სათაურის გარეშე 6
მთათა ზოლი არც ისე შორი აღმოჩნდა როგორც ეს ჩვენ გვქონდა გათვლილი. ქალაქთან მალე მივედით, მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ აქ დიდი დრო არ უნდა დაგვეკარგა და იმ წამსვე სასტუმროსკენ დავიძარით. ამ ქალაქში ქუჩები ძალიან უჩვეულოდაა განლაგებული. ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ისე გადიხარ, რომ პარალელური ქუჩების ათობით გზა უერთდება. -ქალბატონო - ქოლგა ქვემოთ ჩამოვწიე და ნდობის მოსაპოვებლად გავიღიმე - აქ სასტუმროს ხომ ვერ მიგვასწავლით? -ალბათ გაგიჟდით - კვახედ მიპასუხა უცნობმა ქალბატონმა - ტყის ხალხმა ყველაფერი გაანადგურა, შემოვიდნენ და ჩვენი შვილები სადღაც წაიყვანეს, მოხუცები დაგვიხოცეს, მამაკაცები კი ბრძოლას შეეწირნენ. მხოლოდ ქალები დაგვტოვეს, ისინიც უმრავლესობა ნამუს ახდილები. -აქაც? - იკითხა ნიკმა სასოწარკვეთით. -დიახ, აქაც და სჯობს მათ თვალში არ მოხვდეთ, თორემ არც თქვენ დაგტოვებენ ცოცხლებს. -დიდო ქალბატონო - მის წინაშე მუხლი მოვიდრიკე - ძალიან შორი გზიდან მოვდივართ, თუკი სახლში ოთახს არა, იქნებ ცოტაოდენი საჭმელი მაინც დაგვითმოთ. გადაგიხდით, ეს პრობლემა არ არის, უბრალოდ საჭმლის გარეშე შემდეგ ქალაქამდე ვერ ჩავაღწევთ. -ელიზაბეტ - დამიძახა ჯომ. დიდი ბოდიშებით მოვშორდი ქალბატონს და ჯოსკენ დავიძარი - საწვავი უნდა ვიშოვოთ, ავზი თითქმის ცარიელია. -დალახვროს ეშმაკმა, ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავს. -რა ამბავია - იკითხა მთათა ზოლის ქალბატონმა. -საწვავიც დაგვიმთავრდა, შემდეგ ქალაქამდე ვერ ჩავაღწევთ, საჭმელიც ბოლომდე მივირთვით იმ იმედით, რომ აქ ყველაფერს შევძლებდით. -წამომყევით - მბრძანებლური ტონით გვითხრა ქალბატონმა და ჩვენც უკან ავედევნეთ - აი იქ - მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰაერში გამართა და აღმოსავლეთით გვიჩვენა - შუქი ოდნავ რომ გამოსჭვივის, ადრე საწვავებს იბარებდნენ. ვერ დაგპირდებით იქ რაიმე დაგხვდებათთქო, მაგრამ იქნებ რაიმე სახეირო ნახოთ და გამოიყენოთ - ნიკი გზას დაადგა - ფრთხილად იყავი, შვილო, აქ ყველგან ვიღაც იმალება - მიაძახა ქალბატონმა და ჩვენ ერთ-ერთი სახლის აივანს ამოვეფარეთ. სიჩუმე იყო. ისეთი სიჩუმე როგორც მაშინ, ჩემი და ჰენრის ახალ სახლში, რომ ვათევდით ღამეს. ავის მომასწავლებლად დადუმებულ ქალაქს დაბინდებისასაც ემჩნეოდა ტანჯვაგამოვლილობა. სახლების ფანჯრები ჩალეწილიყო, მაღაზიების ვიტრინები დაცარიელებული, აქა-იქ ომამდე პერიოდში მოთამაშე ბავშვების სათამაშოები ეყარა და თუკი კარგად ჩააკვირდებოდით, მასზე მიმხმარ სისხლებსაც ნათლად