შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბედავ თუ ვერა? (2)


22-09-2021, 17:33
ნანახია 1 166

იმ საღამოს ჟანა სახლში არ მოსულა. მამაჩემი სხვა დროსაც ახერხებდა ჩემთვის ხასიათის გაფუჭებას, თუმცა როდესაც ჟანა სახლში არ იყო, მთლად გაუსაძლისი ხდებოდა.
ბოლო ორ საათში ექვსჯერ მოასწრო ბრძანების გაცემა, რომლებიც დაახლოებით ასე ჟღერდა: "ლილა, მოდი აქ, ეს ტანსაცმელი აკრიფე იატაკიდან, გასარეცხია ყველა", "ფანჯარა გააღე და ფარდა ჩამოაფარე", "ლილა, სად ხარ ამდენი ხანი? მოდი დროზე, საფერფლე მომაწოდე, მერე ბარემ ვისკი მომიტანე".
არ მიმდოდა, ეფიქრა, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მეზარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე არასოდეს უზრუნვია, როგორც ამას მამები აკეთებენ ქალიშვილებისთვის, არასოდეს ყოფილა ის მამა, რომლითაც შვილი იამაყებდა, ან უბრალოდ შეძლებდა, ეთქვა, რომ მამის სჯეროდა, მაინც არ შემეძლო, არ მყვარებოდა.
იყო დღეები, როდესაც ბრაზსა და წყენას ვგრძნობდი, გული მიხურდა მისი საშინელი საქციელისგან, სიტყვებისგან, ქცევისგან, მაგრამ გადიოდა სულ მცირე დრო და ყველაფერს ვივიწყებდი. ისევ ისე ვგრძნობდი მის მიმართ სიყვარულს.
რაც მაბრაზებდა და გულს მტკენდა, იყო ის, რომ ასეთი დამქანცველი შრომისთვის, თუნდაც მუდმივი სადილისთვის, ან მისთვის ალკოჰოლის საყიდლად გავლილი კილომეტრობით გზისთვის არასოდეს უთქვამს უბრალო მადლობა.
ყოველთვის ასე ხდებოდა. ყველა იმდენი თავისუფლებისა და განცხრომის საშუალებას აძლევდა საკუთარ თავს, რამდენიც შეეძლო მიეღო სამყაროსგან, რომელიც რატომღაც სრულიად დუმდა წლების განმავლობაში.
***
მეორე დილით სადილისთვის განსხვავებული მენიუ ავირჩიე, ვიდრე ყოველდღე ვაკეთებდი, რადგან სტუმრად ჩემს საბრალო მეზობელს და მის პათოლოგ ქმარს ველოდი. რეცეპტების წიგნი ავიღე და ყველაზე არატრადიციულ კერძებს გადავხედე. საბოლოოდ, რამაც ბოლომდე მიიპყრო ჩემი ყურადღება, ტკბილეული იყო.
"ბახლავა? მგონი, ტკბილეული ადამიანს ბრაზს უხშობს და კარგ ხასიათზე აყენებს".
გადავწყვიტე, ამ თურქულს ნამცხვარზე შემეჩერებინა არჩევანი, რადგან სიმშვიდე და ბრაზისგან გათავისუფლება ჩემთვისაც საჭირო გახდებოდა, როცა იმ ადამიანის სახეს კვლავ დავინახავდი, ვინც ნამდვილი სამსახიობო ოსტატობით ისე კარგად დამალა თავისი რეალური პიროვნება, რომ ვხვდებოდი, ასე რამდენ ადამიანს აცურებდა მიუხედავად თავისი მახინჯი სულისა.
-რას ფიქრობ, დანტე, ვისკიში ცოტა კატაბალახა ხომ არ შევურიო?-ჩავეკითხე ჩემს კატას. დანტემ დიდი მწვანე თვალებით ამომხედა, თუმცა ხმა არ გაუღია.
-ესე იგი, შენც გიჭირს გადაწყვეტილრბის მიღება... თუმცა, აღიარე, რომ შესანიშნავი აზრია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ქალი ალკოჰოლს არ გაეკარება. ხოლო თუ მისი ქმარი გადაწყვეტს, რომ დალიოს, დღის ბოლოს ჩხუბისთვის ენერგია აღარ ექნება.
იდეა მართლად საოცარი ჩანდა, თუმცა ადვილად გამოაშკარავდებოდა, რომ ეს ჩემი ნახელავი იყო.
"პირველივე დღეს მათ თვალში საკუთარი რეპუტაციის შელახვა არ ღირს, ამას სხვა დროისთვის გადავდებ."
საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა და ვისკის მაგივრად გადავწყვიტე, ჩაი შემეთავაზებინა მათთვის, საოცრად უბრალო, ერთდროულად მდიდრული და ყველა სოციალური ფენისათვის მშობლიური, საყვარელი სასმელი.
რეცეპტების წიგნს ხელი დავტაცე, ტანზე წინსაფარი მოვირგე და მითითებული მეთოდით ნამცხვრისათვის ცომის გაკეთება დავიწყე.
***
შუადღის მზემ გადააყვითლა ჩემი სახლის გარშემო ჯერაც მწვანედ მოკვასკვასე დაბალი ბალახი. ზაფხულის სიცხე შემოდგომის მწიფე ამინდებმა ჩაანაცვლეს. ყოველდღიურად ვგრძნობდი, როგორ კარგავდნენ ხეები ელფერს, როგორ გადასდიოდათ მჭახე ზურმუხტისფერი დაბურულ ხავსისფერში, როგორ ენაცვლებოდა ხმაურიანი დელგმა ზაფხულის გამაცოცხლებელ ჟინჟლს, რომლის ქვეშ სირბილიც ყველა ბავშვს უხაროდა.
თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით მშვიდად გამოიყურებოდა. თავზე დამნათოდა მზე, რომელიც არც იმდენად მცხუნვარე იყო, რომ ჩემი ენერგია წაეღო და არც იმდენად სუსტი, რომ მისი სითბოთი ვერ დავმტკბარიყავი.
როგორც ჩანდა, მეზობლები არ ჩქარობდნენ. იქნებ შევცდი და სულაც არ აპირებდნენ მოსვლას? იმ კაცის ნდობა, ვინც გულის სიღრმეში ურჩხული იყო და გარეგნულად კი ანგელოზის როლს თამაშობდა, ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო?
სარკეს ჩავუარე, თუმცა, შევჩერდი და უკან მოვტრიალდი.
-ჰეი-მივხვდი, რომ ჩემი თავისთვის რაღაც მქონდა სათქმელი.-შეიძლება ისინი დღეს არ მოვიდნენ, მაგრამ თუ ასე მოხდება, ეს შენს წარუმატებლობას არ ნიშნავს. მხოლოდ პირველი ცდა იყო, პირველ ჯერზე კი თითქმის არაფერი გამოდის ისე, როგორც გვინდა ხოლმე.
ჩემს ანარეკლს თვალებში ჩავხედე. გულწრფელად მიღიმოდა, ესე იგი, ყველაფერი კარგად იყო. ყველაფერი ისე იყო, როგორც იდეალურ დღეს იქნებოდა: სწორედ მაშინ გადავწყვიტე საოცრად ტკბილი და უგემრიელესი ნამცხვრის გამოცხობა, როცა მისი დაგემოვნების ხასიათზე ვიყავი. ამ შემოდგომის შუადღეს განსაკუთრებულად მოუხდებოდა ის ჟასმინის ჩაიცა და მოორნამენტებული ფაიფურის ჭურჭელიც, რომელსაც სტუმრებისთვის ვინახავდი.
სახლში სხვა არავინ იყო, გარდა ჩემი დინჯი ფისოსი, რომელიც სულაც არ მახსენებდა თავს ისე ხშირად, როგორც სხვა ნებისმიერი არსება თავიანთი მოთხოვნების გაცემით, ამიტომაც, გადავწყვიტე, ზუსტად ისე მოვქცეულიყავი, როგორც ჩემი თავის იდეალური ვარიანტი მოიქცეოდა. "სამაგალითო მე" სწორედ ის იყო, ვინც მომავალში ვიქნებოდი, ამჯერად კი მრავალი თვისება მაკლდა, რომ ჩემი თავისთვის ეს მეწოდა. ჯერჯერობით მხოლოდ მიბაძვით ვკმაყოფილდებოდი.
ფინჯანი ჩაი? ინებეთ, გეთაყვა. გემრიელად მიირთვით, ალბათ მოგწონთ ჟასმინის არომატი, გამაბრუებლად ზღაპრული, წარმოუდგენლად ნაზი და დაუვიწყარი. გემო? თუმცა, გემოს რა მნიშვნელობა აქვს. როდესაც სუნს გრძნობთ, გემოს სწორედ ეს სუნი აძლევს ყველაფერს. სწორედ არომატია ის, რაც ყველაფერს ლამაზს, გემრიელს, მომაჯადოვებელს ხდის. სწორედ სუნია ის, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ამ ბაღის, თქვენი გაუკრეჭავი ბალახითა და სარეველებით სავსე ეზოს გალამაზებაზე უარი გეთქვათ. რომ არა ამ ხშირი, გაუხეშებული, ველური ბალახის მძაფრმა სუნმა გაიძულათ, მის თავიდან მოშორებაზე არც კი გეფიქრათ მაშინ, როცა სახლიდან გასვლის ყოველ ჯერზე წვივებსა და ტერფებს გიკაწრავენ გავერანებული ღეროები.
სწორედ სურნელია მიზეზი იმისა, თუ რატომ მოგწონთ ძველი წიგნების დახარისხება და ყოველ მესამე დღეს ხელახლა ორგანიზება. აღიარეთ, თქვენ მათი სუნი გიზიდავთ, უცხო, თუმცა მშობლიური და საოცრად ნოსტალგიური, ძველი წიგნების გამაგიჟებელი სურნელი, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ, იმდენად ძლიერია.
სურნელი ყოველთვის ყველაზე ძლიერი იარაღი იყო. იმარჯვებდა მაშინაც კი, როცა სხვები ფიქრობდნენ, რომ იგი არც კი არსებობდა, ან ძალიან სუსტი იყო.
სურნელს ყოველთვის შეეძლო ადამიანთა გრძნობების, ემოციების, ფიქრების და წარსულის გაღვიძება. როგორც კი ის გაცოცხლდებოდა, მასთან ერთად თავს იჩენდა დეჟავუ, მოგონებები, რომლებიც არსაიდან ჩნდებობდნენ. ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, რა იწვევდა მათში ასეთ მკვეთრ ცვლილებებს, რა აიძულებდათ, ბავშვებივით გაჰკიდებოდნენ ქალებს, რომლებსაც თავს ვერ ანებებდნენ, მუხლებში უვარდებოდნენ და ევედრებოდნენ, მათთან დარჩენილიყვნენ. ყოველთვის აინტერესებდათ ტანწერწეტა, მუდმივად დიეტაზე მყოფ ადამიანებს, თუ რატომ სძლევდათ სურვილი, ეჭამათ, მხოლოდ მაშინ, როდესაც საცხობს ჩაუვლიდნენ გვერდით... რატომ მოსწონდათ ქალებს ყველა ყვავილზე მეტად ვარდი... რატომ არასოდეს ეშლებოდა ჩვილს დედას მკლავები სხვაში...
პასუხი ისეთივე მარტივია, როგორც თვალის დახუჭვა და სურნელის შეგრძნებისთანავე იმ სამყაროში დაბრუნება, საიდანაც ეს სურნელი შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში.
-უკაცრავად...
თავი ავწიე. ხელში ნამდვილი არისტოკრატივით მეჭირა თაფლისფერი სიმბოლოებით მოხატული ფინჯანი. ჭიქა ფრთხილად დავდგი და წამოვდექი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახლს გალავანი არ ჰქონდა, ჩვენი მეზობლები იმდენად შორს იდგნენ, რომ ჰქონოდა, ნამდვილად მის გარეთ იქნებოდნენ. მე კი სახლის ტერასაზე მარტო მჯდომი უკვე აღარავის ველოდი.
-როგორ მიხარია, რომ მოხვედით-მათკენ სახეზე ბედნიერებააფარებული დავიძარი და შინ შევიპატიჟე.-მეგონა, გადაიფიქრეთ.
ამ სიტყვების წარმოთქმისას კაცს მივაშტერდი. მინდოდა, მიმხვდარიყო, რომ ამაში პირველ რიგში მას ვადანაშაულებდი, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამის შემჩნევას შეძლებდა.
-მაპატიეთ, დაგვაგვიანდა-ქალმა მომიბოდიშა და თვალი გამისწორა.
მის სახეს პირველად შევხედე. მეგონა, სახეზეც დალურჯებებს აღმოვაჩენდი, მისი ქმრის ხელების ნაკვალევს, თუმცა მაკიაჟით მოხატულ სახეზე ძალადობის არაფერი ეტყობოდა. სახის კანიც ისეთივე ფერმკრთალი ჰქონდა, როგორც ხელები და გედივით წვრილი და მაღალი ყელი.
თუმცა მის თვალებში თავდაჯერებულობის ნასახიც არ იყო, თითქოს ბოლო წვეთამდე ამოწოვეს იქ ქალს და ახლა მხოლოდ მორცხვი, დაბნეული მზერა შერჩენოდა. მზერის მიღმა მაინც ვხედავდი რაღაც ისეთს, რაც მაიძულებდა, მეტად გამომერკვია, რა ხდებოდა. დიახ, ვფიქრობდი, რომ ის, რასაც შევესწარი, ყველაფერი არ იყო, რასაც ეს ოჯახი მალავდა.
"ოჯახი?"-ჩაიფრუტუნა ჩემს გონებაში ხმამ.-"ოჯახს უწოდებ მათ? ჰო, ნამდვილად სამაგალითო ოჯახია, მთავარი ხომ ისაა, რომ კაცები სახლის გარეთ ჩანდნენ ჯელტმენები, თორემ ოჯახში რაც უნდათ ის უქნიათ. ქალებს კი მთავარია, კარგად უფარავდეთ ნაცემ ადგილებს მაკიაჟი..."
აი ისიც-სწორი დასკვნა. დანაშაული ყველაზე მარტივი გრიმის ქვეშ იმალებოდა: ერთის მხრივ, თვალებისთვის შერჩეულ მწვანე საღებავში, მეორე მხრივ კი-კაცის მოჩვენებით თავაზიანობასა და ეშმაკივით ოსტატურ სიყალბეში. თუმცა ერთი დაბრკოლება მხვდებოდა მზად-სამხილი ჯერ არ მქონდა. და კიდევ ერთი: არ ვიცოდი, რას გავაკეთებდი, ამ ყველაფერში რომ თავადაც დავრწმუნდებოდი და სხვების დარწმუნებისთვისაც მექნებოდა დამადასტურებელი ფაქტები.
-ჩაის ხომ ინებებთ?-ჯერაც არ ვიყავი ფიქრებიდან გამორკვეული, თუმცა მათი ასე უყურადღებოდ დატოვება არ მინდოდა.-დამიჯერეთ, ძალიან გემრიელია.
ქალმა თავი დამიქნია მკრთალი ღიმილით.
-დიახ, დავლევთ-მიპასუხა კაცმა.
-ახლა მგონი გაცნობის დროა.-კვლავ მან განაგრძო, როდესაც ნამცხვრით სავსე თასი მაგიდაზე დავდგი.
-გეთანხმებით.-გავუღიმე და თვალი თვალში გავუყარე. დარწმუნებული ვიყავი, მიმიხვდებოდა მიზანს, როგორც კი თვლებში ჩამხედავდა, რადგან მეგონა, მთელი სიბრაზე და მისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი ჩემს თვალებში აშკარად ჩანდა.
-ეს სახლი მამაჩემს ეკუთვნის, მაქს კელიას. მე კი ლილა მქვია და მასთან და მის მეორე ცოლთან ერთად ვცხოვრობ, სანამ კვლავ ჩემი მეურვეა მამა.
მათ სახეები შეეცვალათ. ქალსაც და კაცსაც გაოცება აღებეჭდათ, კაცს კი სიბრაზემ გადაურბინა, თითქოს რაღაც მიუღებელი მოესმინა.
-ანუ მამათქვენი ცოლს არის გაშორებული? და რატომ?-მის ტონშიც საგრძნობლად შეიცვალა რაღაც. ახლა თავაზიანობის მაგივრად ცინიზმისა და აგრესიის ნაზავი იგრძნობოდა მასში.
-ვფიქრობ, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც გეტყვით-მშვიდად მივუგე და მისკენ ოდნავ გადავიხარე, რათა თვალებში უკეთ ჩამეხედა.-დედამ თავი მოიკლა რამდენიმე წლის წინ.
რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოწვა. როდესაც ხალხი ამას იგებდა, სახეზე მწუხარებით სავსე გამომეტყველებას აიკრავდნენ და თავდახრილნი ათას მიზეზს იგონებდნენ, რომ მალე გაქცეულიყვნენ. ვერ ვხვდებოდი, რა აშინებდა ხალხს თვითმკვლელობაში, როდესაც თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია ამაზე. თავიდან ვერ ვხვდებოდი, თუმცა წლების შემდეგ გავიაზრე, რომ რაც უფრო რეალურია ფიქრი სიკვდილზე, მით უფრო გეშინია მისი. ამის გამოა, რომ ხალხს სხვისი სიკვდილის შესახებ ერთის მხრივ, ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებს და ამავდროულად, ცდილობს, რაც შეიძლება შორს გაექცეს ასეთ ამბებს.
-ძალიან ვწუხვარ-ქალის გულწრფელად ამოთქმულმა სიტყვებმა გამიფანტა გონება.
"ნუთუ? ნუთუ მართლა წუხილია ის, რასაც ახლა გრძნობს და არა შიში, თუ ვისთან ერთად ზის და სვამს ჩაის?"
-არ არის საჭირო.-ვუპასუხე-დიდი ხანია, რაც ეს მოხდა და ეს ყველაფერი ნაკლებად ემოციურია ახლა ჩემთვის.
-მამათქვენი რას საქმიანობს?-კაცი კვლავ მოჭუტული თვალებით მიმზერდა, როგორც ჩანს, საერთოდ არ მენდობოდა, ან უბრალოდ სიკვდილისადმი ჩემი ასეთი აფიქრებინებდა, რომ ნორმალური არ ვიყავი.
-მამაჩემი? თითქმის არაფერს-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და სტუმრებს გავუცინე.-მთელი დღე სახლშია, სვამს, ეწევა, დღეები პორნოს ყურებაში გაჰყავს..
წინადადება დასრულები არ მქონდა, კაცს რომ ჩაი გადასცდა და ხველება აუტყდა.
-უკაცრავად, მგონი უნდა დამეცადა, ჭიქა მაგიდაზე დაგედგათ, სანამ მასზე საუბარს დავიწყებდი.-მოვუბოდიშე და მოჩვენებითი სიბრალულით გავუწოდე ხელსახოცი, რომ შარვალზე დასხმული სასმელი შეეშრო, თუმცა ჩემი ყალბი მწუხარების მიღმა ეშმაკური ღიმილი თამაშობდა ჩემს სახეზე.
-მოკლედ, როგორც გითხრი, მამაჩემი უმუშევარია, მაგრამ მისი ცოლი კი ნამდვილად პროფესიონალი თავის საქმეში.
-მართლა? ის მუშაობს?-ქალს კიდევ ერთხელ აუკიაფდა სახეზე ნამდვილი აღტაცება და თვალებში ის სხივი გაუკრთა, რომელიც დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში არ ენახა მის ქმარს.
-დიახ, ჟანა წარმატებული ექიმია. დღეში ხუთზე მეტ ადამიანს უტარებს ქირურგიულ ოპერაციას.
მისით ყოველთვის ვამაყობდი და ხმამაღლა ვსაუბრობდი. მერე რა, რომ ადამიანთა (უმეტესად კაცთა) უმეტესობა თვლიდა, რომ ქალს არ უნდა ემუშავა. ვფიქრობ, მათ უბრალოდ ეშინოდათ თავიანთი სისუსტის, ძლიერი კონკურენტების, რომლებიც თავიან გონებას სხვა, უფრო ჭკვიანურ და სარგებლიან რაიმეში გამოიყენებდნენ, ვიდრე მთელი დღე გაზქურასთან დგომა და საჭმლის კეთება, ან სახლის თითოეული კუთხე-კუნჭულის დალაგება იყო.
როგორც მივხვდი, ჩემმა აღიარებამ გაკვირვებული დატოვა ცოლ-ქმარი. თუმცა, მათი გაკვირვება მაინც არ ჰგავდა ერთმანეთს: კაცს ვერ გადაეწყვიტა, გაბრაზებულიყო, რომ ასეთ "უმსგავსო" და "უწესო" ოჯახში სადილობდა, თუ ეფიქრა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხუმრობა იყო (ალბათ, ერჩივნა, ყველაფერი ჩემი გამოგონილი ზღაპრები ყოფილიყო, როგორც სხვა მოზარდები აკეთებენ ამას). თუმცა ქალის თვალებში თითქოს ვარსკვლავები ჩავარდნილიყვნენ და თანდათან ისე იზრდებოდნენ, მეეჭვებოდა, იქ დარჩენას დასჯერებულიყვნენ და ეს პატარა ჯებირი არ გადმოელახათ. აი, მაშინ კი ნამდვილად საფრთხეში ჩავარდებოდა მისი ქმრის რეპუტაციაც და ისედაც საეჭვო ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
დავფიქრდი. მეც ამის იმედი არ მქონდა? ეს იყო კი ჩემი გეგმა? იქნებ ღირდა, რამე ისეთი მომეფიქრებინა, რომ არავინ დაშავებულიყო, განსაკუთრებით ქალი და ჩემი ოჯახი, რომელსაც ოჯახს ვერ ვუწოდებდი, მაგრამ ჟანა ნამდვილად მაღელვებდა. ეს აზრი უკეთესად მეჩვენა და უკან დახევა გადავწყვიტე.
-თუმცა, ის მხოლოდ ოჯახის სარჩენად მუშაობს. მამა რომ მუშაობდეს, ალბათ ჟანას სახლის გარეთ შრომა საჭირო აღარ იქნებოდა.
არ შევმცდარვარ, ჩემმა სიტყვებმა გაჭრა-ქალს იმედი და სურვილი ჩაუცხრო, მის ქმარს კი სიმშვიდე დაუბრუნა, ძალაუფლების შენარჩუნების იმედთან ერთად.
-ახლა თქვენზე მომიყევით. მგონი, ძალიან ბევრს ვსაუბრობ.
-არა, რას ამბობთ-თბილად გამიღიმა ქალმა.-საინტერესოდ საუბრობთ.
-ჩვენ ნიკოლოზ და მარია ბარდაველები ვართ.-კაცმა გააგრძელა საუბარი.-ორ კვირაზე მეტია, რაც ამ სახლში გადმოვედით.
-და თქვენ პირველი მეზობელი ხართ, ვინც ჩვენი გაცნობა მოინდომა.
ამ სიტყვებმა იმედი მომცა, რომ ქალი სხვებივით შეშლილად არ ჩამთვლიდა ჩემი პირდაპირობის გამო და მასთან დაახლოების უფლებას მომცემდა.
ჩემი გეგმა ასე გამოიყურებოდა: მისი მეგობარი გავხდებოდი და შემდეგ შთავაგონებდი, რომ ქმრისგან წამოსულიყო, რაიმე საქმისთვის მოეკიდა ხელი და დამოუკიდებლად ცხოვრება დაეწყო, ცემასა და ჩაგვრას მოკლებული, რომელშიც თავს ბედნიერად იგრძნობდა და მიხვდებოდა, რომ ისიც სრულფასოვანი ადამიანია, რომელსაც აქვს იმის ძალა, რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს და ხმამაღლა თქვას, რა მოსწონს და რა არა.
-მიხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანები მეყოლება მეზობლად-მივუგე მას და კაცს წარბაწეულმა გადავხედე. საბედნიეროდ, ვერაფერი შეამჩნია ჩემს მზერაში, ვერც დამალული ზიზღი, ვერც მისი მოკვლისა და ჯოჯოხეთში გაშვების სურვილი.
ცოტა ხანში ნიკოლოზი წამოდგა, როგორც ჩანს, წასვლას აპირებდნენ. მეც მათთან ერთად წამოვდექი, რომ გამეცილებინა. სანამ ნაბიჯს გადავდგამდით, კარის ხმა გაისმა, შემდეგ კი ჩვენკენ მომავალი მძიმე ნაბიჯების.
სამზარეულოს ზღრუბლზე მამაჩემი გამოჩნდა, რომელმაც ფართოდ გაიღიმა სტუმრების დანახვაზე.
-წვეულება გქონიათ...-ორმნიშვნელოვანი მზერა ჩემზე გადმოიტანა.-ლილა, სტუმრები გამაცანი.
-ჩვენი ახალი მეზობლები-ნიკოლოზი და მარია.-უემოციო ფორმალობა ვარჩიე.-უკვე წასვლას აპირებდნენ, თუმცა, შემიძლია, შევთავაზო, რომ დარჩნენ და ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ.
-ამ საღამოს არამგონია-მორცხვად გამომეპასუხა მარია.-სხვა დროს იყოს.
-თქვენ რას იტყვით?-ნიკოლოზს გაუსწორა თვალი მამაჩემმა.
-გვიანია. ჯობია ახლა წავიდეთ.-მის ტონშიც არანაკლები სიმტკიცე ისმოდა.
-გამიხარდა თქვენი გაცნობა-გადავულაპარაკე, სანამ გავიდოდნენ.
მარიამ გაუბედავად დამიქნია ხელი. ნამდვილად კარგი მეგობრები გავხდებოდით!
ჯერ კიდევ ორი საათის წინ დღის ასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდი, როდესაც იმედგადაწურული ვიჯექი და საკუთარ ჩაის ჭიქაში ვამჩნევდი, როგორც დაცურავდა ჩემი უკმაყოფილება.
სახლში შევბრუნდი და დავინახე სამზარეულოს ოთახიდან გამომავალი კაცის ჩრდილი.
"ნეტავ რას მელოდება, ჩემთან ჭორაობა მოენატრა?"
-გშია?-სახეზე არც შემიხედავს, მაშინვე გაზქურისკენ გავწიე.
-სალაპარაკო მაქვს, საჭმელი მოიცდის.
მხოლოდ ახლაღა დავაკვირდი სახეზე, რომელზეც დადებითი ემოციების ნატამალიც კი არ ეხატა. მივხვდი, რომ რაღაცამ გააბრაზა და იმასაც ვხვდებოდი, დაახლოებით რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს რაღაც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent