შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეფე"


25-09-2021, 17:02
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 319

-გუ-გუ, გუ-გუ,-ჩემმა მბრძანებელმა პატარა სარკმელში ორჯერ გამაყოფინა თავი.მობეზრებული ხმით შევასრულე დავალება და სწრაფად შევხტი შიგნით.
-დავიღალე,აღარ შემიძლია!-მივაძახე გაბრაზებით და თავში ჩავუნისკარტე.
-მეტკინა,ქალო!-სიმწრით მოისრისა და დაბღვერილმა მომიღერა პატარა ისარი.
-სულ შენი ბრალია! დაემონე ადამიანებს და მეც შენთან ერთად მტანჯავ!-ხელმეორედ ჩავკარი თავში. ისევ ეტკინა და არც მე დამაკლო,ისარი მიჩხვლიტა.
-ვაიმე,დედა!-ადგილზე შევფრთხიალდი და ფრთა გავისვი ნატკენზე.
-ადამიანებს თავის ჭკუით ჰგონიათ,რომ დამიჭირეს,ამ ყუთში გამომაწყვდიეს და თავის სასარგებლოდ მამუშავებენ,სულელები! მათ არ იციან,რა არის დრო! ისინი ვერ ხვდებიან,რომ დროს დაჭერა შეუძლებელია! ეს მე! მე ვიმონებ მათ და როგორც მინდა ისე ვექცევი მათ.სიცოცხლის წუთებსაც მე ვუთვლი,ხვდები?!- მსუბუქად წამითაქა.
-სხვა ასისტენტი ვერ მოძებნე? რაღა მაინც და მაინც მე?- ნაწყენ-ნატკენმა შევხედე.
-მე რა შუაში ვარ?-გაეცინა. -პრეტენზიები ადამიანებთან!-თვალები დამიბრიალა და საწოლს მოერგო.
-შუაში კი არა,თავში ხარ! შენ რომ არა,ვინ გამოიგონებდა გუგულიან საათს?!
-ჰო,მაგაში გეთანხმები,მე მივეცი თავი,რომ შეექმნათ,თუმცა,გუგულიანი იქნებოდა,თუ კაჭკაჭიანი,არ აქვს მნიშვნელობა,მათ სურდათ მონობა და მორჩა!
-შენ ხარ ყველაფრის თავი და თავი,-ნისკარტი გავბუშტე.
-დიახ,მეფე ვარ!- ამაყად თქვა და თვალები დახუჭა.
-იძინებ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-ძილის დროა!
-როდის იყო,დროს ეძინა?!
-დროს?-გადაიხარხარა.-დროც იღლება უგუნურო,დროსაც უნდა დასვენება!შენ წარმოიდგინე და ღმერთიც იძინებს ხოლმე!-თვალი ჩამიკრა.
-რა?! - ნისკარტი დავაღე.
-აბა,გამოუძინებლად მტერმა უყურა ამ ქვეყანას..დაწექი ახლა შენც და არ დაგავიწყდეს ერთ საათში დაგუგუნება,-დამმოძღვრა და კედლისკენ გადატრიალდა.
-დროს სძინავს,ღმერთიც იძინებსო?-გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე.
-ნუ ბუტბუტებ,დაიძინე!- შემომიღრინა საბნიდან და საწოლს უკეთესად მოერგო.
ფეხაკრეფით მივედი მეც ჩემს საწოლამდე. ერთი საათი კი მოვასწრებდი წაძინებას.
არ ვიცი,როგორ გამეპარა დრო,თუმცა ეძინა და მეც ისე ჩამძინებოდა,ფეხზე,რომ მწვდა ვიღაცის ხელი,შიშისგან წამოვიკივლე. ჩემს ხმაზე დროც წამოხტა.
- მგონი გაფუჭდა ეს გუგული,- უკმაყოფილოდ თქვა ხელმა და გარეთ დააპირა ჩემი გათრევა. დროს,რომ არ დავეჭირე,არ ვიცი,რა ბედი მეწეოდა.
-დროზე აგუგუნდი!-შემაჯანჯღარა დრომ და მეც დაფეთებული გავვარდი გარეთ, გუგუს ძახილით.
-მუშაობს,მუშაობს!- სიხარულით წამოიძახა ხელმა. შვებით ამოვისუნქე და ვალმოხდილი მივესვენე საწოლზე.
-შენი ბრალია,დაიძინე-დაიძინე!-შევუტიე დროს.
