. უკან მივყევი. ჭიშკართან შედგა, კარი ფრთხილად მივხურე და მის მითითებას მივყევი. წინ გამატარა. ეზოში დაბალი, მწვანე ბალახი ბიბინებდა, სახლისკენ კი პატარა ბილიკი მიიკლაკნებოდა. გარშემო სხვადასხვაფერი ყვავილები ყვაოდა. ეზოს სიღრმეში, მაღალ პირველ სართულზე შუშაბანდიანი ხის სახლი იდგა. მზრუნველ პატრონს ხის ჩუქურთმებიანი ხუთსაფეხურიანი და თავზე გადახურული კიბე მიედგა სახლისთვის, რომელიც პაწაწინა აივნით ბოლოვდებოდა. კიბეს და აივანს უცხო, ვარდივით ხვიარა ვარდისფერი ბურთებიანი ყვავილი შემოხვეოდა. თავად შუშაბანდი და კიბე ლურჯად და ვარდისფრად იყო შეღებილი, ისე როგორც რუსულ სოფლებში. - ეს შენი სახლია? - არა, თუმცა ასეც შეიძლება ითქვას. - ცერად გავხედე. საოცრად სიმპატიურად გამოიყურებოდა, დაღლილობისგან სახე არეოდა. - ვალია... ვალენტინა! - ბიჭი ოდნავ დაწინაურდა და ხის კიბეები მკვირცხლად აირბინა. კარზე ორჯერ მსუბუქად დააკაკუნა და შევიდა. გამეცინა. სახლის მარცხნივ, ქვის მაგიდის გარშემო შემოწყობილი სამი მოზრდილი კუნძიდან ერთ-ერთზე ჩამოვჯექი და თავი ჩემს ჩანთას ჩამოვადე. თვალები საშინლად დამმძიმებოდა. სადღაც ყურთან ახლოს მონდომებით გალობდა ტოროლა თუ შაშვი. - ვალენტინა, ვალია, კარგი რა, სულ რამდენიმე დღე, კარგი გოგოა, ნახავ, მოგეწონება, თანაც ფასზეც შევუთანხმდი. ოცი ლარი დღეში ცოტა არ არის. - ოჰ, მიხაილ! არ მჩირდება-მეთქი „კვარტირანტები“, ქირა არ არი. - მომესმა რუსული აქცენტით ნათქვამი სიტყვები, მაგრამ ისე ვიყავი თავის აწევაც არ შემეძლო. - გამოიხედე, ნახე, შეხედე რა საწყლად გამოიყურება, დაღლილია, დასძინებია.- ბოლო სიტყვები ოდნავ ხმადაბლა წარმოსთქვა. - ოჰ, გოსპაძი, ამოიკვანე, დაუცახე, ახლავე გავშლი „პროსტინას.“ - მაშო, მაშო. - მიშო ყურთან დაიხარა. - მა - შო! მ-ა-შ-ო! - კითხვას სწავლობ? - თავი წამოვწიე და გავიზმორე. - წამოდი, ოთახი გიშოვე, ოც ლარად. იაფია ხო იცი. - რა ოთახი?! ოცი ლარი? ააქ? სადღაც ქალაქის ბოლოში? ძვირია! - კიბეებზე ამავალს უკან მივყე. გაეცინა. - ვალენტინა, მაშო. მაშო-ვალია. - ქალმა სიცილით ხელი აიქნია და სიყვარულით მიჰკრა ხელი. დაბალი, პუტკუნა, თეთრსახიანი და ლურჯთვალება მოხუცი იყო. ქერა, გაჭაღარავებული თმები შუბლთან შუაზე გაეყო და ნაწნავი თავზე შემოეხვია. თეთრ კოფთაზე ლურჯი წინსაფარი ეკეთა და ფეხები რეზინის ფლოსტებში წაეყო. ვალენტინამ ხის კარი შეაღო, რომელიც ვიღაცას ლურჯად შეეღება და ზედ სხვადასხვა ყვავილი და ფრინველი მიეხატა. კარი ჭრიალით მივხურე ზურგსუკან და ოთახს მოვავლე თვალი. ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავი თხელ ფარდას აფრიალებდა. მის წინ ხის ძველებური საწერი მაგიდა დაედგათ. მაგიდაზე რამდენიმე რუსული წიგნი და ნავთის ლამპა იდგა. მარცხნივ ხის თხელი ფიცრით აკრულ კედელზე ნიკელის ზამბარიანი საწოლი მიედგათ. ვალენტინა მონდომებით აფუმფულებდა ბალიშს და რაღაცას ბუტბუტებდა. - მოდი, დაცექი. დაისვენე. ხმა არ ამომიღია, ოდნავ გავუღიმე და როგორც კი გავიდა ჩანთა იატაკზე დავაგდე. კეტები ფეხების ერთმანეთზე გასმით გავიხადე და გაუხდელად მივწექი. სანამ თვალები დავხუჭე კარი ისევ გაჭრიალდა. - აბა, როგორია? ძალიან ჭრაჭუნობს? - მიშო საწოლზე ჩამომიჯდა. რკინამ გულისწამღებად დაიწყო ჭრიალი. ერთიანად ჩაიზნიქა და ლამის იატაკს შეეხო. - ეს საწოლი ერთადგილიანია, მეორის შემოტანა მოგიწევს. - მოხერხებულად გადავბრუნდი კედლისკენ და გამეღიმა. - ნუ ჩქარობ! - ჩემს ღიმილს მისი ჩაცინება მოჰყვა. ვიგრძენი როგორ მიმაფარა რაღაც გრილი და ოთახიდან გავიდა. გაღვიძება მზის სხივებმა მაიძულეს, თვალებში ეკალივით რომ მესობოდნენ. მხარი ვიცვალე, ვითომ ძილის შებრუნება მინდოდა და პირიქით კი აღმოჩნდა, საწოლის ჭრიალმა საბოლოოდ გამომაფხიზლა. ჩემს წინ გაურანდავი, კოჟრებიანი ხის ფიცრებით, ხიჭვებგამოშვერილი კედლიდან ერთ- ერთი კოჟრი ნელ-ნელა გამოძრავდა და საბოლოოდ საწოლზე გადმოვარდა. თვალები მოვისრისე, არაფერი მომჩვენებია. მიშოს სახე ჩანდა ჭუჭრუტანიდან. - ჩუ! ვალიამ არ გაიგოს. ეს ჩემი საიდუმლოა. - იმედია ამ ოთახში სხვა მდგმურებიც არ დარჩენილან. - შენსავით ახალგაზრდა და თავქარიანი არც ერთი იყო, ნუ დარდობ. - არც შენსავით დაიმგზავრებდა სხვა, ვინმე უცხო ადამიანს ჩაძინების შიშით. - არც შენსავით უსაქმურია სხვა, უცხოებს რომ ბათუმში მიჰყვებოდეს. - ვინ თქვა რომ უცხო ხარ?! - არ ვიცი რატომ ვთქვი, მაგრამ ეს თავდაცვა არ ყოფილა, მის სიტყვებს არ ავუღელვებივარ, არ მწყენია, რადგან ცუდად რომ არ უთქვამს, ვიცოდი. უბრალოდ ინსტიქტურად წამომცდა. - ვინ თქვა რომ უცხო ვარ, აგერ თითქმის ერთ საწოლში გვძინავს, კიდევ რამდენიმე კოჟრი და შემეძლება ხელიც მოგხვიო. - მერე მე ვეგონები ვიღაცას გიჟი. - და რაა, არ ხარ? - ისე გულწრფელად გაიკვირვა სიცილი ამიტყდა. - ჩუუ! გინდა ვალია შემომივარდეს? ისედაც დარწმუნებული ვარ ფინჯნით არის შეიარაღებული. - ადექი მაშინ. გარეთ მინდა. - მერე გადი. - მეშინია. - რისი?- ისე ალალად გაიღიმა, მომინდა დიდი ხნის სურვილი მომწონხარ მეთქი, მეთქვა. - რას ფიქრობს ვალია, ნეტავ? - რას უნდა ფიქრობდეს, ვალიას შენ სისულელეებითა და სიგიჟეებით ვერ გააკვირვებ. თითქმის უკვე გათხოვილი გამოეპარა ვანიას და ბაბუაჩემს გამოჰყვა საქართველოში. - ოჰ, ეს ქართველი კაცის შარმი და რუსი გოგოები. - ადგომა გინდოდა. - გამეცინა. კოჟრი ადგილზე დავაბრუნე და კაბა გადავიძრე. - უსამართლობაა. - უკმაყოფილო ბუზღუნს მოჰყვა. - გეყოფა რაც ნახე. - რა ვნახე, მხოლოდ შენი ვარდისფერი თმები და ის შავი თვალები, ძილისგან რომ დაგმრგვალებია. საერთოდ არ ხარ სექსუალური. უნდა მწყენოდა, მაგრამ არ მწყენია. სარაფანი საწოლის თავზე გადავფინე, შორტი და მაისური გადავიცვი და თმა დავივარცხნე. ყველა იმას მეუბნებოდა რომ შავგვრემანსა და შავთვალებას ვარდისფერი არ მომიხდებოდა, მე კი ჯიუტად უკვე ორი წელი ვიღებავ ასე თმას. ძალიანაც მომწონს ჩემი არაორდინალური იმიჯი. მერე რა თუ ოცდახუთ წელს უკვე გადავცდი და მერე რა თუ ჩემი სტილის გამო ჯერაც ვერავინ აღმიქვავს სერიოზულად. ამ ფაქტს არასდროს შევუწუხებივარ. ერთადერთი ის მაბრაზებდს რომ ჩემი იმიჯის გამო დასაქმება მხოლოდ სუპერმარკეტში და კურიერად მოვახერხე. მიშო ეზოში ქვის მაგიდასთან მჯდარი რაღაცას მიირთმევდა და ყავას სვამდა. - დობრი უტრა, მაშენკა. - ვალია ღიმილით შემხვდა. - ხელები დაიბანე, ისეტი ალაძიკები გავაკეტე... მიშომ დასტურის ნიშნად თავი დაიქნია და კიდევ ერთი შეჭამა. ეზოს სიღრმისკენ პირსაბანი ჩამოეკიდათ, ხელით რომ უნდა ასწიო ღერძი და მხოლოდ მაშინ წამოვა წყალი. სუფრასთან დაბრუნებულს ცხელი ყავა და შაქარმოყრილი ბლინები დამხვდა თეფშზე. ვალიას მართლაც გემრიელი „ალაძიკები“ გამოუცხვია. ერთს, მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ვერ მივხვდი ისე დავაცარიელე თეფში. - ვალენტინა, ჯობდა ბორში გაგეკეთებინა, შია თურმე მაშოს. - მიშომ თვალი ჩამიკრა და ისევ ჭამა განაგრძო. ცოტა შემრცხვა. ძლივს მოვსვი ყავა და თვალი ვალიასკენ გავაპარე. იღიმოდა. მერე მოულოდნელად დაფაცურდა და გაგვეცალა. - ზღვაზე მინდა წასვლა, - უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე, ვიდრე მიშოს გასაგონად. - აქედან რა გადის ცენტრისკენ. - დადიან მარშუტკები, მოიცა, ვალია - ხელსახოცით ტუჩები ოდნავ მოიწმინდა, მე ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. - აქედან რა გადის პლაჟისკენ. - დაუძახა ქალს. ცოტა არ იყოს მეწყინა. ვალიამ რუსულად რაღაც დაუძახა, ვერ გავიგე იმდენად უხერხულად ვიგრძენი თავი. – 6 ნომერიო. - კარგია, ჩანთას ავიღებ. - ჩემი ყავის ჭიქა ავიღე და ვალიასკენ წავედი. გეყოფა, მაშო, რა გინდოდა აბა თან გადაგყვებოდა ბიჭი და აქეთ-იქით გატარებდა? მორჩა შეირგე ეს დღე, წადი იბანავე, გაგრილდი, მერე ადი ავტობუსში, ან მატარებელში და დაბრუნდი რეალობაში. ეს არის ყველაზე ლამაზი, გიჟური დღე შენს ცხოვრებაში და შეირგე! გაიხსენე როგორია წამებით ტკბობა. - ვუმეორებდი ჩემს თავს. ოთახში შებრუნებულმა სარაფანი ჩანთაში ჩავდე, მერე ცოტახანს საწოლზე წამოვწექი და კედლისკენ გადავბრუნდი. თვალში მომხვდა კოჟრი კედელზე, გამეცინა. ვეწვალე და გამოვიღე. ხელის გულზე მედო და დავყურებდი. ეზოში ჩანთით დავბრუნდი, მიშო ეშმაკურად მიღიმოდა, გვერდით ჩავუარე. - შენც არ გაწყენდა გაგრილება. - პირდაპირ რომ მითხრა ყოველთვის ყველაფერი, კარგი გოგო იქნები. - სიცილით წამოდგა და გასაღებს წამოავლო ხელი. - ვალკა, საღამოს მოვალთ, შენებურად დატრიალდი და ვარენიკები გაგვიკეთე, მართლა ბორშის ჭამით ნუ ამოგვხდი სულს. და ის შენი პიტნის ლიქიორიც ჩააცივე. - მე თბილისში ვბრუნდები. - რას ლაპარაკობ, ნუთუ?! - კარში გამატარა და ირონიულად გადმომხედა. - ამიტომ დაემშვიდობე ალბათ ვალიასაც? - ღმერთო, სულ არ ჩანდი ასეთი მწარე, სანდომიანი და შეშინებული პოსტი თურმე ნიღაბი ყოფილა. - ადამიანებს პოსტებით ნუ შეაფასებ. აშკარად ჩემზე დიდი გაიძვერა აღმოვაჩინე მეთქი - ვფიქრობდი და მომწონდა ეს ყოველივე. ისევ ჩემი ფლეილისტი უკრავდა. ..... წყალი ცივი იყო, ფეხის თითებმა მამცნეს. ნაპირს მოვშორდი, შეზლონგზე ჩამოვჯექი და გახდა დავიწყე. ჩემი ვარდისფერი კედები მიშოს ლურჯ ბრიჯსა და თეთრ კედებს მივუწყე და წყლისკენ ნელა წავედი. ვიხსენებდი ყველა ფილმის იმ მომენტს ლამაზი სექსუალური ქალები ნარნარად, მომხიბლელად რომ მიდიან წყლისკენ და ჩემს თავზე გამეცინა. ბიჭი უკვე ღრმად იყო შესული ზღვაში. მე ნაპირთან კოჭებამდე წყალში ვამჯობინე ჭყაპუნი. წავიდოდი წინ, როგორც კი ვგრძნობდი რომ ფეხქვეშ მიწას ვერ ვგრძნობდი, უკან ვბრუნდებოდი. - რას დატოპაობ? წამო, გავცუროთ. - კარგად ვერ ვცურავ. - მე წაგიყვან, ადვილია, უბრალოდ ახლოს იყავი. ტივტივამდე მივიდეთ. ტივტივას გავხედე, არც ისე შორს იყო. - იცოდე არ მომშორდე! - გპირდები. - ეს გპირდები ისე ჟღერდა, თითქოს სამუდამოდ ჩემთან ყოფნას მპირდებოდა. გამეცინა. ნამდვილად კარგად ცურავდა ჩემგან განსხვავებით. დროდადრო უკან ჩამორჩენილს გამომხედავდა და რომ დავეწეოდი, ისევ აგრძელებდა გზას. ტივტივას ჩავეჭიდე და ღრმად ამოვისუნთქე. - ნეტავ კიდევ რამდენი სიგიჟე უნდა ჩავიდინო დღეს? - კიდევ ორი დღე დარჩი და შევამოწმოთ რამდენის გაკეთება შეგიძლია. - წყლიდან წამოიწია და წინ გაშვერილი ხელებით ისევ წყალში გადაეშვა. ჰორიზონტს გავყურებდი. სადღაც შორს გემი მოჩანდა, თავზე თოლიები დასტრიალებდნენ, ალბათ თევზსაჭერია-მეთქი, გავიფიქრე. მიშო ცოტა ხანს რომ არ გამოჩნდა, შიშმა ამიტანა. ფსკერი რამდენიმე მეტრით ქვემოთ იყო. - ოღონდ ახლა რამე სისულელეს არ აკეთებდე, იცოდე, მოგკლავ! - წინდაუკან ვტრიალებდი და წყალს ჩავყურებდი. მხოლოდ ჩემი ანარეკლი ჩანდა. - მუქარას ასრულება უნდა. - უცებ დაიდგაფუნა წყალმა ჩემს უკან. ნაპირზე მშვიდობიანად გამოვცურეთ. ცხელმა ქვებმა ფეხები ამიწვა და სირბილით გავიქეცი შეზლონგისკენ. სველი თმებიდან წყალი წურწურით ჩამომდიოდა, ავიქნიე და ირგვლივ ყველაფერი გავწუწე. პლაჟზე რამდენიმე საათი გავატარეთ. უმეტესად ქოლგის ქვეშ ვიჯექი და ზღვას გავყურებდი. მიშო ხან ცურავდა, ხან ისიც ნაპირზე ქოლგას აფარებდა თავს. არ ვიცი განგებ მარიდებდა თავს თუ ხვდებოდა, რომ საუბრის განწყობაზე არ ვიყავი, მაგრამ არ გვისაუბრია. ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა. მზე საბოლოოდ ჩაიკარგა ზღვაში და ზღვამაც თავისი ბუნებრივი ფერი დაიბრუნა. მიშო ისევ ისე იწვა ქოლგის ქვეშ, მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოედო და ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა. დრო ვიხელთე და კიდევ ერთი ფოტო გადავუღე. შორტების ჩაცმას ისევ სარაფანი ვარჩიე. კედები ხელში დავიჭირე და ფეხის თითებით ოდნავ შევეხე შეზლონგიდან გადმოკიდებულ მიშოს ფეხის თითს. რეაქცია მომცა. მისი სხეულიდან თითქოს უზარმაზარი ტალღა წამოვიდა და მთელს სხეულში გაიფანტა მდინარეებად. - მივდივართ? - ნელა გაახილა თვალი. თავი დავუქნიე და ზურგი შევაქციე. ბულვარზე დამეწია. მაისური მხარზე გადაეკიდა. ასვალტი ფეხებს მიწვავდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა ფეხზე ჩაცმა. - ცოტა ხანს მაცალე, ახლავე დავბრუნდები. - ხელში გასაღები ჩამიდო და გზა გადაკვეთა. მანქანაში საშინლად ცხელოდა. ფანჯრებს ჩავუწიე, ჩემი ჩანთა უკანა სავარძელზე მივაგდე და ფეხები ზემოთ ავალაგე. მალე დაბრუნდა. - გშია? - აჰამ... - ჯერ გშია, თუ ჯერ დაღლილი ხარ? - ჯერ წყლის გადავლება მინდა. წყლის ქვეშ დიდხანს ვიდექი, თითქოს ძალაგამოცლილს ერთიანად დამიბრუნდა ენერგია. ჩემი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გამერეცხა, მაგრამ გამოსაცვლელი არ მქონდა. მოდი სიგიჟეს, სიგიჟე დავუმატოთ მეთქი და მიშოს მივუკაკუნე. ტანსაცმელი ამოეყარა ჩანთიდან და ეტყობოდა აბაზანაში აპირებდა შესვლას. - მაისური უნდა გეთხოვო. - ისე უდარდელად ვუთხარი, თითქოს წყლის დალევას ვთხოვდი. - ჰა? ჰოო. - დაბნეულობა არ შეიმჩნია და ჩანთისკენ დაიხარა. რამდენიმე აიღო, ხელში შეატრიალა და ისევ დააბრუნა. მივხვდი უფრო გრძელს არჩევდა. - ეს მგონი გამოგება. - ყველაზე უფრო გრძელს დავავლე ხელი და ოთახიდან გამოვედი. ყველა ის ნანახი ლაიფჰაკი გამახსენდა ტანსაცმლის გადაკეთებას რომ ეხებოდა. მეც ვალიას ნივთებიდან მაკრატელი ავიღე და მიშოს მაისურისგან მშვენიერი დეკოლტე კაბა გამოვიყვანე. ფიცრული კედლიდან ისევ გამოძრავდა კოჟრი და მიშოს თვალები გამოჩნდა. საწოლს მოვშორდი და დავტრიალდი. - მიხდება? - ეს რა არის? დაჭერი? - ხომ მიხდება? - ეს, ჩემი მაისურია?.. ჩემი საყვარელი მაისური? - ამათვალიერა, ოხვრით მოშორდა კედელს და გავიგონე როგორ გაიჭრიალა იატაკმა და ჩემს კარზეც გაისმა ორჯერ მოკაკუნება. - შენთვის არავის უთქვამს რომ ბათუმში ორი ხელი ტანსაცმლით არ უნდა წამოსულიყავი? ეს ვინ ავიკიდე... - წუწუნებ... - ახლა ეგეც ამიკრძალე. მოდი, დატრიალდი, გიხდება, ვერ უარვყოფ. - ძლივს, ნორმალური კომპლიმენტი გაიმეტე. - არანორმალურს ნორმალური კომლიმენტები არ მოგიხდება. - თვალი ჩამიკრა. ოთახიდან ერთად გამოვედით. ვალია შეგვეჩეხა, ჯერ თვალები გაუფართოვდა მიშოს აწ უკვე ყოფილი მაისურის დანახვაზე, მერე თვალებში ეშმაკური სხივი გაუკრთა და თავის ქნევით გაგვეცალა. სანამ მიშო აბაზანიდან გამოვიდოდა, ვალიამ ეზოში, ქვის მაგიდაზე ცხელი ვარენიკები გრძელი, თეთრი და ლურჯად მოხატული თეფშით დადო. ჩემი შეთავაზების მიუხედავად, არ დამანება დავხმარებოდი. საოცარი სიფაქიზით გაშალა სუფრა და ლამაზ ოქროსფერფეხიან ჭიქებში გამჭვირვალე ბოთლიდან მწვანე სითხეც ჩამოასხა. - ჩემი რეცეპტია, მოგეწონება. - ჭიქა ავიღე და ფრთხილად დავსუნე, პიტნის მწვავე, სასიამოვნო სურნელმა დამიარა სხეულში. გასინჯვა არ მიჩქარია. - ძალიან კარგი სუნი აქვს, არომატულია. - შენ ვარენიკები უნდა ნახო, უგემრიელესია. - სველი თმა დაუდევრად ეყარა შუბლზე. ჩემს წინ დაჯდა და პირდაპირ საერთო თეფშიდან აიღო ჩანგლით ერთი ცალი ვარენიკი. - ალუბლის არ გაგიკეთებია? - ჯერ ეს მიირტვიტ. - ალუბლის? - ჰო, არასოდეს გაგისინჯავს? - არა... - მთელი თავგასავალი გელის წინ, - თვალი ჩამიკრა და თავისი ჩანგლით რამდენიმე ცალი ვარენიკი გადმომიღო. ვალიას მართლაც ძალიან გემრიელი ხელი ჰქონია. მთელი დღის დაღლილსა და მოშიებულს საოცრად მესიამოვნა მისი ნახელავი. ცოტა ხანში, დესერტის დროაო და ალუბლის ვარენიკებიც შემოგვამატა მოხუცმა და თავად უჩუმრად დაგვტოვა. ჩემთვის ეგზოტიკური საჭმელი გამოდგა, თუმცა ძალიან მომეწონა. - ახლა პიტნის ლიქიორის დრო დადგა. - ჭიქა პირთან მიიტანა, მერე ერთბაშად უკან მაგიდაზე დააბრუნა, მაგრამ ხელი არ გაუშვია. ოდნავ გვერდით გადაეხარა თავი, რაღაცას ფიქრობდა. - რაზე ფიქრობ? - რაღაც ძალიან რომ გინდა, მასზე ფიქრებში ათენებ, აღამებ და საბოლოოდ ძალიან რომ მიუახლოვდები, აი, ისე ახლოს ხარ, ხელს გაიწვდენ და ეხები, მაგრამ თავს იკავებ, ასეთი შეგრძნება თუ იცი რას ნიშნავს, მაშო? პირი გამიშრა, უჰაერობამ ისე შემაწუხა რომ ღრმად ჩასუნთქვამაც ვერ მიშველა. - ვიცი, - ძლივსგასაგონად დავიჩურჩულე. - და ამ გრძნობის იქით რა არის ის თუ გინდა გაიგო? - ძალიან - მზერა ძლივს გავუსწორე. ისევ უბრწყინავდა თვალები, თითქოს ეს ესაა მათში არსებული მზე ოქროსავით გადნება და მდინარეებივით იწყებს დენასო. - ჰოდა, მიდი, იგრძენი, - ჭიქა ზემოთ ასწია, ოდნავ მივუჭახუნე. თვალებს არ მაშორებდა, ერთდროულად მივიტანეთ ტუჩებთან სასმელი. მწველმა და ამავდროულად გრილმა სითხემ ჯერ ტუჩები გამიცია, შემდეგ კი ყელი. აღფრთოვანება ვერაფრით დავმალე. - უგემრიელესია. - კმაყოფილმა დადგა ჭიქა ადგილზე, - ასეთი არაფერი გამისინჯავს. - ახლა ხვდები რა გემო აქვს იმ გრძნობას, რომლის შეხებას ვერ ბედავ? - თავი დავუქნიე. - მერე ღირს უკან დახევა? - არა. - ისევ გაეცინა. კიდევ რამდენიმე ჭიქა დავლიეთ, ათასგვარი არატრადიციული სადღეგრძელოთი და მივხვდი რომ ძალიან ავმსუბუქდი. თითქოს ფრთები გამომასხეს და კი არ ვიჯექი, ჰაერში ვიყავი გამოკიდებული. - მორჩა, უკვე მთვრალი ვარ, ჩემთვისაც კი ზედმეტია. - კარგი რა, ასე მალე თვრები? ჯერ ახლა იწყება ყველაფერი... - რა იწყება? - ჩვენი ამბავი. - და ეგ ამბავი როგორია? - შენ როგორი გინდა იყოს? - აი, ყველაზე საოცარ რომანტიკულ ფილმებში რომ არის... - ბანალური ჰეფი ენდით? - არა, მარტივი რამეები არ მხიბლავს, მეტი სიგიჟე და ზღვარგადასული თავგადასავალი. - მეტი სიგიჟით? - დიდი სიგიჟით... - შეხებით? - ფეხზე წამოდგა, ჩემკენ წამოვიდა, ხელი გამომიწოდა, ფრთხილად ჩავკიდე და წამოვდექი. თვალებში მიყურებდა. ორივე ხელი წელზე შემომხვია, მე კისერზე შემოვხვიე. სახე ყურთან მივუტანე და დავიჩურჩულე: - შეხებით... - კოცნით? - ბაგეებიდან პიტნიანი ლიქიორით გაჯერებული სასიამოვნო სუნთქვა შემომაფრქვია. - არაბანალური კოცნით... - თმაზე? - ძალიან ბავშვურია... - გაეცინა. საიდანღაც მუსიკა გაისმა, მელოდიას თავისთავად ავყევით. - ლოყაზე? - დამშვიდობებას ჰგავს... - პირდაპირ რომ მეუბნებოდე ყოველთვის... - სიტყვის გაგრძელება არ ვაცალე. ვაკოცე. რბილი ტუჩები ჰქონდა, სასიამოვნო იყო. მისი დაბნეულობა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე კი მარჯვენა ხელი თმებში შემიცურა და ის ვიგრძენი, რამდენიმე წუთის წინ რომ მიხსნიდა. - მთელს ამ ამბავში ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამაზე არ მიფიქრია, - ღიმილით მოვშორდი და ჩემი ადგილი დავიკავე. მიშომ სიგარეტის ღერი ამოაძვრინა, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. - მოდი, მიმიხმო და მეც გვერდით მივუჯექი. კოლოფი მომაწოდა. უსიტყვოდ ამოვაძვრინე ერთი ღერი და თითებში მოვიქციე. - გულწრფელად მჯერა, რომ სადღაც ცაში, აი იქ, - სიგარეტიანი ხელი ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ გაიშვირა. - ვიღაცამ დილით იმ ხასიათზე გაიღვიძა, რომ მე და შენ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით. არაფერი მითქვამს. არაფერზე ვფიქრობდი და არაფერი მინდოდა, გარდა ერთისა, დავმტკბარიყავი მომენტით. სისულელეა რაღაცების წინასწარ განჭვრეტა. მივდევდი დინებას და ვიმედოვნებდი ნაპირზე ძალიან დაშავებულს არ გამომრიყავდა. ჩუმად ვისხედით და შორიდან მომავალ ქალაქისა და ზღვის ხმას ვუგდებდით ყურს. - შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან, მე ვიქნები გემიი... - წაიმღერა. - წამო რა. უსიტყვოდ მივყევი. ჩიხებით ვიარეთ, ღობეებიდან თავგამოყოფილი ძაღლები ყეფით გვაცილებდნენ. გზაზე გადასვლისას, ხელი გამომიწოდა, გრილი ხელისგული ჰქონდა. გრძელმა თითებმა ჩემი თითები მოძებნეს და ერთმანეთში გადაიხლართნენ. სირბილით გადავჭერით გზა და ზღვისკენ დავეშვით. ზღვა იყო მშვიდი. მთვარით განათებული ტალღები ქვებზე სრიალებდნენ. მარილიანი წყლის სუნმა ჩემი ფილტვები მთლიანად შეავსო. ქვიშაზე ჩამოვსხედით. მისი მუხლებზე დადებული ხელი ჩემს ხელს ეხებოდა. გაწევა არც მიფიქრია. მიშოს ვუყურებდი, მიშო ზღვას. ტალღამ ფეხებზე გადამირბინა, მასაც. - გუშინ მკითხე, რა არის ყველაზე დიდი სიგიჟე რაც ჩაგიდენიაო. - მახსოვს, თმები შევიღებეო, - ღიმილით გამომხედა. - მოგატყუე. - ვიცი. - ისევ გამიღიმა. - არარომანტიკული ხარ-მეთქი, რომ გითხარი, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. გაეცინა. ქვიშაზე გავწექი და ცას ავხედე. ისევ ანათებდნენ ვარსკვლავები და იქ ვიღაც იჯდა და ცდილობდა ჩვენი ბედი შეეცვალა. მიშო წყალში შევიდა, ტანსაცმლიანად და ვხედავდი როგორ აფრასავით გაიბერა მისი თეთრი პერანგი. ვიწექი და მეღიმებოდა. ჩემს ბედს მე ვცვლი, მე დავიწყე და მე დავასრულებ, მე შევქმნი და მე გავანადგურებ. ახდენილი ოცნებები საშიშია. ზღვა ისევ ფეხებზე მომეფერა. მერე ერთიანად აღელდა, ნაპირზე გადმოვიდა და თაფლისფერ წვეთებად დამეწვეთა. - შეგცივდება. - ვუთხარი და ჩემგან ზურგით მჯდარს სველ სხეულზე შემოვეხვიე. ჩემი ხელები თითებში მოიქცია და მომეფერა. თავი მხარზე ჩამოვადე. ქარმა საიდანღაც მუსიკის ხმა მოიტანა. Come with me and you'll be In a world of pure imagination Take a look and you'll see Into your imagination... წმინდა წარმოსახვა... მუსიკას ავყევი. ჩემი ნათქვამი სიტყვები მიშოს ყურთან იფანტებოდა და სივრცეს ერთვოდა. ამოსუნთქვისას ჩემი მკერდი მის ზურგს ეკვროდა. მიშო არ იძვროდა, იჯდა ჩუმად და ერთ წამს მომეჩვენა რომ სუნთქვა შეაჩერა. სიმღერა რომ დავამთავრე თვალები დავხუჭე. მთელი ღამე დავბოდიალობდით პლაჟზე, ხან ვიცინოდით, ხან ჩუმად გავყურებდით ზღვას, რომელიც კეკლუცად ახლიდა ნაპირს ტალღებს, თითქოს მისი გამოწვევა სურდა. ვინ იცის იქნებ ზღვა და ნაპირი ქალი და კაცია. იქნებ როგორ უჭირთ სიშორე და ამასთანვე სიახლოვეც. იქნებ ესაა მთელი ცხოვრების და სიყვარულის ფილოსოფია?! ჩემი ფიქრები მიშოს ვერ გავუმხილე, თუმცა კი ძალიან მინდოდა. მიშო ქვიშაზე გადაწვა და თან გამიყოლა. თავი მის მკლავზე მედო და ვარსკვლავებს ვუყურებდი. - გცივა? - არა - არ ვტყუოდი. მიუხედავად იმისა რომ შუაღამე გადასული იყო, გრილოდა და ზღვას ცივი ნიავი მოჰქნდა, მე თავს კარგად ვგრძნობდი. თავქვეშ ამოდებული მისი მარცხენა ხელი დავიჭირე და მთვარის შუქზე კარგად დავაკვირდი ტატუს. ლომის ზოდიაქომ თვალი მომჭრა. - ლომი ხარ? - გამოიცანი. - ივლისის თუ აგვისტოს? - რა შეკითხვაა, ნამდვილი ლომები აგვსტოში იბადებიან. - კაიი, რას ამბობ?! - დავცინე, თუმცა კი გული ამიჩქარდა. - დაბადების დღე როდის გაქვს? - 9 აგვისტოს. - გული საშინლად ამიჩქარდა. - ზოდიაქოსი თუ გჯერა, - სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი. - რა ვიცი, უნდა მჯეროდეს წესით, ამის გათვალისწინებით. ტატუიანი ხელი ჰაერში შეათამაშა და ჩემს თმას მისწვდა. - მაგრამ არ მჯერა. ეს უბრალოდ მომწონს. - მაშინ მოდი, დაგაჯერებ. - წამოვჯექი და ფეხები მოვკეცე. მიშომ ღიმილით ამომხედა და ორივე ხელი თავქვეშ ამოიდო. - მიდი, დამაჯერე. ტელეფონი გავანათე და ის ფაილი მოვძებნე, სადაც ზოდიაქოს შესახებ ყველაფერი ეწერა. ასტროლოგიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული და ჩემი ზოდიაქო ზეპირად მქონდა შეწავლილი. სწორედ ამიტომ, ადვილი იყო მიშოს შესახებ ზოდიაქოს საფუძველზე მსჯელობა, მეც ლომი ვარ. - რას აკეთებ? - შენი რუკა უნდა ვნახო. - რა უნდა ნახო? - ასტროლოგიური რუკა, ვიცი რატომაც არ გჯერა ასტროლოგიის. შენი დააბადების ადგილი და დროც მითხარი. - 9 აგვისტო ღამის 11 საათი, 1990 წელი. მცხეთაში დავიბადე. - მოკლედ, ცოტა ხანს მაცადე შენი რუკა უნდა გავაკეთო. - ძებნა დავიწყე. მიშო ჩუმად მადევნებდა თვალს. - ჰა. ვერაფერი? - მოითმინე... - ვერ ვითმენ, ისეთი სახე გაქვს, ცნობისმოყვარეობა მკლავს. - ახლა ნამდვილად ლომი ხარ. - მეუბნებიან, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. - იმიტომ რომ შენს შიგნით ბრძოლები მიმდინარეობს. - რაოო? - ხო. მთვარე წყლის სტიქიაში გყავს, თევზებში და მზე კიდევ ცეცხლის ნიშანში - ლომში. მზე განსაზღვრავს ჩვენს მდგომარეობას საზოგადოებაში, მაგ მიმართულებით მოთხოვნებს, ხოლო მთვარე - შინაგან სამყაროს, მის კომფორტს. - საინტერესოა. - მზე და მთვარე ურთიერთგამომრიცხავ ნიშნებში და სტიქიებში გყავს. რაც უნდა შენს ერთ მეს, არ უნდა მეორეს და პირიქით. ერთადერთი სადაც არ გაქვს ბრძოლები, ეს სიყვარულია. - სიყვარულსაც ხედავს?- დამცინა. - ვენერა გყავს კირჩხიბში, - ამოიოხრა. - არ გჯერა? მოიცადე და მიხვდები ყველაფერს. ვენერა მართავს სიყვარულს, ოჯახს, პირად სივრცეს, შენს რუკაში კი იგი გაფურჩქნულია. კირჩხიბი კი ყველზე მეოჯახე ზოდიაქოა. წყლის სტიქიის წარმომადგენელი. თან ხომ გახსოვს მთვარეც წყლის სტიქიაშია, ამიტომ სიყვარულში სრულ კომფორტს გრძნობ. - ანუ მთვარე და ვენერა სიამტკბილობაში მყოლია. რა კარგი ტიპი ვყოფილვარ, ხედავ? - თმები ამიჩეჩა და ისე რომ თმისთვის ხელი არ გაუშვია თავისი თაფლისფერი თვალებით გამიღიმა. - გავაგრძელო? - მიდი, ბარემ ბოლომდე ამოხსენი ჩემი საიდუმლოებები. - რაც შეეხება კირჩხიბს, ყველაზე რომანტიკული ნიშანია, ყველა ნიშანს შორის მას ყველაზე მეტად სჯერა სიყვარულის. მისი პრიორიტეტი ოჯახია. როცა თავს ცუდად გრძნობ, მთელს შენს არსებას, სადაც უნდა ყოფნა, ეს სახლია. - ასეა. - არიან ადამიანები, ვინც ასეთ დროს მეგობრებთან გარბიან, სვამენ... შენ კი ამ დროს სახლში ამჯობინებ ყოფნას... - გავჩუმდი და გამომცდელად მივაჩერდი. მძიმედ დამიქნია თავი. - იმისთვის რომ ყველაფერი გამოგივიდეს, წარმატებას მიაღწიო და იყო კარგად კარიერაში, საჭიროაა სახლში გქონდეს სიმშვიდე და ამისთვის ყველფერს აკეთებ. ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ შენი აურა არ დაირღვეს. - ასე ძალიანაც ნუ შემოიჭრები ჩემს პირად რუკაში... - გვიანია. შენი ლომი რომ დააკმაყოფილო, ყველაფრის ფასად ეცდები ოჯახში თავი კარგად იგრძნო. ეს გჭირდება იმიტომ რომ რეალიზდე. - ლომები ეგოისტები არიანო, ყველა ამას ამბობს და ახლა რა გამოდის ვეღარ გავიგე. - ასეა, ლომი ხომ გთხოვს რომ ყველა გემსახუროს, რომ ამას იმსახურებ, მაგრამ გიჟდები, როცა სხვებს იქით ემსახურები... - არაააა. არა და არა. ამაში ვერ დაგეთანხმები, - სიცილით წამოდგა ფეხზე და ქვას ფეხი გაჰკრა. - ახლა შენი ლომი გეუბნება რომ შენი არ მესმის. ეს ლომების ერთ-ერთი თვისებაა და შავი მთვარე... - მაშო, ნუ მაგიჟებ, რა შავი მთვარე და რა ვენერა და მარსი. - მარსი არ მიხსენებია და საერთოდაც მადლობა უნდა თქვა რომ ამხელა პირადი რუკა შეგიდგინე. ამაში ხალხი ფულს იღებს. - აჰაა, დაბრუნდა ნახევარი დღით დაკარგული შენი ხასიათი, მეგონა იქ, ოთახში დაგრჩა, როცა ჩემს მაისურს ჭრიდი. აღარაფერი მითქვამს. გამიხარდა კიდეც ეს გასვლა ამ განწყობით რომ დასრულდა. ბოლო ვარსკვლავებიც ქრებოდნენ, ლურჯი ჭიშკარი რომ შევაღეთ და ნამიანმა ბალახმა ფეხები დაგვისვლა. - მაშო... კიბის საფეხურზე შემდგარს დამაწია სიტყვა. მივბრუნდი. ორივე ხელი ჯიბეებში ჩაეყო. მიღიმოდა. მის თვალებში თაფლისფერი მზეები ანათებდნენ. - ჩემს ლომს რაღაც აწუხებს და ამიტომ... - ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა, მეც ინსტიქტურად კიბიდან ჩამოვედი. ერთმანეთს სულ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა. მისი გრილი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. ოდნავ წინ გადმოიხარა და ტუჩებზე შემეხო. ერთმანეთს არ ვეხებოდით, მხოლოდ მისი ტუჩების გემოს ვგრძნობდი და ტკივილს მუცელში. ნელა დავაშორეთ ბაგეები ერთმანეთს. იღიმოდა, მერე უცბად ცხვირის წვერზე შემეხო. - დღეს საკმარისია. დანარჩენი ხვალ იყოს. - ძალიან საყვარლად გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. ბედნიერებისგან სხეულში ვერ ვეტეოდი, გული ყელში მებჯინებოდა. სახლში შესვლამდე უკან მოვიხედე. პერანგი გაეხადა და იქვე მოაჯირზე გადაეკიდა, თავად ეზოს სიღრმისკენ მიდიოდა. გამეღიმა. კარმა ოდნავ გაიჭრილა. საწოლზე ჩამოვჯექი და მოფრიალე ფარდას მივაშტერდი. თავბრუდახვეული ვიყავი. ჩემი ოცნება უკვე ხელის გაწვდენაზე კი არა ხელის გულზე მედო, შევეხე კიდეც და ვიგრძენი მისი სიკბოება. სიამოვნებისგან, შიშისგან, თუ არ ვიცი კიდევ რისგან გული ძალიან მიცემდა, მოუსვენრობა და შფოთი თავს არ მანებებდა და მახსენებდა, რომ ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა. ვიწექი საწოლზე, ვუყურებდი კოჟრებს და ველოდი როდის გამოძრავდებოდა და მიშოს თვალებს დავინახავდი. ცოტა ხანში კიბეებზე ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაისმა, კარიც ყრუდ გაჭრიალდა და კედლის იქით მისი სუნთქვაც ვიგრძენი. - მაშო, გძინავს? - ძალიან ახლოს თითქმის ყურში ჩამჩურჩულა. - არა, - როგორც ველოდი კოჟრი გამოძრავდა და საწოლზე დაეცა. - გელოდი. - კარგია, - პასუხისგან მოგვრილი სიამოვნება თვალებში აერეკლა. - გეძინება? - ცოტა, მაგრამ გისმენ. - წეღან მითხარი, რომ დანარჩენი ხვალ იყოსო... - მიჭირდა საუბარი, თანაც ვიცოდი რომ ხვალ აღარაფერი იქნებოდა, მაგრამ მაინც მაინტერესებდა მისი პასუხი. - ძალიან მოუთმენელი ხარ, მაშო... - შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი მომითმენია, უბრალოდ, ახლა მაინტერესებს... - დაგაინტრიგეე? - საკმაოდ. - გპირდები, აღარ დაგათრობ, ყველაფერი იქნება ფხიზელ გონებაზე, რეალური შეგრძნებებით და არაფერი იქნება საკმარისი... - სუნთქვა შევაჩერე გულში ძალიან მწარედ ვიგრძენი ჩხვლეტა. ტკივილმა დამადუმა. მიშო იღიმოდა თვალებით და ეს იყო ყველაზე დიდი დიალოგი, უსიტყვო, მაგრამ ყოვლისმომცველი. არ დამეძინა. წასვლა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ მაინც მინდოდა გამეგო „ხვალ“ რა იქნებოდა. ეგოისტურმა და გიჟურმა გადაწვეტილებამ, რომელმაც მასთან გამატარებინა დრო, თავდაყირა დამიყენა ცხოვრება. ახლა ყველაზე ცხადად ვგრძნობდი ოცნებასთან მიახლოება რამდენად საშიში და ამავდროულად ტკბილი იყო. ვერ გავბედე ბოლომდე შემეგრძნო ოცნება და ვერ შევძელი საკმარისამდე მედევნა მისთვის. როგორც კი ინათა, წამოვდექი. ფრთხილად მოვწესრიგდი და ბოლოჯერ მოვავლე ოთახს თვალი. კოჟრიან კედელს, მოფრიალე ფარდას, ლამპას და კარს სურათები გადავუღე და გამოვედი. აივანზე ჩემი თეთრი სარაფანი ეულად ფრიალებდა. გულში ტკივილს ვრძნობდი. სამაგრები მოვხსენი და ჩანთაში ჩავდე. სიღრმიდან მიშოს ნაჩუქარმა სამგზავრო ბალიშმა შემომანათა. დიდხანს არ მიფიქრია. ორი სარჭით დავამაგრე თოკზე და კიბეები ფრთხილად ჩავიარე. მთელი გზა მის თვალებს ვხედავდი და ყურებში Come with me and you’ll be in a world of pure imagination მედგა. იუთუბზე სიმღერა მოვძებნე და ჩემს მიქსებს დავამატე. ვშფოთავდი, ვგრძნობდი რომ შეცდომას ვუშვებდი. ნერვიულობისგან და სინანულისგან მუცელი მეწვოდა. ასეთი რამ ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არასდროს მიგვრძნია. ყელში თითქოს რაღაც გამეჩხირა, ამტკივდა. თვალებში ცრემლები მედგა, მაგრამ ვერ ვტიროდი. მთელი გზა მაზოხისტურად ვუსმენდი pure imagination-ს და მეშინოდა რომ ეს ყოველივე ჩემი წარმოსახვა იყო. სახლში ერთიანად განადგურებული დავბრუნდი, მეც არ ვიცი რატომ ვიქცეოდი ასე. რატომ წავყევი, მერე რატომ არ დავბრუნდი უკან, თუ დარჩენა მინდოდა, რატომ გამოვიქეცი? რისი მეშინოდა? არ ვიცოდი... სამსახურში მეორე დღეს გავედი და მორიგეობაც გადავაბი. ყველაფერი მტკიოდა, მეძინებოდა, მაგრამ ფიქრები ყველაზე მეტად მტკენდა გულს. მექანიკურად ვმოძრაობდი. ჩემს საქმეს გადაჭარბებულადაც კი ვაკეთებდი, ძალით ვერთვებოდი თანამშრომლებთან დიალოგში. ვცდილობდი მეცინა, ბევრი მეცინა. არ მეფიქრა ბათუმურ დღეებზე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. როგორც კი მარტო ვრჩებოდი ყველაფერი მახსენდებოდა. სახლში ყოფნისას სულ ვიწექი და მის ფეისბუქს ვათვალიერებდი. ის დუმდა. არცერთი აქტივობა. ბოლო ფოტო ბათუმში გამგზავრებამდე 9 დღით ადრე დაედო. საათობით დავყურებდი ჩვენს ჩატს და ველოდი რომ სამი წერტილი გამოისახებოდა, ველოდი რომ მომწერდა. მაგრამ ის არ მწერდა, არც მწვანედ ანათებდა. ან არ შემოდიოდა, ანდაც უჩინარის ფუნქცია ჰქონდა ჩართული. ბევრს ვეწეოდი, ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და ეზოში ვიყურებოდი, ძალიან მინდოდა მისი მანქანის დანახვა. ვსვამდი ლუდს, ვუსმენდი ჩვენს სიმღერას და ვათვალიერებდი სურათებს, რომლებიც ჩუმად გადავუღე. ნელ-ნელა დავწყნარდი, შფოთვამ გამიარა, მაგრამ ახლა აუხსნელმა სევდამ შემიპყრო. ღიმილიანმა სევდამ. მახარებდა ბედნიერი წყვილების დანახვა, მაგრამ სევდას ვგრძნობდი ის რომ ჩემთან არ იყო. თითქოს პარასკევიც გადამიყვარდა, რადგან მომდევნო ორი დღე სახლში ყოფნა მომიწევდა და მეტი დრო მექნებოდა ფიქრისთვის. იმ პარასკევის საღამოსაც დიდხან ვიდექი წყლის ქვეშ, ვიხსენებდი ჩვენს კოცნას, პლაჟზე გატარებულ საათებს, მის თვალებს და ღიმილს. ჩემს თავს დავპირდი რომ მხოლოდ დღესღა შევამოწმებდი მის ფეისბუქს, აღარ ავიკვიატებდი, რადგან თავადაც მაშინებდა ეს ყოველივე. ხალათიანი და პირსახოცშემოხვეული ჩამოვჯექი რაფაზე, გვერდით ლუდის ბოთლი მოვიდგი და მენთოლიანი სიგარეტი ტუჩებში მოვიქციე. ფეისბუქზე რამდენჯერმე ავსქროლე მისი გვერდი. კვლავაც სიჩუმე სუფევდა. ჩანდა რომ 18 საათის წინ იყო აქტიური. ბოლოჯერ გავადიდე მისი პროფილის ფოტო და გულდაწყვეტილი გამოვედი მისი კედლიდან. ძალიან მომინდა ჩემი გადაღებული ბათუმის სახლის ფოტოების სთორიში ატვირთვა, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე. სიახლის შეტყობინებებში come with me-ში ერთი სიახლე მიჩვენა. გავხსენი... ის იყო... ტელეფონი რაფაზე დავდე და ფანჯრიდან ჩამოვხტი. გულისცემა ისე ამიჩქარდა ხველა ამიტყდა. შეშინებული ვუყურებდი ტელეფონს და აღებას ვერ ვბედავდი. შიგნით ყველაფერი მეწვოდა, ვნერვიულობდი და მეშინოდა. ბოლოს მაინც გავბედე და წავიკითხე: „ერთ საათში ბათუმისკენ გავდივარ. საკმარისად ფხიზელი ვარ იმისთვის რომ წმინდა წარმოსახვა რეალობად ვაქციო. გავიყოლებ ყველაზე ვარდისფერ, შავთვალება გოგოს, უცნაური გემოვნებით. ყველაფერი ფხიზელ გონებაზე მოხდება და არაფერი იქნება საკმარისი...“ პოსტს pure imagination-ის ბმული ახლდა. კედელს მივეყრდენი. თავბრუსხვევამ გულიც ამიჩქარა. ხელები გამიცივდა, სუნთქვა შევწყვიტე და გონებაში თითქოს ყველაფერი ამერია. ათასი აზრი მომდიოდა თავში ელვის უსწრაფესად და ისევ მოულოდნელად ქრებოდა. უნდა დაწყნარდე-მეთქი ჩემს თავს შემოვუძახე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. თითებმა ისევ დაუკითხავად იწყეს ტექსტის კრეფა. „მე წამოვალ, თუ სახლთან მომაკითხავ.“ გაგზავნას დავაწექი და ერთხანს გაოგნებული დავყურებდი კომენტარს. მერე კიდევ ერთხელ გადავიკითხე პოსტი და მასში ჩადებულმა მინიშნებებმა გული სასიამოვნოდ ამიძგერა. თავი კედელს მივადე და სივრცეს ღიმილით გავხედე. პასუხს არ ველოდებოდი, ვიცოდი რამდენიმე წუთში ეზოში შემოსულს დავინახავდი. საჩქაროდ მოვემზადე. კბილები ორჯერ საგულდაგულოდ გამოვიხეხე, თმა გავიშრე, ტანზე თეთრი სარაფანი ჩავიცვი და ჩანთაში რამდენიმე დღისთვის ტანსაცმელი ჩავალაგე. სუნამო არც ამჯერად დამისხამს, ახლა უფრო არ მოუხდებოდა სიტუაციას. მესენჯერმა დაიწკაპუნა. „მზად ხარ მორიგი სიგიჟისთვის?“ „დიდი ხანია მზად ვარ.“ - მივწერე და კიბეზე დავეშვი. სალონში ანთებული სინათლით დამხვდა. კარი გამოვაღე და ჩავჯექი. მისკენ შევბრუნდი. მიყურებდა და იღიმოდა. - ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ? - ჩემს ლომს უნდა, რომ ყველაფერი იქიდან დავიწყოთ, სადაც გავჩერდით, - ღიმილით მითხრა და ჩემკენ გადმოიხარა. ერთხანს მის თვალებში მზეები გიზგიზებდნენ, მერე მისმა რბილმა ტუჩებმა ჩემი ბაგეები იპოვნეს და ვიგრძები ეს მზეები ჩემს სხეულში როგორ ჩაგუბდნენ. და დაიწყო მორიგი სიგიჟე, რომელშიც მარტო აღარ ვიყავი და რომელიც სამუდამოდ გაგრძელდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.