დაინახავდით. დუმდა ყველა და ყველაფერი, თავად ტყის ხალხიც კი არ იღებდა ხმას, თითქოს დამონებულები იყვნენ ღამეზე. თავს დიდი, ყვითელი მთვარე დაგვნათოდა, მისი შუქით ნათდებოდა სისხლით შეღებილი ბილიკები. მთვარის შუქი გვანათებდა ჩვენც, დამფრთხალ სახეებზე კი დაღლის გარდა, უკვე შიშიც ნათლად გამოგვხატვოდა. ძაღლმა დაიყეფა. შიშისგან ჯოს ხელი ძლიერად ჩავკიდე, მეორე ხელი კი პირზე ავიფარე, რომ არ მეყვირა. სადღაც რაღაც გატყდა, ვიღაცამ თითქოს დაიყვირა კიდეც. ეს ნიკი იყო. -ამ ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ - თვალების ბრიალით გვითხრა ჯომ და წასვლა დააპირა. -სად მიდიხარ? - ჩურჩულით ვკითხე. -ნიკს მარტო ხომ არ დავტოვებ? - ჯო ჩუმად, ძალიან ჩუმად მიიპარებოდა. თან ხელში შეშის ნაჭერი ეჭირა, რომელიც იმ აივნის ქვეშ ნახა, სადაც ჩვენ ვიმალებოდით. ტყის ხალხს ნიკი მარტო ეგონა, ამიტომ ჯოს შეეძლო უკნიდან მიპარვოდა. ვერც ნიკს ვხედავდი და ვეღარც ჯოს. აივანს ვიყავი ჩაბღაუჭებული და თან ვლოცულობდი. შორიდან კი ხან კვნესის, ხანაც ღრიალის, ხან კიდევ რაღაცის დავარდნის ხმა ისმოდა. შიშისგან თვალებზე ხელის აფარება დავიწყე. ტყის ხალხისგან გამოქცეულს, არ მინდოდა აქ შევწირვოდი მსხვერპლად. -ელიზაბეტ - ჯოს ხმა მომესმა. თავი ხელებიდან ავიღე და აივნიდან გავიხედე - წავედით, სწრაფად გამომყევით უკან. ნიკი და ჯო უვნებლები იყვნენ, თუმცა ჩვენი აქ ყოფნა დიდი ხნით არ დაიმალებოდა. დრო მაქსიმუმ დილამდე გვქონდა, სანამ ისინი თავიანთ ხალხს დახოცილებს არ იპოვიდნენ. ნიკს საწვავი მაინც არ დავიწყებია და ორივენი რაღაც, ძალიან დიდ ჭურჭელს მოათრევდნენ. -ჩემს სახლში წავიდეთ, ოღონდ მანქანა აქ დატოვეთ, ზედმეტი ყურადღება არ მივიპყროთ - შეშინებულმა ქალბატონმა შიმშილისთვის ვერ გაგვიმეტა - სახლისკენ მდინარით გადავალთ, ეგ თქვენი საწვავი მანქანასთან დააწყვეთ, მზის ამოსვლამდე უნდა დაბრუნდეთ უკან და გზას გაუდგეთ. მდინარის კალაპოტს მივუყვებოდით, ძალიან ჩუმად და ფეხაკრებით. ჩვენ ქვემოთ მხოლოდ ქვების ხმა ისმოდა. სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, თითქოს ფეხდაფეხ დაგვყვებოდა და ელოდებოდა როდის გადაგვიბრუნდებოდა ფეხი. თუ სიკვდილი ასე ახლოს იყო, მაშინ მას ქვების ხმა უნდა ჰქონოდა, თევზის არასასიამოვნო სუნი და კუპრივით შავი უნდა ყოფილიყო, ვით ზამთრის უმთვარო ღამე. მივდიოდით და იყო ჩვენში რაღაც, ძალიან მწირე იმედი, იმედი გადარჩენისა. მივდიოდით და გვეგონა, რომ ამით ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. მივდიოდით და გვეგონა გადავრჩებოდით. გზა ძალიან დაგრძელდა, თითქოს საუკუნე იყო გასული, რაც ამ გზას დავადექით. შიშისაგან ხმადაკარგულები მივსდევდით უცნობ ქალბატონს, რომელმაც საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო ჩვენ გამო. მივდიოდი და ფეხები მისველდებოდა, მდინარე ზოგ ადგილას მუხლამდეც კი მიწევდა, მაგრამ მივდიოდი გადარჩენისკენ. -აი ეს არის, აქ უნდა ავუხვიოთ - ხელით პატარა ბილიკისკენ გვიჩვენა ქალბატონმა და გზა ჩვენ დაგვითმო. მივდიოდით და ფორთხვა-ფორთხვით, ხეებზე მოჭიდებით გზას მივიკვლევდით. ზემოდან უჩვეულო ხმა ჩამოდიოდა. მთელი ქალაქი, აბსოლუტურად ყველა სახლი ჩუმად იყო, უცნაურმა ხმაურმა კი ჩვენი ყურადღება მიიპყრო. გზაზე პირველი ჯო მიდიოდა, შემდეგ მივდიოდი მე, შემდეგ ნიკი და ბოლოს უცნობი ქალბატონი. -არ ამოხვიდეთ - მაქსიმალურად ხმადაბლა, თუმცა განწირული ხმით დაიძახა ჯომ და ხელი მკრა. ბილიკზე დავგორდი, ფეხი ეკლებიან ბუჩქში შემივარდა, სადაც ყველა ეკალი პირდაპირ ჩემკენ მოიწეოდა. მინდოდა მეყვირა, თუმცა მივხვდი საქმე რაღაცაში იყო - ქალბატონო, სად მოვედით? - მდინარის კალაპოტზე ჩაგორებულს დააცხრა თავზე ჯო. ქალმა ყვირილი სცადა, თუმცა მოვასწარი და პირზე ხელი დავაფარე - გინდოდათ ტყის ხალხებისთვის ჩაგებარებინათ ჩვენი თავი? - მხოლოდ ბოლო წინადადების შემდეგ მივხვდი რა ხდებოდა ჩვენს თავს. -ელიზაბეტ, შეძლებ კაბას ნაჭერი მოახიო, რომ ამ მოღალატემ ყვირილი ვერ შეძლოს? - მაშინვე კაბას ვწვდი და მთელი ძალითა და ღონით მოვიხიე ნაჭერი, რომელიც ორ ნაწილად გავყავი და ისე მივაწოდე - ახლა ხმას არ ამოიღებ - წაქცეულ ქალს ზემოდან გადააჯდა ჯო და ჯერ პირში ჩაუტენა კაბის ნაჭერი, შემდეგ კი ხელები გადაუკოჭა - გავცდებით ამ ადგილს და ყველაფერს მოყვები, - ბოლო სიტყვა იმაზე ჩუმად თქვა, ვიდრე საუბრობდა, შინაგანი კულტურა გაბრაზებულზეც კი არ ტოვებდა. -რა უნდა ვქნათ, ბიჭებო? -ჯერ ამ ქალბატონს გავცემთ საკადრის პასუხს, შემდეგ თუკი სიცოცხლე რამედ უღირს საჭმელს მოგვცემს და სასწრაფოდ წავალთ აქედან. როგორც გავიგე ეს ბოლო ქალაქია, რომელიც ტყის ხალხმა აიღო. მათი ჯარის დიდი ნაწილი განადგურებულა და ძალები აღარ შერჩენიათ. ყოველ შემთვევაში ასე მითხრა იმ ტყიურმა, სანამ მოვკლავდი. მთელი გზის გავლას უკან ვაპირებდით, როდესაც უცნობმა ქალბატონმა ტირილი დაიწყო. ფართხალებდა და თვალებით გვანიშნებდა პირი გამიხსენითო. ქალის გულმა კი ამას ვერ გაუძლო და ნიკს ვთხოვე გაეხსნა. -ვნახოთ რისი თქმა უნდა. ნიკმა პატარა დანა ამოიღო ფეხსაცმლიდან, რომელიც იმ ტყიურისთვის მოუპარავს და ყელზე მიაბჯინა. -თუკი ერთ ხმამაღალ სიტყვას მაინც ამოიღებ, გეფიცები ყელს გამოგჭრი - ქალმა თავი დაუქნია და ცრემლები გადმოყარა. -მაპატიეთ - ჩუმად ამოილუღლუღა - მათ ჯილდო აქვთ დაწესებული, თუკი უცხოელს მივუყვანთ, ან იმას ვინც იმალება. -და ამის გამო ჩვენ უნდა მოვმკვდარიყავით? - გაბრაზება დაეტყო ნიკს და დანამ ოდნავ გაუსერა ქალბატონს ყელი. -მაპატიეთ. გპირდებით, ახლა მართლა სახლში მიგიყვანთ. ყველა მეზობელს ვთხოვ ცოტა საჭმელი მიწილადოს და თქვენ წაიღეთ. მე გრამი არ მინდა. სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ. -და რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ მახეს არ გვიგებ? - გულუბრყვილოდ ვიკითხე. -ყელიდან დანა არ ჩამოიღოთ და თუკი სადმე სხვაგან აღმოვჩნდებით, მაშინ სიცოცხლეს გამომასალმეთ. დავუჯერეთ და მეორედ ვენდეთ ქალს, რომელსაც პირველ ჯერზე სასიკვდილოდ გაგვიმეტა. -ჩემი სახლი მდინარის გადაღმაა, აქვე ხიდია, ხიდს ქვემოთ კი ყველაზე დაბალი წყალი. კიდევ კარგი დიდი ხანია არ უწვიმია და მდინარეც ადიდებული არ არის, ამიტომ მარტივად გადავალთ. დინებაც ჩქარი არ არის, მაგრამ ცურვა ხომ იცით? *** -გინდა დაიძინო? - შემომთავაზა ჰენრიმ. -მგონი კარგი იდეაა, თუკი შენც დაწვები. ვფიქრობ ძალების აღდგენა ორივეს გვჭირდება. იქნებ მოახერხოს წინამძღოლმა და შეაჩეროს ტყის ხალხი, მაშინ ჩვენ შევძლებთ აქედან წასვლას და ცოტა ხნით ბებიაჩემის სახლში ცხოვრებას ჩვენს ოჯახთან ერთად. ჰენრის ხმა არ ამოუღია. გადაწია საბანი, აიღო ბალიშები და ლოგინში შეწვა. ჩვენი ოთახის ფანჯრიდან მოჩანდა კოშკი, რომელიც გათენებულზე ან იმედს ჩამისახავდა ან იმედს საბოლოოდ მომიკლავდა. -ჰენრი - ხმა არ გამცა - ჰენრი - ისევ დუმილი - საყვარელო - ხელი ოდნავ შევახე, თუმცა მას უკვე ეძინა. ემოციურად გადაღლილი დღის შემდეგ ჰენრის პატარა ბავშვივით ჩაეძინა. ვერ მოვისვენე. ძილში ოთხჯერ მაინც გამეღვიძა. გაღვიძებულზე გული საგულეში აღარ ჩერდებოდა. გავიხედავდი გარეთ, ჯერ კიდევ ბნელოდა. ცოტა ხნით სუნთქვას შევიჩერებდი და გარედან შემოსულ ხმებს ვუგდებდი ყურს. სიწყნარე იყო. ველიდან არ დაბრუნებულიყო ჩვენი წინამძღოლი და არც რაიმე ამბავი გაგვიგია მასზე. კოშკიდან რამოდენიმე ადამიანი უყურებდა ორივე მხრიდან მსვლელობას და თუკი წინამძღოლს თავს დაესხმებოდნენ მაშინვე განგაშის ზარს შემოკრავდნენ და ყველას საბრძოლველად გაიწვევდნენ. ვფიქრობ, ახალგაზრდებს სისხლი უდუღდათ და ალბათ გულის სიღრმეში წინამძღოლის სიკვდილიც კი უნდოდათ ბრძოლის დაწყების მიზეზად. კარზე ბრახუნმა გაგვაღვიძა. საწოლში პირდაპირ წამოვჯექით შიშისგან მე და ჩემი ქმარი. მაშინვე ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე როგორ იდგა წინამძღოლი კოშკის თავზე და ხალხს უხმობდა. -შენ სახლში დარჩი - მითხრა ჰენრიმ - არ მინდა ინერვიულო. იქნებ დაიძინო კიდეც. ძილი ნამდვილად აღარ შემეძლო, თუმცა ჰენრის წინააღმდეგობა არ გავუწიე. ავდექი, შემოვიცვი ატლასის გრძელი ხალათი და ჰენრის ჩავეხუტე. -თავს გაუფრთხილდი, თუკი საჭიროდ ჩათვლი ახლავე შეგვიძლია გავიქცეთ. ყოველ გადაწყვეტილებაზე გახსოვდეს ჩემი არსებობა, გთხოვ. პირობა მომცა, რომ ყველაფერს გააზრებულად ჩაიდენდა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობდი. ქორწილის დღეს მისი გული ყიჟინას ჰქონდა მოცული და თუკი ფაქტის წინაშე დადგებოდა, ის აუცილებლად წავიდოდა ბრძოლის ველზე. ვერ მოვითმინე და იმ აივანზე გავედი, რომელიც კოშკს გადაჰყურებდა და ვეცადე წინამძღოლის სიტყვები მომესმინა. -თანაქალაქელებო - დაიწყო მან - მე ვესაუბრე ჯარის უფროსსა და ქალაქის წინამძღოლს. გავაცანი მათ ჩვენი შეთანხმება და გადაწყვეტილება. მათ სჭირდებათ ძალაუფლება, რადგან ისინი ამხედრებული არიან არა ჩვენზე, არამედ ქვეყნის მეფეზე. ისინი ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება და ჩვენთან ერთად და სხვა ქალაქის ჯარებთან ერთად ებრძოლოს მეფის დიდ და უძლეველ არმიას. -ტყუილია - ვიღაცამ დაიყვირა და ბრბოს გამოეყო - ისინი კლავენ ვაჟკაცებს, კლავენ ქალებსა და მოხუცებს, მხოლოდ პატარა ბავშვები მიჰყავთ სადღაც, ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი - მაშინ მას არ ვიცნობდი, ეს ნიკი იყო - თუკი თქვენ გინდათ, რომ გადარჩეთ, მაშინ გაიქეცით აქედან, თორე შემდეგ ძალიან, ძალიან გვიანი იქნება. -არ შეშინდეთ, მეგობრებო - ნიკის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია წინამძღოლმა - ჩვენ დავნებდებით და თუკი ისინი სიტყვას უღალატებენ, მაშინ გპირდებით, გულწრფელად გპირდებით, რომ თავად მოგიწოდებთ ბრძოლისკენ. ჩვენს ქალაქში წინამძღოლის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა. მისთვის წინააღმდეგობა კი ნამდვილად არ ითვლებოდა რაინდულ ჟესტად, ამიტომ ყველამ თავი დაუქნია და ყელში მობჯენილი სისხლი ისევ ძარღვებში გაუშვეს, მათ შორის იყო ჰენრი, ჩემი ქმარი. *** პატარა დასახლებაში ამოვყავით თავი. მიუხედავად იმისა, რომ უცნობ ქალბატონს წამოვყევით, გულში სამივეს გვიტრიალებდა შიში და უნდობლობა. -აი აქ უნდა ავიდეთ - პატარა ხის სახლზე მიუთითა მოღალატემ. -ჩვენ არსად წავალთ - ჯომ ხელი ჩამჭიდა - შენ ახვალ, მოიტან საჭმელს და ჩვენ აქ დაგელოდებით. რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ მახეს არ გვიგებ? -უნდა მენდოთ, თორემ ხომ შეიძლება აქ დაგაყენოთ თავზე ტყის ხალხი? - ჭკუით გვაჯობა და შეიფერა კიდეც ეს ფაქტი ქალბატონმა. -მე წავყვები - ნიკმა, რომელსაც მასზე დანა ჰქონდა მიშვერილი ხმა ამოიღო - ჯო, შენ ელიზაბეტთან დარჩი. მალე მზე ამოვა, ამიტომ ძალიან უნდა ვიჩქაროთ. მე და ჯო ბუჩქებში დავიმალეთ. ფოთლის ოდნავი გაშრიალებაც კი გულში მილიონობით დარტყმას მაყენებდა, თან სრულიად სველი ტანსაცმელი მეკვროდა გარსს და ძალიან მამცივნებდა. -გაიხადე სველი კაბა, ელიზაბეტ და ჩემი ჟაკეტი ჩაიცვი, არ დასველებულა - შემომთავაზა ჯომ, თუმცა პირველ ჯერზე ვიუარე - კანკალმა აგიტანა, ჩემო საყვარელო, მიდი, სჯობს სველი ტანსაცმელი ტანიდან მოიშორო. გავიხადე. საცვლების ამარა დავრჩი. მაშინ მეორედ ვიდექი მამაკაცის წინაშე სრულიად შიშველი არა, მაგრამ თითქმის შიშველი. ჯოს მოსაცმელი ავიღე და გათოშილ ტანზე შემოვიხვიე. -მოდი აქ - ხელები გაშალა ჯომ - ცოტას გაგათბობ - მის მკლავებში გავეხვიე. სითბომ ნელ-ნელა დაიწყო ჩემი გაყინული სხეულის გათბობა. ხელებით მისრესდა სხეულს და მაგრად მიკრავდა ტანზე - სულ გათოშილხარ, იმედია არ გაცივდები. -იმედია - არც კი ვიცი, რატომ ვთქვი ეს სიტყვა, მაგრამ ფიზიკურ სითბოსთან ერთად სხვა სითბოც იგრძნო ჩემმა სხეულმა. მთვარის შუქზე ჯოს შეყრილ კოპებს შევხედე და სახე ახლოს მივუტანე - როგორ ფიქრობ, ჯო, რა გველის მომავალში? ჯომ ერთიანად მოატრიალა სახე ჩემკენ, სიახლოვით კი ერთმანეთს ცხვირები მივაჯახეთ. -არ ვიცი - დაბნეულობამ გადაურბინა სახის თითოეულ ნაკვთს და დაამატა - ყველაფერი კარგი. -აქაც გადავრჩებით? - მსიამოვნებმა მისი ტუჩებიდან წამოსული სითბო, უფრო ახლოს მიმიწევდა გული და ვცდილობდი საუბარი არ შეგვეწყვიტა. -აუცილებლად - მითხრა მოკლედ. მისკენ კიდევ გადავიხარე და ტუჩებით მის ტუჩებს ოდნავ შევეხე. შემოცმული ქურთუკი განზე გავწიე და მკერდით მის მკერდს შევეხე. -რას აკეთებ ელიზაბეტ? - უკან დაიხია ჯომ. დაბნეულობამ ფეხზე წამოახტომა და რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა. ჩვენ შორის ჩამოვარდნილ უხერხულობას ნიკმა უშველა და დიდი ხურჯინით ხელში დაგვადგა. -რა კარგია ნიკ, რომ მოხვედი - ბავშვივით გაუხარდა ჯოს, თუმცა არა ის, რომ ცოცხალი დაინახა, არამედ ის, რომ ჩვენს უხერხულობას რაღაც ეშველებოდა. -რატომ არ გაცვია, ელიზაბეტ? - გაოგნებულმა მკითხა ნიკმა და ჯოს ალმაცერად შეხედა. -კაბა მთლიანად დამისველდა, ცივი მდინარე აქამდე არასოდეს გადამილახავს, თორე აუცილებლად წამოვიღებდი რაიმე თბილს, ქურთუკი კი ჯომ მათხოვა და გაყინვას გადამარჩინა - ვეცადე მეხუმრა განსაკუთრებით ამ დაძაბულ სიტუაციაში. -აქედან ისე უნდა ავორთქლდეთ, როგორც - ხუმრობას ამზადებდა ნიკი - ისეთი სიტუაციაა, რომ ხუმრობაც კი ვერ მოვიფიქრე - თქვა მან გულუბრყვილოდ და სამივეს ჩუმი სიცილი აგვივარდა. *** ტყის ხალხი ჩვენს საზღვართან მოსულიყო. უკვე ყველას შეგვეძლო მათი დანახვა. წინ შავებში ჩაცმული კაცი მოდიოდა, რომელსაც დაცვად კიდევ ორი მამაკაცი „უმშვენებდა“ გვერდს. ისინი საზღვართან შეჩერდნენ. მეთაურმა ხელი მაღლა ასწია და საკუთარ დაცვას რაღაც ჩასჩურჩულა. დაცვის წევრებმა თავი დაუქნიეს და ჩვენი წინამძღოლისკენ წამოიწიეს. ყველას გულისხმა მესმოდა, ვხვდებოდი როგორ ჩამოსდიოდათ სახეზე სიმწრისგან ოფლი, მეც მათ რიგებში ვიდექი. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა წინამძღოლს რაღაც ჩაჩურჩულა. ყველამ თვალები წინამძღოლისკენ მივაპყრეთ, მისი სახის გამომწტყველება ჩვენთვის ნიშანი იქნებოდა. წინამძღოლი ჩვენკენ წამოიწია. მის სახეზე არაფერი იკითხებოდა, თითქოს სრულიად უცხო ადამიანი გახდა ჩვენთვის. -მორჩილების ნიშნად უნდა დაიჩოქოთ - ხმა უკრთოდა, კბილებში ბრაზისგან ცრიდა სიტყვებს. ვგრძნობდი, რომ მასაც უჭირდა ამხელა შეურაცხყოფის გადატანა, მითუმეტეს, რომ საქმე მის ქალაქს ეხებოდა. იმ ქალაქს, რომელიც მის სიტყვას ენდო. ხალხი ერთ ადგილას გაშეშდა. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. ქალებს იმდენად გვეშინოდა ომის, რომ მზად ვიყავით ფეხქვეშ გავწოლოდით მტერს, თუმცა მამაკაცები ალესილი კბილებით იწყებდნენ ღრენას. პირველი ნაბიჯის გადადგმა საკუთარ თავზე ავიღე, რადგან ჯერ კიდევ ამ ქალაქის პატარძალი ვიყავი და სხვები პატივს სცემდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. ავიწიე მუქი ლურჯი, ბარხატის კაბა და მუხლებით მიწაზე დავდექი, თავი კი ქვემოთ დავხარე. ათი წამი მიყურებდნენ გაოგნებულები, შემდეგ კი რიგრიგობით მომყვნენ გოგონები და ქალები. დავინახე როგორ დაიჩოქა პირველმა მამაკაცმა, როგორ მიჰყვა მას მეორე და ასე ... ერთ-ერთი ბოლო იყო ჰენრი, რომელმაც მიწაზე ერთი მუხლი მძიმედ დადო, შემდეგ კი მეორე და თავდახრილმა გადმომხედა, თითქოს მიწყრებოდა ამ საქციელის გამო. -და ჩვენ ვართ დღეიდან თქვენი ბატონები - მოგვესმა ხმა. -მე არ მყავს ბატონი, ჩემი ბატონი მეფეა - ფეხზე წამოიმართა ჰენრი და ყველამ შეშინებულმა ავხედეთ. ქუხილი. ირგვლივ საშინელი სუნი. წყლის შესხმა და ჩემ გვერდით ჰენრი მიწაზე ეგდო, თვალებგახელილი, საკუთარ სისხლში. -აბა, კიდევ ვინ ფიქრობს, რომ ბატონი მეფეა? - სიცილით იკითხა ტყეთა ბელადმა და დამფრთხალი სახეებით სიამოვნება მიიღო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.