-მოკვდი-მეთქი,არ მითქვამს!
-ნეტავ,მოვკვდე!-გულით ვინატრე.
-ეგ დროც მოვა,მხოლოდ მე ვარ უკვდავი,-მითხრა ნიშნისმოგებით.
-სულაც არ მშურს!-ნისკარტი ავუბზუე.-რად მინდა,რომ უკვდავი ვიყო და შენ გემსახურო უსასრულოდ!
-"იგი წავა და სხვა მოვა.."
-ჰო,მასეა,მაგან გაუძლო დროს,-"ვეფხისტყაოსანი" გამახსენდა და გამეღიმა.
-კიდევ ბევრს გაუძლებს,ასე მინდა მე!-მითხრა სიამაყით.
-სიყვარული რატომ ვერ გიძლებს?-მინდოდა ჩამჭრელი კითხვები დამესვა.
-ვინ თქვა,რომ ვერ მიძლებს?-კოპები შეყარა.
-ყველა მაგას ამბობს, სიყვარული დროში იკარგებაო,-ცოტა უკან დავიხიე,ისე მიყურებდა.
-მე ნამდვილ სიყვარულს არასდროს ვკარგავ,შენ რასაც როშავ,ეგ თავის მართლებაა,იმ ადამიანებისა,რომლებსაც სიყვარულის არაფერი გაეგებათ და მე მაბრალებენ თავის შეცდომებს.
-და როგორია ის სიყვარული,შენ რომ გიძლებს?-ვერ მოვისვენე.
-როგორია და როცა გიყვარს,უდროობას არ იმიზეზებ,მე თავზე საყრელი ვარ,სულ ვარ,ყველგან,მთავარია სურვილი ჩემი გამოყენების.აი,მოიგონეს საათი და მოძრაობენ თავის აგებულ ციხეში. დააწესეს ძილის საათები და მუშაობის საათები,გამანაწილეს ხვდები? რობოტებად იქცნენ. სულ საათზე იყურებიან,რომელ საათზე ჭამონ და რომელ წუთზე ილაპარაკონ.
-მასე,რომ არ იყოს დალაგებული,ხომ იქნებოდა ქაოსი?
-პირიქით,ექნებოდათ თავისუფლება ყველგან და ყველაფერში,არც დღე-ღამეს გაყოფდნენ ისრებით და არც წირვა-ლოცვებს აღავლენდნენ წუთების მიხედვით. ღმერთსაც კი საათებით ესაუბრებიან.შენ როგორ გგონია,ღმერთი ვინ შექმნა? -მკითხა უცებ.
-ღმერთი?
-ჰო,ღმერთი,ღმერთი.
-არ ვიცი,მე მგონია,რომ თავად შეიქმნა..-დავიბენი.
-ღმერთი მე შევქმენი,ჩემს განმავლობაში,მერე ღმერთს ვაჩუქე ჩემი თავი და ჩემი დახმარებით შექმნა სამყარო.მე რომ არ მიმეცა ჩემი თავი,ახლა აქ ვერ დამიწყებდი ტლიკინს,არ იქნებოდი,ფაფუ!-ხელები ერთმანეთს გაუსვა.
-როგორ შექმენი ღმერთი,რანაირია?-ინტერესმა მძლია.
-ჰეჰ,-ჩაიცინა.-ამას თავსატეხად ვუტოვებ კაცობრიობას.
-რა უცნაური ხარ!
-დამღალე,დამასვენე!- შემომიღრინა და სარკმელი გამოაღო.
-რა დროს პოეზიაა,მშია!-გარედან კაცის ხმა შემომესმა.დრომ უკმაყოფილოდ გამომხედა.
-ცოტაც ,გთხოვ,-ახლა ქალის ხმა მომწვდა ყურს.
-მალე!-ბრაზიანად დაუყვირა კაცმა.
-ღმერთო! რატომ?!-ქალის ხმას ცრემლი შეერია.
-მშია,მერე წერე,ახლა მაგის დრო არ არის!- გაცეცხლდა კაცი.
-ცოტაც,გთხოვ,-ქალი მუდარაზე გადავიდა.
-ორ წუთში,მზად იყოს ყველაფერი!
-მეზიზღება საათი!-დაიძახა ქალმა უკვე ცრემლით.
დროს შევხედე, ისე აინთო,მე მივიკუჭე კუთხეში.მივხვდი,რაღაც ბოროტმა აზრმა გაუელვა. შემოტრიალდა,სარკმელი მიხურა და თავზე დამადგა.
-დღეიდან აღარ იმუშავებ,გათავისუფლებ!-კბილებში გამოსცრა.
-რა დაგემართა?-შეშინებულმა შევხედე.
-ამათ ვაჩვენებ სეირს!-დაიმუქრა და ისეთი მითავაზა,ადგილზე გამთიშა.
***

თვალები,რომ გავახილე,ვიგრძენი მაგიდაზე ვიწექი და ვიღაც სათვალიანი ბერიკაცი ფრთის ქვეშ მიჩხიკინებდა. გვერდზე საათი იდო,ღია სარკმლით.მზერა მოვატარე ირგვლივ,პატარა ოთახი იყო,კედლებზე თაროებით. ყველა თაროზე დაშლილი საათები ეწყო და აქა-იქ, ჩემი ნათესავებიც იწვნენ,ზოგი ოხრავდა,ზოგი კვნესოდა. მივხვდი " ექიმის" კაბინეტში ვიმყოფებოდით. ბერიკაცის გვერდით კი დრო იჯდა,არხეინად გადაედო ფეხი-ფეხზე და დამცინავ ღიმილს არ აშორებდა სათვალიანს. მინდოდა,მეკითხა,რა ხდება-მეთქი? არ დამცალდა.კარს ხალხის ტალღა მოაწყდა. ყველას საათი ეჭირა ხელში და შეშფოთებულები ცდილობდნენ ოთახში შემოსვლას.

-საათი გაჩერდა,აღარ მუშაობს,არცერთი საათი,რაღაც ხდება!

-ვიღუპებით! მგონი მეორედ მოსვლაა!

-ახსნას ვერ ვუძებნი,ასე ერთდროულად როგორ გაჩერდა ყველა საათი?!

შიშნარევი ხმები ერთმანეთში აირია. პანიკა არა და არ წყდებოდა,არც ხალხის ნაკადი. ემატებოდა და ემატებოდა უმუშევარი საათები.

-რატომ?!-ძალა მოვიკრიბე და დროს დავუყვირე.

- კალამს დროს არ უნიშნავენ!

გაცოფებული წამოხტა ფეხზე და თითქოს გრიგალი ატყდა,ყველა ერთმანეთში აგვრია.
ადამიანები და საათები გუგულებიანად მისავათებულები ვეყარეთ ძირს.

-დრო მეფეა!
ვთქვი ჩუმად და თვალი გავაყოლე კარში ხარხარით გასულ დროს.

დასასრული






№1 სტუმარი Qeti qimucadze

მხოლოდ შენ შეგიძლია ასე სიმპათიურია ჩაგვცხო თავში. აღფრთოვანებული ვარრრ

მხოლოდ შენ შეგიძლია ასე სიმპათიურად ჩაგვიკაკუნო თავში. აღფრთოვანებული ვარ

 


№2 სტუმარი Ana-maria

სათაური რომ წავიკითხე,რა არ ვიფიქრე,მაგრამ მეფე დროზე ვერანაირად. ბუზი სახელად ზიზიკო ხომ დღემდე მოჰყვება და ახლა გუგულებიანი საათიც დაემატა. სერიოზულად რომ დავფიქრდეთ,დრო მართლაც მეფეა. და რადგანაც "კალამს დროს არ უნიშნავენ"-ჩვენც არ უნდა ვიწუწუნოთ მწერლის მიერ ვერ დაწერილ ისტორიაზე ან მორიგ თავზე. დრო ხომ მუზის მეფეც არის!!!!!!!

 


№3  offline წევრი Koala°

ისეთ რაღაცეებს წერთ ხოლმე ამ ცხოვრების ამაოებაზე რომ ჩაგაფიქრებს❤️❤️საოცარი იყო❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი Ket

შეყვარებული ვარ შენს მუზებზე, ტერიკო:))

 


№5 სტუმარი დარეჯანი

გაცოფებული წამოხტა ფეხზე და თითქოს გგრიალი ატყდა , ყველა ერთმანეთში აგვრია. ადამიანები და საათები გუგულებიანად მისავათებულები ვეყარეთ ძირს. -დრო მეფეა! ვთქვი ჩუმად და თვალი გავაყოლე კარს ხარხარით გასულ დროს. დასასრული

 


№6 სტუმარი one

vkitkhulobdi da vfiqrobdi ra genialurad gadmoecit azri,
radgan “ kalams ar unishnaven dros” -arc tqveni kalami ar unda gacherdes❤️
khshirad gagvanebivret))
pativiscemit )))

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მადლობა,მეგობრებო ♡♡♡ მიხარიხართ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent